შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


9-01-2022, 02:58
ავტორი ტერიკო74
ნანახია 2 059

იმ წელს ნაადრევად დაგვიზამთრდა.დაუნანებლად,უხვად ჩამოყარა თოვლი.თითქოს ამის მეტი არაფერი გვეთხოვოს მამაზეციერისთვის. აპენტილ ბამბას დაამსგავსა არე-მარე..გზები ჩაიხერგა და გადაადგილების საშუალება აღარ გვქონდა. ჩავრჩით სახლებში ღმერთის იმედად.ისე ციოდა,დილაობით კარის გაღებაც ჭირდა,ისე იყო ღამის ყინვისგან გაქვავებული.გაორმაგებულად ვუკეთებდით ღუმელს შეშას,რომ როგორმე კარ-ფანჯრის ღრიჭოებიდან შემოსულ სიცივეს არ გავეყინეთ.
-თუ ვინმემ არ ამოგვაკითხა,დიდხანს ვერ გავიტანთ თავს,-მითხრა ცეცხლთან მიმჯდარმა მამაჩემმა.მის ავადმყოფობისგან ჩაცვენილ თვალებს დავაკვირდი,შემდეგ მზერა მის პირზე გადავიტანე,მოლურჯო-მოიისფრო ფერი დაჰკრავდა.ვიცოდი,დიდი დღე არ ეწერა,თვითონაც იცოდა,თუმცა, არ იმჩნევდა.ცდილობდა,მხნედ ყოფილიყო და შიში არ შემჩნეოდა.მე მაინც ვამჩნევდი,ბოლო სამი თვე იყო,რაც მისი თვალებიდან სიკვდილი მიმზერდა.
-ეს თოვლი კარგა ხანს არ გადაიღებს,მე ჩავალ ქალაქში,რაც ამოსატანია,ამოვიტან,-ვთქვი და ფანჯარას გავხედე,რომელის გარე რაფა თოვლს დაეფარა.
-სად წახვალ,ლუკა?სადაცაა მოსაღამოვდება. გარეთ არ გაისვლება.მოვლენ..იციან,რომ აქ სოფელია,ხალხი ცხოვრობს,-ჩემს დასამშვიდებლად თქვა,თორემ სოფელში სულ რამოდენიმე კომლი ვიყავით შემორჩენილი,დანარჩენი მოსახლეობა ქალაქში იყო გაკრეფილი. მეც ალბათ, მათ მივბაძავდი,რომ არა მამაჩემი. მე ამ სახლს ვერ დავტოვებ,აქ არის ჩემი სული და გულიო,თქვა და სიტყვას არ გადავიდა. მარტოს ვერ დავტოვებდი,მთელი ცხოვრება ჩემს გაზრდას შეალია.დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ,არც უფიქრია,მეორე ოჯახის შექმნა.საცოდავი დედაჩემი ჩემს მშობიარობას გადაჰყოლია.მხოლოდ ფოტოებიდან ვიცნობდი დედას და ხშირად ვესაუბრებოდი კიდეც. ლამაზი იყო,თეთრი პირსახის და ზურმუხტისფერი თვალებით. დედას გავხარო,მამა ხშირად მეუბნებოდა.მიხაროდა.მეც ვპოულობდი მსგავსებას ჩვენს შორის,სარკეში ვაკვირდებოდი თავს და ყოველ ნაკვთს ვადარებდი დედის სახეს.

-ერთი შარშან ამოვიდნენ და მეორე, წელს ამოვლენ,-შევახსენე წინა წლის გაჭირვება.

მამაჩემი მოიქუფრა და ცეცხლს მიუტრიალდა.

-არ ინერვიულო,მალე დავბრუნდები,-წამოვდექი და გამზადებას შევუდექი.
-ძაღლი წაიყვანე,-ამის თქმა იყო და ღუმელთან მოკალათებული ბასარა მძიმედ წამოდგა და გაიზმორა.
-ამხელა ძაღლი სად ვატარო ქალაქში?-გაკვირვებულმა შევხედე.
-ქალაქამდე დიდი გზაა,ტყის პირი გაქვს გასავლელი,ხომ იცი,ათასი მშიერი ცხოველია?!
-ჯერ დღეა, არაფერი იქნება,არ იდარდო.
-ძაღლი წაიყვანე!
შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა,თან არ მინდოდა ენერვიულა.ქალაქამდე მანძილი ხუთი კილომეტრი იყო.ზაფხულობით სულ ფეხით ჩავდიოდი ქალაქში,მიყვარდა და ვერც დაღლას ვგრძნობდი.ზამთარში რთული იყო,თუმცა რამოდენიმეჯერ მომიწია კიდეც.
-ასანთი არ დაგავიწყდეს,-შემახსენა მამამ.-ჰო.. და რამე ტკივილგამაყუჩებელიც..
-ხომ გაქვს წამალი?-გამიკვირდა.
-მაგას ისე მიეჩვია ორგანიზმი,აღარ მიყუჩებს,-დანანებით ჩაიქნია ხელი.
გული შემეკუმშა. უთქმელი კაცი იყო მამაჩემი.
რაღაცნაირი,გულჩათხრობილი,თავისებური. გამიკვირდა,წამალზე რომ მითხრა,მაშინ მივხვდი, ძლიერ ტკივილი რომ არა,ხმის ამომღები არ იყო. სიმწრით დავაჭირე ყბები ერთმანეთს.თან ტანზე ვიცვამდი,თან მამაჩემისკენ ვაპარებდი თვალს. ისეთი გრძნობა დამეუფლა,თითქოს უკანასკნელად ვუყურებდი და მისი სახის დამახსოვრებას ვცდილობდი.

-ლუკა..-ჩემსკენ არ გამოუხედავს,ისე დაიწყო.-დიდი დღე,რომ არ მიწერია,ეს ისედაც იცი და არც არის გასაკვირი.ეს ვერაგი დაავადება ასეთია.ყოველ დღე გკლავს..გკლავს..გაწამებს,გტანჯავს..სიცოცხლეს გაბეზრებს და სიკვდილს განატრებს..ის ოხერიც, თითქოს, ჯიბრზე არ გეკარება..შორიდან გიყურებს და შენი ტანჯვით ტკბება..

-მამა!-მის უიმედო ხმას ვეღარ გავუძელი.

-არა,ლუკა..არ შეშინდე..მობეზრდება ჩემი შორიდან ყურება და მოვა,აბა,რას იზამს?-სევდიანად გაიღიმა.

-კარგად გახდები,მამა,-ვუთხარი და თავი დავხარე.ჩემი დამაიმედებელი სიტყვები იმდენად ყალბად ჟღერდა,შემრცხვა.
-იცი? ბედნიერიც კი ვიქნები,იქ დედაშენი მელოდება..როგორ მენატრება..-თქვა და ისე ამოიოხრა,მთელი გული ამოაყოლა. ნეტავ,მე თუ შემიყვარდება ასე ძლიერად ვინმე?-გავიფიქრე და მამას მივუახლოვდი ზურგიდან.მხრებზე მსუბუქად მოვუჭირე ხელი და თავზე ვაკოცე.
-წუხელ სიზმარში დედა ვნახე,-ხმადაბლა ვთქვი.ვიგრძენი როგორ შეუხტა ტანი მამაჩემს.
- სურათში როგორიც არის, ზუსტად ისეთი მესიზმრა.ლამაზი,კეთილი ღიმილით,-მეც ღიმილი მომგვარა ჩემმა სიზმარმა,ოღონდ სევდიანი.

-შენ ძლიერი ბიჭი ხარ,ლუკა,ყველაფერი გესმის და იცი,არ გაგიჭირდება,-მითხრა მამამ ნაღვლიანად და ღუმელს დაუწყო ჩხრეკა.

ვეცადე არ შეემჩნია ჩემს ხმაში გარეული ცრემლი.

-ბასარ,წავედით,-ყრუდ ვუთხარი ძაღლს და კარისკენ წავედი. ბასარა ძუნძულით გამომყვა.

ბარდნიდა.თითქოს,ზეცა ფიფქების ნაცვლად ბელტებს ისროდა. ცოტა კი შევფიქრიანდი,ასეთ ამინდში როგორ ვივლი-მეთქი,უკან მივბრუნდებოდი,რომ არა მამაჩემისთვის წამლის ყიდვა. ბასარას შევუძახე,შევაგულიანე და სითეთრეში გავცურეთ.მძიმედ მივაპობდი გზას.სიარული ჭირდა.თოვლი სახეზე მცემდა.ნელ-ნელა სიცივე გამიჯდა სხეულში და ვეცადე ნაბიჯისთვის ამეჩქარებინა,რომ გავხურებულიყავი. ძაღლი მარჯვედ მომყვებოდა გვერდით.
-ბასარ,ხომ არ დაიღალე?!-გასამხნევებლად თავზე მოვუთათუნე ხელი. ბასარამ მეტყველი თვალებით შემომხედა,შემომყეფა და წინ გაიქცა.
-რა გონიერი ხარ,-გამეღიმა მის ქცევაზე.
ქალაქამდე როგორც კი მივედით,ბასარას ყელსაბამი გავუკეთე. უმიზეზოდ არავის ერჩოდა,მაგრამ მაინც დავიზღვიე თავი. მისი ზორბა ტანის დანახვისას,ადამიანებს შიში ეუფლებოდა.რა იცოდნენ,რომ ბასარაზე წესიერი და ჭკვიანი ძაღლი დედამიწის ზურგზე არ არსებობდა. სულ პატარა იყო,გზაზე რომ ვიპოვნე,თავის ძმასთან ერთად.დედა ვეძებე,არსად ჩანდა.ორივე წამოვიყვანე. მე და მამაჩემმა გავზარდეთ,ერთს ბასარა დავარქვით,მეორეს ლეგა. ლეგა ბასარასავით გონიერი და ერთგული იყო,თუმცა ფიცხი და ბრაზიანი. ბასარას თუ შეუძლია,ვინმეს მისდამი წამოძახილს ყურადღება არ მიაქციოს,ლეგა პირიქით,მაშინვე იერშიზე გადადიოდა.გაზაფხულზე,ცხვარში წავედი.ჩემმა თანასოფლელმა შემომთავაზა, წამოდი,მომეხმარე და გასამრჯელოც შესაბამისი იქნებაო.კი ვმერყეობდი,მაგრამ დავთანხმდი.მაშინ ჯერ არ ვიცოდი, მამაჩემის ავადმყოფობის შესახებ და თამამად დავტოვე ბასარასთან ერთად,ლეგა კი თან წავიყვანე .
ერთ დილით გაღვიძებულებს,არც ლეგა დაგვხვდა და არც ცხვრის ფარა სრულად. მეგონა გული გამიჩერდებოდა.დილიდან დაღამებამდე გიჟივით დავეძებდი და მის სახელს ვყვიროდი. ისე გამანადგურა ლეგას დაკარგვამ, ვეღარც ცხვარს ვაქცევდი ყურადღებას,აღარც ძილი მეკარებოდა. გაურკვევლობა მკლავდა. მგლებს რომ დაეგლიჯა,პატარა მინიშნებას მაინც ვიპოვნიდი. არაფერი ჩანდა.ათასი ფიქრი მჭამდა და არ მასვენებდა. მთიდან ლეგას გარეშე ჩამოვედი. ეზოში შესული რომ დამინახა ბასარამ,ჩემსკენ წამოსვლა დააპირა,მაგრამ შეჩერდა. მეც გავჩერდი.კარგა ხანს ვუყურეთ ასე ერთმანეთს.არ ვიცი,ჩემს თვალებში როგორ ამოიკითხა,როგორ მიხვდა და იგრძნო,ჯერ გულმოსაკლავად დაიწკმუტუნა,შემდეგ კი გაბმული ყმუილი გააბა.ნაბიჯიც ვეღარ გადავდგი.გაქვავებული ვიდექი და გლოვად ქცეულ ძაღლს ვუყურებდი.
ხმაურზე მამაჩემი გამოვიდა და წარბშეკრულმა ჯერ მე და მერე ძაღლს გახედა.ყველაფერს მიხვდა. თავი რამოდენიმეჯერ დააქნია სინანულით და ქვედა ყბა აუკანკალდა.
-შემოდი,ლუკა,-მითხრა და მოწოლილი ცრემლი ძლივს-ძლივობით ჩაყლაპა.
ვერ შევედი.
იქვე ჩავჯექი და პატარა ბავშვივით ავტირდი.
მამას იმ დღეს საჭმელი არ უჭამია,არც მეორე დღეს და არც მომდევნო სამ დღეს.
არც ბასარას. მთელი დღეები იწვა და ნაწყენ მზერას არ მაცილებდა.

***
ქალაქში მალევე მოვილიე საქმე.ვჩქარობდი,რომ ძალიან არ დამღამებოდა. არ მინდოდა,რომ მამაჩემს ენერვიულა,მითუმეტეს წამოსვლის წინ,უცნაურად ლაპარაკობდა.მთელი გზა შიში და ეჭვი მჭამდა.გვარიანად იყო შებინდებული,მე და ბასარა სოფელს რომ მივუახლოვდით.ამინდმა გაუარესება დაიწყო.თოვასთან ერთად ქარი ამოვარდა. სიარული გაჭირდა და მხედველობაც. ფარანმომარჯვებული მივაპობდი ჩემს წინ გორებად დამდგარ თოვლს. ბასარა ჩემზე ყოჩაღად მიიწევდა წინ.დროდადრო ცხვირს გამეტებით ამკრავდა ხოლმე ფეხზე,თითქოს ახლა ის ცდილობდა ჩემს გამხნევებას.
-მიდი,ბასარ,მიდი,ცოტაც და მივალთ!-მეც ვცდილობდი დაღლა არ შემტყობოდა.სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. სახლამდე არც ისე დიდი მანძილი გვქონდა დარჩენილი. ტყის პირს როგორც კი ავუქცევდით გვერდს,უკვე სამშვიდობოს დავიგულებდით თავს.უცებ ბასარა გაჩერდა.მთელ ტანზე აეშალა ბეწვი და გაავებით დაიწყო ღრენა და ყეფა. მეც შევჩერდი და ფარანი მივანათე ტყის მხარეს. ნადირის დანახვაზე სხეულში ერთიანად დამიარა შიშმა. არ ვიცოდი,როგორ უნდა მემოქმედა,უიარაღოდ და ერთი ძაღლის იმედზე.
-ბასარ!-დავუძახე და ვეცადე საყელურში ხელი ჩამევლო.ვინანე,ჯაჭვი რომ მოვხსენი სოფელში შემოსვლისას. ვერ მოვასწარი საყელურს ჩავჭიდებოდი,ორი მგელი ჩვენსკენ შურდულივით წამოვიდა.გაქცევას ვერ მოვასწრებდი,თან ბასარა ისე გაავდა,უშიშრად წაიწია წინ.მივხვდი,ჩემს დასაცავად.ბასარა ჩემს წინ დადგა, მგლები კი ჩვენს მოპირისპირედ გაჩერდნენ და ეშვები გამოაჩინეს. მივხვდი,ცოცხლად გაღწევა გაგვიჭირდებოდა. მშიერი არა თუ ნადირი,არამედ ადამიანიც კი საშიშია. მგლებმა როგორც კი იგრძნეს ძალთა უპირატესობა,მაშინვე იერიშზე წამოვიდნენ. ბასარა ასეთი გაავებული არასდროს მენახა. შეუპოვრად ეძგერა ერთ-ერთს. მეორე მგელმა ჩემსკენ წამოსვლა გადაიფიქრა,ისიც ბასარას ეცა. რას გავხდებოდი მათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში? შეშლილივით ვყვიროდი და მშველელს ვეძახდი. ვიცოდი,ვერავის გავაგებინებდი,მაინც მთელი ხმით ვცდილობდი სასწაული მომეხდინა. ზურგჩანთა მოვიძრე და მოჩხუბრების მხარეს ვისროლე. ერთმანეთში ისე ირეოდნენ,ვეღარ ვარჩევდი რომელი იყო ძაღლი და რომელი მგელი. იქვე ხეს ვეცი და ვეცადე მოზრდილი ტოტი მომეტეხა,ამ ჯაჯგურში ვიყავი,რომ დავინახე ჩვენსკენ აწყვეტით წამოსული კიდევ ერთი მგელი.მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ მეც და ბასარაც ნადირის ლუკმა ვიყავით. ჩემდა გასაკვირად მესამე მგელი ერთ-ერთ მგელს გამეტებით ჩააფრინდა კისერში და მთელი ძალით გაიქნია აქეთ-იქით. ხეს თავი ვანებე და მხედველობა დავძაბე.
-ლეგა!
-ლეგა!
-ლეგა!
ჩემი ხმები ალბათ მთებს გადასწვდა. გაოგნება,სიხარული,შიში,ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა. ლამის შიშველი ხელებით ვეცი ნადირს. ხან ბასარას ვყვიროდი,ხან ლეგას. ბასარას ვატყობდი ძალა ეცლებოდა,დაგლეჯილი ტყავიდან სისხლი გასდიოდა. ისევ გამწარებული ვეცი ხეს ტოტებზე.
მოულოდნელად თოფის გავარდნამ ნადირი დააფრთხო და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაც შეწყდა.
თვალებს არ დავუჯერე,როდესაც მამაჩემი დავინახე თოფით ხელში. მეორედაც გაისროლა ჰაერში და იარაღი ხელიდან გაუვარდა.მისვლა ვერ მივასწარი,წატოტმანდა და თოვლში პირქვე დაემხო.
-მამაა!-გიჟივით ვეცი და გადმოვატრიალე.

მამაჩემი აღარ იყო..

***
ოთხ დღეში დავკრძალე.
ის ოთხი დღე, დაგლეჯილი ბასარა და ლეგა მამაჩემის ცხედარს არ მოშორებიან გვერდიდან.

დასასრული



№1 სტუმარი one

auu , ai ra vtqva, rogor mogaqvs es emocia❤️
saocari gogo khar, xshirad modi))

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ტერიკო ,იუმორით გაჯერებული ისტორიის მერე ,ღმერთო ჩემო ,რა რეალური და რა მძიმეა.ღმერთი ხარ ,ბგერების,სიტყვების,წინადადებების,შორისდებულების,რა საოცრად კრავ ამ ყველაფერს და დიდებულ სიტყვათა წყობას გადმოსცემ,რომელსაც ღვვთიური აზრი და შინაარსი აქვს.ემოციურად ძალიან სევდიანი იყო,.ისე როგორც ,ჩოხელის,ვაჟას,ლორთქიფანიძის და ნონეშვილის მოთხრობები,..

 


№3 სტუმარი Ana-maria

უსათაურო კი ქვია ისტორიას,მაგრამ ყველაზე ემოციური სათაური აქვს. დედაშვილობა,მამაშვილობა,სოფელში მარტო ცხოვრება,ძალების უსაზღვრო ერთგულება და კიდევ უამრავი ემოცია. ახლაც კი ღვარად ჩამოდის ცრემლები. სასწაული მწერალი ხართ!!!

 


№4 სტუმარი სტუმარი teko❤️❤️❤️

Ukve yvela tqveni istoria wavikitxe umagresad wert sasiamovno wasakitxia yvela tqveni istoria emociebit savse sityvebi ar meyofa amis gadmosacemad iseti magariaa didi siamovnebit davelodebi tqvens axal istorias ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent