შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი კვირა ერთ ოთახში (მეთექვსმეტე თავი)


6-01-2022, 00:41
ნანახია 9 618

საფრანგეთში სასწავლებლად ჩავედი, მაგრამ რომ არ დაგიმალოთ, ყველაფერი გავაკეთე, სწავლის გარდა. განათლების მიღებით თავს არ ვიწუხებდი, რადგან ზუსტად ვიცოდი, შინ დაბრუნებულს „გამზადებულ ადგილს“ დამახვედრებდნენ რომელიმე სამინისტროში ან საელჩოში (დიახ, ასარჩევად მქონდა საქმე). ევროპაში მიღებული დიპლომით შემეძლო სხვებისთვის თავიც კი გადამემეტებინა - უმეტესწილად იმ ტიპებისთვის, დღე-ღამეს შრომაში რომ ასწორებდნენ და ობიექტურად, ჩემზე გაცილებით კომპეტენტურებიც იქნებოდნენ; მაგრამ მე ხომ ფრანგული დიპლომი მექნებოდა... ვიცოდი, რომ საზღვარგარეთ მიღებული განათლება და მამაჩემის კავშირები იდეალური ტანდემი იყო უზრუნველი მომავლისთვის - ანუ კარიერისთვისა და წარმატების იმ ჩარჩოსთვის, რომლითაც, ჩვეულებრივ, ადამიანები ხელმძღვანელობენ... ამიტომ, უბრალოდ, ცხოვრებით ვტკბებოდი... შესაძლოა ეს განცხრომა უფრო იყო, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, მსურდა რაც შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო.
სრულიად გულახდილი რომ ვიყო - პარიზში საზიზღრად ვიქცეოდი, ანუ ზუსტად ისე, როგორც ჩემი ასაკის ბიჭების უმეტესობა - ანგარიშმიუცემლად ვხარჯავდი მშობლების გამოგზავნილ ფულს, თავს არ ვიწუხებდი შემოსავლის გაჩენით (მიზეზად ლექცია-სემინარებსა და საშინაო დავალებებს ვიშველიებდი, რა თქმა უნდა), ვწვებოდი ყველა ლამაზ ქალთან, ვთვრებოდი თითქმის ყოველ ღამით, ვეწეოდი ს და ვსინჯავდი ყველა ნარკოტიკს, რომელსაც მეგობრები მთავაზობდნენ; ყოველთვის ვპოულობდი საბაბს აყალმაყალის ასატეხად და მონდომებით ვეხვეოდი გაუგებრობებში; სიამოვნებით ვურტყამდი სიფათში უცნობებს, ჩხუბისგან დახეთქილი მუშტები ან ყბის სასტიკი ტკივილი ნამდვილად გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ... შესაძლოა იმაზეც დაგაფიქროს, რომ შენში ადამიანი და ცხოველი არცთუ ისე ჰარმონიულად თანაარსებობენ, მაგრამ სიცოცხლის შესაგრძნობად მაგ მხეცის გაცნობაც გიღირს. ისე, ამხანიგისთვისაც გამირტყამს ხელი - მხოლოდ მაშინ, როცა მართლა დაუმსახურებია, მერე კი აღარასდროს მიცდია მასთან ურთიერთობის აღდგენა; კაცი თუ თავს გაცემინებს და სიტყვით ვერ მოგვარდებით, იქ რაღაზე შეიძლება იყოს საუბარი? მშვენივრად მესმოდა, რომ ამ ქაოსს ჩემს ცხოვრებაში კი არ ვიზიდავდი, თავადვე ვქმნიდი და ვტკბებოდი ფრანგული, ბოჰემური სულისკვეთებით.
შეყვარებული არ მყავდა, ან როგორ უნდა ამერჩია ერთი ქალი (რაოდენ განსაკუთრებულიც უნდა ყოფილიყო ის), რომელსაც ერთგულებას დავპირდებოდი, როცა უამრავი ვნებიანი, სასიყვარულო თავგადასავალი მელოდა პარიზის ვიწრო ქუჩებში. ვგიჟდებოდი ქალებზე... და ისინიც გიჟდებოდნენ ჩემზე. განსაკუთრებით ფრანგი ქალები მომწონდა, რაღაცნაირად იდუმალები, ვერასდროს გაიგებდი რაზე ფიქრობდნენ, რა სურდათ ან რას აპირებდნენ... შეიძლება ჩემი ემიგრანტული საზომის ბრალი იყო, ასეოდენ ამოუცნობი და წარმავალი რომ მეჩვენებოდა ყოველი მათგანი (ბოლომდე ასეთებად დარჩნენ ჩემს ცნობიერში); თავისუფლების მოტრფიალენი, არავის ეკუთვნოდნენ, საკუთარი თავის გარდა, ვერც შებედავდი დასაკუთრების სურვილს; სამაგიეროდ, მისი თავისუფლების გაზიარება მოგინდებოდა, მერე კი მარტივადვე დატოვებდი ამ თავისუფლებასთან, თუ თავად არ დაგასწრებდა. მნუსხავდა და მაჯადოებდა ის ფაქტი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მივეტოვებინე ყოველ მათგანს, აღარასდროს ეპასუხათ ჩემი ზარისთვის და აღარც შემხვედროდნენ - გამქრალიყვნენ ისე, როგორც კოცნის კვალი ქრება სახის ჩამობანისას... ზომიერად ტრაგიკულები, სასიამოვნოდ ცინიკურები, მომნუსხველად აღვირახსნილები და დაუჯერებლად ვნებიანები იყვნენ. არცერთი მათგანი განმიკითხავს „ერთი ღამის რომანისთვის“ ან „მხოლოდ სექსისთვის“ - რადგან სიღრმისეული წიაღსვლებისთვის არც მე ცხელოდა.
ულამაზესი, ფარფატა პეპლებივით მეხვეოდნენ თავს ქალები - ზოგის თვალები მომწონდა, ზოგის - ტან-ფეხი, ზოგის - სურნელი და სიცილი, იშვიათად - ხასიათიც; იშვიათად იმიტომ, რომ მათ სულში ხელებს არ ვაფათურებდი, არ მინდოდა გამეცნო ან შემეცნო ისინი. მიყვარდა ჩემი საყვარლების განებივრება, მათთან ცოტა ხნით ვრჩებოდი, მაგრამ საერთო მოგონებები ყოველთვის მძაფრი შეგრძნებებით იყო გაჯერებული, ამაზე საგულდაგულოდ ვზრუნავდი; ჭეშმარიტი შემგროვებელი ვიყავი... ქალების კი არა, დაუვიწყარი მოგონებების... რომ ოდესღაც - როცა ძალიან დავიღლებოდი და ცხოვრების ტემპს შევანელებდი; ან მაშინ, როცა ძალიან მოსაწყენი გახდებოდა ჩემი ყოველდღიურობა - მქონოდა სივრცე შესახიზნად და თავის გამოსაკვებად. ეგოიზმია კოლექციონერობა, ალბათ, მაგრამ... C'est la vie.
დღეები მიქროდნენ, ჩემს სიჭაბუკესაც თან ექაჩებოდნენ, მაგრამ ვერ ვგრძნობდი... როცა ახალგაზრდა ხარ, ვერ იჯერებ, რომ ოდესმე დაბერდები. იცვლებოდა სადარბაზოები, სახლები და ხედები მათი ფანჯრიდან - მოწევის შემდეგ რაფაზე ჩამოჯდომა და ქალაქის ცქერა მიყვარდა; ნაცვლად იმისა, რომ მკლავებში მომექცია ნატიფი არსება, რომელმაც ერთი (ან იქნებ მეტი) ღამით სარეცელი გამინაწილა, ვდგებოდი და უცხო ხალხს ვაკვირდებოდი ღია ფანჯრიდან - როგორ მიზოზინებდნენ ან მიიპარებოდნენ სადღაც, როგორ ცხოვრობდნენ თავიანთი პატარ-პატარა, არაფრისმთქმელი ცხოვრებით, რომელიც ვერაფერს ცვლიდა სამყაროში; შენობების თვალიერებაც მსიამოვნებდა, განსაკუთრებით ღამღამობით, როცა ზოგ ფანჯარაში შუქი ენთო, ზოგში კი ბნელოდა; წარმოვიდგენდი, ვინ რას აკეთებდა ჩამოფარებული ფარდების მიღმა ან რა იმალებოდა აივნის დახურული კარის უკან... მგონი, ყველას საერთო გონების სავარჯიშო გვაქვს. ალბათ ქალები - რომლებშიც ათას წვეთად ვიღვრებოდი სიგარეტისთვის მოკიდებამდე - ჩემზე ფიქრობდნენ, რომ დიდი უცნაური ვინმე ვიყავი... მე კი სულ ცალ ფეხზე მეკიდა მათი აზრი იმ აღმატებულ წამს, როცა დედამიწაზე მხოლოდ ჩვენ ვრჩებოდით - სიგარეტი და ჩემი უკიდეგანო ფანტაზია.
იცვლებოდა სურნელებიც... კარის გაღებისთანავე, შემოსასვლელში ნაბიჯის შედგიმისას რომ გეცემოდა; უსათუოდ შეგიმჩნევიათ, რომ ყველა სახლს აქვს თავისი სუნი... სუნი, რომელიც ამ კედლებში საიდუმლოდ დამარხულ ამბებს გიყვება; არსებობს უსუნო სახლებიც, სადაც არავინ ცხოვრობს; ხანდახან თუ მიაკითხავენ - მხოლოდ ღამის გასათენებლად - იქ ისტორიები მალე იშლება და თავად კედლების საუკუნოვან მეხსიერებაშიც კი არაფრად რჩება. ქვეშაგებშიც ყოველთვის სხვადასხვა სურნელი მხვებოდა - ხან ფრანგული პარფიუმის, ხან - ქალის ძილში მოდენილი ოფლის; ზოგჯერ სხვა კაცის ან მასპინძლის საყვარელი ცხოველისაც კი.
ჩემს ცხოვრებაში ეს ნამდვილი აღმოჩენების პერიოდი იყო - მოგზაურიც ვიყავი და მეცნიერიც, რომელიც ცხოვრების, შეგრძნებების, ემოციებისა და მიუღწეველი სიღრმეებს შრეებს იკვლევდა. აღმოვაჩინე, რომ არამხოლოდ ადამიანებსა და სახლებს, საწოლებსაც კი თავისი აურა აქვთ, ამიტომ ყველა ლოგინში ვერ ვახერხებდი მშვიდად დაძინებას. საწოლი იკრავს არა პატრონის, არამედ იმ მოვლენების აურას, რომელიც მასზე ხდება... თუ ქალი საწოლში ბევრს ტირის ხოლმე, მიუხედავად იმისა, რამდენად სასიამოვნო სექსი გქონდათ, შენც უცნაური სევდა შემოგაწვება, გათავების შემდეგ... ყველა მომენტი გაგახსენდება, რომელიც ოდესმე დარდად დაგწოლია გულზე... და ერთი სული გაქვს საწოლიდან წამოდგე. თუ ქალი საწოლში ხშირად განიცდის ორგაზმს, შენც იმუხტები და არ გყოფნის - უფრო და უფრო მეტი გინდა... გარიჟრაჟამდე და ზოგჯერ - გათენების შემდეგ - მთელი დღეც.
იმ დღეს ნაბახუსევზე გავიღვიძე და ვერ მივხვდი, სად ვიყავი ან როგორ აღმოვჩნდი ამ სახლში. საშინელი გულძმარვა მქონდა და პირში მჟავე გემოს ვგრძნობდი. კბილის ჯაგრისი ვინატრე. ბალიშზე აცოცებულმა უცხო სურნელმა ფილტვებში შემოაღწია - წესით, იმ ფარვანასი უნდა ყოფილიყო, გვერდით რომ ეძინა. დამძიმებული თავი წამოვწიე თუ არა, იმწუთასვე მეცა ტკივილი, უხილავი ხელები მომიჭირა შუბლსა და კეფაზე.
მომაგონდა, რომ გასულ ღამეს ბარში გამოვტყვერი ძმაკაცებთან ერთად. იმ ტიპებს სანაძლეოს დადება და ყომარბაზობა უყვარდათ; მე სულელი კი შელოცვილივით სულ ვაგებდი, ამიტომ ხან ბილიარდს ვკისრულობდი, ხან - ბოულინგს, ხან - რესტორანს, კონცერტის ბილეთებს ან კლუბში „გატრაკებას“. ბოლოა, აწი აღარ დაგენიძლავებით, გამაკოტრეთ-მეთქი ვთქვი „გულაობისას“. პირველი შემთხვევა იყო პარიზში ჩამოფრენის დღიდან, როცა ამ ბიჭებს გადავუხაზე... ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ქალის გულის მოგებაში შემეჯიბრნენ, ამ ამბავში კი ოსტატს ვერცერთი დამჯაბნიდა.
„სამიზნე“ ნახევრად ფრანგი, ნახევრად კი გერმანელი იყო. მის ხელში ჩასაგდებად ორიოდე საათი დამჭირდა. ვერ ვიხსენებ, რა ერქვა... არც სახე მახსოვს, არც - ტანი, მხოლოდ თმა - გრძელი, ხშირი, ოქროსფერი დალალები; ფანჯრიდან დაშვებული სხივები იდუმალად ჩახვეულ კულულებში ეღვრებოდა და თვალისმომჭრელად უბზინავდა, თითქოს ყველა მეკობრისთვის მიუწვდომელ განძს მალავდა მასში, მხოლოდ მე შემეძლო ამეღო, მაგრამ - არ მინდოდა. ისე, ყოველთვის წაბლისფერთმიანები მომწონდა, ზოგჯერ - შავგრემნებსაც გავურევდი მრავალფეროვნებისთვის, აი, ქერებს კი ნამდვილად იშვიათად ვადგამდი თვალს.
შარვალზე დაგდებული სიგარეტის კოლოფი შევამოწმე - ცარიელი იყო; ეტყობა გუშინ ძალიან გამიტკბა და ღერს ღერზე ვქაჩავდი. წყლის გადავლების გარეშე ჩავიცვი, არც ყავა დამილევია, არც ის გოგო გამიღვიძებია დასამშვიდობებლად, უბრალოდ, კარი გამოვიხურე და წამოვედი. რა თქმა უნდა, აღარასდროს ვაპირებდი მის ნახვას... არც შევხვედრივარ, შემთხვევითაც კი არ გადამყრია სადმე, ან შეიძლება გადამეყარა და ვერ ვიცანი. წინათ არასდროს შემიწუხებია თავი იმაზე ფიქრით, რას გრძნობდნენ ქალები, როცა იღვიძებდნენ და გვერდით არ ვხვდებოდი... რომელი განცდა ეუფლებოდათ - შვების თუ იმედგაცრუების?
უახლოესი კაფის ვერანდაზე მოვკალათდი და Pot-au-feu შევუკვეთე. წვნიანების დიდი მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ ნაბახუსევზე ყოველ ჯერზე მშველელად მევლინებოდა. თან ბავშვობიდან მოყოლებული ხორცს მტაცებელივით ვეტანებოდი და დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემეძლო გემრიელად მეჭამა.
- ორმაგი ესპრესო, თუ შეიძლება... უშაქროდ. - დავაყოლე და მიმტანს მენიუ გავუწოდე.
- ყავას ახლავე ინებებთ?
- დიახ. სიგარეტი გაქვთ?
- გვაქვს.
ამოჩემებული ბრენდი დავუსახელე. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და კარისკენ დაიძრა. თვალი გავაყოლე. სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი იყო, იასამნისფერი უნიფორმა, როგორც იტყვიან, ზედ აკვდებოდა. მსუბუქი ნაბიჯები და თვალშისაცემლად ელეგანტური მიხრა-მოხრა ჰქონდა. ისე კი, უსათუოდ ჩემზე უფროსი იქნებოდა, მიმიკური ნაოჭები ლამის დავუთვალე თვალებთან. თუმცა, ასაკი არასდროს მიმიჩნევია ხელისშემშლელ ფაქტორად უთიერთობის დაწყებისას. თავის ტკივილი თუ გამივლიდა, შეიძლება გამეცნო კიდეც... ხოლო თუ გავიცნობდი, ამბის ვნებიანი გაგრძელებაც წარმომედგინა და დრაგიკულად გარდაუვალი დასასრულიც. ო, რა ტკბილი იქნებოდა ჩვენი წამიერი გაელვება სამყაროში...
ძველი ფრანგული სიმღერა ჩამწვდა ყურში, ხშირად გაიგონებდით ამ ჰანგებს კაფე-ბარებში; ბგერების ნიაღვარი ნახევრად შეღებულ, შემინულ კარს ეხლებოდა, შემდეგ კი ქალაქის (ჯერ კიდევ მინავლულ) ხმაურს ერწყმოდა, თითქოს ოკეანეში ჩაიღვარაო. აკრძალულ სიყვარულზე მღეროდა ქალი - ნაზი და სევდიანი ხმა ჰქონდა; მოგინდებოდა, რომ გეპოვნა და ძლიერად ჩაგეკრა გულში; მისთვის ახალი სიყვარული გეჩუქებინა, ძველის დასავიწყებლად. ახლა არ დამიწყოთ, სიყვარული ერთადერთხელ მოდისო; ტყუილია ეგ, რომელსაც ლიტერატურა, პოეზია, კინემატოგრაფია თუ მუსიკა მონდომებით გვიბეჭდავს გონებაში. ნამდვილ ცხოვრებაში (დიახ, ზუსტად იმ რეალობაში, რომელშიც ვიმყოფებით) სიყვარული რამდენჯერმე მოგაკითხავთ: არსებობს პირველი სიყვარული - გულუბრყვილობითა და ფუჭი განცდებით სავსე, ღამეებს რომ გათენებინებს და სიგიჟისკენ გიბიძგებს, უმეტესწილად განწირულია იმედგაცრუებისთვის, ტკივილისა და დანაკარგვისთვის; არსებობს მოულოდნელი სიყვარული - ზუსტად მაშინ რომ დაგატყდება თავს, როცა არ ელოდი, არ გეცალა და არაფერში გჭირდებოდა; როცა გეგონა, რომ ვეღარასროს გაუღებდი ვინმეს გულის კარს; შეგხვდებათ მეგობრობით დაწყებული სიყვარულიც - თავადაც ვერ მიხვდებით დაძმობა „სხვა გრძნობაში“ როგორ გადაიზარდა... ნურც ტოქსიკურ სიყვარულს დავივიწყებთ, რომელიც ჩვენში ჩაბუდებულ ყველა დემონს აცოცხლებს; ჩირქივით ზედაპირზე ამოაქვს ჩვენი საშინელი თვისებები, და მაინც ამ სიყვარულის დათმობა განსაკუთრებით გვიძნელდება... არის კიდევ რაციონული სიყვარული, რომელსაც გააზრებულად ირჩევ, ხშირ შემთხვევაში ოჯახით გვირვინდება, ზოგჯერ მას უწოდებენ - „უკანასკნელ სიყვარულს“; და, უსათუოდ უნდა ვახსენოთ მისი უდიდებულესობა - აკრძალული სიყვარული, რომელიც შეცვლას გაიძულებს, მტკივნეულად გზრდის, ცხოვრებას თავდაყირა გიყენებს და ეჭვს გიჩენს ყველაფერის მიმათ, რისიც გჯეროდა; გაიძულებს დაინახო და აღიარო ვინ ხარ. სიყვარულში საუკეთესო მაინც ის არის, რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვა სახით გვევლინება, ამიტომ ვერ იტყვი, ვინ უფრო მეტად გიყვარდა ყოფილ შეყვარებულებს (საყვარლებს) შორის. იცით, როდის გავაცნობიერე, რომ ეს გრძნობა არც ერთადერთხელ მოდის და არც სამარადჟამოდ ბინავდება ჩვენში? ცოლს რომ დავშორდი. სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ძალიან ახალგაზრდამ ვიქორწინე „პირველ სიყვარულზე“, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ოჯახი რამდენიმე თვეში დასამარდა (მადლობა ღმერთს, ჩვენ შორის მუდმივ დამაკავშირებელ ხიდად შვილი არ დარჩენილა). ასე რომ სიყვარული მოდის, გვავსებს ან გვაცარიელებს, გვაბედნიერებს ან წუხილად სახლდება ჩვენში... მერე კი, მიდის კიდეც... მიდის და ეს ხშირად გარდაუვალია; ზოგჯერ, უბრალოდ, ისეთ ასაკში გვიყვარდება, როცა სიყვარული წასვლას ვეღარ ასწრებს.
სიმღერა რომ დამთავრდა, ზუსტად მაშინ დარეკა ჩემმა მობილურმაც. შევკრთი, თითქოს ძალიან ინტიმურ მომენტში წამასწრეს. ეკრანს შემცბარმა დავხედე. ინტერნეტი ჩართული დამრჩენია და „მესინჯერში“ მირეკავდა ვიღაც. რამდენიმე წამით გაოგნებული დავჩერებოდი მის სახელს - „მატილდა“, ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა ის იყო... მომეჩვენა, რომ საუკუნე გავიდა ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ და, ამასობაში, მთელმა ცხოვრებამაც გაიფრინა... სხვა ადამიანებადაც ვიქეცით; თუმცა, ჩვენ ხომ ერთმანეთზე არც არასდროს გვცოდნია ბევრი, ამიტომ დრო და სიშორე გაუცხოების თესლად არ უნდა ქცეულიყო.
ბოლოს რომ შევხვდი, ჯერ კიდევ საქართველოში ვცხოვრობდი და საფრანგეთში გამგზავრებაც მხოლოდ იდეად არსებობდა ჩემი გონების რომელიღაც კუნჭულში. სამსახურიც მქონდა და ბაკალავრის დამამთავრებელ საფეხურზე ვსწავლობდი. მაშინ შევთანხმდით, რომ დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო ჩვენი ურთიერთობა - ასე იქნებოდა მართებული... შეგინიშნავთ, რომ სწორი არჩევანის გაკეთების შემდეგ, სიამაყის ნაცვლად, სევდა გეუფლებათ? რამდენიმე წამით იმ ბნელ სადარბაზოში დავბრუნდი, სადაც ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ; სრულიად მარტო ვიდექი პირველ სართულზე და დაძაბული ვუსმენდი მატილდას ნაბიჯების ექოს. მთხოვა, არ ამეცილებინა კარამდე და წავსულიყავი... არ ავაცილე, აი, წასვლა კი ვერაფრით ვაიძულე გახევებულ ფეხებს. საშინლად ვგრძნობდი თავს, მეგონა ვერაფრით მივაღწევდი მანქანამდე; ან რომც მიმეღწია, მის დაძვრას ვერ მოვახერხებდი, შინ მისაღწევად. მსურდა, საწოლზე დავმხობილიყავი და აღარც ავმდგარიყავი, სანამ მატილდას არ დავივიწყებდი...
მერე კი... უეცრად, სადარბაზოს სიბნელიდან გამოვერკვიე თითქოს. თვალწინ გამიკრთა სინათლე, მისი უძირო, ცისფერი თვალები და შარმიანი მზერა. ხმამაღალი, ხან წკრიალა, ხანაც - შეუფერებლად როხროხა სიცილი ჩამესმა წარსულიდან და გამომაფხიზლა - ყურმილის აღება უნდა მომესწრო, სანამ გათიშავდა. მობილურს დავწვდი და გული საგულეში შემიფრთხიალდა:
- ჩემზე ფიქრით დაგიწყიათ დილა, მადმუაზელ! - მოჩვენებითი უდარდელობითა და სიცილით წარმოვთქვი, სინამდვილეში კი გული შეშლილივით მიცემდა. ყურს თუ დაუგდებდა, ყურმილშიც კი გაიგონებდა მის ძგერას.
- რა კარგია, რომ მიპასუხე, ლუკას! - წამოიძახა მატილდამ. სულისშემძვრელი მუსიკასავით ჩამესმოდა მისი ხმა, პირდაპირ სასულესთან მცემდა ამ სიტყვათა მელოდია. როგორ ახერხებდა ამას ყოველ ჯერზე?! ერთადერთი წინადადება გავიგონე, მაგრამ ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა მის დასანახად, უკვე ჩემ წინაშე იდგა სრული მშვენიერებით. შემეძლო აღმეწერა, როგორ გამოიყურებოდა, რა ეცვა, რომელი მიმიკა დასთამაშებდა სახეზე და რას უშვებოდა მშვიდი სიო მის წაბლისფერ თმას.
- პარიზში ვარ, - გავიგონე უეცრად.
ხმა ვერ ამოვიღე. მინდოდა, რამე მეთქვა, ერთადერთი ბგერა მაინც გამომეცა, მაგრამ მოულოდნელობამ დამამუნჯა. ვიგრძენი, რომ სიხარულმა მძლავრად დამიარა მთელ სხეულში, ყველა უჯრედში შეაღწია, დიდი ხნის წინ დაკეტილი ოთახივით გაანიავა - ჟანგბადიც შემოუშვა და მზის სხივებიც.
- ლუკას, გესმის ჩემი?! - ეგონა, რომ კავშირი გაწყდა: - ლუკას?! - მისი ტუჩებიდან საუცხოოდ ჟღერდა ჩემი სახელი.
- სად ხარ?
- მეგონა, გაგეთიშა. პარიზში ვარ-მეთქი.
- მისამართი მითხარი! - ფეხზე წამოვიჭერი.
- Charles de Gaulle-ეს აეროპორტი.
- მოვდივარ! დამელოდე! - თანხის გადახდაც კი დამავიწყდებოდა, შემთხვევით ჩემს მაგიდაზე დადებული სიგარეტი და ფინჯანი ყავა რომ არ შემემჩნია. ვერც კი შევნიშნე, როდის მომიტანა მიმტანმა. საფულიდან თანხა ამოვიღე და საფერფლის ქვეშ დავდე. სიგარეტი ჯიბეში ჩავიგდე და კიბეები ჩავირბინე პატარა ბავშვივით, რომელსაც დიდხნიანი სასჯელის შემდეგ, ეზოში ჩასვლის უფლება მისცეს.
კარში რომ გავდიოდი, მიმტანი წამომეწია, თქვენი წვნიანი მზად არისო. წვნიანი?! განა საჭმელზე ფიქრი შეიძლებოდა, როცა მატილდა მელოდა აეროპორტში? არც ძილი, არც ჭამა, არც - არაფერი... ღმერთო დიდებული, ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა მატილდას სანახავად მივდიოდი! ახალგაზრდა ქალს მადლობა გადავუხადე, ვუთხარი, რომ თანხა მაღლა დავტოვე, დავემშვიდობე და ნაჩქარევად გავიჭერი ქუჩაში. სასწრაფოდ ტაქსი უნდა დამეჭირა, შეურაცხადივით ვიქნევდი ხელებს, რადგან გამოძახებული მძღოლის ლოდინი არ შემეძლო! მოუთმენლობისგან ვცახცადებდი; ბედნიერებისგან მეღიმებოდა, ყველა კბილს დამითვლიდი, რომ მოგესურვებინა. და ეს გულიც... ოხერი გული, რომელიც უფრო სწრაფად ფეთქავდა ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ. აფრენამდე ცოტაღა მაკლდა... მხოლოდ მატილდა მიტრიალებდა თავში!
- გთხოვ, მატილდა... ნუ ხარ ასეთი მშვენიერი... ნუ ხარ ასეთი ლამაზი... დაუვიწყარი და მწველი...



მახსოვს, როცა ვთქვი სისხლის სამართალი მინდა ვისწავლო და გამომძიებელი გამოვიდე -მეთქი გაუკვირდათ. გამომძიებლობა რა ქალის საქმეაო, რომელი კაცი აიტანს ცოლი ღამის 3-ზე მოვიდეს სახლში ან წავიდესო. კიდევ კარგი გამგებიანი მშობლები მყავს და იყავი პოლიციელიო დამთანხმდნენ. მაგრამ შემდეგ მე გადავიფიქრე smile
პროფესიის არჩევის გამო ძალიან ბევრთან მომსვლია შეკამათება და მიმაჩნია, რომ ის უნდა აკეთო და ისწავლო რაც გინდა და გიყვარს. ძალად ექიმს კარგი სტილისტი ჯობია❤
ვკითხულობდი ამ თავს და სურვილი მქონდა ლუკასის მშობლებისთვის მეყვირა და შემომერტყა კიდეც სახეში რომ შვილის საქმეში ნუ ერევით, მომავალს ნუ უნგრევთ -მეთქი pensive ესეც მათი დიპლომატი შვილი pensive
ჩვენი მშობლების პრობლემა ისაა, რომ ფიქრობენ მხოლოდ თავად იციან რა არის მათი შვილებისთვის სწორი და კარგი, რომელ პროფესიაში იქნებიან წარმატებული მხოლოდ მათ იციან. ზოგს კი ამ დროს იმაზეც კი არ აქვთ წარმოდგენა რა უყვართ მათ შვილებს. მშობელო, თუ არ ეხმარები ხელი მაინც არ უნდა შეუშალო შვილს აკეთოს ის რაც უნდა და უყვარს!

 


რუსკიმარუსია
მახსოვს, როცა ვთქვი სისხლის სამართალი მინდა ვისწავლო და გამომძიებელი გამოვიდე -მეთქი გაუკვირდათ. გამომძიებლობა რა ქალის საქმეაო, რომელი კაცი აიტანს ცოლი ღამის 3-ზე მოვიდეს სახლში ან წავიდესო. კიდევ კარგი გამგებიანი მშობლები მყავს და იყავი პოლიციელიო დამთანხმდნენ. მაგრამ შემდეგ მე გადავიფიქრე smile
პროფესიის არჩევის გამო ძალიან ბევრთან მომსვლია შეკამათება და მიმაჩნია, რომ ის უნდა აკეთო და ისწავლო რაც გინდა და გიყვარს. ძალად ექიმს კარგი სტილისტი ჯობია❤
ვკითხულობდი ამ თავს და სურვილი მქონდა ლუკასის მშობლებისთვის მეყვირა და შემომერტყა კიდეც სახეში რომ შვილის საქმეში ნუ ერევით, მომავალს ნუ უნგრევთ -მეთქი pensive ესეც მათი დიპლომატი შვილი pensive
ჩვენი მშობლების პრობლემა ისაა, რომ ფიქრობენ მხოლოდ თავად იციან რა არის მათი შვილებისთვის სწორი და კარგი, რომელ პროფესიაში იქნებიან წარმატებული მხოლოდ მათ იციან. ზოგს კი ამ დროს იმაზეც კი არ აქვთ წარმოდგენა რა უყვართ მათ შვილებს. მშობელო, თუ არ ეხმარები ხელი მაინც არ უნდა შეუშალო შვილს აკეთოს ის რაც უნდა და უყვარს!


რატომ გადაიფიქრე გამომძიებლობა? ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ცხოვრება გექნებოდა. მეც მიფიქრია გამომძიებლობაზე, ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ იდეები არ დამლეოდა და საინტერესო თხზულებები მეწერა. უშრეტი წყარო იქნებოდა ჩემი ავტორული ინსპირაციისთვის. :დდ

ასევე, საინტერესოა, რა პროფესიის ხარ. <3

გეთანხმები, რომ მშობლები ზედმეტად ღრმად იჭრებიან შვილების პიროვნულ სივრცეში, რომელშიც ადამიანი დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს.

 


ორი არჩევანი მქონდა: 1. იურიდიული და 2. პედაგოგიური. თქვენს წინაშე დაწყებითი კლასის მასწავლებელია და არასდროს ვინანებ ამ არჩევანს, რადგან ბავშვები სიგიჟემდე მიყვარს❤
გეთანხმები ნამდვილად საინტერესო ცხოვრება მექნებოდა, მაგრამ არც ახლა აკლებს :დ ყოველ დღე 18 სხვადასხა ხასიათი მაქვს და მეც 18-ნაირად ვგიჟობ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent