შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათარსული კაცი (თავი მეორე)


20-06-2022, 08:15
ნანახია 9 775

1

კაცი რომ გამაოგნებელ, სისხლის გამყინავ შოკში ჩავარდება, ისეთი რამ დამემართა, ჩანთაჩაბღუჭული ვიდექი. გაშტერებული მივჩერებოდი სარკეში არეკლილ წყვილ შუშას და ნელ-ნელა ვკვდებოდი. მაშინვე გამოვფხიზლდი, ალკოჰოლი თვალის დახამხამებაში გამინელდა.
ახლა ქალი ბარმენს მოიყვანს, ის ჯიბეში ფულს მიპოვის და პოლიციელს გამოიძახებს, პოლიციელი კი ისევ საკანში მიკრავს, თავს, ოღონდ ოთხი წლით აღარ, ალბათ ამჯერად გაცილებით მეტს მომისჯიან.
ქალმა შუშაზე თითები აათამაშა, არცთუ ხმამაღლა დააკაკუნა. ჩანთა თაროზე ჩამოვდე, მივბრუნდი და კარგი გავაღე.
ქალი გვერდზე გადგა, გამომატარა.
-მგონი, ჩანთა დამრჩა აქ, თქვა მან.
-ნამდვილად. უკვე ვაპირებდი ბარმენისთვის მიმეტანა.
შეიძლება, ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი ის ყოფილიყო, გვერდით თუ ჩავუქროლებდი და ბარიდან თავქუდმოგლეჯილი გავვარდებოდი მანამდე, სანამ ჩანთას გახსნიდა და ფულის გაქრობას შეამჩნევდა. ქუჩაში უკვე ფულის გადაგდებაც შემეძლო.
ერთი პირობა გაქცევა დავაპირე კიდეც, მაგრამ გავჩერდი. ბარმენი დახლს იქიდან გამოვიდა და კარისკენ გზა გადამიღობა. გაოგნებული გვიახლოვდებოდა, გაქცევას და მისთვის გვერდის ავალს ვეღარ მოვასწრებდი.
-ეს ყმაწვილი თავს ხომ არ გაბეზრებთ, ქალბატონო? ჰკითხა ქალს.
ქალმა გვერდულად გახედა. ვიგრძენი, თავდაჭერის და სიმშვიდის შენარჩუნებას ნებისმიერ ვითარებაში მოახერხებდა.
-არა, რას ბრძანებთ, დაბნეული ვარ, ჩანთა ჯიხურში დავტოვე. ეს ჯენტლმენი კი თურმე აპირებდა თქვენთვის მოებარებინა შესანახად.
ბარმენმა ეჭვის თვალით შემომხედა.
-მართლა? ჰკითხა ქალს და ეჭვით სავსე მზერით გადმომხედა, ძვირფასი გიდევთ რამე ჩანთაში, ქალბატონო? არ ისვენებდა ბარმენი.
-დიახ. ქარაფშუტულად მოვიქეცი, ხომ გითხარით, ჩემი ბრალია!
-მაინც, შეგემოწმებინათ.. თქვა ბარმენმა.
ხომ არ ჯობდა ბარმენისთვის გამერტყა-მეთქი? გავიფიქრე და დავასკვენი, რომ ესეც ვერ მიშველიდა. ბარმენს, ეტყობოდა, თავის დროზე ბევრი დარტყმისთვის გაეძლი, არც უმადობას უჩიოდა და საჭმელიც აშკარად ერგებოდა.
ქალმა გვერდი ამიარა, ჯიხურში შევიდა და ჩანთა აიღო. გული გამიჩერდა და შიგ ჩაიხედა. მოვერცხლილფრჩხილებიანი გრძელი თითები მოაფათურა ჩანთაში, სახეზე არაფერი შეტყობია.
ბარმენი მძიმედ სუნთქავდა, ხან მე შემომხედავდა, ხან ქალს.
მორჩა, გავიფიქრე სასოწარკვეთილმა, ნახევარ საათში იკვე საკანში მომიწევს ჯდომა-მეთქი.
-არა, არაფერი არ დაკარგულა, თქვა ქალმა და ნელა მოატრიალა ჩემკენ თავი. მადლობელი ვარ. სამწუხაროდ დაუდევრად ვეპყრობი საკუთარ ნივთებს.
მე ხმას არ ვიღებდი.
ბარმენს სახეგაუბრწყინდა.
-მაშ, ყველაფერი რიგზეა, ქალბატონო?
-დიახ, გმადლობთ. მგონი, ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ. ისევ მე შემომხედა. მისი სათვალის მრგვალი, მწვანე შუშები არაფერს მეუბნებოდა.
-ნებას დამრთავთ დაგპატიჟოთ, მისტერ ბარბერ? ესე იგი, მიცნობდა კიდეც. არც იყო გასაკვირი. ციხიდან რომ გამოვედი, იმ დღეს ,,ჰერალდმა'' ჩემი ფოტო დაბეჭდა და ახსნა-განმარტებაც დაურთო მკვლელობისთვის ოთხი წლით დაპატიმრებული ჰარი ბარბერი ამ დილით გათავისუფლდაო. არც იმის დაწერა დავიწყებიათ, ავარიის დროს მთვრალი რომ ვიყავი. საკმაოდ ხარისხიანი ფოტო პირველ გვერდზე განათავსეს, ასე რომ, ძნელი იყო, კაცს თვალში არ მოხვედროდა.
ქალის ხმაში ისევ ფოლადი ვიგრძენი და გადავწყვიტე, შეპატიჟებაზე უარის თქმა არ იქნება-მეთქი.
-დიდი მადლობა. თუმცა ჩემგან არაფრით ხართ დავალებული, ვუთხარი ქალს.
ის ბარმენს მიუტრიალდა.
-ორი ორმაგი და რაც შეიძლება მეტი ყინული.
ბარმენს გვერდით ჩაუარა, ჩემს მაგიდასთან მივიდა და დაჯდა.
მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
ჩანთა გახსნა, პორტსიგარი ამოიღო და გამომიწოდა.
ორივემ ავიღეთ სიგარეტი, მოოქრული სანთებელათი ჯერ მე მომიკიდა, მერე თვითონ, ამასობაში ბარმენმა მაღალი ჭიქები მოიტანა, მაგიდაზე დაგვიდგა და უხმოდ გატრიალდა.
-პატიმრობის მერე თავს როგორ გრძნობთ მისტერ ბარბერ? მკითხა ქალმა და ნესტოებიდან ბოლი გამოუშვა.
-არა მიშავს.
-როგორც ვხედავ, გაზეთში აღარ მუშაობთ.
-დიახ, ასე.
ჭიქა აამოძრავა, ყინულის ნატეხები ააწკარუნა და ისეთი სახით დააცქერდა, თითქოს ჩემზე გაცილებით მეტად ჭიქა აინტერესებდა.
-შევამჩნიე, აქ ხშირად შემოდიხართ.
მოვერცხლილი ფრჩხილი ფანჯრისკენ გაიშვირა.
-მე პლაჟზე სახლს ვქირაობ, აქვე ახლოს.
-ძალიან მოსახერხებელია.
ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ცოტა მოსვა.
-აქ თქვენი ხშირი შემოსვლა იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ჯერ არ გიშოვიათ.
-დიახ, ასეა.
-გგონიათ, მალე იშოვით?
-იმედი მაქვს.
-ეგ, ალბათ, არც ისე იოლია.
-ნამდვილად.
-სამუშაო რომ შემოეთავაზებინა ვინმეს, რას იტყოდით?
-რაღაც არ მესმის. თქვენ რა, სამუშაოს მთავაზობთ?
-შეიძლება. გაინტერესებთ?
ხელი ჭიქისკენ გამექცა, მაგრამ იმწამსვე გადავიფიქრე. უკვე საკმაო დოზა მქონდა მიღებული.
-კერძოდ რას?
-სარფიან, კონფიდენციალურ, ერთგვარ რისკთან დაკავშირებულ საქმეს. ეს ბოლო სიტყვა არ გაფიქრებთ?
-რაიმე უკანონოა?
-არა, რას ბრძანებთ... კანონსაწინააღმდეგო ამ საქმეში ნამდვილად არაფერია.. სრულიად არაფერი.
-ვერ მიგიხვდით. მაშინ რა არის სარისკო? ნებისმიერ სამუშაოზე თანახმა ვარ, ოღონდ უნდა ვიცოდე, რის გაკეთება მომიწევს.
-რა თქმა უნდა.
ცოტა კიდევ მოსვა.
-თქვენ წვეთიც არ დაგილევიათ, მისტერ ბარბერ?
-დიახ, ვიცი. მაინც რა საქმეა ასეთი?
-ახლა ცოტა დრო მაქვს, თანაც, მაინდამაინც არ ეს ბარი გამოდგება გულახდილი საუბრისთვის, ხომ მართალია? თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ამ დღეებში დაგირეკავთ. შეგვიძლია, სადმე უკეთეს ადგილას შევხვდეთ ერთმანეთს.
-ჩემს ნომერს ტელეფონის წიგნში იპოვით.
-ძალიან კარგი. ალბათ ხვალ დაგიკავშირდებით. შინ იქნებით?
-ვეცდები.
-მე გადავიხდი.
ჩანთა გახსნა და კოპებშეკრული გაქვავდა.
-სულ დამავიწყდა.
-მე არ დამვიწყებია.
ჯიბიდან ფულის დასტა ამოვიღე და კალთაში ჩავუგდე.
-გმადლობთ.
ორმოცდაათდოლარიანის ქვეშიდან ხუთდოლარიანი გამოაძვრინა, მაგიდაზე დადო, დასტა ჩანთაში ჩააგდო და წამოდგა.
მეც წამივდექი.
-აბა, ხვალამდე, მისტერ ბარბერ.
შეტრიალდა და ბარიდან გავიდა. თვალს ვადევნებდი, როგორ გადაჭრა ქუჩა და აუჩქარებლად გაემართა ავტოსადგომისკენ. ბარის შუშის კართან მივედი. ქალი მოვერცხლისფრო-მორუხო ,, როლს-როისში'' ჩაჯდა და მანქანა უხმოდ გასრიალდა. გაოგნებული მივჩერებოდი, ოღონდ, არა იმდენად, მანქანის ნომერი ვერ დამემახსოვრებინა.
მაგიდასთან დავბრუნდი და დავჯექი, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. ცოტა მოვწრუპე და სიგარეტს მოვუკიდე.
ბარმენი მოვიდა, ხუთდოლარიანი აიღო.
-მაგარი ვინმეა, თითებს ჩაიკვნეტ, თქვა მან. ეტყობა ფული ჩეჩქივიტ აქვს. გაუგეთ ერთმანეთს? დაგპირდა ჯილდოს?
უხმოდ ავათვალიერ-ჩავათვალიერე, კარგა ხანს არ მოვაშორე თვალი, მერე უხნოდ ავდექი და წამოვედი. ისე, რომ იცოდეთ, იმ ბარში მერე ფეხი აღარ შემიდგამს. ახლაც, გვერდით თუ ჩავუვლი, ჩემი მემართება.
ქუჩის გადაღმა საცნობარო ბიურო იყო განთავსებული. ჯერ კიდევ ,,ჰერალდში'' მუშაობის დროიდან ერთი ჩემი კარგი ნაცნობი ედ მარშალი ედგა სათავეში. ქუჩა გადავჭერი და კანტორაში შევედი.
მარშალი საწერ მაგიდას უჯდა და ჟურნალს კითხულობდა.
-ამას ვის ვხედავ! შეჰყვირა მან და წამოხტა. ჰარი, როგორ ხარ?
-ვცოცხლობ, ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი. მისმა გულითადობამ გამახარა, ჩემი ძველი მეგობრების უმრავლესობა, როცა შევუვლიდი ხოლმე, სულ ნემსებზე იჯდა და ცდილობდა საჩქაროდ თავიდან მოვეშორებინე, მაგრამ მარშალი ჯიგარი იყო, ჩვენ ყოველთვის კარგად ვიყავით ერთმანეთთან.
მაგიდის კიდეზე ჩამოვჯექი და სიგარეტის კოლოფი გავუწოდე.
-შევეშვი, თავი გააქნია, ფილტვის კიბოსი მეშინია. შეეგუე თავისუფლებას?
-ვეჩვევი ნელ-ნელა. კაცი ყველაფერს შეიძლება მიეჩვიოს. თავისუფლებასაც კი.
ათიოდე წუთი აქეთურ-იქითურზე ვისაუბრეთ, სანამ ჩემი სტუმრობის მიზეზს გავუმხელდი.
-მითხარი ედ, ვის ეკუთვნის მოვერცხლისფრო-მორუხო ,,როლს-როისი''?
-მისტერ მალრუს მანქანაზე ამბობ?
-ჰოო? ეგ იმის ნომერია?
-კი, იმისია. ზღაპარი მანქანაა.
თითქოს თავში რაღაცა დამკრეს.
-მოიცა, შენ შემთხვევით ფელიქს მალრუს ხომ არ გულისხმობ?
-ფელიქს მალრუს, აბა ვის?!
-რა, პალმ-ბეიში ცხოვრობს? მე პარიზში მეგონა.
-ორიოდე წლის წინ იყიდა აქ სახლი. აქაური ჰავა უხდება ბიჭს?
ვგრძნობდი, რა გამალებით მიცემდა გული და გაჭირვებით ვახერხებდი მღელვარების დაფარვას.
-დაიცა, ერთსა და იმავე პიროვნებაზე ვლაპარაკობთ? ,,მალრუ'' კალისა და თუთიის მეფე'' ეგ არი?
მარშალმა თავი დამიქნია.
-სწორედ ეგა. რამდენადაც ვიცი, მძიმე ავადმყოფია. ახლა ნამდვილად არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას.
-რა სჭირს?
-ფილტვის კიბო, ანუ მედიცინა უძლურია.
სიგარეტს დავხედე და საფერფლეში ჩავსრისე.
-ცუდი ამბავი დამართვია. მაშ, აქ მიწა იყიდა?
-ჰო, აღმოსავლეთ სანაპიროზე. ყველაფერი გადააკეთა, იქაურობას ვეღარ იცნობ. გასაოცარი ადგილია: საკუთარი ნავსადგომი, საკუთარი პლაჟი, საკუთარი აუზი, ყველაფერი საკუთარი აქვს.
ის ადგილი და სახლი კარგად მახსოვს. ნავთობის მაგნატმა ზედ ყურის კიდეზე აიშენა. ფინანსურმა სიძნელეებმა აიძულა სამფლობელი გაეყიდა. ვაჭრობა სწორედ ჩემი გასამართლების დროს მიდიოდა. ბოლომდე ვერც გავიგე, ვინ გამოუჩნდა მყიდველი.
გაოგნებულმა ისევ სიგარეტს მოვუკიდე.
-ესე იგი, ,,როლსი'' მისია?
-ათი მანქანიდან ერთი ეგაა.
-აი, მანქანა მაგას ჰქვია. ნეტა მე მომცა ეგეთი.
მარშალმა მელოტშეპარული თავი დამიქნია.
-მეც არ ვიტყოდი უარს.
-,,როლსით,, ვინ დადის? წეღან თვალი მოვკარი შორიდან, ქერა ქალია, დიდი მზის სათვალე უკეთია.
-მისის მალრუ იქნება.
-ცოლია? რაღაც დედაბერს არ ჰგავდა. ოცდაათზე მეტის არ იქნება. მალრუს ვერ უყურებ! მისი სახელი ბავშვობიდან მესმის, მეტს თუ არა, სამოცდაათს ნაღდად უკაკუნებს.
-კი, ეგრეა. მერე ცოლი შეირთო. პარიზში შეუყვარდა. დამავიწყდა ვინ არის, მგონი კინომსახიობია. ,,ჰერალდმა'' დიდი გნიასი ატეხა მაგაზე.
-პირველ ცოლს რა დაემართა?
-ავტოკატასტროფაში დაიღუპა სამი წლის წინ.
-მაშ, ავადმყოფობის გამო გადმოსახლდა მალრუ ჩვენს მხარეში?
-ჰო, თან ცოლს და ქალიშვილსაც მოსწონთ კალიფორნია, აქაური ჰავა ჯამრთელობისთვის სასარგებლოდ ითვლება. ოღონდ, სულ ტყუილია ყველაფერი, როგორც ამბობენ, მალრუს უკვე ვეღარაფერი უშველის.
-ქალიშვილიც ჰყავს?
მარშალმა ცერი მაღლა ასწია.
-აბა?! პირველი ცოლისგან. ჯერ პაწაწინაა, თვრამეტი წლისა, თითებს ჩაიკვნეტ.
-ერიჰაა! მე შენ წესიერი ოჯახის კაცი მეგონე.
-ვარ კიდეც, ოღონდ შენ ჯერ ოდეტა მალრუ ნახე და მერე მელაპარაკე. ბერს წააწყმედინებს სულს.
-სანამ უფრო შორს შეგვიტოპავს, ჯობია წავიდე, მაგიდიდან ჩამოვხტი, ისედაც ბევრი დრო დაგაკარგვინე.
-მალრუმ რატომ დაგაინტერესა?
-რა, არ მიცნობ? ქალი ვნახე და მანქანა, ჩემს ცნობისმოყვარეობას მეტი რა სჭირდება...
მივხვდი, ვერ დავარწმუნე, მაგრამ ისიც აღარ ჩამძიებია.
-თუ დროებითი სამუშაო დაგჭირდეს, უხერხულად წამოიწყო ედმა, ტრანსპორტის ნაკადში მანქანების სათვლელად ხალხს ვქირაობთ. ხვალიდამ დაწყებული, ათი დღით, კვირაში ორმოცდაათ დოლარად, გაწყობს?
წამიც არ მიყოყმანია.
-მადლობელი ვარ, ედ, მაგრამ მგონი უკვე გამოჩნდა ჰორიზონტზე რაღაც, გულითადად გავუღიმე. მაინც დიდი მადლობა.
შინისკენ მიმავალი, ავტობუსში სურ მარშალის ნათქვამზე ვფიქრობდი. ახალმა ინფორმაციამ რეპორტიორის ყნოსვა გამიღიზიანა.
ქვეყანაში ერთ-ერთი უმდიდრესი მაგნატის ცოლი სამუშაოს მთავაზპბდა. ფაქტს ვერსად გავექცეოდი. ხვალ უნდა დაერეკა, რისკიც ახსენა, მაგრამ რა ვუყოთ, დიდი გასამრჯელოს ფასად რისკზეც წავიდოდა კაცი.
ავტობუსი სანაპიროს მიუყვებოდა, ვიჯექი და რაღაცას ვუსტვენდი.
ციხის მერე პირველად დავდექი სტვენის გუნებაზე.
ცხოვრებას ვუბრუბდებოდი.


2


მეორე დილით, ცხრა საათისთვის, ,,ჰერალდის'' რედაქციისკენ გავემართე.
ნინამ მითხრა, ქოთნები მაქვს წასაღები და შუადღემდე ვერ დავბრუნდებიო. მეც ეს მინდოდა. მალრუს ცოლი თუ მართლა დარეკავდა, შინ მარტო ვიქნებოდი. სანამ გავარკვევდი, რას მთავაზობდა, არც ვაპირებდი ნინასთან ამ ამბავზე ლაპარაკს.
,,ჰერალდის'' ცნობათა ბიუროში შევედი. ოთახში ორი გოგონა იჯდა. ადრე არც ერთი არ მენახა, არც ისინი მიცნობდენ. ერთ-ერთ მათგანს ვთხოვე ორი წლის წინანდელი იანვრის ნომრების შეკვრა.
სწრაფად ვიპოვე, რასაც ვეძებდი. ფელიქს მალრუს თურმე დაქვრივებიდან ხუთი თვის შემდეგ ექორწინა რეა პესარისთან. რეა პესარი მანამდე პარიზის რესტორან ,,ლიდოს'' ვარიეტეში ცეკვავდა. მგზნებარე რომანი სულ რაღაც ერთ კვირას გარგძელდა, კვირის თავზე მალრუმ ქალს ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო. რაღა თქმა უნდა, რეას არჩევანზე მალრუს მამაკაცურ ღირსებებზე მეტად მისმა მილიონებმა იქონია გადამწყვეტი გავლენა.
შინ დავბრუნდი და მოლოდინად ქცეული ტელეფონს მივუჯექი, ზუსტად თერთმეტზე ზარი აწკრიალდა. ჯერ ყურმილიც არ ამეღო, უკვე მივხვდი, ვინც იქნებოდა.
-მისტერ ბარბერი ბრძანდებით?
-დიახ.
-ჩვენ გუშინ შევხდით ერთმანეთს.
გადავწყვიტე, დროა, თავისი ადგილი მივუჩინო-მეთქი.
-რა თქმა უნდა, მისის მალრუ, მოლიგანის ბარში.
მიზანს მივაღწიე. ქალი გაჩუმდა. მომეჩვენა, თითქოს გაკვირვებულს სუნთქვაა შეეკრა.
-იცით ისტ-ბიჩზე კოტეჯები სად დგას?
-ვიცი.
-ერთ-ერთი დაიქირავეთ მარცხნიდან პირველი. იქ დაგელოდებით ამ საღამოს, ცხრაზე.
-კი ბატონო, სახლს ვიქირავებ და ცხრა საათისთვის მოვალ, ვუთხარი მე.
ცოტა ხანს მხოლოდ მის სუნთქვას ვუსმენდი, მერე თქვა:
-ესე იგი, დღეს, საღამოს ცხრაზე.
ყურმილი დავდე და სიგარეტს მოვუკიდე. უცებ ავენთე. სიტუაცია ცნობისმოყვარეობას სულ უფრო მაღიზიანებდა. საქმე რისკთანაა დაკავშირებული. ნეტავ რა უნდა. შეიძლება შანტაჟისტმა გააბა მახეში, ანდა სულაც საყვარელმა მოაბეზრა თავი.. მარჩიელობას აზრი არ ჰქონდა.
საათს დავხედე. თორმეტის ათი წუთი იყო. ნინას მოსვლამდე კიდევ მოვასწრებდი ავტობუსით ისტ-ბიჩამდე მისვლას, კოტეჯის დაქირავებას და უკან დაბრუნებას.
ასეც მოვიქეცი. იქაურობას ბილ ჰოლდენი განაგებდა, მხარეჭიანი, დაკუნთული ჯეელი, რომელიც შეთავსებით მაშველადაც მუშაობდა.
ისე, ისტ-ბიჩის კომფორტულ კოტეჯებში ერთ ღამეს გაათევდა კი არა, შვებულებასაც სიამოვნებით გაატარებდა მარტოხელა კაცი. ზღვის ნაპირის გაყოლებაზე ჩარიგებულ სახლებს შესცქეროდი და ჩანდა, რომ მათი უმრავლესობა უკვე დაკავებული იყო.
ჰოლდენი ღიმილით შემომეგება.
-ჰელოუ, მისტერ ბარბერ, ძალიან მიხარია თქვენი ნახვა.
-მეც მიხარუა, ბილ.
ხელი ჩამოვართვი.
-სახლი მინდა ვიქირაო. მარცხნიდან პირველი. საღამოს ცხრაა საათზე დამჭირდება. მომიხერხებ?
-ჩვენ რვაზე ვკეტავთ, მისტერ ბარბერ, მითხრა ბილმა. მე ვერ დაგხვდებით, მაგრამ სახლი თქვენს განკარგულებაში იქნება.
-ძალიან კარგი. გასაღები ნოხის ქვეშ დამიტოვე. დილით გავსწორდებით.
-როგორც იტყვით, მისტერ ბარბერ.
ხალხით გადაჭედილი პლაჟი მოვათვალიერე. ქვიაშა ლამის დედიშობილა სხეულობით იყო მოფენილი.
-გეტყობათ, მუშტარი არ გაკლიათ, ვუთხარი ბილს.
-ჯერ არ ვიძირებით, თუმცა უკეთესი ამინდიც შეიძლებოდა ყოფილიყო. სადღეღამისო იჯარა ალბათ ჩაგვეშლება. თუ არ დათბა, ღამე არავინ დარჩება. რვა საათის მერე ჩემს ყურყუტსაც აზრი არ აქვს. თქვენი საქმეები როგორ მიდის, მისტერ ბარბერ?
-არ ვუჩივი. აბა, კარგად. დილით გნახავ.
შინ მიმავალი სულ იმაზე ვიმტვრევდი თავს, ნინას რა ვუთხრა, საღამოს სად და რატომ მივდივარ-მეთქი. ბოლოს გადავწყვიტე, ედ მარშალთან მუშაობის დაწყება მომემიზეზებინა.
ეს ალალი ტყუილიც რომ ვაჯახე, ისე გაუხარდა, სირცხვილისგან აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. უსაქმოდ ყიალს ისევ კვირაში ორმოცდაათ დოლარად მუშაობა ჯობია-მეთქი და საღამოს ცხრის ნახევარზე შინიდან გამოვედი. გარაჟში ჩვენი ძველი ,,პაკარდი'' იდგა, საცოდავს სული ძლივს ედგა. ძრავა დიდი ხვეწნა-მუდარის მერე ამუშავდა და საკუთარ თავს აღთქმა დავუდე ამ საქმის გასამრჯელოს ავიღებ თუ არა, პირველ რიგში მანქანას გამოვცვლი მეთქი.
ცხრას სამი წუთი აკლდა, როცა ისტ-ბიჩში მივედი. ნაპირზე კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ნოხის ქვეშ გასაღები გამოვაძვრინე და კარი გავაღე.
სტანდარტული კოტეჯი სასტუმრო, საძინებელი, სააბაზანო ოთახებისა და პატარა სამზარეულოსგან შედგებოდა. არც კონდიციონერი აკლდა, არც ტელევიზორი, არც რადიო-მიმღები, არც ტელეფონი და არც ბარი. ბარის ერთ თაროზე მინერალური წ....ბისა და ვისკის ბოთლებიც იდგა. მოკლედ, აქაურობას შარიანი კაციც ვერ დაიწუნებდა.
კონდიციონერი გამოვრთე, ფანჯრები გამოვაღე და ვერანდაზე, მოწნულ სავარძელში მოვკალათდი.
უკაცრიელი ნაპირის მდუმარებას მხოლოდ ზღვის ტალღების დგაფუნი არღვევდა. ვღელავდი, ვცდილობდი, წინასწარ გამომეცნო, რას შემომთავაზებდა ჩემი დამქირავებელი და რას დამპირდებოდა.
ოცდახუთი წუთი გავიდა. ის იყო დავასკვენი, მისის მალრუ მომსვლელი აღარ არის-მეთქი, რომ სიბნელეში ქალის ნაცნობი სილუეტი გამოიკვეთა. არადა, მანქანის ხმა არ გამიგონია.
-საღამო მშვიდობისა, მისტერ ბარბერ, ამოსვლისთანავე მითხრა და განძრევაც ვერ მოვასწარი, ჩემ გვერდით, მეორე მოწნულ სავარძელში ჩაეშვა. სახეს ნაწილოვრივ აბრეშუმის თავსაფარი უფარავდა. მუქი წითელი საზაფხულო კაბა ეცვა. მარჯვენა მაჯაზე მასიური ოქროს სამაჯრუ ეკეთა.
-ბევრი მსმენია თქვენზე, გააგრძელა ლაპარაკი. კაცი რომ ათი ათას დოლარსა და განსგსტერებთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ვაჟკაცობა ნამდვილად არ ესწავლება.
ხმას არ ვიღებდი.
ქალმა სიგარეტს მოუკიდა. ვგრძნობდი, თვალს არ მაშორებდა. ჩრდილში იჯდა. მეც მომინდა მისი თვალების დანახვა.
-რისკიანი კაცი ხართ, არა, მისტერ ბარბერ?
-საიდან მოიტანეთ?
-როცა ჩემს ფულს ჯიბეში იდებდით, სულ ცოტა, ექვსი წლის პატიმრობა გელოდათ.
-მაშინ მთვრალი ვიყავი.
-ახლა?
-თანხას გააჩნია, ვუპასუხე მე, პირდაპირ გეტყვით, ფული მჭირდება, მართლა ძალიან მჭირდება, ოღონდ დიდი ფული, ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს.
-თუ დათანხმდებით, ორმოცდაათ ათასს მიიღებთ.
თითქოს მუშტი მომხვდა მზის წნულში.
-ორმოცდაათ ათას დოლარს?!
-დიახ, არც ისე ცოტაა, არა?
ნელ-ნელა ღრმად შევისუნთქე ჰაერი.
ორმოცდაათი ათასი დოლარი! ამხელა თანხის წარმოდგენაზე გული ამიჩქარდა.
-მაინც რა დავალებაა ასეთი?
-თქვენ მგონი დაინტერესდით, მისტერ ბარბერ. მზად ხართ, ამ ფასად გარისკოთ?
-დიდი რისკისთვის ვარ მზად.
მაშინვე იმაზე დავიწყე ფიქრი, ამ ფულს როგორ და რაში მმოვიხმარდი. მე და ნინა პალმ-სიტიდან სამუდამოდ ავიბარგებოდით და ახალ ცხოვრებას დავიწყებდით.
-სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ, მისტერ ბარბერ, თქვა ქალმა, გულწრფელად უნდა გამოგუტყდეთ, რომ პირადად მე არავითარი ქონება არ გამაჩნია, თავიდან ბოლომე ქმრის კმაყოფაზე ვარ. ჩემი ქმარი კი დარწმუნებულია, მეც და მის ქალიშვილსაც თავზე გადაგვდის მისი მოცემული ჯიბის ფული. მართალი გითხრათ, კეთილგონიერი ადამიანისთვის ეს თანხა საკმაოდ დიდია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ არც ერთი არც მე და არც ჩემი გერი კეთილგონიერებით არ გამოვირჩევით.
-ფული თუ არ გაქვთ, ორმოცდაათ ათასს როგორ მთავაზობთ? გაღიზიანება ვეღარ დავმალე.
-მე შემიძლია ამ ფულის შოვნის გზა გასწავლოთ.
ცოტა ხანს უხმოდ შევაცქერდით ერთმანეთს.
-ბოლოს და ბოლოს, რა უნდა გავაკეთო?
-მე და ჩემს გერს ოთხას ორმოცდაათი ათასი დოლარი გვჭირდება. მაქსიმუმ ორ კვირაში.
კიდევ ერთხელ ყურადღებით შევათვალიერე. გიჟს ნაღდად არ ჰგავდა. პირიქით, მგონი ცხოვრებაში არ შევხვედროდი მასზე გაწონასწორებულ ქალს.
-კი, მაგრამ, მე რაში გჭირდებით?
უკვე მევსებოდა მოთმინების ფიალა, იმას კი, ეტყობა, არსად არ ეჩქარებოდა.
-რა თქმა უნდა, ჩემს ქმარს ამ ფულის მოცემა არ გაუჭირდება, როგორც იქნა გააგრძელა სიტყვა, მაგრამ, ბუნებრივია, დაინტერესდება, რად გვინდა ამხელა თანხა, აი, ეს კი აღარრ მოგვწონს.
სიგარეტი დაფერფლა და წამით გაჩუმდა.
-თქვენი დახმარებით შეგვიძლია ფულიც ჩავიგდოთ ხელში და ახსნა-განმარტებებსაც ავარიდოთ თავი.
აღგზნება ნელ-ნელა ჩამიცხრა. რაღაც ცუდი საქმის სუნი მეცა, დავიძაბე და ყურადღებად ვიქეცი.
-რად გინდათ ამდენი ფული? ვკითხე ქალს.
-ეგ თქვენ არ გეხებათ. მე თქვენი დახმარება მჭირდება და მზად ვარ, ორმოცდაათი ათასი დოლარი გადაგიხადოთ.
-რომელიც არა გაქვთ.
-თქვენი შეწევნით მექნება.
მთელი ეს ამბავი უფრო და უფრო ნაკლებად მომწონდა.
-საქმეზე გადავიდეთ, რა უნდა გავაკეთო?
-ჩემი გერის მოტაცებაა საჭირო, მომახალა ქალმა. გამოსასყიდად ხუთასი ათასი უნდა მოვითხოვოთ. ათ პროცენტს თქვენ მიიღებთ. დანარჩენს მე და ჩემი გერი გავიყოფთ.
-ვინ მოიტაცებს?
-არავინაც არ მოიტაცებს. ოდეტა სადმე გაემგზავრება, თქვენ კი მამამისს გამოსასყიდს მოსთხოვთ. სწორედ ამისთვის მჭირდებით. უფრო, სწორად, ტელეფონში თქვენი მრისხანე ხმა მჭირდება. ჩანაფიქრი მარტივია, ოღონდ ყველაფერი იდეალურად უნდა გაკეთდეს ჩემს ქმართან დარეკვაც და გამოსასყიდის გამორთმევაც. ამაში გთავაზობთ ორმოცდაათ ათასს.
ძალიან კარგი, როგორც იქნა, ყველაფერს აეხადა ფარდა. მოზარდის მოტაცებისთვის კანონი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. ამ საქმეს თუ ხელს მოვკიდებდი, უაღრესად ფრთხილად უნდა მემოქმედა. მარცხის შემთხვევაში ორმოცდაათი ათასის ნაცვლად გაზის კამერა მელოდა.



№1 სტუმარი სტუმარი მარია

ის თუ იცით, რომ სხვა კი არა , უფრო მეტად ჩვენ ვთარსავთ საკუთარ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent