შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპლები იწვიან (სრულად)


8-05-2023, 17:13
ავტორი nestandarejan
ნანახია 28 521

ოთახში აკივლებულ ბრიტნი სპირსზე ისეთი გამეტებით ვიქნევდი ხელ-ფეხს, ძველებურ იატაკს საცოდაობისაგან ჭრიალი გაუდიოდა. მე კი მაინც შესაშური შეუპოვრობით ვცდილობდი ჩემში იმ ქორეოგრაფიული ნიჭის გამოფხიზლებას, რომელიც ჩემთვის, სამწუხაროდ, არ დაებერტყა ჩემი მშობლების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით დახუნძლულ დეენემს.
დიდი ამბავი. მაინც ვერავინ მხედავდა ახლა მეზობლის ქათმების, ქუჩაში გამოშვებული ძროხების და ხბოების გარდა, რომლებიც ისეთი თვალებით ცოხნიდნენ მიწიდან ამოგლეჯილ მწვანე ბალახს, ჩემი ერთკაციანი ანსამბლის წარმოდგენისათვის ნამდვილად არ ეცალათ.
ბრიტნი კი მღეროდა და მღეროდა, ბოლო ხმაზე და მეც ისეთი მონდომებით ვიქნევდი თეძოებს, ლამის მენჯებიდან ამოვვარდნილიყავი. საკუთარ ფიქრზე ისე ხმამაღლა გამეცინა, ვინმე რომ მხედავდეს, აშკარად იფიქრებდა, რომ არაფხიზელმდგომარეობაში მყოფი შეშლილი ვიყავი. თავიდან კაკუნი შორიდან მომესმა თითქოს, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ამ მივარდნილში ჩემთან ვინ უნდა მოსულიყო, მეზობლებს დღის ამ მონაკვეთში ისედაც არ ეცალათ სოფლის საქმეებით იმდენად იყვნენ გართულები, თან კაკუნით დიდად არ იწუხებდნენ თავს. ეზოს ბოლოდან კიოდნენ ხოლმე ჩემს სახელს და კოჭლობით მოიწევდნენ კარისკენ.
კაკუნი ბრახუნში რომ გადაიზარდა, გულაჩქარებულმა სასწრაფოდ გამოვრთე ძველებური მაგნიტოფონი, რომელსაც ლამის ბოლი ასვლოდა და თვალები გაშეშებულმა გავაცეცე.
გაბრაზებული ბრახუნი არადა არ წყდებოდა. ვინ უნდა ყოფილიყო? მხრები ავიჩეჩე, გაწეწილი, ნახევრად სველი თმა სახიდან გადავიწიე და კარისკენ ფეხშიშველი წავტანტალდი.
ისე გამოვაღე კარი, არც მიკითხავს, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ხო, სოფელში ასეთი ნდობა გვიჩნდება ხოლმე ადამიანების მიმართ. უცხოს არასდროს არავის ველით, და ვინც შეიძლება რომ მოვიდეს, სულ გვგონია, რომ სამტროდ არ არის მოსული.
ხელში ერთი ვიღაც წარბშეკრული ჯმუხი კაცი შემრჩა პატარა გოგონათი ხელში და მის ზურგსუკან დაწკაპებული კიდევ ორი ბავშვით, გაოცებულები რომ აცეცებდნენ თვალებს და ხან მე მომშტერებოდნენ, ხან იმ კაცს, ლამის ოხშივარი რომ ასდიოდა სახეზე ბრაზისაგან.
-გისმენთ... -ამოვილაპარაკე გაოგნებულმა, -მე დედათქვენი ვარ?!
ტუჩებზე ხელის ტკუცებას და წამოროშილი სიტყვების უკან წაღებას ვერ მოვასწრებდი, რადგან უკვე ზედმეტად გვიანი იყო და სიტყვებსაც უკვე მიეღწიათ უცხო სტუმრების ყურამდე, ამიტომ იმის ხაზგასასმელად, რომ ვიხუმრე, რაც ძალი და ღონე მქონდა გავიღრიჭე.
-გაგიმარჯოს, -მკაცრად შემავლო თვალი იმ კაცმა, პატარა, ფუმფულა გოგო რომ ეჭირა ცალ ხელში, -თქვენ მეზობლად რომ სახლია, იმის გასაღები გვინდა. ანა დაგირეკავდათ.
-ა, უი. -შუბლზე დრამატულად ვიტკიცე ხელი, როგორ ამომივარდა თავიდან, -ხო, ხო ახლავე. სულ დამავიწყდა.
ფაცხა-ფუცხით შევვარდი სახლში და ერთ ადგილას დავტრიალდი, რომ გამეხსენებინა, სად მივაბჟუტურე ის გასაღები, ახალმა მეზობელმა რომ დატოვა ჩვენთან ყოველი შემთხვევისათვის.
როგორც ჩანს, ბზრიალასავით ერთ ადგილას კონწიალი გონივრული საქციელი ნამდვილად არ იყო, ისედაც ჰემოგლობინის ნაკლებობა მქონდა და დაბალ წნევას ვატარებდი, მაშინვე თვალებში დამიბნელდა და ოთახის შუაგულში ამ უცხო ადამიანების წინაშე ცუდად დასობილი ხარდანივით დავიწყე ყანყალი. ხელები ჰაერში გავშალე, წონასწორობა რომ შემენარჩუნებინა და იატაკზე სველი ტილოსავით არ დავფერთხებულიყავი, თან სტუმრებს, რომლებიც დაბნეულები მომჩერებოდნენ კიდევ ერთხელ გავეღრიჭე.
-დაბალი წნევა მაქვს და... -თვალებით ვანიშნე იმ კაცს, ჩემს ნაბიჯებს თვალს რომ არ აშორებდა, რომ გიჟი არ ვიყავი, უბრალოდ ჯანმრთელობა არ მიჭრიდა.
გამომეტყველება არ შეცვლია. აშკარად თავისი გასაღების აღება და აქედან სასწრაფო წესით მოშორება უნდოდა.
ბანცალ-ბანცალით მივედი იმ კედელთან, სადაც გასაღებებს ვკიდებდი ხოლმე და განცალკევებით ჩამოკონწიალებული ახალთახალი ლაპლაპა გასაღები, რომელიც ანამ ორი თვის წინ ჩამაბარა, როცა ამ მიყრუებულ სოფელში აგარაკს ყიდულობდა, უზარმაზარ გამოწვდილ ხელისგულზე დავუდე იმ კაცს. გასაღები მაშინვე ჯიბისკენ გააქანა და ბავშვებს თავით ანიშნა წინ გაძღოლოდნენ.
-ბიძია... -გავიგონე ჩუმად როგორ მიმართა კაცს ერთ-ერთმა უფროსმა გოგომ, ყველაზე წინ რომ მიდიოდა, თან ჩემკენ აპარებდა ჩუმ-ჩუმად თვალს, -ეს გოგო... მგონი ვერ არის?
-მგონი არა, ნია, მართლა ვერ არის. -შუაგულ ეზოში იყვნენ უკვე, იმანაც რომ უპასუხა.
მე პირადად, შეურაცხყოფად ნამდვილად არ მიმიღია მათი სიტყვები. მეც იმავეს ვიფიქრებდი, ვინმეს ისეთი მასკარადი რომ ჩაეტარებინა ჩემ თვალწინ, რაც მე მიკადრე.
-უბრალოდ წნევა მაქვს დაბალიიიიი! -მივაძახე ყოველი შემთხვევისთვის უკვე ჭიშკარში გასულებს და ხელს ქარის წისქვილის ფრთებივით ვუქნევდი გაუჩერებლად.
არ ვიცი, რამ მაფიქრებინა, რომ ეს მდგომარეობას გამოასწორებდა, რადგან ბავშვები მანამდე მომშტერებოდნენ პირდაღებული სახეებით, სანამ თავიანთ ძიძასთან ერთად თვალს არ მიეფარნენ.
მხრები ისე ავიჩეჩე, ვითომც არაფერი და სახლში შევბრუნდი. მეზობელი ეზოდან მალე გაისმა ბავშვების ჟრიამული, ბოლოს და ბოლოს საერთო ღობე გვყოფდა და ძალიან კარგად ჩანდა, იქ რა ხდებოდა.
დიდად ყურადღება აღარ მიმიქცევია. მაგნიტოფონი შევინახე, ჩემი საღებავები და გამზადებული სახატავი ტილო აივანზე გავიტანე, ბუნებრივი განათება რომ კარგად დაცემოდა ზედაპირს, საღებავებში გათუთხნული კაბა გადავიცვი და ნახევრად დასრულებულ ნახატს ისეთი თვალებით დავუწყე ყურება, რომ აშკარა იყო, კარგს არაფერს ვუპირებდი.
ის-ის იყო საღებავში ამოგვანგლული ფუნჯით ტილოს უნდა შევხებოდი, რომ მეზობელი ეზოდან სულის წამღები კივილი და შემდეგ უკვე ტირილი შემოვარდა ჩემს ძლივს დამშვიდებულ სახლში.
მაშინვე იქეთ გავაბრუნე თავი და ყველაზე პატარა ქალბატონი, ძიძამისის ხელში რომ საყვარლად კუსავდა თვალებს და ჩუმად მაკვირდებოდა, შუა ეზოში გაშხლართულიყო, თავისი და-ძმა ზემოდან დასჩერებოდნენ და მის წამოყენებას ცდილობდნენ, თუმცა მუხლებგადაყვლეფილი პატარა სინდიოფალა გამეტებით იჭაჭებოდა და საერთოდაც არ უნდოდა წამოდგომა.
ძიძა ბრაგუნით გამოვარდა სახლიდან და ისე ოსტატურად გადაევლო რკინის მორყეულ მოაჯირს რომ არ ვიცი, თან როგორ არ გაიყოლა და ბავშვის გვერდით არ გახოხდა მიწაზე.
აფთიაქიდან ქაფური სპირტი და ყველა ის აუცილებელი ნივთი ავიღე, რაც შეიძლებოდა დასჭირვებოდათ, მაგრამ თან არ ჰქონოდათ. გათუთხნული კაბა გზაში გადავიძრე ტანიდან და იმ საერთო ღობისკენ გავქანდი, სადაც პატარა ჭიშკარი ჩაეკერებინათ ადრე მეზობლებს, ერთმანეთთან უფრო სწრაფად და მარტივად მისასვლელად. ჭრიალით ძლივს გამოვაღე ნახევრად დაშლილი შეჭედილი ხის კარი და შეწუხებულ მეზობლებს მივუახლოვდი.
-რა ხდება? რამე ხომ არ მოიტეხა? სპირტი და რაღაცები მოვიტანე. -ტირილისგან სულ მთლად გაწითლებულ ბავშვთან ჩავიცუცქე, რომლის დამშვიდებასაც ამაოდ ცდილობდა მისი ძიძა. თუ ბიძა.
-არ სჭირდება. -დამიღმუვლა უღელში გაბმული ხარივით კაცმა და ამაოდ შეეცადა ბავშვის თავზე ხელის გადასმით დამშვიდებას.
-თქვენ გაქვთ აფთიაქი? არ შეიძლება ასე დატოვება, შეაწუხებს და შეიძლება ინფექცია შეეჭრას. პირველადი დახმარების კურსი მაქვს გავლილი, ნუ გეშინია, -საკუთარი რეგალიების ჩამოთვლა ნამდვილად არ მსურდა ამ ბუღას წინაშე, თუმცა მაინც გავიბრძოლე, რადგან აშკარად არ მენდობოდა.
-აბა გიჟიაო... -გადაუჩურჩულა ბიძამისს პატარა ქოფაკმა, ატირებული ბავშვი რომ საწოლზე მივაწვინეთ და ფეხებთან ჩამოვუჯექი. ვითომ არ გამიგია, თუცმა მაინც გამეღიმა.
-რა გქვია, შე პატარა? -ცხვირზე თითი დავკარი ბავშვს.
-ცუ-ცას მეძახი-ი-ან, ისე ნუ-ცა. -სლუკუნით ამოილაპარაკა პატარამ და დამტვერილი მუშტებით რომ მოიშორა ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები, სახე უფრო გაეთხუპნა.
-შე პატარა, -გამეცინა მის სახეზე და მუხლზე სული შევუბერე. -გეწვის?
თავი ოდნავ დამიქნია, მერე ბიძამისისკენ მიაყვარყვარა ცრემლით ამოვსებული თვალები. ბუღა ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ბავშვს რომ ასეთს ხედავდა, მაგრამ ვერც მოკარებას ბედავდა. უფროს და-ძმასთან ერთად იდგა კარებთან და მე და ცუცა-ნუცას წარბშეკრულები გვაკვირდებოდნენ.
-ცუცა-ნუცა, ახლა უცებ გაგიწმენდ შენს პაწაწინა ჭრილობას. არ იტირო კარგი? იცი, მე რამდენი მაქვს ეგეთი? თან სულ ამ სოფლის გზებზე ვიმტვრეოდი ხოლმე, გინდა, ნახო?
ბავშვმა გაუბედავად დამიქნია თავი. მეც ამაყად ავიწიე ოდნავ გრძელი და ჭრელი კაბა, ისე, რომ შრამიანი მუხლები კარგად გამომეჩინა. ნუცამ დაკვირვებით შეათვალიერა.
-ეს ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი, მაშინ დამემართა, ეს საქანელიდან, ეს ხიდან...
-კარგი, საკმარისია, ამანაც არ მოინდომოს მაგ გმირობების გამეორება. -გამაწყვეტინა ძიძამ და კისერწაგრძელებულ ბავშვებს თვალები დაუბრიალა, რომ მომშორებოდნენ და ჩემ მიერ მოწყობილი შრამების გამოფენისთვის თვალი მოეწყვიტათ.
-უბრალოდ იმის დემონსტრირებას ვცდილობ, რომ ასეთი ჭრილობები მიმიღია და გადავრჩი, თანაც სრულიად საღ-სალამათი. -გავეკრიჭე უფროსს და მუხლები წინ ავუფრიალე, -თან ლამაზია, არა? ჰა? რას იტყვი?
-დარწმუნებული ხარ, რომ თავი არცერთი ინციდენტის დროს არ დაგირტყამს? -წარბები მაღლა აზიდა გულზეხელდაკრეფილმა ბუღამ.
-მგონი, ეგ რიტორიკული შეკითხვაა, ხომ? -გავეღრიჭე მე, კაბის ბოლოებს ხელი შევუშვი და მის გაღიზიანებულ ამოხვნეშას ყურადღება არ მივაქციე, ისე მივბრუნდი ნუცასკენ, რომელიც საკმაოდ გამხიარულებული ჩანდა. -აბა, მზად ხარ, პატარა მეკობრე?
პროცედურა სწრაფად და მარტივად ჩავატარე. დიდი ვერაფერი ჭრილობა იყო, მე უარესებიც გადამიტანია. პატარა ნუცამ მარტივად გაუძლო მის ცხოვრებაში დამდგარ პირველ გამოწვევას და მოჭყანული თვალები მანამ არ გაახილა, სანამ გადაყვლეფილი მუხლი არ შევუხვიე.
-წამოდექი, აბა. დამანახე, -საწოლიდან ჩამოვსვი, -ჰა, ახალივითაა არა?
ბავშვმაც გულუბრყვილოდ დამიქნია თავი და თავის „ახალივით“ მუხლს შემფასებლური მზერა მოავლო.
-წამო, ცუცა, ვიბანაოთ და გამოვიცვალოთ. შენ თავისუფალი ხარ.
-არის, მისტერ, -ზურგსუკან ენა გადმოვუყავი და გაღიზიანებულმა მოვაგროვე ჩემი ნივთები. -ჯერ ეს ერთიც „შენ“ არა, ხატია მქვია.
-არ მიკითხავს და დაგინახე ფანჯარაში, რაც გააკეთე. -უკვე აივნიდან მომაძახა ძიძა-ბიძამ, თუმცა მე ჩემს ეზოში ვიყავი და ვითომ არ გამიგონია იმისი ღმუილი.
ბავშვებმა მთელი ეზო აიღეს იმ საღამოს. ჩემი და ჩემი ახალი მეზობლის სახლები დანარჩენი სახლებისგან მოშორებით, თუმცა ერთმანეთთან ახლოს იდგა. როგორც ვიცი, ადრე ძმები ცხოვრობდნენ ამ სახლებში, მერე ერთმა გაყიდა, ჩვენები დარჩნენ. მერე კიდევ გაყიდეს ის სახლი, კიდევ, კიდევ და ივნისის დასაწყისში კიდევ. ამჯერად ახალგაზრდა წყვილი ჩამოვიდა, სოფლის სახლს ეძებდნენ, რომ ზაფხულობით ხალხით გადაჭედილ კურორტებზე გადამეტებული ფასი არ გადაეხადათ სიმინდსა და წყალში და ეს მწვანეში ჩაფლული, ულამაზესი ხის ოდა შეარჩიეს. აღფრთოვანებულებმა მაშინვე შეიძინეს, გაარემონტეს და ისე გაალამაზეს, ცოტა შემშურდა კიდეც ჩემი ახრიგინებული ძველისძველი მაცივრის ხმა რომ შემომესმა.
ერთი გასაღები ჩემთან დატოვეს, რახან მთელი ზაფხული აქ ვაპირებდი მარტო დავრჩენილიყავი და იმ შემთხვევაში, თუ რამე დასჭირდებოდათ, მათი სუპერ-მეზობელი მაშინვე გაჩნდებოდა მასთან. ანა და მისი ქმარი დათო არაჩვეულებრივი წყვილი იყო. ჯერ ხომ კალმით ნახატები, მერე ისეთი აღტაცებით უსმენდნენ ჩემს გაუჩერებელ ბჟუტურს, რომ უცებ შემაყვარეს თავი. გულიც კი დამწყდა, რომ წავიდნენ.
მაგრამ ჰოი საოცრება, ახლა თავისი შვილები გამოუშვეს ბუღასთან ერთად და არე-მარის ახმაურებამ მეც ისე გამამხიარულა, რომ იმ კაცის დაბღვერილი სახე ნამდვილად ვერას დამაკლებდა.
საღამომდე ისეთი გამალებით ვკითხულობდი წიგნს, სანამ შებნელებულს თვალები არ დამეფსო. ვიკადრე ფეხზე წამოდგომა და შუქის ანთება. ნამგზავრ მეზობლებს ალბათ უკვე ეძინათ, მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდიოდა ყვითელი შუქი. ფარდა გადაეწიათ და ძალიან კარგად მოჩანდა ოთახში ტანსზემოთ შიშველი ბუღა როგორ დატანტალებდა, თან რაღაცას ეძებდა და ხმადაბლა ბურტყუნებდა. ალბათ პატარა პარაზიტებმა რამე ოინი მოუწყეს. სასაცილო სანახავი იყო ამხელა კაცი დაბნეული რომ დაბუნტურობდა.
-მასე გეკუთვნის, -კი არ ვიცოდი, რა შეემთხვა, მაგრამ ძალიანაც მესიამოვნა იმას რომ რაღაც გაუგებრობა შეემთხვა. -ბუღა.
ჩემი ნათქვამი თითქოს გაიგონაო, მაშინვე აქეთკენ მოიხედა და მეც არსაიდან გამოქექილი სიფრთხილით ავეკარი კედელს.
შუქი მალე ჩააქრეს.
ამდენი ხანი კითხვით მეც რომ საბოლოოდ გამოვუტანე ჩემს თვალებს განაჩენი, საძინებელში გავედი. ღიღინ-ღიღინით გადავიცვი ღამის პერანგი და საწოლს რომ მივენარცხე, მხოლოდ მაშინღა მივხვდი, რომ შუქის გამორთვა დამავიწყდა.
საწოლთან დაგდებულ შლოპანცს ავად შევავლე თვალი, ახლა ისე მეზარებოდა ადგომა... ხოდა დენცქვიტას გავუქანე. კედელს უსიცოცხლოდ მიეტყეპა და მაშინვე ძირს დავარდა. ბოლო იმედი - მეორე შლოპანციღა დამრჩენოდა. საწოლზე წამოვჯექი, კარგად გავსწორდი, ცალი თვალი მოვჭუტე და შუქის ჩასაქრობი ღილაკი მიზანში ენაგადმოგდებულმა ამოვიღე. გავუქანე. ვერაფერს იტყვი რა, ზუსტი მიზანი მაქვს. შუქი ჩაქრა და თბილ ლოგინში ჩათუთუქებულმა თვალები მივხუჭე.

დილა მამლის ყივილით არა, მაგრამ ფანჯრის ჩამსხვრევის ხმით კი დაიწყო. დაფეთებულმა წამოვყავი გაბურძგნული თავი საწოლში და სამზარეულოსკენ გავვარდი. იატაკზე სულ ნამსხვრევები ეყარა და ახალთახალი ბურთი ჯერ კიდევ ოთახის ბოლოსკენ მიგორავდა. პარაზიტები.
-ხომ გითხარით, იქეთ არ ისროლოთ-მეთქი? -ადადღანდა ბუღა. -ფეხი არ მოიცვალოთ.
-შემთხვევით მოგვივიდა. -თქვა ნიამ დამნაშავის ხმით.
-ჩვენც წამოვალთ ხატიასთან რა, ძია. -ატატანდა პატარა ნუცაც.
-ახლავე მოვალ, ცუციკო. ბურთს გამოვართმევ იმ ველურს.
-არა, ბიძია, მე ხატიაზე ვამბობ, ველურზე კი არა... -დაიბნა ბავშვი.
მერე კარზე კაკუნის ხმა გაისმა, მეც სრაფად გავუყარე გუშინ კარებთან მოყრილ შლოპანცებში ფეხი, ბურთი ავიღე და ცხვირწინ დავუბზრიალე ძიძას, რომელსაც აშკარად არ სურდა ჩემთან შეხვედრა.
-ბურთის წასაღებად და ფანჯრის ჩასასმელად მოვედი.
-ჩავსვამ მე თვითონ, -დილაუთენია, მით უმეტეს, ასეთი ინციდენტით გამოღვიძებული, შესაშურ ხასიათზე ნამდვილად არ გახლდით. არც შესაშურ ფორმაში: თმები ისე მქონდა, თითქოს ბალიში ამიფეთქდა, უმოკლესი ღამის პერანგი მეცვა, რომელიც საჯდომს და მკერდს ძლივს მიფარავდა. თან ცხრამეტრიანი შხვართალა ფეხებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი, მოკლე პერანგი რომ გამემართლებინა. მაგრამ თითქოს აქაც არაფერი - დიდი ამბავი, ქალი საცურაო კოსტუმით არ ეყოლება ნანახი, ნეტა?
-აიღე ესენი, მინას მოვიტან და მოვალ. -თვალით იატაკზე მიმობნეულ ნამსხვრევებზე მანიშნა და თავისი ეზოსკენ წავიდა. ბავშვებს ბურთი გადაუგდო და სახლში გაუჩინარდა.
-ამის მბრძანებლობა მაკლდა ახლა კიდევ, -დავიჯაჯღანე უხასიათოდ. თეთრი მაისური და გრძელი, ჭრელი კაბა გადავიცვი სასწრაფოდ. საწოლი გავასწორე, თმა ავიკარი, თორემ უკვე ისეთი სიცხე დატრიალებულიყო, ნამდვილად ამომხუთავდა.
ნამსხვრევებს ხელით ვკრეფდი, ძიძა რომ შემობრაგუნდა ოთახში. საშინაო ტანსაცმელი ეცვა, ნაჭრის შორტი და ჩვეულებრივი მაისური, ქვემოდან რომ ავხედე, უფრო დიდი მომეჩვენა და არ დაგიმალავთ და, მომხიბვლელიც.
-ქორივით რატომ დამადექი? -წარბები შევჭმუხნე მის სერიოზულ სახემდეც რომ ავაღწიე.
-ხელით მაგის აკრეფა მარტო შენნაირ გიჟს თუ მოაფიქრდებოდა. გაიჭრი. ცოცხი და აქანდაზი არ მოგეპოვება?
-აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, გენიოსო. -დავეჯღანე მობეზრებული, რაზეც წარბები აწკიპა. -დიდ ნამსხვრევებს ვერ მოერია და ამიტომ ვკრეფ ხელით. შენ ეგ მინა ჩასვი და ფეხებში ნუ მებლანდები, თან მაინც ველური ვარ და რამე არ დაგიშავო, რა იცი.
-ღმერთო ჩემო... -ამოილაპარაკა და თავი უიმედოდ გადააქნია.
-მისტერ სერიოზულობავ, ტემპში თუ შეიძლება, თორემ ჩემი დღის გეგმა თქვენ გამო ჩაიშლება. -ცოცხი ცხვირწინ ავუფრიალე, მგონი დავარწმუნე, რომ მართლა ვერ ვარ საღ გონებაზე. არადა, უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი. -ყავა არ გინდა? მე თუ არ დავლიე, მანამდე ადამიანს არ ვგავარ...
-არა მგონია, ყავამ გიშველოს. -წაიდუდღუნა ხმადაბლა, თან უნდოდა რომ გამეგო, მაგრამ წავუყრუე.
-შაქარი რამდენი გინდა, სერიოზულობავ?
-გოგო, ნუ მეძახი მაგას. -ისე დამიბრიალა თვალები, რამის აღქმის უნარი რომ მქონოდა, შემეშინდებოდა.
-კარგი, მაშინ შემოკლებით დაგიძახებ, serious, ანუ უს. აბა სახელს არ მეუბნები და, მე ხომ არ გკითხავ, იმასაც იფიქრებ, რომ გკერავ ან რამე და შეგეშინდება და გაიქცევი მერე. ვიცი კაცების ამბავი, -ვქაქანებდი და თან ყავას ვამზადებდი ორისთვის, -რამდენი მინდაო შაქარი?
-უშაქრო მინდა, ოღონდ გაჩუმდი, -აშკარად წვალობდა ფანჯრის ჩასმაზე, თუმცა მიხმარება არ მინდოდა, არაუშავდა. მე ხომ არ ჩამიმსხვრევია.
-კარგი, უს. ისე, ბავშვები მარტო დატოვე? დღეს პიკნიკზე მივდივარ მდინარეზე, თუ გინდა, წამოდით. შენ არ გპატიჟებ, ბავშვებს ვეპატიჟები.
-არ უნდათ ბავშვებს პიკნიკი. -წაიდუდღუნა ისევ.
-აუ კი, რა, ძიაა. გვინდა რა პინკინი.
-ყველაფერს დაგიჯერებთ, წავიდეთ რა.
-ხატია უთხარი წაგვიყვანოს...
ისე უცებ და არსაიდან გაისმა ბავშვების ყაყანი, რომ მე სიცილი ამივარდა, უსმა კი უფრო სერიოზული სახე მიიღო. მზერით გამგმირავდა ალბათ, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მე კი თვალი ჩავუკარი და ერთ ადგილას მოხტუნავე ბავშვებისკენ ვანიშნე, ეზოში ჩუმად რომ შემოპარულიყვნენ და უსს პიკნიკზე წასვლას ევედრებოდნენ.
ჯანდაბას თქვენი თავიო.
ნაშუადღევს ხუთივე კაი შეხმატკბილებული ოჯახივით მივბოდიალობდით ქვაღორღიან შარა გზაზე. შეხმატკბილებული ოჯახი გადამეტებული ნათქვამია, უსი ძალზედ გაწბილებული ჩანდა ამ იდეით, მაგრამ მას ვინ უყურებდა. ბავშვები ისეთი ბედნიერები იყვნენ, ძიძა უსი უკან ჩამოვიტოვეთ და თამაშ-თამაშით გავეშურეთ ჩემი საყვარელი საპინკინე ადგილისკენ, სადაც ყოველ სამშაბათს დავდიოდი ხოლმე, თუ ამინდი მწყალობდა.
როგორც გავარკვიეთ, ნიას და ნუცას ძმას ერეკლე ერქვა. უსის სახელი ვერაფრით გამოვიძიე, ბავშვები ძიას ეძახიან და მეც ხომ არ გამოვამჟღავნებდი ჩემს ინტერესს. სიმართლე გითხრათ, უსი იმდენად მოუხდა, სხვა სახელს ვერც შევეგუებოდი ალბათ.
პლედი მდინარესთან ახლოს, ხის ჩრდილში გავშალეთ მე და ცუცამ. ხილი და წიგნები ამოვალაგეთ, კალთაში ჩამიჯდა და მაინც და მაინც დოსტოევსკის „იდიოტს“ დაადო ხელი, ეს წამიკითხეო. მე კიდევ, რას ვერჩოდი ბავშვის ფსიქიკას.
-ცუცა, ეს რომ წავიკითხოთ? -ქართულ-ხალხური ზღაპრები ავუფრიალე თვალწინ. -ნახე, რა ლამაზი ნახატებია...
-არა, მე ეს მინდა. -წიგნი დაბეჯითებით გამომიწოდა.
უსი მდინარეში აჭყუმპალავებულ ნიას და ერეკლეს გაჰყურებდა პლედზე გაწოლილი. ცალი ხელი თავქვეშ ამოედო. გაწოლილიც რამსიგრძეა-მეთქი, გავიფიქრე, როცა ლამის მთელი პლედი გადაფარა.
-ეს არის ამბავი მისტერ ძიძა უსზე, -ხმა ჩავიწმინდე და ახალი ამბის მოგონება გადავწყვიტე. თან თითს ვაყოლებდი მეტი დამაჯერებლობისთვის, რომ პატარა ცუცას არაფერი ეყნოსა და არ გამოვეჭირე. -იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი ძიძა, სახელად უსი. ასეთი სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ ძალიან სერიოზული გახლდათ და ყველას აშინებდა. ერთხელ ძიძა უსი ერთ ძალიან კარგ ოჯახში გაამწესეს. მას სამი ტყუპისთვის უნდა მოეარა.
-ანუ ექვსი ბავშვისთვის? -გამაწყვეტინა ცუცამ.
-არა, ანუ სამი ცალი ბავშვი ერთად რომ დაიბადება. -ვცადე ამეხსნა, -ხოდა, ეს ბავშვები ძალიან ჭკვიანი და ლამაზი პატარები იყვნენ, ანა, ინა და ნია. მათ უკვე ჰყავდათ მფარველი ანგელოზი, სახელად ნათია.
ამაზე უსმა წარბაწევით გამომხედა, როცა მიხვდა, „მფარველი ანგელოზის“ პროტოტიპად ვის მოვიაზრებდი. მე ვითომ არ გამიგია მისი ჩუმი ჩაცინება, ისე განვაგრძე კითხვა.
-ნათია იყო ულამაზესი ქალწული, რომელიც მფარველ ანგელოზად მოევლინათ ანას, ინას და ნიას, ამიტომ მას ძალზედ არ მოეწონა, როდესაც ოჯახმა ახალი ძიძის, უსის დაქირავება გადაწყვიტა სამეთვალყურეოდ. ის ხომ ასეთი ბრაზიანი იყო. ამიტომ ნათიამ უსს შესთავაზა, რომ ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ, თუ რომელი უკეთ მოუვლიდა ბავშვებს. ბოლოს, რა თქმა უნდა, ნათიამ გაიმაჯრვა, ძიძა უსი კი სამსახურიდან გააგდეს და პენსიაზე გავიდა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.
-მეტს ველოდი, აშკარად ფანტაზიამ გიმტყუნა. -იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა უსმა, მერე თეთრი მაისური გადაიძრო და თავადაც ბავშვებს შეუერთდა მდინარეში.
-აუ, ძია უთხარი ნუ მაყვინთინეეებს, -აწუწუნდა ნიაკო.
მე ჯერკიდევ პირგამომშრალი ვუყურებდი მზეზე ალაპლაპებულ უსის სხეულს, ფანჯარაში ასეთი მიმზიდველი ნამდვილად არ ჩანდა. პირი ისე გამომიშრა, ლამის მთელი მდინარე შემესრუტა, წიგნი უკმაყოფილომ მივაგდე და ვაშლის იმხელა ლუკმა ჩავკბიჩე, ლამის ყბაც თან გავაყოლე.
მერე ცუცაც თავისთან შეიყვანა მდინარეში უსმა. იმათი ჟრიამული და ჭყუმპალაობის ხმა მთელს ტყეს აყრუებდა. მხოლოდ მე ვიყავი გაგნაწული პლედზე წიგნით ხელში და ამაოდ ვცდილობდი უსის მკლავებიდან წიგნზე ყურადღების გადატანას.
-ხატია, შენც ჩამოდი რა, -კიოდა ბიძამისის მკლავებიდან ცუცა. -ძია ჩამსვი პატარა წყალში... რომ არ დავიხრჩო ისე...
-ჩამო, რააა... -აყვა ნიაც პატარა დას, -იცი რა გრილი წყალია.
ჯანდაბა შენს თავს ხატია, რაღა ახლა არ ჩავიცვი შიგნიდან რამე. იმ გაყინულ წყალში ულიფოდ ჩასვლა და მკერდის მოშიშვლება ერთი იქნებოდა.
-ვერ ჩამოვალ, კითხვა მირჩევნია. შემდეგ რომ წამოვალთ კიდევ, მეც თქვენთან ერთად ვიცურავებ კარგი?
ბავშვები აბუზღუნდნენ, თუმცა მერე მალე გაირთეს თავი მუხლამდე წყალში ჭყუმპალაობით. ძლივს გამოვღლიტე ყურადღება უსს, ბავშვებთან ერთად არანაკლებად რომ ერთობოდა თვითონაც და წიგნის ერთი გვერდი როგორც იქნა, ჩავათავე. ის-ის იყო, მეორე გვერდზე უნდა გადამეშალა, რომ ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა.
მოიღრუბლა, კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და დინება იმდენად მოძლიერდა, რომ
უსმა ცუცა მაშინვე ხელში აიტაცა, ნიას მაისურში ჩაავლო, კოკა კი ხელიდან დაუსხლტა.
არ ვიცი, იმ დღეს საიდან გამოვიჩინე ამხელა სისხარტე და მონდომება, მაგრამ მაშინვე იმ მხარეს გავიქეცი და შევხტი დინებაში, სადაც გადარეულ მთის წყალს კოკა წაეყვანა. აფართხალებულ ბავშვს სწრაფად ჩავავლე მაისურში, შოკისგან ვერ მშვიდდებოდა და დინება იმდენად ძლიერდებოდა, ლამის იყო ბავშვიანად თან წავეყოლე. ძლივსძლივობით ვცდილობდი ნაპირამდე გასვლას, მაგრამ საშინელი წვიმა და ადიდებული დინება მხედველობასაც მიფარავდა. ერეკლეს ვუკიოდი, რომ ნუ ეშინოდა, მაგრამ აშკარად უსაფრთხოების შეგრძნება მასაც ჩემსავით დაკარგვოდა.
ცურვა ნორმალურად არ ვიცოდი, ამიტომ ბავშვის გადასარჩენად წყალში შევარდნა ვერ იქნებოდა ცივ გონებაზე მიზანშეწონილი საქციელი, მაგრამ იმ წამს ინსტიქტს ავყევი. ბლომად წყალს ვყლაპავდი უკვე და მიუხედავად იმისა, რომ კიდურებში ძალა დაკარგული მქონდა, ერეკლეს მთელი ძალით ჩავფრენოდი და მაღლა ვწევდი, სუნთქვა რომ შესძლებოდა.
ბავშვი უცებ გამომტაცეს ხელიდან და წელზე ხელის ძლიერი შემოხვევა რომ ვიგრძენი, რომელმაც ნაპირისკენ მიბიძგა, მივხვდი, რომ უსი საქმეში ჩართულიყო. ძლივს ავხოხდი ნაპირზე ხველებ-ხველებით, ფეხები გადატყავებული მქონდა, თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ იყო ახლა. სასწრაფოდ ცუცას და ნიას მივვარდი, რაც მშრალი მქონდა ყველაფერი მოვახვიე და წასასვლელად გავამზადე. უსს აკანკალებული ერეკლე ამოეყვანა მდინარიდან და გულზე მიეხუტებინა. სახე შეშლოდა ნერვიულობისგან და მეც სწრაფად ავედევნე გოგონებთან ერთად უკან.
წვიმას სახლამდე არ გადაუღია.
-პირსახოცები მომიტანე, ბავშვები გავამშრალოთ და ცეცხლი დაანთე სასწრაფოდ, -ვუბრძანე კაცს.
მგონი, რაც პირსახოცები და მშრალი ტანსაცმელი გააჩნდა, ყველაფერი ერთიანად გამოზიდა.
-ერეკლე, კარგად ხარ? -გასველებული თმა ავუჩეჩე დაშინებულს, თან გავეღრიჭე.
-მოდი, ეკე.. -პირსახოცგაშლილი ხელებით ანიშნა თავისკენ უსმა.
ბავშვები რომ სამშვიდობოს დავიგულეთ, მხოლოდ მაშინღა შევატყე, რომ მე თვითონ ვკანკალებდი, თხელი, სველი ზედა და კაბა ტანზე მიმკრობოდა, სასწრაფოდ წამოვხტი სახლში გადასასვლელად. უსი ისედაც მიხედავდა საკუთარ თავს, მე კიდევ ერთხელ თუ გავცივდებოდი, პატრონი არავინ მეყოლებოდა და კვირების განმავლობაში დამჭირდებოდა მოვლა-პატრონობა.
-მე წავალ, -ვთქვი თუ არა, მაშინვე დამაცემინა და პირზე სასწრაფოდ ავიფარე ხელი.
-სად წახვალ, ვერ ხედავ, რომ ისევ წვიმს? დაჯექი მანდ, -პატარა ბავშვივით მიბრძანა უსმა.
-იქნებ შენი ტანსაცმელი მომცე მაშინ, უნდა გამოვიცვალო, თორემ მართლა სუსტი იმუნიტეტი მაქვს. -მეორედაც დამაცემინა.
-წამოდი, -ისე მკაცრად მითხრა, გაუაზრებლად დავემორჩილე.
თავის ოთახში რასაც ჰქვია, ძალით შემაგდო. პირსახოცი და ტანსაცმელი ხელში მომაჩეჩა.
-იმედია, შეძლებ დამოუკიდებლად.
-ნუ ნერვიულობ, -ვთქვი და კიდევ ერთხელ დავაცემინე, -ჩემს. თავს. მივხედავ.
-დროზე ქენი.
-შენ არ უნდა გამოიცვალო? -დავაწიე გზად.
-ერთად გინდა გავშიშვლდეთ? გუშინ კი მითვალთვალებდი, ახალს ვერაფერს ნახავ, მაგრამ მაინც, ერთად გინდა? -წარბები აზიდა.
-რა? -ყბა დავაფჩინე გაოცებულმა. ანუ დამინახა. -სულაც არ გითვალთვალებდი და გადი, არ მინდა შენთან ერთად გაშიშვლება.
ტანსაცმელი მთელს სხეულზე მიმკრობოდა, მკერდი ის მადისაღმძვრელად მქონდა გამობურცული, სირცხვილისგან სახე ამიწითლდა. პირსახოცი აღარ დამჭირვებია, ისედაც მთელი სითხე ამიორთქლდა სხეულიდან.
უსის ტანსაცმელები კარავივით მქონდა. თუმცა რაღაც მშრალის და თბილის შეგრძნებამ თითქოს თავიდან გამაცოცხლა. მაშინვე ბავშვებთან გავედი. უკვე სახეზე ვხურდი და თვალები მეწვოდა.
-ძია გვშია.. -საწყლად ამოილაპარაკა ცუცამ, ძი(ძ)ას ახლაღა დაემთავრებინა ცეცხლის დანთება, ისე ფაცურობდა ჯერ კიდევ სველ ტანსაცმელში გამოწყობილი, მეც კი შემეცოდა.
-შედი, გამოიცვალე, მე მივხედავ.
-იყოს.
-გაცივდები, უს. -თვალები დავუბრიალე მე, რამდენადაც ამის საშუალებას საკუთარი მდგომარეობა მაძლევდა.
-გოგო, ნუ მეძახი-მეთქი ეგრე.
-მითხარი სახელი და იმას დაგიძახებ. ღმერთმანი. -თვალები გადავატრიალე მობეზრებულმა. ბავშვები გაოცებულები აცეცებდნენ თვალებს ჩვენ შორის და ვერ ხვდებოდნენ, რა იყო ჩვენი კამათის მიზეზი, ან რატომ ვეძახდი მათ ბიძას უსს.
ოთახიდან ქარიშხალივით რომ გავარდა, მხოლოდ შემდეგ გადავხედე ბავშვებს უკმაყოფილო თვალებით.
-მოსაწყენი ვინმეა ბიძათქვენი, აბა, ვის რა შია?
-ჩემი ძია არაა მოსაწყენი, -გააპროტესტა ცუცამ, -როგორ გვეთამაშება, იცი?
-მეც მეთამაშება ხოლმე, შე პატარა, როგორ არ ვიცი. -გავეკრიჭე ცუცას, და დუდღუნით დავამატე „ნერვებზე“-მეთქი.
ყიყლიყოები უცებ გავამზადე, რომ თავიდან რამით დაპურებულიყვნენ ბავშვები, დამშეულები ისე ეცნენ თეფშზე წვალებით აკოკოლავებულ პურის ნაჭრებს, რომ აშკარად არავის ეყოფოდა ეს ჩემი ყიყლიყოები. მართალია იმ შეშლილის კუჭზე, აქეთ მე რომ ვეგონე ველური, ნამდვილად არ ვიღელვებდი დღეს რომ წყლიდან არ ამოვეთრიე, მაგრამ ნამუსმა შემაწუხა და საკმაოდ დიდი პორცია საჭმლის გაკეთება მომიწია ბოლოს.
-რა გემრიელია, ხატია, -წაიმღერა ცუცამ და აციმციმებული თვალებით გაძიძგნა ბარკალი, -არა ძია?
-ძიას უსს რატო ეძახი, ხატია? -მომმართა პირგამოტენილმა ნიამ.
-ხო, მეც მაინტერესებს, -აყვა ერეკლეც, -არადა, ცოტნე ქვია.
-აააჰა, -აღსრულდა, როგორც იქნა. ანუ ცოტნე. -ისედაც ვიცოდი, ცოტნე რომ ერქვა, უბრალოდ უსი უფრო უხდება.
-გოგო, ნერვებს ნუ მიშლი. -გაბრაზების თავიც კი არ ჰქონდა, იმდენად დაღლილიყო ცოტნე.
-აბა, ბავშვებო, საწოლებში... მეც წავალ. -ზლაზვნით წამოვდექი და სუფრის ალაგება დავიწყე.
-დაანებე თავი, ვერ ხედავ, ცუდად რომ ხარ?
-კარგი, შენ ქენი მაშინ. -დავნებდი უცებ, დაღლილობისგან თუ მაღალი სიცხისგან თვალები მელულებოდა უკვე.
-სად მიდიხარ? -ფეხზე წამოდგა თვითონაც და წინ გადამიდგა, მერე დაუკითხავად მომადო გახურებულ შუბლზე თავისი ცხელი ხელი. კარგი სუნი ჰქონდა, სასიამოვნოდ მომიღიტინა ცხვირში და სხეულში უცნაურმა ტალღამ დამიარა.
სწრაფადვე დავიხიე უკან.
-სიცხე გაქვს, ხატია. დაეტიე აქ. ჯერ კიდევ წვიმს.
-სახლში მირჩევნია. -ავწუწუნდი.
-ცუცასაც კი ესმის უკვე ერთხელ ნათქვამის, -კარები ისე უდარდელად გადამიკეტა ცხვირწინ, თითქოს იქ არ ვედექი. ლოყები ბრაზისა და სიცხისგან ერთიანად გამიხურდა. ამ ველურის სასიამოვნო სურნელი კი ცხვირში რომ მიღიტინებდა, უფრო მიშლიდა ნერვებს.
-ბავშვებს დავხედავ და მოვალ, იმედია, ფანჯრიდან არ გადატხები, -გამაფრთხილებლად ჟღერდა უსის, კი არა და, ცოტნეს სიტყვები. უკმაყოფილომ გადავატრიალე თვალები და ამოვიფრუტუნე.
დივანზე გასავათებული მივეგდე. მიუხედავად იმისა, რომ აულაგებელ მაგიდას და დასარეცხ ჭურჭელს ვერ ვიტანდი, აღარაფრის ძალა შემწევდა. გაციებამ იმაზე სწრაფად მომცელა, ვიდრე ველოდი.
-წვიმა რომ გადაიღებს, სახლიდან წამლების ყუთი გამომიტანე, თუ შეძლებ....
ნამდვილად არ მსურდა მისტერ უსის აღმზრდელთა რიცხვს მეც შევმატებოდი, მაგრამ ახლა სახლში გადასვლა ამ მდგომარეობასა და თავზეხელაღებულ ამინდში ნამდვილად განაჩენი იქნებოდა ჩემი მოტეხილი სხეულისთვის. წამლებით გაძეძგილი ყუთი რომ მომიტანა ცოტნემ, ოდნავ წამოვჯექი ვიტამინების, ანტიბიოტიკების და ანტივირუსული წამლების ამოსაწყობად.
-ერთი ლიტრა წყალი მომიტანე, ამათ დასალევად ერთი ჭიქა არ მეყოფა, -ამოვიბუზღუნე უკმაყოფილოდ. ძიძამაც მშვიდად თუმცა მაინც მობეზრებით დამიდგა წყლით სავსე გრაფინი და ჭიქა და ცეცხლს შეუკეთა.
-გავიჭყიპე, -ამოვთქვი წამლებით გაპეყილმა ისე, თითქოს ვინმეს აინტერესებდეს. საბანი ლამის შემოხევამდე შემოვიხვიე ტანზე, მხოლოდ ცხვირი მქონდა გამოყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ ვიწვოდი. -მეტი აღარ შეუნთო, დავიწვი. ხვალ როგორი ამინდია ნახე ტელეფონში რა..
-შენ თვითონ ვერ ნახავ? გარეთ მაინც ვერ გატანტალდები, ამიტომ გაჩუმდი და დაიძინე.
-უს, ჩემი ტელეფონი მაგდენს ნაღდად ვერ გაქაჩავს. -ამოვიხრიალე, -ძველებური ნოკია მაქვს. არ გეგონოს რომ ღარიბი ვარ ან რამე, უბრალოდ არ მსურს ჩემი ცხოვრების ძვირფასი წამები ტექნიკაზე მიჯაჭვულობამ წამართვას. მინდა დრო
ნელა გადიოდეს, ყველაფერზე დაკვირვებას ვასწრებდე და ადამიანებს ჩემი ნახვა უნდოდეთ და არა ჩემი სურათების დალაიქება. არ ფიქრობ, რომ სოციალურმა ქსელებმა ხალხი ერთმანეთს დააშორა? იმის მიუხედავად, რომ
ერთ წამში შეგიძლია თვით ბიონსესაც კი დაუკავშირდე, სიახლოვე გაქრა. არ გეგონოს, რომ ვბოდავ. მე მართლა ასე ვფიქრობ რამდენადაც არ უნდა ჰგავდეს ეს ნაბოდვარს. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილებამ ყველასგან გამომაცალკევა, მაგრამ არაუშავს. მე მომწონს ველურივით ცხოვრება, თან შენ მაინც უკვე გიჟი გგონივარ და არ მერიდება გულწრფელი ფიქრების გაზიარება. ისე, შენ რატომ წამოიყვანე ბავშვები აქ? ანა და დათა რატომ არ წამოვიდნენ?
-გოგო, შენ რამდენს ლაპარაკობ? მოკეთდი უკვე?
-ხომ გითხარი განდეგილი ვარ, ახლა ვიღაც ისეთი ვნახე, ვინც ინტელექტუალურად ცოტა მისწორდება და გადავწყვიტე გულის წადილი გაგიზიარო.
-მგონი, ბოდავ!
-მთლად ჩემნაირი ჭკვიანი ვერ ხარ, მაგრამ შენთან ლაპარაკი შეიძლება, -ვაგრძელებდი ჩემსას, უსი ჩემ წინ დოინჯშემორტყმული ასვეტილიყო და აშკარად მოსმენილს ვერ იჯერებდა. -მეზობლებს სიტყვას ვერ ეტყვი აქ, ყველაფერი უკუღმა ესმით. თან ახალგაზრდებს არ წყალობენ. წარმოგიდგენია? ჭიკატაანთ ჟუჟუნამ მითხრა, ქალი ულიფოდ არ უნდა დადიოდეს ქუჩაშიო. მერე კიდევ ახალგაზრდები ვართ უზრდელები, მშვენიერი ძუძუები მაქვს, რა არის ამაში დასამალი?
ცოტნემ დანებების ნიშნად ამოიოხრა, შუქი ჩააქრო და თავისი ოთახისკენ წალასლასდა.
-წადი, ხო… ინტელექტით გაჯერებული ღრმად ფილოსოფიური საუბრების მოსმენა არავის სურს ამ ქვეყანაზე. რომ მოვკვდები, მერე დამაფასებთ. -ათას ჭირ-ვარამ გადატანილი ქალივით ამოვიოხრე. თუმცა რა, არ გადაიარა ჩემ კისერზე ყველა უბედურებამ?!
თვალები სასწრაფოდ დავხუჭე, სასტიკ ფიქრებს და მოგონებებს რომ არ გავეტაცებინე.
ავთანდილის ანდერძის პუტუნი დავიწყე ხმადაბლა, ყურადღება რამეზე რომ გადამეტანა და მიმძინებოდა. მისტერ უს ცოტნეს ეს რომ გაეგო, ალბათ, მართლა გიჟად შემრაცხავდა და ამ
ბავშვებთან აღარც მომასუნინებდა, მაგრამ იმას მგონი ჩემზე ადრე გამოსტაცა ძილმა სიფხიზლე.



დილით სახეზე გრილი ხელების ტყაპუნმა შემაფხიზლა. თავი მისკდებოდა და პირგამომშრალმა ნერწყვის გადაყლაპვა რომ ვცადე, ენა იმედგაცრუებულს მიმეკრო სასაზე.
-ხატიკო, გაიღვიძეეე. - ატიტინდა ცუცა. -ხატუნია…
-წყალი მომიტანე რა, შე სამყაროში ყველაზე ტკბილო არსებავ. -ამოვიხრიალე საწყლად, თვალები რომ გავახილე.
ცუცამ მაშინვე მომიტანა ორივე ხელით ჭიქა, მერე რა, ნახევარი რომ ლამის ზედ გადაეღვარა.
გარეთ ისევ წვიმდა, ამიტომ პატარა პარაზიტებს შინ უწევდათ ყოფნა და თავის გართობა.
-ცუდად ხარ, ხატო? -თვალები დააკვესა ნიამ. ძალიან მინდოდა ადგომა და გავლა-გამოვლა, თუმცა მაგდენი ენერგია სადღა შემრჩენოდა.
გუშინ წამლის დალევა ისედაც დამავიწყდა, დღესაც გავცივდი… ექიმთან ვიზიტი არ ამცდებოდა! არც მისი გამგმირავი მზერა და საყვედურებით გადაჭედილი ვიზიტი.

ბავშვებს ახალი გასართობი მიეცათ. ცოტნემ რომ ვერაფრით დააშოშმინა, ბრძანა ხატია თქვენი მომაკვდავი პაციენტია და ექიმობანას გეთამაშებათო.
ამათაც მეტი რა უნდოდათ, მაყლაპებდნენ წარმოსახვით წამლებს, ორივე იღლიაში სიცხეს მიზომავდნენ და ლამის კლიზმის პრაქტიკაში გამოცდაც მთხოვეს. მერე მე ვიყავი გიჟი.
-რას ცოდვილობ, უს?! -გავძახე ცოტნეს, საჭმლის მომზადების წარუმატებელი სერიები ზედმეტად რომ
გაუხანგრძლივდა და ოთახში დამწვარი ხახვის სუნს, კვერცხის და ხორცის სუნიც რომ შეერია.
-გაჩუმდი თუ არ გინდა, მშიერი მოკვდე. -წაიდუდღუნა ნატანჯი ხმით. უკან არ მოუხედავს.
-არც ჭამით მინდა სიკვდილი, გენაცვალე. -გაჭირვებით წამოვჯექი და იატაკზე იმდენი სამედიცინო სათამაშო დავყარე, არც ვიცოდი ამდენი სად დამეტია. -აბა ბავშვებო, ახლა დამლაგებლობანა ვითამაშოთ, ვინც მეტ სათამაშოს აკრიფავს ის მოიგებს საგზურს.
-საგზურს სად?- დაზუსტება მოითხოვა ბატონმა ერეკლემ და გულზე ხელები დაიკრიფა. წამით ძალიან მიემსგავსა ბიძამისს.
-სად და შემდეგ ტურში.
-რის შემდეგ ტურში?
-კულინარიული შეჯიბრის, ერეკლე. დროზე ქენი, თორემ დაგასწრეს დებმა.

შუადღისას ვისაუზმეთ. ყველას პირი გვქონდა გამოტენილი და ლაპარაკისთვის არ გვეცალა. ვინმეს რომ დავენახეთ, იფიქრებდნენ, ორი კვირის ნაშიმშილებმა პირველად დავინახეთ რამე საჭმელად ვარგისი და მაშინვე პირი გამოვიტენეთ.
სიცხე არადა არ მიწევდა, ყველაფერი რომ ვცადე და არაფერმა მიშველა, ფარხმალი დავყარე. ექიმთან ზარის დრო დადგა.
-ხატია! გაგონილა ამისთანა უპასუხისმგებლობა? ხვალვე მობრძანდები, იცოდე, ანალიზებს ჩააბარებ და გადასხმას გაიკეთებ. -ტრადიციულად დამტუქსა რეზო ექიმმა.
რა მისი ბრალი იყო? უწევდა ჩემთან სიმკაცრე გამოეჩინა. მე ხომ არასდროს მესმოდა მისი დარიგების და გაფრთხილების და ძალიან მარტივად ვავადმყოფობდი.
მერე ლიკას დავურეკე. ვიცოდი, დარხეული მქონდა. ფეხით ჩამომაკითხავდა და თავისი ლექციების ციკლიდან კიდევ ერთს წამიკითხავდა, ძალიან გრძელს და მოსაწყენს, მე კიდევ მთქნარებაში უნდა ამომხდენოდა სული.
-ვინ ჯანდაბაა ცოტნე? -წამოიკივლა მაშინვე, ტელეფონს ხელი ავაფარე, სახელის მფლობელს რომ არ გაეგონა. იქვე იჯდა და ცუცას თმას უწნიდა. უფრო სწორად, ცოდვილობდა.
-ჩემი მეზობელია. ბავშვები გავასეირნეთ პიკნიკზე, მერე გაწვიმდა და…
-ვერ მოეშვი ხო წოწიალს? რამდენჯერ გითხრა, წამოდი მაგ სოფლიდან და ახლოს იყავი ჩვენთან-მეთქი? მანდ არც ნორმალური ექიმები არიან, ხატია, არც ინტერნეტი გაქვს, არც არაფერი… რამერომ დაგემართოს, ვერც დაგეხმარებით დროულად. სამსახურიდან გავთავისუფლდები და წამოვალ შენთან.
აღარაფერი მითქვამს. მგონი მართალი იყო ლიკა. მაგრამ ქალაქში ცხოვრება აღარ შემეძლო, ხმაური, აყროლებული ჰაერი, გატენილი ტრანსპორტი, უამრავი მანქანა და ბეტონის კონსტრუქციები სულს მიხუთავდა. აქ კი ცხოვრების ხალისი მიბრუნდებოდა. არ მინდოდა წასვლა, მაგრამ არც ის მსურდა მეგობრები გამეწვალებინა.
ცოტნემ ერთი შემომხედა, ვერ მივხვდი, ინტერესის გამო თუ უბრალოდ ინსტიქტურად. წარბები კუშტად შეეკრა და კონტროლერი ხელში გაშეშებოდა. წავეკეკლუცე და თვალი ჩავუკარი. თვალები ქშენით გადაატრიალა და ერეკლესთან ერთად გააგრძელა რაღაცის თამაში.
-რა სრიალა თმები გაქვს, მეც მინდა შენსავით ლამაზი თმები… -მეფერებოდა გაუჩერებლად და პაწაწინა ხელებს თმაზე მისრიალებდა ნიაკო.
ცუცა ბიძამისს მიებუზა და მალევე ჩაეძინა კიდეც.

რა უცნაურია, არა? უცხო ადამიანების სახლში ვათევ ღამეს, კაცთან, რომელსაც ძმისშვილები დასასვენებლად ვინ იცის, იქნებ ძალით გამოატანეს ამ გადმოკარგულში და მე კიდევ ისე ვიქცევი, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ყოველ ახალ სტუმარს ასე ვუმასპინძლდები.
მაგრამ თქვენ ხომ ჩემზე არაფერი იცით, ისევე, როგორც მე არ ვიცი ამათზე არაფერი, ალბათ, მარტივია ასეთ დროს ფანტაზიას გასაქანი მისცე და ის იფიქრო ადამიანზე, რაც გსურს. დამეთანხმებით, ხშირად ვიქცევით ასე ადამიანები. როცა სხვისი წარსული ჩვენთვის ცარიელი ფურცელივითაა, გვინდება, ჩვენ თვითონ შევთხზათ ამბები, ჩვენი ხელწერა დავატყოთ სხვებს, საკუთარი წარსულის გადაკითხვა კი ხშირად გვავიწყდება ხოლმე.

ლიკას ჩამოსვლა მშვიდობიანად რომ არ ჩაივლიდა, ეს ძალიან კარგად ვიცოდი და წინასწარ გამოვიგლოვე უკვე საკუთარი თავი.
მიუხედავად იმისა, რომ მისტერ უსი დაჟინებით მოითხოვდა ჩემს მათთან დარჩენას, გავუძალიანდი და მეორე ღამის სახლში გათენება გადავწყვიტე. ბოლოს და ბოლოს, მეზობლები დაიწყებდნენ ლაპარაკს. ვიცი, ახლა რაც იფიქრეთ და მართალიც ხართ, მე სულ ცალ ფეხზე , უბრალოდ, მეგობარს სახლში მინდოდა დავხვედროდი.

ფანჯრები ღია დამრჩენოდა და იატაკი მათ პირდაპირ ჯერ კიდევ შეუმშრალიყო. შიგნით მიწის და წვიმის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, კიდევ ძველი ხის და სახლის. ნეტავ, მე როგორი სუნი მაქვს? ჩემი სახლისნაირი? არ შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანებს ზუსტად ისეთი სურნელი აუდით, როგორიც მათ სახლებშია ხოლმე?
ჩაი უზარმაზარ ჭიქაში მოვიმზადე, ხელთ წიგნი გავიყოლე და ისე ჩავთბუნდი ჩემს საწოლში, როგორც დათვი თავის ბუნაგში ნაშემოდგომევს.
მეზობელი სახლიდან შებინდებამდე მესმოდა ბავშვების სიცილის და თამაშის ხმა. აქა-იქ ცოტნეს ტუქსვაც აღწევდა-ხოლმე, ერეკლეს ცუცას თმის გაწეწვას რომ უშლიდა. უცებ ისე მომინდა მეც იქ ვყოფილიყავი, რომ გაუაზრებლად შემომეძალა სევდა.
არა, ხატია! ნურავის მიეჩვევი. ნუ მიეჩვევი. ნუ. ნუ. ლამის ძველი, სქელყდიანი წიგნი თავში ვირტყი. არავის მიმართ გრძნობების დამატება აღარ მსურდა ცხოვრებაში. სადარდებლად ჩემი მეგობრებიც მეყოფოდნენ.

საწოლში მანამ ვიწრიალე, სანამ საბანი მთლად არ ამოვატრიალე. ვერაფრით ვიძინებდი. სიცარიელის და გაუსაძლისი სიმშვიდის შეგრძნება გულს მიღრღნიდა. ახლა ძალიან მომინდა ჩემს ტელეფონში „სნეიქის“ თამაშის ნაცვლად სხვა რამის გაკეთება მაინც შემძლებოდა, მაგალითად, ცნობილი ადამიანების დასტალკვა და ჭორების წაკითხვა, თუ როგორ საშინლად მოექცა ყოფილი მაილი საირუსს.
ძველისძველი, აგურივით სქელი ტელეფონი ლამის ხელიდან გამივარდა, კაკუნის ხმა რომ გავიგე. სიმშვიდით და კართან შეხების ინტერვალებით მივხვდი, ჩემი ძვირფასი მეზობელი მისტერ უსი რომ იქნებოდა.
-შემოდი! -დავუყვირე, რამდენადაც ამის საშუალებას საკუთარი ხმა მაძლევდა. საბნიდან მხოლოდ ცხვირი მქონდა გამოყოფილი, იმდენად მციოდა.
-ჯერ გეკითხა, ვინ ვარ. -ხომ გითხარით, უსია-მეთქი.
-მოდი, უს, მოგენატრე, ხო? -წარბები ავუთამაშე და მისმა მობეზრებულმა სახემ უფრო გამახალისა, თვალები რომ გადაატრიალა, თუმცა ნიკაპი მაინც მიკანკალებდა.
-კანკალებ. -დაიხარა და შუბლზე ხელი დამადო. მისი სასიამოვნო სურნელი ცხვირში ყველანაირი ნებართვის გარეშე შემომივარდა. მაისური დახრის დროს ოდნავ წინ ჩამოეწია და საყელოდან ხორბლისფერ ყელთან ერთად გულ-მკერდის პატარა ნაწილიც გამოუჩნდა.
წეღან ხომ მციოდა, ახლა ვიხუთები. ნერწყვი ძლივს გადავაგორე ყელში ნანახით დამტკბარმა. ცოტა გვიან, ალბათ, იმასაც მივხვდები, ჩემს მოღეღილ გულ-მკერდზე ვინმე უცხო ასე რომ მომაჩერდეს, აუცილებლად ღრანჭებში მოვდებდი, მაგრამ ახლა სიცხე მქონდა და ჩემი გონება მაგდენს ვეღარ საზღვრავდა.
უხერხულად დავაკვესე თვალები და ყურადღების გამოჩენით გამოწვეული სიამოვნება რომ ვეღარსად მივმალე, ფართოდ გამეღიმა.
-ძალიან ბევრი ჩაი დავლიე, მაგრამ არ მიშველა... -გავიმართლე თავი და შევეცადე, საწყალი გამომეტყველება მიმეღო. -ბავშვებს სძინავთ?!
-კი. -ისე გაბრაზებით მიპასუხა, გამიკვირდა, რა დავაშავე-მეთქი, -რომ დარჩენილიყავი, რა მოგივიდოდა?
-ჩემი დაქალი ჩამოდის ხვალ, უცხო კაცის სახლში რომ მნახოს, ოცნების კოშკებს ააგებს, რომ როგორც იქნა, ვიღაცას მოვეწონე და მერე იძულებულს გაგხდის ცოლად მომიყვანო. ამიტომ ჩათვალე, ჩემი წამოსვლით გადაგარჩინე! -თვალი ჩავუკარი ისევ.
-ნუ გეშინია, პირველი არ იქნები. -მითხრა მშვიდად და ჩემკენ დაიხარა.
პირი იმის საკითხად გავაღე, თუ რას გულისხმობდა. ცოტა შეურაცხყოფილად კი ვიგრძენი თავი, მაგრამ საბნიანად ჰაერში რომ ამწიეს, წამოკივლების გარდა ვერაფერი მოვასწარი.
-რას აკეთებ? -საბნიანად ჰაერში რომ ამწიეს, წამოკივლების გარდა ვერაფერი მოვასწარი.
საბანში ისე მჭიდროდ ვიყავი გამოკვანძული, როგორც ახალშობილი სახვევებში, ამიტომ ხელ-ფეხს სათანადოდ ვერ ვამოძრავებდი, მისთვის წინააღმდეგობა რომ გამეწია.
-ჩემთან მიმყავხარ. რა გაკივლებს, კი არ გიტაცებ. -ოთახში სინათლე თეძოს მიდებით ჩააქრო, კარი ფეხით გამოიკეტა და თავისი სახლისკენ აიღო გეზი.
-ჩემი ნებართვის გარეშე მიგყავარ, მიტაცებ, აბა, რას შვრები? -ვცაცხანებდი გახელებული, წვიმის წვეთები სახეზე მჟინჟღლავდა და ერთი გვარიანად მოვდებდი ამ თავნება ადამიანს, უცებ საპირისპირო მიმართულებით მომავალ უცნობ ადამიანს ფარანი პირდაპირ სახეში რომ არ მიენათებინა ცოტნესათვის.
თვალები მოულოდნელი სინათლისგან მოეჭუტა და ლამის ხელიდან გავუვარდი. თვალებდაქაჩული ვუყურებდი მაყვალა ბებიას, რომელიც იჭვნეულად გვიყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს და სანათს აქეთ-იქეთ გვანათებდა.
-საღამომშვიდობისა, მაყვალა ბებო.
ცოტნემ გვერდი ისე აუარა ყბადაფჩენილ ქალს, რომ არაფერი უთქვამს. მე კი საშინლად მომინდა ხელი თავისუფალი მქონოდა, რამე რომ დამეშავებინა მისთვის.
-ხვალ დილას მთელი სოფელი გაიგებს, ხატია შენგელია გაბოზებულაო... -ჩავიფხუკუნე მაყვალას სახე რომ მომაგონდა, როცა ცოტნემ დივანზე კი არ დამსვა, დამაფერთხა. -რა იყო მძიმე ვარ? თუ ჩემს ხელის გულზე ტარებას აპირებ, შემიძლია, დიეტაზე დავდგე.
თვალი ჩავუკარი.
საერთოდ ვერ ვხვდებოდი, ჩემს ხუმრობებზე რატომ არ ეცინებოდა.
ოთახში ჯერ კიდევ ენთო ცეცხლი და საკმარისზე მეტად თბილოდა. ცოტნემ ღრმა თეფშზე ოხშივარავარდნილი სითხე ტყლაშუნით ჩამოასხა.
-იმედია, მაგით არ აპირებ ჩემს გამოკვებას. -წარბები ავზიდე უკმაყოფილო სახით.
-როგორც იქნა, შენი გონება რაღაცას სწორადაც მიხვდა. -ჩაიდუდღუნა, თეფშში კოვზი ჩააგდო და ჩემკენ წამოვიდა.
-არ შევჭამ, -ვიუარე, სუპში მოცურავე მაკარონის ნაგლეჯები რომ დავინახე. სუნი ცუდი არ ჰქონდა.
-მომისმინე, პარაზიტო, -ხმა ისე გაიმკაცრა, პირველად მესმოდა ასეთი. გაბრაზებულიც, გაღიზიანებულიც და დაღლილიც ერთანირად იყო, -გამოჯანმრთელდები და მერე ნერვებს აღარ მომიშლი, ხომ გაიგე?! ნამდვილად არ მინდა ახლა ხელში ჩამაკვდე, შენი მეგობარი რომ მოვა, ის მოგხედავს. ახლა პირი გააღე, ოღონდ შენი ხმა არ გავიგო და ეს ჭამე.
სუპს მარილი აკლდა, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი. ისეთი სახით მიყურებდა, წინააღმდეგობა რომ გამეწია, უეჭველად გამომხსნიდა ამ ზეწრებიდან და გვარიანად მომცხებდა, ალბათ.
შუადღის მერე არაფერი მიჭამია, ამიტომ ჩემს გამომხმარ კუჭს ძალზე ესიამოვნა ცოტნეს არც თუ ისე პროფესიონალურად ნახელავი სუპი, მაგრამ ხმის ამომღები არ ვიყავი. ცხელმა საჭმელმა, სითბომ და მზრუნველობამ თავისი ხელი დამრია ბოლოს და როგორც იქნა, თვალები ნასიამოვნებს მიმელულა.
მერე რა, რომ ჩემი გონების ჯანსაღი ნაწილი ხმამაღლა გაკიოდა, ხატია, გონს მოეგეო, ნუ ხარ კომფორტულადო, და ა.შ. მე უკვე ღრმად მეძინა და ჩემი თავის ხმაც არ მესმოდა. მხოლოდ ცოტნეს ნაბიჯების. შუბლზე ძმრიან საფენებს რომ მაფენდა პერიოდულად.

დილით უკვე უკეთ ვგრძნობდი თავს. ძვლებში აღარ მტეხდა. ნაცნობი ტიტინი რომ შმომესმა, თითქოს სრულებით გამოვკეთდი. თვალი რომ გავახილე, სამი წყვილი თვალი გაოცებული შემომყურებდა ხან მე, ხან ცოტნეს, რომელსაც თურმე დივანზე ჩემთან ერთად ეძინა.
არა, ეს ის არ არის, რაც თქვენ იფიქრეთ. მე ვიწექი, მას კი ჩემი ფეხები საბნიანად კალთაში ჩაედო და დამჯდარს, კისერმოყანყალებულს ეძინა.
პატარა ქოფაკები საღამურებში გამოწყობილები, თმააბურძგნულები დაბნეულები ჩანდნენ და ვერ გაეგოთ, რა უნდა მოემოქმედებინათ.
-ხატო, გაიღვიძე? -ლოყებზე კოტიტა თითები სიხარულით შემოიტყაპუნა პატარა ცუცამ. ფრჩხილებზე წითელი ლაქი წაეთხიპნა. -ძიას თავის საწოლში რატო არ ძინავს?
-ხატო კარგად ხარ? -აჰყვა ნიაც.
-გვშია. -მთქნარებით თქვა ერეკლემაც და თავი მოიქექა.
-აბა, პატარა ადამიანებო, გამოიცვალეთ, ხელ-პირი დაიბანეთ და ნახევარ საათში სუფრასთან გიწვევთ. -ძლივს-ძლივობით გამოვძვერი საბნიდან და ფეხები ცოტნეს კალთიდან ჩამოვიღე.
ოთახში ძმრის სურნელი ტრიალებდა ჯერ კიდევ. მისტერ უსი ადგილიდან არ იძვროდა, ისე ღრმად ეძინა. ოდნავ წამოვჯექი და სახეზე მოვუთათუნე რომ შეღვიძებოდა.
ისეთი მშვიდი, უდარდელი და მოუქუფრავი სახე ჰქონდა მძინარეს, ალბათ, სიზმარშიც მე მხედავდა და იმიტომ იყო ასეთი თვალწარმტაცი სანახავი თვითონაც.
-ცოტნე, ცოტნიკო... -კარგად შემოვუტყაპუნე. ოდნავ შეიშმუშნა და ერთმანეთზე დაწებებული თვალები ძლივს გაახილა. -რა მშვენიერი დილა გაგითენდა, პირველი მე რომ მხედავ, არა? -წავეკეკლუცე.
-ჯერ სარკეში ჩაიხედე... -ამოიზმუვლა და თვალები მიხუჭა ისევ.
დარწმუნებული ვიყავი, თმა ჩიტის ბუდესავით მქონდა აფუებული და ყალყზე დამდგარი, თუმცა თავს ისე ჯანმრთელად ვგრძნობდი, ჩემი ვარცხნილობა ვერაფერს დამაკლებდა.
-მიდი დაწექი, მე მივხედავ ამათ. -ჩამეღიმა, ისე უცებ შეეპარა ძილი სახეზე. ყელი ისე მოეღერა, ტუჩები რომ მოგექავება ადამიანს საკოცნელად.
ხატია, აზრზე მოდი. საკუთარი თავისთვის შემოძახების ნაცვლად, ცოტნეს ვუჩქმიტე, რომ გამოფხიზლებულიყო, თორემ აშკარად არაჯანსაღი აზრები დამიტრიალდა თავში.
-ეს ვინ მანიაკი გადავიკიდე, ღმერთო ჩემო... -ამოიოხრა შეწუხებულმა და თავისი ოთახისკენ ნახევრად მძინარე წალასლასდა.

***
ლიკა რომ ჩამოვიდა, აღარ წვიმდა. ბავშვები ჩემს ეზოში თამაშობდნენ. უსს მთელი ღამის ნათევს, ჯერ კიდევ ეძინა. უცხოს დანახვისას ბავშვები დაბნეულები შედგნენ ერთ ადგილას. ლიკაზეც ვერ ვიტყოდი, რომ არ გაუკვირდა ჩემს ეზოში სამი ბავშვის დანახვა და თვალებით მეკითხებოდა, „ესენი ვინ არიანო“, როცა ჩემკენ მოემართებოდა გაცხარებული ნაბიჯებით.
-რამე გამოვტოვე? -გადამკოცნა და პატარებს თვალი ჩაუკრა.
-არაფერი ისეთი ,ესენი ჩემი მეზობლები არიან, ერთად ვერთობით. არა, ბავშვებო?
-დიახ, -წამღერებით წარმოთქვა სამივემ.
-ჩვენი ძიაც ხშირად ერთობა ჩვენთან ერთად, თან ხატიას და ძიას წუხელ ერთად ეძინათ. -ჩამოარაკრაკა ცუცამ, თან კაბის ბოლოს ხელში ათამაშებდა.
ლიკამ წარბები აზიდა და ჯერ ბავშვებს მოავლო თვალი, მერე მე გადმომხედა.
-ეს ის არ არის, რაც შენ გგონია, -წარმოვთქვი დრამატულად. -სიცხე მქონდა და ძალით მივლიდა ბიძათქვენი.
-ბიძაჩემი მოძალადე არ არის. -დაიცვა პატარა პარაზიტმა კაცმა დიდი პარაზიტი.
-შენ მგონი მთლად გამოგასულელა სუფთა ჰაერმა. -გაოგნებული ჩანდა ჩემი ძვირფასი მეგობარი.

როცა საავადმყოფოში წასვლა დავაპირეთ, ბატონ უსს უკვე კარგად გამოეძინა და გამომცხვარი სახით გადმოსდგომოდა თავის აივანს, საიდანაც არაჩვეულებრივად ჩანდა, როგორ თამაშობდნენ ბავშვები ჩემს ეზოში წრეში ბურთს, როცა მე და ლიკა ყავას მივირთმევდით.
-ეს არის, -თავით ცოტნესკენ ვანიშნე ლიკას, -კისერს ნუ მოიტეხავ, ნელა მიიხედე, ვითომ შემთხვევით.
აქ, როგორც ხდება ხოლმე, ისე განვითარდა მოვლენები. ლიკამ ისეთი სისწრაფით მიაბრუნა უკან თავი, კისრის მალების ტკაცუნი ახლაც ჩამესმის.
-ვუა. კარგი ძიძა კი გიპოვია, რა ტანზეა?!
-გაგაცნობ, თუ გინდა. -ჩავიფხუკუნე და ჩემკენ მომზირალ ცოტნეს ხელი მთელი ძალით დავუქნიე, მერე კოცნაც გავუგზავნე.
თუ კარგად შეისწავლეთ ამ ადამიანის ხასიათი, იმასაც მიხვდებოდით, რა სახეს მიიღებდა: თვალები გადაატრიალა და ღრმად ამოიხვნეშა. მერე ბავშვებს დაუძახა და ისინიც ძია-ძიას ძახილით გაეხვეტენ ჩემი კარმიდამოდან.

-დაურეკე შენს ექიმს? -სოფლის ოღრო-ჩოღრო გზიდან რომ გადავუხვიეთ, მხოლოდ შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ლიკამ.
-კი, მელოდება. აღარ მაქვს სიცხე, -ის აღარ მითქვამს, ცოტნემ ლამის მთელი ღამე რომ გამითია ძმრიანი საფენებით ხელში.
-მაინც საშიშია, ხომ იცი... ამდენი ხანი მკურნალობდი, აქაც მაგიტომ ჩამოხვედი, რომ ჯანსაღად გეცხოვრა და მდგომარეობიდან გამოსულიყავი. რატომ არ უფრთხილდები თავს, ხატია?
-ნუ ნერვიულობ, არ მომკლავს ერთი გაციება... -ამოვიფრუტუნე მობეზრებულმა, თუმცაღა ვხვდებოდი, რომ მეგობრის სიტყვები ნერვიულობის გამოძახილი იყო და არა დატუქსვის მცდელობა.
-მეორედ ეგ აღარ გაიმეორო, იცოდე. ავალიანი და ნატროშვილი ძლივს გავაკავე თბილისში, შენს გასაპუტად გამორბოდნენ გუშინვე.

უცნობი ადამიანის წარსულზე და ცარიელ ფურცელზე რომ გეუბნებოდით რაღაცას, ხომ კარგად გახსოვთ? ხოდა, ახლა მაგ ფურცელზე რაღაცებს ჩავწერთ და ყურადღებით იყავით, არაფერი აგერიოთ.
ექიმთან ვიზიტებს მიჩვეული ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიანაც მსიამოვნებს. ჩვენს სოფელთან ყველაზე ახლო ქალაქი ონია, მართალია, აქაურობას ყველაზე ხშირად მოხუცები სტუმრობენ, მაგრამ ბოლო ერთი წელია, არც მე ვაკლებ. უკვე ყველა კარგად მიცნობს, ექიმებიან-ექთნებიან-მედდებიან-პაციენტებიანად. საქართველო ხომ ისედაც პატარაა და ქალაქები - კიდევ უფრო მოცუცქნული, ყველა ყველას იცნობს, ამიტომ ვერც ვერაფერს დამალავ ადამიანი, ძალიანაც რომ გინდოდეს, მით უმეტეს, თუ იმას, რისი დამალვაც გსურს, ხშირად აკეთებ ხოლმე.
ხოდა, ყველამ კარგად იცოდა აქ ჩემი ავადმყოფობის ამბავი.
არ შეგეშინდეთ, არ ვკვდები. ვმკურნალობ და ჩვეულებრივი ადამიანივით ვცდილობ ვიცხოვრო.
რეზო ექიმმა დამინახა თუ არა, ღიმილი აუთამაშდა მოხუც, ჭაღარათმიან სახეზე.
-მოვიდა ჩემი საყვარელი პაციენტი!
-როგორ ხართ, რეზო ექიმო? მე ძალიან კარგად, საერთოდ აღარ მაქვს სიცხე. -მივაყარე მანამ, სანამ გაბრაზებას მოასწრებდა. გაეცინა.
-აბა, მომიყევი, რა შეგემთხვა. მერე ანალიზებიც ავიღოთ ყოველი შემთხვევისთვის.
-ამ ორი დღის წინ პიკნიკზე წავედი, ხომ იცით, როგორ მიყვარს ბუნებაში წოწიალი. უეცრად გაწვიმდა, დავსველდი და გავცვიდი. არაფერი განსაკუთრებული. ეს ყველას შეიძლება შეემთხვას.
ხო, თავს ვიმშვიდებდი, რადგან ხუთი ადამიანიდან, რომელთა შორისაც სამი პატარა ბავშვია, მარტო მე ვიყავი გაგნაწული თერმომეტრგარჭობილი.
-სხვა რამე ხომ არ გაწუხებს? წნევები? თავბრუ გეხვევა? როგორ იკვებები?
-ვიკვებები ჯანსაღად, თავბრუ მარტო მაშინ მესხმის, როცა დილით სწრაფად ვხტები საწოლიდან.
-ხატია, თავს უნდა მოუფრთხილდე. მე მაინც გირჩევ, ქალაქში დაბრუნდე მეგობრებთან, სადაც ვინმე ყოველდღე შეძლებს შენთვის ყურადღების მოქცევას. რამე რომ გაგირთულდეს... აქ მაინც სოფელია, მანქანა შენ არა გყავს, ტელეფონი არ იჭერს... ბევრი დრო დაგეკარგება.
-ამ ზაფხულს რომ გავჩერდე? სექტემბრიდან წავალ, გპირდებით.
-რაც მალე, მით უკეთესი. იქ ერთ კარგ ექიმთან გადაგამისამართებ და ის მოგხედავს.

იმდენი სისხლი ამიღეს, რაღა დამრჩა, ნამდვილად ვერ გეტყვით. ლიკასთვის ექიმთან გასაუბრების დეტალები და მისი დაჟინებული თხოვნა ახლობლების მეთვალყურეობის ქვეშ გადამენაცვლებინა სასწრაფოდ, ცხადია, არ გამიზიარებია. დღესვე დამავლებდა ხელს და სულ ძალით წამათრევდა ქალაქში.
გადაკვრით მოვახსენე ყველაფერი და გულდამშვიდებული გავისტუმრე მეორე დილას თბილისისაკენ. მე ჩემს პატარა ფუღუროში დავბრუნდი.
დილაუთენია ამდგარს ძილი გამიტყდა და ვეღარ შევიბრუნე, ამიტომ გადავწყვიტე ხეზე შემწიფებული ხილი დამეკრიფა, სანამ ძალიან დაცხებოდა.
გონიერ ადამიანს შეიძლება, უფრო მარტივი გზა მოეფიქრებინა იმხელა ხეზე ასაპორტყებლად, მაგრამ მე პირველყოფილ ხერხს მივმართე, შიშველი ხელებით შევაღოღდი ალუჩის ხეს.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ სანამ კბილები არ მომეკვეთა, მანამ კურკების წვიმა ცვიოდა ამ ხიდან. მერე ახალი გასართობის პოვნა მომინდა, რადგან ალუჩის ხეზე მხოლოდ მის საკრეფად ასვლა ნამდვილად არ გახლდათ დროის გასაყვანად სახარბიელო საშუალება.
აქამდე არ აღმინიშნავს, ამიტომ აქვე დავამატებ, რომ ალუჩის ხე სწორედ იმ ფანჯარასთან ამოზრდილიყო, რომელ ოთახშიც ცოტნე ახლა ალბათ უდარდელად ფშვინავდა. იმაშიც დამეთანხმებით, რომ როდესაც სამი ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე გაქვს აღებული ადამიანს, მიზანშეწონილი არ არის ამ დრომდე ძილი.
გადაწეული ფარდიდან კარგად ვხედავდი ლოგინიდან როგორ გადმოვარდნოდა უშველებელი მკლავი ცოტნიკოს. თან „აბეზარას“ ვღიღინებდი და თან ამაოდ ვცდილობდი ალუჩა სამიზნისთვის მომეხვედრებინა.
გლუვი ტკაცანის ხმამ მიმახვედრა, რომ საწადელს მივაღწიე. სხეული ოდნავ შეიშმუშნა და მერე თეთრი ბალიშიდან თავიც წამოსწიეს. თმა შუბლზე ჩამოყროდა. აშკარად არ იყო დილის ადამიანი.
მეორე ამჯერად, პირდაპირ შუბლში მოვარტყი. გეფიცებით, ნამდვილად არ განმიზრახავს, განსაკუთრებით, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ცოტნე გაცხარებული წამოვარდა და გაცხარებული სახით გადმოყო თავი ფანჯრიდან.
-დილა მშვიდობისა, პრინცესა! -ხიდან დავუქნიე ხელი და გაუაზრებლად ჩაკბეჩილმა ალუჩამ ლამის კბილები რომ დამაძრო, სახე დამეჭყანა.
სუნთქვა შემეკრა ხორბლისფერი მკლავები რომ მზეზე აულაპლაპდა და დილის ნიავმა ტაო დააყარა ტანზე. დიდად ნავარჯიშებს არ ჰგავდა, ბუნებრივად ჰქონდა სხეულზე გამოკვეთილი ფორმები. ვინმემ რომ იცოდეს, ნერწყვი რომ მახრჩობდა, იქნებ იმაშიც კი დაედოთ ბრალი, ამ კაცის დამსახურებააო, მაგრამ რეალურად, ყველაფერი ალუჩის ბრალია. ცოტნეს თაფლისფერი თვალები უფრო აემღვრა და მუცელში აწრიალებული ღელვა ვერაფრით დავამშვიდე. ხმა, რომლითაც წეღან ვღიღინებდი, თითქოს სადღაც მიმეკარგა და გულის გამაყრუებელმა ბაგა-ბუგმა ჩაანაცვლა.
-გოგო, შენ ნორმალური ხარ? -დაიგრგვინა ხმადაბლა, აშკარად არ უნდოდა ბავშვების გაღვიძება.
-ისე რა, შენ? ალუჩა გინდა? -დამტკბარი ხმით მივუგე.
მისნაირ სერიოზულ ადამიანს მეორეს არ შევხვედროდი, ალბათ, ამიტომაც მომწონდა მისი წვალება და გაბრაზება.
-გაუზრდელი ბავშვი ხარ! გირჩევნია, მაგ ხიდან ჩამოსული სადმე არ გადამეყარო, თორემ ვერ გადამირჩები. ბავშვებს არ გაეკარო კიდევ, შენგან მავნე ჩვევების მეტს ვერაფერს აიღებენ.
-ბავშვი არ ვარ, ჯერ ეს ერთიც. ზრდასრული ქალი ვარ. ბავშვებს შენ ასწავლი მავნე ჩვევებს, მაგალითად, შუადღემდე ძილს და სიზარმაცეს.
-არ მომიახლოვდე, იცოდე! -თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ოთახში შებრუნებამდე ფანჯრები მიიხურა.
-აშკარად ვერ არის დილის ადამიანი. -მხრები ავიჩეჩე. მისი მუქარა, რა თქმა უნდა, გულთან ახლოს არ მიმიტანია.
იმდენი ალუჩა დავკრიფე, რამდენსაც მივწვდი. წვრილ ტოტებზე გასვლისა კი შემეშინდა უკვე. სიფრიფანა სხეულით ნამდვილად ვერ დავიკვეხნიდი და ნამდვილად არ მინდოდა ცოტნეს ფანჯრის წინ ტვინი დამესხა.
კაბის კალთას კარგად მოვუკარი თავი, ალუჩა რომ არ გადმომყროდა და ყულფი კბილებით დავიჭირე. ნელ-ნელა დავიწყე ქვემოთ სვლა, მაგრამ ვაი რომ ორივე ფეხსაცმელი გამძვრა ჩამოსვლის დროს და ბოლო ტოტიდან მიწამდე მანძილიც ზედმეტად დიდი იყო გადასახტომად. კბილებიც ვეღარ უძლებდა ამდენი ალუჩის წონას, ფეხის გულები ხის უხეშმა მერქანმა გამიხეხა და სიმწრისგან დავიკივლე ფეხით გადატეხილ ტოტს რომ გავეხახუნე. კაბის კალთა მაშინვე გამივარდა, ჩემი სიმწრით ნაკრეფი ალუჩაც სულ ძირს დამეყარა და მეც თვითგადარჩენის ინსტიქტით შეპყრობილი ძლივს გადავრჩი მიწაზე დანარცხებას, რადგან რაღაც ძალით ხელფეხით შემოვეხვიე ყველაზე მსხვილ ტოტს. ბარძაყები სულ გამიხეხა ხის ზედაპირმა, სიმწრისგან ნაპერწკლები გავყარე თვალებიდან და რატომღაც ჩემი გონების რომელიღაც ამპარტავანი ნაწილი ჩამყვიროდა, რომ ეს ყველაფერი თვითონ მოვიმკე, დილით უსს რომ ძილი არ ვაცადე.
-უს, მიშველე, -ამოვიკვნესე საწყლად მისი ფანჯრის წინ ხის ტოტზე გამოკონწიალებულმა.
მისი დახმარების იმედი რა თქმა უნდა, არ უნდა მქონოდა. საშინლად გავამწარე და ღირსი ვიყავი ამ ხეზე მანამ ვყოფილიყავი გამოკიდებული, სანამ ჩირად არ ვიქცეოდი.
-ცოტნეეე,- ამოვიტირე ამჯერად უფრო ხმამაღლა, -მეწვის... ჩემი ბრალია, პარკი მაინც როგორ არ ავიყოლე...
გულ-მკერდის ძვალიც კი მტკიოდა უკვე იმხელა ძალით ვაწვებოდი ხის ტოტს. ტკაცუნის ხმა რომ გავიგე, ვიფიქრე, რომ მორჩა, იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება და სიცოცხლის ხანმოკლე მონაკვეთებმა, რომელშიც ძალიან ცოტა მოგონება თუ იქნებოდა კარგი, თვალწინ ჩამირბინა.
როგორც ჩანს, ფანჯარა გამოაღეს და იქედან ისევ გადმოდგა ნაცნობი სილუეტი. დამიჯერეთ, მისი დანახვა ასე არასდროს გამხარებია, მეტიც, თავადაც ბედნიერი ჩანდა ჩემი დანახვით! ისე იკრიჭებოდა, გაღიმებული მგონი პირველად ვნახე და ძალიანაც უხდებოდა ჩაწიკწიკებული კბილების გამოჩენა და ლოყებზე ნაოჭები. ისე ახლოს ვიყავი, მისი სუნიც კი მეცა და ნამდვილად არ მსურს ჩემს სხეულში დაგზავნილ იმპულსებზე კომენტარი გავაკეთო, რადგან თითოეული უჯრედი დამიბუჟდა. ხატია, გავიწყდება, რომ ხეზე გამოკიდებული საცოდავ მდგომარეობაში ხარ?!
-დილა მშვიდობისა, პრინცესა, -ბედნიერი ხმით წარმოთქვა ცოტნემ და ცას ახედა, -რა კარგი დილაა, არა?!
-ვერაფერს იტყვი, -ამოვიკვნესე გაჭირვებით, -გამო, ჩამომხსენი რა, შენმა მზემ?
-ვერა, მეზარება. იყავი მანდ, ერთი საფრთხობელა ყველა ხეზე საჭიროა, ქორმა წიწილები რომ არ წაართვას ადგილობრივებს. -დანანებით ჩაილაპარაკა და ფარდა ცხვირწინ გადამიწია.
წარმოიდგინეთ!
-ტყდება ეს ტოტი და ვერ ჩამოვდივარ! -მივაძახე გამწარებულმა.
-არაუშავს, მიწას არ აცდები. -ღიღინით მომაძახა ოთახის სიღრმიდან.
არ მჯერა, რომ ეს ადამიანი ჩემი გაცნობის პატივს სათანადოდ ვერ აფასებს.

-ხატო, ხეზე რა გინდა? -დოინჯშემორტყმული ისე მიყურებდა ქვემოდან ცუცა, როგორც ამოუცნობ ობიექტს.
ლამაზ თვალებში მზე აჭყუტებდა და ცალი ხელით თვალებს იჩრდილავდა, მეორე ხელით კი სათამაშო ეჭირა.
-ალუჩა მინდოდა დამეკრიფა თქვენთვის, პარკის ამოტანა დამავიწყდა, ხოდა დამეყარა და ლამის ჩამოვვარდი. ახლა ვეღარ ჩამოვდივარ, მეშინია. -ამოვილაპარაკე საწყლად. ალბათ, ერთი საათი მაინც იქნებოდა გასული, რაც ამ მდგომარეობაში ვიყავი. სხეული დაჩლუნგებული მქონდა, ვეღრაფერს ვგრძნობდი, ვერც ჭიანჭველები როგორ დამღოღავდნენ, ვერც ხიწვები როგორ მესობოდა... ვერაფერს.
-კი მაგრამ, თუ ვერ ჩამოდიხარ, აბა, როგორღა ახვედი? -გვერდით ამოუდგა უმცროს დას ერეკლე.
-არ ვიცი, როგორღაც ავედი... კიბე არ გაქვთ?
-გადმოხტი, ხატო, და დაგიჭერთ! -ხელები გაშალა ნიაკომ. რა გულისხმიერი ბავშვია, საერთოდ არ ჰგავს ბიძამისს, ფეხებგადაჯვარედინებული რომ წრუპავს ყავას აივანზე და ხედით ტკბება.
-ბიძია, დაეხმარე რა ხატოს! სისხლი მოსდის! -აკივლდა ცუცა და ბიძამისისკენ გაიქცა.
-მაგას არ ადარდებს, -გავანდე ბავშვებს ჩემი გულის ტკივილი. -აქ რომ გავხმე, ვერც კი შეამჩნევს....
-რა ფეთხუმი გოგო ხარ? -ეზოში შემოვიდა და ქვემოდან ხელებგადაჯვარედინებული მომაჩერდა. -და უტვინო.
ახლოს იყო, ერთი ხელის გამოწვდენა უნდოდა და მარტივად ჩამომხსნიდა, მაგრამ ცოტნეს ხომ გულის ნაცვლად ქვა ედო მკერდში.
-შორიდან ვერ გამლანძღავდი? -დავუცაცხანე გამწარებულმა, -თუ ახლოდან გინდოდა საფრთხობელას ნახვა?
-ძია, ჩამოხსენი რა, ცოდოა მართლა... -აწუწუნდა ნიაკო და ბიძამისს მაისურის ბოლოზე მოქაჩა.
-არ მინდა მაგისი დახმარება, -გავძალიანდი მე, არადა არ მინდოდა კი არა - მჭირდებოდა უკვე. ტოტიდან წამოწევა ვცადე თუ არა, მანაც მაშინვე გაიღო ტკაცანი, აშკარად მოტეხვას აპირებდა.
ამჯერად დაფეთებულმა ვეღარ მოვზომე და აქამდე, თუ ტოტს ზემოდან ვეხუტებოდი, ახლა მაიმუნივით ვიყავი ზედ გამოკიდებული. ბარძაყები საშინლად გამეხეხა და წამოტირება ვეღარ შევიკავე გამწარებულმა.
-შედით სახლში, ჩამოვხსნი ამას და ვისაუზმოთ მერე, -ბავშვებს შესძახა ცოტნიკომ და მერე მე მომიბრუნდა. მგონი.
ყოველ შემთხვევაში, ახლა ვეღარაფერს ვხედავდი ერთმანეთში გადახლართული ხის ტოტებისა და პატარ-პატარ მწვანე ფოთლების გარდა, გადალურჯებული ცა რომ აქა- იქ იჭყიტებოდა.
-ჩამოუშვი ფეხები, დაგიჭერ. -მშვიდად მითხრა.
იმდენი კი ვეღარ მოვტვინე, რომ გრძელი კაბა თეძოებამდე მქონდა ჩამოწეული და ღმერთმა უწყის, რას ვუმზეურებდი ამ კაცს ცხვირწინ. დრო იყო, საკუთარი თავის ლანძღვა დამეწყო ასე დაუფიქრებლად რომ მოვიქეცი და კაბით, ყველანაირი პარკის გარეშე თრითინასავით შევაფრინდი წიწვებით დაფარულ ხეს.
თავში მოწოლილი წნევისა და სირცხვილისგან შუბლი ამეწვა. გულისცემა ყურის ბარაბნებს მიხეთქავდა უკვე.
-მეშინია. ვერ გხედავ... -ამოვიკრუსუნე, ცოტა ნდობა გამიქრა ამ ადამიანის მიმართ. რა ვიცი, იქნებ სამაგიეროს გადახდა მოესურვებინა ახლა.
-ნუ გეშინია, ჩამოუშვი და დაგიჭერ.
არ ვიცი, დაჭერას რას ეძახდა, რადგან როცა ხეზე შემოკლაკნილი ფეხები ნელ-ნელა მოვაფამფლე და ძირს დავუშვი, რაღაც მათემატიკური გათვლების თუ ზებუნებრივი ძალების წყალობით მის კისერზე აღმოვჩნდი შემომჯდარი.
შიშველი, გახეხილ-გადამწვარი ბარძაყებით ვგრძნობდი მის გრილ, გლუვ კანს და სასიამოვნო მატერიის მაისურს. მუცელში ერთიანად დამარტყა რაღაც ძლიერმა ძალამ, რადგან აღარც წვის და აღარც ტკივილის შეგრძნება აღარ გამაჩნდა. მთელი სხეული უცნაურმა შეგრძნებამ გადამიხურა.
-ხელებიც გაუშვი ახლა, -მუხლებზე ხელებით მეხებოდა, რომ უკეთ დავეჭირე და წონასწორობადაკარგულს ისიც არ წამექცია.
ჩემი გრძელი კაბა საერთოდ არ მეხმარებოდა, მთლიანად მის კისერთან აკეცილიყო და ფეხები ფაქტობრივად მოშიშვლებული მქონდა.
ხეს რომ ხელებიც შევუშვი უეცარი სიმსუბუქის შეგრძნებამ თითქოს ფრთები გამომასხა. არ ვიცოდი, ხელები სად წამეღო, ამიტომ ცოტნეს შუბლზე დავულაგე და მის შემდეგ ბრძანებას მორჩილად დაველოდე.
-ახლა ნელა დავიხრები და ჩემკენ მოგაბრუნებ, რომ დაგსვა. -მითხრა თუ არა მაშინვე მუხლებში დაიწყო მოხრა. მეც ოდნავ წინ წავიწიე, რომ ხელი შეეშველებინა, თუმცა ფეხები დაძაბული მქონდა მაინც და მგონი, მოვახრჩობდი კიდეც, წელზე ხელი რომ არ წაევლო და მხრებიდან არ ჩამოვეხსენი.
მიწაზე დავარდნით დაშინებულმა გაუაზრებლად მოვხვიე ორივე ფეხი წელზე და მკლავები კისერზე. კაბა ამჯერად ფეხებს კი მიფარავდა, მაგრამ მკერდთან ისე მქონდა ჩამოწელილი კერტებს ძლივს მიფარავდა. ცოტნეს კი თავი მაინც და მაინც მის წინ ჰქონდა გაჩერებული და მისი თბილი სუნთქვა ზედ მკერდზე მცემდა.
საშინლად არ მინდოდა ჩემი ტაოდაყრილი სხეული შეემჩნია, როცა მისი სუნთქვა საყვარელი სუნამოსავით დამეფრქვა ზედ, მაგრამ ზედმეტად ახლოს იყო იმისთვის, ვერაფერი რომ ვერ შეემჩნია.
ორივე ხელით ჯერ კიდევ წელზე ჩამფრენოდა და მომეჩვენა, რომ ჩვეულებრივზე მეტად მიჭერდა.
-ჩამოხვალ, თუ ასე აპირებ ყოფნას? -ბუნდოვნად მომესმა მისი ხმა, ან შეიძლება მას შეცვლოდა ხმა. ვერ გეტყვით, გული გამალებით მიცემდა და ყურები დაგუბებული მქონდა. გრძელი თმა სახეზე ჩამომყროდა.
ნელ-ნელე შევუშვი ბარძაყები და მიწასთან შეხება ასე არასდროს გამხარებია.
მადლობა ღმერთს, რომ სახეზე თმა მცემდა და ჩემი სირცხვილისგან ალეწილი სახე მარტივად დასანახი არ იყო, რადგან მართლა აღარანაირ ნორმის ფარგლებში აღარ ჯდებოდა ჩემი ფეთხუმი და ქაჯური ქცევა.
ბარძაყზე რაღაც თბილის ჩამოსრიალებამ გამომარკვია. ჩახსნილი კაბის ღილებიდან გადაყვლეფილი ბარძაყები მომიჩანდა. მიწაზე დაბრუნებამ თითქოს აზრზეც მომიყვანა და ფეხისგულებსა და ბარძაყებზე ერთიანად ვიგრძენი წვა და ტკივილი.
-წამოდი, მოიბანე, -წელზე მომხვია ისევ ხელები და ჩემი შლოპანცები ცალ ხელში რომ მოეგროვებინა, ფეხებთან დამიწყო.
-დასამუშავებელი ხსნარი და აფთიაქი თქვენთან დამრჩა, -ამოვიკნავლე საწყლად. თვალებში ვერ ვუყურებდი ისე მივყვებოდი ცალ ფეხზე ხტუნვით გვერდით.
შევნიშნე სამზარეულოს ფანჯრიდან როგორ გვითვალთვალებდა სამი წყვილი თვალი და გამეღიმა.
-აქამდე ცოცხალმა როგორ მოაღწიე? თუ მაინც და მაინც სულიერის დანახვამ გადაგრია ასე? -სრული სერიოზულობით მეკითხებოდა უსი. ცოტნე.
-არ ვიცი. -ის კი ვიცი, ვერასდროს რომ ვეღარ შემოგხედავ სირცხვილით-მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ არამგონია მისი სახისთვის თვალის არიდება მომეხერხებინა.
-ნიაკო, აფთიაქი გამომიტანე რა! -აივანზე პატარა სავარძელზე ჩამომსვა, თვითონ პატარა სკამით გვერდზე მომიჯდა და როდესაც ნიამ აფთიაქის ყუთი მიაწოდა, ბავშვს მადლობის ნიშნად ლოყაზე აკოცა და შინ გაისტუმრა. თან დაავალა, და-ძმას მიხედეო.
-ჩემით ვიზამ. -წამოჯდომა ვცადე, რომ ჩემი სხეულისთვის თავად მიმეხედა, მაგრამ დაფხაჭნილ და ტალახიან ხელებს რომ შევხედე, დეზინფექციის ამ ხელებით ჩატარება არ იქნებოდა მიზანშეწონილი.
-საკმარისი გააკეთე შენით. ხმა არ გავიგო. -მკაცრად ამომხედა, -კაბა აიწიე ოდნავ.
მის სიტყვებზე თვალები დავქაჩე, თუმცა ეს წყეული ჭრილობები ისეთ ადგილას მქონდა მიღებული, შეუძლებელი იქნებოდა მათი კაბის აწევის გარეშე დამუშავება.
მუხლზე ხელი რომ ჩამავლო და ფეხი ოდნავ წამომაწევინა, უკეთ რომ მოეხერხებინა წმენდა, მუცელში რაღაცამ ისე ძლიერად დაიგრგვინა, რომ თითქოს კუჭში მზე გამისკდა. არ იყო ნორმალური ამ კაცის შეხება რასაც მმართებდა და საშინლად არ მსურდა მას ეს შეემჩნია. როგორც ჩანს, უკვე შეუძლებელი იყო, რადგან როცა სული შემიბერა სანამ სპირტს მომისვამდა, სხეულის ყველა უჯრედმა იფეთქა და დახორკლილ კანს მხოლოდ ბრმა თუ ვერ შენიშნავდა.
სიმართლე გითხრათ, ეს სიამოვნება რამდენიმე წამს გაგრძელდა და გადახსნილ ნაკაწრებზე სპირტის შეხებამ ყველა სასიამოვნო შეგრძნება გამომიწოვა სხეულიდან.
კიდევ შემიბერე სული მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ რომ დავფიქრდი ჩემი პირიდან როგორც ჟღერდა ეს სიტყვები, მაშინვე გადავიფიქრე.
-წადი, გამოიცვალე ახლა. -მითხრა, როცა ფეხის გულიც შემიხვია და ისე წამოდგა წარბებშეკრული ზედაც არ შემოუხედავს.
-მადლობა, -ამოვილაპარაკე დარცხვენილმა.
-მადლობა არ მჭირდება, მარტო იმიტომ დაგეხმარე, რომ არ მინდოდა ბავშვების თვალწინ ტვინი ქვაზე დაგესხა. რამდენი წლის ხარ, ჩვიდმეტის, ასე სულელურად რომ იქცევი? თითქოს სულიერი პირველად ნახე და აღარ იცი, რა ქნა! თვალით არ დამენახო, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. პარაზიტო!
მის სიტყვებს გულთან ახლოს არ მივიტანდი, სრული სერიოზულობით რომ არ ეთქვა. რაც ყველაზე მთავარია, გული იმან მატკინა, რომ ყველაფერში მართალი იყო. ისე ვიქცეოდი, თითქოს სულიერს პირველად ვხედავდი. არ ვიცი ასე რამ ამაღელვა ეს ხალხი რომ დავინახე. მარტოობას მიჩვეული ვარ. შეამჩნევდით, რომ არც დედა მყავს, არც მამა და არც ოჯახის დანარჩენი წევრები, ერთადერთი, ვინც შემომრჩა მეგობრებია და მათგანაც შორს ვარ, იმათაც თავისი ცხოვრება აქვთ, ცოლები, ქმრები, ან შვილები ჰყავთ. მე კიდევ მარტო მივყიალობ ცხოვრების დაკლაკნილ გზაზე და ახალი მეზობლების დანახვამ ისე გამახარა...
მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს!
აჩკარიკა მოხუცივით წავკოჩიალდი ჩემს სახლში გულშემოყრილი. არც ალუჩის დანახვა მინდოდა და არც არაფრის. საწოლში ისე მივეგდე, რომ ერთი საათი არ გავნძრეულვარ და მერე მიმეძინა კიდეც.

ნაშუადღევს მუცლის წრიალმა და მეზობელი სახლიდან ხმაურმა გამაღვიძა. არა, მარტო ბავშვების ხმას არ ჰგავდა ეს. რამდენიმე უფროსიც შემატებოდა.
ალბათ, სტუმრები ჰყავთ.
რა მნიშვნელობა აქვს? მე უნდა მოვრიდებოდი ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ იმ ბავშვებთან ყოფნა ძალიან მინდოდა. ცოტნეს თვალში რომ გავჩხეროდი, აუცილებლად აასრულებდა თავის მუქარას და არც მე მაძლევდა ნამუსი მისთვის თვალებში ჩახედვის საშუალებას.
გამხმარი ნაკაწრების გამო კანი ისე გადამჭიმვოდა, ნორმალურად გადაადგილება აღარ შემეძლო. მაცივრიდან ძლივს გამოვფხიკე საჭმელად ვარგისი ნარჩენები და ერთ თეფშზე მოვათავსე. უგემურად ვცოხნიდი და ძველებურ ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვებას უინტერესო სახით ვუყურებდი.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სოფელში დასასვენებლად ჩამოსულს არცერთი მეგობარი აქ არ დამხვდა და მარტოს მიწევს თამაში.
მარტივად არ ვღელავ ხოლმე მაგრამ ახლა საკუთარმა მდგომარეობამ ისე შემაწუხა, თვალებზე ცრემლები მომადგა და ლუკმა ყელში გამეჩხირა.
კანკალით მივიტანე წყალი ტუჩებამდე, რომ ღელვა ჩამეცხრო.
რატომღაც ასე მარტოსულად თავი დიდი ხანია აღარ მიგრძვნია.

ჩემი სახელი რომ გავიგონე მეზობელი სახლიდან, თავიდან მეგონა მომეჩვენა. მაგრამ მეორედაც და მესამედაც რომ შემომესმა ნაცნობი ანას ხმა, რომელიც მეძახდა, თითქოს გონებიდან ყველა დარდი გადმომეყარა სიხარულისგან და ისეთი ძალით გამოვგლიჯე კარი, ლამის ჩარჩოდან ამოვარდა.
-ანა? -ვიკივლე გაოცებულმა.
-მოდი ჩვენთან! -ხელს მიქნევდა გახარებული ანა. ხელში ცუცა ეჭირა, რომელიც დედის ქმედებას იმეორებდა და თვალებგაბრწყინებული მეძახდა მოდიო.
ჯანდაბას ცოტნე! თუ ჩემი დანახვა არ უნდა, თვალები დახუჭოს. მე ჩემი მეგობარი მიხმობს!
სასწრაფოდ გადავიცვი სუფთა მაისური და გრძელი, ჭრელი კაბა. თმა დავივარცხნე და ლამაზად ჩავიწენი, ზედ ფერად-ფერადი ბუმბულები და აქსესუარები ჩავიმაგრე, ტუჩზე ოდნავ წავიცხე შეფერილი დამატენიანებელი, სარკეში ბედნიერი დავტრიალდი და სახლიდან ფაცხა-ფუცხით გავედი.
ეზო გაენათებინათ. როგორც ჩანს მარტო ანა და დათა არ იყვნენ ჩამოსულნი, კიდევ რამდენიმე უცხო სახე დავლანდე ეზოს სიღრმეში. არც ის გამომპარვია, ცოტნეს როგორ ეკონწიალებოდა კისერზე ვიღაც საკმაოდ წარმოსადეგი ქალბატონი, მაგრამ ამას ისევე არ მივაქციე ყურადღება, როგორც ჩემში აგორებულ გაღიზიანებას.
-ხატო მოვიდა, ჩემი ხატო! -სიხარულისგან ხტუნავდა პატარა ქალბატონი ცუცა. როგორღაც ისე მოახერხა, რომ ყველამ მე შემომხედა.
-დედა იცი, ხატო ხიდან ვარდებოდა და ძია დაეხმარა, -ატიტინდა ცუცა, როცა ანამ ხელში აიყვანა.
-ანა, როგორ ხარ? -გადავკოცნე და ვეცადე, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა, სხვებსაც რომ არ გაეგოთ დილანდელი ინციდენტის შესახებ.
-კარგად, შენ? რა გჭირს, ხომ არ ჩამოვარდი? -სულ დამავიწყდა შუბლზე რომ ლეიკოპლასტი მქონდა მიწებებული. ანამ შეწუხებული სახით შემათვალიერა.
-უი, არა. ცოტნე დამეხმარა. -გავიღიმე უხერხულად, მისტერ უსს კი ისეთი სახით გახედა თავისმა სატრფომ, ვიღაც აშკარად ვერ გაერთობოდა ამაღამ. -ისეთი არაფერი.
-ბავშვები გაგიცნია, აღფრთოვანებულები არიან შენით. წამოდი, მეგობრებს გაგაცნობ.
-რთულია ასეთი მშვენიერი ქალბატონით არ აღფრთოვანდე, -ხელი ჩამომართვა საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილმა ახალგაზრდა ღმაწვილმა და ზედ მეამბორა. -მე ლევანი გახლავართ, თქვენ შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის დამიძახოთ.
-იყოს, ლევანს დაგიძახებთ, -გამეცინა მის მოწიწებაზე, -მე ხატია.
-შესაფერისი სახელია ნამდვილად, -აღფრთოვანდა ლევანი, -ზუსტად ასეთი სახელი უნდა ეწოდოს თქვენსავით კალმით ნახატ ქალს.
-თქვენ პოეტი ბრძანდებით? -წარბები ავზიდე ინტერესით. ირგვლივ მყოფების ფხუკუნი და ძლივს შეკავებული სიცილი რომ შემომესმა, გაკვირვებული სახე მივიღე. ვერ ვხვდები, რა ვიკითხე ასეთი ამის მეგობრები, რომ სიცილისგან ჭარხლებად იქცნენ.
ცოტნეს გარდა, მას ხომ მხოლოდ ჩემი საშინელ მდგომარეობაში დანახვა აბედნიერებს.
-არა, მე უბრალოდ ლიტერატურის მოტრფიალე გახლავართ. ისე მორაგბე ვარ. -მომიგო და ულვაშები დაიკაპიწა.
-სასიამოვნოა.
-ახლავე მოვალ, -მხარზე ხელი მომითათუნა ანამ და ცუცასთან ერთად სახლში შევიდა.
გიჟ-პოეტა მორაგბემაც დრო იხელთა და თავისი მეგობრების გაცნობა საკუთარ თავზე აიღო. ნინო ანას და ცოტნეს და აღმოჩნდა, მისი დაქალი - გვანცა იყო, რომელიც ცოტნეს სიახლოვეს ყოფნით თავს კარგავდა აშკარად. ჩემს შინაგან ხმას მინდა გამოვეხმაურო, რომელმაც ახლახანს ჩამჩურჩულა „შენ ვისზე რას ამბობო“, მე ცოტნეს ყელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეკონწიალები, როცა ხიდან ვარ ჩამოსახსნელი და ჩემი სიცოცხლის საკითხი წყდება!
ნინოსა და გვანცასთან ერთად აქ იყვნენ ვასო და რატიც, რომლებიც დათასთან და ერეკლესთან ერთად ფეხბურთს თამაშობდნენ.
ერთი სული მქონდა, ანა დროზე დაბრუნებულიყო და ლევანის კლანჭებისგან დავეხსენი, რადგან ყველა ზრდილობიანი სახის მიმიკა დახარჯული მქონდა, რითაც შეიძლებოდა ამ ადამიანის ლექსიკისათვის მეპასუხა.
ამ დროს, როდესაც ზრდილობა აღარ ჭრის, შემდეგ ხერხს მივმართავ ხოლმე და „დაშინების გეგმას“ ვააქტიურებ. დამიჯერეთ, თუ სწორად განახორციელებთ არასასრუველი ადამიანის დაშინებას, ის თქვენკენ აღარასოდეს მოიხედავს.
საბედნიეროდ, ამ გეგმის გამოყენება აღარ დამჭირდა, რადგან ფეხბურთზე კაცი შემოაკლდათ და მოხალისეობის საკუთარ თავზე აღება გადავწყვიტე.
მე და ნიაკო ვიყავით ერეკლეს და რატის წინააღმდეგ.
-ნიაკო, შენ კარში ჩადექი და ბურთს უყურე! -გავეცი ბრძანება, რაზეც პატარა ქალბატონი ისე სწრაფად დამემორჩილა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე. –„უდრებს“ არ ვართ.
სერიოზული სახით გავაფრთხილე რატი და ერეკლე, რაზეც მათაც იგივე სერიოზულობით მიპასუხეს, თითებით დავსვტინე და თამაშიც დაიწყო.
ყრუდ შემომესმა ლევანმა როგორ გადაულაპარაკა ცოტნეს ეს ქალი ნამდვილი ჯეკპოტიაო. ხო, ცოტნე ნამდვილად ეგრე ფიქრობს ჩემზე. ხმამაღლა გადავიხარხარებდი, მთელი კონცენტრაცია ბურთზე რომ არ მქონოდა მიმართული.
პირველი გოლი რომ გაგვიტანეს, მხოლოდ გვანცა უკრავდა ტაშს. ჩემი ძვირფასი მეკარე ლოყების გაწელვით დავამშვიდე და ყურში ვუჩურჩულე, ბურთს რომ მიიღებ, ვინც ტაში დაუკრა, იმას დაუმიზნე-მეთქი.
ნიას ეშმაკურად გაეცინა და ხელი ჩამომართვა. ესიამოვნა ჩვენს შორის რაღაც საიდუმლო რომ გაჩნდა, რაღაც ისეთი, მარტო მე და მან რომ ვიცოდით და სხვამ არავინ და თან ეს ინფორმაცია არც ისე უვნებელი რომ იყო.
ამჯერად მეორე გოლი მე გავიტანე და ნიას მივუძღვენი, რომელიც ცუცასთან ერთად გახარებული კიოდა და ხტუნავდა. მერე მთელი „სტადიონი“ ისე შემოვირბინე, თითქოს მესი ვიყო და ცენტრში დავბრუნდი.
სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა, ნიას მსახიობური ნიჭით აღფრთოვანებული დავრჩი. ტელეფონში ჩაჩერებულმა ცოტნემაც კი ვერ მოასწრო მის გვერდით მჯდომის გაქანებული ბურთისგან დაცვა, ზათქით რომ მიეხეთა შუბლში ღრუბლებში მოფარფატე გვანცას და მიწაზე ჩამოაგდო.
-ბოდიშიიი, არ მინდოდა, -წამოიყვირა ნიაკომ და პირზე ორივე ხელი აიფარა.
გვანცა უკმაყოფილო სახით იზელდა ცხვირს და შეძრწუნებული იხედებოდა ტელეფონში. ეტყობა, ეშინოდა, ტუჩებში ჩაშენებული ბოტოქსი ყურებში ხომ არ გამიცვივდაო.
ცოტნემ კი ისეთი სახით შემომხედა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს მიხვდა. მე ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის. მეგობრობის გამარჯვება აღვნიშნეთ მოთამაშეებმა და „სტადიონი“ დავტოვეთ.
ნინოს და ანას ამასობაში სუფრა გაეშალათ. ჩემი მოკრძალებული სადილის შემდეგ ამდენი გემრიელი საჭმლის დანახვა ნამდვილი სამოთხე გახლდათ.
-დაგეხმარებით რამეში! -საწყალი სახით შევვარდი სამზარეულოში, როცა შევნიშნე, რომ ლევანი გაღრეჭილი მოემართებოდა ჩემკენ.
-არაა დახმარება საჭირო, ხატია... ყველაფერს მოვრჩით. წამოდი, დავსხდეთ. -ხელკავი გამომდო ნინომ.
-გეხვეწები, შენ გვერდით დამსვი, -ამოვილაპარაკე საწყლად, -შენმა მეგობარმა შექსპირის ყველა სონეტი შეცდომით წამიკითხა და კიდევ რომ განაგრძოს, შემომაკვდება.
-ლევანი ეგეთია, მატრაკვეცა. -გადმომიჩურჩულა ნინომაც და თავის გვერდით დამსვა.
გამოიცანით სად - უსის გვედით!
მაგიდა ვიწრო იყო და ამდენ წევრს თავისუფლად ვერ იტევდა, ამიტომ ერთმანეთზე ჩახუტებულები ვისხედით ლამის. ვერ ვიტყვი, რომ არ იყო კარგი იდეა, რადგან საღამოხანს მთებში საკმაოდ გრილა იმისათვის, რომ ვინმე მოკლემკლავიანით დატანტალებდეს.
ნინოსაც ისევე მარტივად გავუგე, როგორც ანას. როგორც აღმოჩნდა, ტყუპები იყვნენ სამივენი და მუცელში ყოფნის დროს ცოტნემ ანა ლამის სიცოცხლეს გამოასალმა თავისი ჭიპლარით. მერე მე მეძახის პარაზიტს.
მიუხედავად იმისა, რომ მხარი საშინლად მეწვოდა მისი სიახლოვით, რაც ჩემს გაღიზიანებაზე საგრძნობ გავლენას ახდენდა, რადგან სულაც არ ვიყავი კმაყოფილი იმ რეფლექსებით, რაც ჩემს სხეულს გამოუმუშავდა ცოტნეს მიმართ, მაინც არ ვაქცევდით ერთმანეთს არანაირ ყურადღებას. მასზე არ ვბრაზობდი, არც ნაწყენი ვიყავი, უბრალოდ ზედმეტად აღარ მინდოდა შემეწუხებინა, სანამ მართლა ფეხებით დამკიდებდა იმ ხეზე, რომლიდან ჩამოხსნის სცენაც მწარედ (ტკბილადაც) ახსოვს ჩემს სხეულს.
-ხატია, შენ არ დალევ? -ღვინის ჩამოსხმის დროს მკითხა რატიმ და დოქი ჩემი ჭიქისკენ გამოსწია, რომელიც ბოლომდე ტარხუნის ლიმონათით გამევსო.
-არა, არ ვსვამ. -გავუღიმე და თვალით ტარხუნის ლიმონათზე ვანიშნე.
-ცუდი სიმთვრალე გაქვს? -გაეცინა.
-ჩემი სიფხიზლის მერე სიმთვრალე არაფერია... -გავეხუმრე მეც, როგორმე თემა რომ შეეცვალათ.
-ცოტა დალიე, რა, ჩემი ხათრით... -შემეხვეწა ანაც, -გავერთობით, ყველა სვამს.
-სიამოვნებით დავლევდი მართლა, მაგრამ მკაცრად მაქვს აკრძალული... -უხერხულად შევიშმუშნე.
დალევა აღარავის დაუძალებია, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა ამ თემაზე საუბარი ხალხში. განა იმიტომ, რომ მრცხვენოდა, უბრალოდ, არ მინდოდა, თავი ჩემ გამო ვინმეს უხერხულად ეგრძნო.
უსი იმ სიხშირით არ სვამდა, როგორც სხვები. ბავშვების დაძინების პასუხისმგებლობაც ისევ მან აიღო და სუფრიდან ადგა, ცხრა საათი რომ შესრულდა.
ჩემს გვერდით ადგილი როგორც კი გათავისუფლდა, მაშინვე ლევანი ამოვიდა იქ პატრა სოკოსავით, ნაწვიმარზე რომ წამოიჩიტებიან ხოლმე ხის ძირში. კარგა გვარიანად შეზარხოშებულიყო უკვე. ლოყები აწითლებოდა და თვალები ამღვრეული ჰქონდა. საყვარელი ბიჭი იყო, უბრალოდ, ჩემსავით ზედმეტად უყვარდა გრძნობების გამოხატვა და ცოტა ნერვებს მიშლიდა. ცოტა.
-აი, ამ ჭიქით, მინდა ამ მშვენიერ ქალბატონს გაუმარჯოს, -გეფიცებით, უკვე მეოთხედ სვამდა ჩემს სადღეგრძელოს.
-ამ ტემპით თუ გააგრძელებ, ხვალ ვეღარ მიცნობ. -გავეკრიჭე მე.
-რო იცოდე, რა ლამაზი ხარ, -წამღერებასავით გამოუვიდა. ყველას გაეცინა მის სახეზე.
-ლევან, წამოდი, შენი ძილის დროც მოვიდა. -თავზე წამოადგა ცოტნე. წარბები კუშტად შეეკრა და აშკარად არ ეცინებოდა დანარჩენებივით.
-ეს ერთი სადღეგრძელოც და... -ის ის იყო ჭიქა ტუჩებისკენ უნდა წაეღო ლევანს, ხელიდან რომ ააცალეს.
მერე ნახევრად მხარზე გადაკიდებულს მიათრევდა ცოტნე სახლისაკენ.
-ლევანი ძაან გიჟია, მაგრამ ცოტნეს სიტყვას ვერ გადაუდის. -გაეცინა რატის, როცა სახლისაკენ მიმავალ მეგობრებს თვალი მოსწყვიტა.
-შენ რამდენი წლის ხარ, ხატია? -მკითხა ნინომ, ლოყები აფორაჯებოდა და თვალებს საყვარლად კუსავდა. ნამდვილი სანახაობა იყო ამდენი მთვრალი ადამაინი ერთად.
-ოცდასამის, თითქმის... -გავიკრიჭე.
-მართლა? როდის გაქვს დაბადების დღე? რა პატარა ყოფილხარ!
-ოც სექტემბერს... შენ რამდენის ხარ?
-ჩვენ ოცდაშვიდის.
ადრე გათხოვილა ანა. უკვე შვიდი წლის შვილები ჰყავდა. ზოგადად მიკვირდა ხოლმე, რა აწყვეტინებდათ ადამიანებს ასე ადრე დაქორწინებას, მაგრამ რატომაც არა? თუ ბედნიერი ხარ, მაშინ უნდა იყო, როცა ამის საშუალებას ბედი გაძლევს.
-რა კარგია... -ნახევრად ფიქრებში გართულმა ვუპასუხე.
-ხანდახან ვფიქრობ, რომ ადრე გავთხოვდი, მაგრამ მერე ამათ რომ ვუყურებ... -თვალი მეგობრებს მოავლო, -ჩემს შვილებს... ამაზე ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო მაშინ.
-გეთანხმები, მთავარია, ბედნიერი იყო. არც ასაკს აქვს მნიშვნელობა, არც დროს. საერთოდ არაფერს. ადამიანებს გვიყვარს რაღაცების გადადება, გვგონია „მერე“ უკეთესი დროა და ახლა ყოველთვის ადრეა... რეალურად, ახლა ვცხოვრობთ და არა მერე. ახლა გვინდა ბედნიერები ვიყოთ, მერე მაინც არ ვიცით რა იქნება და ნებისმიერი გეგმა შეიძლება შეიცვალოს. ისე ვბრაზობ მაგის გამო ჩემს მშობლებზე, -საშინლად არ მინდოდა ხმა გამტყდომოდა, მაგრამ არც ლაპარაკის შეწყვეტას ჰქონდა აზრი უკვე. ყველა გულისყურით მისმენდა. პერიფერიული ხედვის არით ცოტნეს მოსვლაც დავინახე. -ძალიან გვიან დაქორწინდნენ და მეც გვიან გავჩნდი მათ ცხოვრებაში. დედა მშობიარობას გადაყვა, ვერ გაუძლო. ორმოცი წლისამ გამაჩინა, წარმოიდგინეთ... მამაც მალევე გარდამეცვალა, და-ძმა არ მყავს. მოკლედ, როგორც მარტოობას მიჩვეული ადამიანი, თქვენ რომ გხედავთ, ვხვდები, რომ ადრე არ არსებობს... არსებობს მხოლოდ გვიან.
-მართალი ხარ, ამაზე ასე არასდროს მიფიქრია... -ნაღვლიანად ჩაეღიმა ანას.
-თქვენს დასამძიმებლად კი არ მითქვამს, -სიტუაციის განმუხტვა ვცადე. -სამაგიეროდ ახლა ათასმაგად ვაფასებ ადამიანებს. ურთიერთობებს. ცოტა შემაწუხებელიც კი ვარ მგონი.
-აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მეგობრობა, ხატია. იცოდე, თბილისში რომ ჩამოხვალ, აუცილებლად მოგვწერე... -კისერზე ჩამომეკონწიალა ნინო. ისეთი საყვარელი იყო, ცუცა ძალიან ჰგავდა დეიდამისს.
-ხო, ვნახოთ. ჯერ არ ვიცი, როდის ჩამოვალ.
-აქ ცხოვრობ?! -ჩემი სახლისკენ გაიხედა დათამ.
-ხო. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და აქ დავბრუნდი საცხოვრებლად. თან თბილისში სახლი არ მაქვს, ნათლიაჩემთან ვცხოვრობდი და თუ დავბრუნდები, რომელიმე მეგობარს უნდა შევეკედლო ამჯერად... თუმცა, თუ ჩამოვალ, აუცილებლად შეგეხმიანებით.
-რა პრობლემა? მამაჩვენი ექიმია, საუკეთესო კავშირები აქვს, თუ რამე სერიოზულია... -შეწუხდა ანა.
-არა, არა. მადლობა. არაფერი ისეთი.
-მართლა, არ მოგერიდოს. -აღარ დაუძალებია, თუმცა მივხვდი, ამას იმიტომ არ მეუბნებოდა, რომ ვეცოდებოდი. ანას მართლა უნდოდა დახმარება. ნინოს კი უკვე ჩემს მხარზე სთვლემდა.
-რა კარგი სუნი გაქვს... -ამოიბურდღუნა ნახევრად მძინარემ. ყველამ გადაიხარხარა.
ცოტნემ, შენი დაძინების დროც მოვიდაო და ამჯერად ნინოც დააბინავა თავის ოთახში.
-საძინებლები გეყოფათ? -სახლი პატარა იყო, მხოლოდ ორი საძინებლით. ამდენი სად უნდა დატეულიყვნენ. -ჩემთანაც შეგიძლიათ, დაიძინოთ. უამრავი თავისუფალი საძინებელი მაქვს... ვერ მოისვენებთ ასე, ზაფხულია მაინც.
-თუ დაგვჭირდა, შეგაწუხებთ, არ მოგვერიდება. -კიდევ ერთი ჭიქა შეავსო დათამ. -შენი ოჯახიც აქ ცხოვრობდა? ცოტა ექსკურსია რომ მოგვიწყო, როცა გეცლება.
-კი, აქ გავიზარდე, სკოლაშიც აქ დავდიოდი. ახლა, სამწუხაროდ დაკეტილია, მოხუცების და ჩემ გარდა არავინ ცხოვრობს ისეთი,ვისაც სკოლა სჭირდება. ძირითადად საკურორტედ გადაკეთდა, როგორც სოფლების უმეტესობა საქართველოში. მაგრამ ძალიან ლამაზი სოფელია, შესანიშნავი! სამკურნალო წ....ბიცაა, უძველესი მოსალოციც... ძალიან შეგიყვარდებათ. აუცილებლად განახებთ ყველაფერს, თუ დრო გექნებათ.
-ჩვენ მთელი კვირა აქ ვართ, ამიტომ... -წარბები აწკიპა რატიმ.
ათასი ამბავი გაიხსენეს სუფრასთან. უცებ ისიც კი დამავიწყდა ვინ ვიყავი, რომ მათ გარეშე დამოუკიდებელი ცხოვრების თითქმის ოცდასამი წელი მქონდა გავლილი და ფაქტობრივად, ახლა ვიცნობდი ყველა მათგანს. ჩემს გულს ისე ჩუმად შემოეპარა სილაღის, ბედნიერების და სიმშვიდის მწველი ნაპერწკლები.
ყველა შემთვრალი იყო. ერთი მე გახლდით ფხიზელი, თუმცა საერთოდ არ იგრძნობოდა არანაირი სხვაობა ჩემსა და მათ შორის. ისე შემისისხლხორცეს და დამიკავშირეს, იმაზე ფიქრიც კი არ მინდოდა, ეს კვირა რომ მიილეოდა, რა მეშველებოდა.
-ცოტნეს უყვარდა ის ერთი გოგო, სკოლაში... გახსოვს? -დათას გადახედა ანამ, თან სიცილს ძლივს იკავებდა. დათასაც გაეცინა. როგორც ჩანს, ნამდვილად სუფრაზე მოსაყოლი თავგადასავალი გადახდენოდა თავს ბატონ უსს, ისე გაჯგიმული უსმენდა თავისი დისა და სიძის კისკისს. ხმას არ იღებდა.
გვანცაც ინდაურივით აყანყალებდა თავს მის გვერდით, თუმცა თავის ჩამოდებას ზედ ვერ ბედავდა. ანას მონოლოგი რომ გაიგონა, მაშინვე გამოფხიზლდა ყურებდაცქვეტილი.
-რა დამავიწყებს, მთელმა სკოლამ იცოდა ცოტნეს რომ სალომე უყვარდა. ნეტავ, რას შვება ახლა ის გოგო?
-მოკლედ,- ინტრიგნული მზერა ჯერ ცოტნეს ესროლა რატიმ შემდეგ მე მომაჩერდა, -მეათე კლასში ვიყავით, თავში გვიქროდა... ეს გოგო იყო - სალომე. ყველას რომ უყვარდა მთელს სკოლაში საერთოდ. მეორე კლასელებიდან დაწყებული. სანიმუშო მოსწავლე, ულამაზესი გოგო, უკრავდა ფორტე-პიანოზე, მოკლედ იდეალური იყო რა. და რაც მთავარია, სატრფო არ ჰყავდა. ცოტნეს უყვარდა ყურების გაწითლებამდე. აი, მაგას რომ ხედავდა დერეფანში ყურები უწითლდებოდა. თან იმდენად შესამჩნევი გაუხდა, რომ თმა მოიზარდა მერე დასაფარად.
-მაგის გამო არ მომიზრდია ჯერ ეს ერთიც, თქვენ მაკომპლექსებდით და მთელს სკოლას გააგებინეთ. -წარბები აზიდა ცოტნემ, ღვინოს ნელ-ნელა წრუპავდა თავისი ჭიქიდან.
-როგორ არა! მერე ამ გოგომ უთხრა, კი ძაან მომწონხარ, მაგრამ ყურები რომ გიწითლდება სულ, არ მინდა შუქნიშანს ეძადნენ ჩემს ბოიფრენდსო და უბრალოდ ვიმეგობროთო. გული ისე გაუტყდა მაშინ...
-მაგის მერე არ მახსოვს ცოტნეს სერიოზული ურთიერთობა ვინმესთან, აი არასდროს... თუ მე მიმალავ, ძმაკუშ? -თვალები მოჭუტა ანამ და თავადაც ოდნავ მოსვა ღვინო თავისი ჭიქიდან.
-შენ ვინ რას გამოგაპარებს...
-ეგეც მართალია, -მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ანამ და ისეთი მზერა შემავლო წამიერად, ცოტნესი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ამეწვა ყურები.

გვიანობამდე ვილაპარაკეთ. ჩემი ძველისძველი ტელეფონი პირველ საათს უჩვენებდა უკვე. გვანცას სასტიკად ეძინებოდა, მაგრამ არაფრით ფეხზე არ ადგა, სანამ არ გაიგო, ვინ სად იძინებდა.
-ჩემთან ორი საძინებელი თავისუფალია, თუ გჭირდებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ...
-ნინოს ბავშვებთან სძინავს, ლევანს შესასვლელში... რატის, ცოტნეს და გვანცას თუ წაიყვან.... მგონი, მოვთავსდებით. რას იტყვით? -უცებ გადაანაწილა ყველა დათამ. გვანცა ისეთი კმაყოფილი ჩანდა მიღებული გადაწყვეტილებით, რომ ტაშიც კი შემოკრა სიხარულისაგან.

წინააღმდეგობა არავის გაუწევია მასპინძლებისათვის. ბუნებრივია, თავიანთ სახლში სურდათ მოსვენება და ღამის გათევა.
-საწოლები ჩამოვიტანეთ, ხვალ გავშლით და აღარ შეგაწუხებთ, -მოგვაძახა ანამ, უკვე ჩემს ეზოში რომ შევედით.
ალუჩის ხეს ისე სწრაფად ავუარე გვერდი, თითქოს რამე საფრთხე მემუქრებოდა.
რატი და ცოტნე ერთად შევიდნენ ოთახში, გვანცას კოვზი რომ ნაცარში ჩაუვარდა, იმედგაცრუებული მიეფერთხა ერთადგილიან საწოლს და მაშინვე ჩაეძინა, მგონი.
დილანდელი ინციდენტის გამო ჭრილობა ჯერ კიდევ მაწუხებდა და ვკოჭლობდი, იმდენი სახვევები მქონდა შემოკლაკნილი ტანზე, მუმიისაგან მგონი აღარაფერი განმასხვავებდა იმის გარდა, რომ ცოცხალი ვიყავი.
სტუმრები რომ დავაბინავე, საბანაოდ შევედი. როგორც იქნა გამოვჯანმრთელდი და ამდენი ხეზე პორტყიალის, მდინარეში ჭყუმპალაობის და დავიდარაბის შემდეგ, დრო იყო სტრესი ჩამომერეცხა.
სარკეში ჩემს დაფხაჭნილ, დალილავებულ სხეულს რომ შევავლე თვალი, მართლა გამიკვირდა, ამდენი ხანი ცოცხალი როგორ მოვაღწიე აქამდე. მერე ყველაფერი მომაგონდა და სანამ გამთბარი აბაზანა და აშლილი მოგონებები ბოლომდე ამირევდა თავ-გზას, სწრაფად ვიბანავე, გავიმშრალე და სააბაზანო დავტოვე.
უკვე ვხვდები, ჩემს გულს და გონებას საითაც მიჰყავს ცოტნეს ამბავი. ორი წლის ბავშვი ხომ აღარა ვარ, ისეთ რამეზე ვიოცნებო, რაც არ მოხდება და მხოლოდ ტანჯვას მომიტანს. ის წავა, თავის ცხოვრებას გააგრძელებს, როცა ზაფხულის არდადეგები დამთავრდება, მე კი აქ ვრჩები და აქ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. მოეშვი ცოტნეს!
ხო, კი, ახლავე, როგორ არა - კინაღამ დამავიწყდა, რომ ბედისწერა კი არ დამცინის, ბოლო ხმაზე ხარხარებს ჩემს საცოდავ ცხოვრებას როცა წერს. კიდევ კარგი, ამჯერად მაინც დავიჭირე თადარიგი და სააბაზანოდან ჩაცმულ-დახურული გამოვედი: მაინც სტუმრები მყავდა. შუქი რომ ავანთე ჩემს უზარმაზარ ტახტზე არც მეტი არც ნაკლები, ცოტნე გადაგნაწულიყო, ჩემს ბალიშს ხვევდა ხელებს და ისე ეძინა.
-ღმერთო, დიდებულო... -ჩავილაპარაკე გაოცებულმა. -ამას აქ რა უნდა...
-რატი საშინლად ხვრინავს. -ამოიზმუვლა, როგორც ჩანს არ ეძინა. - გვანცასთან რომ შევიდე, ალბათ გამაუპატიურებს. შენს ოთახში კიდევ ორი საწოლია მიტყუპებული, ერთზე მე დავიძინებ. ამიტანე, ვალში ხარ ბოლოს და ბოლოს.
-ვალში რატომ ვარ? -ყურებს ვერ ვუჯერებდი, ამ გატუტუცებულ კაცთან ერთად დაძინებას არ ვაპირებდი!
-ხომ მოგიარე, როცა გჭირდებოდა...
-მომიარე, კი! ხეზე ვკონწიალობდი ერთი საათი და სანამ არ დავსახიჩრდი, მანამდე არ ჩამომხსენი. -თმიდან პირსახოცი მოვიხსენი, თან ვცდილობდი ჩუმად მესაუბრა, სხვებსაც რომ არ გაეგოთ ჩვენი ბრწყინვალე თავგადასავლები.
-შენი ბრალი იყო, რას მიძვრებოდი, ჩამოსვლა თუ არ იცოდი.
-ვიცოდი, უბრალოდ, ფეხსაცმელი გამძვრა და მიიწიე, უნდა შევიხვიო ფეხები ისევ.
ზმუილით წამოდგა ფეხზე და ორი რკინის საწოლი ერთი ხელის მოსმით დააცალკევა ერთმანეთისგან. მერე ერთ-ერთში თვითონ ჩაწვა, ბალიშიც და საბანიც მიისაკუთრა და თვალებიც ტკბილად დახუჭა. ფეხზე დამდგარი, ლეიბის ამარა, ბინტით ხელში პირდაღებული მივჩერებოდი ამ ადამიანის სიტუტუცეს.
-მე დავიძინებ რატისთან, ხოდა. -გამწარებული გამოვვარდი ოთახიდან და რატის ოთახის კარის გაღება არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ ამუშავებულ ტრაქტორთან ძილი უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, ვიდრე მასთან.
-რა იყო, ვერ მოისვენე? -მკითხა, როცა ოთახში შევტყაპუნდი კოჭლობით.
-ნერვებს მიშლი! გილოცავ, შენი გრძნობა ორმხრივია.
-სველი თმით არ დაწვე.
-სად უნდა დავწვე, ველურო! ყველაფერი ამაცალე. მე აქ სასტუმრო კი არ მაქვს.
-რას მეპატიჟებოდი, ადგილი თუ არ გქონდა. ახლა ხომ არ გამაგდებ.
-შენ მთვრალი უფრო აუტანელი ხარ,- ამოვიგმინე და ფეხები შევიხვიე. მერე ყველაზე გრძელი და სქელი საღამური ჩავიცვი, რაც კი გამაჩნდა. -მოადგი ისევ ეგ საწოლი უკან. გავცივდები ისევ და შენზე ჩახუტებულს დაძინება არ მინდა, ვერ დავეტევით ორივე ერთად.
კმაყოფილი სახით დამემორჩილა. საწოლი საწყის მდგომარეობაში დააბრუნა, ბალიში შუაში ჩადო და ისევ შეწვა.
-მეტჯერ აღარ ავდგები.
-შუქი ჩააქრე. -ვუთხარი და საბანი ჩემკენ დავქაჩე.
-შენ უკეთესი ხერხი გაქვს მაგის ჩაქრობის. თან ამჯერად ოთხი ფეხსაცმელი გაქვს და ბევრჯერ შეგიძლია სცადო.
-მითვალთვალებდი? -საწოლში წამოვჯექი გამწარებული.
-ფარდა უნდა გადაწიო, უკვე მეზობლები გყავს. -ზუზუნით წამოდგა ფეხზე. ფანჯარა ჩაკეტა. ფარდაც გადასწია და შუქიც ჩააქრო.
მის მხარეს საწოლი ჭრაჭუნით დაიწია. ზურგით ვიწექი, რომ ზედმეტად არ გავებრუებინე მის სუნს და სიახლოვეს. საბანი ფრთხილად ასწია, როგორც ჩანს მხოლოდ სანახევროდ გადაიფარა, რადგან ჩემგან არ წაუღია.
ისიც ვიგრძენი, როგორ დადო ბალიშის მეორე მხარეზე თავი და გული ლამის ყელში ამომიჯდა მღელვარებისგან. საკუთარი გულის გუგუნი მესმოდა მთელს სხეულში, მუცელი უცნაური გრზნობისგან მეწვოდა, თითქოს ის პეპლები, რომელსაც ახსენებენ ხოლმე ასეთ დროს, შიგნით იწვოდნენ, ფართხალებდნენ და იფერფლებოდნენ.
-გაცივდები, -ამოიზმუვლა. რა ვერ აძინებდა, ვერ ვხვდები!
-ნუ გეშინია. -ამოვილაპარაკე საბანში ჩამალულმა მოგუდული ხმით.
-არ მეშინია. ნუ იძინებ სველი თმით.
-ახლა გასაშრობად ავდგე?
-საბანში ჩამალე.
დავემორჩილე, კიდევ რამე რომ არ ეთქვა. მასთან ლაპარაკის თავი აღარ მქონდა დღეს.
მინდოდა სასწრაფოდ გათენებულიყო, რომ ჩემი საწოლიდან გამქრალიყო და მარტო დავრჩენილიყავი ისევ.
კიდევ კარგი, ეს მაინც არ ხვრინავდა, თორემ რატის ხმა ამ ოთახამდეც აღწევდა და სასაცილოდ ერითმებოდა ჭრიჭინებისას.
როდის ჩამეძინა, ვერ გეტყვით. რომ გავიღვიძე, უკვე მზე ზედ სახეზე მანათებდა და სხეული უჩვეულოდ დამძიმებული მქონდა.
გაოცებულმა ოდნავ წამოვწიე თავი, რომ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს და როგორ აღმოვჩნდი იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვიყავი.
საბანი მხოლოდ მკერდს ქვემოთ მეფარა, ბალიშზეც მხოლოდ მე მედო თავი, მაგრამ საინტერესო ნაწილი ქვემოთ ხდებოდა: ცოტნე ნახევარი ტანით ზედ მეწვა და ბალიშად იყენებდა ჩემს მკერდს. ორივე ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული, თავი კი ჩემს მოღეღილ მკერდზე ედო და მშვიდად ფშვინავდა.
წვერი მკერდის ძვალს ოდნავ მიჩხვლეტდა, თმები კი სასიამოვნოდ რბილი და სურნელოვანი ჰქონდა. ვერაფერს ვუხერხებდი იმ შეგრძნებას, რომ ეს ყველაფერი მსიამოვნებდა და ეს არასწორი იყო. არ მინდოდა!
გაცხარებულმა ჩავავლე მკლავებში თითები და ვეცადე, იმდენად მწარედ არ მეჩქმიტა, რომ კვალი დამეტყო.
მოულოდნელობისგან შეხტა, თუმცა მხოლოდ თავი წამოყო, რომ გაერკვია, რა ჯანდაბა ხდებოდა მის თავს. ძილისგან ტუჩები და თვალები დასიებოდა და ცალთვალმოჭუტული მიყურებდა.
-უკაცრავად, მგონი ბალიშში აგერიეთ! -გამოძინებული, ოდნავ დაბოხებული ხმით მივმართე წარბაწეულმა.
-სამჯერ გადამაგდე საწოლიდან, სხვა გზა აღარ დამიტოვე. -ფრთხილად გადაცოცდა ჩემი სხეულიდან და გულაღმა გადაწვა საწოლზე.
-ვინ დაგაძალა აქ დაძინება?
-დღეს მაინც მივდივარ, ამიტომ ცოტა ხანი კიდევ ამიტანე. -მითხრა მშვიდად და თვალები ისევ დახუჭა.
მიდის? აბა ერთი კვირაო... გულში ისე ჩამწყდა რაღაც, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ წამომეყვირა, რას ჰქვია, მიდიხარ-მეთქი.
-თბილისში ბრუნდები? -ვკითხე მშვიდად.
-ხო, ცოტა ხნით მქონდა შვებულება.
-რას საქმიანობ? -სასხვათაშორისოდ ვკითხე, ვითომ არ მაინტერესებდა.
-თვრამეტწლამდელთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი ვარ.
-ვა, მე მეგონა ბანკირი იყავი, ან რამე ეგეთი. -გავიკვირვე.
-ბანკირი რატო გეგონე? -შეურაცხყოფილმა წამოყო თავი.
-მაგათაც შენსავით უყვართ სისხლის გამოწოვა ადამიანებისგან, გიყურებენ, სანამ ბოლომდე არ ეწამები, მანამდე ხელს არ მოგაშველებენ და ყველა ნერვების მომშლელია.
-რა იყო, ვალები გაქვს? რა გამწარებული ხარ...
-ადექი დროზე. წასასვლელი ხარ. -ვუთხარი და მე თვითონ იმხელა სისწრაფით წამოვხტი საწოლიდან, რომ თვალებში დამიბნელდა და თავბრუდახვეული ისევ უკან დავებერტყე საწოლზე.
-დილიდანვე კისერს ნუ მოიტეხავ.
-შენ არავინ გეკითხება, თან მაინც საფრთხობელა ვარ, დიდად ვერ მიხვდები, კისერიც თუ მომეგრიხება.
მე თვითონაც ვერ მივხვდი, რამ გამაღიზიანა იმ დილით ასე ძალიან. ცოტნე ლამის ძალით წამოვაგდე და გავაგდე სახლიდან. არც მაშინ გავსულვარ მეზობლებთან, როცა აცილებდნენ. ნამდვილად არ მსურდა ამ თავხედთან დამშვიდობება. ძალიანაც კარგი იყო, რომ მოშორდა აქაურობას. ხასიათს მიფუჭებდა მხოლოდ.
პირველი დღე სოფლის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში ისე გავლიეთ, საერთოდ ვერ ვიგრძენი დრო როგორ გავიდა. იმხელა ენერგია მომეძალა უეცრად, რომ გაფაციცებით ვცდილობდი, რამე არ გამომრჩენოდა. ლამის მუხის ხეების განსხვავებულ ფორმაზეც კი დავიწყე ბჟუტური სტუმრებთან.
საღამოხანს, ისევ რომ შემოვუსხედით ყველანი სუფრას ისეთი სიცარიელის და სევდის განცდა შემომეძალა, რომ მადა დამეკარგა. წამითაც არ მინდოდა მეფიქრა, რომ ეს საშინელი, უბედური შეგრძნება იმ თავკერძა ადამიანის წასვლამ მოიტანა.
მაგრამ საღამოს საწოლში რომ ჩავწექი და ჩემს ბალიშსა და საბანს ცოტნეს სუნი ასდიოდა, მივხვდი - აღარაფრის დამალვას ჰქონდა აზრი. საკუთარი თავისთვის მაინც.
დღეებმა ნელა დაიწყეს სვლა. თითქოს დედამიწამ ბრუნვა და მზის გარშემო ტრიალი შეანელა. ირგვლივ ყველაფერი ჩვეულებრივი სისწრაფით ხდებოდა, მაგრამ მუდმივმა დანაკლისის შეგრძნებამ და რაღაც უსიამოვნო გრძნობამ, რომლისთვისაც სახელი ვერ შემერჩია, ჩემთვის ცხოვრება კუს მოძრაობის ტემპზე გადაიყვანა.
ჩემი მეზობლები არაჩვეულებრივი ადამაინები იყვნენ, მათთან ნამდვილად ვერ მოიწყენდით და მაქსიმალურად ვცდილობდი ამ წუთების გახანგრძლივებასა და კარგად შეგრძნობას, მაგრამ დანაკლისის შეგრძნება, რომლის იგნორირებასაც გამალებით ვცდილობდი, ვერსად ქრებოდა. ნელ-ნელა სინანულიც კი შემომეპარა, რომ არ დავემშვიდობე. ეს არაფერს შეცვლიდა მაინც, სავარაუდოდ, მაგ დროსაც ერთ-ორ მწარე სიტყვას ვეტყოდით ერთმანეთს და ეგ იქნებოდა.
შაბათი დღე იყო, კვირას ჩემი მეზობლები და უკვე მეგობრები უნდა დაბრუნებულიყვნენ ქალაქში. იმ დღეს ჩემზე სევდიანი ადამიანი არ მეგულებოდა დედამიწაზე. საშინლად არ მომწონდა მათი სანახევროდ ალაგებული სახლი, ჩაბარგების ფაცა-ფუცი, მაშინ, როცა მე არსად მიმეჩქარებოდა.
მთელი დილა საწოლში გავატარე. არსად გავსულვარ. საპირფარეშოშიც კი. გამწარებული ვთამაშობდი ტელეფონში ჩემს ერთადერთ თამაშს, რომ როგორმე არაფერზე მეფიქრა.
შუადღის თორმეტი საათისაკენ უკვე ბავშვების ყიჟინა ატყდა ეზოში. თავიდან მეგონა, მომესმა და უბრალოდ თამაშობდნენ, მაგრამ „ძია-ძიას“ ნაცნობი ხმა რომ შეემატა, მე თვითონაც ვერ გავიაზრე რა ჭირი ეტაკა ჩემ გულს, ისე ძლიერად რომ მიეხეთქა გულ-მკერდის ძვალს და ლამის ხელში დამაჭერინა თავი. ყურები დავცქვიტე იმაში დასარწმუნებლად, რომ უსი მართლა დაბრუნდა. ტუჩის ბოლოები უნებურად, თავისით გამეწელა და გამალებულ გულს რომ ვერაფერი მოვუხერხე ამ დღეების განმავლობაში გაჩენილი სიცარიელის შევსებით გახარებულმა, ფეხზე წამოვდექი და გვარიანად გავიზმორე. თითქოს, ჩემთვის ახლა დაიწყო დღე.
ყალყზე დამდგარი თმა ძლივს დავიმორჩილე, ერთ ნაწნავად რომ მექცია. ტრადიციულად ათასი ბუმბული და თმისამაგრი ჩავაწენი შიგნით განსაკუთრებით თვალწარმტაცი რომ ყოფილიყო. სახე ისეთი ძალით გავიხეხე, თითქოს კანის გამოცვლას ვაპირებდი. ძალიან არ მინდოდა ბედნიერება დამტყობოდა სახეზე და ყველას შეენიშნა, რომ... კარგი, ჯანდაბას - უსის დაბრუნება გამიხარდა ასე ძალიან.
გრძელი, ფრიალა კაბა, გულზე კარგა ღრმად სამკუთხედად ამოჭრილი გადავიცვი და ყავის წრუპით გამოვდექი აივანზე. მეზობელი სახლიდან რომ კარგად შევემჩნიე, ისეთ ადგილას.
პატარა ცუცა თითქოს ჩასაფრებული იყოო, მაშინვე ჩემი სახელის ძახილით შემოვარდა ეზოში.
-ხატო, წამო, ძია ჩამოვიდაააა.
წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოვასწარი, ხელში მაგრად რომ ჩამაფრინდა თავისი პაწაწინა თითებით და მედგარი ნაბიჯებით გამიყვანა ეზოდან. გაპიპინებული, ცხელი ყავის ჭიქას ოხშივარი ასდიოდა და ვცდილობდი, ახლა მაინც არ მომეწყო საკუთარი თავისათვის რამე ოინი და არ დავმწვარიყავი ამდენ ხახლში საკუთარი მოდუღებული ყავით.
-ვაიმე, ყავის სუნი მცემს. -ფანჯრიდან გადმოდგა ნინო, ცხვირს ისე აცმაცუნებდა, როგორც თაგვი, ყველის პოვნას რომ ცდილობს.
უსს ვერსად ვხედავდი, თუმცაღა კი ვცდილობდი, არც ის დამტყობოდა, რომ ვეძებდი.
-სად წავიდა ძია? -სამაგიეროდ, ცუცა აკეთებდა საქმეს ჩემ მაგივრად. გამეცინა.
-სად და ცუცას ჩასაკბეჩად, -უკნიდან მოეპარა ბავშვს და ცოტაღა დამაკლდა მოულოდნელობისგან, მეც ცუცასთან ერთად რომ არ ამეტეხა კივილი.
გაუაზრებლად შევტრიალდი და ვერც კი მივხვდი, ისე ამაცალეს ხელიდან მდუღარე ყავით სავსე ჭიქა. კიდევ კარგი - თორემ აუცილებლად ზედ გადავივლებდი. მოჭუტული თვალებით შემომხედა, ცალ ხელში ბავშვი ეჭირა, მეორეში ჩემი ყავა და ტუჩებისკენ წაიღო მოსაწრუპად.
-მდუღარე ყავაში გინდოდა ბანაობა ამ დილაუთენია? -წარბები კმაყოფილმა აზიდა, როდესაც მეორე ყლუპიც ამაცალა ჭიქიდან.
ვერ აგიხსნით ის სიამოვნების გრძნობა რად ღირდა, ჩემს ჭიქას რომ შეეხო და დაუფიქრებლად მოსვა იქედან. შეიძლება, ბავშვურად ჟღერდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ საოცარი სიახლოვის შეგრძნება გაჩნდა ჩვენ შორის. უცხო ადამიანის ჭიქიდან ხომ არ მოსვამ ყავას, არა?! თითქოს ამ ქმედებაში იყო რაღაც ერთდროულად საოცრად უშუალო და საშინლად ინტიმური. ვბოდავდი?! შეიძლება.
-ამიტომ უკნიდან არ უნდა მიეპარო ადამიანს, რა იცი, რა უჭირავს ხელში... -ვუპასუხე არსაიდან გამოძალული სიმშვიდით, როცა ჩემი ჭიქა დამიბრუნა.
-ძია, ხატო მოგიყვანე, -ლოყებზე შემოუტყაპუნა პაწაწინა ხელები ცუცამ ბიძამისს და ცხვირიც მოუჭყუნა, -გახსოვს? ხიდან ჩამოვარდნას რო გადაარჩინე, მერე ერთად რო გეძინათ და დაჩხობას რო გადაარჩინე... ის ხატოა.
ზუსტად არ მახსოვს რამდენი ადამიანის გაოცებული სახე მოგვშტერებოდა იმ წამს, რადგან მე პირადად მიწაში საკმარისად ფართე ღრმულს ვეძებდი, შიგ რომ ჩავქვესკნელებულიყავი და აღარავის დაენახა ჩემი შერცხვენილი სიფათი.
-ძია, ეგ ერთად ძილი არ არის, -გაღიმებული სახით დაუწყო ბავშვს ახსნა ცოტნემ. რა აცინებდა?! -ხომ გახსოვს ჩვენი გიჟი მეზობელი ავად რომ იყო, მერე ჩვენთან დავტოვეთ, ცუდად რომ არ გამხდარიყო და დივანზე ჩაგვეძინა...
-არა, ძია, მაგაზე სულ არ ვამბობ, -თავი გააქნია პატარა პარაზიტმა, ოქროსფერი კულულები ჰაერში შეუხტა. -მაშინ შენ, გვანცა და რატიკო ხატოსთან რომ დარჩით, მე, ეკემ და ნიაკომ ფანჯრიდან შემოვიჭყიტეთ და ერთად გეძინათ... ეკეს იდეა იყო, მე უბრალოდ ვიხედებოდი.
ცოტნემ ხმამაღლა გადაიხარხარა, სხვები ჯერ კიდევ დაბნეულები ვერ ხვდებოდნენ რა რეაქცია ჰქონოდათ. მე მდუღარე ყავა ისეთი სახით მოვსვი ჩემი ჭიქიდან, ენის დამწვრობა საერთოდ ვერ ვიგრძენი.
-ხომ გითხარით, ჩემთან არ ეძინა-მეთქი?! -შეჰყვირა რატიმ და მოულოდნელობისგან ლამის მეორედ გამივარდა ჭიქა ხელიდან.
ბედნიერი ჩანდა, თავისი სიტყვების მხარდამჭერი არგუმენტი ყველამ რომ მოისმინა. რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდით. ნამდვილად.
-ისე ხვრინავდი, შეუძლებელია შენთან ვინმემ დაიძინოს. -თვალები დაუბრიალა ცოტნემ მეგობარს, რომელსაც ტრიუმფალური ღიმილი სახეზე შეახმა.
ამ თემაზე კრინტი აღარავის დაუძრავს, თუმცაღა რაღა იყო სათქმელი?! ანა და ნინო ისეთი მოჭუტული თვალებით მიღიმოდნენ, აქედან გადაკარგვის მეტი აღარაფერი მინდოდა.

მაინცდამაინც იმ დღეს გაიგიჟა ამინდმაც თავი. თაკარა მზე მცხუნვარებდა, ეზოში, ჩრდილშიც კი ვერ გაჩერდებოდი. სუნთქვაც კი გაუსაძლისდა. ძველისძველ გაზეთებს ნახევრადშიშველი ვინიავებდი და ბაბუაჩემის ნაქონ სარწეველა სკამზე თვალებდახუჭული ვირწეოდი. არც მეზობელი სახლიდან მოისმოდა ხმები. სიცხეს აშკარად ისინიც შეეწუხებინათ. როგორც კი დრო ვიხელთე, მაშინვე სახლში გამოვვარდი, საყოველთაო სირცხვილისა და ცოტნესაგან თავი რომ დამეღწია.
სრული დარანება იყო. სულიერი არ ჭაჭანებდა გარეთ. გაზეთს ლამის ალი რომ აუვარდა ამდენი ქნევისაგან, ამჯერად სველი ტილოთი ჩავანაცვლე.
ახლა მდინარეზე წასვლა იქნებოდა სრული ნეტარება, მაგრამ იქამდე ფეხით იმდენი იყო სასიარულო, ცოცხალი ვერავინ მიაღწევდა.
პირდაღებული ვსუნთქავდი უკვე, აღარც სველი ტილო მშველიდა, არც უმოკლესი შორტი და ნაჭრის მაისურის ნაგლეჯი, სულ შიშველი რომ გავწოლილიყავი, მაინც შებოლილი თევზივით ვიგრძნობდი თავს.
სველი ტილო სახეზე დავიფარე და ზმუილი ამოვუშვი ნერვებმოშლილმა.
-ჯოჯოხეთში მოხვედრის აღარ შეგეშინდება ადამიანს, ისეთი სიცხეა! -ლაპარაკი დავუწყე ჩემს თავს.
თქვენ ჩემი ცხოვრების ისეთ ეტაპზე შემომიერთდით, სადაც ჩვეულებრივზე მეტი ადამიანი იღებს დიალოგებში მონაწილეობას. ძირითადად, როცა მარტო ვარ, აკომპანიმენტს საკუთარი თავი მიწევს ხოლმე. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი გასართობია.
-ყველაფერი იმ ურჯულოს ბრალია, -არ ვიცოდი, რომელ ლოგიკურ ჯაჭვს მივყავდი ცოტნემდე, მაგრამ მასზე გაბრაზება ძალიანაც მსიამოვნებდა, -ჩამობრძანდა და გაახრიოკა ყველაფერი...
-ვერაფერს იტყვი, როცა ასეთი მომხიბვლელი ხარ, რთულია შენს ირგვლივ არ ცხელოდეს... ხატია, უნახავივით ნუ იქცევი. უნახავი რა შუაშია? ამ ხალხს ხომ სიმართლის მოსმენა არ გსიამოვნებთ....
კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი საკუთარ ეგოსთან დიალოგს, რაღაც მკვრივი და კენჭივით პატარა შუბლში რომ არ მომხვედროდა. მეორე მეორე მკერდის ძვალზე და სანამ მესამეს თვალში გამარტყამდნენ, გაოცებულმა წამოვყავი თავი ჩემი სარწეველა სკამიდან. სახედე მიფარებული უკვე გამშრალი სველი ტილო შიშველ ფეხებზე დამეტყება. ქორივით მოვავლე ეზო-მიდამოს თვალები, თუმცა შორს გახედვა სულაც არ ყოფილა თურმე საჭირო.
ცოტნე ღია კარის ძგიდეს კმაყოფილი სახით მიყრდნობოდა და ტყემალს გემრიელად აკრახუნებდა, თან მოჭუტული თვალებით ხან სახეზე მაშტერდებოდა, ხან მთელს სხეულზე.
-გაუფრთხილებლად შემოსვლა უზრდელობაა! -აღვნიშნე ამპარტავნული გამომეტყველებით, კისრიდან მკერდში ჩავარდნილი ტყემალი რის ვაი-ვაგლახით ამოვიღე და უკან ვესროლე. -იქნებ, შიშველი ვარ?! მარტო ვცხოვრობ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ზრდილობა იქონიე ბოლოს და ბოლოს...
-შემოსილი არც ახლა გქვია, -დაუკითხავად შემოვიდა ოთახში, -ადე, მდინარეზე მივდივართ. გაგვიძეხი.
-გინდა მზის დარტყმა მივიღოთ? -გაკვირვებულმა დავკუსე თვალები. იმას კი კმაყოფილი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. -რას მომშტერებიხარ?!
ხო, საერთოდ არ ხარ ნახევრად შიშველი, სკამზე გადათხლაშული ერთადერთი მასპინძელი სახლში, ხატია. სხვას ვის შეხედავს, უტვინო გოგო?!
-მანქანით წავიდეთ. არ აქვს მისადგომი? -ჩემს კითხვას ყურადღება არ მიაქცია, ტყემლის კრახუნი და ჩემი ეშმაკურად თვალიერება განაგრძო.
-კი. გამოვიცვლი და წამოვალ. დამტოვეთ, თუ შეიძლება, -დემონსტრაციულად დავაპირე სკამიდან წამოდგომა, მაგრამ ის კი დამავიწყდა ნამეტანი რომ ირწეოდა და ინერციით ლამის ჰაერში ავფრინდი. შემარცხვენელი წაფორთხიალება არ შევიმჩნიე და ცხვირაწეული გავემართე ჩემი ოთახისკენ.

ერთიან საცურაო კოსტუმზე გრძელი, თეთრი შარვალი ამოვიცვი და ჭილოფის ქუდიც ჩამოვიფხატე თავზე. ათასნაირი მზისგან დამცავით და პირსახოცებით გავტენე ჩანთა. გარეთ რომ გავედი, მეზობლები უკვე მანქანაში ისხნდენ და მე მელოდნენ.
მანქანა ნამდვილად უზარმაზარი იყო, მაგრამ ამდენი როგორ უნდა ჩავტეულიყავით?
-მოდი, ხატო! -დედამისის კალთიდან ბედნიერი მიქნევდა ხელს ცუცა.
ანა ბავშვით წინ იჯდა, საჭესთან დათა, ლევანს საბარგულიდან გამოეყო თავი ერეკლესთან ერთად, რომელიც ძალიან ბედნიერი ჩანდა თავისი განსაკუთრებული ადგილით, ნინოს ნიაკო ჩაესვა კალთაში, მის გვერდით რატი და გვანცა ისხდნენ და მაინც და მაინც იმ კართან, რომელიც მე გამოვაღე, ცოტნე იჯდა და ნიშნისმოგებით სავსე ღიმილით იტყაპუნებდა კალთაზე ხელს.
მადლობა ღმერთს, რომ გრძელი შარვალი მეცვა და შიშველი ფეხებით არ მომიწევდა ამ ოღრო-ჩოღრო გზებზე ცოტნეს კალთაში მეხვარხვალა.
-თუ არაკომფორტულად ხარ, გაგიცვლი, -მომმართა გვანცამ მაშინვე, როგორც კი კარი მოვიხურე და ხელჩანთა კალთაში ჩავიდე.
-არა იყოს, შენ ჩემზე გრძელი ფეხები გაქვს და ვერ მოთავსდები, -უანგარო, გულუბრყვილო თვალებით შევხედე და ნაზად გავუღიმე.
ჩემს სავარძელს მივხვდი, როგორ შეეკუმშა მუცელი ჩუმი ჩაცინებისგან და უკანა ხედვის სარკიდან ისიც შევნიშნე, დანარჩენებიც როგორ იკავებდნენ ღიმილს.
კმაყოფილი ვიყავი საკუთარი პასუხით. არა იმიტომ, რომ ვიეჭვიანე... თუ ცოტნეს კალთაში უნდოდა, მანამდე ეფიქრათ ამაზე!
-აბა? კარგად ვსხედვართ ყველა? -იკითხა დათამ, სანამ მანქანას დაძრავდა.
-კი, კი! -ტაში შემოკრა ცუცამ, -წავედით, მამიკო, საჭყუმპალაოდ!
დავიძარით.
-შეგიძლია ფანჯარა ჩამოწიო? -ვკითხე შეწუხებულმა ცოტნეს, სული მეხუთებოდა უკვე. ამას მგონი, ფეხით წავსულიყავი ის ჯობდა.
არაფერი უთქვამს, ისე ჩამოსწია ფანჯარა, ქუდი სწრაფად დავიჭირე ხელით და ნაწნავი წინ გადმოვიგდე, ყველაფერი უსს რომ არ მიფერთხებოდა სახეში.
მოღეღილ ზურგზე თბილი ჰაერის დაცემა მესიამოვნა კიდეც, იმის მიუხედავად, რომ გარეთ მზე ლამის პიკში ასულიყო და დაუნდობლად მცხუნვარებდა.
-წესიერად დაჯექი, -ჩემს ქმედებას არ დალოდებია, ისე ჩამავლო თეძოებში ორივე ხელი და მასა და მანქანას შორის ჩაკვეხებული კალთაში უკეთ მომათავსა.
არ მინდოდა წესიერად ჯდომა! მუცელში ისევ იმ მწველმა, მღელვარებით სავსე გრძნობამ აიქნია ფრთები და ფეხით დაჭერილი ჩიტივით აფრთხიალდა. გული მკერდის ძვლის გამონგრევას ცდილობდა და ისე მეწვოდა ზურგი, ქართან ერთად მისი თბილი სუნთქვაც რომ მცემდა, თითოს შანთი ჩამაჭირეს.
არ ვიცი, მაზოხიზმის რომელი სტადიაა, როცა ერთმანეთში არეული ამდენი მტანჯველი გრძნობა მხოლოდ სიამოვნებას განიჭებს ადამიანს. ვინმემ იცის? თეძოებიდან არც აუღია ხელი, მხოლოდ ოდნავ მოუშვა და მიუხედავად იმისა, რომ არ გარყეულა, მოფერებასავით ვგრძნობდი მისი ხელისგულების სტატიკურ შეხებასაც კი.
დაბნეულობამ იმდენად წამართვა თავი, ლამის პირველ მოსახვევს გავცდით კიდეც.
კიდევ კარგი, მდინარე ძალიან შორს არ იყო და გამდინარე წყალს გავატანდი იმ მწველ შეგრძნებებს ამ ადამიანის სიახლოვე რომ მიტოვებდა. ყელში გაურკვევლობის მტკივნეული ბურთი მომბჯენოდა და ერთი სული მქონდა, მალე გავცლოდი მის სხეულს, სუნთქვას და სურნელს, მთელი მანქანა რომ ამოევსო და ნორმალურად აზროვნების შესაძლებლობა მქონოდა ისევ.
მანქანა გაჩერდა თუ არა, პირველი მე გადმოვხტი იქედან. ლამის ფანჯრიდან გავძვერი, ოღონდ იმ ველურს მოვშორებოდი, უსირცხვილოდ რომ მიფათურებდა ხელებს. ვაჭარბებ. არც კი განძრეულა. მაგრამ მე მაინც მაღიზიანებდა!

გზიდან სამი წუთი ფეხით ვიარეთ, რომ მდინარესთან საბანაო ადგილას მოვხვედრილიყავი. მართალია, ზაფხულში აქ დასასვენებლად ბევრი ხალხი მოდის, მაგრამ მდინარის ამ ნაწილში ბევრი ადამიანი არასდროს იყრის თავს.
ბავშვები მაშინვე წყალში შეტყაპუნდნენ. მეც აღარავის დავლოდებივარ, შარვალი მაშინვე გავიხადე და უკან შევყევი.
ცივი, მთის წყლის შეხებამ დამწვარ-გაბრუებული სხეული გამომიცოცხლა. ჯერ მხოლოდ მუხლამდე წყალში ვიდექი. ხელის მტევნებით ვისხამდი მთელს სხეულზე ტანს, რომ ნელ-ნელა შევგუებოდი და მერე გამეცურა.
მდინარის ეს ნაწილი დამდგარი და ნაკლებად სახიფათოა, პატარა, წრიული აუზივითაა, რომელსაც ცალი მხრიდან ხეებშეფენილი კლდე გადმოჰყურებს, მის პირდაპირ ჩანჩქერის ქვეშ ძველი, აუმუშავებელი წყლის წისქვილი დგას. მზე მხოლოდ ფოთლებსა და ტოტებს შორის თუ იჭყიტება, ამიტომ მისი მცხუნვარება დიდად ვერავის შეაწუხებდა.
ცუცა ქათამივით ატყაპუნებდა ხელებს და ცდილობდა ეცურავა, თუმცა ადგაფუნებული წყალი ისევ მას ესხმებოდა სახეზე და ვეღარაფერს ხედავდა. ვარდისფერი კამერა გამობერილ მუცელზე ჩამოეფხატა და საყვარლად ტივტივებდა თავის და-ძმასთან ერთად.
ოდნავ რომ შევეჩვიე სიცივეს ნაპირზე გაგნაწულ ანას და ნინოს ხელი დავუქნიე, ჩამოდით-მეთქი.
-ცივია? -ეჭვის თვალით შემომხედა ნინომ.
-გრილია. ჩამო. -გავძახე მეც.
ცოტნეს კისერზე ჩამოკიდებულ გვანცას თვალი მოვწყვიტე, მდინარეში რომ ბანცალით შემოდიოდა. რა დიდი ძალისხმევა კი უნდოდა მუხლამდე წყალში ჩამოსვლას ვინმეს დახმარების გარეშე. მატრაკვეცა.
ყელამდე წყალში რომ გავედი, ბედნიერმა დავყვინე და მდინარის მეორე ნაპირამდე მივცურდი. ნამდვილი ნეტარება იყო. მცხუნვარე მზის შემქმნელთან ერთად სიცივის მომგონსაც ვლოცავდი.
ნეტარება დიდ ხანს არ დამცალდა, ფეხებში ხელები რომ ჩამავლეს და სუნთქვის შეკვრა ძლივს მოვასწარი, წყლის ქვეშ რომ ამოვყავი თავი.
ინერციით წელზე შემოვეხვიე ფეხებით იმ ველურს, ზვიგენივით რომ მომაფრინდა და მოსაშორებლად გლუვ გულ-მკერდზე ხელებით მივაწექი. ისე მძლავრად ვეჭირე ცალი ხელით, წელზე რომ შემომისრიალა, რომ გამოძრავებაც კი ვერ მოვახერხე.
ჩემს სხეულს წეღანდელი გრილი სიამოვნება მაშინვე გადაავიწყდა, როგორც კი გონებამ ცოტნეს შეხება აღიქვა. ბარძაყები და ხელისგულები მის კანზე შეხებით მეწვოდა და დაძაბულობისგან მუცელი დამჭიმვოდა. კიდევ ერთი წამით რომ გავჩერებულიყავი წყალქვეშ აუცილებლად ყელში მობჯენილი გული დამახრჩობდა და არა უჰაერობა. ნაწნავი შემიხსნა და მაშინვე შემიშვა ხელი.
მეც ფართხალით გავშორდი და როდესაც ნაპირზე ამოვყვინთე, ძლიერად ჩასუნთქულმა ჰაერის ნაკადმა ალვეოლები ჩამწვა. გაშლილი თმა ჩემთან ერთად ტივტივებდა ლურჯი წყლის ზედაპირზე და ჭიაყელებივით იკლაკნებოდა.
ზვიგენმა ჩემგან ორ მეტრში ამოყვინთა და გაშლილი მხრებიდან ნიაღვარივით ჩამოეღვენთა გამჭვირვალე წყლის წვეთები. ვეცადე თვალწარმტაცი სანახაობით გამოწვეული კმაყოფილება სახეზე არ დამტყობოდა და წარბეშეჭმუხნული ჯიუტად ვაშტერდებოდი უცნაურად მომზირალ ჩამუქებულ თვალებში. დემონსტრაციულად წამოიცვა მაჯაზე ჩემი თმისამაგრი და თვალი ჩამიკრა. ტუტუცი!
განერვიულებულმა მოვუქნიე წლის ზედაპირზე ხელი, მაგრამ წვეთებმა იქამდე საერთოდ ვერ მიაღწიეს, რადგან ჩემი სამიზნე უკვე წყალქვეშ გაუჩინარებულიყო.
სანამ გააზრებას მოვასწრებდი, ამჯერად მანამდე მომხვია წელზე ორივე ხელი და ისე ღრმად ჩამიტანა მდინარის ფსკერისკენ, რომ დახუჭული ქუთუთოებით ვიგრძენი დაბნელება. ინსტიქტურად შევუსრიალე მხრებზე ხელები და ლამის ფრჩხილებით ჩავაფრინდი. მუცლით მუცელზე ვეხებოდი და მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი ძალები მის მოშორებაზე დამეხარჯა, მაინც მოახერხა მოღერებულ ყელზე ტუჩებით შემხებოდა. ეს არ იყო შემთხვევითი გაცმაცუნება, ისე ძლიერად მომაჭირა საძილე არტერიასთან სველი ბაგეები, რომ დარწმუნებით მცოდნოდა, ეს განზრახ გააკეთა.
მთელი სხეული დაძაბულობისგან დამეჭიმა, ვიგრძენი, როგორ გათბა ირგვლივ მდინარის გაყინული წყალი და მომეჩვენა, რომ დუღილიც კი დაიწყო. წყალქვეშ ისე დავჭყიტე თვალები, წვაზე წამითაც არ მიფიქრია. თვითონ მთელი ამ ხნის განმავლობაში მიყურებდა და სახეზე სულელური ღიმილი აღბეჭვდოდა.
ძლივს შევაშვებინე წელზე სუროსავით შემოხვეული მკლავები, თორემ აუცილებლად დამახრჩობდა, იმდენს იზამდა.
სასწრაფოდ ნაპირისკენ გავცურე და ისე ამოვვარდი წყლიდან, თითქოს რაღაც გარდაუვალ საფრთხეს გავურბოდი. სასწრაფოდ გამოვეხვიე მშრალ პირსახოცში, თუმცა რაში მჭირდებოდა, საერთოდ ვერ ვხვდები. სხეული ისე მიხურდა, მაშინვე აორთქლდა ზედ დაყრილი წყლის წვეთები.
გოგონებმა გაკვირვებით გამომაყოლეს თვალი, თუმცა არაფერი უთქვამთ, ჯერ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ცოტნეს, მხრები აიჩეჩეს და ჭყუმპალაობა განაგრძეს.
გაუგონარი ამბავია: რა ჯანდაბა ეტაკა?! ერთი სული მქონდა, წყლიდან ამოსულიყო და კონცერტები გამემართა მისთვის, მაგრამ გული ისე სწრაფად მიცემდა, რომ მეეჭვება, სიტყვებისთვის თავის მობმის ძალა მქონოდა. ენაჩაგდებული ვიხსენებდი მომხდარს და ის ადგილი, სადაც ისე ველურივით მეცა და მაკოცა ახლაც მტკივნეულად მიფეთქავდა.

წყალს აღარ გავკარებივარ. ნაპირიდან ვაქეზებდი გოგონებს, რომ რატი და ლევანი ერთი გემრიელად ეყვინავებინათ. ისინი რას გახდებოდნენ ამხელა აზვირთული მუტრუკების წინააღმდეგ? ბოლოს ისევ თვითონ რჩებოდნენ წყალნაყლაპი.
გაშლილი, სველი თმა გავიწურე და მხრებზე გადავიყარე, რომ გამშრობოდა მაინც წესიერად. გვანცაც ამოვიდა წყლიდან და გვერდით მომიჯდა. აშკარად ვერ ერთობოდა ეს გოგო. სულ მოძმარული სახე და უკმაყოფილო გამომეტყველება ჰქონდა.
ახლაც ისეთი შეწუხებული დაჯდა პლედზე, გეგონება ვინმემ კვაწარახი ატლეკინა. ნეტავ საერთოდ თუ აქვს გასინჯული ყელის ტკივილის მკურნალობის ეს უებარი საშუალება?
-ყველგან მწერებია! -ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა. -რა უბედურებაა...
გიჟივით იქნევდა ხელებს. ეს, მგონი, ჩემზე უარესია.
-შენ არ გაწუხებს? -მომმართა შეწუხებულმა.
-არა, მიჩვეული ვარ. -უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
-ხო, არ მიკვირს.
-რატომ არ გიკვირს? -კითხვას ნამდვილად არ შევუბრუნებდი, ისეთი ტონით რომ არ ეთქვა, როგორსაც მაშინ იყენებენ, როცა უნდათ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ.
-არაფერი, დაიკიდე. აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს. -გაღიზიანებულმა ამიქნია ხელი. არ ვიცი, ამ ადამიანს ჩემზე რა ინფორმაცია აქვს, მაგრამ აშკარად არასწორ ადგილას მოხვედრილა, ამ ტონით როცა გადაწყვიტა საუბარი.
-რა პრობლემა გაქვს ჩემთან? აშკარად არ გსიამოვნებს ჩემი კომპანია. -იმდენად ნაზად და მშვიდად ვუთხარი, დაიბნა.
-არანაირი პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ, არ მიყვარს, როცა ადამიანები იქ ეკვეტებიან, სადაც მათი ადგილი არ არის.
-მაგალითად, ცოტნეს კალთაში? -ხომ ორივემ ვიცოდით, რაზეც იყო საუბარი. არ იყო ქარაგმები საჭირო, ამიტომ პირდაპირ გადავწყვიტე საქმეზე გადასვლა.
აშკარად არ ელოდა ამხელა გამბედაობას თუ გამოვიჩენდი და ორი წამით პირდაღებული მიყურებდა.
-არა მარტო. ცოტნე თუ შენით ერთობა, დიდად არ მიკვირს. ზაფხულში ხშირად გავმხდარვარ მსგავსის შემსწრე, როგორ იყენებს გოგონებს და მერე მაგათი სახელიც აღარ ახსოვს.
-უი, რა საინტერესოა. და შენ სულ შორიდან გიწევს ყურება, ხო? საწყალო. -სერიოზულად შემეცოდა, ერთი წამითაც არ ყოფილა ჩემი შეწუხება ირონიული.
-შორიდან ყურებას ჩემით ვირჩევ. მირჩევნია, სხვებთან გაერთოს და ბოლოს მაინც მე ამირჩიოს. გირჩევ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნი, ოცნების კოშკები მაინც თავზე ჩამოგემხობა. შენნაირები, -თითით მომიხაზა სხეული ტუჩაბზუებულმა, -მაინც ვერაფერს დამაკლებენ.
-თუ ჩემნაირები ვერაფერს დაგაკლებენ, რატომ ნერვიულობ? მითუმეტეს, მე არაფერს ვცდილობ, შენ კი ისე ღელავ დასვენებაც ვერ შეირგე ნორმალურად მეგობრებთან ერთად.
-მომისმინე, გოგო! არავიში შეგეშალო! -ფეხზე გამწარებული წამოვარდა, გაოგნებისგან წარბები კეფაზე გადამივიდა ხმას რომ აუწია. ღმერთო ჩემო, კონცერტი გველოდა. -შენ შეიძლება ყველა აქ ჩამოსულს ეგრე მასპინძლობ და მაშინვე საწოლში უგორდები, მაგრამ ჩემამდე ვერასდროს მოხვალ, მარტო იმიტომ, რომ მე შემიძლია ჩემი მიუწვდომლობით მოვანდომო ადამიანს თავი.
-გვანცა, რა ხდება? -შეწუხებული ამოვარდა მდინარიდან ანა, ნინოც უკან მოჰყვა და რატიც. დანარჩენები გაოცებულები გვიმზერდნენ მდინარიდან.
-არ მჯერა, რომ ამისნაირ ძუკნასთან მეგობრობთ! -სველი პირსახოცი მიწაზე დააფერთხა, ფეხები ბავშვივით გააბაკუნა და იმ ბილიკისკენ წავიდა, რომელმაც აქ მოგვიყვანა.
მისი სიკაპასე გულთან ახლოს არ მიმიტანია. ამისნაირების აზრს რომ ყურადღებას ვაქცევდე, რამდენად უინტერესო ცხოვრება უნდა მქონდეს? მხოლოდ ანას და ნინოს შერცხვენილმა სახეებმა შემაწუხა. აშკარად არ იცოდნენ, სირცხვილისაგან რა გზას დადგომოდნენ.
-ძალიან დიდი ბოდიში, ხატია, არ ვიცი რა მოუვიდა... -მეგობარს გაყვა ნინო. ტირილამდე მისულიყო უხერხულობისგან.
-რა დაემართა? -გაოგნებისგან ძლივს ამოილაპარაკა ანამ, უკან ცუცა ამოდგომოდა ინტერესით სავსე თვალებით.
-შენ როგორ ფიქრობ? -მრავლისთქმელი თვალებით შეხედა რატიმ, „ოხ, ეს ქალებიო“ ამოიოხრა და მდინარეს დაუბრუნდა.
-ცოტა ემოციურია, ნუ გეწყინება. -გვერდით მომიჯდა ანა.
-რა უნდა მეწყინოს. შენ ნუ გეწყინება, მაგრამ ცოტა ემოციური კი არა, ქათამია. ცუცა, ყურებზე ხელი მიიდე, -მივმართე პატარას ინტერესიანი თვალებით რომ მოგვჩერებოდა, დამემორჩილა, -ჯერ სოფლელი მიწოდა, მერე კახპა, მერე ძუკნა... არ ვიცი მაგას და ცოტნეს შორის რა ხდება, არაფერი ვიცი, ამიტომ არც იმის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს, წინასწარი დასკვნები გამოვიტანო. იგივეს მოვითხოვ მისგანაც. დანარჩენი კი უკვე აღარ ეხება.
-ხო, მართალი ხარ, -გაეღიმა ანას, ისე მიყურებდა, თითქოს ჩემს შესწავლას ცდილობდა.
-ამ სიტყვებს მასაც ვეტყოდი, მაგრამ ვიცი არ მოისმენს.
-კიდე დიდ ხანს მქონდეს მიჭერილი ხელი, ხატო? -შეწუხებული ხმით ამოილაპარაკა ცუცამ.
გავუცინე, არა-მეთქი და შვებით ამოისუნთქა.
მზე რომ გადავიდა და აგრილდა, ავიბარგეთ შინ დასაბრუნებლად. დღევანდელი ინციდენტების შემდეგ ისევ ცოტნეს მუხლებზე ჯდომა აღარ მინდოდა, ამიტომ პირველი შევხტი მანქანაში და ნიაკო მე ჩავისვი კალთაში. ისე ვუჭერდი საწყალ ბავშვს ხელებს, ვერავინ გამომგლიჯავდა ალბათ, ძალიანაც რომ ეცადათ.
მაშინვე ჩემი სახლისკენ წავედი საბანაოდ და გამოსაცვლელად. ანამ დღეს მწვადებს შევწვავთ, კოცონს დავანთებთ და საღამოხანს გვესტუმრეო.
ცხელი წყლის ქვეშ მანამ ვიდექი, სანამ არ გაცივდა. თვალებდახუჭული ყველაფერზე ვფიქრობდი და გულ-მუცელში აგორებულ უცნაურ, ერთდროულად შემაწუხებელ და სასიამოვნო შეგრძნებას ვერაფრით ვანელებდი. ფეხები მეკვეთებოდა და ნერწყვი ენის წვერზე მადგებოდა, როცა ცოტნეს კანის სრიალს და ტუჩების შეხებას ვიხსენებდი, თითოს ყველაფერი ერთად მემართებოდა: მუცლის დაჭიმულობა, მუხლების სისუსტე, სუნთქვის გახშირება, გულის გამაყრუებელი და აჩქარებული ცემა.
წყალი გაბრუებულმა გამოვრთე და მხოლოდ იმ წამს გავიაზრე, რომ სააბაზანოში ხელცარიელი ვიყავი შენასვლელი, როცა ხელები მოვაცეცე და არაფერი შემრჩა.
თმა გავიწურე და ჯერ მხოლოდ თავი გამოვყავი კარიდან, რომ შემემოწმებინა, ფარდები ნამდვილად გადაწეული მქონდა და ვერავინ დამინახავდა. მეტიც, კარიც კი ჩამიკეტავს შიგნიდან. ესე იგი, ვერც პატარა პარაზიტები შემოიპარებოდნენ.
ახალი მეზობლების გადმოსვლამ ერთი დისკომფორტი კი გამიჩინა: ახლა უფრო მეტად უნდა მეზრუნა ფარდების ჩამოფარებასა და პირადი სივრცის შექმნაზე.

დაუმორჩილებელი თმა ძლივს გავიშრე. დღეს აღარ დამიწნია. როგორც მივხვდი, ბატონი ცოტნე დიდად არ სწყალობდა ჩემს აკრულ თმას, ამიტომ არ მინდოდა მისთვის ჩემთან მოახლოების კიდევ ერთი საბაბი მიმეცა, მითუმეტეს საჯაროდ.
ჩვეულებისამებრ გრძელი, გულამოჭრილი, სიფრიფანა კაბა ჩავიცვი და გარედან მოსაცმელიც მოვიხურე, მერე რა, რომ დღისით ყველაფერს ოხშივარი აუდიოდა, სამაგიეროდ, საღამოს ყინავდა.
რამდენჯერმე ყაყანით რომ მომაძახეს მეზობლებმა, თავპატიჟი აღარ გამომიდია და მეც მათკან გადავქანდი. საერთოდ არ მინდოდა იმაზე მეფიქრა, რომ ამ ზაფხულს ბოლოჯერ გავდიოდი ამ გზას და ხვალიდან ისევ მარტოობასთან მომიწევდა დამეგობრება. ისევ ძველი ცხოვრების ნელად მიმავალ ფერხულში მომიწევდა ჩაბმა, სადაც ჩემ გარდა არავინ ცეკვავდა. გულში აგორებულ სევდას ცოტნეს მიერ შემოქსეული უცნაური შეგრძნებებიც ემატებოდა და უკვე ვიცოდი, რომ ტანჯვა გარანტირებული მქონდა.
უღიმღამოდ ვატრიალებდი მწვადებს რატისთან და ლევანთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ სასაცილო ამბავს მიყვებოდნენ მათ ბავშვობაზე, თინეიჯერობასა და ზრდასრულობაზე, მაინც ვერ ვახერხებდი ისე გულიანად მეკისკისა, როგორც ადრე.
-რატო მოიწყინე, ხატო? -კოცონის პირდაპირ ვიჯექი, ხის გრძელ მორზე, როცა პატარა ცუცა თავისი ერთგული სათამაშოთი გვერდით მომიჯდა.
-ისე.. მომენატრებით, რომ წახვალთ.. -კალთაში გადმოვისვი და სრიალა, ოქროსფერ თმაზე მივეფერე. თავადაც მოწყენილმა მომადო გულზე თავი.
-კიდევ ჩამოვალთ...
-ხო, ვიცი. -გამეღიმა.
-შენც წამოდი ჩვენთან ერთად, ჩემს საწოლში დაგაძინებ. -სახე გაუნათდა უცებ, ბრწყინვალე გამოსავალი რომ იპოვა.
-შენს საწოლში შენ თვითონ ძლივს ეტევი, ცუცა, ჩემს საწოლში დაიძინოს. -ზრდასრული მამაკაცივით ბრძანა ერეკლემ და ნიასთან ერთად გვერდით მომიჯდა.
ვერც კი გავიაზრე, როდის მოასწრეს ამ ბავშვებმა ჩემი ასე შეყვარება. აღარ ვიცოდი ყელში გაჩხერილი ცრემლები სად წამეღო, ამიტომ არაფერი მითქვამს, რადგან ვიცოდი, ხმა რომ ამომეღო, აუცილებლად ტირილი ამივარდებოდა.
-მართლა წამოდი და ჩვენთან იცხოვრე. -მხარზე თავი დამადო ნიაკომ.
სამივე ისე მომეხუტა, გულაჩუყებულმა ცრემლების შეკავება ვეღარ მოვასწარი და სიცილ-ტირილი ამივარდა სიხარულისა და სევდისგან. დანარჩენებისგან ზურგით ვისხედით და ვერავინ დამინახავდა, ამიტომ თავი აღარ შემიკავებია.
თითქოს ახლა უფრო ვიგრძენი მარტოობა, ვიდრე ოდესმე.
-თქვენი ძილის დროა, -დოინჯშემორტყმული წამოგვადგა თავზე ანა.
-აუუუ, ცოტა ხანი ვიქნებით. -აწუწუნდნენ ერთხმად.
-ერთი საათის წინაც ასე მითხარით.
-მაშინ ხატომ დაგვაძინოს, -ულტიმატუმი წამოაყენა სასწრაფოდ პატარა ქალბატონმა.

-ხატო, ის ზღაპარი მოგვიყევი რა, მაშინ რომ წამიკითხე ბიძაზე და ანგელოზზე, -ბალიშიდან თვალებს აყვარყვარებდა ცუცა, თავის და-ძმას შორის იწვა და დათუნია გულზე მიეხუტებინა.
-ცუდად მთავრდება ეგ ზღაპარი, -ვერც კი შევამჩნიე, როდის გაჩნდა აქ ცოტნე. მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი. მთელი სხეული დამეძაბა.
საღამოს განმავლობაში თავს ვარიდებდი, არ მინდოდა, სადმე გადავყროდი და კიდევ რამე არაპროგნოზირებადი მოემოქმედებინა. თუმცა, როგორც ხედავთ, თვითონ არ შეუძლია უჩემოდ გაძლება და კუდში დამყვება.
-ამიტომ კოშმარები რომ არ დაგესიზმროთ, უბრალოდ დაიძინეთ. -ოთახში სინათლე ჩააქრო.
სამივეს ვაკოცე, ძილინებისა და კეთილი გზა ვუსურვე. ვიცოდი, ხვალ მათ გაცილებას რომ ვერ შევძლებდი.
ცოტნე კარებში გაჩხერილიყო, ცალი ხელი ურდულისათვის ჩაევლო და ელოდებოდა, როდის გავიდოდი. სწრაფად გავძვერი მასა და ჩარჩოს შორის, ჩემს გონებას მისი სურნელით გამოლენჩება და სხეულს დაწვა რომ არ მოესწრო.
ისე სწრაფად გავვარდი სახლიდან, გამიკვირდა, კისერი როგორ არ მოვიტეხე.
გვანცა შორიდან ისეთი მტრული გამოხედვით მაჯილდოვებდა, აშკარად ვერ უშველა ნინოსთან საუბრებმა. მისი თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგის მონატრებით სულაც არ დავიწვებოდი, ამიტომ არაფრად ჩამიგდია. ისიც ეყოფა, შეურაცხყოფა რომ ხახვივით შევარჩინე და ჩემი კლანჭები არ დავანახე, თორემ უკვე გაქცეული იქნებოდა აქედან. კარგით, ხო, ვაჭარბებ. ზედმეტად განერვიულებული ვარ და მასზე ვიყრი ჯავრს.
ყველამ ცოტ-ცოტა მოწრუპა, რატიმ და ლევანმა არაჩვეულებრივი მწვადი გაამზადეს. თითებს ჩაიკვნეტდით. ნაშუაღამევს უკვე ყველა კარგად შეზარხოშებულიყო, ამიტომ ანას სუფრის ალაგებასა და ჭურჭლის რეცხვაში რომ დავეხმარე, ყველას დავემშვიდობე, კეთილი გზა ვუსურვე და მხრებჩამოყრილი წამოვედი ჩემი სახლისკენ.
არც კი გამომიცვლია, ისე დავეგდე ლოგინზე და თავი ბალიშში ჩავრგე. მეზობელი სახლიდან კიდევ ცოტა ხანს მესმოდა ლაპარაკის ხმა, მერე მიჩუმდა და ბოლო ფანჯრიდანაც ჩაქრა შუქი. იმდენად მივეჩვიე ხმაურს, მათი სახლიდან მომავალ სინათლეს, პირდაპირ ჩემს ფანჯრებში რომ იჭრებოდა, წარმოდგენაც არ მინდოდა, რომ ხვალიდან ცხოვრების ძველებურ რიტმზე მომიწევდა გადაწყობა.
გული უჩვეულო სევდას და სიცარიელეს დაემძიმებინა. თითქოს უკანასკნელი ადამიანი ვიყავი დედამიწაზე დარჩენილი. კარზე ჩუმი, მორიდებული კაკუნი რომ გაისმა ყურები დავცქვიტე. ახლა ვინღაა?! გამანებონ თავი. ხომ მიდიან იმ თავის თბილისში, რა საჭიროა ამდენი მოკითხვები და კარებზე კაკუნები?! მაგათ რა ენაღვლებათ?!
გაცხარებული მივაბიჯებდი კარამდე, ჩემი მედიდური ნაბიჯების ბრახუნის ხმა მგონი მთელს სოფელს ესმოდა. გამწარებულმა გამოვგლიჯე კარი. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ იმ წამს ნამდვილ ქაჯს ვგავდი: ხვეული თმა აბურძგნული მქონდა, კაბის ცალი ბრეტელი მხრიდან გადავარდნილი, სახე განრისხებული. მთვარის შუქზე ნათლად გავარჩიე ცოტნეს ბრაზისგან ვერცხლისფრად აელვარებული თვალები. ცალი ხელით კარის ძგიდეს მიყრდნობოდა, ოდნავ წინ გადმოხრილიყო და ისეთი განრისხებული მიყურებდა, აშკარად, რაღაც დავაშავე.
-რა გინდა? -პირველად დაველაპარაკე დღეს მდინარის ინციდენტის შემდეგ. ვერ ვხვდებოდი, რას ვერჩოდი, ასე უხეშად რომ მივმართე, თუმცა რაღაც აუხსნელი, მძიმე ამგორებოდა გულში და მოსვენების საშუალებას აღარ მიტოვებდა.
-რა მინდა? -მკერდზე თითი მიიდო, გაოცებული ჩანდა. ოთახში გრილ ნიავთან ერთად მისი სუნიც შემოვარდა, სიმთვრალე რომ ოდნავ ამძიმებდა და ალკოჰოლის ნესტს დაჰკრავდა. თითქოს ძაბვამ იმატა ჩვენს შორის და აუცილებლად, რომელიმე ავფეთქდებოდით. მთლი ძალით ჩავფრენოდი კარის სახელურს.
-ხო! რა გინდა! რატომ არ მშორდები? ან რას მაკოცე დღეს, ვინ მოგცა მაგის უფლება?! -ყბებდაჭიმული ვცდილობდი რაც შეიძლება ხმამაღლა მეთქვა ჩემი სათქმელი და კარი ცხვირწინ მიმეჯახუნებინა.
-მე არ გშორდები? რაც ჩამოვედი, პირველი დღიდან ნერვებს მიშლი! მიწვევ, მაღიზიანებ, ათას ხათაბალაში მხვევ და მერე თვალს მიკრავ, მეკეკლუცები და მეპრანჭები... წურბელასავით შემომიჩნდი! ამ ყველაფერს დამატებული ისიც, რომ სრულ ჭკუაზე არ უნდა იყო, ისე იქცევი. პატარა ბავშვივით გაუწონასწორებელი ხარ, ყველას დაემშვიდობე დღეს ჩემ გარდა! რატომ, რომ გაკოცე იმიტომ? -ჩემგან განსხვავებით თვითონ სულაც არ უცდია ხმადაბლა საუბარი. ბრაზისგან გრგვინავდა.
ნამდვილად აღარ მინდოდა, მთელს სოფელს გაეგო რა გაუგებრობაც ხდებოდა ჩვენ ორს შორის, მაისურშიც ამიტომ ჩავავლე და შიგნით შემოვაპორწიალე. კარი ზურგს უკან მივუხურე და პირზე ხელი ავაფარე გამწარებულმა.
გულისცემა ყელში ამომჯდომოდა მისი სიახლოვის, სუნის, სიტყვების და არსებობის გამო. ყბადაჭიმულს ყვირილის გარდა რა მექნა, აღარ ვიცოდი.
-გაგიჟდი? -ნაპერწკლებს ვყრიდი თვალებიდან. ისიც არანაკლებ დღეში იყო, თუმცა ვერ ვხვდებოდი, თუ ასე ნერვებს უშლიდა ჩემი ქცევა და არსებობა, რატომ მომვარდა ახლა. რატომ მაკოცა!
-გავგიჟდი კი არა ჭკუიდან გადაგყავარ! -ტუჩებზე აფარებული ხელები ისე ჩემომახსნევინა და გამიკავა გულ-მკერდთან, რომ ძალისხმევა საერთოდ არ დასჭირვებია. სახე ისე ახლოს ჰქონდა ჩემსასთან მისი სუნთქვა ლაპარაკის დროს ტუჩებზე მეფრქვეოდა. -ტვინში შემომიძვერი და როგორც გინდა, ისე გადი აქედან!
-შენ თვითონ შემომივარდი სახლში, არანორმალურო, -გახელებული დავეჯაჯგურე, თუმცა ვერაფერს გავუხდი. ჩემი სხეული ბრაზით რამდენადაც არ უნდა ყოფილიყო გახელებული, მისას წინააღმდეგობას ვერასოდეს გაუწევდა მაინც.
მეორე ხელი წელზე რომ მომხვია, ისე ძლიერად მიმიზიდა თავისკენ, მისი ქამრის შესაკრავმა ლამის მუცელი შემინგრია. ვერანაირ ტკივილს ვერ ვგრძნობდი იმ წამს სხეულში დატრიალებული მძვინვარე ქარიშხლის და გაუგებრობის გარდა.
-გამიშვი! -დავისისინე გაცხარებულმა, თუმცა წინააღმდეგობის გასაწევად ყველანაირი გზა მომიჭრა. ამჯერად მე ამაკრა კარზე და მუცელზე ისე ძლიერად მომაწვა, რომ განძრევის საშუალება აღარ მქონდა.
ირგვლივ თითქოს ყველაფერი გაქრა, ძლიერი ძაბვის ზუზუნის გარდა ყურებში აღარაფერი ჩამესმოდა და რაც შემეძლო, ღრმად ვსუნთქავდი, რომ ყურებში აგუგუნებული გული მიმეწყნარებინა. მუცელში ძლიერად გამეკვანძა რაღაც და ისეთი სიმძლავრით აფრთხიალდა, მომეჩვენა, რომ თავადაც შეეძლო ეგრძნო, რაც ჩემში ხდებოდა.
ცოტნეს ცხელი სუნთქვა სახეზე მცემდა, შუბლზე ჩამოყრილ თმას მიფრიალებდა და დაბურული მზერით მხოლოდ ოდნავ ვამჩნევდი, როგორ გაპობოდა გაწითლებული ბაგეები.
-მითხარი, რომ დაუმშვიდობებლად გინდა, წავიდე და გაგიშვებ. -მისი ჩახლეჩილი, უცნაური სურვილით დასველებული ხმის გაგონებამ მუხლებში ძალა წამართვა და ისე ძლიერად რომ არ ვყოლოდი გაკავებული, აუცილებლად წავიქცეოდი.
-გამიშვი! -ვერც კი გავიაზრე, ისე გამიტყდა ხმა, სახე გვერდზე მივაბრუნე, თვალებში რომ არ ჩამეხედა.
-მითხარი და გაგიშვებ.
-ცოტნე, რა გინდა?!
-მინდა ვიცოდე, მაგ თავში რა გიტრიალებს. -ისე ახლოს მოიწია, თითქოს ასე უნდოდა აზრების წაკითხვა, ცხვირის წვერით ლოყაზე მეხებოდა და გული დაძაბულობისგან ისე ძლიერად მიცემდა, უკვე მართლა აღარ ვიცოდი, გავუძლებდი თუ არა ამდენს...
-ის, რომ დეგენერატი ხარ, ნამდვილი ველური. მეც იმას ვგრძნობ, რასაც შენ: ნერვებს მიშლი! დაკმაყოფილდი?! -სულ არ მადარდებდა ჩვენი ხმა გარეთ თუ გადიოდა და ყველას თუ ესმოდა. ხვალ მაინც მიდიოდნენ და ღმერთმა უწყოდა, კიდევ როდის ვნახავდი. ბარემ დამთავრებულიყო აქვე ყველაფერი. ამდენის ატანა ჩემს ისედაც დაავადმყოფებულ გულს აღარ შეეძლო.
-ხოდა ძალიან კარგი, შენც თუ იმას გრძნობ, რასაც მე.
ამ სიტყვების დასრულებიდან ნახევარი წამიც არ იყო გასული, ორივე ხელი რომ შემიშვა და როცა მეგონა, რომ თავი სამშვიდობოს დავიგულე, ამჯერად კისერზე შემიცურა ხელები, მთელი ტანით დამეყრდნო და ამოსასუნთქად გაპობილ ტუჩებზე თავისი მომაწება. მაშინვე მოვკუმე წინააღმდეგობის გასაწევად. გონება, გული, სხეული, სული, ყველაფერმა განგაშის ზარები ჩართო. სხეულის ყველა ნაკვთი დამიჭიმა მისის სველი ტუჩების შეგრძნებამ, შეუპოვრად რომ ცდილობდა მეც გამოვეწვიე და მეპასუხა.
ცალი ხელი წელზე ჩამიცურა და სულ რამდენიმე მილიმეტრით მომშორდა ტუჩებიდან.
-მაკოცე. -ვედრებას უფრო ჰგავდა მისი სიტყვები, ვიდრე ბრძანებას. ბრაზი და მრისხანება სადღაც გამქრალიყო.
მისმა ხმამ, სიტყვებმა, ქმედებებმა, თითქოს ყველაფერმა ერთიანად იფეთქა, მუცელში ლავასავით ჩამეღვარა რაღაც მწველი და თუ ჩემი კოცნა საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ეს მტანჯველი სიამოვნება კიდევ რამდენიმე წამით გამეხანგრძლივებინა, თანახმა ვიყავი.
არც სიმთვრალის გემო ჰქონდა და არც ბრაზის, ვგრძნობდი, რომ სურვილი მასაც ისევე წვავდა და შანთავდა როგორც მე. ვგრძნობდი, რომ ვნების და სურვილის გარდა იყო კიდევ რაღაც ისეთი, რაც თავს უსაფრთხოდ მაგრძნობინებდა, რომ საკუთარ საქციელს არ ვინანებდი.
წამით არ მაშორებდა ბაგეებს ტუჩებიდან, სახიდან... თვალებიდან. თავგზააბნეულმა არც ის ვიცოდი ხელები სად წამეღო, ან თავი როგორ შემემაგრებინა დაცემისგან მუხლებში ძალაგამოცლილს.
-წამოდი ხვალ ჩვენთან ერთად. -ოდნავ მოგუდული ხმით ჩაიდუდღუნა, როცა შუბლი შუბლზე მომადო და ცალი ხელით ვეჭირე გამოფშუტურებული.
მთელი სახე მიხურდა, ტუჩები მიბჟუოდა, ხელები მიკანკალებდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ასე ახლოს არ ვყოფილვარ ადამიანთან, ასეთი დაძაბულობა და ასეთი სისუსტე ერთდროულად არსად მიგრძვნია.
-ვერ წამოვალ ხვალ.
-აბა, როდის?
-არ ვიცი... -მხრები ავიჩეჩე და თვალები მოვარიდე, არ მინდოდა ჩემი დაბნეულობა შეენიშნა, არც ის, რომ საშინლად მინდოდა არსად წასულიყო და იმაზეც თანახმა ვიყავი, რომ მთელი ცხოვრება ასე ვმდგარიყავი მასთან ერთად.
-მაგ შენს ტელეფონს დარეკვის ფუნქცია აქვს?
-კი... თუ ნომერს ჩაწერ, დარეკვა შეუძლია. -გავუწოდე. ისედაც პატარა ტელეფონი მის უზარმაზარ ხელებში ძალიან სასაცილოდ ჩანდა.
-სად იშოვე... -ჩაეცინა, თან თავის ნომერს მიწერდა. -დამირეკე.
-დაგირეკავ.


როგორც მამა-ზეციერს არ დაურეკავს ცოტნიკოსთვის, ისე არ დამირეკავს მეც.
ახლა რომ მოგიყვებით, მათი წასვლის შემდეგ რა შემემთხვა, არამგონია, გაგეცინოთ, ამიტომ სახე სასწრაფოდ დაიმშვიდეთ.
იმ ღამეს საერთოდ არ მიძინია. უჩვეულო, ბედნიერებით სავსე გრძნობა ამიგორდა მუცელში და თითქოს ჭიასავით შემიჩნდაო, მოსვენებას არ მაძლევდა. გაკრეჭილმა თეთრად გადავათენე ღამე, თუმცა როცა დილაუთენია დატოვეს მეზობლებმა ჩვენი სოფელი, მათ გასაცილებლად გასვლა მაინც ვეღარ შევძელი.
რაღაც მწარე, ცრემლებით სავსე ბურთი ყელში გამჩხეროდა, თუმცა არ მიტირია. გუშინდელი ღამე და ტელეფონში ჩანიშნული ნომერი იმედად მომეცა. არ ვიცოდი, როდის უნდა დამერეკა ცოტნესთვის, ან რატომ... ალბათ, როცა ქალაქში დაბრუნებას გადავწყვეტდი? ან - როცა მომენატრებოდა? უკვე მენატრებოდა! გზაშივე ხომ არ დავურეკავდი? დილის შვიდი საათი იყო.
ათასი კითხვა და ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. მათი დალაგება დამოუკიდებლად, იმ ადამიანისგან ასე შორს, ვისაც მიემართებოდა ყოველი მათგანი, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
პირველად ვგრძნობდი თავს სევდიანად და თან ამავდროულად ცამდე ბედნიერად, თითქოს მღელვარებას ორივეს დატევა თანაბრად შეეძლო.
მერე ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით მოხდა: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ნაშუადღევს ღებინება დამეწყო, სიცხე ისე ამივარდა, რომ ნორმალურად გადაადგილებაც აღარ შემეძლო. უახლოესი მეზობლის სახლამდე ძლივს მივაღწიე, რომ დახმარება მეთხოვა. გზაში ლიკას დავურეკე და ვთხოვე ჩამოეკითხა.
ძველისძველი მანქანით მაშინვე გამაქანეს ონის საავადმყოფოში. იქედან კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თბილისში გადამიყვანა.
ამაზე აქამდე დეტალურად არ მისაუბრია, მაგრამ ყველაფერს ახლა მოგიყვებით: ბოლო რამდენიმე წელია ანემიასთან გამკლავებას ვცდილობ. სხეული როგორც კი მოძლიერდება, მაშინვე ვსუსტდები და ყველაფერი წრეზე ტრიალებს დაუსრულებლად. როცა მივხვდი, რომ მარტო მკურნალობა არ მშველიდა და ცხოვრების წესის შეცვლაც საჭირო გახდა, სამსახური მივატოვე და სოფელში წამოვედი. ახლა უკვე ვეღარ ვხვდები, რომელი გადაწყვეტილება იყო სწორი.
სამდღიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, ოდნავ გონს მოვედი. ლიკა, ავალიანი და ნატროშვილი თავს დამტრიალებდნენ. ვაშლის ჭამით გამხეთქეს და ხმამაღლა მტუქსავდნენ, რომ არსად ფეხს აღარ მოვიცვლიდი. განსაკუთრებით კი სოფელში მარტო კონწიალი უნდა დამევიწყებინა.
ერთი კვირა ისე გავატარე საავადმყოფოში, არაფრის თავი მქონდა. მეგობრების ხუმრობებზეც კი ძლივს ვიცინოდი, მაშინვე თავი მტკივდებოდა და გულისრევის შეგრძნება არ მტოვებდა. ამას თან ერთვოდა იმაზე დარდიც, რომ ტელეფონი დავკარგე საავადმყოფოდან საავადმყოფომდე წოწიალში. შესაბამისად, აღარც ცოტნეს და აღარც ანას ნომერი მომეპოვებოდა. თან არ ვიცოდი, მოღონიერებამდე რამდენად მიზანშეწონილი იყო მათთან დარეკვა და იმის შეტყობინება, რომ „რაღაც ვერ ვიყავი ჯანზე“.
ერთ კვირაში უკვე გამომწერეს. თავისთან ლიკამ შემიფარა და როცა მოვღონიერდი, ცოტნესთან დაკავშირებაც ვცადე. ლიკას ბავშვის, საბას, პლანშეტი მივისაკუთრე. ამის გამო მომავალი ნათლული დიდად არ მწყალობდა, მაგრამ არაუშავდა. ახლა მასზე პატარა მე ვიყავი ამ სახლში და ჩემთვის უნდა დაეთმო.
მისტერ უსს სოციალური ქსელი, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. სამაგიეროდ მის ფოტოებს ხშირად შეხვდებოდით თვრამეტწლამდელთა საფეხბურთო ნაკრების გვერდზე, კომენტარებზე და შეფასებების რაოდენობაზე რომ არაფერი ვთქვათ. მთლად „სელებრითი“ არ გახლდათ ბატონი ცოტნე ჯაფარიძე, მაგრამ არც ვიგინდარა ეთქმოდა. ვერც ანა და ვერც ნინო ჯაფარიძე „ფეისბუქზე“ ვერ ვიპოვე. მოკლედ, ყველა მიუწვდომელი აღმოჩნდა. გვანცას, რატის და ლევანის გვარები ისედაც არ ვიცოდი, არც დათასი, შესაბამისად მათთან კავშირზე გასვლის მცდელობა ჩამიფლავდა. ბოლოს ფედერაციასაც კი დავურეკე, რომ როგორმე ცოტნე ჯაფარიძის ნომერი მოეცათ, მაგრამ პირად ინფორმაცია კონფიდენციალურია, ქალბატონოო და ყურმილი დამიკიდეს. მერე რომ გავიაზრე, რამდენი ქალი დარეკავდა ჩემსავით იმ არანორმალურის ნომრის გასაგებად, ნერვები უარესად მომეშალა.
-რატომ იღრინები ცოფიანი ძაღლივით? -ყავას მოწკურული თვალებით წრუპავდა ლიკა და იჭვნეულად მიყურებდა.
-ჩემი „კინაღამ-სატრფოს“ საკონტაქტოს ვერ ვპოულობ.
ასე შევარქვით ცოტნეს. „კინაღამ სატრფო“. არც ვიცოდი, რამე სერიოზული თუ ხდებოდა, უბრალოდ შინაგანად ვგრძნობდი, რომ ჩემგან დარეკვას აუცილებლად დაელოდებოდა, მე კიდევ გაჩაჩხული ვიწექი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, საბჭოთა კორპუსის მეშვიდე სართულის რომელიღაცა ბინაში და დაქალის ბავშვის საწოლში მეძინა ყველანაირი ტელეფონის, ნომრების და კავშირის გარეშე გარე სამყაროსთან.
ბოლოს იმ შეთანხმებამდე მივედით, რომ თუ თვითონაც მეძებდა, აუცილებლად ვიპოვიდით ერთმანეთს. ეს უფრო ლიკას და ტასოს დასაშოშმინებლად მოვიფიქრე, თორემ გული საგულეს აღარ მქონდა.
ყველა სოციალური ქსელი გავხსენი, სტუდენტობისდროინდელი ფოტო გამოვჩხრიკე და პროფილის სურათად გამოვჭიმე, რომ იქნებ თვითონ თუ დამიწყებდა ძებნას, მარტივად ვეპოვე. ჩემმა მზემ! კაცი-შვილი არ მამატებდა.

ისე გავიდა ორი თვე, ვერც გამოჯანმრთელება და ფეხზე დადგომა ვერ ვიგრძენი. მარიონეტივით დავდიოდი იქეთ-აქეთ გასაუბრებიდან გასაუბრებაზე, რომ როგორმე სამსახური მეპოვა, მაგრამ რეალურად ცოტნეს პოვნა ყველაზე მეტად მინდოდა მაშინ.
თვრამეტწლამდელთა თამაშებზეც კი დავდიოდი, რომ იქნებ როგორმე მწვრთნელს გადავყროდი და იმ სიმპათიურ სიფათში ერთი გემრიელად შემომერტყა, ასე რომ გამაწვალა და ერთი „ფეისბუქის“ გახსნა ვერ მოიფიქრა.
-ამათი მწვრთნელი სად არის, ხომ არ იცით? -ვკითხე ჩემ გვერდით მჯდომ გულშემატკივარს, ყელში რომ ამომივიდა ოთხმოცდაათი წუთი პლასმასის სკამზე საჯდომის გაბრტყელება.
-ბატონი ცოტნე? -სიხარულით ანთებული თვალებით მკითხა საშუალო ასაკის კაცმა.
-ხო ეგ. -ენას კბილი სწრაფად დავაჭირე, ლანძღვა-გინება რომ არ დამეწყო და ვინ იცის, ოქროს ინფორმაციის მოპოვების შანსი ხელიდან გამეშვა.
-ბატონი ცოტნე საფრანგეთში გადაიყვანეს. არაჩვეულებრივმა გუნდმა შესთავაზა...
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მყარად ვიჯექი სკამზე, მაინც ვიგრძენი საყრდენის გამოცლა. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს თავზე. საერთოდ არ მახსოვს, როგორ დავტოვე იქაურობა, ან სახლამდე რანაირად მივაღწიე ცოცხალმა.
გული იმედგაცრუებისგან და ბრაზისგან ისე სუსტად მიცემდა, თითქოს სხეულიდან გაპარვას ცდილობდა. ყველაფერი მისი ბრალი იყო! ერთი-ორჯერ სიცხე გამიზომა ადამიანმა, საბანი შემომიკეცა, ჩემი ჭიქიდან ყავა დალია და ჩათვალა, რომ თავდავიწყებით ვუყვარვარ.
ტირილი არ გამომდის, მაგრამ იმ წამს ყველაფერი ერთიანად მომაწვა, როცა საბას მანქანის ფორმის საწოლში ვიყავი მოკუნტული, მუხლები მკერდზე მიმეტყუპებინა და ბალიშში მოთქმით ვჯღაოდი. თითქოს ის ზაფხულიც, ერთად გატარებული დრო, კოცნაც და დარეკვის თხოვნაც... მერე მისი ძებნის პერიოდიც... თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა, მოგონებებს ფერი გამოეცალათ და ყველაფერი გაშავთეთრდა.
უცხო თვალით ყველაფერი სულელურად ჩანდა: როგორ შეიძლება ზრდასრულმა ადამიანმა ვინმე ასე შეიყვაროს ცხოვრებაში?! ალბათ, მაშინ თავი ისე მარტოს რომ არ მეგრძნო და იმდენი ხიფათი სწორედ მის თვალწინ არ შემმთხვეოდა, არც მისი დახმარება დამჭირდებოდა რამეში, არც მისი მზრუნველობა და არც გრძნობები გამიჩნდებოდა ადამიანის მიმართ, რომელმაც შესაძლოა, საერთოდ დამივიწყა უკვე.
გულის სიღრმეში ვერაფრით ვაღიარებდი იმას, რომ შეიძლება ყველაფერი ყალბი იყო და გვანცას სიტყვები ყველაზე მართალი. შეიძლება, მართლა ერთობოდა...
მაგრამ რომ არაფრით ჰგავდა ასეთ ადამიანს?! შეუძლებელი იყო, მას ვინმეს გრძნობებით ეთამაშა. შეუძლებელი იყო, ის კოცნა ყალბი ყოფილიყო, ან როგორ მიყურებდა... შეუძლებელი იყო, მხოლოდ ცალმხრივად მეგრძნო, ის რაც ერთდროულად ასეთი სასიამოვნო, მწველი და მტანჯველი იყო... როგორ დამეჯერებინა, რომ ის გრძნობა, ის აფართხალებული, დამწვარი პეპლების ფრთხიალი მუცელში მხოლოდ ცალმხრივ სიმპათიას შეეძლო გამოეწვია?
აუცილებლად ვიპოვიდი და პასუხს მოვთხოვდი ყველაფრისთვის. თუ საფრანგეთში აპირებდა გადაცხოვრებას, როგორ უნდა დამერეკა? რა ჯანდაბად მინდოდა მისი ნომერი?
ბრაზს ხან სასოწარკვეთა ცვლიდა, ხან სევდა, ხან პირიქით და ისე ვიქეცი ათასფრთიანი გრძნობების ბუკეტად, ცოტაღა მაკლდა აფეთქებას.
ლიკა და მარიამი ხმას არ იღებდნენ, მაკა შფოთავდა, მაიძულებდა, კარგად გამომეკვლია, თუ რასთან მქონდა საქმე და დაკსვნები მერე გამეკეთებინა. რაღაც კვალზე აუცილებლად გავიდოდი. პრესაში ჯერ არ გაჟღერებულა ოფიციალური ინფორმაციაო, ამიტომ „ფანების“ სიტყვებს ნუ ენდობი მხოლოდო...
ვერ ვიჯერებდი, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, ასეთ პატარა ქვეყანაში და კიდევ უფრო პატარა ქალაქში ერთი ადამიანი ვერ ვიპოვე, ვინც მის კვალზე გამიყვანდა.

მეორე დღეს სულ ძალით წამათრია ლიკამ რომელიღაც ბარში. ან რა მინდოდა ბარში? დალევა ჩემთვის არ შეიძლებოდა და ამდენ მთვრალს ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უმზირა.
მესამე კვირა გადიოდა და უკვე ყველანაირი ფარ-ხმალი დაყრილი მქონდა. რაც იქნებოდა, იქნებოდა.
„ბარი“ ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. ბენდი სასიამოვნო მუსიკას უკრავდა, არც ზედმეტად მდიდრული იყო და არც მთლად მინიმალისტური. მე ჩაი შევუკვეთე, ლიკამ ტეკილა (მაგარი კომბინაციაა, ვერაფერს იტყვი) და სანამ ველოდით ხალხის გაჭორვა დავიწყეთ მეზობელი მაგიდებიდან.
კარგით ახლა, არ მითხრათ, რომ თქვენ არ გაგიკეთებიათ! ენა გაქაფული გვქონდა, ბენდმა ჩემი საყვარელი, მაგრამ კარგად მივიწყებული მუსიკის დაკვრა რომ დაიწყო. The 1975 – About You.
სიმღერის ტექსტი რომ აღვიდგინე, იმხელა კავშირი ვიგრძენი ჩემს გრძნობებსა და მის ტექსტს შორის, როგორც არასდროს. სცენასთან გაუაზრებლად მივედი და ქალის პარტიის შესრულება ვთხოვე. უარი არ უთქვამთ.
-And there was something about you that now I can't remember
It's the same damn thing that made my heart surrender
And I'll miss you on a train, I'll miss you in the mornin'
I never know what to think about
I think about you.
(შენ შესახებ ვცდილობ გავიხსენო რაღაც
რაღაც, რამაც ჩემს გულს აიძულა დანებება
მომენატრები გზაზეც, მომენატრები დილას
აღარ ვიცი რა ვიფიქრო, ამიტომ ვფიქრობ შენზე.)(მომიტევეთ მახინჯი თარგმანი, არაინგლისურის მცოდნეებსაც მინდოდა შინაარსი გაეგოთ <3 )
ჩემს ცხოვრებაში ხომ ამ ბოლო დროს ყველაფერი გაუაზრებლად ხდება, ხოდა, როცა სიმღერას მოვრჩი და თვალი გავახილე, ვერც კი მივხვდი, ვინ დამავლო ხელი ისე სწრაფად და ვინ გადამიკიდა მხარზე.
თავიდან ვიფიქრე, ალბათ, დაცვას ჩემი ნამღერი არ მოეწონა, მომხმარებლებს გვიფრთხობ და სანამ აზრზე მოვიდოდი, მანამდე უნდათ ჩემი გარეთ გასმე-მეთქი, მაგრამ როგორც კი ტვინმა მოქმედება დაიწყო და ნაცნობი სუნი აღიქვა, თვალებდაქაჩული გავშეშდი ერთ ადგილას.
სულ არ მადარდებდა, ათასი თვალი რომ მოგვჩერებოდა ლიკას ჩათვლით, რომელიც პირდაღებული მიყურებდა და ვერ გაეგო, რა მოემოქმედებინა. გაოგნებული, თავდაყირა ვეკიდე ცონტეს მხარზე და ერთი სული მქონდა მიწაზე დავესვი, რომ მისი ლანძღვა ისე დამეწყო, თვალებში ყურება რომ შემძლებოდა.
-დამსვი, შე ველურო! დამსვი! -ფერდში მაგრად ვუჩქმიტე, მაგრამ არც კი გარყეულა. აივანზე რომ გამსვა და კარი ზურგს უკან მიიკეტა, მხოლოდ მაშინ შევძელი მის პირისპირ დადგომა.
მზერა ჯერ კიდევ დაბინდული მქონდა, თუმცა მისი შეშლილი გამომეტყველების შემჩნევა მაინც შესაძლებელი იყო.
-შენ ნორმალური ხარ? -დავუკივლე მაშინვე, თითქოს გული სიხარულისგან საგულიდან ამოხტომას არ ცდილობდა და საშინლად არ მინდოდა, მოვხვეოდი. -ან აქ რა ჯანდაბა გინდა?
-გოგო! შენ... -ისე ხმადაბლა დაიწყო საუბარი, მაგრამ იმხელა ბრაზით ჰქონდა სავსე ხმა, რომ ორი ნაბიჯით უკან დავიხიე. ვერ გავიგე, რამ გააცხარა ასე ძალიან. -შენ მე ჭკუიდან გადამიყვან! ცოტა ხანი ხმა არ ამოიღო, თორემ არ ვიცი, რას გიზამ!
-რა დავაშავე?! მე ვაპირებდი საფრანგეთებში გადაცხოვრებას და მე დაგიმალე?! მისკუზი, მუსიე!
-გოგო! იცი შენ გამო რა გამოვიარე?! იცი?! -შეშლილი სახე ჰქონდა, თვალები ჩაწითლებოდა და აშკარად ვატყობდი, რომ ემოციების კონტროლი უჭირდა. -სად ჯანდაბაში გაქვს ეგ დასაწვავი ტელეფონი? ერთი კვირა გირეკავდით მეც, ანაც, ნინოც, ყველა საერთოდ! მთელი სოფელი შევაწრიალეთ, ჩემი ფეხით ჩამოგაკითხე, სახლში არ იყავი, არც მეზობლებმა იცოდნენ, რა ბედი გეწია! საავადმყოფოში წაგიყვანეს თურმე, რაღაც მომაკვდინებელი სენი გჭირს და არავინ იცის, როგორ დასრულდა შენი ამბავი. ცოცხალი თუ იყავი საერთოდ არ ვიცოდი. რა უპასუხისმგებლოდ იქცევი, გამაგებინე. ორი წლის ბავშვი ხარ? ცუცა ხვდება იმდენს, რომ ახლობლები არ უნდა ანერვიულოს და გააგებინოს სად არის, შენ ვერ იაზრებ მაგდენს? მერე რატი მირეკავს, მგონი ხატია დავინახე ჩემს ბარშიო, მოვდივარ და რას ვხედავ: სცენაზე დგას ქალბატონი და მღერის!
ცოტა ხანი ენაჩავარდნილი ვუყურებდი. კარგად ვცდილობდი გამეაზრებინა, თუ სად ავცდით ერთმანეთს, რომ ორივე ამდენი ხანი ვეძებდით და ვერსად გადავიკვეთეთ.
-ტელეფონი დავკარგე, -დავიწყე ხმადაბლა. გამბედაობა და სალანძღავი სიტყვები ვეღარსად გამოვძებნე. დანაშაულის გრძნობა მახრჩობდა.
-ხო, რა თქმა უნდა, როგორ არ მიკვირს! -ხელები დემონსტრაციულად აღმართა ჰაერში და იქვე სკამზე ჩამოჯდა ქანცგამოცლილი, -შენ გამო მთელი კვირა თამაშები გავუცდინე ნაკრებს.
-ყველგან გეძებეთ, შენც, ანაც, ნინოც... ვერც ერთი გიპოვეთ. სოციალური ქსელიც კი შევქმენი, იქნებ თვითონ რომ მომძებნოს, მიპოვის... იმ შენს ფედერაციაშიც დავრეკე, მაგრამ არ მომცეს ნომერი, ჩემნაირი ათი ათასი ურეკავდათ ალბათ, შენს ფოტოებზე დაწერილი კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, სადაც შვიდასი ქალი მაინც ელოდება შენგან ბავშვს და ერთი მაგდენს კიდე ქმრად უნდიხარ. მერე თამაშებზეც მოვდიოდი, მაგრამ არც იქ იყავი. მეტი რა მექნა?!
-რა გინდოდა საავადმყოფოში? -ოდნავ დამშვიდებული ჩანდა, თუმცა მაინც არ მიყურებდა. -თუ რამე გაწუხებდა, რატომ არ მითხარი...
-როდის უნდა მეთქვა, ისიც კი არ ვიცი, რა ურთიერთობა გვაქვს... -ძალიან მინდოდა მივახლოებოდი, შევხებოდი და დამემშვიდებინა ისიც და საკუთარი თავიც, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა რეაქცია შეიძლება ჰქონოდა... გაბრაზებული იყო ჩემზე და ყველანაირი მიზეზიც ჰქონდა ამისთვის. ეს შემთხვევა სხვებს ხომ არ ჰგავდა, მერე რა, რომ მაშინაც მიბრაზდებოდა და არც თუ ისე უმიზეზოდ?!
-ისეთი არაფერია... -დავამატე ბოლოს ხმა რომ არ გამცა და ოდნავ გადავდგი მისკენ ნაბიჯი.
-რას ეძახი შენ „ისეთ არაფერს“?! -ამომხედა, თვალებიდან სიწითლე კი გადასვლოდა, მაგრამ დაღლა არსად წასულიყო.
-ანემიას... ვმკურნალობ, მართლა. უბრალოდ, მაშინ რა მომივიდა არ ვიცი... მინდოდა, დამერეკა, მაგრამ ზეპირად არ მახსოვდა შენი ნომერი.
-რამდენად სერიოზულია? იცი, რომ ფატალურად შეიძლება დასრულდეს, თუ ყურადღებას არ მიაქცევ? შენ კიდე... ღმერთო! ძიძა შენ უფრო გჭირდება ვიდრე ცუცას, ნიაკოს და ერეკლეს.
-ცოტა რეზისტენტულია. სისტემური მკურნალობაა საჭირო, რასაც ვასრულებ პირნათლად ისედაც. -დასჯილი ბავშვივით ვიდექი მის წინ. საერთოდ არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. -აბა... საფრანგეთიო?... საიდან მოიტანა იმან?
-შემოთავაზება მაქვს, კი, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია.
-უნდა წახვიდე. -მტკიცედ ვუთხარი და არ მჯეროდა, რომ ჩემი პირიდან ამოდიოდა ეს სიტყვები.
-ხო, ალბათ, წავალ.
მის პირდაპირ ჩამოვჯექი სკამზე, თუმცა ცოტნეს აღარ ვუყურებდი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაირკვა მაინც მქონდა სიმძიმის შეგრძნება, საკუთარი სიჩერჩეტით და დანაშაულით რომ იყო გამოწვეული. ბუნებრივი იქნებოდა, თუ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ ენდომებოდა. რა ურთიერთობის, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ადამიანს, რომელსაც ასეთი წარმატებული წარმატებული კარიერა ჰქონდა, გვერდით პასუხისმგებლიანი პარტნიორი სჭირდებოდა.
-რაზე ფიქრობ? -მკითხა, რამდენიმე წუთი ხმა რომ არ ამომიღია. ალბათ უკვირს, როგორ გავძელი ამდენი ხანი სისულელეების წამოყრანტალების გარეშე.
-შენზე. -ვუპასუხე დაუფიქრებლად და თვალი მოვარიდე, ხმაში ჩაღვრილი ცრემლი რომ არ შეემჩნია.
-მერე რა მოიფიქრე?! -ფეხზე წამოდგა და სახე უფრო მეტად მივაბრუნე, შეკავებული ცრემლებისგან მუცელი მეწვოდა, არ მინდოდა ახლოს მოსულიყო და დავენახე.
მერე რა, მთელი ეს დრო მასთან სიახლოვეს თუ ვნატრობდი, თუნდაც ერთი წამით მის დანახვას, მისი კანის შეგრძნებას, მისი სუნის...
-არ შემომხედავ? -ბრაზი და დაღლა შემოცლოდა ხმიდან, ინტერესი და რაღაც უცნაური უღვიოდა... იმდენად ახლოს იყო, მისი სხეულიდან წამოსული სითბოს შეგრძნებაც კი შემეძლო. მისი სურნელიც რომ მეტაკა ცხვირში, უფრო ავღელდი.
უარის ნიშნად გავაქნიე თავი, ხმა რომ ამომეღო, ვიცოდი, გავტყდებოდი.
-კარგი, ნუ შემომხედავ. -მხარზე ფრთხილად ჩამომისვა ხელი, წამოქსუტუნება ვეღარ შევიკავე ამოსუნთქვისას და ტაომ ისე შესამჩნევად დამაყარა სხეულზე, დარწმუნებული ვარ, არ გამოეპარებოდა. მუცელი ტირილის სურვილით და მისი სიახლოვით მეწვოდა. -ტირი?
ისევ თავი გავაქნიე მხოლოდ. არ ვტიროდი. არა. არა. არა. და თუ ვტიროდი, მას არ უნდა ენახა. ალბათ საშინელი სანახავი ვარ ამოწითლებული თვალებით და ისედაც ფერმკრთალი კანით.
-ჩემი ბრალია, მე დაგაბნიე... მთვრალი მოგადექი... ბუნდოვნად მახსოვს რაღაცები, მაგრამ მაინც არ იყო სწორი, არ უნდა ავყოლოდი გრძნობებს.
-სიმთვრალეს ნუ აბრალებ, სიფხიზლეშიც არაერთხელ გითქვამს, რომ ნერვებს გიშლი და შტერი ვარ. -თავი ვეღარ შევიკავე და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვთქვი, რამდენადაც ამის საშუალებას ყელში გაჩხერილი ცრემლები მაძლევდა.
-მაგაზე არ ვამბობ, მთვრალს არ უნდა მეკოცნა, თორემ ნერვებს მართლა მიშლი-ხოლმე. არ მითხრა ახლა, რომ განზრახ არ აკეთებ. გინდა ნერვები მომიშალო და მერე თვალი ჩამიკრა. ხო ასეა?
-ფხიზელმაც მაკოცე. რატომ?
-იმიტომ, რომ საკოცნელი იყავი. თავი ვერ შევიკავე. თან მომენატრე წასული რომ ვიყავი და ნერვებს აღარავინ მიწვალებდა. შენ კიდევ არც გადამკოცნე, არც მომიკითხე... სულ არაფერი. -ისე ხმადაბლა მეუბნებოდა ამ სიტყვებს და ყურთან ისე ახლოს, რომ ხმა ეკარგებოდა სიტყვებს შორის. ჩვენ გარდა მაინც არავინ იყო ვერანდაზე. -თან მე ხომ ისეთი სიმპათიური ვარ, რთულია ჩემ ირგვლივ არ ცხელოდეს.... ჩემი ბრალია გლობალური დათბობაც და ყველა პრობლემა, რაც ტემპერატურის მატებასთანაა დაკასირებული.
ნელა მიმაბრუნა თავისკენ, ცრემლების მოწმენდა ვერ მოვასწარი, მაგრამ აზრი მაინც არ ჰქონდა. ისედაც აშკარა იყო, რომ ცინგლიანი ბავშვივით ვტიროდი. ერთადერთი, რაც შემეძლო თვალების დახრა იყო.
-არ მეტყვი, რა გაწუხებს?! -ისეთი დამტკბარი, თბილი ხმით მითხრა, ცოტაღა მაკლდა მუხლებში გრძნობადაკარგული გზაზე დაგდებული ნაყინივით არ დავმდნარიყავი.
-არ ვიცი... მე საერთოდ არ გიცნობ. შენ თურმე ასეთი წარმატებული ხარ... მე კიდევ... სულ ასეთი რაღაცები მემართება. რომ მცოდნოდა, სულ არ გამოვართმევდი იმ გასაღებს ანას... -ნახევრად ვჯღაოდი უკვე, გული ამომიჯდა. ყველა ემოცია ერთად მომაწვა: ის, რომ ამდენი ხნის მონატრებული როგორც იქნა, ვიპოვე, ისიც რომ ყველაფერი ასე ცუდად დაემთხვა, ისიც, რომ ასეთი საძაგელი ხასიათი მაქვს, და ისიც, რომ საერთოდ არ მაქვს მოდელის ფეხები... კიდევ ათასი მიზეზი მიტრიალებდა თავში, რის გამოც თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
-შენი შემჩნევა მაინც არ გამიჭირდებოდა, -თვითონ აშკარად ეღიმებოდა, თუმცა ცდილობდა თავი შეეკავებინა. -თავზე დამეცემოდი სადმე, თუ გასაღებს მომცემდი, რა მნიშვნელობა აქვს? ნუ ტირი, გთხოვ. მაპატიე, რომ გაგიბრაზდი. პირველი დანახვით მართლა არ შემყვარებიხარ, პირიქით, ცოტა შემეშინდა შენი.
-გიყვარვარ?! -ჩემმა გონებამ მხოლოდ ეს სიტყვა დაიჭირა იმ წამს. მხოლოდ იმ სიტყვამ შემაძლებინა, რომ თვალებში ჩამეხედა, მიუხედავად იმისა, რომ ცრემლებგადაკრული ვერ ვარჩევდი კარგად გამოსახულებას.
-არ ვიცი, იმ გრძნობას რა ჰქვია, მაგრამ ერთ კვირაში იმდენი მოახერხე, რომ დანარჩენი ერთი თვე შენ გარდა სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. ნერვებს მიშლი მაგის გამო. კიდევ იმის გამოც, რომ ასეთი ლამაზი ხარ, ჭკვიანი და გულისხმიერი. შენ არ იცი, ჩემი დისშვილები რა პრეტენზიული ბავშვები არიან, შენ კიდე ცუცას პირველივე დანახვიდან შეუყვარდი. წაკეკლუცება და გაპრანჭვაც ისეთი გამოგდის... ერთდროულად სასაცილო და მიმზიდველიც. მაგის გამოც ნერვებს მიშლი. კიდევ იმის გამო, რომ საოცარი სუნი გაქვს, ლამაზი თმები და იმ ბუმბულებს რომ იმაგრებ, ქათამს რომ საერთოდ არ ემსგავსები და გიხდება, ეგეც ნერვებს მიშლის. იმის გაფიქრებამ, რომ შეიძლება, რამე დაგემართა და მე ვერ დაგეხმარე, ჭკუიდან შემშალა. კიდევ ცოტა ხანი რომ ვერ მეპოვე, აუცილებლად გავაფრენდი. შენ კიდე ჰარი-ჰარალოზე მღეროდი ამ დროს...
-საერთოდ არ ყოფილა ეგრე, -მისმა სიტყვებმა გული ერთიანად დამიმშვიდა და ამიღელვა, თუმცა ისიც ვიგრძენი, რომ საკუთარი თავი დამიბრუნდა. -ეს სიმღერა შენს თავს მახსენებდა და დარდის გაქარვება მინდოდა. ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხანი გეძებე და ვერსად გიპოვე. და ვერ გავიგე, მართლა და მართლა, ნერვებს გიშლი თუ გიყვარვარ?!
-ნერვებს მიშლი, -ღრმა ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და ისე ძლიერად მიმიხუტა, რომ მისი გულისცემა მესმოდა. ცხვირი ჩემს თმაში ჰქონდა ჩარგული და პერიოდულად სადაც კი ტუჩები მიუწვდებოდა, ყველგან მკოცნიდა.
ამდენ სტრესგადატანილი ჩემი საცოდავი სხეული როგორც იქნა სიამოვნებას გრძნობდა. ისე მოვდუნდი, რომ არ წავქცეულიყავი საჯდომი ჩემს ზურგს უკან მდგარ მაგიდას ჩამოვდე.
მისი სურნელი მაგიჟებდა, ასეთი გულაჩქარებული და ამავდროულად მშვიდი ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ. თითქოს სახლისაკენ მივრბოდი, რომელსაც დიდი ხანია ვეძებდი და როგორც იქნა, ვიპოვე.
-ისეთი მჭირდები, როგორიც ხარ... -მოგუდული ხმით ამოილაპარაკა ბოლოს, -არ ვიცი, ეს რა ჯანდაბაა, მაგრამ ახლოს როცა არ ხარ, ვერ ვსუნთქავ.
-იქნებ შენ ტაქიკარდია გაქვს, -ჩავიფხუკუნე, მართლა ვერ ვხვდებოდი, საიდან მქონდა ხუმრობის თავი იმ წამს. -მე ანემია. არაჩვეულებრივი კომბინაციაა.
-მაგაზე არ მეცინება და მე თვითონ მიგიყვან ექიმთან. -ისე მკაცრად მითხრა, აშკარად ვერ ჩაწვდა ჩემი არც თუ ისე ბრწყინვალე ხუმრობის აზრს.
-მენატრებოდი, -არ ვიცი, ასე საწყლად რატომ წარმოვთქვი ეს სიტყვები, მაგრამ სამაგიეროდ, გამბედაობა მაშინ გამოვიჩინე, ყელზე რომ მივაკარი ტუჩები და სველი კოცნა დავუტოვე.
მისი სუნთქვის შეკვრის და აჩქარებული პულსის საკუთარ თუჩებზე გრძნობა საუკეთესო განცდა იყო ბოლო სამი კვირის განმავლობაში.
-შენ ასეთების კეთებას თუ აპირებ, შეიძლება, საერთოდ ვეღარ მოგწყდე.
ჩახლეჩილი ვნებამორეული ხმით დამჩურჩულა ტუჩებთან და როგორც იქნა, მეორედაც მაღირსა ის ბრწყინვალე კოცნა, ოღონდ ამჯერად ხვეწნა არ დასჭირვებია. მე თვითონ შევუცურე თმაში ხელი და ჩემკენ დავქაჩე, რომ რაც შეიძლება ახლოს მეგრძნო მისი სუნთქვა, როცა ჩემს ტუჩებზე მისას ვიგრძნობდი.
მუცელში რაღაცამ მწველად გაიფრთხიალა, თითქოს ჯერ გამსერა, შემდეგ კი ფრთები მაგრად გააფრთხიალა და ხანძარი გააგიზგიზა.


ცოტნეს საფრანგეთში გამგზავრების საკითხზე იმ საღამოს შემდეგ კრინტი აღარ დაძრულა. სიმართლე გითხრათ, ცოტა ხნით აღარ მინდოდა იმაზე დარდი, რომ შეიძლება, კიდევ სადმე ყოფილიყო გასაქცევი და მე ისევ მის გარეშე მომიწევდა დარჩენა.
დიდად რომატიკული იყო ჩვენი ურთიერთობის პირველი რამდენიმე დღე-მეთქი, მაგით ნამდვილად ვერ ვიმეტიჩრებ. მამამისი საავადმყოფოში გამაცნო. ხო, ექიმი ყოფილა და გასასინჯად მიმიყვანა. ვერაფერს იტყვი.
-ასე უნდა ვხვდებოდეთ ერთმანეთს? -საყვედურნარევი ხმით მიმართა თავის ვაჟს გიორგი ექიმმა. შემდეგ კი ჩემზე გადმოიტანა მორიდებაშეპარული, თბილი მზერა. -ონში ვისთან მკურნალობდი?
-რევაზ კიკნაძესთან.
-უი, ვიცნობ რეზოს. ძალიან კარგი ექიმია.
-გეთანხმებით, -გავეღრიჭე მეც, იქნებ როგორმე მორიდებული, ქალური ღიმილიც დამემუღამებინა, დრო იყო უკვე. -აპირებდა ჩემს თბილისში გადმომისამართებას, თუმცა ვერ გამომაგდო...
-ანუ აპირებდა, -ავისმომასწავლებლად გადმომილაპარაკა ჩემ გვერდით სკამზე მჯდომმა უსმა. დარწმუნებული ვიყავი, ქორივით დამაცხრებოდა, მამამისს რომ არ ენიშნებინა „აქ მე ვარ დერეხტურიო“.
-არ გიყვარს თბილისი?
-კი, როგორ არა... -უხერხულად შევიშმუშნე, ნამდვილად არ მსურდა ვინმეს საყვარელი ქალაქისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. ბოლოს და ბოლოს ჩვენი სამშობლოს დედაქალაქზე იყო საუბარი და მე უკიდეგანო პატრიოტი გახლდით. -უბრალოდ, ჩემს სახლში მერჩივნა ყოფნა.
-მართალია... -მითხრა, და შემდეგ კომპიუტერის ეკრანზე რაღაცას მიაშტერდა. -ანალიზები ახალი აღებული კი გავს, მაგრამ მაინც თავიდან გავიაროთ ყველაფერი. რეზოს დანიშნულ მკურნალობას მე თვალდახუჭული ვენდობი, მაგრამ გადავამოწმოთ, რომ ყველაფერი მაინც რიგზეა. ხომ ხარ უზმოზე?
-დიახ.

ექიმის კაბინეტიდან რომ გამოვედით, ფერდში იმხელა ძალით გავუქანე ფრჩხილები ჩემ გვერდით მედიდურად მომავალ ცოტნე ჯაფარიძეს, რომ სულ არ შემეცოდებოდა, თუ დალურჯებას დავუტოვებდი.
-არ უნდა გეთქვა, მამაშენი თუ იყო?! -დავუცაცხანე ხმადაბლა. არ მინდოდა დერეფანში მოხეტიალ მედ-პერსონალს გაეგო, ყველა ისეთი თვალებით გვაკვირდებოდა, აშკარა იყო - ყველამ იცოდა, ვინ ვიყავით. ნუ მე რა, ეს ვაჟბატონი.
-და წამომყვებოდი?!
-ვერ გენდობა ადამიანი!
ანალიზები რომ ავიღე, ამდენი ხნის ნაშიმშილები და სისხლისგან დაცლილი ძილის გარდა სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ცოტნეს მანქანაშიც ლამის სავარძელზევე მიმეძინებოდა, ვიღაცას რომ არ დაერეკა.
-გისმენ, ლევან. არა, ჯერ არა. კი, ამ დღეებში ვეტყვი. ხო, რავი, ვნახოთ.
დაინტერესებულმა დავქაჩე თვალები და კუშტად მომზირალ პროფილზე გაკრეჭილად შევხედე. ის გრძნობა ხომ იცით, როგორია, ადამიანს რომ უყურებთ და ძალიან რომ მოგწონთ როგორიც არის, მაგრამ ბედნიერებას ის რომ განიჭებთ, თქვენი ახლობელი რომაა. მარტო ბედნიერებას ხომ ვერ დავარქმევთ ამ გრძნობას, რაღაც სხვა ჰქვია, მაგრამ იმ წამს არ მქონდა მაგაში გარკვევის დრო.
-ვის რას ეტყვი ამ დღეებში? -ინტერესით დავკუსე თვალები. ისე გადმომხედა გვერდულად, აშკარად ელოდა, რომ მეძინა. ღიმილი ვერ შეიკავა და თავი გააქნია.
-მელოდებიან უკვე საფრანგეთის ამბებზე როდის გავაგებინებ პასუხს. ერთი თვე მქონდა დრო და ვადა იწურება უკვე.
-მერე რას ფიქრობ ამდენს? -დავსერიოზულდი. -რა თქმა უნდა, უნდა დათანხმდე. ასეთი შესაძლებლობები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ციდან ხომ არ ცვივა. რა გაკავებს?
პასუხი არ გაუცია. არ ვიცოდი, არ უნდოდა რომ ეპასუხა, თუ უბრალოდ თავადაც არ იცოდა, რა ეთქვა. მეც მასავით მივაშტერდი გზას.
-არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემ გამო მსგავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ დააყენებ. -ვეღარ მოვითმინე.
-შენ გამო რას ნიშნავს? -მანქანა გზიდან გადააყენა და მკაცრი, დაძაბული მზერა მესროლა.
-რას უნდა ნიშნავდეს - თუ ფიქრობ, რომ აქ შენი მოვლა-პატრონობა მჭირდება და თავს ვერ მივხედავ, ძალიან ცდები. ერთი თვის გაცნობილი ადამიანის გამო ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე უარი არ უნდა თქვა. შეიძლება, საერთოდ სხვა რამე გაწუხებს. ერთმანეთს წესიერად არ ვიცნობთ და შენს ცხოვრებაზე არაფერი ვიცი, შეიძლება მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ, მაგრამ მინდა, რომ ჩემი პოზიცია მაინც იცოდე ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ რამე უნდა გამოგვივიდეს, ისედაც გამოვა, მაგრამ არ მინდა ის ადამიანი ვიყო, ვინც წარმატების მიღწევაში ხელი შეგიშალა.
ცოტა ხანს მოჭუტული თვალებით მიყურა. შეიძლება, ისიც იფიქრა, რომ ვინმეს სული ჩამისახლდა და მე „მე“ არ ვიყავი, ალბათ გონებაში იმაზეც ფიქრობდა, ვინმე ეგზორცისტის ნომერი ხომ არ მოეპოვებოდა, რა ვიცი... გაუგებარი იყო მის თვალებში ამღვრეული ემოციები.
-მოდი ჩემთან.
საერთოდ არ მინდოდა ჩემს სხეულზე დავლილი ჟრუანტელი ეგრძნო, მაგრამ მოშიშვლებულ ტაოდაყრილ მხრებზე ისეთმა ნასიამოვნებმა მომავლო თვალი, აშკარა იყო ყველაფერს მიხვდა. მიხვდა, რომ ამ ორმა სიტყვამ გული ისე ამიფრიალა, სადაც იყო ყელში ამომიჯდებოდა, მუხლებში ძალა წამერთვა და ცოტა ხანს დაბნეულიც კი მივშტერებოდი. მუცელს რაღაც აუტანლად მიწვავდა.
დიდ ხანს აღარ დამლოდებია, თავად გადმოიხარა ჩემკენ და კალთაში ჩამისვა. ცალი ხელი მაისურის ქვეშ შიშველ კანზე შემიცურა, მეორით ნაწნავი დამიშალა და თმისამაგრი სადღაც გადააგდო. ვერ ვხვდებოდი, რას ერჩოდა ჩემს ნაწნავებს! ძაბვამ გამიარა მთელს სხეულში, საჯდომით მის ბარძაყებს ვგრძნობდი, ხელებით მის მკერდს და ფილტვებიც მისი სურნელით მეწვოდა. ისე ახლოს იყო, მთელი ჩემი სხეული პულსირებდა.
-რამსიგრძე კაბები გაცვია, -უკმაყოფილომ ძლივს მოძებნა კაბის ბოლო და წელიდან ამჯერად ფეხზე ამისრიალა გავარვარებული ხელები თეძომდე. კიდევ ორი სანტიმეტრიც და ტრუსამდეც მიაღწევდა ალბათ, მაგრამ გაშეშებულს არაფრის ძალა შემწევდა. ვხვდებოდი, რომ ვინ იცის რამდენხნიანი განშორების წინ იქნებ ეს ერთადერთი მომენტიც კი ყოფილიყო, როცა ასე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან.
-მე რომ წავალ, თუ გინდა ჩემს სახლში დარჩი... ასე ვიფიქრებ, რომ ჩემთან ხარ. -ცხვირი ჩემს თმაში ჩაერგო და საუბრის დროს ტუჩებით ოდნავ მეზებოდა თავზე. ცოტაც და ტვინიც გადამეწვებოდა.
-შენებთან უხერხულია... ჯერ არც მიცნობენ, არ მინდა იფიქრონ, რომ შენი საყვარელი ვარ ან რამე...
ზოგადად, დიდად არ მაწუხებდა გარშემომყოფების აზრი ჩემს ქმედებებსა და ცხოვრებაზე, ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ჩვენია და არა მეზობლების ენების და თვალების. თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს შემთხვევა ნამდვილად არ ჰგავს მეზობლების აზრების ფეხებზე დაკიდებას. საქმე მის ოჯახს ეხებოდა, თუ მართლა მჭიდროდ დაკავშირდებოდა ჩვენი ბედი, მათი აზრი ჩემთვის, ცხადია, მნიშვნელოვანი იქნებოდა და რატომ უნდა შეემქნათ ჩემზე თავიდანვე არასწორი წარმოდგენა?!
-გაგაცნობ.
-კარგი, ახლა მომაშორე ეგ ხელები, თორემ ვიგუდები.
-ანუ თანახმა ხარ? -თავი ოდნავ უკან გადაწია, თვალებში რომ ჩაეხედა კარგად. ხელები ერთი წამითაც არ გაუჩერებია, პირიქით, ბარძაყზე ისე მომიჭირა, ადგილზე შევხტი.
-თუ ისე მოაგვარებ, რომ თანახმა ვიყო... -გავინაზე და თვალები ავაფახულე.
-გადახტი დროზე, თორე მე ვიცი, როგორც უნდა მოგვარება... -სასწრაფოდ წამოვხტი მისი კალთიდან, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ გრაციოზულად გადავბობღდი ჩემს ადგილას, ძალიანაც ცდებით.
არ ვიცი, რამ მაფიქრებინა, რომ ხელებით გადასვლა და საჯდომის ჰაერში აფრიალება კარგი იდეა იყო, მაგრამ აშკარად, ისეთ პოზაში დავრჩი გაჭედილი ცოტნესა და ჩემს სავარძელს შორის, რომ ბატონ უსს არაჩვეულებრივი ხედი ეშლებოდა წინ ჩემი დუნდულების სახით.
-კარი გამიღე და ისე გადავალ. -ამოვიკნავლე, როცა მივხვდი, რომ ვერანაირად ვერ დავიხსნიდი თავს ამ მდგომარეობიდან მისთვის ფეხების სახეზე შემოწყობის გარეშე.
-თუ გინდა, ასე იყავი, მე არ მაქვს პრობლემა. -საჯდომზე ისე მომიტყაპუნა ხელი, თითქოს ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
-იცოდე ვიკივლებ.
კარი გამიღო და როგორც იქნა გადავბობღდი მისი კალთიდან. თვითონ გაკრეჭილი მაკვირდებოდა, როგორ ვუვლიდი მანქანას წრეს გაწიწმატებული სახით, თმაგაბურძგნული და გვერდზემ მოქცეული მაისურის გასწორებას ვცდილობდი.


შეყვარებულის ოჯახს პირველად ვხვდებოდი. ერთად. კიდევ კარგი, ახლა მაინც გამაფრთხილა და პირდაპირ არ მიმაქანა ყველანაირი ცერემონიების გარეშე. ლიკამ თავისი „ნორმალური“ შარვალი და მაისური ჩამაცვა. არ ვიცოდი, ჩემს ტანსაცმელს „ციგნის ჭინჭებს“ რატომ ეძახდა, მაგრამ ტანზე მომდგარი მუქი ჯინსი და თეთრი კლასიკური ზედა მართლა მომიხდა. მაკიაჟი მე თვითონ გავიკეთე, ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული, გარდაუვალი ლოყების სიწითლე რომ დამეფარა.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ძლივს ჩავკაკუნდი კიბეებთან და ჩემი სატრფო ისე ჩვეულებრივ ფორმაში დამხვდა, ლამის უკან ავბრუნდი გამოსაცვლელად.
-არ უნდა გავპრანჭულიყავი? -ვკითხე შეწუხებულმა, წელზე ხელი რომ მომხვია და გულზე მიმიხუტა. ღმერთო, ახლა სული დამეხუთებოდა ისეთი კარგი სუნი ასდიოდა.
-ჩემებთან კი არა პირდაპირ ჩემთან წაგიყვან, თან ამ შარვლით.... -ვნებამორეული ხმით ჩაილაპარაკა ჩემს კისერთან და ცალი ხელი საჯდომისკენ გააპარა.
-ჭკვიანად! -სწრაფად ჩავაფრინდი ხელში, ლოყაზე ვაკოცე და მანამ ჩავხტი მანქანაში, სანამ რამის თქმას მოასწრებდა.
ისეთი დაბინდული თვალებით მომჩერებოდა, ღმერთმა უწყის, რა უტრიალებდა იმ ლამაზ თავში.

მიუხედავად იმისა, რომ ნინოს, ანასა და მამამისს ვიცნობდი, მაინც საშინლად ვღელავდი. ლამის დამამშვიდებლის დალევა დამჭირდა, მუცელი ისე ამტკივდა ნერვიულობისგან. ბოლოს და ბოლოს, დედამისი უნდა გამეცნო და ბიჭის დედასთან შეხვედრა შეყვარებულის სტატუსით ნამდვილად არ იყო ხელწამოსაკრავი ამბავი.
-შენი ნერვიულობის ხმა მესმის უკვე, დამშვიდდი. -ჩაეცინა ჩემს აღელვებულ სახეს რომ გადმოხედა.
-რომ არ მოვეწონო? არ უნდა ჩამეცვა ეს შარვალი... მართლა ზედმეტად სექსუალურია?!
-ზედმეტად სექსუალური მარტო შიშველი ხარ, -თვალი ჩამიკრა, ნაგლად მეთამაშებოდა.
-ღმერთო, გაჩუმდი! საერთოდ ვერ მამშვიდებ! -შევიკვლე და ლოყებზე გაყინული ხელები მივიდე, რომ როგორმე დავწყნარებულიყავი.

ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობდნენ ცოტნეს მშობლები და ნინო. კარი როგორც კი გააღო, მაშინვე პატარა ცუცა გამოვარდა ხელებგაშლილი „ხატო-ხატოს“ ძახილით. ღმერთო, არც კი ვიცოდი, რომ ასე ძალიან შემეძლო ამ პატარა ადამიანების მონატრება. ბიძამისს ისე აუარა გვერდი, თითქოს ცარიელი ადგილი ყოფილიყოს და პირდაპირ კისერზე შემომაფრინდა. დანარჩენი ორი ფეხებზე მეხვეოდა და ფაქტობრივად ვერ ვმოძრაობდი.
აშკარად ეტყობოდათ გიორგის და ლანას, ცოტნეს დედას, რომ არ ელოდნენ ბავშვებისგან ამხელა სითბოს თუ მივიღებდი. ნიაკო და ერეკლე სულ ძალით მომაწიწკენს, ცუცა კი არაფრის დიდებით მშორდებოდა, გაბმით ტიტინებდა ბაღის ამბებს და თან მომახსენა, რომ ყველას მოუყვა ჩემი ამბები.
ნამდვილად არ ვიცი, ვის რა წარმოდგენა დარჩა ჩემზე მის ბაღში, მაგრამ იმედი მქონდა გიორგიმ და ლანამ არაფერი იცონდნენ და ვერც ვერასდროს გაიგებდნენ.
ყველა თბილად შემხვდა, თითქოს პირველად არ ვიყავი მათთან და მეც ნერვიულობა მაშინვე მომეხსნა გულიდან. მშვიდად ვპასუხობდი ჩემს გასაცნობად დასმულ ათას შეკითხვას და მიხაროდა, ამ ადამიანების ახლოს გაცნობის საშუალება რომ მომეცა.
ცოტნე ნიცაში ორ დღეში მიდიოდა. მე ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი, რა უნდა მექნა. თვითონ აღარ უხსენებია შეთავაზება, ეტყობა, არ უნდოდა დაეძალებინა და დამოუკიდებლად მიმეღო გადაწყვეტილება. მართალია, ლიკასთან იმდენ ხანს შემეძლო გაჩერება, რამდენიც მინდოდა, მაგრამ ნამდვილად არ ჰქონდა იმხელა სივრცე სახლში, რომ ოთხი ადამიანი დატეულიყო.
-საფრანგეთში არ მიყვები ცოტნეს? -ისე უშუალოდ მკითხა ლანამ, გამიკვირდა.
-არა... -დაბნეულმა ვუპასუხე, თვალებით მის სანაქებო ვაჟს ვეძებდი, რომ როგორმე მოსულიყო და დამხმარებოდა, თუმცა არსად ჩანდა. -ჯერ ახლა დავიწყე მუშაობა აქ, თან ვმკურნალობ და მგონი, ასე ჯობია.
-მართალია, შენ კარიერასაც უნდა მიხედო. შენი საქმე რომ გაქვს, სულ სხვაა. მე კი არაფერი მაკლია, არც გვიჭირს, რომ ოჯახს ჩემი ფინანსური დახმარება დასჭირდეს, მაგრამ ახლა გული ძალიან მწყდება, ჩემი საქმე რომ არ გავიჩინე, როცა ახალგაზრდა ვიყავი. -დანანებით ჩაილაპარაკა ლანამ.
ნინო და ანა ეშმაკური თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს და ჩუმად მიკრავდნენ თვალებს, დედამისს რომ არ დაენახა.
-რატომ, დედიკო? აი, ცოტნეს შვილები რომ ეყოლება, მერე სულ არ მოგინდება მათთან ყოფნის გარდა სხვა საქმე რომ გქონდეს... -ლოყები დაუკოცნა ნინომ. მისი შემშურდებოდა, დედასთან ასეთი კარგი ურთიერთობა რომ ჰქონდა, ჩემს პოტენციურ შვილებზე რომ არ ჩამოეგდო საუბარი.
-გოგო, შენ მეტი საქმე არ გაქვს?! -აი, მოვიდა ჩემი მხსნელი. გვერდით მომიჯდა და სავარძლის საზურგეს ხელი გადაადო.
-რატომ არ მიგყავს ხატია ნიცაში? -დაეჭყანა ძმას. მე კიდევ ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ სახეზე მაკიაჟი მესვა და ალავარდნილი ლოყების დანახვა არავის შეეძლო.
-ხატიას თავისი საქმე აქვს აქ, რომელშიც შენ ცხვირი არ უნდა ჩაყო.
-შენ იდარდე, თორემ მე როცა მომინდება, მაშინ ვნახავ! -ენა გადმოუყო ძმას ნინომ და გვერდით მომისკუპდა. -ხო ასეა?!

კარგი საღამო გამოდგა. სულ ტყუილად ვინერვიულე, მაგრამ რომ არ მენერვიულა, შეუძლებელი იყო. ჩემს მშობლებზე კრინტი არავის დაუძრავს, არც ოჯახზე. როგორც მივხვდი, გაფრთხილებული ჰყავდა ცოტნეს ყველა და არავის უნდოდა ამ მტკივნეულ თემას შეხებოდა.
-ჰა, რა გადაწყვიტე? გამოგითავისუფლო ადგილი კარადაში? -წარბები აწკიპა, როცა ლიკას კორპუსთან მიაყენა მანქანა.
-ბევრი ტანსაცმელი არ მაქვს... -მხრები ავიჩეჩე მე.

***
ცოტნეს ბინას მარტივად შევეჩვიე. იმ დღეს გადავედი, როცა თვითონ საფრანგეთში გაემგზავრა. წასვლამდე ერთი უხერხულად გადავკოცნე მისი ოჯახის წინაშე და სწრაფად უკან გავდექი. მითხრა, რომ ერთ თვეში ჩამოვიდოდა, მანამდე როცა შეეძლებოდა, ყოველთვის დამირეკავდა და ა.შ მოკლედ, მაქსიმალურად ცდილობდა დაძაბულობა გაექრო. თუმცა როგორ? ურთიერთობას ვიწყებდით თუ არა, ხან ერთი ვიკარგებოდით და ხან მეორე. ნივთების ამოლაგებაში ნინო და ლანა დამეხმარნენ, ბევრი ვილაპარაკეთ და ვიჭორავეთ, მათი კმაყოფილი გამომეტყველებით ვხვდებოდი, რომ ჩემთან ურთიერთობა თავადაც არანაკლებ სიამოვნებდათ და არც ჩემი ცოტნეს სახლში გადაცხოვრება წარმოადგენდა პრობლემას.
ლიკა, ტასო და მაკა მაშინვე მოვარდნენ, ნინოს და ლანას გავაცანი, მოკლედ პირველ დღეს იმაზე საფიქრალად დროც არ მქონდა, რომ ცოტნეს გარეშე ვცხოვრობდი მის სახლში. თვალი კი გამალებით ტელეფონისკენ გამირბოდა და შეტყობინებას ველოდი, როდის გამაგებინებდა ვაჟბატონი თავის ამბავს.
საღამოხანს, ყველა რომ გავაცილე, ზუსტად მაშინ დამირეკა. წამში ვუპასუხე.
-ჩახვედი? როგორ მოგწონს? ცუდი ამინდია მანდ? სასტუმრო როგორია? კრუასანი ჭამე უკვე? -სუნთქვა შემეკრა ისე სწრაფად მივაყარე კითხვები. თვითონ საწოლზე მივარდნილიყო და დაღლილ-დაქანცულს ნახევრად ეძინა, თუმცა მაინც ყურებამდე იღიმოდა.
-კამერა ჩართე.
-უი, -ვერც კი გავიაზრე, რომ გამორთული მქონდა, იმდენად ვიყავი მისი ყურებით გართული, -პაპარაცები დაგხვდნენ?!
-ამდენი კითხვა საიდან მოგაფიქრდა, ნეტა ვიცოდე რა. როგორ შეეგუე? ნინომ ტვინი ხო არ გაგიბურღა.
-არა, დამეხმარნენ დალაგებაში. ახლახანს წავიდნენ. დღეს რა გეგმები გაქვს?
-გუნდს უნდა შევხვდე. დოკუმენტაცია გვაქვს მოსაწესრიგებელი, ვარჯიში ხვალიდან იწყება.

პირველი ერთი კვირა ახალმა სამსახურმა და მეგობრებმა გადამატანინა. ხან ბავშვებს ვაკითხავდი ბაღსა და სკოლაში, რომ როგორმე დაკავებული ვყოფილიყავი და ცოტნეს ზარის მოლოდინში სული არ დამელია. საღამოობით თუ ვახერხებდი ხოლმე დარეკვას, ან უბრალო შეტყობინებების გაგზავნას, სხვა დროს სულ მუშაობდა, ან შეხვედრებზე იყო, ან მატჩი ქონდა, ან პრესკონფერენცია. მოკლედ, ძალიან დაკავებული იყო და მეც ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენოდი.
სახლში მარტო ყოფნას მიჩვეული ვიყავი, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ აქ ჩემთან ერთად ისიც უნდა ყოფილიყო, ყველაფერს ართულებდა. ყველაფერს მისი სუნი ჰქონდა, რომ ვფიქრობდი, რომ აქ იწვა, ამ ჭიქიდან სვამდა წყალს, აქ ეძინა და იღვიძებდა, აქ ბანაობდა, საერთოდ მიკვირდა, როგორ შემეძლო ამდენ რამეს გადასწვდომოდა ჩემი გული და გონება. საღამოობით ბალიშზე ჩახუტებულმა ტირილიც კი დავიწყე პატარა დეპრესიონერა გოგოსავით, გული ყელში რომ ამომიჯდებოდა და საშინლად მინდოდა მისთვის დამერეკა, მისი ხმა გამეგო. ყოველთვის რეკავდა. როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო, აქტიურად ცდილობდა ჩემი ამბავი მოეკითხა.
სამი კვირა ისე გავიდა, თავი სიზმარში მეგონა, რეალობის ძირითადი ნაწილი კი ჩემი წარმოსახვის ნაწილი. იმ საღამოსაც დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში. ერთი სული მქონდა, საწოლში მივგდებულიყავი და ტირილი დამეწყო. შუქი არც კი ამინთია, ისე წავბარბაცდი საძინებლამდე და საწოლში ხელებგაშლილი გადავეშვი.
ჩემი ზედ დანარცხება და ვიღაცის წამოყვირება ერთი იყო, რომ კივილით წამოვვარდნილიყავი ფეხზე.
კიდევ კარგი, ლოგინზე გაგნაწულმა არსებამ სისხარტე გამოიჩინა და სწრაფად დამიჭირა, რომ არ გადავვარდნილიყავი, თორემ აუცილებლად ქვედა მეზობელთან მოვადენდი ბგარვანს.
რამდენიმე წამში გავიაზრე, რომ ნაცნობი სუნით იყო სავსე მთელი ოთახი და ახლოს კი არ ვიყავი მასთან, პირდაპირ ზედ გავწოლოდი. ლოყით მოხშირებულ წვერზე ვეხებოდი და ყურთან მცემდა მისი თბილი, მონატრებული სუნთქვა.
-ვერაფერს იტყვი, ტრიუმფალური დახვედრაა. -ღიმილშეპარული ხმით მომახსენა და ყელში სველი კოცნა დამიტოვა. მთელი სხეული დამეჭიმა, ასე მეგონა, ჩემი გულის ცემის ხმა ესმოდა.
-აბა, ჯერ ვერ ჩამოვალო?! -ავხვანცალდი, თუმცა არ დამაცადა. თავის ქვეშ მომიქცია და მთელი სხეულით დამაწვა, რომ ვერ გავრყეულიყავი.
-მე კიდე მეგონა, მოგენატრე. -სახე ზედმეტად ახლოს ჰქონდა.
-მომენატრე. -მე თვითონაც არ ვიცი, რატომ გამიტყდა ხმა და საიდან გაჩნდნენ ცრემლები ისე უცებ ჩემს თვალებზე, ან საერთოდ რატომ ჰქონდა ამ ადამიანს ჩემზე ხახვის ეფექტი, რაც მას ეხებოდა ყოველთვის ყველაფერზე რომ მეტირებოდა. გაუაზრებლად მოვხვიე კისერზე ორივე ხელი და უფრო მეტად მივეკარი.
-შენებმა არ იციან?! -ამოვილაპარაკე მოგუდულმა, არ მინდოდა ვინმე მოსულიყო და ეს ნეტარება შეწყვეტილიყო.
-არა, ხვალ ვუთხრათ.
-მარტო მე ვიცი?
-ხო. -არ ვიცი რა აცინებდა, ასე მეტყობოდა, რომ მიხაროდა მარტო მე რომ ვიცოდი რაღაცები და არავინ სხვამ? რაღაცები მარტო ჩვენ რომ გვეხებოდა და არავის სხვას?
ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქზე ბუნდოვნად ვხედავდი მის ამღვრეულ თვალებს. ახლა გულის თქმას რომ ავყოლოდი, არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, მაგრამ აღარც წინააღმდეგობის გაწევა მინდოდა, მონატრებას ყველა შეგრძნება გაემძაფრებინა.
თან თითქოს თვითონაც მე მელოდა, ჩემგან უნდოდა პირველი ნაბიჯი...
ბევრი აღარ მიფიქრია, ფრთხილად შევეხე მონატრებულ ტუჩებზე, საკოცნელად რომ გაემზადებინა უკვე და ისეთი მონდომებით დამაცხრა, აშკარად ძლივს იკავებდა აქამდე თავს.
-მაგიჟებ, -ამოიგმინა, ყურს უკან რომ ავუსრიალე ტუჩები ჩემი სუნთქვის ხმა თავადაც რომ გაეგო, რომ სცოდნოდა რა შეუძლია მაგრძნობინოს მის ერთ შეხებას, ერთ კოცნას...
ამჯერად გააზრებულად ვმოქმედებდი. მინდოდა ჩემზე ყველაფერი სცოდნოდა, მინდოდა გავეცანი და ისეთი ვყვარებოდი, როგორიც სინამდვილეში ვარ იმის მიუხედავად, რომ ნიღაბი სახეზე არასოდეს მკეთებია.
მაისურის ბოლოებში ჩავავლე ხელები უფრო ახლოს რომ მეგრძნო მისი სხეულის სითბო, აღარაფერი რომ აღარ დარჩენილიყო ჩვენ შორის, არც მანძილი, არც ტანსაცმელი, არც დრო... ოდნავ წამომჯდარს თან მივყევი, წამით მაინც რომ არ მოვშორებულიყავი და თავით ჩემკენ დავქაჩე, კოცნა რომ არ გამეწყვიტა. ორივე ხელი თეძოებში ჩამავლო და მეც მაშინვე შემოვეხვიე წელზე ფეხებით. მაისური ბიუსჰალტერიანად გადამაძრო და ხელი მოშიშვლებულ მკერდზე რომ გადამატარა, ოხვრა ვეღარ შევიკავე.
მისი შეხების ყოველი წერტილი მეწვოდა, ყველა კოცნა შანთივით მედებოდა კანზე, მაგრამ მუცელში გაჩაღებულ ცეცხლწაკიდებული პეპლების ფრთების ფრთხიალს ვერც ერთი მათგანი შეედრებოდა.
ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე, თვალის გახელიდან დახუჭვამდე, ერთი წამის გასვლიდან მეორეს მოსვლამდე... ნებისმიერ სიცარიელეს ამოავსებდა ის მწველი კმაყოფილების, სურვილის, ვნების შეგრძნება. მის თითოეულ ამოსუნთქვას, გამოხედვას, შეხებას, ყველაფერს ეტყობოდა, რომ ერთმანეთისთვის გამოცხადებულმა უპირობო ნდობამ გაამართლა.
-დაბადების დღეს გილოცავ, -მითხრა ძალიან ხმადაბლა, როცა ნახევრად მიმძინებოდა მის სხეულზე მიკუნტულს.
-საერთოდ აღარ მახსოვდა... -ამოვიბურტყუნე და სახესა და გულში ბედნიერების ღიმილმა გადამირბინა სახეზე.
ჩემ გამო ჩამოვიდა.

ჩვენი სიახლოვის სიხშირეებს შორის ექვსი თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. სამ კვირაში ერთხელ, ზოგერჯ ერთ თვეში მაინც, ახერხებდა ჩამოსულიყო და სამი-ოთხი დღე ერთად გაგვეტარებინა. ვერ გეტყვით, რომ დანაკლისის შეგრძნება არ მქონდა, თუმცა ყველაფერი უკეთესობისკენ მიიწევდა. მისი გუნდი წარმატებით ასპარეზობდა ჩემპიონატზე, ყველა ამაყობდა მისით, მე კი განსაკუთრებულად, თანაც მოგეხსენებათ, მატრაკვეცობა როგორ მიყვარს.

იმ დილას საშინელმა გულისრევის შეგრძნებამ გამაღვიძა. წამოვდექი თუ არა, თავბრუ დამესხა და ძლივს მივასწარი საპირფარეშომდე, რომ ირგვლივ ყველაფერი არ გამენადგურებინა. იმდენად მკაცრად და ჯანსაღად ვიკვებებოდი ამ დროის განმავლობაში, მიკვირდა, რას უნდა მოვეწამლე და მივეყვანე ამ მდგომარეობამდე, რომ ლამის კუჭის წვენიც ამოვიღე.
სასწრაფოდ ლიკას და ანას დავურეკე. ნამდვილად არ მინდოდა კიდევ გაუარესებულიყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ძლივს მოვძლიერდი და უკეთ ვგრძნობდი თავს. საშინლად შემეშინდა, არ მინდოდა ყველაფერი გაფუჭებულიყო ისევ.
ანა და ლიკა თითქმის ერთდროულად მოვარდნენ ნინოსთან ერთად. მაშინვე სიცხე გამიზომეს, თუმცა გულისრევისა და თავბრუსხვევის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი... და კიდევ, თითქოს რაღაც მყრალის სუნს...
-სუნი თქვენც გცემთ? -ცხვირ-პირზე ხელი ავიფარე, რომ როგორმე ის აყროლებული კვერცხის სუნი არ შემესუნთქა.
-რა სუნი? -თაგვივით გააცმაცუნა ცხვირი ნინომ, -მშვენიერი ლავანდის სუნია სახლში, რომელი დამატენიანებელი გაქვს ნაყიდი?
-რა ლავანდა, ნინო, კვერცხის სუნია... -არ ვიცოდი, რა ჯანდაბა დამრჩენოდა ამ კუჭში, ასე ძალიან რომ მინდოდა ღებინება.
ერთი თმას მიჭერდა უნიტაზზე დამხობილს, მეორე წყალს მაწვდიდა, მესამე უბრალოდ ჩემთან ერთად აპირებდა მგონი ღებინებას.
ყველა ფანჯარა გამოვაღებინე ანას და პირბადე ავიფარე, რომ ეს საზიზღრობა აღარ მეგრძნო.
-ხატია... ორსულად ხომ არ ხარ? -მოჭუტული თვალებით შემომაპარა ლიკამ.
-მოვიწამლე, ალბათ, რა ორსულად?! -სერიოზულად არც კი მიმიღია მისი სიტყვები.
-მაინც გაიკეთე ტესტი, -დაეთანხმა ანაც. -წადი, ნინო, ორი ცალი მოიტანე.
საპირფარეშოს მაგიდაზე ოთხივე ჩამწკრივებული დავჩერებოდით ორი ორსულობის ტესტს, ნელ-ნელა ჯერ ერთი წითელი ხაზი რომ დააჩნდა, მერე მკრთალად, თუმცა - მეორეც.
გაოცებულმა ვიტკუცე პირზე ხელები და გოგოებს გადავხედე, რომლებმაც არ იცოდნენ, რა რეაქცია უნდა ჰქონოდათ და ჩემს გამომეტყველებას ელოდნენ.
თვალებთან იმდენად ახლოს მივიტანე ტესტის ჩხირი, მხედველობა დამებურა. აშკარად ორივე დადებითი იყო.
-ვაიმე?! -ამოვილაპარაკე გაოცებულმა და თვალიდან ცრემლის კურცხალი გადმომიგორდა, მერე გამეღიმა....

ცოტნე, მე მგონი, ყველაზე ბოლოს გაიგებდა ამ სიახლეს. ლანას და გიორგის სახლში გასუსული ველოდი, როდის დარეკავდა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ქონდა მის გუნდს. ჩემპიონატი სრულდებოდა და აუცილებელი იყო, რომ მისი გონება სხვა არაფერზე გადართულიყო. მერე ცოტა ხნით ფანჯარა გაეხსნებოდა ისედაც და ჩამოსვლას შეძლებდა. ლანაც ჩემსავით ხმაჩავარდნილი დასჩერებოდა ტელეფონს. რომ აზუზუნდა, ორივენი ადგილზე შევხტით.
ხელის კანკალით გადავუსვი ეკრანს თითი და მაშინვე ცოტნეს გაღრეჭილი სახე გამოჩნდა.
-რა დღესასწაულია, ერთად რომ შეიყარეთ? -ჯერ დედამისს მოავლო თვალი, მერე მე.
-მე დაგტოვებთ, -წარბები აათამაშა ლანამ და ოთახიდან გავიდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველაფრის მოსმენა ძალიან უნდოდა.
-რა ხდება? -სახე დაუსერიოზულდა, -კარგად ხარ? რატომ არ ხარ ამ დროს სამსახურში?
-ცუდი არაფერი... -თვალები ოთახს მოვავლე, თითქოს, რომელიმე კედელზე ეწერებოდა, რა უნდა მეთქვა და როგორ. -როდის ჩამოხვალ?
-ხატია, მაშინებ, ხომ ხვდები?! ცუდად ხარ?
-არა, კარგად ვარ, მართლა.... -საშინლად არ მინდოდა ტელეფონით გაეგო ეს ამბავი, მითუმეტეს მაშინ, როცა მთელმა ოჯახმა იცოდა უკვე. -უბრალოდ, არ მინდოდა ასე გაგეგო... მე თვითონაც დღეს გავიგე, დილით ცუდად გავხდი და მერე ანამ ტესტი გამაკეთებინა და ორსულად ვარ...
თვალები ცრემლებით მქონდა სავსე და კარგად ვერ ვარჩევდი მის სახეს, თუმცა გავიგონე ღრმად როგორ ამოიოხრა, შვებისგან და განერვიულებულმა თმაში ხელი შეიცურა. მოზრდოდა, ბოლოს რომ ვნახე, შუბლზე ასე არ ეყრებოდა...
-ჯერ ექიმთან არ ვყოფილვარ, გიორგის ველოდები... -განვაგრძე ისევ, თუმცა ხმა გამტყდომოდა და მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რა მატირებდა.
-მალე ჩამოვალ, მიყვარხარ.
აკანკალებული, შვების სუნთქვა ამოვუშვი. ლანა ჩუმად მეფერებოდა თმებზე.
„მალე“ ასე მალე თუ იქნებოდა, არ მიფიქრია. სახლში არ გამიშვეს იმ ღამით გიორგიმ და ლანამ, დაიჩემეს, რამე რომ დაგჭირდეს, ჩვენთან იყავიო.
დილაადრიან, როცა მე ჯერ კიდევ მეძინა, კარზე ბრახუნის ხმა გავიგე. არ ავმდგარვარ, ვიცოდი, ჩემთან არავინ იქნებოდა, ამიტომ კარი ლანამ გააღო. საუბროს ხმა დაგუდულად აღწევდა ოთახში, მე კიდევ ისე ღრმად მეძინა, არც გამიგია, როგორ შემოაღეს ფრთხილად ოთახის კარი.
მერე მეორე მხარეს საწოლი ჩაიზნიქა და ვიღაც ზურგზე რომ მომეხუტა, მხოლოდ მაშინ დავქაჩე თვალები.
-ჰა, გოგოა თუ ბიჭი? -ამოიბურტყუნა ჩემს თმებში ცოტნემ.
-ჯერ არ ვიცი... ასე უცებ როგორ ჩამოხვედი?!
-ჩამოვფრინდი... ვიღაც ქალს გადავუცვალე ბილეთი, იმდენი ვეხვეწე, მეთქი ჩემი ცოლი მშობიარობს...
-მოატყუე?
-არა რატომ, ხომ იმშობიარებ? დრო არ დამიზუსტებია...

ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრი ნიცაში გავატარე ცოტნესთან ერთად. ბოლოს, გადაადგილება რომ აღარ შემეძლო და მხოლოდ ცოტნე ვეღარ აუდიოდა ჩემ-მოვლა პატრონობას, ნაკრებში დაბრუნებაც შემოსთავაზეს. რაც ნიცაში გადავიდა, სულ უკან და უკან მიდიოდა ამათი რეიტინგიც, გუნდიც დემოტივირებულია შენ გარეშე და ხელფასს გაგიორმაგებთ, ოღონდ დაგვიბრუნდიო. პირადად მე არ ჩავრეულვარ მის გადაწყვეტილებაში, თუმცა თავად მაშინვე დათანხმდა.
სანამ „ჭირი იქა, ლხინი აქას“ ვიტყვი, მინდა გითხრათ, რომ ბავშვი კი არა დევკაცი გავაჩინე. ჩემი წივილ-კივილი მთელს საავადმყოფოს ესმოდა, ისე მაგრად მქონდა ჩაჭიდული ხელი სახეზე ფერწასული ცოტნესთვის, რომელსაც დარწმუნებული ვარ აქედან გაქცევა უნდოდა, რომ ლამის სახსრები დავუმტვრიე.
ცოტა ხანში ჩემი ხმა ბავშვის ღრიალმა გადაფარა, გარედან მეგობრების მთელი ბატალიონის ჟივილ-ხივილი მოისმოდა. მე აღარაფრის თავი მქონდა, სიხარულის, დაღლის და ბედნიერების ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა თვალებიდან.
ამ ამბის დასაწყისში გაჩენილი შეგრძნება კი სხეულს ერთი წამითაც არ მიტოვებდა. ახლა ყოველთვის სჯობს მერეს... ადრე არასდროსაა, გვიანი ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს...
ჩემს ბედნიერებით სავსე მუცელში პეპლები იწვოდნენ.
***************************
ეს ისტორია პირველ რიგში საკუთარი ძალების მოსაკრებად, დასასვენებლად და გასართობად დავწერე. თავდაპირველად საერთოდ არ მქონდა განზრახული ამხელა და ასეთი გამოსულიყო, თუმცა წერის ნაკადმა ბოლოს აქამდე მიმიყვანა. იმედი მაქვს, გაგართობთ, გაგაღიმებთ და დაძაბული ცხოვრების რიტმიდან ცოტა ხნით თქვენც ჩემსავით ამოგაგდებთ.
პატივისცემით :)



№1 სტუმარი მე❤

ძალიან საყვარელი,სასიამოვნო და ადამიანური ისტორია❤❤

 


№2 სტუმარი Ana-maria

ყველა ემოცია იყო ამ თბილ, ტკბილ,სიყვარულით და იუმორით სავსე ისტორიაში. კითხვისას ღიმილი არ მომშორებია სახიდან,ვიხარხარე კიდეც. ძალიან კარგი იყო ხათაბალა ხატიას და უჟმური ცოტნეს სიყვარულის ისტორია.რა თქმა უნდა იმ საოცარი სამი პატარის დავიწყებაც შეუძლებელია. ავტორს მადლობა ამდენი დადებითი ემოციისთვის. წარმატებები და ველი ახალ ისტორიებს ❤❤❤❤

 


№3 სტუმარი One

Ra kargi iyo❤️
Dzalian visiamovne)) unichieresi khart❤️

 


№4 სტუმარი kati

რა ძალიან კარგია.არ მინდოდა დასრულებულიყო.მეორე ნაწილიც მოუხდებოდა.

 


№5  offline წევრი აბლაბუდა

დიდი ხანია ასეთი თბილი და საყვარლობა არ წამიკითხავს

 


№6  offline წევრი შარზენ

რა კარგი იყოო

 


№7 სტუმარი ნანამია

მართლა ,,გავბედნიერდი" მადლობა..

 


№8  offline წევრი Maia G.

მადლობა შენ ამ საყვარელი და თბილი ისტორიისათვის❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი მანანა

რა კარგია როცა ყველაფერი კარგად მთავრდება ♥️ ძალიან კარგი და სასიამოვნო, დადებითი ემოციებით სავსე ისტორიაა. გამახარა მათმა ბედნიერებამ . მადლობა ამ ყველაფრისთვის

 


№10  offline წევრი ეკატო

ძალიან მომეწონა. სასიამოვნო წასაკითხია.

 


№11 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან კარგი სახალისო წასაკითხი ისტორია იყო, ყოჩაღ! ☺️

 


№12 სტუმარი სტუმარი იზა

ძაან მომეწონა. კარგად ვიხალისე და ვისიამოვნე.

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა საოცრად თბილი ტკბილი ისტორია იყო. გამაბედნიერა და ზუსტად ვიცი ისევ მივუბრუნდები ძალიან ბევრჯერ ❤️

 


№14  offline წევრი Daldoni Daldoni

შესანიშნავი იყო,ისეთი არაოდინალური სიყვარულის ისტორია იყო,იუმორის ნაზავით, სასიამოვნო და სახსლისო ემოციები მოიტანა♥️♥️♥️♥️

 


№15 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან ლამაზი ისტორიაა, ხშირად გაერთე ხოლმე ასეთებით

 


№16 სტუმარი მინდუსია

ძალიან თბილი, ტკბილი და საოცრად აზეიანი ისტორიაა❤️

 


№17 სტუმარი ელენე....

ძალიან კარგი იყო. თქვენი ყველა ისტორია ძალიან კარგი წასაკითხია.... არ გინდა დასრულდეს... მადლობაა

 


№18  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

დიდი მადლობა ყველას... მათბობს და მახარებს თქვენი კომენტარები...
შემდეგი ისტორია უკვე წერის პროცესშია, ვერ ვითმენ ისე მინდა მალე გაგიზიაროთ...

 


№19 სტუმარი სტუმარი ნინა

სახალისო,სასიამოვნო,ემოციებით დატვირთული,გამართულად დაწერილი... ერთი სიტყვით ძალიან ვისიამოვნე..წარმატებები და სიამოვნენით დაველოდები შემდეგს ????????

 


№20  offline წევრი ელენე (ნენე)

სახალისო ისტორიაა.
კარგი თხრობის მანერა გაქვს.
წარმატებები!

 


№21 სტუმარი სტუმარი რუსკა

რა კარგი იყოოო...კიდევ მინდაა

 


№22  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

დიდი მადლობა, ძვირფასებო <3

 


№23 სტუმარი სახელი

იმხელა სიამოვნება მივიღეე რომ სიტყვები არ მყოფნის ორჯერ წავიკითხე ზედიზედ:)) ვისურვებდი ბევ მსგავს ისტორიებს ეს ისედაც რთული ყოფა გაგვიხალისოს♥️♥️ მადლობაა და წარმატებები

 


№24 სტუმარი სტუმარი ანნა

ღმერთო, რა საოცრად კარგი იყო.
საუკუნეა საიტზე არაფერი წამიკითხავს, ვეღარ ვკითხულობდი. ♡
ფეისბუქის ლინკიდან გადმოვედი, ვიფიქრე, უცებ გადავხედავდი.
ხვალ, ნუ უკვე დღეს, უამრავი გეგმა მაქვს, მე კიდე- 6-ის ნახევარზე მოვრჩი კითხვას.
ძალიან, ძალიან საყვარლობა იყო, სასიამოვნოდ იკითხება.
პერსონაჟები შემიყვარდა, განსაკუთრებით ხატია. ♡♡
გამართული სიუჟეტი და ხატიას ხუმრობები, რელაქსი იყო ახლა ეს ჩემთვის, მადლობა. ♡♡♡

 


№25 სტუმარი სტუმარი მარიამო

ძალიან, ძალიან კარგი❤️

 


№26  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

ყველას ძალიან,ძალიან დიდი მადლობა!

 


№27  offline წევრი მირცა.

რა კარგიი იყოო❤️❤️❤️ გული გამითბოო

 


№28 სტუმარი ბათია

არ მინდოდა დამთავრებულიყო sleepy ძალიან დიდი ხანია ასეთი კარგი რამ არ წამიკითხავს, აღფრთოვანებული ვარ <3

 


№29 სტუმარი სტუმარი ანი

რამდენი ვიტირე ისე ვკითხულობდი ძალიან კარგი იყო საუკეთესო რაც კი წამიკითხავს

 


№30 სტუმარი ჰეი

აქამდე სად ვიყავი?! ეს , რაღაც საოცრებაააა! სითბოსა და სიყვარულის საუკეთესო გამოვლინება❤️ ზომიერი სიხალისით, ბედნიერებითა და სხვა ცხოვრებისეული ფაქტებით გაჯერებული, დიდი ზეიმია????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent