შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი კაცის ამბავი. (სრულად)


10-02-2023, 07:43
ავტორი ვე რა
ნანახია 5 118

ორი კაცის ამბავი


ოთარა და კიმოთე მეზობლები იყვნენ. ერთმანეთისგან დღე და ღამესავით განსხვავდებოდნენ. ოთარა მაღალი, ბრგე ვაჟკაცი იყო. მშრომელი და გამრჯე. შრომაში უთენდებოდა და უღამდებოდა. კიმოთე კი გამხდარი, წელში მოხრილი და უღიმღამო კაცი იყო. ხასიათიც გარეგნობას მიუგავდა. ზარმაცს და უგერგილოს მუდამ სმაში გაჰყავდა წუთისოფელი.

მათი სახლ_კარიც პატრონებს დამსგავსებოდნენ. შემაღლებულზე მდგარი ოთარას სავსე და ბარაქიანი სახლის ბანიდან კარგად მოსჩანდა კიმოთეს მოუვლელი და მადლისგან დაცლილი ეზო_ყურე.
ერთ რამეში კი ორივეს გაუმართლა, მეუღლეები ჰყავდათ არაჩვეულებრივი. ოთარას დარო და კიმოთეს მარო ორივე კარგი, კეთილი და მშვიდი ზნის ქალი იყო.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, იყო კიდევ ერთი მთავარი სხვაობა მათ ოჯახებს შორის.
ოთარას ,რომელსაც ორმოცდაათი წლისთვის გადაებიჯებინა შვილი არ ჰყავდა, მაშინ როცა კიმოთეს ცხრა მშვენიერი გოგო ეზრდებოდა. სიმართლე რომ ვთქვათ, კი არ ზრდიდა, სწორედაც რომ ღმერთის ანაბარა ეზრდებოდა. მუდმივ არ ქონებას, გაჭირვებას და სიღარიბეს მათ დაკონკილ, ერთმანეთის გამონაცვალ ტანისამოსზეც კარგად წაიკითხავდა ადამიანის თვალი. მაგრამ უფრო დაკვირვებული კაცი ისეთი , როგორიც ოთარა იყო, ბავშვების თვალებში ჩაბუდებულ ხარბად მომზირალ შიმშილსაც ადვილად ამჩნევდა და მათი ზარმაცი მამის შემხედვარე გულს აწყდებოდა.

_ აბა სადაა სამართალი ღმერთო, ამ უნაიროს ცხრა მიეცი და ჩემთვის ერთიც არ გემეტებაო!_ ხშირად საყვედურობდა უფალს ოთარა.
დილაობით გამოეფინებოდნენ კიმოთეს გოგოები ბოშათა ქარავნის მსგავსად, ფერადები და მშივრები , სოფელს მოედებოდნენ. მეზობელ ბავშვებთან თამაშის საბაბით სხვის სახლებს მიაშურებდნენ, რათა მადლიან მეზობლებთან გემრიელად ესაუზმათ. საღამოს კი ცარიელა ჩაის და პურსაც ადვილად დასჯერდებოდნენ. თუმცა რომც არ ჰყოფნიდათ სხვა გზა მაინც არ ჰქონდათ და უნდა ეკმარათ.

_ დღეს თებროლაანთ ეკასთან მე მივდივარ იცოდე!_ დაასწრებდა უმცროსი ხუთი წლის მაკინე უფროს დებს. რადგან იცოდა თებროლაანთ მიხას ფუტკარი ედგა და დილაობით კარაქიან პურს თაფლსაც აყოლებდნენ მისი შვილები.
ბევრჯერ დაუჭერია ოთარას ბანზე გადმომდგარი ცრემლიანი დარო, კიმოთეს გოგონების ცქერაში გართული.
_ ვის უყურებ ქალო?_ ჰკითხავდა ხოლმე ვითომ გაბრაზებით ცოლს.
_ ვისა და იმათა, კიმოთეს ბღარებსა, ჩვენთან რათ არ შემოდიან ჰაა?_ იოცებდა დარო.
_ შენთან რა საბაბით შემოვლენ როო? _ ჰკითხავდა ხოლმე ხმა გაბზარული ქმარი.
_ წეღან მჭადის ფქვილი გადამქონდა. ნახევარი ტომარა ზედმეტია, გადაუტანე მაროსა!_ ჩაილაპარაკებდა ხოლმე ჩუმად ოთარა და თავის ბარაქიან ბაღს მიაშურებდა. განა მართლა ზედმეტი ჰქონდა რამე? მაგრამ უცნაური კაცი იყო ოთარა.

თუ ისე მოხდებოდა, რომ სადმე ნასვამს წაატანდა კიმოთეს ,ანდა სასმელად გამზადებულს. რაიმე მიზეზით აუშარდებოდა. წინ გამოიგდებდა ატრუებულ ბუღასავით და სახლში გამოდენიდა.

_ რაში ხარჯავ ძალას და ღონესა შე მუტრუკო შენა! წადი გაისარჯე ხეირიანად , ვერა ხედამ რო შენი მშიერი შვილების ურდო კალიებივით მოსდებია სოფელსა!_ ბრაზით მოძღვრავდა ზარმაც მეზობელს.
ამის გამო არ უყვარდა კიმოთეს ოთარა. ძალით რომ ვერა სჯობდა სიტყვით გაამწარებდა ხოლმე.
_ ვის რა სიმდიდრე აქვს იმას უპატრონოს! მე ჩემს ბალღებს მოვუვლი, შენ შენს ხარ _კამეჩს მიხედეო._ კარგად იცოდა კიმოთემ მწარე სიტყვებს შიგ კაკალ გულში რომ ახვედრებდა ოთარას.
სახრეს მოუღერებდა ხოლმე გამწარებული ოთარა, წინ გადენილ კიმოთეს. მერე დასწევდა და იტყოდა.
_ შეაყარე კედელს ცერცვი, შენგან კაცი არ დადგესო!
_ გააჩნია შენ კაცობას რას უძახიო!_ ისევ სისინებდა კიმოთე.

ხარ_ კამეჩი კი მართლაც საჯიშე ჰყავდა ოთარას. მოვლილი, ბეწვბზრიალა, თვალებბრიალა.
ხუთი სული მაწველი თავის ხბოებიანად. ორი კამეჩი და ერთი სანაქებო ხარი. ამიტომ თივა და საკვების მარაგიც ბევრი სჭირდებოდა.
იმ სეზონზე მუშაობაში გართულ ოთარას საქონლის საკვების მომარაგება გადაავიწყდა და შემოდგომას მიხვდა თავის შეცდომას.
აქეთ მოდგა იქით მიდგა , მაგრამ სათიბი ბალახი ვეღარ იპოვა.
კიმოთეს მოუვლელ და აბალახებულ საყანესა და ვენახს გადახედა. მივიდა და სთხოვა.
_ კიმოთე დამითმე შენი სათიბი და სანაცვლოდ შენი ძროხის სამყოფს ჩემი ხელით მოგითიბავ და სახლში მოგიტანო.
_ რას ამბობ კაცო? ვერ დაგითმობ! თავად არა მაქვს, შენ რა დაგითმოო!_ უარი უთხრა კიმოთემ მეზობელს.
ერთი გამხდარი სულგალეული და ფერდებჩაცვენილი ძროხის პატრონმა , შურით თუ ბრაზით დაბრმავებულმა , გასაჭირში ჩავარდნილ მეზობელს ხელი არ გაუმართა. ოთარას ჯინაზე რაც მის დღეში არ ემუშავა , ერთ კვირაში მთელი სათიბი გათიბა და გვერდზე გადაწოლილი საბძელი თივა_ ბალახით გამოტენა. არაფერი უთქვამს ოთარას ხელი ჩაიქნია მხოლოდ.

იმ წელს სიცივეები მალე დაიჭირა, ვინც გონიერი იყო შეშის თადარიგი ადრევე დაიჭირა. კიმოთეს კი სანამ არ შესცივდა და გვერდები არ გაეყინა შეშა არც გახსენებია.
_ ადე კაცო რამე ჰქენი, დაგვეყინება ბავშვები სიცივით!_ ხშირხშირად აწუხებდა მარო ქმარს. ბოლოს მცივანი ბავშვების ტირილით შეწუხებულმა კიმოთემ მეზობლისგან ცხენი და ურიკა ითხოვა და მახლობელ ტყეში წავიდა. იღლიაში კი ერთი ბოთლა არაყი ამოიდო. დავლევ და გავთბებიო.
მაგრამ კი არ გათბა ჩასკდა არყით კიმოთე. შეშა ცუდად მიაბა ურიკაზე და თავად ზედ აბობღდა. ცუდად დამაგრებული ბაწრები დაწყდა და შეშამ ქვეშ მოიყოლა უბედური კაცი
დამფრთხალი ცხენი სულ ჭენებით მიადგნენ პატრონის სახლს. სოფელი შეიყარა. ორ დღეს ეძებდნენ და ძლივს მიაგნეს დამტვრეულ და დაბეჟილ კიმოთეს მეზობლებმა. ციმციმ ჩამოიყვანეს საკაცით და უამისოდაც გაჭირვებულ ოჯახს მიჰგვარეს..
სულ მთლად უკან წავიდა კიმოთეს ამბავი.
იწვა საცოდავად ტახტზე და უწამლოდ კვნესოდა. ბავშვებს კი სიცივისგან სული ეყინებოდათ. სიცხემ მისცა სამ უმცროს გოგონას. აბოდებდათ და იწვოდნენ სიცხისგან. მათთან ჩასახლდა დარო. ხან წამლით, ხან ცხელი წვნიანით ებრძოდა სახლში ჯიუტად დაბუდებულ სიკვდილს მეზობლის ქალი.

ბანზე გადმომდგარ ოთარას კი გული ეწვოდა მათი ცოდვით.
_ არა! ასე ვერ იქნება!_ უყურებდა მეზობლის ჩამქრალ საკვამურს და გული უწუხდა კაცს. საღამოს, რომ ჩამობნელდა, ხმელი, დაჩეხილი შეშით გაავსო ურემი და მალულად მიიტანა მეზობლის ეზოში.
ფანჯარასთან დწოლილი კიმოთე იდაყვზე წამოწეული უთვალთვალებდა მეზობელს ჩუმ ფაციფუცს და თვალები მადლიერების ცრემლებით ევსებოდა.



სანამ კიმოთე დალეწილ გვერდებს იშუშებდა, კიდევ ერთი ჭირი დაატყდა თავს. მისი ბეხრეკი და გაჩხინკული ძროხა ნახირიდან შინ არ დაბრუნდა, ბავშვებმა და მარომ ვერსად მიაკვლიეს, აბა კიმოთე ხომ ფეხზეც ვერ დგებოდა და იმ ღამეს მგლებმა დაგლიჯეს ოჯახის ერთადერთი იმედი. მართალი ყოფილა ძველებისგან ნათქვამი: " გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო!" სწორედ ასე დაემართა კიმოთესაც. მაგრამ რაღას იზავდა? ჩუმად ტიროდა მარო და გაჩენის დღეს იწყევლიდა, საწყალი ქალი.

_ კიმოთეე!ჰაი კიმოთეე!_ მოესმა კიმოთეს მეორე დღეს ოთარას ძახილი. დარცხვენილი და ჩაფიქრებული იწვა კიმოთე და ფიქრობდა. წინა ღამეც სულ ფიქრებში გაათენა. ფიქრობდა თუ რატომ გამოუწოდა მისგან სიტყვით ბევრჯერ გულნატკენმა მეზობელმა დახმარების ხელი. თუ რატომ მოუტანა შეშა ღამით ყველასგან მალულად და არა დღის სინათლეზე. იწვა და ფიქრობდა იმაზე, რაც შეემთხვა. მგლისგან შეჭმულ მარჩენალ ძროხაზე, ფიქრობდა თავის სნეულ გოგონებზე და იმაზე თუ როგორ ზრუნავდა მათზე მეზობლის ქალი. და როგორ ვაივაგლახით გამოსტაცა პატარა მაკინე სიკვდილს ხელიდან სწორედ ოთარას დარომ. ყელში ბურთივით გაჩხერილ ნამუსს ვერა და ვერ ყლაპავდა. საკუთარი სინდისი ახრჩობდა კიმოთეს.
_ გახედე ქალო!_ თავმოუბრუნებლად გასძახა ცოლს, რადგან თავად არ შეეძლო თვალებში შეეხედა საკუთარი მეზობლისათვის.
_ დილამშვიდობისა ოთარა, რამ შეგაწუხა ამ დილაუთენია!_ გამოვიდა სახლიდან მარო.
_ მშვიდობა მოგცეს ღმერთმა!_ უპასუხა დინჯად ოთარამ ქალს.
_ სათხოვარი მაქვს თქვენთან!_ გაოცდა მარო. განა რა სათხოვარი უნდა ჰქონოდა ოთარას კიმოთესთან. ხომ ყველამ იცოდა მათი დავისა და კამათის ამბავი.
_ ეს ორი ძროხა მინდა მოგაბაროთ!_ კიდევ უფრო გაოცდა მარო ოთარას სათხოვარზე.
_ კარგად იცი საკვების მარაგი არა მაქვს, ამიტომ გთხოვ გამომიზამთრო. მანამ სანამ მინდორში ბალახი არ წამოვა. სანაცვლოდ თუ კი რამეს მოიწველება თქვენი იყოს. ღმერთმა მოგახმაროთ. გამოზაფხულზე კი ისევ დამიბრუნებთ.
ცოტახანს გაოცებისგან თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა მარო ოთარას, შემდეგ კი სახე გაებადრა.
_ კიმოთეე! გესმის კაცოო? გესმის რასა გთხოვს ოთარა? უარი არ გამაგონო იცოდე!_ გადაირია სიხარულით ქალი. მზად იყო ოთარასთვის ხელები დაეკოცნა. განა არ იცოდა, რა ხსნა იყო ახლა ეს ორი ჯიქნებდაბერილი ძროხა მისი მშიერი შვილებისათვის? რძე ხომ რძედ და მაწონი და ყველი თავისთავად. სიხარულით აღარ იყო მარო.

საწოლში მოიკუნტა კიმოთე, ისედაც პატარა ტანისა სულ ჩაიკარგა დედისეულ მატყლის საბანში. იცოდა კიმოთემ განა არ იცოდა , რომ საკვების უქონლობა არაფერ შუაში იყო? კარგად ხვდებოდა ასე იმიტომ სთქვა ოთარამ, რომ მეზობლის ღირსება სამადლო საქმით არ დაემცირებინა. საკუთარ დიდსულოვნებას სათხოვრის საფარველი გადააფარა და ხსნად მოევლინა კიმოთეს ოჯახს, როგორც ღმერთისკაცი.

იმ დღიდან, დაიწყო გლახაკი კიმოთეს მეტამორფოზა, როცა დედისეული საბნის ქვეშ შემძვრალი ემბრიონის პოზაში მოკუნტული მსხვილ _მსხვილი ცრემლებით უჩუმრად მოსთქვავდა.
და როცა ლოგინიდან წამოდგა უკვე სულ სხვა ადამიანი იყო, პირველ რიგში გარეგნობაზე აისახა მისი ცვლილება. სადღა იყო წელში მოხრილი საცოდავი კიმოთე. მხრებში გაიშალა, წლობით მოუპარსავი აბურდული წვრი მოიპარსა. ბოსელში შევიდა პირველად, ოთარას მოვლილ საქონელს ბეჭებზე ხელი გადაუსვა.
_ აი ნახავთ თუ უფრო მსუქნები და ბრიალები არ ჩავაბარო თქვენი თავი იმ გაბღენძილ ოთარასა!_ მიეფერა სიყვარულით ძროხებს. ბლომად ხრამუნა თივა ჩამოუღო ფიწლით საბძილის თავიდან.
_ ჭამეთ და იგრე დასუქდით ოთარას გაოცებისგან თვალები გადმოსცვივდეს!_ ისევ თბილად გაესაუბრა ძროხებს. მერე მიდგა და მთელი ეზო დაალაგა, მამისეულ თოხებს და სხვა სამუშაო იარაღებს ფხა მოუსინჯა.
_ სად ვიყავ ვეჟო?_ უკვირდა თავადაც_ მეძინა განა?

შემთხვევით ბანზე გამომავალმა ოთარამ თვალი მოჰკრა კიმოთეს საქმიანობას , ცოტა ხანს დააკვირდა. მალევე დაინახა მისი ცვლილება. სიარულის მანერაც კი შესცვლოდა მეზობელს. ახლა უკვე მყარად და მძიმედ დააბიჯებდა ეზოში. თითქოს კვალს სტოვებდა, რომელზეც მის შვილებს და ბადიშს შეუცდომლად უნდა ევლოთ მომავალში. შვებით ამოისუნთქა ოთარამ და ღიმილით ჩავიდა ბანიდან.

ახალი ამბავი მალევე გავრცელდა სამეზობლოში. გაოცებით უყურებდნენ ხან ყანიდან და ხან ვენახიდან მომავალ მხარზე თოხგადებულ კიმოთეს. თავიდან უკვირდათ, ეხამუშებოდათ, შემდეგ მიეჩვივნენ. თითქოს სწორედ ასე იყო ყოველთვის.

ერთი სასიხარულო ამბავი კიდევ მოხდა. მარო მეათე ბავშვზე დარჩა ორსულად. აქამდე თუ აშინებდა მრავალშვილიანობა კიმოთეს, ახლა ბედნიერი იყო. მხოლოდ გულში იმას ნატრობდა და ღმერთსაც იმას შესთხოვდა, რომ ოთარასთვისაც მიეცა გვარის გამგრძელებელი.

და მართლაც რამდენიმე თვეში , სწორედ გამოზაფხულზე ოთარას ბედნიერი ამბავი ახარა დარომ. ისინი ბავშვს ელოდებოდნენ. გადაირია ოთარა, გაგიჟდა სიხარულით. ცოლი ხელში აიყვანა და სულ ხელის გულზე ატარა .


ხელის გულზე დაატარებდა ოთარა დაროს. ოჯახში კაციც თავად იყო და ქალიც. არ წუწუნებდა, არ საყვედურობდა. ოღონდ რამე ენატრა ორსულ ცოლს, გაუჩინარს გაუჩენდა მზრუნველი ქმარი.
მაგრამ ნელ_ნელა ჩამოდნა დარო. გაიცრიცა, გაფითრდა, თითქოს გამჭვირვალე გახდა. მეშვიდე თვეში რომ გადააბიჯა ლამის იმ ბროლის ჭიქებივით გამჭვირვალე გახდა ქორწილის შემდეგ ჯერ ისევ უხმარად რომ ეწყო თაროზე.

ოთარა ცდილობდა არაფერი შეემჩნია ცოლთან, მაგრამ ძალიან დარდობდა. მხოლოდ მაროს თუ შესჩივლებდა, როგორც მრავალჯერ მოლოგინებულს და გამოცდილს.
მაროც ამჩნევდა დაროს ჩაქრობის ამბავს, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ცდილობდა სიტყვით გაემხნევებინა შეშინებული მეზობელი.
კიმოთეც განიცდიდა ოთარას დარდს. თავისი ფერსავსე ცოლის და ცხრა მშვენიერი გოგონას დანახვისას, თითქოს საკუთარი ბედნიერების სცხვენოდა.
ბავშვებს ხმაურს უშლიდა, თქვენი წივილ_ კივილი აღარ უნდა, ისედაც რა დღეშია საწყალი ქალიო.

ძალიან უბერა სული ოთარამ ცოლს, მაგრამ მაინც მოხდა მოსახდენი . ქალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. როგორც კი დარო მანქანით რაიონის სამშობიაროში გააქანეს, მარომ ისე განიცადა თავადაც ასტკივდა მუცელი და რამდენიმე საათში უკან მიჰყვა. ბავშვები კიმოთეს ჩააბარა,
_აბა შენ იცი როგორ დამახვედრებ სახლ_ კარსო.
კიმოთე ხომ ძველი კიმოთე აღარ იყო. ამიტომ მაროს დიდად არ უნაღვლია შვილებს და ქმარს რამდენიმე დღით რომ ტოვებდა.

სამშობიარო პალატების ქვემოთ მოუთმენლად გადი გამოდიოდა ოთარა. ყველა ყველა ჩქამს აყურადებდა და უხმოდ გულში ლოცულობდა.

დაროს ბიჭი შეეძინა, დღენაკლული პატარა კილოსაც არ იწონიდა. სუსტად სუნთქავდა.
მაროს კი მშვენიერი ლოყაბროწოლა ვაჟი აჩუქა ღმერთმა.

იმ ღამეს ერთ პალატაში იწვნენ მეზობლები.
წამდაუწუმ წამოდგებოდა მარო და დაროს სუნთქვას უსმენდა. სუსტად სუნთქავდა ქალი.
_ ღმერთო რა ვქნა? _ ფიქრობდა მარო და ინკუბატორში მწოლ დღენაკლულ ჩვილს აკვირდებოდა.
_ ამ ბავშვს რამე რომ დაემართოს ვერ გადაიტანს დარო!_ ფიქრობდა ქალი. იხსენებდა ძლივს გადატანილ ზამთარს. იხსენებდა დაროს მზრუნველობას, იცოდა მაკინე რომ ახლა ცოცხალი ჰყავდა, სულ მეზობლის დამსახურება იყო. ყველა სიკეთე ახსოვდა მაროს დაროსგან. მაგრამ სურვილის მიუხედავად ვერაფერს შველოდა. მხოლოდ სიმწრით საკუთარ თითებს იჭამდა.

განთიადი ახლოვდებოდა. ისევ წამოდგა მარო და ბავშვებს დახედა. მის ბიჭს მშვიდად ეძინა , შემდეგ დაროს ჩვილს მიუახლოვდა და ელდა ეცა. გუმანმა უფრო უგრძნო, ბავშვი აღარ სუნთქავდა. პატარა სუსუტი ხელუკა ლოყაზე დაედო და უკეთეს სამყაროში გაფრენილიყო ანგელოზად დაბადებული.
უნდოდა ეკივლა , ექიმი მოეხმო, მაგრამ მიხვდა არაფერს აღარ ჰქონდა უკვე აზრი. მოულოდნელად ისეთი აფექტური და ყოვლისმომცველი აზრი შეუჩნდა, გააკანკალა. უკან დაიხია, თავი უარის ნიშნად გააქნია. საკუთარ აზრს თავად ეწინააღმდეგებოდა. საშინელი ბრძოლა მიმდინარეობდა ქალის გონებაში. ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო , თავს შემოუძახა.
_ არა ვერ დავუშვებ ამ ოჯახის დაქცევას! სიცოცხლე სიცოცხლის წილ! სიკეთე სიკეთის წილ! ეს აზრი ღმერთისგანაა და მხოლოდ ღმერთი მეყოლება მოსამართლედ!_ ჩაილაპარაკა მტკიცედ. გარდაცვლილი ჩვილი ფრთხილად ამოიყვანა. ისე გადაფუთა თითქოს კიდევ შეიძლებოდა შესცივნოდა და თავის ჩვილს გვერდით მიუწვინა.
შემდეგ ხელის კანკალით საკუთარი ბურთივით ვაჟი ამოიყვანა. მოეფერა, დაყნოსა, მისი სურნელი გონებაში დაიხსომა. ინკუპატორთან მივიდა. ჯერ დაარწია და ის ნანა დაუმღერა, რასაც ცხრავე გოგონას უმღეროდა ხოლმე. მერე შუბლზე ეამბორა და ფრთხილად ჩააწვინა.
_ აბა შენ იცი დედიკო, დიდი და გონიერი ბიჭი გაიზარდე. ისეთი, რომ საკუთარი საქციელი არასდროს ვინანო!_ დალოცა ბავშვი და სწრაფად მოშორდა მის საწოლს, რათა გადაწყვეტილება არ შეეცვალა, ბავშვისთვის ხელი არ დაევლო და იქიდან შორს არ გაქცეულიყო. ეს ფიქრიც უელავდა დაბინდულ გონებაში. დაწვა და საბანი წაიფარა. გათენებას სიკვდილმისჯილივით დაელოდა.

მარო მეორე დღესვე დაბრუნდა სახლში. სევდიან კიმოთეს პატარა მოცუცქნული სასახლე მოეტანა. პატარა სათამაშო აკვანს ჰგავდა კუბო.
იჯდა კიმოთე და ცრემლები მოსდიოდა. მარო კი გამტკნარებული სახით სარკმელს გასცქეროდა.
_ კომოთე, _ რადგან პასუხი ვერ მიიღო კიდევ დაუძახა
_ კიმოთე გესმის კაცო?
_ რა იყო მარო?
_ რაღაც უნდა გითხრა, ამ ჯვარის ზიდვა მარტოს გამიჭირდება.
_ რა მოხდა?
მარომ ყველაფერი მოუყვა ქმარს. ისიც უთხრა, თუ რამ აიძულა ამ საშინელი გადაწყვეტილების მიღება.
კიმოთე იჯდა გაშეშებული, ხმას ვერ იღებდა. მის სახეზე ერთი კუნთიც კი არ ირხეოდა, ერთი ემოციაც კი არ იკითხებოდა. მერე ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. გააჟრჟოლა და სახლიდან უსიტყვოდ გავიდა.
ფანჯრიდან უყურებდა მარო მხრებშიგაშლილ და მძიმედ მიმავალ ქმარს და საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა. ყოველგვარი ფიქრისგან დაცლილიყო მისი გონება.

_ ოთარა, უნდა მომეხმარო!_ მეზობელს მიადგა კიმოთე.
_ ვწუხვარ კიმოთე, ანგელოზი იყო და ცაში გაფრინდა!_ მეტი ვერაფერი სიტყვა მოიფიქრა ოთარამ კიმოთეს სანუგეშოდ. კიმოთემ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
_ დამამარხინე შვილი ოთარა!_ სთხოვა მან და თვალი აარიდა.

ერთად გაუდგნენ სასაფლაოს გზას მამები. მინიატურული სასახლე ხელიდან ხელში გადაჰქონდათ. კიმოთეს დად_ მამის საფლავს მიადგნენ.
ისეთი სიმშვიდე და მყუდროება სუფევდა სოფლის სასაფლაოზე, მართლაც მხოლოდ იქ თუ მოუნდებოდა ადამიანს საუკუნო ძილით დაძინება. უზარმაზარი მუხების და მარადმწვანე აშოლტილი კიპაროსების ჩრდილში ეძინათ წინაპრებს.
პატარა ორმო ამოჭრა კიმოთემ. მშობლების გულზე.
_ მე არ შემიძლია ოთარა! არ შემიძლია! _ ჩაილაპარაკა კიმოთემ. განა არ შეეძლო, მაგრამ მამას ვერ წაართვა შვილის გულზე მიწის მიყრის უფლება.
_ უსახელოდ ნუ მივაბარებთ მიწას!_ კიდევ ამოილაპარაკა გაფითრებულმა კიმოთემ._ დაარქვი სახელი!
პირმშოსთვის სახელის დარქმევის უფლებაც მხოლოდ მამას ჰქონდა.
ცოტა ხანს დაფიქრდა ოთარა.
_ შენი სახელი არის ლუკა! მშვიდად იძინე პატარა ანგელოზო!_ ნელა ჩადო საფლავის პატარა ორმოში პაწაწუნა სასახლე ოთარამ და მიწა მიაყარა.
უყურებდა კიმოთე თუ როგორ მარხავდა მამა წლების ნანატრ ვაჟს. უყურებდა და რწმუნდებოდა თავისი ცოლის მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში.

წლები სწრაფად გავიდა. ოთარა და კიმოთე განუყრელი მეგობრები გახდნენ. არათუ ჩხუბი უბრალო შეკამათებაც კი აღარ მოსდიოდათ. მეზობლები მიეჩვივნენ მათ მუდმივ ერთად ყოფნას. არ არსებობდა სამუშაო ერთმანეთს გვერდში არ დასდგომოდნენ. კიმოთე ისეთი მუყაითი და გამრჯე კაცი დადაგა მალევე წამოაყენა დაქცეული ოჯახი ფეხზე. უყვარდა კიმოთეს ოთარას მათე. გულში ხომ იცოდა საკუთარი რომ იყო და შვილებისგან არ არჩევდა. მაგრამ უცნაური ის იყო, რომ პატარა მათესაც უყვარდა კიმოთე. ივლიდა ივლიდა, ბოლოს სახლის წინ ჩამომჯდარ კიმოთეს გვერდით მიუსკუპდებოდა და ეტიტინებოდა გაუჩერებლად. არ ვიცი რა იყო მათი ურთიერთობა? მაგრამ მგონია, სხვა არაფერი იყო, თუ არა სისხლის ძახილი.

ერთ დღეს მეზობლები საქმეზე რაიონში ერთად წავიდნენ და პურის საჭმელად ერთ_ ერთ ახალგახსნილ რესტორანს მიაშურეს.
ქეიფი გააჩაღეს. სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა და კარგადაც შეჟუჟუნდნენ.
მეზობელ მაგიდასთან დიდი ქეიფი იყო. დედის სადღეგრძელოს სვავდნენ შეზარხოშებული კაცები. რომ უცბად ერთმა მოქეიფემ სიტყვა მოითხოვა და სანამ სადღეგრძელოს დალევდა, ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთო გააჩუმა სუფრის წევრები.
_ ხომ იცით წლებია სამშობიაროში ვმუშაობ, რამდენი მშობიარე მიმიღია კაცმა არ იცის. მაგრამ ერთი ამბავი გულში ჩამრჩა და ახლა თქვენც მოგიყვვებით. ერთ დღეს ერთი სოფლიდან ერთდროულად ორი ქალი მოიყვანეს. ერთ_ერთს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და დღენაკლული ვაჟი გააჩინა. ბავშვი სუსტი იყო. არაფერს აზრი არ ჰქონდა. თავად ქალიც ძლივს ებღაუჭებოდა სიცოცხლეს. მეორე ქალი თავს კარგად გრძნობდა და ბავშვიც ჯანმრთელი ჰყავდა. შემოვლა მქონდა იმ ღამეს , პალატის კარი გავაღე და ამ ამბავს საკუთარი თვალით ვყუყრე. თუ როგორ შეიბრალა ქალმა მომაკვდავი მეზობელი და როგორ გაუცვალა ცოცხალი შვილი მკვდარ ჩვილში. შეძრული ვუყურებდი, როგორ უმღერა დედამ შვილს გამოსამშვიდობებელი იავნანა და სხვა ქალს დაუთმო მისი თავი. სიცოცხლე სიცოცხლის წილო! დააყოლა თან . არ ვიცი რა ვალი ჰქონდა მისი ასეთი მაგრამ, ვერ ვაიძულე ჩემი თავი მისთვის ხელი შემეშალა. ყველას გაჩუმება ვაიძულე, თორემ განა ვერავინ მიხვდა მომხდარს? დაილოცოს დედობის და ქალობის ძალა და მადლი!_ დაასრულა უცნობმა კაცმა თავისი სიტყვა.

მეტი არც არაფერი გაუგია გაფითრებულ ოთარას. ხელში ჭიქა შერჩენილი უსიტყვოდ დასცქეროდა საკუთარ თეფშს.
უსიტყვოდ წამოდგა , წამოდგა კიმოთეც. უსიტყვიდ დაადგნფნ სოფლის გზას. მოდიოდნენ და საკუთარ ფიქრებში ჩაძირულები იმ დღეს იგონებდნენ პატარა ლუკა მიწას რომ მიაბარეს.
ისე თავადაც რომ ვერ გაიგეს როგორ, ფეხებმა ორივე სასაფლაოს გორასთან მიიყვანა.
ნელა აუყვნენ სასაფლაოს წვრილ და დაკლაკნილ ბილიკს. კიმოთეს მშობლების საფლავთან მივიდნენ და გაჩერდნენ. უყურებდა საფლავს ოთარა და ტიროდა. ამხელა კაცი სულ მუჭის სიმსხო ცრემლებს აღვარღვარებდა.
შვილის საფლავთან დაუჩოქა ოთარამ კიმოთეს, ისე დაუჩოქა , როგორც ღვთისკაცს. ახლა მართლა ჰქონდათ საერთო ოთარას და კიმოთეს. მათი სერთო შვილი, მათი საერთო ნუგეში. ეს იყო ორი კაცის საოცარი ადამიანობის ამბავი.

ვერა გურული



№1 სტუმარი სტუმარი ტატა

საოცრება ხართ ვერა, ყველა თქვენი ნაწარმოები იმდენად გულში ჩამწვდომია, დღეები რომ გეფიქრება პერსონაჟებზე ❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ტატა
საოცრება ხართ ვერა, ყველა თქვენი ნაწარმოები იმდენად გულში ჩამწვდომია, დღეები რომ გეფიქრება პერსონაჟებზე ❤️

მადლობა , პოზიტივისთვის ☺️☺️

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

ეს იყო ასაოცრება, ამ ბოლო დროს საიტზე თქვენი ნაწარმოებები მაბედნიერებს.

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მანანა
ეს იყო ასაოცრება, ამ ბოლო დროს საიტზე თქვენი ნაწარმოებები მაბედნიერებს.

☺️☺️☺️????

 


№5 სტუმარი სტუმარი დიკო

ისედაც ძალიან ემოციური ვარ...და ასეთი ამბები საერთოდ მკლავს...საოცრება იყო აი არვიცი სიტყვები ზედმეტია.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი დიკო
ისედაც ძალიან ემოციური ვარ...და ასეთი ამბები საერთოდ მკლავს...საოცრება იყო აი არვიცი სიტყვები ზედმეტია.

მადლობა დიდი☺️

 


№7 სტუმარი სტუმარი მაია

ძალიან კარგად წერთ, გადმოცემის შესანიშნავი უნარი გაქვთ. ამ საიტის გარდა სად ვნახავ თქვენს ისტორიებს?

 


№8  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 3927

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 14317

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 20713

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/classes/htmlpurifier/HTMLPurifier.standalone.php on line 20713

Deprecated: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in /home/4lovege/public_html/engine/modules/sitelogin.php on line 153
სტუმარი მაია
ძალიან კარგად წერთ, გადმოცემის შესანიშნავი უნარი გაქვთ. ამ საიტის გარდა სად ვნახავ თქვენს ისტორიებს?



მადლობა. ჯგუფში მეოცნებეთა ლიგა.

 


№9 სტუმარი ნინო ოთხმეზური

საოცრება ხართ♥️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნა ნა

კარგი რაა ახლა ტირილის დრო იყო?????????????

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნინო ოთხმეზური
საოცრება ხართ♥️

მადლობაა))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent