მარტივი ბედნიერება ( 5 )
მისაღებში დავბრუნდი თუ არა მაშინვე სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა და ყველა მე მომაშტერდა, ცუდად მენიშნა როცა შევამჩნიე როგორ ეშმაკურად ჩაიცინა ონისემ, ხოლო იკამ იდაყვი წაჰკრა ფერდში რომ გაეჩუმებინა, დემეტრე წამოდგა და მომიახლოვდა... - უნდა ვილაპარაკოთ მაო. - არაა, არავითარ შემთხვევაში, ვხვდები რის თქმას აპირებ და ჯობია საერთოდ არ მითხრა, - მაო გთხოვ... - არა დემეტრე, ახლა უბრალოდ თბილისში წავალთ და ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდებით, სხვა არაფრის გაგონება არ მინდა, -მის სასოწარკვეთილება ჩამდგარ თვალებს მზერა ავარიდე და ონისეს შევხედე რომელიც დაჟინებით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. - არ გამიკვირდება რომ გავიგო რომ შენ მოიფიქრე ეს სისულელე. ელვისსისწრაფით წამოხტა დივნიდან და წინ ამესვეტა, მაღალი იყო, მხარბეჭიანი, დამყურებდა ზემოდან და მიბრიალებდა ლურჯ თვალებს, თითქოს ამით შემაშინებდა, დავინახე როგორ წამოიწია ბექა რომ ონისე დაემშვიდებინა და ისიც შევამჩნიე როგორ ანიშნა დემეტრემ არ ჩაერიოო. - მართლაც რომ გრძელი ენა გაქვს, მართალი ხარ ჩემი იდეა იყო მაგრამ ჯერ არც კი გვითქვამს რა მოვიფიქრეთ და მაინც უარზე ხარ? - შენ ისეთს ვერაფერს მოიფიქრებ ონისე რომ მე ვერ მივხვდე, -გავუღიმე და მხარზე მეგობრულად დავარტყი ხელი, -გითხრა რაში მდგომარეობს შენი არაჩვეულებრივი იდეა? გინდა რომ შენს მეგობარს ცოლად გავყვე? სიმართლე რომ გითხრა მეგონა უფრო მეტად კრეატიული იქნებოდი, -მზერა შეეცვალა, ყბები დაეჭიმა და გაცოფებული ხარივით აამოძრავა ნესტოები. - კარგი, საკმარისია, -დემეტრე გვერდით ამომიდგა და წელზე მსუბუქად მომხვია ხელი, მერე კი ბიჭებს ანიშნა ცოტა ხნით მარტო დავეტოვებინეთ, დივნისკენ წამიძღვა, დამსვა, წინ დამიჯდა და ჩემი ხელი ხელში მოიქცია. - დახმარება მჭირდება მაო, არ გინდა, ჯერ არაფერი თქვა, უბრალოდ მაცადე ყველაფერი ბოლომდე გითხრა, ვიცი რომ არ მაქვს უფლება რამე გთხოვო, უბრალოდ გამოუვალ სიტუაციაში ვარ, ამ საღამოს რომ ჩემს ოჯახს ჩემი ცოლი არ წარვუდგინო ცუდად მექნება საქმე, მსუბუქად რომ ვთქვა დიდი პრობლემები შემექმნება, ვიცი რომ ასეთ ხელის თხოვნაზე და ფიქტიურ ქორწინებაზე არცერთი გოგო არ ოცნებობს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ოღონდ ახლა დამთანხმდი და ნებისმიერი რამე მთხოვე, ყველაფერს გავაკეთებ, მითხარი უბრალოდ მითხარი რა გინდა. - ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობდი ის იყო რომ ქორწინების სანაცვლოდ ფული არ შემოეთავაზებინა, -ოღონდ ფული არ შემომთავაზოს, ოღონდ ფული არ შემომთავაზოს, -ვიმეორებდი გულში განუწყვეტლად და ვერც კი ვამჩნევდი როგორ მიცახცახებდა ხელები. - დამშვიდდი მაო, შემომხედე, თვალებში შემომხედე, -მაიძულა რომ თავი ამეწია და მისთვის თვალებში შემეხედა, ღიმილით მიყურებდა და ფრთხილად მეფერებოდა ნერვიულობისგან გათოშილ ხელებზე. - იცოდე რომ არაფერს გავაკეთებ ისეთს რისი წინააღმდეგიც შენ იქნები, ეს უბრალოდ მეგობრული თხოვნაა და შენი გადასაწყვეტია დამთანხმდები თუ არა, ვფიქრობ ამ მცირე დროში ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რომ შეგვიძლია ერთმანეთს ვენდოთ, ხომ ასეა? - უხმოდ დავუქნიე თავი და შვებით ამოვისუნთქე როცა მივხვდი რომ სულაც არ აპირებდა ჩემს ფულით მოსყიდვას, მას უბრალოდ დახმარება სჭირდებოდა, მე კი მართლაც არაფერს ვკარგავდი იმით რომ ცოტახნით მისი ცოლის როლი მეთამაშა, ღრმად ამოვისუნთქე რომ გულისცემა როგორმე დამეწყნარებინა. - უბრალოდ შეგეძლო გეთქვა რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა, ჩვეულებრივად აუხსნიდი ოჯახის წევრებს რომ არ დაქორწინებულხარ, ამ ყველაფერს ამხელა მნიშვნელობას რატომ ანიჭებ? -ვკითხე და მივხვდი რომ მიხვდა უკვე ვყოყმანობდი დავთანხმებულიყავი თუ არა, როგორც იქნა მანაც გაიღიმა და შვებით ამოისუნთქა. - ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ, დედა მაშინ დაიღუპა შვიდი წლის რომ ვიყავი, მამამ მეორე ცოლი მოიყვანა მაგრამ ბავშვი არ გაუჩნდათ, კარგი ქალია, ვერ ვიტყვი რომ დედასავით მიყვარს, მაგრამ ცუდად არასოდეს მომქცევია, მამას და მას ძალიან უყვართ ერთმანეთი, მამას ორი წლის წინ გულის დაავადება აღმოაჩნდა, მკურნალობს მაგრამ მისთვის მცირედი ნერვიულობაც კი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს, მე უკვე ოცდაშვიდი წლის ვარ და მამაჩემის ერთადერთი ოცნება ისაა რომ ჩემს შვილებს მოესწროს, წარმომიდგენია ახლა როგორი გახარებულია, მთელი ნათესაობა შეუკრებია, ახლა რომ მივიდე და ვუთხრა რომ ეს ყველაფერი შეცდომა იყო, ჯერ იმიტომ რომ ოცნება არ აუხდა და მერე იმიტომ რომ ნათესავებთან შერცხვა გულის შეტევას მიიღებს და ვეღარც გადაიტანს... - კარგი თანახმა ვარ, ოღონდ ეს მითხარი, ბავშვებს საიდანღა მოიყვან? - ბავშვები? რომელი ბავშვები? -უცბად ვერ მიხვდა და დაიბნა. - შენ ხომ თქვი რომ მამაშენი შენი შვილების ნახვაზე ოცნებობს. - აჰ ეგ? როგორმე მაგასაც მოვაგვარებთ, -თვალი ჩამიკრა და ეშმაკურად ჩაიღიმა, -კარგი კარგი ვიხუმრე, ასე ნუ მიყურებ, უბრალოდ ცოტახნით ჩემს ოჯახთან ერთად ვიცხოვრებთ, მერე ჩემს ბინაში გადავალთ და შემდეგ ვიტყვით რომ ვერ შევეწყვეთ და ვშორდებით. - კარგი ჩემთვის მისაღებია, -სრულიად მშვიდად ვუთხარი და მისი გაოცებული მზერაც დავიმსახურე. - რატომ დამთანხმდი მაო, ცუდად მიცნობ, არ იცი ვინ ვარ და რას წარმოვადგენ... - უბრალოდ ვიფიქრე რომ კარგი იქნება თუკი ჩემს ერთფეროვან ცხოვრებაში რამეს შევცვლი, მე შენ გენდობი, ეს ყველაფერი კი ძალიან სახალისო ჩანს. - შეიძლება ახლა სახალისოდ გეჩვენება მაგრამ ადვილი არ იქნება, ჩემი ოჯახი... როგორ გითხრა... არც თუ ისე ჩვეულებრივები არიან, მათთან ურთიერთობა ადვილი არ იქნება, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, სანამ ერთად ვიცხოვრებთ, არავინ უნდა შეგვატყოს რომ ნამდვილი ცოლ-ქმარი არ ვართ, ჩვენი როლი ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. - ყველაფერს გავუმკლავდები, უბრალოდ მეც მაქვს ერთი პირობა. - გისმენ. - ამ ყველაფრის გამო, ცხოვრების წესის შეცვლას არ ვაპირებ, ვგულისხმობ უნივერსიტეტს, სამსახურს და ყველაფერს რასაც აქამდე ვაკეთებდი. - კარგი, როგორც შენ გინდა ყველაფერი ისე იქნება, ესე იგი შევთანხმდით, შენ ვერც კი წარმოიდგენ შენი როგორი მადლობელი ვარ, -ჩემსკენ გადმოიხარა, სახე ორივე ხელით დამიჭირა, შუბლზე მაკოცა და მერე მკერდზე მიმიხუტა, თვალები დავხუჭე და როცა მისი აჩქარებული გულისცემა გავიგე შემაჟრჟოლა, ინსტიქტურად შემოვხვიე ხელები წელზე... - ხელს ხომ არ გიშლით? -ბექას ჩაფხუკუნებამ მოგვიყვანა გონს, სამივე თავზე გვადგნენ და მომლოდინე მზერით შემოგვცქეროდნენ. - რაო ჭირვეულო რა გადაწყვიტე? -ონისეს ირონიული ხმის გაგონებისას ერთდროულად მომინდა რომ სახეში გამელაწუნებინა და ჩავხუტებოდი, დემეტრემ ხელზე ხელი მაგრად მომიჭირა, წამომაყენა და მანიშნა რომ მშვიდად ვყოფილიყავი. - თბილისში მივდივართ ბიჭებო, მაო დათანხმდა რომ ცოტა ხნით ჩემი ცოლის როლი ითამაშოს. - ქორწილია, ქეიფია, გრიალიიი, -წაიღიღინა იკამ მხიარული ხმით და გადაგვეხვია. - - - - - - - თბილისამდე მთელი გზა, უკან სავარძელზე მშვიდად მეძინა დემეტრეს მკლავებში, ცხოვრებაში პირველად ვაკეთებდი ასეთ სიგიჟეს და მიუხედავად ამისა საერთოდ არ მეშინოდა, მის გვერდით თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობდი, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ მისი ნდობა შემეძლო. - მოვედით გაიღვიძე, -ჩამჩურჩულა და საფეთქელზე მომაკრო თბილი ტუჩები. - სად მოვედით? -თვალები ძლივს გავახილე და მომღიმარ დემეტრეს ავხედე, უკვე ბინდდებოდა, ბიჭები ავტომობილში აღარ იყვნენ, მხოლოდ ჩვენ ვისხედით უკანა სავარძელზე. - სახლში მოვედით მაო, იქ სადაც დღეიდან ვიცხოვრებთ. - როგორ? პირდაპირ შენს სახლში მოვედით? -ახლაღა დავფიქრდი იმაზე თუ ალბათ რა საშინლად გამოვიყურებოდი, ნამგზვრი, თმაგაწეწილი და ნატას ვიწრო ჯინსის შარვალში, დიდ ნაქსოვ ზედაში და დაბალყელიან ბოტებში გამოწყობილი, დემეტრე როგორც ყოველთვის, მიხვდა რა მაწუხებდა, თავი ამაწევინა, თმა თითებით ჩამომისწორა და გამამახნევებლად გამიღიმა. - ულამაზესი ხარ, სხვა ნურაფერზე იფიქრებ კარგი? ყველამ იცის რომ სვანეთიდან ახლახანს დავბრუნდით, არავინ ელოდება რომ კოქტეილის კაბით წარდგები მათ წინაშე, თანაც მეც შემომხედე ზუსტად შენსავით მაცვია, -ახლაღა დავაკვირდი მის ჩაცმულობას, მუქი ფერის ჯინსი, ნაცრისფერი ნაქსოვი ზედა და დაბალყელიანი ბოტები, ფაქტიურად ტყუპებივით ვიყავით, უნებურად გულიანად გამეცინა. - ასე არ ჯობია? ნუ გადარდებს ვინ რას იტყვის, უბრალოდ გაიღიმე. - მართალი ხარ, წესით ეს არც უნდა მადარდებდეს, უბრალოდ მაინც ვღელავ. - წამოდი, დროა სახლში შევიდეთ, -დემეტრემ კარი გააღო გადავიდა და ხელი გამომიწოდა რომ მეც გადავსულიყავი, უზარმაზარ სახლს შევხედე თუ არა, გაკვირვების შეძახილი აღმომხდა, მაღალი გალავანით გარშემორტყმულ, ვრცელ, ხეებით და მცენარეებით სავსე ეზოს შუაგულში ჩადგმული სამსართულიანი შენობა, სასახლეს უფრო გავდა ვიდრე სახლს. - ესე იგი აქ ცხოვრობ? - საერთოდ აქ არ ვცხოვრობ, იშვიათად თუ ვრჩები ხოლმე, აქაურობა არცთუ ისე მომწონს, სამაგიეროდ ჩემს დედინაცვალს უყვარს ყველაფერი დიდი, ძვირფასი და გაზვიადებული, ეს სახლიც მისი პროექტითაა აშენებული, მე ცალკე მაქვს ბინა, უბრალოდ როგორც შევთანხმდით, ცოტა ხნით აქ ვიცხოვროთ, მერე ჩემს ბინაში გადავალთ. - ეი მანდ რას აკეთებთ, ყველა თქვენ გელოდებათ, -ბექამ სახლის ღია კარიდან გამოგვძახა და ხელით გვანიშნა ცოტა სწრაფადო, სხვა რა გზა მქონდა, ჩემი სურვილით გავყავი თავი ამ ხათაბალაში და როგორმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა ყველაფერი, დემეტრეს მაგრად მოვუჭირე ხელზე ხელი. - ნუ ნერვიულობ პატარავ, ყველაფერი გამოგვივა, უბრალოდ იყავი ისეთი როგორიც ხარ, -ჩამჩურჩულა და მტკიცე ნაბიჯებით გამიძღვა წინ. ფართო, გაჩახჩახებულ ჰოლში შევაბიჯეთ, დემეტრე მაშინვე მისაღებისკენ გამიძღვა საიდანაც მხიარული სიცილის და საუბრის ხმები გამოდიოდა, ოთახში შევედით თუ არა, პირველად მომინდა დემეტრეს დახრჩობა იმის გამო რომ მისი გადაპრანჭული ნათესავების წინაშე ასე წარდგომა მაიძულა, ჩემი აღელვება და გაბრაზება იგრძნო და გამაფრთხილებლად მომიჭირა ხელზე ხელი. მისაღებში ათიოდე ადამიანი იყო შეკრებილი, დაგვინახეს თუ არა მაშინვე შეწყვიტეს საუბარი და მოგვაშტერდნენ, თავი უცხო პლანეტაზე აბორიგენთა წინაშე მოხვედრილივით ვიგრძენი, ბრენდული სამოსი, სპეციალურად დაყენებული ვარცხნილობები, ძვირფასი სუნამოს სურნელი, ძვირფასბეჭდებიან თითებში მოქცეული სასმლის ჭიქები და ცივი შემფასებლური მზერა, დემეტრემ ბუხართან ულამაზესი ქალის გვერდით მგდომ, მაღალი, ჭაღარათმიანი, წარმოსადეგი გარეგნობის სიმპათიური მამაკაცისკენ წამიყვანა, რომელიც ინტერესით სავსე მზერას არ მაშორებდა. - მამა გაიცანი ჩემი მეუღლე, მაო ჩადუნელი, მაო ეს სიმპათიური ახალგაზრდა კაცი მამაჩემია, ბატონი დავით ცინცაძე. - ოცდაშვიდი წლის ხარ და მაინც არ იშლი მასხარაობას, რაღა დროს ჩემი ახალგაზრდობაა, -კაცმა ღიმილით გადახვია ხელი დემეტრეს და მერე მე მომიბრუნდა, ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა. - კეთილი იყოს შენი ჩვენს ოჯახში შემობრძანება მაო, -ღიმილით მითხრა და მერე თეატრალურად აღაპყრო ხელები ზემოთ, -ღმერთო რას მოვესწარი, ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა, იმედია მალე შვილიშვილებსაც მაღირსებენ. რატომღაც არ გავბრაზებულვარ როცა დავითმა შვილიშვილები ახსენა, პირიქით წარმოვიდგინე როგორ დარბიან ჩემი და დემეტრეს გარშემო, მისნაირი თვალებბრიალა გოგო და ბიჭი და გამეცინა. - რა გაცინებს? -ჩამჩურჩულა და წელზე მაგრად მომხვია ხელი. - უბრალოდ წარმოვიდგინე რომ... - შენნაირი ლურჯთვალება პატარა საოცრებები წარმოიდგინე არა? -არა ხომ ვთქვი ეს ბიჭი ჩემს აზრებს კითხულობსთქო. - მცირედ შესწორებას შევიტან, ჩემს წარმოდგენაში ჩვენი გოგო და ბიჭი შენ გგავდნენ და არა მე, -ვუთხარი და საოცრად მესიამოვნა როცა ვიგრძენი როგორ აღელდა. - რაა? სერიოზულად? შენ... -ენა დაება და ვეღარაფერი თქვა. - ვიხუმრე დემეტრე, დაწყნარდი, ჩვენ ხომ ყველაფერზე შევთანხმდით... - დემეტრე შვილო, მე არ უნდა გამაცნო შენი მეუღლე? -ჩურჩული დემეტრეს დედინაცვალმა შეგვაწყვეტინა. - გაიცანი მაო, ეს ლიაა ჩემი მამაჩემის მეუღლე. - შეგიძლია ლიკა დამიძახო საყვარელო, -ქალმა რბილი, ფაფუკი ხელი ჩამომართვა და გამიღიმა. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ლიკა, -არც მე დამიშურებია საპასუხო ღიმილი, უცნაური ქალი იყო, ისეთი რომ ვერ გაიგებდი რას მალავდა გულითადი ღიმილის უკან. - ესე იგი მაო არა? უცნაური სახელია, რომელიმე სახელის შემოკლებული ვერსიაა? - არა, ასე მქვია, ეს სახელი მამამ დამარქვა. - რამდენი წლის ხარ მაო? შენმა მშობლებმა იციან რომ გათხოვდი? -როგორც კი შევამჩნიე რომ დემეტრე ამ დაკითხვაში ჩარევას აპირებდა მაშინვე ვანიშნე რომ გაჩერებულიყო. - ოცი წლის ვარ, მშობლები არ მყავს, მამა მაშინ დაიღუპა როცა ერთი წლის გავხდი, დედა ახლახანს... - და ან ძმა? - არ მყავს, -ვუპასუხე და როცა იქვე ახლოს, ვიღაც ქერათმიან გოგოსთან მხიარულად მოსაუბრე ონისეს თვალებს გადავაწყდი, ყელში მოწოლილი ბურთი ძლივს გადავაგორე უკან. - როგორ? ესე იგი არავინ გყავს? -ეს უკვე ზედმეტი იყო, ახლა მხოლოდ იმას ვცდილობდი რომ თვალებზე მოწოლილი ცრემლებისთვის გადმოხეთქვის საშუალება არ მიმეცა. - მე ვყავარ, -მომესმა ზურგს უკნიდან და ნაცნობი ძლიერი ხელებიც მომეხვია, მკერდზე მიმკრა და როგორც კი მისი გულისფეთქვა ვიგრძენი, ჩემთვის მთელი სამყარო გაჩერდა... - აპატიე ლიკას შვილო, -დავითი მოგვიახლოვდა და ღიმილით დამადო ხელზე ხელი, -უბრალოდ დემეტრე ძალიან უყვარს და მისთვის მხოლოდ კარგი უნდა. - ანუ ჩვეულებრივად რომ ვთქვათ ამოწმებს თქვენ შვილს შევეფერები თუ არა. - ჰო ლიკა ასეთია, ვერაფერს ვიზავთ, მეუღლეს გახედა რომელიც უკვე სტუმრებთან საუბარში იყო გართული, -მთავარია რომ თქვენ გიყვართ ერთმანეთი და ერთად თავს კარგად გრძნობთ, სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, თქვენს თვალებში ვხედავ რომ ერთად ყოფნით ბედნიერები ხართ, -ლოყაზე მომეფერა და მერე დემეტრეს გადახედა, -დემეტრე გააცანი დანარჩენებს მაო, მე გავალ, მეგობარს უნდა დავურეკო, გავიგო ერთი რატომ დააგვიანდა ასე ძალიან. - მამაშენი ძალიან მომწონს, საყვარელი კაცია, უბრალოდ არ მომწონს რომ ვატყუებთ, ხომ გაიგონე რა თქვა, გონია რომ ერთმანეთი გვიყვარს. - რაკი მამა ასე ფიქრობს ესე იგი ძალიან კარგი მსახიობები ვყოფილვართ, - ასე ფიქრობ? -შევცინე და შუბლზე ჩამოყრილი თმა შევუსწორე. - ასე ვფიქრობ, მაგრამ მეორე ვერსიაც მაქვს, -თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები აუთამაშდა. - მაინც რა ვერსია გაქვს? - მაგას მერე გეტყვი. - როდის? - როცა მაგის დრო მოვა, -ახლა კი წამოდი, ბიძაჩემი და ჩემი ერთადერთი და გადარეული ბიძაშვილი უნდა გაგაცნო. - ყველა გამაცნო, მაგრამ უკვე ისეთი დაღლილი ვიყავი რომ მათი სახელებიც კი ვერ დავიმახსოვრე, დემეტრეს მოვშორდი რომელიც გაცხარებული ეკამათებოდა ბიძამისს რაღაც ჩემთვის გაუგებარ საკითხზე, უზარმაზარი მისაღების შორეულ კუთხეში მდგარ სავარძელში მოვთავსდი და თვალები დავხუჭე. - რა ჯანდაბაში გაყავი თავი მაო, რა დროს თავგადასავლები და მძაფრსიუჟეტიანი ცხოვრება იყო, არა მგონია აქ ცხოვრება შევძლო, არა მგონია... - ძალიან დაიღალე? -ნაცნობი ხმა მომესმა, თავი ავწიე, იკა იდგა ჩემს წინ ხელში წვენის ჭიქით, მომაწოდა და გამამხნევებლად გამიღიმა. - დალიე და დამშვიდდი, შენ ვერც კი წარმოიდგენ რა კარგად მესმის ახლა შენი. - მოდი დაჯექი, -ჩავიწიე და ჩემს გვერდით ვანიშნე, დაჯდა და ისე ამოიოხრა რომ გული დამეწვა. - რა გჭირს იკა კარგად ხარ? - არ ვარ კარგად, -მომიბრუნდა და ამღვრეული მზერა შემომანათა, მერე სასმლის სუნიც ვიგრძენი. - ნასვამი ხარ? - საერთოდ არ ვსვამ ხოლმე, უბრალოდ დღეს სხვანაირად არ შემეძლო, -მის მზერას თვალი გავაყოლე და ყველაფერს მივხვდი, ისეთი თვალებით უყურებდა, საშუალო სიმაღლის, წაბლისფერთმიან გამხდარ, ლამაზ გოგონას რომ სულელი უნდა ვყოფილიყავი მისი დარდის მიზეზს რომ ვერ მივმხვდარიყავი. - შენ რა დემეტრეს ბიძაშვილი მოგწონს? - მიხვდი არა? მომწონს მსუბუქი ნათქვამია, ლიზაზე ვგიჟდები, თუმცა ის ვერც კი მამჩნევს. - უთხარი რომ მოგწონს? შენს გრძნობებზე ელაპარაკე? - არა, ჯერ არაფერი მითქვამს, ვერ მოვახერხე, მასთან სიახლოვისას უბრალოდ ვშეშდები, ვმუნჯდები, ენა მებმის, ვერაფერს ვეუბნები. - და ამის მერე კიდევ გიკვირს რომ ვერ გამჩნევს? - კარგი რა მაო ნუ დამცინი, ისედაც რა დღეში ვარ. - არ დაგცინი, უბრალოდ ცოტა მეტი გამბედაობა უნდა გამოიჩინო, კარგი რა იკა, მეგობრისთვის გოგოს მოტაცებაშიც კი მიიღე მონაწილეობა და იმ გოგოს ვინც მოგწონს ვერაფერს ეუბნები? - მოიცა ახლა რას მეუბნები რომ ლიზა უნდა მოვიტაცო? -ლამაზი სახე წამში დაუსერიოზულდა და შევატყვე რომ გონებაში უკვე ლიზას მოტაცების გეგმებს აწყობდა. - ყველაფერი უკუღმა ნუ გესმის, იმის თქმა მინდოდა რომ ცოტა მეტი გამბედაობა უნდა გამოიჩინო, უთხარი რომ მოგწონს, იქნებ არც ისაა შენს მიმართ გულგრილი... - ფიქრობ რომ შეიძლება ისიც რამეს გრძნობდეს ჩემს მიმართ? - რატომაც არა, სიმპათიური ხარ, საყვარელი... - მადლობა მაო, ნამდვილი მეგობარი ხარ, -ჩემსკენ გადმოიხარა და ხმაურით მაკოცა ლოყაზე. - შეიძლება თქვენთან ერთად ჩამოვჯდე? -გულითადი საუბარი წკრიალა ხმამ შეგვაწყვეტინა, თავზე ლიზა გვადგა, პასუხს არც დალოდებია ისე მომისკუპდა გვერდით. - როგორ ხარ რძალო, ალბათ ძალიან დაიღალე. - ჰო მართლაც ძალიან დავიღალე, ჯობია წავიდე და დემეტრე მოვძებნო, თორემ სადაცაა აქვე ჩამომეძინება, თქვენ დარჩით ისაუბრეთ ცოტა, -იკას თვალი ჩავუკარი, წამოვდექი და ოთახი მოვათვალიერე, თუმცა დემეტრე არსად ჩანდა, ის იყო მის მოსაძებნად მისაღებიდან უნდა გავსულიყავი რომ მხარზე მსუბუქი შეხება ვიგრძენი, უკან მივბრუნდი, დავითი იყო. - მაო შვილო, წამოდი ჩემი ახლო მეგობარი უნდა გაგაცნო, დიდი ხანია ოჯახებით ვმეგობრობთ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს, მას და მის მეუღლეს ერთი სული აქვთ როდის გაგიცნობენ, -ხელი ჩამკიდა და იქვე მდგარი წყვილისკენ წამიყვანა, ახალგაზრდა, ქერათმიანი, მაღალი, ლამაზი, ტუჩებდაბერილი ქალი ინტერესით მათვალიერებდა. - ირაკლი, გაიცანი ჩემი რძალი მაო, ომახიანად გამოაცხადა დავითმა, აქამდე ზურგით მდგარი მამაკაცი ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემი დანახვისას გაფითრდა, მე კი მთლად გავშეშდი ხელები ამიცახცახდა და პირი გამიშრა, ჩემს წინ მამაჩემი ირაკლი ლიპარტელიანი იდგა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.