შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" ზირა "


13-06-2022, 12:27
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 836


თბილისელი იეზიდი იყო ზირა.თექვსმეტი წლისა მშობლების ჩუმად გაჰყვა ქართველ სერგოს. ერთი დანახვით ჩაუვარდა გულში სტუდენტ სერგოს პატარა გოგო. ახლო მიკარებას ვერ ბედავდა,ჯერ შორიდან უთვალთვალა,მერე წერილი გაატანა თავის მეგობარს. მოკლედ და გადაჭრით მისწერა,მიყვარხარ და ჩემი ცოლი უნდა გახდეო. თვეები ელოდა სერგო ზირას პასუხს,ის კი დუმდა. მოვიტაცებო,ისიც კი იფიქრა ბიჭმა,თუმცა ერთ დღეს მოულოდნელად გამოეცხადა ზედ ეზოს კართან ზირა. ხელში პატარა ფუთა ეჭირა და დამორცხვილი, თვალს ძლივს უსწორებდა გაკვირვებულ სერგოს. სადმე შორს წავიდეთ,თორემ დანიშნული ვარ და ჩემები მომკლავენო, ერთი ეს უთხრა და თავი დახარა.იმ წუთას სერგოზე ბედნიერი კაცი არ იყო.ზირას ხელი მოკიდა და გულში ჩაიკრა. ვერაფერმა შეაშინა შეყვარებული ბიჭი. ვერც გოგოს ძმების მუქარამ და ვერც დედ-მამის ჩხუბმა. ზირა სხვა სარწმუნოების არის და ეგ ჩვენს ოჯახში არ გამოდგებაო. არავის მიაქცია ყურადღება,ჩაჰკიდა ხელი ზირას და თავის ძმადნაფიცთან ხევსურეთში წაიყვანა. ბევრი კი ეძებეს მშობლებმა ზირა, ლამის თავდაყირა დააყენეს მთელი ქალაქი,ვერაფერს გახდნენ. ზირამ მშობლებს შეუთვალა,თუ იჩივლებთ თავს მოვიკლავო.ბოლოს ზირას მშობლები დანებდნენ,რაც მოხდა,ვეღარაფერს ვუშველით,ეტყობა მართლა გიყვართ ერთმანეთი და დაბრუნდითო.
დაბრუნდნენ,ოღონდ
სერგოსთან სოფელში.
თუმცა,სერგოს მშობლებმა მაინც ვერ მიიღეს რძალი, არ უნდოდათ და მორჩა. ქართველი ქალი დაილიაო? წარამარა აგონებდნენ სერგოს. მე ეს მიყვარს და ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვსო,ბრაზობდა სერგო. ავად თუ კარგად როგორღაც გაფანტეს ღრუბელი და მიჰყვნენ ცხოვრების დინებას. დრო გადიოდა,ზირას ნატვრა,რომ შვილი ჰყოლოდა, უფრო და უფრო უიმედო ხდებოდა. ჯერ ისედაც დედამთილისგან ათვალისწუნებულს, უშვილობის პრობლემა დაემატა. სად არ იარა,რომელი ექიმის თუ ექიმბაშის კარი არ შეაღო,არაფერმა უშველა. დარდისაგან ჩამოხმა და ჩამოდნა.სერგო კი ამშვიდებდა, ასე ძალიან რომ განიცდი,უარესია,მოეშვი და როცა ღმერთი ინებებს,მოგვცემს შვილსო.
აბა,უშვილო ქალი რისთვის გინდივარო,დამტვრეული ქართულით ეტყოდა ხოლმე ქმარს და ტიროდა.

შვილის ნატვრაში წლები გავიდა. უკვე ასაკი ეპარებოდათ. სერგოს ძველებურად უყვარდა ზირა. გულში ისე ჩაიკრავდა ხოლმე,როგორც პირველ დღეს. დიდ,შავ თვალებს მთელი გრძნობით დაუკოცნიდა და სამუშაოზე ისე მიდიოდა. ზირა დადარდიანებული მიუბრუნდებოდა ხოლმე სახლის საქმეს. სერგოს დედას კი ვერც წლებმა გაუნელა ბრაზი რძლის მიმართ,სულ ჯიბრში ედგა. სიბერეში იყო გადასული და მაინც ვერა და ვერ დაიტკბო ენა. მამათილი უფრო მოტეხილი იყო,ბედს შეგუებული,თუმცა გულში მაინც წყენად ჰქონდა,რომ ვერ ეღირსა შვილიშვილს. ბრაზიანად გახედავდა ხოლმე რძალს. სერგოს მშობლებისგან განსხვავებით, სოფელს ძალიან უყვარდა ზირა. ყველას გაჭირვების ტალკვესი იყო. ჭირი იყო თუ ლხინი ზირა იყო ყველგან. თავისი დამტვრეული ქართულით მიესიყვარულებოდა ხოლმე დიდსა თუ პატარას. მაწონსა და რძეს ხშირად აწვდიდა გაჭირვებულ ოჯახებს. დედამთილი კი სულ ბრაზობდა,აესე ანიავებ ოჯახს, ბარაქა სულ გარეთ გაგაქვსო. სწყევლიდა და შავ დღეში აგდებდა.ზირა მაინც არ იშლიდა თავისას. სერგოს ეტყოდა ხოლმე თავის გულისტკივილს. სერგო როგორც ყოველთვის,გაუღიმებდა,თვალებს დაუკოცნიდა და ეტყოდა, დაეხმარე ვისაც გინდა, დედაჩემს ყურადღებას ნუ მიაქცევო. ზირაც გახარებული ჩააწყობდა მაწვნებს ნაჭრის ჩანთაში და თუ კი ვინმეს პატარა ბავშვი ჰყავდა მთელი სითბოთი მიართმევდა ხოლმე.
-აი,მაზონი მოგიტანეთ, ზუღელ გავაკეთე,აჩამეთ ბალღებსა,- მიაწოდებდა თავის ნახელავს და ბედნიერი ბრუნდებოდა შინ.
- შენ გაიხარე,ზირა!
- დაგელოცოს ეგ მარჯვენა,ზირა!
- დაუდგეს თვალები შენს დედამთილსა,ამისთანა გოგოს როგო ვერ შეგეგუა..
- ღმერთმა შვილი გარგუნოს,შვილო..
ათას ლოცვას მიაყოლებდნენ ხოლმე სიკეთით მოსიარულეს.

ერთ დილას დედამთილის კივილმა გააღვიძა სერგო და ზირა. გიჟებივით წამოცვივდნენ ფეხზე. სერგოს მამა ძილში გარდაცვლილიყო.
ერთი თვის შემდეგ სერგოს დედაც ჩავარდა ლოგინად. ტვინში გაჟონვა დაემართა,რამაც მისი სხეულის ნახევრად დამბლა გამოიწვია.მეტყველებაც წაერთვა და გონიც. ზირას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია სარეცელზე მიჯაჭვული.სოფელს უფრო შეუყვარდა ზირა. როგორ გაგიმწარა ცხოვრება და მაინც როგორი გულით უვლიო. მე სერგო მიყვარსო,იტყოდა ხოლმე გულდაწყვეტით.
დიდხანს არ უცოცხლია სერგოს დედას,ისიც ქმრის კვალს გაუყვა.
განა რა იყო,ერთი ტკბილი სიტყვა მაინც რომ გამეგო შენი პირიდანო,ბოლო გზაზე მიატირა ზირამ.
სერგო დამნაშავედ უყურებდა ცოლს. მკვდარ მშობლებზე ბრაზობდა,ჩემი არჩევანი არად ჩააგდეს და სიცოცხლე გაუმწარესო.
ცხოვრება ისევ ჩადგა კალაპოტში. ზირა უფრო მეტ რძესა და მაწონს გასცემდა. უფრო გაბედულად და გულუხვად.

უკვე ორმოც წელს იყო მიღწეული, საერთოდ გადაეწურა იმედი შვილის ყოლისა. ალბათ,ასე მარგუნა განგებამო,ხელი ჩაიქნია და ბედს შეეგუა. სერგოც არ იმჩნევდა,თორემ სადაც კი პატარა ბავშვს მოჰკრავდა თვალს,გულში ტკივილი გაჰკენწლავდა ხოლმე. რისთვის დავისაჯე,რატომ არ მეღირსა მეც ერთი შვილი, კარ-მიდამო ახმაურებულიყო და გაგვეხარაო.
ამ ოცნებებში ილეოდა წელიწადების ოთხივე დრო.
სერგო მეზობელ სოფელში მუშაობდა,გზად მდინარეზე გადებული ხიდი უნდა გადაევლო. სამთვლიანი მოტოციკლი ჰყავდა, იმით დადიოდა.

იმ ავბედით გაზაფხულზე,დიდთოვლობის შემდეგ,მდინარე ისე ადიდდა,ლამის ხიდს უწვდებოდა წყალი.თან თავსხმა წვიმა იყო, გაშავებული ღრუბლები მხეცებივით ღრენდნენ. ზირამ უთხრა სერგოს, დღეს ნუ წახვალ,რამე ხიფათს არ გადაეყაროო,გული უგრძნობდა. სერგომ ჩემი მიუსვლელობა არ იქნება,ნუ დარდობ,ხიდი მყარია, იმხელა მანქანებს უძლებს,ჩემი ტრანსპორტი რა მოსატანია იმასთანო. ისევ დაუკოცნა თვალები ცოლს და გზას გაუყვა. ზირა უხალისოდ მიუბრუნდა საქმეს,სერგოზე ეფიქრებოდა, შიშნარევი ფიქრები ვერაფრით მოიშორა. ის იყო ჯერ კიდევ თბილი მაწვნები ნაჭრის ჩანთაში ჩააწყო ,რომ მეზობელი დაუკითახავად შევიდა ეზოში. სახეზე ფერი დაკარგვოდა. ზირამ თავი ანება მაწვნებს და მისკენ წავიდა.
- ხიდი წყალმა წაიღო,ზირა..- ერთი ეს უთხრა და ტირილი აუტყდა.
ზირამ უცებ ვერ გაიაზრა მისი ნათქვამი, ახლოს მივიდა და მხრებში ჩაავლო ხელი უბედურების მაცნეს.
- სერგო?!- ხმადაბლა ჰკითხა. ქალმა თავი დაუქნია.
- არა..არააა..- უკან-უკან წავიდა ზირა და შეშლილივით მოატარა თვალები ირგვლივ.
- ზირა,გამაგრდი,- ტირილით უთხრა.
- სერგოო!- გულმოსაკლავად დაიყვირა ზირამ და კარში გავარდა. წვიმაში გიჟივით გარბოდა,გზაზე გასძვრა ჩუსტები,ყურადღება არ მიუქცევია.კენჭებისგან დასერილ ფეხისგულებზე ვეღარც ტკივილს გრძნობდა.
- ჩემი სერგოო! ჩემი სერგოო! - მხოლოდ ამას მოსთქვამდა წვიმისგან გალუმპული.
ხიდთან ხალხი იყო შეკრებილი. არც სერგო ჩანდა და არც მისი სამთვალა.
- სად არის ჩემი სერგო?!- აკანკალებულმა ზირამ ხალხის ტალღა გაარღვია და ღვარცოფად ქცეულ მდინარეს ჩახედა.
- ზირა..
-ზირა..
გარს შემოეხვივნენ და მისი დამშვიდება სცადეს. ქალს აღარაფერი ეყურებოდა, მარტო სერგოს ყვიროდა...
შორს იპოვნეს სამთვალა,სერგო კი ვერა.
მდინარის ძლიერ დინებას შთაენთქა ზირას სიყვარული.
***
- ჭკუიდან შეცდა ეს უბედური,რა ბედი ჰქონია,- ჩუმად ჩაილაპარაკებდნენ ხოლმე ზირას დანახვისას.
წელიწადი იყო გასული სერგოს დაკარგვიდან. ვერსად მიაგნეს..ღმერთმა უწყის რომელ ფსკერზე ჩამალა ულმობელმა წყალმა.
- სულ იცინის,ეს საცოდავი..აბა,გახედე,-სინანულით გააყოლებდნენ ხოლმე თვალს გზად მიმავალს. ჭრელა-ჭრულა კაბაში გამოწყობილი,ფეხშიშველი ბედნიერად მიაბიჯებდა ზირა და შიგადაშიგ ისეთ სიცილს დასცხებდა, მის შემხედვარე სოფელს გული უკვდებოდა.

***
-აი, მაზონი მოგიტანეთ, ზუღელ გავაკეთე,აჩამეთ ბალღებსა,- ცარიელ ხელებს გაუწვდიდა ხოლმე.
- გაიხარე,ზირა,- თვალზე ცრემლმორეულნი "გამოართმევდნენ" და ტკივილით გაუღიმებდნენ.
- შემოდი,ზირა,-შინაც შეიპატიჟებდნენ.
-არა,ეჩქარება.. ჩემი სერგო ელოდება შინა,თვალებზე უნდა აკოცოს ზირას,- იტყოდა და თან სიცილს დასცხებდა.

მერე გაბრუნდებოდა და სიმღერით გაუყვებოდა გზას ხიდისკენ.
საათობით იჯდა ხიდზე და წყალს ჩასცქეროდა ბუტბუტით.

***
მეორე გაზაფხულს,ზუსტად იმავე დღეს,როცა სერგო დაიკარგა,ზირას უსიცოცხლო სხეული გამორიყა წყალმა.
ტანზე ჭრელი კაბა ეცვა და ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

***
-აი,მაზონი მოგიტანეთ,ზუღელ გავაკეთე,აჩამეთ ბალღებსა..- ტკივილით იხსენებდა ამ სიკეთით სავსე სიტყვებს სოფელი და იცრემლებოდა.

დასასრული



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან სევდიანი და ძალიან კარგად დაწერილი ემოციური ისტორიაა.ძალიან მომეწონა

 


№2 სტუმარი One

Saocrebebs qmni, ramkhela siyvaruli da emocia moitane chvenamde❤️
Rogorc yoveltvis, arachveulebrivia)

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მადლობა ,რომ,ამ საიტზე დებ შენს გენიალურ ისტორიებს.

 


№4 სტუმარი Keira.კირა

ასეთი პაწუკა და თან ასეთი ემოციური? როგორ? რანაირად გამოგდის? :)))♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი კრავაი

რამდენიმე აბზაცში ამდენი ემოციის ჩადებას როგორ ახერხებთ?! უკომენტაროდ, უბრალოდ ბრავო!

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Ana-maria
ძალიან სევდიანი და ძალიან კარგად დაწერილი ემოციური ისტორიაა.ძალიან მომეწონა

One
Saocrebebs qmni, ramkhela siyvaruli da emocia moitane chvenamde❤️
Rogorc yoveltvis, arachveulebrivia)

სტუმარი nancho
მადლობა ,რომ,ამ საიტზე დებ შენს გენიალურ ისტორიებს.

Keira.კირა
ასეთი პაწუკა და თან ასეთი ემოციური? როგორ? რანაირად გამოგდის? :)))♥️

სტუმარი კრავაი
რამდენიმე აბზაცში ამდენი ემოციის ჩადებას როგორ ახერხებთ?! უკომენტაროდ, უბრალოდ ბრავო!


ჩემო ძვირფასებო ყოველთვის მახარებთ♡
უღრმესი მადლობა თქვენ ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent