დასაწყისი ( 7 )
უხერხულად იჯდა სავარძლის კიდეზე, მხრებში გამართული, სკოლისმოსწავლესავით მუხლებზე ხელებდაწყობილი, უზარმაზარ მისაღებ ოთახს ათვალიერებდა და ელოდა ალექსი როდის გამოვიდოდა კაბინეტიდან სადაც ახლა მამამისთან და გიორგისთან ერთად იყო, ალექსის მამა არ უნახავს, სახლში შემოვიდნენ თუ არა ალექსმა უთხრა მისაღებში დალოდებოდა და თვითონ გიორგისთან ერთად კაბინეტში შევიდა... - რამეს ხომ არ დალევთ, -ზურგს უკნიდან ხმის გაგონებისას შეშინებული შეხტა და წამოდგა, მის უკან შუახანს გადაცილებული დაბალი სასიამოვნო გარეგნობის ქალი იდგა და უღიმოდა. - არაფერი არ მინდა, ნუ შეწუხდებით ქალბატონო, -უპასუხა და უხერხულად გაუღიმა. - მერიკო დამიძახე შვილო, აქ ვმუშაობ, -ალექსი და გიორგი ალბათ კარგა ხანს ვერ გამოვლენ, ასე ხომ არ იჯდები, ჩაის და ნამცხვარს მოგიტან. - თუ არ შეწუხდებით... - რა შემაწუხებს შვილო, ძლივს ალექსი ამ სახლში დავინახე და თან გოგოსთან ერთად, მერე კიდევ იტყვიან სასწაულები არ ხდებაო, პირჯვარი გადაიწერა და ელენეს გაოცებული სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე წავიდა სამზარეულოსკენ, ელენე აღარ დამჯდარა, დროის გასაყვანად იქაურობის დათვალიერება გადაწყვიტა, უძვირფასესი ავეჯით და სამშვენისებით იყო გაწყობილი მისაღები ოთახი, ბუხრის თაროზე დადებული ფოტოსკენ გაექცა თვალი, თექვსმეტიოდე წლის ბიჭები და ათიოდე წლის ულამაზესი გოგონა მომღიმარ მშობლებთან ერთად, ელენემ მაშინვე იცნო ალექსი, გოგონასთვის ორივე ხელი ჰქონდა შემოხვეული, ნიკაპით თავზე ეყრდნობოდა და გულიანად იღიმოდა, თეთრ კბილებს აჩენდა და თვალები უბრწყინავდა... - ესე იგი შენ ხარ ელენე, გოგო რომელმაც ბიძაშვილები ერთმანეთს გადაჰკიდა, -ცივი თითქოსდა სულის გამყინავი ხმის გაგონებისას შებრუნდა, მის უკან მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მაღალი ქერათმიანი სასიამოვნო გარეგნობის თუმცა მკაცრი გამომეტყველების პატრონი ქალი იდგა, ის ქალი რომელიც ცოტა ხნის წინ ფოტოზე ნახა, ელენე მაშინვე მიხვდა რომ ალექსის დედა იყო, უნდოდა მისალმებოდა მაგრამ ისეთი თვალებით უყურებდა რომ ტანში გასცრა და უხერხულობისგან ხელებს რომ ვერაფერი მოუხერხა ჯიბეებში ჩაიწყო. - მგონი რაღაც ვიკითხე და პასუხს ველოდები, -ქალის ხმის ტონი არ იცვლებოდა. - აა დიახ, მე ელენე ვარ, გამარჯობა... - მხოლოდ ამას მეუბნები? - სხვა რა უნდა გითხრათ? ქალმა წარბი შეკრა, ნაზი ტანის რხევით მივიდა დივანთან, ჩამოჯდა და ელენესაც ანიშნა რომ მის გვერდით დამჯდარიყო. - აბა, აქ რას აკეთებ? - ალექსს ველოდები. - რატომ ელოდები? - იმიტომ რომ მთხოვა დავლოდებოდი, -ელენე დაპროგრამებულივით პასუხობდა კითხვებზე ვერ გაეგო რა უნდოდა მისგან ამ ქალს, რის გაგებას ცდილობდა. - როგორც ვიცი მახოს საცოლე ხარ. - მეე? - აქ სხვა ვინმეს ხედავ, -უკმეხად მიუგდო და უფრო მკაცრი მზერით ჩააშტერდა თვალებში, ელენემ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, აფთარს ჰგავდა ქალი, მის შესწავლას ცდილობდა რომ სუსტი წერტილი ეპოვა და შეტევაზე გადმოსულიყო, ალბათ ისე დაფლეთდა ნაწილ-ნაწილ რომ თვალსაც არ დაახამხამებდა, უყურებდა ყავისფერ თვალებში და ერთადერთი რაც ახლა უნდოდა აქედან გაქცევა იყო. - გეშლებათ, მე არავის საცოლე არ ვარ, -ძლივს ამოილუღლუღა, დაინახა როგორ ჩაიღიმა ქალმა. - მე არაფერი მეშლება საყვარელო, ვიცი რომ შენ და მახო გაიპარეთ რადგან მასზე დაქორწინება გინდოდა, საწყალ ბიჭს მაგ ანგელოზის სახით და თვალებით ტვინი აურიე, მერე კი ალექსი ნახე და მიხვდი რომ ის უკეთესი ვარიანტი იყო, არა მაინც როგორ მოახერხე და ასე გააბრიყვე ორივე, ახლა რას აპირებ ჩემს შვილს უნდა აიძულო რომ ცოლად მოგიყვანოს? თუ გიორგიზე აპირებ გადასვლას, ახალი გეგმა გაქვს ალბათ, ამიტომ დაიწყე ჩვენს კომპანიაში მუშაობა? - მე არავის არაფერს ვაიძულებ, თქვენ არც კი იცით რა მოხდა... არ იცით მახომ რა გააკეთა, მე უბრალოდ... - ჩუმად, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი, მახომ ყველაფერი მომიყვა, -ქალმა ხმას აუწია და უფრო მეტად აუელვარდა თვალები, -შენ გგონია რომ ჩემს მოტყუებას შეძლებ? იცი მაინც რა გააკეთე? ბიძაშვილები ერთმანეთს გადაკიდე, არამარტო ბიძაშვილები, ოჯახებიც შენს გამო და იმის გამო რომ ახლა უსირცხვილოდ ალექსთან ერთად ცხოვრობ და ფეხებზე გკიდია რომ ალექსი იმ კაცის ბიძაშვილია რომელსაც ცოლად უნდა გაყოლოდი, ჩემი მაზლი მალხაზი ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობის გაწყვეტას აპირებს და თავისი წილის გატანა უნდა, იცი ეს რამდენ პრობლემებს შეგვიქმნის? ალექსს ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვს მამამისთან და ახლა საბოლოოდ დაკარგავენ ერთმანეთს, შენს გამო მთელი ოჯახი იშლება და უბედურდება გესმის? გამშრალი და გაშეშებული უსმენდა ელენე, მისი ყოველი სიტყვა წვერწამახული ისარივით ესობოდა სხეულში და ნელ-ნელა აცლიდა სასიცოცხლო ენერგიას, უსამართლობა იყო რისი მოსმენაც უწევდა მაგრამ იყო ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალი, განა მის გამო არ დაუპირისპირდა ალექსი მახოს? ახლა კი მახოს ინტრიგების გამო შეიძლება მის ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნას, მხოლოდ იმის გამო რომ ის საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა იმისთვის რომ ალექსისგან წასულიყო, საცოდავი მშიშარა გოგო... - არ ვიცი რას ფიქრობ მაგრამ იცოდე რომ შენნაირ უსინდისო, ნამუსგარეცხილ ავანტიურისტს უფლებას არ მივცემ რომ ჩემს შვილს ცხოვრება დაუნგრიოს, ცოტათი მაინც თუ გაქვს სინდისი და ნამუსი შერჩენილი, ალექსის ცხოვრებიდან წახვალ, არ წახვალ და მე გაიძულებ ამას ოღონდ იცოდე ეს არც თუ ისე სასიამოვნო იქნება. მძიმედ ადგა, ნელი ნაბიჯით გავიდა სახლიდან, დაცვამ ჭიშკარი გაუღო და უხმოდ დაუკრა თავი, მიდიოდა მხრებში მოხრილი, განადგურებული და ახლა როგორც არასდროს ისე გრძნობდა საკუთარ უსუსურობას, რამდენიმე ასეული მეტრის ფეხით გავლის შემდეგ ტაქსი გააჩერა და საკუთარი ბინის მისამართი უკარნახა, დიდხანს იდგა შენობის წინ და ჩაბნელებულ ფანჯრებს აჰყურებდა, ყელში რაღაც აწვებოდა, ახრჩობდა, უნდოდა ეტირა რომ სულ ცოტათი მაინც მოშვებოდა გულზე მაგრამ ვერ ახერხებდა, ჩაბნელებულ კიბეებს აუყვა და საკუთარი ბინის კართან შედგა, ხელის კანკალით მოარგო გასაღები, კარი გააღო და სულისშემხუთველი სიბნელე შეეჩეხა, ზურგს უკან ავისმომასწავებლად გატკაცუნდა საკეტი, სინათლე არ აუნთია, ხელის ცეცებით გავიდა მისაღებში რომელიც ფანჯრებიდან შემოსული ბინდბუნდშეპარული სინათლით იყო განათებული, უცნაური სიჩუმე და სიცივე იყო გამეფებული ყველგან, სიცივე და სიმარტოვე... ფრთხილად შეაღო მშობლების საძინებლის კარი, ჩამრთველს ხელი აკრა და იქაურობას თვალი მოავლო, ყველაფერი ისე იყო როგორც ადრე, საწოლზე დედას საყვარელი წითელყვავილებიანი ფუმფულა გადასაფარებელი იყო გადაფარებული, ტუმბოზე კოხტად დაკეცილი შალი იდო, აიღო ტუჩებთან მიიტანა, ჯერ კიდევ შერჩენოდა თავისებური ნაცნობი სურნელი, მთელი სიმძაფრით იგრძნო მარტოობა, ჩაიკეცა, შალი გულში ჩაიხუტა და მოთქმით ატირდა. - - - - - - - - ესე იგი შევთანხმდით? -ალექსი წამოდგა და მის წინ სავარძელში მჯდარ მაღალ ჭაღარათმიან მამაკაცს თვალი გაუსწორა, კაცმა ჩაიღიმა წამოდგა ალექსს მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო, გიორგი ღიმილით უყურებად ამ სცენას. - ძველ შეცდომებს აღარ გავიმეორებ შვილო, არავინ და არაფერი მიღირს იმად რომ შენ და გიორგი დაგკარგოთ, მე შენი მჯერა და გენდობი, მალხაზს და მახოს მე მივხედავ, ჩვენს საქმეში მათი წილი არც იმდენია რომ კომპანიას საფრთხე შეუქმნას, მალხაზს დაველაპარაკები, საინტერესოა როგორ მოახერხა იმ ბიჭმა და მამამისს ტვინი გადაუტრიალა, არაფერზე იფიქროთ, თქვენ იმ გოგოს მიხედეთ, არ დაუშვათ რომ მახომ რამე აწყენინოს. - მადლობა, -ალექსი გადაეხვია და გიორგის თვალით ანიშნა წავიდეთო, ერთი სული ჰქონდა გარეთ გასულიყო, არ მოსწონდა რომ ელენე მისთვის ამ უცხო ადგილზე მარტო დატოვა, თითქმის სირბილით შევიდა მისაღებში, იქ მხოლოდ დედამისი დახვდა, ფეხიფეხზე გადადებული იჯდა დივანზე და მთელი ყურადღებით კითხულობდა ჟურნალს, ალექსის დანახვისას წამოდგა და ღიმილით დაიძრა მისკენ. - ელენე სად არის? -ალექსმა კიდევ ერთხელ მოათვალიერა იქაურობა. - მომსალმებოდი მაინც, -ნაწყენი სახე მიიღო ქალმა. - რასაც გეკითხები იმაზე მიპასუხე, ელენე სად არის? -კბილებში გამოსცრა ალექსმა. - ააჰ, იმ უზრდელ, თავხედ გოგოს გულისხმობ? წავიდა, სახლში არ ვიყავი, დავბრუნდი და აქ დამხვდა, მინდოდა გამეცნო და დავლაპარაკებოდი, თუმცა ნამდვილი ველური აღმოჩნდა, ნორმალურადაც არ მომესალმა ისე გავარდა სახლიდან. - ელენეს რა უთხარი? ასეთი რა უთხარი რომ აქედან გაიქცა, -ალექსი ძლივს იკავებდა თავს რომ სიბრაზისგან არ აფეთქებულიყო, ერთი წუთითაც კი არ დაუჯერებია რაც დედამისმა უთხრა, იცოდა, ძალიან კარგად იცოდა როგორ შეეძლო მას ხალხით მანიპულირება, ისიც იცოდა რომ მას ვერაფერს დააცდენინებდა, მისი გონება გამალებული მუშაობდა და შესაძლო ვარიანტებზე ფიქრობდა თუ სად შეიძლება წასულიყო ელენე. - წავედით, -გიორგის ანიშნა და გასასვლელისკენ წავიდა. - ისევ შენს ძმას დასდევ კუდში, რით ვეღარ გაიზარდე? -დაისისინა ქალმა და უკმაყოფილოდ მოპრუწა წითლად შეღებილი ტუჩები. - გაჩუმდი, -ისე იღრიალა გიორგიმ რომ ქალი შიშისგან შეხტა, -გაჩუმდი და ერთხელ მაინც იფიქრე შენი თავის გარდა სხვაზე, არ გეყო ალექსს რაც გაუკეთე? ჭკუას ვერ სწავლობ... -ზურგი შეაქცია, ალექსს აედევნა და დატოვა ასე გაშეშებული და გაფითრებული. გიჟივით გავარდა ალექსი ჭიშკრიდან და ის იყო საჭეს უნდა მიჯდომოდა რომ მერიკოს ხმა მოესმა, შედგა და უკან მიიხედა. - ალექს შვილო შეგიძლია ერთი წუთით მომისმინო, -მერიკო ისე დაფეთებული იყურებოდა აქეთ-იქით აშკარა იყო რომ ეშინოდა არავის დაენახა, ფრთხილად მიუახლოვდა მანქანას. - არ მინდოდა ამ ყველაფერში ჩარევა მაგრამ ის გოგო ელენე, ასეთ მოქცევას ნამდვილად არ იმსახურებდა, ერთი პატარა, უცოდველი, საყვარელი ბავშვია დედაშენი კი სასტიკად მოექცა... - რა გააკეთა, ასეთი რა უთხრა, -ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოიხრიალა და ღია კარს დაეყრდნო რომ არ შებარბაცებულიყო. - როგორ გითხრა შვილო, ათასი სისაძაგლე უთხრა, საცოდავი გოგო არც კი შეეპასუხა, უბრალოდ ადგა და წავიდა, მაპატიე მე ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი. - მადლობა მერიკო რომ ეს ყველაფერი მითხარი, -ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა, მოახლოებულ გიორგის ანიშნა ჩემთან ერთად წამოდიო და საჭეს მიუჯდა. - ალბათ შენს ბინაში არ დაბრუნდებოდა, -პირველმა გიორგიმ ამოიღო ხმა. - მეც ასე ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ თავის სახლში წავიდოდა, იქ მივაკითხავ, იმედია კარგადაა. - და შენ როგორ ხარ ასე მშვიდად, მე ხომ გიცნობ, ვიცი ახლა შენს შიგნით რაც ხდება, არ გამოხატავ მაგრამ ალბათ საშინლად ბრაზობ, ნერვიულობ და განიცდი. ცერად გახედა გიორგის, მართალი იყო, ბოლოს და ბოლოს ძმა იყო მისი და მას თუ არა სხვას ვის ეცოდინებოდა ამ უდარდელობით შენიღბული სიმშვიდის მიღმა რა დამანგრეველი ქარიშხალი იმალებოდა, ჩაბნელებულ ქუჩას გახედა და სისწრაფეს მოუმატა. - - - - - - - თვალები გაახილა, გაიზმორა და უნებურმა ღიმილმა გაუპო ბაგე, უჩვეულოდ კარგად ეძინა მთელი ღამე, არანაირი კოშმარი არ უნახავს, ოთახი მოათვალიერა, ეუცნაურა როცა საკუთარი საძინებელი იცნო, თვალები დახუჭა და გონება დაძაბა, გაახსენდა როგორ მოვიდა აქ, როგორ შევიდა მშობლების საძინებელში, როგორ ჩაიკეცა საწოლთან, ჰო მაგრამ ამ საძინებელში როგორ აღმოჩნდა? საწოლში მაისურისა და ქვედა საცვლის ამარა წევს, საბანი აფარია... - ნუთუ ისე ცუდად ვიყავი რომ ეს ყველაფერი როგორ გავაკეთე არ მახსოვს? -ჩაილაპარაკა და კარადა გამოაღო, შორტი ამოიცვა, აბურდული თმები ჩამოისწორა და ფეხშიშველი გავიდა საძინებლიდან, მისაღებში შევიდა თუ არა საოცრად სასიამოვნო სურნელმა შეუღიტინა ცხვირში, სამზარეულოდან ხმაური მოესმა, შედგა, მაშინვე მიხვდა რომ არ უნდა შეშინებოდა, მძარცველი რომ ყოფილიყო საუზმის მომზადებას ნამდვილად არ დაიწყებდა მაგრამ რაც დაინახა იმას ნამდვილად არ ელოდა, სამზარეულოში ალექსი იდგა და ღიღინ-ღიღინით აკეთებდა ომლეტს, ახლა მიხვდა ელენე თუ რატომ არ სიზმრებია კოშმარები, ალბათ მთელი ღამე მასთან ერთად იყო ალექსი. - როგორც იქნა გაიღვიძე, -უდარდელად შესცინა ელენეს და მისკენ გაიწია რომ ლოყაზე ეკოცნა, უკან დაიხია ელენემ, ღიმილი სახეზე შეეყინა ალექსს თუმცა არ შეიმჩნია. - საუზმე მზად არის, დაჯექი, ომლეტსაც მოვიტან და მოვალ. - აქ რას აკეთებ? -მთელი ძალა და ნებისყოფა მოიკრიბა ელენემ რომ ხმისთვის სიმკაცრე მიეცა და მისი ნახვით გამოწვეული სიხარული არ შეტყობოდა. - და შენ? შენ რას აკეთებ აქ? -კარის ჩარჩოს მიეყრდნო, ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა, ხელები გულზე დაიკრიბა და ღიმილით შეხედა, -აქ რატომ ხარ ელენე? - ეს ჩემი სახლია, რას ნიშნავს აქ რატომ ვარ? - მშვენივრად მიხვდი რასაც გეკითხები. - როგორ შემოხვედი? - რა მნიშვნელობა აქვს, -მხრები აიჩეჩა და ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი ძლივს შეაკავა. - უნდა ვილაპარაკოთ, -ელენემ ზურგი შეაქცია, დივნისკენ წავიდა დაჯდა და თვალი ფანჯრიდან მომზირალ ნაცრისფერ ცას გაუშტერა, ფრთხილად მიუახლოვდა ალექსი და მის წინ ჩამოჯდა, ცუდმა წინათგრძნობამ შეიპყრო, უსიამოვნოდ შეჭმუხნა სახე და წინასწარ მოემზადა რაღაც ძალიან ცუდისთვის. - ვილაპარაკოთ მაგრამ კარგად დაფიქრდი სანამ რამეს მეტყვი, ისეთ რამეს ნუ გააკეთებ რასაც მერე ინანებ, ვიცი რაც მოხდა, ვიცი რომ დედაჩემმა გაწყენინა... - დედაშენი საერთოდ არაფერ შუაშია, ჰო მართალია ისეთი სისაძაგლეებიც მითხრა რაც არ დამიმსახურებია მაგრამ ამ ყველაფერმა თვალი ამიხილა, ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ არასწორია... - ნუღარ გააგრძელებ. - გთხოვ, მაცადე ბოლომდე გითხრა სათქმელი, -აწყლიანებული თვალებით შეხედა და მის თვალებში ტკივილი და სასოწარკვეთილება რომ შეამჩნია ცოტა დააკლდა რომ წამომხტარიყო, კალთაში ჩაჯდომოდა და თავი მის ყელში ჩაერგო, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ღრმად ამოისუნთქა. - ჩვენ ორივემ, ყველაფერი არასწორად გავიგეთ ალექს, მადლობა რომ მახოსგან გადამარჩინე, ყველაფრისთვის დიდ მადლობას გიხდი, მაგრამ აქ შევჩერდეთ, საკმარისია, ბევრი ვიფიქრე ამ ყველაფერზე და ჯობია თუ ერთმანეთს აღარ შევხვდებით. - შემომხედე, თვალებში შემომხედე, -თითქოსდა არაამქვეყნიური ხმა ჰქონდა ალექსს, თავი ასწია და ახლა როგორც არასდროს ისე გაუჭირდა მისთვის მზერის გასწორება. - ასე უბრალოდ? გინდა რომ დაგტოვო და წავიდე? - მინდა, -ამ ერთ სიტყვას მთელი გული ამოაყოლა და ათრთოლებული ხელით მიუთითა კარისკენ. - წადი ალექს, შენი ნახვა აღარ მინდა, არასდროს, დღეიდან შენთან არანაირი ურთიერთობა აღარ მინდა რომ მქონდეს, შეცდომა დავუშვი როცა ვიფიქრე რომ... რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, მახომ გამიტაცა მერე შენ გადამარჩინე და რაც არ უნდა ყოფილიყო ახლა დროა რომ ჩვენ-ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდეთ. - გასაგებია, ყველაფერი გასაგებია, ანუ დღეიდან შენ შენთვის მე ჩემთვის? დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? -ელენეს გასაკვირად ალექსს სახიდან ღიმილი არ შორდებოდა თუმცა ამჯერად მის თვალებში ვერაფრის წაკითხვას ვერ ახერხებდა. - მინდა, -კიდევ ერთხელ თქვა და თვალები მაგრად დახუჭა რომ მისი მომღიმარი სახე ასე რომ უბნევდა თავგზას აღარ დაენახა. მშვიდად წამოდგა ალექსი ფეხზე, მიუახლოვდა, მის წინ ჩაიმუხლა, ნაზად შეუცურა თითები სახეზე, თავისკენ მიიზიდა და მხურვალე ტუჩები მიაკრო შუბლზე. - საუზმე ჭამე თორემ ყველაფერი გაცივდება, -თბილი ხმით ჩასჩურჩულა და გასასვლელისკენ წავიდა, კარის დაკეტვის ხმა რომ გაიგო მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები, საოცარი სიჩუმე იყო გამეფებული მისაღებ ოთახში, შეამცივნა. - სწორად მოვიქეცი, მე სწორად მოვიქეცი, იმის გამო რომ ეგოისტურად მინდოდა მასთან ყოფნა ცხოვრებას ვერ დავუნგრევდი, ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც არის, მე სწორად მოვიქეცი, -ბუტბუტებდა და ცდილობდა როგორმე დამშვიდებულიყო, ადგა მაგიდას მიუჯდა და ომლეტი გადმოიღო, ძლივს გადაყლაპა რამდენიმე ლუკმა, ბევრი ეცადა მაგრამ თავის შეკავება ვეღარ შეძლო, ღვარად წამოსულ ცრემლებს ვეღარ გაუმკლავდა, ერთი ხელის მოსმით გადმოყარა მაგიდიდან ყველაფერი და იატაკზე მიმოფანტულ ნამსხვრევებში ჩაიკეცა. - - - - - - - - - სამი დღე გავიდა, ელენეს ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მშიერ მწყურვალი იწვა მთელი დღეები საწოლში და უხმოდ შესცქეროდა ცის ნაგლეჯს მისი ფანჯრიდან რომ მოჩანდა, ღამე კოშმარები არ ასვენებდა ხოლო დღე მონატრება, უფრო და უფრო ხშირად ფიქრობდა იმაზე რომ შეცდომა დაუშვა ალექსს ასე რომ მოექცა, მაგრამ ისიც ვერ გაეგო მან როგორ შეძლო და ასე ადვილად მიატოვა, კარზე გაბმულმა კაკუნმა მოიყვანა გონს, ყურადღება არ მიაქცია, ალექსი რომ ყოფილიყო, არ დააკაკუნებდა, ალბათ ისევ ისე შემოვიდოდა როგორც იმ ღამით, სხვისი ნახვა კი ახლა ნამდვილად არ უნდოდა. - ელენე ვიცი რომ სახლში ხარ, კარი გამიღე, -ნაცნობი ხმის გაგონებისას გაკვირვებული წამოხტა საწოლიდან, თავბრუ დაეხვა და შებარბაცდა, ხელის ცეცებით მივიდა კართან და გამოაღო. - როგორ ხარ? -ლილია შეპატიჟებას არ დალოდებია, ელენე გვერდზე გასწია, კარი დახურა და პირდაპირ მისაღებისკენ წავიდა. - აბა რა ხდება, სად დაიკარგე? -გამომცდელად შეათვალიერა ფერდაკარგული და თმააბურდული ელენე, -რაღაც რაღაცეები მოგიტანე, ქაღალდის პაკეტზე ანიშნა, დონატებია. - არაფერი არ მინდა, -პაკეტს თვალი მოარიდა ელენემ და საზურგეს მიეყრდნო. - ცუდი ფერი გაქვს, რა გჭირს? - ისეთი არაფერი, უხასიათოდ ვარ, შენ ის მითხარი აქ რამ მოგიყვანა? - უკვე სამი დღეა სამსახურში არ მოსულხარ, უბრალოდ მაინტერესებს რა ხდება, ეს არის და ეს. - გიორგიმ გამოგგზავნა? - არა ეს რა შუაშია? არ ვიცი მასთან და ალექსთან რა ურთიერთობა გაქვს მაგრამ მე მართლა ვღელავ შენზე, თავიდანვე მომეწონე, დაგინახე თუ არა მაშინვე, თუკი შენი სურვილიც იქნება მინდა რომ ვიმეგობროთ. - მადლობა ლილია, უბრალოდ ახლა მარტო ყოფნა მჭირდება, ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება... - მარტოობა არასდროსაა კარგი, იცოდე ყოველთვის შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, თუკი რამე დაგჭირდება დამირეკე კარგი? უხმოდ დაუქნია თავი, კარამდე მიაცილა და დაემშვიდობა, მერე მისი მოტანილი პაკეტიდან ერთი ცალი დონატი ამოიღო და უგემურად გაღეჭა. საღამოს რვა საათი იქნებოდა როცა კიდევ ერთხელ დაურღვიეს ელენეს მყუდროება, კაკუნის ხმა რომ გაიგო უნებურად გაეღიმა, ეგონა ისევ ლილია მოვიდა მასთან, კართან მიირბინა და გამოაღო, გაკვირვებულმა დაჭყიტა თვალები გიორგი რომ დაინახა, ფართოდ გაშალა გიორგიმ მკლავები და ძლიერად ჩაიხუტა. - მომენატრე პატარავ, სად დაგვეკარგე? ასე როგორ შეიძლება? - ალექსს არაფერი უთქვამს? -ძლივს ამოღერღა, მოშორდა და დასჯილი დამნაშავე ბავშვივით თავდახრილი დადგა მის წინ. - რაღაც რაღაცეები მომიყვა მაგრამ მე რა შუაში ვარ ვერ ვხვდები, მეგონა მეგობრები ვიყავით, რატომ არ დამირეკე, ის მაინც გეთქვა რომ სამსახურში მოსვლას აღარ აპირებდი. - მაპატიე, უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი. - ასე უნდა ვისაუბროთ? არ შემიპატიჟებ? - შემოდი, -გვერდზე გადგა და გიორგი შეატარა, მისაღებში შევიდნენ თუ არა გიორგიმ ელენე შეაჩერა და დაკვირვებით შეათვალიერა. - რა გჭირს, რას გავხარ, ეს დღეები საერთოდ არ გიძინია და არაფერი გიჭამია? - ღამე ვერ ვიძინებ, კოშმარები მესიზმრება, -უხერხულად გაიღიმა და მხრები აიჩეჩა. - საჭმელი? - დღეს ლილია იყო ჩემთან დონატები მომიტანა და ვჭამე. - მართლა? მიხარია რომ შენ და ლილიამ საერთო ენა გამონახეთ. - ძალიან კარგი გოგოა. - ჰო ასეა, -გიორგი ფანჯარასთან მივიდა და ღამის განათებებით გაჩახჩახებულ ქალაქს გახედა, -იცი რა, აქ რომ მოვდიოდი რატომღაც მეგონა რომ ალექსის შესახებ მკითხავდი რამეს შენ კი ჯიუტად დუმხარ. - მე მართლა მინდოდა მეკითხა, უბრალოდ... - ორივე ნამდვილი მაზოხისტები ხართ, შენ აქ იტანჯები, ის კი უკვე ორი დღეა არ ვიცი სად არის, აქედან რომ წამოვიდა, გწერდა შენ კი არცერთხელ არ დაუბრუნე პასუხი, შენი ნახვა უნდოდა, მაგრამ თვლიდა რომ მარტოობა და თავისუფლად ფიქრი გჭირდებოდა იმ ყველაფერზე რაც მოხდა, გუშინ დილით კი უბრალოდ წავიდა და ვეღარსად ვპოულობ, არ ვიცი სად უნდა ვეძებო, მის ცხოვრებაზე, იმ ცხოვრებაზე როგორც სახლიდან წასვლის შემდეგ ცხოვრობს ბევრი არაფერი ვიცი... საძინებელში შევარდა, ტელეფონი აიღო და ჩართო, უხმოდ კითხულობდა ალექსის შეტყობინებებს და გული სითბოთი და სიყვარულით ევსებოდა. - კახას და ლადოს დავურეკოთ მათ ეცოდინებათ სად არის, -საძინებლის კართან მდგარ გიორგის გაძახა და კარადიდან ტანსაცმელი გადმოყარა რომ პიჟამოების მაგივრად ჩაეცვა. - ჯანდაბა მე როგორ ვერ მოვიფიქრე, -გიორგიმ ტელეფონი ამოიღო და კახას ნომერი აკრიფა. - - - - - - - - - დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან ერთად შემოსვლა გინდა? -გიორგიმ მის გვერდით მდგარ შავ შარვალში და ამავე ფერის კაპიუშონიან მოსაცმელში გამოწყობილ ელენეს გადახედა, -ისე ახლა რომ გიყურებ ზუსტად აქაურობისთვის შესაფერისად გამოიყურები. - ხუმრობის დრო არ არის გიორგი, შევიდეთ, -ელენეს ხმა ისეთი მტკიცე იყო რომ გიორგის აღარ უყოყმანია, კარზე დააბრახუნა და როგორც კი პატარა სარკმელი გაიღო, წინასწარ მომზადებული ფული შეაწოდა, რამდენიმე წამიანი ჩხაკუნის შემდეგ გაიღო რკინის კარი მათ წინაშე, მაღალი გრძელწვერიანი და მკლავებზე უამრავი ტატუს მქონე მამაკაცი გვერდზე გადგა და სტუმრებს გზა დაუთმო, მათ უკან კარი ავისმომასწავებელი ჭრიალით დაიხურა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.