" ორმო " ( სრულად)
- პატრონი არა ჰყავს ჩვენს სოფელსა,არა!- დანანებით გაიქნია თავი ელიამ და უზარმაზარ ორმოს ჩახედა,რომელიც გზის პირიდან რამოდენიმე მეტრში იყო. არავინ იცის,როდის ჩავარდა ის ადგილი ,ალბათ ორ ჭაზე მეტი სიღრმე ჰქონდა,ოღონდ სიგანეში საკმაოდ მოზრდილი იყო.. ერთხელ ბავშვი გადავარდნილა იმ ორმოში. მთელი დღე ეძებდნენ,ძლივს იპოვნეს მომაკვდავი,სულსა ღაფავდა საცოდავი. გადაარჩინეს,თუმცა ხეიბარი კი დარჩა.მაშინ შეიკრიბა მთელი სოფელი და გამგებელს მოსთხოვეს პასუხი. გამგებელმა მე რა შუაში ვარო,თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა.იმას კი დაპირდა ხალხს, ამოვავსებთ ამ ორმოსო.თუმცა მას შემდეგ,წლები გავიდა ,სოფელმა ბევრი გამგებელი გამოიცვალა,ორმო კი ორმოდ დარჩა,მხოლოდ შემოღობეს რაღაც ნაგლეჯ-ნაგლეჯი მავთულებით და აკრძალვის ნიშანი დააყენეს,ეს იყო და ეს. დროთა განმავლობაში პირუტყვმა მოშალა ის ჰაიჰარად შეკრული ღობე.ბევრიც შიგ ჩავარდა და პატრონის უპოვნელად გაიხრწნა. - ტფუიი.. სანამ მართლა უბედურება არ დატრიალდება,ამას არავინ ამოავსებს..- თქვა ელიამ და ერთბორბალა ურიკით მიზიდული რიყის ქვები ჩააპირქვავა ორმოში. ქვები ისე ჩაიკარგნენ სიღრმეში ,თვალიც ვერ მიუწვდინა. - ძირგავარდნილი ხომ არა ხარ,შე ოხერტიალო!- ბრაზით წამოიძახა ელიამ და ურიკას ხელი დაავლო. ლამის ყოველ დღე მიჰქონდა მდინარის პირიდან ქვა-ღორღი. ვისაც დახმარება სთხოვა,ყველამ წაუყრუა,ვითომ და მარტო ელიას სადარდებელი იყო ის პირდაღებული მიწა,ხრამად რომ ქცეულიყო. *** - ელია ძია, ხვალ მეც მოგეხმარები,- გზაზე ახალგაზრდა ბიჭი შეხვდა.მარცხენა ფეხს ითრევდა. მარჯვენა ხელზე კი მხოლოდ ორი თითი შერჩენოდა. - შენ არა,შვილო,- ელია შედგა და ბიჭს საწყლად შეხედა.- შენ რაც დაგმართა ამ ყბადაღებულმა მიწამ, დღემდე ვერ ვინელებ.. მამაშენი სად არის? - ბრაზი ჩაუდგა თვალებში ელიას. - ისევ მთვრალია.. ანგრევს ყველაფერს,გამეტებით მცემს,ხელს ხომ ვერ შევუბრუნებ..გამოვეცალე,- ჩაიბურტყუნა. - ეე,საცოდავი დედაშენი,რას უძლებდა,- ხელი ჩაიქნია ელიამ.- წამოდი ჩემთან,წავიხემსოთ,- თვალით თავისი სახლისკენ ანიშნა. ბიჭიც გაჰყვა. - მოდი,შენ აქ დაჯექი, გუგუნა..ეხლავე დავჭრი სალათას,ყველიცა მაქვს და შოთის პურიცა, გუშინ მომაწოდა ნაბიამ..ან კი როგორღა ეყუდება თონეში ამ ხნის ქალი? აესე,გამოაცხობს და არიგებს,თორემ მარტოხელას რად უნდა იმოდენა პური?- თავი გაიქნია ელიამ და სამზადისს შეუდგა. მოშიებული ილუკმებოდა გუგუნა.თან თვალს მასპინძელისკენ აპარებდა. - ჭამე,მე ნუ მიყურებ..ეს ყველიც მიაყოლე,- მოზრდილი ყველის ნაჭერი დაუდო თეფშზე და თან ღვინო ჩამოასხა პატარა თლილ ჭიქებში. - ჩვენს დედაბუნებას გაუმარჯოს გუგუნა. დაილოცოს უფლის განგება.აბა,გახედე,როგორი სილამაზე გვარგუნა,- ტყისკენ გაიშვირა ხელი.- აბა,უყურე,როგორი შემოსილია..ცასაც ახედე, გუგუნა და დაიმახსოვრე,საქართველოსნაირი ცა დედამიწაზე არ არსებობს.. აქ ღრუბელიც ლამაზია..აქ სულ სხვა სიყვარულითა წვიმს,შვილო და ნამავს ამ დალოცვილ მიწას..თოვლიც უფრო თეთრი მოდის ჩვენთან..უფრო ლამაზი ფიფქები ცვივა,ვიდრე სხვაგან.. სადაც არ უნდა წახვიდე,რომელი ქვეყანაში,ყველგან თვალებითა და სულით შენს სამშობლოს ზეცას დაუწყებ ძებნას..აგე,იმ მზესაც, რომ გწვავს,მაგრამ მაინც იმის ჩახუტება რომ გწადია.. გაუმარჯოს ჩვენს დედაბუნებას,დალოცვილსა,- დაასრულა თვალზე ცრემლმორეულმა ელიამ და ჭიქა გამოცალა. ელიამ კარგად იცოდა,რა იყო სამშობლოს მონატრება. მეორე მსოფლიო ომის დროს,მთლად პირტიტველა ბიჭმა ფრონტის წინა ხაზიც იგემა და დაჭრაც. ასეთი დაჭრილი ჩაუვარდა ტყვედ მტერს. ორნი იყვნენ გერმანელები.ერთმა,რომელსაც ნიკაპზე სიბრტყეზე გაშლილი ხალი ჰქონდა,მეორეს რაღაც გადაულაპარაკა და ელიას ავტომატის ლულა მიუშვირა.ის იყო,უნდა ესროლა მისთვის,მეორემ ხელი აუკრა. ერთმანეთში ჩხუბიც კი მოუვიდათ.ელიას მათი ენა არ ესმოდა,თუმცა იმას კი მიხვდა,რომ მეორე ეწინააღმდეგებოდა პირველს. რატომ ვერ იმეტებდა მტერი,ვერაფრით აეხსნა ელიას. ბოლოს პირველმა გაბრაზებულმა დატოვა იქაურობა. მეორე კი ელიასთან ჩაიმუხლა. შინელის შიდა ჯიბიდან სახვევები ამოიღო და ნატყვიარ მკლავზე და ფეხზე გადაუჭირა.თან გაეცნო. - "იჰ ბინ პიტერ.." ელია გაკვირვებით და მადლიერებით უყურებდა. - "იჰ ბინ პიტერ..პიტერ.."- გერმანელმა რამდენჯერმე მიირტყა ხელი გულზე. - პიტერ?- მიხვდა ელია. -" ია..ია.. პიტერ.. "- ხელით ანიშნა,შენ რა გქვიაო? - ელია. - ჰელია? განმარტების თავი აღარ ჰქონდა ელიას,ისე სტკიოდა მკლავი და ფეხი.მხოლოდ თავი დაუქნია. პიტერიც ელიას ასაკისა იქნებოდა. გამხდარი,მაღალი,ქერა თმითა და ჭროღა თვალის ფერით. წარბთან ნაჭრილობევი ეტყობოდა,ღრმა და ჯერ კიდევ მოურჩენელი. ელიას რაღაც უთხრა,რამოდენიმეჯერ გაუმეორა. ვერაფერი გაუგო გერმანელს. პიტერმა ხელი ჩაიქნია და იღლიებქვეშ ხელები შეუცურა დაჭრილს. რის ვაი- ვაგლახით მოიგდო ზურგზე და ტყისკენ წაიყვანა. ორი კვირა ეზიდებოდა წამალს და საკვებს პიტერი ელიასთვის. ფეხზე დააყენა როგორც იქნა. ბოლო დღეს თავისი სამხედრო ფორმა ჩააცვაა, მიახვედრა,ვითომ ყრუ- მუნჯი ხარო,ჯიბეში წერილი ჩაუდო,მისამართიანად.უთხრა აქ მიხვალ და მოგხედავენო. მერე ვიღაც სანდო გერმანელს გაატანა მისი თავი მანქანით. სადღაც დაბაში მიიყვანა მძღოლმა და ხელით ანიშნა ,ის სახლიაო და წავიდა. ასაკოვანმა მამაკაცმა გამოხედა.პოლი იყო,პიტერის მამა. წერილის წაკითხვისთანავე შემცბარმა შეიყვანა სახლში და სხვენში მიუჩინა ადგილი. მთელი ორი თვე იმ სხვენში გაატარა ელიამ. ხან პოლს აჰქონდა საკვები,ხან კი პიტერის დას ემას. ულამაზესი იყო ემა. მოუთმენლად ელოდა ხოლმე ელია მის გამოჩენას. გერმანულიც ემამ ასწავლა,ღამით,ჩუმად ჩამოჰყავდა სხვენიდან ემას ელია და ჭრაქის შუქზე ასო-ასო უღეჭევდა სიტყვებს. მონუსხული შეჰყურებდა ხოლმე ელია მოტიტინე მასწავლებელს. არაფერი ესმოდა,დამუნჯებული უცქერდა ემას თვალსა და ტუჩს. ძმასავით ქერა იყო,გრძელი ტალღოვანი თმით. ნატიფი თითებით და ხმა წკრიალა. ერთხელ,მორიგ გაკვეთილში გართულ ემას მის გვერდით მჯდომ ელიამ ორი სიტყვა უთხრა, - ემა,მიყვარხარ,- და ქალიც იმ წუთში დადუმდა. იმ დღის შემდეგ ემამ შეწყვიტა ელიასთან კონტაქტი. ბიჭმა ისე ინანა და ინერვიულა,პოლის მიერ მიწვდილ საკვებსაც აღარ ეკარებოდა.მადაც დაკარგა და ძილიც. სამშობლოს მონატრება ცალკე ჰკლავდა. ოცნებობდა იმ დღეზე,როდესაც თავისი ქვეყნის ზეცას ახედავდა და ხელებგაშლილი მზეს ჩაიკრავდა გულში. მის ოცნებაში იყო ემაც, მასთან ერთად დაბერება ედგა მომავლის ფიქრად. " ლამაზი შვილები კი გვეყოლება,ემას მსგავსები"- ფიქრობდა ელია და ბედნიერ მომავალს ხატავდა გონებაში. ერთ დილით,ელიას გასაკვირად ემა ავიდა სხვენში და საუზმე დაუდგა წინ. - მამამ მითხრა,რომ არაფერს ჭამ! - გაბრაზებით შეხედა ბიჭს ემამ. - გაწყენინე,- ელიას სინანულით გაეღიმა. - მე საქმრო მყავს,ომშია,ჩამოვა და ქორწილი გვექნება,- თქვა ემამ და თვალი ვეღარ გაუსწორა ბიჭს. ელიას ქალის სიტყვებმა ტყვიასავით გაურა ტანში. - გიყვარს,- უფრო თავის თავს უთხრა,ვიდრე ემას. - ამ დღეებში პიტერი ჩამოვა,წერილი მოვიდა,- თქვა ემამ და გაბრუნდა. -ემა,მოიცადე,- დაედევნა ელია და ქალს მკლავში წვდა. სანამ ემამ გაიაზრა,უკვე ელიას მკერდს იყო აკრული და მისი გახშირებული სუთქვა სახეზე სცემდა. - გამიშვი,- დაბნეულმა უთხრა ბიჭს და წასვლა დააპირა. ელიამ საპასუხოდ უფრო ძლიერად მიიკრა მკერდზე. ემა არ გაძალიანებია.ელიას ქალის ქცევაზე გაეღიმა, ოქროსფერ თმაზე ფრთხილად შეახო ტუჩები და ხელი გაუშვა. ემა სწრაფად შეტრიალდა და სხვენიდან ჩავიდა. რამოდენიმე დღე ისევ პოლს აჰქონდა საკვები ელიასთვის.ემა აღარ ენახვებოდა. თუმცა,შინაგანად გრძნობდა,რომ ქალიც არ იყო გულგრილი მის მიმართ და ამით თავს იმშვიდებდა. ერთ კვირაში პიტერი ჩამოვიდა.მარტო არ იყო,ვიღაც ახალგაზრდა ბიჭთან ერთად შემოვიდა ეზოში.ელიამ სხვენის სარკმლიდან უცებ იცნო ის მეორე,ან რა დაავიწყებდა მის სახეს, ავტომატის ლულა რომ მიუშვირა და სასიკვდილოდ იმეტებდა. არ ესიამოვნა მისი იქ მოსვლა. უფრო მეტად შეცბა,როდესაც იმ ბიჭმა ემა ჩაიკრა გულში,თუმცა ქალს სიხარული ვერ შეატყო. - ჰელია?- სხვენში პიტერი ავიდა და გულთბილად გადაეხვია ელიას. - გილოცავ,მშვიდობით დაბრუნებას,- ელიამ მხარზე ძლიერად დაუტყაპუნა ხელი. - ყოჩაღ,გერმანული გისწავლია?!- პიტერი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. - ემას დამსახურებით,ცოტა ვისწავლე,-გაეცინა. - მართალია,მტრის ენა უნდა იცოდე,- გულიანად გაეცინა პიტერს. -ჩამოდი,ვისადილოთ.. ელია არ ელოდა,თუ დღისით შეიძლებოდა ჩასვლა. - ჩამოდი,ჩამოდი..როცა მე აქ ვარ,საშიში არაფერია. ოთახში ჩასვლისას პირველი რაც იყო,ემას დაბნეულ მზერას წააწყდა,შემდეგ კი იმ ბიჭის ავად მოელვარე თვალებს. - ამას აქ რა უნდა,პიტერ? შენ რა,სამშობლოს ღალატობ?! - ბენ! ეს ჩემი სტუმარია და პატივი ეცი! -მკაცრად უთხრა პიტერმა. - მე ამასთან ერთად სუფრასთან არ დავჯდები!- უარესად განრისხდა ბენი. - ბენ,არ გეკადრება ეგ საქციელი!- პოლი ჩაერთო კამათში. - ეს სამშობლოს ღალატია! ახლავე,ან გააძევებ მას,ან მასთან ერთად მოგიწევს პასუხისგება!- ბენი ისევ პიტერს მიუბრუნდა. - მე წავალ!- თქვა ელიამ.მიხვდა მისი იქ ყოფნით პიტერის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა. - არსად წახვალ!- პიტერმა ხმას აუწია და ბენის პირისპირ დადგა. - შენ არ იცი და არ გასწავლეს სტუმარი,თუნდაც ის მტერი იყოს! ფრონტი სხვაა,ოჯახი სხვა! აქ ჯარისკაცები არ ვართ! ომსაც თავის წესები აქვს,ბენ! მე რადგან მას დავეხმარე,ასე იყო საჭირო და მორჩა! ჩემი ადამიანობა სხვაგვარს ვერ ჩაიდენდა! ახლა ან ჯდები მაგიდასთან,ან მიდიხარ სამუდამოდ და ივიწყებ ჩვენს ოჯახს! - დაასრულა პიტერმა და მაგიდას მიუჯდა. - მე აქ აღარაფერი მესაქმება!- ბენმა ღვარძლიანად თქვა და კარში გავარდა. - პიტერ, არ დაგვაბეზღოს?!- ემას შიში ჩაუდგა ხმაში. - ემა, დამშვიდდი,- თქვა პიტერმა ყველა მაგიდასთან მიიწვია. სადილი დასრულებული არ ჰქონდათ,რომ ეზოსთან ორი ავტომობილი გაჩერდა. ფორმიანების დანახვისას პიტერს დანანებით ჩაეცინა და კარში გავიდა. - გაიქეცი,დროზე,- პოლი ელიას ეცა და სახლის უკანა კარისკენ უბიძგა.ელიამ ემას გამოსამშვიდებებელი თვალებით შეხედა და მითითებულ კარისკენ წავიდა. - ელია!- ემა დაედევნა და ბიჭს ოქროს მონეტა ჩაუდო ხელში. - მადლობა ემა.. მე დავბრუნდები,რამდენი დროც არ უნდა გავიდეს,იცოდე,რომ მოვალ! - უთხრა და კარში შურდულივით გავარდა. სახლს საკმაოდ მოშორებული იყო, სროლის ხმა რომ მოესმა და ადგილზე შედგა. სროლა ისევ განმეორდა,ოღონდ უფრო ხანგრძლივად. ელიას გულმა უგრძნო,ნამდვილად პიტერთან მოხდა რაღაცო, სირბილით გაბრუნდა უკან. ეზოს მოშორებით ,გზის გადაღმა ხეების კორომს შეეფარა და იქიდან დაიწყო თვალთვალი. კარგად დაინახა ფორმიანებით გარშემორტყმული მუხლებზე მდგარი პიტერი და პოლი.ემა არსად ჩანდა. - სად გადამალე?- ერთ-ერთმა პიტერს ავტომატის კონდახი ძლიერად ჩაკრა ბეჭებში. პიტერი წინ გადაიზნიქა,თუმცა მალევე გასწორდა. სახლის კარიდან ბენი გამოვიდა,ემასთვის მძლავრად ჩაეჭიდა ხელი მკლავში და მოათრევდა. ამის დანახვისას ელიამ ხელები მაღლა აღმართა და სამალავიდან გამოვიდა. - აქ ვარ!-დაიყვირა და ეზოსკენ ასე ხელებაღმართული გაემართა. - აი,ამიტომ გადავარჩინე,ვიგრძენი და მივხვდი,ის ნამდვილი ადამიანია,შენ კი ღორი!- პიტერმა ბენს შეაფურთხა. ბენი ადგილზე გაშეშდა. - შენგან არ ველოდი,ბენ!- პოლმა დანანებით გააქნია თავი. - მე ველოდი! - პიტერს ცინიკურად გეღიმა. ელია თავისი ფეხით ჩაბარდა. წაიყვანეს და თან წაიყოლა ემას ცრემლიანი თვალები. პიტერი და პოლიც წაიყვანეს,ოღონდ სხვა მიმართულებით. შემდეგ იყო დაკითხვები,შემდეგ ტყვეთა ბანაკი,გაუსაძლისი სიცივე და შიმშილი. რადგან დახვრეტას გადავურჩი,ალბათ ჯერ სიკვდილი არ მიწერიაო,ფიქრობდა ელია და იმედიანად გაჰყურებდა ფიცრულის ღრიჭოდან ზეცას. ბანაკში ყოველდღე სამი,ან მეტი ადამიანი მაინც კვდებოდა. რამდენს დაუხუჭა თვალი და პირჯვარიც გადაწერა. - სანამ ჩვენი რიგიც მოსულა,რამე უნდა ვიღონოთ,- ელიამ გაქცევის გეგმა შესთავაზა ცოტა გაბედულებს. დაეთანხმნენ და ჩუმჩუმად დაიწყეს მობილიზება. სანგრების გათხრაზე დაყავდათ ყოველ დღე და ზუსტად იქიდან უნდა განეხორციელებინათ ჩანაფიქრი. თვრამეტი კაციდან,სამნი გადარჩნენ. მიუხედავად დასუსტებული ორგანიზმისა, სიკვდილს მთელი ძალით გაურბოდნენ. ტყეს შეფარებულებს ძაღლების ყეფა აძლევდათ მშვიდობით გასვლის ძალას. დიდი წვალების შემდეგ,გამოუვიდათ. გააღწიეს. იყო სიხარულის შეძახილები,როდესაც თავისიანები დაინახეს. თუმცა,არც იქ დააკლეს დაკითხვები.ლამის ციხეშიც უკრეს თავი,ჯაშუშობის მუხლით. გადარჩა და ისევ ფრონტის წინა ხაზზე გაუშვეს. იქამდე ელიას თუ მტრის სისხლი სწყუროდა, ახლა იარაღს მწყრალად უყურებდა. ვაიდა, პიტერს ვესროლო,ან პოლს,ან სულაც მათნაირ ადამიანსო. აღარ სურდა ომი და აღარც სისხლის დანახვა. ნეტავ,დავიჭრაო, ნატრობდა.ოღონდ სამშობლოს ზეცა დამანახვა და მერე თუ გინდა სულიც გამცხობიაო. ეს ნატვრაც აუხდა. ისე მძიმედ დაიჭრა,ძლივს გადაარჩინეს. ორი წლის შემდეგ დაუბრუნდა სამშობლოს. ზუსტად 1945 წლის 17 თებერვალს. ისე ბარდნიდა, ნაფოტივით ცვიოდა ფიფქი. მატარებლიდან ჩამოვიდა და სახე ცას მიუშვირა. იმდენ ხანს იდგა ნეტარებით სავსე სახით,სანამ სულ არ გადაუთეთრდა თავ- პირი. მერე სოფელს მიაშურა, დედ-მამა და პატარა და ელოდა.. იმის შემდეგ 47 წელი გასულიყო. ელიას არც ცოლი მოუყვანია,ემაზე ფიქრში შემოიბერა წლები. ვერა და ვერ დაივიწყა მისი სინანულით სავსე ცრემლიანი თვალები. - მე არსად ვაპირებ წასვლას,ან ასეთი სად უნდა წავიდე?- გუგუნას ნათქვამმა ფიქრებიდან გამოიყვანა ელია. - უნდა ისწავლო,გუგუნა, ხშირად გონება უფრო მეტს აკეთებს,ვიდრე ხელი და ფეხი,- თქვა ელიამ და ჭიქა გამოცალა. - გიორგა შემპირდა,მანქანის ტარებას გასწავლიო,- თვალებგაბრწყინებულმა უთხრა. - რატომაც არა,ეგაც გამოსადეგი საქმეა.წინ მომავალი გაქვს არ შეუშინდე,იბრძოლე და ყველაფერიც გამოგივა,- ღიმილით გაამხნევა. - უნდა წავიდე,ელია ძია, მივხედო იმას,სანამ ცეცხლი წაუკიდებია სახლისთვის,- გუგუნა უხალისოდ წამოდგა. - ხვალე,ჩემებურად დაველაპარაკები მაგას!- ბრაზით თქვა გუგუნას მამის მისამართით. - ეჰ,მაგას ლაპარაკი რომ შველოდეს,- ხელი ჩაიქნია ბიჭმა და მარცხენა ფეხის თრევით გაუყვა გზას. ელია ცოტა ხანს კიდევ იჯდა სუფრასთან. ფიქრმა ისევ ემასთან გადაისროლა. რამდენჯერ სცადა პიტერის ოჯახის ასავალ- დასავალი გაეგო. ვერაფერს მიაკვლია. ნეტავ,ცოცხლები მაინც თუ გადაურჩნენ ჩემს ამბავსო,დარდი სჭამდა და ანადგურებდა მთელი წლები. ბინდი შეეპარა სოფელს. მიწყნარდა და მიყუჩდა ბუნება. ელიამ პირუტყვი მიაბინავა,მთელი დღის ნაოფლარ ტანზე წყალი გადაივლო და ტახტზე წამოწვა. ძილ-ღვიძილში იყო, კარზე მოუთმენელი კაკუნი რომ გაისმა. - ელია ძია! ელია ძია!- გუგუნა იყო, ფერი არ ედო სახეზე. - რა დაგემართა,შვილო?! - ელიას შიშმა გაკრა. - მიშველე ,ელია ძია,შემომაკვდა!- ამოიღრიალა გუგუნამ და თავში წაიშინა ხელები. - ვინ შემოგაკვდა,შვილო?! რას ბოდავ?!- მხრებში სწვდა ელია. - მამაჩემი შემომაკვდა, დავიღუპე! - რას ამბობ,გუგუნა?!- ელიას ელდა ეცა. - ჰო! შემომაკვდა,ვეღარ ავიტანე ამდენი ცემა,ვეღარ!- აყვირდა ბიჭი. შეშლილს ჰგავდა,უაზროდ იქნევდა თავსა და ხელებს. - ჩუმად! ნუ ყვირიხარ!- ძლიერად დააჯანჯღარა ელიამ. - ჩემი ბრალი არ არის ელია ძია,ამომიყვანა ყელში! დანით გამომეკიდა! - ხმა გაწყვიტე-მეთქი,რა გითხარი?!- კბილებში გამოსცრა ელიამ.- ვინმემ ხომ არ დაგინახა?! - არ ვიცი..არა მგონია,- თავი ხელებში ჩარგო და ძირს ჩაჯდა. - აქედან ფეხი არ მოიცვალო!- უთხრა გუგუნას და კარში გავიდა. თავგაჩეხილი ეგდო სერგო კართან. თვალგახელილი და პირღია. სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. - ვერ მოისვენე სანამ საკუთარი შვილი ბოლომდე არ გაანადგურე!- ბრაზით უთხრა საყვედური. მერე ლოგინს ზეწარი გადააძრო და მკვდარს გადაახვია. - ციხისთვის ცოდოა გუგუნა, შენს გამო მითუმეტეს! ბავშვობიდან შეიძულე და შავად უთენებდი ყოველ დღეს!- ჩაილაპარაკა ელიამ და სახლის კარი გამოკეტა. მიდიოდა გზაზე და თავადაც უკვირდა თავის გულგრილობისა. ასე როგორ გავქვავდი,რომ ერთი ცრემლიც ვერ გადმოვაგდეო. გუგუნას გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანი იყო,ვიდრე სერგოს სიცოცხლე. აშარი კაცი იყო სერგო,დაუნდობელი.მთელ სოფელს მობეზრებული ჰყავდა,მაგრამ საკუთარ შვილს ყველაზე მეტი ცოდვა დაადო კისერზე. ბრაზი ახრჩობდა ელიას. განსაკუთრებით უყვარდა გუგუნა. არ ავიწყდებოდა ის დღე,როდესაც თოკმობმული ჩაეშვა ორმოში და მომაკვდავი ბავშვი ამოიყვანა იქიდან. იმის შემდეგ, ერთი დღეც არ მიუტოვებია პატარა ბიჭი. გუგუნას დედაც ქმრის სისასტიკემ მოინელა. უმოწყალოდ სცემდა გალეშილი მთვრალი,იქამდე ,სანამ ნერვიულობისგან არ დაადნო და მოსპო ახალგაზრდა ქალი. სახლში მისულს,გუგუნა ოთახში არ დახვდა. ყველგან დაძებნა ბიჭი,არსად ჩანდა. მერე ეზოც მოათვალიერა და ბაღჩაში გადავიდა. შორიდანვე მოჰკრა თვალი ბალამწარას ხეზე დაკიდებულ ბაწარის ყულფში რომ უყრიდა თავს გუგუნა. ასე სისწრაფით რაც ასაკი შეეპარა,მგონი არ ურბენია. მიუსწრო და ფეხებში ეცა. - არა! არა! არც კი გაბედო,შვილო..მე,მე მოგეხმარები,ყველაფერს გავაკეთებ და შენ არაფერი დაგიშავდება!- ხვეწნა- მუდარით მოიყვანა გონზე შეშლილს დამსგავსებული გუგუნა. ჩამოხსნა სახრჩობელადან და დაყვავებით წაიყვანა შინ. - ამ ცოდვით როგორ უნდა ვიცხოვრო,ელია ძია?!- ატირდა გუგუნა ელიას მხარზე ჩახუტებული. - შენი ბრალი არ არის, მოგკლავდა,სხვა გზა არ დაგიტოვა,იმ სულწაწყმენდილმა,- ერთიანად ცახცახებდა ელია და გაუბედურებულ ბიჭს გულში იკრავდა. შუა ღამე გადასული იყო,ელია გზას რომ დაადგა თავისი ერთბორბალა ურიკით. სერგოს მკვდარი სხეული წვალებით გადააწვინა ზედ და ორმოსკენ აიღო გეზი. თან ირგვლივ ათვალიერებდა,ვინმემ არ მომკრას თვალიო. გზაში არც კი შეუსვენია,ისე იარა მძიმე ტვირთით,ეჩქარებოდა საქმის დასრულება. ორმოსთან ზეწარი რომ შემოაძრო სერგოს,მაშინ ატირდა.მკვდარს არა,თავის თავს დასტიროდა ელია, ღმერთის რცხვენოდა,ცასაც ვერ ახედა.თავდახრილმა გადაიწერა პირჯვარი, საპატიებელი არ ვარო,ეს კი თქვა და სერგოს უსულო სხეული ორმოში გადაუშვა. ყრუდ გაისმა დაცემის ხმა. კარგა ხანს ჩაჰყურებდა პირღია მიწას,მერე მძიმედ შემობრუნდა,სისხლიანი ზეწარი ურიკაზე დააგდო და სახლის გზას არეული ნაბიჯით გაუყვა. ეზოშივე მიუკიდა ცეცხლი ზეწარს,სანამ ბოლომდე არ ჩაიფერფლა იქამდე არ მიანება თავი.ბოლოს ნაცრად ქცეული მოხვეტა და წყალს გაატანა. აღარც დაუძინია. გუგუნას დასცქეროდა,რომელიც ძილში გაურკვევლად ბუტბუტებდა სახეშეჭმუხნული. ჩვიდმეტი წლის ბიჭს,რომელსაც ტკივილისა და გაჭირვების გარდა არაფერი ენახა, უარეს გოლგოთას შეუდგა. ელიას მისი შემხედვარე გული ეწურებოდა. ცოტა ხნით გარეთ გავიდა . ხის ჯირკზე ჩამოჯდა და ღამეში გამოკრულ მთვარეს ახედა. - სხვა გზა არა მქონდა,ამ ბიჭს ციხეში ვერ გავუშვებდი,თავისი უბედურებაცა ჰყოფნის,ხომ გესმის ჩემი?- ჩურჩულით უთხრა და სიმწრით გაეღიმა. - ჰო,ჩუმადა ხარ,ან კი რას მეტყვი? შენც ხომ ჩემსავით მოიქცეოდი? მანიშნე მაინცა კაცო,ამოდენა დედამიწას გადმოსცქერი,ამოდენა ცოდვის ბუდეს,მაშ ეგრე მდუმარედ უნდა იყო დაკიდული? იქნება და როგორა მჭირდება ერთი სანუგეშო სიტყვა.. გასკდა ეს ოხერი გული.. როგორც დილას რიყის ქვა,იგრე გადავუძახე ადამიანი ორმოში და დავიჯერო არაფერს მეტყვი?- შეუბღვირა მთვარეს და ფეხზე წამოდგა. - მოვკალი,მამა მოვკალი!- გაღეღილი პერანგით გამოვარდა კარში გუგუნა,თან გულმკერდზე ძლიერად ისვამდა ხელებს. -გუგუნა!- სწრაფად ეცა ელია. - გული აქ აღარ მეტევა,ელია ძია, სადაცაა გამოხეთქავს,- ატირდა და ელიას მოეხვია. - გაჩუმდი..სუ..სუ.. დაწყნარდი შენა..ყველაფერი კარგად იქნება,ყველაფერი..-დაუყვავა ბიჭს და სახლში შეიყვანა. - რა უნდა ვქნა,ელია ძია,დამიჭერენ ! - ბიჭი შეშინებული ატრიალებდა თვალებს. - მომისმინე,გუგუნა!- ელიამ ბიჭის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. - რასაც ეხლა გეტყვი,კარგად დაიმახსოვრე..დანარჩენი რაც იყო,უნდა დაივიწყო,გაიგე?! გუგუნამ თავი დაუქნია. *** მეორე საღამოს სოფელში ხმა გავარდა,სერგო დაიკარგაო. დიდად არავინ შეწუხებულა ამ ამბით,თუმცა რამოდენიმემ,ისიც გუგუნას გამო ძებნა დაუწყეს. - წუხელ,შებინდებისას აგე იქ, გზის პირზე დაბოდიალობდა,შევეხმიანე კიდეცა,მაგრამ ხომ იცით მაგის უჟმური ხასიათი,რაღაცა მკვახედ მომაძახა.მთვრალი ჩანდა.მეც ავდექი და შინ შევედი. სადა მქონდა მაგის ნერვები,- თქვა ნაბიამ და შეკრებილ ხალხს ორმოს მხარეს გზისკენ ანიშნა. ელიამ ნაბიას შემკრთალმა შეხედა. -ჰო, განა ვტყუი კაცო,ნამდვილად ის იყო,იქნებადა ორმოშიაც კი ჩავარდა,- ნაბიამ თვალი გაუსწორა ელიას და იმედიანად ანიშნა. - ეუჰ,ვითომ იქ ჩავარდებოდა?- ატყდა გარჩევ- გამორჩევა.ყველამ ორმოსთან მოიყარა თავი. ხან რა ჩაანათეს,ხან პატარა კენჭი ისროლეს.არაფერი ისმოდა ქვემოდან. ელია სუნთქვაშეკრული იდგა,გუგუნას ფერი უარესად დაკარგვოდა. - გამოვიძახოთ ინსპექტორი, ნამდვილად აქ ჩავარდებოდა,- ატყდა ისევ ვიშვიში. - გეუბნებით,ისე ბანცალებდა, გულში კი გამკრა არ ჩავარდეს მეთქი,მაგრამ დამაცადა მეთქვა რამე?- ნაბიამ ისე დამაჯერებლად თქვა,ყველა მის ვარაუდს დაეყრდნო და გამოიძახეს ინსპექტორი. - ნაბია,- ახლოს დაუდგა ელია. - სუ,ელია! იმ ბიჭს შველა უნდა,- ნაბიამ გუგუნას გახედა,რომელიც მიწაზე ჩამჯდარიყო და თავი ჩაეხარა. - დამინახე,არა?- ელიას დანანებით ჩაღიმა. - არაფერიც არ დამინახია,მიხედე ბალღსა!- უთხრა ნაბიამ და გაეცალა. დიდი წვალებით ამოასვენეს სერგო ორმოდან.ეჭვი არავის არაფერზე შეპარვია, დაასკვნეს,რომ მთვრალი გადავარდა და ეს იყო. - აი,ჩვენი ბრალია,ვერ ამოვავსეთ ეს უბედურების ადგილი,- ერთი ეს თქვეს და დაიშალნენ. ელიამ ითავა სერგოს დაკრძალვა.გუგუნა ახლოსაც არ გააკარა. შიშობდა,ვაი, თუ ნერვებმა უმტყუნოს და თავი გამოიაშკარავოსო. *** ამ ამბიდან ერთი წელი გავიდა. გუგუნა ელიას მიეკედლა. თავის სახლს ვერ ეკარებოდა. - ელია ძია,უნდა გავყიდო,იქით გახედვაც არ მინდა..როდემდე ვიცხოვრო შენთან?- გუგუნამ თავისი აზრი გაანდო. - მასე სჯობია,შვილო,მასე.. ჩემთან ცხოვრებას არავინ გიშლის,მაგრამა შენი კერია გინდა,უნდა ისწავლო კიდეცა,ხომ იცი,უსწავლელ კაცსაო.. - "გასტანჯავს წუთისოფელი"- დაეთანხმა გუგუნა და იმ დღიდან დაიწყო მყიდველის მოძებნა. არავის უნდოდა უბედური სახლი,სადაც ვერავინ გაიხარა. დაწყევლილს ეძახდნენ და აბა,ვინ მოინდომებდა იქ ცხოვრებას. გუგუნას ყურები ჩამოეყარა,უიმედოდ ელოდა მყიდველს. -ელია! ელია,კაცო?!- ეზოს ნაბია მოადგა ხელში ცხელ- ცხელი პურებით. - მაინც არ იშლი შენსას, რა ძალა გადგა,ქალო,რომ ეყუდები იმ გახურებულ თონეში,თავი არ გეცოდება?- საყვედურებით აავსო და პურები გამოართვა. - ესღა დამრჩენია სიკეთის საკეთებლად და ნუ დამიშლი.ასე მგონია,ჩემს უგზო- უკვლოდ დაკარგულ თედოს ვაჭმევ,- ცრემლი მოადგა ნაბიას. ომიდან არ დაბრუნებულა ნაბიას ქმარი,არც მკვდარი ჩანდა სადმე,არც ცოცხალი. ნაბია კი ელოდა და ელოდა.. თვალებიღა ჰქონდა ამოღამებული გზაზე ცქერით. - შემოდი,მოდი,- ელიამ შეიპატიჟა. - არაა,საქმეები მაქვს.. ჰო,მართლა,გუშინ ორი კაცი მოადგა ჩემს ჭიშკარსა, ერთი ჩვენებური იყო,გაღმა სოფლიდან.მეორე უცხოელი. გავიგეთ,პურსა ჰყიდიო.. არა ვყიდი- მეთქი, გამოვუტანე და მივეცი. ფული მაძლიეს,არ გამოვართვი.მერე მკითხეს ამ სოფელში სახლს ხომ არ ჰყიდის ვინმეო,იმ უცხოელსა სდომებია.. კი ვუთხარი გუგუნას ეზო-კარზე და აბა,რა ვიცი.. შენთანაც მოვასწავლე..იქნება და გაიყიდოს და ამოისუნთქოს მაგ ბალღმაც. - უცხოელს აქ რა დარჩენია?- გაუკვირდა ელიას. - რა ვიცი,აბა.. ასე ამბობს თურმე, ძალიან მომწონს აქაურობა,ასეთი ბუნება არსად მინახავსო. - გემოვნება კი ჰქონია.. ვნახოთ,აბა..მოვიდეს. საღამოს პირზე,ელიას ჭიშკარს მანქანა მოადგა. სტუმარმა დაიძახა. ელია და გუგუნა კარში გავიდნენ. - გამარჯობა, ძიაკაცო..თქვენთან მოგვასწავლეს, სახლსა ჰყიდისო,აი, ჩემს სტუმარს უნდა ყიდვა და..- ელიამ ჯერ გაღმასოფლელი შეათვალიერა,შემდეგ მზერა უცხოელზე გადაიტანა და გაშეშდა. მის წინ ბენი იდგა. რომ არა ნიკაპზე ის გაშლილი ხალი,შეიძლება ვერც კი ეცნო,ისე იყო შეცვლილი. ამის გააზრებაზე მთელი წარსული აიშალა ელიას ტანზე, ტაოდ დააყარა და სისხლის წყურვილი იგრძნო. ბენი გაღიმებული უყურებდა ელიას. ვერ იცნო,თორემ უკანმოუხედავად წავიდოდა. - ჰო,ვყიდი,ვყიდი..- ჩაილაპარაკა ელიამ ბენზე თვალმოუცილებლად. - ნახვა შეგვიძლია? - შეგიძლიათ,როგორ არა.. გუგუნა,გაჰყევი შვილო,აჩვენე სახლი..-კი თქვა მშვიდად,მაგრამ ელიას გონებაში სულ სხვა რამ იხარშებოდა. გუგუნა კარგად იცნობდა ელიას. მის სახეზე ბევრი რამ კი ამოიკითხა,პასუხგაუცემელი. *** - რაო,როდის გადმოდისო ის გერმანელი?- კბილების ღრჭენით ჰკითხა ელიამ გუგუნას ერთ დილას. - სამ დღეშიო,როგორც თქვეს,- გუგუნამ ეჭვით შეხედა ელიას. - სამ დღეშიო..- ჩაილაპარაკა ელიამ და ნაჯახს წამოავლო ხელი. - სად მიდიხარ,ელია ძია? - არსად..არსად.. ცოტა პირი მოუჟანგდა,უნდა გავლესო,- მოგუდულად თქვა ელიამ და საქმეს შეუდგა. გუგუნამ ჩაფიქრებულმა მიადევნა თვალი. *** კოკისპირულად წვიმდა. წვიმასთან ერთად ქარსაც მოეცალა და გაავებული დაძრწოდა. გზა ნიაღვრად ქცეულიყო. მთლად გალუმპული მიადგა ელია იმ დაწყევლილ სახლს. ისე შეალაჯა ოთახში, მაგიდასთან მჯდომმა მასპინძელმა გულზე იტაცა ხელი შიშისგან. რადგან ნაცნობი სახე დაინახა,ცოტა დამშვიდდა,მაგრამ სტუმრის ხელში ალაპლაპებულმა ნაჯახის პირმა შიში დაუბრუნა. - ბენ..ბენ..- სკამი გამოსწია ელიამ და ცხვირწინ დაუჯდა. - რა ხდება?- ბენმა გერმანულად წამოიძახა. - ხედავ,ბენ..ბედისწერამ შენი ფეხით მოგიყვანა ჩემთან..- ღვარძლიანად ჩაიცინა ელიამ და მაგიდაზე ოქროს მონეტა დადო. ბენმა გაკვირვებით დახედა.. - იცი,ეს რა არის? - ვერაფერი გავიგე,- დაბნეული აცეცებდა თვალებს ბენი. - ეს მონეტა ემამ მაჩუქა.. გახსოვს,თუ შეგახსენო ემა?! ემას ხსენებაზე ბენი შეცბა და უარესად აიტანა შიშმა. - შენ..შენ ის ხარ? ჰელია?!- დაზაფრულმა თქვა და წამოდგომა დააპირა. - დაჯექი ადგილზე!- ისე დაუღრიალა ელიამ,ბენი ადგილზე დაეშვა. - მაშინ ომი იყო,ჰელია..პატარაც ვიყავი,გამოუცდელი..- ბენი თავის მართლებას შეეცადა. - პიტერიც პატარა იყო , ისიც ომში იყო,მაგრამ ადამიანობა არ დაუკარგავს!- მაგიდას მუშტი დაჰკრა ელიამ. - მაპატიე..როგორმე მაპატიე..- თაგვისფერი დაედო სახეზე ბენს. - მე ღმერთი არა ვარ,რომ გაპატიო.. - ღმერთის შვილი ხომ ხარ? რატომ უნდა დაიდო კისერზე მძიმე ცოდვა.. ჩემი სიკვდილით ვერც პიტერი გაცოცხლდება,ვერც პოლი და ვერც ემა..- ბენი ერთიანად აცახცახდა. -რა თქვი?!- თვალები ჩაუსისხლიანდა ელიას. როგორ იმედით იყო,რომ როდესღაც შეხვდებოდა კიდევ პოლოკების ოჯახს. საშინელმა სიმართლემ უცებ გადაუკეტა გონი. არ ახსოვს როგორ წამოხტა და საგულდაგულოდ ალესილი ნაჯახი როგორ და რამდენჯერ დაჰკრა. სისხლით რომ გადაეღება ხელები და სახე,მაშინღა მოვიდა გონს. ნაჯახი ხელიდან გააგდო და გავეშებულმა კარისკენ გაიხედა. გაოგნებული და ენაჩავარდნილი იდგა გუგუნა.წვიმისგან თავიდან ბოლომდე სველს წყლის წვეთები წურწურით ჩამოსდიოდა სახეზე. - არ უნდა მოსულიყავი!- შეუბღვირა ბიჭს და მისკენ წავიდა. - წამოდი სახლში!- კბილებში გამოსცრა ელიამ და გუგუნას ხელი წაავლო. მთელი ღამე ღია ცის ქვეშ იჯდა ელია. სახე მოღრუბლულ ზეცისთვის მიეშვირა და ჩუმად ბუტბუტებდა. - მემალები არა? გამოდი,გადმომხედე,დაინახე ჩემი ცოდვილი ხელები .. ეხლა მაინც მითხარი,როგორი კაციჭამია და როგორი ღმერთგამწყრალი ვყოფილვარ! სად შეიბუდე,შე, ვერანავ?! გადმოდექი და ერთი სიტყვა მაინც მითხარი..სანუგეშო არა, ნუგეში რაში მარგია.. მითხარი,რომ დავმძიმდი ამოდენა ცოდვით და არც ნამუსი მაქვს,არც სინდისი,რომ ჩემივე კბილებით გამოვიგლიჯო ეს ვენები და დავცალო ეს გამხეცებული სხეული! მემალები,არა? შენც კაი მშიშარა ხარ,მუნჯო!- შეუბღვირა სადღაც გამოკეტილ მთვარეს და თავი სინანულით გააქნია. *** შუა ღამეს მოაგორებდა გუგუნა ერთბორბალა ურიკას,ზედ მძიმე ტვირთით. წვიმა სახეში სცემდა და გამგელებული ქარი ტანსაცმელს ახევდა. ფეხისთრევით ძლივს მიაღწია ორმომდე. ცოტა ხანს გაუნძრევლად დადგა. მერე ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ტვირთი ორმოში გადაუძახა. *** - ელია?! ელია,კაცო,გეყურება?- ეზოს ნაბია მოსდგომოდა. ნახევარკაციღა გამოჩნდა კარში. თითქოს ერთ ღამეში დაპატარავებულ და დაბერებულიყო ელია. ჩამქრალი თვალებით შეხედა ნაბიას. - გამომართვი ეს პური და გუგუნას უთხარი გამომყვეს,- ხელში პური მიაწოდა. - სად მიდიხარ მაგ ურიკით?- ელიამ ძლივს ამოიღო ხმა და ნაბიას ფეხებთან მდგარ ცარიელ ურიკას დახედა. - ორმოა ამოსავსები.. მოილია თავის საქმე იმ ყბადაღებულმა მიწამ,კმარა! რიყეზე იმდენი ქვა ყრია,სამყოფია!- თქვა ნაბიამ და დანაოჭებული თითები ჩაავლო ურიკის სახელურებს. -გუგუნა! გამოადგი აბა, ფეხი.. დროულათა შვილო!- გასძახა ეზოს სიღრმეში მდგარ ბიჭს და ურიკა ჭრიალით გააგორა. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.