შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყალბი თავისუფლება ( 3 )


10-08-2022, 20:59
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 155

გული საშინლად ტკიოდა იმის გამო რომ ეშინოდა ზღურბლისთვის გადაებიჯებინა, იმის გამოც რომ კარის გაღებისას ნაცნობი სუფთა, თბილი, ტკბილი და დედას საყვარელი ვანილიანი და ვაშლის ჯემიანი ფუნთუშების სურნელის ნაცვლად ბინიდან მძიმე, სასმლის და მხოლოდ ჯანოსთვის დამახასიათებელი უცნაური სიმყრალით გაჯერებული სურნელი გამოიჭრა, ცხვირი უსიამოვნოდ შეჭმუხნა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია...
- ოჰ, მობრძანდი ქალბატონო? სად ეგდე მთელი ღამე? -გაცოფებული ჯანო სასმლისგან და ბრაზისგან ჩაწითლებული თვალებით შესცქეროდა და ცალი ხელით გაბანჯგვლულ მკერდს იქექავდა რომელიც ნახევრად ჩახსნილი დაჭმუჭნული ნაცრისფერი პერანგიდან მოუჩანდა.
- ალექსანდრას ნივთების წასაღებად მოვედით, -ქეითს წარბიც კი არ შეუხრია ის კი არადა გაუღიმა კიდეც.
- შენ ვინღა ჯანდაბა ხარ? -მუშტრის თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა, ვიწრო ჯინსის შარვალსა და ტანზე მომდგარ მაისურში გამოწყობილი გოგო, იმდენად დაატყვევა მისმა გარეგნობამ რომ სიტყვებისთვის ‘’ნივთების წასაღებად მოვედითო’’ ყურადღება აღარ მიუქცევია.
- ალექსანდრას მეგობარი ვარ, შეიძლება შემოვიდეთ? -მორცხვი გოგოსავით ჩაილაპარაკა ქეითმა და წამწამები აახამხამა, ჯანომ იმწამსვე გადააფასა სიტუაცია და დაასკვნა რომ ახლა ალექსანდრას თმით თრევა და ცემა არც თუ ისე სახარბიელო საქციელი იქნებოდა მითუმეტეს რომ ახალი საკბილო, თანაც როგორი, საკუთარი ფეხით მოადგა სახლში...
- შემოდით, -საზიზღრად გაიღიმა და გვერდზე გადგა.
სხვა რეაქციას ელოდა ალექსანდრა, ეგონა რომ ჯანო უყვირებდა, გალანძღავდა მერე ძალით შეათრევდა სახლში ალბათ ცემდა კიდეც, მაგრამ ასე არ მოხდა, გაოცებულმა შეხედა ქეითს მან კი ღიმილით ანიშნა შედიო, დაძაბულმა შეაბიჯა დერეფანში და როცა მათ ზურგს უკან ხმაურით მიიხურა კარი შიშისგან სუნთქვა ისე შეეკრა ლამის გაიგუდა, ქეითმა გამამხნევებლად მოუჭირა მხარზე ხელი.
- საყვარელო შედი შენს ოთახში და ნივთები ჩაალაგე, არ იჩქარო, სანამ შენ მაგ ყველაფერს მორჩები მანამდე მე და შენი სიმპათიური მეურვე ყავას დავლევთ და ვისაუბრებთ, -თვალი ჩაუკრა და ოდნავ უბიძგა, ჰმ, სიმპათიური? ღიპიან და თმაგაქონილ ჯანოს შეავლო თვალი რომელიც ქეითს დაუფარავი ავხორცული სურვილით უყურებდა და სადაც იყო ნერწყვი ნიკაპზე ჩამოეღვრებოდა, გულისრევის შეგრძნებას ვერაფერი მოუხერხა ქეითის მასთან მარტო დატოვებისაც ეშინოდა მაგრამ ქეითი ისეთი თავდაჯერებული ჩანდა... აღარაფერი უთქვამს, მისაღებიდან გამოვიდა და საძინებლისკენ წავიდა...
ერთი ზურგჩანთა და ერთი საკმაოდ მოზრდილი სპორტული ჩანთა გაავსო ტანსაცმლით პირადი ჰიგიენის ნივთებით და წიგნებით, მერე მშობლების ოთახში შევიდა, სეიფი გამოაღო ძვირფასეულობით სავსე ზარდახშა და ოციათას დოლარამდე ნაღდი ფული გამოიღო, ჩუმად გაიტანა თავის საძინებელში და ზურგჩანთაში ჩატენა, კიდევ კარგი მაშინ ამ ყველაფრის გადამალვა მოახერხა თორემ ჯანო ყველაფერს ორ დღეში გაანიავებდა, როცა მიხვდა რომ უკვე ყველაფერი ჩაალაგა და წასასვლელად მზად იყო მაშინღა გაახსენდა ჯანო და ქეითი, ძლივს გაათრია მისაღებში სავსე ჩანთები და გაოცებისგან პირდაღებული შედგა...
ფეხი ფეხზე გადადებული მომღიმარი ქეითი სავარძელში იყო გადაწოლილი და ყავას მიირთმევდა, მის წინ მდგარი დივნის კუთხეში ჯანო იყო საცოდავად მობუზული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ამხელა კაცი ხმელი ფოთოლივით თრთოდა, ალექსანდრა დაინახა თუ არა ფეხზე წამოხტა, მასთან მიიჭრა მის წინ მუხლებზე დაეცა და ფეხებზე მოეხვია.
- ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი, არ მინდოდა, შევცდი მთვრალი ვიყავი, შენთვის არაფრის დაშავება არ მიფიქრია, ეს შეშლილი აქედან მომაშორე და გეფიცები თვალით ვეღარ მნახავ ვერასდროს.
შეშინებული ლუღლუღებდა სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს, ამღვრეული თვალებით ნაცემი ცხოველივით უყურებდა ქვემოდან და ფეხებზე ხელს არ უშვებდა, ურთიერთ საწინააღმდეგო გრძნობებმა მოიცვა ალექსანდრა, შიში, ზიზღი, გაურკვევლობა, თვალები ცრემლებით აევსო და ტუჩები დაებრიცა, ქეითისკენ გახედვასაც ვერ ბედავდა, რა უნდა გაეკეთებინა ჯანოსთვის ამ გოგოს ისეთი რომ კაცი ასეთ დღეში ჩაეგდო, ნუთუ შეცდა, ნუთუ მისიც უნდა შინებოდა და მასაც უნდა მორიდებოდა?
- ახლავე გაუშვი შენი ბინძური ხელები, -ქეითის ხმა მოესმა და მაშინვე გაუშვა ჯანომ ხელი, უკან გახოხდა და დივანს ზურგით მიეყრდნო.
- წავედით ალე, -ქეითმა ხელი დასტაცა მის ჩანთებს და კარისკენ წავიდა, კიდევ ერთხელ შეხედა ჯანოს ალექსანდრამ და მაშინვე მიხვდა რომ არჩევანის საშუალება არ ჰქონდა, ერთი ღრმად ამოისუნთქა შებრუნდა და ქეითს აედევნა.

-
აწმყო
-
- ნამდვილი საოცრებაა არა? -ნატა ფინჯნებში ანაწილებდა ყავას და სამზარეულოს ფანჯრიდან გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდა იქვე ბაღში ბომბორასთან მოთამაშე ალექსანდრას და საბას, ბალახზე ისხდნენ ბომბორა მათ შუა იწვა გულაღმა, ოთხივე თათი მაღლა ჰქონდა აშვერილი მუცელზე ეფერებოდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, ფეხშიშველ ალექსანდრას ცისფერი სარაფანი ეცვა, თმა გაშლილი ჰქონდა და წელამდე სწვდებოდა, მუხლამდე შორტში და უბრალო თეთრ მაისურში გამოწყობილი საბა თვალს ვერ სწყვეტდა უცნაურად გახალისებულ გოგონას...
- ჰოო არ ვიცი ვინ არის მაგრამ აშკარად სასწაულებს ახდენს, -რატიმ წელზე ხელები მოხვია საყვარელ მეუღლეს და სახე მის თმებში ჩარგო, -წარმოგიდგენია? ძველი საბა დაგვიბრუნა, ამ ათ დღეში ის მოახერხა რაც ჩვენ წლების განმავლობაში ვერ მოვახერხეთ.
- შენი აზრით ცუდი მეგობრები ვართ რომ ხელი გვქონდა ჩაქნეული? -ნატა მისკენ შებრუნდა და აციმციმებულ თვალებში ჩახედა.
- ხელის ჩაქნევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ ამ ბოლო დროს მისთვის ვეღარ ვიცლიდით, ჯერ ქორწილი, მერე ჩვენი პატარა...
- ჩვენს ქორწილში არ ყოფილა რატი, არც კი დაურეკავს, ერთი კვირის შემდეგ მოგვილოცა და ფოსტით გამოგვიგზავნა საჩუქარი...
- რომელიც შენ უკან დაუბრუნე, -გაეცინა რატის და გაბუსხულ ტუჩებზე ნაზად აკოცა, -ნუ ბრაზობ მშვენივრად იცი რომ მაშინ საქართველოში არ იყო და ათასი პრობლემა ჰქონდა, ხანდახან ეცადე რომ გაუგო...
- თუ ასე ძალიან კარგად გესმის მისი მასზე რატომ ბრაზობ.
- ვბრაზობდი, უბრალოდ ამ ბოლო დროს ვფიქრობ და ვხვდები რომ შეგვეძლო მის მიმართ უფრო დამთმობები და გამგებები ვყოფილიყავით, ძალიან ბევრი რამ გადაიტანა, სხვა მის ადგილზე შეიძლებოდა გაგიჟებულიყო...
- რის თქმას ცდილობ რომ ცუდი მეგობარი ვარ? -მკლავებიდან დაუძვრა, გაბრაზებული დაეყრდნო მაგიდას და ანთებული თვალებით შეხედა.
- სულაც არა, -საოცრად მშვიდად უპასუხა და ღიმილი ვერ შეიკავა, -უბრალოდ ჩვენც და მანაც შეცდომა დავუშვით მაგრამ ახლა შეხედე როგორი კარგი შანსი მოგვეცა რომ ყველაფერი გამოვასწოროთ, ეს შანსი გამოვიყენოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
- ასე გგონია?
- მგონია კი არა დარწმუნებული ვარ, ახლა კი მოდი ჩამეხუტე და გაიღიმე ნუ მიყურებ ასე, -ხელები გაშალა და გულში მაგრად ჩაიხუტა.
- - - - - - -
- ამდენი ძალიან დიდი ხანია არ მიცინია, -თავი ბალახებზე გაწოლილი საბას მუცელზე დადო და თვალები დახუჭა, -იცი რა ვფიქრობ და ვერაფრით ვხვდები როგორ ახერხებ და ასე მირევ თავგზას?
- თაგზას გირევ? რას გულისხმობ? -გრძელ წითურ ხვეულებში შეუცურა მომღიმარმა საბამ გრძელი თითები და თამაში დაუწყო.
- იმას ვგულისხმობ რომ ზოგადად მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით მამაკაცებთან, აი შენ კი ყველასგან განსხვავდები, ჯერ მხოლოდ ათი დღეა გიცნობ და უკვე იმაზე დაგთანხმდი რომ შენთან ერთად ვიცხოვრებ, მართალია დროებით მაგრამ მაინც მიკვირს ჩემი თავისგან ასეთი რამ, რატომღაც გენდობი, ვიცი რომ არაფერს დამიშავებ და შენს გვერდით არაფრის უნდა მეშინოდეს...
- ასეც უნდა იყოს, შეგიძლია მენდო.
- ამ ყველაფერს რატომ აკეთებ? ოღონდ ახლა არ მითხრა რომ ჩემს წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობ, იცოდე მაინც არ დაგიჯერებ?
- რისი მოსმენა გინდა? -ფრთხილად წამოჯდა საბა, ალექსანდრაც წამოაჯინა, სახე ახლოს მიუტანა და თვალებში ჩახედა, ისე ახლოს იყო რომ მისი თბილი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა და აბნევდა ბოლო დღეების მოვლენების გამო ისედაც თავგზაარეულ გოგონას, მისი ასეთი სიახლოვის გამო ღელავდა, ამ ათი დღის განმავლობაში არასდროს უგრძვნია მისგან რამე ზედმეტი ან ისეთი რაც მცირეოდენ უხერხულობას მაინც შეუქმნიდა, ახლა კი მის თვალებში აშკარა ვნებას და დაუოკებელ სურვილს კითხულობდა, გამშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა და ცხვირის ნესტოები აამოძრავა როცა მისი სუნამოს სურნელი იგრძნო, თვალები დახუჭა და გაიღიმა, საბას ადგილზე ახლა სხვა რომ ყოფილიყო შეიძლებოდა შეშინებოდა და უკანმოუხედავად გაქცეულიყო, მაგრამ ახლა არანაირი სურვილი არ ჰქონდა თუნდაც ერთი სანტიმეტრით მოშორებოდა, ტუჩებზე ფრთხილი და ნაზი შეხება რომ იგრძნო არ გაკვირვებია, ხელი ასწია და ის სურვილი აისრულა რომელიც უკვე რამდენიმე დღეა აწვალებდა, თმაში თითები შეუცურა და სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, უფრო მეტად მიეკრა ბიჭს, ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და სცადა კოცნაში აყოლოდა, მის ტუჩებს რომ მოსწყდა საბა ნელ-ნელა რომ დაუყვა ქვემოთ და ყელში რომ მიაკრო მხურვალე ბაგეები, თავი ვეღარ შეიკავა და ყრუდ ამოიკვნესა...
არ დაუნახავს მაგრამ იგრძნო როგორ გაეღიმა ბიჭს, თვითონაც ღიმილმა გაუნათა სახე, ხელები წელზე მოხვია თავი მხარზე დაადო და გაყუჩდა, იცოდა რომ რასაც აკეთებდა არ იყო სწორი, იცოდა რომ ასეთი ურთიერთობა უსიამოვნების მეტს არაფერს მოუტანდა, თუმცა ახლა მის მკლავებში მოქცეული და მისი სურნელით გარემოცული, მისი სიახლოვის გარდა ვერავისზე და ვერაფერზე ახერხებდა ფიქრს, არ აინტერესებდა, რა იქნებოდა მერე და რა მოყვებოდა ამ ერთ თითქოსდა უწყინარ კოცნას...
- სადილი მზადაა შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, -ნატას ხმამ გამოაფხიზლათ ბურანიდან, სახლის შესასვლელთან იდგა და ეძახდათ, ახლაღა დაფიქრდა ალექსანდრა იმაზე რომ შეიძლება რატიმ და ნატამ ყველაფერი დაინახეს, სახეზე ალმურმოდებული მოშორდა საბას და წამოდგომა სცადა თუმცა ჭრილობამ ფეხზე მყარად დადგომის საშუალება არ მისცა.
- მოიცადე, ნუ ცდილობ ადგომას ფეხს ძალას ნუ დაატან, -საბამ ხელში აიტაცა და ასე წაიყვანა სახლისკენ.
- დამსვი მე თვითონ წამოვალ, -მის მკლავებში გაფართხალდა უმწეოდ, ღიმილით დახედა საბამ სახეაწითლებულ გოგონას.
- დამშვიდდი, ნურაფრის გრცხვენია ისეთს არაფერს ვაკეთებთ რისიც უნდა გვერიდებოდეს, ნუ ფართხალებ თორემ დამივარდები, ახლა შიგნით შეგიყვან, მერე ჭრილობებს გადაგიხვევ და მერე ერთად ვისადილებთ.
- ექიმი ხარ? -კითხა მოულოდნელად, საბა შედგა და ნელ-ნელა დაუშვა ალექსანდრა ძირს.
- არა ექიმი არ ვარ, -უპასუხა რამდენიმე წამის დაგვიანებით თუმცა გოგონას არ გამოპარვია მისი დაძაბული ყბები და სიბრაზისგან შეკრული მუშტები.
- ტყვიები შენ ამომიღე ჭრილობებიდან, ნაკერები დამადე, გადახვევებსაც ისე პროფესიონალურად მიკეთებ რომ უბრალოდ ვიფიქრე... რა გჭირს რამე არასწორად ვთქვი?
- არა შენ არაფერ შუაში ხარ, -როგორც იქნა გაიღიმა და თავი ისე გადააქნია თითქოს არასასურველი მოგონებების მოშორებას ცდილობსო, -ყურადღებას ნუ მომაქცევ, წამოდი ნატას დიდხანს ნუ ვალოდინებთ თორემ გაგვიბრაზდება და შენ ჯერ კიდევ არ იცი როგორი საშინელი გაბრაზება იცის, თავბედს გვაწყევლინებს, -სხვა არაფერი უთქვამს, კარი შეაღო, მხარზე ხელი მოხვია და სახლში შეუძღვა...
ალექსანდრას აღარაფერი უთქვამს, ან რა უნდა ეთქვა, მიუხედავად იმისა რომ უკვე უზომოდ აინტერესებდა მის შესახებ ყველაფერი ვერაფერს კითხავდა, მითუმეტეს მაშინ როცა თვითონ ამდენ რამეს მალავდა მისგან, იქნებ... იქნებ დროთა განმავლობაში...
საშინლად არ მოეწონა როცა იგრძნო როგორ აკაშკაშდა გულის სიღრმეში აქამდე საცოდავად მბჭუტავი იმედის ნაპერწკალი და როგორ გაუთბო ძარღვებში მოძრავი გაყინული სისხლი, იქნებ დრო მოვიდა რომ შიშებს ყურადღება აღარ მიაქციოს, იქნებ დრო მოვიდა რომ ეჭვები დაივიწყოს, იქნებ დრო მოვიდა რომ ცადოს, იქნებ...

-
რვა წლის წინ
-
- არ მეტყვი ჯანოს რა უთხარი? -სამზარეულოში იჯდა ალექსანდრა, ფორთოხლის წვენს სვავდა და უყურებდა როგორ აცხობდა ქეითი პიცას.
- არაფერი ისეთი უბრალოდ ვილაპარაკეთ, -გაუღიმა ქეითმა და ბლომად მოაყარა გახეხილი ყველი ცომზე.
- უბრალო ლაპარაკის გამო იყო ასეთი შეშინებული?
- ჯანო ყოველთვის ასეთი მშიშარა იყო უბრალოდ შენ ვერ ამჩნევდი, საერთოდაც ჯობია თუკი მას აღარ გაიხსენებ, ერთადერთი რაც უნდა იცოდე ის არის რომ დღეიდან აღარასოდეს შეგაწუხებს, ჩათვალე რომ შენი ცხოვრებიდან აორთქლდა, შენი ბინიდანაც გადავა, შენს სრულწლოვნებამდე იქაურობა დაკეტილი იქნება მერე კი თუ გენდომება ისევ გადახვალ იქ ან გაყიდი ან რასაც გინდა იმას იზავ.
- არ მესმის, როგორ მოახერხე? როგორ დაგთანხმდა?
- ხომ გითხარი, ამაზე ნუ იფიქრებ პატარავ...
გულითადი საუბარი სამზარეულოში შემოჭრილმა ნიკოლამ შეაწყვეტინათ, რამდენიმე სავსე პაკეტი მაგიდაზე დააწყო და მერე ჯერ ქეითს შემდეგ კი ალექსანდრას აკოცა ლოყაზე, უხერხულად ასწია მხრები ალექსანდრამ და გაწითლდა რაც ქეითს არ გამოპარვია
- ასეთ რაღაცეებს უნდა მიეჩვიო, უკვე ჩვენთან ერთად ცხოვრობ, ჩათვალე რომ ჩვენი პატარა დაიკო ხარ და თავს უხერხულად ნუ იგრძნობ კარგი? ახლა კი სუფრის გაშლაში მომეხმარე და ვივახშმოთ.
- პირველი ერთობლივი ვახშამი? -ნიკოლამ თეფშები გადმოიღო კარადიდან და ალექსანდრას მიაჩეჩა, თვითონ კი ჭიქებს და დანა-ჩანგალს დაავლო ხელი, -ესე იგი დღეს ვერთობით?
ვახშამმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, ტყუპების უშუალო საქციელმა და მის მიმართ დამოკიდებულებამ ყველა ეჭვი და უხერხულობა გაუქრო ალექსანდრას, როგორც კი ჭამას მორჩნენ და მაგიდა აალაგეს, რაკი მისი ოთახი ჯერ მზად არ იყო ქეითის ოთახში შეიტანა ჩანთები და ამოლაგება დაიწყო, ფულის შეკვრა რომ მოხვდა ხელში ერთხანს დაფიქრებული დასჩერებოდა, მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო გაღიმებული წამოდგა და მისაღებისკენ წავიდა.
- მოხვედი? მოდი ჩემს გვერდით დაჯექი, -ნიკოლამ დივანზე დაატყაპუნა ხელი და პოპკორნით სავსე თასი გაუწოდა, ფილმს ვუყუროთ რამე საბავშვო ჩავრთოთ, ქეითს საშინელი საშინელებათა ფილმები უყვარს მაგრამ შენთვის ჯერ არ შეიძლება პატარა ხარ, -ღიმილით დაუქნია თითი და თმა აუჩეჩა.
- სულაც არ ვარ პატარა, -გაბრაზებულმა მოიშორა მისი ხელი.
- გეყოფა ნიკ ნერვებს ნუ უშლი, -ქეითიც მიუჯდა გვერდზე და მაშინღა შეამჩნია ფულის საკმაოდ მოზრდილი შეკვრა რომელიც ალექსანდრას ჯერ კიდევ ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული.
- ეს რა არის ალე? ეს ფული საიდან გაქვს? -გაკვირვებული შეეკითხა და ნიკოლას ყურადღებაც მიიქცია.
- ჩემი მშობლების სეიფიდან ავიღე, ვიცოდი მამაჩემი სადაც ინახავდა თუმცა ჯანოსთვის არაფერი მითქვამს, ახლა რაკი ერთად უნდა ვიცხოვროთ ვიფიქრე რომ თქვენ მოგცემდით.
- ასე რატომ იფიქრე? -წარბები შეკრა ნიკოლამ.
- იმიტომ რომ... იმიტომ რომ თქვენ თვითონ თქვით, ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ, -შეკვრა იქვე მაგიდაზე დადო და გულწრფელად გაუღიმა ტყუპებს, ისე იღიმოდა უბრალოდ შეუძლებელი იყო საპასუხო რეაქცია არ დაგებრუნებინა, ნიკოლამაც ვერ მოითმინა...
- ჩემი ჭკვიანი გოგო, -ჩაილაპარაკა, მხრებში ხელი ჩაავლო, თავისკენ მიიზიდა და შუბლზე აკოცა.
- ორივე მიყვარხართ, -სიცილით ჩაეხუტათ ქეითი, ასე ორ თბილ სხეულს შორის მოქცეული იჯდა ალექსანდრა და ამწუთას მასზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობდა დედამიწის ზურგზე.
- მორჩა ჩახუტების თერაპია, ახლა წამოხტი ფეხზე, შეაცუნცულე ეგ ფული ოთახში და შეინახე, ასეთი რამ კი მეორედ აღარ გაგვაგონო, შენზე ყველანაირად ჩვენ ვზრუნავთ გასაგებია? მაგ ფულს კი როცა სრულწლოვანი გახდები მაშინ როგორც გენდომება ისე დახარჯავ, -ქეითმა მოჩვენებითი სიბრაზით უსაყვედურა და ლამის ძალიათ გააგდო საძინებელში.
- კარგი ბავშვია არა? -ღიმილით შეხედა ძმას და ნიკაპით მხარზე დაეყრდნო.
- ჰო ნამდვილად, -ნაძალადევად გაიღიმა ნიკოლამ და ღრმად ამოისუნთქა...
-
-
-
ვიცი რომ პატარა თავია მაგრამ ამჯერად მეტი ვერ მოვახერხე, შემდეგი უგრო ვრცელი იქნება :)



რაღაც ნიკოლას ღიმილი არ მომეწონა ბოლოს და რა ხდება? რამეს ხლართავენ ეს ტყუპები?
ვისურვებდი საბას წარსულზედაც გაგვეგო რამე :)
ველოდები შემდეგს❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
რაღაც ნიკოლას ღიმილი არ მომეწონა ბოლოს და რა ხდება? რამეს ხლართავენ ეს ტყუპები?
ვისურვებდი საბას წარსულზედაც გაგვეგო რამე :)
ველოდები შემდეგს❤️


ცოტა ნელ-ნელა მივდივარ მაგრამ ვეცდები შემდეგ თავში საბაზე ცოტა მეტი რამ მოგითხროთ blush

 


№3 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა რა განსხვავებული ნაწარმოები ჩანს საინტერესო და კარგად იკითხება ისე საინტერესოა რაში გაერია ეს გოგო რომ მოსაკლავად გაიმეტეს ველოდებით ახალ თავს მადლობა წარმატებები ❤️????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent