შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიტე (თავი 1)


6-12-2022, 11:19
ავტორი ფიფქრები
ნანახია 1 152

***

02.12.2022
პარასკევი
11:28

"დეკემბრის სუსხმა გაანაცრისფრა შემოდგომის ყვითელი ფოთლებით შემოსილი მონარინჯისფრო ქალაქი და სევდა მოჰგვარა ფოთლებდაკარგულ ხეებს, რომლებიც გაზაფხულის მოლოდინში გათანგულები ძლივს იდგნენ ჯარისკაცებივით ერთმანეთის მიყოლებით - რიგში. საოცარი სეზონი იწყებოდა, წლის მთავარი დღესასწაული ახლოვდებოდა და აქა-იქ შეიმჩნეოდა საახალწლო განწყობა. რა უცნაურია, რომ მთელი წლის მანძილზე არაფერი ახარებდა ხალხს ისე, როგორც ახალი წლის დადგომა. მთელი წელი გადიოდა და ადამიანის უცნაურ გონებას მისი დასასრული უხაროდა, თითქოს ახლის დაწყება იყო პრიორიტეტი, თუმცა ყველამ იცოდა, რომ ახალ წელს არავინ ელოდა, ძველს ჰკრავდნენ წიხლს და მოჩვენებითი მადლობით აცილებდნენ. განა რთულია ახალი დღის აღნიშვნა? რთულია გიხაროდეს ახალი დღის დაწყება? მაგრამ არა. უმჯობესია გაიწელოს ეს პერიოდი და ერთი დღის ნაცვლად სამასსამოცდახუთ დღეს ველოდოთ იმედიანებმა. გვიყვარს ხანგრძლივი პერიოდის ლოდინი, წუწუნი დროის ტლაქნ სვლაზე. საბოლოოდ, რა ხდება? ამართლებს ახალი წელი მოლოდინებს? თუ ისევ შემდეგის იმედად გვტოვებს გაწბილებულებს. ზამთრის დასაწყისი, შემოდგომასთან გამომშვიდობება წვიმითა და რამდენიმე ჭადრის ფოთლით ხელში და დიდი, ქათქათა ფიფქების მოლოდინი."

12:01

წერა შეწყვიტა.
კარზე კაკუნმა შეუწუხა ფიქრები და მუზები დაუფრთხო, წარბები შეკრა და გადაწყვიტა არ მიექცია ყურადღება. თვალები დახუჭა...
- მიდი... მიდი... - შეევედრა თავისთვისაც ამოუცმობ ძალებს, რომ წერის გაგრძელება შესძლებოდა.
კვლავ გაისმა კარის ხმა, ღრმად ჩაისუნთქა და კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა. "რატომ არ არსებობს განმარტოება ჩემთვის?" გაუელვა გონებაში, თავი გააქნია, ბრაზი მოერია. "წერაზე იფიქრე, უნდა წერო." თავს შებოჭილად გრძნობდა, მთელი ღამე იჯდა ფურცლებთან, დაჰყურებდა სიცარიელეს და ვერ ძრავდა თავში დაგროვილ ინფორმაციას. გაუჭირდა, გაუჭირდა თანაც როგორ... არ არის მარტივი ადგე და დაწერო შენი ამბავი, შენი ცხოვრება ჩაატიო სიტყვებსა და წინადადებებში. თავბრუსხვევა იგრძნო, ჩაბნელებული ოთახი უცბად მობეზრდა და ფარდები გადაწია. ფანჯრიდან ნაცნობი სილუეტი შენიშნა, როგორც ჩანს საუკეთესო მეგობარს ხელი ჩაუქნევია მისი გაღვიძების მცდელობაზე და სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა წვიმისაგან ცოტახნით შესვენებულ ქუჩას. მშვენივრად იცოდა, რომ კარის ხმას არ მიუძღვოდა წვლილი მისი მუზების გაფრენაში, იცოდა, როგორი მოუსვენრები იყვნენ და ისიც იცოდა, რომ დღესაც ასე მოუწევდა ღამეს შეხვედროდა. ხვეწნა-მუდარაში საკუთარ მესთან როგორმე ძალა მოეკრიბა და დაეწერა, ან მუზების დევნაში არსად არ გაჰფრენოდა უდროო დროს. კარგა ხანს მიჰყვებოდა ფიქრის ბილიკებს და კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე სეირნობა შინაგან სამყაროში, თუმცა ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. ნერვიულად დახედა ტელეფონს, შემდეგ უცებ მოაშორა თვალი, არ უნდოდა დაენახა ვინ რეკავდა, კვლავ შეევედრა საკუთარ თავს და დემონსტრაციულად აღმართა ხელები მაღლა.
- ჩემო კოსმოსო, გთხოვ, მომეცი ძალა მშვიდად ვისაუბრო, არ დავიბნე, არ ვიბლუყუნო, გთხოვ... - საკუთარ თავზე გაეცინა და ტელეფონს დახედა. "პაპა" ამოიკითხა და ერთიანად მოეხსნა ზურგის დაჭიმულობა, შვებით ამოისუნთქა და ნაჩქარევად დაავლო ხელი ტელეფონს, ზარისთვის რომ ეპასუხა.
- პაპი! შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ! - ხმამაღლა ჩასძახა მონატრებულ მოხუცს და გადაიკისკისა.
- როგორ ხარ, ჩემო ლამაზო? ასე უნდა დაიკარგო? ხომ დამპირდი ხშირად თუ ვერ გნახე, დაგირეკავო უეჭველად?! - მიაყარა ბრაზმორეულმა და ბოლოს დანანებით ამოიოხრა.
გულზე სევდა მოედო გოგონას, როცა მისთვის უძვირფასესი ადამიანის სიტყვები მოისმინა და ვერ აპატია საკუთარ თავს, რომ ასე დასწყვიტა პაპას გული. თვალები აუწყლიანდა... სურვილმა, რომ ახლავე წასულიყო მის სანახავად და ძლიერ დაეკოცნა მისი დაბერებული ხელები, მთლიანად მოიცვა.
- მართალი ხართ, ბატონო პაპი, არ განაწყენდეთ, თუ შეგეძლებათ. - გადაწყვიტა ეშმაკურად გაემხნევებინა ბაბუა და უცებ მოაზრებული იდეა თავის იქამდე დალაგებულ გეგმაში იდეალურად ჩასვა.
- მომენატრე, პაპას ერთადერთო, ახალი რამე-რუმეები დავამზადე, არ გაინტერესებს?! - გაეღიმა ბაბუის ნათქვამზე და კიდევ უფრო აუჩუყდა გული.
- პაპი, გვიან მოვალ შენთან, დავრჩები თანაც, ახალი კერძი ვისწავლე და უნდა გასაუზმო გემრიელად! - ბავშვივით აუფართხალდა გული მოსალოდნელი შეხვედრის წარმოდგენისას და ბაბუისგან მოსმენილი "როგორ გამახარე, პაპი!" სითბოდ ჩაეღვარა სულში.

19:13

სამსახურიდან დაბრუნებულს ვეღარ გაეგო სად უნდა ეძებნა ძალა, რომ პაპასთან გამოუძინებელი, მშიერი, გადაღლილი, იმედგაცრუებული სახით არ წარმდგარიყო. ბრაზობდა საკუთარ თავზე, ბრაზობდა სამსახურზე, თავის ცხოვრებაზე, ოცნებებსა და მისწრაფებებზეც კი რისხდებოდა... თვალები წამით დახუჭა, პაპას ფართოდ გაშლილი ხელები წარმოიდგინა და მის არაფრისმთქმელ გამომეტყველებას ღიმილი მოეფინა. ტანსაცმელი გამოიცვალა, ფორმა დაუდევრად მიაგდო საწოლზე, ნაჩქრევად მიიღო შხაპი, თბილად არ იცვამდა, თუმცა პაპას საყვარელი კაშნე მოიხვია, ოდესღაც ბებიისგან რომ ესახსოვრა საყვარელ შვილიშვილს. თითქოს მის სიყვარულს თან ატარებდა ეს კაშნე, ხელებს ხვევდა სითბოთი და ზრუნვით, ათბობდა ზამთრის სუსხისგან, არ ანებებდა დანებებას სევდასთან. უმალ მოეგო გონს, სულ სხვა ფერის ხასიათით გავიდა სახლიდან და მართლაც, ვერაფერი დააკლო დეკემბრის სუსხიანმა ქარმა, რადგან ბებოს ფერადი კაშნე იცავდა მას. არ აძლევდა ბნელს დაემორჩილებინა მისი შინაგანი სიფერადე. ბედნიერების განცდას ებღაუჭებოდა, ტირილი უნდოდა, მაგრამ იბრძოდა, პაპა უნდა გაეხარებინა, პაპას არ უნდა ენერვიულა, მას უნდა გაფრთხილებოდა, ის მისი იმედი იყო... ბოლო, ერთადერთი სულიერი, ვისაც ბოლომდე ენდობოდა და ყველაზე წრფელი და ბავშვური სიყვარულით უყვარდა.

...

თბილისურ ეზოში შეაბიჯა და იქვე შეკრებილ მეზობლებს ღიმილით დაუკრა თავი, უხდებოდა თავაზიანი და მორცხვი ღიმილი. ოდნავ ეჭმუხნებოდა კურნოსა ცხვირი და იქვე თავმოყრილ ჭორფლებს ფორმებს უცვლიდა. თვალები უცნაურად სევდიანი ჰქონდა მუდამ, ვერ ამოსაცნობი მზერით ათვალიერებდა ყველაფერს, იფიქრებდი ახლახანს აღმოაჩინა სამყარო და მის შესწავლას ლამობსო.
- საღამომშვიდობის, შვილო, როგორ ხარ? - ხელგაშლილი შეეგება ნაცნობი ქალბატონი გოგონას. გულწრფელი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, მართლაც გაახარა ძველი მეგობრის შვილიშვილის დანახვამ, ძალიან ჰგავდა ლენას ახალგაზრდობას. უცებ მოეღრიცა სახე ქალს და თვალი აარიდა მის წინ მდგარ სილამაზეს, რომ არ შეენიშნა როგორ დასევდიანდა მეგობრის გახსენებაზე.
- არამიშავს, ცოტა დავიღალე, ქალნატონო მერი... რა მოგივიდათ? შეუძლოდ ხართ? - მაშინვე შენიშნა გოგონამ მოხუცის ნაღვლიანი მზერა.
- არა, შვილო, არაფერია. ჩვენი ლენკა გამახსენდა... ისე მტკივა მისი წასვლა... - ხმა გაუტყდა ქალს და თვალები ცრემლით აევსო.
- ქალბატონო მერი, ნუ დარდობთ, ყველაფერი ღვთის ნებაა-ო, ასე ამბობენ... ალბათ ასეც არის, არ იტიროთ რა... - უარესად გაუფუჭდა ხასიათი და სევდამ მთლიანად მოიცვა. ვეღარც ლენკას კაშნემ დააკავა არეული ფიქრები, სიბნელე მოეხვია ყელზე და ერთბაშად შთანთქა გოგონა.
- მიდი, შვილო, პაპა მოინახულე... ძალიან მოენატრე კახას, სულ შენზე ლაპარაკობს...
- მეც მომენატრა, წავალ, ქალნატონო მერი, მოგვიანებით გინახულებთ... არ მოიწყინოთ. - ლოყაზე ნაზად მოეფერა და ხელზე აკოცა. ნაჩქარევად გაეცალა ბებიის უახლოეს მეგობარს და ლოყაზე უკითხავად ჩამოგორებულ ცრემლს გასაქანი აღარ მისცა, სასწრაფოდ მოიშორა ეს ურცხვი მარილიანი წვეთი...
- შვილო, პაპას უთხარი, სახელოსნოში ამდენ ხანს ნუ გაატარებს, რამდენჯერაც მოვიკითხავ იქ დამხვდება ხოლმე, არ დაიმართოს რაიმე... - ოდნავ ხმამაღლა გასძახა მიმავალს და მალევე დაუბრუნდა იქვე შეკრებილ საზოგადოებას.

...

05.12.2002
ორშაბათი
20:55

"სახლში მისვლა არ უნდოდა მედეას, გული ცუდს ჰკარნახობდა თითქოს. გუშინდელი კამათის შემდეგ ესიკვდილებოდა მეუღლესთან შეხვედრა, ბრაზობდა საკუთარ ეჭვიან ხასიათზე და ბრაზობდა თავის მეუღლეზე, მის საქციელზე, თუმცა დარწმუნებული არც თავის სიმართლეში იყო... ან რა უნდა ეთქვა, როცა მივიდოდა?! პატარა გოგონას ხელს ძლიერ ეჭიდებოდა და სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა უცხო ქვეყნის ნაწილობრივ შესწავლილ ქუჩას. არც ისე დიდი ხანი იყო გასული, რაც თავის ოჯახთან ერთად ამერიკაში გადმოვიდა, გამოექცა მშობელთა რისხვას, საზოგადოების გამკიცხავ მზერას, ვითომდა თანაგრძნობით აღსავსე მზერას, რომელიც სინამდვილეში სხვადასხვა იარლიყს მიაკრავდნენ ქალს. არ იქნებოდა მარტივი შეჰგუებოდა ქმრის დამალულ წარსულს, მის უეცრად გამოჩენილ 8 წლის შვილს, მაგრამ უფრო გაუადვილდებოდა თუ ცეცხლზე ნავთს არ დაასხმევინებდა "ქართულ" სამეზობლოს, ყალბ, კეთილმოსურნე სანათესაოს, "ძვირფას" დაქალუშკებს... გამოექცა ამ მოსალოდნელ ტრაგიკომედიას, გამოექცა სრულიად უცხო ქვეყანაში, გადაწყვიტა ყოფილიყო ძლიერი ქალი, რომელიც გაუმკლავდებოდა თავს დატეხილ ქარიშხალს, შეძლებდა შეჰყვარებოდა სხვისი შვილი, შეძლებდა ქმრისთვის პატიებას და იქნებოდა გამონაკლისი. აშკარა იყო ბევრს ითხოვდა საკუთარი თავისგან, ბევრს ითხოვდა ცხოვრებისგან... როგორც ყოველთვის."

21:43

უყვარდა წერა, სხვაგან გადაინაცვლებდა ხოლმე წერისას...
უყვარდა წერა, ცხოვრების მსვლელობას მართავდა იქ...
უყვარდა წერა, წარმოიდგენდა როგორ ცვლიდა სიუჟეტს...
უყვარდა წერა, ახალ პერსონაჟებს აღტაცებით ქმნიდა...
უყვარდა წერა, საოცარი შეგრძნებები ეუფლებოდა ნაწერის კითხვისას...
უყვარდა წერა, ბავშვობიდან...
უყვარდა წერა, დედაზე...
უყვარდა წერა, მამაზე...
უყვარდა წერა, სიყვარულზე...

უყვარდა წერა...

არ უყვარდა თავისი ყოფა, ვერ მართავდა საკუთარ ცხოვრებას, ვერ წარმოიდგენდა მოსალოდნელ სიუჟეტს, ვერ ეგუებოდა ახალ ადამიანებს, ვერ იტანდა წარსულზე ფიქრს...
არ უყვარდა ბავშვობა...
სძულდა დედა...
სძულდა მამა...
სიყვარული? ჰო... სიყვარული!

ცივი ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებაზე მეტად საკუთარ ნაწერებს უფრთხილდებოდა...
ადამიანი, რომელიც წერაში პოულობდა შვებას...

...

- ვერ ვიგებ, რატომ? - ხმა გაებზარა გოგონას.
- შვილო, ახალი კადრები გვჭირდება, მეტია საჭირო...
- მეტი შემიძლია, რა გჭირდებათ, მითხარით... რაშია პრობლემა?! - არ ნებდებოდა, ალბათ გაგიჟდებოდა ისევ, რომ დაეკარგა სამსახური... უკვე მესამე სამსახურიდან უშვებდნენ... ვერ იგებდა რატომ, უსამართლობას ყოველ ნაბიჯზე აწყდებოდა და ალბათ მალე სრულიად აერეოდა თავგზა.
- უკვე გითხარი, არ არის ეს სამსახური შენთვის, იშვიათად იღიმები, არ ხარ სტუმართან კომფორტულად, უკმაყოფილონი რჩებიან შენი მომსახურებით. - ჩამოუყალიბა კაფის მეპატრონემ გოგონას. ვერაფერს იტყოდა, მართლაც ასე იყო.
- გამოვასწორებ... - ბოლო იმედივით გაჟღერდა ეს სიტყვები, თავად იცოდა, რომ ვერ გამოასწორებდა.
- კარგი. 3 დღეს გაძლევ, თუ არ იქნება პროგრესი, შენვე წახვალ და ვერც ანაზღუარებას მიიღებ! - გაღიზიანდა მამაკაცი.
- კარგი, თანახმა ვარ. მადლობთ. - თავის თავს ლანძღავდა გულში. "იდიოტო! ფულს მაინც აიღებდი!", "ხომ იცი, რომ არაფერიც არ იქნება!", "უტვინო"!
გარეთ წვიმდა, აღელვებული იყო წეღანდელი საუბრის შემდეგ. ეს სამსახური სჭირდებოდა, მას არა... პაპას, მის უსაყვარლეს კახუჩელას... სხვაგვარად ვერ შეძლებდა მასზე ზრუნვას... ბებიის გარდაცვალების შემდეგ გაორმაგებულად ზრუნავდა ბაბუაზე, რადგან იცოდა ცოლის სიკვდილმა როგორ წაართვა მას სიცოცხლის ხალისი. ბებიის გარდაცვალების შემდეგ კარგა ხანს იცხოვრა პაპასთან, ეცადა რამენაირად გაეჯანსაღებინა... უფლებას არ აძლევდა დანებებულიყო ცხოვრების სიმუხთლეს. ძველი სახელოსნო მასთან ერთად გაარემონტა, თუ ადრე ბებიისთვის ქმნიდა ხელოვნების ნიმუშებს, ახლა უკვე საქველმოქმედო საქმეს ეწეოდა. პაპა ხატავდა, ხისგან და თიხისგან სუვენირებს ამზადებდა, შემდგომ მისი შვილიშვილი ინტერნეტის მეშვეობით ყიდდა. დაგროვილ ფულს სხვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის აგროვებდა. ბებიის რეცეპტების წიგნიდან ყოველ შაბათ-კვირას უმზადებდა კერძებს, ყველანაირად ცდილობდა არ ეკლო დანაკლისი, თუმცა, რასაკვირველია, ყოველთვის ვერ გამოსდიოდა. ჯერ პატარა ჯიხურში, შემდეგ მაღაზიათა ქსელში, ახლა კი პატარა კაფეში მუშაობდა. სწავლის ფულს იხდიდა, რადგან პაპამ სთხოვა სწავლისთვის თავი არ დაენებინა, პაპას სახელოსნოსთვის მასალებსაც ყიდულობდა... სჭირდებოდა სამსახური, პაპასთვის... პაპა კი მას სჭირდებოდა, რომ ესუნთქა, რომ სრულიად არ დაკარგულიყო ამ სამყაროში... ისედაც მარტო იყო, სულ მარტო.

...

06.12.2022
სამშაბათი
03:01

"ჯერ ისევ ვერ უყრიდა ფიქრებს თავს ალექსანდრე, ჯერ ისევ შოკში იყო ამ მოულოდნელობისგან. ბოლო ორ კვირაში იმდენი რამ მოხდა... ახლა ამერიკაში ცხოვრობდა, 8 წლის შვილი ჰყავდა, ცოლთან მხოლოდ ყოველდღიური ჩხუბი აკავშირებდა, აღარ ჰყავდა სამეგობრო, აღარ ჰქონდა სამსახური, სრულიად აღარაფერი იყო ძველებურად. ამ დროში მორბენალ ქალაქს ვერაფერი გაუგო, ვერ შეეგუა სწრაფად მოსიარულე ხალხს, ვერ შეეგუა ღამის და დღის ცვლილებას, ვერ აუწყო ფეხი ამერიკის ქაოსს. ბუნებით დინჯი, მოწესრიგებული და პუნქტუალური გახლდათ, თუმცა ჰქონდა მოულოდნელი გამოვლინებები, სიგიჟეები, რაც უამრავ თავგადასავალს გადაჰყრიდა. არ ახსოვდა სიგიჟე, რომელიც წლების წინ ჩაიდინა, 9 წელი გადიოდა ამ სიგიჟიდან და ახალი თავგადასავალიც გამოჩნდა... 8 წლის გოგონა, მამას საერთოდ არ ჰგავდა, მხოლოდ მაშინ, როცა იღიმებოდა... ისიც, სულ ოდნავ. ევანგელინა, ლამაზი სახელი შეურჩევია დედას, რომელიც არავინ იცოდა სად იყო. მამასთან ბებიამ მიიყვანა, ძალიან ავად იყო, დღედღეზე სიკვდილს ელოდა და არ იცოდა რა მოხდებოდა მისი სიკვდილის შემდეგ... ევანგელინას არავინ ჰყავდა უცნობი მამის გარდა. ალექსანდრე ვერ იჯერებდა, არც სურდა დაჯერება, თუმცა გულს უღრღნიდა ეჭვი, ალბათ ათასჯერ წაიკითხა წერილი, სადაც ქალი წერდა ერთი ღამის ისტორიას, წერდა ორსულობაზე, მშობიარობაზე, სთხოვდა დედას, რომ მამასთან წაეყვანა მაშინ, როდესაც ევანგელინა ამისთვის მზად იქნებოდა. თუმცა მოხუც ქალს სხვა გზა არ ჰქონდა, მხოლოდ ის მოახერხა, რომ ეპოვნა იდუმალი მამაკაცი, შვილი მასთან მიეყვანა და მისთვის მიენდო მისი აღზრდა. ალექსანდრე ხმას ვერ სცემდე შვილს, უკვე თითქმის 2 კვირა გავიდა და მხოლოდ რამდენჯერმე მისალმება თუ შეძლო შოკირებულმა. მედეამ ითავა ბავშვისთვის ყველაფრის ახსნა და მასზე ზრუნვა... ალექსანდრეს კი უკვირდა ქალის ასეთი სიძლიერე. უყვარდა მედეა, სტკიოდა მათი ეს მდგომარეობა, ძალიან სტკიოდა."

03:23

უკვე თვალები ეხუჭებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ დასვენების უფლება უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის. ტანსაცმლიანად შეწვა საწოლში და მალევე გაეხვია ღრმა ძილის ბურუსში. პაპასთან ნაყოფიერად გაატარა დრო, საღებავების და ფუნჯების მარაგი შეუვსო, საჭმელები დაუმზადა, სახელოსნოშიც მიეხმარა. უკვე დამზადებული სუვენირების სურათები ინტერნეტში განათავსა, ბევრი ისაუბრა მონატრებულ მოხუცთან, ახალი წიგნები წამოიღო და პარასკევს გვიან მისული კვირას ნაშუადღევს დაბრუნდა სახლში. ორშაბათმა ცუდად ჩაიარა, კაფის მეპატრონესთან კამათმა ძალიან დათრგუნა და ერთიანად დაქანცა. სახლში მოსულმა მხოლოდ რამდენიმე გვერდის დაწერაღა შეძლო. ახლა ეძინა, მძინარეს ვერ შეატყობდი წარსულის აწმყოში გამოყოლილ ტკივილს, მომავალზე ფიქრსაც, რომ არ ანებებდა ისეთს. თითქოს მშვიად ფშვინავდა, თუმცა სიზმრების სამყაროშიც კი ვერ გრძნობდა თავს კარგად... რამდენიმე წუთში საწოლში აცახცახდა, თან ბუტბუტებდა... მალევე წამოვარდა გაფითრებული, ცივ ოფლს დაენამა შეჭმუხნული შუბლი და სწრაფად სუნთქავდა. არ უსვენებდა ფიქრებს, არც ღვიძილის დროს, არც ძილს აცდიდა... არ ანებებდა თავს. არ შორდებოდა.

08:45

დღიური გადაშალა, შემდეგ დახურა... ისევ გადაშალა, ღრმად ჩაისუნთქა და მხოლოდ ორი სიტყვა დაწერა. "უნდა დაბრუნდე." თითქოს ვინმე უთვალთვალებსო ელდანაცემივით სწრაფად დახურა დღიური და ლეიბის ქვეშ დააბრუნა. ფორმა ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. დღეს თავაზიანი, ღიმილიანი, კომუნიკაბელური და სათნო უნდა ყოფილიყო. "არანაირი ცივი მზერა!" გაიფიქრა და ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე. "ჯობია აქედანვე გავიღიმო!" წამით შეეჭმუხნა წარბები და ძალდატანებით კვლავ გაიბადრა სახე. დღიურზე ჩაფიქრდა, გული აუჩქარდა, როცა გაახსენდა, რომ დაუძახა. თავადვე უხმო, არადა ეშინოდა, მართლა არ დაბრუნებულიყო... საკუთარ თავს დასცინა. "დღიურია, მაგიური წიგნი კიარა!" თავი გააქნია ფიქრების გასაქარწ....ბლად და ავტობუსში ავიდა. "მორჩი რა! იგივეს ნუ იმეორებ!" ბრაზობდა და ყალბი სათნო სახე ისევ ეყინებოდა. შეჭმუხნულ წარბებს ისევ ძალდატანებით შლიდა და ცდილობდა არ შეემჩნია საკუთარ თავთან გამართული ბრძოლა როგორ უშლიდა ნერვებს. ზურგი ასტკივდა, უფროსწორად საშინელი წვა იგრძნო ზურგის არეში, ხელით შეიმოწმა მტკივანი ადგილი... "ცუდად მეძინა." გაიფიქრა და მხარი ოდნავ დაიზილა. კვლავ შეაწუხა ზურგში წვამ და მიხვდა, რომ ეს ჩვეულებრივი ტკივილი არ იყო. უკან მიიხედა, მაგრამ ვერ დაინახა... ვერ იპოვა თვალებისთვის საოცნებო სახე... "ვიღაც მიყურებს, ვიღაც მიყურებს, ვიღაც მიყურებს!" ტორნადოსავით სწრაფად დატრიალდა ეს ფიქრები თავში. ავტობუსი მოათვალიერა, არავინ უყურებდა... უკვე პარანოია დაიმართა. "არ უნდა აგეღო დღიური! არ უნდა გადაგეშალა! არ უნდა დაგეწერა! არა! არა! არა!" თავის თავს ეჩხუბებოდა გონებაში და კვლავ ზურგს ისრესდა. "ჯანდაბა! მტკივა!" ღრმად ჩაისუნთქა... "არავინ მიყურებს! მორჩი პანიკას! მორჩი ოცნებას!" არ ჩერდებოდნენ ფიქრები, ზურგი კვლავ ეწვოდა, უკვე ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, სული ეხუთებოდა. ავტობუსი გაჩერდა, ინსტუქტურად ჩამოვიდა და ხარბად შეისუნთქა სუსხიანი ჰაერი. დამშვიდდა. "ალბათ წნევა დამივარდა, ეტყობა შიმშილის ბრალია, უბრალოდ შეუძლოდ ვარ!" ჩაიქროლა იმედიანმა ფიქრმა და ნელ-ნელა დაძაბულობა მოეხსნა. ვითომდა ლეიბის ქვეშ დამამული დღიური, თითქოს თავისით ჩამძვრალიყო გოგონას ჩანთაში, უხმობდა მას და მოსვენებას უკარგავდა. სამსახურში ადრე მივიდა, ცოტა დრო ჰქონდა, გადაწყვიტა დაბრუნებოდა ძველ ჩვევას და დღიური ჩანთიდან ამოიღო.

09:31

"ჯერ ადრეა, ჩემი სამუშაო ნახევარ საათში, უფრო ზუსტად 29 წუთში იწყება, ამიტომ, ვიფიქრე, ცოტას მოგიყვებოდი ჩემზე. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახე. მე შევიცვალე, მაგრამ არც ისე, რომ ვერ მიცნო. თუმცა, შესაძლოა ვერც კი მიცნო... უცნაური იქნება, ალბათ მეწყინება კიდეც, ვიფიქრებ სულ არ ფიქრობდა ჩემზე და ამიტომ დაავიწყდა ჩემი თვალები - მეთქი. ასე არ ამბობდი?! თვალები თუ იგივეა, ადამიანს ყველგან ვიცნობ, არასდროს შემეშლებაო... ღამით არ მძინავს მშვიდად, სიზმრად შენ გხედავ და იმიტომ... არ მომეშვები, არა?! არ მაცდი უშენობას, ხომ?! იქნებ არ მინდა, მე არ მეკითხები?! მძულხარ ამ ყველაფრის გამო, იცი?! აქ, რომ იყო ახლა გეტყოდი, რომ მეზიზღები! არა, ვერ გეტყოდი... შეიძლება გამებედა, მაგრამ არა... ვერასოდეს გიბედავდი ტყუილს... ვერც ახლა შევძლებდი. არც სიმართლეს გეტყოდი, არ გეტყოდი ისევ, რომ სავსე ვარ შენით... ისევ, რომ მტკივა შენი ყოფნა ჩემში... არ გეტყოდი ჩემს სიმართლეს შენს მონატრებაზე, ჩემს სიმართლეს შენს სიყვარულზე... არ გეტყოდი, მაგრამ მაინც მიხვდებოდი, მაშინვე მიხვდებოდი, მაშინვე... როგორც კი თვალებს ჰკითხავდი... იცი რატომ?! თვალები იგივეა, ისინი არ შეცვლილან, ისინი ვერ გატყუებენ მხოლოდ შენ... იცი?! თვალები ისევ გეძებენ, ისევ შენ... მხოლოდ... შენ."

09:51

ცრემლის წვეთი შეეხო დღიურის ფურცელს, მელანს მიეფერა და კვალი დაატყო სევდის. გოგონა მოეშვა, ერთიანად დაიცალა. საათს დახედა და ნაჩქარევად წამოდგა იქვე მდგარი სკამიდან, როცა რაღაც ძალამ უკან მიახედა... შეკრთა, დაიბნა, გაოცდა - ეს, რასაც დაინახავდით, მაგრამ შიგნით? ცეცხლი მოედო, ერთიანად დაიწვა, დაიფერფლა, ფერფლადქცეული ქარმა გაფანტა. იდგა გაშეშებული და სახეზე მხოლოდ შეცბუნება დაეტყო, მაგრამ სინამდვილეში ის აქ აღარ იყო. უეცრად ხელის საშინელი წვა იგრძნო და მისკენ გახედვა აიძულა. იმ ძალას, რომელმაც მისკენ შეტრიალება აიძულა, კვლავ ხელით ეჭირა გოგონა. ხელს დაჰყურებდა, მამაკაცის ძლიერად ჩაჭიდებულ ხელს, რომელიც საშინლად წვავდა. აი თურმე, რატომ მოედო ცეცხლი, რატომ დაიწვა ერთიანად, დაიფერფლა და ქარში გაიფანტა. ამ ხელის ბრალი იყო, ამ შეხების ბრალი... უყურებდა და ვერ იჯერებდა ამ შეხებას... ასე იდგნენ ისინი ქუჩაში... გოგონა ხელს დაჰყურებდა, ბიჭი კი მის სახეს დაჟინებით აკვირდებოდა.

- ნიტე... ჩემო ნიტე... - ხმამ გამოაფხიზლა გოგონა და შეცბუნებულმა უკან დაიხია, ბიჭის ჩაჭიდებულმა ხელმა ინერციით უკან დააბრუნა და მკერდზე აიკრო.
- გამიშვი! - ტკივილნარევი ხმით იჩურჩულა ნიტემ.
- სად, ნიტე? სად გაგიშვა, ჩემო? - ღიმილი შეეპარა მის ხავერდოვან ხმას.
- გთხოვ, გთხოვ... არა! - უკვე საკუთარ თავს შეევედრა ნიტე.
- ღმერთო, ნიტე... ვერ გიჯერებ, ახლა... ვერ გიჯერებ! - ჟრუანტელი საშინელი დაუნდობლობით დაიარებოდა ნიტეს სხეულზე.
- გამიშვი რა... თევდორე! - მისი სახელის გაჟღერებამ კიდევ უარესად აუძგერა გული. თევდორემ უფრო მაგრად მოიზიდა გოგონა თავისკენ და მის თმაში ცხვირი ჩარგო... ღრმად სუნთქავდა ბიჭი, თითქოს მთელი არსებით სურდა გოგონას სურნელი შეესისხლხორცებინა. ახლა უკვე ორივე ხელით წელზე ეხვეოდა და გულში იკრავდა, ნიტე ბეღურასავით მობუზულიყო საყვარელი მამაკაცის ხელებში, ვეღარ ძლებდა ასეთ სიახლოვეს. გული გამალებით უცემდა, ტირილის სურვილი ყელში ებჯინებოდა და პირს უწვავდა. ცრემლის წვეთმა უნებართვოდ გაიკვალა გზა თვალის უპეებიდან ლოყის მიმართულებით და აკანკალებულ ნიკაპზე დაეკიდა.
- თევდორე... გთხოვ. - უფრო შეევედრა აკანკალებული ხმით.
- რაო, ჩემო ნიტე? - კვალავ ჩახუტებული ჰყავდა ბიჭს. უფრო მიიკრო და ხელები მაგრად შემოაჭდო მის წვრილ წელს.
- მე... არ შემიძლია ასე... ცუდად... ცუდად ვარ! - ძლივს ამოილუღლუღა და თევდორეს ძლიერი ხელებიდან გათავისუფლება სცადა.
- ცუდად ხარ? - მაშინვე გაუშვა ხელი.
- ჰო...
- მე გხდი ცუდად? - დააკვირდა დაჟინებით.
- ჰო...
- შემომხედე! - ძლიერად ჩასჭიდა ნიკაპში და მის მწვანე, უძირო თვალებში ჩაიძირა. ღიმილი ვერ შეიკავა მისი ცრემლიანი სახის დანახვაზე. "ისევ ჩემი ნიტეა..." გაიფიქრა და მისი კოცნის სურვილმა მოიცვა მთლიანად.
- ნიტე... უნდა გაკოცო! - სწრაფად უთხრა და მის აკანკალებულ ტუჩებს ხელით შეეხო, თითის ბალიშებით მიეფერა.
- არ მაკოცო! არ მაკოცო! - ხელი მოიშორა ნიტემ და უკან დაიწია, მაგრამ ამაოდ, ბიჭმა იმავე ადგილას დააბრუნა და მკერდზე მიიბჯინა ისევ.
- რომ არ გაკოცო, მოვკვდები!
- არა, გთხოვ...
- გინდა, რომ მოვკვდე?
- არა! არ მინდა! - პატარა ბავშვივით აენთო თვალები ნიტეს, დასცინა თევდორემ მის გულუბრყვილო ხასიათს.
- მაშინ გაკოცებ... და გადავრჩები. - მისი სახე ხელებში მოიქცია, ჯერ შუბლზე აკოცა ნაზად, შემდეგ სწრაფად დაუკოცნა ატირებული თვალები. ცხვირზე წაეთამაშა და ფრთხილად შეახო გოგონას ბაგეებს თბილი, მონატრებული კოცნა. გულმა თავისი უყო ორივეს, ფეთქვა ერთდროული და თანმიმდევრული გახდა, მუსიკასავით მოგესმებოდათ მათი თანხმობა. მალე ფრთხილი კოცნა მონატრების სურვილმა შეცვალა, ხარბად კოცნიდა ბიჭი. ნიტე კი იწვოდა, ხანძარი ღვივდებოდა მის სხეულში. ვერ ეწეოდა თავისივე გულისცემას. თან ტიროდა ნიტე, ცრემლების ახალი ნაკადი უსველებდა სახეს. უეცრად გაჩერდა თევდორე, მაგრამ ტუჩებით კვლავ ეკვროდა გოგონას. მხოლოდ ახლაღა შეძლეს სუნთქვის გაგრძელება. გოგონას არ ეყო ეს კოცნა და მოუთმენლად წაეტანა ბიჭის ღიმილს. თმაში შეუცურა თხელი თითები და არეულ ფიქრებს დაუმსგავსა გიშერვით შავი თმა. ხან სახეზე ეფერებოდა, ხანაც მხრებზე, ცეკვას ჰგავდა ეს ყოველივე, ლამაზ, მოხდენილ ცეკვას. უცებ მოვიდა გონს და ელდანაცემივით მოშორდა თევდორეს. დამნაშავესავით შეხედა მომღიმარს და ბრაზი მოერია ამ უტიფარი ღიმილის დანახვისას.
- გადამარჩინე. - ჩახლეჩილი ხმით უთხრა ბიჭმა ისე, რომ ღიმილი სახიდან არ მოუშორებია. ხმა არ გასცა გოგონამ, მხოლოდ ერთხელ კიდევ დააკვირდა ბიჭს, თვალი მოსჭრა ოქროსფერმა ნივთმა. რეალობაში დაბრუნდა უეცრად, ღრუბლებში აფრენილი სასტიკი სიძლიერით დაენარცხა ძირს. თავი აუფეთქა ტკივილმა, გული წამით გაჩერდა. "ბეჭედი!" აენთო საზიზღარი ფიქრი. "ბეჭედი!" იმეორებდა გონება, თითქოს იზეპირებსო ამ სიტყვას. "ბეჭედი!" არ ჩერდებოდნენ ფიქრები. ნიტე გაშეშებული იდგა და ბიჭის მარჯვენა ხელზე მორგებულ ბეჭედს დასჩერებოდა. სიკვდილი გამოიარა იმ წამებში გოგონამ, მოკვდა ცოცხლად. თვალები ხელებში ჩარგო, ღრმად ამოისუნთქა და კვლავ სახეზე დააკვირდა თევდორეს. ის იღიმოდა, ისევ!
- შენ კი მომკალი! - პირდაპირ მიახალა ბიჭს და კაფეში შეირბინა.
"გადამარჩინე..."
"შენ კი მომკალი!"

...

ველი შეფასებებს...
მადლობა, რომ კითხულობთ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent