შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზონურისფრები (სრულად)


22-11-2021, 03:34
ავტორი Loey
ნანახია 3 972

ხელს...
ხელისგულს...
ხელისგულზე გაჩენილ თითოეულ ღრმულს...
დაგიკოცნი და, სახეს შევაფარებ.
ქარს გამოყოლილ მოგუდულ სიტყვებს სიყვარულით გაბერილ სისხლიან გულს ვაჭმევ.
შემოდგომა მთავრდება, ჩემო. სად ხარ?

გიყვარდე !

იმ საღამოს, როცა შემოდგომის ფოთლებშემოძარცვულ თბილისის ქუჩებს მეორედ ავუარ-ჩავუარე და ნოემბრის ცივმა ქარმა ძვალ-რბილში ერთიანად დამიარა, სტუმართმოყვარე კარივით გახსნილი მანტოს ღილები შევკარი და მესამედ ავუყევი რუსთაველს. აგერ, ამაყად წამოჭიმულა „რედისონ ბლუ“, მის ძირში დახურული ჩემი „ვენდისი“ და მუდამ კლიენტის მოლოდინში პირდაფჩენილი „სმარტი“. ხალხის ნაკადი შედის და გამოდის. შედის და გამოდის. საერთოდაც ვერ იფიქრებ ადამიანი, რომ ვინმეს სეზონის ცვლილება აშინებს.

მოპირდაპირე ქუჩაზე ვდგავარ. ანუ, „მაკდონალდსამდე“ ცოტაღა მიკლია და ვნატრობ, ვინმე ღვთისნიერმა ჯოხი დაიქნიოს და „ვენდისი“ გახსნას. თუნდაც მხოლოდ ჩემთვის და მხოლოდ იმიტომ, რომ ცხელი კარტოფილი ყველის სოუსში ამოვავლო.

არავინ მისმენს.

სამაგიეროდ, ავად მიღიმის „მაკდონალდსის“ ლოგო და ვფიცავ, უსიტყვოდ მემუქრება, შემოდი და ყველაზე უგემურ ბურგერს ჩაგთხრიო.

შევდივარ.

წარმოიდგინეთ და, დიდხანს ლოდინი არ მიწევს. მალევე მივდივარ აპარატთან, მატრაკვეცა ხელებით და ახლის აღმოჩენის სურვილით გაბერილი თავით მალევე ვარჩევ ბურგერს, იმასაც ძალიან ფრეშს და უკვე მაგიდასთან ჩემ შეკვეთას ველოდები.

შეკვეთა მალევე მოდის. ახალგაზრდა ბიჭს ჩემამდე კარტოფილით, სასმლით, ბურგერითა და, დიდი ალბათობით, სოუსით დახუნძლული ლანგარი მოაქვს. მადლობას ვუხდი, მეგობრულად მიღიმის და მიდის.

მეორე სართულზე ვზივარ. აქედან ბევრად უფრო კარგი ხედი იშლება. გვიანია და, საერთოდაც, ქვემოთ მოზუზუნე ხალხის ყურებას ლამპიონებით განათებული რუსთაველის ყურება ჯობს. ჩემ ბურგერს, თანაც ფრეშს, საშინელი გემო აქვს და ნახევრად შეჭმულს იქვე ვტოვებ. სამაგიეროდ, ფრის ვჭამ გემრიელად და გაწყალებულ სასმელსაც უხვად ვუშვებ საყლაპავ მილში.

„მაკდონალდსი“ მე არ მიყვარს. შენ გიყვარს.

შენ შეგიძლია, რომ ყველაზე გემრიელად აქ ჭამო და თუმცა ვერასდროს ვთანხმდებით, რომ მოპირდაპირე ქუჩაზე აღმართული დახურული „ვენდისიც“ კი ბევრად ჯობს აქაურ ყველაფერს, მაინც ისე ვბედნიერდები ხოლმე შენი ბედნიერებით, რომ მე სულ მინდა შენ ჭამდე და მე ვიჯდე, ხმაურით ვხვრეპდე საწრუპიდან სითხეს და გარეთ ხედს კი არა, შენ გიყურებდე.

ამ ზაფხულს, როცა ჩვენით დაორთქლილი მანქანის მინას ხელი გადავუსვი და სიამაყით ყელში მოწოლილი ბურთისგან კინაღამ დავიხრჩე, უკვე სახლისკენ მიმავალს გითხარი, როცა წავალ და შენ, შენი მანქანითა და ერთმანეთში გაზიარებული ფლეილისტით ქუჩებს მოივლი, აღარაფერი იქნება ისე, როგორც ჩემთან ყოფნის დროს-მეთქი. დამეთანხმე. შენ ხმაში მაშინვე იგრძნობოდა სევდიანი ნოტები და ისე მტკიოდა გული, რომ ვიღაცას, და განსაკუთრებით კი შენ, ჩემი არყოფნით ერთი საღამო მაინც ექნებოდა წვიმიანი, რომ მინდოდა ყელზე მოგწეპებოდი, ჩემ საყვარელ კუთხეში სამუდამო სახლი მომეწყო და აღარასდროს, აღარასდროს მეგრძნობინებინა შენთვის, რომ მე წავიდოდი.

ჰოდა ახლა, როცა კარტოფილიც გათავდა და მიზეზსაც ვეღარ ვპოულობ, რომ ადგილის გათავისუფლებაში მომლოდინე ხალხს კიდევ ვალოდინო და აქ ვიჯდე, იმიტომ, რომ ვიცი, შენ აქ გიყვარს, ვდგები და მივდივარ.

ნუ გეშინია, შენც თან მიმყავხარ.

ცივა. მჭიდროდ შეკრული ღილები სიცივეს ვერ აკავებს. მიყოლებით მეყინება ათივე თითი და დამიჯერე, რა, არც კი ვცდილობ, რომ გავითბო.

- აბა, ხელი მაჩვენე, - მომლოდინედ მიყურებ. ზანტად ვიღებ პიჯაკის ჯიბიდან მუშტად შეკრულ მარჯვენა ხელს და ტუჩებთან გიწვდი. გაბრაზებულიც კი ნაზად მკიდებ ხელს, შენ ხელისგულზე გამავალ ყველა ღრმულს მიჭერ და ერთიანად მათბობ.

- არ მცივა, მართლა, - უნამუსოდ ვიტყუები. აბა, იმას ხომ არ გეტყვი, სულის კივილამდე სასიამოვნო რომ არის, ჩემზე რომ ზრუნავ.

- შენ რომ წახვიდე, რა გვეშველება, - დანანებით დავყურებ გაწითლებულ თითებს და ერთმანეთში ტკივილამდე ვაჭდობ.

რუსთაველზე ვდგავარ. როგორც ყოველთვის, უანგარიშო ტელეფონი მიჭირავს და ამაოდ ვცდილობ, განულებული ბალანსიდან ხმა მოგაწვდინო. ორ წუთში მირეკავ, სად ხარო. გხედავ. ზებრაზე გადმოდიხარ. პირველი შეხვედრაა ზაფხულის მერე და მგონია, თვალის ყველა დახამხამებაზე, ყველა გაღიმებაზე, გულზე მიბჯენილ ხელზე, გადადგმულ ნაბიჯსა და ორჯერ სწრაფად ნათქვამ წინადადებებზეც კი მეტყობა, რომ საშინლად მომენატრე. არადა, ყველაზე არასტანდარტული მეგობრობით ვმეგობრობთ მთელი ოთხი ზაფხულია და უკვე ის დროა, წარსულს გავაყოლო აწითლებული ღაწვები, ანერვიულებული ხელები და აკანკალებული მუხლები, იმიტომ, რომ შეიძლება იმაზე უკეთაც კი მიცნობ, ვიდრე მე ვიცნობ საკუთარ თავს.

- აბა, სად ხარ? - მეკითხები და ხელს გიქნევ. სად ვარ და, კიბეზე ვიმალები. მეშინია შენთან პირდაპირ შეხვედრის და მინდა გაგვეცინოს იმაზე, რომ ყველაზე ღია ადგილზეც კი, ჩემი ძებნა მოგიხდა.

მე შავი შარვალი, შავი როლინგი და ყავისფერი მოსაცმელი მაცვია. შენ შავი კურტკა და კრემისფერი ჰუდი. ლაღად მოაბიჯებ ჩემამდე და ზაფხულს შემორჩენილი ყველაზე სასიამოვნო სურნელი მოგაქვს. მინდა, შენ მკლავებში დავიმარხო, მაგრამ მალევე გშორდები სხეულიდან და რამდენიმე წამით გაჩენილი სახლური სითბო სადღაც უჩინარდება. აჩქარებული ნაბიჯით ვფარავთ მანძილს რუსთაველიდან თავისუფლებამდე და ისე, რომ გააზრების საშუალებასაც კი არ მაძლევ, ტაბლოზე გამოყრილი უცხო ფილმებიდან პირველივეზე შეგყავარ.

დარბაზში ჩვენ გარდა კიდევ ორი ადამიანია. ერთი სკამის გამოტოვებით სხედან, თუმცა კონტაქტობენ და მგონია, ესენიც ჩვენსავით პირველ პაემანზე თუ არიან.

ფილმი პირველი პაემნისთვის ზედმეტად თამამია. დიდ ეკრანზე გათამაშებულ სასიყვარულო სცენებს ისევ ზაფხულში გადავყავარ და ჩვენით დაორთქლილ მანქანაში, ერთმანეთით აკვნესებულ ხმის ტონალობებსა და რიტმს აყოლილ სხეულებში მამწყვდევს. თავს შენი მხრის უკან ვმალავ, მერე, სულ რამდენიმე წამით ვბრუნდები შენკენ და მკოცნი.

აი, სწორედ ამ მომენტიდან, შენ ჩემში ნელ-ნელა იზრდები. ხანდახან მგონია, სეზონურები ვართ და მეშინია, რომ ერთხელაც ძლიერი ქარი ამოვარდება და ისე დაგვშლის, რომ აღარ მოვა ჩვენთვის ზაფხულები და მე ისე მეტკინება უშენობა, რომ სამუდამოდ შევეხიზნები სიტყვებს საშველად და ფურცელზე გადმოვღვრი ყველაფერს, რისი თქმაც მინდოდა და ვერასდროს გითხარი.

- სოულმეითები ვართ-მეთქი, რაა, ხომ გეუბნები, - მიღიმი და ერთნაირი განლაგების მქონე ხალებს ადარებ. შენი ხელზეა. ცერა და საჩვენებელ თითს შორის ლამაზად გამწკრივებულან. ჩემი - მხარზე და ვინმე იფიქრებს, სახატავ ფურცელზე დაუხატავთ და მერე სხვადასხვა ადგილზე გადაუტანიათო. არადა მართლა სოულმეითები ვართ. ბევრი ადამიანური და ბევრიც არაადამიანური დამთხვევისა თუ ცაში გადაწყვეტილი მსგავსებების გამო. და ისე მახარებს, ამდენ ადამიანში შენ რომ შემხვდი, მინდა, ხელი არასდროს გაგიშვა.

ვიხრები და შენ ვარსკვლავებს ვკოცნი.
ჩემი ვარსკვლავები ცეკვას იწყებენ.

როგორ ფიქრობ, გვექნება თარიღად მეხუთე ზაფხული?
გვექნება, ალბათ...



№1  offline წევრი lortkia

........სეზონურისფერია ყველა ადამიანი,მომეწონა... heart_eyes

 


№2  offline წევრი Loey

lortkia
........სეზონურისფერია ყველა ადამიანი,მომეწონა... heart_eyes


მადლი ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent