შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრები ძილის წინ 11_15


22-02-2023, 09:47
ავტორი ვე რა
ნანახია 2 066

ზღაპრები ძილის წინ 11_15

_ გამარჯობა ირაკლი._ მივესალმე და ყვითელი ტიტები სურათის გვერდით მარმარილოს ლარნაკში ჩავაწყვე. სურათიდან ირაკლი ღიმილით შემომცქეროდა.

_ მაპატიე მოსვლა დამაგვიანდა._ გავუღიმე საპასუხოდ. თომას გავხედე.

_ თომა მოდი, მამიკოს მიესალმე._ გავძახე თომას, რომელიც იქვე მიწაზე დაყრილი ფერადი დეკორატიული კენჭებით თამაშობდა . ბავშვმა კენჭები ძირს დაყარა და ახლოს მოვიდა.

_ ირაკლი ნახე როგორ გაიზარდა თომა! გგავს არა?_ სურათის ირაკლის ლოყაზე მოვეფერე.

_ მამას ესმის შენი?_ მკითხა ინტერესით თომამ.

_ იმედი მაქვს, რომ ესმის თომა._ რა იქნებოდა, ოღონდ ახლა, ირაკლი ჩვენთან ყოფილიყო.

_ სადაა მამა?_ ისევ დაინტერესდა თომა_ აქ თუ იქ?

პატარა თითით ჯერ მიწაზე მიმითითა, მერე ცაზე.

_ იქაა შვილო, ცაში!_ გამიკვირდა მისი უცნაური შეკითხვა.

_ მერე მეც იქ ვიქნები?_ ინტერესით მკიათხა, მაგრამ საოცრად სევდიანად.

_ მერე? თომა, ძალიან დიდი ხნის შემდეგ. ყველა იქ ვიქნებით. იმედია ერთმანეთს ისევ შევხვდებით ოდესმე._ გული დამიმძიმა თომას კითხვებმა.

იქიდან გულდამძიმებული წამოვედი, ისეთი რომ არაფრით მსურდა პირდაპირ სახლში დაბრუნება. ცოტა თავის განიავება მინდოდა. ბავშვიც ჯობდა ცოტათი გამეხალისებინა.

_ წამო მაღაზიებში გავიაროთ. რა გინდა, რა ვიყიდოთ?_ ვკითხე თომას.

_ ახალი მსხვილი ფანქრები რომაა ეგ მინდა, ერთდროულად რომ სამ ფერში ხატავენ._ გაუხარდა ბავშვს. საკანცელარიო მაღაზიაში შევედით და სულ ფერად_ფერადი ფანქრები შევიძინეთ. კიდევ სახატავი ალბომები.
უფრო და უფრო ემსგავსებოდა თომა ირაკლის. საოცრად ხატავდა. ფეხმორთხმული იჯდა ხოლმე ირაკლის ნახატის, წინ კიბის თავზე და მამის დახატულ სურათს კაცმა არ იცის მერამდენედ იხატავდა.
უცნაურად გულჩათხრობილი და ჩაფიქრებული გახდა. ხანდახან უცნაურ და ასაკისთვის შეუსაბამო კითხვებს სვავდა. ხშირად ინტერესდებოდა ჩემი და ირაკლის ურთიერთობით. და ისევ ძალიან ეშინოდა კალიების. ზოგჯერ ვამჩნევდი, როგორი ინტერესით მიყურებდა.ისეთი შეგრძნება მქონდა , რომ მითვალთვალებდა კიდეც. ზღაპრების წაკითხვას კი კვლავ როენა სთხოვდა. ვგრძნობდი, რომ მშორდებოდა და სულ უფრო და უფრო უცხოვდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე დიანას დავლაპარაკებოდი. მის დაპირებულ სამუშაოს რაც მალე დავიწყებდი და ძველი ცხოვრების რითმს დავუბრუნდებოდით, მით უფრო უკეთესი იქნებოდა ჩვენთვის. დიპლომის დაცვამდეც მხოლოდ ერთი თვე რჩებოდა.

_ წამოდი თომა ერთი მეგობარი მინდა გაგაცნო!_ ვუთხარი შვილს და ერთ_ერთი საზაფხულო კაფესკენ წავიყვანე. სადაც დიანა თავის დაქალთან ერთად მელოდებოდა.
დიანას ჩვენი ნახვა გაუხარდა. გადაგვკოცნა და დასხედითო დაგვპატიჟა.

_ ქეთ გაიცანი ეს ირინა ბოკუჩავაა, ირა ეს ჩემი ქეთია, რომ გიყვებოდი, _ გაგვაცნო ერთმანეთი.

_ ეს თომაა არა? აუ რა დიდი ბიჭია უკვე! რას შეჭამ თომა, რამე გემრიელ ნაყინზე რომ დაგპატიჟო ?_ თომამ თავი დაუქნია, და გაუღიმა.

ჩვენ საუბარში გავერთეთ, თომამ კი ახალი ფანქრები ამოალაგა და სახატავი გაშალა, ცოტა ხანში ხატვით ისე გაერთო, მგონი ჩვენი იქ ყოფნა სულ გადაავიწყდა. მთელი გატაცებით ხატავდა თვალებანთებული. ენის წვერი ტუჩებს შორის მოექცია და სამყაროს იყო გამოთიშული. შიგა და შიგ ნაყინის ლუკმას ჩაიდებდა პირში და თან საკუთარ ნახატს შემფასებლურად აკვირდებოდა. მე მიჩვეული ვიყავი ხატვით მის ამგვარ გატაცებას და დიდად ყურადღებას არ ვაქცევდი. მაგრამ შევნიშნე ირინა როგორი ინტერესით აკვირდებოდა ხატვის აზარტში შესულ თომას. შემდეგ მასთან ახლოს მიიწია და ნახატებს დააკვირდა. ცალი თვალით მათ ვუყურებდი და თან დიანას ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვესაუბრებოდი.
მითხრა, რომ ფირმის უფროს მენეჯერს კარგად იცნობდა და ჩემი კანდიდატურაც შესთავაზა. გასაუბრება უკვე ჩანიშნული იყო. სიხარულით გადავეხვიე. ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა. ახლა კი ჯერი ჩემს სიყოჩაღეზე და ცოტაოდენი იღბლის ქონაზე დგებოდა.

_ თომა შეიძლება შენი ალბომი დავათვალიერო?_ თბილად ჰკითხა ირინამ ბავშვს. თომამ ჯერ უნდობლად ამოხედა, მაგრამ იმდენად გულწრფელ ინტერესს გამოხატავდა ირინა რომ უარი არ უთქვამს მხოლოდ თავი დაუქნია. ირინამ თომას ძველი ალბომი აიღო, რომელსაც ჩემი ბიჭუნა სულ ზურგჩანთით დაატარებდა და გადაშალა. ყურადღებით აკვირდებოდა თითოეულ ნახატს, ნელ_ნელა ფურცლავდა და სახეზე გაურკვეველი ემოციები ეხატებოდა. შემდეგ მშვიდად დახურა ალბომი, თომას დაუბრუნა და შეაქო.

_ საოცრად ხატავ მეგობარო, შეგიძლია ჩემთვისაც დახატო რამე?_ ისე ჰკითხა, როგორც თანატოლს.

_ დიახ შემიძლია. _ ესიამოვნა თომას._ რა დაგიხატო?

_ შენი საყვარელი ზღაპარი დამიხატე ჩემო კარგო!_ გაუღიმა თბილად და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, თითქოს ამით ერთგვარი პირობა დაადებინა .

გულში კი გამიელვა, რომ ჩვენი ირინასთან შეხვედრა სულაც შემთხვევითობა იყო, რადგან როცა დიანას დავურეკე და საღამოს შეხვედრაზე შევუთანხმდი ის უბრალოდ მის გვერდით აღმოჩნდა. და თუ თომა ნახატს დახატავდა, და რამდენადაც თომას ვიცნობდი, აუცილებლად შეასრულებდა მიცემულ პირობას, როგორ უნდა გადაეცა მისთვის? შემეშინდა ბავშვს იმედი არ გასცრუებოდა. მაგრამ არაფერი მითქვამს . რადგან მეგონა ირინა უბრალიდ თომას წახალისებას შეეცადა ამ სიტყვებით. მაგრამ როგორც კი თომა საპირფარეშოში ხელების დასაბანად გავიდა, მაშინვე მომიბრუნდა სერიოზულად მითხრა.

_ იმედია თავხედობაში არ ჩამითვლი ქეთი, მაგრამ მე, როგორც დიანას მეგობარს, შენზე ცოტა რამ მსმენია და გულიც შემტკივა. ვიცი რამდენად კარგი ადამიანი ხარ. სწორედ ამიტომ მინდა თომა ჩემთან მოიყვანო!_ თან თავისი სავიზიტო ბარათი მომცა. დავხედე და გულმა ავად გამკენწლა. ბარათზე ეწერა: " ბავშვთა ფსიქოლოგ_ კონსულტანტი ირინა ბოკუჩავაო" რატომ უნდა სდომოდა ფსიქოლოგს თომას ნახვა? გაოცებულმა და დაბნეულმა ჯერ მას შევხედე, შემდეგ კი დიანას . ისიც არანაკლებ გაოცებული უყურებდა თავის მეგობარს.

_ რა ხდება ირა? რატომ გინდა თომასთან გასაუბრება?_ ჰკითხა დიანამ.

_ თუ ბავშვს ვერ დაველაპარაკები წინასწარ გამიჭირდება აზრის დაფიქსირება, მაგრამ რაც დღეს ვნახე მაფიქრებინებს, რომ ჩემთან კონსულტაციაზე მოსვლა არა თუ საჭირო, გადაუდებელიცაა. თქვენ არც კი იცით, რამდენი რამის მოყოლა შეუძლია ბავშვის ნახატებს!_ შემომხედა და ხელზე ხელი მომკიდა, რომ მისი სიტყვებისთვის მეტი დამაჯერებლობა მიეცა.

_ ქეთი ძალიან გთხოვ, არ გაშინებ , მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო ბავშვი!_ იმდენად სერიოზული იყო მისი ხმა და თვალები, რომ უხმოდ დავუქნიე თავი. რას ვკარგავდი? რახან დიანას მეგობარი ამას მეუბნებოდა, ესეიგი რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.

_ აუცილებლად მოვალთ!_ დავპირდი და დროზეც იქვე შევუთანხმდი.

სახლში ერთდროულად გახარებული და აფორიაქებული დავბრუნდი. უცნაურ ცვლილებებს მეც ვხედავდი თომაში, თუმცა ამის აღიარება რატომღაც არ მსურდა. მაგრამ ახლა იმედია ყველაფერს გავარკვევდი. რამდენად რეალური იყო ჩემი შეშფოთების მიზეზი, ამის ცოდნა აუცილებელი იყო ჩემი სიმშვიდისთვის
იმ საღამოს სამეცადინო გვერდით გადავდე და თომას საძინებელში ადრე შევედი. თომა საწოლის წინ ნოხზე ფეხმორთხმით იჯდა, როგორც კი დაინახა, რომ მე ვიყავი. რაღაც ნივთი, რაც მანამდე ხელში ეკავა სასწრაფოდ ლეიბის ქვეშ შეტენა.

_ რა დამალე დედიკო?_ ვკითხე ღიმილით.

_ არაფერი!_ მიპასუხა და თვალი ამარიდა.
მივედი და სწორედ იმ ადგილას ჩამოვჯექი, სადაც საკუთარი საიდუმლო დამიმალა. შევამჩნიე, როგორ დაიძაბა ის. ახლა კი აუცილებლად უნდა გამეგო რას მიმალავდა ჩემი შვილი. თუმცა, მივხვდი, რომ მეთხოვა თავისით არაფრით არ მაჩვენებდა. არც ძალით მსურდა მისი ნების გატეხვა. იქნებ სულაც არაფერი იყო? და ტყუილა რატომ უნდა ეფიქრა თომას, რომ დედა არ ენდობოდა?
ამიტომ ცოტა ხანს სხვა თემებზე ვესაუბრე, შევეცადე სხვა რამისკენ მიმემართა მისი გონება. მერე კი, როცა მივხვდი მისი ყურადღება ასე თუ ისე მოვადუნე, ვთხოვე ჩემს საძინებელში გაქცეულიყო და ჩემი ტელეფონი მოეტანა. თომა ყოველთვის მზრუნველი და დაუზარელი იყო. ახლაც მაშინვე წამოხტა და ჩემს ოთახში გაიქცა თხოვნის შესასრულებლად. მე კი მაშინვე შევყავი ხელი ლეიბის ქვეშ და იქიდან მომცრო ფერადი წიგნი გამოვაძვრინე.
დავხდე და გამიკვირდა, უცნაურად ილუსტრირებული ზღაპრების წიგნი იყო სახელად " ჩოქელების დედოფალი", წიგნი ხელნაკეთს ჰგავდა და თითქოს ბავშვს მოეხატა. რამდენიმე ფურცელი გადავშალე. ვერაფერი განსააკუთრებული ვერ ვნახე. ტექსტი თითქმის არ ეწერა და მხოლოდ ილუსტრაციები იყო კომიქსების სტილში. მთავარ პერსონაჟად წითელკაბიანი გვირგვინოსანი კალია და პატარა ბიჭუნა დეხატა ილუსტრატორს. გადავშალე გადავშალე , წიგნი დავხურე და გაოცებისგან კინაღამ შევყვირე, წიგნის უკანა ყდაზე მითითებული ავტორის სახელს და გვარს რომ მოვკარი თვალი. წიგნის ავტორი, არც მეტი არც ნაკლები, ჩემი ირაკლი იყო.
მაშინვე მისი დახატული დედოფლის პორტრეტი გამახსენდა. რა კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერს ერთმანეთთან? ან თომას საიდან ჰქონდა ეს ზღაპრების წიგნი? ნუთუ როენამ შვილის ხსოვნის საპატივცემულოდ მისცა წიგნი შვილიშვილს? ახლა რომ ვიხსენებ ამ ამბავს, მიკვირს რატომ ვერ ვახერხებდი ჩემს წინ გაშლილი ფაზლის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებას? უბრალოდ იმდენად არარეალურად საშინელი იყო პასუხი, რომ მისი დანახვა არ მსურდა . ფეხის ხმა მომესმა და წიგნი მაშინვე თავის ადგილზე დავაბრუნე. თომა ოთახში შემოვიდა , ჯერ საწოლს შეხედა, მერე მე დამაკვირდა, საეჭვო რომ ვერაფერი დაინახა მოეშვა და გამიღიმა, თან ჩემი ტელეფონი გამომიწოდა. ცოტა ხანში საღამურებში გამოწყობილი როენაც შემოვიდა,

_ ზღაპრების დრო მოვიდა თომა?_ ჰკითხა ბავშვს და ლოგინზე ჩამოუჯდა
თომაც მაშინვე აძვრა, მის გვერდით მოკალათდა და საბანი გადაიფარა. ამოვიოხრე და ოთახიდან გამოვედი. საძინებელში შესულმა ტელეფონი ამოვიღე და სოც.ქსელში ალექანდრე მოვნახე. ყოველგვარი სალმის და მოკითხვის გარეშე პირდაპირ მივწერე:

" აუცილებლად უნდა შევხვდეთ და შენ მე ყველაფერს მომიყვები!"

თითქოს ჩასაფრებული მელოდა, პასუხი წამში დამიბრუნა:

" ვიცოდი მომძებნიდი. გელოდებოდი!"


12

სახლიდან დილით ადრე გამოვედი და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე გაჩერებისკენ. მას შემდეგ, რაც როენასთან გადმოვედით ყველაფერი შეიცვალა ჩემს თავს. მხოლოდ ერთადერთი ავტობუსით მგზავრობა არ შეცვლილა. ეს იყო ის ძაფი, რაც ძველ ცხოვრებასთან მაკავშირებდა.
ავტობუსში ავედი თუ არა ნენემ დარეკა. დედას არაფერს ვუყვებოდი ჩემს ეჭვებზე. არ მინდოდა ჩვენზე ენერვიულა. თუმცა უკვე დიდი დრო იყო გასული, რაც ნანახი არ მყავდა და ძალიან მენატრებოდა. გადაწყვეტილი მქონდა ზაფხულის მიწურულს თომა რაჭაში ბებიასთან წამეყვანა. სანამ ალექსანდრესთან შესახვედრად მივდიოდი გზად დედაჩემს ვალაპარაკე. ვუთხარი, რომ კვირის ბოლოს დიპლომის დაცვა მქონდა და იქით კვირას გასაუბრებაზეც მივდიოდი. ძალიან გაიხარა ქალმა. ცოტა დამშვიდდა. ტელეფონი გავთიშე და ამოვიოხრე.

_ ცოტაც მოითმინე ქეთი!_ შემოვუძახე საკუთარ თავს._ მალე დამთავრდება ეს რთული დღეები! და ყველაფერი კარგად იქნება!

მითითებულ მისამართზე ჩამოვედი და ახალაშენებული უზარმაზარი კორპუსის წინ ამოვყავი თავი.

_ ნუთუ ბინის მისამართი მომცა ამ არანორმალურმა? _შევყოყმანდი. შეიძლებოდა კი მისი ნდობა? იქნება აჯობებდა დავითს დავლაპარაკებოდი? მაგრამ დავითს ჰქონდა შანსი ყველაფერი ეთქვა, კი მან კი დამალვა ამჯობინა. არა! თუ სიმართლის გაგება მსურდა, ალექსანდრე ერთადერთი სწორი გზა იყო. მაგრამ თითქოს მეშინოდა მისი. ისეთი უცნაური კაცი იყო. მანიპულატორი და აფექტური. ისე სწრაფად იცვლიდა სახეს და ხასიათს. ვერ ვიგებდი რომელი იყო მისი ნამდვილი და რომელი მორგებული ნიღაბი. არ ვიცოდი მასთან რა სახის საზღვარი გამევლო. ვინ იყო? საიდან გამოჩნდა? რა სურდა და რაც ყველაზე მთავარი იყო, რა აკავშირებდა როენასთან?! ჰაერი ჩავისუნთქე, გამბედაობა მოვიკრიბე და შენობაში შევედი.
მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ გამიღო კარი. სველი თმით და აბანოს ხალათში გახვეულმა. კარს მიღმა ფეხებგადაჯვარედინებული კედელს მიყრდნობოდა, მოხრილი იდაყვით, თავი კი ხელის გულზე დაეყრდნო, ხელში ყავის ჭიქა ეჭირა და ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ნახე და დატკბი, მთელი არულყოფილებით ვდგავარ შენს წინაშეო. თან ეს თითქოს საკმარისი არ იყო და თავხედურად გამიღიმა ჩემი გაოცებული სახის დანახვისას.

_ შემოდი პატარა ქალბატონო, ნუ გერიდება!_ ეს კაცი მთელი თავისი ამპარტავნობითა და სითავხედით უბრალოდ მძულდა. რაღაცით დავითს წააგავდა, გარეგნობას არ ვგულისხმობ. დავითისგან განსხვავებით ეს უფრო დაკუნთული , მხარ_ ბეჭიანი და თეთრი იყო. აი ხასიათი ნამდვილად მსგავსი ჰქონდათ. გულში არც კი შემეძლო იმის დაჯერება , რომ ოდესმე ირაკლის მეგობრები ერქვათ. ირაკლი ორივესგან განსხვავდებოდა. თბილი და მოსიყვარულე იყო. მზრუნველი და გულისხმიერი. ესენი კი ორივენი ერთნაირად აუტანლები მეჩვენებოდნენ.

_ ან წადი და ადამიანურად ჩაიცვი, ან მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს!_ ვუთხარი, თან სულ არ მიცდია სახეზე გამოსახული ზიზღის დამალვა.

_ რაო, ხომ არ გაღელვებ?_ ისევ დამცინა მან.
თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე.

_ ან რისი იმედი მქონდა?!_ ჩავილაპარეკა და ზურგი ვაქციე ისე, რომ კარში არც კი შევსულვარ.

_ კარგი, კარგი! როგორც მიბრძანებ ქალბატონო ქეთევან!_ მოლბა უეცრად.

_ შემობრძანდი , აქ დივანზე დაბრძანდი და დამელოდე. რა ჩემი ბრალია უთენია რომ მოინდომე ჩემი ნახვა? ამ დროს, როგორც წესი, მძინავს ხოლმე!_ ახლა ისეთი იყო , როგორიც ალბათ სინამდვილეში. წუწუნა და პატარა ბავშვივით ჭირვეული. გამეცინა. საიდან მოგროვდნენ ერთად ეს უცნაური ადამიანები?

შევედი და დივანზე ჩამოვჯექი. სახლი მოვათვალიერე. სტუდიოს ტიპის, სულ ახალი ბინა იყო. უახლესი ავეჯით და თანამედროვე დიზაინით. ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ვერ ყვებოდა საკუთარ პატრონზე. იმის გარდა, რომ მას კომფორტი უყვარდა .

ალექსანდრე მალევე გამოვიდა საინებლიდან. ფერადი მაისური და ჯინსის შარვალი ჩაეცვა. თუმცა ოთახიდან ბავშვივით ფეხშიშველი გამოტყაპუნდა. ისევ გამეცინა. მეც ზუსტად მასავით მიყვრდა ფეხშველა სიარული.

_ ყავას დალევ?_ მკითხა და ცალი თვალით გამომხედა.

_ არა, არაფერი მინდა!_ ვუთხარი მე.

_ მირჩევნია თუ მალე მიამბობ, რაც იცი და ერთმანეთს დავემშვიდობებით.

_ მშიერ კუჭზე ვერ ვილაპარაკებ!_ გაჯიუტდა ალექსანდრე.

_ ისევ დაიწყე?_ ვკითხე ბრაზით.

_ შეგიძლია თვალუკა კვერცხები შემიწვა?_ მკითხა და ქვედა ტუჩი ზუსტად თომასავით გამოსწია.

_ როგორები?_ ვერ მივხვდი მე.

_ თვალუკები!_ ცერა და საჩვენებელი თითები დაამრგვალა და სათვალესავით მიიდო სახეზე.

_ "გლაზოკები"?_ ვკითხე ღიმილით, კვერცხის ამ ტაფამწვარს, ალბათ უმეტესობა ჩემსავით ზუსტად ამ სახელით იცნობს არა? არ ვიცი, როგორ მაგრამ ალექსანდრე ახერხებდა გაბრაზების და უნდობლობის მიუხედავად ჩემს გაცინებას.

_ ხოო თუ გინდა ეგ დაარქვი, შემიწვავ?_ მკითხა კვლავ.

_ კარგი, ოღონდ მალე დაასრულე ეს მაიმუნობა და მომიყევი ყველაფერი._ ვუთხარი და ქურასთან მივედი.

_ შენთვისაც შეიწვი, მარტო ჭამა ბავშვობიდან არ მიყვარს._ მთხოვა მუდარით. ცოტახანში ორივე მაგიდას ვუსხედით ძველი ნაცნობებივით და მადიანად ვილუკმებოდით.

_ ზუსტად თვალუკებს ვჭამდით, ირაკლიმ რომ მითხრა: " იცი როენამ მგონი მამაჩემს თავი მოაჭამაო!"_ თქვა უცბად მოულოდნელად ალექსანდრემ. კინაღამ ლუკმა გადამცდა სასულეში. ხველა ამიტყდა და ძლივს მოვსულიერდი.

_ რა ჯანდაბას გულისხმობ?_ ვკითხე და ჭიქა მაგიდაზე ცივად დავდე.

_ ზუსტად იმას, რასაც ვამბობ!_ თვალებში გამომცდელად შემომხედა ალექსანდრემ.

_ ირაკლიმ ბავშვობაში ნახა, როგორ მოკლა როენამ მამამისი. უბრალოდ ბავშვი იყო და ვერ აცნობიერებდა ამას. მაგრამ ყველაფერი მის ქვეცნობიერში დაილექა. რა გგონია, რატომ ხატავდა კალიების დედოფლებს? არ გიფიქრია ამაზე?

_ და რატომ ხატავდა?_ ვხვდებოდი, რასაც მეტყოდა, მაგრამ მინდოდა პასუხი მისგან მომესმინა.

_ არ იცი რას უშვება მდედრი ჩოქელა მამრს შეწყვილების შემდეგ?_ ალექსანდრე თვალებითბურღავდა.

_რას უშვება?_ თვალი გავუსწორე მეც.

_ თავს აჭამს!_ ცივი და ბასრი იყო მისი პასუხი. მაგრამ უფრო უარესი იმის გახსენება იყო, როგორი შიშით მიყურებდა ხოლმე თომა და პირობას მადებინებდა, რომ არასდროს მოვაჭამდი თავს. მე სულელს კი ეს მხოლოდ მისი კალიებისადმი სულელური ფობიის ბრალი მეგონა.

_ ღმერთო ჩემო!_ ხელები სახეზე ავიფარე.
_ ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო!_ ვიმეორებდი უაზროდ.

_ ნუთუ ეს იყო მიზეზი? ამიტომ წამოვიდა ირაკლი სახლიდან? როგორ? რანაირად? დედამ საკუთარ შვილს ეს როგორ გაუკეთა? _ ვჩურჩულებდი და ვერაფრით ვახერხებდი დამშვიდებას.

_ და ეს ასე უბრალოდ შერჩა?_ როენა ვიგულისხმე.

_ირაკლი ბავშვი იყო გესმის? მის სიტყვას არავინ დაუჯერებდა. სულ მარტივად შეეძლო როენას, რომ ირაკლი შეურაცხადად გამოეყვანა. ვერაფრით ვერ დააღწია მის კლანჭებს თავი. მხოლოდ მაშინ , როცა სრულწლოვანებას მიაღწია დავითთან ერთად ამერიკაში გადაწყვიტა წასვლა. მაგრამ მერე შენ გამოჩნდი და მათი გეგმები თავდაყირა დააყენე. მეგობრები სამუდამოდ წაკიდე ერთმანეთს. ასეთები ხართ ქალები, ცივები, ანგარებიანები, შურის მაძიებლები, ბოროტები! _ ისე უგულოდ მელაპარაკებოდა. თვალები ისე უელავდა, როგორც შეურაცხადს.

_ მეე? მე საერთოდ არაფერი ვიცოდი!_ ვუპასუხე დაბნეულმა. თან ფეხზე წამოვდექი. ისიც წამოდგა.

_ მართალი ხარ, არაფერი იცოდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი ბრალი არაა!_ ზურგი ვაქციე და კარისკენ წავედი. აღარ მსურდა მისი ბოდვის მოსმენა.

_ მიდიხარ არა? _ გაეცინა მას ბოროტულად. ხმა არ გამიცია. სწრაფად გავიქეცი კარისკენ. მაგრამ კარები ვერ გავაღე. გული გამალებით მიცემდა. ალექსანდრე, როგორც ქამელეონი ფერს, ისე იცვლიდა ხასიათს. წამის წინანდელი ბავშვური და უბოროტო კაცის ნასახიც აღარ იყო დარჩენილი. ახლა ჩემს წინ ნამდვილი თავზეხელაღებული მანიაკი იდგა. თითქოს თვალების ფერიც კი შესცვლოდა. ნელა მოიწევდა ჩემკენ, როგორც მსხვერპლისკენ ნადირი.
მივხვდი თუ დაინახავდა, რომ მეშინოდა მის გაკონტროლებას ვეღარ შევძლებდი.

_ ახლავე შეწყვიტე ეგ ცირკი!_ მოვუბრუნდი ისე, როგორც ქუჩაში ყეფით ადევნებულ ავ ქოფაკს. შეკრთა მაგრამ არ შემეპუა.

_ შენ გგონია ან შენი მეშინია, ან იმ შენი ბაგამოლი როენასი? მართლა ყელში ამოხვედით უკვე!_ მივუახლოვდი თამამად და ჩემზე საკმაოდ მაღალს ქვემოდან ბრაზით ავხედე.

_ კარგად მომისმინე და იცოდე არ ვხუმრობ! იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი!
თუ მართლა სიმართლეა, რასაც მეუბნები რამე სამხილი მაჩვენე, ერთი სიტყვისაც კი არ მჯერა შენი! ახლა კი დროზე გამიღე კარი!_ კვლავ ზურგი ვაქციე და გულში ლოცვა დავიწყე, რომ ჩემს სიტყვებს მის აბობოქრებულ გონებამდე მიეღწიათ. ცოტა ხანს ყოყმანობდა. მერე მივიდა და კარი მორჩილად გააღო.

_ მე უბრალოდ ვღელავ შენს გამო!_ ჩაილაპარაკა ისევ ჭირვეული ბავშვივით. ბინიდან ლამის სირბილით გამოვვარდი და ლიფტში შევედი. თავი რომ უსაფრთხოდ დავიგულე, აქ კი მიმტყუნა ნერვებმა. მუხლები ამიკანკალდა და უხმოდ ჩავიკეცე.

_ უკაცრავად, დახმარება ხომ არ გჭირდებათ?_ პატარა გოგონას ხმამ გამომაფხიზლა. გაღებული ლიფტის კარიდან გაოცებით რომ მომჩერებოდა.

_ მადლობა, კარგად ვარ!_ ძალა მოვიკრიბე. გარეთ გავედი , იქვე გაჩერებულ ტაქსიში ჩავჯექი და დავითის მისამართი ვუკარნახე. არ ვიცი რამდენად მართალი იყო ის, რაც ალექსანდრემ მომიყვა. ამ კაცს აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი წარმოდგენა დამრჩა მასზე. თუ მის სიტყვებს დავუჯერებდი, როენა ცივსისხლიანი მკვლელი გამოდიოდა და მის გვერდით ცხოვრება სასიკეთოს არაფერს გვიქადდა მე და თომას.
სწორედ ამიტომ ახლა იგივე სიმართლე დავითის პირიდან უნდა მომესმინა.

13

რამდენიმე ხანს კარზე გაბმულად ვრეკავდი ზარს. უკვე ვიფიქრე, რომ დათა სახლში არ იყო, როცა როგორც იქნა კარი გააღო. ალექსანდრესი არ იყოს, ისიც მოუწესრიგებელი დამხვდა, მაგრამ იმ თავხედისგან განსხვავებით, წინასწარ არ მომზადებულა, და ამაში წუთის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი.

_ ქეთევან?_ აშკარად გაოცდა.

_ გამარჯობა, _ ცოტა დამაბნია მისმა შინაურულმა გარეგნობამ. ჩუსტებში, სპორტულებში და თმააჩეჩილს პირველად ვხედავდი.

_ შენთან სალაპარაკო მაქვს!_ მოვიკრიბე გამბედაობა.

_ ახლა? იქნებ ცოტა მერე სადმე შევხვედროდით?_ იმის მაგივრად კარი გაეღო და შევეპატიჟებინე, შეეცადა უფრო მოეხურა, რათა არ დამენახა რა ხდებოდა შიგნით.

_ არა! ახლავე ვილაპარაკებთ! _ ვუთხარი გადაჭრით. კარს ხელი ვკარი, დავითს გვერდი ავუარე და სახლში შევედი. მისაღებში დივანთან პატარა მაგიდაზე წინა საღამოდან მორჩენილი რომანტიკული სუფრის ნარჩენები მოსჩანდა. ტკბილეული, დაცლილი ღვინის ბოთლი და ორი მაღალფეხიანი ჭიქა.

_ ქეთი, ვფიქრობ , რომ ახლა არაა საუბრის დრო!_ ხმა გაუმკაცრდა დავითს ჩემი დამცინავი სახის დანახვისას.

_ სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობ!_ რატომღაც სიბრაზემ შემომიტია. ამ დენდის როენა არ ყოფნიდა სათამაშოდ,ფაქტი სახეზე იყო. მაგრამ მე ეს რატომ მაღიზიანებდა, ამას კი ვეღარ ვხვდებოდი.

_ მომიყევი, როგორ მოკვდა ირაკლის მამა!_ ჩემკენ წამოსული წარბშეკრული დავითი ადგილზე გაიყინა.

_ შენ ეგ ვინ გითხრა?_ მკითხა ეჭვით.

_ ზუსტად ახლა ალექსანდრესგან მოვდივარ! ის მიყვება იმას, რასაც შენ ასე საგულდაგულოდ მალავ! რაო როენა დეიდას განაწყენება არ გსურს? თუ ხელს აფარებ
პირადი მიზნების გამო?_ ხმას ავუწიე მე.

_ რა ხდება საყვარელო?_უეცრად საძინებლიდან, თითქოს ჰოლივუდის რომანტიკული ფილმი იყო, დავითის პერანგში გამოწყობილი ლამაზი ქალი გამოვიდა. გრძელი შავი თმა ცხენის კუდად შეეკრა კეფაზე. უცებ შევათვალიერე, ვერაფერს იტყვი, ლამის სრულყოფილება იყო, მისთვის ვისაც დაბოტოქსებული თოჯინები უყვარს.

_ ხომ გითხარი, რომ ახლა ლაპარაკის დრო არ იყო!_ თავი უკმაყოფოლოდ გადააქნია დავითმა.

_ შენი პირადი ცხოვრება სულ არ მაღელვებს, სასწორზე ჩემი და თომას უსაფრთხოება დევს!_ შევუღრინე ავად._ მართალია, რაც ალექსანდრემ მითხრა?

_ ვინაა საყვარელო ეს ქალი?_ ტუჩების ბრუცვით მიუახლოვდა დავითს სილიკონის ბარბი და მკლავზე ჩამოეკიდა.

_ ტესა , ჩაიცვი და წადი!_ უთხრა დავითმა და მის სატირლად გამობზუკულ ტუჩებს რომ მოჰკრა თვალი მკაცრად გაუმეორა._ ახლა შენი დრამების დრო არ მაქვს, ჩაიცვი და წადი დაგირეკავ!

_ კარგი!_ უცებ დასერიოზულდა ტესა და საძინებელში მორჩილად შებრუნდა.

_ რა საყვარლობაა!_ თავი ვერ შევიკავე და გავიკრიჭე მე.

_ და ესეიგი ალექსანდრესთან იყავი?_ ნამდვილად არ იყო დავითის საქმე მე სად ვიყავი. მაგრამ ალბათ ასე პასუხისთვის თავის არიდებას ცდილობდა.

_ დავით! მართლა მოკლა როენამ თავისი ქმარი?_ პირდაპირ დასმულ კითხვას თავს ვეღარ აარიდებდა.

_ არ ვიცი!_ ამოიოხრა მან_მაგრამ ირაკლი ასე ფიქრობდა. ბევრი ვეცადე, რამე გამეგო, როენას გულის მოსაგებად რა აღარ ვცადე,_ აშკარად ვხვდებიდი რა შეიძლებოდა ეცადა_ მაგრამ, როგორც სჩანს მან ყველა სამხილი მოიშორა.

_ მომიყევი, რას ამბობდა ირაკლი?_ ყველაფერი მაინტერესებდა, რაც როენას ეხებოდა .

_ ირაკლი ამბობდა , რომ არ ასვენებდა ერთი მოგონება ღრმა ბავშვობიდან, სჯეროდა , რომ დაინახა, როგორ ჰკრა ხელი და კიბეზე როგორ დააგორა იმ ალქაჯმა მამამისი._ დავითს ემჩნეოდა, რომ ირაკლის მონაყოლი ბოლომდე არ სჯეროდა.

_ შენ არ გჯერა ეგ ყველაფერი არა?_ ვკითხე მე.

_ არ ვიცი ქეთევან! ირაკლი ბავშვი იყო და როენა მთელი არსებით სძულდა. ის კი ყველა ღონეს ხმარობდა, რათა მისთვის სახლიდან წასვლის საშვალება არ მიეცა._ მხრები აიჩეჩა დავითმა.

_ წესით როენას უნდა ნდომოდა კიდეც ირაკლის სახლიდან მოშორება.

_ დედამ შვილს ასეთი რამე როგორ უნდა გაუკეთოს?_ არაფრით შემეძლო ამ ნაბოდვარის დაჯერება.

_ თუ არ გჯერა ამ ყველაფრის , მაშინ რატომ მითხარი, რომ უმჯობესი იყო როენას სახლი დამეტოვებინა?_ ჯერ კიდევ ვერ ვახერხებდი ფაზლის ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებას. დავითმა თვალი ამარიდა.

_არ ვიცი რა გეგმები აქვს მას, მაგრამ ბებიობა რომ სულ არ ადარდებს და არც ვინმეს სიყვარული შეუძლია ეგ კი ვიცი!_თქვა დავითმა.

_ რა გააკეთე დავით?_ ვკითხე
მოულოდნელად.

_ რა გავაკეთე?_ აშკარად დაიბნა ის.

_ რა გააკეთე, როცა ირაკლის მე შევუყვარდი?_ არ ვიცოდი უფრო სწორად როგორ დამესვა ეს კითხვა.

_ ეგეც იცი არა?_ მწარედ ჩაეცინა მას._ რა გავაკეთე და სამაგიერო გადავუხადე! მაშინ ჯერ კიდევ ... არა! ვერ ვიტყვი, რომ ბავშვი ვიყავი! მაგრამ ჩემი სისულელით ეს ერთადერთი სამართლიანი გზა მეგონა!_ კვლავ არ მიყურებდა თვალებში.

_ რა ქენი?_ ვკითხე ისევ.

_ როენასთან ვიყავი! მხოლოდ იმ ერთხელ, მაგრამ ირაკლისთვის სრულებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემთან, როენასთან და მთელ ძველ ცხოვრებასთან გაეწყვიტა კავშირი!_ მცირეოდენი დუმილის შემდეგ მიპასუხა მან. ვიწექიო კიდევ ვერ გაბედა თქმა. ზიზღმა ჯერ მუცელში მომიჭირა, მერე მთელ სხეულს ცეცხლივით მომედო.

_ ამაზრზენი ხარ დავით! და ვფიქრობ ამას ძალიან კარგად უნდა ხვდებოდე!_ მიჭირდა იმის გააზრება, თუ რისი გადატანა უწევდა ირაკლის. საუკეთესო მეგობარმა მისსავე დედასთან დაიჭირა საქმე. დედასთან, რომელიც მას მამის მკვლელად მიაჩნდა. არ ვთვლიდი, რომ ირაკლი რამეში მტყუანი იყო. გაუბედავებს რომ ბედი არ სწყალობთ, ეს ხომ ყველასთვის ცნობილი ფაქტია არა?! იმის მაგივრად დავითს ... თუმცა ამას რაღა აზრი ჰქონდა. ზურგი ვაქციე და წამოსვლა დავაპირე.

_ ქეთევან! ქეთი!_ გამომეკიდა, რომ არ მივხედე. მკლავში ხელი ჩამავლო და გამაჩერა.

_ ვიცი ეს არ უნდა მექნა, მაგრამ , გონება მქონდა არეული, მე ხომ მიყვარდი! მან კი შენი თავი წამართვა!_ თვალები უელავდა , სწორედ ისე, როგორც ჟინით ანთებულ კაცს. ვინ უფრო საშიში იყო ნეტა ჩემთვის? როენა,დავითი თუ ალექსანდრე?

_ საიდან მოიყარეთ თავი ამდენმა გიჟმა?_ ვკითხე ზიზღით. ხელი გავაშვებინე და წამოვედი.

გზაზე გამოვედი და ტრანსპორტს ველოდებოდი, სულ ერთი იყო რა მოვიდოდა, ოღონდ იმ სახლს გავცლოდი. მოულოდნელად ქუჩის კუთხიდან შავი უნომრო მანქანა დიდი სიჩქარით გამოქანდა და პირდაპირ მე ამომიღო მიზანში. ადგილზე გავიყინე , შიშმა ყველა თავდაცვის უნარი გამორთო ჩემში, ვიდექი და საკუთარ აღსასრულს უძრავად ველოდებოდი. ბოლო, რაც მახსოვს ის იყო, რომ თვალები დავხუჭე.

_ ქეთი, ქეთი თვალი გაახილე საყვარელო!_ მესმოდა ნაცნობი ხმა, მაგრამ თვალის გახელის საშინლად მეშინოდა.
_ დარეკეთ სასწრაფოში დარეკეთ!_ ყვიროდა ვიღაც.
მე კი ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ირაკლის დახატული მზესუმზირების მინდორი იყო.
იმ მინდვრის შუაგულში ვიდექი ყვითელ სარაფანში გამოწყობილი და შორიდან მომავალ ირაკლის ლანდს ვუყურებდი.

_ ირაკლი! ირაკლი!_ ვეძახდი , მაგრამ ლანდი არა და არ მიახლოვდებოდა. მოულოდნელად ყვავილების მინდორს კალია შემოესია, წინ უზარმაზარი დედოფალი მოუძღვოდათ, რომელსაც თავისი საცეცი ჩემი ვაჟისთვის ჩაეკიდა. შეშინებულმა ვიკივლე და დაფეთებული ლოგინზე წამოვჯექი.უცებ ვერც გავიაზრე, სად ვიყავი.

_ რა მოხდა, რა ჯანდაბა მოხდა?_ თვალები დავხუჭე და ყველაფერი აღვიდგინე გონებაში. ცხოვრება უხვად მაბერტყავდა თავზე უსიამოვნო სიურპრიზებს. ესღა მაკლდა! ვიღაცას ჩემი სიკვდილი სურდა!
პალატაში დავითი შემოვიდა.

_ გაიღვიძე? _ მკითხა მზრუნველად.

_ ვინ იყო? ვინ ცდილობდა ჩემს მოკვლას? ან რატომ?_ მოზღვავებული ცრემლები ვეღარ შევიკავე და ბავშვივით ავტირდი.

_ არ ვიცი ქეთი, მაგრამ დამშვიდდი! არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს! _ დავითი ლოგინზე ჩამომიჯდა და ხელი ხელზე მომკიდა. მისმა შეხებამ უარესად გამომიყვანა წყობიდან.

_ ხელი გამიშვი! და აქიდან დამეკარგე!_ ვუყვირე გაოცებულს_ არ მჭირდება შენი მზრუნველობა! არაფერი არ მჭირდება შენგან! არანორმალურებო!_ ისტერიკულად ვყვიროდი და ვხედავდი, როგორ ტკივილს ვაყენებდი ჩემი სიტყვებით.

_ გაეთრიე აქიდან! გაეთრიე! თქვენი ბრალია ყველაფერი!_ ოთახში ნემს მომარჯვებული ორი ექთანი შემოვარდა.

_ დამშვიდდი საყვარელო, დამშვიდდი!_ ერთმა გამაკავა და მეორემ ნემსი გამიკეთა. ნელ_ ნელა დავმშვიდდი და ვარდისფერ ბურანში გადავეშვი.

მეორე დღეს, პალატაში ორი უცხო სერიოზულსახიანი კაცი შემოვიდა და თავი გამომძიებლებად გამაცნეს.

_ გამარჯობა, ქალბატონო ქეთევან!_ მომესალმა შედარებით დაბალი და გამხდარი.

_ მე თქვენი საქმის გამომძიებელი ვანო ჟღენტი ვარ, ეს კი ჩემი თანაშემწე ლუკა ზედგენიძეა. თუ შეიძლება რამდენიმე კითხვას დაგისვავთ!

მე თავი დავუქნიე. გამომძიებელი ლოგინის გვერდით სკამზე ჩამოჯდა.

_ პირდაპირ გკითხავთ ქალბატონო ქეთევან, მტრები გყავთ?_ ამ კითხვაზე ერთდროულად რამდენიმე სახე ამომიტივტივდა თვალწინ, მაგრამ ხმამაღლა მაინც სხვა რამე ვუპასუხე.

_ არა, მტრები რამდენადაც ვიცი არ მყავს!

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი მეუღლე ირაკლი რევია, რამდენიმე წლის წინათ სწორედ ავტო_ საგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა არა? როგორ ფიქრობთ ამ ორ შემთხვევას შორის რამე კავშირი თუ არსებობს?_ კვლავ დაინტერესდა გამომძიებელი.

_ მაგ კითხვას წესით მე უნდა გისვამდეთ!_ გავღიზიანდი მე. თუმცა ამაზე აქამდე არ დავფიქრებულვარ. მართლაც ირაკლის ვიღაც სწრაფად მომავალი მანქანით დაეჯახა და მომაკვდავი გზაზე მიატოვა. დაამნაშავე ვერ იპოვეს. იქნებ მართლაც იყო რამე საერთო ამ ყველაფერს შორის? მაგრამ როენას კავშირების გადამკიდეს იმაშიც ეჭვი მეპარებოდა ნდომოდა და შვილის მკვლელი ვერ ეპოვნა. იქნებ სწორედ მას აწყობდა თუ დამნაშავეს ვერ მიაგნებდნენ? ღმერთო ჩემო რა შარში ამოვყავი თავი?!

_ გეტყობათ არ გვენდობით! მაგრამ არაუშავს. ახლა კი დაგტოვებთ დაისვენეთ!_ როგორც მოულიდნელად მოვიდნენ, ისევე მოულოდნელად დამტოვეს და წავიდნენ.

იმ საღამოსვე დავტოვე კლინიკა და დაჟინებული მოთხოვნით გამოვეწერე. არც არავის მოვუკითხივარ მთელი ამ ხნის მანძილზე, არც არავის დაურეკავს. დიდად არ ადარდებდათ ეტყობა მოვკვდი თუ მოვრჩი. თუმცა კლინიკის ხარჯები სრულიად აენაზღაურებინა ჩემს დედამთილს და კართანაც მანქანით ფრიდონი მელოდა.
სახლში რომ დავბრუნდი , როენა ცივი ღიმილით შემხვდა.

_ როგორ ხარ ქეთევან?_ მკითხა ცივად და გულს გარეთ.

_შესანიშნავად!_ ვუპასუხე მე და გავუღიმე.
შეუძლებელი იყო ყველა კვალი ასე წაეშალა. რამე მაინც დარჩებოდა. უბრალოდ კარგად უნდა მომეძებნა. ხომ გაგიგიათ მეგობარი ახლოს უნდა გყავდეს და მტერი კიდევ უფრო ახლოსო. კიბეები ავიარე და ირაკლის ნახატთან შევჩერდი.

_ გეფიცები ირაკლი ამ ამბავს ასე არ დავტოვებ! ნახავ თუ ყველაფერს არ გავიგებ! და ყველას მოეკითხება თავისი ცოდვები!_ დავიფიცე და თომას ოთახისკენ გავწიე. ბავშვი სამი დღე იყო არ მენახა. კარი შევაღე და შევედი.

_ თომა როგორ ხარ დედიკო, როგორ მომენატრე!_ მივესალმე ბავშვს და მისი საპასუხო ჩახუტების მოლოდინში ხელები გავშალე. მაგრამ სულ ტყუილად. თომამ მხოლოდ შემომხედა ყოველგვარ სითბოს მოკლებული თვალებით და თამაში განაგრძო. მწარედ გამეღიმა. ახლა კი ნამდვილად დრო მოვიდა ირინასთვის დამერეკა და კონსულტაცია ჩამენიშნა.
ასეც მოვიქეცი! ტელეფონზე ირინას ნომერი ავკრიფე.

14

_ გამარჯობა ირა, ქეთი ვარ..._ მინდოდა მეთქვა დიანას მეგობარიმეთქი, მაგრამ თქმაც არ დამაცადა. თითქოს ჩემს ზარს ელოდებოდა და უეჭველად იცოდა , რომ ადრე თუ გვიან დავურეკავდი.

_ თომა როგორაა ქეთი?_ მკითხა შეშფოთებულმა.

_ მგონი ყველაფერი გართულდა, თუმცა არ ვიცი, უნდა გნახოთ. იმედია მოსვლა არ დავაგვიანე!_ გული უცნაურად მტკიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა , თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მქონდა გასაკეთებელი და თავს ვერ ვაბამდი. თითქოს ძალიან ძვირფასი მეცლებოდა ხელიდან. შეხვედრა იმ საღამოსვე დამითქვა და მანუგეშა.

_ ნუ ნერვიულობ, სანამ ბავშვს არ ვნახავ საუბარი მიჭირს, თუმცა თომა ძლიერი ბიჭი ჩანს! გელოდები ქეთი, აუცილებლად!_მასთან საუბრის შემდეგ ბევრი აღარ მიყოყმანია, ჩვენში ხომ ფსიქოლოგის ისე ეშინიათ, როგორც ჯალათის. არადა დროული ჩარევა რამდენის პრობლემას მოაგვარებდა. ამის გასააზრებლად დრო მეც დამჭირდა, ამიტომ თომას ხელი მოვკიდე და უთქმელად დავუწყე გამზადება.

_ სადაა შენი ნახატების ალბომი? ხომ არ დაგვიწყებია, რომ ირინას სურათის დახატვას დაპირდი?_ ვკითხე მას. ირინას ხსენებაზე ბავშვი გამოცოცხლდა. საქაღალდეში ნახატები და ფანქრები ჩაიწყო და ზურგჩანთა ზურგზე მოიკიდა. თუმცა მაინც უცნაურად დუმდა. ხელი მოვკიდე და ოთახიდან გამოვედით.

_ სად მიდიხართ ქეთევან?_ მკითხა კარს უკან მოჩვენებასავით დადარაჯებულმა როენამ.

_ სასეირნოდ! მშვენიერი საღამოა!_ ვუპასუხე მე, რაც შემეძლო მშვიდად.

_ ახლა დაბრუნდი საავადმყოფოდან, დარწმუნებული ხარ, რომ სასეირნოდ წასვლა კარგი აზრია?_ისე მკითხა, კარგად არ მცნობოდა, აუცილებლად დავიჯერებდი, რომ გულწრფელად ზრუნავდა ჩემზე.

_ არ ინერვიულოთ, მალე დავბრუნდებით!_ გავუღიმე და კიბეებზე დავეშვი.
კართან რიტა შემეჩეხა, უცნაურად დაბნეულმა შემომხედა და დამნაშავესავით ამარიდა თვალი.
სახლიდან რომ გავედით, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ფრონტის წინა ხაზიდან სამშვიდობოს გავაღწიეთ. მშვიდად ამოვისუნთქე. და გაჩერებისკენ ნელა გავუყევი გზას.
მშვენიერი დღე იყო, მაგრამ რატომღაც თომას სახეზე ვერანაირ თბილ ემოციას ვერ ვხედავდი. რობოტივით მომყვებოდა გვერდით. თუმცა ხელი მაგრად ჰქონდა ჩაკიდებული ჩემს ხელზე.

რატომღაც დავითზე ვფიქრობდი. თავს დამნაშავად ვგრძნობდი, ბოლო_ბოლო უეჭველ სიკვდილს მან გადამარჩინა. რომ არა მისი სწრაფი რეაქცია , ის ვიღაც თავის მიზანს მიაღწევდა და ირაკლისთან გამამგზავრებდა. ვინ იყო, რატომ სურდა ჩემი მოკვლა? ვერაფრით ვხვდებოდი. განა რას წარმოვადგენდი ასეთს, რომ ვიღაც საფრთხედ აღმიქვამდა? არაფერი მე არ მქონდა, არავინ მე არ მყავდა? მხოლოდ თომა. თომა იყო ერთადერთი განძი და სიმდიდრე ჩემთვის. უცებ თითქოს გასხივოსნება ეწვიაო, ისე გამინათდა გონება. სწორედ თომა იყო ამ ამბის გასაღები. ერთი კითხვა ამეკვიატა, რატომ მაინც და მაინც ახლა? დასაფლავებაზეც ხომ იყო მოსული როენა, რატომ მაშინ არ შემოგვთავაზა მასთან ცხოვრება? რას ელოდებოდა? კარგად მახსოვდა მისი უცნაური მზერა, როცა პირველად დაინახა თომა. მახსოვდა როგორ შეათვალიერა და რა უცნაური წამიერი ცივი ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე. ზუსტად იმ წამს , როცა მის ერთადერთ ვაჟს მიწას აყრიდნენ, როენა ანგარიშიანი მზერით უყურებდა თომას. ვინ იყო როენა? საიდან მოვიდა? აუცილებლად უნდა გამერკვია მისი წარსული, მტკიცედ მჯეროდა, სწორედ მის წარსულში ვიპოვნიდი სიმართლის მარცვალს. მაგრამ არ ვიცოდი საიდან დამეწყო. მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, რომლებიც ასე თუ ისე იცნობდნენ როენას, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთს არ ვენდობიდი. არც დავითს და მით უფრო არც ალექსანდრეს. კესოზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, ასევე ფრიდონზე. ორივე როენას ერთგული ძაღლები იყვნენ და დარწმუნებული ვიყავი არაფერს მეტყოდნენ. იქნებ რიტასთან მეცადა? მაგრამ რიტას, მას შემდეგ, რაც დავითთან ერთად დამინახა, თითქოს ვძულდი. სულ თავს მარიდებდა და როცა ველაპარაკებოდი უცნაურად ბლუყუნებდა .თითქოს, რაღაც სინდისის ქენჯნას გრძნობდა, მაგრამ თქმით ვერაფერს მეუბნებოდა. ალბათ სწორედ მან ჩამიშვა როენასთან და დავითთან ჩემს შეხვედრაზე ყველაფერი ჩაუკაკლა. როენამაც სწორედ ამიტომ მომიქსია ის მანიაკი ალექსანდრე.
ვფიქრობდი და ვერაფრით ვხვდებოდი, რა ჯანდაბა მექნა და საიდან დამეწყო.
პოლიციასაც არ ვენდობოდი. სიმართლე რომ გითხრათ, მათ ირაკლის საქმეც კი ვერ გამოიძიეს და ჩემთვის თავს არც შეიწუხებდნენ. როენას კავშირებიდან გამომდინარე, ადვილი შესაძლებრლი იყო, სულაც კორუმპირებულები ყოფილიყვნენ.

მთელი გზა ირამდე ასეთ ფიქრებში გავატარე. შემდეგ კი ყურადღება მოვიკრიბე და მთელი კონცენტრაცია თომასკენ მივმართე. მთავარი თომა იყო. გულში ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ბარგი ჩამელაგებინა და იმ ციხიდან საერთოდ წამოვსულიყავი, მაგრამ რატომღაც ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი, რასაც ვხედავდი მხოლოდ აისბერგის ხილული წვერი იყო და ყველაზე მთავარი კვლავ წყლის ქვეშ იმალებოდა. ოდესმე სადმე აუცილებლად წამოყოფდა თავს და კაცმა არ იცის, მეც ტიტანიკივით ჩამძირავდა. ამიტომ ჯობდა ყველაფერი ბოლომდე მიმეყვანა და რამდენადაც შევძლებდი სიმართლე გამერკვია.

ირას ოფისი მყუდრო და გემოვნებიანი იყო. უცნაური სიმშვიდე სუფევდა. ოთახში უზარმაზარი კომფორტული, პასტელისფერი ყვითელი დივანი იდგა , კედელზეც რამდენიმე ლამაზი სურათი ეკიდა, გრძელი სქელი ფარდა კიდევ უფრო მეტ მყუდროებას ანიჭებდა იქაურობას. ერთი სიტყვით სასიამოვნო გარემო იყო.თითქოს სასაუბროდ განაწყობდა სტუმარს.

_ გამარჯობა მეგობარო!_ მიესალმა ირა თომას და ხელი გაუწოდა. თომამ ხელი ჩამოართვა.

_ დაჯექი, სადაც ისურვებ._ ხელით მთელ ოთახზე მიუთითა ირამ. თომა მაგიდის წინ ფერად ნოხზე დაჯდა და ჩანთა წინ დაიდო. ირამ გაუღიმა და მაგიდის მეორე მხრიდან თავადაც ნოხზე დაჯდა პატარა ბავშვივით. ალბათ თომას ნდობის მოპოვება სურდა ამ ქცევით.

_ აბა როგორ ხარ, პირობა შეასრულე._ ჰკითხა და გაუღიმა.

თომამ მშვიდად გახსნა ჩანთა და მოზრდილი ფორმატი ამოიღო. კიდევ ერთხელ დახედა და ირას მაგიდაზე გაუჩოჩა.
მივედი და დივანზე ჩამოვჯექი თან ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ. თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. ირა არც არაფერს ეკითხებოდა, განსაკუთრებულს. მის ნახატს ყურადღებით ათვალიერებდა და შიგა და შიგ მოწონების ნიშნად თავს უქნევდა.

_ თუ გინდა, ახლაც შეგიძლია დახატო, სანამ მე და დედა ვისაუბრებთ! ჩემს ერთ კარგ მეგობარს გაგაცნობ, გინდა?_ წამოდგა ირა და თომას შეხედა. თომამ თავი დაუქნია.

_ ნიაკო შემოდი თუ შეიძლება, _ მოიხმო ირამ თანაშენწე.

_ თომა ოთახში გაიყვანე თუ შეიძლება და ჩვენი ოქროს კაპიტანი გააცანი! _ ოქროს კაპიტნის ხსენებაზე თომამ ინტერესით ასწია თავი.
_ კაპიტანი ოქროს თევზია!_ აუხსნა ირამ , და აშკარად საბოლოოდ მოიგო ჩემი შვილის გული. თომა წამოდგა და ოთახში შემოსულ ნიას მორჩილად გაჰყვა. ირა მომიახლოვდა და გვერდით მომიჯდა.

_ საუბარი შეწყვიტა არა?_ მკითხა ინტერესით. მე თავი დავუქნიე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. არაფერი გამომრჩენია, არაფერი დამიმატებია, ყველაფერი ისე ვუამბე, როგორც მოხდა. ირა ყურადღებით მისმენდა და პატარა რვეულში რაღაცას ინიშნავდა დრო და დრო.

_ ცხადია, ამ ყველაფერს შენს დედამთილთან აქვს კავშირი. აშკარაა ისეთ რამეს უნერგავდა მთელი წლის მანძილზე, ნელ_ ნელა და თანდათან , რომ ბავშვმა სტრესი მიიღო, საუბარი შეწყვიტა. თუმცა ეს ერთგვარი თავდაცვაა, ფარია, რაც თომამ შესძლო საკუთარი თავის დასაცავად . რა თქმა უნდა, ის ისევ დაიწყებს საუბარს. მაგრამ იმ ადგილს უნდა გაარიდო. აუცილებელია ის სახლი დატოვო. ახლა ნახე რამ შემაშფოთა მის ნახატებში. კარგად დააკვირდი._ მითხრა ირამ და წინ თომას ნახატები დამიწყო.

_ ყურადღებით დააკვირდი , ბავშვის ნახატში ყველაფერი მნიშვნელოვანია, არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი დეტალები._ კიდევ ერთხელ ამიხსნა ირამ.
სურათი ავიღე და დავხედე.

ერთი შეხედვით არაფერი იყო განსაკუთრებული. მისი საწოლი ეხატა, წიგნების თარო. საწოლზე ორი პატარა კაცუნა იჯდა და კარისკენ იყურებოდა.
ოდნავ ღია კარიდან კი უზარმაზარი ჩრდილი შემოდიოდა ოთახში. ჩრდილს თავზე სამი წვეტი ჰქონდა. თითქოს გვირგვინის მსგავსი. მეორე სურათზე წიგნების თარო ეხატა და მხოლოდ ერთ წიგნს ეწერა სათაური " კალიების დედოფალი".

_ ირა ეს წიგნი მართლა აქვს თომას, ირა ნუთუ ამდენად მნიშვნელოვანია?_ მივაჩერდი ირინას.

_ ზუსტად! რადგან სათაურით მხოლოდ ეს მონიშნა ესეიგი ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის._ დამეთანხმა ის.

_ აშკარაა თომას რაღაცის ეშინია! და რაღაცნაირად ეს შიში შენ გიკავშირდება. რომ არ გიცნობდე, ალბათ სოციალურ სამსახურს ჩავრევდი!_ მეგონა ხუმრობდა , მაგრამ ირას სახეზე ღიმილის ვერავითარი ნიშანწყალი ვერ დავინახე.გამაკანკალა ამ ყველაფრის გააზრებისას.

_ აი ეს არის ის სურათი, რამაც დამზაფრა!_ ერთი პატარა ნახატი ამოარჩია და გამომიწოდა.
სამი ფუგურა ეხატა სურთის ცენტრში.
მამა, დედა და ბავშვი. უბრალო ბავშვური სურათი იქნებოდა, რომ არა ერთი საზარელი დეტალი.სავარაუდოდ ის ფიგურა, რომელშიც დედა მოიაზრებიდა მამას თავს აჭამდა.

_ ღმერთო ჩემო!_ ამოვიკვნესე მე. _ აი რას ეუბნება ის ალქაჯი, აი რით აშინებს! აი რას უყვება ყოველ ღამ! _ ცახცახმა ამიტანა.
ყველაფერი ცხადი იყო: როენა თომას ზღაპარს უყვებოდა, სადაც დედამ მამა მოკლა და საკუთარი შვილი დააობლა.

_ ბავშვის ფსიქიკა მყიფეა ქეთი! თუმცა თომა ძლიერი ბავშვია. ცდილობს შეეწინააღმდეგოს ამ ყველაფერს. შეხედე. ნახატზე ბავშვს როგორ აქვს დედისთვის ხელი ჩავლებული. შეიძლება ეუბნებიან, რომ დედა უმოწყალო მხეცია, მაგრამ კალიების დეფოფალს თომა შენ კი არა როენას ეძახის._ მესმოდა და არც მესმიდა მისი სიტყვები. საფეთქლები მიელავდა.

_ ეს წიგნი უნდა მომიტანო ქეთი! უნდა გავიგოთ რა წერია შიგნით.

_ დამალული აქვს ,მეეჭვება ასე ადვილად ვიპოვო! _ ამოვიოხრე მე. მართლაც ბოლოს, როცა ამ წიგნის ნახვა მოვინდომე ვერაფრით მივაგენი და ისიც კი ვიფიქრე როენამ ისევ ხომ არ გამოართვამეთქი თომას.

_ მე ერთ დავალებას მივცემ თომას და ვნახოთ თუ შევძლებთ მისი სამალავის პოვნას!_ იმედიანად გამიღიმა ირამ.
შემდეგ ნიას დაუძახა და ბავშვის მოყვანა სთხოვა. ისევ ისე მიუჯდა გვერდით და მასთან ერთად დაიწყო ხატვა, ისე მონდომებით და გულწრფელად ხატავდა ირა წამით მეც კი დავიჯერე, რომ ხატვა მართლა მოსწონდა.

_ მოდი თომა ორივემ განძის რუკა დავხატოთ! და ერთმანეთს შევადაროთ, კარგი?_ ჰკითხა უცებ ირამ თომას.
ცოტა ხანი ორივე თავაუღებლად ხატავდა.

_ აი მე დავამთავრე!_ გაიცინა ირამ და თომას ნახატი გაუწოდა. თომამაც მიაწოდა თავისი ნახატი.

_ ქეთი, დარდმუნდბული ვარ ზუსტად საკუთარი სამალავი დახატა!_ მითხრა წამოსვლისას და თომას განძის რუკა მის უჩუმრად გადმომცა.

_ ბავშვი მარტო არ დატოვო. როგორც კი შეძლებ ის სახლი მიატივე და გელოდებით შემდეგ შეხვედრამდე,!_ ირადან გულდამძიმებული წამოვედი. თუმცა ასეთი საბრძოლო შემართება მანამდე არასდროს მქონია. სახლში მისვლის თანავე თომას ოთახში შევედი, ბავშვური ხელით დახატულ მინიშნებებს გავყევი და საწოლის ქვეშ, კედელზე, ზედ იატაკის გასწვრივ პატარა მოძრავ პანელს წავაწყდი. ამოღება ვცადე და ადვილად ამომყვა. ერთი შეხედვით იატაკის ხის პატარა ფიცარს ჰგავდა. პანელი გამოვწიე და საიდუმლო უჯრას წავაწყდი. ხელი შევყავი და შგნით რამდენიმე ქაღალდს და პატარა რვეულს მივაგენი. დაუხედავად გამოვიღე და უბეში ჩავმალე. პანელი დავხურე და ის ის იყო გამოძრომას ვაპირებდი საწოლის ფეხზე ამოტვიფრულმა ნაკაწრებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება. "ირაკლი რევიას სამალავი" ეწერა ბავშვური გაკრული ხელით.

იმ დღეებში გასაუბრებამაც კარგად ჩაიარა და სამსახურში გამოსაცდელი ვადით მიმიღეს, მთარგმნელობითი ბიურო იყო. მშვიდი და სასიამოვნო სმახური. რომ არა ჩემი პირადი პრობლემები თავს უკეთ ვიგრძნობდი. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩემი ქმრის ბავშვობის დღიური ჩამივარდა ხელთ.

"გამარჯობა დღიურო, მე შენ
პრინც დაქაჰარს დაგარქმევ. შენ იქნები ჩემი საიდუმლო ნაუტილუსი. მე კი კაპიტანი ნემო ვარ. აბა შენ იცი, საიმედოდ შეინახე ჩემი მონაყოლი ამბები"

ამ უცნაური სიტყვებით იწყებოდა ირაკლის დღიური.

15

1 მარტი
სალამი პრინცო დაქაჰარ, ახლა შენ უნდა გამიწიო მეგობრობა. გუშინ დავბრუნდი სკოლიდან სახლში. მამა მხოლოდ ცოტა ხნით ვნახე, როგორ ყოველთვის არ სცალია. სულ სტუმრები ჰყავს ან თავად დადის სტუმრად. ძალიან მარტო ვარ და მენატრები. თუმცა კარგია რომ დედა სახლში არაა, მშვიდად ვართ ყველა. იმედია დიდხანს არ დაბრუნდება.

3 მარტი

გამარჯობა პრინცო დაქაჰარ , დღეს დედა დაბრუნდა. ისევ ყველა ფეხის წვერებზე დადის. დღეს ისევ ნაუტილუსში მოგიწევს დაბრუნება. მაპატიე.

6 მარტი
გამარჯობა პრინცო, დღეს მამამ და დედამ იჩხუბეს, კარადაში დავიმალე და ყველაფერი მესმოდა. დედამ თქვა, რომ ყველაფერი მამის ლეკვის ბრალია. უცნაურია, სახლში ლეკვი არ გვყავს .

9 მარტი

პრინცო , დედას რატომ არ ვუყვარვარ? ყველა ბავშვს დედა ეფერება. მე არა!

12 მარტი

პრინცო დაქაჰარ, შენ თუ იცი, რას ნიშნავს მემკვიდრეობა? დედამ კესოს უთხრა ,რომ მე მაქვს დიდი მემკვიდრეობა და მხოლოდ ამის გამო მიტანს .
დედამ კესოს ისიც უთხრა, რომ მალე მამას გააქრობს და ისინი ბედნიერად იცხოვრებენ.

13 მარტი

პრინცო დაქაჰარ, რას ნიშნავს ანდერძი? კესომ თქვა, რომ იმ ბებერმა ძაღლმა ანდერძი კარგად დამალა. როგორც კი ვიპოვით, თავისუფლები ვიქნებით და ძაღლსაც და მის ლეკვსაც ორივეს თავიდან მოვიშორებთო. ალბათ ძაღლი მართლა გვყავს და მე არ ვიცი. უნდა მოვძებნო სად დამალეს ძაღლი და მისი ლეკვი. უნდა ორივე გადავარჩინო. მათთან ვიმეგობრებ და მარტო აღარ ვიქნები.

17 მარტი

გამარჯობა პრინცო, ლეკვი ბევრი ვეძებე ,მაგრამ ვერსად მივაგენი. მამას საიდუმლო სეიფშიც კი ვნახე, სადაც მამა რაღაცეებს უმალავს დედას, მამამ არ იცის, რომ მისი გასაღები ციფრები ვიცი, სულ ტყუილად ლეკვი არც იქ იყო. მაგრამ ნახე, ის ანდერძი ვიპოვე დედა რომ ეძებს. ახლა შენთან დავმალავ. დედა ანდერძს თუ ვერ იპოვის, ლეკვს არაფერს დაუშავებს.

20 მარტი

პრინცო დაქაჰარ საშინელი სიზმარი ვნახე, დედა საშინელ ჩოქელა კალიად გადაიქცა. მეშინია. ახლა მივხვდი ის საწყალი ლეკვი მე ვყოფილვარ. მეშინია პრინცო. ნეტა მეც შემეძლოს შენს ნაუტილუსში დამალვა.

25 მარტი

მიშველე მეგობარო, ჩოქელების დედოფალმა ჩხუბისას მამას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა, მითხრა თუ რამეს ვიტყვი, მეც თავს მომაჭამს. მითხრა, რომ ეს ამბავი უნდა დავივიწყო, რადგან კოშმარი იყო. კესომ ფრიდონს უთხრა, რომ სანამ ანდერძს არ იპოვნიან , მხოლოდ მანამდე ვიცოცხლებ. კარგად დამალე ის ანდერძი შენს ნაუტილუსში. არავის მისცე. როგორ ვცდებოდი პრინცო დაქაჰარ, რატომ დავუჯერე მამას და ჩოქელების დედოფალს დედა რატომ დავუძახე?

30 მარტი

რამდენი ხანია ზღაპარი არავის წაუკითხავს ჩემთვის პრინცო დაქაჰარ. გახსოვს მე და შენ რომ დავხატეთ ზღაპარი? მინდა ვითამაშოთ, ხმა გამეცი მეგობარო!

1 აპრილი

დედოფალი ამბობს, რომ თვალში ვეჩხირები და ისევ სასწავლებლად მგზავნის სკოლაში. მიხარია მეგობარო, როგორც იქნა ამ სახლიდან წავალ.
შენ კი აქ უნდა დაგმალო. დამელოდე სანამ დავბრუნდები. გპირდები , როცა დავბრუნდები იმ ზღაპარს ჩამოგიტან. მერე ერთად ვიკითხოთ ზღაპრები ძილის წინ.
მშვიდობით პრინცო დაქაჰარ!
შენი მეგობარი კაპიტანი ნემო.

ვკითხულობდი პატარა ბიჭუნას ბავშვური ხელით ნაწერ დღიურს და ცრემლები, ბოღმა და უძლურება ერთდროულად მახრჩობდა. ცრემლების დიდი ბურთი ყელში მეჩხირებოდა და სუნთქვას მიშლიდა. აკანკალებული ხელით დავხურე დღიური. მასთან ერთად ნაპოვნ ფურცლებს გადავხედე, იურიდიულად გაფორმებული ანდერძი შემრჩა ხელთ.

" მე როსტომ რევია, საღ გონებაზე მყოფი ვწერ ამ ანდერძს. ჩემი უძრავ_ მოძრავი ქონება, და ასევე ჩემი აწ გარდაცვლილი მეუღლის აქტივები , ჩემი სიკვდილის შემდეგ გადაეცეს ჩემს ერთადერთ ვაჟს და მემკვიდრეს ირაკლი რევიას. არავის, მათ შორის არც მეურვეს , არ ჰქონდეს უფლება გაყიდოს ან გაასხვისოს ზემოთ ხსენებული მემკვიდრეობა, მეურვე ვალდებულ იქნას იზრუნოს ამ ქონებაზე მემკვიდრის სრულწლოვანებამდე, ყოველთვიური შემოსავლის ოცდააათი პროცენტით სარგებლობის უფლებით, ესეც მემკვიდრის სასარგებლოდ. მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში , თუ მას არ დარჩება შვილი , ქონება გადაეცეს იმ უდედმამო ბავშვთა სახლს , სადაც მე გავიზარდე. ხოლო ბავშვის ანუ ჩემი შვილიშვილის არსებობის შემთხვევაში ანდერძი იმოქმედებს კვლავ ზემოთ ხსენებული წესის მიხედვით მის სრულწლოვანობამდე."
ანდერძს ერთვოდა მოანდერძის , მოწმეების და ადვოკატის ხელმოწერები და ოფიციალური ბეჭედი.
გული გამიჩერდა, აი მიზეზი, აი ყველაფრის მიზეზი და ახსნაც , გამოდის როენა ირაკლის დედა კი არა დედინაცვალი იყო. ანუ არანაირი სისხლისმიერი კავშირი არ ჰქონდა თომასთან. მხოლოდ ეს უზარმაზარი მემკვიდრეობა იყო ის, რაც თომას მაგნიტად აქცევდა და როენას ასე იზიდავდა. მე კი მისი ერთადერთი მეურვე გამოვდიოდი, სუნთქვა აღარ შემეძლო ნერვიულობისგან კბილს კბილზე ვაცემინებდი. რა გამოიოდა იმ შემთხვევაში თუ მეც მოვკვდებოდი?
მხოლოდ როენა გახდებოდა თომას მეურვე და კიდევ თვრამეტი წლით მოახერხებდა ქონების მშვიდად განკარგვას. ღმერთო, იმის გააზრება მაგიჟებდა, რომ არა მხოლოდ როენა, არამედ ეს ამაზრზენი თანამძრახველებიც არსებობდნენ და მათ გვერდით ამდენი ხანი მშვიდად გვეძინა მეც და ჩემს შვილსაც. როგორც სჩანს ჩემმა გადაწყვეტილებამ, რომ როენას სახლში გვეცხოვრა ცოტა მეტ ხანს შემინარჩუნა სიცოცხლე. ჩემი უარიც კი ვერაფერს შეცვლიდა. რადგან ჩემი არსებობა მათი გეგმებს მხოლოდ ხელს უშლიდა და საერთოდ არ გაუჭირდებოდათ ჩემი გაქრობა. ახლა ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ჩემი მოკვლა არც მეტი, არც ნაკლები ფრიდონს სურდა. რა აკავშირებდათ ერთმანეთთან როენას, კესოს და ფრიდონს? ვინ იყვნენ ერთმანეთის და კიდევ რა საიდუმლოს მალავდნენ, ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა.
დღიურიც და ანდერძიც ჩანთაში ჩავიდე. აუცილებელი იყო უსაფრთხო ადგილას შემენახა. მაგრამ სად იყო ასეთი ადგილი? ჩემს სახლში? იქნებ დიანასთან? არა სხვას საფრთხეს ვერ შევუქმნიდი! დავითთან? არა! ვერ გამოვრიცხავდი , რომ დავითი ახლაც როენას საყვერელი არ იყო .
მხოლოდ ერთი ადამიანი რჩებოდა, საკმაოდ სახიფათო და არც თუ მეგობრული, მაგრამ საკმაოდ შეპყრობილი როენას გამოაშკარავებით საიმისოდ, რომ თავშესაფარი მის სახლში მეძებნა. და ახლა სწორედ ის უნდა დამხმარებოდა. ტაქსი გამოვიძახე, თომას ქურთუკი ჩავაცვი და წასასვლელად მოვემზადე. ხელჩანთის გარდა არაფერი ამიღია. რათა ეჭვი არავის შეჰპარვოდა, რომ დაბრუნებას აღარ ვაპირებდი, თომამ კი ჩვეულად ზურგჩანთა გაიმზადა. კიბეზე ნელა ჩავედი, თითქოს უბრალოდ სასეირნოდ მივდიოდით, კართან მისული რიტამ შემაჩერა.

_ ქალბატონო ქეთევენ, მშვენიერი საღამოა სასეირნოდ მიდიხართ ალბათ?_ მითხრა და თვალებში შემხედა. მხიარული ხმის ტემბრის მიუხედავად თვალები შიშით და პანიკით ჰქონდა სავსე.

_ დიახ რიტა, ცოტას გავივლით, ვახშმისთვის დავბრუნდებით._ გავუღიმე მე. რიტამ თხელი კარდიგანი მომაწოდა, კი გამიკვირდა ამ ამინდში კარდიგანი რად მინდოდა, მაგრამ სევდიან თვალებში რომ ჩავხედე უარი ვეღარ ვუთხარი. ჩამოვართვი და მკლავზე გადავიკიდე. პარმაღთან გაჩერებული ტაქსის კარი გამოვაღე თომა ჩავსვი და მეც გვერდით მივუჯექი. სახლს მანქანის ფანჯრიდან ამოვხედე. აივანზე როენა იდგა და ავად მოელვარე თვალებს არ მაცილებდა. ვუყურებდი და ალბათ განცდილი მღელვარების გამო, გეფიცებით ქალის ნაცვლად მეც ჩოქელების დედოფალს ვხედავდი. რიტა გამახსენდა და კარდიგანის ჯიბეები მოვქექე, ინტუიციამ არ მიღალატა. პატარა ფურცელი ვიპოვნე რამდენიმე სიტყვით: "ქეთევან აქ აღარ დაბრუნდე , თუ სიცოცხლე გინდა!" არც დამწერის სახელი ეწერა, არც არაფერი. მაგრამ ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი არ შემეტანა.

კაკუნი დიდხანს დამჭირდა, რაღა კაკუნი უკვე ვაბრახუნებდი კარი რომ გამიღო. აშკარად არ მელოდა და გაოცდა, მით უფრო გაოცდა , როცა ჩემს გვერდით თომა დაინახა.

_ ქეთი? რა ხდება? მეგონა არასდროს დაბრუნდებოდი!_ გვერდით გადგა და გზა დაგვითმო.

_ შენს მეტი გზა არ მაქვს, გული მეუბნება, რომ სწორ მისამართზე მივედი. საღამო მშვიდობისა ალექსანდრე!_ მივესალმე მე და დივანზე უღონოდ ჩამოვჯექი.

_ დავითმა იცის აქ რომ ხარ?_ რატომღაც მაშინვე დავითი გაახსენდა.

_ არა ! არავინ იცის! და მინდა საიდუმლოდ შეინახო ჩემი აქ ყოფნა!_ ვთხოვე , თუმცა ვიცოდი ამას არაფრის დიდებით არ გაამხელდა, მით უფრო დავითთან.

_ ალექსანდრე, მითხარი! შენთან რატომ გაწყვიტა ირაკლიმ ურთიერთობა? დავითთან და დანარჩენებთან გასაგებია, მაგრამ შენთან? ვერ ვხვდები, რა მოხდა თქვენს შორის?_ სევდიანად გაეცინა, მერე შუბლი შეიკრა.

_ მე ის არა ვარ , ვინც შენ გგონივარ, და არც ის ვიყავი, ვინც ირაკლის ვეგონე!_ ორაზროვანი პასუხი იყო და ვერაფერი გავიგე.

_ რას გულისხმობ?_ შემომხედა და ტუჩი მოიკვნიტა.

_ სიყვარული რომ სიყვარულია ამის თუ გჯერა ქეთევან?_ მკითხა და გონება გამინათდა. თვალებზე შემატყო, რომ ყველაფერს ვხვდებოდი.

_ ხოდა აი, ირაკლის არ სჯეროდა ამის!

თავი ხელებში ჩავმალე. საწყალი ირაკლი, დედა მოუკვდა, მამა მოუკლეს , დედინაცვალი და მთელი მისი ამალა მტრად მოეკიდა, ძმაკაცებიდან ერთმა უღალატა, მეორემ კი ზედმეტად შეიყვარა. გამეცინა. ვერ იტყოდი , რომ ირაკლი ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა. ხშირად ქონება და კარგი გარეგნობა ხდება ზუსტად ადამიანის უბედურების მთავარი მიზეზი.

_ მე მეგონა..._ არც ვიცოდი, როგორ ამეხსნა ის, თუ რას ვფიქრობდი მასზე. მიხვდა და გაეცინა.

_ სწორად ფიქრობდი ჩემო კარგო, ერთი მეორეს ხელს არ უშლის! _ თავხედურად გადაწვა სავარძლის საზურგეზე, თუმცა გაახსენდა თომაც რომ იქვე იყო და მაშინვე გასწორდა.

_ მისმინე ალექს! შენი პირადი ცხოვრება ჩემი გასარჩევი არაა, და თუ სიმართლეს ამბობ, მაშინ როგორც ირაკლის..._ დავფიქრდი დასაკარგი რა მქონდა, თუ ალექსანდრეს ვერ დავითანხმებდი საეჭვო იყო როენას სადმე დავმალვოდით.

_როგორც ირაკლის მეგობარი უნდა დამეხმარო, ჩემი თუ არა თომას გადასარჩენად !

_ გადასარჩენად?_ წამში დასერიოზულდა ალექსანდრე. _ რა მოხდა ასეთი?

უკანასკნელად დავაკვირდი, რა ბედის ირონია იყო , რომ ამ შეშლილ მანიაკს ვანდობდი ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასის ბედს. მაგრამ სწორედ ალექსანდრეს და სხვას არავის, შესწევდა ძალა ამ ომში დამხმარებოდა. ყველაფერი მოვუყევი, არაფერი დამიმალავს. გაოცებული და შეძრწუნებული მისმენდა. სიტყვა ერთხელაც არ შეუწყვეტინებია. არაფერი უკითხავს, ყველაფერი მაშინვე დაიჯერა. ბოლოს ანდერძიც ამოვიღე და ირაკლის დღიურიც და მას გადავეცი. მოულოდნელად ისეთი რამ მოხდა, რამაც ალექსანდრეს გადაწყვეტილებაზე წამიერად იმოქმედა. აქამდე თავისთვის მჯდარმა თომამ, რომელსაც მოსვლის წამიდან არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს ჩვენს მიმართ, ჩანთა გახსნა, იქიდან "ჩოქელების დედოფალი" ამოიღო და მამამისის დღიურს ზედ დაადო.
ცრემლებმა თვალების ჯებირები გაარღვიეს, გულში ჩავიკარი თომა და სახე დავუკოცნე. ჩემი ჭკვიანი და მამაცი შვილი. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად როენას არც თუ უშედეგო მცდელობებისა, ჩემს ბიჭს წამით არ გაუვლია გულში ჩემზე ნათქვამი სისულელეები.

_ესაა, ღმერთო ჩემო ესაა!_ დაიყვირა ალექსანდრემ. _ კი მაგრამ თქვენ საიდან გაქვთ? _ხელში ირაკლის ზღაპრების წიგნს ატრიალებდა.

_ შენ იცოდი ამ წიგნის არსებობა?_ უფრო გავვოცდი მე.

_ ვიცოდი? აბა არ ვიცოდი?! ირაკლი იმ ძვირადღირებულ სკოლა_ინტერნატში გავიცანი, სადაც ბობოლა ოჯახისგან მობეზრებული ბავშვები ვიზრდებოდით. გაცნობისთანავე დავვახლოვდით. საკუთარ თავს კაპიტან ნემოს ეძახდა , მე კი უცნაური სახელი შემარქვა...
თქმა არ დავაცადე.

_ პრინცი დრაქჰარი ხომ?_ გაოცდა, თვალები დაუმრგვალდა.

_ შენ საიდან იცი?_ მკითხა დაბნეულმა.

_ თუ ასეა, ირაკლიმ შენთვისაც დატოვა წერილი და უკანასკნელი თხოვნა. აუცილებლად უნდა წაიკითხო მისი დღიური.

ალექსანდრემ დღიური აიღო და გადაშალა. კითხვა დაიწყო. რაც უფრო მეტს კითხულობდა, მით უფრო მეტად ეცვლებოდა სახე. ნელ_ ნელა ბრაზდებოდა და ბრაზდებოდა. როცა კითხვა დაასრულა უხმოდ დახურა რვეული. მაგიდაზე დადო და თვალებში შემომხედა.

_ ბრძოლისთვის მზად ხარ ქეთევან? ამ საშინეკ ჰარპიას ერთხელ და სამუდამოდ თავი უნდა წავაგდებინო!_ თქვენ რომ მოგესმინათ მისი სიტყვები, ალბათ შეშინდებოდით. თქვენ რომ დაგენახათ მისი თვალები, ალბათ დაფრთხებოდით და იმ სახლიდან უკანმოუხედავად გაიქცეოდით. ალექსანდრე სანადიროდ დაგეშილ უცნაურ საშის მხეცს ჰგავდა. როგორც სჩანს, მასში ის ყველაზე ბნელი და წლობით ნამწყვდევი მხარე გავანთავისუფლე, რომელსაც თავად მთელი ცხოვრება მალავდა. თუმცა სწორედ მის გვერდით ვიგრძენი სიმშვიდე. თუ ის მე დამიცავდა, აღარაფრის შემეშინდებოდა.

ვე რა



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოო უფრო და უფრო საინტერესოაა,სამწუხაროაა სამყაროში რამდენი მახინჯი სახეა,ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები..

 


№2 სტუმარი სტუმარი ელზა

მოუთმენლად ველი შემდეგ ნაწილს. საოცარი გოგონა ხარ ვერა.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ელზა
მოუთმენლად ველი შემდეგ ნაწილს. საოცარი გოგონა ხარ ვერა.

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent