შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქსიმორონი [ სრულად ]


23-02-2022, 15:44
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 6 149

ანნე დიდხანს იდგა ბუმბერაზი სარკის წინ და უმზერდა საკუთარ თავს. წამები, თითქოს, გამიზნულად წელავდნენ მილიწამებს ერთურთს შორის, რათა არ ყოფილიყვნენ თავის და-ძმებთან ისევე ახლოს, როგორც ყოველთვის. თუმცა ეს მხოლოდ მაგიური ილუზიაა, ისინი მაინც ერთნაირი დროით არიან დაშორებულნი და თამაშობენ ერთი მსახიობის სპექტაკლს, რომელსაც შვიდ მილიარდზე მეტი მაყურებელი ჰყავს და იშვიათად ისმენენ საკუთარი მისამართით აპლოდისმენტებს. საათსაც ბეზრდება რუტინა და ზოგჯერ წუთი საუკუნეა, ათი წელიწადი კი წუთად გვეჩვენება ხოლმე. თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებთ და ჰოპ! უკვე ახალი წელია!
დროსაც თურმე აქვს გრძნობები და ანნე საათის ტყავში შეძვრომასაც ცდილობდა, ხანდახან. რა უცნაურია არა?
ნეტავ, გრძნობენ უსულო საგნები რამეს? ღამით მარტოდმარტო დარჩენილი ხის უზურგო სკამი, რომელსაც ერთი ფიცარიღა აქვს შემორჩენილი, ნეტავ, გრძნობს იმ მარტოობას, რომელიც ძვალ-რბილში ატანს და ყელში ხორხს ამტვრევს?
ყველგან აცეცებდა ქრონიკული ინსომნიისგან ჩაშავებულ მზერას, გარდა საკუთარი თვალებისა. ჰო, მას შეძრწუნებამდე ეშინოდა იმის, რასაც იქ დაინახავდა და ერჩივნა კვლავ ეულად დარჩენილ სკამზე ედარდა, ვიდრე იმაზე, რაც მისი ბნელით მოსილ სულში ხდებოდა.
თითქოს, ლამაზი იყო ანნე. მუქი თაფლისფერი თვალებით, რომელიც სამყაროს განუზომელ დარდს იტევდა და… მხრებში მოხრილი მზერა გინახავთ? არა, ის ადამიანი არა, რომელიც მოხრილია და სამყაროს დარდი მხრებზე აწევს, არა. პატარა ანნეს მზერა ჰქონდა ასეთი. თითქოს, ქრისტეს შობამდე დაბადებულიყოს და ყველაფერი, რაც ხდებოდა და არ ხდებოდა, მის თვალებს დაეფიქსირებინოს.
სრულიად შემთხვევით შეაგება საკუთარი მზერა იმ ადამიანის მზერას, რომელიც სარკიდან უმზერდა და სასუნთქი გზა, თითქოს, გადაეკეტა. ქვედა ყბა აუკანკალდა და ზურგზე იგრძნო ცივი ოფლის დასხმა. შენ ხარ ანარეკლი! ეძახდა მას შინაგანი ხმა და გაჩერებას არ აპირებდა. გაფუჭებული მაგნიტოფონივით იმეორებდა ამ სიტყვებს და ანნემ ვეღარ მოითმინა.
"შემოსასვლელი კარი" გააღო და გაიქცა. კისრისტეხით მირბოდა იქ, სადაც სინათლის ორიოდე სხივი იყო შემორჩენილი მის სამყაროში, მაგრამ ფეხს ფეხი წამოკრა და წაიქცა. გაშიშვლებულმა ნერვულმა დაბოლოებებმა შემზარავი ტკივილი აჩუქეს მას და ყრუდ ამოიგმინა ანნემ. ყვირილის თავიც კი აღარ დარჩა ამ ყველაფრის შემყურეს. გადაყვლეფილ იდაყვებს დაეყრდნო და წამოდგომა სცადა, მწველმა ტკივილმა კი ხერხემლის გასწვრივ სამურაის კატანასავით დაუარა და სიმწრისგან ტუჩები სისხლამდე მოიკვნიტა. არ გაჩერდა. რის ვაი-ვაგლახით წამოდგა და უკვე ჩორთით მიყვებოდა ხრეშით სავსე გზას. ვერ შეამჩნია, რომ ხრეშით გზა მას შემდეგ მოიფინა, რაც საიდუმლო კარი გააღო და გაქცევა სცადა.
შიშის გაუსაძლისი პულსირება თითების დაბოლოებებზე იგრძნო და ნერწყვი ძლივძლივობით გადააგორა ყელში. მიწისკენ დაიხედა და უსწორმასწორო მჭრელი ქვების ნაცვლად, იდეალურად მრგვალი ციალისფერი ბრჭყვიალა ბურთულები დაინახა.
"სად ვარ და აქ რა მინდა" მხოლოდ ამაზე ფიქრობდა. თვალები დახუჭა და აკანკალებული და გაოფლიანებული ხელისგული დაცვარულ შუბლთან მიიტანა. ღრმად ჩასუნთქვა სცადა და მზერა უსასრულო სიცარიელეს გაუსწორა.
სანამ ჟანგბადის ატომები ერწყმოდნენ ფილტვების ალვეოლებს, აღმოაჩინა, რომ თვალს დააკლდა!
არ დაბრმავებულა, ლაქებს არჩევდა მხოლოდ. ლაქებს, რომელნიც მოძრაობდნენ და მისი მისამართით მიჰქროდნენ ელვის სისწრაფით. ამავდროულად, სქელ ნისლს მოეცვა ყოველივე მის ირგვლივ და უსიერი ტყის შემზარავი სიჩუმე აღწევდა მის ყურთასმენამდე.
"უკან დახევა არ გაბედო!" შემოუძახა საკუთარ თავს და თვალები ძლიერად დახუჭა. თითქოს, ასე ვერავინ შეეხებოდა და დააზიანებდა. არ სჯეროდა საკუთარი შეძახილის, მაგრამ...
ნაბიჯი, ნაბიჯი, სდექ.
ნაბიჯი, ნაბიჯი, სდექ.
ღრმად სუნთქავდა და წინ მიიწევდა. გრძნობდა ხელებს, რომელნიც დაძრწოდნენ მის სხეულზე უმისამართოდ, რყვნიდნენ იმას, რაც მისთვის ესოდენ ძვირფასი იყო, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. ჰო, ახლა ჰქონდა მიზანი, უნდა გასულიყო გვირაბის ბოლოს, უდაბური ტყის საცალფეხო ბილიკი უნდა გაევლო ბოლომდე და უნდა შეჰხებოდა შეუხებელ სინათლის სხივებს, რომელნიც უმანკო ეგონა.
სახეში სილის გაწვნა იგრძნო და შეტორტმანდა. მოულოდნელობისგან გახევებულმა თვალები გაახილა და მიხვდა, რომ ახლა უკვე თვალის ჩინი საერთოდ წაერთვა. მიხვდა, რომ ვერასოდეს იცხოვრებდა ისე, როგორც ადრე. მიხვდა, რომ ცხოვრება წამის მეასედში შეიძლება შეიცვალოს და მუხლებზე მოწყვეტით დაეცა.
მიზანი, რომლისთვისაც სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ებრძოლა, ახლა იმდენად გაუფერულდა, რომ ჰაერისფერსაც ვერ დაარქმევდა. ჰაერი არ ჩანს, თუმცა არსებობს. მიზანი კი აღარ შერჩა.
ბრჭყვიალა ბურთულებს მზერა გაუსწორა და თითოეულში საკუთარი ანარეკლი დაინახა. სიმწრისგან გულზე მუშტი დაირტყა და...
ოჰ! ეს რა არის? ეს რა სიცარიელეა?
გულზე დარტყმული მუშტი არ შეხებია გულმკერდის ზედაპირს და მეორე მხრიდან გამოვიდა.
სასოწარკვეთილების მომაკვდინებელმა შხამმა ნერვული დაბოლოებების პარალიზება მოახდინა და ანნე ახარხარდა. სიმწრის სიცილი იყო თუ სიამოვნების, ვერ გეტყვით.
საინტერესოა არა? სიმწრის თუ სიამოვნების. ანნე იყო ის ადამიანი, რომელიც გულამოსკვნილი ტიროდა სხვათა უბედურებაზე, მაგრამ ამავდროულად, შეეძლო სიამოვნების ჟრუანტელის დავლით მოესმინა მათი ტანჯვის ისტორია.
ახლა რა უნდა ექნა? გაძვალტყავებული სხეული მას უკვე აღარ ემორჩილებოდა. ფიქრთა გაავებული ხროვა კვლავ თავს დაესხა და მისი სულის დაბზარული ძვლების ღრღნა დაიწყო, ისევ. მერე, რა, რომ მათ ჩვეული გემო დაჰკარგვოდათ, ისინი მაინც აგრძელებდნენ ბასრი ეშვებით ძვლების ფენა-ფენა თლას, რათა საბოლოოდ გაენადგურებინათ ისინი.
- მტკივა. - ყრუ კვნესა აღმოხდა ანნეს და დამშრალი საცრემლე ღარიდან, ორიოდ ცრემლი გამოწურა. კანკალს აეტანა მთელი მისი რაობა და მოდუნდა. მისცა საშუალება საკუთარ არაცნობიერს, რომ ხელში აეტატებინა და სადღაც კუნაპეტი სიშავით "განათებულ" საიდუმლო ოთახში წაეყვანა.
- მტკივა… - ჩურჩულებდა იგი მთელი გზა. არაცნობიერის ძლიერი ხელები კი უფრო ძლიერად იკრავდნენ მას გულში. იფიქრებდით ცოტაც და შეერწყმებიან ერთმანეთსო, მაგრამ… საინტერესო ისაა, რომ ეს სიუჟეტი სულაც არ არსებობდა.
ეს მხოლოდ მისი ილუზიის ნაყოფი იყო.
ანნე თავად წამოდგა და საკუთარ თავზევე დაყრდნობით მიიწევდა წინ უსასრულო სიბნელისკენ, რომელიც ს'ირინოზის ხმით ესიყვარულებოდა და გზას უკვალავდა.
ქშენა-ქშენით მიუახლოვდა ქოხისმაგვარ სახლს, რომლის კედლები სიძველისგან ცოტაც და ჩამოიშლებოდა. ობის მყრალი სუნი აღწევდა მისი ყნოსვის რეცეპტორებამდე და გულისრევის რეფლექსს პროვოცირებდა.
- ღირს კი ამის გაკეთება? - დაუსვა საკუთარ თავს კითხვა და მფეთქავი ტუმბოს ადგილას არსებულ სიცარიელეს დახედა. - ნეტავ, შეივსები, თუ ამ კარს გავაღებ? - შავ ხვრელს მიმართა და პასუხად ვერაფერი მიიღო.
- სანამ არ ცდი, ვერაფერს გაიგებ. - მოესმა სახლიდან უცნობი ხმა და სუნთქვა შეწყვიტა.
- ჯანდაბას! - ამოისუნთქა სიტყვები და კარი გააღო.
ჭრაჭუნმა ყური მოსჭრა და ფეხქვეშ ხის ფიცრებმა ვიბრირება დაიწყეს. მოშორებით ერთი პაწია სანთელი დაინახა, რომელიც აქაურობას ძლივს ანათებდა. სანთლის მბჟუტავი სინათლისკენ აიღო გეზი და როგორც კი ახლოს მივიდა მასთან, ალი საბოლოოდ ჩაიწვა და უკუნითმა სიბნელემ დაისადგურა.
დედამიწა დატრიალდა და ასკინკილით შომოურბინა მთელ გალაქტიკას. ანნე იქცა კოსმიურ მტვრად, რომელიც უმზერდა ამ ყოველივეს უაღრესი აღფრთოვანებით. პლანეტები, ვასრკვლავები და ათასი, ათასი სხვა რამ, რაც ახლა მნიშვნელოვანი სულაც არ არის.
მთავარი ისაა, რომ წამის მეასედში დაბრუნდა იმ ქოხში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და ქოხის ნაცვლად სამეფო კარის შესაშურ დარბაზში ამოყო თავი.
უზარმაზარ მრგვალ მაგიდასთან ადამიანები ისხდნენ, რომელთა შემყურეს ანნეს გული საგულედან ამოუვარდებოდა, თავის ადგილას რომ ჰქონოდა.
ერთი ანნე, ორი ანნე, სამი…
თითოეული ანნე, რომელიც ამ დარბაზში იმყოფებოდა, სინამდვილეში ის ანნე იყო, რომელიც კოსმიურ მტვრად იქცა და ყველგან იყო.
- ამქვეყნად ყველაფერი ან თეთრი ან შავია! - წარბაწევით ამბობდა ერთ-ერთი ანნე.
- სისულელეს ნუ როშავ, ადამიანებს ფერებად აღვიქვამთ და ნუთუ, ამდენად შეგვიძლია ერთმანეთს ვეწინააღმდეგებოდეთ?! - ეკამათებოდა მეორე.
- აღარ შემიძლია ამ ემოციების ატანა, ამდენად მძაფრად აღვიქვამთ ყველაფერს, ნუთუ, ჩემი ორგანიზმი ამდენს გაუძლებს?! - სიცილ-ტირილში გადაეზარდა ერთ-ერთ ანნეს საუბარი.
- ემოციები?! რა ემოციებზე საუბრობ, ერთი სული მაქვს ცოტაოდენი რამ ვიგრძნო! ცარიელი ვარ, სრულიად ცარიელი! აპათიას ვყავარ შეპყრობილი, ეს კი ემოციებზე წუწუნებს! - გულგრილი გამომეტყველებით საუბრობდა კიდევ ერთი ანნე.
- კი ან არა!
- უკომპრომისოდ ამ ცხოვრებას ვერ ვიცხოვრებთ!
- ჰოდა, ნუ ვიცხოვრებთ! მაინც არავის ვჭირდებით! არარაობა ვარ, მეტი არაფერი! წერტილიც არ ვარ ამ სამყაროში, არაფერს წარმოვადგენ! - მაგიდის ქვეშ შეძვრა ანნე.
- ნუ, ნუ ამბობ პატარავ, შენ შენს მეგობრებს სჭირდები, ახლობლებს სჭირდები, მშობლებს სჭირდები და საკუთარ თავს, რაც მთავარია. - აი, დედა ანნეც გამოჩნდა, რომელიც სასოწარკვეთილ ანნეს თავზე ეფერებოდა და ცდილობდა დაემშვიდებინა.
- არა! ტყუილია! არავის ვჭირდები, საკუთარ თავსაც არ ვჭირდები! ალბათ, ერთი სული აქვს, როდის მომიშორებს თავიდან, რათა თავიდან დაიბადოს და სხვა ცხოვრება იცხოვროს! - არ ჩერდებოდა ანნე.
- მაგრამ მე ჰომ სიცოცხლე მინდა… - ცრემლი მოადგა ანნეს. - მინდა ვიცხოვრო, მინდა ვსუნთქავდე, მინდა ვგრძნობდე…
- მაგრამ ეს ემოციები ჭკუიდან გადამიყვანს! - ჩაერთო ის ანნე, რომელსაც უკვე ვიცნობთ.
- მინდა ცხოვრება, მაგრამ ისეთი არა, როგორიც ახლა მაქვს.
- ჰოდა, ასწიე ტ'რაკი და შეცვალე რამე. შენი ცხოვრებაა, ცხოვრება კი შენი წესებით უნდა წარმართო! უსარგებლო, უმაქნისი ადამიანი ხარ! - აი, კიდევ ერთი ანნე.
- არ შემიძლია!
- არ შემიძლია არა, არ მინდა!
- აქ ან შეგიძლია, ან არა!
- აქ ან გინდა, ან არა!
- რას ელი საკუთარი თავისგან, ჰა? მითხარი! ამ სიცარიელის ამოვსება, რომელიც შავი ხვრელივითაა, ვინ უნდა შეძლოს თუ არა შენ?!
- მეშინია, მეშინია, მეშინია… - ზუზუნებდა დარბაზის კუთხეში მოკუნტული კიდევ ერთი ანნე.
- რისი გეშინია, პატარავ? - დედა ანნე ახლა მას მიუბრუნდა.
- მეშინია, რომ დამტოვებენ. მეშინია, მეშინია მარტოობის, მეშინია, რომ სულ მარტო დავრჩები, მეშინია, რომ არავის დავჭირდები…
- ჩუ, ჩუ, პატარავ, ნახე რამდენი მეგობარი გყავს. შეხედე როგორ უყვარხარ თითოეულს, რატომ უნდა დაგტოვონ? - დაუყვავა, მაგრამ პასუხად მოქნეული ხელი მიიღო.
- საკუთარ მშობლებს თუ არ ვჭირდები, ვის უნდა დავჭირდე?! ისინი წავლენ, ადრე თუ გვიან წავლენ და მე მარტო დავრჩები. ნუთუ, სამუდამო არაფერია?! - კივილში გადაეზარდა ეს ყველაფერი.
- ნუ კივი, თუ ღმერთი გწამს! - აყვირდა ყველა ერთხმად.
- საკუთარ თავსაც არ ვჭირდები, საკუთარი თავიც კი არ მისმენს. - ცრემლი წასკდა და გაჩუმდა.
- ბევრს ვუყვარვარ და ბევრსაც ჩემ გარეშე არ შეუძლია. მათი წამალი ვარ, რომელზეც შეჯდნენ და ვერ ძლებენ ჩემ გარეშე. ეს კიდევ რა სისულელეს ბოდავს. - ირონიულად ჩაიცინა ანნემ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
კოსმიურ მტვრად ქცეული ანნეს ემოციები და ფიქრები ერთმანეთში ირეოდნენ და ვერ ხვდებოდა რას გრძნობდა.
ოდესმე, სურვილი გაგჩენიათ საკუთარ არაცნობიერთან საუბრის, შუამავლის გარეშე? ანნეს მიეცა ეს საშუალება, მაგრამ იმდენად უბადრუკი იყო, რომ ხმის ამოღებაც ვერ გაბედა. თითოეული ანნე, რომელიც ამ დარბაზში იმყოფებოდა, ელოდა, რომ მთავარი ანნე იტყოდა ორიოდ სიტყვას მაინც, მაგრამ ამაოდ. ისინი აგრძელებდნენ საუბარს და აზრთა ფრქვევას, ანნე კი დუმდა. ალბათ, მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ისიც სახტად დარჩენილი, აღფრთოვანებული და თვალებგაფართოებული მოუსმენდა ანნეთა კონსილიუმს.
- ტვინი მო*ყანით უკვე! კი, არა, შავი, თეთრი, მარტო ვარ, ყველას ვუყვარვარ. არ მოგბეზრდათ? დაეშვით მიწაზე და რეალურად შეაფასეთ ვინ ხართ! - რეალისტმა ანნემ პირველად თქვა სიტყვა ამ ხნის განმავლობაში.
- რა ჯანდაბად გვინდა რეალობა, როდესაც ილუზიაში ყველაფერი ყოველთვის კარგადაა? რეალობა ამაზრზენია, რადგან არ არის ისეთი, როგორიც გვსურს, რომ იყოს. ჰოდა, რა ჯანდაბად გვინდა?! - აქ უკვე ილუზიებში მოფარფატე ანნე ჩაერთო.
- როგორ აპირებ ილუზიაში ცხოვრებას, როდესაც რეალობაში ცხოვრობ და რეალობის მეტი არაფერი გააჩნია ადამიანს?! - ყელზე ძარღვი დაებერა ანნეს. თითქოს, ჭეშმარიტებას ღაღადებს და ამ მარტივი სიმართლის გააზრება როგორ არ შეუძლიათო გიჟდებოდა.
- რეალობის მიღება ასეთი ადვილი გგონია? ტკივილი, რომელსაც გრძნობ რეალობაში ათჯერ უფრო მწარეა, ვიდრე ილუზიაში! - ცრემლები წამოსცვივდა ილუზიათა ანნეს.
- ფუ, როგორ მეზიზღება შედარებითი ხარისხი! - ამოიღრინა ერთ-ერთმა ანნემ.
- ტკივილის შეგრძნება არ არის მხოლოდ საქმე, ჭრილობის მოშუშება უნდა იცოდე!
- აბა, შენი აზრი, მე რას ვაკეთებ ჩემი ილუზიით!
- ჯანდაბას შენი ილუზია, ფული!
- ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი!
- აბა, მასლოუს პირამიდის პირველი საფეხურები გაიხსენე. ფულის გარეშე საბაზისო მოთხოვნილებებს ვერ დაიკმაყოფილებ, იდიოტო!
- მაგრამ ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ ნიშნავს იმას, რომ ბედნიერი ხარ!
- მტკივა!
- არარაობა ვარ!
- ყველას ვუყვარვარ!
- ამაზრზენი ადამიანი ვარ!
- კეთილიც ვარ!
- სიკვდილი მინდა!
- თეთრი და ფუმფულა!
- შავი და ეკლიანი!
- სიცოცხლე მინდა!
- ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!
- აუჰ, გაა*ვით! სე'ქსი მინდა! - თქვა ანნემ, რომელიც მდუმარედ ისმენდა ამ ყველაფერს და წამოდგა.
- არ გაბედო! - წამოიძახა რეალობამ.
- არ გაბედო! - მხარი აუბა ილუზიამ.
- არ გაბედო!
- არ გაბედო!
- არ გაბედო!
- არ გაბედო!
ყველა ერთხმად იყო მის წინააღმდეგ, მაგრამ…
კოსმიურ მტვრად ქცეული ანნე იგივე სარკის წინ გამოფხიზლდა, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. პირველი, რაც გააკეთა მას შემდეგ, რაც გაიაზრა, რომ ამ დიდებული სპექტაკლის შემდეგ, ისევ რეალობაში იყო - გულზე ხელი მიიდო. სიცარიელე გამქრალიყო და გულიც… დუგ, დუგ, დუგ.
ძალიან სწრაფად უცემდა გული და ანნეს წამით მოეჩვენა, რომ კუთვნილ გულსაც კი ჩემგან გაქცევა სურსო. თუმცა მსწრაფლ გააქნია თავი ამ ფიქრების გასაფანტად. რა სისულელეს ვროშავ, უბრალოდ, სისხლში ადრენალინის დოზამ მოიმატა ჩემი ჰალუცინაციების გამოო.
ბუმბერაზ სარკეს რაც შეიძლება სწრაფად მოშორდა, რადგან შიში ჰქონდა, იგივე არ განმეორებულიყო და საძინებელ ოთახში გავიდა.
კვირა დღე იყო. საქმე არაფერი ჰქონდა. გონება დაძაბა და გაიხსენა, რომ ბოლო ანნეს მიერ გაჟღერებული საქმიანობით კარგად ხანია არ დაკავებულა.
ცდილობდა არ ჩაღრმავებულიყო იმ სცენაში, რომელიც ნახა საკუთარ არაცნობიერში, რადგან წინა გამოცდილებიდან გამომდინარე იცოდა - რაც უფრო ღრმად შეტოპავდა, მით მეტ პრობლემას შეუქმნიდა საკუთარ თავს.
არასდროს ყოფილა ზედაპირული ადამიანი, ყოველთვის სიღრმისკენ მიილტვოდა, მაგრამ არაერთხელ დატეხილი ცხვირის გამო, ამჯერად, უკან დახევა ამჯობინა.
სასაცილო და ირონიული კი ის გახლდათ, რომ ეს შემთხვევა საჭიროებდა სიღრმეს. აუცილებლად უნდა ჩასულიყო ფსკერამდე, რათა შემდეგ ზედაპირამდე მიეღწია.
აიღო ტელეფონი და შეხვედრა დაგეგმა…
აქტის შემდეგ დაძინება სცადა, მაგრამ ორფეოსმა თავისთან არ მიიღო და შფოთვას აჩუქა ანნე, რათა ეწამებინა იგი თავისებურად.
ღერს ღერზე ეწეოდა, მაგრამ ვერა და ვერ მშვიდდებოდა. მაცივარს გამოაღებდა, წაილუკმებდა, შემდეგ კი კვლავ სიგარეტს ეტანებოდა.
წინ და უკან სიარულზეც კი უჭირდა კონცენტრირება, არათუ ათას პროგრამაზე, რომელიც ტელეფონში ერთდროულად ჰქონდა გახსნილი.
ცდილობდა, არ გაჰყოლოდა იმ ფიქრებს, რომელნიც ითრევდნენ და ბლოკავდა მათ, როგორც შეეძლო, თუმცა ყოველი მისი ცდა კრახით სრულდებოდა და უძველესი ექსპონატივით იმსხვრეოდა, რომელსაც უდიერად ეპყრობოდნენ.
ვერ მოითმინა და წამოდგა. შემოსასვლელი კარის გვერდით მდგარ სარკესთან თრთოლვით მივიდა და გაბედა ანარეკლისთვის თვალის გასწორება.
კვლავ იქცა იგი კოსმიურ მტვრად და ახლა უკვე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღმოჩნდა ზემოთ ხსენებულ დარბაზში.
ანნე-ები თავისთვის ბუტბუტებდნენ და სიტყვათა კორიანტელი იდგა მთელ დარბაზში, რომელთა გარჩევა ერთი ყურის დაგდებით შეუძლებელი იყო.
- მორჩით ზუზუნს, ტვინი მომე*ყნა! - მაგიდის თავში იჯდა ის ანნე, რომლის კარნახითაც კოსმიური ანნე დაკავდა აქტით.
- რა გააკეთე ამით, ანნე?
- სიცარიელე ამოივსე?
- ტკივილი, რომელსაც გრძნობდი სადმე გაქრა?
- რეალობასა და ილუზიას შორის საზღვარი წაშალე?
- ვინმეს შეუყვარდი?
- ან გადაუყვარდი?
- რუტინა გაიმრავალფეროვნე?
ყველა ერთხმად აღრიალდა და კითხვები დააყარა ანნეს, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე ეკიდა.
- ადამიანი სიამოვნებისთვის არის გაჩენილი. როდესაც შენივე სხეულს შეუძლია განუზომელი სიამოვნება მოგანიჭოს, რატომ უნდა დაიხიო უკან?! - ხელები დემონსტრაციულად გაშალა და წარბები ასწია.
- მე არაფერი მანიჭებს სიამოვნებას! ვერაფერს ვგრძნობ! - აწიკვინდა კიდევ ერთი ანნე.
- მე კი ყველაფრისგან შემიძლია მივიღო სიამოვნება!
- სიცოცხლეს აზრი არ აქვს. - ნიჰილისტი ანნეც გამოჩნდა. - ერთმანეთს იმ აზრს ვერ გადავცემთ, რომლის გაჟღერება გვსურს, რადგან ჩემი "რატომ" ვერასოდეს იქნება სხვა ადამიანის "რატომ".
- დაიკიდე, რა.
- არ შემიძლია, არაფერს აქვს აზრი.
- ღმერთო, ამათთან ერთად რატომ გამომკეტე აქ. - რეალისტმა ანნემ თავი ხელებში ჩარგო.
- ღმერთის გწამს ? - გადაიხარხარა ნიჰილისტმა.
- გამოთქმაა ასეთი!
- კარგი, რა… Оговорка по Фрейду!
- მოკეტეთ! იქნებ, შენ თქვა რამე. - ყველა ერთად მიუბრუნდა კოსმიურ ანნეს.
- მე, უბრალოდ, მაყურებელი ვარ. გისმენთ და ვერაფერს ვხვდები. - მხრები აიჩეჩა, თუმცა ვერავინ შეამჩნია ეს, რადგან ანნე ყველგან იყო და ამავდროულად, არსად.
- მაყურებელი, პერსონაჟი, მოთამაშე ყველაფერი ერთად ხარ, ნუთუ, საკუთარ თავთან ბრძოლა ამ ყველაფრად გიღირს?! უბადრუკი და არაფრის მაქნისი ადამიანი ხარ, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა უყვარს თუ სძულს, ვერ ხვდება რა გააკეთოს და სირაქლემას პოზიციის დაკავება ურჩევნია! სიცოცხლე გინდა თუ სიკვდილი, ვერც ამას ხვდები! გული გვერევა შენზე!

წამი წამს მისდევდა, წუთი კი წუთს. დაღლილი საათი ისრებს ძლივს ძრავდა საჭირო მიმართულებით და ასრულებდა საუკუნეების წინ დაკისრებულ მისიას. თუმცა მასაც მოჰბეზრდა ეს ყველაფერი და გაჩერდა.
საათი გაჩერდა, დრო კი არა. დროს გაჩერება არ შეუძლია. არ ვიცი სურს თუ არა, მაგრამ არ შეუძლია. ის სულ წინ და წინ მიდის.
ანნეს საათი კი… არა, ანნესთვის გამოყოფილი დრო საათმა საჭიროზე ადრე გააჩერა.
ბინა გატეხეს. შემოსასვლელში მდგარი ბუმბერაზი სარკე ჩამსხვრეული იყო, ნამსხვრევით კი გადასერილი ანნეს ლურჯი ხაზები, რომელნიც მაჯებთან ასრულებდნენ თავის ფუნქციას.
ანნე კოსმიურ მტვრად იქცა. მას უკვე ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ მთვარის ბნელი ნაწილი ძირფესვიანად შეესწავლა და ბოლოსდაბოლოს ჩამოყალიბებულიყო ვინ იყო, რას წარმოადგენდა და რა სურდა...



პ.ს. ეს პატარა ისტორია კარგად ასახავს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანის შინაგან სამყაროს. (ბიპოლარულში ნუ აგერევათ). ჰოდა, ნაწარმოებთან დაკავშირებით, თქვენი შეფასება მაინტერესებს.



№1  offline მოდერი guroo

ჩემი ცოდნა ძალზედ მწირია ფსიქოლოგიაში. აშლილობებს ვერ ვანსხვავებ.
რაც წავიკითხე, თავისი სარკაზმით, სიმძიმითა და სიღრმით, კარგი სპექტაკლი იყო.
არაცნობიერში მოგზაურობა, როგორც მოულოდნელი და სპონტანური თვალის გასწორება იქ ჩაბუდებულ შემაძრწუნებელ სინამდვილესთან, შეცნობა იდეალურად მომრგვალებული, დასრულებული (ყველა ანნეს გაერთიანება, სისავსე) საკუთარი თავისა; ასევე სიკვდილი, როგორც გარდაუვალი და აუცილებელი გაჩერება, ბოლო სადგური იმ მატარებლისა, რომელსაც გაჰყევი, რათა მიგეგნო იდეისთვის, თუ "რატომ?", ერთი ხანგრძლივი ამოხარხარებაა ვიღაც ცინიკოსისა, რომელიც შეიძლება ანნესავით ვერ ხვდება ეს სიცილი სიმწრისაა თუ სიამოვნებისა.
მეც გავიცინე რამდენჯერმე და ზუსტად ვიცი, რომ მეტისმეტი სიამოვნებისგან ვიცინოდი.
უზღვავი სიამოვნება მომგვარა ამ ჩანახატმა.
♥️♥️♥️!

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo
ჩემი ცოდნა ძალზედ მწირია ფსიქოლოგიაში. აშლილობებს ვერ ვანსხვავებ.
რაც წავიკითხე, თავისი სარკაზმით, სიმძიმითა და სიღრმით, კარგი სპექტაკლი იყო.
არაცნობიერში მოგზაურობა, როგორც მოულოდნელი და სპონტანური თვალის გასწორება იქ ჩაბუდებულ შემაძრწუნებელ სინამდვილესთან, შეცნობა იდეალურად მომრგვალებული, დასრულებული (ყველა ანნეს გაერთიანება, სისავსე) საკუთარი თავისა; ასევე სიკვდილი, როგორც გარდაუვალი და აუცილებელი გაჩერება, ბოლო სადგური იმ მატარებლისა, რომელსაც გაჰყევი, რათა მიგეგნო იდეისთვის, თუ "რატომ?", ერთი ხანგრძლივი ამოხარხარებაა ვიღაც ცინიკოსისა, რომელიც შეიძლება ანნესავით ვერ ხვდება ეს სიცილი სიმწრისაა თუ სიამოვნებისა.
მეც გავიცინე რამდენჯერმე და ზუსტად ვიცი, რომ მეტისმეტი სიამოვნებისგან ვიცინოდი.
უზღვავი სიამოვნება მომგვარა ამ ჩანახატმა.
♥️♥️♥️!

აუჰ, სუსხივით დამიარა სიამოვნებამ ამ შეფასების წაკითხვის შემდეგ. მართალი ხარ, ამ ამოხარხარების პატრონმა არ იცის ეს სიმწრისაა თუ სიამოვნების და ყველაზე მეტად ამით კაიფობს. სათაურს თუ ჩაუღრმავდები, მიხვდები - რატომ ჰქვია ასე ამ პატარა ნაწარმოებს.
გამახარე, მადლობა. ❤️

 


№3  offline მოდერი guroo

Catherine Di Perso
guroo
ჩემი ცოდნა ძალზედ მწირია ფსიქოლოგიაში. აშლილობებს ვერ ვანსხვავებ.
რაც წავიკითხე, თავისი სარკაზმით, სიმძიმითა და სიღრმით, კარგი სპექტაკლი იყო.
არაცნობიერში მოგზაურობა, როგორც მოულოდნელი და სპონტანური თვალის გასწორება იქ ჩაბუდებულ შემაძრწუნებელ სინამდვილესთან, შეცნობა იდეალურად მომრგვალებული, დასრულებული (ყველა ანნეს გაერთიანება, სისავსე) საკუთარი თავისა; ასევე სიკვდილი, როგორც გარდაუვალი და აუცილებელი გაჩერება, ბოლო სადგური იმ მატარებლისა, რომელსაც გაჰყევი, რათა მიგეგნო იდეისთვის, თუ "რატომ?", ერთი ხანგრძლივი ამოხარხარებაა ვიღაც ცინიკოსისა, რომელიც შეიძლება ანნესავით ვერ ხვდება ეს სიცილი სიმწრისაა თუ სიამოვნებისა.
მეც გავიცინე რამდენჯერმე და ზუსტად ვიცი, რომ მეტისმეტი სიამოვნებისგან ვიცინოდი.
უზღვავი სიამოვნება მომგვარა ამ ჩანახატმა.
♥️♥️♥️!

აუჰ, სუსხივით დამიარა სიამოვნებამ ამ შეფასების წაკითხვის შემდეგ. მართალი ხარ, ამ ამოხარხარების პატრონმა არ იცის ეს სიმწრისაა თუ სიამოვნების და ყველაზე მეტად ამით კაიფობს. სათაურს თუ ჩაუღრმავდები, მიხვდები - რატომ ჰქვია ასე ამ პატარა ნაწარმოებს.
გამახარე, მადლობა. ❤️

თვითონ სიტყვა "ოქსიმორონი" პირველად შენთან წავიკითხე. აქამდე არ ვიცოდი. ჩემით ასი წელი ვერ მივხვდებოდი. მოკლედ, დავსერჩე და გარდა ლექსიკური მარაგისა, ცოტა სხვა რამეც გავიფართოვე. ამ სხვა რამეს მუზა ჰქვია თუ კიდევ სხვა რამე, ეს მე არ ვიცი. რაღაც ამაღელვებელს ვგრძნობ. მაგარი რამე ყოფილა ოქსიმორონი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent