შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათარსული კაცი (თავი 8)


28-06-2022, 09:47
ნანახია 593

რენიკი იმ დარბაზში მელოდებოდა, სადაც მთავარი პულტი იყო მოთავსებული.
გფბ-ს თანამშრომელი ბერტი და კაპიტანი რეიგერი კედელზე გაკრულ ოლქის დიდ რუკას უკირკიტებდნენ.
რენიკი რუკას მოშორდა და ჩემკენ გამოემართა.
-ესეც ასე, ჩვენი დროც დადგა მალრუმ გამოსასყიდი გადაიხადა და, რა თქმა უნდა, ქალიშვილი არ დაუბრუნეს. იმასთან მივდივართ შენც გვჭირდები.
-მაინც რა მოხდა?
-გამტაცებლები დაჰპირდნენ, შენი ქალიშვილი ლოუნ-ბეის ავტოსადგომზე დაგხვდებაო. იქ რომ არავინ დახვდა, ადგა და ჩვენ დაგვირეკა.
რენიკი რეიგერს მიუბრუნდა.
-მანქანის ფოტოები გადაიღეთ? მოგვიანებით დამჭირდება.
მერე მე მომიტრიალდა და ამიხსნა:
-მანქანის სურათებს ყველა ადგილობრივ გაზეთში დავბეჭდავთ.
-მაგ საქმეს უცებ მოვათავებ და გზებზე პიკეტებსაც მოვაწყობ, თქვა რეიგერმა. ერთი საათის მერე ოლქიდან თაგვიც ვერ გააღწევს.
-წავედით, ფრედ, უთხრა რენიკმა ბერტის, ხელკავი გამომდო და დერეფანში გამომიყვანა.
გზაში ბერტიმ, ჩასხმულმა, ორმოცს ოდნავ გადაცილებულმა პოლიციელმა, პირველად ამოიღო ხმა:
-გოგო, რა თქმა უნდა, მკვდარია. ბებერ ბრიყვს დროზე რომ გავეფრთხილებინეთ, კუპიურებსაც მაინც დავნიშნავდით.
-ვერ გავამტყნებ, თქვა რენიკმა. იმის ადგილას მეც ზუსტად ასე მოვიქცეოოდი. ფულს რა თავში იხლის? მალრუსთვის მთავარი ქალიშვილია.
-ვერ უნდა მიმხვდარიყო, მაინც ვერაფერს ვუშველიო? იცით, რა გითხრათ, რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ საქმეზე, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ვინმე აქაურის ხელი ურევია.
-მეც ასე ვფიქრობ.
გავირინდე, ყურები ვცქვიტე.
-რატომ გგონიათ?
-კინოში წასვლის წინ, დაიწყო რენიკმა, ვიღაცამ დაურეკა, თავი ჯერი უილიამსად გაასაღა. მალრუსთან ლაპარაკის მერე მაშინვე უილიამსის ტელეფონის ნომერი ავკრიფე, მაგრამ თურმე ჯერ კიდევ ხუთშაბათიდან მოყოლებული უილიამსი საავადმყოფოში წევს, ფეხი მოუტეხია. ამდენად, გოგოს ვერ დაურეკავდა. ესე იგი, გამტაცებელმა უილიამსის ვინაობა იცოდა, შეიძლება იცნობდა კიდეც. საკითხავია, საიდან? ოდეტას მამამ მითხრა, ჩემი ქალიშვილი იმ ტიპს უკვე რამდენიმე თვეა აღარ შეხვედრიაო. ეს, ერთი. მეორე: არჩევანი ,,მეკობრეთა ქოხზე'' შეაჩერეს. მიყრუებულ ადგილას კია, მაგრამ ახლომახლო სხვა ამგვარი დაწესებულება ბევრია, თან, გაცილებით უფრო ცნობილი. ძნელი სავარაუდოა, უცხო კაცს ეს დუქანი სცოდნოდა.
მანქანა მალრუს სახლთან გაჩერდა. პირველი სართულის ფანჯრებში შუქი ენთო, კარი ღია იყო. კიბეზე ჩვენს შესახვედრად გამოსული მსახრუი შევნიშნე. რენიკი, ბერტი და მე დაუყოვნებლივ მალრუსთან შეგვიყვანა. მილიონერი დიდ, წიგნებითა და ანტიკვარული ავეჯით გამოტენილ ოთახში იჯდა.
გატანჯული, ავადმყოფი კაცის იერი ჰქონდა.
-მობრძანდით, ბატონებო, თქვა მან, დაბრძანდით. ახალი რა იცით?
-ახალი არაფერი, ყრუდ ჩაილაპარაკა რენიკმა. იმედი ჯერ კიდევ არის. ამ დილით რომ ვიყავი თქვენთან, უკვე იცოდით მისი მოტაცების ამბავი?
-კი. შვილის მოკვლით მემუქრებოდნენ, თუ თქვენ მოგმართავდით. იოლი გადასაწყვეტი არ იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მაინც გაჩუმება ვარჩიე.
-მესმის თქვენი. უკანასკნელად როდის ნახეთ?
-შაბათ საღამოს. კინოში აპირებდა წასვლას. დაახლოებით ცხრა საათზე გავიდა შინიდან, ათის ოც წუთზე კი მისმა მეგობარმა დარეკა, ოდეტას ვერ შევხვდიო. სანამ ვიფიქრე შინიდან გავიდოდა, ჯერი უილიამსსაც ელაპარაკა. ვიფიქრე ალბათ იმასთან წავიდა-მეთქი პაემანზე. დაახლოებით თორმეტის ნახევარზე კი უკვე გამტაცებელმა დამირეკა. ხუთასი ათასი მომთხოვა და დამემუქრა, პოლიცია არ გააფრთხილოო. მითხრა, ფული ორშაბათისთვის გამემზადებინა, როგორ უნდა გადმომცე, მოგვიანებით შეგატყობინებო. ორშაბათ დილით ოდეტას წერილი მივიღე.
