შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრები ძილის წინ 7_10


21-02-2023, 01:01
ავტორი ვე რა
ნანახია 2 155

_ თომა, დედიკო, შეიძლება შემოვიდე?_ ფრთხილად მივუკაკუნე ოთახის კარებზე. თომამ ხმა არ გამცა. კარი შევაღე და შევედი.

_ დილა მშვიდობისა დეე, _ ისე მივესალმე თითქოს არაფერი უცნაური არ მომხდარიყო.

_ დღეს კვირაა, და ვიფიქრე დონატების საჭმელად წავსულიყავით. _ აშკარად დაინტერესდა და უხმოდ შემომხედა.

_ არა, რომ წარმოვიდგენ შოკოლადმოსხმულ ბანანის დონატს, უფ ,უფ!_ გადავგორდი საწოლზე. კი გამიგონია, რომ ბავშვის სათამაშოთი ან ტკბილეულით მოსყიდვა არაა კარგი საქციელი და არც თუ ისე კარგ შედეგებს იძლევა, მაგრამ იმ მომენტში თომას შესარიგებლად სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. თან იმასაც ვერ ვხვდებოდი რა ვაწყენინე. ვიფიქრე სახლიდან შორს უფრო გაიხსნებოდა ჩემთან.

_ ბანანის?_ მკითხა თვალებანთებულმა. ამ სახლში კვებასთან დაკავშირებულ ჩვენს პრობლემებზე ხომ მოგიყევით. ყველაფერი ჯანსაღი და ნაკლებკალორიული იყო. ყველა კერძი სასარგებლო, მაგრამ უგემური. ჩვენ კი, როენას აზრით, დაბალი ფენის საკვებს ვჭამდით და ეს უნდა გამოგვესწორებინა. მე კიდევ არა მიშავდა, ასე თუ ისე შევეგუე , მაგრამ თომას არაფრით არ მოსწონდა ჯანსაღი კვება და სწორედ ამიტომ გემრიელ სასუსნავზე ფიქრმა დაავიწყა ის, თუ რაზეც იყო ნაწყენი. ახლოს მომიჯდა. ცოტაოდენი ფიქრის მერე კი მკითხა.

_ დეე, ჩოქელა კეთილია?_ და პასუხის მოლოდინში თვალებში ინტერესით შემომაჩერდა.

_ ჩოქელა? _ უცებ ვერც მივხვდი რაზე მეკითხებოდა, მე ამ მწერს ბავშვობაში
" ბაგამოლს" ვეძახდი, მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ მას ქართულად ღვთისმლოცველა ანუ ჩოქელა ერქვა და მით უფრო მის სარგებლიანობაზე მხოლოდ ახლახანს შევიტყვე, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ფაროსანა გავრცელდა და მის ბუნებრივ მტრად სწორედ ეს უცნაური, ერთი შეხედვით საშიში, თუმცა ადამიანებისთვის სრულიად უვნებელი, უზარმაზარი კალია მოგვევლინა.

_ ააა, ღვთისმლოცველა კალია? კიი კეთილია დეე, ჩვენ არაფერს გვიშავებს._ ვუპასუხე მხიარულად და ყურადღება არ მიმიქცევია რამდენად მნიშვნელოვანი იყო თომასთვის ჩემი პასუხი. ახლა რომ ვფიქრობ, მახსენდება, როგორი იმედგაცრუებით შემომხედა თომამ , თუმცა მეტი აღარაფერი უკითხავს. ზოგჯერ ბავშვები ერთი შეხედვით უმნიშვნელო კითხვაში ძალიან მნიშვნელოვან საფიქრალს ტევენ, ჩვენ კი მათი ასაკის გამო ყურადღებას არ ვაქცევთ ამას. გვგონია, რომ რადგან ბავშვია მხოლოდ თამაშით და უმნიშვნელო პრობლემებითაა მისი გონება მოცული. მე რომ მაშინ არ მომეყრუებინა და კარგად ჩავძიებოდი მის კითხვას, ვინ იცის რამდენ პრობლემას ავირიდებდი, მაგრამ, როგორც ყოვლისმცოდნე უფროსმა მისი კითხვა მორიგ ბავშვურ ინტერესად მივიჩნიე მხოლოდ. რადგან ჩემი გონება იმ წამს მხოლოდ ჩემთვის მნიშვნელოვანი საფიქრალით იყო დაკავებული.

გავემზადეთ და სახლიდან წავედით. ფრიდონი არ წაგვიყვანია, სახლიდან მიმავალ ცარიელ გზას ფეხით გაუყევით. რადგან უახლოესი გაჩერება საკმაოდ შორს იყო. რატომღაც ფრიდონის დახმარებას ყოველთვის თავს ვარიდებდი, უცნაური შეგრძნება მეუფლებოდა მის სიახლოვეს, თითქოს როენას ჩემს სათვალთვალოდ ჰყავდა მოჩენილი. მის გვერდით დაცულობის ნაცვლად შებოჭილობას და დაძაბულობას ვგრძნობდი.
თუმცა კი ყოველთვის ზრდლობიანად და გადამეტებული პატივისცემითაც კი გვექცეოდა.

გაჩერებასთან ათ_თხუთმეტ წუთში მივედით. ავტობუსში ჩავჯექით და ქალაქის ცენტრისკენ ავიღეთ გეზი.

დონატები ვჭამეთ, ბევრი ვისეირნეთ, საქანელების პარკი მოვინახულეთ და ჩვენს მყუდრო ბინასაც მივაკითხეთ. კარი გავხსენით და შევედით, ისეთი სასიამოვნო აურა დაგვხვდა ჩვენს პატარა ბუდეში. გავიფიქრე, რა ჯანდაბას ვაკეთებ როენას სასახლეში იქნება დაბრუნება ჯობდესმეთქი და თითქოს ჩემს გულში იჯდა, თომამ ჩემი ფიქრები ხმამაღლა გაახმაურა.

_ აქ დაძინება მომენატრა დედიკო!_ გულში ჩავიხუტე ჩემი ბიჭუნა.

_ ცოტაც მოითმინე დედი, სულ ცოტაც და გპირდები წამოვალთ იმ ცივი სასახლიდან და ისევ ბედნიერად ვიცხოვრებთ! _ თომაზე უფრო მგონი საკუთარ თავს ვაძლევდი პირობას.ისევ ძველებური სიახლოვე ვიგრძენით ერანეთთან და ეს ყველაფერი ისე მენატრებოდა , რომ ყველანაირად ვცდილობდი, როგორც შემეძლო შვილთან
მეტი დრო გამეტარებინა.
რომელიღაც მყუდრო კაფეში შევედით და ფანჯარასთან დავსხედით.
ვსაუბრობდით მხიარულ თემებზე და თავს ბედნიერად ვგრძნობდით.

ისევ ძველებური სიახლოვე ვიგრძენით ერანეთთან და ეს ყველაფერი ისე მენატრებოდა , რომ ყველანაირად ვცდილობდი, როგორც შემეძლო შვილთან
მეტი დრო გამეტარებინა.
რომელიღაც მყუდრო კაფეში შევედით და ფანჯარასთან დავსხედით.
ვსაუბრობდით მხიარულ თემებზე და თავს ბედნიერად ვგრძნობდით.

_ გამარჯობა!_ მომესმა მოულოდნელად ნაცნობი ხმა._ გამიხარდა თქვენი დანახვა.
ავხედე და დავითი გვადგა თავს. ნებართვა არც კი უთხოვია, პირდაპირ თომას გვერდით ჩამოჯდა.

_ გამარჯობა!_ მივესალმე უკმეხად, რითაც აშკარად ვანიშნე, რომ ზედმეტი იყო. ცოტა ხანს დაკვირვებით მიყურა, მეც თვალი გავუსწორე ჯიუტად. გაეცინა.

_ თომა როგორ ხარ?_ ახლა ბავშვს დაუწყო ლაპარაკი. "თავხედი!"გავიფიქრე მე. შეკვეთა მიცემული მქონდა და არ მსურდა მხოლოდ მის გამო წამომეყვანა თომა. ან რატომ უნდა წავსულიყავი? მე ხომ არ მივსულვარ მასთან და მე ხომ არ ვაწუხებდი ჩემი სიახლოვით. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ მივხვდი, როგორი ინტერესით მაკვირდებოდა დავითი.

_ გადაშლილი წიგნივით ხარ ქეთევან! ჯობია ისწავლო შენი ემოციების კონტროლი. არაა მაინც და მაინც სასურველი ყველა ფიქრი სახეზე გეწეროს. მით უმეტეს თუ როენასთან აპირებ ცხოვრებას!_ მისი სიტყვები იმდენად უცნაური იყო გასააზრებლად დრო დამჭირდა .

_ვიცი, რომ გიკვირს ჩემი სიტყვები!_ პასუხის გაცემაც კი არ დამაცადა მან_ კიდევ ერთს გეტყვი, ფრთხილად იყავი, ზოგჯერ ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. დასკვნებსაც მხოლოდ შთაბეჭდილებების საფუძველზე ნუ გააკეთებ! _ ფეხზე წამოდგა. ცოტა ხანს იფიქრა და ხელში საკუთარი სავიზიტო ბარათი ჩამიდო.

_ ნებისმიერ წამს , როცა საჭიროდ ჩათვლი, დღისით თუ ღამით, დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები!_ბარათს გაოცებულმა დავხედე, რა ჯანდაბად უნდა დამჭირვებოდა მასთან დარეკვა?

_ იცოდე,არ გადააგდო !_ დამემშვიდობა ღიმილით და ისევე მოულოდნელად წავიდა , როგორც მოვიდა.
არც ჩვენ დავრჩენილვართ დიდხანს, როგორც კი კაკაო დავლიეთ ავდექით და სახლში წავედით.

_ ქეთევან ვახშამი უკვე იყო, ვწუხვარ, რომ დააგვიანეთ!_ როენა მისაღებში დამხვდა გამოჭიმული. ისეთი ტონით თქვა ეს სიტყვები, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და დაგვიანების გამო დამტუქსა. ვახშამი თორემ დედაჩემის მზრუნველი ხელებით წასმული კარაქიანი პური იყო ან მისი ამოყვანილი ნასვრეტებიანი ყველი და ცხელი ასკილის ჩაი გამოვტოვეთ. ან თითქოს შეუძლებელი იყო სურვილისამებს , როცა მოგვესურვებოდა მაშინ გვევახშმა,თითქოს ამით ქვეყნის აღსასრული დადგებოდა
ისეთ ხასიათზე ვიყავი, რატომღაც ისე მქონდა გუნება ამღვრეული სულ არ მეხალისებოდა მასთან ეს ვაიარისტოკრატული გაბაასება.

_ არ იდარდო, გემრიელად მივირთვით!_ მოკლედ მოვუჭერი და პირდაპირ ოთახისკენ წავედი. მასთან ლოლიავის არანაირი სურვილი აღარ მქონდა. ხანდახან დგება მომენტები, როცა ზრდილობასაც ვივიწყებთ ხოლმე და აღზრდასაც. ამ არეულ_ დარეულ სიტუაციას თავს ვერაფრით ვაბამდი. თუ დავითს და როენას რაიმე სიყვარულისმაგვარი აკავშირებდათ ერთმანეთთან, რას ნიშნავდა მისი სიტყვები?
" ვა, სოფელო, რა შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?" ამეკვიატა რუსთაველის სიტყვები და ჩემდაუნებურად სულ ჩურჩულით ვიმეორებდი. აშკარად ძალიან ვიყავი დაღლილი ამ მუდმივი დაძაბულიბით.

იმ საღამოსაც როენამ ითავა მეზღაპრეობა.

_მგონი ჩემ ჯიბრზე აკეთებს ამას!_ ვბურტყუნებდი ნერვებმოშლილი. შემდეგ მეორე დღის სამეცადინო ავიღე ხელში და გვანობამდე ვკითხულობდი. როდის ჩამეძინა ვერც კი გავიგე. შუაღამით განწირულმა ყვირილმა გამომაღვიძა. უფრო ინსტიქტურად მივხვდი , რომ თომა იყო, ვიდრე ხმაზე ვიცანი. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, რომ თომა ღამით კოშმარს გაეღვიძებინა. გიჟივით გადმოვხტი ლოგინიდან და თომასთან გავიქეცი.
კარი გავაღე და ღამის სანათის შუქზე დავინახე, როგორი აზრდაკარგული თვალებით იყურებოდა ჩემი პატარა ბიჭი.

_ თომა , დედიკო აქ ვარ თომა!_ ვცადე ჩავხუტებოდი , მან კი ხელები გაასავსავა და უარესად აყვირდა. მისი არეული სიტყვებიდან აზრი ვერ გამომქონდა.

_არა! არა! არ მომაჭამო თავი!_ ყვიროდა თომა. ვერაფრით დავამშვიდე და გონზე ვერ მოვიყვანე. სანამ სილა არ გავაწანი ვერ გამოვაფხიზლე. ლოყაში რომ გავარტყი, უცებ გამოფხიზლდა.

_ დედიკო, დეე!_ ჩამეხუტა საწყალი. სულ გაყინული იყო. გაფითრებული. ნელ ნელა მეც მასთან ერთად დავმშვიდდი. კარში გახიდულ როენას მოვკარი თვალი. ისევ უცნაურად გვიყურებდა.

_ რა ხდება? რა სჭირს ბავშვს?_ ისე შემეკითხა თითქოს ეს ჩვეული ამბავი იყო ჩემთვის და აუცილებლად უნდა მქონოდა პასუხი.

_ არ ვიცი, აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა._ ვუთხარი მე. ცოტა ხანს კიდევ გვიყურა. მერე თომას გაუღიმა და თავი გააქნია.

_ ძვირფასო შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და უნდა ხვდებოდე, რომ კოშმარი ნამდვილი არაა! ამხელა ყვირილით ყველას შეშინება არაფრის გამო, არაა კარგი საქციელი.
ბავშვის პასუხს არც კი დალოდებია.

_ უბრალო სიზმრის გამო ასტეხეთ ამხელა ამბავი!_ ზურგი გვაქცია და ოთახიდან გავიდა.

_ თომა, პატარა შენი ბრალი არაა, ყველას შეიძლება დაესიზმროს ცუდი სიზმარი. _ ვცადე ბავშვის დამშვიდება. _ თუ მოყოლა მოგინდება მე მოგისმენ! მაგრამ არაფერს დაგაძალებ. _ შევატყვე არ სურდა სიზმარზე საუბარი. მეც ვიფიქრე, არ ღირდა, რომ ჩავძიებოდი და მეიძულებინა კიდევ ერთხელ განეცადა შიში.

_ დაძინების მეშინია დედიკო._ ამოიკრუსუნა თომამ. გული მოემეწურა.

_ გინდა ამაღამ შენთან დავრჩე?_ დავინახე როგორ გაუბრწყინდა მას სახე .

_ მერე რას იტყვის ბებია?

_ არაფერს არ იტყვის, მანაც ხომ ნახა, რომ ცუდი სიზმარი ნახე. გინდა კოშმარის დავიწყების ერთი ხერხი გასწავლო?_ ვკითხე თომას.

_ მართლა?_ გაუხარდა.

_ რაც სიზმარში ნახე წყალს უნდა მოუყვე, წყალში ხელი უნდა შეყო და ისე, წყალი კი წაიღებს და ოკეანეში გადაკარგავს, იქ კი კოშმარს ზვიგენები გადასანსლავენ!_ ღიმილით ვასწავლე სიზმრის გადავიწყება. ბავშვობაში მეც მჯეროდა ამ ხერხის. თომა ადგა და აბაზანაში შევიდა. ონკანი მოუშვა.
ჩუმად წამოვდექი ფეხზე, აბაზანის კარები ოდნავ შევაღე და ყური დავუგდე.
ჩუმად ჩურჩულებდა თომა და ბევრი ვერაფერი გავიგონე. მხოლოდ ადგილ_ადგილ მოვკარი ყური , თუმცა სიტყვები ვერ დავაკავშირე.

_ დედოფალი.... თავი მოაჭამა....საშიშია....მან მითხრა....მისი ბრალია...მამა..._ აქ კი დავიბენი, თომას ირაკლი არ ახსოვდა, მეტისმეტად პატარა იყო, როცა მან დაგვტოვა. მამაზე მხოლოდ კარგს ვუყვებოდი, მინდოდა კარგი მოგონებები შემექმნა მისთვის.ამიტომ ვერ მივხვდი რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ირაკლის თომას კოშმართან.

ამოვიოხრე და საწოლში დავბრუნდი. მალე თომაც გამოვიდა , საკმაოდ დამშვიდებული ჩანდა. ერთად დავწექით და ჩახუტებულებს დაგვეძინა.

მეორე დღეს უნივერსიტეტში რომ წავედი ბავშვს ჯერ კიდევ ეძინა. მძინარეს ვაკოცე და საბანი გავუსწორე.
მთელი დღე ლექციების ნაცვლად თომას სიზმარზე ვფიქრობდი. ბოლოს თავი დავიმშვიდე, რაღაც ყოველთვის ხდება პირველად, მათ შორის კოშმარებიც. ერთხელ მაინც ყველას გაგვღვიძებია ბავშვობაში ყვირილით და ერთხელ მაინც ყველას მოგვიყოლია ცუდი სიზმარი წყლისთვის. ალბათ ისეთი არაფერია. მაგრამ ეს სიტყვა "მამა" მაინც გულში ეკალივით მქონდა ჩასობილი.

_ ქეთი, როგორ ხარ? ამ ბოლოს ვეღარ მოგიგდე ხელში, _დამეწია დიანა. დიანა პირველი კურსიდან ჩემი მეგობარი იყო. ირაკლისაც კარგად იცნობდა და ადრე, სანამ ბედნიერი ოჯახი მქონდა ხშირადაც სტუმრობდა ჩვენთან. მერე დეპრესია დამეწყო და ამას გაჭირვებაც დაემატა. აღარც დრო მქონდა აღარც სურვილი ბედნიერი მეგობრების ნახვის. თითქოს მათ ფონზე უფრო მეტად მახსენდებოდა ჩემი დაკარგული ბედნიერება. ამასობაში კი დიანა კათედრაზე დარჩენილა დოქტორანტურაც დაუსრულებია და ახლა უკვე ლექტორად მუშაობდა.
ჩემი დაბრუნება ვიცი ძალიან გაუხარდა. ნაწყენიც კი არ იყო ჩემზე, რომ არ მოვუფრათხილდი ჩვენს ურთიერთობას.

_ წამოდი ჭიქა ყავაზე გეპატიჟები! ცოტა წავიჭორაოთ!_ ხელი დამიქნია მან. სიმართლე გითხრათ მისი ინიციატივა ძალიან გიხარდა.

უნივერსიტეტის კაფეში შევედით. რაღაც რაღაცეები ვუამბე ჩემს ცხოვრებაზე. როენაზეც და ჩემს გეგმებზეც.
თითქოს ამოვისუნთქე, როცა ჩემი დარდის გამზიარებელი ვიპოვნე.

_ და თუ იქ თავისუფლად არ ხარ, რაღატომ რჩები?_ დიანა თავისუფალი ადამიანი იყო, ნათესაურ თუ ოჯახურ ვალდებულებებს , როგორიცაა ცოლის სახლში დაჯდომა, ან დედამთილისგან რძლის შევიწროვება და ქალის მორჩილება, მის მსოფლმხედველობას არ ესადაგებოდა. დამოუკიდებელი , შემდგარი ქალი იყო. კარიერით და პირადი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ ვერ იგებდა ჩემს უსიტყვო მორჩილებას როენასადმი.

_ დიანა მე შენსავით არც ძლიერი ვარ და არც თავისუფალი. შვილი მყავს და არ ვიცი ფეხზე მყარად როგორ დავდგე. არც სამსახური მაქვს. არც დასაყრდენი და ვერც ხსნის გზას ვერ ვხედავ._ ბოლომდე გულახდილი ვიყავი მასთან.

_მომისმინე სამსახურს რაც შეეხება გპირდები დაგეხმარები. თან რაღა დაგრჩა მალე მაგისტრის დიპლომსაც აიღებ. ერთ რამესაც გირჩევ. მიუხედავად იმისა , რომ დედამთილის ხარჯზე ცხოვრობ, ვფიქრობ არაა საჭირო მაგდენად იყო მასზე დამოკიდებული. დაიწყე მუშაობა და ნახავ სულ მალე შეძლებ და იმ ციხეს თავს დააღწევ.

სახლისკენ მიმავალი , ყოველ წამს ვრწმუნდებოდი დიანას სიტყვების სიმართლეში. აუცილებლად უნდა დამეწყო მუშაობა. ცოტა დანაზოგი გამეკეთებინა და როენას სასწრაფოდ და მშვიდობიანად გავცლოდი.

გაჩერებაზე რომ ჩამოვედი, ისევ ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და საერთოდ არ შემიმჩნევია, როგორ დაიძრა უზარმაზარი შავი ჯიპი და პირდაპირ ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა. ისე შემეშინდა, ლამის მთელმა სიცოცხლემ გამიელვა თვალწინ. გაცოფებულმა მოვუარე მანქანას, რომ მძღოლი საკადრისად გამომელანძღა და ხელთ მომღიმარი, როენას ძვირფასი დავითი შემრჩა.

_ რა ჯანდაბას აკეთებ?!_ არც კი გამხსენებია, შენობით რომ არ ველაპარაკებოდი._ ერთობი თუ რა ჯანდაბაა?
ვუყვირე გაბრაზებულმა.

_ ოჰო კატას კლანჭებიც ჰქონია!_ გაეცინა კიდევ უფრო უტიფრად_ რაო ქალბატონო ქეთევან, ყვირილიც ვიცითო?
ვუყურე ცოტა ხანს და თავი გავაქნიე, არ ღირდა მასზე დროის დახარჯვა. ისედაც დაღლილი ვიყავი და ერთი სული მქონდა საწოლამდე მიმეღწია . დარჩენილ ორ გრამ ენერგიას მას ვერ დავახარჯებდი.

_ზურგს ნუ მაქცევ!_ მომაძახა მან, უკან არ მიმიხედია ისე გავაგრძელე გზა. გავიგონე, როგორ გადმოვიდა მანქანიდან.
ფეხს ავუჩქარე.

_ აქ მოდი ქალბატონო!_ დამეწია და მკლავში ჩამავლო ხელი.

_ რა ჯანდაბას აკეთებ, თუ ხვდები?_ ვცადე მისი ხელის მოშორება._ რის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?

_ გაჩერდი და მომისმინე!_ არც კი უფიქრია ხელის გაშვება. პირიქით ისე მომიჭირა თითები მეგონა მკლავს მომტეხავდა.

_ არა ასე არაფერი გამოვა._ მიხვდა, რომ მის მოსმენას არ ვაპირებდი_ წამოდი უნდა ვილაპარაკოთ! _პასუხის გაცემაც არ დამაცალა ისე წამათრია მანქანისკენ. ლამის ტვინში ამასხა სიბრაზემ. ასეთი უტიფარი, უზრდელი და მოძალადე კაცი ჯერ არსად მენახა. მანქანის კარი გააღო და დაჯდომა მაიძულა. ღვედიც თავისი ხელით შემიკრა. ყურადღებას არ აქცევდა ჩემს ჩხუბს. საჭესთან დაჯდა კარი მოიჯახუნა და მანქანა გააქროლა. თუმცა მაინც მოვასწარი გაჩერებისკენ მომავალი თვალებდაჭყეტილი რიტას დანახვა. ესღა მაკლდა ,რომ როენას გაეგო ეს ამბავი. კარგად რომ გავცდით სახლს მხოლოდ მაშინ დავფიქრდი, რომ ამ არანორმალურს ვეჯექი მანქანაში და კაცმა არ იცის საით მივყავდი.

8

რაღაც მომენტში მივხვდი, ჩხუბს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დამშვიდება ვცადე.

_ კარგი, გისმენ მითხარი რისი თქმაც გინდა!_მერჩივნა აქვე მანქანაშივე გვესაუბრა, მას არ ვენდობოდი და მასთან ერთად უცნობ ადგილზე წასვლის აზრც არ მომწონდა.

_ცოტაც მოიცადე , ყველაფერს გეტყვი. _ გაეცინა , მიხვდა რომ უბრალო დ თავს ვაჩვენებდი.

_ მოვედით, _ მანქანა უცხო, საკმაოდ ლამაზი სახლის წინ გააჩერა. გაოცებით შევხედე.

_ სად ვართ?_ ვკითხე რაც შემეძლო მშვიდად.

_ ეს ჩემი სახლია, რაღაც მინდა მოგიყვე.აქ კი მშვიდად საუბარში ხელს არავინ შეგვიშლის. _ ასე მეგონა ერთობოდა ჩემი გაბრაზებით. ამიტომაც აღარ მსურდა მისთვის ეს სიამოვნება მიმენიჭებინა და მანქანიდან მშვიდად გადმოვედი.

_ მეგონა კიდევ ერთ ისტერიკას მომიწყობდი!_ გაუკვირდა მას.

_ შენი არ მეშინია დავით!_ ვუთხარი თამამად და სახლისკენ პირველი წავედი.

_ ხოოო?!_ ორაზროვნად ჩაილაპარაკა მან. სახლის კარი გააღო და ხელით მანიშნა შედიო. საკმაოდ ლამაზი და მშვიდი გარემო დამხვდა. სიმყუდროვე იგრძნობოდა. გამიკვირდა, არ ვიცი რას მოველიდი მისი სახლისგან. ამბობენ სახლები საკუთარ პატრონებს ჰგვანანო. მათ იმ ჟამინდელ გუნებას და განწყობას გამოხატავენო. აი მაგალითად, როგორც როენას პომპეზური, ქედმაღლური და საშიში წითელი სასახლე. ზუსტად ასახავდა მფლობელის პიროვნულ თვისებებს.
რისი გაგება შემეძლო დავითზე მისი სახლისგან? ყურადღებით მოვათვალიერე, ლამაზი გემოვნებიანი ინტერიერი, რბილი და სადა დივანი, წინ ლამაზი ფუმფულა ნოხი და თეთრი ბუხარი. რამდენიმე ლამაზი მცენარე, წიგნების დიდი თარო და გავშეშდი ...
მთავარ კედელზე ირაკლის ყველაზე უცნაური და ჩემთვის გაუგებარი ნახატი ეკიდა. "დედოფალი" ასე ერქვა იმ სურათს. ვერასდროს ვხვდებოდი, რისი თქმა სურდა ირაკლის ამ კონკრეტული ნახატით. მშვენიერი ქალის სილუეტი ეხატა ლამაზ სადედოფლო კაბაში, ოღონდ ადამიანის სახის ნაცვლად უზარმაზარი კალიის გვირგვინოსანი თავი რატომ დახატა, ჩემთვის დღემდე გამოცანად დარჩა. რამდენჯერმე ვკითხე და სიცილით მიპასუხა: "უბრალოდ ბავშვობის კოშმარი ტილოზე გადავიტანე, მეტი არაფერიო!"
ბავშვობის კოშმარი? მხოლოდ ახლა გამახსენდა ირაკლის სიტყვები. ნუთუ ირაკლიც ხედავდა ბავშვობაში კოშმარებს? გავიაზრე, რომ ირაკლიზე მხოლოდ ის ვიცოდი, რისი გამხელაც თავად მან ისურვა ჩემთვის. სინამდვილეში ჩემს ქმარს საერთოდ არ ვიცნობდი. არაფერი ვიცოდი მის ბავშვობაზე. არადა სწორედ ბავშვობაში ხდება ადამიანის ჩამოყალიბება იმად, რასაც შემდგომში წარმოადგენს. სწორედ ბავშვობის შიშები და სიხარულები, სწორედ ის ძველი მოგონებები და განცდები ქმნიან ადამიანს ისეთს, როგორიც არის.

_ შენ საიდან გაქვს ეს სურათი?_ მოვუბრუნდი ჩუმად მდგომ დავითს.

_ ვიყიდე, საიდან უნდა მქონდეს?_ მართლა გაუკვირდა მას.

_ თავად ირაკლიმ მოგყიდა?_ დავუზუსტე რაც მაინტერესებდა.

_ არა, რა თქმა უნდა! მან არც კი იცოდა, თუ მე ვყიდულობდი._ მხრები აიჩეჩა დავითმა.

_ კარგი, რა აზრი აქვს!_ სურათს მოვშორდი. დივანზე ჩამოვჯექი და მოსასმენად მოვემზადე.

_ აბა გისმენ! დრო ცოტა მაქვს!
დავითი მოვიდა და ზუსტად ჩემ წინ დაჯდა.

_ მე და ირაკლის არასდროს გვიჩხუბია, უფრო სწორედ იმის გამო არა, შენ რომ გგონია!

_ და მე რა მგონია?_ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

_ კარგი რა, ბავშვი არ ვარ! როენასთან არც ახლა და არც არასდროს არაფერი მაკავშირებდა! _ გაეცინა_ თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შანსი არ მქონდა, ან არ მაქვს!

_ ხვდები რამდენად ამაზრზენია შენი სიტყვები! მაგით კიდევ ერთხელ ამტკიცებ, რამდენად დიდი წარმოდგენის ხარ საკუთარ თავზე!_ გავკენწლე მე.

_ და რა მერე? არ უნდა ვიყო?_დავითმა თვალებში შემომხედა. მე თვალი ავარიდე. ის მართალი იყო. მიუხედავად ჩემი მისდამი ანტიპათიისა , თავიდანვე ვაღიარე, მისი გარეგნული სილამაზე.

_ კარგი, ვთქვათ მასე იყო და მერე?_ ვკითხე საუბრის გასაგრძელებლად.

_ მე და ირაკლი ამერიკაში ერთად მივდიოდით. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გვქონდა. იქაურ სამხატვრო კოლეჯშიც ჩარიცხული იყო უკვე, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით უარი თქვა გამგზავრებაზე. მე გავბრაზდი , ყველაფრის ახსნა ვთხოვე.მან კი მითხრა, რომ მიზეზს ვერ მეტყოდა,"ერთადერთი იცოდე, თუ მე რამე მომივა ყველაფერში დამნაშავე როენა იქნებაო !" დამიბარა ირაკლიმ. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია მისი ნათქვამისთვის. მეგონა გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა. მერე კი სულ გაუჩინარდა. აღარც კონტაქტზე გამოდიოდა. მოკლედ მისი კვალი დამეკარგა. როცა იმედი გადამეწურა დედამისს დავუკავშირდი და ირაკლის კოორდინატები ვთხოვე. სწორედ მისგან გავიგე, რომ თურმე ანგარებიან და სიმდიდრის მოყვარულ ქალზე დაქორწინდა, რომელმაც ყველას და ყველაფერს ჩამოაშორა, მაგრამ მე ყვლა ზომა მივიღე, რომ იმ ქალს ერთი თეთრი არ შეხვედროდა ჩვენი ქონებიდანო_ ასე მითხრა როენამ. შენი თავი მონსტრად დამიხასიათა და რომ არ მოგატყუო, სადღაც დავიჯერე კიდეც. შემდეგ შემთხვევით ინტერნეტ აუქციონზე მის ფოტოს წავაწყდი და შევიძინე. შემდეგ დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დავაგვიანე. როცა როენა მოვინახულე , მომიყვა, რომ ირაკლის ბავშვი დარჩა, მემკვიდრე და მიუხედავად იმისა, რომ დედამისი ასეთი ხარბი და ფულზე მონადირე იყო, შვილის სიკვდილის შემდეგ როენას უბრალოდ სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი. თუ სურდა თომასთან სიახლოვე, შენი ატანაც მოუწევდა და ამიტომ მასთან საცხოვრებლად მიგიწვიათ და შენც თურმე სიხარულით დასთანხმდი. ახლა კი როენამ რომ დამპატიჟა, იმიტომ დავთანხმდი, რომ სინამდვილეში შენი გაცნობა მსურდა. ვიცი როენას მხოლოდ ფულის გულისთვის თუ გაუძლებს ადამიანი და შენზეც თავიდანვე არასწორი წარმოდგენა მქონდა. ერთი ჩვეულებრივი ფულზე მონადირე ქალი მეგონე.

_ ახლაც ასე ფიქრობ ჩემზე?_ რატომ მაინტერესებდა , თუ რას ფიქრობდა დავითი ჩემზე, თავადაც არ ვიცოდი.

_ არა ქეთევან!_ მიპასუხა მან გულწრფელად.

_ და აზრი რამ შეგიცვალა?

_ შენმა თვალებმა! შენმა ვერ დაფარულმა ემოციებმა! ყველაფერი სახეზე გაწერია, რასაც ფიქრობ! მივხვდი, შეუძლებელია შენნაირი გულწრფელი ადამიანი ხარბი და ანგარებიანი იყოს!_ მშვიდად მაფასებდა დავითი და რაც უფრო მშვიდდებოდა ის, მით უფრო ვღელავდი მე. ვიფიქრე, სანამ ისეთ რამეს მეტყოდა , რისი გაგონებაც არ მსურდა, ჯობდა მისი სახლი დამეტოვებინა. ფეხზე წამოვდექი.

_ ყველაფერი გასაგებია, მე სახლში უნდა დავბრუნდე თომასთან!_ ვუთხარი ცივად.

_ მისმინე, კი არ უნდა დაბრუნდე, იმ სახლიდან საერთოდ უნდა წამოხვიდეთ!_ ფეხზე წამოდგა დავითიც.

_ არ შემიძლია!_ ვუთხარი და თვალი ავარიდე.

_ რატომ?_ უნდოდა პასუხი ჩემგან მეოესმინა, თორემ უკვე საკმაო ინფორმაცია ექნებოდა ჩემზე შეგროვებული და ჩემს შესაძლებლობებზეც ჩემზე უკეთ ეცოდინებოდა ყველაფერი.

_ თომას გამო!_ ჩემთვის რაც შეიძლება ნაკლებ შეურაცმყოფელი მიზეზი მოვიფიქრე მე.

_ მე დაგეხმარები!_ მოვიდა და სცადა ხელი ჩაეკიდა ჩემთვის.

_ შეწყვიტე გესმის! არ ვიცი რას ფიქრობ ,არც ის ვიცი რა გინდა ჩემგან! არც მაინტერესებს! ხომ ამბობ, რომ ირაკლის მეგობარი ხარ, ხოდა დარჩი მის მეგობრად! ჩემს საკუთარ თავს როგორმე თავად მივხედავ!_ ვუთხარი უკვე ძალიან ნერვებმოშლილმა, ზურგი შევაქციე და წამოვედი.

_ შენ ერთი რამ გავიწყდება ქეთევან!_ მომაძახა უკვე წამოსულს, შევჩერდი და თვალებში შევხედე.

_ ირაკლი დაიღუპა! ჩვენ კი ცოცხალები ვართ!_ მშვიდად მითხრა მან.

_ ზოგჯერ ერთი გარდაცვლილი ათას ცოცხალს გჯობიათ!_ მივახალე დაუფიქრებლად, რაც ენაზე მომადგა, კარი გამოვიჯახუნე და წამოვედი.

9

სახლში იმაზე გვიან დავბრუნდი , ვიდრე ყოველთვის. როენა მისაღებში იჯდა სავარძელში და ყავას სვამდა. აშკარად მელოდა.

_ ქეთევან ჩემო კარგო, ერთი წუთით თუ შეიძლება!_ დამიძახა მან. ამოვიოხრე და უსიტყვოდ მივუახლოვდი.

_ კვირის ბოლოს საქველმოქმედო საღამო იმართება, ომში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად. მინდა თომა და შენც ჩემს გვერდით იყოთ!_ გაოცებისგან დავმუნჯდი. ლამის ერთი წელი ხდებოდა ამ სახლში ვცხოვრობდი და ასეთ სახალხო ღონისძიებაზე პირველად მეპატიჟებოდა. აშკარად რაღაც მიზანი ჰქონდა, თორემ ტყუილად არ დამიძახებდა.

_ შესაფერისი სამოსი თუ არ გაქვს, ფრიდონი შენს განკარგულებაშია, წაგიყვანს ჩემს დიზაინერთან და ის ყველაფერს მოაგვარებს, რაც საჭიროა!_ ჩემს პასუხს არც დალოდებია , ფეხზე წამოდგა და ტანის რხევით წავიდა. ქუსლიანებზე შემდგარი მუხლამდე შავი კაბით, მოკლე ქერა თმით და ლამაზი მრგვალი თავით. უცნაური ქალი იყო ,წლების მიუხედავად ძალიან ლამაზი. არ ვიცი, როგორ ახერხებდა, ამ ასაკში ასეთი მომხიბვლელობის შენარჩუნებას. გრაციოზულად ადიოდა კიბეზე, როგორც დედოფალი. დედოფალი? ამ სიტყვამ ასოციაციების უცნაური შემოტევა გამოიწვია ჩემში. უცბად მივხვდი ყველაფერს. აი რას მახსენებდა როენას სიარულის მანერა და მთელი მისი გამოსახულება. დიდ, უზარმაზარ ღვთისმლოცველას. თქვენ გინახიათ რა უცნაური რწევით დადის ეს უზარმაზარი მწერი? გინახიათ, როგორ უცნაურად ლამის არისტოკრატულად უჭირავს თავისი წინა საცეცები? სწორედ ირაკლის დასაფლავების დღიდან, მისი დანახვის წამიდან, მაწუხებდა ეს უცნაური ასოციაციური შეგრძნება , მანამდე სანამ დავითის სახლში ირაკლის "დედოფალი" არ ვნახე.
ნუთუ ირაკლიმაც ამიტომ დახატა ის სურათი? იქნებ როენა მასშიც ქვეცნობიერ დონეზე , იწვევდა ამ უცნაურ მსგავსებას? თუ პირიქით, მისი ნახატი დაილექა ჩემს მეხსიერებაში და როენას გაცნობის წამიდან ცდილობდა ზედაპირზე ამოღწევას?

ამ ბოლოს, ვამჩნევდი , როგორც კი ფიქრების ეს აბურდული გორგალი გარს შემომეხვეოდა ,მაშინვე ვცდილობდი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. ეს უთავბოლო აზრები შინაგან წონასწორობას მირღვევდა.

თომას საძინებლისკენ წსვედი. კარი რომ შევაღე დავინახე , როგორ დამალა რაღაც, სავარაუდოდ წიგნი, ბალიშის ქვეშ. გამეღიმა. ნეტავ რას ათვალიერებდა ასეთს.
ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა თომა, მზერა ერთ წერტილში უშეშდებოდა და უცნაური სახით გაშტერებული ფიქრობდა. ან რაღაცას ხატავდა გამუდმებით, მერე კი საგულდაგულოდ ინახავდა საიდუმლო ნახატებს. სწავლით ძველებურად კარგად სწავლობდა. მაგრამ თითქოს გამიუცხოვდა. დროის უმეტეს ნაწილს ბებიამისთან ატარებდა. მე კი იმდენი სამეცადინო მქონდა, გადაქანცულს სადღაც გულში მიხაროდა კიდეც, რომ ასე გაუგეს ერთმანეთს. სულ ცოტაც უნდა მომეთმინა. მალე დიანას დახმარებით სამსახურსაც ვიპოვნიდი და ამ სასაცლიდან საკუთარ მყუდრო სახლში დავბრუნდებოდით. მაგრამ მანამდე სწავლა უნდა დამესრულებინა. იქითა სემესტრში სადიპლომო ნამუშევარზე უნდა დამეწყო მუშაობა. და მთელი ყურადღება იქით მქონდა მიმართული.

გაუსაძლისიც რაა? ვფიქრობდი ჩემთვის, ნახევარი წელი ყველაფერს გაუძლებს ადამიანი და მერე თავისუფლება გველოდება. ვიმშვიდებდი თავს.

მალე თომას დაბადების დღეც მოდიოდა. ექვსი წლის ხდებოდა უკვე.
წინა დაბადების დღე აქ მოსვლიდან მალევე ავღნიშნეთ, მაშინ როენა დიდად არ დაინტერესებულა. მხოლოდ უზარმაზარი წითელი მანქანა აჩუქა, ახლაც კი თავისუფლად ეტეოდა შიგ თომა. მაგრამ წელს დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინა ბებიამისმა.

_ჩემს მემკვიდრეს საკადრისი დღესასწაული უნდა მოვუწყოო! _ აიკვიატა და ყველაფერზე კონტროლი საკუთარ ხელში აიღო. წინააღმდეგობა არ გამიწევია. არაფერი დაშავდებოდა, რომ ერთხელ თომასაც ქონოდა ნამდვილი დაბადების დღე ანიმატორებით, კლოუნებით და ფეიერვერკით.

ზუსტად საქველმოქმედო საღამოს წინა დღეს , სამზარეულოში ვიყავი ყავას ვადუღებდი და რიტას ქაქანს ვუსმენდი, რომ მისაღებიდან თომას განწირული კივილი გავიგონეთ, გულგახეთქილი გამოვვარდი, ბავშვი გაფითრებული სახით და გადმოკარკლული თვალებით მთელ ხმაზე ყვიროდა,

_ თომა რა ხდება, თომა!_ ვეძახდი, მაგრამ ის ყვირილს არ წტვეტდა. ნერვიულობისგან კინაღამ გავგიჟდი.

_ თომა დედიკო რა ხდება , დამშვიდდი!_ ჩემსკენ ვერაფრით მოვახეხე.
თვალმოუშორებლად ფანჯარას უყურებდა, რომელსაც წითელი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული. მივხვდი რაღაც ისეთს ხედავდა, რაც ასე ძალიან აშინებდა. მივვარდი და ფარდა გადავწიე.

_ ნახე არაფერია! არაფერი!_ უკვე მართლა ვერ ვხვდებოდი რა სჭირდა ბავშვს. ვიფიქრე, ამ სტრესისგან მალე თუ არ გამოფხიზლდებოდა შეიძლებოდა რაღაც გამოუსწორებელი მომხდარიყო. ყელზე და საფეთქელზე ისე ჰქონდა ძარღვები დაბერილი და თვალებში იმხელა შიში ედგა .ლოყაში სილა გავაწანი. რათა მისი პანიკური შეტევა შემეწყვიტა .
თომა მოდუნდა და მზერა ჩემზე გადმოიტანა.

_ დედა დედიკო!_ ჩაილუღლუღა საწყალმა ბავშვმა _ აქ იყო, აქ მოვიდა!

_ ვინ მოვიდა დედიკო, რას ამბობ?დამშვიდდი._ გულში ვიკრავდი თომას და ახლა მე ვკანკალებდი, თომას პანიკით გამოწვეულმა ადრენალინმა რომ გამიარა, ახლა მე გავხდი მოსასულიერებელი.

_ რიტა წყალი , რიტა!_ გავძახე სამზარეულოს კარში გახირულ არანაკლებად შეშინებულ რიტას.

_ იქ იჯდა, ფარდაზე! _თითით დამანახა წითელი ფარდა თომამ.

_ვინ იჯდა თომა?_ვკითხე გაოცებულმა.

_ დედოფალი!_ მითხრა თომამ.
ბავშვი სამარეულოში გავიყვანე , წყალი დავალევინე და თავადაც მოვსულიერდი.

_ რიტა თომას მიხედე!_ ვუთხარი გაფითრებულ ქალს და თავად ჩემი ეჭვის შესამოწმებლად კვლავ მისაღებში დავბრუნდი. ფარდა მთლიანად გავშალე და ბევრი ძებნა არც დამჭირვებია, ფარდის ნაკეცებში მოზრდილ კალიას წავაწყდი. ფანჯარა გავაღე და უწყინარი მწერი გარეთ გადავაგდე.შემეშინდა, არ ვიცი, კიდევ რომ დაენახა, კვლავ მსგავსი რეაქცია არ ჰქონოდა ბავშვს .
ვერაფრით ამეხსნა, თუ რატომ ეშინიდა თომას ასე ძალიან ამ კალიის. არასდროს შემინიშნავს, რომ რამის ასე შინებოდა. ზოგადად არ იყო მშიშარა ბავშვი. ისევ სამზარეულოში დავბრუნდი.
ამასობაში თომა უკვე დამშვიდებულიყო და ისე მიირთმევდა ნამცხვრის ნაჭერს , როგორც აქ არაფერი. გაოცებისგან კარში გავშეშდი. ვინმეს რომ ეთქვა და თავად არ შევსწრებოდი რამდენიმე წუთის წინანდელ მის პანიკურ მდგომარეობას , არაფრით დავიჯერებდი. რიტას უცნაური მზერაც, რომლითაც თომას უყურებდა , მოწმობდა რომ ჭკუიდან არ ვიშლებოდი.

_ თომა წამოდი ბაღში გავსეირნოთ!_ ვთხოვე ბავშვს. თომა უხალისოდ, მაგრამ მორჩილად წამოდგა და სასერინოდ წავედით.

_ თომა დედიკო, კიდევ ხომ არ გინახია ცუდი სიზმრები?_ ვკითხე ვითომ ისე უბრალოდ.
თომამ თავი უარის ნიშნად გააქნია .

_ არ მინდა ამაზე ლაპარაკი! არ მინდა მახსოვდეს ეგ კოშმარები!_ მითხრა უხალისოდ.

_ გიხარია ხვალინდელი საღამო?_ ვკითხე, მინდოდა რამე მხიარულზე გადამეტანა მისი ყურადღება. რატომღაც მეგონა, თუ ცუდზე არაფერს ვკითხავდი მის ნერვიულობას და გაღიზიანებას ავიცილებდი თავიდან. რომ მცოდნოდა რა ძალიან ვცდებოდი! თურმე ჯობდა ყველაფერს ბოლომდე ჩავძიებოდი და იქნებ სიმართლე თავიდანვე გამერკვია. მაგრამ მე მეგონა ბავშვის ნერვებს ვუფრთხილდებოდი იმით, რომ არასასურველ კითხვებს არ ვუსვავდი.
მინდორზე თამაშით გაერთო. ცოტა ხანში ისევ ძველი თომა იყო, ამოვისუნთქე უბრალიდ კალიის შეეშინდა_ გავიფიქრე მე_მეტი არაფერი!

მეორე დღეს ჩემი კაბა მომიტანეს. საოცარი რამ იყო, ასეთი ძვირფასი და მშვენიერი არასდროს არაფერი მცმია. ტანზე იდეალურად იდგა. მუქი მწვანე, საოცარი საღამოს კაბა, მოშიშვლებული ზურგით და ლამაზი დეკოლტით. თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი მეგონა. როენას სტილისტმა ჩემს ვარცხნილობასა და მაკიაჟზეც იზრუნა. როცა მზადება მორჩა და სარკეში ჩავიხედე საკუთარი თავი ვერ ვიცანი. თურმე როგორ ცვლის ქალს ლამაზი კაბა და სწორი მაკიაჟი. ან იქნებ ასეთი მშვენიერი ვიყავი და უბრალოდ აღარ მახსოვდა? სარკიდან სრულიად უცხო და მშვენიერი ქალი მიმზერდა .

როენას საიცრად მოსწონდა წითელი ფერი, მის ნებისმიერ გრადაციებში. უმეტესად წითელ , შავ ან ნაცრისფერ სამოსს ატარებდა. მხოლოდ ხანდახან მუქ მწვანეს. ისიც მხოლოდ მაშინ, როცა კარგ ხასიათზე იყო. ახლაც შინდისფერი გრძელი კაბა ეცვა, შავი გრძელი ხელთათმანებით , ყელზე ლალიფერი უმშვენიერესი სამკაულით.
შემათვალიერა და ეტყობა წუნი ვერაფერზე მომდო. მხოლოდ პატარა შავი ხავერდის ყუთი გამომიწოდა. გავხსენი და კიდევ უფრო გამიკვირდა. შიგნით ულამაზესი ზურმუხტის ყელსაბამი იდო. ჰოლში დაკიდულ სარკესთან მივედი და სამკაული გავიკეთე, მანამდე არ შემიმჩნევია, მაგრამ ახლა ზუსტად მივხვდი სამკაულმა კაბა მართლაც სრულყოფილი გახადა. თითქოს დასრულებილ ამბავს ბოლოში წერტილი აკლდა და როენამ ამ ყელსაბამით ეს წერტილიც დასვა.
სამივე გამოვედით და მანქანაში მოვთავსდით. მთელი გზა ხმა არ ამომიღია. ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, მაგრამ ძალიან ვღელავდი. მსგავს საღამოს არასდროს დავსწრებივარ და ასეთ რამეებზე წარმოდგენა მხოლოდ სერიალებიდან მქონდა.

_ უბრალოდ შეეცადე ნაკლებად თვალშისაცემი იყო!_ჩემსკენ მოუხედავად მითხრა როენამ. ტუჩის კუთხით ცივად გაიღიმა.

ისევ არაფერი მითქვამს. თომას გავხედე და გამიკვირდა, საკმაოდ კარგად ეჭირა თავი. ეტყობა უკვე მიჩვეული იყო მსგავს ყურადღებას, რაც იქ ელიდა.
გაჩახჩახებულ დარბაზში შევედით. როენამ მაშინვე ყველას ყურადღება მიიპყრო. ყველა პატივისცემით ესალმებოდა, სადღა იყო ცივი და მკაცრი ქალი, ახლა ჩემს წინ თვით სიკეთის და ღიმილის დედოფალი იდგა. ყველა თბილად მოიკითხა, ორი სიტყვით ყველას გაესაუბრა და ჩვენი მაგიდისკენ ამაყად გასწია.
მე და თომა უკან მივყევით. მის გვერდით დავიკავეთ ჩვენთვის განკუთვნილი ადგილები.

_ თომა როგორ ხარ დედი?_ ვკითხე ბავშვს როცა მის უემოციო სახეს მოვკარი თვალი.

_ როგორც ლომი ზოოპარკში._ მითხრა მან. უცებ ვერ მივხვდი, მაგრამ მალევე გამახსენდა მისი სიტყვები: "ლომს შინ ურჩევნია ყოფნა, და არც ის სიამოვნებს სურათებს რომ უღებენო."
სიბრალულით გავხედე. იქნებ მართალიც იყო, და როენასთვის მხოლოდ საჩვენებელ, ძვირფას ექსპონანტს წარმოადგენდა? ალბათ იგივეს გრძნობფა მამამისიც, იქნებ სწორედ ამ უზომო ყურადღებას ვერ გაუძლო ირაკლიმ და ამიტომ გაიქცა სახლიდან?

_ გაიცანი ძვირფასო, ბატონი ალექსანდრე!_ გამომაფხიზლა როენას ხმამ._ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი!
ჩემს წიმ მდგომ კაცს შევხედე. ახალგაზრდა და სიმპატიური მამაკაცი იყო. უკან გადავარცხნილი გრძელი ჩალისფერი თმით და ცისფერი ცივი თვალებით. ისე მიყურებდა, როგორც ქორი ნანადირევს. და არც კი ფიქრობდა, საკუთარი ამ საშინელი გამომეტყველების დაფარვას.

_ სასიამოვნოა!_ გამომიწიდა ხელი . მეც ხელი შევაგებე, ტუჩები ჩემს ხელს შეახო. არ ვიცი გველის კოცნა როგორი გრძნობაა, მაგრამ ვფიქრობ სწორედ ისეთი იქნება, მისი შეხებისას რომ დამეუფლა. ცივმა ჟრუანტელმა დამიარა სხეულში და ხელი სწრაფად გამოვწიე. უცნაურად გაეღიმა.

_ქეთევანი ჩემი დაღუპული შვილის მეუღლეა!_ დაასრულა ჩვენი გაცნობა როენამ.

_ ალექსანდრე გთხოვ ძვირფასო, ამ საღამოს ქეთევანის თავს შენ გაბარებ! მე და თომას უამრავი საქმე გვაქვს და არ მინდა მოიწყინოს!_ ვითომ თბილად საუბრობდა როენა, კაცი იფიქრებდა მართლა ჩზე ზრუნავდა, მაგრამ აშკარად იცოდა რამდენად უსიამოვნო ადამიანის ხელში მტოვებდა

_ არა! არ არის საჭირო!_ ვიუარე და როენას გამკიცხავი მზერაც დავიმსახურე. მაგრამ მაინც ჯიუტად გავაგრძელე.
_ საკუთარ თავს თავად მივხედავ! არ მსურს ბატონ ალექსანდრეს თავი მოვაბეზრო! ალბათ მას თავისი გეგმები აქვს!

_ სიმართლე გითხრათ, თუ რამე გეგმა მქონდა, თქვენი გაცნობის შემდეგ ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა!_ ცივი ღიმილით მიპასუხა მან და ჩემს გვერდით დაჯდა.
მალევე როენა და თომა ადგნენ და დარბაზში მყოფი სხვა სტუმრების მისასალმებლად გასწიეს.
მანამდე არც კი მიფიქრია თუ რა ქონებას ფლობდა ჩემი დედამთილი, მაგრამ იქ მყოფ რამდენიმე ისეთ ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, როენას რომ მოწიწებით ესალმებოდნენ, ვიფიქრე საკმაო შეძლების და წონის უნდა ყოფილიყო ჩემი ქედმაღალი დედამთილი .
ხალხის თვალიერებისას თვალი მოულოდნელად დავითს მოვკარი. თვალს არ მაცილებდა. თუმცა ეტყობა მოსვლას და მოსალმებას არ აპირებდა. გვერდს ვიღაც სუპერ მოდელის გარეგნობის ქალი უმშვენებდა, რომელიც მკლავზე გულმოდგიმედ ეკონწიალებოდა, თითქოს ეს ვაჟბატონი განძი იყო და არ სურდა სადმე დაეკარგა. ირონიულად გამეღიმა, ნეტა როენა თუ ხედავდა მისი არითმიის მიზეზს სხვა ქალი რომ ეცილებოდა?
თვალებით როენა მოვნახე, აშკარად ვერაფერს ამჩნევდა, ან უბრალიდ ცდილობდა არაფერი დასტყობოდა.

_ ქეთევან, იცეკვებთ ჩემთან ?_ მკითხა მოულოდნელად ალექსანდრემ. არ ვიცი რა ჯანდაბამ მომიარა მის თხოვნას რომ დავთანხმდი. რომელი მოცეკვავე მე ვიყავი, რამდენიმე წყვილი ისე ნარნარად ცეკვავდა ვალსს, " ეჰ საბრალო ჩემო თავო!"_ გავიფიქრე თუმცა უკვე გვიანი იყო.

_ იმედი რომ არ გაგიცრუოთ, გეტყვით, რომ ცეკვა არ ვიცი!_ ვუთხარი ჩემს პარტნიორს მოურიდებლად. სულ არ მადარდებდა ჩემზე რას იფიქრებდა.

_ არაუშავს სამაგიეროდ მე ვცეკვავ ძალიან კარგად. _ მიპასუხა მან. ჩემზე ლამის ორი თავით მაღალი და დაკუნთული იყო. მის გვერდით ლამის არც ვჩანდი. "ხოდა ძალიანაც კარგი!"_ გავიფიქრე გულში. ჩემს ნაცვლად ყურადღებას მასზე გადაიტანდნენ და იქნებ მე ვერც კი შევემჩნიე ვერავის.
ხელი წელზე მომხვია და ისე ჰაეროვნად გამაფრიალა, თავადაც ვერ დავიჯერე, რომ ასეთი ჰაეროვანი შეიძლებოდა ვყოფილიყავი.

_ მშვენიერი ხარ!_ მითხრა მოულოდნელად ალექსანდრემ და თვალებში ჩამხედა. მზერა ავარიდე. ერთი სული მქონდა მუსიკა დამთავრებულიყო, რომ მოვშორებოდი. მისი ერთდროულად ცივი და გამომწვევი თვალები რაღაცნაირად მაშინებდნენ კიდეც.
თვალი ისევ დავითისკენ გამექცა. რაღაცნაირად გაბრაზებული გვიყურებდა. თითქოს იმედგაცრუებულიც.

_ იცნობ დავითს?_ ალექსანდრემ თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა.

_ მთელი საღამოა თვალს არ გაცილებს. მასთან რამე გაკავშირებს?_ აშკარად ზედმეტები მოსდიოდა, რა მისი საქმე იყო ვის ვიცნობდი და ვის არა?

_ უკაცრავად? ხელი გამიშვი თუ შეიძლება!_ ვუთხარი ცივად. გაშვების ნაცვლად ხელი უფრო მეტად მომხვია წელზე

_ მგონი როენამ შენი სილამაზე კარდაგ ვერ შეაფასა, როცა შენი თავი გამაცნო!_ გამიღიმა და ხელი გამიშვა.

_ კარგი ახლა წადი, მაგრამ იცოდე აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს! ზურგი შევაქციე და ლამის სირბილით გავშორდი. ეს არანორმალურიღა მაკლდა. როენა მოვნახე და მივედი.

_ ძალიან დავიღალე და სახლში წასვლა მინდა!_ ვუთხარი მას. თავი დამიქნია. თომას ხელი მოვკიდე, დავემშვიდობე და წამოვედი.დავინახე დავითი როგორ გამოგვყვა, მაგრამ გასასვლელშივე ფრიდონი გველოდებოდა მანქანით, ალექსანდრეს მერე დავითის გამოხტომების თავი ნამდვილად აღარ მქონდა. მანქანაში სწრაფად ჩავსხედით და სახლში დავბრუნდით.

თომა ლოგინში დავაწვინე, ძალიან ეძინებოდა, ლამის ძილბურანში იყო . რომელიღაცა ზღაპრის წიგნი ავიღე, რომელიც ხელში მომხვდა.

_ არა ეგ არა, დედოფალზე მინდა!_ გაჯიუტდა თომა.

_ რომელ დედოფალზე დედიკო , ფიფქიას დედოფალზე?_ ვკითხე და თაროსკენ შევბრუნდი წიგნის გამოსაცვლელად.

_ არა! კალიების დედოფალზე! _ მითხრა თომამ და სხეული გამეყინა. აი რატომ ესიზმრებოდა ასეთი კოშმარები! რა ჯანდაბას უკითხავდა როენა ძილის წინ კაცმა არ იცის. თარო მოვათვალიერე, მაგრამ ვერავითარ მსგავსს ზღაპარს თვალი ვერ მოვკარი. გადავწყვიტე აუცილებლად დავლაპარაკებოდი ამ თემაზე და იმ წიგნის ასაკობრივი ცენზიც შემემოწმებინა, რასაც ბებიამისი უკითხავდა. ეტყობა მთლად საბავშვო არ უნდა ყოფილიყო.
10

_ არ ვიცი რას მეკითხები, არაფერი მსგავსი არ წამიკითხია მისთვის! ყველა ზღაპრის წიგნი თაროზე დევს!__ როენამ კატეგორიულად უარყო, " კალიების დედოფალის" მსგავსი ზღაპარის თომასთვის წაკითხვა.

_ თომა ბავშვია და უბრალოდ, როგორც ყველა ბავშვი ფანტაზიორობს!_ გამომიცხადა მან ცივად.
რატომღაც გულში დარწმუნებული ვიყავი, რომ თომა არაფერს იგონებდა. მაგრამ როენასთან კამათი წყლის ნაყვას ჰგავდა. ის ფაქტობრივად არც კი კამათობდა. უბრალოდ წერტილებს სვამდა საუბარში.

_ სხვათაშორის ალექსანდრე შენით დაინტერესდა. სურს უფრო ახლოს გაგიცნოს!_ საოცრად ოსტატურად შეცვალა მან საუბრის თემა.

_ არ მესმის ახალგაზრდა ქალი რატომ უნდა იყო მარტო? იქნებ დრო მოვიდა ცხოვრება გააგრძელო?_ მისმა სიტყვებმა გული მომიკლა. ისე საუბრობდა თითქოს ირაკლი არც კი არსებობდა, თითქოს მისი შვილის კი არა უბრალო გამვლელის ქვრივი ვიყავი.

_ არა ! არც ალექსანდრესთვის და არც არავისთვის ახლა არ მცხელა!_ მტკიცედ ვუთხარი მე. არ ვიცი რა ეგონა, რომ ალექსანდრეს გასაყიდი ძვირფასი საქონელივით თუ შემომთავაზებდა სიხარულით თავს დავკარგავდი? ან იქნებ ესეც ერთგვარი ქალური ხრიკი იყო? დარწმუნებული ვიყავი, რიტამ სულ წვრილმანებში ჩაუკაკლა ჩემი და დავითის შეხვედრის ამბავი. იქნებ ეგონა დავითი მომწონდა? ადამიანი ხომ სხვაზე ისე ფიქრობს , როგორც მისი სული დუღს?

_ მალე დიპლომის დაცვა მაქვს და მთელი ჩემი ყურადღება იქითაა მიმართული. ასე რომ ალექსანდრეს მოუწევს სხვა ვინმე შეარჩიოს გულის გადასაყოლებლად!_ ისე ცივად ვუთხარი, აშკარად მივახვედრე თქვენი თამაშები სულ არ მადარდებსმეთქი. როენამ ცხვირი აიბზუა.

_ როგორც იტყვი ჩემო კარგო! მე შენთვის მხილოდ კარგი მინდა! მე ძველმოდურ დედამთილებს არ ვგავარ, თანაც გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა._ ფეხზე წამოდგა და გარაციოზული ტანის რხევით კიბისკენ წავიდა, საუბარი დასრულებულად ჩათვალა, ბოლო სიტყვა ხომ ყოველთვის მას ეკუთვნოდა
.
_ ერთი წამით!_ მოვაბრუნე მე. ჯიბიდან ზარდახშა ამოვიღე და გავუწოდე.

_ მსურს სამკაული დაგიბრუნოთ! მადლობა, რომ მისი გაკეთების საშვალება მომეცით!_ ზარდახშას გაოცებით დახედე, მერე გაეცინა.

_ მე მეორად ნივთებს არ ვიყენებ ჩემო კარგო!_ოდნავ დამცინავი ღიმილით მითხრა, ზურგი შემაქცია და კიბეზე ავიდა.

მალე თომას დღესასწაულიც მოახლოვდა. მთელ სამზადისს როენა ხელმძღვანელობდა, მე დიდად არ ჩავრეულვარ. ვიცოდი უჩემოდაც ყველაფერს დიდებულად მოაწყობდა, სხვა თუ არაფერი წვეულებების გამართვა ნამდვილად ეხერხებოდა.
მთელი ეზო მორთეს მოწვეულმა დეკორატორებმა. ყველაფერი იყო, რაც შეიძლებოდა თომას ენატრა . თუმცა ეს დღეობაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა ჩვენმა ყინულის დედოფალმა. მთელი ნაღები საზოგადოება მოიწვია და საკუთარი მემკვიდრე კიდევ ერთხელ საჯაროდ წარუდგინა მათ.

კიბის თავში ვიდექი და მთელ ოთახს დავყურებდი ზემოდან. ოთახში დავითი შემოვიდა. მისი გამოჩენა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, თითქოს გულში ველოდებოდი კიდეც. საოცრად სიმპათიური იყო, ჩვეულად შავ სამოსში გამოწყობილი, ბრმა უნდა ვყოფილიყავი მისი სილამაზე რომ ვერ შემემჩნია.
როენა სულ ამბობდა, რომ მეც და ლუკაც მის სახელს წარმოვადგენდით და ამიტომ ყოველთვის სათანადოდ უნდა წარმოგვეჩინა თავი. ამისთვის არც ფულს ინანებდა და არც ცნობილ სტილისტებსაა და დიზაინერებს გვაკლებდა.
როგორც წინა შემთხვევაში ახლაც მომართვეს უძვირფასესი უცხო ნაჭრის შავი კაბა და მისი შესაფერისი ალმასით გაწყობილი სამკაულები. უბრალიდ წარმოუდგენლად დახვეწილი და მოხდენილი. წუნს რომ ვერაფრით მოვდებდი.
ამ სამოსში და ასეთი ვარცხნილობით ჰოლივუდური ფილმებიდან გადმოსული მსახიობივით გამოვიყურებოდი. თავადაც დავიჯერე , რომ საოცრად ლამაზი ვიყავი როცა მოვინდომებდი. არა უფრო სწორედ, როცა ეს როენას სურდა. თუმცა ჩემი ასეთი მორთვა_მოკაზმვის მიზეზიც მალე გამოჩნდა. მოულოდნელად კარში ალექსანდრე შემოვიდა.
საკუთარი თავით კმაყოფილება წამში მექცა ნამსხვრევებად. მე მხოლოდ ერთგვარი სატყუარა ვიყავი და თანაც, რაც არ უნდა საოცარი ყოფილიყო, მახეშიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გაბმა მევალებოდა. თავი მარიონეტად წარმოვიდგინე როენას წითელ კლანჭებიან ხელში. დავინახე როგორ ირონიულად მიმზერდა დარბაზის შუაგულიდან. სწორედ როენა იყო მთელი ამ თეატრის უხილავი რეჟისორი.
ალექსანდრე როენას მიუახლოვდა , ორიოდე სიტყვა გაცვალეს, უცებ მან მაღლა ამოიხედა, დამინახა, გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა.
როენამ კი თვალებით დავითი მონახა მიუახლოვდა და ხელკავი გამოსდო.
გამეცინა მის დაუფარავ ეჭვიანობაზე. თუმცა ჩემთვის ალექსანდრეს მოქსევა ნამდვილად ზედმეტი იყო. მე არცერთთან არ ვაპირებდი მიახლოვებას.
შევეცადე მათთან შეხვედრა ამეცილებინა თავიდან, ამიტომ გავერიდე და უკან ოთახში შევბრუნდი. მოულოდნელად კარი დაუკაკუნებლად შემოაღო ვიღაცამ, უსიამო ინტუიციით შევბრუნდი და ხელთ, როგორც ვვარაუდობდი, ალექსანდრე შემრჩა.

_ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?_ საკმაოდ უხეშად ვკითხე.

_ ოჰო, ანუ ასეთი ზრდილობიანი ხარ, როცა ვერავინ გხედავს?_ გაეცინა მას.

_ გაეთრიე აქიდან!_ მივუთითე კარისკენ.

_ შენ სხვებს არ გავხარ იცი? ამასობაში ძალიან დავინტერესდი შენით. რაღაც გაქვს , რითაც გვაგიჟებ! _ მითხრა მშვიდად და ოთახის კარი მიხურა.

_ კარგი , მაშინ შენ დარჩი და მე წავალ!_ მივხვდი მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.
სწრაფად ავუქციე გვერდი და ოთახიდან გასვლა დავაპირე.

_ დავითი გატყუებს ქეთი! რაც არ უნდა გითხრას იცოდე არ დაუჯერო!_ მითხრა მან სრულიად მშვიდად. გაოცებულმა მოვხედე.

_ შენ რამე იცი?_ ვკითხე ეჭვით, ყველაზე ნაკლებად მისგან ამ სიტყვებს ველოდებოდი.
აღარც ირონიულად იღიმოდა, აღარც ის უცნაური ცივი გამომეტყველება ჰქონდა, ჩემს წინ სრულიად ახალი ადამიანი იდგა. მის თვალებში მხოლოდ სითბოს ვხედავდი. მისი მზერა ნდობის უცნაურ სურვილს მიჩენდა .

_ ბავშვობაში ჩვენ სამნი მეგობრები ვიყავით, განუყრელი მეგობრები. მე ყველაზე კარგად ვიცი , რის გამოც იჩხუბეს ირაკლიმ და დავითმა. და ეს ამბავი დარწმუნებული ვარ არ მოგეწონება!_ ისე მშვიდად და დამაჯერებლად მიყვებოდა, წამით დავიჯერე კიდეც.

_ დავიღალე იცი? თქვენი ტყუილებით დავიღალე. რა ჯანდაბა ხდება თუ ხდებოდა ამ სახლში? არ ვიცი, მაგრამ ვატყობ თქვენ ყველამ ყველაფერი კარგად იცით. ერთს ვერ ვხვდები მე და ჩემი შვილი რა შუაში ვართ?_ თვალები ცრემლებით ამევსო. ყველაზე მეტად ირაკლიზე ვბრაზობდი. როგორ დამტოვა ამ გაურკვევლობაში? რატომ არაფერი მომიყვა?

კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, რომ უცებ ალექსანდრემ მკლავში ხელი მტაცა გულში მაგრად ჩამიკრა და ტუჩებში მაკოცა. გავიბრძოლე , მაგრამ ძლიერად ჰქონდა ხელები მოხვეული და თავი ვერ დავაღწიე. რაღაც მომენტში გავიფიქრე, რომ მისი კოცნა სასიამოვნო იყო, მერე კი საკუთარ თავზე გავბრაზდი.

_ აქ რა ჯანდაბა ხდება? ხელი გაუშვი ალექს!_ მესმა ზურგს უკან დავითის ცივი ხმა.
ალექსანდრემ ნელა გამიშვა ხელი, მე კი მაშინვე მოვიშორე თავიდან.

_მგონი უნდა ხვდებოდე, პატარა აღარ ხარ!_ ალექსანდრემ ჩვეული სარკასტული ტონი დაიბრუნა. " ღმერთო რა მსახიობიამეთქი !" გავიფიქრე. განა ასეთი მატყუარის დაჯერება შეიძლებოდა?

_ უბრალოდ ვსაუბრობდით! წარსულს ვიხსენებდით!_ ისეთი ტონით საუბრობდა ალექსანდრე აშკარად იყო, რომ დავითის წყობიდან გამოყვანას ცდილობდა.

_ ქეთი ახლავე მითხარი რა გითხრა !_ დავითმა მუშტები შეკრა, ცოტაც და რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდებოდა .

_ თქვენ საერთოდ არ ხართ ნორმალურები ხო? _ საშინლად ვიყავი დაძაბული.

_ ან ერთს, ან მეორეს რა გინდათ ? რა თამაშს თამაშობთ? ვინ მოგცათ უფლება ამდენს რომ ბედავთ? თუ რამის თქმა გინდათ თქვით, თუ არადა არ მომიახლოვდეთ! _ კივილამდე ცოტაღა მაკლდა

_ ქეთევან გთხოვ!_ მომიახლოვდა დავითი.

_ გახსოვს როგორ გაიცანით შენ და ირაკლიმ ერთმანეთი?_ მკითხა მოულოდნელად ალექსანდრემ. გაოცებული და დაბნეული შევბრუნდი მისკენ. ვერაფრით ვხვდებოდი ეს საერთოდ რა შუაში იყო.

_ მოკეტე!_ ავად ჩაიღრინა დავითმა.

_ წამოდი ქეთევან!_მაჯაში ხელი ჩამავლო და ოთახიდან სურდა გავეყვანე.

_ გახსოვს ის სურათი ირაკლიმ უნივერსიტეტის ეზოში ვარდებით ხელში მჯდარი რომ დაგხატა?_ ეს სურათი არავინ არ იცოდა, რადგან ნენეს ვაჩუქეთ და ახლაც დედაჩემთან იყო რაჭაში. გარდა ამისა სურათზე დახატული გოგონა ზურგით იჯდა და მართლა არავის არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ის ჩემი სურათი იყო. გავშრი.

_ შენ საიდან იცი , რომ მე ვარ?_მივტრიალდი გაოცებული.

_ ის ვარდები სინამდვილეში დავითმა გამოგიგზავნა! დავითს უყვარდი შორიდან, გაუბედავად , აი ირაკლიმ კი გნახა და დავითს შენი თავი, შენი სიყვარული დაუფიქრებლად წაართვა! _ ალექსანდრეს პასუხმა გამაოგნა .

კარგად მახსოვდა ის დღე. უნივერსიტეტის ეზოში ვიჯექი. უცებ პატარა ბიჭუნამ მოირბინა ხელში წითელი ვარდებით. სწრაფად შემომაჩეჩა და მითხრა. იმ ბიჭს უყვარხარო, თან თითით ირაკლისკენ მიმითითა. დავინახე, რომ რაღაცას ხატავდა წინ დადგმულ მოლბერტზე. მივუახლოვდი და მივესალმე. დანახვისთანავე მომეწონა . ასე დაიწყო ჩვენი სიყვარული. აღმოჩნდა, რომ მე მხატავდა და ჩემი გულიც ასე მოიგო.
მაგრამ დავითი არ მახსოვდა. ასეა ალბათ მეხსიერება მხოლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვან კადრებს და ადამიანებს იმახსოვრებს. ანუ გამოდიოდა, რომ დავითი დიდი ხანია მიცნობდა. იმაზე დიდი ხანიც, ვიდრე ირაკლი? ჩემს გონებაში აზრები წამებში იცვლებოდა . რატომ დამიმალა? რატომ არ მითხრა, კიდევ რას მიმალავდნენ? ხომ ისედაც გასაგები იყო, რომ რაღაც საიდუმლო ჰქონდათ. ამ ბოლო დროს მუდმივი თავის ტკივილები დამჩემდა, მუდმივ დაძაბულობას და უნივერსიტეტს ვაბრალებდი. ახლაც რომ გავნერვიულდი ტკივილმაც იმატა, საფეთქლებზე გახურებული სალტესავით მომიჭირა და მუხლებში ძალა გამომაცალა .

_ ქეთევან რა გჭირს?_ შეშინდა დავითი. ხელი შემაშველა და ლოგინზე დამსვა.

_ ალექს გთხოვ, ხომ ხედავ არ არის კარგად!_ მუდარით შეხედა ალექსანდრეს.

_ როდემდე აპირებ ამ თამაშის გაგრძელებას? არ ვიცი, აი მე კი შენსავით არ მოვიქცევი. შენგან განსხვავებით როენაც ფეხებზე და მისი მემკვიდრეობაც! მე მხოლოდ ის მჭირდება!_ თავით ჩემზე ანიშნა ალექსანდრემ .

_ მომისმინეთ ორივემ, მე თქვენი სათამაშო არ ვარ! აუცილებლად ორივეს დაგელაპარაკებით და თქვენც ყველაფერს მომიყვებით! ან როენა რა შუაშია, ან მე და თომა! რა საიდუმლოზე საუბრობთ უნდა ვიცოდე!_ვეღარ მოვიქცეოდი ისე, თითქოს არაფერი არ ხდებოდა.

_ ერთადერთი რაშიც დავითს ვეთანხმები ისაა, რომ ეს სახლი უნდა დატოვო! თანაც სასწრაფოდ!_ მითხრა ალექსანდრემ.

_ არ ვიცი ეგ რატომ აიკვიატეთ ორივემ ,ან ყველაფერს მომიყვებით, ან ახლოს არ გამეკაროთ! გასაგებია?_ ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ფეხზე ავდექი .
ოთახიდან გამოვედი და დერეფნის ბოლოში კესოს მოვკარი თვალი ფაცაფუცით მიდიოდა კიბეებისკენ, აშკარა იყო ჩვენი საუბრიდან სიტყვაც არ გამოპარვია.
არ ვიცოდი, ან ერთი რამ გადარია, ან მეორე? რატომ ეშინოდათ როენასთან ჩემი ცხოვრების? საშინლად მჭირდებოდა ირაკლი. გადავწყვიტე მეორე დღეს მასთან მივსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აღარ იყო, მის საფლავზე მისვლა და მასთან საუბარი მამშვიდებდა .
მისაღების ფანჯრიდან ეზოს გავხედე. დავინახე თომა განცალკევებით იდგა. იუბილარის გარდა ყველა ბავშვი ერთობოდა. რა დროს ალექსანდრეს და დავითის სისულელეები იყო? არ ვიცი რა მჭირდა, ნუთუ იმასაც ვერ ვჩნევდი, რომ ჩემს შვილს რაღაც უჭირდა? კარი გავაღე და ეზოში გავედი.

_ თომა დედიკო, რატომ ხარ მოწყენილი, არ მოგწონს შენი დღესასწაული?_ ვკითხე და მის წინ ჩავიმუხლე.

_ მეშინია დედა!_ მითხრა მან.
_ რისი გეშინია?_ დავიბენი მე.

_ იმის რომ უკვე ექვსი წლის ვარ!_ ჩაილაპარაკა თომამ.

_ მერე რა რომ ექვსი წლის ხარ?_უფრო გამიკვირდა მე.

_ დედა მამა გიყვარდა? _ მკითხა თომამ ინტერესით.

_ მე მამა ახლაც მიყვარს,_ ვუთხარი და ჩავეხუტე._ ხვალ მამად საფლავზე ავიდეთ, რა ხანია არ ვყოფილვართ .

_ დედა... _ ისევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თვალი მისაღების სარკმელზე გაუშტერდა. უკან მივიხედე და როენას მოვკარი თვალი.
იცით რა არის? თქვენ შეიძლება განმსაჯოთ, მითხრათ რამ გამოგაშტერა, რატომ არ მოკიდე ხელი შენს შვილს და იქიდან რატომ არ გაიქეციო, მაგრამ ახლა, როცა ამ ამბავს გიყვებით, ყველაფერი უკვე მომხდარია. ყველა კარტი გახსნილია და ბევრ რამეს სხვაგვარად აღვიქვავ. ასეთი ამბავი მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში მენახა მანამდე და ის რომ რეალურადაც შეიძლებოდა მომხდარიყო, მით უფრო მე დამმართნოდა, ეს დასაჯერებლად ძალიან რთული იყო. შვილის უკეთესი მომავლის იმედად, როენას კაპრიზებს კი არა, ქმრისგან ცემა_ტყეპას, ათასგვარ მორალურ თუ ფიზიკურ ძალადობას იტანენ ქალები. წლობით უძლებენ ემიგრაციას და ვინ მოთვლის რას არ ითმენენ დედები, როცა თუნდაც სულ პატარა უკეთესობის იმედი აქვთ. მე არც როენას ფული მდომია არასდროს და არც მისი სახლ_ კარი, მხოლოდ დროებით მჭირდებოდა თავშესაფარი და დახმარება, რომ ფეხზე მყარად დავმდგარიყავი. იქ სამუდამოდ დარჩენა არასდროს მიფიქრია. მხოლიდ მინდოდა თომა მყოლოდა უკეთ , იმაზე უკეთ ვიდრე დაპატარავებული ქურთუკით სიარულია. იმაზე უკეთესი განათლება მინდოდა მიეღო, ვიდრე ამას მოლარის 600 ლარიანი ხელფასით შევძლებდი. თქმა და განსჯა ადვილია. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა ვინ იტყოდა როენას მომხიბვლელ წინადადებაზე უარს? კი შემდგომში ბევრჯერ მინანია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი წინასწრ, თუ რას მომიტანდა იმ სასახლეში ცხოვრება?!

ვე რა



№1 სტუმარი Auuu

Davintrigdi rodis daideba axali

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Auuu
Davintrigdi rodis daideba axali

ხვალ დავდებ.

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

როგორც ყოველთვის საინტერესო ისტორიააა..და უფრო საინტერესოა რა საიდუმლო იმალება..

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Daldoni Daldoni
როგორც ყოველთვის საინტერესო ისტორიააა..და უფრო საინტერესოა რა საიდუმლო იმალება..

მადლობა, კი ცოტა განსხვავდება ჩემი სხვა ამბებისგან. მაგრამ იმედია მოგეწონებათ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent