ელფთა სამეფო:შავი ჯადოქარი (თავი მერვე, თავი მეცხე) - მალთუს ვაზარი; უეცარი გაუჩინარება
მალთუს ვაზარის ნამდვილი სახელი მალთუს ჰერალდიმუსი იყო. თავდაპირველად ის სულაც არ აპირებდა თავისი ცხოვრება სახელმწიფო მოხელეობასთან დაეკავშირებინა, თუმცა, მოხდა ისე, რომ ერთმა უცაბედმა შემთხვევამ მისი ბედი სამუდამოდ სახელმწიფოსთან დააკავშირა. სანამ ეს საბედისწერო შემთხვევა მოხდებოდა, მალთუს ჰერალდიმუსი ერთი ჩვეულებრივი მწყემსი იყო. მაშინ ერონიდასი ჯერ კიდევ უფლისწული იყო და ხშირად სტუმრობდა სამეფოს პროვინციებსა და მხარეებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს იგი შემთხვევით გადააწყდა, როგორ გულმოდგინედ ვარჯიშობდა მწყემსი მალთუსი და მაშინვე თვალში ჩაუვარდა ეს მოწადინებული ჰარინი. მას თავიდან არ გაუმხელია თავისი ვინაობა და ორთაბრძოლაშიც ყოველგვარი სირთულის გარეშე გამოიწვია. ანგარიში ერონიდასის სასარგებლოდ დამთავრდა და გამარჯვებულმა უფლისწულმა თან წამოიყვანა ბრძოლაში ღირსეულად დამარცხებული, რადგან წაგების საზღაური შეჯიბრების პირობების მიხედვით, გასამრჯელოს მოიაზრებდა, თუმცა ერონიდასმა თავისი ზრახვები მხოლოდ გამარჯვების შემდეგ გაამხილა. რა თქმა უნდა, ზედმეტია იმის შესახებ საუბარი, თუ რა გრძნობა დაეუფლა მწყემს მალთუსს, როცა თავისი მოწინააღმდეგის ნამდვილი ვინაობა გაიგო. ეს იყო და მას მერე მეფე და მალთუსი განუყრელ მეგობრებად იქცნენ. ერონიდასმა მას მეტსახელად „ვაზარი“ ანუ სანდო ამხანაგი, მეგობარი უწოდა და მას მერე ასე იწოდება სახელადაც და სამეფოს მსახურობის დროსაც. მისი ტახტზე ასვლის შემდეგ კი მალთუსმა უმაღლესი მოხელის თანამდებობა დაიკავა. თუმცა, ეს ერონიდასის გამეფებისთანავე არ მომხდარა. ეს მოხდა მისი გამეფებიდან ორი წლის შემდეგ, როცა მალთუსი უკვე ჩამოყალიბებულ სახელმწიფო მოხელედ იქცა და ოდესღაც არსებული მწყემსის ნიშანწყალი უკვალოდ გაჰქრობოდა. მალთუს ვაზარი სწორედ ისეთი მოხელე იყო, როგორიც სახელმწიფოს სჭირდებოდა. ყველანაირი მონაცემი გააჩნდა იმისათვის, რომ მაღალი და, ამასთანავე, ღირსეული თანამდებობა დაეკავებინა. სასახლის კარზე მას ყველა დიდ პატივს სცემდა და სამეფო ოჯახის შემდეგ, ყველაზე მეტად მას აფასებდნენ და უყვარდათ. ერთი მხრივ, გასაკვირი არც იყო, რადგან ყველამ იცოდა, რომ ვაზარი მეფის რჩეული იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, კარგად ხედავდნენ მის ღვაწლს და სავსებით სამართლიანადაც მიაჩნდათ მისი უმაღლესი მოხელეობა. სანამ ამ თანამდებობას მიაღწევდა, მალთუსმა საფუძვლიანად შეისწავლა სახელმწიფოს მართვა-გამგეობა, სამართალი და კანონები. ბრწყინვალედ ფლობდა ბრძოლის ხელოვნებას და უმოკლეს დროში, უდიდესი განათლების პატრონი გახდა. ეს კი ადვილი მისაღწევი სულაც არ იყო. იგი დღედაღამ შრომაში ატარებდა დროს, სწავლობდა, მეფესთან ერთად შეხვედრებზე დადიოდა და სხვა მოხელეებისგან იღებდა გამოცდილებას. თავისი ხუთი თითივით იცოდა ელფთა სამეფო, ყველა მიწა თუ მდინარე, რომელსაც იგი მოიცავდა. იცოდა ყველა მთისა თუ ზღვის დასახელება და ადგილმდებარეობა. დიდად ნაკითხი და განსწავლული იყო ხელოვნებაში, ლიტერატურასა თუ სხვა სფეროებში. ერთი სიტყვით, მას გააჩნდა ყველაფერი იმისათვის რომ ღირსეულად ეტარებინა უმაღლესი მოხელის ტიტული. მალთუს ვაზარის სახლი მცირე სასახლეს წააგავდა, ოღონდ უფრო სადასა და უბრალოს. იგი გოლუნდირისგან არც ისე შორს მდებარეობდა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მეფის გამოძახებისთანავე მისულიყო. მალთუს ვაზარის ცოლად ჰყავდა ჰარაიჯე სილანუნი, როგორც თვითონ სიყვარულით ეძახდა, ჰაჯი, ჩრდილოეთის პროვინციაში მცხოვრები ადამიანების გვარიდან. ჰარაიჯე მაღალი და ტანადი იყო, ხშირი შავი თმითა და შავი თვალებით, რაც მისი ტომისთვის იყო დამახასიათებელი. პირთან ჰქონდა ხალი, რომელიც მის ხორბლისფერ კანს პატარა წერტილივით აჩნდა. ჰარაიჯე ცივ ტუნდრაში გაზრდილი, სიცივეს მიჩვეული იყო და ძირითადად სულ თხელ სარაფნებსა და კაბებს იცვამდა, რაც კარგად უსვამდა ხაზს მისი სხეულის მოყვანილობას. დიდ მოკაზმულობას არ იყენებდა, თუმცა თავზე ხშირად იკეთებდა ლითონის მოჩუქურთმებულ გვირგვინს, რომელიც სიმკაცრეს ჰმატებდა და მის ხასიათს კვეთდა. ასეთ გვირგვინებს მხოლოდ ჩრდილოეთში მცხოვრები ადამიანები ხმარობდნენ, ჰარაიჯე კი ყველანაირად ცდილობდა თავისი წარმოშობის სილამაზე შეენარჩუნებინა. რაც შეეხება მალთუს ვაზარის გაცნობის ამბავს, ეს მოხდა ცხრა წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა მალთუსი და უფლისწული ერონიდასი შორეულ ლაშქრობაში, ჩრდილოეთში, იყვნენ წასულები. ახალგაზრდა შავგრემანმა გოგონამ, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა ბრძოლის ხელოვნებას და რბილი ხასიათითაც არ გამოირჩეოდა, მაშინვე მიიქცია მალთუსის ყურადღება. ამ დღიდან მოყოლებული მას გულში ჩაუვარდა ეს უხეში ქალბატონი და ყოველდღე დაიწყო სიარული მისი ვარჯიშის საყურებლად. ბოლოს და ბოლოს, ისე გამოვიდა, რომ ბრძოლაში მათ გვერდიგვერდ მოუწიათ ბრძოლა. ისინი ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს და დახოცილ ტურულოებს ითვლიდნენ, რათა გაერკვიათ ვინ იყო საუკეთესო. ჰარაიჯემ გაიმარჯვა. მის ანგარიშზე სამოცდაშვიდი ტუროლო იყო, მალთუსისასზე კი - სულ რაღაც ორმოცდაცხრამეტი. მალთუსმა მაშინვე აღიარა მოწინააღმდეგის უპირატესობა და თავისი მარცხი. ამ ბრძოლამ ბევრი რამ განსაზღვრა. პირველ რიგში კი ის, რომ არც ჰარაიჯე იყო გულგრილი მალთუსის მიმართ. ორიოდ დღეში ყველაფერი ნათელი გახდა. მალთუს ვაზარი ჰარაიჯე სილანუნს გრძნობებში გამოუტყდა და პასუხად მის ცხოვრებაში ყველაზე ალერსიანი კოცნა მიიღო. რაც შეეხება ერონიდასს, მან თავიდანვე შეამჩნია მეგობრის შინაგანი ცვლილება და მღელვარება. მან ნება დართო მალთუსს თან წამოეყვანა მისი რჩეული ქალბატონი და ორ კვირაში ღირსეული ქორწილიც გადაუხადა. საქორწინო საჩუქრად კი უბოძა სასახლე, რომელშიც მალთუსი და ჰარაიჯე უკვე ათიოდე წალიწადი ცხოვრობდნენ. ორივეს ძალიან უყვარდა ერთმანეთი, მალთუსი კი ძალიან ხშირად ეკითხებოდა ცოლს რჩევას. შვილი არ ჰყავდათ და ჯერ არც აპირებდნენ ყოლას, რადგან მალთუსი მიიჩნევდა, რომ საქმეში ჩაფლულს, ამისთვის ჯერ სათანადოდ არ ეცალა და თავის მამობრივ მხარეს კარგად ვერ წარმოაჩენდა. მათი სასახლე ორსართულიანი იყო და დიდი მოკაზმულობით შიგნიდან არ გამოირჩეოდა. ორიოდ სამუშაო ოთახი, სადაც ძირითად დროს ატარებდა მისი პატრონი, ორი მოსასვენებელი საძინებლით, ერთი ბაღში გასასვლელი მცირე დარბაზი, ერთი დიდი ბიბლიოთეკა, სასტუმრო დარბაზი და სამზარეულო იყო ყველაფერი, რაც ამ მცირე ოჯახს სრულყოფილებისთვის სჭირდებოდა. ბაღი ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ჰარაიჯე სულ მის მოვლაში იყო და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. საღამოობით გადაღლილი მალთუსი ხშირად დამტკბარა ბაღის სანახაობით მეუღლესთან ერთად. ხშირად დაულევიათ გრილი შერბეთი ჩამავალი მზის ყურებისას. ბაღი დიდი არ იყო. არც ისე დიდ ფართობზე, მაგრამ დიდი გემოვნებით იყო გაშენებული პატარა ბაღჩა ხეხილითა და კენკრით. კოხტად იყო ერთად დარგული ვარდები - წითელი, თეთრი და ვარდისფერი ვარდები. შორიახლოს ჰქონდათ იასამანი და სისხლისფრად მოელვარე ყაყაჩოები. ხეებიდან კი აკაცია და ალუბალი, ვაშლი და მსხალი ჰქონდათ. ბაღის შუაგულს მარმარილოს შადრევანი ამშვენებდა, რომელიც სამეფო შადრევნის გამოძახილს ჰგავდა და ბაღს ძალიან ლამაზ და მომხიბვლელ იერსახეს აძლევდა, მასში მოჩუხჩუხე წყალში ხომ არაერთხელ უბანავიათ პატარა ბეღურებს. სწორედ ამ საბედისწერო და დამქანცველი დღის მიწურულს, მალთუს ვაზარის თავი ჰარაიჯეს კალთაში ჩაერგო და შებინდებულ ცას შეჰყურებდა. - რა დღე იყო... - ამბობდა გადაღლილი, - აჯანყება, გოლიათები... არადა რამდენი ხანია მშვიდობას ვინარჩუნებთ. როგორ ფიქრობ, იმ შავ ჯადოქარზე სინამდვილე უნდა იყოს? ჰარაიჯემ ქმრის თმის ფერებას თავი ანება და თავი გააქნია: - რა ვიცი, მე რომ ბავშვი ვიყავი, ჩვენში გავრცელებული იყო თქმულებები შავ ჯადოქარზე. ბევრი ლეგენდა არსებობდა, ერთი მეორეზე უფრო საზარელი და ზოგჯერ სასაცილოც. მაგრამ დანამდვილებით ვერავინ იტყოდა სიმართლეს. თან მას მერე დიდი დრო გავიდა... და ასტრონომმა რაო? - ასტრონომმა სერიოზული შეცდომა დაუშვა! არ მესმის მეფე რატომ იკავებს თავს სასჯელისგან, - მწყრალად იკითხა მალთუსმა. - იმიტომ, რომ მისი მეგობარია, თან უფლისწულისთვის პირობა მიუცია, რომ არაფერს დაუშავებდა. აბა მის ადგილას წარმოიდგინე თავი, - მიუგო ჰარაიჯემ. ამ სიტყვებზე მალთუსმა ცოლს ახედა. თვალებში გაცვიფრება და წყენა ედგა. - მე ვთქვი წარმოიდგინე და არა მისი ადგილი დაიკავე-მეთქი! - ჰარაიჯემ მაშინვე გამოასწორა თავისი უნებლიეთ დაშვებული შეცდომა. მალთუსმა არაფერი უპასუხა. ის მიჩვეული იყო ცოლისგან პირდაპირობას და ამ პირდაპირობაში გარეულ უხეშობას. სწორედ ეს იზიდავდა მასში. სწორედ ეს ხდიდა მას განსაკუთრებულსა და ყველასაგან გარმორჩეულს. მაღლა ცაში რამდენიმე ვარსკვლავი აციმციმდა. მელნისფერში გახვეულ ცაზე ისინი პატარა წერტილებად მოჩანდნენ. მალთუსი და ჰარაიჯე დუმდნენ, ისხდნენ და მათ თავზემოთ გადაშლილ ხედს უყურებდნენ, თან გამეფებული სიჩუმით ტკბებოდნენ. ბოლოს მალთუსმა ვეღარ მოითმინა და დუმილი დაარღვია: - ისე ძალიან მიყვარხარ. ჰარაიჯემ ნაზად აკოცა და მისი თმის ფერება განაგრძო. თავი მეცხრე უეცარი გაუჩინარება „ძვირფასო მილნაჰირ, შენი წერილი გუშინ საღამოს მივიღე და მწუხარებით გიდასტურებ იმ მითქმა-მოთქმას, რომელიც მკვახეველში ჩვენზე თავდასხმას ეხება. სიტყვებით ვერ გადმოვცემ თუ რამხელა კოშმარი გამოვიარე იმ წუთებში! მაგრამ მადლობა ქვეყნიერებას, ყველანი უსაფრთხოდ ვართ. მეფე მშვიდობით დაბრუნდა მას შემდეგ, რაც მე და უფლისწული სასწრაფოდ სასახლეში გამოგვიშვა. რაც შეეხება თავდასხმას, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იგი გოლიათებმა მოაწყვეს, მაგრამ დაწვრილებით ჯერ ვერაფერს გეტყვი. კომპლექტის დიდი ნაწილი განადგურებულია. რთული ვითარებაა, ყველაფერი გონივრულად უნდა განვსაჯოთ. ზეცისა და მიწის იმედი მაქვს. დაე, ყველაფერმა კეთილად ჩაიაროს! დედოფალი კასალანდრა“ კასალანდრამ ქაღალდზე თავისი ბეჭედი დაასვა, დაგრაგნა და მსახურს გადასცა. ელფმა თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა. დედოფალი მდუმარედ იჯდა და ბუხარს მისშტერებოდა. ცდილობდა მთელი გადატანილი საშინელება ზედმიწევნით გაეხსენებინა, ყოველი დეტალი, ყოველი დახლი თუ ელფი, მაგრამ ნგრევისა და წივილ-კივილის ხმები ჯერ კიდევ ღრმად ჰქონდა გონებაში ჩაბეჭდილი. უეცარი დაღლა იგრძნო, მთელი სხეული დაუმძიმდა და გონება დაებინდა. ძალიან მოუნდა იქვე, ბუხრის წინ მიწოლილიყო და თბილად ეძინა, სანამ ყველაფერი ჩაივლიდა. ბოლოს წამოდგა, მალევე შეიმოსა თავისი ფაფუკი ღამის პერანგით და ლოგინში ჩაწოლისთანავე ჩაეძინა. როდესაც ოთახში ერონიდასი შემოვიდა, კასალანდრა უკვე მძინარე დაუხვდა. ნელა და თანაბრად სუნთქავდა, ირგვლივ კი თავისი კულულები მიმოებნია. ერონიდასმა გადაღლილი სახით გაიღიმა და მალე თვითონაც ღრმა ძილს მისცა თავი. არლონდირი მთელ ღამეს ნანახსა და მოსმენილზე ფიქრობდა. წესიერად არც უვახშმია, ღამით კი თვალი არ მოუხუჭავს. ფიქრებში გართულს, ნაწილ-ნაწილ წარმოუდგებოდა ხოლმე გავლილი, საშინელი დღის სცენები და გული ეწურებოდა. მერე ისევ სერვერალდის მონათხრობი გაუღვივდებოდა თავში და გონივრული დასკვნის გამოტანას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, აზრები კვლავინდებურად ეფანტებოდა. - „სერვერალდს უნდა დაველაპარაკო“, - გაუელვა უცებ თავში. მაგრამ როგორ? სერვერალდთან შეხვედრა და მასთან ურთიერთობა უფლისწულს ეკრძალებოდა, სასახლიდან გაპარვას კი აზრი არ ჰქონდა. წინა შემთხვევის გათვალისწინებით, მეორედ ამას ნამდვილად არ იზამდა. თან მომხდარის შემდეგ დაცვა ათჯერ უფრო გამკაცრებული იყო. მცდელობაც რომ ჰქონოდა, გაპარვა მაინც შეუძლებლად ეჩვენა. მისი ფიქრები კვლავ სერვერალდის მონათხრობს მიუბრუნდა: ვინ იყო ეს შავი ჯადოქარი? ან საერთოდ, არსებობდა? რატომ უნდა სდომებოდა სამეფოში გადატრიალების მოხდენა? - „ის ხომ გარიყეს“, - უცაბედად უკარნახა ვიღაცამ თავში, - „მერე ჯავრი მეფეზე უნდა იყაროს?“ - გამოეპასუხა არლონდირი, - „მე რა ვიცი, როდის ან რატომ გარიყეს? იქნებ მეფე არც იყო მაშინ დაბადებული?“ არლონდირმა გვერდი იცვალა. უკვე თავი სტკიოდა ამდენი მსჯელობით. - „წინ სახელმწიფო გადატრიალება გველის“, - ყურში ჩაესმა სერვერალდის ხმა, რომელმაც სწორედ ეს სიტყვები უწინასწარმეტყველა ორიოდე თვის წინ, რაც არლონდირს უკვე საუკუნის წინათ მომხდარი ეჩვენებოდა. მას შემდეგ მრავალი კითხვა გაუჩნდა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა და მათ გასარკვევად სერვერალდს პირადად ესტუმრა სახლში, მაგრამ მაშინ კითხვის დასმაც კი არ დასცალდა, რომ კარი შემოანგრიეს და ლამის ძალით წაიყვანეს სასახლეში. - „ნეტავი ამას გულისხმობდა სერვერალდი?“ - გაიფიქრა გონებაში, თავი გადააბრუნა და დაძინება სცადა. ფიქრებისგან გადაღლილს მალე ძილიც მოერია და ჩათვლიმა. სიზმარში უცნაური რამ ნახა: რაღაცის ციცაბო წვერზე იდგა და ქვემოთ საკვირველი სანახაობა ხელის გულივით ჰქონდა გადაშლილი. ელფები მწკრივად ჩაწყობილიყვნენ და რიგებად მიდიოდნენ. ასობით ელფისგან შექმნილი რიგები გოლუნდირის ბაღში ცერემონიულად მიიწევდნენ წინ. ასე ხუთიოდე რიგი იქნებოდა და თითოეულ მათგანში ელფებს დაძონძილი ტანსაცმელი შემოეხვიათ. არლონდირმა თვალები მოჭუტა, რათა კარგად დაენახა და უცებ გაქვავდა - ელფები ერთმანეთზე ჯაჭვებით იყვნენ გადაბმული. არლონდირს გულ-მუცელი ამოუტრიალდა. ოდნავ ქვემოთ გადაიწია და უეცრად, მის ქვემოთ სავარძელში მოკალათებული გოლიათი დაინახა. ახლაღა გააცნობიერა, რომ სასახლის თავზე იდგა და სულ მცირედი მოძრაობაც სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. ამ დროს გოლიათი წამოდგა და მისი უკეთ დანახვის მიზნით, არლონდირმა წინ წაიწია. უცებ ფეხი დაუცურდა და სასახლის წვერიდან პირდაპირ მიწისკენ გადაეშვა. არლონდირმა განწირული ხმით იყვირა და ყვირილშივე გაეღვიძა. მის ხმას მსახურები დაეფრთხო და კარზე აბრახუნებდნენ, მაგრამ არლონდირს დაწოლის წინ ჩაეკეტა კარი, რათა არავის შეეწუხებინა. - კარგად ვარ! - გასძახა ძლივს გამორკვეულმა. ეცადა წყნარად და დამაჯერებლად ეთქვა, მაგრამ ხმის თრთოლვა ვერ გადაფარა. - უფლისწულო, გააღეთ! - გარედან ყვიროდნენ ელფები. - კარგად ვარ-მეთქი! - ახლა კი მტკიცედ უთხრა და დაამატა, - მეფისა და დედოფლის გაღვიძება არაა საჭირო, - რადგან იცოდა, რომ მეორე დილით უკვე ორივეს ეცოდინებოდა მომხდარის შესახებ. სახეზე ცივი ოფლი ესხა. ჯერაც ვერ გამორკვეულიყო, რა საშინელება იხილა. საწოლზე წამოჯდა და დოქიდან წყალი დაისხა. ცივმა წყალმა ყინულივით დაუარა სხეულში. მერე წამოდგა და აივნის კარი გამოაღო. გარეთ გრილოდა. უკუნ ღამეში აქა-იქ სუსტად ციმციმებდნენ ვარსკვლავები. სიომ სასიამოვნოდ დაუბერა და ქერა თმა აუფრიალა. ნანახის გააზრებას შეეცადა. უნდოდა ყველა დეტალი გაეხსენებინა რაც ნახა, ამიტომ ოთახში შებრუნდა და ფურცლებისა და ფანქრების ძებნა დაიწყო. მალევე მიაგნო და ისევ უკან გაბრუნდა, მოაჯირს მიეყრდნო და ხატვა დაიწყო. ეცადა ისე დაეხატა, თითქოს ყველაფერს ზემოდან ხედავდა. ამ საქმეს ცოტა დიდი დრო შეალია, რათა სულ მცირე დეტალებიც კი არ გამორჩენოდა. არლონდირმა კარგად იცოდა, რომ სიზმრებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ. მათი მეშვეობით ოდითგანვე წინასწარმეტყველებებს აკეთებდნენ და სჯეროდათ, რომ მომავლის დანახვაც შეეძლოთ. როცა საბოლოოდ ხატვა დაასრულა, ნახატს დააკვირდა. როგორც თვითონ ივარაუდა, შეძლებისდაგვარად მიუახლოვა ნახატი თავის სიზმარს. რამდენიმე წუთს უყურა, შემდეგ მაგიდაზე დადო და წყვდიადს თვალი გაუშტერა. ის, რაც ახლა სჭირდებოდა, არც მეტი არც ნაკლები, სერვერალდი იყო. ცოტა ხანს კიდევ იჯდა ტახტზე და გრილი ნიავით ტკბებოდა. მერე ადგა და საძინებელში დაბრუნდა. ერონიდასი ერთი სართულით ზემოდან ადევნებდა თვალს უფლისწულს. როგორც ჩანდა, იმ ღამით მხოლოდ არლონდირი არ იყო ერთადერთი, ვისაც ძილი არ ეწერა. მეორე დღეს, საუზმობისას, ერონიდასმა მშვიდად მიმართა შვილს: - წუხელ როგორ გეძინა, არლონდირ? არლონდირი წამით შეკრთა, არ იყო დარწმუნებული, უნდოდა თუ არა თავისი უჩვეულო სიზმრის მოყოლა. - ცუდად... კოშმარი დამესიზმრა, - მიუგო ბოლოს. კასალანდრამ თავისი ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა და არლონდირს შეშინებული მიაშტერდა, მაგრამ სანამ რამის თქმას მოასწრებდა, არლონდირმა დაასწრო: - სერვერალდის ნახვა მინდა. - გამორიცხულია! - მოკლედ მოუჭრა მეფემ. - მოიცა, ერონიდას! - კასალანდრა შვილს თვალს არ აშორებდა, - არლონდირ, ხომ იცი სიზმრებს რამხელა დატვირთვა აქვთ? - ვიცი, და სწორედ ამიტომ მინდა მასთან შეხვედრა. მამა... - მიაჩერდა მამამისს. - მე კი ვიფიქრე, რომ ეს საკითხი უკვე გადავწყვიტეთ, - დინჯად მიუგო ერონიდასმა. - მაგრამ... - არ ნებდებოდა არლონდირი. - ჩემი სიტყვა კანონია, არლონდირ! - მკაცრად თქვა ერონიდასმა და სასმისი მიიყუდა. - როგორც მიბრძანებთ, მეფეო, - ჩუმად, მაგრამ ბრაზნარევი ხმით ჩაილაპარაკა არლონდირმა. - არლონდირ, იქნებ მითხრა რა... - დაიწყო კასალანდრამ, მაგრამ მეფემ შეაწყვეტინა. - დღესვე მოვიყვან სხვა ასტრონომს და ეცადე ყველაფერი მოუყვე, ან, - შეყოვნდა ერონიდასი, - უმჯობესი იქნება, პირდაპირ ნახატი აჩვენო. არლონდირი იმწამსვე მისკენ შებრუნდა. სახეზე გაცვიფრება ეწერა, რაც მეფეს ნამდვილად არ ემჩნეოდა. მისი გამომეტყველებით არლონდირი მიხვდა, რომ მან ყველაფერი იცოდა გასული ღამის შესახებ. კასალანდრა მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ჯერ ვერ გარკვეულიყო, როცა არლონდირმა ეჭვით იკითხა: - თქვენ, იცით? - წუხელ გიყურებდი, - მიუგო ერონიდასმა, - დილით შევავლე თვალი და მთლად კმაყოფილი ვერ დავრჩი. - ვინმე ამიხსნის აქ რა ხდება? - გაღიზიანდა კასალანდრა. - რა თქმა უნდა, კასალანდრა, - მშვიდად მიმართა ერონიდასმა, თავი გვერდზე გაიქნია და მსახური იხმო. კარში დაცქვეტილი ჰასიკი გამოჩნდა და ერონიდასმა უბრძანა: - უფლისწულის საძინებლიდან ნახატი ჩამოიტანეთ. აივანზეა, მაგიდაზე, ფანქრებთან ერთად, - დაამატა მან. არლონდირი ჯერაც გაოცებული იყო. მაშინვე გაიფიქრა - მსახურმა ელფებმა გამცესო, რომ მისი ვარაუდი, ნაწილობრივ, გამართლდა. - ღამით სულ არ გძინებია, ძილში გიყვირია. ასე არ შეიძლება, - განაგრძო ერონიდასმა და ნაცრისფერი თვალებით კარგად დააკვირდა. არლონდირს პირი გაუშრა. ვერ მიმხვდარიყო მისი ასეთი საქციელის მიზეზს. მალე მსახურმა ელფმა ნახატი ჩამოიტანა და მეფეს მიართვა. ერონიდასმა იგი კასალანდრას გაუწოდა და თან დასძინა: - ვფიქრობ, დაგაინტერესებს ამის ნახვა. კასალანდრას სახეზე გაკვირვება და შიში ერთდროულად დაეწერა. ბოლოს ძლივსგასაგონად თქვა: - ეს რა არის, არლონდირ? უფლისწულს უკვე მოთმინება დაეკარგა და ხმამაღლა თქვა: - ჩემი სიზმარია, რომლის მოყოლასაც საუზმის შემდეგ ვაპირებდი, მაგრამ არ დამცალდა! - ღამით რომ ყვიროდი, იმის მოყოლასაც აპირებდი? - მკაცრად შეეპასუხა ერონიდასი. - მე... თქვენ..., - დაიბნა არლონდირი. - რამდენჯერმე ხმამაღლა გიყვირია და როცა გაგეღვიძა, ელფებისთვის გითქვამს, მეფე-დედოფლის გაღვიძება არაა საჭიროო! - ახლა კი სერიოზულად მიმართავდა ერონიდასი. უცებ წინ წამოიწია და მშვიდად მიმართა, - რით ვერ გაიგე! ჩვენ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, ყველაფერი! იქნებ ძილში რამე მოგსვლოდა?! განა ერთხელ და ორჯერ ყოფილა შემთხვევა, ელფები ძილში იღუპებოდნენ! აქ კი არლონდირი გაჩუმდა. ამაზე საერთოდ არ უფიქრია. - ელფო! - დასჭექა ერონიდასმა. დარბაზში დამრთხალი ელფი შემოიყუჟა და მეფეს აღელვებულმა დაუკრა თავი, - ფარფილუს სარმალდეს უხმეთ! და გადაეცით, მალე მოვიდეს! - ხელის აქნევით დაითხოვა მსახური. ერონიდასი აღარ ხუმრობდა. წამოდგა და დარბაზში ბოლთის ცემას მოჰყვა. მისი ხმამაღალი სიტყვები და სიმკაცრე საფრთხილო იყო. - გეგონება ის თავდასხმა არ მეყო, ახლა კიდევ ეს! - თქვა მან. - არლონდირის ბრალი არაა, ერონიდას! - შვილს გამოექომაგა კასალანდრა. ერონიდასი შედგა, კასალანდრას მიაჩერდა, მერე კი მზერა ჩამქრალ ბუხარზე გადაიტანა. - უნდა მეთქვა, ვიცი, - ხმა ამოიღო არლონდირმა, - მომიტევეთ, - აღმოხდა ბოლოს. კასალანდრამ შვებით თვალები დახუჭა და მსუბუქად ამოისუნთქა. მერე მზერა მეფისკენ გააპარა და მოეჩვენა, თითქოს ბრაზმა გადაუარა და სახეზე სინათლემ გადაურბინა. ამ დროს კარზე დააკაკუნეს და დარბაზში მთავარი მსახური შემოვიდა, იქ მყოფთ თავი დაუკრა და თქვა: - კრება შეიკრიბა, მეფეო. თქვენს გამოჩენას ელიან. მეფემ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. მსახურმა კვლავ თავი დაუკრა ყველას და დარბაზიდან გავიდა. ერონიდასმა იქმყოფთ გადახედა, მოსასხამი გაისწორა და სათათბირო დარბაზისკენ გაეშურა. არლონდირი ახლაღა მოეგო გონს და ფეზე წამოდგა. მეფე ჯერ ოთახამდე არ იყო მისული, რომ მოტრიალდა და დარჩენილებს მიმართა: - იმედი მაქვს, ასტრონომთან საქმეს თქვენით მიხედავთ. კრება დიდხანს გაგრძელდება, - და დარბაზის კარში გაუჩინარდა. ფარფილუს სარმალდე ერთი ჩვეულებრივი ასტრონომი ელფი გამოდგა. როგორც არლონდირმა და კასალანდრამ დაადგინეს, მას სიგიჟემდე უყვარდა იისფერი: შარვალი, მანტია, ცილინდრი, რომელმაც არლონდირს ელფური საკმაზის სანაყი მოაგონა და ფეხსაცმელიც კი, იისფერი ეცვა. გრძელი, ყავისფერი თმა მხრებზე დასთამაშებდა და მუქ, თაფლისფერ თვალებში თეთრი სინათლე უკრთოდა. ერთი სიტყვით, ძალიან ლამაზად და კოხტად გამოიყურებოდა, რომ არა მისი სულელური მიდრეკილება იისფერისადმი, თუმცაღა, საბოლოო ჯამში, თუკი თვალი მიეჩვეოდა, მისი ცილინდრიც კი სასიამოვნოდ ეხამებოდა. შედგა თუ არა ელფმა თავისი იისფერბანტიანი ქუსლებიანი ფეხსაცმელი გოლუნდირის ბაღში, ყველამ ცნობისმოყვარე ინტერესით გააყოლა მზერა, ელფი კი უდარდელად მიდიოდა, თითქოს, ხტუნვა-ხტუნვით მიფარფატებდა. როცა დედოფლისა და უფლისწულის წინაშე წარსდგა, თავი ორივეს მდაბლად დაუკრა და მისალმების თავისებური ჟესტი გააკეთა. - მოგესალმები, - გაეღიმა დედოფალს. უფლისწულმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გასცინებოდა. ამ დროს სტუმარმა ხმა ამოიღო: - თქვენს ბაღში იისფერი მიხაკები შევნიშნე. საოცრად შთამბეჭდავია! - წყნარი, ნაზი ხმა ჰქონდა. კასალანდრა უცებ ვერ გამოერკვა და ორიოდ წამში გასცა პასუხი: - ჰო, ჩემი დაკვეთით დათესეს წინა სეზონზე. კარგად გაიხარა, - ცოტა ეუცნაურა თავისი პასუხი კასალანდრას, მაგრამ მალევე განაგრძო, - ანუ სასახლეში პირველად არ ხარ? - ჩაეკითხა, რადგან იისფერი მიხაკები მართლაც გასულ წელს დაათესინა. მანამდე ისინი ბაღში არ ყოფილა. - ერთხელ მხვდა პატივი სასახლის ნახვისა, ჩემო დედოფალო, - მდაბლად მიუგო ელფმა, - თუმცა მაშინ მხოლოდ ცოტა ხნით მოვკარი თვალი ბაღებს. საქმე ის იყო, ჩემო დედოფალო, რომ მაშინ ამხანაგთან ერთად ვმოგზაურობდი და... - გითხრეს აქ რისთვისაც დაგიბარეს? - თავაზიანი ტონით, მაგრამ მაინც უხეშად შეაწყვეტინა კასალანდრამ. ასტრონომი შეცბა. არ ელოდა, რომ თავის ყმაწვილობისდროინდელ თავგადასავალს ასე უცაბედად გააწყვეტინებდნენ. - ვგონებ, დიახ, დედოფალო. სიზმრის ასახსნელად, როგორც გადმომცეს, - უპასუხა მოღრეცილი ღიმილით. კასალანდრამ თავი დაუქნია და არლონდირს გადახედა: - თუ ასეა, საქმეს შევუდგეთ. კრებამ დიდხანს გასტანა. ბოლოს, როცა ყველა არგუმენტი ამოწურეს და ყველა მითი თუ ლეგენდა მოილიეს, მეფემ კრება დახურულად გამოაცხადა. მოხელეები თავის დაკვრით ემშვიდობებოდნენ მეფეს და ოთახიდან გადიოდნენ. როცა მალთუს ვაზარის დამშვიდობების ჯერი დადგა და ელფი გასასვლელად მოემზადა, ერონიდასმა იგი შეაჩერა: - მალთუს, არ წახვიდე. ცოტა ხნით მოიცადე. მალთუსმა თავი დაუკრა და ადგილზე დარჩა. - ზემოთ ავიდეთ, - უთხრა ერონიდასმა და წინ გაუძღვა. აივანზე ავიდნენ. წინ კამკამა, ვარდისფრად შეფერადებული ცა გაშლილიყო. - მიირთვი რამე, დაღლილი იქნები, - და იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე მიუთითა. მალთუსმა გაიღიმა. მერე მაგიდისკენ დაიხარა და დიდი, წითელი ვაშლი აიღო. - გმადლობთ, მეფეო, - უთხრა თავაზიანად და ვაშლი ჩაკბიჩა. ერონიდასმაც რამდენიმე ცალი თხილი მოიქცია მუჭში და მოაჯირს მიეყრდნო. ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ და ხედს გაჰყურებდნენ. სიჩუმე ერონიდასმა დაარღვია: - რას ფიქრობ ამ ყველაფერზე, მალთუს? მალთუს ვაზარიმ ლუკმა გადაყლაპა და უპასუხა: - რა ვიცი მეფეო, ყველა ჩემი ვარაუდი კრებაზე ვთქვი. ძალიან ჩახლართული ამბავია. ერონიდასმა თავი დაუქნია. იცოდა, რომ მალთუსი ყოველთვის სიმართლეს ეუბნებოდა. - ტყის შემოწმებას ემხრობი, - შეახსენა მან. - შევამოწმოთ, ჩვენი რა მიდის. თავი დავიზღვიოთ, - მიუგო მალთუსმა დაკვირვებით, მაგრამ თითქოს ხალისიანად. - ჯადოქრობა გახსოვს, მალთუს? - ღიმილით ჩაეკითხა მეფე. - აბა მე როდის მეხერხებოდა ჯადოქრობა, მეფეო. ყოველთვის მჯობნიდით, - ღიმილითვე უპასუხა ვაზარიმ. - მოხითხითე ხმლის ამბავი გახსოვს? - გაეცინა ერონიდასს. - მაგას რა დამავიწყებს, მთელი კვირა სდიეს სიცილს და მაინც ვერ გაარკვიეს რა გამოსცემდა ხმას, - გაეცინა მალთუსს. - ისევ შენი ოსტატობის წყალობით, მეგობარო, - მიუგო მეფემ და მხარზე ხელი დაადო. ამ ამბის გახსენებაზე ორივემ გულიანად გაიცინა. - რა ახალგაზრდები ვიყავით, - ღიმილით თქვა ერონიდასმა. - და რა თავზეხელაღებულები, - დაამატა მალთუსმა. მცირე სიჩუმის შემდეგ, რომელიც ძველი მოგონებების გონებაში გახსენებას მიეძღვნა, ერონიდასმა თქვა: - ხვალ მზადება დაიწყე, მალთუს. ორ დღეში გავალთ. მალთუსმა თავი დაუკრა და მიუგო: - როგორც მიბრძანებთ. იცით, ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა ერთი-ორი კარგი ჯადოქარიც წაგვეყვანა თან. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. ერონიდასმა აზრი მოუწონა და თავი დაუქნია: - ამ საქმეს შენ გაბარებ. როგორც გენებოს, ისე გააკეთე. საღამოსპირის ცის ცქერის შემდეგ, მალთუსმა თქვა: - თუკი, სხვა სურვილი აღარ გექნებათ, - და ერონიდასის თანხმობაზე განაგრძო, - ღამე მშვიდობისა, მეფეო, - თავაზიანად დაუკრა თავი და გამოემშვიდობა. - ღამე მშვიდობისა, ჩემო მეგობარო, - მიუგო ერონიდასმა ღიმილით. ერონიდასმა თბილი მზერით გააცილა მალთუს ვაზარი და მარტო დარჩა. ცას უკვე მუქი ლურჯი ეპარებოდა. ბუნებას ღამე ნელნელა ეუფლებოდა. უცებ უკნიდან ნაბიჯების ხმა გაიგო. ვიღაცამ კისერზე ნაზად შემოჰხვია ხელები. - როგორ ჩაიარა კრებამ? - იკითხა მისთვის ყველაზე საამო ხმამ. - ბევრი ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილება მივიღე. თქვენ რა ქენით, გაარკვიეთ სიზმარი ასტრონომთან? - ჰკითხა მან. - დიდი ქარაფშუტა ვინმეა ეგ შენი ასტრონომი. სიზმარს დაწვრილებით მოგიყვები. რა გადაწყვეტილება მიიღე? - დაეკითხა კასალანდრა. - ორ დღეში ნისლიან ტყეში წავალთ. იქაურობა უნდა შევამოწმოთ და... მაგრამ დამთავრება არ დასცალდა. დედოფალმა ხელები უმალვე ჩამოსწია და დაზაფრული მიაჩერდა: - მაგრამ, ერონიდას... - ნუ ღელავ, უსაფრთხოების ზომები მიღებული მექნება. ეს საქმე მალთუსს დავავალე. კასალანდრას ამან გუნება ვერ გამოუკეთა, პირიქით - უფრო დაამწუხრა. მისი სახის დანახვისას ერონიდასმა სათქმელი გამოასწორა: - კარგი, თავად მივხედავ. მაგრამ არ მესმის რატომ არ... - თან ისეთი ვინმე უნდა წაიყვანოთ, ვინც იქაურობა კარგად იცის, - კასალანდრა აღარ უსმენდა და ახლა თავის აზრებს უზიარებდა. - მეგზურის წაყვანას ისედაც ვაპირებდი. ალბათ, ვინმე ახლოს მცხოვრებს წამოვიყვანთ ან გამოცდილ მზვერავს, ვინც ის ადგილები კარგად იცის. მოკლედ, მალთუსი მიხედავს ამ საქმეს, კასალანდრა, - წამოსცდა ისევ. კასალანდრამ მწყრალად შეხედა. - მალთუსს არ ენდობი? - ეჭვით დაეკითხა ერონიდასი. - საქმე მაგაში არაა, - მიუგო დედოფალმა, - უბრალოდ მინდა ასეთ მნიშვნელოვან საქმეს შენ მოკიდო ხელი. ერონიდასი მისი სახით თუ იმსჯელებდა, კასალანდრა სულაც არ იყო კმაყოფილი მეფის ამგვარი გადაწყვეტილებით. კამათი არ უნდოდა, ამიტომ შუბლზე აკოცა და დედოფალი აივანზე მარტო დატოვა. უკვე დასაძინებლად ემზადებოდნენ, როცა კასალანდრამ სასხვათაშორისოდ თქვა: - ისე, ნეტა ყველა ასტრონომი ასეთი ჩერჩეტი და ქარაფშუტაა? - ცოტაოდენი დუმილის მერე კი დაამატა, - მეგონა ამ საქმეში სერვერალდს ბადალი არ ჰყავდა. - ამ საქმეში რას გულისხმობ, ქარაფშუტობას თუ ასტრონომიას? - დაეკითხა ერონიდასი. კასალანდრა შეცბა. - ერთსაც და მეორესაც, - მიუგო მან. - კარგი, მოვეშვათ ამას. რა გითხრათ სიზმარზე? კასალანდრას სახეზე უცნაურმა შეგრძნებამ გადაურბინა. - ერონიდას, ის, რაც მან თქვა, ის, რაც არლონდირმა მოყვა... ეს ხომ საშინელებაა, ერონიდას! მაგრამ, მაინც დიდად არ ვენდობი და... - სურათი მართლაც რომ საშინელი იყო სიზმრის კვალობაზე, მაგრამ კასალანდრა, ხომ იცი, რომ ხშირად სიზმრები ხდება? რაც არის, ის უნდა მივიღოთ. ახლა კი გისმენ, - და მიაჩერდა. დედოფალმა თავიდან ბოლომდე ყველაფერი უამბო: ის, რომ ბოლო შემთხვევის შემდეგ გოლიათების ფიგურირება სიზმარში სავსებით ნორმალური იყო. ფარფილუსს ისიც უთქვამს, შესაძლოა სიზმარმა ამ ჯანყის ნამდვილი მიზეზი და მიზანი გამოააშკარავაო - გოლიათების მმართველობაო! ამის გაგონებაზე ერონიდასს გაეღიმა. როცა კასალანდრამ მოყოლა დაასრულა, მეფეს მაშინაც არ გადასვლია სახიდან დამცინავი გამომეტყველება. - სულ ეს არის? - იკითხა ბოლოს. - ვიცი, საკმაოდ საშიში და საშინელი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ... - კასალანადრა რაღაცის თქმას ყოყმანობდა, - მაინც და მაინც, არ მომეწონა ეს ელფი, ერონიდას! რომ შემოვიდა ყვავილებზე დაიწყო საუბარი. ჩემს იისფერ მიხაკებზე მკითხა, შარშან რომ დავთესეთ. შთამბეჭდავიაო, ასე თქვა. ერთი სიტყვით, იისფერს აკვიატებული ელფია! ყველაზე ქარაფშუტა, ვინც კი ოდესმე მინახავს! ერონიდასი ჩუმად იყო. აცლიდა სათქმელს როდის დაამთავრებდა. - სერვერალდი ბევრად ჯობს, - თქვა კასალანდრამ, - იცი, ვიფიქრე, ხომ არ აჯობებდა მოგვეწვია, მისი ახსნაც მოგვესმინა და საბოლოო დასკვნას გამოვიტანდით. მესმის, რაც ჩაიდინა. მისი საქციელი ღალატის ტოლფასია და ერთი წუთითაც არ ვამართლებ, პირიქით - მინდოდა მისი მკაცრად დასჯა, მაგრამ მაშინ შვილს პირობა მიეცი და ხომ არ გატეხდი? უბრალოდ ახლა, არლონდირმა მთხოვა, იქნებ სერვერალდის ახსნაც მოვისმინოთო. ეს ფარფილუსი არც მას მოეწონა დიდად. მართალია, ერონიდას. ურიგო არ იქნებოდა, მასზე უკეთეს ასტრონომს მთელ ელფთა სამეფოში ვერ ვიპოვით. როცა ერონიდასი მიხვდა, რომ კასალანდრამ, ბოლოს და ბოლოს, დაასრულა, ეცადა ხმაში გაკვირვების ტონი შეეპარებინა: - ვხედავ, შენ და არლონდირი კარგად მომზადებულხართ. ტექსტი ვის ეკუთვნის, შენ თუ მას? ვერ ვხვდები, რატომ იწევს სულ სერვერალდისკენ, როგორ მიეჯაჭვა ასე... კასალანდრას ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ერონიდასს მისთვის ცივი წყალი გადაესხა. არ ელოდა საუბრის ასე მოტრიალებას. მან ხომ გულითადად იმუშავა იმაზე, რომ მეფე სერვერალდის მოწვევაზე დაეთანხმებინა. ახლა კი, ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნდა. არადა, თვითონაც ხომ არაერთხელ უფიქრია ამაზე. ხომ შეეძლო ერთხელ მაინც ეკითხა შვილისთვის რატომ უწევდა გული იმ ქარაფშუტა ასტრონომისკენ. მაგრამ არა. არასდროს უკითხავს. ალბათ, იმიტომ, რომ პასუხის მოსმენა არ უნდოდა. ეშინოდა, მაგრამ რის, ამის გარკვევა კასალანდრას ჯერ არ უცდია. ერონიდასმა პასუხად დუმილი რომ მიიღო, კარგა ხანს თვითნაც აღარ ამოუღია ხმა. ბოლოს მაინც კასალანდრამ დაარღვია სიჩუმე: - იცი, სერვერალდისგან, ალბათ, ახალ ინფორმაციას უნდა იღებდეს, მისთვის მიუწვდომელს. გახსოვს ის ღამე? სერვერალდთან რომ არ მისულიყო, ამას ალბათ ჩვენგან კიდევ დიდხანს ვერ გაიგებდა. ამიტომაც მოსწონს მასთან ერთად ყოფნა. მისგან იღებს იმას, რასაც ჩვენგან ვერ მიიღებს. - ნეტავი შენი თავი დაგანახვა მაშინ, მასთან რომ მივიდა სახლში. კიდევ გაამართლებდი? - შეახსენა ერონიდასმა ის საშინელი წუთები, როცა კასალანდრა ნერვიულობისგან კინაღამ ხელებში ჩაუვარდა. - ვითომ ტყუილს ვამბობდე, ერონიდას, - მიუგო კასალანდრამ. არადა, მწარედ ახსოვდა რა დაემართა იმ დღეს, როცა არლონდირი სერვერალდს ესტუმრა სახლში. - ორივემ ვიცით, რომ სუფთა წყლის სიმართლეს ამბობ, კასალანდრა. უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს, - თითქოს რაღაცაზე მიანიშნა ერონიდასმა. - მოკლედ, გადაწყვიტე ერონიდას! - და ამით კასალანდრამ საუბარი დაასრულა, გვერდზე გადაბრუნდა და ხმა აღარ ამოუღია. ერონიდასი კარგა ხანს დუმდა. ბოლოს, ოთახში ანთებულ სუსტ სინათლეებს გაუსწორა თვალი და გვერდზე გადაბრუნდა. მთელ ღამეს ერონიდასი კასალანდრას ნათქვამზე ფიქრობდა. ოთახში ზამბახის მათრობელა სურნელი ტრიალებდა. კასალანდრას კულულებს იქაურობა ერთიანად ზამბაზის არომატში მოექცია და მისგან დაღწევას ბედი არ ეწერა. ერონიდასმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მისთვის ყველაზე ძვირფასსა და საყვარელს. ყურებით რომ ვერ გაძღა, ცდუნებას ვერ გაუძლო და კულულებს შორის გამოჩენილ შუბლზე ნებივრად აკოცა. იფიქრებდა მის სიტყვებზე, აბას რას იზამდა? ეგ კი არა, სერვერალდსაც ახლავე მოიყვანდა, თუ საჭირო იყო. მაგრამ ამავე დროს გულმა ბაგაბუგი აუტეხა. თვალწინ გაურბინა ორი დღის წინ მომხდარმა კოშმარმა, არლონდირის სიზმარმა და მოულოდნელად, თავისმა ძმამ. თვითონაც ვერ მიმხვდარიყო, რატომ მოაგონდა უფროსი ძმა, სალდურინი. ის ხომ დიდი ხნის წინ დაიღუპა. კასალანდრასგან მიგვრილი წუთიერი ბედნიერება ნაღველმა და მარტოობის შეგრძნებამ გაუქარწყლა. ცოტა ხანს კიდევ სალდურინზე ფიქრობდა. მას მერე თოთხმეტი წელიწადი გასულიყო. მაინც რა იქნებოდა იმ საბედისწერო ბრძოლაში რომ არ ჩაბმულიყო? ახლა ხომ ცოცხალი იქნებოდა? - „ცოცხალი და მეფე“, - უკარნახა ვიღაცამ თავში. ერონიდასმა თავი გააქნია, თითქოს ამ აზრისგან გათავისუფლება უნდოდა. სინდისი ქენჯნიდა, უეცრად ასეთი ფიქრი რომ გაივლო გონებაში. - „არა, რა თქმა უნდა! ნეტა ცოცხალი ყოფილიყო... ნეტა ცოცხალი ყოფილიყო...“ - უპასუხა ბოროტ მოსაუბრეს და ფიქრებიც თავისით გაქრა. დილით, საუზმობისას კასალანდრამ ისევ წამოიწყო წუხანდელი საუბრის თემა. მეფის დაყოლიების შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ უნდოდა. - და იცით, ვფიქრობ რომ... - ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რას ფიქრობ, კასალანდრა, - მშვიდად შეაწყვეტინა ერონიდასმა, - მაგ საკითხზე უკვე ვიფიქრე. კარგით, მოიყვანეთ სერვერალდი, ოღონდ წინასწარ შემატყობინეთ, რომ სადმე თვალში არ გამეჩხიროს, - შერბეთი მოსვა და წამოდგა, - მიირთვით, ძვირფასებო. მე კრება უნდა ჩავატარო. - გუშინ ხომ იმსჯელეთ, ერონიდას? - გაცვიფრებითა და აღელვებით ჰკითხა კასალანდრამ. - საჭიროა კასალანდრა, ხომ ხედავ რა ვითარებაა, - მიუგო ერონიდასმა და თავზე აკოცა. მერე შებრუნდა და თავისი კაბინეტისკენ აიღო გეზი. კასალანდრამ ბოლომდე გააყოლა მზერა, ვიდრე მეფე თვალს მიეფარებოდა. მერე ისევ სუფრას მიუბრუნდა და საუზმობა განაგრძო. - სჯობს დღესვე მოვიყვანოთ, - უთხრა არლონდირმა და რადგან კასალანდრას არაფერი უთქვამს, დაამატა - სერვერალდს ვგულისხმობ. კასალანდრა დაეთანხმა, თავი დაუქნია და მალევე წამოდგა. არლონდირი მარტოდმარტო დარჩა მაგიდასთან. დედოფლის ხასიათის უცაბედი ცვლილება ეუცნაურა. უხალისოდ ილუკმებოდა. როდესაც მოათავა, ელფს უთხრა: - მთავარ ასტრონომს უხმეთ. მოვიდეს, - და გარეთ გავიდა. რამდენიმე ხანში სასახლეში ცნობა მოვიდა, რომ ასტრონომს ვერსად მიაგნეს. ამან არლონდირი ძალიან ააღელვა და გააოცა. - „სად უნდა წასულიყო ასე უცებ, თან ასეთ დროს?“ - ფიქრობდა თავისთვის, მაგრამ პასუხს ვერა და ვერ მიაკვლია. - იქნებ რამე შეემთხვა? - ჰკითხა დედამისს. - არ ვიცი, ძალიან უცნაური კია, - თავად დაეჭვებულმა მიუგო კასალანდრამ, - მოდი ჯერ მეფეს დავეკითხოთ, ვნახოთ რას იტყვის, - შესთავაზა შვილს და ერონიდასის დაბრუნებას დაელოდა. კრებამ ამჯერადაც დიდხანს გასტანა. ერონიდასი დარბაზიდან დაღლილი სახით გამოვიდა და პირდაპირ თავის მოსასვენებელს მიაშურა. - ერონიდას! მეფე შემობრუნდა და კასალანდრა და არლონდირი დაინახა. შეამჩნია, რომ ორივეს სახეზე აღელვება ეწერა და მათკენ გაეშურა. - მამა, ბრძანება გავეცი სერვერალდის მოყვანაზე, მაგრამ ვერსად მიაგნეს. სახლში არ არის, მარტო მსახური დაუხვდათ შინ, - არლონდირს ხმაში შიში შეეპარა, მაგრამ დამალვა არც უცდია. - ეს რას ნიშნავს? - დაეჭვებით იკითხა ერონიდასმა. უცებ თითქოს რაღაცას მიაგნოო, არლონდირს სახე გაუნათდა. - მსახური! - თქვა მან. - არლონდირ, ნორმალურად ამიხსენი, - დაიბნა ერონიდასი. - მსახური! როგორ ვერ მივხვდი აქამდე! ლაქმანი! ის ხომ სახლში დახვდათ ელფებს! მამა, ლაქმანი უნდა მოვიხმოთ, თან სასწრაფოდ! - შესძახა არლონდირმა. - ვინ არის ლაქმანი, არლონდირ? - ჰკითხა ერონიდასმა ჯერაც გაურკვევლად. - ერონიდას, სერვერალდი დაიკარგა. არლონდრის უნდოდა მოსაძებნად გაეშვა ელფები, მაგრამ გადავწყვიტეთ ჯერ შენთვის გვეთხოვა ნებართვა, - აუხსნა კასალანდრამ სწრაფად და არლონდირს მიუბრუნდა: - არლონდირ, დარწმუნებული ხარ? - კი, დედა. თქვენი ყურით არ გაიგონეთ? შინ არავინ იყო, გარდა სასოწარკვეთილებაში მყოფი მსახურისო. აქამდე როგორ ვერ მივხვდი! საბრალო! - და მეფეს თვალებით შეევედრა, - მამა, ძალიან გთხოვთ, მოვიხმოთ ლაქმანი, იქნებ იცოდეს რამე! ერონიდასი დაეჭვებული იდგა, მაგრამ ეტყობოდა, რომ საქმეში უკვე გარკვეულიყო. - მოვიხმოთ. მაგრამ მეეჭვება სასოწარკვეთილი ელფისგან რამე სასარგებლო მოვისმინოთ, - და მთავარ მსახურს უხმო. დარბაზში მთავარი მსახური შემოვიდა. - მთავარი ასტრონომის სახლში მიდით და მისი მსახური წამოიყვანეთ! - ბრძანა ერონიდასმა. ელფმა თავი დაუკრა და სწრაფად გაეშურა მაცნეების გასაგზავნად. მთელი ეს დრო, რაც არლონდირმა სერვერალდის გაუჩინარების შესახებ გაიგო, საშინელი წინათგრძნობა უმღვრევდა გულს. მთელი მისი ფიქრები ნისლიანი ტყისკენ იყო მიმართული. ცდილობდა საშინელი აზრები თავიდან ამოეგდო, მაგრამ ამაოდ. კასალანდრა შვილს უსიტყვოდ მიუხვდა მის გულისჩივილსა და მოუსვენრობას და თვითონაც შეწუხდა. უნდოდა როგორმე მისი მზერა დაეჭირა და თვალებით დაემშვიდებინა, მაგრამ ვერა და ვერ შეეჩეხა მის სახეს პირისპირ. ერონიდასი მდუმარედ იჯდა და სადღაც შორს იყურებოდა, მაგრამ დროდადრო ცალი თვალით შეხედავდა ხოლმე ორივეს. დრო გაიწელა. ბოლოს, როგორც იქნა, კარზე დააკაკუნეს და მთვარი მსახური გამოჩნდა. მის უკან კი ვიღაცის სლუკუნი და შესაბრალი ქვითინი გაისმა. - მოვიყვანეთ, მეფეო, - და მეფის თანხმობაზე, თავი მდაბლად დაუკრა და დარბაზში ორმა მსახურმა მოკრუნჩხული, მოქვითინე ელფი შემოიყვანა, უფრო სწორად - შემოათრია, რადგან თვითონ ფეხზე ვერ დგებოდა. მსახურები გავიდნენ და სტუმარი ძირს დაეცა, თან ტირილს არ წყვეტდა. - ადექი, - უბრძანა ერონიდასმა. ცდილობდა მკაცრად არ ელაპარაკა, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვიდოდა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ელფს არც მისთვის და არც მისი ბრძანებისთვის მიუქცევია დიდად ყურადღება: ერონიდასმა ისევ გაიმეორა: - ადექი, - ამჯერად უფრო რბილად. ელფმა ერთი კიდევ ამოისლუკუნა და ბოლოს, ძლივძლივობით, ფეხის ბორძიკით წამოდგა. - მ-მ-მეფეო! - ამოილუღლულა და ისე დაუკრა თავი, წონასწორობა დაკარგა და ისევ დაეცა. კვლავ წამოდგა და ეცადა მყარად მდგარიყო, მაგრამ ტირილი არ შეუწყვიტავს. - გ-გ-გთხო-ოვთ! დ-დამეხმარეთ! - და უფრო მწარედ ატირდა. არლონდირი შეშფოთებული უყურებდა. გაშტერებულიყო. ვერ წარმოედგინა, რომ ამ კოხტა, მოღიმარ, მორცხვ ელფს ოდესღაც ასეთ დღეში იხილავდა - სასოწარკვეთილს, გამტყდარსა და დაცემულს. - დამშვიდდი, გთხოვ. დაგეხმარებით, აბა რას ვიზამთ? ჩვენც შენი დახმარება გვინდა, - თბილად მიმართა კასალანდრამ. დედოფალი წამოდგა, ლაქმანთან მივიდა და სავარძელთან მიიყვანა. მსახურებს უბრძანა დამამშვიდებელი ნაყენი მოეტანათ და ისევ აქვითინებულ ელფს მიუბრუნდა. - დამშვიდდი, ყველაფერი მოგვარდება, - უთხრა თბილად, - დაჯექი და შეეცადე, დაწყნარდე. - დ-დ-დედოფალო! - ამოისლუკუნა ელფმა. კასალანდრამ ხელი გაუწოდა და ლაქმანი დიდი მოწიწებით ემთხვია და კარგა ხანს აღარ გაუშვია. ერონიდასმა დედოფალს თვალებით რაღაც ანიშნა, მაგრამ კასალანდრამ თავი გააქნია და სავარძელში მოკრუნჩხულს მზრუნველად შეხედა. ელფების მომზადებულმა ნაყენმა ლაქმანი მოაღონიერა და გონს მოიყვანა. ისევ ტიროდა, მაგრამ დროდადრო. თავს შეძლებისდაგვარად იკავებდა. როცა სლუკუნი და ოხვრა-ხვნეშა მოათავა, დაინახა, რომ მეფე-დედოფალი და უფლისწული თავზე წამოდგომოდნენ და უხერხულობისგან წამსვე ფეხზე ადგომა დააპირა, მაგრამ მეფემ ხელით ანიშნა დამჯდარიყო და დამამშვიდებელი ბოლომდე დაელია. როცა მეორე ჭიქაც გამოსცალა, ტირილი საბოლოოდ შეწყვიტა და ცრემლები სახელოთი შეიმშრალა. სახე შეშუპებული ჰქონდა, თვალები კი - სველი. ცოტა ხანს აცადა მეფემ გონზე მოსვლა და ბოლოს ჰკითხა: - ლაქმან, რა მოხდა? ლაქმანმა ღრმად ამოიხვნეშა და ეგონათ, ისევ გოდებას დაიწყებდა, მაგრამ ნაყენს მასზე უკვე კარგად ემოქმედა. ერთი ამოიოხრა და მოყოლა დაიწყო: - ორი დღის წინ, როცა ჩემი ბატონი სასახლეში იხმეთ, ცოტა გაუკვირდა და აღელვებაც კი შევატყე. როცა შინ დაბრუნდა, ნამტირალები და საშინლად სასოწარკვეთილი იყო. თვალები სულ დასველებოდა, ეტყობოდა, რომ ბევრი იტირა. რაღაცაზე თუ ვიღაცაზე გულნატკენი იყო და თავის თავს აღარ ჰგავდა. შემეშინდა, ვკითხე რა მოხდა, მაგრამ პასუხად მხოლოდ ეს მომიგო: „არავის ქვეყნიერების ზურგზე არ სჭირდება საცოდავი ასტრონომი სერვერალდი! არც მისი ცოდნა სჭირდება არავის! მორჩა!“ - ლაქმანმა ამოიოხრა და ისევ განაგრძო, - აიბარგა და სადღაც წასვლა დააპირა. ვცადე მისი შეჩერება. თქვენ ხომ ელფთა სამეფოს მთავარი ასტრონომი ხართ-მეთქი, მაგრამ ისღა გავიგე, რაღაც წაიბუტბუტა ჯადოქარზე და... და ტყეზე. მაშინვე კარში ავეტუზე და წასვლის ნება არ მივეცი, ის კი აგრძელებდა ჩანთაში ნივთების ჩაყრას და ბუტბუტს. რამდენი ვუჩიჩინე - დარჩით, თქვენ საუკეთესო ასტრონომი ხართ ქვეყნიერების ზურგზე, ჩემი ბატონი ხართ, უთქვენოდ რა მეშველება-მეთქი, მაგრამ არ მისმენდა. ბოლოს გამოვუდექი და ძალით ვცადე მისი შეჩერება, რახან სიტყვამ არ გაჭრა, მაგრამ ჯადოქრობით რას ვაჯობებდი? ხელები შემოკრა და კედელს მიმანარცხა. გონება დავკარგე და როცა გამოვფხიზლდი უკვე წასულიყო. მას მერე ადგილს ვერ ვპოულობ, ორი დღეა დავეძებ უგზო-უკვლოდ, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი ფიქრი მიტრიალებს თავში და გონებას მიზაფრავს, - არლონდირმა თვალი მიაშტერა და პასუხის მოლოდინში დაიძაბა, - როცა ჯადოქარი და ტყე ახსენა, იმწამსვე გავიფიქრე, რომ... რომ ნისლიან ტყეს გულისხმობდა. გულმა ცუდი მიგრძნო, მაგრამ რას მოვახერხებდი, უკვე წასულიყო. ნისლიან ტყეში, მარტო, შუაღამაისას... - და სახე ხელებში ჩარგო. მსმენელნი დაიზაფრნენ. არლონდირს გულმა რეჩხი უწყო, რადგან მისი ყველაზე საშინელი აზრები სააშკარაოზე გამოიტანეს. მეფე დუმდა. მოსმენილის კარგად აწონ-დაწონვა უნდოდა, რათა სწორი გადაწყვეტილება მიეღო. ბოლოს თქვა: - ხვალ ნისლიანი ტყის მონახულებას ვაპირებ. კარგია, რომ დროზე ადრე შეგვატყობინე ეგ ამბავი. ნებას გრთავ, ჩემთან ერთად წამოხვიდე, - ლაქმანი უეცრად, მადლიერების ნიშნად დაიხარა და მეფის მოსასხამის კიდეს ემთხვია, - და შენც, არლონდირ. ეს კი მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. უფლისწული დაიბნა, მაგრამ მალევე დაუკრა თავი და დაამატა: - როგორც ინებებთ, მეფეო, - რადგან მიხვდა, რომ ეს ბრძანება იყო. კასალანდრა წინააღმდეგობის ნიშნად იმწამსვე ფეხზე წამოდგა და მეფეს გაოცებული ტონით მიმართა: - ერონიდას, რა საჭიროა უფლისწულის წაყვანა? მის ნათქვამში გაოცებასთან ერთად აღშფოთებისა და აშკარა წინააღმდეგობის კვალი ერია. - მინდა სასახლის გარეთ შეეჭიდოს ცოტაოდენ სირთულეს, - მშვიდად მიუგო ერონიდასმა, - მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, - და ისევ ლაქმანს მიუბრუნდა. ლაქმანი ისევ ისე მოკრუნჩხული იჯდა, მაგრამ სახეზე უკეთესად გამოიყურებოდა. თვალებში კი იმედის ნაპერწკალი უღვიოდა. - ლაქმან, თუკი სხვა არაფერი გაქვს სათქმელი, მაშინ, ხვალ გამთენიისას სასახლის ეზოში გამოცხადდი. - ეს დ-დიდი პა-პატივია ჩემთვის, მ-მეფეო. გმადლობთ, რომ შეისმინეთ ჩემი გ-გულისტკივილი და მ-მეხმარებით. თქვენთვის ვ-ვ-ვილოცებ! - კიდევ ერთხელ ემთხვია ერონიდასის სამოსს, შემდეგ კი დედოფლისა და უფლისწულის სამოსის კიდეებს აკოცა, სამივეს დაუკრა თავი და არეული ნაბიჯით გაუყვა ვრცელ დარბაზს. როცა დარწმუნდა, რომ წავიდა, კასალანდრამ განაგრძო: - ამის გაკეთება საჭირო არ არის, ერონიდას. - სწორედაც რომ საჭიროა, - უპასუხა ერონიდასმა, - სასახლის გარეთ ცხვირსაც ვერ ყოფს! მე რომ მისი ტოლი ვიყავი... - ეგ შენ თვითონ დაუწესე თუ გახსოვს! სასახლის გარეთ გასვლა აუკრძალე! დაგავიწყდა? - გაბრაზებით ჰკითხა კასალანდრამ. - თავისივე უსაფრთხოებისთვის! და შენთვისაც, სხვათა შორის! და საერთოდ, არლონდირ, ამოიღე ხმა! - და ერონიდასი კუთხეში მდგარ არლონდირს მიუტრიალდა. არლონდირი მთელი ეს დრო განზე იდგა და იქიდან აყურადებდა მშობლების ცხარე კამათს. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ თავი დააქნია და თქვა: - წავყვები, დედა. დარდი ნუ გექნებათ. კასალანდრა გაფითრდა და ერთ ადგილზე გაქვავდა. არლონდირმა დაამატა: - ასე აჯობებს. კასალანდრას თითქოს მეტყველების უნარი წაერთვა, საპასუხო სიტყვებს ვერ პოულობდა, ბრაზი კი თანდათან ერეოდა. ბოლოს ამოილუღლუღა: - ის, ის... - ის თექვსმეტი წლის ჰარინია, კასალანდრა, - დაასრულა ერონიდასმა, - უვე საკმაოდ ზრდასრული იმისთვის, რომ... - ის ჯერ კიდევ ბავშვია! - დაიყვირა კასალანდრამ. მისმა ყვირილის ექომ მთელი დარბაზი შემოირბინა. ასეთი გაფიცხებული არასდროს ყოფილა. სახეზე ერთიანად აწითლებული იყო, ლოყები კი ავისმომასწავებლად უღაჟღაჟებდა. ფეხზე წამომდგარი უფრო გამაღლებული ჩანდა და თავის გარშემო ჩრდილს ჰფენდა. - მე ამას არ დავუშვებ! ერონიდას! ერონიდასმა იგრძნო, რომ თანდათან სიბრაზე იპყრობდა. - შენ არ გაქვს უფლება, მიბრძანო! შეეცადა მშვიდად ეთქვა, მაგრამ მის ხმაში მრისხანება იყო ჩადებული. არლონდირი საშინელმა გრძნობამ მოიცვა. მთელი არსებული დაძაბულობა მხრებზე დააწვა და სინდისის ქენჯნა იგრძნო: - ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, დედა, - ძლივსგასაგონად ამოღერღა და მერეღა გაუსწორა თვალი დედამისს, - ბავშვი აღარ ვარ. წავალ მამასთან ერთად, ეს ჩემთვის სასიკეთო იქნება. კასალანდრა წამით შედგა. ცოტახნის დუმილის შემდეგ, აუჩქარებლად დატოვა დარბაზი. მთელი ეს დრო არლონდირისთვის თვალი არ მოუშორებია. სანამ კასალანდრა თვალს მიეფარებოდა, ერონიდასმა დინჯად თქვა: - ხვალ, გამთენიისას გავალთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.