ჩემი შედგენილი წერილი გაუწოდა რენიკს. რენიკმა წერილი წაიკითხა.
-თქვენი ქალიშვილის ხელია?
-დიახ.
მერე მალრუმ გვიამბო, როგორ შეასრულა ჩემი ინსტრუქციები, როგორ გაემგზავრა ისტ-ბიჩ-როუდზე, როგორ დაინახა მოციმციმე შუქი, როგორ გადააგდო ფანჯრიდან პორტფელი და ლოუნ-ბეის ავტოსადგომისკენ წავიდა.
-იქ ოდეტას ფრთამოგლეჯილი მანქანა ვიპოვე. მანამდე ვიცადე, სანამ ოთხს თხუთმეტი წუთი დააკლდა. მერეღა მივხვდი, აღარავინ მოვა-მეთქი და პოლიციას მივმართე. დანარჩენი თქცენც იცით.
-სადგომზე მორიგეობენ, თქვა რენიმა. თუ თქვენი ქალიშვილი გამოჩნდება, დაუყოვნებლივ გვამცნობებნ. იმ კაცის გარეგნობა ვერ გაარჩიეთ, ვინც ფარნით ნიშანს გაძლევდა?
-ვერა, ბუჩქებს ეფარებოდა. მხოლოდ მოციმციმე სინათლეს ვხედავდი.
-ბუჩქები უნდა მოვჩხრიკოთ. იქნებ ჩვენთან ერთად წამოსულიყავით, ზუსტი ადგილი გეჩვენებინათ?
მალრუმ უღონოდ მხრები აიჩეჩა
-ავადმყოფი კაცი ვარ, ლეიტენანტო. დილით ნესტიანი ჰაერი ხეირს არ დამაყრის. ისე, ვიფიქრე, რომ იქაურობა დაგაინტერესებდათ და გეგმა დაგიხაზეთ.
ფურცელი გაუწოდა რენიკს. ჯიმიმ ყურადღებით დაათვალიერა და ბერტის გადახედა.
-მიდი ერთი, დაათვალიერე, უთხრა ფრედს. ახალი ამბავი რომ გახმაურდება, იქაურობას სულ გადათელავენ.
მერე მე შემომხედა.
-შენც გაჰყევი და მანქანა ისევ აქ გამომიგზავნეთ.
ბერტიმ თავი დაუქნია და ოთახიდან, გავიდა, მეც კვალდაკვალ მივყევი.
-რკინის კაცია, თქვა ბერტიმ, როცა საჭეს მიუჯდა, ჩემი ქალიშვილი რომ მოეტაცებინათ, ჭკუაზე არ ვიქნებოდი.
საზიზღარი გრძნობა დამეუფლა, როცა სამი საათის წინანდელ ჩემს სამალავს მივუახლოვდით.
მზე უკვე იწვერებოდა. ჩვენს ორ თანმხლებ პოლიციელს ბერტიმ უბრძანა, ის ადგილი იპოვეთ, სადაც გამტაცებელი თავის მანქანას მალავდაო, თვითონ კი ბუჩქების თვალიერებას შეუდგა, მე მთხოვა მოშორებით თუ იდგები, კარგს იზამო.
ოციოდე წუთი შორიახლოს ვიდექი, ოფლი წურწურით ჩამომდიოდა, მერე ბერტიმ დამიძახა.
დახაზეთ, თქვა მან, ქუსლის ანაბეჭდებია ფხვიერ მიწაზე. მშვენიერი კვალია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგვადგება, თუკი დამნაშავეს დაკავების დროსაც იგივე ფეხსაცმელი ეცმევა. აი, სიგარეტის ნამწვიც. დამტკიცება მოგვიწევს, ვაჟბატონი მუდამ ამ მარკას რომ ეწევა. თუ ეს ორივე მოვახერხეთ, სასამართლოში ჩვენს ბრალდებებს უკვე მყარი საფუძველი ექნება.
ერთ-ერთი დეტექტივი ბერტის მიუახლოვდა და უთხრა, ვიპოვეთ ადგილი, სადაც მანქანა იდგაო.
მეორე პოლიციელისკენ გავემართეთ, რომელიც იქ დარჩა, სადაც ,,პაკარდი'' მეყენა.
-პროტექტორების მკაფიო ანაბეჭდია, სერ, თქვა დეტექტივმა. და ზეთის ლაქა, როგორც ჩანს, მანქანას ზეთი გასდის.
ბერტიმ გრუნტი მოათვალიერა და კმაყოფილმა ჩაიცინა.
-დაგროვდა სამუშაო, ბარბერ, მითხრა მან. ჯიმის ვერ გაუვლიდით მანქანით? გადაეცით, მე აქ ორიოდე საათის საქმე დამრჩა, მერე კი ვინმე გამომიგზავნოს.
-კარგი, მივუგე მე, მაძებრები იქ დავტოვე და საპატრულო მანქანისკენ გავეშურე.
მალრუს სახლისკენ მიმავალს, ვერა და ვერ დამეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. თითქოს კოშმარი მესიზმრებოდა. მეგონა, გავიღვიძებ და ყველაფერი დასრულდება-მეთქი.
მალრუს ჭიშკართან რომ დავამუხრუჭე, რენიკიც დავინახე. ხელში ,, დიპლომატი'' ეჭირა ზუსტად იმის ცალი, როგორიც მალრუმ გადმოაგდო მანქანიდან. კინაღამ ჩემი დამემართა, მაგრამ რენიკმა, ვითომც აქ არაფერიო, ,,დიპლომატი'' უკანა სკამზე დააგდო და ჩემ გვერდით დაჯდა.
-იპოვა ბერტიმ რამე? მკითხა მან.
ვუამბე ბერტის წარმატებების შესახებ. უსიცოცხლო ხმით ვლაპარაკობდი. ხატზე დავიფიცებდი, რომ ის ,,დიპლომატი'' მანქანის საბარგულში დავტოვე, არადა ფაქტიც ჯიუტი იყო ახლა სწორედ ზურგს უკან მედო.
-რა გაქვს მანდ? ვკითხე რენიკს.
-ზუსტად ასეთივე პორთფელში ჩადო მალრუმ გამოსასყიდი. ორი ცალი ჰქონია ასეთი, მაგრად გაგვიმართლა. გავიხედე და, გამტაცებელმა თავისი ცალი გადააგდო თუ ვიპოვით, თითის ანაბეჭდებიც გვექნება. დროა, ყველაფერი მედოუზს მოვახსენოთ. თუ დავითანხმებთ, უკვე პრესასაც ჩავრთავთ. იქნებ, ვიღაცამ ნახა გოგო ,,მეკობრეების ქოხიდან'' წამოსვლის შემდეგ.
ეგ იმედი ნამდვილად არ გაგიმართლდება-მეთქი, გავიფიქრე და თავიც შევიქე, ოდეტას ახალი კაბის ჩაცმა და ჟღალი პარიკის დახურვა რომ ვაიძულე.
მედოუზი კაბინეტში გველოდა, რენიკის ინფორმაციის მოსმენის შემდეგ წამოდგა და ოთახში სიარული დაიწყო, თან სიგარის ხოლოს ღეჭავდა.
როგორც იქნა, ხმა ამოიღო:
-კეთილი და პატიოსანი. დღის გამოშვებებში უნდა მოესწროს ყველაფრის დაბეჭდვა.
გაჩერდა და კოტიტა ხელი მომიშვირა:
-ეს უკვე თქვენი სადარდებელია, ბარბერ, პრესის დახმარება გვჭირდება და ახლა თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ. მაგით ჭამთ პურს. მოტაცების ამბავი ყვეალმ უნდა შეიტყოს. გასაგებია?
-დიახ, მიუგო რენიკმა. ახლა ჯერ რეიგერს დაველაპარაკები და მერე პრესასაც მივხედავთ.
მე და რენიკი რეიგერის კაბინეტში გავედით. რეიგერმა ,,კარერას'' რამდენიმე ფოტო გადმომცა.
-აბა შენ იცი, ჰარი, მითხრა რენიკმა. მე კაპიტანთან მაქვს სალაპარაკო.
როგორც იქნა, გავბედე და ის კითხვა დავუსვი, მთელი საათია ენის წვერზე რომ მიტრიალებდა:
-მალრუსთან საუბრის დროს მისი ცოლი არ გამოჩენილა?
რენიკმა გაოცებულმა გააქნია თავი.
-არა. მალრუმ მითხრა, ძალიან დასუსტებულია და ექიმმა წოლა ურჩიაო.
რეიგერიც დაჟინებით მისჩერებოდა ჯიმის.
-იმას დისტროფიკის არაფერი უგავს.
რენიკმა გაღიზიანებით ჩაიქნია ხელი.
-მერე რა? წუხელ, როცა გამტაცებლის ზარს ელოდებოდნენ, ისტერიკა მოსვლია. ექიმის გამოძახება დასჭირვებიათ. ექიმს რაღაც ძლიერი ძილის წამალი მიუცია, აქამდე სძინავს.
ყელი გამიშრა. ძლივს ვკითხე:
-იმ ექიმს თუ ელაპარაკე?
რენიკმა კოპები შეიკრა.
-რამე გეეჭვება, ჰარი?
-არა. უბრალოდ, კაპიტნის ნათქვამისა არ იყოს, ასეთ სუსტნერვებიან არსებას ნამდვილად არ ჰგავს.
-არ მესმის, რაზე ვკარგავთ დროს, თქვა რენიკმა. ჰგავს ნევრასთენიკს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდად გამხდარა. მორჩა და გათავდა. ჯობია, ფოტოებს მიხედო.
,,დიპლომატი'' გამომიწოდა.
-დროზე წაიღონ და ყველა გაზეთში დაბეჭდონ.
-დარდი ნუ გაქვს, ეგ ჩემზეა.
მომდევნო სამი საათის განმავლობაში ტელეფონს არ მოვცილებივარ. საკმარისი იყო ყურმილი დამედო, ისევ ზარი რეკავდა. დილის ათი საათისთვის მოსაცდელი რეპორტიორებით გაიჭედა. დაწვრილებით მოითხოვდნენ ცხელ-ცხელ ცნობებს.
თერთმეტის ნახევარზე ყველა მედოუზთან ავიყვანე. ცოდვას ვერ ვიტყვი, ნამდვილად იცოდა პრესის წარმომადგენლებთან მუშაობა. პოლიციის კაპიტანი რეიგერი და გფს-ს თანამშრომელი ბერტიც იქ იყვნენ, მაგრამ ხმა არც ერთს არ ამოუღია. მედოუზმა ერთპიროვნულად დაიპყრო ყველას ყურადღება.
სულის მოთქმის საშუალება მომეცა და ცოტა ხნით ისევ ჩემს კაბინეტში დავბრუნდი. ის იყო, მაგიდას მივუჯექი, ისევ დარეკა ტელეფონმა. ნინა რეკავდა.
-ჰარი, მანქანა მჭირდება, არადა გასაღები დავკარგე. შენ არ აგიღია?
მანქანა!
ბოლო საათების ციებ-ცხელებამ მანქანა და საბარგულში დატოვებული ტვირთი სულ გადამავიწყა.
-ახლა დრო არა მაქვს, ვერ აგიხსნი, ვუთხარი ნინას, მაგრამ მანქანით სარგებლობა არ შეიძლება. გადაცემის კოლოფი ჩაიშალა. წუხელ ბუქთ მოვათრიე.
-აბა, რა ვქნა? ქოთნებს მაღაზიაში ელოდებიან. იქნებ მექანიკოსი გამოვიძახოთ გარაჟიდან?
-არა! მექანიკოსი მთელ კოლოფს გამოცვლის. მაგის შესაძლებლობა სად გვაქვს? ტაქსი გააჩერე. მომისმინე, ნინა, ახლა აქ ხალხი მახვევია. თუ გიყვარვარ, ცოტა ხნით მანქანა დაივიწყე, ვითომც არ გყოლია. საღამოს ვილაპარაკოთ.
ყურმილი დავდე. ნინასთან საუბრის შემდეგ ხეირიანად დამშვიდებაც ვერ მოვასწარი, რომ კარზე დააკაკუნეს და ოთახში ტიმ კოული შემოვიდა.
ლამის იყო, გული წამივიდა.
-ჰარის გაუმარჯოს, თქვა მან. გატყობ, შუა ცეცხლში აღმოჩნდი, არა?
-ოლქის პროკურირი ახლა პრესკოფერენციას ატარებს, ვუთხარი მე. შეიძლება რამე საინტერესოს გამოაკლდე. ჩვენებიც ყველანი იქ არიან.
ტუჩები დამანჭა და ზიზღით ჩაიფრუტუნა.
-იმ ბებერ ყეყეჩთან? ის მარტო იმას ფიქრობს, როგორმე თავისი მახინჯი სიფათი გამოაჭიმინოს გაზეთში.
მომიახლოვდა და სავარძელში მოკალათდა.
-ჩემს რეპორტაჟში ყველაფერს სულ სხვანაირად და სხვა კუთხით გავაშუქებ, ვიდრე ის ბრიყვები, შენს შეფს რომ უგდებენ ყურს. ჰაერში სენსაციის სუნი ტრიალებს, ძმაო, ხალხს ჭკვიანურად უნდა მიაწოდო ფაქტები მე ეგ არ შემეშლება. აი, რენიკი გონიერი ბიჭია, იმასთან ღირს დალაპარაკება, აბა, თქვენს ბოსთან გინა გილაპარაკია და გინდა არა. მაგისგან ხეირი არ იქნება.
სიგარეტს მოუკიდა და დაჟინებიტ შემომხედა.
-მოკლული ჰგონიათ, არა?
-ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. დარწმუნებით ვერავინ იტყვის.
-მალრუს როგორ უჭირავს თავი? მის სახლთან გავიარე, მაგრამ იქაურობა პოლიციელებითაა სავსე.
-ვაჟკაცურად. თან არ დაგავიწყდე, განწირულია. ორ თვეზე მეტი მაინც არ დარჩენია.
-მისი მომხიბლავი ცოლი რას იქმს?
-ლოგინდა ჩავარდნილა.
კოული გაკვირვებული მომაჩერდა.
-სად ჩავარდნილა?
-ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. კოლაფსიო, ასე თქვეს.
თავი უკან გადააგდო და ახარხარდა.
-აი, მესმის! მზად ვიყავი ნაძლევი დამედო, კანკანს ცეკვავს-მეთქი!
-მაგით რა გინდა თქვა?
-ეგ ხალხი ეგ მალრუები ფრანგები არიან. მემკვიდრეობის შესახებ ფრანგული კანონების რამე გესმის?
-არა მგონია. ეგ რა შუაშია?
-შვილი მემკვიდრეობით მშობლის ქონების ნახევარს იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გოგოს მამის მილიონების ნახევარი უნდა დარჩენოდა. გულითაც რო მოენდომებინა, მალრუ მაინც ვერ უანდერძებდა მთელ თავის სიმდიდრეს ცოლს. ნახევარი ეს კი, თუ დამეთანხმები, კაი გვარიანი თანხაა მალრუს სიკვდილის შემთხვევაში ავტომატურად ქალიშვილი მესაკუთრე ხდება.
საშინელმა აზრმა გამკრა გონებაში.
-თუკი გამტაცებლებმა გოგო მოკლეს, ქმრის სიკვდილის მერე რეა მალრუ მთელი ქონების ბატონ-პატრონი ხდება, ამიტომაც არაფერი მჯერა მაგისი კოლაფსის სიხარულისგან თუ ჩავარდა ლოგინად, ეგ სხვა ამბავია.
აი, ოდეტას მკვლელობის მოტივიც. ნუთუ მოტაცების მთელი ეს სპეკტაკლი მხოლოდ მკვლელობის დეკორაცია იყო? ნუთუ რეამ წინასწარ ჩაიფიქრა მკვლელობის ჩემთვის გადმობრალება?
-რაო, ჰარი? შემეხმიანა კოული. ისეთი სახე გაქვს, თითქოს ბზიკი გადაგეყლაპოს.
შიდა ტელეფონია აწკრიალდა. ყურმილი ავიღე.
-მჭირდები, დაიღრიალა მედოუზმა, შემოდი ჩემთან.
-მისი პატრონის ხმა, ღიმილით თქვა კოულიმ.
-დროებით დაგტოვებ, ტიმ, ვუთხარი კოულის. თუ რამეში დაგჭირდი, არ მომერიდო.
ახლა მაინც ხომ ავიშორებ მის დაჟინებულ მზერას-მეთქი და საჩქაროდ გავვარდი კაბინეტიდან.


2


შუადღისთვის ოდეტას ძებნამ ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ მართლა შევშინდი. ქალაქიდან გამავალი ყველა გზა გადაიკეტა. დასახმარებლად მეზობელი სამხედრო ბაზის პირად შემადგენლობასაც უხმეს. ათასზე მეტი ჯარისკაცი და პოლიციელი ჩხრეკდა ოლქის კუთხე-კუნჭულს დაკარგული გოგოს პოვნით იმედით. სამი რადიოფიცირებული ვერტმფრენი დასტრიალებდა თავს პალმ-ბეისა და პალმ-სიტის რაიონს.
მედოუზმა რეპორტიორები მაგრა დააიმედა და იმათაც პროკურატურიდან ფეხის მოცვლა აღარ უნდოდათ.
-საფუძვლიანი ეჭვი გაგვაჩნია, რომ ოდეტა მალრუ, სადღაც ჩვენი ოლქის ფარგლებში იმყოფება. თუ მოკლეს და გვამი გადამალეს, სულერთია, ვიპოვით. თუ ცოცხალია, მით უმეტეს შორს ვერსად წაიყვანდენ. ყველა ბინას, ყველა ფერმას შევამოწმებთ. ხალხი საკმარისი გვყავს. მართალია, ამას დროს დასჭირდება, მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც მივაგნებთ.
როცა, ბოლოს და ბოლოს, რეპორტიორები გაიკრიფნენ, მედოუზის კაბინეტში რენიკი შემოვიდა. უოლტერ კები მოენახულებინა საავადმყოფოში იმ იმედით, იქნებ თავდამსხმელზე რამე გაიხსენაო.
მედოუზი გამომცდელად მიაჩერდა:
-აბა, არის რამე ახალი?
-ბევრი არაფერი. მხოლოდ ის ახსოვს, ვიღაც ახმახი დამესხა თავსო. რა თქმა უნდა, ამ ცნობებით შორს ვერ წავალთ, თუმცა სულ არაფერს მაინცსჯობს. მოკლედ, მაღალი, მხარბეჭიანი კაცის ძებნა დავიწყეთ, რომელიც დაახლოებით ას ოთხმოც გირვანქას უნდა იწონიდეს, სიგარეტ ,,ლაკის'' ეწევა და მანქანის უკანა ხიდიდან ზეთი გასდის.
-წონა საიდანღა გაიგეთ? ჰკითხა მედოუზმა.
-ქუსლის ანაბეჭდის მიხედვით. ერთ-ერთმა დეტექტივმა, ისიც ას ოთხმოც გირვანქას იწონის, ნაკვალევის გვერდით დაადგა ფეხი ზუსტად იმავე სიღრმის ანაბეჭდი დაყოვა.
მედოუზი კმაყოფილი ჩანდა.
ისეთი დაძაბული ვუსმენდი, სახსრებმა ტეხა დამიწყო. კარი გაიღო და კაპიტანი რეიგერი შემოვიდა. აღგზნებული ჩანდა, ბრტყელი, ხორციანი სახე ერთიანად უვარვარებდა: მოსალოცი ამბავია! ვიღაც უესტ-ბიჩელმა გვაცნობა ავარიის შესახებ, ვინმემ ჰერბერტ კერიმ. აფთიაქის მეპატრონეა. გუშინ საღამოს ის და მისი ცოლი ნათესავებტან წასულან სტუმრად ლოუნ-ბეიში. მანქანა იქაურ ავტოსადგომზე დაუყენებია. სადგომიდან გამოსვლისას კი ,,კარერას'' შესჯახებია.
ფანჯარასთან მივედი და სიგარეტს მოვუკიდე დანარჩენებისკენ ზურგშექცეულმა. ვგრძნობდი, სახეზე ფერი აღარ მედო, რომ შეემჩნიათ, ნამდვილად რაღაც ცუდს იეჭვებდნენ.
-,,კარერა'' მალრუს ქალიშვილისაა. კერიმ ჩაიწერა. აღიარებს, ავარიში დამნაშავე თვითონ ვიყავიო, მაგრამ მთავარი სხვაა საჭესთან მამაკაცი მჯდარა!
პოლიციელის ნათქვამი ყოველი ახალი სიტყვა გულზე მხვდებოდა.
-ეგ ბიჭი ნაღდად ერთი იმათგანია. მართალია, ავარია კერის ბრალი იყო, მაგრამ ის მაინც საჩქაროდ გაქცეულა შემთხვევის ადგილიდან. მანქანა სადგომის ბოლოში დაუტოვებია და გაუჩინარებულა.
-ავარიის შესახებ რატომ მაშინვე არ განაცხადა კერიმ? ჰკითხა მედოუზმა.
-ეტყობა, ცოლის ჭკუაზე დადის. დამნაშავე თვითონ იყო, არადა ცოლი ნებასა არ აძლევდა დანაშაული ეღიარებინა.
-უნდა დაველაპარაკო, თქვა რენიკმა.
-მანქანა გავუგზავნე ნახევარი საათის წინ. წუთი-წუთზე გამოჩნდება.
-იმ მძღოლის სახე გაარჩია?
-მე მგონი, კი. სადგომი, მართალია, ცუდადაა განათებული, მაგრამ პირისპირ მდგარან და ულაპარაკით კიდეც ერთმანეთთან.
თავს მოვერიე. ჩემი და კერის შეხვედრა ახლა ნაღდათ არაფერში მარგებდა.
-ჩემს ოთახში, გავალ. უამრავი საქმე მაქვს, ვთქვი და კარისკენ ნაბიჯი გადავდგი.
-დაიცა, შემაჩერა რენიკმა. აქ დარჩი. მინდა შენც მოუსმინო.
ნეტავი, მიცნობს კერი თუ ვერა? ერთიც ვნახოთ, შემოვიდა, შემომხედა თქვა აი,ის კაციო!
თავისუფალ მაგიდასთან მივედი და მივუჯექი. მომდევნო ოცი წუთი ჩემს ცხოვრებაში უსაშინელესი იყო.
კედელზე გაკრული რუკით დაინტერესებულმა რეიგერმა უცებ თქვა:
-ვერცხლის მიტოვებული საბადო თუ იცით, მეშვიდე გზატკეცილის მახლობლად? გვამის დასამალავად საუკეთესო ადგილია. იქაც უნდა ვნახოთ.
ტელეფონის ყურმილს დასწვდა და განკარგულებების გაცემა დაიწყო.
არა, რაც მართალია, მართალია ეს ბიჭები ნაღდი პროფესიონალები არიან-მეთქი, გავიფიქრე. რა უნდა მექნა ოდეტას გვამისთვის? როგორ მომეშორებინა თავიდან, თუკი ყველა გზა გადაკეტილი იყო და ათასი კაცი მიყოლებით ჩხრეკდა ყველა სახლსა და ყველა ბინას?
სანამ კერის ველოდებოდით, ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. ყოველ ხუთ წუთში მორიგი პატაკი მოდიოდა. პოლიციელები დროს ფუჭად არ კარგავდნენ. ქალაქის მეოთხედი უკვე გაეჩხრიკათ. ახლა ჩემს ქუჩას უახლოვდებოდნენ.
მოულოდნელად კარზე დააკაკუნეს: კაბინეტში ჰერბერტ კერი და მისი მეუღლე შემოვიდნენ.
მართლა იცნაური წყვილი იყო. ქალი ქმარს ზემოდან დაჰყურებდა. მისტერ კერის ოფლის წვეთები უბრწინავდა მელოტ თავზე, ცოლის კუდში მოჩანჩალე, ნერვიულად აწვალებდა ფეტრის ქუდს. ბენლ სადგომზე კარგად ვერ შევათვალიერე და ახლა ინტერესით ვაკვირდებოდი ამ კაცის სახეს უნებისყოფო, უსუსური, მუდამ გასაბრიყვებლად განწირული ტიპების კატეგორიას განეკუთვნებოდა.
მისის კერის ზონზროხა, ლოყებღაჟღაჟა დედაკაცს გამომხატველი ნიკაპი ჰქონდა. ეტყობა, ოჯახსი ლიდერი ის უნდა ყოფილიყო. კაბინეტში ისე შეგოგმანდა, როგორც საკუთარ სამფლობელოში. სამიზნედ მედოუზი აირჩია და წამსვე შეტევაზე გადავიდა.
ჩემი ქმარი არაფერში დამნაშავე არ არისო განაცხადა, მძღოლის გაქცევაც სწორედ ამას ადასტურებსო. რას მოგვაჩაქჩაქეთ ამსიშორეზე, ვითომ ჩვენს აფთიაქში არ გვყოფნიდეს სადარდებელიო. იიქნებ გგონიათ,სანამ პოლიციაში გვაყურყუტებთ, თვრამეტი წლის კოკობზიკა გოგოს შეუძლია აფთიაქში ჩვენი მაგივრობა გასწიოსო და ასე შემდეგ. პროკურორი გულით ცდილობდა სიტყვების ამ ნიაღვარს გამკლავებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა.
მე შიშისგან გახევებული ვიჯექი და კერის მივჩერებოდი. შეიძლება, სწორედ ეს შემეშალა. ჩემმა დაჟინებულმა მზერამ მისი ყურადღება მიიპყრო, უცებ თავი მოატრიალა და შემომხედა. ჯერ თვალი ამარიდა ცოტა ხნით, მერე ისევ მომაშტერდა და მომეჩვენა, რომ მიცნო. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, სანამ მიაბრუნებდა თავს, მხრებს ჩამოყრიდა და ისევ უწინდელ ბედოვლათად იქცეოდა.
მედოოუზი უკვე ოდეტას გატაცების ამბავს უყვებოდა ქალს. ისიც გატრუნულული უსმენდა.
-მე თქვენი ავარია სრულებით არ მაინტერესებს, უთხრა მედოუზმა. ოღონდ, მინდა სცადოთ და იმ კაცის გარეგნობა ამიწეროთ.
პროკურორმა ჰერბერტ კერისკენ გადადგა ნაბიჯი.
-რამე ილაპარაკეთ ეთმანეთში?
ჩანჩურამ ჩქარ-ჩქარა დაუქნია თავი.
-დიახ, სერ.
-როგორ გამოიყურებოდა?
კერიმ ცოლს გახედა, მერე ისევ მედოუზს მიაჩერდა. ქუდი ხელიდან გაუვარდა, ერთიანად აჭარხლებული დაიხარა და აიღო.
-რა ვიცი, მაღალი კაცი იყო, სერ. ბნელოდა, ცუდად ჩანდა.
-მაღალი და მხარბეჭიანი?
-ზუსტად.
-ვერ ვიტყოდი, მაღალი-მეთქი, ჩაერია მისის კერი.
-მხარბეჭიანი კი ბატონო, მაგრამ სიმაღლისა რა მოგახსენოთ. სწორედ თქვენი სიმაღლისა თუ იქნებოდა.
მედოუზს მიუშვირა თითი.
მედოუზმა ბრაზიანად გადახედა.
-მე თქვენს მეუღლეს ველაპარაკები, თქვა მან, თქვენთან მოგვიანებით ვისაუბრებთ.
-ჩემი ქმარი საერთოდ უყურადღებოა, დაწიკვინა ქალმა. მასთან ლაპარაკს რა აზრი აქვს! მაგის ძმაც ეგეთია მაგათ ნათქვამს არ დაეჯერება, მე მასწავლით?! ოცდაექვსი წლის ცოლ-ქმარი ვართ..
მედოუზს ქალის ყბედობისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისევ ქმარს მიმართა:
-მისტერ კერი, მოდი დავაზუსტოდ, მაინც რამსიმაღლე იქნებოდა?
კერი შეყოყმანდა, დამნაშავესავით გააპარა ცოლისკენ თვალი.
-ზუსტად თქმა გამიჭირდება, სერ. უვარგისი განათებაა იმ ავტოსადგომზე. ისე, მე მგონი, მაღალი იყო.
გაღიზიანებულმა მედოუზმა ხელი ჩაიქნია.
-ამ სიმაღლის? რენიკზე მიუთითა კერის.
კერი ახლა რენიკს მიაჩერდა, ისევ გაუვარდა ხელიდან ქუდი და უხერხულად დასწვდა ასაღებად.
-დიახ, დაახლოებით. შეიძლება, ოდნავ მაღალი.
ქალმა ჩაიფრუტუნა.
-თვალები არა გაქვს? ეცა ქმარს. გეუბნებით, ის კაცი თქვენზე მაღალი არ ინება-მეთქი!
ისევ მიუშვირა თითი მედოუზს.
-ძვირფასო, მე მგონი, უფრო მაღალი იყო, ჩაიბურტყუნა კერიმ და კეფა ცხვირსახოცით შეიმშრალა.
მედოუზი ჩემკენ შემოტრიალდა.
-თუ შეიძლება, წამოდექით, მთხოვა მან.
იქ მყოფთაგან ყველაზე ტანადი მე ვიყავი. ნელ-ნელა წამოვიზლაზნე. გული ისე გამალებით მიცემდა, მეშინოდა, გაიგონებენ-მეთქი.
-ეს ჯენტლმენი ნამდვილი გოლიათია! თქვა ქალმა. ვთქვი დავიმეორებ, ის კაცი გაცილებით დაბალი იყო.
კერი თვალს არ მაშორებდა.
-მე მგონი, ყოყმანით წარმოთქვა მან. დაახლოებით ამსიმაღლე და ასეთივე აღნაგობისა იყო.
დავჯექი, კერი მაინც ჯიუტად მიცქერდა.
-კარგი. ახლა გვიამბეთ, რა მოხდა. იმის მანქანას დაეჯახეთ? ჰკითხა მედოუზმა.
კერიმ თვალი ამარიდა.
-უკუსვლით მოვდიოდი. გაბარიტული შუქების ჩართვა დამავიწყდა და პირდაპირ იმის მანქანას დავეტაკე. ვერ დავინახე.
-ყველაფერი სულ სხვანაირად იყო! შენ რიგიდან წესიერათ გამოხვედი, იმან კი დაგარტყა, სიტყვა გააწყვეტინა ცოლმა. დამნაშავე ისაა. თან აქეთ დაგვლანძღა და წაბრძანდა მანქანა დატოვა და გაშპა! დამნაშავე რომ არ ყოფილიყო, გაიქცეოდა?
-ფეხებზე , ვინ იყო დამნაშავე, დაიღრინა მედოუზმა. მე იმ კაცის პოვნა მინდა. მისმინეთ, სერ, მიუბრუნდა კერის, სხვა შეგიძლიათ გვითხრათ რამე? რა ხნის იქნება?
-თუ ხმითა და მიხრა-მოხრით ვიმსჯლებთ, ოცდაათი-ორმოცი წლისა უნდა იყოს, თქვა კერიმ და ცოლს შეხედა, ეტყობა, დახმარებას სთხოვდა. არ მეთანხმები, ძვირფასო?
-ხმით ასაკის განსაზღვრა გაგიგიათ? ათუხთუხდა მისის კერი. ჩემმა ქმარმა საჭიროზე მეტი დეტექტივები იკითხა. აუხსნა მედოუზს, ხელიდან ვერ გააგდებინებ.
-თქვენი ვარაუდით, რამდენი წლის უნდა იყოს?
-ვარაუდით ყველაფერი შეიძლება ივარაუდო, მაგრამ თავს შევიკავებ. მეშინია, პოლიცია შეცდომაში არ შევიყვანო, თქვა ქალმა და ქმარს გამანადგურებელი მზერით გადახედა.
-მისტერ კერი, ხომ არ გახსოვთ, რა ეცვა?
ჩანჩურა შეყოყმანდა.
-თავს ვერ დავდებ, მაგრამ კოსტიუმი ეცვა. თუ არ ვცდები, ყავისფერი კი, ეს ნამდვილად შევამჩნიე, როცა მანქანიდან გადმოვიდა.
-მიკვირს, როგორ შეგიძლია ეგეთი სისულელეების როშვა, ისევ დააცხრა ცოლი. შენი თვალების პატრონმა იმ უკუნეთში კოსტიუმის ფერი გაარჩიე?
ისევ მედოოუზს მიუბრუნდა:
-სულ პატივმოყვარეობის ბრალია. დღედაღამ ჩავჩიჩინებ, სათვალე უნდა ატარო-მეთქი მით უმეტეს, საჭესთან.
-არც მთლად ეგეთი ბრუტიანი ვარ, ჰერიეტ, შეპასუხება გაბედა კერიმ. სათვალე მარტო ხანდახან მჭირდება.
მედოუზმა გაზეთზე მიუთითა, რომელიც კერისგან ექვსი ფუთისგან მოშორებით, მედოუზის მაგიდაზე იდო.
-მისტერ. კერი, შეგიძლიათ მაქედან სათაურის წაკითხვა?
კერიმ დავალება იოლად შეასრულა.
მედოუზმა რენიკს გადახედა, მხრები აიჩეჩა და ისევ კერის ჰკითხა:
-ქუდი თუ ეხურა?
-არა, სერ.
მედოუზმა დამცინავად შეხედა ქალს.
-თქვენც თანახმა ხართ?
-თავშიშველა იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქუდი არ ჰქონდა, ბრაზიანად თქვა ქალმა.
-ხელში ეჭირა?
ქალი ჩაფიქრდა, მერე გაღიზიანებულმა თქვა:
-მე ვერ შევამჩნიე.
კერი დროდადრო უხერხულად აპარებდა ჩემკენ თვალს.
-მისტერ კერი,ხომ ვერ მეტყვით, რა ფერის თმა ჰქონდა? ჰკითხა მედოუზმა.
-ვერა, სერ. თითქმის ბნელოდა.
-რა გელაპარაკათ?
-გვიყვიროდა, სიტყვა ჩააგდო ცოლმა. იცოდა, დამნაშავე რომ იყო.
-მის ხმას თუ იცნობდით ახლა? მედოუზი ქალს არავითარ ყურადღებას აღარ აქცევდა.
ჰერბერტ კერიმ თავი გააქნია.
-ძნელად. სულ რამდენიმე სიტყვა თქვა.
-როდის მოხდა ავარია?
-ათის ათ წუთზე. საათსს დავხედე.
-და მერე გაქრა, არა? მაინც, რა მიმართულებით?
-მე მგონი სადგომის შორიახლოს მანქანა ელოდებოდა, მანქანაში ჩაჯდა. ყოველ შემთხვევაში, გავიგონე, როგორ დაიძრა მანქანა.
-მანქანა ვერ დაინახეთ?
-მანქანა ვერა, მხოლოდ ფარების შუქი.
-საით წავიდა?
-აეროპორტისკენ.
მედოუზი კაბინეტში ბოლთის ცემას მოეშვა და დაჟინებით დააცქერდა ჯერ კერის, მერე კი რენიკს, რომელიც უბის წიგნაგში იწერდა რაღაცაას.
-აეროპორტისკენ?
-რა ვიცი. შეიძლება, უესტ-ბიჩშიც მიდიოდა. ეს აეროპორტის იქითაა. მე იმის თქმა კი არ მინდოდა.
-აეროპორტი! შეჰყვირა მედოუზმა, რა თქმა უნდა! აშკარად გამოცოცხლდა.
-ეშმაკმა წაგიღოთ! ჯიმი, აეროპორტი თუ შეამოწმეთ?
რენიკმა უარის ნიშნად თავი გააქნია:
-არა. ვიფიქრეთ, გოგოსთან ერთად გაფრენას ვერ გაბედავს-თქო. შევამოწმებთ, თუ კი თქვენ მიგაჩნიათ, რომ..
-ძებნა ყველგანაა საჭირო, თქვა მედოუზმა. თერთმეტის ნახევრიდან შუაღამემდე გაფრენილი მგზავრების სრული სია მჭირდება. მიხედეთ მაგ საქმეს, ჯიმი.
მღელვარებისგან ძალიან მიჭირდა ერთ ადგილას გაუნძრევლად ჯდომა.
-ჯერჯერობით სულ ესაა, მისტერ კერი. გმადლობთ დახმარებისათვის. თუ კი დამჭირდებით, დაგირეკავთ.
მისის კერი მაშინვე კარისკენ დაიძრა.
-წავიდეთ, ჰერბერტ. ისედაც უამრავი დრო დავკარგეთ. კერიც ცოლს მიჰყვა, მერე შეჩერდა და შემომხედა. შიშისგან ვერ ვბედავდი მისთვის თვალის გასწორებას. მაგიდის უჯრა გამოვაღე და რაღაც ქაღალდო ამოვიღე, თითქოს კერის იქ ყოფნა აღარც მახსოვდა.
გავიგონე, როგორ ჰკითხა მედოუზს:
-უკაცრავად, სერ, ის ჯენტლმენი ვინაა.
აჰა, დაიწყო-მეთქი, გავიფიქრე. გულზე ყინულის ლოდი დამედო. თავი ავწიე.
კერი ჩემზე უთითებდა.
მედოუზმა დაუფარავი გაოცებით უპასუხა:
-ეს ჰარი ბარბერია, ჩემი თანაშემწე. პრესასთან-ურთიერთობის საკითხებს განაგებს.
მისის კერი ქმარს მაჯაში ჩააფრინდა და კარისკენ გაქაჩა:
-წამოდი, თუ ღმერთი გწამს! შენ თუ აქ ლაილაისთვის გცალია, მე უქმად დასაკარგი დრო სადა მაქვს!
კერი უხალისოდ დანებდა ცოლს.
კარი უხმაურო დაიკეტა მის ზურგს უკან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent