მარტივი ბედნიერება ( 3 )
თვალის გახელას შევეცადე მაგრამ ვერაფრით მოვახერხე რაღაც ძალით ერთმანეთზე მიკრული ქუთუთოები დამეშორებინა, წამიერად გამიელვა თავში ჩემი გატაცების სცენამ და რატომღაც რომელიღაც საშინელებათა ფილმი გამახსენდა, აი ის მომენტი, კაცი რომ იღვიძებს და ქუთუთოები ერთმანეთზე აქვს მიკერებული, შეშფოთებულმა მთელი ძალით მოვისრისე თვალები და როგორც კი რაღაც დავინახე ბუნდოვნად, მივხვდი რომ ქუთუთოების მიკერება არაფერ შუაში იყო და ეს უბრალოდ იმის გამო ხდებოდა რომ აშკარად ძალიან დიდხანს მეძინა, საბანი გადავიძვრე რომელიც თითქმის ნიკაპამდე მეფარა და ოთახში გამეფებული სიცივის გამო შემაჟრჟოლა, აშკარად საბნის შიგნით სჯობდა, თავზე გადავიფარე და ამოუცნობი სითბოს წყაროსკენ გავჩოჩდი, მთელი სხეულით ავეკარი და სიამოვნებისგან ამოვიხვნეშე, ცოტა კი მეხამუშა როცა ჩემმა სითბოს წყარომ მოძრაობა დაიწყო მაგრამ ნახევრად ძილბურანში მყოფი არაფრის დიდებით არ ვაპირებდი მის დათმობას, თანაც ისეთი სასიამოვნო სურნელი ჰქონდა... ცოტა ხანი ასე ძილღვიძილში გავატარე, მერე წელზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი, შემდეგ თმებზე, სახეზე, დაფეთებულმა დავაჭყიტე თვალები, წამოვჯექი და მიმოვიხედე, პატარა, მყუდრო მისაღებ ოთახში, ჩამქრალი ბუხრის წინ გაშლილ ლეიბზე, არც მეტი არც ნაკლები დემეტრესთან ერთად ვიწექი, უფრო სწორად ახლა ის იწვა და გაფართოებული თვალებით შემომცქეროდა, მე კი ზემოდან დავყურებდი ენაჩავარდნილი. - შენ აქ რას აკეთებ? -პირველი ის მოვიდა გონს, გაკვირვებისგან წარბები შუბლზე ამივიდა. - ამას შენ მეკითხები? ისეთი რეაქცია გაქვს თითქოს შენ იყო მოტაცებული და არა მე. - მოტაცებული? რას ამბობ, მე არავინ მომიტაცებია, -ისე გულწრფელად გაიკვირვა რომ წამით ჩემს თავში ეჭვი შემეპარა, შემთხვევით მე ხომ არ მოვიტაცე და აღარ მახსოვსთქო, წესით ახლა უნდა გავბრაზებულიყავი და ერთი ამბავი ამეტეხა, მაგრამ მართლა ისეთი შეწუხებული სახე ჰქონდა და ისეთი საყვარლად დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით რომ რაღაცნაირად შემეცოდა. - მისმინე დემეტრე, სამსახურიდან გამოვედი და სახლში მივდიოდი როცა მეცნენ და გამთიშეს, ახლა კი აქ შენს გვერდით ვიღვიძებ, შენი აზრით რა უნდა ვიფიქრო? - გეფიცები მე არაფერ შუაში ვარ მართლა, ვერ ვიტყვი რომ შენს გვერდით გაღვიძებაზე არ მიოცნებია, მაგრამ ასე არა, ასეთ სისულელეს არასდროს გავაკეთებდი, მართლა არ ვიცი აქ როგორ აღმოვჩნდი, -თვითონაც წამოჯდა და ოთახი დაკვირვებით მოათვალიერა, წარბები შეჭმუხნა, აშკარად მივხვდი რომ აქაურობა ეცნო. - აქაურობას იცნობ არა? იცი სადაც ვართ. - ჰო მგონი ვიცი და მოვკლავ იმ გამოშტერებულს, -ფეხზე წამოხტა და გამწარებულმა დაიწყო რაღაცის ძებნა, ახლა სულ სხვანაირი იყო, აჩეჩილი თმით, სპორტულებით და ძილისგან დასიებული თვალებით, მისი დაბნეულობის შემხედვარეს უნებურად ხმამაღლა გამეცინა, გაკვირვებულმა შემომხედა. - ნამდვილად უცნაური გოგო ხარ, წესით ახლა უნდა ყვიროდე, კიოდე და სცენებს უნდა აწყობდე შენ კი მშვიდად ზიხარ და იცინი. - ჰო რას ვიზამთ, აშკარად არ ვგავარ შენს ნაცნობ გოგონებს. - უბრალოდ არაპროგნოზირებადი ხარ. - ვხედავ რომ შენც ჩემნაირად გაურკვევლობაში ხარ, მივხვდი რომ შენ არ მოგიტაცებივარ, ჰოდა რა აზრი აქვს წივილ-კივილს, ამით რა შეიცვლება? -მხრები უდარდელად ავიჩეჩე და საბანი საგულდაგულოდ შემოვიხვიე, გაჩერდა შემომხედა და უცნაურად ჩაიღიმა, მერე ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემსკენ, ლეიბზე ჩაიმუხლა და ისე მომიახლოვდა რომ სახეზე მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი, უნებურად გავიწიე უკან. - სადღაც ქვეყნის დასალიერში სრულიად უცხო მამაკაცთან ერთად ხარ მარტო, საერთოდ არ გეშინია? ისე ახლოს იყო ჩემთან მისი გულის ფეთქვაც კი მესმოდა, მის სითბოს ვგრძნობდი და უძირო შავი თვალები სადღაც ღრმად მითრევდა მის სამყაროში, შიში კი არა ახლა ჩემი ფიქრები და მის შესახებ ჩემი ფანტაზიები რომ გაეგო თვითონ გაიქცეოდა ამ სახლიდან უკანმოუხედავად. - უნდა მეშინოდეს? -ძლივს ამოვილუღლუღე. უფრო მეტად მომიახლოვდა, სახე სახესთან მომიტანა და ცხვირის წვერი გათოშილ ლოყაზე გამიხახუნა, მერე ტუჩის კუთხესთან მომაწება ტუჩები, უნებურად თვალები მიმელულა როცა ნესტოებში მისი დამათრობელი სურნელი შემომიძვრა და გამაბრუა... - ჩემი არასდროს შეგეშინდეს, -სადღაც შორიდან ჩამესმა და როცა მომშორდა უცნაური სიცივე ვიგრძენი, დაბნეულმა ავხედე ქვემოდან და როცა მის მომღიმარ სახეს და ეშმაკურად აციმციმებულ თვალებს გადავაწყდი, ვიგრძენი როგორ გამიხურდა სირცხვილისგან ლოყები, მან კი თითქოს არაფერი შეიმჩნია, იქვე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა. - მგონი ვიცი ეს ყველაფერი ვისი მოწყობილია, ახლა ცოტა ხნით გავალ, ჩემს იდიოტ ძმაკაცს დავურეკავ და ამ ხუმრობისთვის ერთი კარგად შევჯორავ, შენ არაფერზე იფიქრო ყველაფერს მოვაგვარებ, დაღამებამდე თბილისში ვიქნებით. ჰმ, სხვა თუ არაფერი ის მაინც გავიგე რომ თბილისში არ ვართ, დემეტრე გავიდა თუ არა, მეც ავდექი და ფანჯარასთან მივირბინე, ფარდა გადავწიე თუ არა გაკვირვების შეძახილი აღმომხდა, გარშემო მხოლოდ თოვლით დაფარული სივრცე ჩანდა, უზარმაზარი, თოვლით დაფარული მთები და სხვა არაფერი, ახლაღა შევამჩნიე როგორი სიჩუმე იდგა ირგვლივ, თვალები დავხუჭე რომ უფრო უკეთ შემეგრძნო, არავითარი ხმა, ჩქამიც კი არ ისმის, ღმერთო რა ბედნიერებაა, ყურებამდე გაღიმებული შევბრუნდი როცა ნაბიჯების ხმა მომესმა. - ასე რამ გაგახარა? დაეჭვებულმა მკითხა და აქეთ-იქით მიმოიხედა თითქოს ჩემი სიხარულის საბაბს ამ მისაღებში იპოვნიდა. - შეამჩნიე აქ როგორი სიჩუმეა? გარეთ კი უზარმაზარი თოვლია. - მერე? - მივხვდი თურმე როგორ მომნატრებია ასეთი სიჩუმე, დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ასეთ ადგილზე რამდენიმე დღით. - ჰოო? მაშინ იმედია არ გაბრაზდები იმის გამო რასაც ახლა გეტყვი. - ახლა ისეთ კარგ ხასიათზე ვარ ვერანაირად ვერ მოახერხებ ჩემს გაბრაზებას, ასე რომ გისმენ, -მხიარულად გავიკრიჭე და მოლოდინით სავსე თვალებით შევაცქერდი. - მეგობარი მყავს რომელიც ცოტა თავისებურია, ხანდახან უცნაური ხუმრობები მოსდის ხოლმე აზრად, იცოდა რომ მე შენ... მე შენ... -გამშრალი ტუჩები მოილოკა და როგორც იქნა გააგრძელა, -იცოდა რომ მომწონხარ და იფიქრა რომ თუკი აქ რამდენიმე დღით შენთან ერთად გამომკეტავდა დამეხმარებოდა, მეც შენსავით გათიშული ჩამომიყვანეს აქამდე, არც კი ვიცი იმ შტერმა ეს როგორ მოახერხა, ან დანარჩენები როგორ დაითანხმა, სახლში ვიყავი როცა ბიჭები მომადგნენ, მერე ცოტა დავლიეთ და მეტი აღარაფერი მახსოვს, აქ შენს გვერდით გამეღვიძა, სვანეთში ვართ, ეს მისი სახლია. - ვერაფერს იტყვი მაგარი იდეაა, -ჩავილაპარაკე და დავინახე როგორ შვებით ამოისუნთქა რომ მისი აღელვებული სახე და სიტყვები არ შევიმჩნიე. - მანქანა არ გვყავს, კიდეც რომ გვყავდეს მაინც ვერსად წავიდოდით, გზები ჩაკეტილია, რამდენიმე დღეში ამოგვაკითხავენ და წაგვიყვანენ... -გაჩუმდა და ისე შემომხედა რომ მივხვდი ამჯერად მაინც ელოდა პანიკის შეტევას, მაგრამ ნურას უკაცრავად, პანიკა კი არა სიხარულისგან ლამის იყო ხტუნვა დამეწყო, არ ვიცი რატომ მაგრამ აქ და მასთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. - ტელეფონი მათხოვე, ჩემი აშკარად არ ჩანს არსად, -ხელი გავუწოდე. - რად გინდა? -აშკარად ყოყმანობდა მოეცა თუ არა. - ნუ გეშინია, პოლიციაში დარეკვას არ ვაპირებ, მეგობარი უნდა გავაფრთხილო რომ არ შეშინდეს, ვეტყვი რომ რამდენიმე დღით არ ვიქნები, -სახე მაშინვე დაუმშვიდდა და რაღაცნაირად ბედნიერმა გაიღიმა. - ესე იგი თანახმა ხარ რომ დარჩე? - სხვა რა გზა მაქვს, ფეხით ხომ არ ვივლი თბილისამდე, სულაც არ მინდა სადღაც შუა გზაში გავიყინო ან მგლებმა შემჭამონ, თანაც რამდენიმე დღე ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება მართლაც ძალიან მჭირდებოდა და არ ვაპირებ ეს შანსი ხელიდან გავუშვა, მართალია როცა მომიტაცეს მაშინ ჰავაიზე დასვენებაზე ვოცნებობდი მაგრამ აქაურობასაც არა უშავს, ვგიჟდები თოვლზე, მგონი შენს მეგობარს მადლობასაც კი გადავუხდი. თვალებმოჭუტული მიყურებდა და ღიმილს ძლივს იკავებდა, ელოდა როდის დავასრულებდი მონოლოგს. - შენ ყოველთვის ამდენს ლაპარაკობ და ყოველთვის იმას ამბობ რასაც ფიქრობ? -მკითხა როგორც კი გავჩუმდი. - ჰო ასეა, ყოველთვის იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ, მაგრამ ბევრ ლაპარაკს რაც შეეხება არ ვიცი, აქამდე არასდროს მქონია სურვილი ამდენი მელაპარაკა. - მგონი შენზე კარგად ვმოქმედებ, -ღიმილით მითხრა და გაწითლებაც კი არ დამაცადა ისე სწრაფად გამომიწოდა ტელეფონი. - რაკი აქ დარჩენაზე პრობლემა არ გაქვს, მაშინ შენებსაც დაურეკე და არ ვიცი რას ეტყვი, მაგრამ რამე მოიფიქრე რომ არ ინერვიულონ. - ამის საჭიროება არ არსებობს. - როგორ თუ არ არსებობს? ვერ მივხვდი. - ერთადერთი მეგობრის მეტი არავინ მყავს ვისაც დააინტერესებს სად ვიქნები ეს რამდენიმე დღე. - მშობლები? - არ მყავს, მამა არც კი მახსოვს, დედისერთა ვარ, დედა კი რამდენიმე თვის წინ დაიღუპა, -სრულიად უემოციოდ ვუთხარი და ჩემდა გასაკვირად არც ღიმილი გამჭირვებია, სახე შეეცვალა, მოიღუშა და თვალებში გულწრფელი მწუხარება ჩაუდგა. - ძალიან ვწუხვარ დედაშენის გამო. - არა უშავს, უიმისობას და მარტოობას უკვე მივეჩვიე, ახლა კი ჯობია ბუხარი ავანთოთ თორემ გავიყინებით, -ჩამქრალ ბუხარზე ვანიშნე, ერთხანს უხმოდ მიყურებდა თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებსო, მერე თავი გადააქნია და გაეღიმა. - წავალ შეშას მოვიტან, -თბილი ხმით მითხრა, ქურთუკი შემოიცვა და გავიდა, ცოტა ხანში აგიზგიზებული ბუხრის წინ ვისხედით და დემეტრეს მომზადებულ საჭმელს შევექცეოდით, ელექტრო ენერგია არ გვქონდა, სამაგიეროდ გვქონდა ბუხარი, გაზის ბალონი, უამრავი ფერად-ფერადი სანთელი ღამისთვის და ძალიან ბევრი საკვები რომელიც მის მეგობარს ალბათ მინიმუმ ერთი თვისთვის ჰქონდა გათვალისწინებული, უცნაურად გახალისებული დემეტრე გემრიელად ილუკმებოდა, თვალს ვერ ვაშორებდი, საჭმლის მომზადებაც კი იცის, სიმპათიურია, თავაზიანი, თანდათან ვრწმუნდები რომ იდეალური ბიჭია. - აბა ახლა რისი გაკეთება გინდა? -მკითხა როცა ყველაფერი მივალაგეთ და ისევ ბუხრის წინ ხალიჩაზე ერთმანეთის წინ დავსხედით. - დიდი სიამოვნებით გავისეირნებდი გარეთ თოვლში, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ამინდისთვის შესაფერისი ტანსაცმელი არ მაქვს. - ამის მოგვარება შეგვიძლია, -წამოხტა და ხელი გამომიწოდა, -წამოდი რაღაცას გაჩვენებ. ხელი ჩავკიდე და გავყევი, მეორე სართულზე ამიყვანა სადაც რამდენიმე საძინებელი იყო, ერთ-ერთის კარი გააღო და შემიძღვა, ცისფერ და ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი ოთახი იყო. - ჩემი მეგობრის დის საძინებელია, თექვსმეტი წლისაა, ვფიქრობ მისი ტანსაცმელი უნდა მოგერგოს, -კარადა გამოაღო რომელიც უამრავი ტანსაცმლით იყო სავსე. - მე გავალ, შენ კი აიღე რაც გინდა და ჩაიცვი, მერე ქვემოდ ჩამოდი და გარეთ გავიდეთ, კარგი რა ნუ იყურები ასე, ნუ გეშინია ნატა არაფერს იტყვის თუ მის ნივთებს და ტანსაცმელს გამოიყენებ, ძალიან კარგი გოგოა, დარწმუნებული ვარ როცა გაიცნობ მოგეწონება. - ნატა რატომ უნდა გავიცნო? - მე უბრალოდ ვიფიქრე რომ... - მისმინე დემეტრე, არ მინდა რამე არასწორად გაიგო, რაკი აქ რამდენიმე დღით ერთად ვრჩებით ეს იმას არ ნიშნავს რომ თბილისში დაბრუნების შემდეგაც გავაგრძელებთ ურთიერთობას... დავინახე როგორ შეეცვალა სახე, წუთის წინ მხიარული და ბედნიერი გამოხედვის ადგილი მის თვალებში ახლა გაურკვევლობას დაეკავებინა. - ყველაფერი გასაგებია, მიდი ჩაიცვი და ჩამოდი, ქვემოთ გელოდები, -ცივად მითხრა და კარი გაიხურა, უღონოდ ჩამოვჯექი საწოლზე და თავი ხელებში ჩავრგე. - უტვინო ხარ მაო, შტერი და ენაგრძელი, ისე იქცევი თითქოს საერთოდ არ დაგწყდება გული თბილისში დაბრუნების შემდეგ შენთან ურთიერთობის გაგრძელება რომ აღარ მოინდომოს, უტვინო ჯიუტი თხა ხარ, -გულიანად შევამკე ნაირფერი სალანძღავი სიტყვებით საკუთარი თავი და კარადას მივადექი რომ ჩემი სულელური საქციელი დამევიწყებინა, თორემ ისე ვიყავი საკუთარ თავზე გაბრაზებული რომ სიამოვნებით გადავხტებოდი მეორე სართულიდან. - გადახტები თორემ რა, მეორე სართულია მეხუთე ხომ არა, თანაც იმხელა თოვლია... -ჩამსისინა ჩემმა მეორე მემ და მაიძულა გამეღიმა. - - - - - - - - დერეფანში მელოდებოდა კართან, თვითონაც გამოეცვალა, ძალიან უხდებოდა ქურთუკი ბეწვმოვლებული კაპიუშონით, თითქმის თვალებამდე ჩამოფხატებული ცისფერი ნაქსოვი ქუდი და მაღალყელიანი თბილი ბოტები, იდგა და ისე საყვარლად მიღიმოდა თითქოს ცოტა ხნის წინ არაფერი მომხდარიყოს, მომიახლოვდა, ყურადღებით შემათვალიერა, ქუდი გამისწორა და ქურთუკი ბოლომდე შემიკრა. - ასეც ვიცოდი რომ ნატას ტანსაცმელი მოგერგებოდა, თითქმის ერთნაირი აღნაგობა გაქვთ, ყველაფერი ძალიან გიხდება, -შემომცინა, ლოყაზე მსუბუქად შემეხო თითებით და კარისკენ შებრუნდა. - მოიცადე დემეტრე, -მკლავში ხელი ვტაცე და შევაჩერე, -მე... მაპატიე, ცოტა ხნის წინ ცუდად გამომივიდა, არ მინდოდა ასეთი უხეში ვყოფილიყავი, ბოდიში. სახე გაუნათდა, მივხვდი, ბოდიშის მოხდა ეს უკანასკნელი რამ იყო რასაც ახლა ჩემგან ელოდა, თვალებში ისევ დაუბრუნდა საყვარელი მხიარული ნაპერწკლები და იმედი მომეცა რომ ჩემი სისულელის გამო მასთან სამომავლო ურთიერთობის შანსი დაკარგული არ მქონდა. - ეს მე უნდა მოგიხადო ბოდიში, ზედმეტად მძაფრი რეაქცია მქონდა, -თბილად მითხრა, კარი გააღო და თავაზიანად დამითმო გზა. ეზოში გავედით თუ არა ხელები გავშალე, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, ბავშვობა გამახსენდა, ის დრო როცა თბილისშიდაც კი ყოველ ზამთარს თოვდა, თავი უკან გადავხარე და ენა უზარმაზარ ფიფქებს შევუშვირე, არ ჩერდებოდნენ, ტრიალ-ბზრიალით ეცემოდნენ ჩემს ენაზე და დნებოდნენ. - გემრიელია? -მომესმა ყურთან ძალიან ახლოს, ლოყაზე ცხელი სუნთქვა მომეფრქვა და წელზე ძლიერი მკლავები ვიგრძენი, მაგრამ ამჯერად უფლება არ მივეცი რომ ამ მაცდური ხმით და დამათრობელი სურნელით ჩემთვის გონება აერია, კისკისით დავუსხლტი მკლავებიდან, რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი, თოვლს დავწვდი და მოზრდილი გუნდა პირდაპირ სახეში გავუქანე, თავის არიდება ვერ მოასწრო, იდგა ასე ღიმილშეყინული, ლოყაზე თოვლით და გაბრაზებული აბრიალებდა შავ თვალებს, მერე ნელი ნაბიჯით დაიძრა ჩემსკენ, ისე მიყურებდა აშკარად არ ჰქონდა კარგი განზრახვა. - არ გაბედო, არ მომიახლოვდე, ვიყვირე და გაქცევა ვცადე, მაგრამ წელამდე თოვლში სადამდე ვირბენდი, რამდენიმე წამში დამიჭირა და ხელში ამიტაცა, წარბშეკრული დამყურებდა და ვხედავდი როგორ უჭირდა ღიმილის შეკავება. - საშინელ შურისძიებას ვგეგმავდი მაგრამ ასე პატარა, უმწეო შველივით დამფრთხალი და ლოყებაწითლებული, ისეთი საყვარელი ხარ გადავიფიქრე. - ჰოდა გამიშვი ხელი, -ძლივს ამოვიკნავლე და მის მკლავებში ავფართხალდი. - მე ვთქვი რომ საშინელი შურისძიება გადავიფიქრე, სულ ისე გამოძვრებითქო არ მითქვამს, -დაიხარა და ლოყაზე ფრთხილად შემახო გათოშილი ტუჩები, შემაჟრჟოლა თუმცა ეს აშკარად არ იყო სიცივის ბრალი, ჩემდაუნებურად მივნაბე თვალები და მისკენ წავიწიე, მერე ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს საყრდენი გამომეცალაო, რამდენიმე წამს ჰაერში ვიფრინე და თავით ჩავეშვი თოვლში, უკან კი ხმამაღალი, მხიარული სიცილი მომყვა. დიდხანს ვთამაშობდით პატარა ბავშვებივით, მასთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მთელი ცხოვრება მასთან ერთად მქონდა გატარებული, არანაირი უხერხულობა ან უცხოობა, მასთან ისეთი ვიყავი როგორი მაოც უკვე დიდი ხანია დავიწყებული მყავდა, ჩემში იმ მივიწყებულ გრძნობებს აღვიძებდა რომლებიც სადღაც ღრმად მქონდა ჩამარხული იმის შიშით რომ გული არ მტკენოდა, თუმცა ახლა როცა მას ვუყურებდი ვხვდებოდი რომ ჩემი უაზრო შიშების გამო მისი დაკარგვა არ მინდოდა, ნეტავ თუ გამომივა? შევძლებ კი მოსალოდნელ შედეგებთან გამკლავებას? - რაზე ფიქრობ? -გამოვერკვიე, ჩემს წინ იდგა და თვალებში ინტერესით სავსე მზერით შემომცქეროდა. - მე? არაფერზე არ ვფიქრობდი. - არაფრის გამო იდექი მთელი ორი წუთი გაშეშებული და მზერაგაშტერებული? ჯანდაბა, სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა, აშკარად ისეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება ვერაფერს რომ ვერ გამოაპარებ. - მგონი დავიღალე და ამის ბრალია ყველაფერი, -უნიჭო ტყუილი დავახეთქე და ტყუილის განსამტკიცებლად ყურებამდე გავიღიმე. - კარგი, რაკი შენ ამბობ რომ ასეა, ესე იგი მართლაც ასეა, -თვითონაც გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, -წამოდი სახლში შევიდეთ, დღეისთვის გვეყოფა. - - - - - - - - შევედით თუ არა ბუხარში შეშა შეამატა და ააგიზგიზა, ბუხრის წინ მუხლებზე დავდექი და შემცივნული კატასავით მივეფიცხე. - ჯობია გამოიცვალო შარვალი სველი გექნება, -ჩემზე ზრუნვას არ წყვეტდა. - მეზარება და თან საძინებელში ძალიან ცივა, -დავიწუწუნე. - ტანსაცმელი ჩამოიტანე და აქ გამოიცვალე, -უცებ მოძებნა გამოსავალი. - აუ, კარგი რა, -ახლა საშინლად მესიკვდილებოდა ამ სითბოს მიტოვება. - ნუ ზარმაცობ, გაცივდები და მერე რა გიყო, -შეუვალი იყო და მეც მეტი ვეღარ შევეწინააღმდეგე, წამოვდექი და ის იყო გასასვლელისკენ უნდა შევბრუნებულიყავი რომ ბუხრის თაროზე მოთავსებულ საოჯახო ფოტოებს მოვკარი თვალი, ყველა ფოტოდან ბედნიერი ოჯახი შემომყურებდა, ახალგაზრდა ქერათმიანი მსხვილტუჩებიანი ლამაზი ქალი, ლურჯთვალება ბიჭი, პატარა საყვარელი გოგო და საოცრად ნაცნობი მამაკაცი, რატომღაც ვიფიქრე რომ მეჩვენებოდა, ან ეტყობა ჩემს ქვეცნობიერს სურდა რომ მოჩვენება ყოფილიყო, ყველა ფოტოდან ერთი და იგივე სახე მიყურებდა, ისეთი მშვიდი, წყნარი, ბედნიერი და ამაყი ჩანდა... ერთხელ მაინც რომ შემოეხედა ასე ჩემთვის, ერთხელ მაინც... ხელები ამიკანკალდა და სიმწრისგან მთელი ძალით ვიკბინე ტუჩზე, ახლა რა ვქნა, ნეტავ დამთხვევაა თუ ბედის ირონია რომ ახლა ამ სახლში ვარ, ერთდროულად შემიპყრო უმწეობის გრძნობამ და საშინელმა სიბრაზემ, ერთი ხელის მოსმით გადმოვყარე ბედნიერი ოჯახის ფოტოები ძირს, ხმამაღლა ვიყვირე და იქვე უღონოდ ჩავიკეცე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.