შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვიტაცოთ შეყვარებული 2 ( ეს არ მოვიტაცოთ)


20-08-2022, 08:35
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 2 546

დღის მიწურულს მე, მეხუთე და მეექვსე ჩემი სახლის აივანზე ვისხედით და მზის ჩასვლას ისეთი მონდომებით შევყურებდით, თითქოს აქამდე არასოდეს გვენახა. მზეც ისე ნაზად მიარწევდა თავის უკანასკნელ სხივებს ატმის ყვავილისფრად შეღებილ ცაზე, თითქოს ჰაერში გაფანტული სხვადასხვა ბგერა, პერსონალურად მისთვის იქმნებოდა სასიამოვნო მელოდიად.
ზაფხულის ამ მწველი დღეებისგან თავის დაღწევის ერთ- ერთი და ჩვენთვის მეტად აუცილებელი საშუალება იყო, არის და იქნება- ლუდი. და ახლაც სამივეს ლუდის ბაკლები ჩაგვებღუჯა და გავყურებდით უკვე მზე მიწურულ ჰორიზონტს. ლამაზი იყო ხედი ჩემი სახლიდან, წლის ყოველ სეზონზე, ხელის გულივით გადაშლილი სივრცე, მშვენიერ სანახაობას ქმნიდა და სტუმრებს უკმაყოფილოდ არ უშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები თითქმის არასოდეს მყავდნენ.
მე, მეხუთესა და მეექვსეს უკვე ის ასაკი გვქონდა, ხალხმრავლობისგან და ხმაურისგან თავი შორს უნდა დაგვეჭირა, თუმც ჩვენი ასაკის საშუალო 25.3 ია მიახლოებით. უბრალოდ მუშაობით დაღლილებს, ასე სიმშვიდეში დასვენება უფრო მეტად გვსიამოვნებდა.
-ერთი გოგო მომწონს, - ფიქრებიდან მეექვსეს მოულოდნელმა წამოძახებამ გამომაფხიზლა. რაის გოგო მოსწონს, აქამდე არაფერი უხსენებია.
-ვინ? - ჩაეკითხა მეხუთე და თითქმის დაცლილი ბაკლები შეგვივსო.
-ერთია რაა.
-ვინ?! - ახლა მე ჩავეკითხე, როცა მივხვდი, რომ გარმონივით გაწელავდა სათქმელს.
-ჩემ უბანში ცხოვრობს, პირდაპირ კორპუსში.
-მერე?- ხომ ვთქვი გარმონივით გაწელავს მეთქი.
-ვინ არის, რას წარმოადგენს, მას მოწონხარ?
-კარგი გოგოა, უნივერსიტეტში სწავლობს.
-ახლოდან იცნობ, თუ შორიდან ეტრფი?
-არა, ვიცნობ და მგონი იმასაც მოვწონვარ, უბრალოდ სცხვენია ამის აღიარების.
-და შენ ნათქვამი გაქვს, რომ მოგწონს?
-არა.
-აბა ვისთან უნდა ეღიარებინა, მამაოსთან?
-ვერ ვბედავ.
-კაი რაა, ძმაო, რას ვერ ბედავ. მიდი და უთხარი რომ მოგწონს, და მორჩება, - მობეზრებით გაიქნია ხელი მეხუთემ. მე ვდუმდი.
-ამას ის ამბობს, გოგოსთან საუბრის დროს ენის პარალიჩი რომ ეწყება?
-გოგოსთან საუბრის დროს კი არ მეწყება, ზოგადად ეგრე ვლაპალაკობ მთელი ცხოვლებაა, - და ბოლო სიტყვების თქმის დროს წაუჩლიფინა, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის.
-კი, კი, როგორ არა. ნაინ'ი, იცი მე მინდა გითხლა... გითხრა, რომ... ისა... ძალიან... ხოო... ლამაზი ხარ და მე... მოწონხარ... ისა... მომწონხარ, - გაახსენა მეხუთეს უკანასკნელი კრახი, - საწყალმა გოგომ ვერაფერი გაიგო და ძმასავით მიყვარხარო.
-ნახევარზე მეტი მოიტყუე ახლა, - შეშფოთდა მეხუთე.
-არ იტყუება, მართლა ეგრე იყო, მეც იქ ვიყავი, - სიცილს ძლივს ვიკავებდი.
-და მე სად ვიყავი, - გაკვირვებისგან ხელები გაშალა მეხუთემ და ლუდი პირდაპირ მეექვსეს შლომპანციან ფეხებზე გადაასხა.
-შენი ყველაფერი, დღეს ფეხებს დამბან.
-ძილის წინ შუბლზეც ხომ არ გაკოცო?
-არა, მაგას მეოთხე შვრება ხოლმე.
-გენაცვალოს დედა, - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე მეხუთეს და მანაც ბავშვივით უცოდველად აახამხამა წამწამები.
ბევრი ვილაპარაკეთ მეხუთეს კრახზე და მეექვსეს ახლანდელ სიყვარულზე და ბოლოს გადავწყვიტეთ იმ გოგოსთვის დაგვერეკა. მეექვსე ხელის კანკალით ეძებდა მის ნომერს და როგორც იქნა იპოვა ბოლოს, დარეკა და სპიკერზე დააყენა. რამდენიმე გაბმული ზარის შემდეგ, ტელეფონიდან გოგოს, დაბალი და ნამძინარევი ხმა გაისმა. სიყვარულის მორევში გადავარდნილმა ჩემმა ძმაკაცმა ჯერ ბოდიში მოუხადა გაღვიძებისთვის, მერე უთხრა, რომ ამის შესახებ დიდი ხანი იყო რაც ლაპარაკი უნდოდა და ვერ ბედავდა, და იმის მაგიერ, რომ ეთქვა მომწონხარ, მიყვარხარო ეგრევე აჯახა. ჯერ გაბმული დუმილი იყო, მერე გათიშული ზარი და მეხუთეს ბოროტული სიცილი. ლამის წყალი შევასხით მოსასულიერებლად. მეექვსეს სახე წაშლოდა, არ იცოდა რა ეთქვა, რა გაეკეთებინა, იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა, არ ეგონა, რომ ასე მოხდებოდა. ალბათ ახლა იმაზე ფიქრობდა, რა ჯანდაბად დავრეკეო, ან იმაზე მეხუთეს ყბიდან როგორ ამოვიდეო, ან იმაზე... რავი ყველაფერზე... ათასი ფიქრი უელავდა ალბათ თავში და ამიტომ იყო ოპოსუმივით გაშეშებული.
იმ საღამოს მაგრად დავთვერით. მე ჩემი საფიქრალი მქონდა, უკვე ვგიჟდებოდი, ისე მენატრებოდა ჩემი მეორე ნახევარი, მაგრამ თავის დასთან ერთად დასვენებას ვერ ავუკრძალავდი. იყო ახლა ის ზღვაზე და ერთობოდა, მე კი ხვალ დილით სამსახურში უნდა წავსულიყავი.
დამღლელ და მოსაწყენ სამუშაოსთან ერთად, ეს სივრცე ერთ ძალიან კარგ, და მეტად უცნაურ დღეს მახსენებდა. რამდენჯერაც მანქანას გავაჩერებდი პარკინგზე, იმდენჯერ  მიტყდებოდა სიცილი და ძლივ- ძლივს ვსულიერდებოდი. ჩემი გადარეული ცოლი, არასდროს დამავიწყდება ის დღე და ვფიქრობ შვილებს და შვილიშვილებსაც კი მოვუყვე.
მეორე დილით, შვით საათზე გაღვიძებული, დავადექი თბილისისკენ მიმავალ გზას. ბიჭებს ჯერ კიდევ ეძინათ, მე კი სამუშაო მელოდა და მათ ვერ დავუწყებდი გაღვიძებას. სამსახურის წინ, პარკინგზე გავაჩერე თუ არა მანქანა, მაშინვე გაირბინა მოგონებაში იმ დღემ და სიცილმა გადამიარა სახეზე. სიყვარული ადამიანს რა სისულელეს არ გაგაკეთებინებს.
ისეთი მომაბეზრებელი სამუშაო მქონდა, ლამის ნოუთბუქთან ჩამეძინა. ზაფხულის ბოლო თვე ყოველთვის მკვდარი იყო ჩემ სამსახურში და ძალიან მოვიწყინე. სამუშაო საათების გახალტურების მეტს, არაფერს ვაკეთებ ხოლმე ამ დროს და ახლაც ჩემი ცოლის ინსტაგრამ გვერდზე შევედი და დავუყევი მის ფოტოებს, დასთან ერთად რომ ჰქონდა გადაღებული. ისეთი ზაგარი ჰქონდა ორივეს მიღებული მზის ჩასვლის ფონზე, ჩრდილებად მოჩანდა ორივე. ერთ-ერთ ფოტოში სახე ჰქონდათ დებს მოხატული, ჩემს ცოლს შავი და თეთრი საღებავებით რაღაც დაეხატა, წესივრად ვერც კი გავარჩიე. ამ ფოტომ ის დღე გამახსენა, ნამტირალევი და ცხვირგამურული რომ დამხვდა სახლში. რა სასაცილო იყო, ბუხრის მწმენდავივით გამოიყურებოდა.
როგორ არ დამაცადა მაშინ, არადა ისეთი გეგმები მქონდა ხელის სათხოვნელად. ნუ არა, მართალია, მაინც გრანდიოზულად ვთხოვე ხელი, მაგრამ სიურპრიზი აღარ გამომივიდა. არადა მამამისიც ძლივს დაცითანხმე მაშინ. არა, ზედმეტად თავქარიანი ცოლი მოვიყვანე, თავქარიანი და გამბედავი. მაგრამ რომ არ მომეყვანა, ჩემი ცხოვრება ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლა არის, ბედნიერი.
შესვენებაზე ბიჭებს გადავურეკე, მაინტერესებდა რას შვებოდნენ, სახლი თი ისევ თავის ადგილას იდგა, თუმცა ამ ინფორმაციისთვის მგონი მეზობლისთვის დამერეკა ჯობდა. გრძელი გაბმული ზარის შემდეგ, როგორც იქნა მიპასუხია მეხუთე, რომლსაც სავარაუდოდ ჯერ კიდევ ეძინა და გავაღვიძე.
-ბიჭო, რას შვები, კიდევ გძინავს? - ჩავყვირე ყურმილში და დაველოდე, როდის მორჩებოდა ჩემი ძმაკაცი მოხუცი ქალივით წყევლა - კრულვას, - მე შენ უკვე სამსახურში მგონიხარ.
-დეი ოფი ავიღე, რა გინდა?- ჯუჯღუნით მიპასუხა.
-არაფერი, მოგიკითხეთ, ხომ ცოცხლები არიან მეთქი. რას შვება მეექვსე, სძინავს მაგასაც?
-მე რა ვიცი, მაგის ძიძა ვარ?
-ერთ საწოლში გძინავთ დებილო.
-მოიცა ერთ საწოლში რა პონტში დაგვაწვინე, ახალდაქორწინებულები ვართ?
-გუშინ არ გახსოვს რომ ხელი სთხოვე?
-ეეე, - მოულოდნელად დაიყვირა მეხუთემ და ლამის ყურის ბარაბანი გამიხეთქა, - აქ არ არის.
-ანუ გაიღვიძა?
-ვინ ბიჭო?
-მეექვსემ, რა დებილი გეტაკა.
-მეექვსე რაში მაინტერესებს, მანქანა არ არის აქ. მემგონი მოტყდა ეს,  ტოო.
-რაა? - გაოცებისგან აღმომხდა, რას ქვია მოტყდა.
-მოიცა, მანქანა წაიყვანა და მე აქ დამტოვა? მაგას ში*გ ხომ არ აქვს?
-მაღაზიაში იქნება.
-რა ვიცი, ძმაო, მაღაზიაში თუ ტელეფონის დამტენი და შენი ჯეკ დენიელსი მიჰქონდათ, რა გითხრა?!
-რაა?  მაგას მართლა ში*გ ხომ არ აქვს, ჩემი ჯეკი სად წაიღო.
-აბა მე რა ვიცი?! ხო და მაგიტომ ვამბობ, მოტყდა მეთქი.
-შევტეხავ მე მაგას სადაც საჭიროა. მაცადე გადმოგირეკავ.
მეხუთეს გავუთიშე თუ არა, მაშინვე მეექვსესთან დავურეკე.
,,  აბონენტი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან, გთხოვთ დარეკოთ მოგვიანებით"
-გაგთიშავ მე შენ, სად ჯანდაბაში გდიხარ.
ისევ მეხუთეს გადავურეკე, ვუთხარი მუშაობას მალე მოვრჩები და ამოვალ მეთქი. ხოდა როგორც კი სამსახურიდან გამოვედი, დაპირებისამებრ გაზის პედალს ფეხი დავადგი და იქამდე არ ამიშვია, სანამ ჩემი აგარაკის ჭიშკარი არ შევიტანე ლამის.
ახალი არაფერი იყო, ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მის სამსახურში საერთო ნაცნობს დავურეკეთ და არ მოსულაო გვითხრა, დედამისს არ ვურეკავდით, არ გვინდოდა ენერვიულა, მამამისს დავურეკეთ და არც კი მახსოვს როგორ გამოიყურება, მარა არ იდარდოთ რომელიმე მდინარე გამორიყავს, დიდი ალბათობით მტკვარიო- დაგვამშვიდა. ჩვენც მეტი რა უნდა გვექნა, დავსხედით და დავიცადეთ, როდის გამოვიდოდა თავად კონტაქტზე ან მართლა მტკვარი არ გამორიყავდა. ბოლოს უკვე ვთვლემდით ჩემი ტელეფონი რომ აყვირდა. საათს გავხედე, ორი იყო, ტელეფონს დავხედე ექვსი იყო. ვაა ცოცხალი ყოფილა მეთქი გავიფიქრე და ტელეფონს ვუპასუხე.
-სად ხარ, შე ჩემა, -  ვიღრიალე ბოლო ხმაზე და სავარძელში ჩაძინებულ მეხუთეს გული გავუხეთქე.
- შენს აგარაკზე, - ისე ამოილაპარაკა, ხმაზე შევატყვე, რომ ნასვამი იყო.
-სად ჩემს აგარაკზე, თავი ხომ არაფერს მიარტყი.
-არა, -  გულწრფელად მიპასუხა.
-მეექვსე, სად ხარ, წესივრად ამიხსენი, მოვალ და წამოგიყვან.
-რა ხდება? - საბოლოოდ გამოფხიზლებული მეხუთე გვერდით ამომიდგა.
-მართლა შენს აგარაკზე ვარ... ჭიშკართან.
-ჭიშკართანაა, - ვუთხარი მეხუთეს და ჩუსტებში ფეხი გავყავი, -  ახლავე მოვალთ,- ჩავძახე მეექვსეს და ტელეფონი დივანზე მივაგდე.
რომ გავედით, მეექვსე ისეთ მდგომარეობაში დაგვხვდა, ლამის ორივემ ინფაქტი მივიღეთ. ხელები საჭეზე ჰქონდა ჩაჭიდებული და თავი ჩაექინდრა. კარი რომ გამოვაღე და მხარზე შევეხე, ადგილზე შეხტა და შეშინებულმა ამომხედა. თვალები ჩაწითლებოდა, სახე კი გაფითრებული ჰქონდა, ასეთმა მთვრალმა ჩვენამდე როგორ მოაღწია, მართლა საკვირველია. ძლივს გადმოიყვანე მანქანიდან და სახლისკენ წავიყვანე. მეხუთემ ჭიშკარი გააღო და მანქანა ეზოში შემოაყენა, მერე ისიც დაგვეწია. სახლის კარში ძლივს შევტენე, მხარი მტკიოდა უკვე ამ სიმძიმეს თრევისგან, არადა ძმაკაცი იყო შუა გზაში ხომ არ მივაგდებდი?! სავარძელში ჩავსვი, უფრო სწორედ ხელიდან გამისხლტა და მოწყვეტით ჩაეშვა. ბედი ჩემი რბილი სავარძელია და არაფერი ეტკინებოდა, თორე ამის გამო კიდევ ერთ სადარდებელის გაჩენა არ მინდოდა. მეხუთემ წყალი მოიტანა და სახე მობანა. მგონი ჩემს ცოლს არ მოუვლია ისე ჩემთვის, როგორც ახლა მეექვსეს ვუვლიდით მე და მეხუთე. ბოლოს როგორც იქნა გაახილა თვალები და ღიმილით ამოგვხედა.
-ვააა, ბიჭებოოო, -  წამოიძახა და ხელები განზე გაშლა, - მოდით, უნდა ჩაგეხუტოთ.
-დაეგდე სადაც ზიღარ, -  დაიღრინა მეხუთემ და წელში გასწორდა, - სად ტრაკ*ში ეგდე?
-ტრა*კში არ ვეგდე, - სრული სერიოზულობით ამოილაპარაკა, - გეფიცები, მანდ არ ვყოფილვარ.
-აბა სად იყავი, - ჩავერთე დაკითხვაიში.
-აქ.
-სად აქ.
-აი აქ.
-ოოოო, გეყოფა ახლა უაზრო ბოდიალი და წესივრად აგვიხსენი სად იყავი, მეექვსე,- განრისხებას არ მალავდა მეხუთე.
-კაით ჰოო, თქვენ ხომ ადამიანს არ გაახარებთ, - თავი გაიქნია უკმაყოფილოდ და სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა, - ძმურად, წყალი დამალევინე რაა, პირი გამიშრა, - წყლის ჭიქა გავუწოდე, სულმოუთქმელად გამოცალა, - უჰ, წყლის ძალა მოგცა ღმერთმა.
-ჰაა, აღარ იტყვი?
-კუს ტბაზე ვიყავი.
-კუს ტბაზე რაღა გინდოდა?
-კუები ვნახე, - თავისთვის ჩაიცინა და თვალები მინაბა.
-ეს ნახე რაა, ჩვენ ამის გამო რა არ გავაკეთეთ, როგორ არ ვინერვიულეთ, ვის არ დავურეკეთ და ეს აქ ღადაობს. ნეტა მართლა მტკვარს გამოერიყა, -  ფეხზე წამოხტა განრისხებული მეხუთ.
-კაი ახლა, დამშვიდდი, - მეექვსესკენ წასული მეხუთე ხელით გავაკეთე, - შენ კიდევ გეყოფა უაზრო ღადაობა და გვითხარი რა მოხდა დღეს, სანამ წიხლ ქვეშ არ გაგიფინე ნახმარი პლაშივით.
-იმ გოგოს თემაა?
-კი.
-მასთან მიხვედი?
-არა.
-აბა? - მეც მეკარგებოდა უკვე მოთმინება. სავარძელში კიდევ ერთხელ შესწორდა და ჩაწითლებულ თვალებზე აიფარა ხელი.
-გოგოს ჯერ ჩემთვის უარი არ უთქვამს, - ამოიტირასავით. ლამის სიცილი წაგვსკდა მე და მეხუთეს, ერთმანეთს ვუყურებდით და კბილს კბილზე მაგრად ვაჭერდით, რომ ხარხარი არ დაგვეწყო.
-კაი, ტოო, რაა, ვის არ მოსვლია, ეგ ყველას ემართება.
-მე არ უნდა დამმართნოდა.
-რატომ, ოქროს ქათამს გავარდი ტრაკ*იდან? 
-შენ ვერ გაიგებ, - თავი გააქნია მეექვსემ და მუხლებზე იდაყვები ჩამოაყრდნო.
-რაას, ოქროს ქათამს რომ გავარდი?- არ ცხრებოდა მეხუთე და თან შეუმჩნევლად ფხუკუნებდა, უკვე სახე ასწითლებოდა შეკავებული სიცილისგან. იმის შემხედვარეს მე უარესი მემართებოდა.
-აუუ, დავაი რაა, - ფეხზე გაჭირვებით წამოდგა მეექვსე, - აბა თქვენ რა ძმები ხართ? მე გული მაქვს ნატკენი და თქვენ დამცინით, - გვერდი აგვიარა და გასასვლელისკენ ბანცალით წავიდა. დავიჭირე და უკან დავაბრუნე, სავარძელში ისევ მოწყვეტით ჩაეშვა, ისევ ხელიდან გამისხლტა.
-თევზი ხარ თუ აბდულ- შაჰილი, ხელი ვერ მოგკიდე წესირად.
-ეჰ ნეტა აბდულ- შაჰილი ვიყო, ჰარამხანა მეყოლებოდა, ამ ჰარამხანაში მოვაყვანინებდი ამ გოგოს ჩემს მონებს და მეყოლებოდა იქ. მერე სად გამექცეოდა.
-ეეე, სულთან სულეიმან, თქვი ახლა რა ხდება.
- გუშინ საშინლად მოვიქეცი, ალბათ შევაშინე კიდეც, - დანანებით გაიქნია თავი, - დღეს მივედი მაგის კორპუსთან, მინდოდა ბოდიში მომეხადა ჩემი ქცევისთვის, მაგრამ ვერ შევძელი. სადარბაზოდან რომ გამოვიდა და ავტობუსების გაჩერებისკენ წავიდა, მე უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი, მეტი ვერაფერი გავაკეთე. ის სადღაც წავიდა, მე კი კუს ტბაზე.
- და ჩემი ჯეკ დენიელსი სად წავიდა? - მოულოდნელად ჩემი ცოლის საჩუქარი გამახსენდა.
-ეგეც მე გამომყვა.
-მარტო არ დაგტოვა ხო? როგორი გულიანია.
-როგორც კი გათენდება მაღაზიაში წახვალ, ზოსტად მაგ ფორმის, ზომის, ფერის და მოცულობის ჯერკს იყიდი, მერე მოხვალ და აი იმ ვიტრინაში, თუ რა ჯანდაბაც ჰქვია, შედგამ, თორე ჩემი ცოლი პლანეტიდან გადაგვდგავს.
-კაი და რა უნდა ქნა იმ გოგოზე? - ისევ იმ თემას დაუბრუნდა მეხუთე, სახეზე ეტყობოდა რაღაცაზე ფიქრს ღრმად ჩაეთრია.
-არ ვიცი, არ ვიცი, - თმაზე გადაისვა ხელი ნერვიულად და მერე უცებ წამოყო თავი უცნაური ღიმილით, - უნდა მოვიტაცო.

***
მეორე დღეს მე, მეხუთე და მეექვსე, მეექვსეს საბედოს სადარბაზოსთან ვიდექით და ვიცდიდით. არც ის ვიცოდით იყო თუ არა სახლში, ან თუ იყო, გადიოდა თუ არა დღეს სახლიდან, უბრალოდ ვიდექით და ვიცდიდით. წინა დღისით, უფრო სწორედ ამ დილით, გეგმა შევადგინეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ორი ადამიანი დაგვემავშირებინა ერთმანეთისთვის. ხოდა ახლა ვიდექით და ველოდებოდით, როდის გაფრინდებოდა ბარტყი ბუდიდან, რომ ჩვენ დაგებულ კაკანათში შეგვეტყუებინა. ლამის 3 საათი (მეტი თუ არა ნაკლები არ იქნებოდა) ვისხედით მანქანაში და ვიცდიდით... და ვიცდიდით... და ვიცდიდით... მეექვსემ წყლის ყიდვის საშუალებაც არ მოგვცა, არადა ვხრიალებდით უკვე. გამწარებული ვეჩხუბებოდით, რომ აქ დაგვაკუტა უაზროდ, როცა წესით სამსახურებში უნდა ვყოფილიყავით, რომ ის გოგოც გამოჩნდა. ყოველ შემთხვევაში მეექვსემ ასე გვითხრა ის არისო. მე ვერ ვარჩევდი მის სახეს, ფართო ფრთებიანი შლაპა ეფარა, მუქი თმა და მზის სათვალე კი სახეს უმალავდა, მაგრამ რადგან მეექვსემ თქვა ის არისო, დავუჯერეთ და მანქანა დავძარით.
ნელ-ნელა მივყვებოდით უკან და თვალებს ვატრიალებდით 360 გრადუსით, რომ ან პოლიციას არ დავენახეთ, ან ვინმეს, ვინც მაგრად გვცემდა ამის გამო. ან რაღა დროს მოტაცებაა, ნუ ორი წლის წინ ისევ ცვეტში იყო.
ნაბიჯი შეანელა მიმავალმა, ალბათ იგრძნო, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც წესით უნდა ყოფილიყო. რომ მოტრიალებულიყო და დავენახეთ, მაგარი შარში ვიქნბოდით, ამიტომ სანამ უკან მობრუნებას მოასწრებდა იქამდე მივუყენე მანქანა გვერდით, მეექვსე ხელი სტაცა და უკანა სიდენიაზე მიაგდო, მე კიდევ გაზის პედალს მივადგი ფეხი რაც ძალი მქონდა. თავი მძაფრ სიუჟეტიან ფილმში მეგონა,  ახლა ამ გოგოს სადმე დავაბამდით და მერე გამოსასყიდს მოვითხოვდი, თუმცა ეს ჩემი ფანტაზია მაშინ ჩამოიშალა, როცა გოგო ალაპარაკდა. ისე დავამუხრუჭე, ლამის ყველანი მანქანის კაპოტზე გადავსხედით. კანკალით გავხედე უკანა სავარძელზე მჯდომს და ლამის პირჯვარი გადავიწერე, როცა ვიცანი.
-შენ რა ჯანდაბა გინდა აქ?! - ლამის მთელი ხმით ვიღრიალე და მთელი ტანით შევტრიალდი უკან.
-რაა? შენ თვითონ რა ჯანდაბა გინდა აქ, - ლამის თვალები გადმოსცვივდა ჩემ დანახვაზე, - არა, მოიცა, ჯერ ის მითხარით რა ჯანდაბა ხდება აქ, - მეექვსე გასუსული იჯდა მის გვერდით და მის შლაპას საროჩკის სახელურით წმენდავდა.
-ჩვენ..., - ძლივს ამოილაპარაკა მეხუთემ და გაჩუმდა.
-ხოო, თქვენ, ამიხსენით- რა ხდება აქ, - კიდევ ერთხელ გაგვიმეორა კითხვა და დაგველოდა პასუხს როდის გავცემდით, ჩვენ კი დასჯილი ბავშვებივით ვისხედით. ბოლოს როგორც იქნა მოვედი მე გონზე.
-ეს არის ბიჭო შენი სატრფო?- გავხედე მეხუთეს.
-რა სატრფო, ვინ სატრფო, - აქეთ- იქით იყურებოდა ჩემი ცოლის დაქალი, მეორე.
-ვაფშე და შენ აქ რა გინდა, ერთი ეგ მითხარი, -  ახლა მესამეს მივუბრუნდი.
-აქ ვცხოვრობ, სხვა რა უნდა მინდოდეს აქ, - შეიცხადა მეორემ.
-საერთოდ ისიც არ ვიცოდი საქართველოში თუ იყავი, პირველს არ უთქვამს, - თავი ვიმართლე.
-პირველი რათ გინდა, შენ ტელეფონი არ გაქვს? დაგერეკა.
-კი დაგირეკავდი, მაგრამ რავი...
-რავი და რუვი არ უნდა მაგას, - თმა მომწიწკნა და უკანა სავარძელზე უფრო კომფორტულად მოკალათდა, - ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. რას აკეთებდით?! ჩემი მოტაცება გინდოდათ?
-მისმინე, - დაიწყო მეექვსემ, თავი არც აუწევია, - ესენი არაფერ შუაში არიან, ჩემი ახირება იყო.
-რა იყო შენი ახირება?
-რომ მოგვეტაცებინე...
-და რატომ უნდა მოგეტაცებინეთ?
-იმიტომ რომ მომწონხარ, - გაბუტული ხმით ამოილაპარაკა.
-ვერ გავიგე, - ცალი წარბი ასწია მეორემ და ეგრევე ვიფიქრე სადმე თავშესაფარი მომეძიებინა.
-მომწონხარ მეთქი, - უფრო ხმამაღლა წარმოთქვა მეექვსემ და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად ასწია თავი.
-აბა ტელეფონით მითხარი - მიყვარხარო?
-ხოო, რავი, თითქმის მიყვარხარ, მაგრამ ძალიან მომწონხარ.
-მერე თუ თითქმის გიყვარვარ, მაგრამ ძალიან მოგწონვარ, გეკითხა, იქნებ მოგყვებოდი ცოლად,- მხრები აიჩეჩა მეორემ, გაოცებულმა გავხედე გოგოს, ეს მეორეს საერთოდ არ გავდა.
-მართლა? - იმედი მიეცა მეექვსეს.
-რავი, - დაიმორცხვა მეორემ.
-გამომყვები ცოლად?
-არა, რა თქმა უნდა, - ღიმილი სახეზე შეახმა მეექვსეს. მეორე ახლა ჩვენ მოგვიბრუნდა, - მისმინეთ ახლა სულ ყველამ, განსაკუთრებით კი შენ, ვაჟბატონო, - მხარზე ხელი დამკრა კაი კაცი ით, - თქვენ გამო მე დრო დავკარგე და ახლა მაგვიანდება. მანქანა დაქოქე, გაზს ფეხი მიადგი და 20 წუთში სადგურზე მომახვედრე, თორემ ჩემმა მატარებელმა თუ გამასწრო, თქვენ ვერ გამასწრებთ.
ასეც მოვიქეცი. მე და ჩემ გვერდით მჯდომი მეხუთე წამ და უწუმ საათს დავყურებით და გაჭირვებით ვყლაპავდით ნერწყვს. ერთი სული გვქონდა ეს დემონი როდის ჩაჯდებოდა ბორჯომისკენ მიმავალ მატარებელში, რომ ხელი დაგვექნია და მშვიდად ამოსუნთქვის საშუალება შეგვძლებოდა.
ბოლოს სამივეს გვახსოვს, რომ ბაქანზე ვიდექით და ვაცილებდით, წასვლამდე აფერისტულად მაინც გადამეხვია, როგორც მონატრებული დაქალის ქმარი და უკვე ვაგონის კიბეზე ჰქონდა ფეხი შედგმული, რომ მეექვსეს გამოხედა.
-ერთ კვირაში ჩამოვალ და კინოში დამპატიჟე, თორი გამოდისო, - მოაძახა და გაუჩინარდა. მატარებელი სანამ არ დაიძრა, სანამ სიჩქარე არ აკრიფა და სანამ ჰორიზონტზე არ გაქრა იქამდე არ დავიძარით ადგილიდან. მდუმარედ მივდიოდით და მომხდარზე ვფიქრობდით, მანქანაშიც მდუმარედ ჩავსხედით, მდუმარედ დავქოქე და მდუმარედ გავუდექით სახლის გზას, როცა მოულოდნელად მეექვსე იყვირა და ლამის გულები დაგვიხეთქა ორივეს.
-პაემანზე მივდივარ, ბოზე*ბოოოო..


20.08.2022



№1 სტუმარი Ana-maria

კარგად დაწერილი იუმორით სავსე ისტორია.წარმატებები

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

Ana-maria
კარგად დაწერილი იუმორით სავსე ისტორია.წარმატებები

მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent