შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსოფლიო დეტექტივების სეიფი დათარსული კაცი (თავი პირველი)


19-06-2022, 13:09
ნანახია 1 474

I

ციხიდან ივლისის თვეში გამოვედი, დილის რვა საათზე, კოკისპირულად, წვიმდა.
სამწლინახევრის წინ დამახსოვრებულ სამყაროს უცნაური, ცოტა არ იყოს შიშნარევი გრძნობით ვუბრუნდებოდი. რკინის ჭიშკრიდან რამოდენიმე ნაბიჯი გადმოვდგი და შევცერდი, მინდოდა ღრმად ჩამესუნთქა თავისუფლების სურნელი.
ჩემი ავტობუსი იქვე კუთხეში ჩერდებოდა, მაგრამ შინისკენ გული არ მიმიწევდა. მერჩივნა მარტოდმარტო ვმდგარიყავი ტროტუარზე, წვიმისთვის სახე მიმეშვირა და ბოლომდე გამეაზრებინა, რომ თავისუფალი ვარ, უკვე აღარც საკანში გავათევ ღამეს და აღარც მკვლელების, მძარცველებისა და ათასი ჯურის ნაძირლისთვის დამჭირდება ანგარიშის გაწევა.
ქუჩაზე გუბეები იდგა. პირქუში, გაუჟმურებული ციდან ზაფხულის თბილი წვიმა მოდიოდა და ოთხი წლის ქუდსა და ხუთი წლის წინ ნაყიდ ლაბადას მისველებდა.
უცებ, შორიახლოს, მბზინავი ,,ბიუიკი'' ნელა, უხმაუროდ გაჩერდა და ფანჯრის შუშაც რბილად ჩასრიალდა ქვევით.
-ჰარი!
,,ბიუიკის'' კარი გაიღო, მძღოლის სახე რომ დამენახა, წელში მოვიხარე.
მანქანიდან ჯიმი რენიკი მიღიმოდა:
-დაჯექი, დასველდები.
შევყოყმანდი, მაგრამ მაინც ჩავჯექი და კარი მაგრად მივიჯახუნე. რენიკი ხელში მთელი ძალით ჩამაფრინდა. გამხდარი, მზემოკიდებული სახე გულწრფელი სიხარულით გაბადროდა.
-როგორა ხარ, ძველო? -მკითხა რენიკმა, -სუფტა ჰაერმა ხომ არ გაწყინა?
-ვარ რა, -ხელი გავითავისუფლე. -არ მითხრა ახლა, შენი დახვედრა დამავალესო.
ისეთი ხმა მქონდა, უკვალოდ ჩამოესხიპა სახიდან ღიმილი.
-რა, არ მელოდი? -რენიკმა დაჟინებიტ მომაშტერა, ჭკვიანი, ნაცრისფერი თვალები.
მანქანის მდიდრული სალონი შევათვალიერე და სიტყვა ბანზე ავუგდე.
-შენია?
-ორი თვის წინ ვიყიდე. როგორია?
-იცის პალმ-სიტის პოლიციამ საკუთარი პატივისცემა. მშვიდობაში.
რენიკმა მაგრად მომუწა ტუჩები, სიბრაზისგან სახე წამოენთო.
-სხვა რომ იყო, მაგ სიტყვებს განანებდი.
მხრები ავიჩეჩე.
-რაღას უცდი. პოლიციელის მუშტებს კარგა ხანია მიჩვეული ვარ.
-ორ წელიწადზე მეტია, რაც პოლიციიდან წამოვედი, ღრმად ამოიოხრა და თავი გადააქნია, სხვათა შორის, ახლა ოლქის პროკურორის თანაშემწე ვარ და ხელფასიც მომიმატეს.
ვიგრძენი, როგორ მომაწვა თვალეში სისხლი.
-გასაგებია.. მაპატიე, არ ვიცოდი.
-საიდან უნდა გცოდნოდა?
ჩაიცინა და ძრავა ჩართო. მანქანა ტროტუარს მოშორდა.
-შენს არყოფნაში ბევრი რამე შეიცვალა, ჰარი. ის ძველი ბანდაც დაიფრინეს. უკვე ახალი ოლქის პროკურორი გვყავს, წესიერი კაცია.
კრინტი არ დამიძრავს.
-რას აპირებ? მოულოდნელად მკითხრა რენიკმა.
-არც არაფერს. მინდა ცოტა მივიხედ-მოვიხედო.
ცოტა ხანს ჩუმად იყო, მერე გააგრძელა:
-თავიდან გაგიჭირდება, ხომ იცი?
-რა თქმა უნდა. პოლიციელის მკვლელობას იოლად არ დამივიწყებენ. ვიცი, რაც მელოდება.
-ყოველ შემთხვევაში, პოლიციიდან არავინ გადაგეკიდება, არც კოკაინს ჩაგიგდებენ საბარგულში. სხვა რამეს გეუბნები -რამე ახალი საქმე უნდა გამოძებნო. ქუბიტი გავლენიანი კაცია, შენ კი ძვალივით გაეჩხირე ყელში. ცოცხალი თავით გაზეთს არ გაგაკარებს.
-ეგ უკვე ჩემი სადარდებელია.
-შეიძლება რამეში გამოგადგე.
-არავის დახმარება არ მჭირდება.
-რა თქმა უნდა, მაგრამ ნინა ნუ გავიწყდება..
-ნინასაც მე მივხედავ.
ცოტა ხანს რენიკი უხმოდ უცქერდა წვიმით დანამულ საქარე მინას, მერე თქვა:
-უცხო ხომ არა ვარ, საუკუნეა ერთმანეთს ვიცნობთ, წარმომიდგენია, რა ბოღმა გიტრიალებს გულში, ოღონდ, თუ ძმა ხარ, ნუ მიღრენ. ჩვენს ახალ პროკურორს უკვე ველაპარაკე. თავს ვერ დავდებ, თუმცა შეიძლება რამე საშენო გამოგინახოს.
ჯიქურ მივაშტერდი.
-სულ უმუშევარი რომ დავრჩე, პალმ-სიტის ადმინისტრაციაში მაინც არ ვიმუშავებ.
-ნინას ძალიან გაუჭირდა, ისევ წამოიწყო რენიკმა.
-ხომ იცი..
-არც ერთს არ გვილხინდა. დახმარება არ მჭირდება და თუ ძმა ხარ, მოვეშვათ ამ ლაპარაკს.
-კი ბატონო, გაშალა ხელები. როგორც შენ იტყვი. ჩემთვის რომ მოეწყოთ ეგეთი რამე, ალბათ მეც ბოღმა დამახრჩობდა, მაგრამ რაც იყო იყო, წასული ამბავია. ახლა მომავალზე უნდა იფიქრო სხვათა შორის, ნინას მომავალზეც.
-აბა, შენი აზრით, იქ სხვა რა მქონდა საფიქრალი?
ფანჯრიდან ავდარში ფერშეცვლილ ზღვას გავხედე, ტალღები ჯებირს ეხეთქებოდნენ.
-მართალია, დაბოღმილი ვარ. დროც თავზე საყრელი მქონდა და მივხვდი, რა უტვინოდაც მოვიქეცი. პოლიციის კომისარს ჩემი გაჩუმება უნდოდა და ათი ათას დოლარს არ იშურებდა, რას გავიპრანჭე? ვის რა დავუმტკიცე? ციხემ რაღაც-რაღაცეები ნაღდად მასწავლა, გულუბრყვილობას მაინც ვერავინ დამწამებს.
-გეყოფა, მკაცრად თქვა რენიკმა. სხვა რა უნდა გექნა? უბრალოდ, საშენოდ არ აეწყო საქმე. იმ დამპალისგან ფული რომ აგეღო, მერე საკუთარ თავს არ აპატიებდი, რას მალაპარაკებ ამდენს, შენც ასევე ფიქრობ.
-ეგრე გგონია? გგონია, რომ კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით? სამწელიწად ნახევარი ბავშვებზე ძალადობაზე დაჭერილ ტიპთან ვიჯექი და ორ ისეთ ახვართან, მათი ცელქობის დანახვაზე ღორს რომ ამოუტრიალდებოდა შიგნეულობა, ეგეთი რამეების ყურება უკვალოდ ვერ ჩაუვლის კაცს. ყოველ შემთხვევაში, ის ქრთამი რომ ამეღო, დღეს უმუშევარი და ნაციხარი არ მერქმეოდა და იქნებ მეც მყოლოდა ასეთი მანქანა.
რენიკი შეცბა.
-არ გინდა ეგეთი ლაპარაკი, ჰარი. თუ ღმერთი გწამს, სანამ ნინას ნახავდე, ცოტა თავს მოერიე.
-აღარ მოგბეზრდა ამდენი ჭკუის დარიგება? ბოლოს მაინც ვეღარ მოვითმინე, ნინა ჩემი ცოლია. როცა მომყვებოდა, ჭირისთვისაც მზად იყო და ლხინისთვისაც. გვეყოფა, ჩემს ოჯახს მე მივხედავ.
-რომ არ გითხრა, არ შემიძლია. მგონია, რომ სასამართლოზე მოსვლა, ციხეში სიარული და წერილების წერა ტყუილად აუკრძალე. მას ბოლომდე შენ გვერდით ყოფნა უნდოდა, შენ კიდევ ახლოს არ გაიკარე.
ჩემდა უნებურად მოვმუშტე ხელი, სველ სანაპიროს თვალს არ ვაშორებდი.
-ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, როგორც იქნა, ამოვიღე ხმა. აბა, სასამართლოზე სურათები გადაეღოთ? პატიმრის ფორმაში გამოწყობილი ვენახე, თავგადახოტრილი? თუ, სანნამდე ჩემამდე მოაღწევდა, ვიღაც ზედამხედველს ეკითხა მისი წერილები? მე ჩემი გულუბრყვილობით თავი გავიმაიმუნე, მაგრამ ნინა რა შუაშია, ის რატომ უნდა გამესვარა?
-მაინც არ მოიქეცი სწორად. იქნებ, ყველაზე მეტად სწორედ შენს გვერდით ყოფნა უნდოდა? რენიკიც გაღიზიანებული ლაპარაკობდა. ძლივს დავიყოლიე, დღეს შინ დარჩენილიყო.
ქალაქის მდიდრულ რაიონს პალმ-ბეის ვუახლოვდებოდით. თავსხმა წვიმაში ტანსაცმლის გამოსაცვლელი კაბინები უკაცრიელ პლაჟზე მოწყენილად ჩამწკრივებულიყვნენ. ფეშენებელური სასტუმროების წინ ავტოსადგომებზე მდიდრული მანქანები სველდებოდნენ.
ოდესღაც, პალმ-ბეი ჩემი ,,სამუშაო'' უბანი იყო, როცა მაღალი საზოგადოების ქრონიკას ვუძღვებოდი ,,ჰერალდიკაში'' მერე ჩემს სტატიებს უფრო მცირეტირაჟიანი და ნაკლებად პოპულარული ასობით გაზეთი ბეჭდავდა. ფულსაც გვარიანად ვშოულობდი და ჩემს გემოზე ვცხოვრობდი. ნინასთან დაქორწინების შემდეგ პალმ-ბეის მახლობლად პატარა, ვერანდიანი სახლი ვიყიდე. ყველაფერი მშვენიერად მიდიოდა, ბედს არ ვემდუროდი და მომავლის შიშიც არ მონდა. მაგრამ ერთ საღამოს, როცა ბიჩ-ოტელის ბარში ვიჯექი, ორი შეზარხოშებული მუშტრის აღელვებულ საუბარს მოვკარი ყური.
შემთხვევით გაგონილმა რამდენიმე ფრაზამ საბედისწერო როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მომდევნო ორი თვე, ყველასგან ფარულად, გამოძიებას მოვანდომე. მასალლა, წესით ,,ჰერალდისთვის'' სენსაციად უნდა ქცეულიყო.
ჩიკაგოს მაფია პალმ-სიტის ხელში ჩაგდებას აპირებდა. უნდოდათ სათამაშო ავტომატები დაედგათ, საროსკიპოები და სხვა მსგავსი დაწესებულებები გაეხსნათ. როგორც ვარაუდობდნენ, თვეში სულ ცოტა ორ-ნახევარი მილიონი დოლარი მოგება უნდა ენახათ.
როცა ბაში მოსმენილის უტყუარობაში დავრწმუნდი, ვიფიქრე, მაფია მთლად შეშლილა ჭკუიდან-მეთქი. ვერაფრით დამეჯერებინა, ბოროტმოქმედებს ასე უბრალოდ, დღისით-მზისით რომ შეეძლოთ მობრძანებულიყვნენ და მთელი ქალაქი მეწველ საქონელად ექციათ. მერე ვიღაცამ ჩამაწვეთა, მაფიამ პოლიციის კომისარი მოისყიდა და ათიოდე სხვა მნიშვნელოვანი ჩინოვნიკის თანადგომაც გაინაღდაო.
მაშინ იყო სწორედ, მტავარი შეცდომა რომ დავუშვი მარტოდმარტო, საკუთარი თავის ანაბარა შევეცადე ძიების გაგრძელებას. არ მინდოდა, სენსაციის ავტორობა ვინმესთან გამენაწილებინა და ჩემს შეფსაც, ,,ჰერალდის'' მეპატრონე მეთიუ ქუბიტსაც მხოლოდ მაშინ ვეახლე, როცა მთელი მასალა მოვაგროვე და მამხილებელი სტადიების ზოგადი გეგმაც მოვხაზე.
ვუამბე, რაც მზადდებოდა, მოღუშული, ცივი სახით მისმენდა. როცა ლაპარაკი დავამთავრე, მითხრა, შემი მონაცემები გადასამოწმებელიაო. წესით, მასინვე უნდა მიმხვდარიყავი, რომ საქმე მთლად რიგზე ვერ იყო. მართალია, ამ ამბავს ღრმადაც ჩავეძიე, მაგრამ ეტყობა, ყველაფერი მაინც არ ვიცოდი. მაფიას თურმე ,,ჰერალდიც'' მოესყიდა. ამას კი ვეღარ ვიფიქრებდი! მოგვიანებით შევიტყვე, თანამშრომლობის საფასურად ქუბიტს სენატში დაჰპირდნენ სავარძელს და გაზეთის ხარბი, პატივმოყვარე ბოსისთვის ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.
მთხოვა, საფუძვლიანი შემოწმებისთვის მთელი ინფორმაცია მისთვის გადამეცა. მერე, შინისკენ, მიმავალი, როცა ქაღალდები უნდა წამომეღო, პოლიციამ გამაჩერა. მითხრეს, კომისარს უნდა თქვენი ნახვაო. საპატრულო მანქანამ მთავარ სამმართველომდე მიმაცილა, სადაც ჩემი და კომისრის დაუვიწყარი საუბარი შედგა.
კომისარი ერთი უბირი კაცი იყო ბებერი ლაპარაკიც ბევრი არ გაუბამს, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვით თავი არ შეუწუხებია, მაგიდაზე ათი ათასი დოლარი დამიდო სულ ახალთახალი, ხრაშუნა ბანკნოტები და მითხრა, ძიების ფიქრს შეეშვი, მგონი კარგ ფულს გაძლევ და ეგ დოსიე მომყიდეო.
ქრთამი ცხოვრებაში არ ამეღო და არც მაშინ ვაპირებდი, თანაც ვიცოდი, ჩაფიქრებული სტატიების წყალობით ჩემი სახელი რამდენიმე კვირა არ მოშორდებოდა გაზეთის ფურცლებს და რეპორტიორთა ელიტაშიც ერთხელ და სამუდამოდ დავიმკვიდრებდი ადგილს. უსიტყვოდ ავდექი და ქუჩაში გამოვედი როგორც აღმოჩნდა, უბედურების შესახვედრად.
მასალა ქუბიტს მივუტანე, ისიც ვუთხარი პოლიციის კომისარმა ქრთამი შემომაძლია-მეთქი. გაზეთის მეპატრონემ ტავი გააქნია და მთხოვა, საღამოს, თერთმეტის ნახევარზე შინ შემომიარეო. მანამდე შემდგომი მოქმედების გეგმა უნდა მომეფიქრებინა. მგონი ქუბიდმა ქაღალდები დაწვა, ყოველ შემთხვევაში, მას მერე თვალით აღარასოდეს მინახავს.
ძიების შესახებ ნინამ თავიდანვე ყველაფერი იცოდა. ხედავდა, ცეცხლს რომ ვეთამაშებოდი და მოსალოდნელი უბედურების შიში კლავდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა, ცხოვრებაში უკეთესი შანსი შეიძლებოდა აღარც გამომჩენოდა და ბოლომდე გვერდში დამიდგა.
დაახლოებით ცხრა საათზე ქუბიტთან წასასვლელად გავემზადე. ნინამ მანქანამდე მიმაცილა, ვგრძნობდი, როგორ ეშინოდა. მეც აფორიაქებული ვიყავი, მაგრამ ქუბიტს ვენდობოდი.
ბოსი პალმ-ბეიში ცხოვრობდა. მისი სახლისკენ უკაცრიელი გზა მიდიოდა და სწორედ იმ გზაზე მოხდა ყველაფერი.
დიდი სიჩქარით მომავალი პოლიციის მანქანა წამომეწია და გვერდულად დამეჯახა. ეტყობა, გზიდან ოკეანეში გადაგდებას მიპირებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. დარტყმას გადავურჩი, მათ კი მანქანა ვეღარ დაიმორჩილეს და ჯებირს შეასკდნენ. მძღოლმა ლამის პარპრიზი გაიტანა თავით, მაგრამ სასიკვდილო არაფერი ეტყობოდა, დაფეთებული გადმოხდა და აქეთ მომდო შარი სწრაფი სიარულისა და წესების დარღვევისთვის. ვგრძნობდი, რომ ყველაფერი განგებ მომიწყვეს, მაგრამ რას გავხდებოდი. ორიოდე წუთის შემდეგ პოლიციის მეორე მანქანაც მოგრიალდა, საჭესთან სერჟანტი ბეილისი იჯდა, მკვლელობის სამძებრო განყოფილებიდა. მერე სასამართლოზე არც კი დაინტერესებულა ვინმე, როგორ და რანაირად აღმოჩნდა იგი ასე უცბად იმ უკაცრიელ გზაზე.
ბეილისმა თვითონ მოჰკიდა საქმეს ხელი. დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში წაიყვანეს, მე კი პოლიციის მთავარ სამმართველოში მიკრეს თავი. შუა გზაში ბეილისმა მანქანა ბნელ, უკაცრიელ ქუჩაზე გააჩერა და ხელებგადაგრეხილი მანქანიდან გადმომათრია, მეერე საიდანღაც ვისკის ბოთლი გამოაძვრინა, ვისკი პირში ჩაიგუბა და სახესა და პერანგზე მომასხურა. ბოლოს კი ხელკეტი მოიმარჯვა და თავში მრეკა.
ციხის საკანში გონზე მოსული მივხვდი, რა მაგარ შარში გავეხვიე. დაშავებული მძღოლი გარდაცვლილიყო. მკვლელობა ამკიდეს და ოთხი წელი მომისაჯეს. ჩემი დამცველი ვეფხვივით იბრძოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. როგორც კი მაფიასთან დანაშაულებრივ გარიგებახე დაძრა კრინტი, იმწამსვე სიტყვა გააწყვეტინეს. ქუბიტმა ბიბლიაზე დაიფიცა, რომ ჩემი დოსიე თვალითაც არ ენახა, თან დაუმატა ისედაც ვაპირებდი მაგის მოხსნას, უმაქნისი და ყველა სიკეთესთან ერთად, ჩუმი ლოთიაო.
ვიჯექი ციხეში და ხშირად ვფიქრობდი, არა, მაინც რა მიამიტი ვყოფილვარ-მეთქი. საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, მხოლოდ გიჟი თუ წამოიწყებდა ასე მარტოდმარტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრძოლას მეთქი.
დიდი შვება არც მაშინ მიგრძნია, როცა ერთი წლის მერე გავიგე, პოლიციის კომისარ საზოგადოების მოთხოვნით თურმე გადადგომის განცხადება დაეწერა და ქალაქის ხელისუფალთა შემადგენლობაშიც საგრძნობლად გადაეხალისებინათ. ჩემი ვექილის სიჯიუტის წყალობით ძიება მაინც ჩატარდა და ჩიკაგოს მაფიამაც სხვაგან გადაბარგება გადაწყვიტა. თუმცა, ამით ჩემი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. სასჯელს სიმთვრალეში მანქანის მართვისა და პოლიციელის მოკვლის გამო ვიხდიდი და ჩემი შველა მამაზეციერსაც არ შეეძლო.
და აი, ახლა, სამწლინახევრის პატირმობის შემდეგ, ისევ თავისუფალი კაცი მერქვა. ერთადერთი ხელობა, რაც ვიცოდი, ჟურნალისტობა იყო, ქუბიტმა კი ჩემი გვარი შავ სიაში შეიტანა: რომელიმე გაზეთში ადგილის შოვნის არავითარი იმედი არ მრჩებოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა. დაპატიმრებამდე ფულს გვარიანად ვშოულობდი, მაგრამ ხარჯვაც მიყვარდა. ნინას ბევრი ვერაფერი დავუტოვე, ჩემი გათავისუფლების დროიდან კი იმ მცირედიდანაც აღარაფერი დარჩებოდა. მიმას დარდი მქონდა, სულ იმას ვფიქრობდი, მარტო როგორ ცხოვრობს, პატრონი ვინ ჰყავს-მეთქი, მაგრამ ჩემი სიბრიყვით და სიჯიუტით მაინც იმდენი ვქენი, ვექილის პირით შევუთვალე, წერილები არ მოეწერა. როცა წარმოვიდგენდი, როგორ კითხულობდა იმის წერილებს ღორივით გასივებული სადისტი ზედამხედველი, ცუდად ვხვდებოდი ხოლმე.
-ნინა რას შვრება? ვკითხე რენიკს.
-არა უშავს, არ იცი ნინას ამბავი? ფერწერის ნიჭი მქონია და არ ვიცოდიო, ამას წინათ მითხრა. თიხის ჭურჭელს ხატავს სხვათა შორის, საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოსაც უხიდან.
,,ბიუიკმა'' ჩემს ქუჩაზე შეუხვია.
ნაცნობი ბუნგალოს დანახვაზე ყელში ბურთი მომაწვა. ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
რენიკმა ჭიშკართან დაამუხრუჭა.
-ამ დღეებში გამოგივლი მითხრა და ხელზე ხელი მომიჭირა. ისე დიდი იღბლიანი კაცი ხარ, ჰარი. ნეტავი ნინასნაირი ცოლი მეც მელოდებოდეს შინ.
მანქანიდან გადმოვედი და უკანმოუხედავად გავუყევი სახლისკენ მიმავალ ბილიკს. უცებ სახლის კარი მოფრიალდა და პარმაღზე ნინა დავინახე.



II


გათავისუფლებიდან ერთი კვირის თავზე, მოულოდნელად დილის ექვს საათზე გამომეღვიძა. დამესიზმრა, ვითომ ისევ ციხის საკანში ვიყავი და მხოლოდ რამდენიმე წამის მერეღა მივხვდი, საკუთარ ლოგინში ვწევარ, მძინარე ნინას გვერდით-მეთქი.
გულაღმა გადავბრუნდი, ჭერს მივაშტერდი და, როგორც წინა ექვი დღის განმავლობაში, ახლაც იმაზე დავიწყე ფიქრი, რა გზას დავდგომოდი, როგორ გამომენახა ცხოვრების სახსარი. რეპორტიორობის სამყაროში ნიადაგი უკვე მოვსინჯე. როგორც ვვარაუდობდი კიდეც, იქ ჩემი ადგილი აღარ იყო. ქუბიტს შორს გაეწვდინა საცეცები. მეორეხარისხოვან ადგილოვრივ გაზეთსაც კი ეშინოდა ჩემთან საქმის დაჭერა.
დიდი არჩევანი აღარ მრჩებოდა. კალამი კი მიჭრიდა, მაგრამ ბელეტრისტი არ ვიყავი. ჩემი სტიქია რეპორტაჟი გახლდათ. რიგიანი ტექსტის შესადგენად ფაქტები მჭირდებოდა. გაზეთის მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე, არაფრად ვვარგოდი.
მძინარე ნინას გადავხედე.
მე და ნინა დაპატიმრებამდე ორი წლითა და სამი თვით ადრე დავქორწინდით. მაშინ ნინა ოცდაორის იყო, მე ოცდაშვიდის.
ნინას მუქი, ოდნავ ხვეული თმა ჰქონდა და სახეზე სპილოსძვლისფერი გადაჰკრავდა. საყოველთაოდ მიჩნეული თვალსაზრისის კვალობაზე, მზეთუნახავი არ ეთქმოდა, ამ საკითხში ჩვენი აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ ადრეც ვეუბნებოდი და დღემდე ასე ვფიქრობ ნინაზე მიმზიდველი ქალი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ამ დილას კი ვაკვირდებოდი და ვხედავდი, როგორ გატანჯულიყო ამ რამდენიმე წლის განმავლობაში. თვალების ირგვლივ კანი გაუხეშებოდა, ტუჩთან ნაოჭი გასჩენოდა ადრე მსგავსიც არაფერი შემიმჩნევია. მძინარეც სევდიანი ჩანდა.
მართლა ბევრი გადაიტანა. საერთო ანგარიშზე სამი ათასი დოლარი დავტოვე. მაგრამ ეს ფული უცებ გათავდა ვექილის ჰონორარისა და სახლის გადასახადის გასტუმრების შემდეგ თითქმის აღარაფერი დარჩა და ნინასაც სამუშაოს ძებნა მოუხდა.
რამდენიმე ადგილი გამოიცვალა, სანამ ბოლოს, როგორც რენიკმაც მიამბო, ხატვის ნიჭი არ აღმოაჩნდა და ტურისტებთან თიხის ჭურჭლით მოვაჭრე ვიღაც კაცისგან შეკვეთა არ მიიღო. ის კაცი ქოთნებს ამზადებდა, ნინა კი ხატავდა. ბოლო წლის განმავლობაში კვირაში სამოც დოლარს უხდიდნენ: როგორც თვითონე მეუბნებოდა, საკმარისს საიმისოდ, ორივეს იოლად რომ გაგვეტანა თავი, სანამ მეც მოვახერხებდი ფეხზე დადგომას.
ახლა ანგარიშზე ორასი დოლარიღა მრჩებოდა. ამ ფულის დახარჯვამდე სამუშაოს თუ ვერ ვიშოვიდი, ავტობუსის სიგარეტის და სხვა წვრილმანი ხარჯებისთვის ნინასთვის მომიწევდა ფულის თხოვნა. ასეთი პერსპექტივა ნამდვილად არ მხიბლავდა.
სასოწარკვეთას ბევრი არარ მაკლდა, უკვე რამდენიმე დღე ამაოდ ვცდილობდი, თუნდაც დროებით მაინც მოვწყობილიყავი სადმე ოღონდ კი ცოტაოდენი ფული მეშოვა.
მთელი დღის წანწალის შემდეგ შინ ხელცარიელი ვბრუნდებოდი. პალმ-სიტიში საიმისოდ საკმაოდ კარგად მიცნობდნენ, შავი სამუშაო რომ შემოეთავაზებინათ. ის ხალხი, ვისაც მუშახელი ნამდვილად სჭირდებოდა, ჩემს დანახვაზე უხერხულობას ვერ მალავდა.
-კარგი ერთი, მისტერ ბარბერ, რატომ დაგვცინით, მეუბნებოდა ყველა ერთსა და იმავეს, აბა, ეს რა სათქვენოა საქმეა?
იმდენი ვაჟკაცობაც არ მყოფნიდა, ალალად მეღიარებინა, რა თავფეხიანად ვიყავი გაჭედილი, და როცა მეც ხუმრობით ვპასუხობდი რაღაც უაზრობას და უკანმოუხედავად გამოვეცლებოდი ხოლმე, შვებას გრძნობდნენ.
-რაზე ჩაფიქრებულხარ? მკითხა ნინამ და სახე ჩემკენ მოაბრუნა.
-არაფერზე. ვთვლემდი.
-ტყუილად დარდობ, როგორმე გამოვძვრებით. კვირაში სამოცი დოლარი ჯერჯერობით გვყოფნის. შიმშილით არ დავიხოცებით. ცოტაც მოითმინე და აუცილებლად გამოჩნდება რამე ხეირიანი.
-სანამ რამე გამოჩნდება, შენს კისერზე უნდა ვიჯდე, ვუთხარი მე. გადასარევი ცხოვრებაა.
ნინამ თავი ასწია და შეშფოთებულმა შემომხედა.
-როცა სამუშაოს იშოვი, მე საქმეს თავს დავანებებ, მანამდე კი, რა უჭირს, მოვხატავ ამ ქოთნებს. მეგობრობა ასე მესმის.
-დიდი მადლობა, რომ ამიხსენი.
-ჰარი.. გიყურებ და მეშინია. ვერც კი ხვდები, როგორ შეიცვალე. ბოღმიანი და ღვარძლიანი გახდი. ვეღარ უნდა დაივიწყო? ჯერ ცხოვრება წინაა, შენ თუ ეგრე..
-გასაგებია.
საწოლიდან წამოვდექი.
-მაპატიე. სამწლინახევრის პატიმრობის შემდეგ შეიძლება შენც ჩემნაირი გამხდარიყავი. ყავას მოვადუღებ. სხვა მაინც არაფერი ხეირია ჩემგან.
..აი, ასეთ დღეში ვიყავი ამ ორი წლის წინ. როცა ახალ ფიქრში მაშინდელ დროს ვუბრუნდები, უკვე სხვა თვალით აღვიქვამ ყველაფერს, ვხვდები, რა უხერხემლოც გამოვდექი. უსინდისოდ დაგებულმა ხაფანგმა და პატიმრობამ გამტეხა. სინამდვილეში არც ბოღმა მახრჩობდა და არც ღვარძლს ვანთხევდი. უბრალოდ, საკუთარი თავის სიბრალული მკლავდა.
ჩემს ადგილას სხვა, უფრო კერკეტი კაცი, ბუნგალოს გაყიდდა, მოჰკიდებდა ნინას ხელს, სადმე უცხო ქალაქში გადაბარგდებოოდა და ახალი კარიერის დაწყებასაც შეეცდებოდა. მე კი, ამის მაგივრად, წამებულის სახით დავიარებოდი სამუშაოს საძებნელად, არადა, ვიცოდი, აქ ჩემთვის სამუშაო არ არსებობდა.
კიდევ ათი დღე ვიყიალე უაზროდ, თავს ვიტყუებდი, ვოთომ მითურ სამუშაოს დავეძებბდი. ნინასაც ასე ვატყუებდი, სინამდვილეში კი, ერთი-ორჯერ სადმე რომ დავრეკავდი და უარს მეტყოდნენ, უახლოეს ბარში ვპოულობდი თავშესაფარს.
სანამ გაზეთში ვმუშაობდი, იშვიათად ვსვამდი, ახლა კი სასმელს მივეძალე. ვისკი ჩემთვის რეალობისგან გადამრჩენელ ჯადოსნურ სითხედ იქცა. ხუთი-ექვსი ჭიქის მერე აღარაფერი მადარდებდა. სულერთი ხდებოდა მქოონდა სამუშაო თუ არ მქონდა: მშვიდი სინდისით შემეძლო სინ დავბრუნებულიყავი, მეცქირა როგორ ფუსფუსებდა ნინდა და თან არამზადადაც არ მეგრძნო თავი.
გვარიანად ნაყლაპი უფრო იოლად ვატყუებდი.
-დღეს დილით ერთ ტიპს ველაპარაკე, ეტყობა, გავუგებთ ერთმანეთს, ვითაფლავდი ხოლმე ენას, პარტნიორს მოელაპარაკება და ალბათ სტატიების სერიას შემიკვეთენ თავიანთ საქმიანობაზე. თუ რამე გამოვიდა, კვირაში სამასი დოლარი ნაღდი მაქვს.
არც ის ტიპი არსებობდა ბუნებაში, არც იიმის პარტნიორი და არც იმათი ბიზნესი, მაგრამ ტყუილი თითქოს წონას და მნიშვნელობას მმატებდა, ჩემი თავმოყვარეობისთვის კი აუცილებელიი იყო ცოლის თვალში უწინდელი ღირსება შემენარჩუნებინა. ზოგჯერ, იძულებული ვხვდებოდი, ნინასგან ათი დოლარი მესესხა, მაგრამ მაინც ვიბრიქებოდი და ვბაქიბუქობდი საცაა ფულს ავიღებ-მეთქი. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ერთი და იგივე ტყუილიც ხუნდება და ძველდება. ნელ-ნელა დავრწმუნდი, ნინას ჩემი აღარ სჯეროდა, ოღონდ, ისიც არ იქცეოდა სწორად, თვალთმაქცობდა, ვითომ ვერაფერს ხვდებოდა. ჯობდა, სიმართლე პირში მოეხალა და მაშინ, იქნებ ილუზიების სამყაროდან გამოვსულიყავი, მაგრამ მზოგავდა, არაფერს მეუბნებოდა და მეც ძველებურად ვსვამდი, ვტყუოდი და უფსკრულისკენ მივექანებოდი.
და აი ერთხელაც, შუადღისას, როცა ბარში ვიჯექი და ზღვას გავცქეროდი, ის ამბავი დაიწყო, რომლის მოყოლასაც ახლა ვაპირებ.
ექვსი საათისთვის უკვე გვარიანად გამოვიბრუჟე. რვა ჭიქა ვისკის გამოვუყვანე წირვა და მეცხრესთვის ვემზადებოდი.
მომწონდა ეს პატარა, წყნარი, ცოტა არ იყოს. მოუვლელი ბარი. არავინ მიშლიდა ხელს ჩემთვის კუთხეში ვმჯდარიყავი და ღია ფანჯრიდან პლაჟზე დასასვენებლად გამოფენილი ხალხისთვის მეცქირა. უკვე ზედიზედ ხუთი დღე დავდიოდი აქ. ბარმენიც მაღალი, მსუქანი, თავმოტვლეპილი კაცი სახეზე მცნობდა და, ეტყობა, ირლანდიური ვისკისადმი ჩემი ასეთი ერთგულებაც სიამოვნებდა. საკმარისი იყო ჭიქა დამეცალა, თვალის დახამხამებაში ახალს მომირბენინებდა ხოლმე.
ბარსი ცოტა ხალხი იყო. ჩემი მაგიდის შორიახლოს ტელეფონის ჯიხური იდგა. დახლს იქიდან არ მოჩანდა. ჯიხური იშვიათად თუ დაცარიელდებოდა, კაცები, ქალები, გოგო-ბიჭები განუწყვეტლივ შედი-გამოდიოდნენ დასარეკად. ბარში ყველაზე გამოცოცხლებული ადგილი ის იყო.
ვისკის ვწრუპავდი და ჯიხურს ვუთვალთვალებდი, ამით ვერთობოდი, ტელეფონის მოლაპარაკის სახის გამომეტყველებას ვაკვირდებოდი. ზოგი ლაპარაკისას იღიმებოდა, ზოგი ნერვიულობდა, ანუ ჩემ თვალწის მთელი სპექტაკლები თამაშდებოდა.
ბარმენმა მეცხრე ჭიქა დამიდგა წინ. ოღონდ ამჯერად მაგიდასთან შეჩერდა და მივხვდი, რომ ანგარიშის გასწორების დრო იყო. უკანასკნელი ხუთდოლარიანი გავუწოდე. გამიღიმა და დახლისკენ გაბრუნდა.
უეცრად ბარში ქალი შემოვიდა. ტელეფონის ჯიხურს მიაშურა და კარი მიიჯახუნა. შემოტკეცილი, მწვანე სვიტერი და თეთრი შარვალი ეცვა. თვალები არ უჩანდა, რადგან მზის მუქი სათვალე ეკეთა, ხელში მოთეთრო-მოყვითალო ჩანთა ეჭირა.
მისმა მკვრივმა, სავსე, შარვალში გამოკვანწულმა თეძოებმა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ფხიზელი და საკუთარი თავის პატივისმცემელი კაციც ვერ მოსწყვეტდა თვალს. მე კი მთვრალი გახლდით, ამიტომ უსირცხვილოდ მივშტერებოდი. ქალმა ჯიხურის კარი მიხურა და რაკი სხეულის ეს მიმზიდველი ნაწილი თვალს მიეფარა, იძულებული გავხდი, თავი ამეწია და მისი სახე შემეთვალიერებინა. მომხიბლავი ქერა ქალი იყო, დაახლოებით ოცდაცამეტი წლის, იდეალური აღნაგობის, ოდნავ მკაცრი პროფილით.
მეცხრე ჭიქა ნახევრამდე დავიყვანე და ისევ ქალს დავუწყე ცქერა. ვერ გამერკვია, სიამოვნებდა საუბარი თუ არა. შავი სათვალეც მიშლიდა ხელს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, საქმიანად, ჯიხურში ალბათ ერთი წუთიც არ გაჩერებულა. იქიდან გამოსულმა ჩემს მაგიდას ჩაუარა, ოღონდ შემოხედვის ღირსადაც არ ჩამთვალა, ერთი-ორი წამი მისი გამოყვანილი წელისა და ჩამოქნილი თეძოების ცქერით ვტკბებოდი, სანამ ბარიდან გავიდოდა და თვალს მიეფარებოდა.
იმდენი მქონდა დალეული, ვიფიქრე, უცოლო რომ ვიყო, აუცილებლად ავეკიდებოდი-მეთქი. როცა ქალს ასეთი ტან-ფეხი და სახე აქვს და თავი ასე უჭირავს,.
ძალიან დავინტერესდი მისი ვინაობით. ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა. ვერც იმ მოთეთრო-მოყვითალო ჩანთას იყიდდა ძველმანებით მოვაჭრის დუქანში.
მოთეთრო-მოყვითალო ჩანთა!!!
ჯიხურში რომ შევიდა, ჩანთა ხელში ეჭირა, მაგრამ მერე აღარ შემიმჩნევია.
უკვე ისე გავიგლიჯე, ფიქრი მიჭირდა, შუბლი შევიჭმუხნე, ვცდილობდი კარგად გამეხსენებინა, ჯიხურში შესვლისას ჩანთა მარკვენა ხელში ეჭირა, იქიდან კი ხელცარიელი გამოვიდა. კი, ნაღდად ასე იყო.
ვისკის ბოლო მოვუღე და აკანკალებული ხელით სიგარეტს მოვუკიდე. მერე რაა? ვკითხე საკუთარ თავს. შეიძლება ჩანთა მერეც ეჭირა ხელში და მე ვერ შევამჩნიე.
გაჭირვებით წამოვიზლაზნე, ჯიხურისკენ წავედი და კარი გამოვაღე. ჩანთა თაროზე იდო.
კაი მამაძაღლი ხარ, სიმთვრალის არაფერი გეტყობა მეთქი, ვუთხარი საკუთარ თავს. ხომ მაშინვე შეამჩნიე, ჩანთა რომ დატოვა. სასმელს ისე იტან, როგორც.. როგორც.. მოკლდე, მაგარი თავი გაქვს მეთქი.
ახლა, ვაგრძელებდი საკუთარ თავტან საუბარს, ჩანთაში უნდა ჩავიხედო და ქალის ვინაობა გავარკვიო. მერე ბარმენს შევატყობინო, ჩანთა ჯიხურში დარჩა-მეთქი და პატრონს შინ მივუტანო, ვინ იცის, იქნებ ქალმა კოცნაც არ იკმაროს და რამე უფრო მნიშვნელოვანით გადამიხადოს მადლობა-მეთქი.
აი, ასეთი ფიქრებიც მიტრიალებდა ვისკით გამომტყვრალს თავში.
ჯიხურში შევედი, კარი მივხურე და ჩანთას დავწვდი. უკან მივიხედე და დავრწმუნდი, რომ ჩემკენ არავინ იყურებოდა.
დარბაზისკენ ზურგით დავდექი, განიერი მხარ-ბეჭის წყალობით თითქმის კარის მთელ შუშას ვფარავდი. ყურმილი ავიღე, მხოლოდ ამ ეშმაკური სვლის მერე გავხსენი ჩანთა და ყურადრებით დავათვალიერე მისი ავლადიდება.
ჩანთაში მოოქრული პორტსიგარი, სანთებელა, არანაკლებ ათას ხუთას დოლარად ღირებული მარგალიტისთბლიანი გულსაბნევი, ავტომანქანის მართვის უფლება და კუპიურების დასტა იდო, ზემოდან ორმოცდაათდოლარიანი მოჩანდა. თუ დანარჩენს ბანკნოტებსაც იგივე ღირებულება ჰქონდა, მაშინ ან სიმპათიურ, მსუქან დასტაში დაახლოებით ორი ათასი დოლარი მაინც იქნებოდა.
ფულის დანახვაზე ოფლმა დამასხა.
პორტსიგარი, სანთებელა და მარგალიტისთვლიანი გულსაბნევი არ მაინტერესებდა მათი მფლობელის ვინაობის დადგენა არ გაჭირდებოდა. აი, ფულის სქელი დასტა კი საკმაოდ მაღელვებდა.
ეს ფული თუ მედებოდა ჯიბეში, არც ხვალ მომიწევდა ნინასთვის ხუთი დოლარის თხოვნა, არც ზეგ და არც მაზეგ. ეს ფული სამუშაის შოვნამდე თავისუფლად მეყოფოდა, გინდაც მთელი დღეები სმაში გამეტარებინა.
განძრევას ვერ ვბედავდი, თითქოს დამბლა დამეცა და გონებაც დამებნიდა. თუ ეს მდიდარი ქალი ასე ტუტუცურად აბნევდა ფულებს აქეთ-იქით, მართლა ღირსი იყო, კაცს გემრიელად გაეფცქვნა.
მერე, სადღაც შორიდან საკუთარი ჩუმი ხმა მომესმა: ,, შენ რა, გადაირიე? ერთხელ ნასამართლევი ახლაც თუ დაგიჭირეს, ათ წელს გალესინებენ ციხეს. დადე ეგ დაწყევლილი ჩანთა თავის ადგილზე და მოშორდი აქაურობას! რა გჭირს, რა გემართება? ციხის საკანი მოგენატრა?
მაგრამ ხმა მეტისმეტად სუსტი იყო, რომ ჩემზე რაიმე ზემოქმედება მოეხდინა. ასე იოლად ნაშოვნი ფული ძალიან მჭირდებოდა. მხოლოდ ჩანთიდან ამოღება უნდოდა, ჯიბეში ჩადება, ჩანთის დაკეტვა, ისევ თაროზე შემოდება და მერე აქედან უკვალოდ გაქცევა.
ბარმენი ვერ მხედავდა. ჯიხურში კი განუწყვეტლივ შედი-გამოდიოდა ხალხი და ფულის აწაპვნა ნებისმიერს შეეძლო.
ძალიან მინდოდა, ის ნებისმიერი მე ვყოფილიყავი იმიტომ, რომ ფული მართლა ძალიან მჭირდებოდა.. მჭირდებოდა და ავიღე კიდეც.
დასტა ჯიბეში ჩავიტენე და ჩანთა დავკეტე. გული გამალებით მიცემდა, პირველად ვიქურდე ჩემს ცხოვრებაში. ტელეფონის აპარატის თავზე პატარა სარკე ეკიდა. სარკეში რაღაც მოძრაობა შევნიშნე და შიგ ჩავიხედე.
ჩემ ზურგს უკან ის ქალი იდგა და თვალს არ მაშორებდა. მისი მზის სათვალე სარკეში ორ მწვანე ლაქად ირეკლებოდა. ესე იგი, არსადაც არ წასულა.
არც კი ვიცოდი, რამდენი ხანი იდგა აქ, მაგრამ ფაქტია, რომ იდგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent