" ცარუხა"- რა დამჭკნარი და პატარა კონებია?- უკმაყოფილოდ შეათამაშა ხელში და პატარა დახლზე დააბრუნა. - რას ამბობ,შვილო,უთენია გამოვკრიფე,გადარჩეულია და კონაც საკმაოა,- შავი თავსაფრიდან ძლივს უჩანდა სახე დედაკაცს. - ძვირია,- მაინც აიბზუა ცხვირი. - თუ ფული არა გაქვს,ისე წაიღე,განა გადამყიდველი ვარ,ჩემი ბოსტნისაა,- წყენით ახედა. - მათხოვარი კი არ ვარ,ისე რად მინდა?!- შეუბღვირა და გავის ქნევით წავიდა. - ღმერთო დიდებულო,ამ ქალაქებ ხომ ვერ გავუგე ვერაფერი,ხან კონაა პატარაო,ხან სიყვითლე აქვს შეპარულიო,ხან ძვირიაო,ესაო,ისაო..ეჰ,- გულისწყრომით თქვა და მწვანილის კონები ლამაზად მიაწყ-მოაწყო. - რა ღირს ბებო?- ახალგაზრდა ბიჭმა ხელი წაავლო ქინძის კონას. - თხუთმეტი კაპიკი,ბებო.. უთენია გამოვკრიფე,აბა,უყურე, როგორი ქორფაა,- შეაქო ძაფით გაკოჭილი მწვანილები. - ორი კონა ქინძი და ერთიც ოხრახუში მინდა,ჰო,რეჰანიც დამაბარეს,- ბიჭმა ჯიბიდან ხურდა ამოიღო. - სამოცი კაპიკისაა,შვილო..წიწაკა არ გინდა? კარგი მწარეა, ოც კაპიკში მოგცემ,- სამი ერთად გაკოჭილი წიწაკა მიაწოდა. - იყოს წიწაკაც,- გაეღიმა ბიჭს. - ნიორი,შვილო?- ახლა ნივრის გალას დასწვდა. - მაგასაც ვიყიდი,- ისევ გაუღიმა. - სულ ორი მანეთისაა.. დაიცა შვილო..ამ კამასა და კიტრებ ისე გაძლევ, საჩუქრათა,- ყვითელ პარკში ჩაუწყო ნავაჭრი და მიაწოდა. ბიჭმა კიდევ მოიჩხრიკა ჯიბე,შემდეგ მეორე ჯიბეზე გადავიდა, ქაღალდის ფული ამოიღო და მოხუცს დახლზე დაუდო. -დაიცა,გენაცვალე, ხურდა მოგცე,- გაცრეცილ ჩანთაში ჩაძვრა. -ხურდა არ მინდა,ბებო,- თბილად გაუღიმა ბიჭმა და გატრიალდა. - დაიცა,შვილოო,- გაკვირვებულმა გააყოლა თვალი. ბიჭი არ მობრუნებულა. საღამოსკენ დაცლილი მუყაოს დახლი დაკეცა,ფულიც გადაითვალა,ცხრა მანეთი და ორმოცი კაპიკი გამოვიდა. კმაყოფილმა გაიღიმა და იქვე ხორცის გამყიდველთან მივიდა. -რეზო,ძვლები ხომ შემინახე,ბიჭო? - კი, ესმა ბებო,ხომ იცი,ყოველდღე გინახავ,- ბიჭმა ესმასთვის გამზადებული საქონლის ცოტა ძვლები და ღორის ტყავი მიაწოდა. - უჰ,კარგა მძიმე კი არის,- მკლავი უცებ დაეჭიმა მოხუცს. - გინდა ორად ჩავაწყო,ადვილად წაიღებ? -იყოს,როგორღაც მივიტან ავტობუსამდე,აქვეა.. ორი მანეთი გეყოფა?- გაცრეცილი ჩანთა გახსნა. - ხომ იცი,უფულოდ გატან,რა იცი,ხოლმე ესე?- მოჩვენებითი სიბრაზე გაურია ხმაში. - კარგი..სიკეთე და ბარაქა მოგცეს უფალმა,- დალოცა და პატარ-პატარა ნაბიჯებით გაუყვა გზას. - ორი დღე კი ვამყოფინებ იმ მამაძაღლსა.. თან როგორი მელოდება,ან საიდან მომაგნო ამ გაუბედურებულ ქალსა, მდარაჯობს დღე და ღამე, გამომყმუის ტყიდანა,აქა ვარო,მანიშნებს, იქნება და ჩემი თინას სულია ჩასახლებული,აბა,როგო არ მივხედო? იქ ,რომ შევხდები,მერე ხომ მეტყვის,დედაჩემო,როგო ვერ მიცან, ნუთუ ვერ მიხვდი,მე რომ ვიყავო..დაილოცოს შენი განგება,ღმერთო..ამას წინათა ძლივ გადაურჩა გოგიას თოფსა,კიდევ კარგი დავინახე,თორემ სულსაც გააცხებინებდა. ცხვარი მამპარაო,ცხვარიო..გეგონება თვითონ ჯერაც არ მოუპარავს რამე..იიჰ,მაშ ნადირი რისაა,იმასაცა შიან, ასეთია მისი ბუნება,ადამიანებ გვესმისღა ცხოველისა? მეც ვერა ვარ, ერთმანეთისა არ გვესმის ცხოველისა კი არა..- თავთან ლაპარაკში მიაღწია ავტობუსამდე. ჯერ ადრე იყო,მძღოლიც არ ჩანდა. ძლივს აათრია ძვლებით სავსე პარკი ავტობუსში და წინ სკამზე დაჯდა. - უჰ,როგორა ცხელა,-თავშალი მოიხსნა,სანამ ვერავინ მხედავს,ცოტა ნიავმა გამიაროსო,იფიქრა.მერე ისევ მოიხვია და მოწესრიგდა. - ესმა ბებო, გაყიდე ყველაფერი?- მძღოლი თავის ადგილზე მოთავსდა. - რამე დაეწუნებოდა ჩემს მოყვანილს? სულ გავყიდე, სულა..რაღაც ხალხი არა ჩანს, აკაკი..წახვალ დღესა? - ადრეა ჯერ, მოვლენ,- საათზე დაიხედა აკაკიმ. - ცივი წყალი იქნება გქონდეს,შვილო,გადამიშრა და გადამიხმა ყელი..წელს ძალიანა ცხელა,- მოერიდა ,თორემ ისევ მოიხსნიდა თავსაფარს. -დაიცა,მოგიტან,- მკვირცხლად ჩახტა ძირს მძღოლი. გაყინულმა წყალმა ცოტა გაუგრილა გულ-მუცელი.კიდევ ერთხელ დალოცა მისი გამჩენი. ავტობუსიც ნელ-ნელა გაივსო მგზავრებით. უმეტესობა ესმას თანასოფლელები იყვნენ. გვერდით შოთა მიუჯდა, ისიც ბაზარში ვაჭრობდა ხორცზე.ძუნწი კაცი იყო,იცოდა ესმამ.ერთხელ სთხოვა,ნარჩენი გექნება რამეო,უარი უთხრა შოთამ. ამ ნარჩენსაც თავის მყიდველი ჰყავსო. ეწყინა ესმას,იმის შემდეგ აღარასდროს მისდგომია ძვლების სათხოვნელად. - ისევ იმ აფთარს უნდა აჭამო?- დამცინავად დახედა ესმას ფეხებთან მოთავსებულ პარკს. - შენსას ხომ არ ვაჭმევ?- მკვახედ უპასუხა ესმამ. - ერთ დღესაც აქეთ შეგჭამს იცოდე,შეეშვი მაგ ნადირს. - განა ადამიანივით უმადურია,რომ სიკეთე დაივიწყოს! შოთა გაჩუმდა. აეწვა ესმას სიტყვები. მრავალი წელი მუშაობდა ესმა რაიონის სამშობიარო საავადმყოფოში ექთნად. ზუსტად,შოთას ცოლი ამშობიარა სახლში,ლამის ხელებში ჩააკვდა გოგო. სასწრაფოს ბრიგადა რომ მივიდა,ექიმმა უთხრა შოთას ესმაზე,ეს ქალი რომ არა, ვერ გადარჩებოდა შენი მეუღლეო. მაგრამ რად გინდა,იმ დღესვე დაივიწყა შოთამ სიკეთე. ერთხელაც არ შეუღია ესმას სახლის კარი,იქნებადა რა უჭირდა ნაადრევად დაქვრივებულს. არც მერე მიუკითხავს, ესმამ ოცი წლის ანგელოზი შვილი რომ მიაბარა მიწას. აღარც ესმას ამოუღია ხმა. ფანჯრიდან გაჰყურებდა გზას ჩაფიქრებული. მგონი როგორ მელოდება და გამოჰყურებს ჩემს გზას.. მგელი ეძახე და ადამიანივით კი მიყურებს.მაინც როგორი თვალები აქვს, თითქოს ცას შეპარული რუხი ღრუბლისა.. სახელიც როგო მოუხდა იმ საძაგელსა, ცარუხა,ზედგამოჭრილია მაგისთვინა. ესმის კიდევაც, როგორი აზრიანები ყოფილან,აბა უყურე შენა.. ეხლა კი დაჰყრის თავისნაირ ლამაზ-ლამაზ ლეკვებსა..მგონი ჩემსავით ქვრივია ის საცოდავი,იმიტომ ამეკიდა და აღარ მეხსნება. არა,პირველად რომ დამადგა თავზე ბოსტანში, შიშისგან კი დამიბუჟდა მთელი თავ-ტანი. კბილებსაც იგრე კრეჭდა, კი გავიფიქრე, ინდე ესმა,მოვიდა შენი აღსასრული- მეთქი,მაგრამ დამინდო. არ ვიცი,რა დაინახა ჩემს თვალებში, ერთი კი შემომყმუვლა და ძუნძულით გავიდა ეზოდანა. მეორედაც რომ მოვიდა,იგრე აღარ შემშინებია. კერძი შორს დავუდგი და შევიკეტე შინა.. როგორი სჭამდა ის მართლა გამგელებული. მოიმთავრა და თვალებით დამიწყო ძებნა..შემეშინდა გამოსვლისა,მაინც ნადირი იყო,ვაიდა კბილი ჩემზეც გაეკრა? მერე რომ გადაიკარგა,სულ მეფიქრებოდა ის მამაძაღლი,ნეტა რა იქნა-მეთქი? ტყის პირამდე გაველ და რასა ვხედამ,იქ არა დგა? გეგონება მელოდაო.შურდულივით რომ გამოქანდა, მაშინ კი ვინანე იქ მისვლა. მიმიტყუა-მეთქი,გავიფიქრე და თვალები დავხუჭე,არ მინდოდა დამენახნა როგო ჩამავლებდა ეშვებსა. რომ დაიგვიანა ტკივილმა,გამიკვირდა კიდეცა,გავხედე და ჩემგან მოშორებით დამჯდარიყო და თავისი ცარუხა თვალებით შემომცქეროდა. ერთი კი ვუთხარ, დამელოდე საჭმელ მოგიტან- მეთქი და გამოვბრუნდი. თუკი რამე მქონდა ,პურ-ხორციანად გამოვკარ პარკში და წავუღე. შიში მაინცა მქონდა,თუმცა იმდენად აღარა. თუ ჩემი შეჭმა უნდოდა,იქამდინაც შემჭამდა-მეთქი. მივედი და ისევ იგრე იჯდა მომლოდინე თვალებით. სანამ იქაურობას არ გავეცალე,საჭმელთან არც კი მისულა. როგორი აზრიანია, ადამიანსა სჯობნის..ღმერთო დაილოცოს შენი განგება..- ბოლო სიტყვები ჩაიბუტბუტა ესმამ. მთელი გზა ფიქრებში გალია. ავტობუსი ჯაყჯაყით რომ შეუყვა აღმართს,მაშინღა გამოეკვა. სოფლამდე ცოტაღა იყო დარჩენილი. ბოთლს წაავლო ხელი,წყალი გამთბარიყო..მაინც მოსვა ორი ყლუპი. თავშალი შეისწორა და ჩასასვლელად მოემზადა. - მოდი,მიგატანინებ სახლამდე,- შოთა ესმას პარკს დასწვდა. - საცა აქამდე მოვიტანე, სახლამდეც მივიტან!- ისევ მკვახედ უთხრა და სიმძიმე ათრეული ძლივს ჩავიდა კიბეზე. სანამ სახლში შევიდა,ბოსტანს გადახედა. ამაღამ უნდა მოვრწყაო,თქვა და თავშალი მოიხსნა. ორად გაყო ძვლები და ღორის ტყავი. ერთი ნაწილი ცარუხასთვის გაამზადა,წყალთან ერთად, მეორე კი მაცივარში შეინახა . დაღლილი ნაბიჯით გაუყვა გზას ტყისკენ. ცარუხა არსად ჩანდა. გაუკვირდა ესმას.ტყეში შესვლა შეეშინდა, თვალი კარგად მოატარა ირგვლივ. - სად წახვედი,გოგო? ცარუხაა? - ხმამაღლა დაიძახა ესმამ.პასუხად წკმუტუნის ხმა გაიგონა. - უიმე,ის არის ,თუ სხვა ნადირია,მართლა ხიფათს არ გადავეყარო,შოთას ნავსიანი ენა აქვს,- ესმამ ცოტა უკან დაიხია და ისევ დაუძახა მგელს. სუსტი ყმუილი გაისმა. -რაღა უჭირს ამ საცოდავსა,,- ესმამ შიშს გადააბიჯა და ტყეში შევიდა. იქვე იწვა ცარუხა, ძლივსღა სუნთქავდა. ასე ახლოს არასდროს მისულა ნადირთან. დაიხარა და ოდნავ შეახო ხელი ტანზე. მგელმა განწირული თვალებით ახედა ესმას. - დაგწყებია,შე საცოდავო.. აბა,შენ იცი,უნდა მომიშვა ახლოს,რომ მოგეხმარო,- სიფრთხილით გადაუსვა ხელი გაბერილ მუცელზე. მგელმა საცოდავად დაიწკმუტუნა. - გტკივა,არა? შე საწყალო,შენა..მეც ეგრე მტკიოდა ჩემი თინიკო,ნეტა,არ წაეყვანა გამჩენს, სული გამიმწარდა და დღემდე სიმწარე მაქვს გამჯდარი გვამში. მიდი,აბა,ყოჩაღად,მე აქა ვარ,შენ ნუ გეშინიან,- ცოტა წყალი ჩააპკურა პირში და ცოტაც სახეზე. - მიდი,გოგო, არ დამაღალატო,ინდე გამოჩნდა პირველიც,- ესმა თავგამოყოფილ ლეკვს დასწვდა.ცოტა კი გაუჭირდა,მაგრამ მაინც გამოაძვრინა. ცარუხა წამოიწია და ესმას შეუღრინა. - არ გართმევ,არა..შენია,შე ქოფაკო,შენა,- გაეღიმა და ლეკვი ცხვირთან მიუსვა. უცებ გალოკა დედამ შვილი. სამი გააჩინა. ორი ბიჭი და ერთი გოგო. სამივე ცარუხასავით ლამაზები იყვნენ. მოშიებულები ეწაფებოდნენ დედის ძუძუს. - აბა,ამას ვიფიქრებდი როდისმე?- ბედნიერი ღიმილით დასცქეროდა მგლებს ესმა. - ბინდდება უკვე,უნდა წავიდე,ბოსტანს წყალი მივუშვა,თორემ ქალაქელ წუნიებს რაღა გაუძლებს მერე..გაიგე გოგო? მაგ შენ ბალღებ მიხედე,საჭმელიცა გაქვს,ხვალ ისევ მოვალ..აქ დამხვდი იცოდე,არ მაძებნინო თავი. მგელმა მადლიერი თვალებით ახედა ესმას. -უიმე,რანაირი ყურება იცი,გოგო? ყველგან ეგ შენი გამოხედვა დამდევს. მაინც როგო მოგეჯაჭვე,ჰა? არადა ბალღობაში მგლის ყმუილზე შიშის ზარი მცემდა. ეხლა რომ დედაჩემ დაანახვა ჩემი თავი,არ დაიჯერებდა.. ეჰ,წაველ.. გავაბი მეცა, გადახმა მიწა. ისევ დაღლილი ნაბიჯით გამოუყვა სახლის გზას. თან ისევ ცარუხაზე და მის ლეკვებზე ეფიქრებოდა. ვინმემ არაფერი დაუშავოსო. ისედაც გადამტერებულები იყვნენ მგელზე,საქონელსა გვტაცებსო. ხაფანგიც კი დაუგეს, ვერა და ვერ მოიმწყვდიეს შიგნით. ესმასაც კი დაემდურნენ, ამ სიბერეში რა მგლობანა აგიტყდა, მოვაშოროთ სოფელს,დაისვენოს პირუტყვმაო. არაფერი გაგეგებათ თქვენაო,ხელს ჩაიქნევდა ხოლმე ესმა. ბოსტანიც მორწყა.მწვანილის კონებიც გამოკრა, ცოტა წაიხემსა და ბებერი ძვლები ტახტზე მიასვენა. მალევე ჩაეძინა. მამლის ყივილიც არ გაუგონია,ისე ღრმად ეძინა. მზე უკვე გორას იყოს წამომდგარი,რომ გაეღვიძა. მამიკვდეს თავი,ავტობუსზე დამაგვიანდებაო. წამოხტა და უცებ გაემზადა. ძლივს მიუსწრო ავტობუსს. აკაკიმ კი უთხრა,მეგონა აღარ მოდიოდიო. -რას ამბობ,შვილო..აბა,ჩემი წამოუსვლელობა იქნება? ამით მიდგას პირში ეს გამწარებული სული,ან კი რაღა ოხრობად მინდა,მოვიდეს მაინცა და ამომაცალოს,დავისვენო,- ოხვრა-ოხვრით დაჯდა სკამზე. სულ ოთხი მგზავრი იყო. ერთი ესმა და სამი უცხო ბიჭი. ორს თავი მიედო სკამის საზურგეზე და ეძინა,მესამე ესმას უყურებდა დაჟინებით. - ბებო,მგონი თქვენგან ვიყიდე გუშინ მწვანილები..კამა და კიტრი რომ მაჩუქეთ,- გაუღიმა ბიჭმა. - შენ კი დაურჩი დედაშენსა შვილო, გამახსენდი,ხურდაც არ გამომართვი,ხოდა ეხლა გზის საფასურს მე გადაგიხდი,- ბავშვივით აუციმციმდა თვალები. - რას ამბობთ,ბებო? - ბიჭი მაშინვე წამოხტა და მძღოლთან მივიდა. - ესმა ბებო, შენი გადაიხადა ამ ბიჭმა,- გამოსძახა აკაკიმ. - მამიკვდეს თავი,ეს რა იყო ეხლა,შვილო?- უხერხულად შეიშმუშნა ესმა. - არაფერი ბებო,არაფერი..- მხარზე მოუთათუნა ბიჭმა ხელი და თავის ადგილზე დაჯდა. - აქაური ხარ? ვერ კი გიცანი?- ესმა მიუბრუნდა ბიჭს. - არა,ბებო..ქალაქელები ვართ,მეგობართან ვიყავით სტუმრად.. ძალიან ლამაზი სოფელი გაქვთ,- კმაყოფილმა გაიღიმა. - მერე ასე უცებ სად მიდიხართ,დარჩენილიყავით ცოტა ხანს. - იქითა თვეში ჩამოვალ და დავრჩები,- მხიარულად უპასუხა ბიჭმა. - რა გქვიან,შვილო? - სანდრო. - როცა ჩამოხვალ,მოდი ჩემთანაც, სულ ქორფა-ქორფა კიტრი და პამიდვრები უნდა გაჭამო.. ესმა იკითხე, ესმა და ყველა მოგასწავლის,მოდი იცოდე,- თბილად გაუღიმა. - მოვალ,ბებო..გესტუმრები,- გაუხარდა ბიჭს. *** -აბა,სადა ხარ,გოგოო,ცარუხაა?! სად გადამალე ეგ შენი ბალღები? - ტყის პირს მიადგა ესმა ხელში სანოვაგით. ძუნძულით გამოვიდა ტყის სიღრმიდან მგელი და ესმას ფეხებზე გაეგლასუნა. - შოთამ კიდევ შეგჭამსო,იიჰ, სულელი ისა, აბა,ეს ძაღლივით ჭკვიანი ჩემი შემჭმელია?- ჩაილაპარაკა ესმამ და საჭმელი დაუდო მეძუძურს. - ჭამე,მიდი.. რძე არ უნდა მოიკლო იცოდე..ნეტა ქმარი სადა გყავ,ჰა? მოგიკლავდნენ,ხომ ვიცი,ამ უსულგულოების ამბავი. გეგონება ეს დედამიწა მარტო ადამიანებისთვინ გააჩინა გამჩენმა. როგორ შემაყვარე ნადირი,შე მამაძაღლო,- გაეცინა ესმას და მგელს მოშორდა. მოშიებული ყლაპავდა ცარუხა საჭმელს. დრო და დრო გზად მიმავალ ესმას წაუყმუვლებდა ხოლმე მადლობის ნიშნად. *** იქამდე თუ დღეში ერთხელ მიჰქონდა საკვები ესმას, ახლა ორჯერ აკითხავდა თავის ცარუხას. ემანდ არ მოშივდეს, სოფელში არაფერს გაჰკრას კბილი და არ მოკლანო. ისე ღრმად ჰყავდა გულში მგელი თავის ლეკვებიანად,როგორც შვილი და შვილიშვილები. მთელი თვე მიილია,ცარუხამ თავისი შვილებიც შეაგება ერთ დღეს ტყის პირზე მისულ ესმას. ჯერ ცოტა შეუღრინა,გაფრთხილებასავით. ესმა მიუხვდა. - გოგოო,რით ვეღარ გამიცანი,აბა,რამეს დავუშავებ ამათა? რასა გვანან ეს დედისფერები, როგო წამოჩიტულან. ყოჩაღ ცარუხავ, კარგი დედა კი გამოდექ,- ფრთხილად წაატანა ხელი ლეკვებს. ჯერ დედის უკან დაემალნენ,მერე ცოტა გათამამდნენ და წაეთამაშნენ კიდეც ესმას. *** - ესმა ბებო!- ჭიშკართან ბიჭი იდგა. - შემოდი,რომელი ხარ აბა?- შორიდანვე დაუძახა ესმამ და კარისკენ წავიდა. - სანდრო ვარ,ესმა ბებო.. აი,მოვედი,გესტუმრე,- გაღიმებული იდგა. - უი, როგორი სიტყვის კაცი ყოფილხარ,გენაცვალოს ესმა ბებო,კაციშვილი ფეხს აქ არა დგამს,გეგონება სახლში მყავს დაბმული ის მგელი..მოდი,შემოდი შვილო..ძალიან კი გამახარე,- როგორც საკუთარი,ისე შეიპატიჟა ესმამ. სიხარულისგან ხალისი მიეცა. - არ ვიცოდი რა მომეტანა და აი,კანფეტები მოგიტანე..ბებიაჩემს უყვარდა ძალიან,ასე გამიგია ასაკში ტკბილი უყვარდებათო,- უხერხულად გაეღიმა სანდროს. - ჰო,შვილო..სიბერემ ბალღობა იცისო, სულ ტკბილს დავეძებ,- გაეცინა ესმას. სანდრომ სუფრის გაშლა არ დაანება,არ მშია, ისე მოვედი სანახავადო. - მაშ,უჭმელი როგო გაგიშვა,შვილო? მგლებ ვაჭმევ და სტუმარს არ ვაჭამო?- იწყინა ესმამ. - ისე,ეგ კი მაინტერესებდა ესმა ბებო, ყველა თქვენზე ლაპარაკობს,მოიშინაურაო. - მასე თუ თქვეს,კიდევ არა უშავრა, მიწასთან მასწორებენ, მაგის გამო,- ბრაზი გაურია ხმაში. - როგორ შეძელით?- ცნობისმოყვარედ მიაჩერდა სანდრო. ესმამ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი. სანდრო გაკვირვებული უსმენდა. - ასეთი რამ პირველად მესმის,- გაოცებულმა თქვა ბოლოს. - აბა,მითხარი შვილო,როგორ არ მივხედო,რანაირად გავიმეტო ვიღაცის ტყვიისთვინ? სულ შიშში ვარ,სოფელში არსად გამოჩნდეს მეთქი,აეგრე მივდივარ და მიმაქვს საჭმელი,- ამოიოხრა ესმამ. - მეც რომ გამოგყვეთ? - სანდროს ინტერესმა სძლია. თან დაუჯერებლად ეჩვენებოდა მოხუცის მონაყოლი. - უიმეე,რომ გაავდეს უცხოს დანახვაზე,მერე რაღა ვქნა? ჩემი თავი ჯანდაბას,ერთი ფეხი მაინც სამარეში მაქვს,შენ რომ რამე დაგმართოს,სად წავიდე მერე,შვილო? - შორს დავდგები,ახლოს არ მოვალ..ძალიან შორს,- ლამის ხვეწნად იქცა სანდრო. იმდენჯერ სთხოვა,ბოლოს დაითანხმა. ტყემდე მინდორი იყო გადასავლელი. მოშორებით დააყენა ესმამ სანდრო და თვითონ საჭმლით ხელში წავიდა წინ. - იცოდე, არ გამომყვე,მანდ იდექი!- კიდევ ერთხელ გამოსძახა ბიჭს და თვალებით ცარუხას დაუწყო ძებნა. - სადა ხარ,გოგო? ცარუხაა?! მგელი გამოძუნძულდა და უცებ ადგილზე შედგა. ისე აეშალა ბალანი ზურგზე,ესმას ტანში გასცრა. ცარუხა შორს მდგომ სანდროს უყურებდა გაავებული. - ცარუხა,რა დაგემართა? აბა, მაგეთები არ იყოს! მტერს ხომ არ მოგიყვანდი,გოგო,ეგრე მიცნობ? - მგლისკენ წაიწია ესმამ. ცარუხამ ეშვები გამოაჩინა. უცხოს არ აშორებდა ავ მზერას. - მოდი,აქა,მოდი შე მართლა ნადირო,სტუმარი არ იცი? სანდრო ჰქვია,ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებს,- დაუყვავა მგელს და იქვე წამოაპირქვავა ძვლები. სანდრო ერთ ადგილზე გაშეშებული თვალებს არ უჯერებდა. თან შიშს აეტანა,ვაი,და გამოქანდეს,ამას როგორ გავასწრებო. - ინდე,ხედავ? არც თოფი აქვს, დაწყნარდი და მოდი,ჭამე,- ესმამ ხელიც დაუქნია მგელს. ცარუხა ერთხანს იდგა აშლილი ბეწვით,შემდეგ ნელნელა ჩაცხრა და ესმას შეჰყმუვლა. -ჰო,გოგო,ჰოო შე აზრიანო,შენა.. რანაირი ხარ,თითქოს ადამიანი ჩაგსახლებია მაგ ჭკვიან თვალებში,- მიუახლოვდა და თავზე გადაუსვა ხელი. მგელი ჩვეულად გაეგლასუნა,მერე ორ ფეხზე დადგა და წინა თათებით მკერდზე მიახტა. - დაიცა,არ წამაქციო,გოგო..განაღა შემიძლია მაგდენი,- სიცილით გაუბრაზდა. მგელმა მოასწრო და სახე გაულოკა.ასე პირველად იქცეოდა ცარუხა. გაუკვირდა კიდეც ესმას. ასეთი სითბო არასდროს გამოუხატავსო. -წავედი ეხლა მე , ხვალამდე ვეღარ მოვალ,იცოდე.. ბოსტანს უნდა მივხედო. შენ შენს ბალღებს მიხედე..ისე დღეს როგორ არ მაჩვენე,ჰა? შეგეშინდა სანდროსი? - უსაყვედურა წამოსვლისას. ცარუხამ ისევ დაიყმუვლა,მის ყმუილს ტყის სიღრმიდან პატარების ხმაც აჰყვა. - ჰოო,ეგრე..იმღერეთ,იმღერეთ.. დაილოცოს შენი განგება,ღმერთო.. კი გადამიყვანეს ჭკუიდანა ამ მამაძაღლებმა,- თავის თავზე გაეცინა ესმას და სანდროსკენ წავიდა. მთელი გზა ნანახით გაოგნებული მიაბიჯებდა სანდრო. ესმას გამოუტყდა, ნოველებს ვწერ და აუცილებლად დავწერ ცარუხაზე და თქვენზეო. - მართლა?- სიხარული გაკრთა ესმას ხმაში. - მართლა,ესმა ბებო.. გაზეთშიც დავაბეჭდინებ და ყველა გაგიცნობთ.. აი,თქვენი მეზობლებიც აღარ გაგიბრაზდებიან მერე,პირიქით,- გაეცინა სანდროს. ბოსტანი ისე მორწყა, დაღლაც არ უგრძვნია.სულ სანდროს სიტყვებზე ფიქრობდა, გაზეთში დაგბეჭდავო..ზოგი მერე მიყურონ ალმაცერადო, ნიშნისმოგებით აქნევდა თავს. საღამოს ისე მოიქუფრა ცა, უცებ ჩამობნელდა.სულ შავ-შავი ღრუბლები გაწვნენ ზეცას. ბოსტანს რაღასა ვრწყავდიო, გაუწყრა ესმა. თავსხმა წვიმამ და მერე სეტყვამ სულ გაუფუჭა გუნება. აქეთ დასეტყვილი მოსავალი ადარდებდა,იქით კიდევ ცარუხა. ცოტას გადაიღებს და წავალ,გავხედავ,ლეკვებს არაფერი დაემართოთო ფიქრობდა. რეზინის ბოტები ამოიცვა და ბრეზენტის საწვიმარი მოიგდო თავსა და მხრებზე. როგორც კი შენელდა წვიმა ,მაშინვე ტყისკენ გაეშურა. ისე სრიალებდა სველი ბალახი ,რამდენჯერმე ძლივს შეიკავა თავი,რომ არ წაქცეულიყო. უკვე ტყესთან იყო მიახლოვებული,რომ გვარიანად აუსრიალდა ფეხი და გულაღმა გადავარდა. თავიც ძლიერად დაჰკრა მიწას. ერთი კი დაიკვნესა,მაგრამ წამოდგომით ვერ წამოდგა. მგონი ფეხი მომტყდაო,გაიფიქრა,ისეთი ტკივილი და წვა იგრძნო მთელ სიგრძეზე. თავზე რომ წამოადგა ცარუხა,ისე გაუხარდა, წამიერად დაავიწყდა კიდეც საკუთარი გასაჭირი. - დაიცა,ჰო..ავდგები გოგო,ნუ დამტრიალებ თავზე გიჟივით. მგელი ადგილს ვერ პოულობდა. გარშემო,წკმუტუნით ურბენდა მოხუცს. ის იყო, იდაყვზე დაეყრდნო ესმა, რომ მჭახედ გაისმა გასროლის ხმა და ისევ გულაღმა გადავარდა. სისხლმა ნელნელა გამოჟონა მისი მკერდიდან. ცარუხა არ გაქცეულა.გულმოსაკლავი ყმუილი გააბა. ვერც მეორე გასროლამ დაძრა ადგილიდან. სროლა შეწყდა. მგელი ესმას თავთან დადგა.პირღიას და ენაგადმოგდებულს ისე უხტოდა ტანი,თითქოსდა ქვითინებსო. მართლაც ქვითინებდა ცარუხა. *** - ვაი,იმ უბედურ გოგიასა.. მგლის მაგივრად ესმა მოუკლავს,ის საცოდავი,ისა.. მაინც იმ მგელმა შეიწირა ბოლოს.. - რას ამბობ,ქალო?! - ჰო,დაიჭირეს გოგია..მაშ.. *** გიჟივით გარბოდა სანდრო ესმას სახლისკენ. ცრემლის შეკავება არც უცდია. გულამომჯდარმა,საკუთარ ბებოსავით დაიტირა მოხუცი. - რა უნდოდა,ვერ იყო თავისთვისა,აიტეხა ის მგელი და იმის წერად იქცა.სანამ თავი არ მოაკვლევინა,იქამდე არ მოეშვა. ვიშვიშებდნენ მეზობლები ესმას ჩასასვენებელთან. -თქვენ ხართ მკვლელები! დაწითლებული თვალებით წარბებქვეშ გახედა მოტრიალე ქალებს სანდრომ. - ვისია ეს ბიჭი?- ერთმანეთს მხრების ჩეჩვით გადახედეს ქალებმა. -ჰო,თქვენ! ყველა! მგელმა გაჯობათ ადამიანებს! თქვა და კარში გავიდა. *** ორმოცი დღე ისმოდა სასაფლაოდან მგლების ყმუილი. ამ ამბის შემდეგ თოფი აღარ გავარდნილა იმ სოფლის ტყეში. აღარც ცარუხა გამოჩენილა თავის ლეკვებიანად. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.