შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტალიეტა


21-02-2023, 22:43
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 963

პატარა რომ ვიყავი, ჩვენს მეზობლად ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ბოშების ოჯახი...
ულამაზესი გოგონა ჰყავდათ. ტალიეტა ერქვა. მეუცნაურებოდა მისი სახელი, მაგრამ როგორც დედამ მითხრა, მათ ენაზე "პატარა გოგონას" ნიშნავდა. მართლაც რომ პატარა საოცრება იხატებოდა ჩემს თვალში. იცით როგორი იყო?
ასაკთან შედარებით, ძალიან გრძელი, წითელი და ხვეული თმა ჰქონდა. ეზოში თამაშის დროს-როცა დარბოდა, ნიავი დაუდევრად უფრიალებდა თმას და კულულებს სახეზე აყრიდა. ჩემს სიახლოვეს რომ ჩაირბენდა, გაზაფხულის სურნელს მაფრქვევდა. დემონივით იჭრებოდა სულში და იქვე იბუდებდა. თვალები...ო, თვალები ულამაზესი ჰქონდა. თაფლისფერი, ძალიან ღია და ნათელი. წამწამების შიგნიდან, ისე ანცად და ლაღად მიმზერდნენ, დამეფიცება რომ მაშინაც გული მიჩქარდებოდა, ჯერ კიდევ პატარა და გამოუცდელი ბიჭი რომ ვიყავი.
მასზე რამდენიმე წლით უფროსი ვიყავი, მაგრამ ყოველთვის ერთად ვთამაშობდით.
წლები გადიოდა, ვიზრდებოდით და რაც მეტ დროს ვატარებდით ერთად, მით მეტს საუბრობდნენ ჩვენზე.
ამბობდნენ რომ ივიკოს ტალიეტა უყვარსო, ჩვენი პატარა გოგონაო. რომ გითხრათ ტყუილი იყო-თქო, დაიჯერებთ? მართლები იქნებით თუ არ დაიჯერებთ, რადგან კი, მიყვარდა, თუმცა ვერ ვუმხელდი.

***
მაპატიე, ტალიეტა. ვერ გამხელილი გრძნობები მაპატიე, ჩემო პატარა გოგონა...
***

ერთხელ, როდესაც უნივერსიტეტიდან ვბრუნდებოდი, გზად გვირილები შემხვდა. ერთი ქალი ყიდდა...ყველა წამოვიღე, რაც კი ჰქონდა და სახლამდე სირბილით წავედი. შუბლი სულ დაცვარული მქონდა ოფლისგან. განა ყურადღებას ვაქცევდი...ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდი მის სახლამდე და თბილ და ნაზ თვალებში ჩავხედავდი, ვაჩუქებდი გვირილებს და ბედნიერებისგან გაბრწყინებული ჩამეხუტებოდა...ყოველ შემთხვევაში, იმედი მქონდა.

ტალიეტა ეზოში დამხვდა...ჩემი პატარა გოგონა ეზოში იყო და თამაშობდა. 25 წლის იყო, მაგრამ 7-8 წლის ბავშვებთან ისე თამაშობდა, თითქოს ისიც მათი ასაკის ყოფილიყო. ერთ ხანს ვიდექი და ვუყურებდი...ვტკბებოდი მისით.
-რა გაცინებს, ბებია?-სანამ თამარა ბებიამ მუჯლუგუნი არ გამკრა, ვერ გავიაზრე რას ვაკეთებდი. თამარა ჩვენი ეზოს ბავშვების ბებია იყო. დიახ, ყველას ბებია იყო, რადგან მარტო ცხოვრობდა. არავინ ჰყავდა, ამიტომ ჩვენ ვიყავით მისი ოჯახი და ყველას ისე გვექცეოდა, თითქოს მისიანები ვყოფილიყავით.
-რა მაცინებს? ვიცინი, თამარა ბებო?
-აბა რაშობი, ბოვშო? დაგიკრეჭია მა კბილები და მიცინი მემწვანილე ჟორიკიესავით.
-ჰო, მგონი მეცინება.-ამ დროს ისევ ვიღიმოდი და ტალიეტას თვალს ვერ ვწყვეტდი.
-კიდო იმ ბაღანას უყურებ?-თვალით მანიშნა წითელ ქალბატონზე, რომელიც მზის ფონზე საოცრად ლამაზი და ფერადი იყო.
-ვუყურებ, ბებია...ვუყურებ.
-ამდენ ხან რას ელოდები, ნეტაი მაცოდინა და მერე მოვკვტე, თუ ღმერთი ინებებს.
-რას ამბობთ, ბებია! როგორ თუ მოკვდეთ?-გავბრაზდი, რადგან ისე ძალიან მიყვარდა ეს ქალი, მის გარეშე ვერ წარმომედგინა ჩვენი ეზოს ყოველდღიურობა.
-კაი ბებია, რავა აქოთქოთდი ამხელა კაცი, რაია.-გადაიკისკისა და თვალები სასაცილოდ მოეჭუტა. ამაზე მეც გამეღიმა.-პირველად გეიგე ამნეირი რაცხა ჩემგან? რავა იცი ხოლმე ფეხების გაჩიკინება. გადირევა შეიძლება.
-მსგავსად ნუ საუბრობთ. ხომ იცით რომ არ მიყვარს...
-ბებია, რაცხა გიყვარს იმას არ აკეთებ. მე ჩივილი მიყვარს და მე მაინც მაცადე დევიჩივლო ორი სიტყვა.
-კარგი, კარგი. როგორი ჯიუტი ხართ ამ სიბერეშიც.
-ივიკიე, ბებია...მიუტანე ახა მა ყვავილები, თუ არა დეიწია ქვეით, დაჭკნა, მოუკტა პატრონი და გედეიყრება ფულიც და მა ყვავილებით ნაგავში.
-ყვავილები...-ისე გავერთე მისი ყურებით, სულ დამავიწყდა.-მივუტან ახლავე, ჰო.
-მარა ბებია...-შემაჩერა და გაჩუმდა.
-გისმენ, თამარა ბებია.
-გოუმხილე გრძნობები, თუ არა მერე ქი იქნება გვიანი. რაცხა ამ ცხოვრებაში მიცხოვრია და დამინახია, გევიგე რო დაგვიანება არ შეიძლება. ეგი დეიმახსოვრე...ჰე, წაი ახა.
არაფერი მითქვამს.
თითქოს აზრები გამეყინა. წავედი მისკენ, მაგრამ ფიქრები ერთად ვერ შევკრიბე.

-ივა...-მომესმა ხმა. თურმე უკვე მასთან ვიყავი და ვიდექი.
-ტალიეტა...
-რას აკეთებ?-გამიღიმა.
-ყვავილები, ტალიეტა. ყვავილები მოგიტანე.
-მადლობა.-დახედა გვირილებს...შემდეგ მე ამომხედა, გამიღიმა. წამოდგა სკამიდან და ახლოს მოიწია. სუნთქვა გამიხშირდა. სხეული ამიკანკალდა და წამში ყველა ელექტრონი ერთ ადგილას შეიკრიბა და მთელ სხეულში გაიფანტა. მაკოცა...თავისი თბილი ტუჩები, ისე ნაზად შეახო ჩემს ლოყას, მუხლები მომეკვეთა.
მერე...გამომართვა გვირილები და თმების ფრიალით გასწია სახლისკენ.
ჩემი გოგონა...ჩემი ტალიეტა.
დიახ, ჩემი, თუმცა...

ერთ დღეს ეზოში ხმა გავარდა-ტალიეტა ავარიაში მოყვა, აღარ გვყავსო. ჩვენი პატარა გოგონა აღარ არისო, დაიყვირა თამარა ბებიამ.
იმ მომენტში, როგორ ჩამოღამდა მთელ ეზოში, ვერ აგიღწერთ. თითქოს სინათლე ჩაქრა...მზემაც ნათება შეწყვიტა. ჩააქრო სხივები და მთელი სამყარო სიბნელისთვის გაიმეტა.
იმ საღამოს აღარ დამინახავს ტალიეტა და ბავშვები სილაში მოთამაშეები. მეც აღარ მიყიდია გვირილები, რომელიც ლამის ტრადიციად ვაქციე და ყოველთვის მიმქონდა მისთვის. აღარც მას უკოცნია ლოყაზე და ნაზად ჩამოუსვამს ხელი სახეზე.
ტალიეტა აღარ დამხვედრია ეზოში მოკისკინე და მორბენალი თავისი გრძელი და ჟღალი თმებით.
"მაპატიე, ტალიეტა. ვერ გამხელილი გრძნობები მაპატიე, ჩემო პატარა გოგონა...ჩემი უსუსურება მაპატიე..."
გონებიდან ამოიშალა დედამიწაზე არსებული ყველა ფერი. ის შავიც კი, რომელიც წლების მანძილზე ჩემი განუყრელი ფერი იყო, ისიც გახუნდა...ფერი დაკარგა და ბოლოს სულ გაქრა. უსასრულო სივრცეში დაიკარგა და ფოთლებშემოძარცვულ ხეს დავემსგავსე.

რამდენიმე დღეში დაკრძალეს ეზოს პატარა გოგონა. წითელი ანგელოზი, რომელიც ყველას სინათლე იყო. რამდენ გრძნობას, ემოციას, ისტორიას იტევდა ეს ერთი შეხედვით უბრალო გოგონა, რომელსაც ტალიეტა ერქვა...
მიაცელებდა ყველა...ტიროდნენ.
მე ჩემს სიყვარულს, ჩემს პირველ სიყვარულს მივსტიროდი და ვიშლებოდი...ფაზლებად ვიშლებოდი და ვიფანტებოდი...
სასახლეს გვერდით მივყვებოდი და ვკვდებოდი. ყველა სასიცოცხლო ძალა, ფეხებიდან მეცლებოდა და იკარგებოდა...სადღაც სივრცეში იკარგებოდა და იმ ცივ მიწას ებარებოდა, საითაც ტალიეტა მიდიოდა....

***
"მაპატიე, ტალიეტა. ვერ გამხელილი გრძნობები მაპატიე, ჩემო პატარა გოგონა...ყველა უთქმელი გრძნობა და სიტყვა მაპატიე, გთხოვ..."



___________________
ჩემდა გასაოცრად, ისევ მოვედი)))
გამარჯობა.
არ ვაპირებ რაიმეს თქმა, უბრალოდ იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ.

პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent