შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათარსული კაცი (თავი 9)


1-07-2022, 05:36
ნანახია 648

-ამის გაძლება არ გინდა?! თქვა მედოუზმა და მაგიდას მიუჯდა. აბა, რას იტყვით? მე მგონი, კერი არაფერს იგონებს.
-გეთანხმებით, მიუგო რემიკმა. თან მეორე მოწმეც ხომ გვყავს. კებიმაც განაცხადა, ის ტიპი მაღალი და ზორბა იყოო. რაღაც-რაღაცეები უკვე ვიცით. დამნაშავე დაახლოებით ექვსი ფუტი სიმაღლის მამაკაცია, ას ოთხმოც გირვანქას იწონის, მუქი ფერის სპორტული კოსტიუმი აცვია, ქუდს არ იხურავს, ,,სიგარეტ'' ლაკის ეწევა და მანქანა აქვს შესაკეთებელი. მოკლედ, სიტყვიერი პორტრეტუ უკვე მზადაა.
უეცრად ჩემკენ შემოტრიალდა.
-შენ რამდენს იწონი, ჰარი?
-ალბათ, დაახლოებით ას ოთხმოცდაათ გირვანქას, ვუპასუხე სწრაფად, დაუფიქრებლად. ჩემი წონა რა შუაშია?
-ერთი იდეა დამებადა. კერიმ აღნიშნა, რომ შენი სიმაღლე და აღნაგობა გამტაცებლისას ემთხვევა. მოდი შენი ფოტო გამოვაქვეყნოთ გაზეთებში, ოღონდ, რა თქმა უნდა, სახე ჩავამუქოთ. იქნება მკითხველთაგან ვინმემ ნახა მსგავსი კაცი ლოუნ-ბეიში ანდა ,,მეკობრეთა ქოხთან''
რენიკმა მედოუზს გადახედა.
-თქვენი აზრი, სერ?
-შესანიშნავი იდეაა! აღტაცება ვერ დამალა მედოუზმა. ოღონდ, ჩვენ კიდევ უფრო ეშმაკურად მოვიქცევით. ღილაკს თითი დააჭირა და მდივანი გამოიძახა.
-მის ლეჰემ, მაღაზიაში წადით და მისტერ ბარბერისათვის მუქი ყავისფერი სპორტული კოსტიუმი იყიდეთ, ოღონდ სწრაფად.
მის ლეჰემმა ერთი შემომხედა, თავი დააქნია და კაბინეტიდან გავიდა.
-სანამ მის ლეჰემს ველოდებით, მგზავრების სია შემომიტანეთ, რენიკ. თერთმეტის ნახევრიდან პირველამდე ვინც კი თვითმფრინავში ჩაჯდა, ყველას გვარი მჭირდება.
მერე მე მომიბრუნდა.
-რას იტყვით, დაწერთ ჩემზე სტატიას? ჩემს გატაცებაზე, ოჯახზე, მოკლედ ჩემგან არ გესწავლებათ ეცადეთ, ,,თაიმსში'' ან ნიუსუიკში'' გაუშვათ.
როგორც იქნა, ზურგს უკან ჩემი კაბინეტის კარი მოვიხურე და მაგიდას მივუჯექი. არაქათი აღარ მქონდა. ვგრძნობდი ხაფანგში ვიყავი გაბმული. რენიკის ახალი იდეა დიდ საფრთხეს მიქადდა. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ,,მეკობრეთა ქოხთან'' არავის დავუნახივარ ჟურნალისტური გამოცდილება მაინც მკარნახობდა ვიღაცას, ჩემთვის უჩინარს, შეეძლო ჩემი ფიგურის დამახსოვრება. ლოუნ-ბეიშიც დიდი სისულელე ჩავიდინე, როცა აეროპორტის ხალხით გაჭედილ დარბაზში ოდეტას ჩემოდით ხელდამშვენებულმა შევაბიჯე. არა, ფოტოთი შეიძლებოდა ვინმეს ვეცნე.
ოდეტას გვამიც აუცილებლად იმ ღამესვე უნდა მომეშორებინა თავიდან. მანქანა მექირავა. მაგრამ გამახსენდა, რომ ფული თითქმის აღარ მქონდა და კიდევ უფრო უარესად ვიგრძენი თავი. იძულებული ვხდებოდი, გარაჟში მივსულიყავი და პატრონთან მეღრიჯინა ბეს გადაუხდელად მოეცა მანქანა. ორი დოლარიღა მრჩებოდა ჯიბეში, ნინას რამდენი ჰქონდა არ ვიცოდი. ხელფასსაც მხოლოდ კვირის ბოლოს მომცემდნენ.
მანქანას თუ ვიშოვიდი, გვამი იქ უნდა გადამეტანა, ნინასგან მალულად. უნდა მეცდა, როდის დაწვებოდა დასაძინებლად, მერე დავურეკავდი და ვეტყოდი სამსახურში მომიწევს გვიანობამდე შეყოვნება-მეთქი. ისიც ლოდინს არ დამიწყებდა, დაიძინებდა და მაშინღა გავაღებდი გარაჟის კარს.
მაგრამ პოლიციის პატრულს რომ შევემჩნიე? ამაზე ფიქრიც კი უნდა ამეკრძალა საკუთარი თავისთვის.
ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. მედოუზზე სტატიის გეგმა მოვხაზე შავად, და ამ დროს მის ლეჰემმა კოსტიუმი შემომიტანა. კვალდაკვალ რენიკიც შემოჰყვა.
კოსტიუმის დანახვაზე გული შემიქანდა. ზუსტად იმის ცალი მქონდა. ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი, როცა შევიძინე.
მის ლეჰემი გავიდა და რენიკმა მითხრა:
-აბა, დროზე გამოიცვალე. ფოტოგრაფი იცდის. სურათი უახლოეს ნომერში უნდა გავუშვათ.
კოსტიუმი ჩავიცვი და რენიკთან ერთად პოლიციის პაწაწკინტელა სტუდიისკენ გავემართე. მერე, როცა ფოტოების უკანა მხარეზე საკუთარი გარეგნობის აღწერას ვურთავდიმ მეჩვენებოდა, თვითმკვლელობას ჩავდივარ-მეთქი. სურათები მედოუზს წავუღე.
ფოტოებზე სახე ჩაშავებული იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი ცნობა კაცს მაინც არ უნდა გასჭირვებოდა.
მედოუზმა სურათები დაათვალიერა, თავი დააქნია, მის ლეჰემი გამოიძახა და ფოტოების ადგილობრივი გაზეთების რედაქციაში დაგზავნა სთხოვა.
ქალი კაბინეტიდან გავიდა თუ არა, მაშინვე რენიკიც გამოჩნდა.
-აი, მგზავრების სია, თქვა მან. მაგრამ დიდი ვერაფერი ხეირია. თერთმეტის ნახევრიდან შუაღამემდე სულ ორი თვითმფრინავი გაფრინდა. ერთი იაპონიაში, მეორე ლოს-ანჟელესში. პირველი რეისი გამოვრიცხე. მეორე თვითმფრინავში თხუთმეტი მგზავრი იჯდა შვიდი წყვილი. ბიზნესმენები თავიანთი ცოლებით ისინი რეგულარულად დაფრინავენ ამ რეისით, სტიუარდესა ყველას იცნობს. მეთხუთმეტე გოგო, მარტო იყო.
-ცუდია. ჩვენ იმ გოგოს ვეძებთ, ვისაც მამაკაცი ახლდა. ამ მეთხუთმეტე მგზავრის ვინაობა მაინც დაადგინეთ?
-რეგისტრაცია ემ ჰექორთის სახელითა და გვარიდ გაიარა, თქვა რენიკმა. სტიუარდესამ ყურადღება მიაქცია. ღია წითური თმა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს ოდეტა მალრუ არ არის.
ჩემმა დაკრუნჩხულმა შიგნეულობამ ცოტაოდენი შვება იგრძნო. ფეხებში ძალა გამომეცალა და იძულებული გავხდი, დავმჯდარიყავი.
მედოუზმა სია ნაგვის კალათში მოისროლა.
-რას იზამ, არ გაგვიმართლა. იქნება ფოტოებმა უფრო გვიშველოს.
შვიდიდან რვა საათამდე ძიების მიმდინარეობის თაობაზე ოპერატიულ ცნობებს ვიწერდი, მერე რენიკს ვთხოვე, თუ შეიძლება შინ წავალ, როცა დაგჭირდები, გამომიძახებ-მეთქი.
-რა თქმა უნდა, ჰარი, მითხრა რენიკმა, თავისუფალი ხარ.
ჩემს კაბინეტში დაბრუნებულმა ნინას დავურეკე.
-ცოტა შემაგვიანდება, ვუთხარი ცოლს. შენ რა გეგმები გაქვს?
-არავითარი. გელოდები.
-მისმინე, იქნებ კინოში წასულიყავი? რატომ უნდა იჯდე შინ მარტო, მოწყენილი? ,,ქეფოთოლიუმში'' კარგი ფილმი გადის.
-უშენოდ არ მინდა წასვლა, ჰარი. დაგელოდები.
მინდოდა, რამდენიმე საათით მაინც მომეხერხებინა მისი სახლიდან გატყუება!
-გამიხარდებოდა, რომ წასულიყავი. თითქმის სულ სახლში ზიხარ.
-რა ექნა, მეც ხომ უნდა მსიამოვნებდეს. კინოს ბილეთებში ფულის დახარჯვაც არ ღირს. როდის მოხვალ? ვახშამი დაგახვედრო?
ფარ-ხმალი დავყარე. ცოტაც და, შეიძლებოდა რამეში დამეეჭვებინა.
-ალბათ პირველი საათისთვის მოვალ. რამე დამიტოვე. აბა, კარგად.
-ჰარი, მანქანის გასაღები მაინც ვერსად ვიპოვე.
გავცოფდი, მაგრამ რა გავცოფდი!
-რად გინდა გასაღები, თუ კი მანქანა გაფუჭებულია? რა ძებნა აგიტყდა?
ყურმილი დავდე, ცოტა ხანს ვიჯექი და თვალებზე ლიბრგადაკრული მაგიდის საათს მივჩერებოდი. ჩვეულებრივ, ნინა თერთმეტზე იძინებს. პირველამდე ვერ გავბედავდი ოდეტას გვამის გარაჟიდან წამოღებას. ახლა, როცა გადამწყვეტი დრო ახლოვდებოდა, შიშმა ამიტანა. გაფიქრებაც მზარავდა, რისი გაკეთება მელოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
სად დამემალა გვამი? გამებედა ვერცხლის მიტოვებულ საბადოსკენ წასვლა? ვიცოდი, იქაურობა უკვე გაჩხრეკილი ჰქონდათ. პოლიცია იქ ალბათ არ დაბრუნდებოდა. თუ შეუმჩნევლად მოვახერხებდი მისვლა, გვამს ვერასდროს იპოვიდნენ, მაგრამ მოვახერხებდი კი? სანამ საოპერატოტოდან გამოვიდოდი, ყურადღებით შევისწავლე რუკა, რომელზეც რენიკი ძიების მსვლელობას აფიქსირებდა. პოლიცია მაღაროს მხრიდან ჩემი სახლისკენ მოუყვებოდა გზატკეცილით. პირველი საათისთვის საპატრულო ავტომობილებს თუ არ ჩავთვლით, ავტოსტრადა პრაკტიკულად ცარიელი იქნებოდა. ოლქის პროკურორის თანაშემწის სტატუსი მშვიდობიანად გაღწევის შანსს მიტოვებდა მთავარი იყო, ნერვებს არ ეღალატა. არადა, ნერვები დამწყვეტაზე მქონდა. მაგრამ, უოირველეს ყოვლისა, მანქანა უნდა მექირავა.
პროკურატურიდან გამოვედი და ჩემი სახლის შორიახლოს მდებარე გარაჟს მივაშურე. გარაჟს რომ მივადექი, თერთმეტს ოცი წუთი აკლდა.
ტედ ბრაუნი, თვრამეტი წლის ბიჭი, ვისაც კარგად ვიცნობდი, ვიწრო კანტორაში იჯდა და დოღის პროგრამას ჩაჰკირკიტებდა. ჩემდა ბედად, ჰემონდი, გარაჟის პატრონი არსად ჩანდა.
-ტედ გაუმარჯოს, კარი შევაღე და მივესალმე. გეტყობა, ძალიან დაკავებული ხარ.
ყმაწვილმა უხერხულად გამიღიმა. ფურცელი მაგიდაზე დადო და წამოდგა.
-გამარჯობათ, მისტერ ბარბერ, თქვა მან, მინდა გამოვიცნო, ვინ გაიმარჯვებს. ბედი არა მაქვს წინდა კვირას პროგნოზი ჩამიფლავდა.
-ცხენებში მეც არასოდეს მიმართლებდა, ვუთხარი მე. მისმინე, ტედ, ცუდ დღეში ვარ ,,პაკარდი'' გამიფუჭდა. ხიდი ჩაიშალა.
ბიჭს სახეზე თანაგრძნობა გამოეხატა.
-ვწუხვარ, მისტერ ბარბერ. ეგ სერიოზული ამბავია.
-ჰო, ვიცი. მანქანა მინდა ვიქირაო ერთი დღით, გამიხერხებ?
-რა თქმა უნდა, მისტერ ბარბერ. აქ ერთი ,,შევროლე'' დგას. მარტო დღეისთვის გჭირდებათ?
-ჰო. დილით ადრევე მოგიყვანთ უკან.
,,შევროლესკენ დავიძარი.
-საჩქარო საქმე მაქვს პალმ-ბეიში.
-ბლანკი შეავსეთ, მისტერ ბარბერ. ოცდაათი დოლარი ბე და დაზღვევის ფულია გადასახედელი.
შუა გზაში გავჩერდი.
-დროში ვიწვები, ტედ. ფულიც არ წამომიღია თან. ხვალამდე უნდა მაცადო.
ბიჭმა ჩაფიქრებულმა მოიქექა კეფა.
-მისტერ ჰემონდს ეს ამბავი არ მოეწონება. ასეთ პასუხისმგებლობას ვერ ვიკისრებ.
ნაძალადევად გავიღიმე.
-რის გეშინია, ტედ? ლამის უკვე ათი წელია თქვენი კლიენტი ვარ. მისტერ ჰემონდი რა, არ გამიმართავდა ხელს? ტედს სახეე გაუნათდა.
-კეთილი, მისტერ ბარბერ, იქნებ ბლანკი მაინც შეგევსოთ? დილით კი, როცა მანქანას მოიყვანთ..
-კი ბატონო.
მოთმინებით ველოდი, როდის იპოვიდა ბლანკს. როგორც იქნა, დაადგა საშველი და მაგიდაზე წინ დამიდო.
კალმისტარი ამოვიღე და სწორედ ამ დროს, ჰემონდიც შემოგრიალდა მანქანით.
ხუთი წუთით ადრე რომ მოვსულიყავი, გავასწრებდი. ახლი კი ჰემონდის მოთაფლვაც მომიწევდა. შევამჩნიე თუ არა, როგორ შეეცვალა ჩემს დანახვაზე სახე, ამას მაშინვე მივხვდი.
გაღიმება ვცადე.
-გამარჯობათ, მისტერ ჰემონდ, მივესალმე გულითადად. რა არის, სულ არ უფრთხილდებით თავს.
-გამარჯობათ, ჩაიბურტყუნა პასუხად და დაჟინებით მიაშტერდა ტედს.
-რა მოხდა?
-,,შევროლეს ვქირაობ, ვუთხარი მე. ჩემს მანქანას უკანა ხიდი ჩაეშალა. იქნებ, იმ კვირაში მოსულიყავით და რამე მოგეხერხებინათ. დღეს კი საჩქარო საქმე მაქვს პალმ-ბეიში და მანქანა მჭირდება.
ცოტათი დამშვიდდა.
-კარგი, ბლანკი შეავსეთ, მისტერ ბარბერ. თქვენზე ოცდაათი დოლარია.
წერა დავიწყე. ხელი ისე მიკანკალებდა, საკუთარი ნაწერის გარჩევა მიჭირდა.
-ფულს ხვალ გადაგიხდით, როცა მანქანას დავაბრუნებ, ვცდილობდი, რაც შეიძლება გულგრილად მელაპარაკა. მოულოდნელად მომიწია გამგზავრებამ. ბანკში შევლაც ვერ მოვასწარი. ხვალ გავსწორდებით.
გაკვრით მოვაწერე ხელი და ფურცელი ჰემონდისკენ მივაჩოჩე. ზედაც არ დახედა.
-მისტერ ბარბერის საკრედიტო ბარათი მომეცი, უთხრა ტედს.
ტედმა ბარათი მიაწოდა და თვითონ კანტორიდან გავიდა. დარცხვენილი ჩანდა.
ჰემოონდმა ბარათი გულდასმით შეისწავლა და შემომხედა. მკაცრი სახე ჰქონდა.
-მისტერ ბარბერ, თქვენ უკვე ასორმოცდაათი დოლარი გმართებთ ჩემი რემონტის, ბენზინის და ზეთის ფული თქვა მან.
-კი, რა თქმა უნდა, მახსოვს. ხვალ ყველაფერს გადავიხდი, მივუგე მე. მაპატიეთ, რომ დაგიგვიანეთ.
-კარგი იქნებოდა.
ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე დაუმატა:
-მაპატიეთ, მისტერ ბარბერ, მაგრამ სანამ არ გავსწორდებით, ნისიად მომსახურება არ შემიძლია.
ძლივს შევიკავე თავი.
-მისმინეთ, მანქანა საჩქაროდ მჭირდება. არ შეიძლება ძველ მუშტრებთან ასე მოქცევა. არც გთხოვდით, გადაუდებელი საქმე რომ არ მქონდეს.
-მისტერ ბარბერ, პალმ-ბეიში ავტობუსი დადის. უკვე თვრამეტი თვეა, ჩემთვის ერთი ცენტი არ გადაგიხდიათ, თქვა ჰემონდმა. აკი მისის ბარბერსაც არაერთხელ შევახსენე. მუდამ ერთი და იგივე პასუხი მესმის: ,,ხვალ გადაგიხდითო'' ბოდიში, მაგრამ ნისიად აღარ გემსახურებით. ვალს გადამიხდით, ბეს შემოიტანთ და ბატონი ბრძანდებით, წაიყვანეთ ეგ ,,შევროლე''.
ისეთ დღეში ვიყავი, სიკვდილს ვნატრობდი. უმანქანობა არაფრით არ შემეძლო. სასწორზე ჩემი სიცოცხლე იდო!
-ძალიან, ძალიან საჩქარო საქმე მაქვს, ვცდოლობდი მშვიდად მელაპარაკა, მანქანა აუცილებლად მჭირდება. ჩემი ცოლის სამკაულს დაგიტოვებთ ბედ. თითქმის ორასი დოლარი ღირს. ხვალ კი მთელ ვალს გაგისტუმრებთ. ალბათ ჯერ არ გაგიგიათ, სამსახური დავიწყე. ოლქის პროკურორის თანაშემწე ვარ.
ჩემი მოწმობა გავუწოდე.
-თუკიი ოლქის პროკურორთან მსახურობთ, მისტერ ბარბერ, პოლიციის მანქანა გამოიძახეთ. თქვენი ცოლის სამკაულებს კი, მაპატიეთ, ვერ დავიტოვებ.
და ამ დროს ,,პაკარდის'' საბარგულში ჩაკეტილი, ხუთასი ათასი დოლარით გატენილი ,,დიპლომატი' გამახსენდა. რას ვუდგივარ აქ და რას ვეღრიჯები ამ ტიპს, თუ მოვისურვებდი, მთელი მისი გარაჟი შემეძლო მეყიდა. მართალია იმ ფულისთვის ხელის ხლება სახიფათო იყო, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე საბარგულში ოდეტას გვამის დატოვება.
-ეშმაკსაც წაუღია თქვენი თავი, მივახალე ჰემონდს და გარაჟიდან გამოვედი.
ჩემი სახლიდან სულ ერთ მილზე ტექმომსახურების სადღეღამისო სადგური იყო. როცა ნინა დაიძინებდა, მანქანას იქ ვიქირავებდი, ფულს კი ,,დიპლომატიდან'' გადავიხდიდი. შინისაკენ გავუდექი გზას. შუა გზაზე ორი პოლიციელი შევნიშნე. ტროტუარს მოუყვებოდნენ მოპირდაპირე მხრიდან. ჩემი მეზობლის სახლთან შეჩერდნენ, ერთმა მათგანმა კუტიკარი შეაღო და ბილიკს გაუყვა. მეორემ შემდეგი ეზოსკენ განაგრძო გზა.
უკვე ჩემს ქუჩაზეც ეძებდნენ!~ნაბიჯს ავუჩქარე. შიშმა გული მომიწურა. საკუთარი სახლი დავინახე და გავჩერდი.
გარაჟის კარი, რომელიც წუხელ ჩემი ხელით ჩავკეტე, ღია იყო!
რამდენიმე წავი ვიდექი ასე და თავქუდმოგლეჯით გაქცევის სურვილს ვებრძოდი. იპოვეს ნეტავ გვამი თუ ვერა? იქნებ, უკვე დასაპატიმრებლად მელოდნენ?
მოპირდაპირე სახლიდან პოლიციელი გამოვიდა. ინტერესით შემომხედა.
თავს მოვერიე და შინისაკენ გავემართე.
ბილიკს მივუყვებოდი, როცა ნინა და ორი ჯარისკაცი დავინახე. ,,პაკარდთან'' იდგნენ. ეტყობა, ჩემი ფეხის ხმა გაიგონეს და შემოტრიალდნენ.
-აი, ჩემი ქმარი, თქვა ნინამ.
-გამარჯობათ, მივესალმე მშვიდიხმით. რა ამბავია?
ჯარისკაცები მთლად პირტიტველი ბიჭები იყვნენ. ერთ-ერთი, ვარდისფერლოყებიანი, პუტკუნა, ქერა აშკარად მოწყენილი ჩანდა, მეორე, შავთმიანი და ტანმორჩილი ზომაზე მეტად გაფაციცებული და აგრესიული. მაშინვე მივხვდი საქმის დაჭერა ამასთან მომიწევს-მეთქი.
-თქვენია მანქანა? იკითხა შავგვრემანმა.
მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ნინას ვკითხე:
-რა მოხდა?
-მოტაცებულ გოგოს ეძებენ, თქვა ნინამ, გაღიზიანებული ჩანდა. უნდათ, საბარგულში ჩაიხედონ.
მეორე სუნთქვა გამეხსნა. სასოწარკვეთამ შიში დამავიწყა.
-გგონიათ, იქა მყავს დამალული? პუტკუნას მივმართე და თან ირონიულად ჩავიღიმე.
უხერხულად ჩაიფრუტუნა.
-მე არა მგონია, თქვა მან. აი, ჯერისაც ვუმტკიცებდი..
-საბარგულს გაგვიღებთ მკითხა შავტუხამ. ნაბრძანები მაქვს ყველა სახლი და ყველა მანქანა გავჩხრიკო ამ ქუჩაზე. ბრძანებას შესრულება უნდა.
-ავუხსენი, გასაღები დაგვეკარგა-მეთქი, მითხრა ნინამ, ვთხოვე, შენთვის დაეცადათ. დიდი ხანია აქ არიიან.
-ძალიან ვწუხვარ, მივუბრუნდი შავგვრემანს, მაგრამ გასაღები არ მაქვს. ხელოსანს მივეცი მეორე კომპლექტი უნდა გავაკეთებინო ცოლისთვის.
ჯარისკაცი დაჟინებით ეჭვით დამაშტერდა.
-ძალიან ცუდია, თქვა მან. ბრძანება ბრძანებაა. თუ გასაღები არა გაქვთ, საკეტის გატეხა მოგვიწევს.
-ხვალ დილით დამიბრუნებენ გასაღებს, ვუთხარი მე, ვცდილობდი წყნარად, სასხვათაშორისოდ მელაპარაკა: მაშინ სიამოვნებით გაგიღებთ საბარგულს.
-წავიდეთ, ჯერი. უთხრა პუტკუნამ. ჯერ ნახევარი ქუჩაც არ შეგვიმოწმებია, გვიანდება.
ჯერის მისი ნათქვამი თითქოს არც გაუგონია. მივხვდი, შავტუხას თავიდან მოშორება იოლი არ იქნებოდა.
-საბარგული უნდა გავხსნათ, თქვა მან და გარაჟი მოათვალიერა.
ძალაყინი შენიშნა, დასწვდა.
-მოიცათ, ვუთხარი და საბარგულს გადავეფარე. აი, ეს ნახეთ.
ჩემი მოწმობა გავუწოდე.
დოკუმენტს დახედა, ოღონდ ხელი არ უხლია, არ გამოურთმევია.
-მერე რა?
მოუთმენლად შეათამაშა ძალაყინი.
-რა ჩემი საქმეა, ვინ ხართ? მითხრეს, ამ ქუჩაზე ყველა მანქანა შეამოწმეო და მეც ვამოწმებ!
ნინას შევხედე.
-ქუჩაში პოლიციელი დგას. დაუძახე.
ნინა გარაჟიდან გავარდა. ჯერი სულ გაცოფდა:
-მიმიფურთხებია პოლიციელისთვის! პოლიციელი ვინ მიგდია. გაიწით! საბარგული უნდა გავაღო.
ფეხიც არ მომიცვლია.
-უფლება არ გაქვთ, ჩემი მანქანა დააზიანოთ. ხვალ დილით საბარგულს გასაღებით გავაღებთ.
დიდხანს ვჭამდით ერთმანეთს თვალებით. ბოლოს ძალაყინი გვერდზე მიაგდო.
-რას იზამ, თქვენ თვითონ მაიძულეთ. მოდი აქ, ჰენკ, ერთი ტიპი გვერდზე მივაგდოთ და მერე საბარგულსაც გავაღებთ!
-მომისმინე, ჯერი, ყოყმანით დაიწყო პუტკუნამ, არ ღირს. პოლიციას დაველოდოთ.
-მე ბრძანება უნდა შევასრულო, გაჯიქდა ჯერი და ავად გამომხედა. თქვენი ნებით გაიწევთ თუ ხელი წაგაშველოთ?
-ტრიბუნალი არ აგცდებათ, ვუთხარი მე. ჩხუბს ატეხთ ინანებთ.
ჯერიმ ჰენიკს გახედა.
-ერთი-ორი თუ მოხვდება, თვითონვე იქნება დამნაშავე, თქვა და ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი.
ამ დროს გარაჟს ნინა და წეღან ქუჩაში ნანახი პოლიციელებიდან ერთ-ერთი მოადგნენ.
-რა ხდება აქ? იკითხა პოლიციელმა.
-საბარგული უუნდა დავათვალიეროთ, უთხრა ჯერიმ, ამ კაცს კი გასაღები არ აქვს. მე ბრძანება მივიღე ყველა მანქანა გაჩხრიკეთო, ეს კიდევ საკეტის გატეხას არ გვანებებს.
-გასაღები სად არის? იკითხა პოლიციელმა.
-სახელოსნოში. დუბლიკატი შევუკვეთე.
მომაჩერდა და სქელი თითით მრგვალი თავი მოიფხანა.
-რომელ სახელოსნოში?
ამ კითხვაზე პასუხი მზად მქონდა.
-არ ვიცი. ჩემს მდივანს გავატანე.
მერე იმასაც მოწმობა გავუწოდე.
-მე ოლქის პროკურორთან ვმსახურობ. გასაღები ხვალ დილით იქნება მზად და მაშინ სიამოვნებით გაგიღებთ საბარგულს, ახლა კი ცოცხალი თავით მანქანის გაფუჭების ნებას არ მოგცემთ.
პოლიციელმა მოწმობა ყურადღებით შეათვალიერა და შუბლშეჭმუხნილმა გადახედა ჯარისკაცებს.
-დაიცა, ნუ ცხარობთ, თქვა მან. ამ ჯენტლმენს ვიცნობთ. ტყუილად ღელავ.
ჯერიმ მხრები აიჩეჩა. კიდევ უფრო მტრული სახე დაედო.
-ჩემთვის სილერთია, ვინ არის. მე ნაბრძანები მაქვს და ბრძანებას ვასრულებ!
-საკეტს თუ გააფუჭებ, უთხრა პოლიციელმა, მერე ფულის გადახდა მოგიწევს.
-კეთილი, გადავიხდი, არ ცხრებოდა ჯერი. სულერთია, უნდა გავაღო!
პოლიციელი მომიბრუნდა.
-გაწყობთ ეგეთი ვარიანტი, მისტერ ბარბერ? გატეხოს და ფული გადაიხადოს.
ძლივს ვსუნთქავდი.
-არა, არ მაწყობს, ვთქვი მე. მანქანა ძველია, ასეთს საკეტს ვეღარ ვიშოვი. გადაცემის ხიდიც ჩაშლილია. უკვე ორი დღეა გარაჟში დგას. თუ ჩემი არ გჯერათ, სცადეთ და დაძარით ადგილიდან.
-მართლა? თქვა ჯერიმ. მერე, უგასაღებოდ ძრავას როგორ ავამუშავებ? იქით გაიწით..
ძალაყინს ეცა.
მე ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია.
-მოდით, ასე შევთანხმდეთ, ვუთხარი მე, ლეიტენანტ რენიკს დავურეკავ თუ ის თანახმა იქნება, ჯარისკაცს შეუძლია საბარგული გააღოს.
პოლიციელს სახე გაებადრა:
-კარგი აზრია! ოღონდ, ლეიტენანტს მე თვითონ დაველაპარაკები.
ჯერიმ გაოცებულმა მოისროლა ძალაყინი.
-პოლიციის გაკეთებული საქმე არ გაიშვა!
ხმაში დაუფარავი ზიზღი გამოურია.
-თქვენ როგორც გენებოთ, მე კი ჩემს უფროსს დავურეკავ და იმას მოვახსენებ. არ იფიქროთ, ბოლო სიტყვა თქვენ დაგრჩეთ. წავედით, ჰენკ.
ჯარისკაცები წავიდნენ. პოლიციელმა ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებული მზერა გააყოლა.
-ლაწირაკები, გამოსცრა მერე კბილებში. რამე თუ ჩაიდინეს თავში, მორჩა!
-გმადლობთ, ვუთხარი მე და შვებით ამოვისუნთქე. სულ მაგ ჭკუაზე ვიყავი, მანქანა გამეტეხებინა.
-მართალი ხართ, მისტერ ბარბერ.
ნინას სალამი მისცა და წავიდა.
-ის პატარა თავიდანვე არ მომეწონა, თქვა ნინამ. მაშინვე მივხვდი, შარს ვერ გადავურჩებით-მეთქი.
გარაჟის კარი დავკეტე.
სახლში შევედით.
-რა ხდება, ჰარი? ხალხი ამბობს, გოგო მოუკლავთო, ყველა ამ ამბავზე ლაპარაკობს.
-დანამდვილებით არ ვიცი. რამე დამალევინემ რა დღეს მაგრად დავიქანცე. პიჯაკი გავიხადე და დივანზე დავაგდე, მერე სავარძელში ჩავჯექი და ჰალსტუხი შევიხსენი.
ნინამ ვისკი და სოდიანი წყალი გააზავა.
-მანქანას რა ვუყოთ?
-ცოტა უნდა მოვიცადოთ. ახლა მაგდენი ფული არა გვაქვს.
ჭიქა მომიტანა.
-სიგარეტი გინდა?
-კი.
ნინამ სიგარეტიც მომაწოდა.
-ასანთი ჯიბეშია, ვუთხარი მე.
ჩემი პიჯაკი აიღო და ჯიბეში ხელი ჩაყო. მე გამოვითიშე. გამიტკბა ცოლის მზრუნველობა.
-ჰარი!
ნინას ხმა ტრანსიდან გამომიყვანა. ხელში გასაღებების ორი აცმა ეჭირა თავისიც და ჩემიც.
პირი გამიშრა.
ნინა გაშტერებული შემომცქეროდა.
-ჰარი!
დიდხანს ვერ მოვაშორეთ ერთმანეთს თვალი. მერე ვისკის ჭიქა თითებიდან გამისხლტა და პარკეტზე ნამსხვრევებად იქცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent