შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილი ( 1 თავი)


6-07-2022, 00:15
ავტორი Melice
ნანახია 859

- „ ადამიანები, - თქვა პატარა უფლისწულმა, - ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან.“
- რას ნიშნავს „მოსვენება დაუკარგავთ? - პატარა დაჩიმ მინაბული თვალები დააჭყიტა და ზღაპრის წიგნით ხელდამშვენებულ დედას მორცხვად ახედა.
- ეს იგივეა, მე ნამცხვარს რომ ვაცხობ და შენ წუთში სამოცჯერ შემორბიხარ სამზარეულოში.
- სუნი უფრო მალე მზადდება ხოლმე, ვიდრე თვითონ ნამცხვარი... - ბიჭუნამ მომდგარი ნერწყვი სწრაფად ჩაყლაპა.
- თუ ხვალ ბაბუას დაუჯერებ და არ გააბრაზებ, ზეგ დილით შენს საყვარელ ნამცხვარს გამოგიცხობ. - ქალმა ყდაგაქუცული წიგნი ფრთხილად დაკეცა და საწოლის გვერდით მდებარე ხისგან გამოჩორკნილ კომოდზე დადო.
- თუ შოკოლადით იქნება, დავუჯერებ... - მეტი დამაჯერებლობისათვის თვალები მაგრად დახუჭა და სუნთქვა შეძლებისდაგვარად გაითანაბრა.
- ტკბილი ძილი, ჩემო პატარა უფლისწულო. - შუბლზე ჩამოყრილი წაბლისფერი კულულები ფრთხილად გადაუწია, ცხვირის წვერი თმაში ჩარგო და შვილის სურნელი შეისუნთქა. ასე მაშინ იქცეოდა, როცა გრძნობდა, რომ დაჩი გაიზარდა, უკვე ხუთი წლის იყო...

რიჟრაჟში ჩაგუბებული სიჩუმე მამლის ყივილმა მთის წვერებამდე გაჭრა და თითქოს ნიშანს ელოდნენო, სოფლის ქოხმახების სახურავებში შესახლებულმა ჩიტებმაც გამოიფხიზლეს.
სოფელში დილა გათენებამდე იწყება. აჭარის ამ პატარა, ტყისპირა სახლებშიც ადრიანად გასწორდა საწოლები. მზე ამოწვერილიც არ იყო, საკვამურებიდან ბოლმა ამოხეთქა, შეღებული ფანჯრებიდან - დამწვარი კარაქის მარილიანმა სურნელმა. როგორც კი ცაზე ბნელი გატყდა, ორღობის ქვიან გზაზე ნაბიჯების ხმა გაისმა, ნაბიჯებს თან მოჰყვებოდა თოხის ქვაზე დარტყმის ხმაც: ნაბიჯი, ნაბიჯი, კაკ... ერთს მეორე მოჰყვა და ბოლოს ორღობეები გაივსო ნაბიჯებისა და თოხების ხმებით, აქა-იქ მოძველებული სათლი ისე გაიღრჭიალებდა, თითქოს წინასწარ გრძნობდა მიწიდან ახალამოყრილი კარტოფილის სიმძიმეს.

დაჩის უყვარდა ადრე გაღვიძება, თაფლით დამტკბარი დაფნიანი ჩაი და მიწის სურნელი, რომელსაც დამპალი ღეროს სუნიც თან სდევს. სწრაფად ჩაირბენდა თეთრი ტომრებით დაფარულ ყანაში და კარტოფილის მკრეფავებს შეუერთდებოდა. ეს პოზიცია მეტად საპასუხისმგებლოდ მიაჩნდა და ფიქრობდა, რომ სულ რამოდენიმე წელიწადში მოწინავე გახდებოდა. ჯერ იდგა „სუპერის“ მკრეფავი და ყველაზე დიდ კარტოფილებს კრეფდა. მას მოჰყვებოდა „საშუალოს“, შემდეგ - „თესლი“, რაც ნიშნავდა, რომ ამ კატეგორიის კარტოფილს შემდეგ წლამდე შეინახავდნენ და გაზაფხულზე ისევ მიწას დაუბრუნებდნენ. დაჩი სულ ბოლოში იდგა თავისივე სიმაღლის სათლით ხელში და საქონელისთვის დატოვებულ კარტოფილს აგროვებდა, ან როგორც ბაბუამ ასწავლა „წვიტს“. რამდენჯერაც ამ სიტყვას გაიგონებდა, ეღიმებოდა და ახსენდებოდა მეზობლად მცხოვრები ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, გამხდარი, მუდამ გარუჯულ ცხვირზე ჩამოცურებული სათვალით, რომელსაც მთელი სოფელი „წვიტს“ ეძახდა.

ბავშვებისთვის ადრე მთავრდებოდა სამუშაო დღე, უფროსები კი შებინდებამდე თავაუღებლად მუშაობდნენ.

იმ საღამოს დაჩის ბაბუა ყანიდან მალე დაბრუნდა, შვილი და რძალი მომიჯნავე სოფელში მიდიოდნენ სტუმრად და შვილიშვილი უნდა დაეტოვებინა. უყვარდა დაჩის ბაბუასთან მარტო დარჩენა, ნესტიანი შეშის ცეცხლში გატკაცუნება, კვარის სუნი და ზღაპრები ამ განსაკუთრებულ სოფელზე. თითქოს ზღაპრის ყველა გმირს ამ პატარა ოდებში მოეყარათ თავი. ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე თავადაც ამ დიდი ზღაპრის პერსონაჟი ხდებოდა და ამ ყველაფერზე მეტად მხოლოდ ორი რამ უყვარდა: დედას გამომცხვარი შოკოლადიანი ნამცხვარი და ოცნება, რომ დიდი გაიზრდებოდა, ანდობდნენ ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს და „სუპერ“ კარტოფილს მოკრეფდა.

ის ღამეც ერთი ჩვეულებრივი ღამესავით გაგრძელდა, დაფნიანი ჩაი დალია თუ არა, ძილი მოერია და მანამ ჩაეძინა, ვიდრე პატარა უფლისწული პლანეტა დედამიწაზე ჩამოვიდოდა და გველს გაიცნობდა.

სოფლის თითქმის ყველა სახლის საკვამურში მინელდა კვამლი, ორღობეები დაცარიელდა. მხოლოდ ერთი მოხუცი კაცი ვერ პოულობდა მოსვენებას, შვილიშვილი რომ არ გაეღვიძებინა შემოღობილ ეზოში გავიდა და წნელის სკამზე მწყვეტით დაეშვა.
- ვის გაუგია 1 წლის ბავშვის დაბადების დღე? - ცას ახედა და უსიამოვნო წინათგრძნობამ ყელიდან თვალებამდე დაუარა. - ღმერთო, მშვიდობიანად დააბრუნე სახლში...

საგანგაშო თითქოს არაფერი იყო. შავი ღრუბელი ოსტატურად გადაეფარა ვარსკვლავებს და როცა სოფელში შეზარხოშებული ახალგაზრდები ბრუნდებოდნენ ცა ჩამოიქცა... უსწორმასწორო გზების ნაოჭებში დატბავდა და ტალახად ქცეული მიწა ხრამებში გააქანა.

ჯანო 13 წლიდან მართავდა მამისეულ სატვირთოს. ისე ჰქონდა შესისხლხორცებული კაბინის თითოეული გოჯი, თითქოს ამ ყველაფერთან ერთად დაიბადა. არასდროს დადიოდა სწრაფად, მითუფრო მას შემდეგ, რაც თავის მეუღლეს მუცელი წამოეზარდა, კოჭები დაუმსხვილდა და აგრძნობინა, რომ აქამდე რაც იყო, არაფერს ნიშნავდა... თითქოს მთელი ცხოვრება ნისლით დაფარულ ტყეში გავლას ცდილობდა, ფიქრისას მერქნის ნოტიო სუნსაც კი ცოცხლად გრძნობდა. აი, სულ ერთი თვეც და ამ ტყიდან საბოლოოდ გააღწევს. არასდროს უფიქრია შვილზე, ეს ისე წარმოედგინა როგორც იმ დროისთვის მიღებული იყო: ბავშვი, რომელიც მკაცრად უნდა აღზარდო, გოგონა თუ იქნება, კარგი დიასახლისი უნდა იყოს, მამის რიდი და შიში უნდა ჰქონდეს, დრო რომ მოვა შესაფერისი ოჯახიდან მოვა მაშვალი და მამაც მცირე ყოყმანის შემდეგ ამაყად გადაულოცავს სხვის კერას. ბიჭი თუ იქნება, მამა იზრუნებს მის ნამდვილ კაცად ჩამოყალიბებაში, მეურნეობას ჩაუყენებს სათავეში, იმ ქალს მოუყვანს ცოლად ვინც შვილს ეყვარება, ოჯახი წინააღმდეგი რომ იყოს, მოიტაცებს და თავისი ბიჭის სურვილს მაინც შეასრულებს. ახლა კი სულ ოდნავ შეზარხოშებულს ორივე ხელი მაგრად ჩაებღუჯა საჭისთვის და ფიქრობდა შვილზე, როგორც უსქესო ბავშვზე, რომელზეც უნდა ეზრუნა და უპირობოდ უნდა ჰყვარებოდა. ამოუცნობი სინაზით გადახედავდა გვერდით მჯდომ ფეხმძიმე ცოლს და გული უცნაური გრძნობით ევსებოდა, მზად იყო ბედნიერებისგან ეტირა, ასე ყველას თვალწინ... მეუღლისა და მეზობელი ცოლ-ქმრის წინაშე, რომლებიც აუცილებლად გაუგებდნენ. უკანა სავარძლებზე გადანაწილებულებს ხომ უკვე ეგემათ ეს სასწაული. მივიდოდნენ სახლში და იქ დაჩი დახვდებოდათ, შვილი, რომელსაც ალბათ უკვე ტკბილად ეძინა.
თვალები სითხით გაევსო და წარმოიდგინა, რომ მისი ჯერ არდაბადებული შვილი უკვე 5წლის იყო და სახლში ელოდა. არა, ის ვერ დატოვებდა ბავშვს მარტო, ის მამიკოს განებივრებული პატარა იქნებოდა.
თავი ისევ მეუღლისკენ მიაბრუნა. ნატოს თვალები მიელულა და მშვიდად ფშვენდა. ჯანოს გაეღიმა, გაახსენდა, როგორ იუარა ნატომ ღვედის გაკეთება, აქაოდა მუცელზე მაჭერსო. ბოლოს მაინც ქმრის სიტყვას დაჰყვა, ღვედს ხელით აკავებდა კანს ამოფარებული ჩვილიდან ორიოდე სანტიმეტრში.

სოფლისკენ მიმავალ გზას გადიოდნენ, როცა ფერდობიდან წამოსულმა ნიაღვარმა ხრამისკენ აიღო გეზი და თან გაიყოლა ყოველი... ქვა, წვრილი ხრეში, ტალახი, ფესვებიანად მოგლეჯილი ხეები და სატვირთო, რომლის კაბინაშიც ოთხი სიცოცხლე ენთო.

ჯანომ თვალები რომ გაახილა ტალახში ეგდო. კაბინიდან როდის გადმოვარდა არ ახსოვდა.
- დამეხმარეთ!.. - ნატოს მოგუდული ხმა მანამ გაოგონა, სანამ ორად გაყოფილ სატვირთომდე მიაღწევდა.
- ნატო!.. - საკუთარი ხმა ვერც კი იცნო. - ნუ გეშინია, გამოგიყვან...
მთელი ძალით მიაწვა ნაძვს, რომელსაც ქვეშ კაბინა მოექცია და ატალახებულ წყალში ძირავდა.
- ჯანო, ვიხრჩობი...
- ღვედი... - უცებ თითქოს აზრზე მოვიდა. - ღვედი გახსენი და სახე წყალს მოარიდე, გამოგიყვან...
- არ იხსნება... - მოგუდული ტირილი აღმოხდა ქალს და მღვრიე სითხე ცხვირის წვერამდე მისწვდა.

იმ ღამით სოფლის ცაზე სამი ახალი ვარსკვლავი აკიაფდა და თან სამი დარდი გაიყოლა.
ნატოს დარდი - ბავშვის სახელი რომ მოიფიქრა და ქმრისთვის განდობა ვერც კი მოასწრო.
ელგუჯას დარდი - მოხუც მამას მოსავლის აღება მარტოს რომ მოუწევდა, ან კი ექნებოდა ამ ყველაფრის ხალისი?
ნინოს დარდი - დაჩი დილით გაიღვიძებდა და შოკოლადიანი ტორტი არ დახვდებოდა. არც იმ დილას და არც რომელიმე სხვა გარიჟრაჟზე. ბოლო წამს თითქოს იგრძნო კიდეც შვილის სურნელი, ახალგაღვიძებულს რომ ჰქონდა კისერსა და კეფაზე.
და, იყო კიდევ ერთი დარდი, რომელიც არსად წასულა... სატვირთოს ყოველი მხრიდან აწყდებოდა და მისმა არაადამიანურმა ღრიალმა ირგვლივ მყოფი ნადირიც კი დააფრთხო - ფეხმძიმე ცოლს ღვედის გაკეთება რომ აიძულა...



№1 სტუმარი One

Niki rom davinakhe rogor gamikharda❤️
Ghmerto ra emociurad daiwyo, davdumdi….
Mjera isetive sauketeso iqneba, rogorc yvela danarcheni, warmatebebi❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

როგორ გამიხარდიი. ჩემი უსაყვარლესი ავტორი დაბრუნდა..

 


№3  offline წევრი Melice

One
Niki rom davinakhe rogor gamikharda❤️
Ghmerto ra emociurad daiwyo, davdumdi….
Mjera isetive sauketeso iqneba, rogorc yvela danarcheni, warmatebebi❤️

გმადლობ❤️
იმედი მაქვს მოლოდინს გავამართლებ ❤️

სტუმარი ქეთა
როგორ გამიხარდიი. ჩემი უსაყვარლესი ავტორი დაბრუნდა..

ძალიან მიხარია დაბრუნება და ორმაგად ბედნიერი ვარ რომ თვქენც გაგიხარდათ ❤️❤️

 


№4  offline წევრი OKI ME

გამიხარდა შენი დაბრუნება თუმცა ამატირე :((( ეს პირველი თავი როგორი ემოციური იყო და აბა შემდეგი თავები რაღა იქნება ❤️❤️

უდავოდ საინტერესო ისტორია ჩანს. უზომოდ მაინტერესებს განვითარება.

დაჩიმ უკვე მოასწრო თავის შეყვარება ❤️❤️ თუმცა მის მშობლებზე გული დამწყდა (((

ჰოო, აი ჯანო მეტად მძიმე და რთულ მდგომარეობაშია. :((( ბოლოს ისე დაასრულე რომ რავიცი რა ჭკუაზე იქნება მომავალში (((

კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გამიხარდა შენი დაბრუნება. საინტერესოდ წერ ❤️❤️ ემოციებით სავსეა შენი ნაწერი. ❤️❤️ რომ იცოდე როგორ მოუთმენლად ველი ახალ თავს და ისტორიის განვითარებას. ❤️❤️
წარმატებებიი ❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Melice

OKI ME
გამიხარდა შენი დაბრუნება თუმცა ამატირე :((( ეს პირველი თავი როგორი ემოციური იყო და აბა შემდეგი თავები რაღა იქნება ❤️❤️

უდავოდ საინტერესო ისტორია ჩანს. უზომოდ მაინტერესებს განვითარება.

დაჩიმ უკვე მოასწრო თავის შეყვარება ❤️❤️ თუმცა მის მშობლებზე გული დამწყდა (((

ჰოო, აი ჯანო მეტად მძიმე და რთულ მდგომარეობაშია. :((( ბოლოს ისე დაასრულე რომ რავიცი რა ჭკუაზე იქნება მომავალში (((

კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ გამიხარდა შენი დაბრუნება. საინტერესოდ წერ ❤️❤️ ემოციებით სავსეა შენი ნაწერი. ❤️❤️ რომ იცოდე როგორ მოუთმენლად ველი ახალ თავს და ისტორიის განვითარებას. ❤️❤️
წარმატებებიი ❤️❤️❤️

ძალიან მიხარია, თუ უკვე იწვევს ემოციებს. დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუარა და ახლა, როცა გადავწყვიტე, იმედი მაქვს ისეთი გამოვა, როგორსაც წარმოვიდგენდი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent