ცასა და მიწას შორის ( 1 )
არ ჰგავდა ის დღე ჩვეულებრივ დღეს, ნამდვილად არ ჰგავდა, ამას მაშინ მივხვდი რომ გავიღვიძე და აღმოვაჩინე რომ ვერანდაზე, აბაზანაში ან დერეფანში კი არა საკუთარ საწოლში ჩემს ფუმფულა ბალიშთან ჩახუტებულს ბედნიერად მეძინა, სხვა დროს ხან სად ვიღვიძებდი და ხან სად, გამოღვიძებულს კი აღარაფერი მახსოვდა, რაც თავი მახსოვს ყოველთვის ასე ხდებოდა, მშობლებს მიაჩნდათ რომ მთვარეული ვიყავი, ბებიაჩემი კი ყველას ეუბნებოდა რომ მისი შვილიშვილი ეშმაკს ჰყავდა შეპყრობილი, ამას მხოლოდ იმიტომ არ ამბობდა რომ ღამღამობით მძინარი დავბოდიალობდი, ჩვენს სახლში და ჩემს გარშემო ხშირად ხდებოდა უცნაური და შეიძლება ითქვას ამოუხსნელი მოვლენები... - ოჰ როგორც იქნა ნორმალურად გამოვიძინე, -გემრიელად გავიზმორე, წამოვხტი, მაისურისა და ქვედა საცვლის ამარა სამზარეულოში გავტანტალდი, ყავა მოვიდუღე, საათს შევხედე, სამსახურში წასვლამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო მქონდა, ამიტომაც მშვიდად გავედი ვერანდაზე, სავარძელში ჩავეშვი, სურნელოვანი სითხე ბედნიერი ღიმილით მოვსვი და მოგონებებში ჩავიძირე... პირველად როცა ჩემს გარშემო უცნაური შემთხვევა მოხდა ექვსი წლის ვიყავი, დედამ ჩემს დაბადების დღეზე მთელი კლასი დაპატიჟა, ჩვენი უზარმაზარი სახლის უზარმაზარ უკანა ბაღში მოაწყვეს წვეულება, დედას ყოველთვის უყვარდა ყველაფრის გაზვიადება, საუკეთესო დიზაინერები დაიქირავა და ბაღი მორთეს, უამრავი ფული დახარჯა მხოლოდ იმიტომ რომ მერე დაქალებთან ეტრაბახა, თუმცა მაშინ რათქმაუნდა ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი, ძალიან მიხაროდა ფერადი გარემო და მეგობრებთან ერთად გართობა, მშვენივრად ვერთობოდით სანამ ჩემმა კლასელმა დენისმა სათამაშო რომელიც მამამ მაჩუქა არ გამიტეხა, ჯერ გულიანად ვიტირე და ცრემლები ვაღვარღვარე მერე კი უამრავი სტუმრის თანდასწრებით ბებიაჩემის საყვარელი წყევლა გავიხსენე და ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვა ვუსურვე... ჯოჯოხეთის ცეცხლის რა მოგახსენოთ მაგრამ სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში როცა უკვე თითქმის ყველას გადავიწყებული ჰქონდა, ჩემი წყევლა, ჩვენმა დამხმარე გოგონამ ზუსტად იქ დააქცია რაღაც სითხე სადაც ბავშვები თამაშობდნენ, მერე კი ერთერთი ბავშვის მშობელს რომელიც რატომღაც მთვრალი მოვიდა ჩემს დაბადების დღეზე ანთებული სიგარეტი გაუვარდა ხელიდან... მშობლები და ბავშვები პირდაღებულები შესცქეროდნენ ცეცხლის იდეალურად სწორ რკალში მოქცეულ დენისს რომელიც ცრემლებად იღვრებოდა, როცა როგორც იქნა ცეცხლი ჩააქრეს და დენისიც დააწყნარეს, ჩემთვისაც მოიცალეს, რათქმაუნდა მე ვერავინ ვერაფერს დამაბრალებდა ბოლოს და ბოლოს სულ რაღაც ექვსი წლის ვიყავი და თანაც მის გვერდით არ ვყოფილვარ როცა ცეცხლი გაჩნდა, მიუხედავად ამისა ყველას ახსოვდა როგორ ვუსურვე ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვა, უცნაურად მიყურებდნენ და ჩურჩულებდნენ, ეს იყო და ეს, მას შემდეგ ჩვენს პატარა ქალაქში ჩემს შესახებ ჩურჩული აღარ შემწყდარა, ყოველთვის თან მდევდა უცნაური მოვლენები და დამთხვევები. მეორე კლასში ვიყავი, როცა ერთ დღეს მამამ მეზობელს სთხოვა სკოლიდან მის შვილთან ლინასთან ერთად მოვეყვანე, გზაში მეუღლემ დაურეკა, არც მე მომერიდა და არც საკუთარ შვილს, უშვერი სიტყვებით აგინებდა და ლანძღავდა მეუღლეს მხოლოდ იმიტომ რომ საყიდლებზე იმაზე მეტი თანხა დაუხარჯავს რაც გამოყოფილი ჰქონდა, ლინას ცრემლიანი თვალებით გაბრაზებულმა ვეღარ მოვითმინე და ხმამაღლა ვუსურვე დამუნჯება... ორი კვირა ვერ ლაპარაკობდა, ვერცერთმა ექიმმა ვერ გაიგო რა სჭირდა, მერე კი როცა როგორც იქნა ხმა ამოიღო, ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს ჩვენს ოჯახთან, მამაჩემს პირდაპირ უთხრა რომ სამკურნალო ვიყავი და ჩემი ეშინოდა. შემდეგი უცნაური შემთხვევა რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა, სკოლიდან ვბრუნდებოდი როცა დავინახე როგორ სცემდა დაბმულ ძაღლს ჩვენს მოპირდაპირედ მცხოვრები მოხუცი კაცი სახელად ბარნი, ხელში ფიცრის ნაჭერი ეკავა და მთელი ძალით ურტყავდა, მაშინვე მივვარდი საშველად თუმცა კაცი ისე იყო გაცოფებული ვერაფერი შევასმინე, საცოდავად მოკუნტული ძაღლის შემყურე საშინლად გავბრაზდი, ახლავე გაჩერდი თორემ ღმერთი სასტიკად დაგსჯისთქო ვუთხარი, ბოროტი ღიმილით შემომხედა და ისევ მოიქნია ხელი, მოიქნია და განწირულმა ღრიალმა გაჰკვეთა პროვოკაციულად მიყუჩებული გარემო, ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, ფიცარზე მიმაგრებული უზარმაზარი ლურსმანი ბოლომდე იყო ფეხში ჩასული, შემდეგში როცა ამ ამბავს ყვებოდა ბარნი იფიცებოდა რომ ფიცარზე რომლითაც ძაღლს ურტყავდა არანაირი ლურსმანი არ იყო და ვერ ხსნიდა საიდან გაჩნდა, მეც შემიძლია დავიფიცო რომ ფიცარზე მართლაც არ ყოფილა ლურსმანი... შემდეგ ყველაფერი გახშირდა, უცნაურმა და უბედურმა შემთხვევებმა ჩემს გარშემო იმდენად ხშირი სახე მიიღო რომ ჩემი მშობლები იძულებულები გახდნენ სკოლიდან გამოვეყვანე მასწავლებლებმა და ჩემი კლასელების მშობლებმა მათ უბრალოდ სხვა გზა არ დაუტოვეს, ყველაფერი მე მბრალდებოდა, ვიღაცის ფეხის გადაბრუნება, ვიღაცის ცუდად ჩაბარებული გამოცდა, სკოლის ფეხბურთის გუნდის წარუმატებლობა, რადგან მე თვითონაც არ ვიცი რატომ მაგრამ ზუსტად თამაშის წინ მთელი კლასის გასაგონად გამოვაცხადე რომ ფეხბურთის საყურებლად წასვლა არ ღირდა, ნიკოლასის გამო მაინც წააგებდნენ, ასეც მოხდა, ნიკოლასმა საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა და მერე ფეხი მოიტეხა, ამის შემდეგ უკვე ყველა მერიდებოდა სათოფეზეც კი არ მეკარებოდნენ, მეხიც კი მე დამბრალდა, მეხი რომელიც ცუდი ამინდის დროს მაინცდამაინც იმ მასწავლებელს დაეცა რომელსაც ვერ ვიტანდი და ორი კვირით მოუწია საავადმყოფოში წოლა, მართალია წინა დღეს წარმოვიდგინე როგორ ეცემოდა მეხი მაგრამ სინამდვილეში მისთვის რამის დაშავება არც კი მიფიქრია, რათქმაუნდა ეს ყველაფერი ხმამაღლა არ მითქვამს მაგრამ ვამჩნევდი როგორ უცნაურად მიყურებდნენ, ერთმანეთს ჩემზე უთითებდნენ და ჩურჩულებდნენ როცა მშობლებმა მითხრეს რომ სკოლაში აღარ ვივლიდი და სახლში ვისწავლიდი, სიმართლე რომ ვთქვა არ მწყენია, რატომ უნდა დამწყვეტოდა გული სკოლაზე, იქ მეგობრებიც კი არ მყავდა, მთელი დღეები ვიჯექი სახლში და ვმეცადინეობდი, შემდეგ დედამ გადაწყვიტა რომ ჩემთან ფსიქოლოგი ივლიდა და სეანსებს ჩამიტარებდა, ვერ მივხვდი ეს რაში მჭირდებოდა მაგრამ არ გამიპროტესტებია, სხვა თუ არაფერი ფსიქოლოგი მცირეოდენ სიახლეს მაინც შემოიტანდა ჩემს უფერულ ცხოვრებაში, ორი სეანსი დასჭირდა ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონს იმისთვის რომ ჩემთან მუშაობაზე უარი ეთქვა, გავიგონე როგორ ესაუბრებოდა სამზარეულოში დედაჩემს, უთხრა რომ სრულიად უმართავი ვიყავი, ჩემზე არც საუბრები და არც ჰიპნოზი არ მოქმედებდა, ჩაფიქრებული ავჩანჩალდი საძინებელში და საწოლზე გულაღმა დავვარდი, რათქმაუნდა დედაჩემისთვის არ მითქვამს რომ როცა წინა დღეს ფსიქოლოგი ჩემთვის ჰიპნოზის ჩატარებას ცდილობდა, აშკარად რაღაც გააკეთა არასწორად, მისმა ჰიპნოზმა ჩემზე არ იმოქმედა, სამაგიეროდ თვითონ დაემართა რაღაც, შეშლილივით იქცეოდა, ტანსაცმელი გაიხადა, საცვლებით დაჯდა ჩემს წინ და ყველა საიდუმლო გამანდო რაც კი ჰქონდა, მომიყვა როგორ ღალატობდა ქმარს რადგან ოჯახში თავს საშინლად გრძნობდა, მომიყვა თუ როგორ ეზიზღებოდა ის საქმე რასაც აკეთებდა, მეც რა უნდა მექნა ვიჯექი და ვუსმენდი, როცა ათიოდე წუთში გამოფხიზლდა და თავისი თავი ასეთ მდგომარეობაში დაინახა, ძალიან შეეშინდა, ჩაიცვა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა... ამ ამბის შემდეგ ვატყობდი რომ დედა და მამაც შეიცვალნენ, ჩემთან კონტაქტს ერიდებოდნენ, არ მესმოდა რა უნდოდათ ჩემგან, ბებია ეშმაკით შეპყრობილს მეძახდა, დედაჩემს მიაჩნდა რომ ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა, მამაჩემი ისე მარიდებდა თვალს თითქოს მსოფლიოში მომხდარი ყველა უბედურება ჩემი ბრალი ყოფილიყოს, არადა არ ვიყავი ცუდი, მშვიდი წყნარი, ზრდილობიანი ბავშვი ვიყავი, ყველა და ყველაფერი მიყვარდა, უბრალოდ ხანდახან მეც ვბრაზობდი როგორც დანარჩენი ადამიანები, მეც მჭირდებოდა სიყვარული და იმის შეგრძნება რომ გვერდით ვიღაც მყავდა, თუმცა ჯიუტად არ ვაღიარებდი რომ ხანდახან მარტოობა სულს მიხუთავდა, მაშინ როცა ჩემი ტოლი ბავშვები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, სკოლაში დადიოდნენ, ერთობოდნენ, გარშემომყოფთა სიყვარულით ტკბებოდნენ, მე სახლში ვიყავი გამოკეტილი კეთროვანივით, ურჩხულივით რომლის დანახვაც ყველას შიშის ზარს სცემდა, ნელ-ნელა ვეჩვეოდი მარტოობას და იმას რომ საკუთარი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა მქონოდა. ასე გადიოდა დრო, უამრავი გამოკვლევის და სხვადასხვა ქალაქში ექიმებთან სიარულის შემდეგ ჩემმა მშობლებმა ხელი ჩაიქნიეს, ყველა სამედიცინო დასკვნა იმაზე მიუთითებდა რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, საბოლოოდ ის გადაწყვეტილება რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა ჩემმა მშობლებმა მაშინ მიიღეს როცა შუაღამისას ცეცხლში გახვეული სამზარეულოს შუაგულში ფეხმორთხმით მჯდომი, მძინარე მიპოვეს, მეორე დილით მითხრეს რომ ჩანთა ჩამელაგებინა. - სად მივდივართ, -ცოტა არ იყოს მოუთმენლად ვიკითხე იმდენი ხანი იყო სახლიდან არ გავსულიყავი ერთი სული მქონდა სანამ სადმე წავიდოდით. - ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე მივდივართ, მოგეწონება, -დედამ თვალი ამარიდა, ჩემს ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ მანიშნა, სირბილით წავედი მანქანისკენ, - მამა არ მოდის? -მეუცნაურა როცა მხოლოდ ბებო დავინახე, - მამას არ ეცალა მხოლოდ ჩვენ მივდივართ, დაჯექი ბევრს ნუ ლაპარაკობ, ბებომ თითქმის ძალით ჩამტენა მანქანაში, მერე შებრუნდა და პირჯვარი გადაისახა. ცოტა ხანში ქალაქს გავცდით და მეც ჩამეძინა როცა გავიღვიძე და მიმოვიხედე გარემო უკვე აღარ მეცნო, ვიწრო, მოასფალტებულ გზაზე მივდიოდით, ირგვლივ მხოლოდ მწვანე ტყეები ჩანდა, მინა ჩამოვწიე და სიამოვნებით შევისუნთქე სუფთა ჰაერი, იმ დროს უკვე თოთხმეტი წლის ვიყავი, სრულიად ჩვეულებრივი ბავშვი, გრძელი მუქი ყავისფერი თმით, თეთრი კანით, ლურჯი თვალებით, ვარდისფერი გაბუშტული ტუჩებით და გრძელი გამხდარი კიდურებით. - მალე მივალთ? -პასუხი რომ ვერ მივიღე ბებოს მხარზე შევეხე, ფეთიანივით შეხტა და შიშჩამდგარი თვალებით შემომხედა, არანაირი რეაქცია არ მქონია, უკვე მიჩვეული ვიყავი რომ ჩემი დანახვისას შიშით ევსებოდათ თვალები და ეს ბუნებრივად მიმაჩნდა. - წყნარად იჯექი თითქმის მოვედით, -ჩაიბურტყუნა და ვერცხლიფერ ქონგურებზე მიმითითა რომლებიც თითქოს რაღაც სასწაულის ძალით ჩვენს წინ ტყის შუაგულში ამოიწვერა და რაც უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით მით უფრო და უფრო დიდდებოდა, მალე უზარმაზარი უძველესი შენობის წინ ვიდექით რომელსაც გარს ქვის გალავანი ერტყა, რკინის ჭიშკარი კაპიუშონიან ლაბადისმაგვარ მოსასხამებში ჩაცმულმა მამაკაცებმა გაგვიღეს, არ ლაპარაკობდნენ, სახე არ უჩანდათ, დედას სალამზე მხოლოდ თავის დაკვრით უპასუხეს და ჩვენს უკან კარი ჭრიალით დახურეს, გაოცებული შევყურებდი შენობას, აქამდე ასეთი არაფერი მენახა, კედლებზე ხავსი იყო მოდებული, ოვალური ფორმის ფანჯრებმა მომტაცა თვალი რომელსაც ფერადი მინები ამშვენებდა. - დედა ეს რა ადგილია? -დედას მივუბრუნდი რომელიც ჩვენსკენ მომავალ მაღალ შავანაფორიან, გრძელწვერიან მამაკაცს შეჰყურებდა. - ტაძარია, აქ შეძლებენ შენს დახმარებას, შეძლებენ რომ გადაგარჩინონ, -ჩამჩურჩულა და მერე მამაკაცს შეეგება, თავი დახარა და ხელზე ემთხვია. - მამა პედრო, დიდი მადლობა რომ მიგვიღეთ, თქვენს იქით გზა აღარ გვაქვს, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ ჩვენს დახმარებას, -თვალცრემლიანი ესაუბრებოდა დედაჩემი. მშვიდად ვიდექი და ის კითხვა მიტრიალებდა გონებაში რომელზეც პასუხი ვერა და ვერ მივიღე, -რაში მჭირდებოდა დახმარება? რისგან ან ვისგან აპირებდნენ ჩემს გადარჩენას? მე კარგად ვიყავი, ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი, ალბათ ფსიქიკურადაც თუ სიყვარულის და ურთიერთობების ნაკლებობას არ ჩავთვლით... - შენ ანა ხარ არა? -ფიქრებიდან ბოხმა უსიამოვნო ხმამ გამომარკვია, ჩემს წინ იყო ცალ მუხლზე ჩაჩოქილი და მაინც რამდენიმე თავით მაღალი იყო ჩემზე, ცივი ნაცრისფერი თვალებით დაჟინებით მიყურებდა, თითქოს ჩემს შიგნით შემოღწევას ცდილობდა, უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, თუმცა კარგად ვიყავი შეჩვეული გრძნობების დამალვას. - დიახ მე ანა ვარ, თქვენ მღვდელი ხართ? -თამამად ვკითხე და ბებიას მრისხანე მზერაც დავიმსახურე, მამა პედროს ცივად გაეღიმა. - მე ამ მონასტრის წინამძღვარი ვარ, ახლა და კატერინა წაგიყვანს და შენს ოთახს გაჩვენებს, მე კი დედაშენს უნდა გავესაუბრო, -იქვე მდგარ შუახნის მონაზონს ანიშნა რომ წავეყვანე, მეც არ გამიპროტესტებია, უხმოდ დავავლე ხელი ჩანთას და გავყევი, უკვე მოვლენებს ერთმანეთს ვუკავშირებდი და ვხვდებოდი აქ რატომაც მომიყვანეს. პატარა, ნაცრისფრად შეღებილ ოთახში შემიყვანეს რომელსაც სუსტად ანათებდა თითქმის ჭერთან გამოჭრილი გისოსებიანი, ოვალური ფანჯრიდან შემომავალი დღის შუქი, ოთახში მხოლოდ ერთი პატარა კარადა ტუმბო და ვიწრო ხის საწოლი იდგა, მონაზონმა იქვე საწოლთან დადო ჩემი ჩანთა და კარი გაიხურა, გავიგონე როგორ გაჩხაკუნდა საკეტი, მივხვდი რომ ოთახში ჩამკეტეს თუმცა არც ამაზე მქონია რეაქცია, იქაურობა მოვათვალიერე, საწოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ხის კარი შევაღე, მომცრო ზომის საშხაპე და ტუალეტი დამხვდა, ვერაფერს ვიტყოდი კომფორტი და სიმშვიდე გარანტირებული მქონდა, თვალი საწოლის თავზე დაკიდებულმა უზარმაზარმა ჯვარცმამ მომტაცა, ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა სისხლმდინარი იესო, ბებიაჩემი გამახსენდა გულზე ჩამოკონწიალებული უზარმაზარი ვერცხლის ჯვრით, ეკლესიაში წირვა ლოცვას რომ არ აკლდებოდა, თავი წმინდანად მიაჩნდა, არადა მე, პატარა ბავშვს რომელსაც წარმოდგენაც კი არ მქონდა რა და რატომ ხდებოდა ჩემს გარშემო ეშმაკის ნაშიერს მეძახდა და სიცოცხლეს მიმწარებდა, ცდილობდა დავერწმუნებინე რომ საშიში და უკონტროლო ვიყავი, რომ არავის ვუყვარდი და ვჭირდებოდი, გამეღიმა, ახლაღა ვხვდებოდი ჩემი აქ მოყვანის მიზეზსს, ჩემი უსაზღვრო ფანტაზიის და იმ უამრავი წიგნის წყალობით რაც ჩემი შინაპატიმრობის დროს წავიკითხე არ გამჭირვებია მივმხვდარიყავი აქ რას ვაკეთებდი, არ შემშინებია, ყოველთვის სისულელედ მიმაჩნდა ფილმები და წიგნები ეგზორციზმზე და ეშმაკის განდევნაზე, ნუთუ მართლაც სჯერათ რომ ჩემში ავი სული ბუდობს? იმის მაგივრად რომ შიშისგან ტირილი დამეწყო, ბებიაჩემის შეშინებული სახე წარმომიდგა თვალწინ და გულიანად გამეცინა... - შეგიძლია მითხრა რას ხედავ ამ ოთახში სასაცილოს? -ცივი ხმა მომესმა ზურგს უკნიდან და შიშისგან შევხტი, შევბრუნდი ჩემს წინ წინამძღვარი იდგა რომელიც ვერ გავიგე როდის და როგორ შემოვიდა ასე უხმაუროდ, იდგა და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით შემომცქეროდა. - უბრალოდ რაღაც გამახსენდა, -ამოვილუღლუღე და თვალი ავარიდე. - ჯვარცმას უყურებდი და იცინოდი, -გამომცდელად მიყურებდა თითქოს ცდილობდა ჩემთვის რაღაც საიდუმლო დაეცინცლა, საიდუმლო რომელიც სინამდვილეში არ გამაჩნდა. - ფილმი გამახსენდა რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ ვიყურე, - ფილმი? - ჰო, სასაცილო ფილმი, -დავუდასტურე ხმაათრთოლებულმა. - საკმაოდ მშვიდად ხარ, არადა სხვა ბავშვების დაწყნარებას რამდენიმე დღე სჭირდება ხოლმე როცა მშობლები ტოვებენ და მიდიან. - დედაჩემი წავიდა? წავიდა და აქ დამტოვა? -ახლაღა ვიგრძენი რაღაც შიშისმაგვარი, თითქოს შინაგანად დავპატარავდი, ფეხები მომემჩვარა და იატაკზე ჩავიკეცე, მხრები ამიცახცახდა, ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა ჩემს ლოყებზე, ვიჯექი და უხმოდ ვტიროდი, - იტირე, ასე ჯობს, -ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და მხარზე ხელი დამადო, რამდენიმე წუთი ასე უხმოდ გაატარა ჩემს გვერდით, მერე ნიკაპზე ჩამავლო გრძელი გამხმარი თითები და თავი ამაწევინა - იცი აქ რატომ ხარ? - ბებია ამბობდა რომ ეშმაკს ვყავარ შეპყრობილი, ჰოდა ვიფიქრე რომ... - რა იფიქრე? სლუკუნი შევწყვიტე, ცრემლები შეკრული მუჭებით ამოვიწმინდე ჩაწითლებული თვალებიდან და საეჭვოდ დამტკბარ წინამძღვარს თვალი გავუსწორე. - ვიფიქრე რომ ეშმაკის განდევნის რიტუალს ჩამიტარებდით. - რამდენი წლის ხარ? - თოთხმეტის - საიდან იცის თოთხმეტი წლის ბავშვმა ასეთი რიტუალების შესახებ? - მე არც ისე პატარა ვარ და თანაც ძალიან ბევრს ვკითხულობ, მიყვარს კითხვა. - ბიბლია წაკითხული გაქვს? - ალაგ-ალაგ, -გულწრფელად მივუგე, არ გამომპარვია როგორ უცნაურად ჩაეღიმა, - მშობლებს ეკლესიაში არ დაყავდი? ბიბლიას არ გიკითხავდნენ? - მშობლებს ჩემთვის არ ეცალათ, მე არასდროს მიყვარდა ლოცვების მოსმენა და ბებიას ეკლესიაში არ დავყვებოდი, სიმართლე რომ გითხრათ თვითონაც არ ჰქონდა ჩემი წაყვანის სურვილი, მგონი ჩემი ეშინია, სახლში კი ბიბლიაზე ბევრად საინტერესო წიგნები მქონდა, -მხრები ავიჩეჩე და საჩვენებელი თითით ცხვირიდან წამოსული სისველე მოვიწმინდე, აღარაფერი უთქვამს, წამოდგა კიდევ ერთხელ შემათვალიერა, მერე კარი გამოაღო და ვიღაცას უხმო, ოთახში ისევ ის ნაცნობი მონაზონი შემოვიდა. - დაო კატერინა, ანას შენ გაბარებ იცოდე დღეიდან მასზე შენ ხარ პასუხისმგებელი, -შებრუნდა და ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო რომ წამოვხტი, მასთან მივვარდი და გრძელ ანაფორისმაგვარი მოსასხამის კალთაზე ჩავებღაუჭე, მრისხანე სახით გადმოგვხედა მე და და კატერინას რომელიც მაშინვე მომვარდა და წინამძღვარს მომაშორა, - რა გითხრათ დედაჩემმა, როდის დაბრუნდება ჩემს წასაყვანად? -გულამომჯდარმა ვკითხე. - ტყუილად ნუ დაელოდები, დიდხანს მოგიწევს აქ ყოფნა, აქედანვე შეეჩვიე წესრიგს და იმის გაკეთებას რასაც და კატერინა გეტყვის, თორემ იცოდე ურჩებისთვის მკაცრი სასჯელი გვაქვს, -რაღაცნაირად ცივად თითქოს ნიშნისმოგებით მითხრა და გავიდა, საწოლთან მივლასლასდი და ჩამოვჯექი, - ეს ნივთები და ტანსაცმელი არ დაგჭირდება, -კატერინამ ხელის სწრაფი მოძრაობით გადაქექა ჩემი ჩანთა, რამდენიმე ნივთი საწოლზე დამიდო და დანარჩენი ისევ უკან ჩააბრუნა. - ამათ მე წავიღებ, კარადაში ფორმაა დღეიდან იმ ფორმას ატარებ, აქ იცხოვრებ, აქაურ აღსაზრდელებთან ერთად ისწავლი, კარზე შენი დღის გრაფიკია გაკრული, აქ წესებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუ კარგად მოიქცევი შესაბამის მოპყრობას მიიღებ თუ არადა სასჯელს და მერწმუნე ეს სასჯელი ნამდვილად არ მოგეწონება. მონოლოგი დაასრულა, არაფერი უკითხავს არ დალოდებია მე როდის ვკითხავდი რამეს, ჩემს ჩანთას ხელი დაავლო, გარეთ გავიდა და კარი გარედან დაკეტა, ოთახში სრულიად მარტო დავრჩი, ხმელ საწოლზე მოვიკუნტე და დაღლილობამ თავისი ქნა თვალები თავისთავად დამეხუჭა, იმ ღამით მოუსვენრად მეძინა და პირველად მესიზმრა ისეთი სიზმრები რომელთა დამახსოვრებაც შევძელი, ღრუბლებში აზიდული ქალაქი ვნახე ოქროს ქონგურებიანი შენობებით, ულამაზესი ყავისფერთმიანი გოგონა რომელიც არაფრით მგავდა და მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს საკუთარ თავს ვუყურებდი სარკეში, თეთრი ქვით მოკირწყლულ ქუჩაში მიდიოდა და მანიშნებდა რომ გავყოლოდი, ფეხშიშველი იყო, ვარდისფერ თხელ კაბას სუსტი ნიავი უფრიალებდა და მაცდურად უჩენდა გრძელ სწორ ფეხებს, ფართო, თეთრი ქვით მოპირკეთბულ კიბეს მივადექით, შეჩერდა, შემომხედა, ხელები გაშალა და გაიღიმა თითქოს მიწვევდა და მეც როგორც არასდროს არაფერი მდომებია ისე მინდოდა მასთან სიახლოვე, მასში შერწყმა და ერთსხეულად ქცევა, მივუახლოვდი, ხელი გამომიწოდა, შევეხე, მიმიზიდა, მკერდით მკერდზე მეხებოდა, ტუჩებით ტუჩებზე და პირველად ვგრძნობდი რომ შესაძლებელი იყო ჩემს არსებაში არსებული სიცარიელე შემევსო... ახლა უკვე მე ვიყავი ის, აფრიალებული კაბის კალთა ხელით გავისწორე და კიბეზე მსუბუქად ცეკვა-ცეკვით დავეშვი, წამით შევდექი როცა ჩემი შიშველი ფეხის გულები თბილ ფაფუკ ქვიშას შეეხო, ის იქ იყო მელოდა, ჩემგან ზურგშექცევით იდგა და ტალღებს გაჰყურებდა, მაღალი, ახოვანი, მხრებამდე გრძელი დატალღული თმით, გული უცნაურად სწრაფად ამიძგერდა, ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია, მისკენ წავედი, ერთი სული მქონდა სანამ ჩემი თხელი თითებით მის ფართო მხრებს შევეხებოდი და შევიგრძნობდი, ნელ-ნელა შემობრუნდა ჩემსკენ, შემდეგ ერთადერთი რაც მახსოვს, მისი შიშისგან და სასოწარკვეთილებისგან შეშლილი, დიდი, უკუნეთივით ბნელი, თვალები იყო. - გაიქეცი ანა, გაიქეცი, -იღრიალა, მერე უსაშველო ტკივილი ვიგრძენი მკერდში... აქოშინებულს და გაოფლილს გამომეღვიძა, ჯერ კიდევ წყვდიადი მეფობდა ჩემს ახალ ნაცრისფერ ოთახში, სიზმრად ნანახს ისე ცხადად ვგრძნობდი რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის მისახვედრად რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო, შიშველი ფეხებით თბილი ფაფუკი ქვიშის შეგრძნება, მისი ულამაზესი შავი თვალები, მკერდის უსაშველო ტკივილი, ნუთუ შესაძლებელია სიზმარი ასეთი რეალური იყოს? ძლივს ვაიძულე ჩემი თავი რომ თვალები დამეხუჭა და ისევ დამეძინა, იმ ღამის შემდეგ აღარასოდეს მივუტოვებივარ უცნაურ სიზმრებს. - - - - - - - დაპროგრამებულივით დილის ექვს საათზე დავაჭყიტე თვალები, თუმცა რა გასაკვირი იყო, უკვე ორი წელია ამ რეჟიმით ვცხოვრობდი, ერთხანს საწოლში გულაღმა ვიწექი, ჭერს შევცქეროდი და წუხანდელი სიზმრის გაანალიზებას ვცდილობდი, ხშირად მესიზმრებოდა ერთი და იგივე როგორ ჩავდიოდი ზღვის პირას და მერე როგორ ვკვდებოდი, თუმცა არცთუ იშვიათად სხვადასხვა ახალ-ახალ სიზმრებსაც ვნახულობდი, სიზმრების მთავარი გმირი ყავისფერთმიანი გოგონა იყო, რომელსაც ხან შორიდან ვუყურებდი ხან კი მასში ვერთიანდებოდი თითქოს მე და ის ერთი და იგივე არსება ვყოფილიყავით, შავთვალებას სახეს ვერასდროს ვხედავდი და თუ ვხედავდი გამოღვიძებულს მისი თვალების გარდა არაფერი მახსოვდა, უზომოდ მიზიდავდა, ვცდილობდი მივახლოვებოდი თუმცა ეს ყოველთვის ერთი და იგივე შედეგით, ჩემი სიკვდილით სრულდებოდა, გამოღვიძებულს კი საშინელი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება არ მტოვებდა და მხოლოდ დაღამებას ველოდი რომ ერთხელ კიდევ მენახა, ერთხელ კიდევ მეცადა მასთან მიახლოვება, მასთან შეხება... - რა აბსურდია, მგონი გიჟდები ანა, -ჩემს თავს ხმამაღლა მივმართე და საწოლიდან წამოვიზლაზნე, ჩემს მოცუცქნულ სააბაზანოში შევედი, კიდეებზე ჟანგმოკიდებულ მეტალის ნიჟარას დავეყრდენი და ნახევრად დაბურულ სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი, უკვე თექვსმეტი წლის ვიყავი, გრძელი, ოდნავ დატალღული მუქი ყავისფერი თმა უკვე წელამდე მწვდებოდა, ისევ ისეთი გამხდარი ვიყავი როგორც მაშინ როცა აქ პირველად მომიყვანეს დედამ და ბებიამ და სრულიად უცხო ხალხის გარემოცვაში, უცხო ადგილზე უპატრონოდ მიმატოვეს, გამუდმებული სიზმრების და არასაკმარისი ძილის გამო უპეები ჩაშავებული მქონდა, ჩემს ვარდისფერ ტუჩებს ფერი ჰქონდა დაკარგული და აღარც ლურჯი თვალები ელავდნენ ადრინდებურად, თხელი მაისურის შიგნიდან მომზირალი მკერდი და უსახური ბამბის საცვლით დაფარული მრგვალი მკვრივი საჯდომი ისე შევათვალიერე თითქოს ერთ ღამეში შეძლებდნენ გაზრდას. - ანა გამოხვალ ბოლოს და ბოლოს? -კატერინას ცივმა უსიამოვნო ხმამ ამქვეყნად დამაბრუნა, კარი გავაღე და საძინებელში გავედი. - ჯერ არ ჩაგიცვამს? -ისე შეიცხადა თითქოს რაღაც უბედურება დაენახოს. - იქნებ ჩემს დღის განაწესში ისიც ჩაამატოთ ჩაცმისთვის რამდენი წუთი მაქვს, -ირონია არ დავიშურე. - გეყოფა, უმადური ნუ იქნები, წინამძღვარმა უფლება მოგცა რომ დღეს მთელი დღე გარეთ გაატარო. - გარეთ? ანუ შემიძლია სხვა ბავშვებთან ვიკონტაქტო? -ყურებს არ დავუჯერე. - სხვა აღსაზრდელები დღეს მონასტერში არ არიან ასე რომ მთელი ბაღი შენს განკარგულებაშია, ადექი და გარეთ გადი, იმდენი ხანია ამ ოთახში ხარ გამოკეტილი უკვე ცუდი გერი გადევს სახეზე. - აჰა ესე იგი მარტო ვარ და ამიტომ მიშვებთ ბაღში? -მწარედ გამეცინა, კატალინა შედგა წარბი ამიწია და დოინჯი შემოირტყა. - იმ ყველაფრის მერე რაც შენს სიახლოვეს ადამიანებს ემართებათ რატომ გიკვირს რომ წინამძღვარს უწევს ყველასგან იზოლირებული გამყოფოს. - კარგი რა, როგორ შეგიძლიათ და ყველა უბედურებას მე მაბრალებთ, მე ხომ მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი თექვსმეტი წლის გოგო ვარ, რა ჩემი ბრალია რომ უგუნურად იქცევიან, არ იციან როგორ მოიქცნენ ცეცხლთან და წაღმა უკუღმა იტეხავენ კისერს, ასე ნუ მიყურებ, არც სამლოცველოს დანგრევაა ჩემი ბრალი თუმცა ვერ უარვყოფ რომ გამიხარდა, რამდენიმე კვირა იმ უაზრო ქადაგებებისგან დავისვენე... - შეუნდე ღმერთო, არ იცის რას ამბობს, -კატერინამ შეძრწუნებულმა გარდაისახა პირჯვარი. - საქმეც იმაშია რომ ვიცი რასაც ვამბობ, -გამეცინა, მისი შეძრწუნებულ-შეშინებული სახის დანახვა ყოველთვის მახალისებდა. - კარგი რა, ასე ნუ მიყურებ, შენ ოდესმე რამე დაგშავებია? მიუხედავად იმისა რომ მუდმივად ჩემს გვერდით ხარ. - ჰო მაგრამ წინამძღვარი... - ჰო ვიცი, ვიცი, ორჯერ გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მე რა შუაში ვარ, ერთხელ კიბიდან დაგორდა და მეორედ ძველისძველი ქანდაკების ნატეხი დაეცა თავში. - ორივე შემთხვევა მას შემდეგ მოხდა რაც გაიძულა რომ გამოკვლევებში მიგეღო მონაწილეობა. გამოკვლევების ხსენებისას ტანში გამცრა, მას მერე რაც მონასტერში ცხოვრება დავიწყე მალევე გამანცალკევეს სხვა ბავშვებისგან, სამაგიეროდ თვეში ერთხელ, მონასტრის სარდაფში მდებარე საიდუმლო ლაბორატორიაში უამრავ უცნაურ გამოკვლევას მიტარებდნენ... ხანდახან მეცინებოდა როცა მახსენდებოდა რა ვიფიქრე როცა აქ მომიყვანეს, იმ გამოკვლევებს ეგზორციზმის არაფერი ეტყობოდა თუმცა საშინლად მომაბეზრებელი და ხანდახან მტკივნეული იყო... - ნუ გაშტერდი, ჩაიცვი დროს ნუ კარგავ, ჩვენს მოთმინებას ბოროტად ნუ იყენებ, -გაუჩერებლად ლაპარაკობდა და ნელ-ნელა უფრო და უფრო, მაღიზიანებდა - ისე ნუ ლაპარაკობთ თითქოს რამე სიკეთეს მიკეთებდეთ, თუ ითმენთ მაგ მოთმინებისთვის კარგადაც გიხდიან, -მივახალე პირდაპირ და სიამოვნებისგან გამეღიმა როცა მისი დაბნეული სახე დავინახე. - შენ რა იცი, საიდან? -ძლივს ამოილუღლუღა. - არც ბრმა ვარ და არც ყრუ, გგონიათ არ ვიცი რომ იმ გამოკვლევების შედეგებს ვიღაცას უგზავნით ვინც გულუხვად გიხდით ამისთვის, ვინ არის ის? რაში ვჭირდები? უბრალოდ ვცადე თუმცა ვიცოდი რომ არ მიპასუხებდა, უხმოდ შებრუნდა და სანამ გავიდოდა ისევ შედგა, მოღუშული შესცქეროდა ჩემი საწოლის თავთან ცარიელ კედელს. - ჯვარცმა ისევ ჩამოხსენი? -ცივი ხმით მკითხა. - არ დამიჯერებთ მაგრამ არ ჩამომიხსნია, ჩამოვარდა და კინაღამ თავი გამიტეხა, ან ნორმალურად ჩამოკიდეთ ან გაიტანეთ, მაინცდამაინც მაგ ჯვარცმამ ხომ არ უნდა მომკლას. აღარაფერი უთქვამს, კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი, რაღაც ჩაიბურტყუნა და სასწრაფოდ გავარდა ოთახიდან ამჯერად კარი არ ჩაუკეტავს... - - - - - - - საოცარი სიწყნარე სუფევდა ბაღში, უკვე აღარც კი მახსოვდა როგორი იყო მტვრით გამონაბოლქვით და ხმაურით სავსე ქალაქში ცხოვრება, ფუმფულა მწვანე ბალახზე გულაღმა გავიშხლართე და მოკრიალებულ ცას ავხედე, ნეტავ ახლა რას აკეთებენ დედა და მამა, ორი წელი, ორი გრძელი წელი გავიდა და ერთხელაც კი არ მომიკითხეს, არც კი დაურეკავთ, აქ როდემდე უნდა ვიცხოვრო, ეს ყველაფერი როდემდე უნდა გაგრძელდეს? - ეს შენზეა დამოკიდებული, -თბილი წკრიალა ხმა მომესმა და წამოვჯექი, ჩემს წინ ფეხმორთხმით იჯდა ლამაზი ქერათმიანი გოგონა ნაცრისფერი თვალებით და მიღიმოდა. - რას გულისხმობთ რა არის ჩემზე დამოკიდებული? -ერთადერთი რაც მოვახერხე ამის კითხვა იყო. - ხომ ამბობდი აქ როდემდე უნდა ვიცხოვროო და... - მე ეს არ მითქვამს უბრალოდ გავიფიქრე. - სულაც არა, ხმამაღლა ლაპარაკობდი, აბა როგორ გავიგებდი, გულთმისანი ხომ არ ვარ? -კიდევ ერთხელ გამიღიმა. - ჰმ, უცნაურია, -მეც გამეღიმა და რატომღაც კეთილად განვეწყვე მის მიმართ, -ვინ ხარ და აქ რას აკეთებ? როგორც მითხრეს აქ ახლა არავინ არ უნდა იყოს. - მართალი უთქვამთ, -თვალი ჩამიკრა და გულიანად გადაიკისკისა, -აქ არ უნდა ვიყო და იმის შესახებ რომ აქ ვარ და გესაუბრები არავინ უნდა გაიგოს, დღეს თექვსმეტი წლის გახდი არა? - ჰო ასეა მაგრამ შენ საიდან იცი? -გაკვირვებას ვერ ვმალავდი, ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, ჯიბიდან ოქროსფრად მოქარგულ თეთრ ნაჭერში შეხვეული ნივთი ამოიღო და გამომიწოდა. - ეს შენ, დაბადების დღის საჩუქარია. ხელის კანკალით გამოვართვი, საჩუქრები მას შემდეგ არ მიმიღია რაც ჩემი ექვსი წლის აღსანიშნავმა დაბადების დღემ სრული კრახით ჩაიარა, ათრთოლებული თითებით გავხსენი და აღფრთოვანების შეძახილი აღმომხდა, ხელში ულამაზესი გულსაკიდი მეკავა რომელიც ტყავისგან დაწნულ საკიდზე ეკიდა, უცნაურ ორნამენტებიან ვერცხლისფერ ჩარჩოში მოლურჯო ფერის ქვა იყო ჩასმული, ფრთხილად შევეხე ქვას, სხეულში უცნაური სითბო ჩამეღვარა, თვალები თავისთავად დამეხუჭა... - ასეც ვიცოდი, -მომესმა ჩემი უცნაური სტუმრის მხიარული ხმა, თუმცა ახლა ვეღარაფერზე ვფიქრობდი, ნელ-ნელა ვიძირებოდი უცაბედად თავს დამტყდარ მოგონებებში რომლებიც მე არ მეკუთვნოდა და ამავდროულად უფრო მეტად იყო ჩემი ვიდრე ჩემი ნამდვილი მოგონებები, კლდის ნაპირზე ვიჯექი, ქარი თმებს მიწეწავდა, ფეხებს სიცარიელეში ვაქანავებდი და უძირო უფსკრულს ჩავყურებდი, ნაცნობი ფეხის ხმა მომესმა, ამ ფეხის ხმას და სურნელს რომელიც ქარს პირდაპირ ჩემსკენ მოჰქონდა მილიონში გამოვარჩევდი, უხმოდ მომიჯდა გვერდზე, ჩემი სახე გრძელ თითებში მოიქცია, ერთხანს აციმციმებული შავი თვალებით მიყურებდა მერე კი მწყურვალივით დამეწაფა ბაგეებზე, ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია, ლამის მის მკლავებში დავდნი, თვალები მივლულე და ვეცადე კოცნაში ავყოლოდი... ზარების რეკვამ მომიყვანა გონს, თვალი გავახილე, ჩემი სტუმარი აღარსად ჩანდა, მე კი ტუჩებზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი მოგონებებიდან გამოყოლილ იდუმალი შავთვალებას ტუჩების სითბოს, ვიჯექი ბალახზე ხელში გულსაკიდჩაბღუჯული და სულელივით ვიღიმოდი... - - - - - - მეგობრებო წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ რომ მერე არ მიწყინოთ, კვირაში ერთ თავზე მეტს ვერ დავდებ, თუ მოვიცალე ხოლმე მაქსიმუმ ორი თავი, ასე რომ ვისაც ლოდინი არ შეგიძლიათ დააგროვეთ და მერე ერთად წაიკითხეთ. - რაც შეეხება თემას, ფანტასტიკაა, ვიცი რომ ასეთ თემაზე ისტორიები არცთუ ისე პოპულარულია მაგრამ მე ყველაზე დიდ ბედნიერებას ასეთ თემებზე წერა მანიჭებს, ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.