შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაჩი თუხარელი (სრულად)


21-04-2023, 14:00
ავტორი Loey
ნანახია 15 661

იმ ზაფხულს, როცა დაჩი თუხარელმა მემილიონედ ამიხსნა სიყვარული, გადავწყვიტე, ბათუმისკენ აღარ გამეხედა. ბათუმელი არ იყო, მაგრამ გამოწერილი მქონდა ყოველ აგვისტოს მისი კამპანია. 15 წლის ვიყავი, მაგრამ, ვხვდებოდი, საშინლად მღლიდა გაასმაგებული ყურადღება, გახშირებული მოკითხვები, საჩუქრები - თითქმის ყოველ დღე, ეჭვიანობა, შეზღუდვები და მოკლედ, ყველაფერი ის, რასაც მაშინ ჩემი ბავშვური გონებით ვერ ვაფასებდი და არასწორი მეგონა. ჰოდა, მეორე წელს, როცა ჩემმა ოჯახმა ბარგი შეკრა და დასასვენებლად ზღვას მიაშურა, მე ბებიასთან დავრჩი, სოფელში. მას შემდეგ წლები გავიდა, მე კიდევ დღემდე მახსოვს, როგორ „მახარა“ ჩემმა უმცროსმა დამ, დაჩი ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლადო. ჩემი დის ხელითვე მივიღე ბოლო საჩუქარი მისგან: ჩემი საყვარელი შოკოლადი და საკმაოდ მოკლე, სულ ერთსიტყვიანი წერილი, რომელიც ნათლად გამოხატავდა თუხარელის უჟმურ ხასიათს. შოკოლადი იმ საღამოსვე შევჭამე, წერილი კი, რომელზეც გამაფრთხილებლად ეწერა, დავბრუნდებიო, დავკუჭე და უჯრაში ჩავაგდე.

დაჩი 15 წლის შემდეგაც არ დაბრუნებულა. ამასობაში, გათხოვება და ბავშვის გაჩენა მოვასწარი. თმაში ჭაღარა შემერია, ნერვები გამიფუჭდა. თითქოს იდეალური ცხოვრება ერთ ღამეში ამერია. იმ ერთ ღამეში გადავწყვიტე, რომ მე ადამიანს ღალატსა და იმედგაცრუებას ვერასდროს ვაპატიებდი, ამიტომ მეორე დღესვე მოღალატე ქმრადყოფილი მივატოვე და, განქორწინებისთვის საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ, შვილთან ერთად ბათუმში გადავბარგდი. ის სახლი, რომელსაც მე და ჩემი ოჯახი თითქმის ყოველ წელს ვსტუმრობდით, ისევ იქ იდგა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მელოდა.

- დედამ გადმოგცა, ფანჯრები გააღე და ერთი დღე მაინც არ დახუროო. განიავდეს, თორემ იმდენი ხანია მანდ ფეხი არავის შეუდგამს, შეიძლება, ჭლექი დაგემართოსო, - სიტყვა-სიტყვით გადმომცა ჩემმა უმცროსმა დამ.
- თუ ეგრე ნერვიულობს, ჩამოვიდეს.
- არ შეუძლია. მამა ჰყავს ექიმთან წასაყვანი. დედას გარეშე რომ არ წავა, არ იცი?

ვიცი, როგორ არ ვიცი. ისიც კარგად ვიცი, ავადმყოფი კაცები პატარა ბავშვებს როგორ ემსგავსებიან. როცა ბაკურიანში სრიალისას ჩემმა ყოფილმა ქმარმა ფეხი მოიტეხა და მთელი კურორტი თავზე დაიხვია, ჩემი შვილიც კი უფრო ზრდასრულს ჰგავდა, ვიდრე საწოლს მიჯაჭვული ცალფეხა მამამისი. მოკლედ, როგორც უმეტეს ოჯახში ხდება...

საღამო ხანს ბავშვი მივაძინე და ზღვის ნაპირზე გასეირნება გადავწყვიტე. ბათუმი ჩემთვის თუხარელთან ასოცირდებოდა და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველა ქვა ჩემი და დაჩის ამბებს ინახავდა. მეგონა, ფეხით ვთელავდი 15 ზაფხულს. იმ ზაფხულებს, ყველაზე ბედნიერები რომ ვიყავით. იქამდე, სანამ დაჩი გაიზარდა, ჩემი აღქმა სხვანაირად დაიწყო და ჩვენი მეგობრობაც ზღვის ფსკერზე დაასამარა. იქამდე, სანამ ჩემამდე მოსასვლელი გზა გადავუკეტე, თვითონ კი, თითქოს შური იძიაო და, საერთოდაც, გადაიხვეწა. დაჩი ყველაზე დიდი მაკავშირებელი ძალა იყო ჩემ წარსულთან და მენანებოდა, ცხოვრებაში რომ აღარ მყავდა. არადა, ადამიანების სიმრავლით ვერ დავიკვეხნიდი და კიდევ ვიღაცის დაკარგვა?

სექტემბრისთვის უჩვეულოდ გრილი საღამო იდგა. ტერფების ქვეშ წყალს ვგრძნობდი და მეგონა, იმ წამს ამაზე მეტად ვერაფერი გამაბედნიერებდა. თვალდახუჭული გავყურებდი უჰორიზონტო ნაპირებს და ვერასდროს ვიფიქრებდი, იმ ღამით წლების წინ მივიწყებულ ხმას თუ გავიგებდი.

- ციცაგი? - ყურთასმენას მისწვდა ეჭვნარევი ხმა. მე მეძახდნენ. საკმაოდ ნაცნობი და ახლობელი ხმა მეძახდა.
მივტრიალდი და დაჩი დავინახე. გამაღლებული, გარუჯული, თავგადაპარსული დაჩი. იდგა და ისე მიყურებდა, აშკარად ვერ იჯერებდა ჩემ არსებობას. მინდოდა მეყვირა, მე ვარ-მეთქი, მაგრამ ხმა არ ამომიღია. რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა, მერე თავი გვერდით გადახარა და გაიღიმა. 15 წელი იყო გასული და ეს ჟესტი მაინც შეუცვლელად დარჩენილიყო.

- ამას ვის ვხედავ, - სიხარულისგან შეჰყვირა და ჩემკენ წამოვიდა. გაუაზრებლად გადავდგი ერთი ნაბიჯი უკან და ზღვის ქვეშ მოლივლივე წვეტიან ქვას ფეხი დავადგი. მეტკინა და დავიჯღანე, წაქცევით, მადლობა ღმერთს, არ წავქცეულვარ. სამაგიეროდ, დაჩი გაჩერდა. თითქოს ჩემი უკან დახევით კიდევ ერთხელ გავავლე ხაზი ჩვენ შორის და ისიც უბრძოლველად დამნებდა.

- ციცაგი რა არის? - ხმამაღლა ამოილაპარაკა უცნობმა სხეულმა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ დაჩი მარტო არ იყო. თხელ, ცისფერ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგო ალმაცერად მიყურებდა. გულზე მომხვდა მეტად მოვლილი თმის მბზინვარება, გაკრიალებული კანი, შესაშურად ლამაზი მკერდი, კაბიდან რომ იმზირებოდა, უნაკლო სახე, კიდევ უფრო უნაკლო ფეხები და მაშინვე გონება დავძაბე, რომ გამეხსენებინა, მე როგორ გამოვიყურებოდი. სახლიდან გამოსვლამდე თმის გადავარცხნა დამეზარა, ამიტომ უსწორმასწოროდ აწეული კოსა მამშვენებდა, მოკლე და გახუნებული ქვედაბოლო, რამდენიმე ზომით დიდი მაისური და დახევამდე მისული კედები მეცვა.

უცნობის მზერით ვგრძნობდი, სიამოვნებით ჩამახრჩობდა აღელვებულ ზღვაში. არადა, ღმერთია მოწმე, არაფერს ვაშავებდი. ასეთ ფორმაში, მით უმეტეს.

-რა კი არა, ვინ, - ღიმილით შეუსწორა ქერას, - ტატა ციცაგი. მთელი ჩემი ბავშვობა ჩვენ წინ.

სასიამოვნოა-მეთქი, ჩავიბუტბუტე. გაქცევა მომინდა.

- ბოლოს გადმომცეს, ბათუმს დაემშვიდობაო, - ირონია შეეპარა დაჩის სიტყვებს.
- ეგ ბოლო 15 წლის წინ იყო, - შევახსენე, - როგორ ხარ, დაჩი?

მხრები აიჩეჩა.

- დავბრუნდი, - ღიმილით მახარა.

მე 15 წლის წინ დატოვებული მისი ერთსიტყვიანი წერილი გამახსენდა და დავმუნჯდი. თითქოს ის ერთი სიტყვა ყველაზე ლამაზ რეალობად იქცა და მივხვდი, მინდოდა, ისევ ვყვარებოდი. ისევ ყურადღებიანი ყოფილიყო ჩემ მიმართ, ისევ ეჩუქებინა საჩუქრები ჩემთვის და მომრავლებული თაყვანისმცემლები დაეფრთხო. მინდოდა, ისევ 15 წლის ვყოფილიყავი და დაჩისთვის მეთხოვა, არასდროს წასულიყო. იქნებ აქ დარჩენით გადავერჩინე და ცხოვრებისეული შეცდომებისგან დავეხსენი. იქნებ 30 წლის ასაკში ყველაფერი სხვაგვარად მომჩვენებოდა, მაგრამ დამაგვიანდა. სულ მცირე, 15 წლით მაინც. ახლა ჩემ წინ ის თინეიჯერი ბიჭი კი არა, 35 წლის კაცი იდგა, გვერდს უმშვენიერესი ქალი უმშვენებდა და იმდენად კარგად და ძლიერად გამოიყურებოდა, საკუთარი უსუსურობის შემრცხვა.

- გამიხარდა შენი ნახვა, დაჩი, - გამოსამშვიდობებლად ხელი ავუწიე და წასასვლელად მოვემზადე. არ მინდოდა, ჩემთვის დიდხანს ეყურებინა და ეფიქრა, რომ თავის დროზე არასწორი ადამიანი შეუყვარდა. მინდოდა, მისთვის მაინც დავრჩენილიყავი იმ გოგონად, წარსულში რომ მოიტოვა.
- არ დამეკარგო, ციცაგი. ბევრი გვაქვს მოსაყოლი, - მომაძახა. ვიგრძენი, ისევ იღიმოდა.

სახლამდე ვირბინე. ისეთი აღელვებული ვიყავი, სუნთქვა მავიწყდებოდა. მაცივარში შედებული წყლის ბოთლი ერთიანად გამოვცალე. ბათუმში ონკანის წყალს ვერასდროს ვსვამდი.

ესეც ასე, დაჩი დაბრუნდა. ვერ ვიფიქრებდი, ჩვენი შეხვედრა ასეთი უბრალო თუ იქნებოდა, მაგრამ მასზე ბევრი არც არასდროს მიფიქრია. დაჩი ის ამბავი იყო, რომლის თავიც დიდი ხნის წინ დავხურე და ამ წლების მანძილზე ვერც წარმოვიდგენდი, მისი გაგრძელება თუ მომიწევდა. ან იქნებ არც გაგრძელებულიყო, ან რატომ უნდა გაგრძელებულიყო? ჩემი პრიორიტეტები წლების წინ შეიცვალა. ახლა ეს ბავშვი, საწოლში მშვიდად რომ სძინავს და არაფერი აწუხებს და არაფერმა უნდა შეაწუხოს, ჩემი ნომერ პირველი საზრუნავია. უკან მოვიტოვე საკუთარი თავი, სხვაგვარად დედობას ვერ შევძლებდი. ჰოდა, დაჩი ჩემ ცხოვრებაში არანაირი ფორმით არ შეიძლებოდა. არა მაშინ, როცა არეულ ცხოვრებას ვერაფრით ვალაგებდი.

მეორე დილით ჩემი და დამადგა თავზე. სიურპრიზიო, კარის ზღურბლზე რომ შემომყვირა, შიშისგან გული ლამის გამისკდა. ძლივს გავიწიე, რომ შემომეტარებინა. ეჭვით გადავხედე ორ უშველებელ ჩემოდანს და ისე გამიხარდა მისი ჩამობარგება, მაშინვე ვაპატიე გამსკდარი გული.

- მართალია, შენ დედა გინდოდა, მაგრამ მეც შემიძლია კამპანია გაგიწიო. რას იტყვი, ციცაგი?- ეჭვისთვალით გადმომხედა. ღიმილით დავუქნიე თავი. ვიცოდი, ჩემ რეაქციებს აკვირდებოდა.
- კარგი გოგო ხარ, რომ ჩამოხვედი, - მონატრებულს ლოყები დავუკოცნე და ოთახამდე მივაცილე. შენ ტანსაცმელი ამოალაგე, მე ყავას გავაკეთებ-მეთქი, დავუბარე და სამზარეულოს მივაშურე.

კარზე ხელმეორე კაკუნი გაისმა. ვიფიქრე, თომა დაბრუნდა ეზოდან-მეთქი, მაგრამ კარის გაღებამდევე მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. თომა არასდროს აკაკუნებდა.

ჩემ წინ დაჩი დგას და თავისი საფირმო ღიმილით მიყურებს.

- არ მკითხო, როგორ მომაგენიო. მეწყინება, - გამაფრთხილა. არ მიკითხავს. ან რა უნდა მეკითხა. დაჩი მთელი ჩემი ბავშვობის ფონია. რა თქმა უნდა, იცის სადაც ვცხოვრობ. წლები ვთამაშობდით ჩემი სახლის უკანა ბაღში. იმ ბაღში, პირველად სიყვარული რომ ამიხსნა. დღემდე კარგად მახსოვს. იმ პერიოდში ორი ნაწნავით დავდიოდი ხოლმე, მუდამ მოკლე შორტი მეცვა და ბიჭებთან თამაში მიყვარდა. დამალობანას თამაშის დროს, დაჩიმ ხელი დამავლო, კარგი ადგილი ვიციო და სულ ძალით შემათრია ბაღის ბოლოში წამოჭიმულ პატარა შენობაში. მაშინ 9 წლის ვიყავი, დაჩი - 14-ის. ერთხანს ჩუმად მიყურა, მერე გრძელ ნაწნავზე გამეთამაშა და ჩუმად, თითქოს იმ საიდუმლოს მანდობდა, არავის რომ არ უნდა სცოდნოდა, ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა, მგონი, მიყვარხარო. დიახ, მე დაჩის პირველი სიყვარული ვიყავი და ამით არასდროს მიამაყია. დღემდე.

- არ შემომიშვებ? - მისი ხმა მაფხიზლებს. ახლაღა ვხვდები, ისევ კართან ვართ დაყუდებულები. უხმოდ ვატარებ სახლში. ამასობაში, ჩემი და ოთახიდან გამოდის და დაჩის დანახვაზე იმხელა ხმაზე ღრიალებს, ეჭვი მაქვს, საღამოს ხმა ჩაუწყდება.
- ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, - ისევ ღრიალებს. მერე დაჩისკენ გარბის და კისერზე ეკიდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემს დას დაჩი ყოველთვის ძალიან მოსწონდა, უყვარდა და აფასებდა. ჩემგან განსხვავებით, მან თუხარელის ფასი იცოდა.
- უმცროს ციცაგის ჩემგან გულთბილი სალამი, - თავზე პატარა ბავშვივით ეფერება. 15 წლის შემდეგაც კი, დაჩი უზომოდ თბილია.
- როდის დაბრუნდი? - სახეში შესციცინებს ჩემი და, - საუკუნე გავიდა, რას იძახი, - ვერაფრით იჯერებს დაჩის დაბრუნებას.
- მეგონა, შენი და გახარებდა მაგ ამბავს, - გვერდულად, ისევ ღიმილით მიყურებს და ვგრძნობ, მაკვირდება.
- იცოდი? - ვერ იჯერებს.
- ახლა მოხვედი, როდის უნდა მეთქვა, - მათი შეხმატკბილებული დუეტი მაღიზიანებს და ისევ სამზარეულოში გავდივარ, დაწყებული ყავის დასამთავრებლად.

მისაღებში დიდხანს სხედან. საუბრობენ ყველაფერზე, რაც ამ 15 წლის განმავლობაში ერთმანეთის ცხოვრებაში გამოტოვეს. დაჩი ღიმილით უყურებს ჩემს დას და შიგადაშიგ ჩემკენ აპარებს თვალს. ვღიზიანდები, სულ გაღიმებული რომ ზის და მინდა, პირი ამოვუკერო. არადა, რას აშავებს. ბავშვობის მონატრებულ მეგობართან ყოფნა სიამოვნებს, სხვა ხომ არაფერი. მაგრამ მაინც, იმდენი ხანია მე გულწრფელად არ მიცინია, ვერ ვიგებ, როგორ ახერხებს, სულ ასე პოზიტივს ასხივებდეს. არადა, უხდება ღიმილი. შესაშური თანკბილვა აქვს, გამუქებული კანის ფონზე მისი კბილები კიდევ უფრო მეტად ანათებს. მახსოვს, ბავშვობაში ბრეკეტები ეკეთა და ხშირად დასცინოდნენ ხოლმე. ყველას ეუბნებოდა, დამაცადეთ და ნახავთ, თქვენზე კარგი ღიმილი მექნებაო. არც ცდებოდა. მართლაც ულამაზესი ღიმილი ჰქონდა და გული ხელმეორედ მომიკვდა იმის გაანალიზებაზე, ეგ ღიმილი მე რომ არ მეკუთვნოდა.

ვერ ვიგებდი, რა მჭირდა. ასე არასდროს ვყოფილვარ. ასე მაშინაც არ მდომებია ვინმე, როცა თაყვანისმცემლების რიგი მედგა. არ მიყვარდა გადამეტებული ყურადღება. მბეზრდებოდა ეგეთი ხალხი. ახლა კი მინდოდა, დაჩის მხოლოდ ჩემთვის შემოეხედა. არადა, დაჩიც არასდროს მიყვარდა. მგონია, ამდენხნიანმა მარტოობამ, სულიერმა სიმარტოვემ იმ აზრამდე მიმიყვანა, რომ ადამიანი მჭირდებოდა. ვინმე ჩემიანი, ვისთანაც თავს ცუდად არასდროს ვიგრძნობდი. მე მახსოვს დაჩის უპირობო სიყვარული, ყველაზე თბილი მზერა, რომელიც ყოველთვის მარტო მე მეკუთვნოდა და ახლა ამის დეფიციტს განვიცდიდი. ბრაზი მახრჩობდა, რომ ამ ბიჭთან არაფერი გამოვიდოდა, რადგან ეს გრძნობა, რასაც ახლა მთელი ჩემი ორგანიზმი მოეცვა, ეგოისტობა იყო და მეტი არაფერი. დაჩი ბევრად მეტს იმსახურებდა. ვერ გამოვიყენებდი იმისთვის, რომ საკუთარი სიცარიელე შემევსო.

- თომა სადაა? - ხელი ამიქნია ჩემმა დამ.

თომა ვინააო, დაჩიმ გადმომხედა და ეჭვნარევი მზერა მესროლა. თითქოს ამას ელოდაო ჩემი შვილიც, ოფლში გაწურულმა შემოანგრია სახლის კარი და დე, წყალი დამალევინეო, გამომძახა. დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები დაჩის. ჯერ თომას შეხედა, მერე მე. მერე ისევ ჩემ შვილს და თითქოს ყველაფერს მიხვდაო, პირი ოდნავ გააღო. იმწამს ვიგრძენი, როგორ ჩატყდა ხიდი ჩვენ შორის.

- თომაა, - დღეს უკვე მესამედ იღრიალა ჩემმა დამ და ჩემი ოფლიანი შვილი გემრიელად ჩაკოცნა. თომამ სახე შეჭმუხნა, არ უყვარდა მოფერება და კაი, რა, ციცაგიო, ყვირილით მოშორდა დეიდამისს.
- დაჩი, გაიცანი, ჩემი ყველაზე ცივი, უგულო, და სითბომოძულე დისშვილი, თომა, - ღიმილით მიატრიალა ჩემმა დამ ჩემი თითქმის 10 წლის შვილი გამოშტერებული დაჩისკენ და აიძულა, თუხარელისთვის ხელი ჩამოერთმია. დაჩი ფეხზე წამოიჭრა, გაწვდილ ხელს დახედა და სუსტად ჩამოართვა. ახლაღა შევნიშნე, ის ლამაზი ღიმილი სადღაც გამქრალიყო.
- არ ვიცოდი, შვილი თუ გყავდა, - გადმომხედა და თომაზე მიმანიშნა.
- ვერ გეცოდინებოდა, დაჩი, 15 წელია აქ არ ყოფილხარ, - მხრები ავიჩეჩე. თომამ შემომხედა, ეს ვინ არისო, მზერით მანიშნა. ბავშვობის ნაცნობია-მეთქი, გავუღიმე და სამზარეულოსკენ წავათრიე.

5 წუთში ჩემი სახლის კედლებს ყვირილის, ტირილის, ჩხუბის ხმა ანგრევდა. თომა ვერ იტანდა წვნიანებს, არადა იმდენად მოუწესრიგებელი კუჭ-ნაწლავის სისტემა ჰქონდა, გამოწერილი იყო მისთვის დღეში ერთხელ ცხელი საჭმელი. სანამ პატარა იყო და ვერეოდი, დავსვამდი ხოლმე და ძალით ვაჭმევდი. რაც წამოიზარდა, ვეღარ ვაგებინებ, რომ ეგ ყველაფერი ჯანმრთელობისთვისაა კარგი და ყველა ნორმალური ადამიანი კვირაში რამდენჯერმე მაინც იკვებებოდა ჯანსაღად.
- თომა, სტუმარი გვყავს, თავს ნუ ირცხვენ და მეც ნუ მარცხვენ, - გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი. წვნიანით სავსე მათლაფა წინ დავუდე და პირველი კოვზი პირთან მივუშვირე. რამდენიმე წამს მიყურა, თვალები ცრემლებით გაევსო და ხელი ამიქნია. ჯობდა, მამასთან დავრჩენილიყავი, ის არასდროს მაძალებდა ეგეთების ჭამასო, შემომყვირა და ოთახისკენ გაიქცა.

ვერ ვიტანდი, როცა მამამისს ჩემზე წინ აყენებდა. რა თქმა უნდა, თომამ არ იცოდა, რატომ გადმოვედით ბათუმში საცხოვრებლად მარტო ჩვენ ორნი და რატომ დაიშალა, ერთი შეხედვით, იდეალური ოჯახი ერთ ღამეში. არ მპატიობდა უმამობას და მესმოდა მისი. ბიჭი იყო და მამა სჭირდებოდა, მე კი იმ ყველაფერს ვერ ვაძლევდი, რაც მას უნდოდა. უფრო ფრთხილი მშობელი ვიყავი და ამ სიფრთხილით ხშირად იზღუდებოდა. სამყაროს გავიმეტებდი მისთვის, მაგრამ მამას ვერ დავუბრუნებდი და ეს უნდა სცოდნოდა. უნდა გაეანალიზებინა, რომ ის ადამიანი ჩემთვის იყო ცუდი და მე არასდროს დავუშლიდი მასთან ურთიერთობას. მაგრამ, ჯობდა, აქედანვე სცოდნოდა, რომ ოჯახი ვერ აღდგებოდა და ძველი დრო ვერ დაბრუნდებოდა.

სამზარეულოდან არ გავსულვარ. არ მინდოდა, დაჩის თვალებს გადავყროდი და კიდევ ერთხელ მეგრძნო, როგორი ცხოვრება შეიძლებოდა მქონოდა, თავის დროზე სწორი ადამიანისთვის შანსი რომ მიმეცა. რატომ ხდება, რომ ხშირად ვერ ვაფასებთ იმას, რაც ცხვირწინ გვაქვს და ყოველთვის სხვა, არასწორი რაღაცისკენ მივილტვით? რატომ ვდგამთ ნაბიჯებს გულით და არა გონებით, როცა ყველაზე რაციონალური ორგანო ჩვენში ტვინია? ან რატომ ვერ ვაფასებთ საკუთარ თავს იმდენად, რომ ვიფიქროთ, დიახ, ყველაზე კარგს, ყველაზე მეტს, ყველაფერ დადებითს ვიმსახურებთ? რატომ ვაგდებთ საკუთარ თავს უბედურების ორმოში და მერე მთელი ცხოვრება იქიდან ამობობღვას რატომ ვცდილობთ? ასეა თუ ისე, არასწორმა ცხოვრებამ მიმიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ახლა ჩემი შვილი თავს უბედურად გრძნობს და მაგ უბედურების მთავარი მიზეზი მე ვარ.

ჩემმა დამ შემოყო თავი. როგორ ხარო, ხელის მოძრაობით მკითხა. მხრები ავიჩეჩე. საუბრის განწყობაზე არ ვიყავი.
- თუ გინდა, გარეთ გადი, გაისეირნე,- შემომთავაზა, - ბავშვთან მე დავრჩები.

არ მინდა-მეთქი, თავი გავაქნიე და თომას საჭმელს ნაგავში გადავუძახე.

- მიდი, რა. აი, დაჩი გამოგყვება, - მისაღებში გაუნძრევლად მჯდომ თუხარელს გადახედა. მე დაჩის ვერ ვხედავდი, მაგრამ მისი სუნთქვის ხმა მესმოდა და ვიცოდი, მასთან მარტო დარჩენას, სიკვდილი მერჩივნა. დაჩის მილიონი კითხვა მაინც ექნებოდა, მე კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ პასუხების გაცემა მინდოდა ან შემეძლო მაინც.

- საჭირო არაა. აქაურობას მივალაგებ და გადამივლის.

ფეხის ხმა გავიგე. დაჩიმ შემოაბიჯა, შემომხედა და დამაკვირდა. ვერ ვიტანდი ამ გამჭოლ მზერას, თითქოს ჩემ მიღმა ჩემივე აზრებს კითხულობდა და სრულიად შემოსილს მაშიშვლებდა.
- ტატა, გავისეირნოთ, რა, - თხოვნას ვგრძნობ მის ხმაში. მიყურებს, თვალს არ მაშორებს. მაჰიპნოზებს. უხმოდ ვუქნევ თავს და გამოსაცვლელად ოთახში შევდივარ.

მე და დაჩი სანაპიროზე მივსეირნობთ. თითქმის ნახევარი საათია უსიტყვობით ვაჯილდოვებთ ერთმანეთს. არც ის ჩქარობს საუბრის დაწყებას, მე კი სულაც არ მინდა დიალოგი. უცებ ჩერდება. იხრება და პატარა, ბრტყელ ქვას იღებს. გვერდულად დგება და წყლის ზედაპირზე მსუბუქად ასრიალებს.
- გახსოვს, ერთმანეთს რომ ვეჯიბრებოდით ხოლმე? - ბავშვობას იხსენებს, - ვერ იტანდი წაგებას, მაგრამ ერთხელაც ვერ მომიგე.
- ბავშვი აღარ ვარ, დაჩი, - ქვას ვიღებ მეც. ვბაძავ და გვერდით მიტრიალებული ვისვრი. ორი ნახტომის შემდეგ მძიმე მასა ჩერდება და ფსკერზე იძირება. ისევ წავაგე.
ხმას არ იღებს. საშინლად მიხარია, ჩემ ფიასკოზე კომენტარს რომ არ აკეთებს. ვაფასებ მის მიხვედრილობას, სწორ სიჩუმეს და იმას, რომ არ ცდილობს გამამხნევოს.
- მამამისი სადაა? - სხვათა შორის მეკითხება.
- თბილისში, - ვპასუხობ მოკლედ.
- და რატომ? - აშკარაა, ინტერესის დაკმაყოფილებას აპირებს.
- დავშორდით.
- მაგას მივხვდი, ტატა, - ტრიალდება და ზღვას კი არა, მე მიყურებს.
- თუ მიხვდი, რაღატომ მეკითხები?
- პრობლემები გაქვს? - უჩვეულოდ უსერიოზულდება ხმა.
- უჰ, - მეცინება, - პრობლემებს რა დალევს. არ გვინდა, მაგაზე საუბარი, დაჩი. დრამების განწყობაზე არ ვარ. ნახე, მზე ჩადის, - ჰორიზონტისკენ ვანიშნებ. ოდნავადაც არ აბრუნებს თავს. დგას და ისევ მე მიყურებს. მგონია, რენტგენში მატარებს.
- დაჩი, შეხედე, რა, - ფეხის წვერებზე ვიწევი, ხელით ლოყაზე ვეხები და თავს ვატრიალებინებ. უხილავი დენი მარტყამს. გული მიფრთხიალებს. რა ჯანდაბა გჭირს-მეთქი, საკუთარ თავს ვსაყვედურობ და ისაა, ხელი უკან უნდა წავიღო, თავის თითებს მკიდებს და სულ ოდნავ მიჭერს. მე ამ რამდენიმე წამიანი შეხებით ვხვდები, რომ ცხოვრება ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო. ვგრძნობ, დაჩი ჩემთვის ძალიან სწორი ადამიანია 15 წლის შემდეგაც კი, მაგრამ არასწორია ის, რაც ახლა ხდება. ეს უმნიშვნელო შეხება, ჩვენ შორის გაბმული უხილავი ძაფები, მზერა, რომელსაც თუხარელი არაფრით მაშორებს, სიტყვები, რომლებსაც ენის წვერზე აჩერებს, ა რ ა ს წ ო რ ი ა. არასწორია ჩემთვის, დაჩისთვის და ჩემი თომასთვის, რომელიც აუცილებლად იფიქრებს, რომ მე მისი თბილი და ოჯახური ბუდე ამ კაცის გამო დავანგრიე. მერე ყველაზე სწორი ყველაზე არასწორი გამოვალ ამ ამბავში და არ მინდა, არ მიღირს და არ მჭირდება. არ მჭირდება ახალი თავგადასავალი, თავშივე განწირული ურთიერთობა. თუმცა, მართალია, დაჩის ერთი სიტყვაც არ უთქვამს სამომავლო ურთიერთობაზე და დიდია შანსი, ის ამაზე არც ფიქრობს, მე მაინც შიში მიპყრობს წინასწარვე და მზად ვარ, ჩემი ფეხით გადავხტე წყალში და თავი ჩავიხრჩო. ამ ახალ გრძნობებში ჩახრჩობას, წყალს მივანდო ჩემი თავი, მირჩევნია.

- ცოლი არ გყავს? - გაანალიზებამდე ვეკითხები. საკუთარი კითხვა მაშინებს. დაჩი ჯერ შუბლს კრავს, მერე იცინის და თავს უარყოფის ნიშნად აქნევს.
- 35 წლის არ ხარ? - იმას ვაზუსტებ, რაც ისედაც ვიცი.
- ვარ, - ამაყად მპასუხობს. საამაყოდ ნამდვილად აქვს საქმე. შესანიშნავად გამოიყურება. ვერც იფიქრებ, 20 წლის რომ არაა. ფაქტია, უცხოეთი ძალიან მოუხდა.
- აბა, ის გოგო? - ვცდილობ, ისე ვიკითხო, არ დამეტყოს, წინა ღამით ცნობისმოყვარეობამ რომ არ დამაძინა.
- მეგობარია, - იღიმის და მანიშნებს, სეირნობა გავაგრძელოთო.
- მეგობარს არ ჰგავდა, - მის გასაგონად ვბუტბუტებ.
- მარტო ვარ, ციცაგი, - მშვიდად და გარკვევით მეუბნება, - რამე რომ იყოს, არ დავმალავდი.

ალბათ, მართლა არ დამალავდა. ვიგრძენი, როგორ მომეშვა გულზე რაღაც, მეორე დღეა მთელი ძალით რომ მიჭერს. რეალურად, მნიშვნელობა არც ჰქონდა იმას, იქნებოდა თუ არა მის ცხოვრებაში ვინმე, მაგრამ, ფაქტია, მესიამოვნა და იმ დღეს ხელმეორედ შევუძახე ჩემ თავს, ნუ ეგოისტობ-მეთქი.

- საზღვარგარეთ დაბრუნებას აპირებ თუ სულ რჩები? - სიჩუმის გასაფანტად ვეკითხები.
- გააჩნია.
- რას გააჩნია?
- ამჯერად გამოვა თუ არა ჩვენი ურთიერთობა, - ვითომც არაფერიო, ისე მპასუხობს და კენჭს ფეხს არტყამს.

ვშეშდები. შანსი არაა, რომ გაზრდილ, ჩამოყალიბებულ, 35 წლის უსიმპათიურეს დაჩი თუხარელს, 15 წლისა და მილიონჯერ ნათქვამი უარის შემდეგ, ჩემთან, შეუმდგარ ქალთან, განქორწინებულ, 10 წლის თომას დედასთან ურთიერთობა უნდოდეს. ისევ, ამდენი წლის შემდეგ. მას შემდეგ, რაც მას, დარწმუნებული ვარ, ბევრ ძალიან მაგარ გოგოსთან ექნებოდა შეხება და ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც ის საქართველოს საზღვრებს გასცდა და ბევრად თავისუფალ ცხოვრებას გემო გაუსინჯა. ბრუნდება ეს საოცნებო კაცი და მეუბნება, რომ ამჯერადაც ჩემ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ჩემი და მისი მომავალი. ის, რაც 15 წლის წინ შევწყვიტე და რაც მეგონა, რომ სამუდამოდ წარსულში დარჩა. დგას და მიყურებს. ჩემი წარსული. ზედმეტად ყურადღებიანი, მხიარული, შემდგარი ადამიანი და ჩემგან ელის იმ პასუხს, რომელიც არ მაქვს და რომელიც ვერც მექნება.
- კარგი, რა, დაჩი, - ვიცინი, - ნუ ხუმრობ.
- კარგი, რა, ციცაგი, - მაჯავრებს, - ასეთ თემაზე ხუმრობა შეიძლება?

არ ვიცი რატომ, მაგრამ, ვგრძნობ, ვბრაზდები. სისხლი მაწვება და დამეფიცება, გაწითლებული ვარ მთლიანად. დაჩი მამჩნევს და კარგად ხარო, მეკითხება. მერე შუბლზე ხელს მადებს და ტემპერატურას მისინჯავს.

- არ შეიძლება, 15 წლის შემდეგ დაბრუნდე და ასე პირდაპირ მაჯახო, რომ ჩემზეა დამოკიდებული შენი დარჩენის ამბავი, - ხელს ვაშვებინებ, - იქნებ, საერთოდაც არ გხვდებოდი ცოცხალი? იქნებ, ისევ გათხოვილი ვარ? შვილი მყავს, დაჩი. 10 წლის შვილი. რაღა დროს ჩემი ეგეთებია.

ჩემდა გასაკვირად, იცინის.

- შვილი რომ გყავს, მაგით ცხოვრება დაასრულე თუ რა დროს განმისაზღვრავ? მომისმინე, ციცაგი, 15 წლის წინ რომ წავედი და შენ ამ დღეში აღმოჩნდი, ისიც მეყოფა სანერვიულოდ. ნუღა მიმატებ და ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს 30 წლის ასაკში ყველაფერი დაამთავრე. ცხოვრებაა ეგეთი, ხან კარგია, ხან - ცუდი. ჰოდა, უფლება მომეცი, ახლა ეგ ცუდი კარგით შევცვალო.
- დაჩი, უბრალოდ, შეუძლებელია, 15 წლის შემდეგ ისევ ჩემთან ყოფნა გინდოდეს. ნუ მაბოლებ. გუშინ რა გოგოსთან ერთად იყავი, წარმოდგენა მაინც თუ გაქვს? თვალები გაახილე, რა. ოჯახის შექმნა ერთია, მაგრამ შვილიანი ქალის სახლში მიყვანა - მეორე.
- რა კომპლექსები გაწუხებს შენ, - ამათვალიერა, - საკუთარ თავს სარკეში არ უყურებ ხოლმე? ოცნების ქალი ხარ, ტატა და თავს ნუ ისაცოდავებ. რას მიკეთებდა შენი ყოფილი ქმარი? ვერ დაგანახვა, როგორ გაუმართლა, მის ცხოვრებაში რომ არსებობდი?

მართლაც, რას აკეთებდა ჩემი ყოფილი მეუღლე? როდის ან რატომ გაითელა ჩემი თვითშეფასება? 20 წლამდე იდეალურად ვგრძნობდი საკუთარი გარეგნობის ყველა ლამაზ მხარეს. 20 წლის ტატას არასდროს შეშურდებოდა იმ გოგოსი, გუშინ ყელმოღერებული რომ აფრქვევდა შარმს. ახლა კი ქალად ქცეული ის გოგო იდგა, პასუხებს ეძებდა და ახსენდებოდა, რომ ყოფილი ქმრისგან კომპლიმენტების ნაკლებობას განიცდიდა. თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შენი ადამიანის მიერ შენ მიმართ ნათქვამ თუნდაც ერთ დადებით სიტყვას, რომ სწორად შერჩეულ ემოციას შეუძლია მთელი დღის განწყობა გადაგიწყვიტოს. დაჩი ბავშვობაში ბევრ ლამაზ სიტყვას მეუბნებოდა. არასდროს ეპარებოდა ჩემი შეჭრილი თმა, ახალი ტანსაცმელი, მოკლებულ-მომატებული კილოგრამები. არც ჩემი გუნება-განწყობის ცვლილება რჩებოდა თვალთახედვიდან. ხან ერთი სიტყვით, ხანაც უსიტყვოდ ხვდებოდა, როგორ ვიყავი და რა მჭირდა. არასდროს მიწევდა მისთვის რაიმეს ახსნა, რადგან აუხსნელადაც ყველაფერი იცოდა. გადაშლილი წიგნი ვიყავი მისთვის და ახლა რომ ვუფიქრდები, არც ვცდილობდი, საკუთარი თავი, უარყოფითი თვისებები და ემოციები მისგან დამემალა. დაჩის მთელი ცხოვრება ვიცნობდი და მარტო ეგ ფაქტი იმდენად დიდ კომფორტს მიქმნიდა, არასდროს მიწევდა პრანჭვა, გამოწყობა, სარკის წინ ტრიალი, რომ ჩემი სილამაზე შეემჩნია. მისთვის უბრალო შორტში, დიდ მაისურში, თმა აწეწილიც კი ყველაზე მაგარი გოგო ვიყავი. ეგრეა ზოგადად, თუ ადამიანი შენით დაინტერესებულია, ურთიერთობაში ეგ ყველაფერი თავისით, ბუნებრივი გზით მოდის.

- დაჩი, მეორე დღეა ისეთი რაღაცები ხდება ჩემ თავში, რაც საერთოდ არ მომწონს, - სმენად იქცა, - არ მომწონს, რომ ჩემ ყოფილ ქმარს გადარებ და ვხვდები, რამდენად არასწორად მექცეოდნენ ყველაზე ძვირფას ურთიერთობაში. რამდენის მიღება შემეძლო და რამდენს ვერ ვიღებდი. არ მომწონს იმის გახსენება, რომ 15 წლის წინ ჩემი ნებით ვთქვი უარი ამ ყველაფერზე, შენ კი მაინც აქ ხარ, ჩემ წინ დგახარ და ამის გამო თავს საშინლად ვგრძნობ. არ მინდა, იმ ადამიანად ვიქცე, საკუთარი კეთილდღეობისთვის ხალხს რომ იყენებს. დაჩი, მოგბეზრდება. მე კიდევ ვერავის ტვირთად ვერ ვიქცევი. მარტო რომ ვიყო, ალბათ, ამდენს არც ვიფიქრებდი, საკუთარ თავმოყვარეობას, 15 წლის ტატას გადავაბიჯებდი და თავისუფლად ვიქნებოდი შენთან. არც სინდისი შემაწუხებდა და იმასაც ვიფიქრებდი, რომ მე ამას ვიმსახურებდი და იმიტომაც მივიღე. მივიღე შენი თავი, როგორც ყველაზე დიდი და სწორი ძღვენი ჩემ ცხოვრებაში. მაგრამ, მე მარტო არ ვარ, და ვერც ვიქნები. შვილი მყავს-მეთქი, რომელსაც ამას ვერ ავუხსნი და ზუსტად ვიცი, თომა ვერ გაიგებს. უყვარს მამამისი და აუცილებლად შეგიძულებს შენც და, პირველ რიგში - მე. არ მინდა, ჩემმა შვილმა იფიქროს, რომ მის ბედნიერებას საკუთარი ვარჩიე. არ მინდა, თავი მიტოვებულად იგრძნოს. არა მაშინ, როცა ერთი მშობელი გვერდით ისედაც არ ჰყავს. გესმის?

დაჩის თვალებში ვხედავდი, რომ ესმოდა. ესმოდა და არც შემწინააღმდეგებია. ის მშობელი არ იყო, მასზე არავინ იყო დამოკიდებული და ბოლომდე ვერც გააანალიზებდა, რას და რატომ ვამბობდი. მაგრამ, სადღაც, გულის სიღრმეში, მჯეროდა, რომ ეს კაცი, წარსულიდან გადმოღვენთილი ჩემი ბავშვობა, ბევრ რამეს აურევდა და შეცვლიდა. საქმე ისაა, როგორ აისახებოდა ეგ ცვლილებები ჩვენზე.

- გამოდის, მომიწევს დავრჩე და ყველა პრობლემა, რაც ჩემთან ყოფნაში ხელს გიშლის, მოვაგვარო, - მიღიმის, ლოყაზე მეფერება და ისე მიდის, არც მელოდება.

სახლში დაბრუნებულს მაცივარზე წერილი დამხვდა. ჩემი და იწერებოდა, თომა გასართობად წავიყვანეო. მადლიერება ვიგრძენი. ახლა მარტო ყოფნა და ფიქრი ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ძალაგამოცლილი მივესვენე დივანს. ემოციებისგან მთელი სხეული მტკიოდა, სხეულზე მეტად ტვინი და ძილზე მეტად არაფერი მინდოდა, მაგრამ ძილი ვერ მომეკარებოდა.

- დაჩი თუხარელს ჩემთან ურთიერთობა უნდა. ბედის ირონიაა, რა.

მერე ვფიქრობ ყველაფერზე: წარსულზე, მომავალზე და ყველაზე მეტს - აწმყოზე, რომლისაც არ მჯეროდა. ყველაზე კარგად გაწერილ სცენარში ხდება ასე, ადამიანი სწორ დროს, სწორ ადგილზე რომ მოგისწრებს და მაინც ბევრი რამ გაბრკოლებს. დაჩის გამოჩენა ჩემ განქორწინებას რომ დაემთხვა, ზემოთ გადაწყვეტილი ამბავი მგონია. იქნებ ჩვენი ამბის მთავარი მთხრობელი, ადამიანების ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ზის და ყველაფერს აკეთებს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც სწორი გადაწყვეტილება მივიღო. იქნებ თვალს მადევნებს და ჰგონია, რომ მე ამას ვიმსახურებ. ბედნიერებას ვიმსახურებ. ამდენი წლის შემდეგ, ამდენი არასწორი ნაბიჯის შემდეგ, ზის და მელოდება. ჩემ არჩევანს პატივს სცემს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯის შემდეგაც ისე ვეყვარები, როგორც დაბადებისას ვუყვარდი. მაგრამ, არ შეიძლება ყველაფერი ერთს მიატოვო და შენ გულხელდაკრეფილი იჯდე მანამ, სანამ შენ მაგივრად სხვა შენ ცხოვრებას გადაწყვეტს. არ შეიძლება, ლაჩრულად იქცეოდე 30 წელი და სულ შიშში ცხოვრობდე. შიშში, რომ ბოლოს მაინც მარტო დარჩები, არავის ეყვარები, არავის ენდომები. შიშში, რომ ადამიანს შენი არსებობით ცხოვრებას დაუნგრევ. შიშში, რომ ის, რაც ახლა მიმზიდველად ეჩვენება, მომავალში შეაწუხებს და თავისი გადაწყვეტილების სისწორეს ეჭვქვეშ დააყენებს. შიშში, რომ შენთვის საყვარელი ადამიანის თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები ნელ-ნელა ჩაქრება, მზერა შეიცვლება და იმის გაანალიზება მოგკლავს, რომ ყველაფერი დამთავრდა. რომ ძველებურად აღარაფერი იქნება. ვიჯექი და ვფიქრობდი. ვერ ვიგებდი, ასეთი მშიშარა როდის გავხდი.


ერთ მომენტში, მივხვდი, ჩამეძინა. სხეულის მოდუნებამდე და სიზმრების სამყაროში გადაფრენამდე, გავიგე, როგორ შემოხსნა ვიღაცამ სახლის კარი და ფეხაკრეფით წამოვიდა ჩემკენ. ფრთხილად გადმოიხარა და მაშინვე ვიგრძენი თბილი ტუჩები ჩემ შუბლზე. კანის სუნით ვიცანი, ჩემი შვილი იყო. მიყვარხარო, მორცხვად ამოიბურტყუნა და გამეცალა. ნახევრად მძინარემაც ვიგრძენი, როგორ გამითბა მთელი სხეული. დიდი ხანი იყო გასული, რაც თომამ ბოლოს სითბო გამოამჟღავნა ჩემთან. არ იყო მოფერების მომხრე, არ მოსწონდა, როცა ეხებოდნენ, რბილ ლოყებს უწელავდნენ, კოცნიდნენ ან, თუნდაც, სიტყვით გამოხატავდნენ მის მიმართ სითბოს. თავი ყოველთვის შორს ეჭირა, ზედმეტად დიდობდა თავის ასაკთან შედარებით. უნდოდა, ყველას ისე აღექვა, როგორც ზრდასრული ადამიანი და მეც პატივს ვცემდი მის დამოკიდებულებებს. არ ვაძალებდი არაფერს, გარდა სწორად კვებისა.

იმ საღამოს, ყველაზე გემრიელად მეძინა.

რამდენიმე საათში გამეღვიძა. სამზარეულოდან გამოსული ხმაურით ვხვდებოდი, ჩემი და და თომა იქ უნდა ყოფილიყვნენ. მაგიდის გარშემო შემომსხდარ დეიდა-დისშვილს კარტი გაეშალათ და თამაშობდნენ.

- ვიცი, რომ მატყუებ, - კარტის ზემოდან იყურება თომა, - შანსი არაა, ამდენს როგორ იგებ?
- ვფიცავ, - გულზე ხელს იდებს ჩემი და, - ჩემ საყვარელ დისშვილს როგორ მოვატყუებ?
- რამე ჭამეთ? - ორივემ შემომხედა.
- გარეთ ვჭამეთ, - თვალს მიკრავს ჩემი და.
- აუ, დე, ეს რა მაგარი მეგობარი გყოლია, - მეუბნება თომა და ციცაგის კარტს უჭრის.
- ვინ მეგობარი? - მაცივარში შეყოფილ თავს უკან ვწევ. თან მომაქვს საზამთროსა და მალინის მურაბა. ჩაის განწყობაზე ვარ.
- აი, ის, რა ჰქვია? - ჩემ დას უყურებს, - ა, ჰო, დაჩი. რაღაცნაირი გვარი რომ აქვს, დილით რომ იყო აქ.

გაოცებისგან ლამისაა ყბა მომძვრეს. სად დაჩი, სად ჩემი შვილი. როდის გადაკვეთეს გზები?

- ციცაგი, დაჩი სად ნახეთ?

ჩემი და მიყურებს. ვგრძნობ, თავს დამნაშავედ თვლის და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.

- დამირეკა, გავისეირნოთო. თომას გაცნობა უნდოდა. მანქანით ციცინათელაში წაგვიყვანა, მერე რესტორანში დაგვპატიჟა. თომას მოეწონა, - ღიმილით გადახედა ჩემ შვილს.
- ხვალაც უნდა გავისეირნოთ, - ბედნიერმა მახარა და ცერა თითი ამიწია, მაგარი კაცია დაჩიო. მე პირი გამიშრა და ენა ვერ მოვაბრუნე, რამე რომ მეთქვა.

ბავშვობაშიც არ იყო მთლად დალაგებული დაჩი თუხარელი. დაბადებიდან ვიცნობდი, მაგრამ უკვე პირველ კლასში, როცა შედარებით მოზრდილი ბათუმს ვესტუმრე, დაჩი თავიდან გავიცანი. ცურვა არ ვიცოდი, მაგრამ წყალი მიყვარდა და ისე გავერთე, ვერც მივხვდი, როგორ ავფართხალდი კოჭებამდე წყალში. დაჩიმ პირველად მაშინ გადამარჩინა და მახსოვს, მთელი საღამო ჩემთან ერთად თამაშობდა ქვიშაში. დიდი იყო, მაგრამ ჩემთან თამაში ერჩივნა თავის მეგობრებთან ყოფნას. მეც, რადგანაც ბათუმში მეგობრები არ მყავდა და ჩემი დაც მაშინ რამდენიმე თვის იყო, თუხარელი მიხაროდა და დღეს და ღამეს მასთან ვასწორებდი. დაჩი ჩემ ოჯახშიც ხშირად მოდიოდა. დედაჩემის მომზადებულ კერძებს ჭამდა, მამაჩემთან ერთად სპორტში ერკვეოდა და ნელ-ნელა ისე შემოძვრა ჩემ ცხოვრებაში, ვერც გავაანალიზე. მერე ყველა ზაფხული დაჩისთან ასოცირდებოდა, ყველა საღამო უერთმანეთო ამბების გაზიარებასთან. მერე იყო პირველი გატაცება ჩემ ცხოვრებაში: ბათუმელი ლექსო, დაჩის მეგობარი. ჩემი დამოკიდებულების გამო არეული თუხარელი, არეული ურთიერთობები, არეული გრძნობები. ეჭვიანობა, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა ჩემ ყოველდღიურობაზე. დაძაბული საღამოები. მუდამ ცუდის მოლოდინში მყოფი 10 წლის მე. არადა, ხომ ყველა გოგოს აქვს ეგეთი მომენტი, თავი ყველაზე მაგარი რომ გგონია, უბანში გამოფენილ ბიჭებს თმების ფრიალით რომ ჩაუვლი დაქალთან ერთად. დაახლოებით, ეგეთი რაღაც ხდებოდა, მაგრამ ბათუმში მე დაქალი არ მყავდა და დაჩის დავათრევდი ხოლმე. შორიდან ვეტრფოდი მის მეგობარს და მაშინ ვერც ვაანალიზებდი, 15 წლის თუხარელს, გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდს, როგორ ცუდად ვექცეოდი. მაგრამ არ იყო ჩემი ბრალი და მაშინ ზუსტად ეგრე ვფიქრობდი. მე რომ ერთი წამით მაინც დამეშვა, რომ დაჩი ჩემთვის მეგობარზე მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო, ალბათ არც არასდროს ვაწყენინებდი.

ვიცოდი, არ მომეშვებოდა, მაგრამ იმაში არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეგ ის იყო, რაც მინდოდა.

მეორე დღეს საუზმეზე დაჩი ისევ კართან მხვდება. ერთ ხელში ფუნთუშების შეკვრა უჭირავს, მეორეში დონატების ყუთი და მიღიმის, როგორც ყოველთვის.

- შემომიშვი. ჯერ კიდევ თბილია.
ვსაუზმობთ. ჩემდა გასაკვირად, უხერხული სიჩუმე ხელს არ გვიშლის. დაჩის და თომას ჩაის ვუსხამ, ჩემთვის და ჩემი დისთვის ყავას ვამზადებ. შორიდან ვბურღავ თუხარელს, მაგრამ ყურადღებასაც არ მაქცევს. თომას ესაუბრება რაღაცაზე და ორივე გულიანად იცინის. მოვლენების ასეთი სწრაფი განვითარება, ცოტა არ იყოს, მაშინებს.

- დე, - ჩემკენ ბრუნდება თომა, - დაჩისთან ერთად წავალ, რა.

მე ისევ დაჩის ვუყურებ. ამჯერად მზერას მისწორებს და თვალს მიკრავს. ვხვდები, გეგმა აქვს შემუშავებული და იმასაც ვხვდები, თავის ჩანაფიქრს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.

- სად მიდიხართ? - დაჩის ვეკითხები.
- სტადიონზე, ფეხბურთს ვუყურებთ. არა, თომა? - ღიმილით უბრუნდება ჩემ შვილს. ღმერთო, ეს ღიმილი. იმასაც ვეღარ ვიგებ, მაღიზიანებს თუ მსიამოვნებს. ფაქტია, ჩემ შვილზე კარგად მოქმედებს და ისიც თავს უქნევს თანხმობის ნიშნად.

- ჰა, რას იტყვი, დე? - მანჯღრევს თომა. კარგი-მეთქი, ვთანხმდები. რადგან მამამისს არ აქვს იმის ფუფუნება, შვილი ასე გაანებივროს, რატომაც არა? თომა იმსახურებს, რომ ის აკეთოს, რაც ძალიან მოსწონს და უყვარს. თანაც, სულ ქალების გვერდით ყოფნა მისთვის მოსაბეზრებელია.
- მაგარია, - ბედნიერებისგან ცქმუტავს, - წავალ, ჩავიცვამ.

სამზარეულოში მე და დაჩი ვრჩებით. უჩუმრად გაპარული ჩემი და ოთახში იკეტება. დაჩი ჩაის ამთავრებს და ჭიქას ნიჟარაში დგამს. მერე მიახლოვდება. ყავის ჭიქაზე შემოწყობილ თითებს ნელ-ნელა მითავისუფლებს და მეფერება. გულისცემას ყელში ვგრძნობ.

- მოეშვი, ტატა. აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება, - სწრაფად მკოცნის ლოყაზე, სამზარეულოში შემოვარდნილ ჩემ შვილს ხელს ავლებს და მიდის.

საღამოს თომა იმაზე უფრო აჟიტირებული ბრუნდება, ვიდრე ზოგადად სჩვევია ხოლმე. ენას არ აჩერებს და მთელი დღის თავგადასავალს ერთი ამოსუნთქვით გვიყვება. გაბრწყინებული იხსენებს, როგორ დაითანხმა დაჩიმ დაცვა, რომ სტადიონზე შეეშვათ ცოტა ხნით. როგორ ითამაშეს ფეხბურთი, მერე როგორ გადაუხვიეს გზიდან და კარტინგებზე როგორ აჯობა თუხარელს. მოკლედ, ჩემი შვილი ბედნიერი იყო და მე ეგ საშინლად მახარებდა.

- ანუ, დაჩი მოგწონს, - თავზე ხელს უსვამს ჩემი და.
- კი, მაგარი კაცია, - აღფრთოვანებას ვერ მალავს, - დამპირდა, დედაშენი თუ დაგვთანხმდება, შემდეგში ჩემ მანქანას გაგატარებინებო.
- მგონი ვიღაცამ პირობების დადებას უნდა მოუკლოს, - ვიღრინები. ყველაფერი კარგი, მაგრამ ასეთი ტემპით, თომა ხვალვე ჩემ თავს გადაულოცავდა თუხარელს. მეგონა, შვილი მღალატობდა.
- ჩვენთან ერთად დროის გატარება აღარ გინდა? - წარბებს კრავს ჩემი და.
- კარგი, რა, ციცაგი. თქვენ მარტო ქალურ რაღაცებზე ლაპარაკობთ ხოლმე. თქვენთან ერთად, მაქსიმუმ, აჭარული ხაჭაპური ვჭამო, - გვეკრიჭება.
- თუ არ გინდა, რომ დაჩის დაპირებები დაპირებად დარჩეს, წყალი გადაივლე და დაწექი, - გამაფრთხილებლად ვუქნევ თითს. თომა მაშინვე დგება და სააბაზანოში უჩინარდება.
- თუხარელი ყოველთვის ყველას მოხიბვლას ახერხებს, - გვერდულად მიყურებს ჩემი და, - ეგრეა, არა?
- რამის თქმა გინდა? - ვეღრინები მასაც.
- არა, არაფერი. ისე, - მხრებს იჩეჩავს და ღიღინით მშორდება.

ერთი თვის თავზე თომა დაჩიზეა შეყვარებული და სახლში ყოფნაც კი გულს უწუხებს. შვილი მომპარა-მეთქი, დღე და ღამ ვეწუწუნები ციცაგის. ისიც მამშვიდებს და მეუბნება, რომ ეგ თომასთვის კარგია, რადგან ახალი ადამიანით აღფრთოვანებულმა ჩემმა შვილმა მამამისზე საუბარი შეწყვიტა და ჩემთან ურთიერთობა დაათბო. ჩემ ყოფილ ქმარს რომ აღარ ახსენებდა, სადღაც გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც, მაგრამ, ზუსტად ვიცოდი, დროებითი იყო ეგ სიმშვიდე და მალე დაირღვეოდა. დაჩიმ ჩვენთან სიარულს მოუხშირა. გუმანით ვგრძნობდი, მხოლოდ ჩემ გამო არ ჰქონდა თომასთან ურთიერთობის მცდელობები. დაჩის ასაკში ხალხის უმეტესობას 2-3 შვილი მაინც ჰყავს, ამიტომ თუხარელის გეგმა, როგორმე ჩემი შვილის გული მოეგო ჩემ გამო, დიდი ხნის წინ გასცდა თავშივე მოფიქრებულ აზრს და ახლა ყველა სიცილზე, გულწრფელ დიალოგზე, თავზე მოფერებით გადასმულ ხელზე, ერთად გატარებულ დროზე, საერთო გეგმებზე ვხვდებოდი, დაჩი თომას ისე ექცეოდა, როგორც იმ შვილს, რომელიც არ ჰყავდა.

იმ ერთი თვის თავზე თომამ კარი შემომინგრია და მახარა, დაჩი მოდის და გადმოგცა, ლამაზად ჩაიცვასო. გამოვშტერდი. ვუყურებდი ჩემ შვილს და ვერ ვიჯერებდი, რომ ასე თავისუფლად, ასე ლაღად, ასე გააზრებულად მეუბნებოდა, რომ საღამო დაჩისთან უნდა გამეტარებინა.

- თომა, ხომ კარგად ხარ? - ტემპერატურას ვუსინჯავ შუბლზე.
- რატო, დე? - გაკვირვებული მიყურებს.
- რა ვიცი, - შესაფერის სიტყვებს ვარჩევ. არ მინდა, ჩემი გაოცება ვაგრძნობინო და მისი აღფრთოვანება ჩავაცხრო, - შენ წინააღმდეგი არ ხარ?
- წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო? ხომ გითხარი, მაგარი კაცია დაჩი, - კარისკენ მიდის. მერე ბრუნდება, რამდენიმე წამს მიყურებს და მეხუტება. ვიბნევი და იმასაც ვერ ვიაზრებ, ხელები შემოვხვიო. თავს ზემოთ სწევს და ნიკაპს მუცელზე მადებს. ქვემოდან მიყურებს თავისი ლამაზი, ყავისფერი თვალებით.

- ბოდიში, მაშინ რომ გითხარი, ნეტავ მამასთან დავრჩენილიყავი-მეთქი. მართლა არ მიგულისხმია ეგ, - იქვე მკოცნის, სადაც თავი ედო და სანამ რამეს ვეტყვი, ოთახიდან გარბის.

ასე გაშეშებული ვდგავარ რამდენიმე წუთი. ასეთ მდგომარეობაში მპოულობს ჩემი და და ხელს სახის წინ მიქნევს.
- მშვიდობა გაქვს, ციცაგი? - მაკვირდება.
- ხომ გახსოვს, შენ დისშვილს ცივსა და უგულოს რომ ეძახდი? - თავს მიქნევს, - ჰოდა, დროა სხვა რამე მოიფიქრო.

საღამოს დაჩი მართლა მოდის. მე ის კაბა მაცვია, რამდენიმე წლის წინ რომ ვიყიდე ფასდაკლებით. შავ ნაჭერში გამოწყობილს თავდაჯერებულობა მემატება. ვეღარც ვიხსენებ, ბოლოს როდის ვცადე, რომ ლამაზი ვყოფილიყავი.

გასვლამდე თომა მათვალიერებს და ცერა თითს მოწონების ნიშნად მიწევს. ვგრძნობ, მე ეს ბიჭი, ეს 10 წლის ზედმეტად ჭკვიანი და გულიანი ბიჭი, მსოფლიოს მირჩევნია. ლოყაზე ვკოცნი და მალე დავბრუნდები-მეთქი, ვუბარებ.

დაჩი მანქანის კარზე მიყრდნობილი მხვდება. შავი შარვალი და თეთრი, თხელი პერანგი აცვია. გარუჯულ სხეულზე თავისუფალი ტანსაცმელი იდეალურად აჯდება და ლამისაა, მუხლი მომეკვეთოს. ჯერ ხელზე მკოცნის, ულამაზესი ხარო, მეუბნება და კარს მიღებს. თავი სიზმარში მგონია.

უკვე მანქანაში მჯდომს უხერხულობის განცდა მიპყრობს. როგორ უნდა გავანგრიო ის კედელი, მთელი ცხოვრება ჩვენ შორის რომ მქონდა აღმართული? როგორ შევცვალო მეგობრობა სხვა სიტყვით? მინდა, დაჩიც ჩემსავით აფორიაქებული იყოს და ამ მდგომარეობაში მარტო არ დამტოვოს. ჰოდა, გამჩენი არ მასვენებს და ვეკითხები, თავს უხერხულად არ გრძნობ-მეთქი?

- შენ უხერხულად ხარ? - კითხვას მიბრუნებს.
- მგონი, - ხმა შესამჩნევად მიწვრილდება.
- კარგი, რა, ციცაგი, - ჩემკენ იხრება და ყინულივით ცივ თითებს თავის თბილ ხელში აქცევს,- თომას პრობლემა მოვაგვარე და ეგ უხერხულობა ვერ მომიშორებია?
- ჰო, ჩემი შვილის მოხიბვლა საინტერესო გზებით მოახერხე, - ისევ ჩვენ გადაჭდობილ ხელს დავყურებ.
- ვინ გითხრა, რომ თომა მაგ ყველაფრით დავითანხმე? - გზას თვალს აშორებს და მიყურებს.
- აბა?
- დაველაპარაკე. ავუხსენი. მან კიდევ, ყველაფერი გაიგო. საერთოდაც, მგონია, ის უფრო მარტივად დავითანხმე, ვიდრე შენ. მიდი, გამოტყდი, რამდენ ხანს ორჭოფობდი, ამ საღამოს ჩემთან ერთად წამოსულიყავი თუ არა?

მახსენდება, ოთახში საკუთარ თავს რომ ვებრძოდი. რამდენჯერ შევკიდე გადმოღებული კაბა, რამდენჯერ დავაგდე მაკიაჟის გასაკეთებლად აღებული ფუნჯი, რამდენჯერ მოვისროლე თმაში აბურდული სავარცხელი, რამდენჯერ გავიხადე და ჩავიცვი ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც საშინლად მიჭერდა.


- მსგავსი არაფერი ყოფილა, - ვატყუებ. ისღა მაკლია, გავაგებინო, როგორ ამანერვიულა.

დაჩი მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ზის და მიყურებს. ნახევარი საათია, უხმოდ ზის და მაკვირდება. აბა, უხერხულობას ბოლოს მოვუღებო, გულში ვბობოქრობ და ლამისაა, მაგიდის ქვეშ შევძვრე და დავიმალო. მიმტანს ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ყველის დაფები მოაქვს. მგონია, ჩემი დათრობა აქვს გეგმაში. არადა, სასწაულად მშია. ამ შავ კაბაში რომ ჩავტეულიყავი, სახლში ჭამაზე უარი განვაცხადე. მშიერ ქალთან ერთ მაგიდასთან ჯდომა კარგი აზრი არაა-მეთქი, მინდა ვუთხრა, მაგრამ თავს ვიკავებ. სამაგიეროდ, ერთი მოყუდებით ვცლი ჭიქა ღვინოს და მაშინვე ვგრძნობ ალკოჰოლის ზემოქმედებას. აი, რა მოსდევს პატიოსან ცხოვრებას, გულში ვხარხარებ.

- ტატა, რამეს შეჭამ? - ჩემ გამოცლილ ჭიქას უყურებს დაჩი. ვინ იცის, გულში ფიქრობს, გალოთებული ადამიანისთვის ვიწვალე ამდენიო?
- შევჭამ, - თამამად ვპასუხობ.

დაჩი მენიუს გარეშე რაღაცას არჩევს და ორივე ჩვენგანისთვის უკვეთს. 20 წუთში ეგზოტიკური პროდუქტებით შექმნილი უცხო საჭმელი ჩემ წინ ჩნდება. წარმოდგენა არ მაქვს, მინდა თუ არა, რომ შევჭამო, მაგრამ აღრიალებულ კუჭს ვერ ვამშვიდებ, ამიტომ ჩანგალს ვიღებ და ვჭამ. მეორე ლუკმაზე უკვე სიამოვნებისგან ხმებს ვუშვებ. ვგრძნობ, დაჩი ღიმილით მიყურებს. ალბათ, კმაყოფილია.

- თომამ მითხრა, ბათუმში პირველად ვარო, - საუბარი დაიწყო თუხარელმა. მე ლუკმა გადამცდა და მივხვდი, უხერხულ საუბარს ვერ ავცდებოდი.
- მართალია, - ჭამას თავს ვანებებ და ვუყურებ.
- გამოდის, ბავშვობის მერე აქ არ ყოფილხარ.
- შენი წასვლის მერე სულ ერთხელ ვიყავი, - გამახსენდა, როგორ არ მომეწონა დაჩის გარეშე ბათუმი.
- მერე, რაო, რა გითხრა?


ვინ-მეთქი, წარბების აწევით ვკითხე.

- ბათუმმა, ტატა, - ღვინოს სვამს.
- რაო და დაჩის გარეშე ისეთი არ ვარ, როგორიც ვიყავიო.
- აჰა, ანუ, უჩემობა გიგრძნია მაინც.
- რისი მოსმენა გინდა? - ყელში ამომდის გადაკრული საუბარი.
- მინდა, გავიგო, ფიქრობდი თუ არა ჩემზე? ან გენატრებოდი, თუ არა? მაინტერესებს, როგორ ცხოვრობდი, როგორ ატარებდი დროს. როგორი ყოველდღიურობა გქონდა და მაგ ყოველდღიურობაში ერთხელ მაინც თუ იჭრებოდა ჩემი არსებობა. საერთოდ, გიფიქრია, რომ დავბრუნდებოდი?
- არ ვფიქრობდი შენზე, დაჩი. არ მინდოდა და არ ვფიქრობდი, - მეორე ჭიქა სასმელმა გამათამამა, - დიახ, იყო ჩემ ცხოვრებაში მომენტები, როცა ვოცნებობდი, დაბრუნებულიყავი და შენ მხარზე თავჩამოდებულს გულიანად მეტირა. მაკლდი ხანდახან და არ მომწონდა, თუკი ერთ წუთზე მეტხანს ვფიქრობდი შენზე. საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიცია შესაძლებლობა, იმ 15 წელზე მეფიქრა. პატარა ვიყავი მაშინ და დღემდე ვერ ვხვდები, ჩემგან რას ელოდი ან ახლა რას ელოდები. გინდა გითხრა, რომ უბედური ვიყავი? ვიყავი, ხანდახან. ვფიქრობდი ხოლმე, რომ ეს ის არ იყო, რაც მინდოდა. მეტი მინდოდა, ყოველთვის და რაც არ უნდა გამეკეთებინა, ვერ ვჯობნიდი საკუთარ თავს. ქმარმა რომ მიღალატა, იცი რა ვიგრძენი? - თვალები გაუფართოვდა დაჩის. რა თქმა უნდა, მან ხომ არ იცოდა, რატომ დავშორდით მე და თომას მამა, - შვება. თითქოს მხრებზე უზარმაზარი ტვირთი მაწვა და ვერაფრით ვიშორებდი. თითქოს სწორედ ეგ მჭირდებოდა და მეც პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენე. არადა, არ იყო ეგ პირველი შემთხვევა. ბევრი მიზეზის გამო შემეძლო თავის დროზე წამოსვლა, მაგრამ გამბედაობა არასდროს მყოფნიდა. ვხვდებოდი, ჩემი ბავშვური სიყვარული ნელ-ნელა როგორ უფერულდებოდა. იმასაც ვხვდებოდი, ჩემი ქმარი ჩემით ისეთი აღტაცებული რომ აღარ იყო, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. უფრო დიდი რაღაც მჭირდებოდა, ვიდრე უსიყვარულობა იყო და მერე, ერთ დღესაც, აღმოვაჩინე, რომ მღალატობდა. გულისრევამ კინაღამ გამგუდა. იმის წარმოდგენამ, რომ ერთ დროს საყვარელმა ადამიანმა ყველაფერს ასე ბინძურად გადაუსვა ხაზი. ჰოდა, წამოვედი. დარჩენის მიზეზი არ მქონდა. ახლა კი, დაჩი, შენ ჩემთან გინდა, მე კიდევ ვერაფრით ვერევი იმ ტრავმებს, წინა ურთიერთობიდან რომ შემომრჩა. ჩემი ერთადერთი პრობლემა თომას დამოკიდებულება და რეაქცია არ იყო, ეს უფრო რთული, ფსიქოლოგიური მომენტია, როცა ადამიანი საკუთარ თავს ვერ ენდობი და ნდობა გიქრება სხვების მიმართაც. იგივე რომ მოხდეს? ისევ იგივე რომ მოხდეს, მერე რა იქნება, დაჩი?

სმენადქცეულ თუხარელს ლოყები ბრაზისგან ასწითლებოდა. ვიცოდი, პირს გააღებდა და აუცილებლად გადამყლაპავდა. არ მაპატიებდა, რომ მასში ეჭვი შემქონდა, არ მაპატიებდა, რომ ასე უგულოდ ვადარებდი საშინელ რეალობას, მაგრამ ჩემი უნდა გაეგო და ვიცოდი, გამიგებდა კიდეც.

- რასაც ახლა შენ მეუბნები, გავფილტრავ და ტვინამდე ისე მივუშვებ. იმით, რომ ეჭვი შეგაქვს ამ ყველაფერში, ჩემ გულწრფელ დამოკიდებულებაში, შეურაცხყოფას მაყენებ და მინდა, ეგ გაიაზრო. ციცაგი, მე შენი ყოფილი ქმარი არ ვარ. დაჩი თუხარელი ვარ, 15 წლის წინ მიყვარდი და ახლაც ძალიან მიყვარხარ. არ შეიძლება, ერთი ადამიანი ამდენ ხანს გიყვარდეს და იმ ადამიანის გრძნობები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო. ყველაფერი მესმის და ყველაფერს გავიგებ, მაგრამ ჩემ გრძნობებს, ჩემ გულწრფელობას, ჩემ ადამიანობას ნუ შეეხები და გეფიცები, მაგასაც მოვაგვარებთ. საკუთარ თავთან მარტო რომ ხარ, იმიტომაც გჭამს ეჭვის ჭია. უფლება მომეცი, შენ ჭრილობებს მე ვუმკურნალო.

მე მგონია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. ყველა ადამიანი თავის კვალს ტოვებს და ეგ კვალი, თუკი ჭრილობებად გრჩება, მომდევნო ადამიანის მოსვლით უფერულდება. დაჩი, რაღაც ძალით, ჩემ წინ ზის და ვუყვარვარ. ისევ ძალიან ვუყვარვარ და ერთადერთი რასაც ითხოვს, პირველი შანსია. შანსი, რომ ჩემი ცხოვრება ძალიან მაგარ რეალობად აქციოს. შანსი, რომელიც მთლიანად შეცვლის ჩემი ცხოვრების წარსულს და მომავალს. ის, რაც მიშველის ან ყველაზე ცუდ მომენტში - გამანადგურებს. მე კიდევ მჯერა, რომ რისკის გარეშე არაფერი ხდება. თუ არ გარისკავ, ვერც იცოცხლებ.

- ჰო, მართლა, ციცაგი, - მიღიმის დაჩი და ჯიბისკენ ხელი მიაქვს. კიდევ კარგი ვზივარ, თორემ გულის წასვლას ვერ ავცდებოდი-მეთქი, ვფიქრობ და ვლოცულობ, ჯიბიდან ბეჭედი არ ამოაძვრინოს. ოღონდ ახლა არა და ოღონდ ასე მალე არა. არა მაშინ, როცა საკუთარი თავი ძლივს მივიყვანე იმ მდგომარეობამდე, რომ მე ახალ ცხოვრებას ვიმსახურებ.
- დაჩი, - მინდა გამაფრთხილებლად შევყვირო, მაგრამ სიტყვა მიწყდება, როცა თუხარელი შეკრულ მუშტს ხსნის და მის თითებში მოქცეულ ჩემ უსაყვარლეს შოკოლადს ათამაშებს.
- ხომ ისევ გიყვარს? - მომლოდინედ მიყურებს. ზუსტად იმ მომენტში ვხვდები, რომ ამიერიდან ჩემი ცხოვრება ამ შოკოლადივით ტკბილი და გემრიელი იქნება. ჰოდა, დაუფიქრებლად ვხსნი შეფუთვას და 15 წლის შემდეგ, წარსულის მოგონებით, გემოს რეცეპტორებს ვაჯილდოვებ.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამ

ღმერთო.. კიდევ კაო ასეთი კაცები აქ მაინც არსებობენ. მადლობა

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან მაგარი გრძნობაა,როცა შენს ადამიანს ხვდები და მასთან ერთად აგრძელებ ცხოვრებას ❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

სტუმარი მარიამ
ღმერთო.. კიდევ კაო ასეთი კაცები აქ მაინც არსებობენ. მადლობა

????????????????????

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

ოოჰ ეს გვჭირდებოდაა.. პატარა სასიამოვნო და საინტერესო ისტორია♥️♥️ძალიან კარგი იყო..

 


№5 სტუმარი სტუმარი რუსა

ძალიან კარგად წერ ❤️ პატარა და საყვარელი ისტორია იყო მადლობა ❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი სალომე

ჩემი ცხოვრება გამახსენდა, მართლაც რას ელოდა პატარა გოგოსგან, მეც დავუშვი ეგეთი შეცდომა და დღემდე ვფიქრობ, რომ დამნაშავე არ ვარ, არც ვნანობ, რადგან პატარა ვიყავი.

 


№7  offline წევრი Loey

სტუმარი მარიამ
ღმერთო.. კიდევ კაო ასეთი კაცები აქ მაინც არსებობენ. მადლობა

heart_eyes heart_eyes

Ana-maria
ძალიან მაგარი გრძნობაა,როცა შენს ადამიანს ხვდები და მასთან ერთად აგრძელებ ცხოვრებას ❤❤❤

ნამდვილად ❤

Daldoni Daldoni
ოოჰ ეს გვჭირდებოდაა.. პატარა სასიამოვნო და საინტერესო ისტორია♥️♥️ძალიან კარგი იყო..

heart_eyes heart_eyes

სტუმარი რუსა
ძალიან კარგად წერ პატარა და საყვარელი ისტორია იყო მადლობა ❤️❤️

მადლობა დიდი ❤️

სტუმარი სალომე
ჩემი ცხოვრება გამახსენდა, მართლაც რას ელოდა პატარა გოგოსგან, მეც დავუშვი ეგეთი შეცდომა და დღემდე ვფიქრობ, რომ დამნაშავე არ ვარ, არც ვნანობ, რადგან პატარა ვიყავი.

heart_eyes heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი maco maco

საინტერესოა რომელი შოკოლადია :) მადლობა ძალიან კარგი იყო, არამოსაბეზრებელი ისტორია…

 


№9  offline წევრი Loey

სტუმარი maco maco
საინტერესოა რომელი შოკოლადია :) მადლობა ძალიან კარგი იყო, არამოსაბეზრებელი ისტორია…

ძალიან რომ არ მიყვარდეს, ალბათ, გეტყოდით blush მადლობა დიდი heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან კარგი იყო.დადებითად დავიმუხტე და ვისიამოვნე.ლამაზად წერთ და საინტერესოდ.
და ვფიქრობ ბევრი რაღაც შეგვიძლია ვისწავლოთ ურთიერთობაში ამ პატარა რომანით.მადლობა ასეთი სიამოვნების მიღებისთვის.წარმატებები!

 


№11  offline წევრი Loey

სტუმარი ლილე
ძალიან კარგი იყო.დადებითად დავიმუხტე და ვისიამოვნე.ლამაზად წერთ და საინტერესოდ.
და ვფიქრობ ბევრი რაღაც შეგვიძლია ვისწავლოთ ურთიერთობაში ამ პატარა რომანით.მადლობა ასეთი სიამოვნების მიღებისთვის.წარმატებები!

მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes

 


№12 სტუმარი სტუმარი uchveulo

პატარა საყვარელი ისტორია იყო წარმატებები

 


№13  offline წევრი Loey

სტუმარი uchveulo
პატარა საყვარელი ისტორია იყო წარმატებები

მადლობა ❤️

 


№14  offline წევრი ელენე (ნენე)

მშვენიერი, გამართული ისტორიაა, გრამატიკული შეცდომებიც არ გაქვთ. გვიან ღამით წავიკითხე და სიზმარშიც ვნახე პერსონაჟები... ნამდვილად გულისამაჩუყებელი ამბავია, რომელიც საკმაოდ კარგადაა გადმოცემული.
წარმატებები!

 


№15  offline წევრი Loey

ელენე (ნენე)
მშვენიერი, გამართული ისტორიაა, გრამატიკული შეცდომებიც არ გაქვთ. გვიან ღამით წავიკითხე და სიზმარშიც ვნახე პერსონაჟები... ნამდვილად გულისამაჩუყებელი ამბავია, რომელიც საკმაოდ კარგადაა გადმოცემული.
წარმატებები!


დიდი მადლობა ❤️

 


№16 სტუმარი ქეთინო ჭ.

საინტერესიდ წერ, მაგრამ დასარული რაღაც არ მეყო.კარგად კი მთავრდება თითქმის ყველა ისტორია, მაგრამ პროლოგი დაუკმაყოფილებლობას ტოვებს.იმუშავე დასასრულზე.იმედია არ გეწყინება.

 


№17  offline წევრი Loey

ქეთინო ჭ.
საინტერესიდ წერ, მაგრამ დასარული რაღაც არ მეყო.კარგად კი მთავრდება თითქმის ყველა ისტორია, მაგრამ პროლოგი დაუკმაყოფილებლობას ტოვებს.იმუშავე დასასრულზე.იმედია არ გეწყინება.

მე რომ მკითხველი ვიყო, ალბათ მეც იგივე აზრი მექნებოდა, მაგრამ, როგორც “მწერალი”, რომელსაც არ მიყვარს გაწელილი ისტორიები დაუსრულებელი დასასრულით, ვცდილობ, არასდროს გავწელო სათქმელი. საერთოდაც, მირჩევნია უფრო მეტი უნდოდეს მკითხველს და მაგაზე სწყდებოდეს გული, ვიდრე კითხვის პროცესში კითხვა მობეზრდეს. თუმცა, თქვენი აზრი გათვალისწინებულია და შევეცდები, შემდეგში გამოვასწორო. მადლობა დიდი ❤️❤️❤️❤️

 


№18 სტუმარი ხათუბა

ძალიან მომეწონა კაი ისტორია იყო ასეთები დაწერეთ ყოველთვის

 


№19  offline წევრი Loey

ხათუბა
ძალიან მომეწონა კაი ისტორია იყო ასეთები დაწერეთ ყოველთვის

მადლობა დიდი heart_eyes

 


№20 სტუმარი Coral

Right now it seems like Drupal is the top blogging platform out
there right now. (from what I've read) Is that what you are using on your blog?



my web site: homepage

 


№21 სტუმარი Edwardo

Sweet blog! I found it while surfing around on Yahoo News.
what does vpn do you have any tips on how
to get listed in Yahoo News? I've been trying for a while but I never seem to get there!
Many thanks

 


№22 სტუმარი Clint

Magnificent beat ! I would like to apprentice while you amend your website, how could i subscribe for a
blog site? The account helped me a acceptable deal. I had been tiny bit
acquainted of this your broadcast provided bright clear concept

Also visit my web-site best
vpn

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent