შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმა არსაიდან ( 3 )


1-04-2023, 22:58
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 993

სანამ გვირაბის სიღრმეში შევაბიჯებდი უკან მივიხედე, ადრიანი შესასვლელთან იდგა და თვალს არ მაშორებდა, მიუხედავად იმისა რომ სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ცდილობდა უდარდელი შესახედაობა ჰქონოდა მაინც ვამჩნევდი დაძაბულობას, მოუთმენლობას, რაღაცის მოლოდინს... მოულოდნელად გამიღიმა, თვალებში რომლებიც აქამდე იმ სიცივით მზარავდნენ რასაც მათში ვხედავდი სითბო ჩაუდგა, სახე გაუნათდა, ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მერე შუბლი შეჭმუხნა და თავი გადააქნია, არ ვიცი რამ მაიძულა ამის გაკეთება მაგრამ საპასუხო ღიმილი დავუბრუნე, ზურგი შევაქციე და ისევ წყვდიადს გავუსწორე თვალი, კარის ჭრიალი მომესმა, მერე საკეტის ხმა და უკუნეთ სიბნელეში დავრჩი, ხელის კანკალით ავანთე ფანარი, გამიკვირდა და ცოტა არ იყოს დავფრთხი როცა კარს შიგნით ჩარჩოს გარშემო და ასევე ძირს დაგებულ ქვებზე მკაფიოდ შესამჩნევად ამოკვეთილი წარწერები და სხვადასხვა სახის ნიშნები დავინახე, ვეცადე გამეგო რა იყო მაგრამ არაფერი გამომივიდა, არცერთი სიმბოლო არ მეცნო არადა უამრავი საშინელი რაღაც წარმოვიდგინე...
- იქნებ ეს უბრალოდ დიზაინია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, -ჩავილაპარაკე ისე თითქოს საკუთარი თავის გამხნევებას ვცდილობდი, ფრთხილად გადავუსვი ხელი კედელზე ამოკვეთილ ერთ-ერთ სიმბოლოს რომელიც არაბუნებრივად ელავდა, სველი იყო, რაღაც უცნაური სითხით იყო დამუშავებული, თითები შარვალზე შევიწმინდე და ნელი ნაბიჯით გავუყევი ქვით მოპირკეთებულ გზას, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვიყავი დაძაბული და ცოტა არ იყოს მეშინოდა, მაინც ვახერხებდი ყველაფრის შეთვალიერებას, კედლები დანესტილი იყო და ალაგ ალაგ ჩამოშლილი, მივდიოდი და უკან, ძირს სქლად დადებულ მტვერში ნაფეხურები გარკვევით რჩებოდა, თუ კარგად დავაკვირდებოდით მივხვდებოდით რომ ძალიან დიდი ხანი იყო ამ გზაზე არავის გაევლო, ბევრი არ მივლია რომ კიდევ ერთ კარს მივადექი, დაძაბულობისგან უკვე სუნთქვა მიჭირდა, იქვე კართან მივეყრდენი ცივ კედელს და გონების მოკრება ვცადე...
სწორად უნდა მეფიქრა, ახლა სწორი აზროვნება მჭირდებოდა, თუ ბენი არ მატყუებდა და ამ სარდაფში მხოლოდ ამ ერთი გზით შეიძლებოდა მოხვედრა მაშინ გამოდის რომ მას შემდეგ რაც ლუდვიგი დაიღუპა ანუ უკვე მთელი ხუთი წელი აქ არავინ ჩამოსულა, აშკარაა რომ ადრიანი ჩემი მეშვეობით ვიღაცის გადარჩენაც ცდილობს, მე ვჭირდები რადგან თვითონ რატომღაც ვერ ახერხებს აქ შემოსვლას, მაგრამ თუ აქამდეც ჰქონდა ინფორმაცია ამ სამალავის შესახებ რატომ სხვა ვინმე არ შემოაგზავნა აქ, რატომ მელოდა მაინცდამაინც მე? არამგონია ვინმეს დაქირავება ან თუნდაც მონუსხვა გასჭირვებოდა, ბოლოს და ბოლოს ნიუ იორკიდან მოახერხა ჩემი აქ ჩამოყვანა, ისიც საინტერესოა შიგნით ვინ ან რა მელოდება, თუ ეს ყველაფერი მის დასატყვევებლად და შესაკავებლადაა შექმნილი ალბათ მართლაც უნდა მეშინოდეს თუმცა ლუდვიგს აქ ვინც არ უნდა ყოლოდა გამომწყვდეული ვერანაირად ვერ გადარჩებოდა ცოცხალი, არადა ადრიანმა ხომ მითხრა...
- აქ რატომ ვარ? რას ვაკეთებ? -უნებურად ხმამაღლა დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, ერთხანს ისე ვიდექი გაშეშებული თითქოს ამ კითხვაზე პასუხს ველოდი, მერე გამეცინა, არა, ნერვები ნამდვილად ცუდ დღეში მქონდა, როგორც იქნა ნაბიჯი გადავდგი და საკეტს ჩავავლე ხელი, ქვეცნობიერად ვგრძნობდი რომ ჯერ კიდევ იყო შანსი აქედან წავსულიყავი მაგრამ თუ ამ კარს შევაღებდი, თუ...
რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და სახელური ჩამოვწიე, კარი ოდნავგასაგონი ჭრიალით გაიღო, ჩემს წინ გრძელი, ფართო დერეფანი გადაიშალა, ფრთხილად მივაბიჯებდი და ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა, დერეფნის ცალ მხარეს სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ოთახები იყო ჩარიგებული ცალ მხარეს კი საკნები, ჩვეულებრივი რკინის გისოსებიანი საკნები, იქაურობა ცარიელი და ჩაბნელებული იყო, სამარისებურ სიჩუმეში მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა ისმოდა, მინის კედლებიანი და კარიანი ოთახები უამრავი სამედიცინო მოწყობილობით, საწოლებით და სხვადასხვა ნივთებით იყო სავსე, აქაურობა ფაქტიურად ლაბორატორიას ჰგავდა, ნეტავ რას აკეთებად აქ ლუდვიგი, ეჭვი მქონდა რომ კარგს არაფერს, თანაც თუ ამ საკნებს გავითვალისწინებთ...
უკვე თითქმის დერეფნის ბოლოში ვიყავი გასული რომ ერთ ერთმა ღია საკანმა მიიპყრო ჩემი ყურადღება მოულოდნელად ფარნის შუქზე ქვის იატაკზე მიგდებული რაღაც ნივთი აბრჭყვიალდა, ვყოყმანობდი სანამ ნაბიჯს გადავდგავდი რომ შევსულიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა, თითქოს თუ შევიდოდი კარს ზურგს უკან მომიკეტავდნენ და სამუდამოდ აქ აღმოვჩნდებოდი გამოკეტილი, თავს უფლება არ მივეცი რომ პანიკას ავეტანე და მხრებში გამართულმა შევაბიჯე, ბოლოს და ბოლოს უკვე აქ ვიყავი და მეტი აღარაფერი შეიცვლებოდა, შესვლისას პირველი სისულელე რაც გავაკეთე ის იყო რომ სინათლის ჩამრთველს დავუწყე ძებნა თუმცა ვერაფერი ვიპოვე, საკანი დაახლოებით ოცი კვადტრატული მეტრის სიდიდის ქვის კედლებიან და ქვის იატაკიან ოთახს წარმოადგენდა, ერთ-ერთ კუთხეში ხის ტახტისმაგვარი რაღაც იყო მიდგმული რომელიც ალბათ საწოლის ფუნქციას ასრულებდა, საწოლს მიშტერებული ვერ მივხვდი როგორ წამოვედე რაღაცას, გულისგამაწვრილებლად გაიჩხარუნა მეტალმა და ამ სიჩუმეში ნაღმის აფეთქებას უდრიდა ეს ხმა ჩემთვის, შეშინებული შევხტი ერთ ადგილზე და ფანარი ძირს დავანათე, შევცბი, ერთიანად შემძრა იმან რაც დავინახე, ზედ ჩემს ფეხებთან ეყარა უკვე ჟანგმოკიდებული ბორკილები რომლებიც საკმაოდ გრძელი ჯაჭვით კედელზე იყო მიმაგრებული, დავიხარე რომ ის ნივთი ამეღო რის გამოც აქ შემოვედი ხელში ვერცხლისფრად მოელვარე ჯვარი შემრჩა რომელიც უბრალო თოკზე იყო შებმული, უფრო მეტად ყურადღბით მოვათვალიერე იქაურობა, დამტვერილი ქვის იატაკი ალაგ-ალაგ მუქი უსწორმასწორო ლაქებით იყო დაფარული, ფრთხილად გადავუსვი ხელი და ტანში გამცრა, იმაზე ფიქრიც კი არ მინდოდა თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო...
საკნიდან გასვლისას კიდევ ერთი რამ შევამჩნიე, შესასვლელი და ასევე მთელი ჩარჩო ზუსტად ისეთი წარწერებით და ნიშნებით იყო მოხატული რაც გვირაბის შემოსასვლელშიც ვნახე, ზუსტად კარის წინ კი იმავე მბზინავი, ბლანტი, მოელვარე სითხის ვიწრო ზოლი იყო გაყოლებული რაც გვირაბის შემოსასვლელშივე ვნახე, დავიხარე და თითებით მოვსინჯე, სველი იყო, წებოვანი, უსიამოვნო კონსისტენციის მქონე და ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა ამდენი ხანი ასეთ მგომარეობაში ყოფილიყო და არ გამშრალიყო...
- მოგეწონა რაც საკანში ნახე? -მომესმა მისუსტებული, ოდნავ ხრინწიანი და უჩვეულო ბრაზით გაჯერებული ხმა, დაფეთებული გავსწორდი წელში და რკინის წნელს ისე მწარედ მივეჯახე მხრით სიმწრისგან წამოცდენილი კვნესა ვერ შევიკავე.
- სულელო გოგო, არ უნდა ჩამოსულიყავი, ვეცადე, ვეცადე გადამერჩინე, მაგრამ ისეთი ჯიუტი ხარ, ისეთი ცნობისმოყვარე...
ხმა სუსტი იყო, მინავლებული და დარწმუნებული ვიყავი რომ ამჯერად სულაც არ მესმოდა გონებაში, სადღაც აქ იყო, აქვე, ჩემს გვერდით.
- სად ხარ? -ვეცადე ხმამაღლა მეთქვა თუმცა ძლივსგასაგონად ამოვიხრიალე, ვიცი რომ გაიგო, ხმა მომესმა, ოხვრა, ჯაჭვების ჟღარუნი...
- არ წახვალ, არა? -ტკივილნარევი სევდა დავიჭირე მის ხმაში და რატომღაც ავღელდი, მთელი ყურადღება მოვიკრიბე და ძლივსგასაგონ ხმებს მივყევი, რამდენიმე წამში დერეფნის ბოლოში მდებარე დაკეტილ საკანთან ვიდექი და ვცდილობდი უკუნეთ სიბნელეში რამე გამერჩია...
- თვალებში ნუ მანათებ, -სიცილ და ტკივილ ნარევი ხმა მომესმა და როგორც იქნა შევამჩნიე... საკნის შუაგულში ქვის იატაკზე იჯდა ფეხმორთხმით, შესახედავად სრულიად ჩვეულებრივ ოცდაათიოდე წლის მამაკაცს ჰგავდა, გამხდარი იყო, შეიძლება ითქვას რომ ზომაზე მეტადაც კი, გრძელი თმა და წვერი ჰქონდა, შავი დაძონძილი შარვალი და ამავე ფერის ალაგ-ალაგ ჩამოხეული პერანგი ეცვა, ფეხშიშველი იყო და კოჭებზე ბორკილები ედო...
- ღმერთო ჩემო, -აღმომხდა და პირზე ავიფარე ხელი, ოდნავშესამჩნევად გაეღიმა.
- შენი აზრით ამ ყველაფერში ღმერთის ხელი ურევია? -თავჩახრილმა მკითხა და ფეხი ოდნავ გაამოძრავა რომ ჯაჭვი აეხმაურებინა, -იქნებ იმასაც ფიქრობ რომ ღმერთის მადლობელი უნდა ვიყო ახლა აქ რომ ხარ? ასე ფიქრობ? ჯანდაბამდის გზა გქონიათ ადამიანთა მოდგმას თქვენი წარმოსახვითი ღმერთიანად, -ბოლო სიტყვები მთელი ხმით იღრიალა, ფეხზე წამოხტა და ჩემსკენ წამოვიდა თუმცა ბორკილებმა არ გამოუშვეს, შეშინებულმა დავიხიე უკან, საშინლად აჩქარებულ გულზე მივიჭირე ხელი და უნებურად ისე მწარედ ვიკბინე ქვედა ტუჩზე რომ სიმწრისგან ვიყვირე.
- ცუდად ხარ, ჯობია დაჯდე, -სისხლმდინარე ფეხებზე ვანიშნე, ბორკილებს მთლად გადაეხეხათ კანი და ქვის იატაკს ნელ-ნელა ფარავდა სისხლის ლაქები, ლაქები... ლაქები... იმ საკანშიც ზუსტად ასეთი ლაქები იყო იატაკზე ოღონდ უფრო ბევრი...
- რა ჯანდაბა ხდება აქ? -აღმომხდა გულამოვარდნილს.
- ახლა უკვე აღარაფერი, რაც მოსახდენი იყო მოხდა, -მშვიდად ჩაილაპარაკა და ერთ ადგილზე შეტორტმანდა.
- ვინ ხარ და რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში?
- ეს შენ არ გეხება, შენ საერთოდ არაფერ შუაში ხარ, უნდა წახვიდე, -თვალდახუჭულმა გამოსცრა კბილებში და ძალაგამოცლილი დაემხო მუხლებზე, უნდა წახვიდე, რატომ არ მიდიხარ? რატომ არ გეშინია? იმის რომ შეიძლება რამე დაგიშავო?
- რატომ არ მეშინია? იმიტომ ხომ არა რომ ჯაჭვით ხარ დაბმული, შენი საკნის იატაკი ერთ მთლიან უზარმაზარ პენტაგრამას წარმოადგენს და კარის ჩარჩო და შესასვლელი უცნაური სიმბოლოებითაა მოხატული, სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი ეს ყველაფერი რას ნიშნავს მაგრამ ფაქტია რომ აქ შენს შესაკავებლადაა გაკეთებული.
- არც ისეთი სულელი ყოფილხარ როგორიც მეგონე თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი.
- რა უნდა ვიცოდე?
- მაგალითად ის თუ რატომ ხარ აქ, არ გაინტერესებს რატომ მაინცდამაინც შენ?
- რომ გითხრა არ მაინტერესებსთქო დაიჯერებ?
- მართლა არ იცი? საერთოდ არაფერი?
- არ ვიცი, -ვუპასუხე და რატომღაც გამეღიმა, ვიდექი უცხო ქალაქში, უცხო სახლის უცხო სარდაფში, საგულდაგულოდ ჩაკეტილი საკნის წინ, ვუყურებდი ბორკილებით კედელზე მიჯაჭვულ არსებას რომელიც ადამიანს ჰგავდა და აშკარად არ იყო ადამიანი, ვუყურებდი და ნაცვლად იმისა რომ თავქუდმოგლეჯილი გავქცეულიყავი, სულელივით ვიღიმოდი და გონებაში მისი განთავისუფლების გზებს ვეძებდი...
- აქედან გამოგიყვან, -გამოვაცხადე და მიღებულ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული მტკიცე ნაბიჯებით წავედი საკნისკენ.
- არ შეეხო, -იყვირა და ისეთი თვალებით შემომხედა ერთ ადგილზე გავშეშდი, -გისოსებს არ შეეხო ნანე, ხელი არ ახლო.
- რატომ? რატომ არ უნდა შევეხო? არ გინდა რომ აქედან გამოგიშვა?
- ვერ ვხვდები ვინ ხარ და ასე რატომ იქცევი, -ამოიოხრა და სახე ხელებში ჩარგო, -უცნაურად აზროვნებ, იმაზე რატომ არ ფიქრობ რომ შეიძლება ჩემი გამოშვება შენთვის სახიფათო იყოს, წარმოდგენაც კი არ გაქვს ვინ ვარ, ნუთუ აქ აღმოჩენამდე განვითარებული მოვლენები არაფერს გეუბნება? მუსიკის ხმა, თუნდაც ის ხმები რომლებიც გეუბნებოდა რომ აქ უნდა ჩამოსულიყავი...
- აჰ, ადრიანზე ამბობ? მუსიკაც მის გამო მესმოდა?
- უკვე შეხვდი ადრიანს? -უცნაურად დაემანჭა ტუჩები და ვერ მივხვდი ეს რის გამო მოხდა, რამე ტკიოდა თუ ცდილობდა რომ გაეღიმა, -მუსიკას მე გიგზავნიდი, მას შემდეგ რაც მივხვდი რომ ადრიანმა მიპოვა და შენს აქ ჩამოყვანას გეგმავდა გადავწყვიტე დამეცავი, ის მუსიკა გიცავდა ნანე.
- მიცავდა? რისგან?
- რისგან კი არა ვისგან, ადრიანისგან და ჩემგან, გიკვირს? მე მართლა არ მინდოდა რომ ჩამოსულიყავი, ამიტომაც ყველანაირად ვუშლიდი ხელს შენთან კონტაქტში, ვცდილობდი შენი კვალი დაეკარგა და შენს გონებაში ვერ შემოეღწია, თუმცა მაინც ნახა გამოსავალი და ის პატარა გოგო იპოვა...
- ჯენას გულისხმობ?
- ეს ყველაფერი ძალიან ზედმეტად ჩახლართულია იმისთვის რომ ასე ერთბაშად მოგიყვე, შენ ის მითხარი, ადრიანი აქ არის?
- აქ არის და გარეთ გელოდება.
- წადი, უკან დაბრუნდი და უთხარი რომ შემეშვას და დამაცადოს მშვიდად მოვკვდე, -ამოიოხრა, თავი ჩაქინდრა და საცოდავად მოიხარა მხრებში, -ცოტა დრო დამრჩა ნანე, ძალიან ცოტა.
- ვიცი ახლა ფიქრობ რომ სულელი ვარ და შეიძლება ასეცაა მაგრამ რატომღაც მგონია რომ არაფერს დამიშავებ, მინდა რომ აქედან გამოგიყვანო, რატომ არ გესმის რას ვამბობ, იქნებ მომცე უფლება რომ კარი გავაღო და მერე შენ შენი გზით წახვალ და მე...
- ასე მარტივად არ არის ყველაფერი, -დაღლილი, მინავლებული ხმით შემაწყვეტინა საუბარი, -ის რომ ახლა ჩემი გადარჩენის სურვილით იწვი და სხვა აღარაფერი აღარ გაინტერესებს სულაც არ არის იმით განპირობებული რომ მართლა გინდა ამის გაკეთება, ალბათ მან ჩაგაგონა რომ გადამარჩინო, რომ არ უნდა გეშინოდეს და აქედან გამიყვანო...
- გეყოფა, გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს, -მოთმინება დაკარგულმა შევყვირე, -შეიძლება სულელი გგონივარ მაგრამ ასე არ არის, გგონია ვერ ვხვდები რატომ ვერ ახერხებს ადრიანი რომ აქ შემოვიდეს? გვირაბის დასაწყისშივე შევამჩნიე ეს სიმბოლოები, წარწერები და ის უცნაური მოელვარე სითხეც, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ მუშაობს მაგრამ იმას ვხვდები რომ სწორედ ეს უშლის ხელს აქ შემოსვლაში, ჰოდა ვიფიქრე რომ მისი შთაგონება სულაც არ იმოქმედებს ჩემზე...
- რაღაც გავიწყდება, -უხეშად შემაწყვეტინა მონოლოგი, -შენი აზრით მე როგორ ვახერხებდი შენთან დაკავშირებას? ადრიანს მშვენივრად შეუძლია აქ შემოღწევა, უბრალოს საამისოდ აქაურობის მიწასთან გასწორება დასჭირდებოდა ეს კი ზედმეტ არეულობას გამოიწვევდა და არასასურველი პიროვნებების ყურადღებას მიიქცევდა რომლებიც ამ ბოლო დროს უჩვეულოდ არიან გააქტიურებულები, დიდი ხანი არ არის რაც მიპოვა და აღმოაჩინა რომ აქ ვარ დატყვევებული, დაახლოებით ხუთი თვის წინ მოაგნო ამ ადგილს, მას შემდეგ გეგმავს ჩემს აქედან გაყვანას, შენ მოგძებნა მას მერე კი რაც წინააღმდეგობა შეხვდა ბენეტების ქალიშვილს მიაგნო, უყვარს სიტუაციის ჩახლართვა და ყველაფრის უჩუმრად გაკეთება, ადრიანი თვით სრულყოფილებაა და ყველაფრის სრულყოფილად დაგეგმვა და მოგვარება უყვარს, რაც უფრო ჩახლართული და ძნელი მოსაგვარებელია სიტუაცია მით უფრო და უფრო იპყრობს ხოლმე აზარტი, იცი რა, ხანდახან მგონია რომ ამ ყველაფრით ერთობა...
ადრიანზე საუბრისას ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში და ჩამქრალი თვალები აუელვარდა, მეც გამეღიმა, მართალი იყო როცა მასზე ამბობდა რომ სრულყოფილი იყო, მეც ხომ ასე ვიფიქრე...
- გეტყობათ რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ, ის შენს გადარჩენას ცდილობს, შენ კი მასზე საუბრისას თვალები გიციმციმებს, მეგობრები ხართ?
- ჩემი უმცროსი ძმაა, -მიპასუხა თბილი ხმით, -ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ აქედან გამიყვანოს მაგრამ მე არ მინდა, ხელს რომ არ ვუშლიდე უკვე მოგვარებული ექნებოდა ყველაფერი.
- რატომ? რატომ არ გინდა? -ჩემდაუნებურად ავუწიე ხმას, ჩაწითლებული თვალებით ამომხედა იატაკზე ჩამჯდარმა.
- იმიტომ რომ... იმიტომ რომ... ჯანდაბა ნანე, მე ჩემი მიზეზები მაქვს იმისთვის რომ სიცოცხლე აღარ მინდოდეს მაგრამ შენ რა გჭირს? ჩემი აქედან გამოსვლა შენს სიკვდილს უდრის, ხაფანგში ვარ მომწყვდეული და თავის დაღწევას ვერასოდეს მოვახერხებ ისე რომ არაფერი დაგიშავო.
- რამე რატომ უნდა დამიშავო? შეგვიძლია შევთანხმდეთ, შეგვიძლია გარიგება დავდოთ რომ...
- მისმინე, თუ ამ კარს გააღებ, თუ შეძლებ რომ გააღო და საკანში შემოხვალ, მე კიდეც რომ არაფერი დაგიშავო მაინც ვერ შეძლებ აქედან გასვლას და ორივე სამუდამოდ აქ დავრჩებით გამომწყვდეულები, ასე ნუ მიყურებ, ძალიან დიდი დრო დამჭირდება იმის ასახსნელად თუ რატომ იმოქმედებს შენზეც ის რაც მე მაკავებს აქ, ადრიანს ტყუილუბრალოდ არ აურჩევიხარ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
- ანუ რა გამოდის? კარი კიდეც რომ გავაღო მაინც ვერსად ვერ წახვალ?
- თეორიულად შემიძლია, უბრალოდ ამისთვის მთელი ენერგია უნდა გამოგწოვო სხეულიდან, ეს საკმარის ძალას მომცემს საიმისოდ რომ აქედან გავიდე.
- რაა? რას ამბობ? -უკან დავიხიე და უნებურად სიცილი ამიტყდა, -ახლა თქვი რომ უნდა მომკლა? სერიოზულად?
- ეს იმაზე ბევრად უარესი რამ არის ვიდრე სიკვდილია თუმცა ახლა რა მნიშვნელობა აქვს, შენი მოკვლის სურვილი რომ მქონოდა ასე არ მოვიქცეოდი როგორც ახლა ვიქცევი, -ჩემი მიუხვედრელობით გაბრაზებულმა დააკვესა თვალები, -უბრალოდ გთხოვდი რომ საკანი გაგეღო, მერე კი ჩაგავლებდი ხელს და უკანასკნელ წვეთამდე ამოგწოვდი სხეულიდან იმ სასიცოცხლო მარაგს რომელიც ახლა ჰაერივით მჭირდება, თუმცა ამას არ გავაკეთებ, ისედაც უამრავი სიცოცხლე შეეწირა ჩემს არაფრისმაქნის არსებობას, ამას არ ვიმსახურებ...
უდარდელი ხმით საუბრობდა და ლაპარაკის დროს თვალს მარიდებდა, ჩემთვის სრულიად ნათელი იყო რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა, დაღლილი ჩანდა, გამოფიტული, უიმედობით და სევდით შეპყრობილი, რაღაცის ან ვიღაცის გამო ისჯიდა თავს იმით რომ აქ უნდოდა დარჩენა, ნეტავ რა ჩაიდინა? რა გააკეთა ისეთი რომ ახლა ასეთ დღეშია? რაც არ უნდა გასაოცარი ყოფილიყო მესმოდა მისი, რაღაცით მგავდა, მისი სევდა საოცრად ნაცნობი იყო ჩემთვის, ვიცოდი ახლა ასე უძრავად დგომით ტყუილუბრალოდ ვკარგავდი დროს, აქედან უმისოდ გამსვლელი არ ვიყავი, ვერ გავიდოდი და მერე ცხოვრებას მშვიდად ვერ გავაგრძელებდი თუ მეცოდინებოდა რომ ამ ჯურღმულში დავტოვე...
- გადავწყვიტე, მე და შენ დღეს ორივე ერთად გავალთ აქედან, -მტკიცე ხმით გამოვაცხადე, ფანარი ჩემს ზურგსუკან დავდე ისე რომ საკანი გაენათებინა, კარს მივუახლოვდი და ორივე ხელით ჩავეჭიდე საკეტს.
- ხომ გიხარი რომ არ შეხებოდი, -იყვირა მაგრამ უკვე გვიან იყო, განწირული ხმით ვიკივლე როცა რაღაც ძალით გახურებულმა მეტალმა ხელისგულები დამიწვა, თვალებაცრემლიანებული დავყურებდი ხელებს რომლებზეც სხვადასხვა ზომის და ფორმის სიმბოლოები იყო ამომწვარი.
- რატომ არ გამაფრთხილე? რატომ არ მითხარი? -გამწარებულმა ვუყვირე.
- გითხარი რომ არ შეხებოდი, -მხრები უდარდელად აიჩეჩა.
- , -ჩავილაპარაკე და ისევ საკეტს მივუბრუნდი, ახლაღა შევამჩნიე რომ კარი დაკეტილი არ იყო, უბრალოდ უნდა გამომეღო.
- ამანაც ვერ შეგაშინა? -ხმაში ირონია და ცოტაოდენი აღფრთოვანება შეეპარა.
- ლუდვიგი ვინ იყო და რა ურთიერთობა გქონდათ? -არც კი ვიცი რატომ დავუსვი ეს კითხვა, ალბათ იმიტომ რომ ჩემი დამწვარი ხელებიდან რომლებიც საშინლად მტკიოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
- საოცარია, ამას ახლა მეკითხები? -გაეცინა და მერე როცა დაინახა როგორ გავიხადე მაისური და მის წინაშე როგორ დავრჩი ბიუსტჰალტერის ამარა ისეთი სისწრაფით წამოხტა ფეხზე თვალი ძლივს შევასწარი, -რა ჯანდაბას აკეთებ ნანე?
- ვცდილობ ეს ოხერი კარი გავაღო, -ჩავიბურტყუნე და მაისური საგულდაგულოდ დავიხვიე ხელზე, მთელი ძალით ჩავეჭიდე საკეტს და გამოვწიე, კარი ძნელად, ძალიან ძნელად გაიღო, ხელი გავუშვი და მაისური მოვიხსენი რომლისგანაც მხოლოდ ალაგ ალაგ დახვრეტილი და ამომწვარი ნაჭერი იყო დარჩენილი, ამოვიოხრე და ისევ გადავიცვი, სხვა რა გზა მქონდა, არც კი მიყოყმანია ისე გადავდგი ნაბიჯი და საკანში აღმოვჩნდი, მის მზერას გავაყოლე თვალი რომელიც ჩემი ფეხებისკენ იყო მიმართული.
- უკან დასახევი გზა აღარ გაქვს, -დახშული ხმით ჩაილაპარაკა როცა დაინახა რომ უკვე ორივე ფეხით პენტაგრამის შიგნით ვიდექი, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, გასასვლელისკენ შევბრუნდი და როგორც კი ნაბიჯი გადავდგი მთელი სხეულით შევეჯახე გამკვრივებულ ჰაერს რომელიც გზას მიღობავდა.
- ეს... ეს რა არის? -ხელების ცეცებით ვათვალიერებდი სუნთქვაშეკრული და ყველანაირად ვცდილობდი საკნიდან გაღწევას თუმცა არაფერი გამომდიოდა.
- ეს ბარიერია მთავარი დამაბრკოლებელი რაც აქ ყოფნას მაიძულებს, -ზურგს უკან სულ ახლოდან ჩამესმა და დაფეთებული შევტრიალდი, ჩემს წინ იდგა სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით და დამცინავ მზერას არ მაშორებდა.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამყოფელში, იმედია აქაურობა მოგწონს იმიტომ რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს მოგიწევს აქ ყოფნა.
ვიდექი გაშეშებული და მისი ხმა თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმოდა, მხოლოდ ახლა ვიწყებდი მთელი სიმძაფრით იმ ყველაფრის გააზრებას რაც ხდებოდა, თითქოს ჩემს გონებას აქამდე გარს შემოჯარული ბურუსი მოშორდა და მთელი სიცხადით გავიაზრე ის სავალალო მდგომარეობა რომელშიც ვიმყოფებოდი, სადღაც ჯურღმულში ვიღაც უცნობთან ერთად ვიყავი გამოკეტილი, ჩაბნელებული რკინის საკანი, ბორკილები, უხილავი ბარიერი...
- შენ მართალი იყავი, მართალი იყავი როცა მეუბნებოდი რომ ადრიანი მმართავდა, ახლა ვხვდები, საკუთარი ნებით ამ ყველაფერს არ გავაკეთებდი, ასე სულელურად არ მოვიქცეოდი, ყველაფერი მისი ბრალია, მან მაიძულა აქ ჩამოსვლა, ტვინში შემომიძვრა და ჩამაგონა რომ აუცილებლად უნდა გამეთავისუფლებინე, ახლა კი აქ უნდა ამომხდეს სული...
ნაწყვეტ-ნაწყვეტ, გაუგებრად ვლუღლუღებდი და ყელზე ვიჭერდი თითებს რომ როგორმე მომეხერხებინა ჰაერის ჩასუნთქვა თუმცა ვერ ვახერხებდი, წინ და უკან ვირწეოდი და უწყლოდ დარჩენილი თევზივით ვაფჩენდი პირს, ვგრძნობდი როგორ შეანელა ჩემმა გულმა ფეთქვა...
- პანიკის შეტევა გაქვს, დამშვიდი, დამშვიდდი და ისუნთქე, -ჩამესმა და ღონეგამოცლილი იატაკზე დაცემისგან მისმა ხელებმა მიხსნა, განწირული ვფართხალებდი, ის კი ზემოდან დამყურებდა და სახეზე ეტყობოდა როგორ ორჭოფობდა.
- ვკვდები, -ამოვიხრიალე და თვალთ დამიბნელდა, -დამეხმარე ვკვდები, -უკვე სანახევროდ გონდაკარგული მას ვთხოვდი დახმარებას ვინც ცოტა ხნის წინ ჩემს სიკვდილზე საუბრობდა აუღელვებლად.
- ადრიან, შე გულცივო , იცოდი რომ ასე მოხდებოდა, იცოდი და იძულებული გამხადე, -იღრიალა მთელი ხმით და მერე ცივი თითების შეხება ვიგრძენი მკერდზე და ყელზე.
- გაუძელი ნანე, შენ ამას შეძლებ-ჩამჩურჩულა და მერე მთელი ჩემი სხეული საშინელმა, აუტანელმა ტკივილმა მოიცვა...






- არა ეს შეუძლებელია, აქ არ უნდა ვიყო, მეჩვენება, ეს სიმართლე არ არის, -ხმამაღლა ველაპარაკებოდი ჩემს თავს და შეშლილი მზერით ვათვალიერებდი საძინებელ ოთახს, ნიუ იორკში ჩემს ბინაში ვიყავი, ჩემი საყვარელი ცისფერი ყვავილებით მოხატული ბამბის საღამური მეცვა და ჩემს ფუმფულა საწოლში ვიწექი, კარგად ვიყავი, ცოცხალი და საღსალამათი, ყველა კიდური თავის ადგილზე მქონდა, თავს ნორმალურად ვგრძნობდი, არადა წესით ასე არ უნდა ყოფილიყო, რატომ მქონდა ისეთი შეგრძნება თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამავიწყდა, ან სახლში როდის დავბრუნდი? იმასაც კი ვერ ვიხსენებდი დავასრულე თუ არა ჯენას მკურნალობა, ჰო ჯენა, მე მისთვის ჩავედი იმ ქალაქში, ბენი... ადრიანი... საიდუმლო გვირაბი ტყეში... სარდაფი... ნელ-ნელა პატარ-პატარა ფრაგმენტებად ცოცხლდებოდა ჩემს გონებაში ის რაც ბოლო დღეებში გადამხდა თავს, თუ იმას გავითვალისწინებდით რაც მოხდა ახლა აქ არ უნდა ვყოფილიყავი, ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა.
- აქ არ უნდა ვიყო, სიზმარში ვარ, ეს რეალობა ვერ იქნება, შეუძლებელია ახლა ჩემს ბინაში ვიყო, აი ახლა თვალებს დავხუჭავ დავიძინებ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, იქიდან გაგრძელდება სადაც შეწყდა, -ბალიშებში ჩაფლული თვალდახუჭული ვბუტბუტებდი და ვცდილობდი ძილი შემეტრიალებინა, -მოდუნდი ნანე, მოდუნდი, დაიძინე...
იმისდა მიუხედავად რომ სიგიჟის ზღვარზე ვიყავი ჩემს თავს მოდუნება ვაიძულე, გონებით ისევ იქ უნდა დავბრუნებულიყავი, იმ სარდაფში სადაც... სადაც...

- შენ ამას გაუძლებ, -სადღაც შორიდან ჩამესმა ხმა, -გთხოვ, უნდა შეძლო, ძალა მოიკრიბე რომ ორივემ გავაღწიოთ აქედან, არ მინდა რამე დაგიშავო ნანე მაგრამ თუ არ დამეხმარები არაფერი გამომივა, -თითქოს თავიდან განვიცდიდი იმ საშინელ ტკივილს, მთელი სხეული მეწვოდა, ვცდილობდი ჰაერი ჩამესუნთქა მაგრამ არ გამომდიოდა, მკერდზე ვგრძნობდი მისი თითების შეხებას, შუბლზე და ასე მეგონა გახურებული რკინით მდაღავდა, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და განწირული ხმით ვიკივლე...
- ცოტაც გაუძელი ნანე, ცოტაც და კარგად იქნები, -ჩურჩულებდა და ვგრძნობდი როგორ იცლებოდა ჩემი სხეული ენერგიისგან, მერე რამდენიმე წამით მომშორდა, ტკივილმა ნელ-ნელა დამტოვა, უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი სიმსუბუქის და სასიამოვნო სიგრილის გარდა, მსხვრევის ხმა ჩამესმა, თითქოს უზარმაზარი მინა ათას უწვრილეს ნაწილაკად დაიფშვნა, ვიგრძენი ძლიერმა მკლავებმა როგორ ამწიეს ჰაერში...
რამდენიმე წუთს ნება-ნება ვირწეოდი მის მკლავებში, ნაბიჯების ხმა, მძიმე სუნთქვა... ყველაფერს ვგრძნობდი, ყველაფერი მესმოდა თუმცა თვალების გახელას ვერ ვახერხებდი, კარის ჭრიალი რომ მომესმა და უკუნეთი სიბნელიდან დღის სინათლეზე გამოსვლა ვიგრძენი, მთელი ძალა მოვიკრიბე რომ ოდნავ მაინც გამეხილა თვალი, გვირაბის შესასვლელთან ვიდექით, ჩვენგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით იდგა ადრიანი და ჩვეული ცივი არაფრისმთქმელი ღიმილით იღიმოდა.
- სალამი ძმაო, მიხარია რომ გხედავ, -ისეთი უდარდელი ხმა ჰქონდა თითქოს თვითონ არ შეეძრას მთელი ქვეყანა მის გასათავისუფლებლად, წამიერად გამოაპარა ჩემსკენ მზერა და თვალი თვალში გამიყარა, შუბლი შეკრა, ნერვიულად მოეღრიცა ტუჩი თუმცა წამსვე აიყვანა თავი ხელში და ისევ უფროს ძმას მიუბრუნდა.
- თავს როგორ გრძნობ? პრინციპში კითხვაც არ არის საჭირო არც თუ ისე ცუდად გამოიყურები, მზად ხარ ჩვენთან დასაბრუნებლად?
- მანამდე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე რაც გააკეთე.
- დარწმუნებული ხარ რომ გინდა ამ ყველაფერზე ახლა და აქ ვისაუბროთ?
- მინდა ოღონდ ჯერ ნანეს მივხედავ, დიდი ალბათობით შენ არ გაინტერესებს მაგრამ კარგად არ არის, ისე ცუდად იყო მეგონა რომ ვერ გაუძლებდა, -ზემოდან დამხედა შავი თვალებით და თბილად გამიღიმა.
- ვიცოდი რომ არაფერს დაუშავებდი.
- ჰოო? შენ ხომ ყოველთვის ყველაფერი იცი, შენი აზრით ეს ცოტაა? შეხედე რა მდგომარეობაშია.
- მიზანი ამართლებს საშუალებას.
- ყოველთვის არა ადრიან, ყოველთვის არა, -სევდიანი ხმა ჰქონდა, სინანულით სავსე, თითქოს ნანობდა იმას რაც გააკეთა, თითქოს...
- გეყოფა ნედ საკმარისია, შენ ის გადაარჩინე, შენ რომ არა მოკვდებოდა, მისი გული ვერ გაუძლებდა.
- შენ რომ არა აქ არ აღმოჩნდებოდა, შეტევა არ დაემართებოდა და გადარჩენაც არ დაჭირდებოდა.
- შენ კი იქ ამოგხდებოდა სული.
- იქნებ მერჩივნა...
- მშვენივრად ვიცი რა გერჩივნა და რა არა, -გაბრაზებულმა შეაწყვეტინა სიტყვა, -მოეშვი თვითგვემას შენი ბრალი არ ყოფილა რაც მოხდა, შენი სიკვდილი ვერაფერს შეცვლის.
- შენ არც კი იცი...
- ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი ნედ, ნანეს რომ გიგზავნიდი ვიცოდი რომ იქიდან გამოსაღწევად მის გამოყენებაზე უარს იტყოდი, მაგრამ თუ თვითონ მას დასჭირდებოდა დახმარება...
- ჰმ, შენ და შენი სრულყოფილი გეგმები.
- ხელი ხელს ბანსო არ გაგიგია?
- მასზე არ გიფიქრია? ამ ყველაფრიდან მხოლოდ ის დარჩა დაზარალებული.
- ასე გგონია? -ადრიანმა წარბი ასწია ჩაიცინა, -შენ ვერც კი წარმოიდგენ მე როგორი დაზარალებული ვარ, ასე რომ როცა არაფერი იცი ნუ მეკამათები, დროს ტყუილუბრალოდ ვკარგავთ, -ხმაში მოუთმენლობა შეეპარა და მკლავები წინ გამოიშვირა, -ნანეს მე მივხედავ.
- სერიოზულად?
- არასერიოზულობის მეტყობა რამე? მომეცი, შენ ისედაც ძლივს დგახარ ფეხზე, -სიცივე შეეპარა ხმაში, მკლავებზე გადაიწვინა ჩემი მომჩვარული სხეული და მერე მთელი ძალით ჩამიხუტა გულში, თვალები მივლულე, ამჯერად მის მკლავებში ვირწეოდი, არ ვიცოდი სად მივყავდი და რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ არც მაინტერესებდა, მის მხარზე მედო თავი და მის საოცრად სასიამოვნო სურნელში გახვეული ვნეტარებდი რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, დაცულად...
- ვიცოდი რომ იმედს არ გამიცრუებდი, ვიცოდი რომ შეძლებდი, -ჩამესმა და ვიგრძენი როგორ შემეხო ნაზად შუბლზე მისი ტუჩები, მერე ლოყაზე, ტუჩის კუთხეში... სიამოვნებისგან გამაკანკალა და თვალები გავახილე, ჯერ კიდევ ტყეში ვიყავით, უზარმაზარ ხეებს შორის მივაბიჯებდით, ისე თავისუფლად მიდიოდა თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ვყოფილიყავი, ზემოდან დამყურებდა შუბლშეჭმუხნილი, ახლა უკვე ვარჩევდი მის თვალის ფერს, მუქი ლურჯი თუ დროდადრო ცისფერი? რა მნიშვნელობა ჰქონდა მთავარი ის იყო რომ ახლა ეს ულამაზესი თვალები სითბოთი იყო სავსე, ზრუნვით და კიდევ რაღაც ჩემთვის ჯერ უცხო და გაუაზრებელი გრძნობით.
- მაპატიე რომ გატკინე, მაპატიე რომ ასე მოგექეცი, სხვა გზა არ მქონდა, -ისევ თვალებში მიყურებდა და ისე მელაპარაკებოდა, გაჭირვებით ავწიე ხელი და ლოყაზე ჩამოვუსვი ათრთოლებული თითები, მერე ტუჩებზე გადავატარე, ფართოდ გაეღიმა და მოვინუსხე ისე უხდებოდა ღიმილი, ერთხანს თვალმოუშორებლად შევცქეროდი, მერე თავისთავად დამეხუჭა თვალები და ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა.

- როდის ჩამოხვედი? სიურპრიზიც ამას ჰქვია, რატომ არ გამაგებინე? -ჩვეულებისამებრ დაუკაკუნებლად შემოიჭრა საძინებელში ნათია და ბურანიდან გამომარკვია, გვერდით რომ მომიწვა ორივე ლოყა რომ დამიკოცნა და მთელი ძალით რომ ჩამეხუტა მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო და მართლა ჩემს ბინაში ვიყავი.
- სრულიად შემთხვევით გამოვიარე აქეთ და ბინის წინ შენი მანქანა რომ დავინახე მივხვდი რომ დაბრუნდი და ამოვედი, რა კარგია რომ აქ ხარ, რომ იცოდე რამდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, -შეუჩერებლად ლაპარაკობდა და ახლა ნამდვილად არ მქონდა მისი მოსმენის თავი.
- ესე იგი მანქანა ქვემოთ დგას? -მხოლოდ ეს ვკითხე.
- ჰო აბა სად იქნება, სადაც დატოვე იქ არის, კარგად ხარ? -ახლაღა მიხვდა რომ ვერ ვიყავი კარგად, იდაყვს დაეყრდნო და ზემოდან დამხედა, -რა გჭირს ნანე? ცუდად გამოიყურები.
- უბრალოდ დავიღალე, დიდხანს ვიჯექი საჭესთან, -პასუხს თავი ავარიდე წამოვდექი და სააბაზანოსკენ წავედი, -მიდი რა ყავა მოადუღე, -გავძახე და ზურგს უკან ხმაურით მივიკეტე კარი.
ნიჟარაზე ვეყრდნობოდი და მოღუშული შევყურებდი სარკეში საკუთარ გამოსახულებას, ადამიანს აღარ ვგავდი, ვარდისფერი თმა უწესრიგო ბულულად მედო თავზე, თვალები ჩამქრალი და უპეები ჩაშავებული, ამ რამდენიმე დღეში რაც იქ გავატარე რამდენიმე კილო მქონდა დაკლებული, ფიზიკურად ცუდად არ ვიყავი თუმცა იმ შეგრძნებას რომ რაღაც მაკლდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ვერაფერს ვუხერხებდი, თვალები დავხუჭე და შევეცადე ადრიანის სახე, თვალები და ღიმილი წარმომედგინა, მისი სხეულის სითბო, მისი ხელები, სურნელი, თბილი ხმა...
- რა ჯანდაბას აკეთებ ნანე? -ხმამაღლა შევუძახე საკუთარ თავს, -რას აკეთებ, მასზე ნუ ფიქრობ, არ შეიძლება, არ შეგიძლია მასზე ასე იფიქრო, კაცმა არ იცის ვინ არიან და რას წარმოადგენენ, უბრალოდ დაივიწყე და მადლობა თქვი რომ ასე ადვილად გადარჩი...
- დაივიწყებ? -შევეკითხე სარკიდან მომზირალ ორეულს, ორეულმა წარბი ასწია და დამცინავმა ღიმილმა აუპრიხა ტუჩის კუთხე.
- კარგად ხარ? -კარზე მომიკაკუნა ნათიამ.
- კარგად ვარ, -დაღლილი ხმით გავძახე.
- ვის ელაპარაკებოდი?
- არავის.
- ჰო ეტყობა მომეჩვენა, გამოაღწიე ყავა მზად არის.
შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე თავი და სამზარეულოში გავედი, მაგიდას რომ მივუჯექი და სურნელოვანი სითხე რომ მოვსვი უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ უნდა დამევიწყებინა რაც მოხდა, საერთოდ უნდა ამომეგდო გონებიდან ის რაც იმ ქალაქში ყოფნისას გადამხდა თავს, ისიც უნდა დამევიწყებინა რომ არ ვიცოდი როგორ მოვხვდი ჩემს ბინაში, რატომ იდგა ჩემი ავტომობილი სახლის წინ ისე თითქოს აქაც არაფერი და საერთოდ...
- ვერ შევძლებ მის დავიწყებას, -აღმომხდა და ჭიქა ხმაურით დავაბრუნე მაგიდაზე.
- ვის გულისხმობ? -გაოცებულმა შემომხედა ნათიამ.
- ადრიანს, -წამომცდა და მაშინვე ვინანე თუმცა რაღა დროს იყო.
- ადრიანი ვინ არის? სად გაიცანი? რა ურთიერთობა გაქვთ? -ერთბაშად მომაყარა კითხვები, სულ ტყუილად ვიფიქრე რომ ყურადღებას ამაზე არ გაამახვილებდა.
- არავინ არ არის, უბრალოდ წამომცდა და ნუ დამახრჩობ, შენ ის მთხარი მაქსი როგორ გყავს.
- ცდილობ რომ ყურადღება გადამატანინო? კარგი დღეს ისე იყოს როგორც შენ გინდა, არ ჩაგაცივდები იმიტომ რომ ვიცი დიდხანს ვერ მოითმენ და თვითონ მომიყვები, -რატომღაც მარტივად დანებდა.
- მაქსზე რას ამბობდი? როგორ არის?
- დავშორდით.
- რატომ? აკი ერთმანეთზე გიჟდებოდით?
- ჰოო, ეგ თავის ცოლ შვილზეც გიჟდებოდა, -ზიზღით სავსე ხმით ჩაილაპარაკა და ტუჩები სატირლად მობრიცა, -ცოლ შვილი ყოლია მაგ ნაბიჭვარს, მატყუებდა, -თვალები ცრემლებით აევსო.
- მაპატიე, ბოდიში რომ გაგახსენე, -მართლა მეწყინა ნათიას ასეთ მდგომარეობაში ხილვა მართალია კაცებთან მიმართებაში სულელი გოგოსავით იქცეოდა მაგრამ ძალიან მგრძნობიარე იყო.
- ეგ რაფერი, უკვე მოვინელე, -ხელი ჩაიქნია და ღიმილით მოიწმინდა ცრემლი, -სამაგიეროდ ჯეისონს შევურიგდი.
- ეგ რომელია, მანქანების ბიზნესი რომ აქვს? მოიცა მოიცა მგონი გამახსენდა, ის არის დედასთან და ორ უზარმაზარ ძაღლთან ერთად რომ ცხოვრობს, წითლად რომ გაიძულებდა თმის შეღებვას დედაჩემს მოსწონსო.
- ისევ ვერ გამოიცანი, -მითხრა ცოტა არ იყოს ნაწყენმა, თითქოს ადვილი ყოფილიყო მისი არც თუ ისე მცირერიცხოვანი მეგობარი ბიჭების დამახსოვრება და ერთმანეთისგან გარჩევა, -მეწყინა რომ არ გახსოვს, ჯეისონი ის არის საკუთარი საგვარეულო სასახლე რომ აქვს.
- ოჰ, ესე იგი პრინცმა შენი დავიწყება ვერ შეძლო?
- არა, რა დავიწყებაზე ლაპარაკობ, რაც შენ წახვედი მის მერე ცდილობდა ჩემთან შერიგებას, საჩუქრებით და ყვავილებით ამავსო, სერენადაც კი მიმღერა.
- სერიოზულად?
- ჰო, ისე საშინლად მღეროდა მეზობლები ძლივს გადავარწმუნე რომ პოლიცია არ გამოეძახათ, -გულიანად გადაიკისკისა, სახე უბრწყინავდა მასზე საუბრისას, უცნაურია თითქოს რამდენიმე წუთის წინ მაქსის გამო არ ეტიროს, -ისეთი საყვარელი იყო უარი ვეღარ ვუთხარი და შევრიგდით, -როგორც იქნა დაასრულა.
- მთავარია რომ ბედნიერი იყო.
- ბედნიერი ვარ ნანე და იქნებ შენც...
- არ დაიწყო ახლა შენებურად, არავინ არ მჭირდება იმისთვის რომ თავი კარგად ვიგრძნო.
- ადრიანი?
- ადრიანი არ არსებობს, -მაგიდაზე მთელი ძალით დავარტყი ხელი და ნათია შიშისგან რომ შეხტა მაშინღა მივხვდი რომ ცუდად გამომივიდა.
- მაპატიე, -დარცხვენილმა ჩავღუნე თავი, წამოდგა მომიახლოვდა და მომეხვია.
- არ არსებობს და ნუ არსებობს, იყოს ისე როგორც შენ გინდა, უბრალოდ იცოდე რომ თუ რამის მოყოლა გენდომება ყოველთვის მოგისმენ.

-
ჩემი ნიუ იორკში დაბრუნების შემდეგ ერთი თვე ისე გავიდა ვერც მივხვდი, ადრიანი და ნედი უგზო უკვლოდ გაქრნენ, ისე თითქოს არც არსებულან, აღარც ხმებს შევუწუხებივარ და აღარც ის სასიამოვნო მუსიკა გამიგია, ყველანაირად ვცდილობდი იმაზე არ მეფიქრა რაც მოხდა ამიტომ რაც შეიძლება მეტს ვმუშაობდი, სახლშიც კი მომქონდა საქმე, ნათია ყველანაირად ცდილობდა გაერკვია რა მემართებოდა მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მომეშვა, მინდოდა, ძალიან მინდოდა მისთვის ყველაფერი მომეთხრო მაგრამ ვიცოდი არ დაიჯერებდა, ვერ დაიჯერებდა და გიჟად ჩამთვლიდა, ამიტომაც ვერაფერს ვეუბნებოდი, ვცდილობდი გონება საქმით დამეტვირთა, რამდენჯერმე ნათიას და ჯეისონს ბარშიც კი წავყევი გასართობად, ნათიამ ისიც აიყოლია და ყველანაირად ცდილობდნენ ჩემთვის ჯეისონის რომელიმე მეგობართან ჩაეწყოთ საქმე თუმცა არავინ და არაფერი მაინტერესებდა, ვცადე მაგრამ არ გამომივიდა, როგორც კი ვინმესთან დავაპირებდი ურთიერთობის გაბმას თვალწინ ადრიანის ლურჯი თვალები და საყვარელი ღიმილი მიდგებოდა, ერთხელ კი საკმაოდ ნასვამმა ჯეისონის მეგობარს ნიკს ადრიანი რომ დავუძახე საბოლოოდ გადავწყვიტე ნათიასთვის ასეთი ვითომ შემთხვევითი შეხვედრების მოწყობა ამეკრძალა.
მართალია დღისით როგორღაც გავურბოდი მასზე ფიქრს მაგრამ ღამეებს ვერაფერს ვუხერხებდი, ყოველ ღამით სიზმარში მოდიოდა ჩემთან და მე ჯიუტად ვაჯერებდი თავს რომ ის რასაც მის მიმართ ვგრძნობდი არ იყო ნამდვილი, რომ ადრიანმა ჩემზე მანიპულირების მიზნით შთამაგონა მომწონებოდა და ახლა იმ შემორჩენილი გრძნობების გამო ვიტანჯებოდი, რომ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გაივლიდა, ყოველ დღე და ყოველ ღამე ვარწმუნებდი საკუთარ თავს ამაში მაგრამ გრძნობები არ ქრებოდა, პირიქით, იზრდებოდა, ძლიერდებოდა, მთელ ჩემს არსებაში იდგავდა ფესვებს და უკვე ვიწყებდი იმის გაცნობიერებას რომ ვერანაირად ვერ მოვახერხებდი მის ამოძირკვას...

- დღეს მარტო მოგიწევს საჭმელად გასვლა, პაციენტს ველოდები, -ნათია დამადგა თავზე, გადაღლილი სახე ჰქონდა ისიც საკმაოდ ბევრს მუშაობდა.
- საერთოდ რომ არ გავიდე რა იქნება? -ჩავილაპარაკე და შეწყვეტილ საქმეს მივუბრუნდი, -არაფრის ხალისი აღარ მაქვს წეღან დედაჩემმა დამირეკა და მომიშხამა ხასიათი.
- რა უნდოდა? -ჩემს წინ ჩაჯდა სავარძელში, ფეხი ფეხზე გადაიდო და ცხვირზე დაკოსებული სათვალე შეისწორა რომელსაც მხოლოდ იმიჯის გამო იყენებდა.
- სეანსი უნდა ჩამიტარო?
- არ გაწყენდა მაგრამ ახლა ისე უბრალოდ მაინტერესებს.
- ჩემს ძმას ცოლი მოჰყავს და მოითხოვენ რომ ქორწილზე ჩავიდე, თურმე აუცილებლობა ყოფილა, წარმოგიდგენია?
- მოიცა რას ნიშნავს მოითხოვენ? -სასაცილოდ დაქაჩა თვალები და წამოიწია.
- დამშვიდდი, ისეთი არაფერია, რატომღაც გონიათ რომ არაფერი არ ვიცი მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავიგე რომ ფინანსურად ცუდ დღეში ყოფილან არადა ამ ჩემმა ბედოვლათმა ძმამ მაინდცადამაინც ახლა მოინდომა ცოლის მოყვანა, დედაჩემს კი ძალიან უყვარს პომპეზურობა და თავის შერცხვენად ჩათვლის თუ რამდენიმე ასეულ კაციან ქორწილს არ გადაუხდის იმ უსაქმურს, ჰოდა წეღან ნელ-ნელა მაპარებდა რაღაც-რაღაცეებს, რომ ჩამიტყუებს ალბათ მერე გამიმხელს სრულ გეგმებს, ერთი სიტყვით უნდა რომ ქორწილი დამაფინანსებინოს.
- შენ აქ წელებზე ფეხს იდგავ რომ ის გქონდეს რაც გაქვს, დღეს და ღამეს ასწორებ, შენს ძმას კი მუშაობა ეთაკილება, სულ გაგიჟებულან.
- პირიქით, ჭკვიანები არიან და ჩემს გამოყენებას ცდილობენ.
- აკი ბით შოულობდი ფულს, ახლა მოუნდათ? ახლა გახდი პატიოსანი? ახლა მიგიღებს მამაშენი უპრობლემოდ? -ბრაზსს ვეღარ მალავდა ნათია.
- ახლაც იგივეს ფიქრობენ, უბრალოდ ვჭირდები და იმიტომ მეფერებიან, -გაღიმება ვცადე მაგრამ უსიამოვნოდ დამემანჭა სახე, ძნელი იყო საკუთარ ოჯახზე ასე საუბარი, ძალიან ძნელი...
- მაპატიე, ზედმეტი მომდის ხოლმე, -ნათიამ დამნაშავის სახით შემომხედა, -ხომ იცი იმას ვლაპარაკობ რაც ენაზე მომადგება ხოლმე.
- ჰოდა მაგიტომაც მიყვარხარ, გვეყოფა ახლა, მიდი მიხედე შენს პაციენტებს, მე აქ ვიქნები არ მინდა საჭმელად გასვლა.
- აბა აბა, ძალიან კარგადაც გახვალ, გახვალ და გემრიელად შეჭამ, იცი რას გავხარ? საშინლად გახდი, მე თუ არ დაგაძალე არაფერს აღარ ჭამ, ადექი რომ გელაპარაკები, -წამოდგა და დოინჯშემორტყმული, წარბაწეული დამადგა თავზე.
- კარგი დედიკო მივდივარ, -დავეჯღანე და კვნესით წამოვდექი, -მგონი გავშეშდი.
- აბა რა იქნება რამდენი ხანია ზიხარ და წერ.
- ჰო დღეს რაკი უსაქმოდ ვარ დრო ვიხელთე, წავალ ახლა მგონი მართლა მომშივდა, -ოფისიდან გამოვედი და ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას, ოფისის მოპირდაპირედ პატარა კაფე იყო სადაც საჭმელად დავდიოდით ხოლმე, გადასასვლელთან გავჩერდი და მოუთმენლად შევხედე მოპირდაპირე მხარეს მდგარ შუქნიშანს, თავიდან მეგონა მომეჩვენა როცა შუქნიშნის გვერდით მომლოდინე მამაკაცის ძალიან ნაცნობი სახე დავინახე, იდგა გაუნძრევლად, თვალს არ მაშორებდა და მიღიმოდა.
- ნედ, -თავისთავად წამომცდა ხმამაღლა, ის იყო, მახსოვდა როგორ მიმართა ადრიანმა სახელით, ნამდვილად ის იყო, ნედი, ბაგეები ღიმილმა გამიპო და სხეულში უჩვეულო სითბო ჩამეღვარა, რატომღაც ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, გახარებულმა და დაბნეულმა ისე გადავდგი მისკენ რამდენიმე ნაბიჯი არაფერზე მიფიქრია, დავინახე როგორ შეეცვალა სახე და ზედ შიში აღებეჭდა, მერე მუხრუჭების ღრჭიალი მომესმა...



მე რატომ მეგონა რომ ნანესთან ერთად მთავარი გმირი "მუსისკის ბიჭი" -ნედს ვგმულისხმობ- იყო?
ადრიანსაც არა უშავს რა :)
ყველაზე მეტად იმის გაგება მსურს რა აკავშირებს ამ სამს ერთმანეთთან.
ველოდები შემდეგს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent