ხმა არსაიდან ( 4 )
- რამე რომ მოსვლოდა, ის სატვირთო ოდნავადაც რომ შეხებოდა ჩემი ხელით დაგაბრუნებდი იმ ჯურღმულში, -საოცრად ნაცნობი ხმა ჩამესმა და მერე რბილი ტუჩების ნაზი შეხება ვიგრძენი შუბლზე, სასიამოვნო სურნელმა გამიღიზიანა ნესტოები, ადრიანი იყო, ჩემი ადრიანი... -შენი როდიდან გახდა? -ირონიულად ჩაიქირქილა მეორე მემ, ყურადღება არ მივაქციე და უფრო მეტად მოვდუნდი რომ სიფხიზლე არ შემტყობოდა. - როგორ ფიქრობ რატომ არ ვცადე მისი დახმარება? ვიცოდი რომ იქ იყავი და არ დაუშვებდი რამე მოსვლოდა, არაფერი არ მოუვიდოდა, გგონია არ ვიცი და ვერ ვამჩნევ რომ მთელი თვეა აჩრდილივით დასდევ უკან? -ეს ოდნავ ირონიაშეპარული მხიარული ხმა ნამდვილად ნედს ეკუთვნოდა ოღონდ ვერ ვხვდებოდი რაზე საუბრობდნენ. - არ გინდა რომ შენს საქმეს მიხედო და მე თავი დამანებო? -ცივი ხმით შეუღრინა ნედს და თმაში შემიცურა ხელი, ნაზად ამოძრავებდა თითებს და ძლივს ვიკავებდი თავს რომ სიამოვნებისგან არ ავკრუსუნებულიყავი. - ახლა რას აპირებ? აქ რატომ მოიყვანე? -ისევ ნედმა გააგრძელა შეწყვეტილი საუბარი. - აბა სად წამეყვანა? ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი, გონს მოვა და სახლში დავაბრუნებ. - ასე მარტივად? შეგეძლო სასწრაფო გამოგეძახა. - რა გინდა ნედ? რისი გაგება გინდა ჩემგან? თქვი ბოლოს და ბოლოს რა გაწუხებს, -თავმობეზრებულმა ჩაილაპარაკა და ახლა ლოყაზე მომაწება ტუჩები, შევიშმუშნე და ისიც წამსვე მომშორდა, ნედმა კი გულიანად გადაიხარხარა. - გგონია შენი მდგომარეობა მაწუხებს? პირიქით ადრიან, ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია ასეთს რომ გხედავ, ერთი შენი თავისთვის შეგახედა. - და შენ თუ მიყურებ რას ხედავ? - იმ ადრიანს რომელიც მეგონა რომ აღარ არსებობდა, დიდი ხნის წინ გადამეწურა იმედი რომ ისევ გიხილავდი ასეთს, ახლა კი... - ნუ აზვიადებ, ჯობია წახვიდე და... - ადრიან, ნედ, ვიქტორია მოვიდა, -ოთახში ყვირილით შემოიჭრა ვიღაც და მეც დაფეთებულმა გავახილე თვალები თუ არა მაშინვე ადრიანის მზერას შევეჩეხე და მონუსხული გავშეშდი, რბილ დივანზე ვიწექი, თავი მის მუხლებზე მედო, ის კი ზემოდან დამყურებდა და იმხელა სითბოს ასხივებდა იმ ულამაზესი თვალებიდან... - კარგად ხარ? -თბილი ხმით მკითხა და დამეხმარა რომ წამოვმჯდარიყავი, გვერდზე მოქცეული მაისური ნაჩქარევად გავისწორე, აბურდული თმა შეძლებისდაგვარად დავილაგე და მორცხვად მივიყუჟე დივნის კუთხეში, დაკვირვებით მოვათვალიერე იქაურობა, ოთახში ოთხნი ვიყავით, მე, ჩემს გვერდით მჯდარი მომღიმარი ადრიანი, ჩვენს მოპირდაპირედ მოკალათებული ნედი რომელსაც მხიარული გამომეტყველების მიუხედავად თვალები სევდით ჰქონდა სავსე და საშუალო სიმაღლის ულამაზესი გოგონა, გრძელი ქერა თმით და ადრიანის მსგავსი ულამაზესი თვალებით. - ვერ გაიგეთ რა ვთქვი? ვიქტორია მოვიდა, -გაიმეორა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა შემავლო, მერე კი მოვიდა და ჩემსა და ადრიანს შორის ჩასკუპდა. - მე კერი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა ნანე, -ღიმილით გამომიწოდა ხელი. - მიცნობ? -გაოცებულმა შევაგებე თითები მან კი გულიანად გაიცინა. - როგორ შეიძლება არ გიცნობდე, მთელი თვეა რაც ჩემი ძვიფასი ძამიკო... - გეყოფა ჭორაობა, -სიტყვა შეაწყვეტინა მოღუშულმა ადრიანმა, -წადი და ვიქტორიას უთხარი ვერანდაზე დამელოდოს, მალე მოვალ. - კარგი რა, ხომ იცი როგორი მოუთმენელია. - ჰოდა თუ ასეა ნედი დაამშვიდებს, ყოველთვის კარგად გამოსდიოდა მისი დამშვიდება, არა ნედ? -ნედს გადახედა და მანაც ავისმომასწავებლად ასწია წარბი თუმცა არაფერი უთქვამს, წამოდგა და კარისკენ წავიდა, გასვლამდე მოტრიალდა და თვალი თვალში გამიყარა. - გამიხარდა შენი ნახვა ნანე. სიტყვისუთქმელად დავუკარი თავი, კერიც ნედს მიყვა უკან, კარი გაიხურეს თუ არა ოთახში უხერხული დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა. - აბაა დაიწყებ? -მშვიდი ხმა ჰქონდა ადრიანს, თავისუფლად ეყრდნობოდა საზურგეს, იღიმოდა, იდაყვებამდე აკეცილი თეთრი პერანგიდან ძლიერი დაკუნთული მკლავები მოუჩანდა, ჩალისფერი დატალღული თმა უწესრიგოდ ჰქონდა შუბლზე ჩამოშლილი, თვალს ვერ ვაშორებდი მის სახეს. - რა უნდა დავიწყო? -ძლივს ვახერხებდი ყურადღების მოკრებას, ეს ბიჭი ვინც არ უნდა ყოფილიყო, საშინლად მოქმედებდა ჩემზე, მისი სიახლოვე ტვინს მირევდა, ვუყურებდი და ლამის იყო ხვეწნა დამეწყო ცოტა ხნით კიდევ დავდებ თავს შენს მუხლებზე და თმაზე მომეფერეთქო. - არ მკითხავ აქ რატომ ხარ? რატომ მოგიყვანე? რა განზრახვა მაქვს? არ იყვირებ და იწივლებ? რამე მაინც დაამტვრიე. - არ ვიცი აქამდე როგორ ადამიანებთან გქონია ურთიერთობა მაგრამ უკვე უნდა მიმხვდარიყავი რომ ყველას არ ვგავარ, -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა. - აქამდე არცერთ ადამიანთან არ მქონია ისეთი ურთიერთობა რომ სახლში მომეყვანა, -მოკლედ მომიჭრა, ჩემსკენ მოიწია, ფრთხილად აიღო ჩემი ხელი ხელში და მსუბუქად მომიჭირა თითები. - მართლა კარგად ხარ? რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ შოკში ხარ და სადაცაა უნდა აფეთქდე. - მართლა კარგად ვარ ადრიან, -მზერა მოვარიდე და ღრმად ამოვისუნთქე, -თუმცა უარს არ ვიტყოდი რომ გამეგო რა ხდება. - რა გახსოვს? - ქუჩაში გზაზე გადავდიოდი, მოპირდაპირე მხარეს ნედი იდგა, რატომღაც ვერ შევამჩნიე რომ წითელი ენთო მერე... მერე... -ხელი გამოვგლიჯე და შუბლზე შემოვიჭდე თითები, თვალები დავხუჭე და გახსენება ვცადე, სატვირთო ავტომობილი საშინელი სისწრაფით მოდიოდა ჩემსკენ, სიგნალის და მუხრუჭების ხმა, ხალხის ყვირილი... - შენ იქ იყავი, ჯანდაბა, იქ იყავი ადრიან, -შევყვირე როგორც კი გამახსენდა როგორ გამოჩნდა არსაიდან ადრიანი და როგორ შეძლო ჩემი გადარჩენა. - დაგინახე მაგრამ როგორ, როგორ მოახერხე სატვირთოს შეჩერება? - მარტივი იყო, უბრალოდ შენს გვერდით ვიყავი და დროულად შევძელი შენი გზიდან გადაყვანა, -მშვიდი ხმით მითხრა და ორი თითით გადამიწია გვერდზე შუბლზე ჩამოყრილი თმა, -ვგიჟდები შენს თმებზე ნანე, გიხდება ვარდისფერი. - ნუ ცდილობ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანო, ჩემს გვერდით არ ყოფილხარ, თითქოს არსაიდან გაჩნდი და მერე სანამ გონებას დავკარგავდი დავინახე როგორ შეანელა სატვირთომ სვლა. - ალბათ შეგამჩნია და დაამუხრუჭა, მისმა სწრაფმა რეაქციამ კი საშუალება მომცა გადამერჩინე. - სულელი გგონივარ? ეს არ იყო უბრალო დამუხრუჭება, ირგვლივ ყველაფერი შენელდა. - ოჰო, როგორი ყურადღებიანი ყოფილხარ, -გაეცინა, აშკარად ერთობოდა ჩემი სიბრაზით და დაბნეულობით მე კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მიპყრობდა ბრაზი. - უცნაური ვინმე ხარ ნანე, ალბათ ამიტომაც მიმიზიდე ასე ძალიან, იმ დღიდან ვერ ვწყვეტ შენზე ფიქრს როცა პირველად დაგინახე, -მისი აღიარებით პირდაღებულს გამოფხიზლების საშუალება არ მომცა, წამოდგა ჭიქებში ქარვისფერი მძაფრსუნიანი სასმელი ჩამოასხა, ისევ გვერდით მომიჯდა, ჭიქა ხელში მომაწოდა და მაიძულა ბოლომდე გამომეცალა, მესიამოვნა, სასმელი თბილ ტალღებად გაიშალა სისხლძარღვებში და ერთიანად მომადუნა. - მომიყვები როდის მნახე პირველად? -ვკითხე და მისი გაოცებული მზერაც დავიმსახურე. - არ ვაზვიადებ როცა ვამბობ რომ უცნაური ხარ, ერთადერთი ადამიანი ხარ ვისი მოქმედებების და მომდევნო ნაბიჯის განსაზღვრაც მიჭირს, არასდროს არ ვიცი რას უნდა ველოდო შენგან, მეგონა თუკი აქ მოგიყვანდი საშინელი ომის გადატანა მომიწევდა შენ კი მშვიდად ზიხარ ჩემს წინ და მთხოვ მოგიყვე როდის გნახე პირველად. - გგონია იმის მერე რაც ვნახე და გადავიტანე კიდევ რამე გამაკვირვებს? -ღიმილით გავუწოდე ჭიქა და ვანიშნე რომ გაევსო, მანაც დაუყოვნებლივ დაასხა სასმელი. - საერთოდ ასეთი ვარ, არასდროს მიჭირდა ისეთი რაღაცეების გაგება და შეთვისება რისი გაგებაც ზოგიერთებს ფსიქიკის დანგრევად შეიძლებოდა დასჯდომოდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის ასეთი ვიყავი. - ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, -ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ადრიანმა. - მაინც რა მიზეზი? - შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი თუმცა ამაზე მერე, ახლა კი მოგიყვები პირველად როდის და როგორ შემოიჭერი ჩემს გონებაში, გეძებდი ნანე, როცა გავარკვიე სად მალავდა ლუდვიგი დატყვევებულ ნედს მაშინვე შენი ძებნა დავიწყე. - ლუდვიგი ვინ იყო და ნედი რატომ ჰყავდა დატყვევებული? - ლუდვიგი ერთი უბედური ადამიანი იყო რომელიც უკვდავების იდეით იყო შებყრობილი, უკურნებელ სენს ებრძოდა თუმცა არა მხოლოდ განკურნება არამედ მუდმივი სიცოცხლე სწადდა. - მერე ნედი რა შუაში იყო? მოიცა არ მითხრა რომ... - ხომ ხედავ მაინც მოვახერხე შენი გაოცება, -გაიცინა და ნიკაპზე ნაზად წამავლო თითები, -შეგიძლია პირი დახურო და ნუ მაიძულებ ყველაფერი ასე ერთბაშად მოგიყვე, ამისთვის ერთი კვირაც კი არ მეყოფა... - მოგისმენ რამდენი დროც არ უნდა დაგჭირდეს, ერთადერთი რასაც ვერ ვიტან გაურკვევლობაა ადრიან. - როგორც ვატყობ არ მოისვენებ ამიტომ მოკლედ მოგიყვები, ერთი სიტყვით მე და ჩემი ოჯახი უხსოვარი დროიდან ვცხოვრობთ დედამიწაზე. - უხსოვარი დროიდან? რამდენი წლის ხარ? ალბათ რამდენიმე ათასის, -აღფრთოვანებული შევცქეროდი მოციმციმე თვალებში. - უკვდავობა სულაც არ არის ასეთი კარგი და საოცარი, -ნაძალადევი ღიმილით მითხრა და ნერვიულად მოიქექა კეფა, -თანაც როცა გითხარი რომ უხსოვარი დროიდან ვცხოვრობთ დედამიწაზე ჩემი წინაპრები ვიგულისხმე, მე ათასშვიდასი წლის ვარ, ნედი ჩემზე უფროსია, კერი ჩემი დაიკო ყველაზე პატარაა სულ რაღაც ათას ორას ორმოცდახუთი წლის. - სულ რაღაც ათას ორას ორმოცდახუთი? -უნებურად გამეცინა, -ისე ამბობ თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს, კარგი რა ადრიან. - მაპატიე, უბრალოდ როცა გიყურებ თავგზა მერევა და მავიწყდება რომ ჩვენი ასაკი შენთვის სულაც არ არის ბუნებრივი და ჩვეულებრივი. - არამარტო ასაკი. - ვიცი, ვიცი რომ შენთვის ძნელია, მე რომ ადამიანი არ ვარ ალბათ უკვე მიხვდი და მესმის რასაც გრძნობ, უბრალოდ მინდა აგიხსნა... ვუყურებდი, როგორ ნერვიულობდა, როგორ ცდილობდა სწორი სიტყვები შეერჩია რომ ნაკლებად შევეშინებინე, ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი ეს კი ეგოისტურად მსიამოვნებდა, მაოცებდა მისი ასეთი ცვლილება, ნამდვილად არ ჰგავდა იმ ცივ და ერთი შეხედვით საშიშ არსებას პირველად რომ ვნახე, ახლა ჩემს წინ დაბნეული და მორცხვი ბიჭი იჯდა და სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა, იქნებ სულაც არ იყო საშიში, ცივი და უგულო, იქნებ დროდადრო ნიღაბს ირგებდა რომ... - მშვიდად, მშვიდად, -ხელზე დავადე ხელი, და ვაიძულე ჩემთვის მზერა გაესწორებინა, -აქ ვარ და მზად ვარ რომ მოგისმინო, უკვე იცი რომ ყველაფრის გაგება შემიძლია, მაგრამ თუ გიძნელდება... - ასეთი ადვილი არ არის ნანე, ძალიან დიდი ხანია არავისთან მქონია ისეთი ურთიერთობა გული რომ გადამეშალა თუმცა ახლა სურვილი მაქვს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოგიყვე, არ ვიცი დამიჯერებ თუ არა ან რას იფიქრებ ჩვენზე მაგრამ არ მინდა მოგატყუო, ტყუილით დაწყებული ურთიერთობას არასდროს აქვს კარგი გაგრძელება. - ნუ აზვიადებ, ჩვენი ურთიერთობა უფრო ცუდად დაიწყო ვიდრე ტყუილით დაწყებული ურთიერთობაა ასე რომ გისმენ, -ფეხები დივანზე ავიკეცე, მოხერხებულად მოვკალათდი და ხანგრძლივი ამბის მოსასმენად მოსახერხებელი პოზა მივიღე, ადრიანს ჩაეღიმა, ერთხანს დუმდა და მერე დაიწყო. - ადამიანებს გგონიათ რომ ეს პლანეტა თქვენ გეკუთვნით, მაგრამ ცდებით, ყოველთვის ასე არ იყო, ამ პლანეტის პირველი მოსახლეები ჩვენ ვიყავით, ჩვენი მშობლიური პლანეტის სიკვდილის შემდეგ ჩვენი რასა მთელ კოსმოსში დაიქსაქსა შესაფერისი ადგილის საპოვნელად, ადგილის სადაც ცხოვრების გაგრძელებას შევძლებდით, მხოლოდ იმ ხომალდებმა მოაღწიეს ამ გალაქტიკამდე რომლებშიც ჩემი წინაპრები იმყოფებოდნენ, მათი კოლონა სამი უზარმაზარი კოსმოსური ხომალდისგან შედგებოდა, იმ დროს როცა დედამიწაზე ჩამოვიდნენ აქ არცთუ ისე სახარბიელო პირობები დახვდათ თუმცა სხვა გზა არ ჰქონდათ თუ გადარჩენა უნდოდათ აქაურობას უნდა მორგებოდნენ, თანაც წესით არ უნდა გაძნელებოდათ ახალი ცხოვრების დაწყება, ერთი ხომალდი თითქმის მთლიანად ცხოველებით ფრინველებით და მცენარეებით იყო სავსე, გარემო კი შესაფერისი იყო მათ გასამრავლებლად. - ნოეს გემი, არ მითხრა რომ... - არ გეტყვი, ჩვენს ხომალდსა და ნოეს გემს შორის ის განსხვავება იყო რომ ჩვენი ხომალდი მართლა არსებობდა, ყველა მცენარე რაც ახლა დედამიწაზე ხარობს ჩვენი პლანეტიდან არის ჩამოტანილი, ყველა ცხოველი, ფრინველი თუ წყლის ბინადარი იქაურია, დიდი შრომა დასჭირდათ ჩემს წინაპრებს რომ დედამიწა იმ სახლისთვის დაემსგავსებინათ რომლის დატოვებაც მოგვიხდა, გააშენეს ტყეები, ააგეს ქალაქები, საბოლოოდ ცივილიზაცია იმ დონემდე მივიდა რომ ზოგიერთებმა საკუთარი თავები ღმერთებად წარმოიდგინეს, ღმერთები კი რისი ღმერთები იქნებოდნენ თუ მათზე მლოცველი და მათი ბრმად მიმდევარი ბრბო არ ეყოლებოდათ, ამიტომაც შექმნეს ადამიანები... - როგორ თუ შექმნეს? ეს როგორ მოახერხეს? - ვერც კი წარმოიდგენ როგორი განვითარებული ტექნოლოგიები ჰქონდათ ჩემს წინაპრებს, დღესდღეობით უკვე ადამიანებსაც შეუძლიათ თავიანთი ასლის გამოყვანა ლაბორატორიაში მათ კი ეს მაშინაც შეეძლოთ და თანაც უფრო მარტივად, თავიდან მათი ჩანაფიქრი იყო რომ ადამიანებს გამრავლების უნარი არ უნდა ჰქონოდათ და საკმარისად ჭკვიანები უნდა ყოფილიყვნენ იმისთვის რომ შემქმნელების ბრძანებები შეესრულებინათ, თუმცა ყველაფერი ასე არ წარიმართა, სწრაფად, ძალიან სწრაფად განიცადეს ევოლუცია და როცა ჩვენები მიხვდნენ რომ შეცდომა დაუშვეს უკვე გვიან იყო, ადამიანებს საკმაოდ სწრაფი და უკონტროლო გამრავლების უნარი აღმოაჩნდათ, თანაც ძალიან ჭკვიანები იყვნენ, რაც უფრო მეტად მრავლდებოდნენ და ემატებოდათ ჭკუა მით უფრო ხშირად აწყობდნენ ამბოხებებს, უარს ამბობდნენ ბრძანებების შესრულებაზე, ითხოვდნენ თავისუფლებას... - და მერე? მერე რა მოხდა? -მოუთმენლად ვკითხე როცა ზედმეტად გაუგრძელდა დუმილი. - აი ეს მოხდა, -ხელები გაშალა და ირგვლივ მიმოიხედა, ადამიანებმა ის გააკეთეს რაც ყველაზე კარგად გამოსდით, ქაოსი მოაწყვეს, დედამიწა ომებში და ცეცხლის ალში გახვიეს, ჩვენები დაჯაბნეს და ნანატრი თავისუფლება მოიპოვეს, ცოტანი დავრჩით, ჩვენი ძალების და უნარების მიუხედავად გაგვიჭირდა გადარჩენა, იძულებულები გავხდით მათ შორის დავმალულიყავით, მათში შევრეულიყავით, თუ გადარჩენა გვინდოდა ეს იყო ერთადერთი გზა, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ომი მოიგეს, ადამიანებმა მაინც არ იკმარეს ეს გამარჯვება და გარანტირებული მომავლისთვის გადაწყვიტეს საბოლოოდ მოესპოთ ჩვენი რასა, ეშინოდათ ჩვენი, ჩვენი განსხვავებული შესაძლებლობები აფრთხობდათ, ბევრი ვეცადეთ მაგრამ ვერანაირად ვერ მოვახერხეთ მათთან თანაცხოვრება, ათასობით წელია გვდევნიან, რომ იცოდე რას აღარ იგონებდნენ იმისთვის რომ გავენადგურებინეთ, გვწამებდნენ იმას რომ ეშმაკეულები ვიყავით, კუდიანები, ჯადოქრები... ალბათ არ დაიჯერებ და ახლაც არსებობს საკმაოდ ძლიერი საიდუმლო ორგანიზაცია რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს და დევნის ჩვენი რასის წარმომადგენლებს. - იმისთვის დევნიან რომ დახოცონ? კარგი რა შუა საუკუნეებში ხომ აღარ ვართ, -სიბრაზისგან და აღშფოთებისგან სუნთქვა მეკვროდა, -რა სიველურეა, როგორ შეუძლიათ? - დასახოცად არ ეძებენ ნანე, დრო შეიცვალა, ახლა უფრო მეტი რამ იციან ჩვენს შესახებ, ერთადერთი რის გამოც ჩვენზე ნადირობენ სისხლია, ჩვენ უკვდავები ვართ, ისინი კი ჩვენი უკვდავების საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ, რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს რომ ჩვენი სისხლის გადასხმა დროებით აახლგაზრდავებს ადამიანს და ამ აღმოჩენის შემდეგ უფრო გამგელებულებმა დაიწყეს ნადირობა. - ლუდვიგს ნედი ამის გამო ჰყავდა გამოკეტილი? ის ხომ ავად იყო, მისი სისხლით ცდილობდა განკურნებას? - ლუდვიგი იმ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, პირდაპირი კავშირი ჰქონდა ვატიკანთან, ენდობოდნენ თუმცა ავადმყოფობის გამო ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და გადაწყვიტა მათ გარეშე და მათგან დაფარულად ემოქმედა, დანარჩენს რაც ნედს შეეხება მე ვერ მოგიყვები, თუ სურვილი ექნება ერთ დღესაც თვითონ გიამბობს. - და მე, მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან? - არსებობენ ადამიანები რომელთაც ჩვენთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ, თავიდანვე როცა ჩემმა წინაპრებმა ნახეს რომ საქმე ცუდად ჰქონდათ ეცადნენ ადამიანთა და ჩვენი დეენემის შერევით შეექმნათ არსებები რომლებიც მათ უპირობოდ დაუჭერდნენ მხარს, ვერც ამან გადაარჩინათ თუმცა მოახერხეს ისეთი არსებების შექმნა რომელთაც ჩვენი სურვილის შემთხვევაში შეეძლოთ გაეგონათ ჩვენი ხმა, შეგვეძლო მათი მოხმობა თუნდაც ძალიან შორი მანძილიდან, გააჩნდათ სხვადასხვა უნარები რაც ჩვეულებრივი ადამიანებისგან გამოარჩევდათ, სამწუხარო ისაა რომ მათი რიცხვი დღითიდღე მცირდება, ამიტომაც გამიჭირდა შენი მოძებნა, ალბათ გაინტერესებს რატომ შენ და არა სხვა ნებისმიერი ადამიანი, რათქმაუნდა შემეძლო ვინმეს დაქირავება მაგრამ ის სარდაფი და გვირაბი ძალიან კარგად იყო დაცული იმდენად კარგად რომ ჩვეულებრივი ადამიანი შესასვლელსაც კი ვერ მიაგნებდა. - რას გულისხმობ? რა დაცვაზეა საუბარი, იქ არაფერი მინახავს. - თვალით უხილავ დაცვას ვგულისხმობ ნანე, ადამიანები ათასობით წელი სწავლობდნენ ჩვენს რასას და უამრავი ისეთი იარაღი შეიმუშავეს რომელთაც ჩვენი სერიოზულად დაზიანება შეუძლია, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ცუდად მოქმედებს ჩვენზე. - როგორც ვამპირებზე ნიორი? -სრულიად სერიოზულად ვკითხე და სიცილი ვერ შეიკავა, ჩემს ხელებს დასწვდა და ამომაბრუნებინა, ხელისგულებზე მკაფიოდ მეტყობოდა დამწვრობის კვალი. - შენ მხოლოდ მსუბუქი დამწვრობით გადარჩი რადგან სისხლში გაქვს ის ფარული ძალა რომელზეც მთელ რიგ ადამიანებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ, შენს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო იქიდან ცოცხალი ვერ გამოაღწევდა... - იცოდი რომ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი? - დარწმუნებული ვიყავი რომ არ მოკვდებოდი, -სრულიად მშვიდად მითხრა, -გეყოფა რა ნანე, იმედია ამის გამო ჩხუბს არ აპირებ. - არა რას ამბობ, რა არის საჩხუბარი, ვინ ჩხუბობს იმის გამო რომ კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს? - გთხოვ, ნება მომეცი აგიხსნა, -მუდარა გაისმა მის ხმაში და ჩემდა უნებურად მოვდუნდი. - კარგი, არ ვჩხუბობ, შეგიძლია გააგრძელო, მაინტერესებს რა მოხდა იმ სარდაფში, ნედმა მითხრა რომ ჩემი ენერგია სჭირდებოდა იქიდან გამოსაღწევად, მერე საშინელი ტკივილი ვიგრძენი. - სტრესის გამო გულის შეტევა დაგემართა, შენ და ნედმა ფაქტიურად ერთმანეთი გადაარჩინეთ. - მან ჩემი ენერგია გამოიყენა? თქვენ რა ადამიანებს ენერგიას პარავთ. - მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში, ისინი ჩვენ გვსწავლობდნენ ჩვენ კი მათ, უკვე დიდი ხანია აღმოვაჩინეთ რომ მათი სასიცოცხლო ენერგია ჩვენს ძალებს ერთი-ორად ზრდის, თუმცა ყოველთვის ვერიდებით ამის გაკეთებას, როცა ადამიანთა ენერგიას ვეწაფებით თავის შეკავება გვიჭირს და ეს მათთვის ხშირად სავალალო შედეგით სრულდება. - მეუბნები რომ შეიძლებოდა ნედს მოვეკალი? - ვიცოდი რომ ამას არ გააკეთებდა. - ამაში დარწმუნებული ვერ იქნებოდი. - დარწმუნებული ვიყავი, თავიდან როცა პირველად გნახე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ნედი უნდა გადამერჩინა მაგრამ მერე შენთან სიახლოვე ვიგრძენი, უჩვეულოდ მიზიდავდი, გეფიცები რომ არ მცოდნოდა იქიდან ცოცხალი გამოხვიდოდი არ გავრისკავდი, რაც იმ ქალაქიდან წამოგიყვანე და სახლში დაგაბრუნე მას შემდეგ გვერდიდან არ მოგშორებივარ, ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, დღეს როცა დავინახე როგორ იდექი იმ სატვირთოს წინ, როცა მივხვდი რომ შეიძლებოდა დამეკარგე საბოლოოდ შევწყვიტე ჩემს თავთან ბრძოლა, მჭირდები ნანე, ძალიან მჭირდები... - და ახლა? ახლა რა იქნება? -მისი სიტყვებით აღელვებულმა ათრთოლებული ხმით ვკითხე. - ახლა ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ იტყვი, მინდა რომ იფიქრო და თუ გადაწყვეტ რომ ჩვენთან ურთიერთობა არ გინდა... - საიდან მოიტანე რომ არ მინდა? -შეშინებული შევეპასუხე, თითქოს ახლა ამწუთასვე აპირებდა გაქრობას და რომ გამქრალიყო მერე რა უნდა მექნა... -დამპირდი რომ ჩემი ცხოვრებიდან არ გაქრები, -უნებურად ხმამაღლა გავაჟღერე ის რაც მაწუხებდა და დავინახე როგორ აენთო თვალები, დაიძაბა, თითქოს ცდილობდა გაერკვია ხომ არ მოესმა ის რაც ვუთხარი. - ეს მართლა გინდა? -მის ხმაში ეჭვმა და ყოყმანმა გაიჟღერა, -მიუხედავად იმისა რაც გაგიკეთე და რისი გადატანაც მოგიწია ჩემს გამო, მართლა გინდა რომ შენს გვერდით ვიყო? - მინდა, -ვუპასუხე და ერთი წამითაც არ მინანია ეს პასუხი, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და სახე ღიმილმა გაუნათა, მერე ხელები გაშალა და მე მის მკლავებში ჩავიკარგე, მთელი ძალით მიკრავდა გულში, როგორც იქნა გავბედე და სურვილი ავიხდინე, თმაში შევუცურე თითები და ჩემსკენ მოვიზიდე... - გპირდები ამ გადაწყვეტილებას არასოდეს ინანებ, -ზედ ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა და მერე მხურვალე, ვნებიანმა კოცნამ შემიგუბა სუნთქვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.