შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი კვირა ერთ ოთახში (მეთერთმეტე თავი)


3-12-2021, 15:03
ნანახია 380

სახლთან ახლოს, ქუჩაში, დაკარგულივით ვიხეტიალე. ვერც შენობებს აღვიქვამდი, ვერც ადამიანებს, მხოლოდ - ფუნთუშეულის სურნელს; საიდან მოდიოდა, ვერ გავიგე, მძაფრი და სასიამოვნო კი იყო, ახალგამომცხვარი კრუასანის გემო მაგრძნობინა, თითქოს პირში ფენა-ფენად მადნებოდა. მომაგონდა, რომ მატილდა მშიერი წავიდა შეხვედრაზე, უფრო სწორად, მშიერი გაიქცა ჩემგან. ნეტავ, ფინჯანი ყავა მაინც თუ დალია დილით, ბანაობამდე? იქნებ ჩემს გაღვიძებას დაელოდა, რომ ერთად გავჟღენთილიყავით კოფეინითა და ნიკოტინით? ყავის დალევა სხვასთან ერთად ყოველთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მარტოობაში; ერთმანეთში რომც არ ისაუბროთ, რიტუალური იდუმალებით გაერთიანებთ ყავის გემოცა და არომატიც.
ხორბალას ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა უფრო და უფრო მძიმედ მაწვებოდა: წარმოდგენა არ მქონდა, უსაბუთოდ, უფულოდ და უტანსაცმლოდ რა უნდა ექნა უცხო ქალაქში (ფრანგული მაინც სცოდნოდა?!). რამეს მოვიფიქრებო, რა ჩემსავით ალაპარაკდა... ცოტათი მესიამოვნა, რომ მხოლოდ მე კი არ ვემსგავსებოდი ამ მცირე დროში, თავადაც მირეკლავდა მისდაუნებურად. თითქოს გონება გამინათაო - მკაფიო სურათივით დავინახე, როგორი ახლობელი და ძვირფასი იყო ჩემთვის ეს გოგო - წარსულისა და აწმყოს საკუთარ თავში სრულად დამტევი; ჩემს ცნობიერს სამუზეუმო ექსპონატივით ჩამოეკიდა გონების კედელზე ჩემივე გრძნობებით გაფერადებული ტილო; ყველა დეტალის აღსაქმელად, პროჟექტორიც კი მიეშვირა მისთვის. კიდევ უფრო დამამწუხრა ჩემი და მატილდას სიახლოვის დასურათებამ, დანახვამ და გაცნობიერებამ... როცა ადამიანი შენთვის გულწრფელად ახლობელი ხდება, მისი გულშემატკივრის როლს კი არ თამაშობ, მართლა შეგტკივა გული და ყველა წვრილმანზე გეფიქრება - უსაფრთხოდ თუა, რამე ხო არ აწუხებს, საქმიანმა შეხვედრამ როგორ ჩაიარა, ანდა, რა ჭამა?
ამ აზრებმა დედაჩემი გამახსენა - ქალი, რომელიც ჩემი გაჩენის დღიდან მოყოლებული დარდში ცხოვრობდა, რადგან დარდია დედობა, ამას მეც კი ვხვდები. მისი ხმის გაგონება მომინდა, ყურებში ძლიერად მომაწვა სურვილი. არ ვიცოდი, რაზე უნდა მელაპარაკა, თუ დავურეკავდი. მიწერითაც იშვიათად ვწერდი, უმეტესწილად მაინც ტყუილებით იყო გამოტენილი ის წერილები - რომ კარგად ვსწავლობდი, საშინაო დავალებებს ზედმიწევნით ვასრულებდი, ლექციებზე ვაქტიურობდი და მაღალ ქულებს ვიღებდი; არ ვსვამდი, არ ვეწეოდი და არც ნარკოტიკს ვეკარებოდი; რომ დიდი სამომავლო გეგმები მქონდა და საქართველოში ჩასვლისთანავე მათ გაზიარებას ვაპირდებოდი, თითქოს პარიზიდან თუ მივწერდი, გზაში დაიფანტებოდა ეს „დიადი მიზნები.“ ვცადე გამეხსენებინა თემები, რომლებზეც ჩემი ძმაკაცები ესაუბრებოდნენ თავიანთ დედებს (დიალოგის წამოწყებაში დამხმარებოდა იქნებ) და არაფერი მომაგონდა, რადგან მშობელთან შეხმიანებით არავინ იწუხებდა თავს. აბა, სად ეცალათ „გულაობას“ ან სამსახურს გადაყოლილებს? წლები რომ გემატება, ძალიან რთულდება დროის მენეჯმენტი - თითქმის შეუძლებელი ხდება დრო ყველაფრისთვის იმყოფინო - მაშინაც კი, თუ თავს არ იწუხებ სწავლითა და მუშაობით.
წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯით, მიზანმიმართულად წავედი ჩემი ბინისკენ. ოთახში შესულმა მატილდასგან დამალული მობილური მოვძებნე და ჩავრთე. უამრავი შეტყობინება და გამოტოვებული ზარი მომენტალურად დაფიქსირდა ეკრანზე, მათ შორის ერთი ჩემი ძმისგან იყო, ორიც მამაჩემისგან. უცნაურია, ალბათ, მაგრამ შემეძლო ათას უცხოსთან გადამერეკა, ოღონდ ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბარი ამერიდებინა თავიდან. ყველაზე მეტად სწორედ მათთან დარეკვა მერთულებოდა.
დედაჩემისგან მესიჯიც არ დამხვედრია, ალბათ, იმათ დაარეკინა ჩემი ამბის გამოსაკითხად. დედას ნომერი კონტაქტებში ჩაწერილი კი მქონდა, მაგრამ მაინც სათითაოდ, რიცხვ-რიცხვ აკრეფა მერჩია, გაკვეთილივით ვიმეორებდი თითქოს, რომ არ დამვიწყებოდა. ბოლო ციფრს დავაწექი, ანდროიდმა ინფორმაცია „იცნო“ და ნომერი წარწერით ჩაანაცვლა - „დედა“ - ყველაზე საიმედო სიტყვა კაცობრიობის ლექსიკონში... გინდ გულში გითქვამს, გინდ ხმამაღლა - ყოველ ჯერზე საშველად დაძახებას ჰგავს:
„მიშველე, სითბო მჭირდება!“
„მიშველე, დარდს ვერ ვერევი!“
„მიშველე, დავიკარგე და თავ-გზა ამებნა!“
„მიშველე, მენატრები და არ ვიცი, რა მოვუხერხო ამ მონატრებას!“
„მიშველე, მრავალჯერ შევცდი და ვერ ვხდები, როგორ გამოვასწორო ეს შეცდომები!“
„მიშველე - დაუსრულებლად! მაშინ, როცა ახლოს ხარ და უფრო მაშინ, როცა ჩემგან შორს იმყოფები.“
მწვანე ღილაკს დავაჩერდი. ცერა თითი ჰაერში გამიშეშდა. ვცდილობდი, თავისთვის ძალა დამეტანებინა და დამერეკა, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე - ეს ერთადერთი მოძრაობა. მინდოდა აღმედგინა ის, რაც გავტეხე ახალგაზრდული ეგოიზმითა და სილაჩრით, მაგრამ ნივთებისგან განსხვავებით, ადამიანებსა და ურთიერთობებს წებო არ შველის, მაღაზიაში რომ შეირბინო და ყველაზე ძვირადღირებული - იყიდო. იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემს დემონებთან ჭიდილში დიდი დრო გავიდა და ძალიან გავიზარდე ძველ ურთიერთობაში დასაბრუნებლად, ან ახალი უნდა აგვეშენებინა - წინაზე უკეთესი - ან ორივენი შევგუებოდით ამ მდგომარეობას.
მობილური ჯიბეში ჩავიდე, აივანზე გავედი და მიყოლებით რამდენიმე ღერი სიგარეტი მოვწიე. იმ ქოთანს მივჩერებოდი, წინა დღით რომ დაუკითხავად ვინათხოვრე რომანტიკული ვახშმისთვის. მატილდა რომ იქვე მჯდარიყო, შემისწორებდა, მოიპარეო. სახელების დარქმევისკენ მოწოდებისას ხორბალას, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ ერთსა და იმავე ამბავს ყველა სხვადასხვაგავარად ვყვებით, რადგან ჩვენ-ჩვენი განსაზღვრებები გვაქვს. გამოდის, მოვლენების, ქცევებისა თუ ურთიერთობებისთვის სახელწოდებების შერჩევაც არ ყოფილა იდეალური გამოსავალი სწორი გზის ძიებისას... თუმცა - სახელების შერჩევის გარეშეც და სახელის შერჩევითაც - ცხადი იყო, დედასთან ურთიერთობა უნდა დამელაგებინა. მხოლოდ ამგვარად შევძლებდი სულიერი სიმშვიდის მოპოვებას. მგონი, სწორედ შინაგანი ჰარმონია და სიმშვიდე იყო, რაც დაჟინებით, პანიკურად და ლამის სასოწარკვეთამდე მინდოდა; პარადოქსულია მაგრამ, ზუსტად ამიტომ ვქმნიდი ამხელა აჟიოტაჟსა და ალოგიკურ ქაოსს ჩემ გარშემო.
- დღეს - ვერა, მაგრამ ხვალ - აუცილებლად, - ვუთხარი ჩემს თავს, როცა ბოლო ნაფაზი მოვქაჩე. მერე ბროლივით სუფთა საფერფლეში ჩავწვი და ნამწვი იქვე ჩავტოვე.
ჩემს ძმას მესიჯი მივწერე, მშვიდობით ვარ, არ შეგეშინდეთ, რომ მოვიცლი, დაგეკონტაქტებით-მეთქი, და ჯერ აეროპორტში დავრეკე, შემდეგ - იმ პოლიციის განყოფილებაში, რომელიც მატილდას დაკარგულ ნივთებს ეძებდა.

***
დამავიწყდა პირველად რა ასაკში დავიჭირე კალათბურთის ბურთი, მაგრამ „მასთან შეყრის“ შეგრძნება და ფიქრი კარგად მახსოვს: „მსუბუქი არ არის. ზუსტად იმ სიმძიმისაა, მოთამაშეს ხელები, რომ აგრძნობინოს. თუ ხელებს გრძნობ, ბურთთან ურთიერთობის დამყარებაც შეგიძლია, რადგან ბურთი ხელისგულებით გცნობს და გეჩვევა... ხელისგულებით იზიდავ შენკენ.“
...მოულოდნელად, თამაშისას მოწინააღმდეგეს ხელიდან უსხლტები, ბურთით ხელში მაღლა ხტები, რომ ფარს თუ არ გაუთანაბრდები, მაქსიმალურად მიუახლოვდე მაინც... ეს ნახტომი სიარულზე უკეთესია, ცურვასაც სჯობს და ფრენასაც. თუ ფრენისას - ცას ეკუთვნი, ცურვისას - წყალს, სიარულისას კი მიწას, ნახტომს შეუძლია სრული თავისუფლება მოგანიჭოს, რადგან ამ დროს სტიქიებს შორის, ნეიტრალურ სივრცეში იჭრები. ო, რა დიდებული წამია! თვალის დახამხამებაში მთავრდება, მაგრამ თუ ბურთს კარგად დაუმიზნებ, მიზნის მისაღწევად საკმარისია. კალათბურთი სხვა მრავალი მიზეზის გამოც მიყვარდა, მაგრამ უპირველესად, ახტომით მოგვრილი სრული თავისუფლება მიჩქარებდა გულს. ყველაზე უცნაურ და წარმოუდგენელ კუნჭულებშიც კი შეიძლება თავისუფლების მიგნება, აღმოჩენა ახალი კუნძულივით.
მას შემდეგ, რაც მატილდა დამპირდა, შენს მომდევნო თამაშს დავესწრებიო, მოტივაცია გამიორმაგდა და საათობით ვრჩებოდი დარბაზში. მინდოდა ხორბალასთვის დამენახებინა, როგორი ყოჩაღი ვიყავი, გუნდის სული და გული! ბიჭები რომ დაიშლებოდნენ და მწვრთნელიც დაგვემშვიდობებოდა, მარტოდმარტო ვაგრძელებდი ვარჯიშს. როცა დაღლილი იატაკზე გავითხლაშებოდი და ვხვდებოდი, ფეხზე ადგომა აღარ შემეძლო, მამაჩემს ვურეკავდი, მომაკითხე-მეთქი. ასეთი მორიგი საღამო იყო... ქანცგაწყვეტილი და ოფლით გაწუწული დავბრუნდი შინ. კარშივე მეცა გემრიელი კერძის არომატი - გამომცხვარი ქათამი და მექსიკური კარტოფილი უნდა ყოფილიყო. მე და ჩემს ძმას ამოგვეჩემებინა, ამიტომ დედა განსაკუთრებულ დღეებში გვიმზადებდა.
წყალი სწრაფად გადავივლე და ნახევრად სხველი მივუჯერი მაგიდას.
- „ქოუჩმა“ დარეკა, ზეგ შეჯიბრება აქვთო, - დაიწყო დედამ და ხორცის ნაჭრები თეფშზე უხვად გადმომიდო.
- აჰამ, - თავი დავუქნიე და პირი საჭმლით გამოვიტენე.
- დღეს ადრე დაწექი, ხვალაც კარგად დაისვენე.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნას.
- რატომ არ მითხარი, პარასკევს რომ მშობელთა კრება ჩანიშნეს? - ჩემს ძმას მიუბრუნდა, მასაც დაუხვავა თეფშზე გემრიელობები.
- დამავიწყდა, - ამოიკნავლა მან.
- მასე არაფერი გამოვა... - ტონი გაუმკაცრდა. - რას ქვია დაგავიწყდა?! შემთხვევით რომ არ გამეგო შენი კლასელის მშობლისგან, ვერ დავესწრებოდი და ჩათვლიდნენ, რომ უპატრონო ხარ. არადა, შენ ვერ მოგიტანია სახლში ამბავი.
- ბოდიში, დედა... - ჩემმა ძმამ დასჯილივით ჩაქინდრა თავი.
- აწი უფრო ყურადღებით იყავი.
მამა სუფრის თავში კი იჯდა, მაგრამ მობილურს არ აშორებდა მზერას. ვიღაცას ემესიჯებოდა. მაშინ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეეძლო ფიზიკურად ჩვენთან ერთად ყოფილიყო, გონებითა და სურვილით კი საყვარელთან ეფრინა.
- დღეს რა მოხდა სკოლაში? - იკითხა დედამ და წვენი ჩამოგვისხა ჭიქებში.
- არაფერი განსაკუთრებული... - ავიჩეჩე მხრები.
- ჩვენ ფიზკულტურა გაგვიცდა. მასწავლებელი გამხდარა ავად. - გაახსენდა ჩემს ძმას.
- სამეცადინო ბევრი გაქვთ?
- არც ისე, - ვიცრუე მე. - თითქმის იგივე დაგვიტოვეს ყველაფერი.
- ხომ იცი, ლუკას, გადავამოწმებ მაგას.
- გადაამოწმე, - გავეღრიჯე.
- ნუ იმანჭები, მიდი, ჭამე.
- მათემატიკის მასწავლებელმა მოგვცა ბევრი ამოცამა, - ამოიოხრა ჩემმა ძმამ.
- წინასწარ ნუ ჩამოყრი ყურებს, იქნებ მარტივად ართმევ თავს? - გაუღიმა დედამ და თავზე ხელი გადაუსვა.
- ალექსანდრე, შენც ხო გინდოდა რაღაც გეკითხა ბიჭებისთვის? - სცადა ჩვენს დიალოგში ჩაერთო.
- არა, მე გისმენთ... თან ყურადღებით, - მიუგო, მობილური დაბლოკა და თვალს მოარიდა.
- ბიჭებს ახალი ბოტასები და ჯინსის შარვლები უნდა ვუყიდოთ.
- კი ბატონო, ვუყიდოთ. - მორჩილად დაეთანხმა.
- გამოგვყვები საყიდლებზე?
- ხომ იცი, ისე მძულს საყიდლებზე სიარული, ჩემთვისაც კი შენ არჩევ ტანსაცმელს.
- იქნებ ამ ერთხელ...
- კარგი, თუ დაკავებული არ ვიქნები.
- ჯინსებზე გამოყოლა საჭრო არ არის, მაგრამ ჩემს თამაშს აუცილებლად ყველანი უნდა დაესწროთ! - კატეგორიულად ვთქვი, როცა ჭამა დავასრულე.
- აბა, რას ვიზამთ!
- და ბოლო მომენტში მამას გეგმები არ უნდა შეეცვალოს.
- რამე განსაკუთრებული ხდება? - იკითხა დედამ, თუმცა ინტერესი სამივეს შევატყე სახეზე.
- ერთი გოგო მომწონს და უნდა გაგაცნოთ.
ალექსანდრეს ხარხარი აუვარდა. დედას დიდად არ მოეწონა ეს ამბავი. სახე დაუსერიოზულდა, თვალები მოჭუტა და სმენად იქცა, რომ რაც შეიძლებოდა მეტი შეეტყო იმ იდუმალ გოგოზე.
- რაო? რაო? შეყვარებული გყავს, მამა?!
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- შეყვარებული არ არის, მე მომწონს.
- ცალმხრივია, აბა? იმას არ მოწონხარ? - სიცილით გააგრძელა გამოკითხვა.
- არ მითქვას, რომ მომწონს. თუ ყველაზე მეტ ბურთს მე ჩავაგდებ კალათაში, თამაშის მერე გამოვუტყდები.
- თქვენს ასაკში მაგარია სიყვარულობანა. - მრავლისმთქმელად ჩაეღიმა, თვალებში ჭინკამ გაურბინა, უსათუოდ, ვიღაც კონკრეტული გაახსენდა.
- შენი კლასელია? - მკითხა დედამ.
- არა, ჩემზე უფროსია.
- რომელ კლასშია?
- წელს ამთავრებს სკოლას.
მატილდას ასაკმა ცოტა დაამშვიდა დედაჩემი. დაძაბულობა ჩამოეხსნა სახიდან. ალბათ, ჩათვალა, მეთორმეტე კლასელისთვის ლაწირაკია ეს ჩემი შვილი და არც კი გახედავსო.
- ამას დამიხედეთ, რა დღეშია! - ჩემკენ გადმოიწია და ზურგზე ხელი ძლიერად შემომკრა: - არ ეტყობა, რომ ჩემი შვილია?!
- ეტყობა, ეტყობა... - კვერი დაუკრა.
- შენს თამაშზე ნამდვილად აპირებს მოსვლას? - მკითხა ჩემმა ძმამ.
- აუცილებლად მოვალო.
- ძაან კაი, მამას ბიჭო! გამაცანი ერთი შენი ტურფა. რა ჰქვია, ისე?
- მატილდა...
- ჰმ, როგორი პოპულარული სახელი გამხდარა ეს მატილდა... „ლეონმა“ გადარია ჩვენი თაობა, რა. დააჩინეს ბავშვები და დაარქვეს ნატალი პორტმანის პერსონაჟის სახელი. თმაც მატილდასავით აქვს?
- არ ვიცი, რაზე მეუბნები მამა.
- მოკლე კარე, მახინჯად აჭრილი ჩოლკებით.
- ლუკასს ნანახი არ ექნება „ლეონი“, - დედამ უპასუხა, და თან მაგიდის ალაგება დაიწყო. - მაგისი თაობა „მარველზეა“ გაზრდილი. „რკინის კაცზე“ კითხე რამე.
- არ მგონია ის გოგო რკინის კაცს ჰგავდეს.
ორივეს გაეცინათ. ალექსანდრე წამოდგა და პირში სიგარეტი გაიჩრა, არ მოუკიდებია, რადგან დედა შინ მოწევის უფლებას არ აძლევდა.
- უნდა დაანებო მოწევას თავი.
- უნდა დავანებო, - დაეთანხმა მამაჩემი.
- ცუდ მაგალითს აძლევ ბიჭებს.
- ხომ იცი, „ვმუშაობ მაგ საკითხზე.“
- მეტი მონდომებით „იმუშავე,“ თუ შეიძლება.
ალექსი კვლავ აივნისკენ წავიდა, მაგრამ კარში შედგა და დედას გამოსძახა:
- დავითის შვილსაც მატილდა არ ჰქვია? ხო სწორად მახსოვს?
- კი, მატილდა ჰქვია ნამდვილად. - დედას უკვე აქაფებულ ნიჟარაში ჩაეწყო ჭურჭელი და რეცხავდა.
- მაგას მაგრად ევასებოდა ნატალი პორტმანი.
- მე კიდე მახსოვს, რომ მის ცოლს მოსწონდა მატილდას პერსონაჟი - მებრძოლიაო.
ღამით, მეცადინეობის ნაცვლად, ის ფილმი ჩავრთე, გოჩამ რომ ახსენა. ჩემი მატილდა ოდნავაც არ ჰგავდა ლეონის მატილდას. გამიხარდა. არ მინდოდა, სხვა ვინმეში მეპოვნა. ხორბალა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მგვანებოდა.



ბოლო წამამდე მეგონა დაურეკვდა დედას, მაგრამ აქაც კი შეეშინდა smirk მატილდას სიტყვები რომ გამოვიყენოთ ლაჩრულად მოიქცა.
ესეეგი კალათბურთის მატჩი აღმოჩნდა საბედისწერო ამ ორისთვის? საინტერესოა ბატონ მამას გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა თუ დაესწრო თამაშს? smirk
ეს გოგო მართლა ლუკასივით დაუფიქრებლად რომ მოიქცა, დაადო თავი და წავიდა, სად მიდიოდა ნეტა? თან ფრანგულიც არ ცოდნია.

დღეს რაღაც კარგი დღე იყო. ამდენხნიანი შესვენების შემდეგ ორი ახალი თავით დაგვიბრუნდი❤
დაველოდები შემდეგ დაბრუნებას❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ანასტასია

არ გეგონოს არ გკითხულობ, არ გეგონოს მიგატოვე, მიდი, მიდი, ჩემს თვალწინ გემატება ძალა, იზრდები, ვითარდები, ვარსკვლავებს წყვეტავ, სიტყვაც გიჭრის, ჰაერში იჭერ ემოციებს, უბრალოებითა და სისადავით ანცვიფრებ მკითხველს. ზოგადად არ მჩვევია ხოლმე კონკრეტული თავების განხილვა, მაგრამ შენს ნებისმიერ თავს შეიძლება ეწოდოს რას გვასწავლის ,,ერთი კვირა ერთ ოთახში”, უბრალო დიალოგებშიც კი იმხელა ძალა და ენერგია იგრძნობა, რომ თუ სათანადო განწყობა არ დაახვედრე, გაგიტანს და გაგიყოლებს მასზე ფიქრი. ჰოდა, შენ ჩვენო ფურცლებში ნაპოვნო, წინ, ახალი წარმატებებისკენ, ქვეყანა გვყავს დასაპყრობი.❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

საინტერესოა.მართლაც,რომ კარგად წერ.სიტყვებს ჯადოსნურ ელფერს სძენდა ისე კინძავ.

 


რუსკიმარუსია
ბოლო წამამდე მეგონა დაურეკვდა დედას, მაგრამ აქაც კი შეეშინდა smirk მატილდას სიტყვები რომ გამოვიყენოთ ლაჩრულად მოიქცა.
ესეეგი კალათბურთის მატჩი აღმოჩნდა საბედისწერო ამ ორისთვის? საინტერესოა ბატონ მამას გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა თუ დაესწრო თამაშს? smirk
ეს გოგო მართლა ლუკასივით დაუფიქრებლად რომ მოიქცა, დაადო თავი და წავიდა, სად მიდიოდა ნეტა? თან ფრანგულიც არ ცოდნია.

დღეს რაღაც კარგი დღე იყო. ამდენხნიანი შესვენების შემდეგ ორი ახალი თავით დაგვიბრუნდი❤
დაველოდები შემდეგ დაბრუნებას❤



მეტამორფოზები რთულად მიმდინარეობს ადამიანებში, ასე რომ პირველივე მცდელობა წარუმატებელი რომ აღმოჩნდა, ლოგიკურიც კია. მთავარი ის არის, საბოლოოდ თუ მოახერხოს სძლიოს საკუთარ თავსა და შიშს, დარეკოს, დაელაპარაკოს და გამოასწოროს ის, რაც გვარიანად არია...


კი, სწორად მიხვდი, კალათბურთის მატჩზე ყველაფერს ნათელი მოეფინა და გამოაშკარავდა, რომ ეს ორი ვერცერთ ასაკში ვერ იქნებოდნენ ერთად, რადგან მათ შორის გადაულახავი წინაღობაა; წინაღობა, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებენ მშობლების, რელიგიისა და საზოგადოების გამო.

სტუმარი ანასტასია
არ გეგონოს არ გკითხულობ, არ გეგონოს მიგატოვე, მიდი, მიდი, ჩემს თვალწინ გემატება ძალა, იზრდები, ვითარდები, ვარსკვლავებს წყვეტავ, სიტყვაც გიჭრის, ჰაერში იჭერ ემოციებს, უბრალოებითა და სისადავით ანცვიფრებ მკითხველს. ზოგადად არ მჩვევია ხოლმე კონკრეტული თავების განხილვა, მაგრამ შენს ნებისმიერ თავს შეიძლება ეწოდოს რას გვასწავლის ,,ერთი კვირა ერთ ოთახში”, უბრალო დიალოგებშიც კი იმხელა ძალა და ენერგია იგრძნობა, რომ თუ სათანადო განწყობა არ დაახვედრე, გაგიტანს და გაგიყოლებს მასზე ფიქრი. ჰოდა, შენ ჩვენო ფურცლებში ნაპოვნო, წინ, ახალი წარმატებებისკენ, ქვეყანა გვყავს დასაპყრობი.❤️❤️❤️❤️


"არ გეგონოს მიგატოვე" - გული ამიჩუყდა ამ ფრაზაზე. არ მიფიქრია რომ მიმატოვე, რაღაცნაირად, მწერლური გუმანით ვგრძნობ, რომ მგულშემატკივრობ და ჩემთან ხარ! ძალიან, ძალიან დიდი მადლოვა ამ შეფასებისთვის, გულშემატკივრობისა და გამხნევებისთვის!

სტუმარი nancho
საინტერესოა.მართლაც,რომ კარგად წერ.სიტყვებს ჯადოსნურ ელფერს სძენდა ისე კინძავ.

უღრმესი მადლობა <3 მიხარია, რომ მოგწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent