შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თორემ არასოდეს გამაგონებს


27-07-2022, 22:12
ავტორი ბეთ ავენ
ნანახია 702

როდესაც გავჩნდი და ექიმებმა დამხედეს, სანიტარი ჩემს ბაბუასთან გაგზავნეს - ექიმმა დამაბარა - ვურჩევ არ წაიყვანონო, თქვენც დაიტანჯებით და ბავშვიცო. ბაბუამ - ჩვილი მანახეთო - და ხელში რომ აუყვანივარ იმწამსვე სახლისკენ წამომიყვანა. არ ვიცი გარეგნულად როგორი ვარ. არაფერი მაწუხებს, არაფერი მტკივა, ვერაფერს ვერ ვხედავ, ვერ ვმოძრაობ, ორივე ხელი იმავე მდგომარეობაში მაქვს როგორც დაბადებისას - მაჯებში და იდაყვებში მოხრილი და სხეულზე მიკრული, ფეხები გაშეშებული. საიდან ვიცი და მნახველებისგან გამიგონია, კი, კი, ყოველივე მესმის! ასე რომ ამის დარდი ნუ გექნებად. ოღონდ ის არის ეს არავინ, არავინ იცის ჩემსა და სიფეს გარდა. სიფე პატარაა და ფრთებიანია. მხოლოდ სიფეს ვხედავ. ხშირად მოფრინდება და მესაუბრება. უამრავ რამეს მიყვება, უფრო მეტად თავისი ქვეყნის შესახებ. მითხრა - ოდესმე აუცილებლად წაგივყანო. როგორც სჩანს სიფეს მხოლოდ მე ვხედავ, რადგან იგი არასოდეს არავის უხსენებია და მისი ფრთების ზუზუნი მხოლოდ მე მესმის. ისე კი, ყველაზე ხშირად იცით რა მესმის? ... როდესაც მე და დედა მარტონი ვრჩებით ცოტა ხანში დედა თითქოს ერთსა იმავე წაგრძელებულ ბგერებს გამოსცემს, არც ,,ი,, არის არც ,,ო,, არც ,,უ,, თითქოს ყველა ეს ბგერა ერთად არის თავმოყრილი. არ ვიცი რამდენი ხანი გრძელდება ასე. როგორც სიფე მეუბნება - ამ დროს დედა ტირის. მაგრამ მე არ ვიცი რა არის ტირილი. სიფე კი მიხსნიდა, მაგრამ ვერ გავიგე. სტკივაო - ასე მითხრა. ტკივილი რა არის მეთქი? ტკივილი შენ ხარო - მე ლელი ვარ მეთქი. მახსოვს მაშინ სიფემ რაღაცნარიად შემომხედა, გამიღიმა და - ჰო, ლელი ხარო. ერთი ხმა არის განსხვავებული, მაგრამ იშვიათად მესმის. ის ადამიანი ცოტას ლაპარაკობს და დილიდან საღამომდე სახლში არ არის. სახლიდან გასვლის წინ ჩემი ოთახის კარი გაიჭრაჭუნებს და ნაბიჯების ხმა მიხალოვდება. ახლოს, უფრო ახლოს მერე ცოტა ხანი სიჩუმეა, მერე სუნთქვა, ახლოს, უფრო ახლოს, სახესთან, მერე - შემოგევლე, ლელი - და - ოოჰ-ო, მერე ნაბიჯების ხმა მტოვებს. ეს ადამინი ჩემი ბაბუა არის. ბაბუასთან სტუმრები ხშირად არ მოდიან მაგრამ, როდესაც მოდიან ცოტა ხანში ისეთ ხმებს ამოუშვბენ, რაღაც მემართება. ვერ გეტყვით რა. სულ ველოდები როდის მოვლენ და როდის გავიგონებ იმ ხმებს. სიფე ამ ხმებს სიმღერას ეძახის. ჩემს ოთახში ბებია რომ შემოვა დედას ერთსა და იმავეს ახსენებს - ხომ გეუბნებოდი ნუ იზამ მაგას, ხომ გეუბნებოდი ჯერ პატარა ხარ, ხომ გეუბნებოდიო. დედა არაფერს პასუხობს. ბებო რომ კარს გაიხურავს ცოტა ხანში ისევ იმ ბგერებს ამოუშვებს ხოლმე. თუ ამ დროს სიფე ჩემთან არის ის დედაჩემს უცქერს რომელსაც მე ვერ ვხედავ. ერთხელ ვკითხე სიფეს როგორია დედაჩემი მეთქი - იმ სიმღერას ჰგავს შენ რომ გიყვარსო. თურმე რაც იმ სიმღერის დროს მემართება ბებიაც მყვარებია. დღეს სიფემ მითხრა ის მომღერალი ადამიანები მალე მოვლენო, იმიტომ რომ შენი დაბადების დღე ახლოვდებაო, თოთხმეტი წლის ხდებიო. კიდევ მითხრა - თხუთმეტის როდესაც გახდები ჩემთან წაგიყვანო, იქ სიარული, სირბილი და ფრენაც შეგეძლებაო, იქ ძალიან კარგი არისო. მომეწონა ეგ ამბები და ვთხოვე - ახლა წამიყვანე მეთქი, - არაო - ყველაფერს თავისი დრო აქვსო. სიმართლე რომ ვთქვა მე არ ვიცი რა არის დრო. მე ის ვიცი რომ მალე იმ სიმღერას მოვისმენ სიყვარული რომ არის. მერე როდესაც მომღერლები წავლენ ჩემთან ბაბუა ამოვა და - შემოგევლე ლელიო, მერე მე დედა და ზოგჯერ სიფე, დავრჩებით და დედა იმ გადაბმულ ბგერებს ამოუშვებს მე რომ არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა როგორ გავაგებინო? თითონ არ იცის რომ ყველაფერი მესმის, თორემ ვიცი - არასოდეს, არასოდეს გამაგონებს! როდის გავხვდები თხუთმეტი წლის? სიფე, სიფე, როგორ მაინტერესებს რა ხდება იქ, შენთან.
დედაც აღარ იტირებს.

მერაბ ჩხაიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent