მეორე სიცოცხლე (თავი I)
-გილოცავთ, საქმე ოფიციალურად დახურულია სამინისტროს ერთ-ერთ კაბინეტში შეკრებილი სპეციალური ოპერაციების გუნდი მეთაურის მიმართვას ოვაციებით შეხვდა, შემდეგ კი მშვიდად დაიშალა. -ალექსანდრე, შენ რჩები, საქმე მაქვს. ვერანდაზე გავიდნენ, მამაკაცმა სიგარეტის კოლოფი გაუწოდა ალექსს და მშვიდად დაარტყა რამდენიმე ნაფაზი. -მეგონა შვებულება მეკუთვნოდა. ზაზამ წარბები აზიდა -ეს საქმე დაგაინტერესებს. -ზურაბ ვაჩნაძე და მისი ოჯახი ხომ გახსოვს?-რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ განაგრძო. -რა თქმა უნდა,-კბილებიდან ჩუმად გამოცრა. -წამოდი, კაბინეტში გავაგრძელოთ,-მხარზე ხელი ფრთხილად დაჰკრა ზაზამ. -ახალ ოპერაციას უნდა ჩაუდგე სათავეში,-დაიწყო როგორც კი კაბინეტში შევიდნენ,-ზურაბის ოჯახში გგზავნით, მისი ქალიშვილი უნდა დაიცვა. -გამორიცხულია,-ირონიულად გაიცინა ბიჭმა,-მე არც პირადი დაცვა ვარ, არც ძიძა, მითუმეტეს იმ გოგოსი. ის იყო ალექსანდრემ წამოდგომა დააპირა, ზაზამ რომ შეაჩერა. -ეგ გოგო ლევანი ბერიძის დაკავების ერთადერთი გზაა,-მისი ხსენებისას ალექსი წამოენთო, თვალებში ზიზღი ჩაუდგა,-ამდენი წელია დავდევთ და მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არანაირი სამხილი არ გვაქვს, ძველ საქმეებს უნდა დავუბრუნდეთ. -სამი წლის წინ მომხდართან ახლა მიბრუნებას რა აზრი აქვს? ეგ საქმე ისე ჩაიფარცხა, ნა*****რ გეგეშიძეს შეაწმინდეს ხელი, დანარჩენი ყველა გამოძვრა. -იმიტომ რომ გოგომ ხმა არ ამოიღო,-მშვიდად მიუგო ზაზამ,-მამამისმა დახმარება მთხოვა. როგორც ჩანს, ლევანი ისევ გააქტიურდა. უნდა რომ მისი ქალიშვილი დაიცვას, ლევანი არ გაჩერდება სანამ ზურაბს არ გაუსწორდება და მისი პარტნიორის მკვლელობისთვისაც შურს არ იძიებს. -ხმა არ ამოიღო? -აი ასე, არავინ დაადანაშაულა,-ხელები გაშალა ზაზამ,-მტკიცებულებები მხოლოდ გეგეშიძის ბრალეულობის დამტკიცებას ეყო და ეგეც სპეცოპერაციისას დაიჭრა, მეორე დღეს კი ჩაძაღლდა. ზაზამ უჯრიდან საქაღალდე ამოიღო და წინ დაუდო. პირველივე გვერდიდან ნაცნობი სახე უყურებდა. შავთმიანი გოგონა ყავისფერი თვალებით, გრძელი წამწამებით, პატარა ცხვირითა და სავსე ტუჩებით. საკმაოდ ლამაზი იყო. ზუსტად სამი წლის წინ მისი სახე ყველა საინფორმაცოში ტრიალებდა, როგორც ცნობილი ბიზნესმენის გატაცებული ქალიშვილი. -კარგად შეისწავლე მისი ისტორია, არც ისეთი მარტივი იქნება მასთან ურთიერთობა. ხვალ მათთან გადახვალ. საერთოდ არ ეპიტნავებოდა გატუტუცებული გოგოს ძიძობა. თუმცა ლევანის გამოჭერას წლებია თავადაც ცდილობდა, ამიტომ დიდხანს აღარ უყოყმანია, ფაილი გამოართვა და კარისკენ დაიძრა. -ალექსანდრე, გუნდს გაბარებ, შეგიძლია წაიყვანო როცა დაგჭირდება-სიტყვა დააწია ჩაფიქრებულმა ზაზამ. ალექსიმ თავი უსიტყვოდ დაუკრა და კარში გაუჩინარდა. *** საღამოს ლუდის თანხლებით აივანზე საქაღალდემომარჯვებული იჯდა. ელა ვაჩნაძე, დაბადებული 2001 წლის 3 აპრილს. -კი, ნამდვილად ძიძობას მიპირებენ,-მშრალად ჩაეცინა. 3 წლის წინ გაიტაცეს მამამისის და ლევანი ბერიძის სამშენებლო კომპანიებს შორის დაპირისპირების გამო, მას შემდეგ, რაც თითქმის 1 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ მიწის ნაკვეთების გადანაწილებაზე ვერანაირი გზით ვერ შეთანხმდნენ. ამას გარდა, ზურაბმა უარი განუცხადა ლევანის ბავშვობის მეგობრისა და პარტნიორის შვილს, ირაკლი გეგეშიძეს ქალიშვილის მითხოვებაზე, რის გამოც ოჯახმა მეორე მტერიც გაიჩინა. ზურაბისთვის ჭკუის სასწავლებლად ელა ვაჩნაძე გაიტაცეს. ზუსტად 2 თვე მისი ადგილმდებარეობა არავინ იცოდა. არც ვაჩნაძეებთან გამოსულა არავინ კონტაქტზე რაიმე მოთხოვნით. საბოლოოდ გოგონა ვაჩნაძეებთან ანონიმურად მისულმა წერილმა იხსნა, სადაც მისი ადგილმდებარეობა ეწერა. სპეცოპერაციისას გარდაიცვალა ირაკლი გეგეშიძე, დაცვის ერთი წევრი და ლია ბარბაქაძე, რომელიც ლევანი ბერიძის ვილაში მოახლედ მუშაობდა. ალექსანდრემ ხელები მომუშტა, ყვრიმალები დაებერა. ელა ვაჩნაძემ საავადმყოფოში 6 თვე გაატარა სხეულის მძიმე ტრამვების გამო. ოთხი ჩამსხვრეული და არასწორად შეხორცებული ნეკნი, მოტეხილობები, ჭრილობები სახესა და მთელს სხეულზე, გაუპატიურება. თვითმკვლელობის ორი მცდელობა. არანაირი თანამშრომლობა გამოძიებასთან. 2 წელზე მეტია საზოგადოებაში არ ჩანს. ალექსიმ ფაილი მაგიდაზე მოისროლა და შუბლი ნერვულად მოისრისა. გამორიცხულია 2 თვის განმავლობაში რამე არ შეემჩნია. როგორმე ელა ვაჩნაძე უნდა აელაპარაკებინა. *** დილას ადრე ვაჩნაძეების აგარაკისკენ გაემართა, სადაც იმ უბედური შემთხვევის შემდეგ დასახლდნენ. სახლს დიდი გალავანი არტყავდა, ყოველ კუთხე-კუნჭულში კამერები დაემონტაჟებინათ. მანქანით მისთვის გაღებული კარი გაიარა და დაინახა, როგორ გამოვიდა მასთან შესაგებებლად ზურაბ ვაჩნაძე. -ალექსანდრე ბარბაქაძე, არა? -დიახ,-გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. -მე ზურაბ ვაჩნაძე ვარ, ეს ჩემი მეუღლეა, ნინო,-გვერდით მდგარ ქალზე მიუთითა,-ზაზამ მითხრა რომ ჩვენს საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია გაქვს. -ასეა,-მშვიდად მიუგო ალექსანდრემ. -ელას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება,-ისედაც სევდიანი თვალები კიდევ უფრო აუწყლიანდა ნინოს,-ხომ გესმით, ისედაც ძალიან ბევრი გადაიტანა და კიდევ რამე რომ მოხდეს... -არავის მეთვალყურეობა არ მჭირდება,-ქალის ცივი, თუმცა სუსტი ხმა გაისმა და ალექსიმ თავი ავტომატურად მიატრიალა ხმის პატრონისკენ. მოულოდნელად ელდა ეცა, სიფერმკრთალისა და აშკარა მოუვლელობის მიუხედავად, ელა ვაჩნაძე ნამდვილ ნიმფას ჰგავდა. ჩვეულებრივ ჯინსსა და ფართო მაისურში იყო გამოწყობილი. თავაწეული იდგა გამართული, თუმცა ალექსის მახვილ თვალს მის თვალებში ჩამდგარი შიში მაინც არ გამოპარვია. ელამ დაჟინებული მზერა მამაკაცისკენ მიმართა და წამიერად შეცბა მისი ცივი გამოხედვისა და საოცრად ღრმა, ლურჯი სფეროების დანახვისას. ალექსანდრემ კიდევ ერთხელ გაიაზრა, რომ მისი მიზანი არც ისეთი მარტივი მისაღწევი იქნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.