შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი კვირა ერთ ოთახში (მერვე თავი)


17-11-2021, 21:54
ნანახია 462

მომდევნო დილას თვალი რომ გავახილე, მატილდას ნაცვლად, იდეალურად გასწორებული ლოგინი დავინახე. დავიბენი, ვერ მივხვდი, რა მოხდა. სახეზე ხელი უხეშად მოვისვი შესაფხიზლებლად და ხელახლა დავაკვირდი საწოლს. გარინდულიყო, ერთ ნაოჭსაც ვერ უპოვნიდით საბანს - თითქოს გასულ ღამეს მასში არავის სძინებია და არავის დაუბერტყავს შეშლილი სცენები სიზმრისმჭერ ბალიშზე. წამოვდექი და ნამთვრალევივით ბარბაცით მივადექი ჩემს საწოლს, ხელი გადავუსვი, მერე კი ზედ დავემხე და დაგეშილი ძაღლივით დავუწყე მატილდას ნაკვალევს ძებნა; რამე მაინც უნდა დაეტოვებინა - თმის ღერი, სუნი ან პაწაწინა ლაქა, რომელსაც ნერწყვი ამჩნევს ხილმე ნაჭერს. ნიშან-წყალიც ვერ ვიპოვე იმისა, რომ აქ ვინმე იწვა. ელდანაცემი წამოვხტი ფეხზე და ოთახს გიჟივით მოვავლე თვალი. არსად იყო ღვინისგან გაწითლებული ორი ბოკალი, არც ცარიელი ბოთლი, შევსებას რომ იხვეწებოდა გუშინ; ჩემი სპორტულები კარადაში, სხვა ტანსაცმელებთან დამხვდა; აივანზე გასულმა საფერფლეც კი შევამოწმე, რომელიც სისუფთავისგან ბროლს დამსგავსებოდა. ნუთუ, გუშინდელი მოგონებები მხოლოდ ღამეული ზმანება იყო და სხვა არაფერი? თურმე, სამყაროს ჩემთვის და მატილდასთის ვერ გაუმეტებია ერთი კვირა ერთ ოთახში გასატარებლად; საკუთარი ფანტაზიების მსხვერპლი გავხდი?!
უეცრად, პასუხად წყლის ხმა მომესმა და - მართალია ვიფიქრე, მეზობლის ონკანი იქნება-მეთქი - მაინც ტყვიანასროლივით შემიფართხალდა გული. სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდი, უკვე აბაზანის კართან ვიდექი. ვერცერთი წუთიც ვერ მოვითმენდი, ჩემი ორივე თვალით უნდა დამენახა, მატილდა იქ იყო თუ მართლა ყველაფერი გამოვიგონე.
სველთმიანი მატილდა ქაფიან აბაზანაში იწვა. ერთ ამოსუნთქვაში მომნუსხა. სახეზე გამჭვირვალე ხალებივით ეყარა წყლის წვრილ-წვრილი წვეთები. მომრგვალებული მხრები გამომწვევად ბზინავდა სარკმლიდან შემოსულ მზის შუქზე. მისი ნორჩი ტანიდან მკვეთრად ამოზნექილი ლავიწები დავინახე... მთელი ბავშვობა შევნატროდი მათ ხილვას. საპნიანი ბუშტები ხორბლისფერ მკერდს ნახევრად უფარავდა. მოყავისფრო დვრილები კი პაწაწინა კუნძულებივით ჩანდნენ რძისებრ სითეთრეში. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. ჟრუანტელი უწყვეტად მივლიდა მთელ სხეულში, თითქოს ელექტროენერგიას მიამაგრეს ჩემი ნერვული დაბოლოებები. თავს ძალას ვატანდი, ვცდილობდი როგორმე თვალი მომეშორებინა მისთვის, მაგრამ დავეტყვევებინე ამ ესთეტიკურ სანახაობას. არასდროს მომრიდებია ქალის სიშიშვლის; ურცხვად, იქნებ თავხედურადაც შევცქეროდი და ვტკბებოდი ხოლმე, ახლა კი სირცხვილისგან ვიწვოდი და სურვილისგან ვცახცახებდი. მატილდა შეცბუნებული მომჩერებოდა. გაკვირვება გამოუკრთოდა ნამიანი წამწამებიდან. თვალი არ მოუშორებია, ისე ჩაცურდა ქაფში, თითქოს სამსხვერპლო იყო და ეშინოდა, ყურადღების მოდუნებისას ნადირი არ დასმხოდა თავს. ახლა უკვე მხოლოდ კისრისა და თავის დანახვა შემეძლო, მაგრამ მაინც სახეალეწილი ვიდექი მის წინაშე და ძარღვებში სისხლის მიმოქცევასაც კი ვგრძნობდი.
შელოცვილივით წავედი აბაზანისკენ. გონება დაბინდული მქონდა. ჩემი სხეული მე აღარ მეკუთვნოდა, თითქოს სხვა ჩასახლდა ამ ჭურჭელში ან მარიონეტივით მმართავდა უცხო... არც შორტი გამიხდია, არც მაისური, ისე ჩავედი აბაზანაში - ჯერ ფეხები დასველდა, მერე - თითქმის მთელი ტანი. მატილდა ინსტინქტურად წამოიწია და აბაზანის კიდეს აეკრო, ფეხებიც სწრაფად მიიზიდა სხეულთან და დაპატარავდა. მისმა მუხლებმა ზღვის იდუმალი ცხოველებივით ამოყვეს თავი წყლიდან და მცველებივით დაუფარეს მკერდი. ერთმანეთს შევცქეროდით და ვერაფერს ვამბობდით.
- აზრზე მოდი... - გამაფრთხილა. ტუჩები არ შეურხევია, ისე დამიშინა ეს სიტყვები. ეჭვი შემეპარა, რომ ნამდვილად მისი ნათქვამი იყო. იქნებ ამ ხმამ მხოლოდ ჩემს გონებაში გაიჟღერა.
- არ გამაგდო... არ შეგეხები... გპირდები.
- საერთოდ, რაზე ფიქრობ?!
- ვერაფერზე...
- და რას აკეთებ?! - ან სინდისმა მკითხა, ან მატილდამ; შესაძლოა ეს ერთი და იგივეც იყო.
- არ ვიცი... - წარმოდგენა არ მაქვს, გონებაში მივუგე თუ გავახმოვანე პასუხი.
- შიშველი ვარ, ლუკას.
- ვიცი... ნუ ამბობ... უფრო მაგიჟებ.
- უნდა წამოვდგე და პირსახოცი შემოვიხვიო.
- არ იჩქარო, მაინც აღარ ჩანს შენი სიშიშვლე.
- თვალები დახუჭე, გასვლა თუ არ გინდა.
- სხეულს ვერ ვიმორჩილებ, თორემ გავიდოდი.
- რას ბოდავ?! - ეს ნამდვილად მატილდას ბრაზნარევი ხმა იყო.
- რას ვაშავებთ, სანამ ასე ვსხედვართ?
- ეს, უბრალოდ, არასწორია...
- მატილდა, ფეხებზე არ გკიდია სწორი და არასწორი?!
- მეგონა, აქამდეც შენიშნავდი, რომ არ „“. - ჩემკენ გადმოიხარა, თვალებზე სველი თითები ამაფარა და წამოდგა, რომ აბაზანიდან გადასულიყო.
ვერ ვხედავდი, როგორ გამოიყურებოდა მატილდას სრულიად შიშველი და გალუმპული სხეული, მაგრამ წარმოდგენა მაინც შემეძლო, ეს კი უფრო მიმძაფრებდა მისადმი სურვილს. მინდოდა მუცელზე მომესვა ხელისგული - ხავერდოვანი და ოდნავ ამოზნექილი იქნებოდა; მერე კი წელი მომექცია ჩემს ტორებში... მაგრამ მისთვის მიცემული სიტყვა არ უნდა გამეტეხა... არასდროს შევეხებოდი, თუ თავად არ მაგრძნობინებდა, შენთან სიახლოვე მსურსო.
- ღმერთო, გული მხევს! - ჩავილაპარაკე და გამეცინა, რომ წარმოვიდგინე ხორბალას სურვილს შეწირულმა, როგორ დავლიე სული ქაფიან აბაზანაში.
- არ ვიცი, რას ჩამიხტი ბანაობისას. ეს რა წესია?! - ამასობაში, მატილდა პირსახოცს დასწვდა და წვალებით შემოიხვია. საგულდაგულოდ დაიფარა ინტიმური ნაწილები:
- ზუსტად მახსოვს, რომ კარი ჩავკეტე. - თქვა და გამშორდა, თავი დაიზღვია, წყალში არ ჩამაბრუნოსო.
- დამავიწყდა მეთქვა, რომ საკეტი გაფუჭებულია. - ხელი სააბაზანოს კიდეს ჩამოვადე, რომ თავი მასზე დამესვენებინა.
მატილდა სამოსს დასწვდა, საძინებელში გამოცვლას ვაპირებ და არ შემომივარდეო, თვალები დამიბრიალა.
- ერთ კითხვაზე მიპასუხე და მერე გაბრძანდი.
- რა გაინტერესებს, აბა? - სახეზე ეწერა, მალე დაფქვი; თან გიჯობს, რამე აზრიანი იყოსო.
- ჩვენ შორის მამაჩემი რომ არ იდგეს, შეგიყვარდებოდი?!
- ნეტავ, რა იცი სიყვარულზე?! - დამცინასავით.
- შენ ისევ მეცხრე კლასელი ხო არ გგონივარ?! - მეწყინა.
- ჰორმონები აგითამაშდა, მოგაწვა და სისულელეს მაგიტო მეკითხები. - კარის სახელური ჩამოსწია.
- მატილდა, მიპასუხე! იქნებოდი ჩემთან?!
- ადეკვატური კითხვები რომ გაგიჩნდება, მაშინ გიპასუხებ.
სააბაზანოდან შურდულივით გავარდა. გაბრაზებული წამოვიჭერი და სულმოუთქმელად დავედევნე. ყველაფერი დავასველე დაუდევრად - შემოსასვლელი, სამზარეულოს ნაწილიცა და საძინებელიც. აუცილებლად უნდა გამეგო, მოვახერხებდით თუ არა ერთად ყოფნას, ის დაწყევლილი ფაქტი, რომ არ არსებულიყო; ჩვენ დაბადებამდე რომ არ დაწერილიყო ამ ისტორიის დასაწყისი ან სულ სხვა კაცის შვილად რომ მოვლენილიყავი ამ ქვეყნად.
- რას დამსდევ?! - შემომიღრინა. - შეხედე, მოსაწმენდია მთელი სახლი!
- ნუ ღელავ, შენ არავინ მოგაწმენდინებს.
- დამაცდი ჩაცმას?! თუ ასე, პირსახოცით წავიდე შევხედრაზე?
- რატომ არიდებ ჩემს შეკითხვას თავს?!
- არ ვარიდებ, უბრალოდ, არ მგონია პასუხი მოგეწონოს.
- მომეწონება თუ არა, მაგას, მოდი, მე განვსაზღვრავ.
- არა, არ ვიქნებოდი შენ გვერდით.
- რატომ?
- იმიტომ რომ შენზე უფროსი ვარ.
- არ გამაცინო, გეხვეწები. - ნერვიულად გადავიხარხარე. - რამე დამაჯერებელი მითხარი!
- ასაკს თავი დავანებოთ; იმიტომ რომ არ შევეფერებით ერთმანეთს.
- სულ ეს ხარ?! სხვა არგუმენტი თავში არ მოგდის?!
- შემეშვი, რა. არ მცალია ამ ბავშვური გამოხტომებისთვის. სკოლაში ხომ არ ვართ?!
- ოდესმე ხომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე?! - ვერც კი შევნიშნე, ტონს ისე ავუწიე.
- რაზე, ამაზე?!
- ჩვენზე! - ჩემი საუბარი უკვე ყვირილს დაემსგავსა: - ჩვენს გრძნობებზე და ჩვენს ურთიერთობაზე!
- არანაირი „ჩვენ“ არ არსებობს, ლუკას. - ის ჯერ კიდევ ინარჩუნებდა სიმშვიდეს, დიდი ძალისხმევის ფასად.
- ნუ მექცევი ასე... - კისერში ძარღვები მიჭერდა, მთელი სხეული გიტარის მოჭიმულ სიმს მიმიგავდა: - აქ და ახლა, ჩვენ გარდა, არავინაა. არც ვინმე აყურადებს, არც ვინმე გვითვალთვალებს; საერთოდ უცხო ქვეყანაში და უცხო ხალხში ვართ!
- ჩვენს ურთიეთობაზე გინდა ლაპარაკი, არა?! - კარადა გამოაღო და ჩემი ხალათი შემოიცვა, რომ მოშიშვლებული მკლავები დაეფარა. თითქოს მათი დანახვის უფლებაც კი აღარ მქონდა.
- კარგი. ახლა ყურადღებით მომისმინე! - ჯიბრით განაგრძო: - ჩვენ დაძმასავით ვართ. - ისარივით დამარჭო მკაცრი მზერა: - მე შენ უმცროსი ძმასავით გიყურებ იმ დღიდან, რაც გაგიცანი. და არასდროს, ცხოვრებაში ერთხელაც კი, არ ჩამითვლია, რომ სქესი გაქვს.
თავი უნდობლად გავაქნიე. არ ვაპირებდი ამ აბსურდის მოსმენას. მატილდამ ფენს დაუწყო ძებნა.
- მატყუარა ხარ... - გარკვევით წარმოვთქვი. - წარბშეუხრელად ცრუობ.
- ჩვენ შორის მატყუარას, ჩემ გარდა, ვერავის ხედავ? - ჩაიცინა.
- და ის რა იყო, საქართველოში რაც მოხდა? დაძმურად ვაკოცეთ ერთმანეთს?!
- სერიოზულად? ამ თემის წამოჭრასაც აპირებ?!
- კი, ყველაფერი მაქით არ მიდის?!
- არ გინდა...
- მინდა! როდემდე ვაპირებთ მაგ ფაქტის „დაიგნორებას“?!
- ღმერთო! - ხელები ისე აღმართა, თითქოს მართლა უფალს ეხვეწებოდა, გამაქრე აქედანო.
- ღმერთს ნუ ჩარევ ამ ყველაფერში, მართლა უხერხულია.
- ნასვამები ვიყავით, ლუკას... - მოკლედ მომიჭრა და ფენი დენის წყაროს მიუერთა.
- რა თქმა უნდა, - ცინიკურად დამეღრიცა ტუჩები: - სხვას არც არაფერს მოველოდი შენგან. თურმე, ნასვამები ვყოფილვართ. ნასვამი და-ძმა მასე იქცევა?!
- რა ჯანდაბა გინდა, ლუკას?! - წამოიყვირა უეცრად. მისი სიმშვიდე საპნის ბუშტივით გასკდა.
- აღიარე სიმართლე... ჩემთან მაინც აღიარე!
- ესეც მამაშენზე შურისძიების ნაწილია?! - კანკალმა აიტანა: - მეც სიძულვილისა და ბოღმის ნთხევაში უნდა გამომიყენო?! - მისი ბეჭები ისე თრთოდა, როგორც მიწისძვრისას ირხევა ახალაშენებული კორპუსი.
- მე მეყვარებოდი, მატილდა! და მიყვარხარ კიდეც!
- გა-ჩუმ-დი! - მთელი ძალით მიათხლიშა თმის საშრობი კედელზე. არასდროს მინახავს ასეთი გაავებული. ვერ ვხედავდი მის სახეს, სველ თმაზე მივჩერებოდი, რომლის ბოლოებსაც ონავრად დაჰკიდებოდა წყლის წვეთები.
- მითხარი, რომ შენც გეყვარებოდი! - ვერ ვცხრებოდი. ზუსტად ვიცოდი, ახლა თუ არ გამოტყდებოდა, აღარასდროს გვექნებოდა მეორე შანსი: - მითხარი, რომ შენც გიყვარვარ! თუ არ გიყვარვარ... ხომ გიყვარდი ოდესღაც!
- არ მეყვარებოდი! არასდროს მყვარებიხარ! და არ მიყვარხარ! გესმის?! - დასაკლავი მხეცივით ბღაოდა, რომელიც კუთხეში მიიმწყვდიეს და გააფთრებული პირდაპირ სულში მიყურებდა, თვალების გავლით. ჩემკან არ გამოუხედავს.
- არ მჯერა! - გაცხარებით მივვარდი, მოვაბრუნე და მისი სახე ხელებში მოვიქციე. ძალით დავუპირე კოცნა, მაგრამ თავის გაწევა მაინც მოახერხა და მთელი ძალით შემომილაწუნა.
თითქოს მძინარეს ცივი წყალი გადამასხესო, გონს მოვედი. ხელები თავში შემოვირტყი და უკან დავიხიე, რომ ჩვენ შორის ფიზიკური დისტანცია გამეზარდა. ქვედა ტუჩს კბილები ჩავავლე, ისე ვიკვნეტდი, ცოტაც და სისხლი წამომივიდოდა. მატილდას მხარეს მზერასაც კი ვეღარ ვაპარებდი, ისე მრცხვენოდა. ამ სირცხვილსა და სინანულში ლოყის წვას საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი, არადა ფეთქავდა, ხურდა, სულ მთლად გაწითლებულიყო.
- ვეღარ გცნობ, ლუკას. - ხმა გაებზარა: - არ ვიცი, რა დაგემართა...
- მე... მმმ... მნნ... - სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი, არადა, მობოდიშება მინდოდა.
- მართლაც, გაუხრწნიხარ ამ საფრანგეთს. - იმედგაცრუებით შემომცქეროდა: - ახლა სახლიდან გაეთრევი და რომ მოხვალ, მე აღარ დაგხვდები. - ვიგრძენი, რომ ყელში ცრემლებმა წაუჭირა. - ჩემი ფეხი აღარ იქნება შენს ბინაში.
იმწუთასვე მორჩილად გავედი დერეფანში. დასჯილი ბავშვივით ჩამოვჯექი კიბეზე და სახე ხელებში ჩავრგე. საკუთარ თავზე ბრაზი მახრჩობდა, ამავდროულად კი უმწეობასა და უსუსრობას ვგრძნობდი. რამდენი რამ დარჩევებოდა უთქმელი ჩვენ შორის მთელი ცხოვრების განმავლობაში... ცხოვრება კი უთქმელობისთვის უსასრულოდ გრძელიცაა და წარმოუდგენლად მოკლეც.


მოუთმენლად ველოდები თქვენს კომენტარებს.
თქვენი აზრით, რატომ ვერ იქნებიან ერთად მატილდა და ლუკასი? რატომ და როგორ დგას ლუკასის მამა მათ შორის?



№1  offline წევრი ლილილი

შენმა ბოლო მინაწერმა ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა თითქოს მატილდას და მამამის ჰქონდათ რომანი და იმედია არა დდ

რაც შეეხება სხვა დანარჩენს,არ ვიცი,ცოტა უაზრობა მგონია ასაკი და დაძმურო ურთიერთობა როდესაც რეალურად ეს ხელისშემშლელი ფაქტორი საერთოდ არ არის და მატილდაც არ ჩანს გაუნათლებელი,ან ჩამორჩენილი,რომ სიყვარული ამის გამო დათმოს.
ვერ ვხვდები ახლა რას გრძნობს ლუკასის მიმართ.
ლუკასი კი მომწონს. მესმის კიდეც.
მიუხედავად კოცნის მცდელობისა,მომწონს და ისევ მესმის.
მაინტერესებს რა ხდება მატილდას თავში. ძმასავით არც ადრე რომ უყურებდა ნაწერიდან ჩანს, პირადად მე ასე ვხედავ.
ველი შემდეგს, მაინტერესებს რა მოხდება

 


ლუკასისგან ასეთ იმპულსურობას არ ველოდი. კი ძნელია თავს შეკავება როცა საუვარელ ადამიანს უყურებ, მაგრამ ლუკასს ზედმეტი მოუვიდა. სამაგიეროდ მისმა იმპულსურობამ ეჭვი გამიჩინა, რომ მატილდა გულგრილი არ იყო ლუკასის მიმართ და ვცდები? მიზეზიც აბსურდული მოიყვანა-ასაკი. მატილდა განათლებული, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალია და ისეთ აბსურდლ მიზეზს როგორიც ასაკია არად დაგიდევს.
შენს კითხვას რაც შეეხება. ამ ორის და-ძმობა გამორიცხულია. მიზეზი ამ ორის მამაების წარსულში იმალება. ფაქტია, სახარბიელო წარსული არ აკავშირებდათ მამიკოებს, თორემ ლუკასი არ ეტყოდა, ნეტავ იმ კაცის შვილი არ იყოო. აუ, რა ურთიერთობა ქონდათ მშობლებს ამაზე პასუხს ისევ შენ თუ გაგვცემ. ამიტომ ველოდები ისევ ახალ თავს, სადაც მატილდა სულაც არ მიდის ლუკასისგან და ამ ბიჭს ბოლომდე გამოაფხიზლებს ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

შენ ის ხომ არ ხარ, რამდენიმე თვის წინ ამ საიტზე ისტორიას რომ აქვეყნებდი, ძალიან ლამაზ და შთამბეჭდავ სიყვარულის ამბავს, კაცს ისრაელი ერქვა მგონი, ქალს არ მახსოვს. მაშინ დავუწერე კომენტარი, შენ ფურცლებში დაკარგული კი არა, ფურცლებში ნაპოვნი უნდა გერქვას მეთქი. მოკლედ, თუ იგივე ხარ, დაასრულე რა წინა ისტორია, თუ სხვა ხარ, იმავეს გეტყოდი შენც, ეს ვინ გვიპოვიხარ ფურცლებში და ნაწერებში❤️

ახლა წავიკითხე წინა თავებიც, კი, ნამდვილად ის ხარ, იგივე წერის სტილი, იგივე მანერა, განსაკუთრებული ხიბლი და განსხვავებული ემოცია. ბონუსად კაი ხანგრძლივი დაგვიანებებიც თავების, დაკარგვა, მერე ისევ გამოჩენა და მერე მკითხველის გაღიმებული დატოვება. აბა რააა

 


ლილილი
შენმა ბოლო მინაწერმა ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა თითქოს მატილდას და მამამის ჰქონდათ რომანი და იმედია არა დდ

რაც შეეხება სხვა დანარჩენს,არ ვიცი,ცოტა უაზრობა მგონია ასაკი და დაძმურო ურთიერთობა როდესაც რეალურად ეს ხელისშემშლელი ფაქტორი საერთოდ არ არის და მატილდაც არ ჩანს გაუნათლებელი,ან ჩამორჩენილი,რომ სიყვარული ამის გამო დათმოს.
ვერ ვხვდები ახლა რას გრძნობს ლუკასის მიმართ.
ლუკასი კი მომწონს. მესმის კიდეც.
მიუხედავად კოცნის მცდელობისა,მომწონს და ისევ მესმის.
მაინტერესებს რა ხდება მატილდას თავში. ძმასავით არც ადრე რომ უყურებდა ნაწერიდან ჩანს, პირადად მე ასე ვხედავ.
ველი შემდეგს, მაინტერესებს რა მოხდება


სიმართლე რომ ვთქვა, ბევრი მინიშნება "ჩავმალე" ყველა იმ თავში, რომელიც საიტზე ავტვირთე და გამიკვირდა, რომ შეუმჩნეველი დარჩა. გულუბრყვილოდ მეგონა, იეჭვებდით მაინც, რაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქმე. თუმცა, ვინაიდან თავებს ვაგვიანებ, დიდი ალბათობით ჩემი ბრალია, თავებს შორის წყვეტა ხელს უშლის მკითხველს დეტალებზე კონცენტრაციაში. ამისთვის ბოდიშს ვიხდი. <3

არა, მატილდა არ ყოფილა მამის საყვარელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ლუკასი ისევე შეიძულებდა მას, როგორც მამამისი სძულს. დედამისის დაჩაგვრას და შეურაცხყოფას ვერ აპატიებდა. <3

კი, მე როგორც ავტორი, დაგეთანხმები იმაში, რომ დაძმური ურთიერთობა ნამდვილად არ აქვთ ამ ორს. :D

მადლობა ინტერესისა და მხარდაჭერისთვის. <3

რუსკიმარუსია
ლუკასისგან ასეთ იმპულსურობას არ ველოდი. კი ძნელია თავს შეკავება როცა საუვარელ ადამიანს უყურებ, მაგრამ ლუკასს ზედმეტი მოუვიდა. სამაგიეროდ მისმა იმპულსურობამ ეჭვი გამიჩინა, რომ მატილდა გულგრილი არ იყო ლუკასის მიმართ და ვცდები? მიზეზიც აბსურდული მოიყვანა-ასაკი. მატილდა განათლებული, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალია და ისეთ აბსურდლ მიზეზს როგორიც ასაკია არად დაგიდევს.
შენს კითხვას რაც შეეხება. ამ ორის და-ძმობა გამორიცხულია. მიზეზი ამ ორის მამაების წარსულში იმალება. ფაქტია, სახარბიელო წარსული არ აკავშირებდათ მამიკოებს, თორემ ლუკასი არ ეტყოდა, ნეტავ იმ კაცის შვილი არ იყოო. აუ, რა ურთიერთობა ქონდათ მშობლებს ამაზე პასუხს ისევ შენ თუ გაგვცემ. ამიტომ ველოდები ისევ ახალ თავს, სადაც მატილდა სულაც არ მიდის ლუკასისგან და ამ ბიჭს ბოლომდე გამოაფხიზლებს ❤


ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ლუკასი ებრძვის თავის გრძნობებს, ის მაინც ადამიანია... და რაც მთავარია, ახალგაზრდა მამაკაცია. მატილდას შეფასება, ცოტა არ იყოს, მართებული მეჩვენება, ჰორმონები მოგაწვაო. ხო, "აკრძალული ხილის" ცდუნებას ვერ გაუძლო, როცა ასეთი ინტიმური მომენტი შეექმნათ.

რა თქმა უნდა, ასაკი და "განსხვავებულობა" მხოლოდ თითიდან გამოწოვილი მიზეზებია, რომ რეალობას უბრალოდ გვერდი აუაროს. ყველაზე რეალური მიზეზი "დაძმობაშია", მართალია ეს ორი ერთმანეთს დედმამიშვილებივით არ უყურებენ, მაგრამ აშკარად არსებობს გარემოება, რომელიც მათ ამ ჩარჩოში დარჩენას აიძულებს. სწორად მიხვდი, მიზეზი მათ მამებშია.

დიდი მადლობა, რომ ჩემი ერთგული გულშემატკივარი ხარ. მოუთმენლად ველოები ხოლმე შეფასებებს, ემოციებსა და მოსაზრებებს! <3

 


სტუმარი ანასტასია
შენ ის ხომ არ ხარ, რამდენიმე თვის წინ ამ საიტზე ისტორიას რომ აქვეყნებდი, ძალიან ლამაზ და შთამბეჭდავ სიყვარულის ამბავს, კაცს ისრაელი ერქვა მგონი, ქალს არ მახსოვს. მაშინ დავუწერე კომენტარი, შენ ფურცლებში დაკარგული კი არა, ფურცლებში ნაპოვნი უნდა გერქვას მეთქი. მოკლედ, თუ იგივე ხარ, დაასრულე რა წინა ისტორია, თუ სხვა ხარ, იმავეს გეტყოდი შენც, ეს ვინ გვიპოვიხარ ფურცლებში და ნაწერებში❤️

ახლა წავიკითხე წინა თავებიც, კი, ნამდვილად ის ხარ, იგივე წერის სტილი, იგივე მანერა, განსაკუთრებული ხიბლი და განსხვავებული ემოცია. ბონუსად კაი ხანგრძლივი დაგვიანებებიც თავების, დაკარგვა, მერე ისევ გამოჩენა და მერე მკითხველის გაღიმებული დატოვება. აბა რააა


როგორ გამიხარდა, რომ მიცანი! ერთადერთი ხარ, ვინც მიცნო! რა საოცარი მეხსიერება გქონია! თან რა ლამაზი სიტყვებით შეამკე ის რომანი. "არც პირველი, არც უკანასკნელი" - ასე ერქვა. დღესაც ვმუშაობ აღნიშნულ ნაწარმოებზე. ჯერ მზად არ არის... რაღაცები შევცვალე. განსაკუთრებულად მიყვარს სხვათა შორის. ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ჩავუძვერი სულში მთავარ გმირს, მის თავში ჩავსახლდი ფაქტობრივად. მახსოვს შენი კომპლიმენტი, სითბოთი და თავდაჯერებით რომ ამავსო.

უღრმესი მადლობა ამ არაჩვეულებრივი შეფასებისთვის. დაგვიანებები და დაკარგვები კი ნამდვილად ვიცი, რისთვისაც დიდ ბოდიშს ვიხდი. <3

ბედნიერი ვარ, რომ ამ ნაწარმოებმა კიდევ ერთხელ "გვაპოვნინა ერთმანეთი." ყოველ ახალ თავზე დაველოდები შენგან ახალ კომენტარს. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent