ნავსაყუდელი ( 12 ) დასასრული
- ღელავ? -დათამ საკუთარი ხელით შეუკრა ღვედი ლარას და მერე შაკოს გვერდით მჯდარ ლუკას გადახედა, რაღაცას ხატავდნენ და გულიანად იცინოდნენ. - რომ გითხრა არ ვღელავთქო მოგატყუებ, -ილუმინატორის ჟალუზი გახსნა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერით მოათვალიერა ასაფრენი ბილიკის მიმდებარე გარემო რომელსაც ნელ-ნელა შორდებოდნენ. - მადლობა რომ დამთანხმდი და საქართველოში ჩემთან ერთად მოდიხართ. - დროებით მოვდივართ, -მოკლედ მოუჭრა და თვალები დახუჭა. - თუნდაც დროებით იყოს, -გაეღიმა დათას, ახლა ლარასთან კამათს არ აპირებდა მაგრამ უკვე გეგმებს სახავდა გონებაში რას გააკეთებდა იმისთვის რომ ლარას აღარასოდეს მოესურვებინა ამერიკაში დაბრუნება. - კარგი იქნებოდა რომ მატილდა და აიზეკიც წამოსულიყვნენ, ვთხოვე მაგრამ ვერ მოახერხეს, არადა მე და ლუკა მოვიწყენთ მათ გარეშე, ლუკას განსაკუთრებით მოენატრება მატილდა, ფაქტიურად მეორე დედასავით იყო მისთვის. - რატომ არ წამოვიდნენ? - აიზეკს ახალი სამსახური შესთავაზეს, ისეთ გახარებული იყო, ზუსტად ისეთი ადგილია როგორზეც ვოცნებობდიო, მგონი კარგა ხანს ვერ მოიცლის დასასვენებლად, -მოწყენილი საუბრობდა გაბუსხული ტუჩებით და პატარა ცხვირს საყვარლად მანჭავდა, მისი შემყურე დათა ღიმილს ვერ იკავებდა, რას არ მიცემდა ახლა სულ რამდენიმე წამით მასთან ჩახუტება რომ შეძლებოდა მაგრამ იძულებული იყო თავი შეეკავებინა, არ უნდოდა რამე გაეფუჭებინა... აეროპორტში რეზი და ნიკუშა დახვდნენ, ლუკა თვალებგაფართოებული უყურებდა როგორ იკრავდნენ ბიჭები გულში ლარას, ბოლოს შეშინებულმა მოქაჩა დათას ხელზე. - უშველე მამა, ასე გაჭყ*ლეტენ. შაკოს გადახედა დათამ და ორივეს ერთად აუტყდა თავშეუკავებელი სიცილი, აეროპორტიდან სახლისკენ მიმავლებს გზაში ჩაეძინათ ლუკას და ლარას, კარგა ხნის შემდეგ ლარამ თვალი რომ გაახილა და სრულიად უცნობი გარემო დაინახა გაკვირვებულმა შეანათა დათას დიდი თაფლისფერი თვალები. - სად ვართ? მეგონა სახლში მივდიოდით. - სახლში მივდივართ, თბილისიდან რამდენიმე წუთის სავალზე ვართ, ის სახლი კარგა ხანია რაც გავყიდე, ახლა აქ ვცხოვრობ, აი ეს არის, -მწვანეში ჩაფლული, მაღალი ღობით შემოსაზღვრული, ერთსართულიანი წითელი კრამიტით გადახურული ულამაზესი შენობისკენ მიუთითა და ლარას აღფრთოვანებული მზერაც არ დარჩენია შეუმჩნეველი. - რა ლამაზია, ესე იგი აქ ვიცხოვრებთ? - აქ ვიცხოვრებთ, ვიცოდი რომ მოგეწონებოდა, -ღიმილით გადმოხედა, ზურგს უკან კარი დაკეტა და შეჩერდნენ კიდეც. - ბიჭები არ წამოსულან? -ლარამ ახლაღა შეამჩნია რომ უკან არავინ მოყვებოდათ. - საქმეები ჰქონდათ, რამდენიმე დღე მხოლოდ მე შენ და ლუკა ვიქნებით აქ, იმედია საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, -დაძაბულმა გაუსწორა თვალი. - არა რათქმაუნდა საწინაღმდეგო არაფერი მაქვს, -ლარამ კარი გააღო გადმოვიდა და ხარბად ჩაისუნთქა სხვადასხვა მცენარის სურნელით გაჟღენთილი სუფთა ჰაერი, ის იყო ავტომობილისკენ შებრუნება დააპირა ლუკას გადმოსაყვანად რომ ძაღლის ყეფა მოესმა, დაინახა როგორ გამოვარდა სახლის უკნიდან უზარმაზარი ნაცრისფერი გრძელბეწვიანი ნაგაზი და პირდაპირ მისკენ წამოვიდა ყეფით, უკან მაღალი ჭაღარათმიანი კაცი მოსდევდა ხელში თასმით და შეშინებული ეძახდა რომ გაჩერებულიყო, წამიერად გადახედა ლარამ მოულოდნელობისგან დაბნეულ და ერთ ადგილზე გაშეშებულ დათას მერე ისევ უკვე მოახლოებულ ძაღლს შეხედა, გაშლილი ხელი მაღლა ასწია და დაუყვირა რომ გაჩერებულიყო, უცხო სტუმრების მხრიდან მისი დანახვისას პანიკას და წივილ-კივილს შეჩვეული გაოცებული ჩაჯდა, თავი გვერდზე გადაწია, ენა გადმოაგდო და საყვარლად დაკრიჭა უზარმაზარი კბილები. - როგორი ბოთე ხარ, -ხმამაღლა გადაიკისკისა ლარამ და ხელი გაუწოდა რომ მისთვის დაყნოსვის საშუალება მიეცა. - კარგი რა აკაკი, კინაღამ გული გამისკდა, რატომ არის აშვებული? -უსაყვედურა დათამ მოახლოებულ მამაკაცს და გაოცებულმა შეხედა დაჩოქილ ლარას რომელსაც ძაღლი უკვე სახეს ულოკავდა. - მაპატიეთ, ეტყობა იგრძნო რომ დაბრუნდით და აიწყვიტა, პირველად ვხედავ რომ ასე იქცეოდეს, თქვენ არც კი შემოგხედათ. - ჰოო, ჯერ ჩვენი სახლის დიასახლისის გაცნობით არის დაკავებული, -თბილად ჩაიღიმა და კარი გამოაღო რომ ლუკა გადმოეყვანა. - - - - - - - - მთელი ღამე გაუნძრევლად ეძინა, ღრმად, უსიზმროდ, გაღიმებულმა გაახილა თვალები, წამოჯდა და ოთახი მოათვალიერა, საძინებელში მარტო იყო, ახსოვდა როგორ შეპირდა დათა მეც ამ ოთახში დივანზე დავიძინებო, თუმცა არამარტო დათა ლუკაც არსად ჩანდა, საათს რომ მოკრა თვალი გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, პირველი ხდებოდა, უკვე ვეღარც იხსენებდა როდის ეძინა ბოლოს ამდენი, წამოდგა, სწრაფად დაივარცხნა თმა, თეთრი თხელი სარაფანი გადაიცვა და საძინებლიდან გამოვიდა, ყურადღებით ათვალიერებდა სახლს, ფართო და ნათელი იყო, გემოვნებით მოწყობილი, მისაღებში არავინ იყო, არც სამზარეულოში, მთელ სახლში სამარისებური სიჩუმე სუფევდა, აღელდა, რამდენიმე წუთში რამდენიმე სხვადასხვა სცენარი შექმნა გონებაში თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, დაფეთებული გავარდა ეზოში, სახლის უკანა მხრიდან ხმაური რომ შემოესმა სირბილით გაყვა ფერადი ქვებით მოკირწყლულ ბილიკს და გულამოვარდნილი შედგა ერთ ადგილზე როცა მწვანედ აბიბინებულ მინდორზე ქოფაკთან მოთამაშე შორტებში გამოწყობილი ფეხშიშველი მამა-შვილი დაინახა. - დედიკო, -პირველად ლუკამ შეამჩნია და სირბილით წამოვიდა მისკენ, დათაც უკან მოყვა, ხელში აიტაცა ლარამ ლოყებაწითლებული ბიჭუნა და გულში ჩაიკრა. - დილა მშვიდობის, კარგად ხარ? ისეთი სახე გაქვს თითქოს რაღაც საშინელება მოხდა, -დათა ყურადღებით აკვირდებოდა ლარას გაფითრებულ სახეს. - არა უშავს, კარგად ვარ, უბრალოდ რომ გავიღვიძე და ლუკა ვერსად ვიპოვე ვიფიქრე რომ... - რა იფიქრე? -ხმაში ერთდროულად გაუკრთა ბრაზი და სევდა, ცოტა ხნის წინ სიხარულისგან მბრწყინავი თვალები კი აემღვრა. - არაფერი მთავარია რომ აქ ხართ, უბრალოდ რაღაც არასწორად... - არ გინდა ნუღარ გააგრძელებ, ყველაფერი გასაგებია, -შეაწყვეტინა და ნაძალადევად გაუღიმა, -მოდი იცი რა ვქნათ, ახლა მე და ლუკა საუზმეს მოგიმზადებთ, ჩვენ უკვე მივირთვით ასე რომ სპეციალურად შენთვის გავაკეთებთ რამეს, რას იტყვი ლუკა გავუკეთოთ დედიკოს საუზმე? - გავუკეთოთ, -ლუკა მაშინვე გაუსხლტა ლარას მკლავებიდან და დათას აედევნა უკან, მოღუშული უყურებდა ლარა სახლისკენ გვერდიგვერდ მიმავლებს, ხვდებოდა რომ სურვილის მიუხედავად ძალიან გაუჭირდებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება... - ასეთ ბედნიერს პირველად ვხედავ, -უკნიდან რომ მოესმა, შიშისგან შეხტა, -მაპატიე შენი შეშინება არ მინდოდა, -ზურგს უკან აკაკი ედგა და თბილად უღიმოდა. - დილა მშვიდობის, -მორცხვად ჩაილაპარაკა ლარამ. - მშვიდობიანი დილა მოგცეს ღმერთმა შვილო, მიხარია რომ აქ ხარ, დათას ბავშვობიდან ვიცნობ, თავიდან მის მშობლებთან ვმუშაობდი მებაღედ, ახლა ამ სახლს ვუვლი, უკვე თითქმის ხუთი წელია აქ ცხოვრობს, გული მიკვდებოდა როცა ვხედავდი როგორ იტანჯებოდა. - რას გულისხმობთ? - საღამოობით როცა სამსახურიდან მოდიოდა საათობით იჯდა ხოლმე ბაღში და ერთ წერტილს უყურებდა გაშეშებული, ფაქტიურად არ ჭამდა, არ ეძინა, ბევრჯერ მინახავს როგორ დადიოდა შუაღამისას ეზოში მოჩვენებასავით, აღარ საუბრობდა, აღარ იღიმოდა, მისი მეგობრების უამრავი მცდელობების მიუხედავათ მათთან ერთად გართობაზე უარს ამბობდა, ერთადერთი რასაც თავს არ ანებებდა სამსახური იყო, ერთხელ ვკითხე თუნდაც ერთი დღით რატომ არ ისვენებ მეთქი... - რა გიპასუხათ? -ათრთოლებული ხმა ჰქონდა ლარას. - რომ დავისვენო და სამსახურის გარდა სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება იმაზე უნდა ვიფიქრო რაც ჩავიდინე და გავგიჟდებიო, არ ვიცი რა ჩაიდინა და ის რაც მოხდა შენთან არის თუ არა დაკავშირებული მაგრამ მინდა იცოდე რომ ძალიან ნანობდა... - ხანდახან სინანული არ არის საკმარისი, თუმცა ძალიან მინდა რომ იყოს, -ამ სიტყვებს გულიც თან ამოაყოლა, აკაკის სევდიანად გაუღიმა და თავდახრილი წავიდა სახლისკენ. მისაღებში ისხდნენ და ყავას სვამდნენ, ლუკა კი ახალი მანქანით თამაშობდა, ამჯერად აღარ ცდილობდა დათა საუბარს, ჩუმად იჯდა ჩაფიქრებული და ყავის ჭიქას ჩაჰყურებდა, შეკრთა როცა მისმა ტელეფონმა დარეკა, არც კი დაუხედავს ვინ იყო ისე უპასუხა, მოღუშულმა გათიშა და წამოდგა. - მაპატიე ლარა შეგპირდი რომ არ გავიდოდი მაგრამ სამსახურში აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, რომ არ მივიდე არ შეიძლება, სულ ორი საათი მჭირდება და დავბრუნდები. - სამსახურში მიდიხარ? მეც წამოვალ რა, -ლუკამ მასთან მიირბინა და ფეხებზე შემოეხვია. - გეყოფა, გასართობად კი არ მიდის, შენთვის არ ეცლება, -ლარამ შეეცადა ლუკა ხელში აეყვანა მაგრამ დათამ არ დაანება. - წავიყვან, თუ რათქმაუნდა მისი წაყვანის უფლებას მომცემ, -ისე საცოდავად შეხედა, ლარას თითქოს გულში რაღაც ჩასწყდა, თავს ძალა დაატანა რომ გაეღიმა. - ის შენი შვილია დათა და თუ თვითონ უნდა რომ წამოვიდეს ჩემგან ნებართვის აღება არ გჭირდება, უბრალოდ ეცადეთ მალე დაბრუნდეთ სახლში თორემ ცოტა ხანში მოიწყენს და შეიძლება იტიროს. - მე უკვე დიდი ბიჭი ვარ და არ ვიტირებ, -საყვარლად ჩაიბურტყუნა ლუკამ. - ჰოო შენ ჩემი დიდი ბიჭი ხარ, -ხელში აიტაცა დათამ გულში ჩაიკრა, სახე მის აჩეჩილ კულულებში ჩარგო და თვალები მინაბა. ღია კარში იდგა ლარა და უყურებდა როგორ მიდიოდნენ ჭიშკრისკენ ხელჩაკიდებულნი, ლუკა მხიარულად მიხტოდა, დათას მოხრილ ბეჭებზე გაუშეშდა მზერა, თავჩაღუნული მიდიოდა, მძიმედ ადგამდა ნაბიჯებს... - მოიცადე, ცოტა ხნით დამელოდე, -ვეღარ მოითმინა და გაუცნობიერებლად წამოსცდა, სირბილით წავიდა მათკენ, გაკვირვებული უყურებდა დათა როცა ლარა მიუახლოვდა და გულამოვარდნილი შედგა მის წინ, სუნთქვა შეეკრა როცა თითისწვერებზე აიწია, მისი სახე თხელ თითებში მოიქცია, ერთხანს ღიმილით უყურებდა და მერე ძალიან ნელა, მსუბუქად შეეხო ბაგეებზე... - მალე დაბრუნდით, -თბილი ხმით ჩასჩურჩულა, ყურს ქვემოთაც დაუტოვა მხურვალე კოცნა და მერე ერთბაშად მოშორდა, საოცარი იყო დათას ცვლილება, თითქოს ერთბაშად გამოიდარა, მხრებში გაიმართა, თვალები გაუბრწყინდა, ტუჩებს ვერ იმორჩილებდა რომ არ გაეღიმა, არაფერი უთქვამს უბრალოდ თავი დაუკრა, ლუკა ხელში აიტაცა და ავტომობილის კარი გამოაღო. სამზარეულო მიალაგა და მერე მათ დაბრუნებამდე ლუკას საყვარელი ვაშლის ჯემიანი ნამცხვრის გამოცხობა გადაწყვიტა, უცნაურად გახალისებული ღიღინ-ღიღინით აკეთებდა ცომს, როგორც იქნა სავსე ფორმა ღუმელში შედგა, იქაურობა მიალაგა და ხელები გადაიბანა. - შევძლებ, აუცილებლად შევძლებ, -თვალები დახუჭა და ხელებით დაეყრდნო მაგიდას, დათას გაბრწყინებული სახე და თვალები დაუდგა თვალწინ, მისი კოცნისას უზომო სიახლოვის და მონატრების მეტი არაფერი უგრძვნია, არც შიში, არც ზიზღი, არც სიძულვილი, მხოლოდ მისი შეხების და მასთან უფრო ახლოს ყოფნის სურვილი... კარზე კაკუნის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან, ჯერ კიდევ დათაზე ოცნებაში გართული მივიდა კართან და გამოაღო, რატომღაც არ გაკვირვებია როცა ელენე და მის გვერდით მდგომი მაღალი, ლამაზი, შუახნის ქალბატონი დაინახა, ბევრი არ უფიქრია, მაშინვე მიხვდა ვინც შეიძლება ყოფილიყო, ლია იყო, დათას დედა, ქალი დაკვირვებით ათვალიერებდა ლარას. - ესე იგი მართალი ყოფილა რაც მითხრეს და შენ აქ ხარ, -ცივი მკაცრი ხმით თქვა, ლარა უბოდიშოდ გასწია გვერდზე და სახლში შევიდა ელენეც მას მიყვა, მისაღებში ისე შევიდნენ და ისე მოკალათდნენ დივანზე თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყვნენ. ლარას არაფერი უთქვამს მათ წინ მდგარ სავარძელში ჩაეშვა გულზე ხელებ დაკრეფილი, ელოდა როდის დაიწყებდნენ საუბარს. - მართალია რაც გავიგე? -ისევ ქალმა ითავა საუბრის დაწყება. - არ ვიცი თქვენ რა გაიგეთ, -ხელები ღიმილით გაშალა ლარამ, -შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად მკითხოთ რაც გაინტერესებთ? - თავს ნუ ისულელებ, -ელენემ ვეღარ მოითმინა ფა ფეხზე წამოხტა, -ამდენი ხნის შემდეგ ვიღაცის ბავშვთან ერთად დაბრუნდი და ცდილობ ლუკას დააჯერო რომ მისი შვილია? მშვენივრად ვიცი რომ იმის შემდეგ რაც მოხდა ნაყოფი მოიშორე, ან საერთოდ როგორ შეგიძლია დათასთან ისევ ისე იურთიერთო თითქოს არაფერი მომხდარა, მის მეგობრებსაც ისე ეხუტებოდი აეროპორტში... - შენ რა გვითვალთვალებდი? -ლარამ ძლივს მოახერხა სიტყვის ჩართვა. - უბრალოდ ვიცოდი დათა როდის უნდა ჩამოსულიყო და მინდოდა დავხვედროდი, მან კი ყველას სიურპრიზი გაგვიკეთა და შენ ჩამოგიყვანა თან, გინდა გითხრა საიდან ვიცი იმის შესახებ რაც თქვენ შორის მოხდა? -სიბრაზისგან გაწითლებულს აშკარად ერთი სული ჰქონდა სანამ კიდევ რაღაც სისაძაგლეს ეტყოდა. - არ გინდა თავს ნუ დაიღლი მშვენივრად ვიცი ვინც გითხრა, ნიკუშას სახლში მიაკითხე, სასმელში რაღაც ჩაუყარე, მასთან იწექი რომ ჩემს შესახებ მისთვის ინფორმაცია დაგეცინცლა. - შენ... შენ ეს საიდან იცი? -ენა დაება და ღონემიხდილი მიესვენა დივანზე. - თვითონ ნიკუშამ მომიყვა დიდი ხნის წინ, ასე რომ ტყუილად ცდილობ, დათას, მის მეგობრებსა და ჩემს შორის განხეთქილების ჩამოგდებას, ახლა კი ორივემ დატოვეთ ჩემი სახლი, არანაირი სურვილი არ მაქვს, თქვენს უაზრო ბრალდებებს და შეურაცხყოფას ვუსმინო, -მშვიდად წამოდგა და კარისკენ ანიშნა დაუპატიჟებელ სტუმრებს. - როგორ მიბედავ, -ლია გაცოფებული წამოხტა ფეხზე, როგორ მიბედავ და ჩემი შვილის სახლიდან მაგდებ, ეს შენ უნდა წახვიდე აქედან, ახლავე მოკიდე ხელი შენს შვილს და იქ დაბრუნდი საიდანაც ჩამოხვედი, გგონია დაგიჯერებ რომ ის ბავშვი მართლა დათას შვილია? - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას შენ რა გჯერა და რა არა, -მისაღებში დათას ხმა გაისმა და რამდენიმე წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა... - მაინც არ უნდა მოქცეოდი ასე დედაშენს, -მოღუშულმა ჩაილაპარაკა ლარამ როცა დათამ კარი მიხურა და მისკენ შემობრუნდა. - არავის აქვს უფლება შენსა და ლუკაზე ასე ისაუბროს, ეს მხოლოდ ჩვენი ცხოვრებაა, მხოლოდ ჩვენი, გპირდები ვიფიქრებ იმაზე რომ ვაპატიო თუკი გაითავისებს და შეეგუება იმას რომ თქვენ მთელი ჩემი ცხოვრება ხართ. - ნამცხვარი გამოვაცხვე, ლუკა სად არის? -სამზარეულოსკენ წავიდა ლარა რომ როგორმე საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა. - ეზოში შემოვედით თუ არა ძაღლთან სათამაშოდ გაიქცა, აცადე ცოტა გაერთოს, -ზურგს უკან დაუდგა ლარას, ხელები ნაზად შემოხვია წელზე და მხარზე ნიკაპით დაეყრდნო. - მესმოდა როცა დედაჩემს ელაპარაკებოდი და ძალიან მესიამოვნა ამ სახლს შენი სახლი რომ უწოდე, -ფრთხილად შემოატრიალა მისკენ, შუბლზე აკოცა და გულში მაგრად ჩაიკრა. უკანა ეზოში გაშლილ სუფრასთან ისხდნენ, შაკო და რეზი ლუკას ართობდნენ, ნიკუშა კი ლუკას ეხმარებოდა ლარას მომზადებული კერძების გამოტანაში, ლარას ტელეფონი ედო წინ და აიზეკს და მატილდას ესაუბრებოდა. - კარგად გამოიყურები მეგობარო, თვალები ბედნიერებისგან გიბრწყინავს, -მატილდას აშკარად ახარებდა ლარას კარგად ყოფნა. - მშვიდად ვარ, ისე როგორც ხანგრძლივი შტორმის შემდეგ გადარჩენილი, მშვიდ ყურეში, წყნარ თბილ ტალღებზე მოტივტივე ნავი. - საბოლოოდ ჩაუშვი ღუზა? - ასე გამოდის. - ოჰ, თქვენ და თქვენი მეტაფორები, -სიცილი ვერ შეიკავა აიზეკმა. - როგორ მინდა რომ ახლა ორივე აქ იყოთ ჩემთან ერთად, -დაიწუწუნა ლარამ. - მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო მაგრამ ვეღარ ვითმენ ასე რომ გეტყვი ლუკას ნათლობისთვის მანდ ვიქნებით, რამდენიმე დღით გესტუმრებით. - კი მაგრამ როგორ აიზეკ, ჯერ ახლა დაიწყე მუშაობა, არ მინდა სამსახურში ჩემს გამო საქმე გაგიფუჭდეს. - შენ მაგაზე ნუ იდარდებ, არაჩვეულებრივი უფროსი მყავს, ერთ კვირიანი შვებულება მომცა, -ღიმილით ჩაუკრა თვალი აიზეკმა. - უკვე ერთ კვირიანი შვებულება? მართლა მაგარი ვინმე ჩანს შენი უფროსი. - ჰო საოცარი ადამიანია, -გადაიკისკისა მატილდამ. - გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? -ლარას უკნიდან მოეხვია დათა და მატილდას და აიზეკს მიესალმა. - როდის აქეთია მეგობრები ხართ? -გაკვირვებულმა ახედა ლარამ. - ოოო, ეს გრძელი ისტორიაა, რომ ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები, ახლა უნდა წავიდეთ, სამსახურში მეჩქარება, -აიზეკმა ისე სასწრაფოდ გათიშა რომ ლარას აღარაფერი ათქმევინა. - მოიცა მოიცა, ახლა არ მითხრა რომ ის საოცარი უფროსი ასე რომ აქებდნენ შენ ხარ, -ლარა ფეხზე წამოდგა და დოინჯშემორტყმული მიაჩერდა მომღიმარ დათას რომელიც ნელ-ნელა იხევდა უკან. - შეიძლება ასეც ითქვას... - კი მაგრამ როგორ? როგორ მოახერხეთ და დამიმალეთ რატომ აქამდე არაფერი მითხარით? - შენც ხომ დამიმალე რომ თურმე წასვლამდე ბიჭებისთვის გითხოვია ჩემთან ურთიერთობა არ გაეწყვიტათ და ყურადღება მოექციათ, შენ რომ არა ალბათ შაკო არასდროს აღარ გამცემდა ხმას. - ეს სულ სხვა რამეა, მე შენზე ვღელავდი. - მეც ვღელავ შენზე, მინდა რომ შენი მეგობრები რომლებიც ასე ძალიან გიყვარს და რომლებისგანაც დავალებული ვარ კარგად იყონ, ეს არის და ეს. - მოიცადე სად გარბიხარ, შეჩერდი, ჯერ საუბარი არ დამიმთავრებია, -სახლისკენ გაქცეულ დათას კიბეებთან დაეწია და ზურგზე შეახტა, ასე სიცილ-ხარხარით შევიდნენ სახლში. - რას აკეთებენ? -გაკვირვებულმა შეხედა შაკოს ლუკამ. - შაკოს არაფერი უთქვამს, ერთხანს ღიმილით უყურებდა კარს რომლის მიღმაც ცოტა ხნის წინ ლარა და დათა გაუჩინარდნენ, მერე შვებით ამოისუნთქა და შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლი... - - - დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.