შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელფერის სასახლის ქურდი (თავი 4)


20-07-2022, 22:40
ნანახია 815

კაცი გარეთ გავიდა. სახლს თვალი შემოავლო და მიხვდა, რომ აქ სიმშვიდე, სიწყნარე და სითბო სუფევდა. ქალი გაახსენდა, მისი ნატკენი ხელი, თავი და შეეცოდა. მაგრამ გაახსენდა სპილო და ბედნიერება და ტკივილი ერთად იგრძნო გულში. ეს ერთადერთი იყო, რაც გულს სასტიკად სტკენდა და მის ცხოვრებას ანგრევდა. მისი სიტყვები გაახსენდა მაგიდასთან და ამწუთას ქალი არც ებრალებოდა და მასაც სძულდა...
_ უკვე გვიანია. ბატონო ელიან, თქვენი ოთახი მზადააა...
_ თუ შეიძლება, მხოლოდ სახელი დამიძახეთ. ნუ იდარდებთ, მასზე მე ვიზრუნებ. _ უთხრა ელაიანს, ქალის მამას და მხარზე ხელი მოხვია, _ მასზე მე ვიზრუნებ..._ გაუმეორა და გაუღიმა.
_ მაშინ მე და ჩემი ცოლი მშვიდად ვიქნებით... რამე ხომ არ გინდათ?! მითხარით...
_ ის სპილო ვისია, რომ ვიყიდო?!
_ გინდათ წაიყვანოთ?! მაგრამ მას ახლა პატარაც ჰყავს...
_ ორივეს ვიყიდი.
_ ის ფერისია. როცა ფერის წაიყვანთ, თუ გსურთ ისინიც წაიყვანეთ.
_ მაგრამ ეს ფერიმ არ უნდა იცოდეს...
_ კარგი... ძილი ნებისა... _ სასიმამრო დაემშვიდობა.
ელაიანი მთელი ღამე არწმუნებდა ცოლს, რომ ფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ქალი სულ იმას ეუბნებოდა, ფერი მას ვერ შეეგუებაო. კაცი კი მის დამშვიდებას ცდილობდა და გაუმხილა, რომ სპილოებიც მიჰყავდა, მაგრამ ჯერ ფერიმ ეს არ იცისო... მერე მშვიდად დაიძინეს მშობლებმა, მხოლოდ ელის არ ეძინა მშვიდად, თავისი სახე ელანდებოდა წყალში და გული სტკიოდა, როცა ბავშვები ესიზმრებოდა, რომელიც ასე უნდოდა და არ ჰყავდა.
***
დილით ფერის ბარგი მზად იყო, დედამ ყველაფერი ჩაულაგა. თვითონ არც უნდოდა არაფრის წაღება, არც წასვლა უნდოდა, მაგრამ იცოდა, რომ უნდა წასულიყო და ბედს ეგუებოდა.
დილით თავის ოთახში თაროზე კოლოფი შენიშნა. თავი ახადა და ლამაზთვლიანი ზურმუხტის ბეჭედი დაინახა. შეცბუნებულმა კოლოფი მაშინვე დახურა, ჩანთაში ჩაიდო და ოთახი დატოვა.
უკვე ყველანი შეკრებილიყვნენ სასაუზმოდ. ფერიც შევიდა და ყველას მიესალმა. ქალბატონ ფერნანდასკენ წავიდა, საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა, თან აღნიშნა, რომ ძალიან ლამაზი იყო და მოეწონა. ქალმაც გაუღიმა და სთხოვა, თითზე მოერგო. ფერიც ოთახში ავიდა, ჩანთიდან ბეჭედი ამოიღო, თითზე გაიკეთა და უკან დაბრუნდა.
_ ძალიან ლამაზია... _ აღნიშნა ფერნანდამ.
_ დიახ, ასეა, ულამაზესი ბეჭედია.
_ თქვენს თითებს უხდება, რომელიც ძალიან თბილი გაქვთ. _ თქვა ქალმა და გოგონას ხელი შეახო.
ფერის გაეცინა და ქალს შეხედა:
_ თქვენც თბილი ხელი გქონიათ, _ თქვა და თავის ადგილას დაჯდა.
ყველა მხიარულად საუზმობდა, მხოლოდ ფერის დაეხარა თავი და ფიქრობდა, ახალი სახლი მოეწონებოდა თუ არა, ან როგორი იქნებოდა. ან ისევ როდის ნახავდა თავისიანებს.
საუზმის შემდეგ დაემშვიდობა თავისი ოჯახის წევრებს მოჩვენებითი მხიარულებით და გზას გაუდგა იმ სასახლისკენ, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა. აბა საიდან უნდა სცოდნოდა, რომ თავის ძველ სახლში მიდიოდა, თავის ბავშვობის სასახლეში, რომ ისევ ელოდა შეხვედრა საკუთარი ბავშვობის სამყაროსთან. ეს იყო დღე, რომელიც მის მომავალ ცხოვრებას ცვლიდა.
ფერი კაცის გვერდით მარტო იჯდა მანქანაში. ხმას არ იღებდა, მხოლოდ გზას მიშტერებოდა.
ელიანი მისი სილამაზით იხიბლებოდა. ჯერ კიდევ ინახავდა ქალის ნახატს და იხსენებდა წყალში ნანახ მის ლანდს. ფერი კი მისი განადგურების გეგმებს აწყობდა გულში და თავის სასახლეზე ფიქრობდა.
_ ფერი! _ მოესმა მკაცრი ხმა, მაგრამ არც გაუხედია. _ ფერი! _ დაუძახა ისევ კაცმა, მაგრამ არც ახლა გასცა პასუხი. _ შენ გელაპარაკები და შემომხედე!
_ რა საჭიროა შემოხედვა და მხეცის დანახვა! პირდაპირ თქვით სათქმელი!
_ მე სხვა ქალიც მყავს სახლში! და მას კარგად მოექეცი! მინდა ყველას კარგად მოექცე და არა ასე მტრულად!
_ კარგი! _ მორჩილად წარმოთქვა ფერიმ და ელიანი მიხვდა, რომ საერთოდ არ აინტერესებდა ქალს არც ის და არც მისი სხვა ქალები. ისევ შეხედა ცოლს, მისი ჩაცმულობა შეათვალიერა. ფერის მუქი შინდისფერი კაბა ეცვა ოქროსფერი ძაფებით გაწყობილი, ხელები ნაზად დაედო კალთაში, თითზე მხოლოდ დედამთილის ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა და მისი მწვანე თვალები სამყაროს უცქერდნენ. უცებ შენიშნა გოგონას ნათელი მზერა ყვავილების დანახვისას. ამან მისი ძმის სიტყვები გაახსენა და მანქანა შეაჩერა.
_ შეგიძლია გადახვიდე და გაისეირნო... _ თქვა და მანქანიდან თვითონაც გადავიდა. ფერი ყვავილებისკენ გაშრიალდა და დაიხარა. მათი სურნელი შეიგრძნო და სულ გადაავიწყდა სამყარო თავისი უცნაური ბედისწერით, მერე ერთ ყვავილს ხელიც შეახო და მოეფერა. ბოლოს ადგა, მთელ მინდორში მიმოპნეულ ყვავილებს გადახედა და გაიღიმა. თავისი ვარდისფერი გლიცენიის ხე გაახსენდა და იგრძნო მისი მონატრებაც და ცრემლი, რომელიც თვალზე მოადგა, უცბად მოიწმინდა და ისევ ყვავილებს შეავლო მზერა. კაცს ეღიმებოდა, როცა უყურებდა, როგორ ეფერებოდა ქალი ყვავილებს. ახლაღა გაიაზრა, რომ ფერი უკვე მისი ცოლი იყო და მოსწონდა, მაგრამ მასთან ახლოს ვერ მიდიოდა. პირველად იგრძნო, რომ ქალს ვერ უახლოვდებოდა და გული ეწურებოდა, ასე შორიდან რომ გასცქეროდა...
ფერი მოტრიალდა, გვერდით მდუმარედ ჩაუარა ქმარს და მანქანაში თავისი ადგილი დაიკავა. კაციც დაჯდა, მანქანა დაძრა და ქალს მიუბრუნდა:
_ ამდენი ყვავილია, არ გინდა ერთი მაინც მოწყვიტო?!
_ არა!
_ რატომ?!
_ ისინი ახლა სიცოცხლეს და თავისუფლებას გრძნობენ. დაე იყვნენ ცოცხლებიც და თავისუფლებიც თავიანთ სამყაროში! თავიანთ ლამაზ მინდორში!
_ შენც თავისუფალი ხარ!
_ ცდებით! მე ხომ მუქარით დამისაკუთრეთ!
_ ფერი! ჩემი საკუთრება ჯერ მხოლოდ კლარაა!
_ დაე, ასე იყოს მუდამ! _ გაეცინა ფერის და კაცს გაბრაზებულმა შეხედა.
მანქანა გაჩერდა.
_ მოვედით! _ თქვა კაცმა და გადავიდა.
როცა ფერიმ გარეთ გაიხედა, გაოგნდა.
_ ესსს?! _ წარმოთქვეს მისმა ბაგეებმა.
_ ესაა სასახლე, სადაც ჩემთან ერთად უნდა იცხოვრო! _ მოესმა ზარივით მჟღერი ხმა, რომელიც გულში ძლიერად ურტყამდა. ქალმა უფრო მეტი სიძულვილი იგრძნო მის მიმართ!
_ თურმე ბედისწერას ნდომებია ვიცხოვრო ჩემს სასახლეში მტერთან ერთად! შურის საძიებლად ეს ბედისწერა ხომ შესანიშნავია! _ ჩაილაპარაკა და სასახლისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. კარის გარდიგარდმო მდგარ ფარშავანგის ქანდაკებებს თვალი მოავლო და ზემოთ აიხედა:
`ელფერის სასახლე! ჩემი სასახლე ისევ ჩემი საკუთრება იქნება! ის კი ჩემი ერთადერთი მონა! მაგრამ მე ჯერ ტყვე ვარ!~ _ გაიფიქრა. მოულოდნელად ქვის ნათქვამი გაახსენდა და გააკანკალა: `შენ დაბრუნდები 20 წლის მერე საკუთარ სასახლეში როგორც ტყვე!~ მიხვდა, რომ წინასწარმეტყველება აუხდა და შეშინების ნცვლად გაუხარდა ბედის ასე შეტრიალება. ფრთხილად შედგა ფეხი თავის 20 წლის წინანდელ სასახლეში, თითქოს ისევ პატარა, 5 წლის ყოფილიყოს, მთელ სხეულში სიხარულისა და ბედნიერების ჟრუანტელმა დაუარა. მთელი მონდომებით ჩაისუნთქა ჰაერი ღრმად და ამოისუნთქა, იგრძნო მონატრების და სურნელი და კარის პირდაპირ კიბეებთან მდგომ ლამაზყვავილებიან ლარნაკებს შეხედა, რომლის შუაში მამამისის საყვარელი კაბინეტის კარი ისევ ისე შემოსცქეროდა. სახეზე ბედნიერების ღიმილი მოეფინა.
_ ყველა ოთახი დაათვალიერე და ამოირჩიე! _ შესთავაზა ელიანმა და წინ წაუძღვა. ფერი ნელა მიდიოდა დერფანში, თან ფიქრობდა, იმედია არ იციან ჩემი საიდუმლო გვირაბებისა და ნივთების შესახებო... ამასობაში თავისი ოთახის წინ შედგა და მკაცრად თქვა: _ ეს ოთახი მინდა!
_ გამოდის პირდაპირ ჩემს ლოგინში გსურთ მოხვედრა!
_ რააა, რას ამბობთ?!
_ ეს ჩემი ოთახია!
_ პირობის თანახმად ახლა მხოლოდ ჩემია! _ მიუგო გაბრაზებულმა და თავისი ჩანთა ოთახში დადო.
_ და გგონიათ აქედან გამაგდებთ?!
_ თქვენ პირობას ვერ დაარღვევთ!
_ თუ მომინდა დავარღვევ!
_ მაშინ სიტყვის კაცი არ ყოფილხართ! ასეთ კაცს კი ჩემთვის არაფრის ფასი არ აქვს!
_ არც თქვენ გაქვთ აქ რაიმე ფასი! ახლა კი დაიძინეთ ამ ოთახში! თუ მშვიდად შეძლებთ ძილს! _ დაუბღვირა ელიანმა ქალს და ოთახი დატოვა.
ფერიმ თვალი მოავლო იქაურობას და ატირდა: ჩემი უკვე 25 წლის ოთახი, სადაც მხოლოდ 5 წელიწადი დავყავი ბედნიერად! ლოგინს ხელი შეახო და აივნისკენ წავიდა. ღრმად შეისუნთქა 20 წლის წინანდელი ჰაერი და ბედნიერს გაეღიმა, ხელები გაშალა და თვალები დახუჭა. დაღლილი გაიზმორა და გარემოს მოავლო თვალი. ისევ ყვაოდნენ ყვავილები და ხეები თავის სამფლობელოში. გაუხარდა და ოთახში შევარდა, ბედნიერი დატრიალდა და ჩაეღიმა. ხელი შეავლო ავეჯს, ნაზად და მგრძნობიარედ ეხებოდა და ცდილობდა, მათი ამდენი ხნის სიცოცხლე და სუნთქვა შეეგრძნო. ეს სიხარულს ანიჭებდა.
გარდერობი გამოაღო, მაგრამ როგორც კი დაინახა სხვისი ნივთები, მაშინვე მოსამსახურეს დაუძახა, თავისთან დაიბარა და უბრძანა ნივთების გარდერობიდან და ყველა უჯრიდან გამოღება და გატანა. ქალმა ჯერ შეიცხადა, მერე კი შეშინებულმა გადმოიღო ელიანის ტანსაცმელი და ყველა ნივთი, რათა ოთახიდან გაეტანა.
ფერიმ ჩემოდნები გახსნა და ამოალაგა თუ არა ავისი სამოსი, გარდერობში შეაწყო თანამიმდევრობით: გრძელი კაბები, მოკლე კაბები, შლაპები და თბილი მოსასხამები. ფეხსაცმელებიც დააწყო თავის ადგილას და გამარჯვების ნიშნად გარდერობის კარი მხიარულად მიხურა. რამდენიმე უჯრაში თავისი შარფები, თმის სამაგრები, სავარცხლები და სამკაულები ჩააწყო. ბეჭედი თითზე ეკეთა, რადგან დედამ უთხრა წამოსვლის დღეს, მუდამ კეთებოდა და არ მოეხსნა. ფერიმ უსმინა, უსმინა, გაუღიმა და აკოცა, თან ამშვიდებდა, რომ არ ენერვიულა.
დედის ნაჩუქარი თმის სამაგრი მოიხსნა და ახალი კაბა გადმოიღო. მერე თავის დალაგებულ ოთახს გაუღიმა და სააბაზანოში გაუჩინარდა.
ქაფი ჩაასხა აბაზანაში, ტანთ გაიძრო და თეთრ სითხეში ისე გაუჩინარდა, რომ მხოლოდ თავი მოუჩანდა. მშვიდად ჩაისუნთა, ამოისუნთქა და ხელები ყელზე მოისვა. დაიმშვიდა თუ არა სხეული, აბაზანიდან ამოვიდა და სქელი ქსოვილი შემოიხვია ტანზე. რამდენიმე წუთში გამოვიდა და თმის სამაგრს დასწვდა, გაიკეთა და ბეჭედი აიღო. კიდევ ერთხელ შეათვალიერა იგი და ღიმილით წარმოთქვა: _ დროა შენი განადგურება დავიწყოთ! _ მერე ახალი კაბა ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.
ელიანი სასახლეში დაბრუნდა თუ არა, კლარას მიაშურა. ქალი დაამშვიდა, მოეფერა, უთხრა, რომ ისევ ის იყო მისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი და მას ვერავინ შეცვლიდა. როცა ქალის საძინებლიდან გამოვიდა, თავისი ოთახისკენ გაუწია გულმა. სახეანთებულმა ფერიმ დაინახა თუ არა ელიანი, მაშინვე სიმკაცრე აღიბეჭდა სახეზე და კაცის წინ გაჩერდა.
_ სასახლე უკვე ნახე, ახლა ეზოში გავიდეთ! _ თქვა კაცმა და მიტრიალდა.
_ შევჭამ და მერე!
_ ამდენ ხანს რას აკეთებდი, არ გიჭამია?!
_ ვბანაობდი! _ თქვა და სამზარეულოსკენ ნაბიჯი გადადგა, მაგრამ უცებ შეჩერდა, _ სადაა სამზარეულო? _ იკითხა და თავის ტყუილზე გაეღიმა.
კაცმა კარისკენ მიუთითა. ფერი დინჯად შევიდა და მოსამსახურეს მიესალმა, მერე კი მშვიდად დაჯდა მაგიდასთან. მოსამსახურემ მაშინვე საჭმელი გადმოუღო და ფერიც ჭამას შეუდგა. ელიანიც იქვე ჩამოჯდა და ელოდებოდა, ქალი ჭამას როდის მორჩებოდა.
როცა ფერი დანაყრდა, მოსამსახურეს მადლობა გადაუხადა, თავისი თეფში კი ნიჟარაში ჩადო. მოსამსახურეს გაუკვირდა ახალი დიასახლისის მადლობა, რაც სახეზე შეეტყო. ფერი ელიანთან ერთად კარისკენ გაემართა.
_ ეზოში რა მინდა?!
_ ნახავ! _ უთხრა კაცმა მკაცრად და ფერი უკან ეზოში გაიყვანა. კარგა მანძილი უხმოდ გაიარეს და დიდ შენობაში შევიდნენ. ქალმა დაინახა თუ არა თავისი ფინი და ალექსანდრიტი, მაშინვე მათკენ გაიქცა გახარებული და ორივეს მოეფერა. რამდენიმეჯერ გარს შემოუარა სპილოებს, თან იძახდა:
_ ჩემი ალექსანდრიტიიიი... ალექსანდრიტიიი...
_ მადლობა მაინც გადაგეხადათ!
ფერი კაცისკენ მიტრიალდა და სიძულვილით წარმოთქვა სიტყვები: არასდროს! ამ დროს მეორე დიდი სპილოც დაინახა და მას მიაშურა. კანკალით შეახო ხელი და იცნო თავისი ბავშვობის სპილო. მაშინვე წარმოუდგა თვალწინ ბავშვობის სცენები. როგორ იდგა პატარა გოგონა მამასთან ერთად სპილოსთან და როგორ ეფერებოდა. თავიდან როგორ ეშინოდა ამხელა არსების და მამამ როგორ შეაყვარა, მასზე როგორ იჯდა და როგორ დაატარებდა სასახლის გარშემო, მამა სულ თან დაჰყვებოდა, მარტო არასდროს არ უშვებდა. უცბად ხელი მოაშორა სპილოს და შენობიდან გამოვარდა. ჰაერი შეისუნთქა და წინა ეზოსკენ გაემართა.
_ ფერი! _ მოესმა კაცის ხმა, _ სახლში შედი და დაისვენე! _ გამოსძახა ელიანმა და ეზოდან გავიდა.
როგორც კი კაცი თვალს მიეფარა, თვითონ წყალთან მივიდა, იქვე დაჯდა, სადაც ქვა ჩაუვარდა და გაახსენდა 20 წლის წინ მოსმენილი სიტყვები. იმ ქვას დაუწყო ძებნა. მერე წყალში ჩაყო ხელი, შეიგრძნო ცივი წყალი, ხელები შიგ აატყაპუნა და გაიღიმა. ისევ ქვას დაუწყო ძებნა და რომ ვეღარ იპოვა, ჩაფიქრებული დააშტერდა თევზებს. უკვირდა, ისევ აქ რომ იყვნენ და ისევ ისეთები, როგორიც დატოვა. მისი ღიმილი კაცმაც შენიშნა, როცა უკან მობრუნდა და ჩუმად დაუწყო თვალთვალი. ქალი ოთახში დაბრუნდა. კაციც შეუმჩნევლად მიჰყვა. ფერი ლოგინზე წამოწვა თვალებდახუჭული. კაცი ოთახში შევიდა. ქალი კარის ხმაზე უცბად მოტრიალდა და კაცს შეხედა:
_ შეგაშინე?!
_ არა!
_ აბა რატომ მოტრიალდი? ოთახში ჩემ გარდა ვერავინ შემოვა ასე თავისუფლად!
_ როდის მოხვალ და წახვალ, უნდა ვიცოდე!
_ ეს ჩემი გადასაწყვეტია!
_ უკვე აღარ! ეს ჩემია! მხოლოდ ჩემი! არ მინდა ყოველდღე აქ შემოდიოდე!
_ შენ არ გაქვს რამის არჩევის უფლება!
_ რატომ?!
_ ჩემთან როცა იქნები, მერე გადავწყვეტ, რისი უფლება გაქვს!
_ ამ ოთახს ნუ გადმოაბიჯებ! _ მიმართა მკაცრად და გაბრაზებულმა შეხედა.
_ ფერი! _ ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად მიმართა, რომ არავის გაეგონა, ხელი მოჰკიდა და ლოგინზე დააგდო. ფერიმ გულის ძგერა იგრძნო. თვალები დახუჭა და ეცადა უცნაურად მფეთქავი გული გაეჩერებინა.
_ მე როცა მინდა მაშინ შემოვალ და გავალ! ეს კარგად დაიმახსოვრე! ნუ მეწინააღმდეგები! სამაგიეროდ ჯერჯერობით ხელს არ გახლებ! _ თქვა და მის ლოგინს მოშორდა. მოშორდა თუ არა, ქალი მაშინვე აივნისკენ გაემართა. კაცი დივანზე ჩამოჯდა, ქალს გააყოლა თვალი, რომელიც აივანზე გავიდა და მოაჯირთან გაჩერდა. უყურებდა გრძელ კაბაში გამოწყობილ ქალს, რომელსაც ტკბილი სურნელი ასდიოდა და თან სიცივეს აფრქვევდა. ქალმა გული დაიმშვიდა, ნელი მოძრაობით ოთახისკენ წამოვიდა. კარადის უჯრა გამოსწია, ბეჭედი შიგ ჩადო თავის თმისამაგრთან ერთად და უჯრა ხმაურით მიხურა.
კაცმა ახლაღა შეამჩნია, რომ მისი ნივთები არსად ჩანდა და გარდერობი გამოაღო.
_ ჩემს გარდერობს ნუ შეეხებით! _ მოესმა უცბად და ქალისკენ მიტრიალდა.
_ სად წაიღე ჩემი ნივთები?
_ გაიტანეს!
_ ვისი მითითებით?!
_ ჩემი! ეს ხომ მხოლოდ ჩემი ოთახია!
_ ნუ მიშლი ნერვებს! ახლავე უთხარი დააბრუნონ ჩემი ნივთები! იცოდე...
_ შენი არ მეშინია!
ქალს ისევ წაატანა ხელი წაავლო და ლოგინზე წააწვინა, თვითონ კი ზემოდან დააცქერდა:
_ ახლავე უბრძანე ჩემი ნივთების მოტანა და დაალაგე ისევ თავის ადგილზე!
ფერიმ თვალები დახუჭა და გაიტრუნა.
კაცმა რამდენიმეჯერ დაუძახა, მაგრამ ფერიმ ხმა რომ არ გასცა, გაბრაზებული ადგა და კარი გაიჯახუნა.
ელფერს გარედან ელიანის დედის ხმა შემოესმა:
_ რა იყო შვილო?! ეს ისეთი არაა, მშვიდად რომ დაგემორჩილოს! და ეს მომწონს!
_ დედა... შენ მის მხარეს ხარ?!
_ მგონი ორივეს მხარეს... მკაცრად ნუ ექცევი!
_ ჩემი ნივთები გამოატანინა მოსამსახურეებს და ის ოთახი თვითონ დაისაკუთრა!
_ არა უშავს! შენ ხომ კლარაზე გიჟდები, ხოდა მასთან წადი! ეს გოგო კი დაასვენე და ნუ შეჭამ, მინდა აქ მშვიდად იცხოვროს!
_ დედა, ვუთხარი დააბრუნოს ჩემი ტანსაცმელები და ნივთები ოთახში!
_ შენ პირობა დადე და შეასრულე! ის ოთახი ახლა მხოლოდ მისი საკუთრებაა!
_ აქ ყველაფერი ჩემი საკუთრებაა! _ იყვირა კაცმა და ფერი ნაბიჯების ხმით მიხვდა, რომ წავიდა.
ფერიმ გაიღიმა, ლოგინს ჩაეხუტა და ჩათვლიმა. ცოტა ხანში გამოეღვიძა, ადგა და აივანზე გავიდა. მთვარით განათებულ გარემოს შეხედა, ჩაისუნთქა გრილი სიო, თვალები დახუჭა და თავი გაარხია:
_ აქ ვარ აქ ჩემს სასახლეში! _ ჩაიჩურჩულა და მოაჯირს ორივე ხელი ჩასჭიდა. თვალებდახუჭული ისევ შეიგრძნობდა სიოს, რომელიც ჩამოშლილ თმას უფრიალებდა. კაცი ქვემოდან შესცქეროდა მთვარით განათებულ სხეულს, მერე უკან მობრუნდა და კვლავ ფერის ოთახში შევიდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent