შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი კვირა ერთ ოთახში (მეექვსე თავი)


3-11-2021, 02:48
ნანახია 9 153

ღამის პარიზი დღის პარიზზე მშვენიერია - სანუკვარი ოცნებასავით მიუღწეველი გეჩვენება მისი ამოუცნობი კუნჭულები - მხოლოდ თვალის შევლებით უნდა დაკმაყოფილდე... და თუ გაგიმართლა, შესაძლოა წარმოსახვის უნარი შეგეშველოს მისი საიდუმლოს ამოხსნაში; წარსულის დიდება კაეშანივით დასთამაშებს აქა-იქ დედაქალაქს, რევოლუციათა ენერგიაც იგრძნობა ძველ უბნებში.
მინდოდა გათენებამდე უამრავი რამ მეჩვენებინა მატილდასთვის. ისიც თვალებგაფართოებული და სიხარულით წამონთებული უცქერდა შენობებს, სკულპტურებს, სკვერებს, ბაღებსა და ხეივნებს; არც ადამიანებს ერიდებოდა - დიდი ინტერესით აკვირდებოდა - მაგრამ იმოდენა აღფრთოვანება იღვრებოდა მისი მზერიდან, ვერ შეძლებდი გაბრაზებას. ნეტავ, შემძლებოდა მეც მეცქირა რამისთვის ამხელა მგზნებარებით! ვინ იცის, იქნებ სწორედ ისე შევყურებდი ხორბალას, როგორც დაუჯერებელ ხელოვნების ნიმუშს, შორი წარსულიდან რომ შემოგვინახა სასიამოვნო შემთხვევითობამ... მაგრამ ფრანგული სულით შეპყრობილი და ღამეული აურით დამთვრალი მატილდა, ვერ ამჩნევდა ამ მზერას. ვგრძნობდი, პარიზის ღამე სასიამოვნოდ მშთანთქავდა ვნებათა მორევში, რომელშიც ისედაც მთელი ქალაქი გაეხვია... უკლებლივ ყველა, ვისაც ეღვიძა... და ისინიც კი, ვისაც უკვე ძილისთვის მიეცა თავი - მწველ და დაუცხრომელ სიზმრებს ნახულობდნენ.
სიბნელეში ლამპარივით კიაფობდა ეიფელი. თითქოს უნდოდა ყველა შეყვარებულისთვის გაენათებინა გზა, ერთმანეთი რომ ეპოვნათ. მაგრამ ზოგჯერ, შეუძლებელია ერთმანეთის პოვნა გათენებამდე, რადგან ღამის ღუზა ღრმად გვითრევს საკუთარ თავში და გვაიძულებს ძველი ფირივით დავატრიალოთ წარსული; იმ ფილმს ვუყუროთ, მრავალჯერ რომ გვინახავს, რათა დავფიქრდეთ იმაზე, რასაც დღისით გავურბივართ... შესაძლოა შეყვარებულები ერთად იყვნენ, ერთმანეთს კი მაინც ვერ პოულობდნენ და ამ მარტოობის წინაშე თვით ეიფელიც უძლურია. თუ ადამიანები ღამითაც კი აგნებენ ერთმანეთს, მათ უსათუოდ უხილავი ძაფები აკავშირებთ, რომლებსაც დროთა განმავლობაში ორი სულის ერთმანეთზე მიკერება შეუძლიათ... მაგრამ ეს ძალიან საშიშია, მონათესავე სულის პოვნის შანსს გაკარგვინებს; რადგან უკვე სხვა გყავს მიკერებული. მე და მატილდა მონათესავე სულები არ ვყოფილვართ, ძაფები კი ნამდვილად არსებობდა ჩვენ შორის, რადგან ღამღამობით, როცა ასეოდენ რთულია ღუზას შეეწინააღმდეგო, საკუთარ შრეებში მარტო სამოგზაუროდ არასდროს მიშვებდა, მომყვებოდა, გზასაც კი მიკვალავდია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მე უნდა ვყოფილიყავი გეზის ამღები.
მრავალ გზის გათელილ მინდორზე ჩამოვსხედით და „პარიზის მშვენებას“ ავხედეთ. არ გვიმჩნევდა თითქოს - ცივ, უკარება და კარჩაკეტილ ქალს ჰგავდა, რომელსაც თაყვანისმცემლები გარს შემოეხვივნენ წვეულებაზე, მაგრამ მათ შორის გულისსწორი ვერ იპოვა, ამიტომ დემონსტრაციულად გადგა გვერდზე და მხოლოდ ცქერის უფლება დაუტოვა დანარჩენებს.
- ვერ გავიგე, ასეთი ჩაბჟირებულები რატომ არიან ამ ეიფელის კოშკზე; არაფერი განსაკუთრებული არ არის.
- გუსტავ ეიფელი ალბათ საფლავში ბრუნავს, - შუბლზე ხელი იტკიცა მატილდამ.
- ნუ, ერთი ის რომ მაღალია...
- 324 მეტრი.
- რატომ უნდა იცოდეს ადამიანმა ეიფელის კოშკის სიმაღლე? ნორმალურია ახლა ეს? არ გკიდია სანტიმეტრები და მეტრები? შეხედავ, მოგეწონება - იტყვი „უი, რა ლამაზია!“, არ მოგეწონება - შეაგინებ ამის დამპროექტებელს; და ეგაა სულ.
- სკოლაში გეოგრაფიას კარგად ვსწავლობდი, ვიღაც ვიღაცეებისგან განსხვავებით.
- ეგ კი არა, ახლა ახლოდან რომ ვაკვირდები, საკმაოდ მახინჯი კონსტრუქციაა.
- შენ რა მოპასანივით ლაპარაკობ, - გაეცინა.
- ეგ ვინაა?
- ცნობილი ფრანგი მწერალი, ნატურალისტი.
- ანუ?
- „რეალიზმის მამა“... ანუ რეალიზმის ჟანრში მოღვაწე მწერალი.
- არც იმას ევასებოდა ეიფელის კოშკი?
- სძაგდა, ქალაქს ამახინჯებსო. მის ქვეს გახსნილ კაფეს სპეციალურად სტუმრობდა, რადგან ეს იყო ერთადერთი წერტილი მთელ ქალაქში, საიდანაც „ეიფელი“ არ ჩანდა.
- მაგარი კაცი ყოფილა!
- კაცის რა მოგახსენო, პირადად გაცნობის საშუალება, სამწუხაროდ, არ მომეცა - დაბადება დამაგვიანდა - აი, მწერალი კი ნაღდად მაგარი იყო: უბადლო კალმოსანი, ჭეშმარიტი სიტყვის ოსტატი, ადამიანთა ყველაზე ბნელ კუნჭულებში მოგზაური, უშიშარი, მოურიდებელი და ცოტათი თავხედიც კი.
- ოჰო, გყვარებია ეგ შენი მოპასანი. - ლამის მკვდარზე ვიეჭვიანე. როცა ვინმე ასე აქებდა, მინდებოდა, რომ მის ტყავში შევმძვრალიყავი და გამეგო, როგორია, როცა მატილდას სიტყვებიც კი არ ჰყოფნის შენთვის ხოტბის შესასხამად.
- მე თუ მკითხავ, ასეთ პერსონებს უხდებათ კიდეც სითავხედე.
- მეც ხომ მიხდება? - თვალი ჩავუკარი.
ხელი გამკრა, ნუ ლაზღანდარაობ, მაცადე ლაპარაკიო:
- რეალობაზე წერას გამბედაობა სჭირდება, რადგან როგორც კი სიმართლის ლაპარაკს იწყებ საზოგადოებას უპირისპირდები, იმ ხალხის მტრად იქცევი, რომელზეც ყვები შენს თხზულებებში; რომელთა ნაკლოვანებებს ამზეურებ, საიდუმლოებებს ფარდას ხდი, აიძულებ საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრებას და ფასეულობების გადახედვას. ისინი თავს კუთხეში მიმწყვდეულად გრძნობენ და სიტუაციიდან დაძვრენის მიზნით შენთვის ლაფის სროლას იწყებენ. თავიანთ თავებსაც კი არ უტყდებიან გაღიზიანების, შფოთვისა და შენი შეძულების მიზეზს - გგონია, ვინმეს ჰყოფნის სიმამაცე, რომ აღიაროს ჩემს თავს შევხდი წიგნში, საზიზღად ვიქცეოდი, ღებინების გრძნობა დამეუფლა და ვერ ავიტანეო? ადამიანს ყველაზე მეტად უჭირს სხვა ადამიანის დახმარებით დაინახოს საკუთარი თავი - მიხუედავად იმისა, რომ სინამდვილეში, გაუცნობიერებლად თუ ცნობიერის სრული ჩართულობით, ყველგან და ყველაში თავს ეძებს. შენ რა გგონია, როგორ ირჩევენ ადამიანები ერთმანეთს - გინდ მეგობრები, გინდ შეყვარებულები?
- არასდროს მიფიქრია მაგაზე, რადგან თითქმის ყველა ტიპის ადამიანთან მქონია შეხება, არ ვყოფდი მათ კატეგორიებად, უბრალოდ, ყველას ვუშვებდი ჩემს ცხოვრებაში.
- ადამიანები ირჩევენ იმათ, ვისაც მცირედით მაინც ამსგავსებენ საკუთარ თავს, რადგან ჰგონიათ, მათი შესწავლის ჩემთხვევაში, საკუთარ თავს გაიცნობენ. ხოლო თუ მიიდრიკებიან იმ ხალხისკენ, ვინც სრულიად განსხვავებულია მათგან, ამ შემთხვევაში დაეძებენ იმას, რაც თავიანთ თავში ვერ იპოვეს... რაც აკლიათ და სურთ რომ ჰქონდეთ.
მართალი იყო მატილდა, ჩემი ცხოვრების მატრიცა გამიშიფრა. მაშინ მეგონა, რომ ზოგადად მსჯელობდა, საკმაოდ ადრეულად შეძენილ სიბრძნეს მიზიარებდა, ამ გადმოსახედიდან კი ვხვდები, რომ მისი სიტყვები კონკრეტულად ჩემკენ იყო მიმართული.
- ეს მთლად მცდარი მიდგომაც არ არის... - განაგრძო ხორბლისფერმა გოგომ: - თუმცაღა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ უპირველესად ჩვენსავე თავში ვართ, ჩვენ შინაგან სამყაროსა და სხეულში, ამიტომ თავის ძებნა სწორედ ჩვენიდან უნდა დავიწყოთ. ხოლო მაშინ, როცა იმდენ რამეს ჩავწვდებით, რომ ეს საკმარისი აღარ იქნება, შესაძლოა სხვაშიც დავიწყოთ განვრცობა, გასაღების ძიება; ოღონდ, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რატომ ან რასი გვჭირდება ეს გასაღები... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარი, რომელიც სხვაში ნაპოვნმა გასაღებმა უნდა გააღოს, სწორედ ჩვენშია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, თავის ძიება და პოვნა - ეს არის მოგზაურობა, რომელიც ჩვენში იწყება და ჩვენშივე სრულდება, შეკრული წრესავით.
მინდორზე გადავწექი. ეს არ იყო კარგი იდეა... უფრო სწორად, საშინელი იდეა იყო, მაგრამ იმ მომენტში სწორედ ველზე წოლა მჭირდებოდა - თუნდაც, ბინძურზე, გადათელილსა და გაუბედურებულზე. მიწა და ბალახი უნდა შემეგრძნო, ვარკსვლავებიანი ცა დამენახა და მატილდას სიტყვებისთვის გონება გამეხსნა. ბუნებასთან სიახლოვე ყოველთვის მიადვილებდა ფიქრის პროცესს. ხორბლისფერი გოგო მდუმარედ იჯდა და ეიფელს შესციცინებდა. თითქოს სულის კართან მედგა და მელოდა, ფრთხილად დაკაკუნების შემდეგ, გავუღებდი თუ არა. არ უცდია მისი წიხლით შემონგრევა, არც ჩაბჟირებით ბრახუნი დაუწყია, შეეძლო მშვიდად, უშფოთველად მდგარიყო და დამლოდებოდა, სანამ წინადადებებს სიტყვებად ვშლილი, სიტყვებს - მარცვლებად, მარცვლებს - ბგერებად და ასე ვეძებდი მათში შინაარსის ზუსტ სიღრმეს. აი, რით განსხვავდებოდა სხვა ქალებისგან მატილდა... დანარჩენებს სურდათ, მთელი შენი ყურადღება მიეპყროთ და შენს აზრებს დაჰპატრონებოდნენ; მატილდას კი არაფერში სჭირდებოდა აზრებზე გაბატონება ან შენი სიყვარულით დამონება - ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა: საკუთარი თავის პოვნაში დაგხმარებოდა, მერე კი შთაეგონებინა, რომ ძალა შეგწევდა უკეთესი ადამიანი გამხდაიყავი. მიუხედავად იმისა, რომ თავს ეწინააღმდეგებოდა და სურდა განეგდო შენი დახმარების მოჭარბებული სურვილი, თავს ვერ ერეოდა, ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. სიკეთის, უანგარობის და მზრუნველობის საწყისები მის გონებას, საღ მსჯელობასა და უსიამოვნო (იქნებ მწარე) გამოცდილებასაც კი სჯაბნიდა. მაკვირვებდა, რადგან ვერ ვხვდებოდი, სანაცვლოდ რა უნდოდა ჩემგან... არაფერს ითხოვდა, არაფერს განიშნებდა და არც რამეს იმჩნევდა. მე კი მინდოდა სანაცვლოდ რამე გამეცა. შესაძლოა სწორედ ამიტომ შემიყვარდა... ჩავთვალე, რომ არ არსებობდა სიყვარულზე დიდი ჯილდო... სიყვარული იყო ის, რაც შემეძლო საპირწონედ შემეთავაზებინა - მაშინაც კი, თუ ვიცოდი, რომ ტრაგიკულად დამთავრდებოდა ჩვენი ამბავი... რადგან აკრძალულ სიყვარულს ვერ ექნება ბედნიერი დასასრული; შესაძლოა დროებითმა ბედნიერებამ დაგავლოთ ხელი, თავის საფარველშიც გაგახვიოთ და თავი უსაფრთხოდ გაგრძნობინოთ თავი - თითქოს ნეტარების წუთებს არასდროს დაგიმთავრდება - მაგრამ, სინამდვილეში, განშორება გარდაუვალია... ის აუცილებლად მოგაკითხავთ მაშინ, როცა ყველაზე მეტად არ ელით, რადგან შეეჩვიეთ იმ ინკუბატორს, თქვენს სიყვარულს რომ შეუქმენით. სწორედ ამ დროს შეიტყობთ სრულ სიმართლეს „დასასრულის“ შესახებ, რადგან ვეღარასდროს გამთლიანდებით, ვეღარასდროს დაუბრუნდებით ერთმანეთს და ვეღარასდროს გადაკვეთავთ ერთმანეთის ორბიტებს...
ხელი გავაცურე მისკენ და თითების ტევრში აღმოვჩნდი. ვიცოდი, რომ ჩემთან იყო; ჩემშიც იყო; მაგრამ მინდოდა ხელსგულითაც შემეგრძნო მისი რეალურობა. მატილდასთან ხელჩაკიდებული ვათვალიერებდი ჩემი სულის ნაპრალებს, ვაკვირდებოდი გონებაში აბურდულ აზრებს, რომ ერთმანეთისგან გამერჩია, გულში მძიმე ლოდებად ჩაყრილ მოგონებებსაც ჩავაკითხე, წარსული შეუჩერებლად ენთხეოდა ზედ თავისი სიმყრალით. რაში მჭირდებოდა ეს ნაზი, სუსტი ხელი?! ნუთუ, მის გარეშე საკუთარი თავისთვის თვალის გასწორება არ შემეძლო?! განა უმისოდ ვერ მოვახერხებდი ჩემსავე თავში მოგზაურობას? მაგრამ ამ ხელმა თითქოს ჩაბნელებულ გონებაში აკიაფებული სანთელი შემომაწოდა, რომ სინათლის სხივებს ნელ-ნელა მაინც გაეცრიცთ ბინდი და მე იმის აღქმა დამეწყო, რაც უწინ აღუქმელი დამრჩა. მერე კი, რაღაც მომენტში, დავტოვე სამყარო... რამდენიმე ამოსუნთქვასი მატილდაც მივატოვე... საერთოდ ვეღარ შევიგრძნობდი ჩემ გარშემო რაიმეს არსებობას. ხოლო მაშინ, როცა საკუთარი სხეულიდანაც გავაღწიე და საბოლოოდს, გონებასაც გავშორდი, უცნაურობა დამემართა, არარსებობაში აღმოვჩნდი - სადაც არც დრო იყო, არც სიცოცხლე ან სიკვდილი. ეს იქ დაბრუნებას ჰგავდა, საიდანაც ყველაფერი იწყება და სადაც მთავრდება კიდეც ყველაფერი.
თვალი რომ გავახილე, მატილდა ისევ მშვიდად იჯდა; კვლავ ეიფელს შესცქეროდა და არც ჩემთვის გაეშვა ხელი. ჩემო ხორბლისფერო გოგო, რაოდენ დიდი იყო შენი მოთმინების უნარი; რაოდენ ღრმა იყო ჩემდამი თანაგრძნობა... რაოდენ დიდსულოვნად გწამდა, რომ შემეძლო ჩემს ყველა სისუსტეზე გამარჯვება. მხოლოდ ამიტომ შეგეძლო ყოფილიყავი სრულყოფილი და კაეშნიანი, მაგრამ მაინც შესჭისებოდი ჩემი გაძღოლის სირთულეს. რა თქმა უნდა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის რომ მივხვდარიყავი - რას მიკეთებდი, რას მიპირებდი, სად და რა შედეგით დამთავრებოდა ჩვენი პარიზული ექსპერიმენტი? მაგრამ, მაინც მზად ვიყავი წამოგყოლოდი, მერწმუნა შენი... რომ შენ იცოდი ის, რაც მე არ ვიცოდი; თუმცა, გინდოდა მცოდნოდა, ამიტომ ამ ცოდნისკენ აუჩქარებლად მიმიძღვებოდი... ასე მხოლოდ ბავშვობაში მიენდობიან ხოლმე რჩეულ ადამიანებს, მერე კი - ზრდასთან ერთად - მსგავს, უკიდეგანო ნდობის უნარს კარგავენ; უსათუოდ, ასეც უნდა იყოს სამყაროში, რომელიც ადამიანებმა შექმნეს თავიანთი ადამიანურობით...
წამოვდექით და ტანსაცმელი დავიფერთხეთ, შემდეგ კი შეუთანხმებლად, თიტქოს ფეხებმა თავისით წაგვიყვანაო, ხელჩაკიდებულები დავიძარით ეიფელის კოშკისკენ.
- ლიფტით ხომ არ ავსულიყავით? - ვკითხე მე.
- ნუ იმარტივებ ყოველთვის საქმეს, - შემეწინააღმდეგა მატილდა.
- მე ხომ დაგპირდი, რომ მარტივად ცხოვრებას გასწავლი?
- მე კი გასწავლი, რომ გაცილებით უფრო სასიამოვნოა მიზნის მიღწევა მაშინ, როცა იწვალე და რიგიანად გაისარჯე.
მაღლა ავიხედე და უშედეგოდ ვცადე ბოლო საფეხურის დანახვა. თითქოს კიბეები ფოლადის ცისკენ მიდიოდა და რკინის უსასრულობას უერთდებოდა. შენც იქ მიგიძღვებოდა, საიდანაც არავინ დაბრუნებულა; დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს მიაღწევდი „დანიშნულების ადგილას“, რადგან არ არსებობდა „დანიშნულების ადგილი“ და თავად კიბეების ავლის პროცესი იყო შენი მთავარი მისია, სიამოვნების წყარო.
- უსასრულოა ეს კიბეები, მატილდა!
- უსასრული არაფერია, ლუკას - არც ეს კიბე, არც შენი პრობლემები და არც ჩვენი ერთი კვირა.
ჩვენი ერთი კვირა... ერთი კვირა ერთ ოთახში. უეცრად სხეულში შინ დაბრუნების საოცარმა სურვილმა დამიარა. ლამის ამაკანკალა, ისე მძაფრად ვიგრძდენი, როგორ მინდოდა მატილდასთან ერთად მარტო დარჩენა ოთხს კედელში. რაც უფრო მალე ავივლიდით ამ საფეხურებს, მით უფრო მალე შევძვრებოდით ჩვენს ბუნაგშიც.
- კარგი, დაე ისე იყოს, როგორც შენ გინდა. - ვთქვი და ნაბიჯი გადავდგი.
კონსტრუქციის პირველ სართულს უკვე დაღლილებმა მივაღწიეთ. მიწიდან ორმოცდაჩვიდმეტი მეტრი გვაშორებდა და შუშის ფილებიდან დავცქეროდით ქალაქის მონაკვეთს. ინფორმაციულ სტენდებს ჩავუარეთ; მატილდა, რა თქმა უნდა, ყველასთან შეჩერდა. ინგლისური რომ არ სცოდნოდა, ალბათ თარგმნასაც მოურიდებლად მაიძულებდა. მერე რესტორანში შესვლა და სულის მოთქმა შევთავაზე, მაგრამ იუარა, ჯერ მაღლა ავიდეთ და ჩამოსვლილსას, შეიძლება დაგთანხმდეო. სუვენირების მაღაზიაშიც შევიარეთ და მისთვის ეიფელის კოშკის „ბრელოკი“ ვიყიდეთ. სახლის გასაღებს ზედ დავკიდებო, გაუხარდა. ყოველ ჯერზე, როცა სახლიდან გავიდოდა ან შინ დაბრუნდებოდა თვალში სწორედ ეს პაწაწუნა სუვენირი მოხვდებოდა და გავახსენდებოდი; ის დროც მოაგონდებოდა, როცა ერთად დავხეტიალობდით პარიზში... როცა ერთ ოთახში ვცხოვრობდით და ერთ საწოლში გვეძინა.
- იახტაზე მკითხე, ხომ არ წერო. - მითხრა, როცა მეორე სართულისკენ დავიძარით.
- კი, მახსოვს.
- შესაძლოა იმდენი ძალა არ მაქვს, რამდენიც წერას სჭირდება. აი, მკითხველობა და კრიტიკოსობა გაცილებით უფრო მარტივია.
- რა სისულელეა... განა ბიზნესის დაწყებას ძალა არ უნდა?!
- ეგ სხვა ძალაა... სხვა გამბედაობა... ბიზნესი - მითუმეტეს საგამომცემლო - უსაფრთხოა იმდენად, რამდენადაც შენ შესახებ ხალხს შთაბეჭდილებასა და შეხედულებას არ უცვლის. მე იმდენი ძალა და გამძელობა არ მაქვს, რომ სამყაროს წინ აღვუდგე, რომ ხალხს უკეთესი სამყაროს აშენება „ვაიძულო,“ რომ ვინმეს მოვუყვე სიმართლე მისსავე თავზე, ლაზათიანი სილა გავაწნა სახეში, მიუხედავად იმისა, რომ შესაფხიზლებლად სჭირდება შემოლაწუნება. მე მირჩევნია მწერლით ავღფრთოვანდე და მას დავუკრა ტაში, ვიდრე ის ნაბიჯი გადავდგა, რაც სხვის აღფრთოვანებას გამჯოიწვევს და ჩემთვის მოძღვნილი აპლოდისმენტები მოვისმინო იმ მცირე ჯგუფისგან, რომელსაც სიმართლის დანახვის უნარი აქვს. მოკლედ რომ ვთქვა, მირჩევნია მწერალმა შემცვალოს, ვიდრე მე შევცვალო სხვა.
მატილდა, ნუთუ მართლა ვერ მიხვდი, როგორ შემცვალე მაშინ... შენთან გატარებული ყოველი წუთი სულიერი გარდასახვის მომდევნო ეტაპი იყო; ჩემი პიროვნული მეტამორფოზის საწყისი და დასასრული.
- სიმართლეში გამოგიტყდები, ვცადე ერთხელ. აი, იმ პოეტთან ვცადე და ფიასკოთი დასრულდა ეს მცდელობა. ხოდა, მეც მივხვდი, რომ სხვისი შეცვლა ჩემი „ამქვეყნიური მისია“ არ არის. სამაგიეროდ, მწერლებს ვეხმარები; ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ საქმეს ემსახურებიან.
- კეთილ ადამიანებს თავზე იმაზე მეტის აღება სჩვევიათ, ვიდრე ზიდვა შეუძლიათ, ამიტომ უმეტესწილად ისინი თავს უბედურად გრძნობენ და - აღიარებენ თუ არა - მსხვერპლის როლში ხვდებიან. - ვიცოდი, რომ ჩემი ნათქვამი დიდად არ მოეწონებოდა, მაგრამ მინდოდა სცოდნოდა, რას ვფიქრობდი ამ საკითხზე: - იქნებ იმ პოეტთანაც ასე იყო?
- აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო ჩემთვის? ამას მეუბნები?
- შეუფერებელი, არასწორად შერჩეული ციხე-სიმაგრე უფრო. საერთოდ, საიდან გაქვს სხვების დახმარების ამხელა ენთუზიაზმი?
- ყველა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა რამეში გამოადგემს სოციუმს, რომელშიც არსებობს, ან ვიწრო წრეს მაინც; ჯანსაღი ფსიქიკური განვითარებისას, გინდა საჭიროების გრძნობას მიაღწიო - იცოდე, რომ შენი ყოფნა-არყოფნით რაღაც იცვლება.
- ჩემთვის სულ ერთია ეგ.
- შესაძლოა ახლა სულ ერთია, შესაძლოა ხვალაც კი სულ ერთი იყოს, მაგრამ აუცილებლად დადგება დღე, როცა სულ ერთი აღარ იქნება.
- თუკი რამ ვისწავლე ცხოვრებაში ეგ არის - ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ არ შეგედავები.
ამ საკითხზე მსჯელობის გარეშე შევთანხმდი. საფეხურები, როგორც ველოდი, არ სრულდებოდა, მაგრამ მატილდასთან საუბარი ისე მართობდა, ისეთი საინტერესო იყო, დიდად აღარც მადარდებდა, როდის მივაღწევდით ეიფელის კოშკის წვერს.
- წამაკითხებ შენს ნაწერს?
- არა.
- რატომ?
- დიდად ნიჭიერიც არავარ. შესაძლოა სათანადო ნიჭი რომ დამენახა საკუთარ თავში, დინების საპირისპიროდ გაცურვაც მეცადა...
- როგორ ხვდები, სად გადის შენი შესაძლებლობების ზღვარი?
- ეს საკმაოდ რთულია... - ჩაფიქრდა. - ობიექტურად ვიწყებ თავის შეფასებას, ისე, როგორც სხვა შევაფასებდი, პირადი განწყობებისგან დაცლის შემთხვევაში, ანუ არ ვიტყუებ თავს, არ ვულამაზებ მოცემულობას კომპლექსის აკიდების ან იმედგაცრუების შიშით. როცა შეგიძლია შენს თავთან გულწრფელი და მართალი იყო, შენი შესაძლებლობების ზღვარსაც ადეკვატურად აღიქვამ. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: თუ გინდა შენს შესაძლებლობებში გაერკვიო, ერთხელ ცდა საკმარისი არ არის, ეგ ტყვიის შემთხვევით გავარდნას ჰგავს; შენ კი კარგად უნდა დაუმიზნო გასროლამდე; თუ იარაღის ჭერა ან დამიზნება არ იცი, ჯერ უნდა ისწავლო და ივარჯიშო. სხვა შემთხვევაში, ვერასდროს გაიგებ რა შეგიძლია.
- გული გწყდება ისე რომ ვერ წერ, როგორც სხვები?
- არც მინდა სხვებივით ვწერდე. შენებურად უნდა წერდე. მუსიკასაც შენებურად ქმნიდე და ხატვის შენებური სტილი უნდა გქონდეს. ერთმანეთზე უკეთესი ავტორების ნამუშევრები წამიკითხავს, თითოეულს ჰქონდა რაღაც ისეთი, რისი პოვნაც სხვაში არ შემეძლო. თუმცა, ჯერ ვერ მივაგენი მწერალს, რომელსაც ყველაფერი ექნებოდა... შესაბამისად, ჩემშიც, როგორც არშემდგარ, ავტორშიც იქნება რაღაც განსაკუთრებული. საქმე ისაა, საკმარისი თუა იმ რაღაც განსაკუთღებულის არსებობა იმისთვის, რომ მწერლად გადავიქცე. ზოგჯერ ვფიქრობ, მწერლი ვერ გახდები, მწერლად უნდა დაიბადო. რა თქმა უნდა, წერის ტექნიკები, სიუჟეტის აგება და განვითარება, დასწავლადია, მაგრამ ასე, ტექნიკურად აწყობილ ტექსტებს ყოველთვის აკლიათ სული - არ ვიცი ეს მწერლის სულია, ლიტერატურის თუ პერსონაჟების, მაგრამ კლონირებულ ადამიანს ემსგავსება თხზულება. მოკლედ, მე არ ვარ მწერალი.
- და საიდან იცი ვინ ხარ? რატომ ხარ ასე დარწმუნებული იმაში, რომ მწერალი არ ხარ?
- მწერალი რომ ვიყო, კალამს ხელიდან ვერ გამაგდებინებდნენ. ბეთჰოვენი რომ დაყრუვდა, სმენადაქცეითებულიც კი განაგრძობდა კომპოზიციების შექმნასა და შესრულებას, იმიტომ რომ მუსიკით იყო გაჟღენთილი, იმიტომ რომ მუსიკა იყო მისი სიცოცხლის აზრიცა და მთელი ცხოვრებაც.
- მგონი, ბეჰოვენი თავად იყო მუსიკა.
- ეგეც არ არის შორს საღი აზრისგან. ასე რომ, ყველა საქმეს გვერდზე გადავდებდი - ავტორების დევნასაც, საგამომცემლო საქმიანობასაც - დავჯდებოდი და დავწერდი... მაგრამ, რადგან ამას არ ვაკეთებ, ე.ი. მწერალი არ ვარ... შენებურად კი, თავად წერა ან თვით ლიტერატურა არავარ.
მომდევნო სართულზე კვლავ შევთავაზე მატილდას რესტორანში შესვლა. „ჟიულ ვერნი“ ერქვა და, რადგან მატილდა ლიტერატურაზე უგონოდ შეყვარებული ქალი იყო, ჩავთვალე მწერლის ხათრით დამთანხმდებოდა. ჩემდა გასოაცრად, კვლავ უარი მითხრა.
- მირჩევნია ამ ულამაზესი ხედით დავტკბე... რესტორნებში საქართველოშიც ვივლი, პარიზს კი მხოლოდ აქ, საფრანგეთში ნახავს კაცი. - მომიგო ისე, რომ ხედისთვის თვალი არ მოუშორებია.
მის წინაშე ხელისგულივით იყო გადაშლილი მთელი ქალაქი, თითქოს უნდოდა, რომ მატილდას ქერომანტიით ეწინასწარმეტყველებინა მისი მომავალი.



მე, მოპასანი და ლუკასი ერთ აზრზე ვართ ეიფელთან დაკავშირებით :)
ღმერთო, საშინელი შეგრძნებაა ვიღაც შენს სულში ხელს რომ აფათურებს და მისთვის გადაშლილი წიგნივით ხარ. ისე როგოეც ლუკასი მატილდასთვის. არადა ყველაფერი რაზეც მატილდა საუბრობს სურული ჭეშმარიტებაა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ადამიანებს რომლებიც რაღაცით გვგვანან და თან ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან.
ჯერ ერთი დღეა რაც მატილდა პარიზშია და ლუკასში უკვე დაიწყო გარფასახვა და ბევრ საკითხზე დააფიქრა. ერთი კვირის შემდეგ კი სრული მეტამორფოზა გვექნება, ამ ახალგაზრდა თავქარიანი კაცისა.
როგორც მივხვდი სასიყვარულო თავგადასავალი ჰქონდათ ამ ორს. რატომ გახდა მატილდა აკრძალული სიყვარული?იმედია მიზეზი ის არაა რასაც ვფიქრობ.

ველოდები შემდეგს❤

 


რუსკიმარუსია
მე, მოპასანი და ლუკასი ერთ აზრზე ვართ ეიფელთან დაკავშირებით :)
ღმერთო, საშინელი შეგრძნებაა ვიღაც შენს სულში ხელს რომ აფათურებს და მისთვის გადაშლილი წიგნივით ხარ. ისე როგოეც ლუკასი მატილდასთვის. არადა ყველაფერი რაზეც მატილდა საუბრობს სურული ჭეშმარიტებაა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ადამიანებს რომლებიც რაღაცით გვგვანან და თან ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან.
ჯერ ერთი დღეა რაც მატილდა პარიზშია და ლუკასში უკვე დაიწყო გარფასახვა და ბევრ საკითხზე დააფიქრა. ერთი კვირის შემდეგ კი სრული მეტამორფოზა გვექნება, ამ ახალგაზრდა თავქარიანი კაცისა.
როგორც მივხვდი სასიყვარულო თავგადასავალი ჰქონდათ ამ ორს. რატომ გახდა მატილდა აკრძალული სიყვარული?იმედია მიზეზი ის არაა რასაც ვფიქრობ.

ველოდები შემდეგს❤


პირადად მე ეიფელი არასდროს მინახავს, შესაბამისად, მიჭირს იმაზე აზრის გამოხატვა - მომწონს თუ არა. როცა ვინმე ასე ხედავს შენს სულს, ერთდროულად საშინელებაცაა და არაჩვეულებრივიცაა. პირადად მე, გამიხარდებოდა, თუ მეყოლებოდა ადამიანი, რომელსაც შეეძლობოდა ასე ღრმად შემოეღწია ჩემთვის. თუმცა, ასეთი კავშირები დიდხანს არ გრძელდება; რამდენადაც ინტენსიურია, იმდენად ხანმოკლეა.

შენი აზრით, რატომ არის ლუკასისთვის მატილდა (და მატილდასთვისაც ლუკასი) აკრძალული სიყვარული? რა ვერსიები გაქვს?

მადლობა, რომ ჩემთან ხარ მთელი წერის პროცესში.

 


ფურცლებში დაკარგული
რუსკიმარუსია
მე, მოპასანი და ლუკასი ერთ აზრზე ვართ ეიფელთან დაკავშირებით :)
ღმერთო, საშინელი შეგრძნებაა ვიღაც შენს სულში ხელს რომ აფათურებს და მისთვის გადაშლილი წიგნივით ხარ. ისე როგოეც ლუკასი მატილდასთვის. არადა ყველაფერი რაზეც მატილდა საუბრობს სურული ჭეშმარიტებაა. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ადამიანებს რომლებიც რაღაცით გვგვანან და თან ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან.
ჯერ ერთი დღეა რაც მატილდა პარიზშია და ლუკასში უკვე დაიწყო გარფასახვა და ბევრ საკითხზე დააფიქრა. ერთი კვირის შემდეგ კი სრული მეტამორფოზა გვექნება, ამ ახალგაზრდა თავქარიანი კაცისა.
როგორც მივხვდი სასიყვარულო თავგადასავალი ჰქონდათ ამ ორს. რატომ გახდა მატილდა აკრძალული სიყვარული?იმედია მიზეზი ის არაა რასაც ვფიქრობ.

ველოდები შემდეგს❤


პირადად მე ეიფელი არასდროს მინახავს, შესაბამისად, მიჭირს იმაზე აზრის გამოხატვა - მომწონს თუ არა. როცა ვინმე ასე ხედავს შენს სულს, ერთდროულად საშინელებაცაა და არაჩვეულებრივიცაა. პირადად მე, გამიხარდებოდა, თუ მეყოლებოდა ადამიანი, რომელსაც შეეძლობოდა ასე ღრმად შემოეღწია ჩემთვის. თუმცა, ასეთი კავშირები დიდხანს არ გრძელდება; რამდენადაც ინტენსიურია, იმდენად ხანმოკლეა.

შენი აზრით, რატომ არის ლუკასისთვის მატილდა (და მატილდასთვისაც ლუკასი) აკრძალული სიყვარული? რა ვერსიები გაქვს?

მადლობა, რომ ჩემთან ხარ მთელი წერის პროცესში.

რამდენიმე ვარიანტი მაქვს. ერთი ასაკობრივი ზღვარი. ლუკასის მამაც ვიფიქრე, მაგრამ ფაქტია მატილდასთან კარგი ურთიერთობა აქვს. მაინც ოჯახურ ფაქტორს ვფიქრობ, მაგრამ კონკრეტულად რომელი ჯერ არ ვიცი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent