შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტივი ბედნიერება ( 4 )


29-01-2022, 14:14
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 874

არ მახსოვს როგორ ამიყვანა ხელში დემეტრემ, გონს რომ მოვედი მის მუხლებზე ვიყავი მობუზული, დივანზე იჯდა, გულზე მიხუტებდა და თმაზე მეფერებოდა, არაფერს მეუბნებოდა, უბრალოდ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, ცუდად ვიყავი, არც კი ვიცოდი რას ვგრძნობდი, იმდენი ემოცია ტრიალებდა ჩემში ლამის იყო გავგიჟებულიყავი, ბრაზი, ტკივილი, უმწეობის განცდა, აღშფოთება და უიმედობა, ერთბაშად მესხმოდა თავს, მე კი ტირილსაც კი ვერ ვახერხებდი რომ გული მომეოხებინა...
- დღეს საჭმელს რომ ვაკეთებდი კარადაში ვისკის ბოთლი ვიპოვე, არ გინდა რომ ცოტა დავლიოთ?
-შემომთავაზა ისე უბრალოდ თითქოს ცოტახნის წინ სცენები არ მომეწყოს, ყველაფრის მიუხედავად მაინც გამეღიმა, სულელური დაკითხვის მაგივრად დალევა შემომთავაზა, ნამდვილად არ შევმცდარვარ, ხომ ვამბობდი რომ იდეალურია...
უხმოდ დავუქნიე თავი და მისი მუხლებიდან გადავცოცდი, იქვე მიგდებული პლედი აიღო და დამაფარა, მერე სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში ხილით სავსე თეფშით და სასმლით დაბრუნდა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა, ლამაზორნამენტებიანი განიერი ბოთლიდან არომატული სითხე დაასხა, თავისი ჭიქა აიღო, ყოველგვარი სადღეგრძელოს და შესავლის გარეშე გამოცალა, უხმაუროდ დადო მაგიდაზე და ისე შემომხედა თითქოს მიწვევსო, მე კი რისი მაო ვიყავი ეს გამოწვევა არ მიმეღო, მეც ერთბაშად გამოვცალე და ისე დავიჯღანე რომ სიცილი ვერ შეიკავა, კიდევ ერთხელ შემივსო ჭიქა, ისევ დავლიე, სასიამოვნო სითბომ დამიარა სხეულში, დაჭიმული კუნთები მომიდუნდა, დემეტრეს ამჯერად აღარ შეუვსია ჭიქა, ჩემი ხელი აიღო, მაგრად მომიჭირა და თბილი მზერა შემომანათა, მივხვდი ელოდა როდის დავიწყებდი მოყოლას, არ ვიცი ორმა ჭიქა სასმელმა შემმატა გამბედაობა თუ მოთმინების ფიალა ამევსო მაგრამ საშინლად მომინდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა და თან ყველაზე მთავარიდან დამეწყო...
- ის არაკაცი, -ბუხრის წინ მიყრილ დამსხვრეული საოჯახო ფოტოებისკენ გავიშვირე თითი, -ის , ის არარაობა, ოჯახურ ფოტოებზე ასე ამაყად და ბედნიერად რომ გამოიყურება მამაჩემია, -ვთქვი და თითქოს შვებით ამოვისუნთქე, თუმცა რატომღაც სირცხვილის გრძნობაც ვიგრძენი იმის გამო რომ ირაკლისნაირ არარაობას მამაჩემი ერქვა, დემეტრეს შევხედე, გაოცებას ვერ მალავდა.
- თუ ირაკლი მამაშენია, ესე იგი რა გამოდის რომ ონისე...
- ჰო ასე გამოდის, ონისე ჩემი ძმაა, -ვთქვი და ახლაღა გავაცნობიერე თუ როგორი ბრმა და სულელი ვიყავი აქამდე რომ ვერ მივხვდი ამას, იქ ბარში როცა მისი ზუსტად ჩემნაირი ლურჯი თვალები პირველად ვნახე, შემდეგ როცა დემეტრემ მითხრა რომ ონისე ერქვა...
- შენ არაფერი არ იცოდი სანამ ის ფოტოები არ ნახე, -არ უკითხავს, უბრალოდ ფაქტი აღნიშნა.
- არ ვიცოდი, არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად ვიცოდი რომ ძმა მყავდა რომელსაც ონისე ერქვა, ცოტა ხნის წინ გავიგე და შემდეგ სანამ ეს ფოტოები არ დავინახე ფაქტები ერთმანეთს ვერ დავუკავშირე, აქედან წასვლა მინდა დემეტრე გთხოვ უნდა წავიდე, იმ კაცის სახლში ყოფნა არ შემიძლია, არ მინდა მასთან რაიმე სახის კავშირი მქონდეს, -ჩემდა უნებურად ავცახცახდი და დემეტრეს ძლიერი მკლავები რომ არა რომლებითაც მთელი ძალით მიხუტებდა გულზე, ალბათ დამშვიდება ძალიან გამიჭირდებოდა.
- დამშვიდდი, ამ სახლთან ირაკლი არაფერ შუაშია, აქაურობა ონისეს ეკუთვნის, საკუთარი ხელით და საკუთარი ფულით ააშენა, შეიძლება ირაკლის შენს მიმართ დანაშაული მიუძღვის მაგრამ ონისეს შენთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით, რაც გაიგო რომ და ჰყავს იმის შემდეგ გამწარებული გეძებს.
- ირაკლიმ იცის რომ ონისე მეძებს?
- არ იცის, ჯანდაბა ახლა დავფიქრდი იმაზე რა მოხდება როცა ჩამოგვაკითხავს და გაიგებს რომ თურმე საკუთარი დის მოტაცება დაუგეგმავს, მისი სახე წარმოვიდგინე და... მაპატიე მაგრამ ახლა თუ არ გავიცინე მოვკვდები, -ხელი გამიშვა, ფეხზე წამოდგა და გულიანად ახარხარდა, რამდენიმე წამს შეუჩერებლად იცინოდა, მერე ჩემს წინ მუხლებზე დაეშვა და თავი კალთაში ჩამიდო, მხრები ჯერ კიდევ სიცილისგან უცახცახებდა, თავი ვერ შევიკავე, თითები თმებში შევუცურე და მოფერება დავუწყე, უეცრად გაყუჩდა, დამშვიდდა, მგონი სუნთქვაც კი შეიკავა, თითქოს ეშინოდა რომ დამაფრთხობდა და მის მოფერებას შევწყვეტდი.
- სიცილი გიხდება, -წამომცდა უნებურად მაგრამ არც ამჯერად დამაცადა დარცხვენა და გაწითლება, ფრთხილად ასწია თავი ჩემი მუხლებიდან და ცარიელ ჭიქაზე მანიშნა.
- დავლიოთ კიდევ ერთი?
- დავლიოთ, ოღონდ ამჯერად სადღეგრძელო უნდა თქვა, -გამეღიმა, როცა ჭიქა ასწია და საოცრად სერიოზული სახით მოემზადა.
- ონისეს გაუმარჯოს, ის რომ არა ახლა ჩემს გვერდით არ იქნებოდი, -დალია და საყვარლად ამიხამხამა გრძელი წამწამები.
- ჰო, ჩემს ძმას გაუმარჯოს რომელმაც საკუთარი დის მოტაცება იმიტომ დაგეგმა რომ მეგობარი გაეხარებინა, -დაბოღმილი ადამიანივით ჩავიბურტყუნე და მეც გამოვცალე ჭიქა.
- მან არ იცოდა და არც ახლა იცის რომ მისი და ხარ, -აშკარად მის დაცვას ცდილობდა.
- აშკარად ისიც არ იცოდა რომ ადამიანის მოტაცება რა მიზნითაც არ უნდა იტაცებდე დანაშაულია და გაუმართლებელია, არავითარი გამართლება არ აქვს იმას რომ ადამიანს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ იტაცებ და სადღაც ჯანდაბაში მიგყავს, შეიძლება ვინმეს რომანტიულადაც მიაჩნია ასეთი რამ მაგრამ ჩემი აზრით ეს უბრალოდ ძალადობაა და მეტი არაფერი, მე უბრალოდ გამიმართლა რომ ვიღაც მანიაკი არ აღმოჩნდი, წარმოგიდგენია რამდენი გოგო ხდება ამ რომანტიზირებული ძალადობის მსხვერპლი? რამდენი ოჯახი იქმნება უსიყვარულოდ...
- დამშვიდდი მაო, მე არასდროს არ ვყოფილვარ ასეთი რამის მომხრე, ის კი არადა, შენთან უბრალოდ მოახლოება და საკუთარ გრძნობებში გამოტყდომაც კი ისე მიჭირდა რომ, იმ სულელმა ასეთი რამ დაგეგმა.
მისი სიტყვების გამო ჩემი გაოცებული სახის დანახვისას, გაეღიმა, -ონისე ძალიან კარგად მიცნობს და იცის რომ არაფერს დაგიშავებდი, სხვა შემთხვევაში ამას არ გააკეთებდა, მართლა არ არის ცუდი ადამიანი.
- როგორც ვხედავ ძალიან გიყვარს.
- მარტო მე არ მიყვარს, სამეგობროში ყველა გიჟდება ონისეზე, ჩვენზე ყველაზე რამდენიმე წლით პატარაა, ხანდახან უცნაურია, ხანდახან ჯიუტი და თავნება, ხანდახან აუტანელი, მაგრამ ერთგულია, კეთილი, კარგი მეგობარია, მეგობრისთვის სულის გაღება რომ არ დაენანება ისეთი, მოკლედ ტიპიური სვანია რა, -ისეთი სიყვარულით სავსე ხმით საუბრობდა ონისეს შესახებ რომ მივხვდი რაც შეიძლება მეტი რამის გაგება მინდოდა იმ ბიჭზე რომელიც ასე ძალიან უყვარდათ.
- ნატა? ნატაზე რას მეტყვი?
- ძალიან საყვარელი ბავშვია, უჩვეულოდ ლამაზია, სხვა ბავშვებს არ ჰგავს, ასაკთან შედარებით დინჯია და ჭკვიანი, გულჩათხრობილია, დემეტრე გიჟდება მასზე, ვფიქრობ მასაც ძალიან გაუხარდება რომ გაიგებს რომ უფროსი და ჰყავს.
უნებურად შემშურდა მათი, სხვა თუ არაფერი ერთმანეთი ჰყავდათ, მე კი ყოველთვის სულ მარტო ვიყავი, დედას გარდა არასდროს არავინ მყოლია გვერდით.
- რაზე ჩაფიქრდი?
- მათზე ვფიქრობდი, ონისე რამდენი წლისაა?
- ოცდაორის.
- ესე იგი სულ რაღაც ორი წლითაა ჩემზე უფროსი და შენ რამდენი წლის ხარ?
- ოცდაშვიდის.
- სერიოზულად? არადა არ გეტყობა რომ ასეთი მოხუცი ხარ, -მხიარულად გადავიკისკისე და ჭიქაზე ვანიშნე რომ შეევსო, ღიმილით გამიქნია თითი ცხვირწინ.
- მგონი უკვე საკმარისი დალიე, კიდევ თუ დაამატებ დათვრები და სად გვაქვს ჩემნაირ მოხუცებს თქვენნაირი ახალგაზრდების მოვლის თავი,
- დალევა მინდა და დავლევ, შენ კი ნუ მიტრიალებ მაგ შენს ლამაზ თითებს ცხვირწინ, -გამოვაცხადე ომახიანად, კიდევ ერთი ჭიქა დავისხი და დავლიე.
- მთვრალი ისეთი საყვარელი ხარ ამის შემდეგ ხშირად უნდა დაგათრო ხოლმე.
- ამის შემდეგ ვეღარ დამათრობ.
- რატომ?
- იმიტომ რომ როცა თბილისში დავბრუნდებით... როცა დავბრუნდებით... -ენა დამება და სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი არადა დავინახე როგორ დაიძაბა, სახე წამში დაუსერიოზულდა და სხეული დაეჭიმა.
- რა მოხდება როცა თბილისში დავბრუნდებით? -მკითხა მშვიდი, შემპარავი ხმით.
- არაფერი, უბრალოდ ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდებით, -შევეცადე მშვიდად მეპასუხა.
- და რა არის შენი ცხოვრება? უნივერსიტეტი, სახლი და ისეთი დამღლელი სამუშაო რომ შენი თავისთვის რამდენიმე წუთიც კი აღარ გრჩება?
- ჰო, სულ ეს არის ჩემი ცხოვრება, რა მოხდა ბანალურად და მოსაწყენად გეჩვენება? ყველას არ აქვს იმის ფუფუნება რომ ისე იცხოვროს როგორც მოეხასიათება, სამსახური მჭირდება, მხოლოდ იმიტომ არ ვმუშაობ რომ მეხალისება.
- ჯერ მხოლოდ ოცი წლის ხარ, მარტო ცხოვრობ, სწავლობ, მუშაობ, ამ ყველაფერს როგორ ახერხებ?
- ახლა არ მითხრა რომ გებრალები, -ვუთხარი და შიშით შევხედე თვალებში, მეშინოდა რომ იქ ჩემს მიმართ სიბრალულს დავინახავდი და ვიცოდი რომ ეს მომკლავდა, ვცდებოდი, აღფრთოვანებული შემომყურებდა, ფრთხილად მომხვია ხელები, მიმიზიდა და მკერდზე მიმკრა, -შენით ვამაყობ მაო,
-ჩამჩურჩულა და ნაზად მაკოცა შუბლზე, ქვემოთ ჩავცოცდი, თავი მუხლებზე დავადე და მოვიკუნტე, პლედი გადამაფარა, გრძელი თითები თმებში შემიცურა და ნაზად აამოძრავა, ვერც კი მივხვდი როგორ გავითიშე.
იმ ღამით აღარ თოვდა, საოცარი სიჩუმე იყო გამეფებული ფერდობზე ეულად მდგარი სახლის გარშემო, სავსე მთვარე უჩვეულო ძალით კაშკაშებდა და მისტიურ ელფერს სძენდა ხელუხლებელი თოვლით დაფარულ მწვერვალებს, ბუხრის ცეცხლით გამთბარ მისაღებში დივანზე, დემეტრეს მუხლებზე თავდადებულს ეძინა მაოს და მშვიდად ფშვინავდა, სანთლების შუქი, რბილ სინათლეს ჰფენდა ოთახს, ხმელი შეშა სასიამოვნოდ ტკაცუნებდა, ეძინა დემეტრესაც, იჯდა მაოს თმებში თითებახლართული, უკან თავგადაგდებული და ტუჩებზე ღიმილშერჩენილი...
- - - - - - - -
დილით დივანზე გამეღვიძა, პლედი მეფარა, თავქვეშ ბალიში მედო, დემეტრე არსად ჩანდა, მაგრამ სამზარეულოდან მადისაღმძვრელი სურნელი გამოდიოდა, წამოვჯექი და მიმოვიხედე.
- გაიღვიძე, -ღიმილით გამოვიდა მისაღებში, თმა უწესრიგოდ ჰქონდა აჩეჩილი, მოკლემკლავიანი თეთრი მაისური ეცვა და წინსაფარი ეკეთა, -აბა როგორ ხარ?
- თავი მტკივა, -დავიწუწუნე და ბარბაცით წამოვდექი ფეხზე.
- წვნიანი გაგიკეთე, -მითხრა და საყვარლად გაიკრიჭა როცა ჩემი გაოცებული სახე დაინახა, -სხვათაშორის ძალიან გემრიელ წვნიანს ვაკეთებ, მიდი მოწერიგდი და ვჭამოთ.
- აბაზანაში შევედი, ნიჟარას ორივე ხელით დავეყრდენი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე, დასიებული თვალები და აბურდული თმა, ოჰ ამის... ადამიანს აღარ ვგავარ, ის კი ისე მიღიმოდა თითქოს ჩემზე მშვენიერი არავინ დაენახოს, ალბათ მართლა ძალიან უნდა მოგწონდეს ვინმე რომ არ შეიმჩნიო როგორ გავს სტაჟიან ლოთს...
- ჯანდაბა რაზე ფიქრობ მაო, დემეტრეზე საერთოდ არ უნდა იფიქრო, მითუმეტეს ახლა როცა აღმოჩნდა რომ ონისეს მეგობარია, ონისემ რომ ჩემს შესახებ გაიგოს ირაკლიც გაიგებს და გაცოფდება, რა სისულელეებზე ვფიქრობ, რატომ მაინტერესებს რას იფიქრებს ირაკლი? ძმა მყავს რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და დემეტრე... როგორ შეიძლება მისგან შორს ყოფნაზე იმ არაადამიანის გამო ვიფიქრო, ხომ შეიძლება ერთხელ მეც ვიყო ბედნიერი და ის გავაკეთო რაც მინდა...
- მაო სად ხარ ამდენხანს, გაცივდება წვნიანი, -დემეტრეს ხმამ მოიყვანა გონს, -მოვდივარ, -გასძახა და სწრაფად შეისხა სახეზე ცივი წყალი.
სულმოუთქმელად ვხვრეპდი წვნიანს და სიამოვნებისგან ვკრუტუნებდი, მართლაც გემრიელი გამოსვლია, არა რა, ყოველდღე უფრო და უფრო მყარად მიმტკიცებს რომ იდეალურია.
დემეტრე თვალს ვერ აშორებდა ლოყებაწითლებულ გოგონას, წინ ხელუხლებლად ედო საჭმელი და ხელზე ნიკაპდაყრდნობილი ღიმილით შეჰყურებდა.
- მოგეწონა? -მკითხა როცა მთლიანად შევხვრიპე წვნიანი და კმაყოფილი მივეყრდენი საზურგეს.
- მადლობა, ძალიან გემრიელი იყო, შენ რატომ არ ჭამ?
- მეე? -ახლაღა შეამჩნია სავსე თეფში და გაეცინა, -შენ გიყურებდი და სულ დამავიწყდა რომ უნდა მეჭამა,
-შევატყვე ესიამოვნა როცა ჩემი სირცხვილისგან აწითლებული ღაწვები დაინახა...
- ყავა თუ ჩაი, რას დალევ? -კითხა და ფეხზე წამოდგა.
- ჩაი მაგრამ მე გავაკეთებ, -მეც მაშინვე წამოვხტი, -ორი დღეა ყველაფერს შენ აკეთებ და მე უსაქმოდ ვზივარ, უკვე მრცხვენია.
- თუკი მაინცდამაინც რამის გაკეთება გინდა, შენ მაგიდა აალაგე, ჩაის მე მოვამზადებ, შევთანხმდით?
-უხმოდ დავუქნიე თავი და ალაგება დავიწყე, ცოტა ხანში უკვე ბუხრის წინ ვისხედით ჩაის ჭიქებით ხელში, მზერა თაროსკენ გამექცა სადაც ხელუხლებელივით ელაგა საოჯახო ფოტოები, -ჰმ, ნეტავ როდის მოასწრო ამ ყველაფრის დალაგება?
- როცა შენ გეძინა, -უპასუხა ჩემს აზრებს და ცოტა არ იყოს შემაფიქრიანა.
- დემეტრე რაღაც უნდა გკითხო მაგრამ არ დამცინო კარგი?
- მიდი მკითხე, -სახეზე მოჩვენებითი სერიოზულობა აიკრო და მოემზადა.
- ნამდვილად ადამიანი ხარ?
- რაა? -შევატყვე ამ კითხვას აშკარად არ ელოდა და დაიბნა, პატარა ბავშვივით ააცეცა თვალები, ვეღარ მოვითმინე, ჩაის ჭიქა გვერდით გადავდე, მივუახლოვდი, მის მუხლებზე მოვკალათდი, მხრებზე მოვეხვიე, სახე მის ყელში ჩავრგე და ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი,
- უბრალოდ მინდოდა მეკითხა როგორ შეგიძლია ასეთი იდეალური იყო? -ჩავჩურჩულე, თითები თმებში შევუცურე და ტუჩები მოშიშვლებულ ყელზე გავუხახუნე.
- რას აკეთებ მაო? -ჩახლეჩილი ხმით მკითხა და ისე უცებ მომიშორა რომ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი, ღრმად სუნთქავდა, მკერდი ძალუმად აუდ ჩაუდიოდა და დანისლულ თვალებს არ მაშორებდა.
- ასე აღარ მოიქცე კარგი? შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიჭირს თავის შეკავება როცა ასე ახლოს ხარ ჩემთან, მე უბრალოდ... არ გინდა ნუ წითლდები, ცუდს არაფერს ვაკეთებთ, უბრალოდ ახლა დამშვიდება მჭირდება ესაა და ეს, მოდი რამე მომიყევი.
- რა მოგიყვე? -ძლივს ამოვილუღლუღე.
- რაც გინდა სულ ერთია, მაგალითად შენს ბავშვობაზე
- მამაჩემზე რატომ არაფერს მეკითხები? ვიცი რომ გაინტერესებს, გუშინაც არაფერი გიკითხავს, არადა ნებისმიერ რამეზე გიპასუხებდი.
- გუშინ სასმელი იმიტომ არ შემომითავაზებია შენთვის რომ მერე დაკითხვა მომეწყო, უბრალოდ მინდოდა თავი კარგად გეგრძნო ეს იყო და ეს, მაგრამ თუ ახლა გინდა რომ რამე მომიყვე დიდი სიამოვნებით მოგისმენ.
- ერთი წლის ვიყავი როცა მიგვატოვა, არ ვიცი დედა უყვარდა თუ არა, არ ვიცი რატომ დაქორწინდნენ, დედას მასზე ლაპარაკი არ უყვარდა, მხოლოდ ის ვიცი რომ როგორც კი ერთი წლის გავხდი წავიდა და აღარ დაბრუნებულა, დედამ გამზარდა, დედისერთა იყო და მშობლები არ ჰყავდა, ფაქტიურად მარტო ვიყავით, ნათესავებიც არ მყავს, ყოველ შემთხვევაში დედის მხრიდან, როგორც კი წამოვიზარდე სწავლასთან ერთად მუშაობაც დავიწყე რომ დედას ცოტათი მაინც დავხმარებოდი, მერე ცუდად გახდა და სასწრაფოდ დასჭირდა ძვირადღირებული ოპერაცია...
ხმა ამიკანკალდა როცა ყველაფერი თავიდან გამახსენდა, ყველაფერი რის დავიწყებასაც ამაოდ ვცდილობდი, თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე.
- თუ ამ ყველაფრის გახსენება შენზე ცუდად მოქმედებს ნუღარ გააგრძელებ მაო, -შევხედე, უკვე დამშვიდებული ჩვეული თბილი მზერით მიყურებდა, მინდოდა ყველაფერი მომეყოლა, მინდოდა დავცლილიყავი, მინდოდა ცოტათი მაინც მეგრძნო სიმსუბუქე... ამიტომაც გავაგრძელე.
- უამრავი ხარჯი გვქონდა და სახლის ბანკში ჩადება მოგვიწია, დედას ოპერაცია გაუკეთეს თუმცა ვერ გადაიტანა, მისი დაკრძალვიდან ერთ კვირაში უკვე გაყიდულ სახლში მომადგა მამაჩემი, პირველად ვნახე მაშინ... რომ დავინახე, რომ მითხრა რომ მამაჩემი იყო, სულ აღარ მიფიქრია იმაზე რომ მიგვატოვა და რომ აქამდე საკუთარი ქალიშვილი არც კი გახსენებია, უბრალოდ რომ ჩამხუტებოდა, მომფერებოდა, ეთქვა რომ ვუყვარდი, გეფიცები ყველაფერს ვაპატიებდი, მან კი უბრალოდ გარიგება შემომთავაზა...
- რას ამბობ, რა გარიგება? -ვეღარ მოითმინა დემეტრემ
- არ ვიცი ირაკლის რამდენად კარგად იცნობ, ბოლოს და ბოლოს შენი მეგობრის მამაა და დიდი ალბათობით კარგი კაცის, კარგი ქმრის და მამის რეპუტაცია აქვს, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი როგორი არაკაცია, იმ დღეს მხოლოდ იმიტომ მოვიდა რომ შეეშინდა დემეტრეს არ ვეპოვნე, თურმე გაუგია რომ და ჰყავს და მეძებდა, მამაჩემმა კი ფული შემომთავაზა იმისთვის რომ მის იდეალურ ოჯახს ახლოს არ გავკარებოდი, რათქმაუნდა უარი ვუთხარი, მაშინ ფაქტიურად ქუჩაში დავრჩი, ერთადერთი ვინც დამეხმარა ჩემი მეგობარი ანა იყო, ახლახანს კიდევ ერთხელ ვნახე მამაჩემი, მოვიდა და გამომიცხადა რომ ჩემი სახლი ბანკიდან გამოისყიდა და მიბრუნებს, კინაღამ შევცდი და ვიფიქრე რომ სინდისმა შეაწუხა მაგრამ სულ ტყუილად, ამჯერად საზღვარგარეთ გამგზავრება მიბრძანა, თურმე ნუ იტყვი და მისი ცოლი ჩემი არსებობით წუხდება...
- ნამდვილი ძუკნაა, მე მაგის... -დემეტრემ გამწარებულმა დასცხო ხელი ძირს, გავოცდი, მისგან ასეთ სიტყვებს და თან მეგობრის დედის შესახებ ნამდვილად არ ველოდი, ალბათ ექნება რამე მიზეზი რის გამოც ასე სძულს ეს ქალი.
- რაღაც უნდა გთხოვო დემეტრე
- რაც გინდა მთხოვე, -ნაძალადევად გამიღიმა.
- ონისეს არ მოუყვე რაც გითხარი.
- შენ რა არ აპირებ უთხრა რომ მისი და ხარ?
- ვეტყვი ოღონდ ჯერ არა, ახლა არა, ცოტა დრო მჭირდება, გთხოვ... ეს ყველაფერი ჩემთვის არ ისეთი ადვილია, და ძმა მყავს, მამაჩემს კი წარმოდგენა არ მაქვს რატომ მაგრამ თვალისდანახავად ვეზიზღები.
ერთხანს უხმოდ მიყურებდა, უცნაურად დასევდიანებული შავი თვალებით, მერე ჩემსკენ მოჩოჩდა, მხარზე მომეყრდნო და თავი თავზე მომადო.
- შენ როგორც გინდა ყველაფერი ისე იქნება მაო, ახლა ტელეფონს მოვძებნი და თუკი ბატარეა ჯერ არ დამჯდარა ბოლომდე ბიჭებს დავურეკავ, ხვალ დილით აქ იქნებიან რომ წაგვიყვანონ.
- - - - - - -
დილის ათ საათზე დაგვადგნენ დემეტრეს მეგობრები, გიჟებივით შემოცვივდნენ სახლში, ჩვენ ისევ ბუხრის წინ გვეძინა ერთმანეთზე გადახლართულებს, თავი დემეტრეს მკერდზე მედო მას კი ხელები ჩემთვის ისე მაგრად ჰქონდა მოხვეული თითქოს ეშინოდა სადმე არ გავქცეოდი, ასე ადრე არ ველოდით, კარის და მერე ნაბიჯების ხმა რომ გავიგეთ გამოფხიზლება გაგვიჭირდა, თვალი რომ გავახილე, თავზე სამი ახმახი გვადგა და გაოცებულები გვიყურებდნენ, წამოვჯექი და უხერხულად შევეცადე აბურდული თმა ცოტათი მაინც დამემსგავსებინა რამესთვის.
- დემეტრე გაიღვიძე, -ხელი წავკარი და ბიჭებს რაც შემეძლო გულითადად გავუღიმე.
- რა ხდება? -თვალების ფშვნეტით წამოჯდა და ბიჭების დანახვისას გაოცებულმა დაქაჩა თვალები,
- ასე ადრე არ გელოდით.
- ჩვენ კი ასეთ სცენას არ ველოდით, -რატომღაც გაბრაზებულმა ონისემ ლურჯი თვალები შემომანათა და ისე მომინდა მისი ჩახუტება რომ გულში უცაბედად ტკივილი ვიგრძენი, მკერდზე ხელი მივიჭირე და უნებლიე კვნესა წამსკდა.
- კარგად ხარ? -ონისემ ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელზე ხელი დამადო, ისეთი შეწუხებული თვალებით მიყურებდა, ისეთ სითბოს ასხივებდა ვეღარ გავუძელი, გველნაკბენივით დავიწიე უკან და წამოვხტი, დემეტრეც მიმიხვდა და მაშინვე ამომიდგა გვერდით, არ გამომპარვია ონისეს გაურკვევლობით სავსე მზერა, ისევ დემეტრემ სცადა სიტუაციის განმუხტვა.
- ერთმანეთს გაგაცნობთ, მაო გაიცანი, ეს იკაა, -მაღალ ქერათმიან გოგოსავით ლამაზნაკვთებიან გამხდარ ცისფერთვალება ბიჭზე მიმითითა, -ეს ბექაა ახლა შავგვრემან საკმაოდ სიმპათიურ ბიჭს ჩამოვართვი ხელი, -ეს ბრაზიანი კი ალბათ უკვე მიხვდი რომ ონისეა, -ჩემს ლამაზთვალება ძმაზე მიმითითა და გაეღიმა მისი შეკრული წარბების დანახვაზე.
- ონისე, ესე იგი შენ უნდა გადაგიხადო მადლობა ამ ორი შესანიშნავი დღისთვის? -ვუთხარი და მაშინვე გაოცებულმა შემომხედა.
- შესანიშნავში რას გულისხმობ? ანუ არ ბრაზობ იმის გამო რაც გავაკეთეთ, დემეტრემ რომ დარეკა და სასაწრაფოდ ჩამოსვლა გვთხოვა ვიფიქრეთ რომ პრობლემები გქონდათ, თქვენ კი ისე საყვარლად ჩახუტებულები დაგვხვდით, ვეღარ გავიგე რა ვიფიქრო...
- საფიქრალი არაფერია ძმაო, -დემეტრემ მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი ონისეს, მე და მაომ მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით, ახლა მთავარია თბილისში დავბრუნდეთ და მერე ვნახავთ როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, არა მაო? -ხელი მომხვია და შემომცინა, მეც გულწრფელად გავუღიმე და მხარზე თავი დავადე.
- მოიცა თქვენ რა ერთად ყოფნას არ აპირებთ? -ბექა გვიყურებდა და გაბურძგნილ თმაში ნერვიულად დაატარებდა თითებს.
- აი სად დაგვერხა, ცუდად გვაქვს საქმე, -იკა დივანზე ჩამოჯდა და მოაზროვნის პოზა მიიღო.
- რა გჭირთ იტყვით ბოლოს და ბოლოს? -თითქმის იღრიალა დემეტრემ.
- დემე ყველაფერი ჩემი ბრალია, -ბექა ნერვიულად იმტვრევდა თითებს, -გუშინ მამაშენს შევხვდი და შემთხვევით წამომცდა რომ ცოლი მოიყვანე, გეფიცები არ მინდოდა, არც კი ვიცი რა მალაპარაკებდა, უბრალოდ ცოტა ნასვამი ვიყავი და...
- და ახლა რა ხდება? -მშვიდად იკითხა, მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი როგორ იყო დაძაბული.
- გახარებულმა მამაშენმა მთელ შენს სანათესაოს გააგებინა რომ მისმა ერთადერთმა შვილმა ცოლი მოიყვანა, დღეს საღამოს ბიძაშენიც ჩამოვა საფრანგეთიდან, მთელი შენი ოჯახი, სრული შემადგენლობით ელოდება როდის მიიყვან ცოლს სახლში, ახლა ალბათ უკვე წლის ყველაზე გრანდიოზულ ქორწილს გეგმავენ,
-სწრაფად მიაყარა ონისემ და ყოველი შემთხვევისთვის დემეტრეს მოშორდა, იკას მიუჯდა გვერდით.
- ჰოო, მგონი პრობლემები გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ შეძლებ მოგვარებას, -მხარზე მეგობრულად მოვუთათუნე ხელი და გამამხნევებლად გავუღიმე, -მე გავალ, მოვწესრიგდები და წასასვლელად მოვემზადები, შენ კი იფიქრე რას ეტყვი შენს მშობლებს, ჰო, შენ თუ ვერაფერს მოიფიქრებ ის ჭკვიანი დაგეხმარება, -ონისესკენ ვანიშნე რომელიც ისე მიბრიალებდა ლურჯ თვალებს ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის გამგლეჯდა შუაზე.
- მგონი ზედმეტს ლაპარაკობ, გრძელი ენა გაქვს, -ჩაიბურტყუნა და დემეტრეს აწეული წარბი რომ შეამჩნია მაშინვე გაჩუმდა.
- ჩემი მოტაცების ორიგინალური იდეა ხომ შენ გეკუთვნის, ჰოდა დარწმუნებული ვარ ახლაც მოიფიქრებ რამეს და შენს მეგობარს გასაჭირისგან იხსნი, -მივახალე, უდარდელი ღიმილით შევბრუნდი და ნელი ნაბიჯით გავნარნარდი მისაღებიდან...



№1 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან კარგი წასაკითხია, ვისიამოვნე, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. აქ ახსენე, რომ მაო 1 წლის იყო, როდესაც მიატოვა მამამ. ონისე აშკარად მაოზე უფროსია და რა გამოდის, რომ მაოს მამა იქამდე სანამ მაოს დედას მოიყვანდა ცოლად ონისეს დედაზე იყო დაქორწინებული და მერე მაოს დედა რომ მიატოვა ისევ პირველ ცოლს დაუბრუნდა? აი ეს ვერ გავიგე და რომ ამიხსნა. ონისე, რომ იმ ქალის შვილია, რომელთანაც ახლა მაოს მამა ცხოვრობს, ეს ფაქტია.

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

ძააალიან მაგარიაა. რა საყვარლები არიან ვგიჟდებიი. ონისეს და მაოს და-ძმობა იქნება სასწაული. რატომ ვერ იტანს ეს კაცი საკუთარ შვილს, არ მესმის, რა წარმომავლობის არის ასეთი უგულო. ცოლი ეტყობა პატარა ბიჭებს დასდევს, აბა დემეტრეს რატო ჰქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია? მოკლედ, ისე მომწონს ეს ისტორია, სასწრაფოდ ველოდები ახალ თავს :დდდ

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ელენე
ძალიან კარგი წასაკითხია, ვისიამოვნე, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. აქ ახსენე, რომ მაო 1 წლის იყო, როდესაც მიატოვა მამამ. ონისე აშკარად მაოზე უფროსია და რა გამოდის, რომ მაოს მამა იქამდე სანამ მაოს დედას მოიყვანდა ცოლად ონისეს დედაზე იყო დაქორწინებული და მერე მაოს დედა რომ მიატოვა ისევ პირველ ცოლს დაუბრუნდა? აი ეს ვერ გავიგე და რომ ამიხსნა. ონისე, რომ იმ ქალის შვილია, რომელთანაც ახლა მაოს მამა ცხოვრობს, ეს ფაქტია.


ამ ყველაფერს უკვე მაშინ გავიგებთ დაწვრილებით როცა მაო და ონისეს დედა ერთმანეთს გაიცნობენ, თვითონ მოუყვება მაოს ყველაფერს

 


№4  offline წევრი Koala°

Nu ai ra vtqva kinagam vitire❤️ saocrad wer ❤️warmatebebi ❤️❤️❤️

 


რა საყვარლები არიან❤
რამდენიმე ფაქტმა დამაფიქრა და კითხვები გამიჩინა, მაგრამ ჯობია ახალ თავს დაველოდო და ყველაფერი გავიგო.
დემეტრეს ოჯახზედაც მაინტერესებს რაღაცები, აშკარაა უბრალო ოჯახიდან არ უნდ იყოს.
ვნახოთ თბილისში რომ ჩავლენ რა მოხდება.
პ.ს. ონისეს რეაქციები სულ უფრო მაეჭვებ იმაში რომ იცის ვინც არის მაო.
ველოდები, როდის გავიგეთ რა მიზეზით მიტოვა ირაკლიმ მაო და დედამისი და თუ მაოს დედაზე იყო დაქორწინებული როგორ არის ონისე მაოზე უფროსი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent