შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტოკჰოლმის სინდრომი, არ უნდა გამეშვი (სრულად)


16-05-2023, 10:45
ავტორი ვე რა
ნანახია 13 103

სტოკჰოლმის სინდრომი, არ უნდა გამეშვი
მეორე ნაწილი

1

ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად შემიძლია გავყო. ცხოვრება მასთან და უმისოდ.

მას შემდეგ , რაც ათი წლის გავხდი, სულ მეგონა, ბედნიერება ჩემთვის არ იყო. კაცმა რომ თქვას, დიდად არც მაღელვებდა.
არც ვინმეს არსებობა მიმაჩნდა ჩემს ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვნ მოვლენად, რომ მარტოობას ჩემთვის ტკივილი მოეტანა.
ბავშვობიდანვე მივეჩვიე მიტოვების სევდას, შემდეგ ეს სევდა ჩემს გულში გადავხარშე და გადავივიწყე. ყველას იმდენად ვუშვებდი ჩემს ჩემამდე, რამდენადაც მე ეს მჭირდებოდა.
მშობლებიც, დაც, მეგობრებიც, ყველა მხოლოდ ისეთი მცირე და უმტკივნეულო დოზით, რომ ნებისმიერ დროს შემძლებოდა მათზე უარის თქმა. მე ჩემი სამყარო დიდი ძალისხმევით შევქმენი. სამყარო, სადაც ის ვიყავი, ვინც მსურდა, რომ ვყოფილიყავი. მატერიალური , ფიზიკური და სულიერი სიმყარე, მხოლოდ ამ სამ ელემენტს მივიჩნევდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ასპექტებად.
ეს ყველაფერი მაძლევდა შესაძლებლობას, მეცხოვრა იმ რეალობაში , რომელსაც მე სიმშვიდეს ვეძახდი. მაძლევდა რაღაც დონის ძალაუფლებას და რაც ყველაზე მთავარი იყო, დამოუკიდებლობას.
თავისუფლება ასე წარმომედგინა: სამუშაო , რომელიც გსიამოვნებს, თავშეუკავებელი ცხოვრება, საღამოს სასმელი, ხანდახან მოსაწევი და ქალები. ჩემი გააზრებული ცხოვრების ეს პერიოდი, ისე მოვაწყვე, რომ ჩემთვის უარის თქმა, უბრალოდ არავის გაებედა. კარგად ვიცოდი, ხასიათი რომ მეცვლებოდა კარგიდან უარესისკენ, თუმცა ამასაც არ ვდარდობდი, რადგან იმდენ ხანს არავის ვიჩერებდი გვერდით, რომ ჩემს ხასიათს ჩემთვის დისკომფორტი შეექმნა, მით უმეტეს ქალებს. არც იმის აღიარება მჭირდებოდა საკუთარ თავთან , რომ რთული და ძნელად გასაძლები ადამიანი ვიყავი. ერთი სიტყვით ცხოვრება სრულიად მაკმაყოფილებდა და მით უფრო საკუთარი თავი. სანამ მას არ შევხვდი...

მისი წასვლის შემდეგ, ღამე არ გასულა, იმ პირველ შეხვედრაზე რომ არ მეფიქრა. რა იქნებოდა , რომ უბრალოდ ჩამევლო? რომ არ გამეცნო და მის უცნაურ მონაცრისფერო_ მომწვანო თვალებში არ ჩამეხედა, ფერს რომ განწყობის მიხედვით იცვლიდნენ. გინახავთ , რომ რაც უფრო ბრაზდება ქალი, მით უფრო უმწვანდებოდეს თვალები? მე მისი ლამაზი სიბრაზეც მიყვარდა და მახელებდა. მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა.

იჯდა მასავით მოცუცქნული მანქანის ცხვირზე, ფეხებაკეცილი და აშკარად მე მიმღეროდა.
ასეთი ლამაზი არასდროს არავინ მინახავს. ფერიასავით ნაზი, ლამაზი ჩამოქნილი ყელით, გაბუსხული ბავშვური ტუჩებით. ლამაზი ნატიფი თითებით. იყო მასში უცნაური სინათლე, და ჯადოსნური მიმზიდველობა. ვერც კი იგრძნო ჩემი სიახლოვე. იჯდა საკუთარ სამყაროში ჩაფლული და თავადაც არ იცოდა, რომ ჩემზე ოცნებობდა.

ახლოს მივედი , მისი კოცნის უცნაურმა სურვილმა ამიტანა. სულ წამითაც რომ დაეგვიანა თვალის გახელა... სულ ერთი წამის მეასედით...

თვალი გაახილა და უნებურად გაეღიმა, მერე უცბად მიხვდა, რომ რეალურად მხედავდა და შეკრთა. მაშინვე გაქცევა მოინდომა და პირდაპირ მკლავებში ჩამივარდა . რისხვით ამომხედა, შეხება რომ გავუბედე. ხელიდან გამისხლტა და მანქანისკენ გაიქცა. მაშინვე მივხვდი, ეს სწორედ ის მომენტი იყო, ცხოვრებაში ერთხელ რომ დგება და ხელიდან რომ არ უნდა გაუშვა. თუ ასე არ მოიქცევი, უკან აგედევნება სინანულად და თავს არასოდეს დაგანებებს. აუცილებლად გათქმევინებს: მაშინ რომ....
მანქანის კარი დავუკეტე და არ გავუშვი, მკერდზე ხელი მკრა, გამეცინა. უმწეოდ მოათვალიერა გარემო. ჩემი ეშინოდა, მაგრამ არ ტყდებოდა. მის ემოციას გადაშლილი წიგნივით ვკითხულობდი. მივხვდი, მისი ნახვა კიდევ მინდოდა, მეორედ , მესამედ და კიდევ უამრავჯერ .
ჯიუტი , უხეში და ცივი გოგოს როლს თამაშობდა. სახელი ვკითხე და დაუფიქრებლად მომატყუა. მუჭში მომწყვდეული ბეღურასავით უცემდა გული. ხელი გავუშვი და მანქანისკენ წავედი. მისი სანომრე ნიშანი კი დავიმახსოვრე. დაე ეფიქრა, რომ გაიქცა.

ქალის სიმხდალე და არაგულწრფელობა ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა. ასევე მის სხვა მანკიერ თვისებებსაც ძალიან ახლოს ვიცნობდი. ქალის ეტალონი კაცის ცხოვრებაში ხომ დედაა, არა? ხოდა მეც სწორედ დედაჩემის საზომით ვზომავდი ქალის ბუნებას.
მოუთმენელი, მატყუარა და მოღალატე, ამბიციური, ხარბი და მედროვე, უმოწყალო, გაუტანელი და სასტიკი.
სიყვარული კი, სწორედ ამიტომ, სისუსტედ მიმაჩნდა. კარგად ავითვისე ცხოვრებაში პირველი გაკვეთილი. არასდროს შეიყვარო ეს ცბიერი არსება ისე, რომ მან შენი დანგრევა და განადურება შეძლოს!

მამას სწორედ ასთი სიყვარულით უყვარდა დედა. თავგამეტებით, თავგანწირულად. ეგონა, სადაც სიყვარულია, იქაა სწორედ ხსნა და შვება, მაგრამ სასტიკად შეცდა. ვერ გათვალა რუსუდან დედოფლის ანგარება. მისი გადამეტებული სურვილები უბრალოდ ქალის საყვარელი ჭირვეულობა რომ ეგონა, სინამდვილეში მხოლოდ მისივე სიხარბე აღმოჩნდა და მეტი არაფერი. არაფრით სურდა ამის დაჯერება, ყველაფერს მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებდა, დედაჩემის სილამაზით მონუსხული . დაიჯერა , რომ მისთვის საკმარისად კარგი არ იყო.
მაგრამ მე მიყვარდა მამაჩემი. გოგი გოთუა ამ ქვეყნად ყველაზე კეთილი, უანგარო, უღალატო და მეოჯახე ადამიანი იყო. მიყვარდა და ისე ვიყავი მისით აღფრთოვანებული, როგორც ათი წლის ბიჭი შეუძლება აღმერთებდეს მამას.
მაგრამ მამამ თავისი სიყვარული ჩემზე წინაც კი დააყენა და მის საამებლად სადღაც, შორეულ მხარეში გადაიხვეწა. ხელის გულზე ატარა და ანებივრა ცოლი, საკუთარი სიმშვიდე, სიყვარული და ახალგაზრდობა ფეხქვეშ დაუგო, მაგრამ არც ეს იკმარა დედაჩემმა. და როცა მამას ეგონა ოჯახში გამარჯვებული დაბრუნდა, კარი მეცხრე თვეში გადამდგრმა, უზარმაზარი მუცლით გაუღო.

რამდენიმე დღე დუმდა მამა, ერთი საყვედურიც კი არ დასცდენია. დუმდა და მაშინ მივხვდი, რომ დუმილი ორს შორის, ბევრად უფრო საშინელი და მტკივნეული შეიძლება იყოს, ვიდრე სისხლისმღვრელი ომი.

ერთ საღამოს კი მამა უბრალოდ ადგა და სოფელში დაბრუნდა. წლების ნაშრომსა და ნაწვალებზე, ყველაფერზე უარი თქვა. ყველაფერზე, რაც ერთდროს საყვარელ ქალთან აკავშირებდა. მათ შორის შვილზეც.
დარდისგან და უთქმელობისგან დასნეულდა, ბოლოს კი მისმა გულმა სტრესს ვეღარ გაუძლო და ინვალიდის ეტლში ჩაჯდა, ერთ დროს ახალგაზრდა და ჯან_ღონით სავსე მამაკაცი.

დედა შევიძულე, მაგრამ ვერ მოვიძულე. მამის შეძულება კი ვერაფრით შევძელი და ვერც მისი სიყვარული ვაპატიე საკუთარ თავს.

როგორც კი ფეხზე დავდექი ქალბატონი რუსუდანის სახლიდან წამოვედი. ცხოვრებაზე ხელჩაქნეული მამის ფონზე მისი პომპეზურობა რთული ასატანი იყო ჩემთვის. ვერც დედაჩემის ღალატის სიმბოლოს, ჩემი დის, ყურებას ვუძლებდი, თუმცა კი მიყვარდა ჩემი სისხლი და ხორცი, მაგრამ მისი რუსუდანთან აშკარა მსგავსება გულს მირევდა.

არ ვიცი, ალბათ სწორედ იმიტომ ვერ გავყევი მას, როცა ჩემგან ამას ელოდა. რადგან არ მსურდა, მამაჩემს დავმსგავსებოდი. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ შვილის მიტოვება მეც ისეთივე უვარგის მამად და ადამიანად მაქცევდა, როგორიც ის იყო. ამიტომ დავრჩი. დავრჩი, მაგრამ არა ალისკასთან, არამედ ჯერ არგაჩენილ საკუთარ შვილთან.

არც იმაზე მიფიქრია, რამდენად სამართლიანი იყო ჩემი გადაწყვეტილება მასთან მიმართებაში. მაგრამ აღარც საკუთარი თავი მიმაჩნდა მის ღირსად. ამიტომ გავუშვი. სწორედაც გავუშვი, იმიტომ რომ ბოლო წამამდე მელოდა, იდგა ზურგშექცეული და მხრები უცახცახებდა. იდგა და უხმოდ მევედრებოდა, რომ არსად გამეშვა. მე ვიცოდი , რომ თავად არ დარჩებოდა, მან იცოდა, რომ დარჩენას არ ვთხოვდი. წავიდა და ჩემი გული გავატანე. წავიდა და მამის წასვლის შემდეგ პირველად ვიტირე. ზუსტად იმ პატარა ბაქარივით ვტიროდი და ჩემი ცრემლების აღარ მრცხვენოდა. ისე დავცარიელდი და ისე გამოვიფიტე, ერთდროს ბაქარ გოთუასგან მხოლოდ მამობრივი ვალდებულებაღა დარჩა. შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ჯერ არდაბადებულ შვილთან დავბრუნდი.

ალისკა ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად და არც კი უცდია გამარჯვების სიხარულის დამალვა.

მისი წასვლიდან ორი თვე გავიდა. თავიდან მოთმინებით მიცდიდა ალისკა. მაგრამ მე მის მონატრებაში ისე ღრმად ჩავყვინთე, მისი მონატრება ისე მჭიდრო მარწუხად შემოვიხვიე, რომ ჩემს გვერდით მისხალი ადგილიც კი არ დავიტოვე არავისთვის. ბოლოს მიხვდა ალისკა, რომ ვითომ მოგებული ბრძოლა, ახლა მხოლოდ მის აჩრდილთან უალტერნატივოდ წააგო.
ალისკა რუსუდანს ჰგავდა რაღაცით. სიყვარულის არაფერი ესმოდა. ბევრჯერ წავასწარი სამელით და სიგარეტით ხელში. რამდენჯერმე კლუბიდან გალეშილი მთვარალიც კი მოვიტანე სახლში. არც თხოვნა ჭრიდა მასთან, არც ჩხუბი.
იმან, რადაც მას ჩვენი შვილი წარმოედგინა, ანუ ბაქარის გამოსაჭერმა ხაფანგმა რომ არ გაუმართლა, სულაც ფეხებზე დაიკიდა.
უბრალოდ ვეღარ მოიშორებდა, რადგან მისივე სიცოცხლისთვის იყო სახიფათო, თორემ ამასაც გააკეთებდა.

იმ დღესაც ნაცნობი კლუბიდან დამირეკეს, უგონოდ დათვრა და წაიყვანეო. მხოლოდ მისი მდგომარეობა მაკავებს რომ კედელზე ტვინი არ მივასხმევინო. მძულს ეს ქალი და მასზე მეტად საკუთარი თავი, რომ მის გამო მან მიმატოვა. თუმცა ალისკა რა შუაშია? მას მიზანი მაინც ჰქონდა. მე კი...

მიუხედავად იმისა , რომ სიცოცხლეს მერჩია, ვერ ვუძლებდი მის ჯიუტ ხასიათს. ვერაფრით მოვდრიკე და დავიმორჩილე. ყველა მითი და სტერეოტიპი დამიმსხვრია, რაც კი ქალებზე მქონდა შექმნილი. მისთვის არ არსებობდა მატერიალური ბორკილი. ერთი უბრალო კატა მთელ ჩემს ქონებად უღირდა. უყვარდა ხალხთან ურთიერთობა და არ ჰყოფდა მათ კაცებად და ქალებად. თავად უბრალო და მიამიტი , იმასაც კი ვერ ამჩნევდა, როგორი აღფრთოვანებით აყოლებდნენ თვალს კაცები.
იმ პატარა ბიჭსაც კი , გიორგის, სიგიჟემდე უყვარდა. აღიარებას ვერ უბედავდა თორემ... ჩემი თვალით ვნახე სამ თავზეხელაღებულს როგორ გადაუდგა მის დასაცავად წინ.
ვნახე მის ფანჯრებთან ატუზული , უარყოფილი გოგა, როგორი უიმედო თვალებით ასცქეროდა მის აივანს.
თავად არ სურდა ამის დანახვა და მე ეჭვიანს მეძახდა.
მისი სურვილი რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო, მით უფრო ჩემგან, მაგიჟებდა. მე მსურდა ის, მინდოდა მე ვყოფილიყავი მისი ჰაერი, რომ ვერასდროს წასულიყო ჩემგან. სულ მქონდა წინათგრძნობა, რომ ერთ დღესაც გაფრინდებოდა.
ის ხშირად გარბოდა და ეგონა, რომ ჩემგან თავისუფალი იყო. ის ცდილობდა არ შევემჩნიე და რაც უფრო ცდილობდა გაქცევას, მით უფრო მწვავდა უმისობა. არც კი ვიცი, რამდენი ღამე გავათიე მის კარებთან. უკან დავყვებოდი ლანდივით მისით შეპყრობილი და მონუსხული. მან შესძლო და სულ აგურ _აგურ დაანგრია ჩემი გალავანი.

მე მისთვის არ მიღალატია, მხოლოდ რაღაც მომენტში დავიღალე მასთან ომით. ბანალური იქნება თუ ვიტყვი, რომ შეცდომა დავუშვი? მაგრამ მე მისი სიყვარულისთვის წამითაც კი არ მიღალატია.
ალისკა მხოლოდ ლამაზი ფუტლიარი იყო, ვიცი ამაზრზენ რამეს ვამბობ, მაგრამ ალისკა უბრალოდ ხელსახოცს ჰგავდა, რომელიც ხელში მომყვა მაშინ, როცა ეს მჭირდებოდა.

რატომ არ ვუთხარი სიმართლე? აი, ადამიანმა უეჭველად რომ იცის მოკვდება, მაგრამ სიცოცხლის დღეებს ყველანაირი საშუალებით რომ იხანგრძლივებს, ისე ვიყავი მეც. წყალწაღებულივით ვაჯერებდი საკუთარ თავს, რომ თუ ის ჩემი ცოლი გახდებოდა, ვერ მიმატოვებდა. დაე შევძულებოდი, დაე ხელიც ეკრა ჩემთვის, მაგრამ ჩემთან ახლოს ყოფილიყო. იმ ოქროს გალიაში ეცხოვრა, მისთვის რომ ავაგე. გაღვიძებისას მისი სახე დამენახა, მცოდნოდა, რომ ჩემს გვერდით სუნთქავდა. ასე ეგოისტურად მსურდა. არ მეთმობოდა. ყველას და ყველაფრის ფასად მინდოდა მისი შენარჩუნება.
ვიცნობდი მას იმაზე კარგად, ვიდრე თავად იცნობდა საკუთარ თავს.
ის ქარიშხალს ჰგავდა, ადრე თუ გვიან აუცილებლად წავიდოდა. ის იმდენად წმინდა იყო ჩემს ჭუჭყში ვერ დავსვრიდი.
ამიტომ დავუმალე, და შემდეგ ამავე მიზეზის გამო გავუშვი.

ალისკასთან მიმავალი მაინც მასზე ვფიქრობდი.
კლუბში მისულს სასწრაფო დამხვდა კართან და მაშინვე მივხვდი ცუდი ამბავი იყო ჩემს თავს.
ალისკას სისხლდენა დაწყებოდა. ყველაფერი ისე ხდებოდა , როგორც საშინელ სიზმარში.
ბავშვი ნაადრევად დაიბადა. სუსტი და დამძიმებული.

პირველად რომ დავინახე ჩემი პატარა გოგონა, გული მომიკლა მისმა უმწეობამ.
ინკუპატორში იწვა, უცნაურად მომწვანო ფერის. პაწაწა თითებს ამოძრავებდა და უზარმაზარი ნიღბის ქვეშ მძიმედ სუნთქავდა.

ალისკას გოგონა არც მოუკითხავს. ზურგშექცევით იწვა მოკუნტული საწოლში და ზედაც არ მიყურებდა.
ალისკაც შემეცოდა და საკუთარი თავი კიდევ უფრო შევიძულე.

_ყოჩაღ ბაქარ გოთუა!
ყოჩაღ! _ჩამძახოდა სინდისი და სული მტკიოდა.
ახლაც კი, უმისობა ყველაზე მეტად მანგრევდა. ვნატრობდი, მხოლოდ ერთი წუთით ჩამხუტებოდა, რომ ენერგიით ავევსე, რომ ბრძოლის სურვილი და ძალა გამჩენოდა, რათა ჩემი პაწაწა საწყალი გოგონასთვის მებრძოლა.

არ უნდა გამეშვი!
არ უნდა გამეშვი!
არ უნდა გამეშვი!

ვურტყამდი მუჭებს საავადმყოფოს კედლებს და ხმამაღლა ვეძახდი, მაგრამ იმედგადაწურულ ძახილზე ხმას არავინ მცემდა. არც ჩემი ღმერთი და არც ჩემი ადამიანი!


2

_ გამარჯობა,_ მომესალმა პედიატრი_ იცით, დედა უარს ამბობს ბავშვის ბუნებრივ კვებაზე, არადა დედის რძე ახლა მისთვის ყველაზე საუკეთესო წამალია. მაგრამ რას ვიზამთ, ეს მისი ნებაა და მისი არჩევანი!

უცებ ვერც მივხვდი თუ რას გულისხმობდა. რას ჰქვია უარს ამბობს მის კვებაზე?

_ ანუ, რა უნდა ვქნათ?_ ამაზე დაბნეული ალბათ არასდროს ვყოფილვარ.

_ ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანთ._ იმედგაცრუება შევამჩნიე ექიმს ხმაში.
მაგრამ იმ გრძნობასთან, რაც მე ვიგრძენი, მისი გაცრუებული იმედი ახლოსაც ვერ მოვიდოდა. მაშინვე ალისკასთან გავედი.

_ ალის, შემომხედე!_ კვლავ ზურგშექცევით იწვა.

_ რა გინდა?_ მკითხა დაღლილი და უხეში ხმით.

_ ბავშვს შენ სჭირდები, გესმის? სულ ცოტა ხნით მაინც დაეხმარე, სანამ მოძლიერდება! გთხოვ!_ ვიცოდი, მკაცრად რომ მეთქვა უფრო გაჯიუტდებოდა ჩემ ჯინაზე. თითქოს ჩემი შვილის უარყოფით სამაგიეროს მიხდიდა ჩემგან უარყოფილი ქალი. ალისკასთვის ჩემთვის ტკივილის მოყენება გაცილებით მნიშვნელოვანი იყო , ვიდრე ჩვენი გოგონას კარგად ყოფნა. ბავშვს მგონი საკუთრად არც აღიქვამდა.

_მეც გთხოვდი! გეხვეწებოდი, მაგრამ შენ დიადი ნელი ვერ დაივიწყე!_ იმხელა გესლი გაურია ხმაში და ბოღმა, შევკრთი კიდეც.

_ ალის რა შუაშია ახლა ის? საქმე ჩვენი გოგონას ჯანმრთელობას ეხება!_ ჩემდაუნებურად ავუწიე ხმას.

_ მე არ მჭირდება ეგ ბავშვი! არ ვაპირებ მის გამო თითის განძრევასაც კი!_ თვალები ცრემლებით აევსო. ვერ მივხვდი ნათქვამს ნანობდა თუ საკუთარ ხაფანგში საკუთარივე თავის გამომწყვდევას.

_ მე მეგონა, ის ჩემთან დაგაბრუნებდა და ეგეც ვერ შეძლო!_ ისევ ზურგი შემაქცია._ მარტო დამტოვე!

მუშტები შევკარი ბრაზისგან. მაგრამ ისევ მხოლოდ საკუთარ თავზე ვბრაზობდი.

ექიმმა მითხრა, რომ ის, რაც ალისკას სჭირდა, სავარაუდოდ პოსტმშობიარობის სინდრომი იყო და თუ ბავშვთან ახლოს იქნებოდა, მასში დედობრივი ინსტიქტი აუცილებლად გაიღვიძებდა. ისევ ჩემი პატარა გოგონას გამო, გადავწყვიტე კომპრომისებზე წავსულიყავი. ალისკა მალევე გამოწერეს სახლში, მაგრამ პატარა კვლავ ინკუპატორში დარჩა.

_ ალის რა დავარქვათ გოგონას?_ ვცადე მასთან ბავშვზე მელაპარაკა, იქნებ გული გახსნოდა მის მიმართ.

_ რაც შენ გინდა, ის დაარქვი!_ მიპასუხა ცივად და სარკისკენ შებრუნდა.

_ კანი ძალიან გამომიშრა, რას ვგავარ!_ ჩაილაპარაკა მოწყენილმა.
არ ვიცი, რა ძალა მაძლევდა მოთმინებას. უსიტყვოდ შევაქციე ზურგი და საავადმყოფოში დავბრუნდი.

ჩემს გოგონას ნიტა დავარქვი. არც კი ვიცი, რატომ ნიტა. მაგრამ მასზე ფიქრისას, მხოლოდ ეს სახელი მომდიოდა თავში. უკვე სამი კვირა იყო რაც ამ ქვეყანას მოევლინა და ერთხელაც კი ვერ დავიკავე ხელში. ნებას არ მრთავდნენ.

უტარებდნენ უამრავ გამოკვლევებს, და დაზუსტებითი პასუხი თუ რა სჭირდა ბავშვს , ჯერ კიდევ არ ჩანდა. მხოლოდ ერთი ვიცოდი, რომ გულის თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდა. თან განა ერთი, რამდენიმე. წინასწარ უნდა შევგუებოდი, რომ სხვა ბავშვებივით ლაღი ვერასდროს იქნებოდა.

საბოლოოდ დიაგნოზიც დაისვა: წინა გულთაშუა ძგიდის დეფექტი, ვენების ანომალასთან და კიდევ სხვა ანომალიურ გართულებებთან ერთად. მისი ციანოზი თავიდანვე ამბობდა, რომ პრობლემა გულში იყო, მაგრამ ნუთუ ერთი პრობლემა საკმარისი არ იყო ამ პატარა, უსუსური არსებისთვის? როცა ბავშვთა კარდიოლოგმა გამომწვევ მიზეზებზე დაიწყო საუბარი, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად,
ერთ_ ერთი მიზეზი მშობლების არასწორი ცხოვრების წესი შეიძლებოდა ყოფილიყო. ორსულობისას ალისკას გამუდმებულ სმას რომ თავი დავანებოთ, მე თავად დედამისისთვის ფხიზელს ზედ არც კი შემიხედავს. ყოველთვის ან მოსაწევით ვიყავი გაბრუებული, ან ალკოჰოლით. და აჰა, საკმარისი სასჯელი ბაქარისთვის!

ექიმის კაბინეტიდან რეტდასხმული გამოვედი. ერთი ადამიანიც კი არ მყავდა გვერდით, ვისაც წუხილს გავუზიარებდი. გაგიჟების ზღვარზე ვიყავი მისული. ჩემი პატარა ნიტა. ჩემი ქალიშვილი...
ვისთვისაც მსურდა და შემეძლო სასახლე ამეგო და პრინცესასავით გამეზარდა, ვისი ერთი ღიმილიც კი მთებს გადამადგმევინებდა, ახლა სწორედ ჩემ გამო იწვა გალურჯებული და ქოშინით დაღლილი.
ვიგრძენი თავბრუ მეხვეოდა და იქვე დერეფანში ჩავჯექი კედელზე მიყრდნობილი.

_ საკმარისი სასჯელია ჩემთვის?_ ვკითხე მის ლანდს._ ახლა კმაყოფილი ხარ? ახლა დაბრუნდები?

ბრაზი და დარდი მალაპარაკებდა, თორემ კარგად ვიცოდი, მას არასდროს გაახარებდა ჩემი ტკივილი. რომ სცოდნოდა , მარტოს არასდროს დამტოვებდა, ახლა მე უიმედოდ ვიხრჩობოდი საკუთარ სიმარტოვეში. მაგრამ დანებების უფლება არ მქონდა, ჩემს ნიტას ვჭირდებოდი.

სახლში დავბრუნდი. ალისკა გასასვლელად ემზადებოდა. ჩვეულად ფორმაში, მორიგი თავგადასავლისთვის სრულ მზადყოფნაში.

_ ალის უნდა ვისაუბროთ!_ ვუთხარი და დივანზე დავჯექი.

_ რა გინდა?_ მომიახლოვდა და ტუჩი ზიზღით დაბრუცა_ ისევ იმ ბავშვზე გინდა მეჩიჩინო?

_იმ ბავშვზე?_ ახლა კი მართლაც მიღალატა მოთმინებამ._ კარგად მისმინე, ერთხელ ვიტყვი და აღარ გავიმეორებ! ის ბავშვი ჩვენი შვილია და ჩვენვე ვართ დამნაშავე მასთან მიმართებაში, შენ მისი დედა ხარ, ან გაუწიე ღირსეული დედობა, ან აქ აღარაფერი გესაქმება!

ალისკა შეცბა, არ ვიცი რას ელოდებოდა ჩემგან , მაგრამ არა ამას.

_ მე დედობისთვის მზად არ ვარ ბაქარ! ცოტა დრო მომეცი!_ჩვეულად თავის შეცოდება და მანიპულაცია სცადა.

_ მზად არ ხარ? _ სიმწრით გამეცინა_ მაგრამ შენ უკვე დედა ხარ ალისკა ! უკვე ხარ, გესმის?

_ არ შემიძლია, არა! ნორმალური ბავშვი რომ იყოს კიდევ ხო , მაგრამ....

რაო? მეგონა მომესმა! ნორმალური ბავშვიო? ჭკუიდან გადავედი. მხრებში ვეცი და შევანჯღრიე.

_ ნორმალური არ არის არა? რაო იმედები ვერ გაგიმართლა? _ასეთი აღარ ვახსოვდი ალბათ, მოიბუზა და ცრემლიბი გადმოყარა.

_ მე .. უბრალოდ... მე.._ დაცემაც არის და დაცემაც, ალისკამდე როგორ დავეცი? ზუსტად იმ წამს კიდევ უფრო ცხადად გავაანალიზე, რატომ მიმატოვა მან. ალბათ რომ
გღალატობენ ერთია და სულ სხვაა, ვისთან გღალატობენ. ვის გამო ანგრევენ შენთვის ყველაზე ძვირფასს! ვის გამო თელავენ შენს სიყვარულს ფეხქვეშ!
ალისკას ხელი გავუშვი და ის სლუკუნით დაეშვა დივანზე.

_ უკანასკნელად გაფრთხილებ! ან გაუწიე ნიტას ღირსეული დედობა, ან მოხიკე შენი ძონძები და აქედან დაიკარგე!_ საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. მე, როგორც კაცი, ფსკერზე ვიყავი. საკუთარი შვილის დედას, თუ ერქვა ამას დედა, სახლიდან ვაგდებდი. მაგრამ ამ ქალს სხვა ფუნქცია არ ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში და არც არასდროს ექნებოდა.

პირველი ოპერაცია ერთი თვის თავზე დაინიშნა. არ ვიცი შიშის თუ მართლაც იმის გამო რომ ნიტა მისი შვილი იყო, ალისკა საავადმყიფოს მოსაცდელში ჩემთან ერთად იჯდა.
ასევე ლიკუნა და ქალბატონი დედაჩემიც მოვიდნენ. მაგრამ რუსუდანმა ვერ გაუძლო "ნერვიულობას" და მალევე დაგვტოვა.
ლიკუნა გვერდით მომიჯდა.

_ კარგად ხარ ძამიკო?_მხრებზე ხელი მომიცაცუნა.

_ არ ვიცი ლიკა! მართლა არაფერი არ ვიცი უკვე!_ ტელეფონში ჩამძვრალ ალისკას გახედა ბრაზით.

_ როგორ მოხდა აქ რომ არის? ალბათ მის სიკვდილს უფრო ელოდება , როგორც თავისუფლებას!

შემზარა ლიკუნას სიტყვებმა. ფეხზე წამოვხტი და საავადმყოფოს პატარა სამლოცველოში დავემალე საკუთარ თავს.
ვერ ვლოცულობდი. მგონი ჩემი გააზრებული სიცოცხლის მანძილზე არც არასოდეს მილოცია, რადგან მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მქონდა. მაგრამ ახლა ...
ახლა მე ყველაზე მეტად ვგრძნობდი საკუთარ უსუსურობას. ჩემი ქალიშვილი, რომელმაც მხოლოდ 30 დღე გაატარა დედამიწაზე, შეიძლებოდა ისე გაფრენილიყო ჩემგან, რომ მე მისი ხელში აყვანაც ვერ მომესწრო.
საკუთარმა უძლურებამ მუხლებზე დამაჩოქა.

_ გთხოვ!_ მხოლოდ ეს ერთი სიტყვა დამცდა და ეს ყველა ლოცვაზე და მუდარაზე ბევრად მეტი იყო.

დრო უცნაურად გაიწელა, გაიწელა და გაბლანტდა. გარს ისე მომეხვია , როგორც წებოვანი მასა. ვეღარ ვინძრეოდი, ვერაფერს ვხედავდი. როცა ექიმი გამოვიდა , ფეხზე ადგომის თავისც აღარ მქონდა.

_ ძმაო!_ შემანჯღრია ლიკუნამ.
ექიმს თვალებში სიხარულის მარცვალიც კი ვერ შევნიშნე. იმედის ერთი ციცქნა სხივიც არ უჩანდა.

_ თუ მორწმუნეები ხართ, გირჩევთ, რომ პატარა მონათლოთ! _ მითხრა მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ.

თუ ოპერაციას გადაიტანდა...
თუ იმ ღამეს გადაიტანდა...
თუ იმ კვირას გადაიტანდა...
და უამრავი თუ.... მაგრამ არავითარი მყარი იმედი.

არც კი ვიცი, რა ძალით ებღაუჭებოდა ეს პაწაწინა გალურჯებული სხეული სიცოცხლეს. როგორ უძლებდა საკუთარ ზომასთან შეუსაბამო ჭრილობას. თანაც სრულ სიმარტოვეში.

_ შეიძლება ხელში ავიყვანო?_ მუდარით ვთხოვე მედადას.
სიბრალულით შემომხედა.
თავი უარის ნიშნად გადააქნია. ალისკას გავხედე, ისევ ტელეფონში სქროლავდა რაღაცას. ზიზღიც კი ვეღარ ვიგრძენი მის მიმართ. ალისა უბრალოდ წაიშალა...

არავინ ელოდა , მაგრამ ნიტა გამოძვრა, გამოძვრა მომდევნო ოპერაციამდე. და მერე იმის მიმდევნომდე. ისე ჭრიდნენ და კერავდნენ მის პაწაწინა სხეულს თითქოს ნაჭრის ტიკინა ყოფილიყო. ყოველი მომდევნო ოპერაცია წამება და ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის. თავიდან ალისკა მომყვებოდა ხოლმე, მაგრამ ბოლოს შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა. როცა მორიგი ჯოჯოხეთიდან სახლში დავბრუნდი, ალისკას ოთახში მისი სულივით ცარიელი კარადებიღა დამხვდა. ალისკა წავიდა. და მისი წასვლა ჩემთვის შვებაც იყო და რეალური მარტოობაც. იმ წამს დავიჯერე, რომ მე სულ მარტო ვიდექი ნიტას სიცოცხლის სადარაჯოზე.

ნიტამ ის ღამეც გადაიტანა. და ნელ _ნელა უკეთესობისკენ დაიწყო სვლა.

პირველად რომ ხელში ავიყვანე, ჯერ კიდევ უამრავი მილი ჰქონდა მიერთებული, მაგრამ ეს აღარ მაშინებდა. ნიტა უკვე სამი თვის იყო. მაგრამ იმდენად პატარა, რომ დიდი განსხვავება ვერ დავინახე ახალდაბადებულ ნიტასა და იმ არსებას შორის ხელში რომ მეჭირა.

პაწაწა თითები საჩვენებელ თითზე ჩამჭიდა და მისი წასვლის შემდეგ მეორედ ვიტირე. ხელში მეკავა ჩემი სიცოცხლის გაგრძელება, მეკავა გაუბედავად, უხერხულად, შიშით, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ ის არასდროს იგრძნობდა უჩემობას.

უკვე აღარ მეგონა ეს დღე თუ დადგებოდა, როცა ნიტა სახლში გამომატანეს. თუმცა სახლში დაბრუნება გადარჩენის მტკიცე გარანტი სულაც არ იყო. მუდმივი კვლევები, ანალიზები, და ყურადღება. მისი ატირებაც კი არ შეიძლებოდა.

_ ჩვენ არ გვეგონა თუ აქამდე მოვიდოდით. თქვენც ხომ იცით, რა უიმედო მდგომარეობიდან გამოვძვერით. მაგრამ ეს დასასრული არ არის და მოდუნების უფლება არ გვაქვს. _ მესაუბრებოდა ჩვენი კარდიო ქირურგი.

_ ეს მხოლოდ გზაა მთავარ მიზნამდე! ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაც გართულდეს და თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ!

_ რა იქნება ყველაზე რთული, მოსალოდნელი ვარიანტებიდან?_ ვკითხე მე . თუმცა ექიმმა სწორედ ის მითხრა, რისი მოსმენაც არაფრით არ მსურდა.

_ ყველაზე რთული გულის გადანერგვის აუცილებლობა იქნება, მაგრამ ამისთვის საჭიროა გარკვეულ ასაკს მივაღწიოთ! გარკვეულ წონას, გარკვეულ სტაბილურობას! თანაც ეს ოპერაცია სამწუხაროდ საქართველოში არ ტარდება. მოგვიწევს სათანადო კლინიკის მონახვა და დონორთა საჭიროების მქონე პაციენტთა სიის რიგში ჩადგომა._ ვიგრძენი, როგორ შეწყვიტა ჩემმა გულმა ფეთქვა. ალბათ ფერი დავკარგე და შეშფოთებულმა ექიმმა წყლით სავსე ჭიქა მომაწოდა.

_ თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ საქმე აქამდე არ მივა. ნიტა იმაზე ძლიერი გოგოა, ვიდრე ჩვენ გვგონია!

ისეთი შეგრძნება მქონდა , რომ ეს ამბავი მე არ მეხებოდა. თითქოს სადღაც სხვა სამყაროში ვიღაც სხვის თავს ხდებოდა. წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერი უნდა იყოს ტკივილი, რომ მთელ შენს არსებაში არსებული ყველა სხვა დარდი და სულიერი ჭრილობა გააუფერულოს.

სწორედ ასეთი ტკივილი მჭირდა და სხვაზე ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობდი. სამყარო ნიტას სუნთქვასთან ერთად ფეთქავდა.
ვიყავი მე, იყო ნიტა
და იყო მისი ლანდი...

და იყო ვიღაც სხვა ადამიანის სიკვდილის უცილობელი საჭიროება, ჩემი ნიტას გადასარჩენად....



3

ოდესმე თუ ყოფილხართ, თქვენგან ათასობით კილომეტრის იქით მცხოვრები ადამიანის ლანდის ტყვე? ტყვე არა ძალადობრივი გზით, არამედ ნებაყოფლობით?

ის ჩვენს სიყვარულს სტოკჰოლმის სინდრომს ეძახოდა. ამბობდა, რომ განიცდიდა პარადოქსალურ მიზიდულობს ჩემდამი.
მაშინ არ მესმოდა მისი სიტყვები. არ მესმოდა მისი დარდი. არ მესმოდა მისი ტკივილი. არ მესმოდა მისი გრძნობები.

მაგრამ ახლა მე ვიყავი მის მდგომარეობაში,
ან უფრო უარესში. ახლა
ის საერთოდ არ იყო ჩემ გვერდით და მე მაინც ვგრძნობდი მასთან ამ პარადოქსალურ მიზიდულობას. ხშირად ვამოწმებდი მის სოც.ქსელს, მაგრამ ალბათ გააუქმა, რადგან არსად იძებნებოდა. ხშირად მივდიოდი მის ნანუკასთან და ნანუკა მიყვებოდა მასზე ცოტას, ძალიან ცოტას, იმდენად ცოტას, რომ მხოლოდ სასიცოცხლოდ მყოფნოდა. რომ ის კარგადაა, და მალე კიდევ უკეთ იქნება. რომ სწავლა გააგრძელა. რომ დასასვენებლად წავიდა. რომ წერა დაიწყო. რომ დაბრუნებას არ აპირებს.

ხშირად ვიდექი მისი ცარიელი სახლის ჩაბნელებული ფანჯრების წინ და დაუსრულებლად ვიხსენებდი, ვიხსენებდი და ვიხსენებდი მასთან გატარებულ წამებს.

ეს სანამ ნიტა მოვიდოდა, ნიტას შემდეგ საკუთარი თავისთვის და აღარც მისი მონატრებისთვის დრო აღარ მქონდა. ეს კარგიც კი იყო, ალბათ!

თავიდან ვიფიქრე, რომ ყველაფერს მარტოც გავუმკლავდებოდი.
პირველად რომ დამჭირდა ნიტასთვის პამპერსის გამოცვლა, ისიც კი არ ვიცოდი წაღმა მხარე რომელი იყო. პირველად რომ ჩავაცვი ტანსაცმლი , მეგონა ჩხირებივით წვრილი ხელები მოსძვრებოდა თუ ხელს ოდნავ მაგრად მოვკიდებდი.
პირველად რომ გადასცდა რძე და ვერ ამოისუნთქა, მეც მასთან ერთად შევწყვიტე სუნთქვა.
მერე როგორღაც გაადვილდა, მერე როგორღაც შიშები დავძლიე. ყველაფერი ვისწავლე.

როცა ვარწევდი ჩემს ციცქნას ვფიქრობდი, როგორი გოგო გაიზრდებოდა. როგორი სახე ექნებოდა, როგორი თვალები. ვფიქრობდი, რას ვიზამდი თუ ჩემნაირი კაცი შეუყვარდებოდა როდესმე?! რას ვიგრძნობდი, თუ ეს კაცი , მისი საყვარელი მეორე ნახევარი, ჩემს ბარტყს ოქროს გალიაში დაუპირებდა გამოკეტვას. თუ არ მისცემდა ლამაზი კაბების ჩაცმის უფლებას, თუ ოცნებებზე უარს ათქმევინებდა. რას ვიგრძნობდი, თუ ჩემი პრინცესა ოდესმე საყვარელი კაცის გამო იტირებდა!
რას ვიზამდი, თუ საქორწილო კაბაში გამოწყობილს სხვა, ორსული ქალი მიადგებოდა და ცხოვრებას ფეხქვეშ გაუთელავდა...

რას ვიზამდი, თუ ჩემი გოგონა წაშლილი და უბედური, ვინმეს გამო სკვერში სკამზე დაიძინებდა...
თუ ვინმეს გამო ქვეყნიდან წასვლას ამჯობინებდა...
თუ ვინმეს გამო საკუთარ თავს გაექცეოდა....

მის მამაზე ვფიქრობდი, იმ საყვედურებზე, რომლებიც ჩემთვის არავის უთქვამს.

ამ ყველაფერზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი და ჩემს ხელისგულზე მძინარე ხელისგულისოდენა ქალიშვილს დავყურებდი.

ავად გამეცინა, იმის წარმოდგენაზე, თუ რას დავმართებდი იმ კაცს, ვინც მისი ცრემლის მიზეზი გახდებოდა ოდესმე.

მაგრამ დადგებოდა კი ეს დრო ჩვენს ცხოვრებაში?

ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი მამაჩემზე. ახლა მესმოდა, რას ნიშნავს გყავდეს შვილი და ვერ ხედავდე მას. როცა პერიოდულად ნიტა საავადმყოფოში ბრუნდებოდა. ეკლებზე ვიჯექი. ადგილს ვერ ვპოულობდი. რას გრძნობდა მამაჩემი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე? როგორ ცხოვრობდა შვილისგან შორს და შვილისგანვე მოძულებული?

ამდენი წლის შემდეგ, პირველად ნიტამ გამიჩინა მისი ნახვის დაუძლეველი სურვილი. გადავწყვიტე, როგორც კი ჩემი გოგონა გამოკეთდებოდა მასთან სოფელში წავსულიყავი. მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა...

_ რა ამბებია ბაქარ? რას გვეუბნება ექიმი?_ მკითხა ჩემმა დამ. ლიკუნა ძალიან შეცვალა ნიტამ. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, საკუთარ გულს მისცემდა, მაგრამ ვაი რომ საკუთარი სხეულიც კი არ გვეკუთვნის სინამდვილეში. ფიქრი რად უნდოდა? ნებისმიერ წამს მზად ვიყავი... ოღონდ ჩემი პატარა კარგად ყოფილიყო. ხან ვიჯექი და იმ აბსურდულ გზებზე ვფიქრობდი, თუ როგორ მომეხერხებინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მე გავმხდარიყავი შვილის დონორი.
ვიცოდი, ეს ფიქრები არაფრის მომცემი და აზრს მოკლებული იყო, მაგრამ ნუთუ ოცნების უფლებაც აღარ მქონდა?!

_ არაფერი საიმედო და სასიხარულო. მხოლოდ დროს ვახანგრძლივებთ მთავარ მიზნამდეო!_ჩემი პასუხი მევე მისერავდა გულს. დედაჩემმა იფიქრა, იფიქრა და ჩემთან გადმოვიდა, მე აღარ მქონდა არჩევნის უფლება. რუსუდანი ნიტას სჭირდებოდა. მე კი, დამინგრია ცხოვრება და უამრავი კომპლექსით და სტერეოტიპებით დამხუნძლა საახალწლო ნაძვის ხესავით, მაგრამ ხომ გამზარდა? შეეძლო მივეტოვრბინე, საკუთარ ოცნებას გაჰკიდებოდა, როგირც ალისკამ ქნა ეს, ახლაღა გავაცნობიერე, რომ მე ვიყავი რუსუდანის ბორკილი. თუ შეიძლება დედისთვის შვილის არსებობას ბორკილი ეწოდოს.
არასდროს შემიხედავს დედაჩემისთვის ამ გადმოსახედიდან. ვხედავდი, როგორი მზრუნველობით უმუშავებდა ნიტას ნაჭრილობევს, მე რომ ვერაფრით ვაკარებდი ხელს. როგორ ფეხაკრეფით გაჰყავდა ღამით ჩემი ოთახიდან . ვხედავდი სიბრალულს მის თვალებში. ქვის უნდა ვყოფილიყავი ეს ყველაფერი რომ არ შემემჩნია და არ დამეფასებინა.

ერთ დილას საკუთარ ფიქრებში გართულს დედაჩემი უჩუმრად წამომადგა თავზე.

აივანზე ვიჯექი და ჩვეულად მასზე ვოცნებობდი. თვალდახუჭული ვხედავდი, როგორ ვუხსნიდი გაბუტულს და გაბრაზებულს კაბის ღილებს და აქვე , ამ აივანზევე ვტკბებოდი მისი სურვილით.

_ ვერ დაივიწყე არა?_ მომესმა და ცხადი ოცნებისგან წამში გამოვფხიზლდი.

_ რუსუდან!_ გამაფრთხილებლად ავხედე. არ მსურდა, მასზე ვინმეს ესაუბრა.

_ შვილო, თუ ასეთი ძვირფასია შენთვის, რატომ გაუშვი ?_ არ მომერიდა და გვერდით ჩამომიჯდა.

_ სწორედ იმიტომ გავუშვი, რომ ძვირფასია, მაგრამ მეეჭვება შენ ეს გაიგო!_ არ მინდოდა, მაგრამ მაინც წამომცდა გულსატკენი სიტყვები.
უცნაურად სევდიანად გაეღიმა.

_ რომ იცოდე, რა მწარედ ცდები!_ ჩაილაპარაკა და უცნაური გულახდილობა დავიჭირე მის სიტყვებში.

_ რის თქმას ცდილობ?_ ისე ვკითხე მისკენ არც მივბრუნებულვარ.

_მე ერთადერთხელ მიყვარდა ცხოვრებაში და ახლაც მიყვარს! მაგრამ ამ სიყვარულმა ვერ შესძლო და ვერ გამაკეთილშობილა! ისევე, როგორც შენ!_ გაოცებული მოვტრიალდი მისკენ.

_ რატომ გიკვირს? აი, შენც ხომ მოუკალი გული, მაგრამ ხომ გიყვარს არა? აბა რა განსხვავებაა ჩვენს შორის? რომ არა ნიტა, შენ უკვე დიდი ხნის გაქცეული იქნებოდი მასთან! ისევე როგორც მე , რომ არა ლიკუნა!_ გავშრი. გავფითრდი. დედაჩემი წამოდგა და მოაჯირს დეყრდნო.

_ მამაშენიც სწორედ მასავით გაიქცა ჩემგან და მეც გავუშვი! მეც შენსავით საკუთარი წუმპისთვის ვერ გავიმეტე მისი სისპეტაკე! უცნაურია არა? ტკივილი ტკივილს შობს, სიბნელე სიბნელეს! _ უცებ ჩემკენ მობრუნდა ორივე ხელი მხრებში ჩამავლო და თვალებში ჩამხედა.

_ ნუ დაუშვებ იმ შეცდომას, რაც მე დავუშვი! იცოდე ინანებ, მაგრამ გვიან იქნება!

მიბრუნდა და აბრეშუმის მდიდრული ხალათის შრიალით სახლში შევიდა.
რაც უფრო მეტად ვცდილობდი დედაჩემისგან გაქცევას, გამოდის სულ უფრო ვემსგავსებოდი მას.
საკუთარ სისხლს და ხორცს ვერსად გავექეცი. საკუთარ მახინჯ გენებს. საკუთარ სიბნელეს.

ოპერაციიდან ოპერაციამდე დრო ერთდროულად საოცარი სისწრაფით და აუტანელი სიზანტით გადიოდა. აღარ არსებობდა დროის ძველებური აღქმა, ახლა იყო დრო _ გასული ანალიზიდან მომდევნო ანალიზამდე , მომდევნო გამოკვლევამდე, გავტანჯეთ პატრა სათუთი ნიტა და გავიტანჯეთ ჩვენც.
თუმცა სრული განკურნება,
ბევრი იმედის, წვალებისა და ტკივილის მიუხედავად, არ დადგა.

არ ვიცი , ნიტა რომ ჯანმრთლელი ბავშვი ყოფილიყო, ისეთივე ლაღი და ბედნიერი, როგორც სხვა ბავშვები არიან. როგორ მეყვარებოდა და რას ვიზამდი, მაგრამ მაშინ, იმ წამს მეგონა, რომ იმაზე მეტი სიყვარულით მე რომ ჩემი ნამცეცი გოგონა შევიყვარე არასდროს არავინ არ მეყვარებოდა. მთელმა სამყარომ მის მიღმა გადაინაცვლა. მთელი ხმაური მისი სუსტი გულის ხმამ გადაფარა. მთელი უკიდეგანო სივრცეები, ტკივილის მიუხედავად, მისმა აციმციმებულმა თვალებმა დაიტიეს. და ასე გავიდა ის მტკივნეული ორი წელი.
დრო დადგა საქართველოს გარეთ გვეძებნა ნიტასთვის ახალი გული.
ბედის ირონიით ადამიანის სიკვდილს ვნატრობდი ჩემი გოგონას გადასარჩენად. უცნაური არჩევნის წინ მაყენებდა ცხოვრება, და მე ყოველგვარი სინანულის გარეშე ნიტას სიცოცხლეს ვირჩევდი. სამყაროს კანონზომიერება მოითხოვდა ამას,
სიცოცხლე სიცოცხლის სანაცვლოდ...



4
_შენ რომ ჩემთან ყოფილიყავი ამ მძიმე დროს, შენ რომ მაძლიერებდე... მხოლოდ ვიცოდე, შინ მოსულს, დაღლილს და უიმედოს შენ მელოდები... ხსნა იქნებოდა ჩემთვის!

ჩემს მანქანას მეკობრის ხომალდს ეძახდა, მე კი "კაპიტან შავწვერას! " მეღიმება ამის გახსენებაზე. ჩემი სხეულის ყოველი უჯრედის მახსოვრობაში ცოცხლობს. ჩემ გარშემო ყველგან ისაა. დრო უმოწყალოდ გადის, მაგრამ ჩემი გრძნობები არაფერით იცვლება.

ახლა უკვე ჩვენც ვტოვებთ საქართველოს და ავსტრიის დედაქალაქში მივფრინავთ. მხოლოდ მე და ნიტა.

აღარ ვსაუბრობ იმ კოლოსალურ თანხებზე, რაც გვჭირდება და ხშირად ვფიქრობ მათზე, ვისაც ამის საშუალება არ აქვს. თავს იმ უიმედო მდგომარეობაში წარმოვიდგენ, მამად, რომელსაც არ შეუძლია, ეს მაინც გააკეთოს საკუთარი პატარასთვის და უარესად განვიცდი.

ვინ თქვა, რომ ფული ცხოვრებაში უმნიშვნელოა? ამ წამს ჩემი შვილის სიცოცხლე, პირდაპირი მნიშვნელობით,
რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ღირს. ეს პაწაწუნა ორგანო, ერთი ციდა ხორცის ნაჭერი, სულ ერთი მუჭა კუნთი, ისე უნდა ვიყიდო , როგორც კარტოფილს ან ხახვს ვყიდულობ ბაზარში. რაღაც პარადოქსალურ უაზრობას ვამბობ , მაგრამ ასეა და ეს ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა, სინამდვილეში არც ისე მარტივია, როგორიც ჩანს.

გულის მომლოდინეთა რიგი უზარმაზია და მთელი ეს ხალხი მოთმინებით უცდის ვიღაც, ჯერ კიდევ მფეთქავი და სიცოცხლით სავსე, ადამიანის სიკვდილს.
ადამიანის, რომელიც შესაძლოა ახლა და ამ წამს მოტოციკლეტს მიაქროლებს ნაწვიმარ გზაზე და წვიმის სურნელით ივსებს ფილტვებს. ან ოკეანის ტალღებში სერფინგის დაფაზე დგას და თავისუფალი ქროლვით ტკბება. იქნებ სადმე სამთო კურორტზეა, თხილამურებით ეშვება და ადრენალინი ავსებს? ანდაც ბანკში დგას მოწყენილი და სევდიანი საკუთარ რიგს ელოდება. იქნებ სულაც საყვარელ ადამიანს უცდის პაემანზე წითელი ვარდებით ხელში? ან მოსაწყენ ლექციაზეა და ნახევრად ყვინთავს. იქნებ მზრუნველი დიასახლისია, სამზარეულოში ტრიალებს და წამდაუწუმ საათს უყურებს, სკოლიდან მომავალი შვილების მოლოდინში. თანაც წარმოდგენა არ აქვს, რომ ჩვენც ყველა ჩვენგანი, ჩასაფრებული მხეცებივით, მისი სიკვდილის მოლოდინში საათის ისრებს წამებით შევყურებთ. ვინ არის ის ადამიანი, ვის სიკვდილსაც ჩვენ ასე სისხლმოწყურებული მონსტრებივით ვუცდით? თან ერთმანეთს ეჭვით გავყურებთ, ეჭვით და ბრაზით. იქნებ ჩვენი პოტენციური მეტოქის სიკვდილსაც ვნატრობდეთ გვერდით პალატაში ჯერ კიდევ სუსტად რომ ფეთქავს? აქ არავის აინტერესებს ნიტას ასაკი, აქ არავის ადარდებს, რომ მისი გული უკვე ძალიან დაღლილია ბრძოლით, აქ არავის ეცოდება ის საკუთარ შვილზე მეტად და თან ყველას საშინლად ებრალება! რამხელა პარადოქსია ხვდებით? ახლა იცით რას ვნანობ? ვნანობ რომ ქართველი ვარ. ვნანობ, რომ ავსტრიაში არ დავიბადე! რადგან პრიორიტეტი ამ ირონიულ, სიცოცხლისმოსურნეთა სიაში ავსტრიელი პაციენტები არიან. ჩემი პატარა გოგონა კი სადღაც სიცოცხლის სიის ბოლოშია, როგორც წინადადების ბოლოს დასმული მრავალწერტილი.

_ ნეტავ ჩემთან იყოს! ჩვენთან იყოს, ნეტავ იცოდეს!_ მერამდენედ ვნატრობ მას_დაე შევებრალო, ოღონდაც დაბრუნდეს. შეებრალოს ნიტაც და მისი დედობა მოუნდეს! მგონი ვგიჟდები! ჭკუიდან ვიშლები!

_ გამარჯობა ბატონო გოთუა!_ პალატაში ექიმი შემოდის.

_ გამარჯობა!_ ვესალმები დაღლილი ხმით და ოცნებებიდან კვლავ რეალობას ვუბრუნდები.

_ დღეს გამოკვლევებს ჩავატარებთ, იმედია ყველა პასუხი დამაკმაყოფილებელი იქნება, შემდეგ კი დავიწყებთ მზადებას ოპერაციისთვის! ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, დონორი ნებისმიერ წამს შეიძლება გამოჩნდეს. _ ამბობს ექიმი და ნიტას საწოლის ბოლოში დაკიდულ დაფას, სადაც მისი მონაცემები წერია თვალს ავლებს. თავს უკმაყოფილოდ იქნევს. ნიტას ისევ სიცხე აქვს, ანუ რაღაც ბაქტერია გვებრძვის. ეს კი ძალიან საშიშია!

ეს სია თითქოს ცოცხალია, მუდმივად მოძრაობს, ხან იზრდება ხან პატარავდება. მას მუდმივად ემატება და აკლდება მომლოდინე პაციენტები.
ექიმი დეტალურად მიხსნის ტრანსპლანტაციის წინარე და შემდგომ პროცედურებს. არსებობს რისკი, რომ უკვე გადანერგილი ორგანო არ იგუოს ბავშვის ორგანიზმმა. რომ იმუნურმა სისტემამ ისე მიიღოს, როგორც უცხო სხეული და მისი უარყოფა სცადოს. წარმოიდგინეთ, მაშინ როცა ფაქტობრივად ბრძოლას მოვიგებთ, შესაძლოა მთელი ომი წავაგოთ.
მე ყველაფერს ვუსმენ, მაგრამ თითქოს საკუთარი სხეულიდან გამოსული საკუთარსავე თავს შორიდან შევყურებ.
სადღაა ამაყი და ბობოქარი ბაქარი? სადღაა ჯიუტი და თავნება ბაქარი? ექიმი საუბარს ასრულებს და პალატიდან გადის.

_ მამიკო!_ მეძახის სუსტი ხმით ნიტა.

_ ხო პრინცესა!_ მაშინვე გვერდით ვუჯდები.

_ ვინი პუჰი მინდა?_ მარცხენა, გალეული ხელით საწოლში დაკარგულ ყვითელ დათუნიას ეძებს. ვაწვდი და მშვიდდება. მარჯვენა ხელს , რომელზეც სისტემა უდგას არასდროს ამოძრავებს. ეშინია. იმ მხარეს არც კი იხედება. ნიტამ იცის რა არის სისტემა, იცის რა არის ანალიზი, იცის რას ნიშნავს კარდიოგრამა, ესმის უამრავი საშიში და რთული ტერმინი. შიშის მიუხედავად იცის, რომ ეს მას სჭირდება და მხოლოდ ბავშვებისთვის დამახასიათებელი უტყვი და უცნაური მოთმინებით იტანს და უძლებს. მაგრამ ნიტამ არ იცის, რას ნიშნავს კარუსელებზე კატაობა. არ იცის, რას ნიშნავს მეგობრებთან ერთად სირბილი. არასდროს უთამაშია დაჭერობანა. არ ყოფილა ზოოპარკში. მაგრამ ეს არაფერი არაა იმასთან შედარებით, რომ ნიტამ არ იცის, რას ნიშნავს დედა. ის მხოლოდ ორი წლისაა და დედა არასდროს უნახავს. მას მხოლოდ მამიკო ჰყავს. მამა კი არა, მამიკო!

ვცდილობ შიშები გავყარო , გავფანტო და სხვა სამყაროში თუ არა ამ პალატიდან შორს მაინც გადავკარგო. მამიკომ ხომ ყველაფერი იცის! მამიკოს ხომ არასდროს ეშინია! მამიკო ძლიერია! მამიკო უძლეველია! მამიკო მეფეა , ნიტა კი მისი პრინცესა!

ეს ნიტას ჰგონია ასე, თორემ მე რომ მკითხოთ, ჩემზე უძლური, მშიშარა და საბრალო კაცი დედამიწაზე არ დადის, მაგრამ ამას ნიტას ვერ ვაგრძნობინებ!

საღამოს ჩვეულად ლიკუნა რეკავს.

_ როგორ ხარ მამიდას მტრედო?_ ხანდახან არ მჯერა, რომ ეს ლიკუნაა.

_ მომენატრე მამიდა!_ უღიმის და ეჭყანება ნიტას. აშკარად ამჩნევს, როგორი სევდიანი და ძალაგამოცლილია ჩემი ნამცეცი.

_ მეც მომენატრე!_ უღიმის ნიტაც , მაგრამ ეს უცნაურად სევდიანი ღიმილია.

_ მე ახალი გული მექნება!_ ისევ უღიმის. თან ისე ადვილად ამბობს ამ სიტყვებს, თითქოს ახალი დედოფალა სათამაშო უნდა აჩუქოს მამიკომ.

_ გინდა მამიდა შენთან ჩამოვიდეს?_ ეკითხება ღიმილით ლიკუნა და ცრემლებს ფარულად იწმენდს.

_ მინდა!_ უხარია ნიტას.

_ მოვდივარ ჩემო მტრედო, დამელოდე!_ პასუხობს ლიკუნა.
შემდეგ მე მესაუბრება, ყველაფერი აინტერესებს. მეც ვამჩნევ, რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ვერ მეუბნება.

_ მითხარი ლიკუნა!_ ვამხნევებ მე.

_ ის იყო მოსული!_ უცებ გული საგულეში მიხტება, მტკივნეულად მიჭერს. არ ვიცი რატომ, მაგრამ წამში დავიჯერე , რომ ის დაბრუნდა.
ლიკუნა მატყობს, როგორ შევკრთი. ხვდება , რაც მგონია.

_ არა ძამიკო, ალისა იყო!_ უეცარ სიხარულს საოცარი იმედგაცრუება ენაცვლება. შემდეგ მას ნელ_ ნელა ბრაზი ცვლის.
არაფერს ვამბობ, მაგრამ ჩემი და ყველაფერს იგებს.

_ რუსიკომ გააგდო! ის კი ტიროდა, პატიებას ითხოვდა! შენთან საუბარი უნდა!_ თვალები დახარა ლიკამ._ იქნებ დალაპარაკებ... ტელეფონს ვთიშავ. ჩემი და ნიტას სამყაროში ალისკას ადგილი არ არის!
აღარ მსურს მასზე რამის გაგება!!!

ზუსტად ერთ კვირაში ჩემი და ჩამოვიდა. მისმა ნახვამ გაახალისა ნიტა. ნიტას ძალიან უყვარს ფერადი და მხიარული ლიკუნა. თავად საოცრად ჰგავს მამიდამისის პატარაობას. მასაც ასეთი ბრჭყვიალა კულულები ჰქონდა ბავშვობაში, ზუსტად ასეთი მრგვალი გაოცებული თაფლისფერი თვალები. ანიტაც ლიკუნასავით საყვარელია. ალბათ, როცა გაიზრდება მას დაემსგავსება .
თუ გაიზრდება?! მიელავს სასტიკი ფიქრი და მინდება სახეში ძლიერად შემოვილაწუნო. ფეხზე ვდგები და პალატიდან საპირფარეშოში გავრბივარ. კედელს მუშტებს ვუშენ და ცხოველივით ხმადაბლა ვღმუი.
ასე რომ არ მოვიქცე, გავიგუდები!

ნანუკა ხშირად მწერს:

" ბაქარ როგორ არის ნიტა?"
" სტაბილურად, ნანუკა, მაგრამ დონორის პოვნა ჭიანურდება! მეშინია ნანუკა!"
მხოლოდ ამ უცნაურ გოგოსთან ვარ გულახდილი. მასთან არ მჭირდება რამის დამალვა და ძლიერი კაცის როლის თამაში.
" ნუ გეშინია ბაქარ! ყველაფერი კარგად იქნება!"
" ნანუკა, მასზე მომიყევი რამე?"

ღმერთო, როგორ მჭირდება ახლა! მასზე საუბარიც კი მამშვიდებს.

" ჩემო დემონო

ქარისგან შობილს
მდიე ველად,
მომიხელე, ვერ...
წლები გადიან,
ქარიშხლი როგორ გემონო?
ჩემთვის არ არის
რწმენა სხვათა,
სხვათა უფალი...
რადგანაც შენი სამხვერპლო ვარ
ჩემო დემონო.
შენი წყვდიადი, მირჩევნია
სხვათა სინათლეს...
და მივეჩვიე, რომ შენს გამო
უნდა მეტკინოს...
მაგრამ იარებს არასოდეს
არ დამიამებ.
ჩემს თავს, როგორღაც
ვუაქიმებ ისევ მე თვითონ.
შენი სიმართლე მწარე არის,
როგორც ბალღამი...
შენი სურვილი მწვავს და ისევ
ფერფლისგან ვდგები...
მე სინათლე ვარ,
შენ დემონი,
წყვდიადის მეფე.
ერთად ვერასდროს ვიარსებებთ,
ამასაც ვხვდები.
ქარიშხლად შობილს, მომიხელებ?
ვერა , ვერასდროს...
თუმცა მჯერა , რომ
პირველივე ნახვისას მიცან...
მე სამსხვერპლო ვარ,
ო, საბრალო ჩემო დემონო.
და სამსხვერპლოზე
ჩემს საკუთარ
სიცოცხლეს გწირავ!"
( ვე რა)

ამ ლექსს მიგზავნის ნანუკა. და არცერთ სიტყვას მეტს. არც არის საჭირო. და მე უცბად უსაშველოდ მიხარია. ისიც ფიქრობს ჩემზე. ისევ ჩემი სურვილით იწვის. დღემდე ფიქრობს, დღემდე განმიცდის, ვერ დამივიწყა. დაე ვიყო დემონი, თუნდაც საბრალო, ოღონდ ის საკუთარ დემონად მთვლიდეს. მქონდეს მასთან რაიმე საერთო. ის მართლაია, დღემდე ჩემი სინათლეა, ნამდვილად ქარიშხალია, მოულოდნელად რომ დამატყდა თავს და ჩემი ყველა ბარიერი დაანგრია. ის არის ჩემი ტკივილის მიზეზი, ის არის ჩემი სული.

პალატაში ვბრუნდები ნიტასთან. ძალიან მინდა ის დღე დადგეს, როცა ნიტას გავაცნობ. შეუძლებელია არ შეიყვაროს. შეუძლებელია! ოღონდაც ახლა გავუძლოთ, ოღონდაც ახლა გადავრჩეთ. მე ყველაფერს შევცვლი, მის გამო ყველაფერს თავიდან დავიწყებ, ოღონდ ამ ქარიშხალს გადავურჩეთ. სადღაც გულის კუნჭულში ისევ ბჟუტავს იმედი. იმედი , რომელიც არასდროს კვდება.



5

ადამიანები ერთმანეთის ყურადღებას პირველად ალბათ გარეგნობით იქცევენ, არა? არ ვიცი, ალბათ თვალებით? ან თითებით? თმით? მე კი მისმა ცხადმა ოცნებამ მომაჯადოვა. მის
სახეზე ასახულმა იმ ნეტარმა ემოციამ, დახუჭულ თვალებს მიღმაც რომ გარკვევით მოუჩანდა.
ის ერთდროულად სუსტი და ყველაზე ძლიერი ქალი იყო, ვისაც მე შევხვედრივარ. იმდენად ღია და გულწრფელი, რომ ყველა მისი ფიქრი მისსავე თვალებში იკითხებოდა. აუტანელი თავისი სიჯიუტით, მაგრამ მომხიბვლელი საოცარი შეუპოვრობით. ახლაც არ მესმის, რატომ დავიჯერე, რომ იმ ყველაფრის შემდგ, მის შენარჩუნებას შევძლებდი?! რატომ მჯეროდა, რომ ქორწილი რაიმეს საჩემოდ შესცვლიდა? ჩემს თითზე, საქორწინო ბეჭედი იმის დასტურია, რომ ის ჩემი ადამიანია ღმერთის წინაშე და უპირველესად ჩემი საკუთარი თავის წინაშე. იურიდიული უაზრობების გარდა, განა რა მნიშვნელობა აქვს კანონიერ ქორწინებას? რატომ ვერ მივხვდი ეს ადრევე და რატომ ვერ გავიაზრე? ქაღალდი მხოლოდ ქაღალდია და მას გრძნობებთან კავშირი არ აქვს! ჩვენ ხომ ამ ხელმოწერით მხოლოდ ერთმანეთის დასაკუთრებას ვცდილობთ. იმიტომ რომ ბუნებით ყოველი ჩვენგანი მესაკუთრეა. არადა ადამიანი , როგორ შეიძლება შენ გეკუთვნოდეს? ის მხოლოდ მაშინაა ნამდვილად შენი, თუ წასასვლელი ყველა გზა ხსნილი აქვს, ფრთები გასაფრენად ბოლომდე გაშლილი და შენგან მაინც არსად მიდის. რატომ არასდროს მიფიქრია ამაზე? მე ვცდილობდი მის კონტროლს, ტყუილით და ნების წართმევით.
მაშინ როდესაც მას სულაც არასად სურდა ჩემგან წასვლა. მე სულელმა თავად ვაფიქრებინე, რომ ჩემი სიყვარულის ტყვე იყო. რომ ის სიყვარულს კი არა, რაღაც აბსურდულ სინდრომს გრძნობდა. დავაჯერე, რომ ბაქარს სხვაგვარად არ შეეძლო! რომ ვერ შეიცვლებოდა! რომ მისი თავისუფლება მხოლოდ ორ გზას უტოვებდა: მარჯვნივ მესაკუთრე ბაქარი, მარცხნივ მარტოობა! თუმცა ორივე გზას უეჭველ საერთო ნიშნულამდე მიჰყავდა ის. ეს იყო_ ტკივილი!

ყოველთვის ვეჭვიანობდი, როცა სხვების თვალებში მისით აღფრთოვანებას ვამჩნევდი.
ის კი არასდროს შემიმჩნევია, როგორი შურით მიყურებდნენ მის გვერდით მიმავალს, იმიტომ რომ მისი თვალები მხოლოდ მე მხედავდნენ! იმის მაგივრად დედოფალივით ევლო, ჩემგან გათამამებულს და საკუთარი შეუცნობელი სილამაზით და მომხიბვლელობით განათებულს, მე ის სახლში გამოვკეტე, რათა მხოლოდ მე მქონოდა უფლება მისი ყურების. რატომ? მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრს მოკლებული კომპლექსების გამო! იმიტომ , რომ გულის სიღრმეში თავად არ ვთვლიდი თავს მის ღირსად. შეიძლება ის არ აფასებდა სინათლეს, რომელსაც ასხივებდა, მაგრამ მე ხომ კარგად ვიცოდი, რომ საკუთარი სინათლით ჩემი სულის წყვდიადსაც ფანტავდა. და იმის მაგივრად, რომ სული შემებერა და ამებრიალებინა, მე ჟანგბადი გადავუკეტე. მინავლებული ნაკვერჩხალივით ჩავბჟუტე და ჩავანაცრე. თითქოს საკუთარ თავს დავიმსგავსე. რაღაც მომენტში გავტეხე და დავიმორჩილე. მისი ალერსის დროსაც კი, არ ვფიქრობდი მის ბედნიერებაზე, მე მხოლოდ საკუთარი სიამოვნება მმართავდა. თითქოს ვერაფრით ვძღებოდი მისით. ხარბად და დაუსრულებლად მსურდა.
თითქოს სამყაროს ვუმტკიცებდი, რომ ის მე მეკუთვნოდა.
არა, სინამდვილეში მე მხოლოდ საკუთარ თავს ვუმტკიცებდი ამ ყველაფერს!
მიჭში მოვიმწყვდიე , როგორც სათუთი ციცინათელა და კინაღამ თითებს შორის ჩავისრისე! მას ეყო გონიერება და თვითგადარჩენის ინსტიქტი და ჩემგან გაიქცა! ის სრულიად მართალი იყო!

ვიცოდი ნანუკა არაფერს უყვებოდა მას ჩემზე. ვიცოდი, რადგან ის არაფერს ეკითხებოდა. დუმდა და მხოლოდ ლექსებს წერდა. თუმცა ამ ლექსებით ყველაფერს მიყვებოდა:

"მაშინ, როდესაც
წასვლას ვნატრობდი,
მქონდა მიზეზი.
განა გავრბოდი...???
მაგრამ მაინც
მერჩია სხვაგან.
შენ აგირჩიე .
შენ მოგეკედლე
და შეგეფარე.
სწორედ შენს გამო
გავბედე და
გადავდე წასვლა.
ახლა რამდენი რამე მოხდა
სულაც სხვაგვარად.
მაგრამ დროდადრო
ჩემი ფრთები თავს
კვლავ მახსენებს.
ამ სამყაროში შენ ქმნი
ჩემთვის მიზიდულობას!
მე კი შენს გამო
გულისცემას ჩემსას ვაჩერებ.
უცნაურია, შენს თვალებში ვხედავ უდაბნოს.
შენი კომპასიც მუდამ ახალ მხარეს აჩვენებს.
ამბობ ,რომ შენს სულს ძიების გზა გასავლელი აქვს.
მაგრამ არ გახსოვს, მე შენს გამო ფრთები დავკეცე.
და ისე მჭიდრო მარწუხებად შემოვიხვიე ...
თავისუფლებას ტკივილები უფრო მახსენებს.
უმადურობა რომ სენია კაცობრიობის!
თავისუფლება რომ გერევა ჟინში, ვნებაში!
რომ სიყვარული ფრთებს გასხავდეს წესით სჯობია,
მაგრამ
შენ იგი აურიე ფრთების მსხვრევაში!
მე ვინ ვიყავი აღარ მახსოვს ...
და ვინ ვარ ახლა?
მე ის არა ვარ ვინც მსურდა, რომ ვყოფილიყავი.
მე ვაღიარებ,
რომ არ ვნანობ დარჩენას მაგრამ
მგონი ხანდახან ,მაინც ვცდილობ ფრენას სიზმარში."(ვე რა)

რაღა უნდა ეთქვა ამაზე მეტი? მე ყველაფერი ისედაც კარგად ვიცოდი. ნანუკას ავუკრძალე ჩემი ამბების მისთვის მოყოლა. არ მინდოდა სიბრალულის გამო დაბრუნებულიყო. მოვკვდებოდი სიბრალულით რომ შემოეხედა. თანაც ხელმეორედ ვერ დავუნგრევდი ცხოვრებას, რადგან არაფერი იყო გარკვეული და ჩემი და ნიტას მომავალიც ბუნდოვნად მოჩანდა.

ლიკუნა საუბარს ცდილობდა. ვიცოდი ალისკაზე უნდოდა მოეყოლა. მაგრამ ახლა მისი სპექტაკლებისთვის არ მცხელოდა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, გაბრაზებულმა ლიკუნამ უხეშად მომახალა.

_ ვის ვის და შენ კი უნდა გესმოდეს, რომ ადამიანები შეცდომებს უშვებენ! ის ნიტას დედაა! არ გაქვს უფლება არ მოუსმინო!_ გაცოფებულმა შევხედე_ მე მას არ ვამართლებ, გესმის? მძულს და ვერ ვპატიობ ჩემი გოგო ასე რომ მიატოვა, მაგრამ ... ვაი თუ... იქნებ ჯობდეს ჩვენი გოგო დედას შევახვედროთ. ისევ ნიტასთვის , მხოლოდ და მხოლოდ!

ჩემს დას გვერდი ავუქციე და პალატაში შევედი. ნიტას ეძინა. ფაიფურის თოჯინას ჰგავდა. ოდნავ მოლურჯო ფერი გადაჰკრავდა მის გამჭვირვალე კანს. თვალები თითქოს ჩასცვენოდა და ისე სუსტად სუნთქავდა ეჭვიც კი შემეპარა ...
მივედი და მის გვერდით საწოლზე მოვიკუნტე. ვუყურებდი მძინარს და ვფიქრობდი, თუ რამდენი რამის მიცემა მსურდა მისთვის. შემეძლო სამყარო მის ფეხებთან მიმეტანა. საუკეთესო მომენტები მეჩუქებინა. მუდამ ვყოფილიყავი მისი ღიმილის მიზეზი, გაზრდილიყო ლამაზი და მშვენიერი, თამამი იმით რომ მამიკო მხარს უმაგრებდა.
ახლა კი ვიწექი და მის სუნთქვას ვდარაჯობდი და მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვოცნებობდი, რადგან მომავლალზე ოცნების უფლება არ მქონდა.

პალატის ოდნავ შეღებული კარიდან უცნაური აღელვებული ხმები შემომესმა. თავი წამოვწიე ინტერესით და ლიკუნა გაფითრებული სახით შემოვიდა კიდეც. კარები მჭიდროდ მიხურა, თითქოს იქიდან საფრთხე გველოდა და კარის ჩაკეტვით ამ საფრთხეს თავიდან გვარიდებდა.

_ რა ხდება ლიკუნა?_ წამოვდექი შეშფოთებული.

_ რომი ლამარი! _ მითხრა აკანკალებული ხმით. რომი პატარა, ათი წლის ავსტრიელი ბიჭუნა იყო, გულის მწვავე უკმარისობით._ დაიღუპა, გული გაუჩერდა ამ წამს!

გული შემეკუმშა, ნიტას გადავხედე. რომი ნიტაზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიცოდით, რომ ის, როგორც ავსტრიელი იმ საშინელი სიკვდილ_ სიცოცხლის სიის სათავეში იყო. მახსოვს მისი მშობლების ადგილას ყოფნაზეც კი ვოცნებობდი რამდენიმე წუთის უკან.
და აი! ის აღარ იყო! მისი გული დანებდა და ბრძოლა შეწყვიტა! ისევ საწოლზე ჩამოვჯექი. პალატიდან გასვლა არ მინდოდა. არ მინდოდა, მამამისის თვალებს გადავყროდი სადმე. არ მინდოდა, იმ კაცის თვალებში დანახული ემოციის დამახსოვრება, რადგან სიკვდილივით მეშინოდა, რომ ოდესმე ჩემს საკუთარ სახეზეც არ ამომეცნო ის.

_ იცი ეს რას ნიშნავს?_ დამნაშავის ხმით ამოილაპარაკა ლიკუნამ და თვალი ამარიდა. გეფიცებით იმ წამს სამყარო შემძულდა! ჩემი დაც შემძულდა და ჩემი საკუთარი თავიც! ყველაფერი შემძულდა, მაგრამ სიმშვიდის მახინჯი ანარეკლი მაშინვე ჩამისახლდა გულში. ეს შანსი იყო! ჩვენი შანსი! ნიტას შანსი!

პალატაში ვეღარ გავძელი, სული მეხუთებოდა. ავდექი და გარეთ გამოვედი. განყოფილების მთავარი ექიმის ნახვა მსურდა, მსურდა მეკითხა, რამდენად რეალური იყო შანსი, რომ რომის კუთვნილი გული ახლა ნიტას შეხვედროდა.
დერეფნის ბოლოში რამდენიმე საათში გათეთრებულ და ჩამობერებულ ენდი ლამარის მოვკარი თვალი. პირდაპირ თვალებში შევხედე. ჯერ კიდევ სამი დღის უკან, ერთად ვსვამდით ყავას პალატის წინ და ერთმანეთს ვამხნევებდით. ახლა კი იმ გულს, რომელიც მისი ბიჭუნას მკერდში უნდა აძგერებულიყო, შესაძლოა ჩემი ნამცეცის მკერდში დაედო ბინა. დამნაშავესავით გავშეშდი, თვალი ვერ ავარიდე, წაშლილ თვალებში წამით გაუკრთა რაღაც ბრაზისმაგვარი ემოცია, კაცმა არ იცის რა ძალისხმევით, შეკავებული ცრემლი აუკიაფდა. შემდეგ სევდიანად გამიღიმა და ცოლის აცახცახებულ მხრებზე მოხვეული ხელები უმწეოდ გაშალა. ეს იყო ამ ქვეყნად ყველაზე გულისმომკვლელი და უმწეო ჟესტი, სადღაც ინტერნეტში წაკითხული ლექსი გამახსენა მისმა უმწეობამ.

"არახდენილი ოცნებები
აწყვია სადღაც,
თუ ვერ მიმიხვდი,
ვერც აგიხსნი,
არ მყოფნის ძალა!
ანდა რამ უნდა აგატიროს
იმაზე მეტად?
უმწეოდ გაშლილ,
მამის ხელებს
როდესაც ხედავ?
ზოგჯერ, როგორი ამაოა
იმედი ხვალის...
არასრულებულ ოცნებაზე
ფიქრის და დარდის!"

(ვე რა)

მივუახლოვდი და ისე გადავეხვიე, როგორც საკუთარ ძმას. ყველაზე უკეთ ალბათ მე მესმოდა მისი, რადგან მთელი ეს დრო სწორედ მე ვიყავი მისი დარდის ერთგული თანაზიარი.

ლიკუნას იმედი გამართლდა. ნიტა გამოკვლევებზე გაიყვანეს, ყველაფერი სასწრაფო და მოსასწრები იყო. ბედმა გაგვიღიმა, ანალიზები მოსალოდნელზე მეტად სტაბილური ჰქონდა. ოპერაციაც დაიგეგმა, მე კი მოუთმენლობამ შემიპყრო. ადგილზე ვეღარ ვისვენებდი, ვბორგავდი, თითქოს ვინმე იმ ჯერ არ არსებულ გულს წამართმევდა.
უფრო სწორედ გულს, რომელსაც ჩვენად ვთვლიდი, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჰყავდა პატრონი. ყველაფერი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა შეცვლილიყო, ზუსტად ისე, როგორც ეს პატარა რომის დაემართა. უკვე ისე ახლოს ვიყავით მიზანთან, რომ მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენაც კმაროდა, და იმედიც არასდროს ყოფილა ჩემთან ამდენად ახლოს და თან შორს!! გაგიჟებამდე ერთი ნაბიჯი მაკლდა.

_ ბატონო გოთუა! _ეს გვარით მომართვაც ყურს მჭრიდა. ყველაფერი მაღიზიანებდა._ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გაგაცნოთ რისკები და მოვაგვაროთ იურიდიული მხარე, რომ თქვენ ეს რისკები გესმით და მათ კარგად აცნობიერებთ. ოპერაციის სირთულეს, ხვდებით არა? ისიც ხომ ცნობილია, რომ ოპერაციის სრული წარმატებაც კი არაა ნიტას გადარჩენის სრული გარანტი!
ყველაფერი მესმოდა და ყველაფერს ვხვდებიდი. მაგრამ იმედი მქონდა, და როგორც წყალწაღებული, ხავსს ისე ვებღაუჭებოდი.

ნებისმიერი ოპერაციის წინ ღელავ და გეშინია. იქნება ეს სულ პატარა რამდენიმე საათიანი თუ უზარმაზარი ნეიროქირურგიული ოპერაცია.
მაგრამ იმის გააზრება, რომ ნიტას გამხდარი მკერდიდან გულს ამოიღებდნენ და თუნდაც წამით ... მხოლოთ წამით... არა ამის თქმაც კი არ შემეძლო. ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო. ამაზე ჯობდა არ მეფიქრა!

გავდიოდი და გამოვდიოდი საოპერაციოს წინ , ვჩერდებოდი ვაყურადებდი და მერე ისევ უაზროდ ვაგრძელებდი სიარულს .
ეს არ იყო მისი პირველი ოპერაცია, მაგრამ იმის წარმოდგენა, თუ როგორ...

_ არა! არ იფიქრო ბაქარ! არ იფიქრო!_ შემოვუძახე საკუთარ თავს.

კადრები გაცრეცილად მოძრაობდა. ვიღაც მიდიოდა, ვიღაც მოდიოდა. ვიღაც რაღაცას მეუბნებოდა. დავიღალე, გადავიღალე, თავი მისკდებოდა. პირდაპირ ჩემს თავის ქალაში ფეთქავდა ნიტას გული. ბაგაბუგი გაუდიოდათ საფეთქლებს.
მივხვდი ასე მანამდე გავგიჟდებოდი, სანამ ნიტას ოპერაცია დამთავრდებოდა. იქვე დერეფანში ჩამოვჯექი და ვცადე დავმშვიდებულიყავი.
ტელეფონი ავიღე და ნიტას სურათებს ჩამოვყევი, სურათებიდან ვიდეოებზე გადავედი, და ძველ ვიდეოებს გადავაწყდი. უნებლიედ გამეღიმა, გაუაზრებლად. წამით იმ ძველ რეალობაში დავბრუნდი. სიმშვიდემ და ბედნიერებამ ამავსო.
აივნის სარწეველა სკამში ფეხებაკეცილი იჯდა. ხელში თავისი განუყრელი რვეულით და ყვავილებიანი კალმით. რაღაცას გამალებით წერდა, რომ დამინახა ვიდეოს ვუღებდი რვეული მაისურში დამალა და წარბები შეკრა.

_ მითვალთვალებ?_ მკითხა გაბუტული ხმით. ახლა მართლა არ მახსოვდა, მაშინ რაზე იყო ნაწყენი.

_ ხო, გითვალთვალებ!_ მესმის ჩემი ხმა.

_ ნუ მიღებ!_ უფრო ბრაზობს ის.

_ რატომ? სამახსოვრო ვიდეო იქნება! ხომ მემუქრები ერთ დღესაც წავალო და აი ეს ვიდეო დამრჩება შენ მოსაგონებლად!_ ეღიმება.

_ ანუ მეუბნები, რომ დაგავიწყდები და ვიდეოს გარეშე ვერ გამიხსენებ?

_ ხოო დამავიწყდები!

_ ნუთუ?!_ იცინის და თვალებში ჭინკები უხტის. საერთოდ აღარ ახსოვს, წამის წინ რომ გაბრაზებული იყო.

_ მოდი ისე ვქნათ , რომ ჩემი დავიწყება ვეღარ შესძლო!_ მეუბნება და პატარა მელაკუდას ჰგავს.

_ ხოო! _ კადრი უახლოვდება._ რას მთავაზობ ქალბატონო?_ ვეკითხები მე.

ის კი თვალებს ხუჭავს და ტუჩებს საკოცნელად ამზადებს. ისეთი ბავშვურია , ისეთი სანატრელი.
მისკენ ვიხრები და კადრი ირევა. მისი სიცილი ისმის, დაცერებულ ეკრანზე ჩანს, როგორ გარბის სიცილით ოთახისკენ.

_ ხოდა შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა!_ ვეძახი მე მხიარულად და ვიდეოც ითიშება.

თავს კედელს ვაყრდნობ. ისეთი დაღლილი და მარტოსული ვარ. ისეთი უიმედო. ნეტავ ჩემთან იყოს. რა იქნება , რომ ჩემთან იყოს.

_ არ უნდა გამეშვი!_ ალბათ მეათასედ ვნანობ, მაგრამ ვერაფერს ვცვლი.



6

არსებობს ასეთი გამოთქმა: გულიდან ლოდი მომშორდაო! ამ გამოთქმის აზრი, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როცა საოპერაციოდან ქირურგი გამოვიდა და ოდნავ გამიღიმა.
სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად , მაგრამ მივხვდი ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და გულიდან, სწორედაც რომ, უზარმაზარი ლოდი მომშორდა!

ნიტასთან, რა თქმა უნდა, არ შემიშვეს. მას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ეძინა. ქურურგის თქმით, როგორც კი სისხლის მიწოდება აღდგა, ნიტას ახალ გულს მაშინვე დაუწყია ფეთქვა. ახალი გული! რა უცნაური სიტყვათშეთანხმება იყო? არ მსურდა მეფიქრა იმაზე, თუ ვინ იყო ამ გულის წინა მფლობელი და რა გზით მოხვდა ის ნიტას მკერდში. და ძალიანაც რომ მდომოდა, მე ამ კონფიდენციალურ ინფორმაციას მაინც არავინ გამიმხელდა.

სადრენაჟო მილებით აღჭურვილი ჩემი გოგონა ტკივილგამაყუჩებლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამუდმებით აკონტროლებდნენ მის მდგომარეობას. აკვირდებოდნენ მის იმუნურ სისტემას. ამოწმებდნენ ინფექციებზე. იყო საშიშროება, რომ სხეულს გული არ მიეღო, ამიტომ აქტიურად აძლევდნენ იმუნოდეპრესანტებს, რათა სხეულს ანტისხეულების გამოყოფით არ დაეწყო ბრძოლა ჯერ კიდევ უცხო გულთან. მხოლოდ რამდენიმე დღეში შევძელი ჩემი ნამცეცი გოგოს მონახულება. ჩემს დანახვაზე ვარსკვლავები აენთო თვალებში. გალეული ხელი გამომიწოდა. მაგრად ჩავჭიდე თითები.

_ ახლა ყველაფერი კარგად იქნება მამიკო!_ ვუთხარი და პატარა თითებზე ვაკოცე. თავადაც ჩამეჭიდა.

_ მამიკო!_ მითხრა სუსტი ხმით.

მკურნალობა ნელ_ნელა უკეთეს ფაზაში გადავიდა. საფრთხემაც, როგორც იქნა ჩაიარა. ჩვენ გადავრჩით!

საავადმყოფოს აივანზე ვიდექი იმ ბოლო დღეს, როცა როგორც იქნა სახლში გაგვწერეს. ვიცოდი, ჯერ კიდევ უამრავი სანერვიულო წუთი და წამი გველოდა, მაგრამ ჩვენ ისე დავიწვით და შემდეგ ისეთი ფერფლიდან აღვსდექით მეეჭვებოდა ოდესმე , რამის წინაშე, კვლავ შიში გვეგრძნო.
ყოველი დაცემა მაძლიერებდა, ყოველი წყვდიადი ახალ ჰორიზონტებს მიშლიდა თვალწინ. დაკარგვის საფრთხემ და უკვე დაკარგულის ტკივილმა ღრმა ძილიდან გამომაღვიძა. ამ ორი წლის მანძილზე არაფერზე მიფიქრია ნიტას გარდა, უფრო სწორად კი ვფიქრობდი , მაგარამ ფიქრებს და ოცნებებს არ ვცდებოდი. იქნებ ბრძოლის დრო მოვიდა? თუ უკვე ძალიან დავაგვიანე? ვფიქრობდი ჩემს გულში, რომ დრო მცოლოდ ჩემთვის იყო გაჩერებული, თორემ იქნებ მისთვის გადიოდა და თან უამრავი სიახლეებიც მოჰქონდა?!
ვიდექი და ქალაქს გადავყურებდი. ხალხს, სიცოცხლეს, მოძრაობას და ჩემთვის მტკიცედ გადავწყვიტე, საკუთარ თავზე უარის თქმა არ ღირდა, მით უფრო, როდესაც ასე ახლოს იყო დასასრული ჩასაფრებული. ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლასა და ოცნების ახდენისკენ სიარულში უნდა გავლიოთ, იმიტომ რომ იმდენად მოკლე და არასაკმარისია დრო, რომელიც გვაქვს, რომ გაჩერება და დანებება უბრალოდ დანაშაულია საკუთარი თავის წინაშე და მეტი არაფერი.

_ სახლში დაბრუნების დროა!_ ვუთხარი საკუთარ თავს და ამ დაბრუნებაში ბევრად მეტი რამ ვიგულისხმე, ვიდრე უბრალოდ ეს სამი სიტყვა.

დაბრუნებიდან ძალიან მალე ლიკუნამ ისევ მთხოვა ვისაუბროთო.
რა თქმა უნდა, მივხვდი საქმე ალისკას ეხებოდა.

_ კარგი, მოდი , ბარემ მითხარით რა გაწვალებთ?!_ ნიტას გამოჯანმეთელებამ ჩემში მიძინებული ბაქარის რაღაც ნაწილი გამოაღვიძა. ჩემი გოგონას გამარჯვებამ ფრთები შემასხა და თავდაჯერება დამიბრუნა.

_ ძმაო, ბავშვის ნახვას იხვეწება! შენც ხომ ხვდები, არც ჩემთვის აღარაა ალისკა საყვარელი მეგობარი, მაგრამ გული მტკივა! იქნებ მართლა ნანობს?_ ჩემი და თვალებში ვერ მიყურებდა, რადგან ალისკაში მოულოდნელად გაღვიძებული დედობრივი ინსტიქტების არც მას სჯეროდა ბოლომდე .

_ დაელაპარაკე , ლაპარაკს რაღა უნდა? გითხრას, რაც სურს, შენც შენი საათქმელი უთხარი!_ ჩვენს საუბარს მოულოდნელად რუსუდანი შემოესწრო.

_რაო?_დაუფიქრებლად ჩაერთო._ რა უნდა იმ წუნკალს? ფეხის მოდგმა არ გაბედოს, თორემ გავცლი იმ გაფშეკილი თმებისგან! მაწანწალა ძაღლებიც კი არ ტოვებენ შვილებს! როგორ ბედავს?

ცხოვრებაში მგონი პირველად ვეთანხმებოდი რუსუდანს.
ალისკას ნიტას სადარდებელი რომ არ სჭამდა, ამაში ვერავინ გადამარწმუნებდა .
ჯობდა, მართლაც მენახა და გამეგო, რა ფარული სურვილები ამოძრავებდა. თუ ჩემთან დაბრუნებას გეგმავდა, მართლა სულელი ქალი უნდა ყოფილიყო.

_ დაურეკე და უთხარი დარბაზში მოვიდეს!_ ვუთხარი ჩემს დას და წასასვლელად გავემზადე.

_ დარბაზში? _ გაოცდა ლიკა.

_ ჰოო, რა იყო? აბა რესტორანში დავპატიჟო თუ სახლში მოვიწვიო?_ დრო იყო მთელ დღეებს იმ ოხერ დარბაზში ატარებდა , ოღონდ სადმე ნასვამი ან მოსაწევით დაბინდული გადავწყდომოდი. ამიტომ არც ახლა ითაკილებდა იქ მოსვლას.
წასვლის წინ ნიტასთან შევირბინე და დავემშვიდობე.

_ მეც წამოვალ მამიკო!_ ნიტას ერთი სული ჰქონდა დაპირებული სურვილები შემესრულებინა მისთვის.

_ ვერა საყვარელო! ჯერ არ შეიძლება, მაგრამ მითხარი რა მოგიტანო და მოგიტან! აბა რა უნდა ჩემს პრინცესას?_ ვუთხარი და ლოყები დავუკოცნე.
ვინი პუხის გასაფერადებელი მთხოვა და ფერადი ფანქრები. გამეცინა. სულწასულად უყვარდა ეს ღიპიანი და მიამიტი ყვითელი დათვი.
კიბეები ჩავირბინე და მანქანაში ჩავჯექი.
უცნაურ სიმსუბუქეს და შვებას ვგრძნობდი ნაცნობი ქუჩების ცქერისას, თითქოს ტკივილმა სრულიად დატოვა ჩემი სხეული. ახლა ბორკილახსნილი ადამიანი ვიყავი, ახლა შემეძლო ის სურვილი, რაც ორი წელი მაწამებდა, რეალობად მექცია. ყურასასმენი მოვირგე და ნანუკას ნომერი ავკრიფე.

_ გამარჯობა ბაქარ! ხომ მშვიდობაა, ნიტა როგორ არის?_დამფრთხალი ხმით მიპასუხა მან. ბოლო პერიოდში მხოლოდ მიწერ_მოწერით ვკონტაქტობდით და გაუკვირდა, რომ დავრეკე.

_ ყველაფერი კარგადაა, ნუ ნერვიულობ, ნიტაც ბევრად უკეთაა. მაგრამ ნანუკა , უნდა გნახოთ! შენ და თაზო სასწრაფოდ უნდა გნახოთ! _ მათგან უნდა დამეწყო ჩემი ოცნებისთვის ბრძოლა.

_ გვნახო? _ დაეჭვებით მკითხა მან _ რამე შეიცვალა? ნანუკა ძალიან მიხვედრილი და გონიერი ქალი იყო. დარწმუნებული ვიყავი, სწორ გზას დამანახებდა.

_ კი ნანო, ყველაფერი შეიცვალა! _ შეხვედრაზე შევთანხმდით და ტელეფონი გავთიშე. დარბაზს მივუახლოვდი და განწყობაც ჩამომიბნელდა. სიამოვნებით დავივიწყებდი ალისკას და ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი. მასზე დასახარჯი არც დრო მქონდა და არც სურვილი.
ერთ დროს საყვარელ დარბაზში შევაბიჯე თუ არა ცუდი მოგონებებიც ამეშალნენ. მაგრამ ამ მოგონებებშიც კი სინათლის სხივივით იჭრებოდა ის.
გამახსენდა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ვარჯიშთან, და გამეღიმა. შეიძლება ვარჯიში ეზარებოდა , მაგრამ საოცრად უხდებოდა სავარჯიშო ფორმა.
ფიქრებში გართულმა წარმოვიდგინე, როგორ ჩამიარა გვერდით საყვარელ იისფერ ელასტიკებში გამოწყობილმა და დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა , მართლაც აქ გამჩდარიყო ამ წამს. რომ ხელი დამევლო მისთვის და აღარსად გამეშვა .

კაბინეტის კარი გავაღე და შევედი. რამდენიმე წამში ალისკაც მოვიდა. ჩვეულად გადაპრანჭული, ჩვეულად მაკიაჟის სქელ ფენაში ჩაძირული. მოვიდა და თამამად გამოემართა ჩემკენ. ზიზღით გამაჟრჟოლა.
ოდნავი წუხილი მაინც შემემჩნია მის სახეზე, ოდნავი დარდი! მაგრამ არა! სწორედ ის ალისკა იყო, ვისაც ასე კარგად ვიცნობდი.
გადასაკოცნად გამოიწია და კინაღამ ავხარხარდი.

_ თუ შეიძლება, ამარიდე ეგ ფარსი!_ ვუთხარი ცივად და მისგან შორს გავიწიე.

_ გამარჯობა ბაქარ!_ უკმაყოფილება არ შეიმჩნია._ გამიხარდა , რომ ჩემს თხოვნას დასთანხმდი. არ მეგონა..

_ რა გინდა ალისკა? ამოღერღე რა ჯანდაბა გინდა!_ წამიერად მომბეზრდა ეს ცირკი. ამ ქალის ნახვა ერთი წამითაც კი აღარ მინდოდა!

_ რა აგრესიული ხარ ძვირფასო?_ გამიღიმა ცბიერად.

_ ალისკა! ნუ ცდი ჩემს მოთმინებას! გისმენ!_ ვუთხარი ცივად და სავარძელში დავჯექი.

_ მე გოგონას ნახვა მინდა, მინდა მასთან დრო გავატარო, დედა ვარ ბოლო_ ბოლო!_ ვგრძნობდი მოთმინება მღალატობდა. მისი ცივი და დაყენებული ხმის ტონი საშინლად მოქმედებდა ჩემზე. თან გოგონასიო! ნიტასიო ან ჩემი შვილისო კი არა, გოგონასიო!

_ ალისკა თუ გახსოვს მაინც, რა ჰქვია "გოგონას"?_ ვკითხე დაცინვით. ეუცნაურა ჩემი ტონი , მაგრამ მოუყრუა.

_ მე დედა ვარ და უფლება მაქვს ..._ წაიწიკვინა უცებ.

_ უფლება გაქვს? არ გადამრიო?!_ ჩამეცინა მე ავად და ფეხზე წამოვდექი. ნელა მივუახლოვდი .
შევამჩნიე, როგორ შეცბა. თვალები ააფახულა. მის წინ დავიხარე და ხელები მისი სკამის სახელურებზე დავაწყვე.

_ მე დედა ვარ!_ მაინც იხტიბარი არ გაიტეხა.

_ ახლა კარგად მომისმინე და მეტი აღარ მათქმევინო! შენ არავინ არ ხარ! არც არასდროს არავინ იქნები! ოდნავ მაინც რომ მიუახლოვდე ნიტას, გეფიცები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! ახლა გაქრი აქიდან და თვალში აღარ გამეჩხირო!_ შეშინებული სავარძლის საზურგეს აეკრო. ცოტა ხანს თვალებში ვუყურე. იმედი მქონდა, ოდნავ სინანულს მაინც დავინახავდი, მაგრამ არა! მის თვალებში მხოლოდ ბრაზი და სიძულვილი მოსჩანდა. წელში გავსწორდი და ფანჯრისკენ გავიწიე.
მაშინვე ფეხზე წამოხტა და კარებისკენ გაიქცა, მაგრამ გასვლისას მიაინც მომახალა.

_ ეს ამბავი არ შეგრჩება ბაქარ, სასამართლოში გიჩივლებ! ბავშვსაც წაგართმევ და უზარმაზარ ალიმენტსაც დაგაკისრებ!_ ალიმენტის ხსენებაზე გონება გამინათდა, აი რა სურდა ქალბატონს! ფული ,ფული და კიდევ ფული! ფული, რომელიც მის ჯოჯოხეთს აშკარად კარგად ანათებდა! სიცილი ამიტყდა, გაოგნებულმა გამომხედა , შემდეგ ოთახიდან გავარდა და კარიც გამეტებთ გაიჯახუნა.

ცოტა ხანს ბიჭებს გამოველაპარაკე, საღამომდე დრო გავიყვანე და დათქმული დროისთვის რუსთავისკენ გავემართე. ლამის ნანუკას სახლამდე მისულს გზად წიგნის მაღაზია მომხვდა თვალში და ნიტას თხოვნა გამახსენდა.
მანქანა გავაჩერე და გასაფერადებლების და ფანქრების საყიდლად გადავედი. ვითომ აფერადებდა ჩემი გოგონა, მაგრამ ჩვენ რომ აღტაცებულები ვუწონებდით ბედნიერებისგან იბადრებოდა. რამდენიმე თვის წინ მხოლოდ ვოცნებებდი ამ წამზე, რომ ნიტასთვის ფანქრების და საერთოდაც რაიმეს ჩუქება შემძლებოდა.

შევედი და მაღაზია მოვათვალიერე. პატარა ოთახი იყო წიგნების მაღალი თაროებით. რამდენიმე სავარაუდოდ სტუდენტი გოგონა თაროზე წიგნებს არჩევდა. მე საკანცელარიოს მხარეს წავედი და გასაფერადებლების თვალიერება დავიწყე. ვინის, იმ ყვითელ დათუნიას, ვეძებდი.

_ სოფიი, ნათიას წაუკითხია, გადარეულა, რა მაგრად წერსო იცი? ნამდვილი ამბავი გეგონებაო! _ ეუბნებოდა ერთი გოგონა მეორეს. მეც მინდოდა თუ არა, მათ საუბარს ვუსმენდი.

_ რაზეა გოგო, ასე რომ გადაირია ნათია?_აშკარად დაინტერესდა .

_ დაშორებაზეაო გოგო! გული მოგიკვდებაო! სახელი კი ცოტა უცნაური ჰქვიაო!_ მხარს ზემოდან გავხედე. აკი ახალი თაობა წიგნებს არ კითხულობსო? გამეღიმა ჩემთვის.

_ თათი, ისე მართლა რა სახელია სტოკჰოლმის სინდრომი, სასიყვარულო რომანისთვის?_ უცნაურად გამცრა ტანში. თითები გამეყინა.
" სტოკჰოლმი სინდრომი?" უცნაურმა წინათგრძნობამ ამიტანა. მივბრუნდი და გოგონებისკენ წავედი. თაროდან მეც ის წიგნი ავიღე, რაც მათ ეჭირათ და უკანა ყდიდან არც მეტი , არც ნაკლები მისმა ფოტომ შემომანათა.

_ ბაქარ, როგორ ხარ მეგობარო!_ გამიღიმა ნანუკამ.

_ ვაა, ძია ბაქარი მოსულა!_ სიხარულით შემომეხვივნენ ნანუკას ონავარი ბიჭები.

_ ჩვენ ნიტას გაცნობა გვინდა, მაგრამ დედას არ მოვყავართ!_ საყვედურნარევი მზერით გახედა დედამისს უმცროსმა საბუკამ და მერე მე შემომხედა.

_ ხო, მეც მინდა ნიტას გაცნობა!_ ახლა უფროსმა აუბა მხარი. ნიტას მეგობრები არ ჰყავდა, ჯერ ისედაც პატარა იყო, მაგრამ ბავშვებთან საერთოდ არ ჰქონია აქამდე ურთიერთობა. კოლბაში გამომწყვდეული პეპელასავით იზრდებოდა .
გამიხარდა კიდეც ბიჭების სურვილი. მათზე კარგს ვის გაიცნობდა ჩემი გოგონა?

_ ხოდა კვირის ბოლოს გეპატიჟებით ჩვენთან! ნიტა თავად გიმასპინძლებთ!_ ორივეს მეგობრულად გადავხვიე ხელი.

_ რას ამბობ ბაქარ, ამ გიჟებს ნიტას როგორ მივაკარებ ახლოს, რამე რომ ატკინონ, სად წავიდე მერე?_ შეიცხადა ნანუკამ და მისაღებისკენ გამიძღვა.

_ ნუ ნერვიულობ ჩემო კარგო! ნიტა ფაიფურის თოჯინა აღარაა, აღარ დაიმსხვრევა! ახლა ძლიერი გოგოა! ძალან ძლიერი! მისთვის სასარგებლოც კი იქნება ბიჭებთან ურთიერთობა! ძველ ტკივილებს გადაივიწყებს! მინდა ისე იცხოვროს , როგორც ყველა მისი ასაკის გოგონამ!_ სამზარეულოდან თაზო გამომეგება. ბიჭებმა მათთვის ნაყიდ ტკბილეულის პარკს ხელი დაავლეს და მხიარული სიცილით ოთახისკენ გაიქცნენ.

_ ბაქარ, როგორ ხარ ძმაო! მიხარია თქვენი ამბავი! ცოტა ნიტას გამოკეთებას ველოდებოდით, და აუცილებლად გინახულებდით!_ ხელი მაგრად ჩამომართვა. მისი წასვლის შემდეგ, ეს ორი ადამიანი გახდა ჩემი თავშესაფარი და კიდევ სანდრო. რომ არა საანდრო, არ ვიცი იმ მარტოობის დღეებს როგორ გადავიტანდი. ალბათ გავლოთდებოდი და საკუთარ თავს სრულიად დავკარგავდი. მაგრამ ერთი ახირება ჰქონდა სანდროს. მასზე არაფრის დიდებით არ საუბრობდა. მე მისმენდა, მაგრამ თავად არაფერს ყვებოდა. მხოლოდ ერთხელ მითხრა, შენდამი დიდი პატივისცემის და სიყვარულის მიუხედავად ვისურვებ , რომ მან იქ პირადი ცხოვრება აიწყოს და შენგან ნებით თუ უნებლიედ მიყენებული ტკივილები გადაივიწყოსო.

ცოტა ხანს სხვა და სხვა ამბებზე ვისაუბრეთ ნიტაზე, ავსტრიაზე, პატარა რომი ლამარზეც კი, და ბოლოს მთავარ სათქმელსაც მივადექით.

_ ნანუკა, გადაწყვეტილება მივიღე! და მინდა პირველი შენ იყო, ვისაც ამას ვეტყვი!_ ნანუკამ ჭიქა დადო და მოსასმენად გაემზადა. აშკარად მიხვდა , რაღაც მნიშვნელოვანის თქმას ვაპირებდი.

_ მე , მე მის დაბრუნებას ვაპირებ!_ ვუთხარი და ამოვისუნთქე.
თაზოს სიხარულით გაეღიმა, მაგრამ ნანუკამ შეუბღვირა და სიხარულიც წაუშალა სახიდან.

_ არ მგონია, მას ეს უნდოდეს!_ მითხრა წარბშეკრულმა ნანუკამ.

_ რატომ? რატომ ფიქრობ მასე? ხომ იცი, მე ის ბაქარი აღარ ვარ! მას აღარასდროს ვატკენ!_ ხმა გამებზარა, მეგონა გაუხარდებოდა.

_ იმიტომ რომ.._ ცოტა ხანს გაჩუმდა._ იმიტომ რომ სხვა ჰყავს! ამდენი ხნის შემდეგ სხვასთან დაიწყო შეხვედრა! ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს!_ თვალი არ აურიდებია, სახეში მიყურებდა და შეუბრალებლად მეუბნებოდა, რომ ჩემ საყვარელ ქალს მე აღარ ვჭირდებოდი.
ნუთუ დავიგვიანე? გამკრა მტკივნეულმა ეჭვმა. მაგრამ უცებ წიგნი გამახსენდა.

_ ნანუკა ეს ვნახე დღეს!_ ამოვიღე ქაღალდის პარკიდან და მაგიდაზე დავუდე. ნანუკამ ცალი თვალით შეხედა და ნერწყვი გადაყლაპა რა თქმა უნდა, არ გაჰკვირვებია.

_ სხვას ხვდება და ჩემზე წერს?_ ჩამეცინა მე._ მასთან ვაპირებ წასვლას, დაე თვალებში ჩამხედოს და თავად მითხრას, რომ აღარ ვჭირდები! და მერე მართლა სამუდამოდ გავქრები მისი ცხოვრებიდან!
ვთქვი მე და ფეხზე ავდექი.

_ შენც ხომ ხვდები ნანუკა, ჩვენი ამბავი ჯერ არ დამთავრებულა!

_ ძმა ხარ!_ მხარზე ხელი დამკრა თაზომ. _ ნანუკას არ მოუსმინო! აუცილებლად წადი მასთან!

სახლში ვბრუნდებოდი, გვერდით სავარძელზე წიგნი იდო, რომელიც ჩვენს მტკივნეულ სიყვარულზე ყვებოდა სევდიან ამბავს. მაგრამ ერთი წიგნი ხომ ვერასდროს იქნება დასასრული? ერთს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე ნელ_ ნელა პატარ _პატარა ისტორიებისგან იწერება ჩვენი ცხოვრება.
მალიმალ გადავხედავდი ხოლმე სავარძელზე დადებულ შავყდიან წიგნს, რომელზეც უხეში და მტკივნეული კოცნა აღებეჭდა ილუსტარატორს და გარე განათების წყვეტილ სინათლეზე თეთრად ელავდა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი, წიგნის ავტორის თეთრი შრიფტით დაბეჭდილი სახელი და გვარი:
ნელი აბაშიძე....


7

_ ბაქარ სასამართლოს უწყებაა შენს სახელზე მოსული!_ გაოცებული შემომეგება იმ საღამოს ლიკუნა.

_ რა ხდება შვილო? მშვიდობაა?_ არანაკლებ შეშფოთდა რუსუდანიც.

_ ჩვენ უშენოდ არ გავხსენით! _ მითხრა და მოზრდილი კონვერტი გამომიწოდა.

მხრები ავიჩეჩე, გამოვართვი და უხმოდ გავხიე ქაღალდი.
თვალი გადავავლე და სიმწრით ჩამეცინა. არა , რაღაც სისულელეს კი ნამდვილად ველოდი!
მაგრამ მთლად ასეთ სითავხედეს არა!

_ ამის დედაც...!_ გაბრაზებისგან მუშტი გამეტებით დავარტყი სამზარეულოს მაგიდას.

_ იცით ეს რა არის? _ შევხედე ჩემებს. დაძაბულები მიყურებდნენ. რაღაც ცუდის მოლოდინში თვალსაც კი არ ახამხამებდნენ.

_ ალისკას სარჩელია! ბავშვის დედობის უფლებას ვართმევ თურმე!_ იმ წამს ალისკა ახლოს რომ ყოფილიყო, ვერავინ გამაცლიდა ხელიდან.
მერე იტყოდნენ, ქალზე ძალადობსო. უდღეური და ავადმყოფი ჩვილი სინანულის გარეშე მომიგდო. მომაკვდავიც კი არ მოუკითხავს. "ნიტაო", სახელით არც კი არ მოუხსენიებია. არა საერთოდაც სახელიც კი არ დაარქვა შვილს და ახლა თურმე დედობა უნდოდა და მეურვეობას ითხოვდა! გავცოფდი. წყობიდან გამოვედი.

_ მეტის ღირსი ხარ ბაქარ!_ ვუყვიროდი საკუთარ თავს._ ამის გამო? ამ ... ქალის გამო?

იმედგაცრუება, ბრაზი, სინანული, ზიზღი ერთმანეთში აიზილა და ალისკას ფორმა მიიღო.

_ რას ამბობ? ეგეც გაბედა?_ წარბები აწკიპა რუდუდანმა.

_ არ მჯერა!_ დაჭმუჭნული ქაღალდები ხელიდან გამომტაცა ლიკუნამ და ყურადღებით გადახედა.

_ რა ცირკს აწყობს? ხომ ფაქტია, ნიტა საერთოდ არ ადარდებს მაგას! _ შემომხედა შეშფოთებულმა.

_ ალიმენტიო! უკვე გასაგებად მითხრა, რაც უნდა!_ ვუპასუხე მე და დავფიქრდი. რა უნდა მექნა? მთავარი იყო გააზრებულად მივდგომოდი ამ საქმეს. ნიტას ინტერესები ჩემთვის უპირველესი იყო. მე რომ ოდნავ მაინც ვყოფილიყავი დარწმუნებული ალისკას გულწრფელობაში, იმაში რომ მართლა ნიტა აღელვებდა , დავივიწყებდი ყველა მის ფარისევლობას, მაგრამ, არა! მას მხოლოდ ფული სჭირდებოდა. ადრე კიდევ მეგონა, რომ ეს ყველაფერი მართლა ჩემი სიყვარულით გააკეთა და რაღაცნაირად მესმოდა მისი, მაგრამ ახლა, როცა საქმე ნიტას ეხებოდა, ყველაფერს ბევრად ცხადად ვიაზრებდი. სასწრაფოდ მჭირდებოდა გამოცდილი და სანდო ადვოკატი.

_ ბაქარ, შენ რომ ესპანეთში წასვლას აპირებდი?_ ლამის ჩურჩულით მკითხა ლიკუნამ. ისე შევხედე , რომ თავი ჩახარა და ხმა აღარ ამოუღია. როდის იყო, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდებოდა?! ნიტა და ნელიკო! რატომღაც ცხოვრება ისე ეწყობოდა, რომ ჩემი ცხოვრების ორი მთავარი ქალი ყოველთვის ერთმანეთის საპირისპიროდ მექაჩებოდნენ.
ახლაც, სამწუხაროდ , კვლავ ვაგვიანებდი მასათან. კვლავ ვღალატობდი და კვლავ სამომავლოდ ვდებდი. არეული ნაბიჯებით ავიარე კიბეები და ოთახში შევედი.
ლოგინის გვერდით დადებული მისი წიგნი ავიღე და მის სურათს დავაკვირდი. თმა მოკლედ შეეჭრა და იმ სასურველ იისფერ_ მოცისფერო ფერად შეეღება, სულ რომ უნდოდა. კესანესფერიო ასე ეძახდა ხოლმე. ლამაზი მწვანე თვალები სევდით და ტკივილით ჰქონდა სავსე, რომლის დაფარვასაც კიდევ უფრო სევდიანი ღიმილით ცდილობდა. ლოყები ჩასცვენოდა , ნელიკო ბედნიერ ქალს არ ჰგავდა და ამ სევდით სავსე თვალებით კიდევ უფრო ჯადოსნურ და საოცარ ფერიას მაგონებდა. წარმოუდგენელი იყო, ის ვინმეს ენახა, მის სულში ჩაეხედა და მასზე ოცნება არ დაეწყო.

_ რატომ გაგიშვი? მე სულელმა , როგორ გაგიშვი? სულ ცოტა ხანიც დამელოდე ჩემო სიცოცხლე! სულ ცოტა ხანი! _ მჯეროდა, ყველაფერს გამიგებდა. მჯეროდა , რომ არ გამამტყუნებდა.
თუმცა ვინ იცის! მე ხომ იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემგან არასდროს წავიდოდა...

_ ბატონო ბაქარ, ყველა მოსამართლე დედას ანიჭებს პრიორიტეტს! მაგრამ თქვენი ნაამბობიდან თუ ვიმსჯელებთ, საქმე სხვაგვარადაა! თუმცა ვერ გამოვრიცხავთ , რომ მასაც მისცენ ნახვის შესაძლებლობა. არა, ამ აზრს, გირჩევთ, წინასწარ შეეგუოთ! ყველაფრის მიუხედავად, თუ ის საკუთარ სინანულს დააჯერებს მოსამარათლეს, შანსს აუცილებლად მისცემენ!_ ადვოკატმა ის მითხრა , რაც ისედაც ვიცოდი. ალისკას, როგორც დედას, სასამართლო ყველა უფლებას არ ჩამოარათმევდა. ეს ქალი ალბათ კიდევ დიდხანს იარსებებდა ჩემს გასაწამებლად!

_ რა შეიძლება გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად?_ ვკითხე ადვოკატს.

_ თუ ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ ისეთ მტკიცებულებებს , რაც დაადასტურებს, რომ ბავშვისთვის მასთან ცხოვრება უსაფრთხო არაა! მაშინ კი ბატონო, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება! ოღონდ ამ შემთხვევაში, მას დედობის უფლებას სრულიად ჩამოართმევენ და თქვენ თუ ხართ მზად ამგვარი გადაწყვეტილებისთვის!_ მკითხა ადვოკატმა და ინტერესით მომაჩერდა. ალისკას ნიტა არ ადარდებდა, ამაში 100% ვიყავი დარწმუნებული და აზრს ვერაფერი შემაცვლევინებდა.

შეიძლება ის, რასაც მე ვაპირებდი, არ მოგეჩვენოთ სწორ და ღირსეულ საქციელად, მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა! ჩემს ყვავილივით ნაზ გოგონას ალქაჯი დედის ხელში სათამაშოდ ვერ ჩავაგდებდი.

დარბაზში შევიარე და კაბინეტში შევიკეტე. სიმშვიდეში ფიქრი მჭირდებოდა. რათა გეგმა დამეწყო და გამოსავალი მეპოვნა.
ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე, ახლა უკანდახევის და ყოყმანის დრო არ მქონდა!

ბიჭებს დავუძახე და ალისკას ოცდაოთხ საათიანი თვალთვალი დავავალე. უნდა გამეგო, როგორ და რით ცოცხლობდა. რამე ისეთი უნდა მეპოვნა, რაც მასზე რამდენიმე ნაბიჯით წინ ყოფნის საშუალებას მომცემდა.
ვერ მოგატყუებთ , რომ ნიტას მომავალზე არ მიფიქრია. ვიცოდი, როცა გაიზრდებოდა აუცილებლად მოიკითხავდა დედამისს. იქნებ, რასაც მე ვაპირებდი მომავალში წინაც დამხვედროდა! რატომ არ შეეძლო ალისკას ნიტას სიყვარული,თუნდაც თავგადაკლული დედა ნუ იქნებოდა, მაგრამ კატის კნუტივით მაინც ნუ მიაგდებდა. მხოლოდ იმდენად ყვარებოდა, რომ მომაკვდავი შვილს სანახავად ერთხელ მაინც მოსულიყო. რაც უფრო ბევრს ვფიქრობდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი.

_ ბაქარ, დარწმუნებული ხარ, რომ ნიტას ვერ წაგვართმევს?_ ხმის კანკალით მეკითხებოდა ლიკუნა, თან ჩემს პატარას გულში იკრავდა. იმ მზრუნველობამ, რასაც ნიტას მიმარათ ვიჩენდით, შედეგი მალევე გამოიღო. ბავშვს ლოყები შეევსო, აუვარდისფერდა. თვალები აუციმციმდა. ხასიათიც შეეცვალა, ბევრად აქტიური გახდა. ახლა მხოლოდ შრამი და მუდმივი კონტროლიღა გვახსენებდა იმ საშინელ დღეებს, რაც ჩვენ გამოვიარეთ.

_ მამიკო, მანდ რა არის?_ ინტერესით ათვალიერებდა ჩემი ნამცეცი უზარმაზარ ფერად ყუთს, რომელიც ძლივს შევტიე სახლის კარებში.

_ეს საჩუქარია მამიკოს საყვარელი გოგოსთვის!_ წინასწარ ვემზადებოდი იმ სიამოვნებისთვის , რასაც მისი სიხარული მომანიჭებდა. ნიტამ ინტერესით გამომხედა და მოუთმენლად შემოჰკრა ტაში.

_ სიურპრიზიი! სიურპრიზიიი! მამიდა ნახე სიურპრიზიი!_ დარბოდა ყუთის გარშემო, ყუთზე გამობმული გრძელი ყვითელი ლენტა ხელში მივეცი.

_ აბა გამოქაჩე! მიდი ძლიერად!_ ნიტამ ლენტს ორივე ხელი დაავლო და გამოქაჩა. ყუთი გაიშლა და იქიდან ყვითელი ჰელიუმის უამრავი ბუშტი ამოფრინდა. ყვითელი ნიტას საყვარელი ფერი იყო. მისი აღფრთოვანებული ჟრიამული მთელ სახლს მოედო. როცა ბუშტები გაიფანატა, მთავარი სიურპრიზიც მაშინ გამოჩნდა. უზარმაზარი ვინი პუჰი იჯდა ყუთში და თათები გაბერილ მუცელზე შემოეწყო. გაოცებული ბავშვი წამით გაშეშდა. გაოცებული თვალები დაუმრგვალდა.

_ეს რამხელა ვინია მამიკო?_ ამომხედა და გამიღიმა ბედნიერმა. მერე გამოიქცა და გულში ჩამეკრა.
განა რა იყო საოცარი იმაში, რომ მამას თავისი გოგონასთვის სათამაშო ეჩუქებინა? მაგრამ რამდენიმე თვის უკან ამ წამზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. ცოტა ხნის წინ სულაც მიუღწეველ ოცნებად მქონდა ეს წამი წარმოდგენილი.

სამი დღეც არ დასჭირვებიათ და ალისკა კლუბური ნარკოტიკების ზემოქმედების ფაქტზე გამოიჭირეს. რა თქმა უნდა, ეს არც პირველი შემთხვევა იქნებოდა და არც უკანასკნელი.
მოლაპარაკებაზე მაინც არ წამოვიდა, მისი ადვოკატის პირით გვაცნობა, რომ ბოლომდე იბრძოლებდა საკუთარი უფლებების დასაცავად. საკუთარი და არა შვილის. ახლა აღარ ვნერვიულობდი, თუ საბოლოოდ სურდა თავის შერცხვენა მე ხელს აღარ შევუშლიდი. თნაც ამ ამბავს ჯობდა თუ წერტილი საბოლოოდ დაესმებოდა და ალისკასგან ერთხელ და სამუდამოდ კანონიერად განვთავისუფლდებოდით მე და ჩემი შვილი.

ყოველ ღამ ვიღებდი წიგნს და მის სურთს თვალმოუშორებლად ვუყურებდი, სანამ არ დამეძინებოდა. ის კი სიზმრად მოდიოდა ჩემთან, მონატრებული და სასურველი. მოდიოდა ნაღვლიანი თვალებით და სევდისფერი თმით.
მოდიოდა იისფერ ნისლში გახვეული, და უხმოდ მიყურებდა. ხან მესაუბრებოდა, მაგრამ მისი ხმა არ მესმოდა. შემდეგ უცნაური წინათგრძნობოთ ატანილს მეღვიძებოდა , თითქოს სადღაც ვაგვიანებდი და ეს დაგვიანება ბოლოს მიღებდა.

წიგნი რამდენჯერმე გადავშალე და წინათქმის წაკითხვისთანავე დავხურე.

"ჩემს სევდას, სიმარტოვეს და სიყვარულს..."

ვიცოდი ჩვენზე დაწერდა, საკუთარ ტკივილზე მოყვებოდა, და მეშინოდა. ვაითუ, ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, აღარ მყოფნოდა მასთან წასვლის გამბედაობა.
ვაითუ იმაზე მეტი იყო მისი ტკივილი, ვიდრე მე შემეძლო წარმომედგინა. ვაითუ ვძულდი? ვაითუ სულაც დამივიწყა. სხვა ყავსო, ხომ მითხრა ნანუკამ. იქნებ მართლაც უმკურნალა საკუთარ ტკივილს? ვაითუ მართლა დავაგვიანე? ახლა მჭირდებოდა ძველი თავხედი ბაქარი. ის კაცი, რომელიც ყველაფერზე წავიდოდა საყვარელი ქალის გულის მოსანადირებლად.
მჭირდებოდა, მაგრამ ვერსად ვპოულობდი!

_ როგორ გამიხარდა თქვენი მოსვლა , რომ იცოდეთ!_ კარებშივე შევეგებე ნანუკას და თაზოს. მანქანიდან მოუთმენლად გადმოხტნენ მათი გადარეული ბიჭებიც.

_ ძია ბაქარ, აბა სადაა ნიტა?_ მკითხა ბექამ და საბას ნიტასთვის ნაყიდი ფუმფულა სათამაშოების გადმოტანაში მიეხმარა.
ღიმილით შევიპატიჟე სტუმრები სახლში. ნიტას პირველი სტუმრები. ეს დღე ჩემთვის დღესასწაულს უტოლდებოდა. რატომ არ ვაფასებთ ადამიანები მშვიდობის ჟამს ასეთ მცირე დეტალებს? იმიტომ რომ გვგონია ეს მარტივი და უბრალო ყოველდღიურობა გარანტირებულად გვაქვს და სულ გვექნება!

ჩემდა გასაკვირად ზოგადად უჟმური ნანუკა ძალიან თბილად შეხვდა რუდუდანს და ლიკუნას.
არადა მახსოვდა, ქორწილის დღეს როგორ იბზუებდა ცხვირს მათი დანახვისას.
ნიტა ოდნავ შეშინებული და დაბნეული ჩემს უკან იდგა და გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ახალ მეგობრებს. ბიჭები კი ჩვეულად აჟიტირებულები დარბოდნენ აუზის გარშემო.

_ მამიკო ესენი ვინ არიან?_ ამომხედა გაოცებულმა. ჩვენთან სტუმრები თითქმის არასდროს მოდიოდნენ. მით უფრო ბავშვები.
ამიტომ უკვირდა.

_ ესენი შენი მეგობრები არიან! მიდი გაიცანი, ნახავ როგორ მოგეწონება!_ხელით ვუბიძგე ბიჭებისკენ.
საბა გამოიქცა და ჩაეხუტა. ძლიერად მოხვია თავისი პატარა მკლავები.

_ ბიჭო!_ მაშინვე მოირბინა ბექამ._ ვერ გაიგე, რომ ნიტას ასე ძლიერად არ შეიძლება ჩაეხუტო? რამე რომ ატკინო მერე?
შეცბუნებულ ძმას ხელები გააშვებინა, და თავად მხოლოდ თმაზე გადაუსვა ხელი ნაზად.

_ მე ბექა ვარ, ეს სულელი ჩემი ძმა საბაა!_ გაეცნო სერიოზული ხმით.

_ ეს თოჯინა შენ მოგიყვანეთ, გიყვარს თოჯინები?_ ჰკითხა ინტერესით. ნიტამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

_ იქნები ჩვენი მეგობარი?_ ისე სერიოზულად ეკითხებოდა, ამ პატარა გადარეული ბიჭუნასგან გამიკვირდა კიდეც. და როგორც გოგოს მამიკოს გულში პირველმა ეჭვმა გამკრა. ალბათ ეს იყო ერთადერთი ეჭვი, რომელსაც შეეძლო ბედნიერება მოეტანა ჩემთვის.
მომავალი ლამაზი და ალბათ სანერვიულო დღეების ეჭვი, რასაც მამები სულ განიცდიან, როცა თავიანთ პრინცესას ვინმე ბიჭი უახლოვდება.

მაგიდა ეზოში გავშალეთ, ყველაფერზე ვსაუბრობდით იმის გარდა, რაზეც საუბარი სინამდვილეში გვსურდა.

_ რაო, ნიტას ითხოვს? სულ გაუბერა მაგ არანორმალურმა?_ შეიცხადა ნანუკამ._ მერე რას აპირებ ბაქარ?

_ რას უნდა ვაპირებდე? ალისკას ნიტა არ აინტერესებს, სხვა გამორჩენა აქვს! ვისურვებდი ჰყვარებოდა და თავისი წილი მზრუნველობა არ მოეკლო მისთვის , მაგრამ ეს ასე არ იქნება. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რაც ნიტასთვის იქნება უკეთესი._ ვუთხარი მშვიდად. ნანუკამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

_ სწორია, ეყოს რაც გააფუჭა! უთავმოყვარო ქალი! წაიკითხე?_ მკითხა მოულოდნელად და თვალი ამარიდა .

_ ვერ გავბედე! არ მინდა ისეთი რამე წავიკითხო, რაც..._ არც დავასრულე სათქმელი. ნანუკა ისედაც მიხვდა.

_ რატომ არაფერს მეკითხები?_ ახლოს მომიჯდა და ხმადაბლა მკითხა.

_ ლიკუნამ თქვა, მასთან წასვლა უნდაო! მართალია?_ მისი ხმით ვერ მივხვდი მიწონებდა თუ არა გადაწყვეტილებას.

_ასე არ შემიძლია ნანუკა! ყველაფერი ვცადე და ვერ დავივიწყე! ისედაც ბევრი დრო დავკარგე! ძალიან ბევრი! მაგრამ არ ვიცი, მას თუ ვჭირდები და თან ახლა მარტოც აღარ ვარ! მან კი, როგორც ჩანს, ცხოვრება თავიდან დაიწყო!_ იმის წარმოდგენაზე , რომ მას ჩემი დავიწყება შეეძლო, გულზე მარწუხივით მიჭერდა ტკივილი.

_ დაგივიწყა?_ ჩაეცინა ნანუკას. _ არ ვიცი, მაგრამ რადგან შენ ვერ დაივიწყე თავად, მართლა ჯობია წახვიდე და ნახო. ვფიქრობ პირველივე შეხვედრისას მიხვდები , დაიწყო თუ არა ნაელიკომ ახალი ცხოვრება და თუ ეს ასეა, შენც განთავისუფლდები და შენს ცხოვრებას მიხედავ!_ ნანუკასგან არ მოველოდი ამ სიტყვებს. მეგონა აღარ სურდა, რომ
მის ცხოვრებაში ჩავრეულიყავი. მეგონა მის ღირსად აღარ მთვლიდა. შემატყო გაოცება და სევდიანად გაეღიმა.

_ იცი, ჯობდა ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, მაგრამ მოხდა! და ვერაფერს შევცვლით. თუმცა ცუდს ყოველთვის მოჰყვება, რაღაც დადებით! შეხედე,_ თავით მოთამაშე ბავშვებისკენ მიმითითა._ განა არ ღირდა მისთვის ეს ყველაფერი? განა ყველა ტკივილად არ გიღირს? შენ შეიცვალე ბაქარ! მე კი არ მქონდა ამის იმედი, თუმცა შეცვლა თავისთავად ჯობია მოხდეს , ვიდრე გაიძულოს ვინმემ. ეს ყველაფერი ერთი დიდი გაკვეთილი იყო ორივესთვის! ახლა კი გამოცდის ჯერიც დადგა! იმედია ნელიკო შესძლებს ცხოვრების მწარე გაკვეთილს აითვისებს! _ ხელზე ხელი მომკიდა და მომიჭირა_ საკუთარ თავზე ნუ იტყვი უარს ბაქარ, იყო იმ აგრესიულ ბაქარში თავისებური ქარიზმა! დაიბრუნე შენი თავი და ისიც მიიღე, ვინც ახლა ხარ!

არ ვიცი , ასე გარკვეული არასდროს ვყოფილვარ საკუთარ თავში. მაგრამ ამ პატარა გოგომ ერთ წინადადებაში დამანახა გზა.

_ თაზოო! _ გავძახე ბავშვებთან მოთამაშე მის ქმარს, ღიმილით გამომხედა_ იცი, რომ ძალიან გაგიმართლა ცოლში?!

სასამართლომდე ჯერ კიდევ იყო დრო, ამიტომ ვიფიქრე, სანამ მომავალს მივხედავდი, ჯობდა წარსულთან მომეგვარებინა პრობლემები. ნიტა მანქანაში ჩავისვი და სოფლისკენ გავუდექი გზას.
რუსუდანმა იცოდა სადაც მივდიოდი,
მაგრამ ხმა არ ამოუღია. მხოლოდ ნიტას დაემშვიდობა და უთხრა:

_ ჩემო პატარა , ახლა შენ მსოფლიოში საუკეთესო ადამიანს გაიცნობ! და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონება! აუცილებლად უთხარი, გაიღიმოს. ღიმილი ყოველთვის ძალიან უხდებოდა, თუმცა თითქმის არასდროს იღიმებოდა!

მთელი ცხოვრება არ მესმოდა დედაჩემის. ვბრაზობდი მასზე, თუ უყვარდა მამა რატომ უღალატა?
მაგრამ ახლა ვხვდებოდი, ან ვცდილობდი მიხვედრას. მიუხედავად ყველაფრისა, რუსუდანი მას ელოდებოდა, რომ ერთხელაც ის დღე დადგებოდა, როცა მამაჩემი საკუთარ თავს აჯობებდა და მასთან დაბრუნდებოდა, მაგრამ მანამდე არაფერს ჰქონდა აზრი. რუსუდანის ყოველი მცდელობა უეჭველი კრახით დასრულდებოდა.
თუმცა მამამ ვერაფრით აჯობა იმ ტკივილს, რაც საყვარელი ქალის ღალატმა მოუტანა . ვერ დასძლია თავმოყვარეობა, სიამაყე და პრინციპები. სწორედ იმიტომ , რომ გაგიჟებით უყვარდა, საკუთარი თავი უფრო დაისაჯა, ვიდრე ის. საკუთარ თავს ყველანაირ ბედნიერებაზე უარი უთხრა. შვილზეც კი. მხოლოდ ახლა ვხვდებოდი, რომ ეს ის სასჯელი იყო, რაც თავად დაიწესა.
უცნაური კაცი იყო გოგი, გარეგნულად მე მას ძალიან ვგავდი. მაგრამ ხასიათით არა.
მთელი გზა ამ ყველაფერზე ვფიქრობდი. განა ღალატს სქესი აქვს? ნუთუ მამაჩემს მეტად ეტკინა და ნელიკოს ნაკლებად? მე ვერ ვეტყოდი გოგის რუსუდანისთვის ეპატიებინა, მეც კი ვერ ვპატიობდი დედაჩემს და მისთვის როგორ მეთხოვა? ანდა რომ წარმოვიდგენდი საკუთარ თავზე, საყვარელი ქალის ღალატს... არა ტყუილია! ვერც კი წარმოვიდგენდი!
მაგრამ მზად ვიყავი, მასთან წავსულიყავი და ჩემი ღალატის პატიება მეთხოვა. და პირიქით რომ მომხდარიყო? მე ვაპატიებდი მას? აბა რა უფლებით უნდა მივსულიყავი მასთან? რა უნდა მეთქვა? ყველაფრის დავიწყება? როგორ ? მითუმეტეს რომ ამ ყველაფრის აშკარა შედეგი ნიტა იყო და მისი დანახვა, ძალიან მოუკლავდა გულს, ეს ცალკე თემა იყო. ყოველთვის, როცა ნიტას შეხედავდა, გაახსენდებოდა, რომ მე უნამუსო და უპირო კაცი ვარ! მაგრამ მე მაინც ეგოისტურად მსურდა ის. ამდენი ხნის შემდეგ თავხედობა მყოფნიდა და კვლავ მისკენ მივიწევდი.

სოფელში როგორ ჩავედი არ გამიგია, ნიტას თავის სავარძელში ტკბილად ეძინა.
გოგი , რა თქმა უნდა, არ გამიფრთხილებია.
ვიცოდი ჩემ ნახვას არ ისურვებდა. ახლა ჩემ ნაცვლად პრობლემა კვლავ ნიტას უნდა გადაეწყვიტა. მწვანედ შეღებილ ჭიშკართან გავაჩერე. მანქანიდან გადმოვედი და ნიტა შევაღვიძე.

_ბაბუასთან მოვედით მამიკო!_ ვუთხარი ღიმილით.

_ ბაბუა მართლა კარგია?_ მკითხა და დაამთქნარა.

_ ვფიქრობ, დიდად ვერ შეიცვლებოდა!_ მამის წარმოდგენაზე, მაღალი მხარბეჭიანი კაცი წარმომიდგა, შავი ხუჭუჭი თმით და მხარზე ანკესით, და ეს კაცი მე საოცრად მგავდა.
ნიტა ხელში ავიყვანე და ჭიშკარი შევაღე. მოზრდილი ქოფაკი გამოქანდა ავი ყეფით. რკინის კარები ისევ მოვხურე, არ მინდოდა ბავშვს შეშინებოდა. ძაღლის ხმაზე აივანზე მასპინძელიც გამოვიდა. ორივე ხელით ყავარჯნებს ეყრდნობოდა,
მაგრამ მაინც ფეხზე იდგა. გაოცებისგან შევკრთი. ნუთუ მან ეს შეძლო?

_ გაჩუმდი ბასრა!_ გაისმა მისი ბოხი ხმა. პატარა ბავშვივით ამიჩქარდა გული. სწორედ ისე, როგორც პატარ ბაქარს, როცა მამა ხანგრძლივი ემიგრაციისან დაბრუნდა.

_ რომელი ხარ?_ ახლა მე გამომძახა. _ შემოდი, ბასრა არაა საშიში !_ კარი შევაღე და ეზოში უხმოდ შევაბიჯე. თვალებში მზე ანათებდა და ხელით შუბლი მოიჩრდილა. შემათვალიერა და უცებ მიცნო. ან რა ცნობა მინდოდა , გაჭრილი ვაშლივით ვგავდი მას. შემდეგ თვალი ნიტაზე გაუშტერდა და თვალები აუწყლიანდა.

_ შვილო, ბაქარ!_ მითხრა გაბზარული ხმით.

_ როგორ ხარ მამა?_ ეს კითხვა თავისდაუნებურად დამცდა. ისე თითქოს რამდენიმე დღის უნახავი მყავდა და არა წლების?

_ ეს ლამაზი ქალბატონი, ნუთუ ჩემი შვილიშვილია?_ გამიხარდა, მაშინვე რომ მიიღო ბავშვი. ნიტა ძირს დავსვი და ხელით ბაბუამისზე ვანიშნე.

_ ნიტული , მამიკო , ეს შენი ბაბუაა!_ ბავშვმა ჯერ იუცხოვა. შემდეგ ყურადღებით დააკვირდა.

_ აბა გაიღიმე!_ უთხრა მოულოდნელად.
გოგის მართლაც გაეცინა მის ბავშვურ ნათქვამზე.

_ბებიამ მითხრა გაიღიმოსო!_გამიკვირდა, როგორც ჩანს რუსუდანის ნათქვამი არ დავიწყებია. გოგი რუსუდანის ხსენებაზე შეცბა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. სახლისკენ გაგვიძღვა. სიარული ჯერ კიდევ უჭირდა და ალბათ ყავარჯნებს ცხოვრების ბოლომდე ვერ მოიშორებდა. მაგრამ მაინც ძლიერი ადამიანი იყო, რომ ბედს არ დანებდა და ფეხზე ადგომა შესძლო.

_ როგორ ხარ შვილო?_მკითხა, როცა სახლში შევედით._ ღმერთმა იცის, როგორ ვნატრობდი შენს ნახვას, მაგრამ ამის უფლება დიდი ხნის წინ დავკარგე!

_ მამა, მე ნიტა მოგიყვანე! ნიტას მართლა აქვს უფლება ბაბუას იცნობდეს!_ გოგიმ კვლავ ბავშვს შეხედა.

_ შეიძლება ჩაგეხუტო პატარავ?_ ჰკითხა და ჩასახუტებლად ხელები გაშალა.
ნიტამ გამომხედა , მე თავი დავუქნიე და ისიც გაუბედავად მიუახლოვდა მამაჩემს.

_ როგორი ლამაზი ხარ ქალბატონო ნიტა!_ გაეღიმა გოგის, ბავშვი კალთაში ჩაისვა და შუბლზე აკოცა.

_ როგორ გაახარე ბებერი ბაბუას გული!

_ ბებერი რა არის?_ ჰკითხა ნიტამ. გოგის გაეცინა.

_ ხოო მეეჭვება ბებიაშენის ხელში მაგ სიტყვის მნიშვნელობა გესწავლა!_ უთხრა ფარული სევდით.

_ მამა, ძალიან ბევრი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი! _ მე ჯერ ისევ ბავშვობის იმ საღამოში ვიყავი გაჭედილი, როცა უკანასკნელად წამიყვანა სათევზაოდ.

_შენ ალბათ ძალიან გაგიცრუე იმედი!_მთელ მისი სინანული მის ხმაში მესმოდა.

_ სიმართლე გითხრა, დაახლოებით სამი წლის უკან, შენი დანახვაც არ მინდოდა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა!_ მასთან გულახდილი ვიყავი. სხვანაირად არ შემეძლო. თან სახლს ვათვალიერებდი. თითქმის არაფერი შეეცვალა ამ წლების მანძილზე. თითქოს ერთგვარი დროის მარყუჟი შეექმნა მამას და საკუთარი თავი ამ ხაფანგში საკუთარივე ნებით გამოემწყვდია.

_ შენი მადლობელი უნდა ვიყო პატარა ქალბატონო, არა?_ გაუღიმა ბავშვს._ რა ლამაზია, ფერიასავით!

_ ალბათ გეშიებათ!_ შეეცადა ფეხზე ამდგარიყო. მაგრამ არ დავანებე.

_ მე გავამზადებ ყველაფეს, შეიძლება?_ გაუკვირდა ჩემი კითხვა.

_ შეიძლება? ეს შენ სახლია შვილო, თუ გინდა სულაც დაანგრევ და სოფლის ბოლოში გადაიტან!

ვივახშმეთ, შემდეგ ნიტა ჩემი ბავშვობის ოთახში ავიყვანე დასაძინებლად.

_ აბა, როგორ მოგეწონა სოფელი?_ ვკითხე ნახევრად მძინარე ბავშვს.

_ სოფელიც კარგია და ბაბუაც! _ ჩაილაპაკა ნიტამ და გვერდი იცვალა.
ჩემს ოთახშიც არაფერი შეეცვალა გოგის. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარ ბავშვობაში დავბრუნდი. თაროზე ჩვენს ოჯახურ ფოტოს მოვკარი თვალი. დედას და მამას შუაში ჩაესვათ შავგვრემანი მხიარული ბიჭი და გულში იკრავდნენ. სამივეს ისეთი ბედნიერი თვალები ჰქონდათ. რა შეიცვალა შემდეგ? რა დაგვემართა? არაფერი არ არის ამ ქვეყნად მუდმივი , და მათ შორის სიყვარულიც. ყველაზე მეტი ზრუნვა სწორედ ამ მსხვრევად გრძნობას სჭირდება თურმე. ჩვენ კი სულელი ადამიანები მას მოღალატე ბედს მივანდობთ ხოლმე და სულ არ ვუფრთხილდებით.

იმ ღამეს დიდხანს ვსაუბრობდით მე და მამაჩემი. ვუყვებოდი ჩემზე, ნიტაზე, ყველაფერზე. მას ყველაფერი აინტერესებდა. ვუყურებდი მის ინტერესიან, სიყვარულით სავსე თვალებს და საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რომ მასთანაც ამდენი დრო დავკარგე ტყუილად. როგორც ჩანს ბაქარ გოთუამ დროის ფასი სულ არ იცოდა!

ყველაფერი ცხოვრებაში რაღაც მიზეზით ხდება, ნებისმიერი ჩვენი პატარა გადაწყვეტილება ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. რომ არა ესა თუ ის ნაბიჯი, არ მოხდებოდა ის, რაც ხდება ახლა და ამ წამს. არ ვიცი , რომ არა ნიტასთან ერთად გავლილი მტანჯველი გზა, სხვა გზა ოდესმე თუ მომიყვანდა მამაჩემამდე.

_ შვილო, გამოცდილებიდან გეტყვი, პრინციპულობა ხშირად ხდება ტკივილის მიზეზი. ხშირად შეცდომებს ვუშვებთ ადამიანები, მაგრამ თუ არ ვცდით მათ გამოსწორებას, ვერასდროს გავიგებთ, რა მოხდება შემდეგ! კითხვაც არ უნდა , გასაგებია, რომ ის გოგონა მართლა გიყვარს! წადი და დაიბრუნე მისი სიყვარული! გვიანი არასდროსაა, წადი და თავიდან შეაყვარე თავი! ერთხელ თუ შესძელი, მეორედაც გამოგივა! წადი და უკან არასოდეს დაიხიო!
და თუ დარწმუნდები, რომ მის ცხოვრებაში შენი ადგილი აღარ არის! მაშინ მიეცი თავისუფლება! ალბათ ერთეულებს შეუძლიათ მათი გაშვება, ვინც უყვართ!_ დაფიქრებულმა დაასრულა საუბარი.

_ შენ მამა? შენ რატომ არ გაბედე ამ ნაბიჯის გადადგმა?_ ვხედავდი, რომ ყველაფრის მიუხედავად, არც კი უცდია რუსუდანის კვალი წაეშალა. ფოტოსურათებიც კი არ ჰქონდა კედლებიდან ჩამოხსნილი.

_ მე? მე ვერ გავაბედნიერე დედაშენი! თუ ქალს შეიყვარებ, თუ ხელს მოჰკიდებ და შენთან წაიყვან,
კიდევაც უნდა გააბედნიერო! განა დარდით და ტკივილით უნდა ამოუღამო თვალები!
ფრთები უნდა შეასხა და შენი მხარდაჭერა აგრძნობინო , შენდამი სიყვარული განა ხაფანგად უნდა დაუგო!
ხშირად გვეშლება კაცებს და ეჭვებს აყოლილები, სევდის ჩადრში ვხვევთ საკუთარ ნახევრებს! გვგონია , არასდროს წავლენ! რატომღაც საკუთარი თავი გვებრალება , როცა საწადელს ვერ ვაღწევთ. ჩამოვაბნელებთ და ჩამოვაშავებთ ერთ დროს ნათელს და ციმციმას. მუჭში გამოვიმწყვდევთ, ლამაზ თვალებს ჩავუქრობთ, იმედებს და ოცნებებს სათითაოდ დავავიწყებთ, დავაჯერებთ, რომ არ არიან ღირსი კუთვნილი ბედნიერების და ბოლოს ვინც შეგვიყვარდა მათი ლანდიღა გვრჩება ხელში! _ ამოიოხრა და სიგარეტს გაუკიდა._ მართალია, რუსუდანმა მიმატოვა! მაგრამ მანამდე მე მივატოვე თავად! საბრალო კაცებმა მოვიფიქრეთ, რომ სიყვარული მოთმინებაა! იცი როგორი ქალი იყო რუსუდანი? რომ მოდიოდა ქვეყანა მოჰქონდა! ნათელი სხივი იყო ამ მრუმე და უშნო სამყაროში!
და ამ სხივმა ათასში მე ამომირჩია! მე რაც მომწონდა და მიყვარდა მასში, არა უფრო სწორედ რაც შემიყვარდა მასში, მისი ლამაზი ნუშივით თვალები მალევე ჩაუქრა და თეთრი ფაფუკი ხელები სულ მალე გაუუხეშდა. შველივით ტანზე სადედოფლო კაბა რომ უნდა მოეხდინა , დაკერილ_ გახუნებული ძონძები ჩაიცვა! ერთ დღეს კი, საკუთარი არარაობით გულაღრენილი და სასმელში ამომხრჩვალი მოვადექი ჩემი გულის დედოფალს, თვალებში ჩავხედე და საკუთარი თავის მიმართ ზიზღით ატანილმა ვუთხარი:

_ ვინ ხარ შენ და რა უყავი ჩემს მშვენიერ რუსუდანსმეთქი!_ გეფიცები, მაშინვე ვინანე. ის ბოლო ნაპერწკალიც ჩაქრა მის თაფლისფერ თვალებში.
იმ დღიდან შეიცვალა. სხვა ადამიანი გახდა. თითქოს გამოცვალესო! სხვამ ვერა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ის ჩემი სიტყვით მოვკალი. სწორედ ამიტომ წავედი ემიგრაციაში, მეგონა თუ იმ ცხოვრებას მივცემდი, რაც ეკუთვნოდა, დანაშაულს გამოვისყიდდი, მაგრამ ყველაფერი არ იყიდება ბაქარ! ზოგჯერ ვერაფერი ვეღარ გამოასწორებს ნათქვამს და ჩადენილს! მერე კი, როცა დავბრუნდი, უკვე ძალიან გვიან იყო!_ გაჩუმდა და ჭიქა ღვინით შეივსო.

_დიდი ხანია არ დამილევია შვილო! მაგრამ ახლა დავლევ! შენს დაბრუნებას გაუმარჯოს ჩემო ბიჭო! დაე არასდროს დაუშვა მშობლების დაშვებული შეცდომები და ყოველთვის გქონდეს ძალა შენი შეცდომების გამოსასწორებლად!_ მისმა სიტყვებმა გულიც და გონებაც ამომიტრიალა. არასდროს დამინახავს მისი სიყვარული ამ სახით. არასდროს მიფიქრია, თუ რუსუდანის არეული ცხოვრების შემოქმედი თავად მამაჩემი იყო! წამოვდექი და მხარზე ხელი დავადე:

_ თქვენც უნდა ილაპარაკოთ!_
თავი უარის ნიშნად გააქნია, მაგრამ სიტყვით აღარ შემწინააღმდეგებია.

8

ისეთი დილა გათენდა, მხოლოდ სოფელში რომ თენდება ხოლმე. სუსხიანი ჟანგბადით სავსე, ნათელი, ხმაურიანი. ნიტა უთენია წამოხტა ფეხზე. გოგისთან გაიქცა ეზოში. მთელ ეზოს მოედო ეს ნამცეცა ადამიანი. ბასრასთან ერთად გორავდა ნამიან ბალახზე და ისე მხიარულად კისკისებდა, როგორც არასდროს მისი დაბადებიდან. აივანზე ვიდექი და მისი ბედნიერებით ვტკბებოდი.

_ ბაბუკა მოდი საუზმე მზადაა!_ მომესმა მამაჩემის ხმა. ჩუმად გადმოვიხედე აივნიდან, მათ რომ არ შევემჩნიე. ეზოში დადგმულ , მწვანედ შეღებილ, ხის მიზრდილ ჯირკზე გაეშლა გემრიელი სოფლის ნობათი გოგის, კარაქი , ყველი, რძე, ნადუღი, ცხელი ოხშივარავარდნილი პური, მჭადი და ქორფა ბოსტნეული. როდის მოასწრო, გამიკვირდა. ნიტას გავხედე, სულ რომ წუწუნებდა და რუსუდანი ათასი ხრიკით ძლივს რომ ახერხებდა მის მაგიდასთან მიტყუებას. ჩემდა გასაოცრად ბავშვი ხტუნვა ხტუნვით მიუახლოვდა ბაბუას. სკამის ნაცვლად გამორანდულ პატარა ჯირკზე მიუჯდა. გულიანად გადაუსვა გოგიმ პურს კარაქი, ჭყინტი ყველი გატეხა და რძიანი ჭიქაც მიუჩოჩა.

_ ჭამე ბაბუკა, და დიდი გოგო გაიზარდე!_ გადაუსვა ხელი აწეწილ თმაზე.

_ ბასრასაც შია!_ გაიცინა ნიტამ, პურზე მოსმულ კარაქს თითი გაუსვა და ძაღლს გაუწოდა. ძაღლმა ჯერ პატრონს შეხედა, და მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდა მაგიდას.

_ კარგი , აჰა ეს ნატეხი ბასრას აჭამე! მე კი შენ გაჭმევ. რას იტყვი, ბაბუკას მზეო?_ გოგიმ ნიტას გული საოცრად მალე მოიგო. ამოვიოხრე, არადა შეიძლებოდა არასდროს გამეცნო ისინი ერთმანეთისთვის. გული სევდამ დამისერა. რა ადამიანი ხარ ბაქარ? ამდენი შეცდომა უნდა დაგეშვა, რომ სწორი გზა დაგენახა? ვისში აღარ ვეძებდი დამნაშავეს! მამაჩემში, დედაჩემში, ლიკუნაში, ალისკაში, მასში! ყველაში საკუთარი თავის გარდა!!!
საკუთარი თავის სიბრალულმა მაქცია იმ მონსტრად, რომელსაც თუ გადარჩენა გინდოდა უნდა გაქცეოდი!
თმა ავიჩეჩე დაბნეულმა და კიბეზე დავეშვი.

_ დილამშვიდობისა მამა!_ მივესალმე ბავშვთან საუბარში გართულ გოგის.

_ ბაქარ, მე ისეთი მადლიერი ვარ შენი!_ ჩაილაპარაკა მან, ისე რომ არ შემოუხედავს ჩემთვის._ იცი , რას ნიშნავს ცხოვრების დაკარგული აზრი რომ დაგიბრუნდება?
გამომხედა შავი თვალებით და მასში კიდევ ერთხელ ამოვიცანი საკუთარი თავი.

_ მამა..._ ხელი გააქნია და გამაწყვეტინა სათქმელი.

_ შვილო, გამბედაობა მოკრიბე და იბრძოლე საკუთარი ბედნიერებისთვის! ნუ დაეცემი მამაშენივით! თუმცა ზოგჯერ დაცემა კარგიცაა!_ ჩაეცინა და თვალები აუბრჭყვიალდა.

_" ყოველ მზეს მოჰყავს თავისი წვიმა და ყოველ წვიმას თავის ნაყოფი..." _ ღიმილით ჩაარაკრაკა, აშკარად სადღაც წაკითხული. თან ნიტას თავზე აკოცა.

_ მზის სხივების სუნი გაქვს ქალბატონო!_ ნიტამ გოგის ცხოვრება მართლაც მზესავით გაანათა. ჯერ კიდევ გუშინ მხრებში მოხრილი კაცი, დღეს უკვე წელში გაიმართა. სახეც სულ სხვა ღიმილით უღიმოდა. ახლა და ამ წამს რუსუდანს რომ შემოეღო ამ სახლის კარი, ვფიქრობ გოგი აუცილებლად გაუწვდიდა ხელს.
ცხოვრება მხოლოდ ის გვგონია, რაც უპირობოდ თავად ჩვენ გვეხება მხოლოდ. საკუთარი ემოციებით , გამოცდილებით და გრძნობებით ვხელმძღვანელობთ. მხოლოდ საკუთარი საზომით ვზომავთ და ვაფასებთ და გვავიწყდება, რომ ყოველ ადამიანს ბედნიერების საკუთარი კრიტერიუმები აქვს, რითაც ზომავს და წონის მას. რატომ არასდროს ვუშვებთ, რომ ზოგჯერ საკუთარი დარდი ბევრად ღირებულია ადამიანისთვის, ვიდრე ჩვენი სიხარული? რომ ზოგჯერ დარდი, მელანქოლია და ნოსტალგია უფრო გამოხატავს სიყვარულს, ვიდრე მზესავით ნათელი სახე და თვალებში აციმციმებული ვარსკვლავები. რომ ზოგჯერ ცრემლები სწორედ ხსნა და გადარჩენაა და უფრო ძვირფასია, ვიდრე ამ ცრემლის ფორმის ძვირფასი ალმასები. ძვირფასი, რა უცნაური განსაზღვრებაა. ანუ ძვირად რომ ფასობს, თუ შენ რომ არ გაცვლი ძვირ ფასიანში? ზოგჯერ რაღაც ძალიან უბრალოს ენიჭება იმხელა აზრი სათქმელადაც რომ აღარ გემეტება. რადგან ხშირად ხმამაღლა ნათქვამი აუფასურებს უთქმელად გასაგებ სიტყვებს!

_რას ეძებ?_ სარდაფში ჩამოიხედა გაოცებულმა გოგიმ.

_ მამა ანკესები სად შეინახე?_ ვკითხე და უფრო მაღალ თაროზე ავიხედე.

_ ანკესი?_ გაოცდა ჩემს კითხვაზე. ხელით მიმანიშნა_ რამ გაგახსენა ახლა ანკესები?

_ მამა,_ მოვბრუნდი და კარის დირეზე ჩამოყრდნობილს გავხედე._ მინდა ისევ იქიდან დავიწყოთ, სადაც გავჩერდით!
დაფიქრდა და გაეღიმა.

_ შენ გგონია დრო დავკარგეთ არა?_ მკითხა სევდიანი ღიმილით.

_ არ მგონია , ნამდვილად ვიცი!_ მტვრიანი ანკესები გადმოვიღე_ მაგრამ არაუშავს, მთელი ცხოვრება წინაა!

იმ საღამოს ისევ იმ ტბაზე წავედით, მე მამა, ნიტა და ბასრა. ანკესები მდინარეში ჩავკიდეთ და კარვები გავმართეთ. მალე ჩამოღამდა. ისევ სავსე იყო ზეცა ვარსკვლავებით. თითქოს სწორედ ის ღამე იდგა, ის უკანასკნელი სიმშვიდის ღამე. სრულყოფილი და ლამაზი.

სირბილით და ახალი ემოციებით დაღლილმა ნიტამ მალევე დაიძინა, თბილად შეფუთული იწვა კარავში.
მე და გოგი ცეცხლს მივუსხედით, ორიოდე კობრი ნაკვერჩხალს მივუფიცხეთ.

_ მამა, ძალიან მაკლდი!_ ვუთხარი ის , რასაც იმ წამს გულით ვგრძნობდი_ მთელი ეს დრო ძალიან მაკლდი!

არაფერი უთქვამს, ჯოხზე წამოცმული ყველაზე უკეთ დაბრაწული თევზი გამომიწოდა.
არის ხოლმე უთქმელი სინანული, სიტყვის თქმა რომ არ სჭირდება, უბრალოდ სიჩუმეში უნდა იგრძნო. უბრალოდ მზრუნველობაში უნდა გამჟღავნდეს. სინანული, რომელიც სიტყვით არ გამოითქმის. სინანული, რომელსაც სიტყვები აუფასურებს.
სწორედ მის ასეთ სინანულს ვგრძნობდი იმ წამს, ცეცხლის პირას მჯდარი. და ეს სიჩუმე ბევრად უფრო მეტის მთქმელი და ძვირფასი იყო, ვიდრე ყველა სინანულის სიტყვა ერთად თავმოყრილი.

ცოტა ხანს კიდევ ვისხედით, საკუთარ ფიქრებში და დარდებში ჩაფლულები. შემდეგ გოგი წამოდგა, მომიახლოვდა და მხარზე ხელი დამადო. ეს ხელი უცნაურად მძიმე და თბილი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც მამებს აქვთ ხოლმე. ოდნავ მომიჭირა.

_ ღამე მშვიდობისა შვილო!_ მითხრა და ნიტასთან შეძვრა კარავში.

ვიჯექი მინავლულ ცეცხლთან, ჩემს გვერდით ბასრა იჯდა. გადაჯვარედინებულ თათებზე თავი ჩამოედო. ვუყურებდი და მის დულსე მიოზე ვფიქრობდი. ალბათ ისინიც ასე გვერდიგვერდ ისხდნენ ახლა. ვიხსენებდი, როგორ ვეძებდი სიმინდის ყანაში დაკარგულ კატას და მაშინ მისი პოვნა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. თითქოს მის პოვნაზე ეკიდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ცეცხლს თვალი მოვაშორე და ვარსკვავებაფეთქებულ ზეცას ავხედე. უამრავი ბრჭყვიალა წერტილი ციმციმობდა ჩემს ზემოთ. სწორედ ისე, როგორც იმ ღამეს სოფლის მინდორში. უცნაურად ჰგავდა ეს ზეცა იმ ღამის ზეცას. თითქოს არაფერი არ შეცვლილიყო, თითქოს ერთდროულად ჩემი ბავშვობის ცაც ეს იყო და ყველაზე ბედნიერი წამების ზეცაც. იქნებ ისიც ამ ცას უყურებდა ახლა? იქნებ გვქონდა ამ წამს რაღაც საერთო? იქნებ ისიც ჩემზე ფიქრობდა და მილიონჯერ წარმოიდგენდა ჩვენს შეხვედრას?
თვალები წამით დავხუჭე, და რომ გავახილე ის ჩემს წინ იჯდა. სული შემიგუბდა, სუნთქვა შემეკრა.

_ როგორ ხარ ბაქარ?_ ისე მკითხა, თითქოს გუშინაც ამას მეკითხებოდა.
თვალების დახამხამებას ვერ ვბედავდი, ხმის ამოღებას, მისი წასვლის შემდეგ არასდროს ყოფილა ის ამდენად ცხადი და რეალური.

_ ლამაზი ცაა ბაქარ!_ ზეცას ახედა. თვალი მის ლამაზ ყელზე გამიშტერდა. ისე მსურდა, ისე მაკლდა, ისე მინდოდა...

_ დრო მოვიდა ბაქარ!_ მითხრა და ლოყაზე ცრემლი აუბრჭყვიალდა. ცრემლი ნელა დაგორდა ყელისკენ, ის ერთი ბეწო ციმციმა ცრემლი. ცრემლის თუ შეგშურებიათ ოდესმე, ჰა? ვინატრე მის ყელზევე კოცნით დამეჭირა , სულ წამით დავხუჭე თვალი და გაქრა. ისე გაქრა, როგორც აქამდე ათასჯერ. და ახლა უკვე მე ვიგრძენი სულის შემხუთველი სინანული. ყველაფრის გამო. ყველა დაკარგული წამის, წუთის, კოცნის, ღიმილის, მისით გაოცების და მისით აღფრთოვანების გამო.

_ მაპატიე!_ ვთხოვე მე, მისი წასვლის შემდეგ, პირველად.

ნიტა სოფლიდან აღფრთოვანებული დაბრუნდა, უხმოდ მჯდარ რუსუდანს უყვებოდა და უყვებოდა ბაბუამისის შესახებ. თუ როგორი გემრიელი რძე დაალევინა, თუ როგორი ლამაზი ძაღლი ჰყავს, თუ როგორ ასწავლა თევზაობა, თუ როგორ უყრიდა საკენკს ქათმებს, რომ ბაბუასაც ჩემსავით შავი თვალები აქვს.
რუსუდანი ღიმილით უსმენდა. მაგრამ თავად არაფერს ეკითხებოდა. თუმცა იმ წამს პირველად გავიაზრე, თუ რა ძალიან სურდა რუსუდანს გოგიზე საუბარი. საუბარი კი არა ყვირილი, სურდა ვიღაცას მოესმინა. სურდა მოეყოლა. სურდა აეხსნა, მაგრამ ყველაფერს იმ უსიტყვო ღიმილში მალავდა. ესეც ახალი აღმოჩენა: ძლიერი ქალი იყო დედაჩემი, ძალიან ძლიერი!

_ ბაქარ, ზოოპარკში მინდა წავიყვანო ნიტა!_ შემოაღო ოთახის კარი ლიკუნამ. მისი წიგნი თაროზე შემოვდე. ლიკუნა მიხვდა, რომ ისევ მის სურათს ვუყურებდი. გაეღიმა.

_ რატომ არ კითხულობ?_ გვერდით მომიჯდა.

_ ისე რა უცნაურია არა?_ თვალი წიგნისკენ გააპარა.

_ რა არის უცნაური?_ ვკითხე ღიმილით.

_მე მაგალითად სიხარულით გავგიჟდებოდი, ვინმეს თუნდაც ორი სიტყვა რომ მოეძღვნა ჩემთვის. გავადიდებდი და სასთუმალთან გამოვჭიმავდი! შენ კი ამხელა წიგნი დაგიწერა და არ კითხულობ! მშურს შენი, ცოტათი!_ საჩვენებელი და ცერა თითებით ცოტას იმიტაცია გააკეთა და თვალი ჩამიკრა.

_ბაქარ! წადი ნელიკოსთან!_ყურებში სასიამოვნოდ გაიჟღერა მისმა სახელმა. მე საკუთარ თავს მისი სახელის ხსენება ავუკრძალე. სახელის, რომელიც ასე მიყვარდა.

_ არადა დრო იყო..._ მინდოდა ლიკუნას გაბრაზება და სწრაფად მიმიხვდა.

_ დრო იყო სულელი ვიყავი! ახლა კი დავჭკვიანდი! და იცოდე, სანამ ისიც დაჭკვიანებულა მასთან გაიქეცი! ხელი დაავლე და მოიტაცე! აჰ, ნეტავ მეც მომიტაცებდეს, ვისაც მე ვუცდი!_ უცნაურად მენიშნა მისი სიტყვები.

_ ლიკუნა, არის რამე, რასაც არ მეუბნები?_ ვკითხე ეჭვით.

_ ოჰ, გააქტიურდა მკაცრი ძმის რეჟიმი?_ გაეცინა მას._ მოკლედ ნიტა მიმყავს და მოგვაკითხე ასე ერთ საათში!

ოთახიდან გავიდა. უცნაურად აჟიტირებული და დაბნეული მეჩვენა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ ვიღაც მოსწონსმეთქი! ალისკა პატარა აღარ იყო, მასაც საკუთარი პირადი ცხოვრება ჰქონდა და მე საკუთარ პრობლემებში გართულს ეტყობა რაღაც გამომეპარა.

სანამ ზოოპარკში გავიდოდი, ადვოკატს ვეასაუბრე, მალე სასამართლო უნდა გამართულიყო. მანამდე კი ბავშვის ქალაქიდან გაყვანას უნდა მოვრიდებოდი. არ იყო პრობლემა! დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი საჩვენოდ მოგვარდებოდა. ფაქტებიც საკმაოდ გვქონდა და მოწმეებიც, ვინც ალისკას უაზრო გამოხტომებს თუ შვილის მიმართ უყურადღებობას დაადასტურებდა.
მშვიდად გამოვედი სახლიდან და ზოოპარკთან მივედი. იქვე ცოტა ზემოთ , ტელევიზიასთან გავაჩერე მანქანა და ფეხით დავუყევი გზას. ზოოპარკის კიბეებს რომ მივუახლოვდი ისეთ სცენას შევესწარი, კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა ჩავიდინე. ალისკას ხელი ჩაევლო ნიტასთვის და თავისკენ ექაჩებოდა, მეორე ხელში ლიკუნა ჩაფრენოდა საბრალო ბავშვს და არაფრით არ თმობდა. გარშემო დაცვა და სეირის მაყურებლები შეკრებილიყვნენ. თავად ნიტა შიშისგან გაფართოებული თვალებით იყურებოდა და ატირებდე წამები უკლდა. სიბრაზემ ტალღასავით დამიარა სხეულში. ეს ძლივს გადარჩენილი და გულამოცლილი ბავშვი ლამის იყო შუაზე გაეგლიჯათ ამ ქაჯებს. მე ხელშიც რომ ვერ ამყავდა გაბედულად და სიცილის დროსაც კი მის პულსს რომ ვითვლიდი ეს ალქაჯი დაუნდობლად მიათრევდა ხელით. კიბეები გიჟივით ჩაბირბინე.

_ რა ჯანდაბას აკეთებთ!_ იმხელა ხმაზე ვიღრიალე, შეშინებულებმა ორივემ გაუშვეს ნიტას ხელი. ბავშვი მაშინვე ჩემთან გამოქანდა და ფეხზე მომეხვია დამფრთხალი.
ხელი დავტაცე და გულში ჩავიკარი.

_ როგორ ხარ მამიკო?_ ვკითხე გადაფითრებულს.
წამიერად დაიბნა ალისკა , მაგრამ გონს მალევე მოეგო.

_ ჩემი შვილია ! აქ მომეცი ბავშვი!_ ხალხის იქ ყოფნით გათამამებული ისევ წაეტანა მაჯაში. თვალთ დამიბნელდა. როგორ წავუჭირე ყელში ხელი აღარც მახსოვს. მხოლოდ იმას ვხედავდი, როგორ ექაჩებოდა ჩემთვის საძულველი ლამაზი თვალები და მე ეს საშინლად მსიამოვნებდა.

_ ძმაო! გაუშვი ხელი!_ მაჯაში ჩამაფრინდა ლიკუნა_რას აკეთებ გაუშვი ხელი! ამასაც ეს უნდა! გაუშვი!
გაგიჟებულს
რომ ვერა გამაგებინა რა, გამატებით შემომარტყა სახეში. ნელა გავუშვი თითები მის ყელს. შიშისგან გადიდებული თვალები ჰქონდა. ყელზე ხელი წაივლო და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.

_ ბავშვი წაიყვანე!_ ვუყვირე ლიკუნას.

_ ძმაო!_ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ისე შევხედე ვეღარ გაბედა.

_ შენც მოგხედავ სახლში, ყველაფერს ამიხსნი!_ შევუღრინე ავად. აშკარა იყო ალისკას აქ ყოფნა უბრალო დამთხვევა ვერ იქნებოდა. ნიტა ლიკუნას მივაწოდე.

_ მამიკო მანქანაში დამელოდე!_ ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.

_ შენ კი წამოეთრიე!_ ხელი დავავლე ალისკას და ცნობისმოყვარეთა წრიდან გავიყვანე.

_ ახლა კარგად მომისმინე!_ ნერვიულობისგან თუ შიშისგან აკანკალებდა. მაგრამ მე ამ ქალში ქალს ვეღარ ვხედავდი, ვერც ჩემი შვილის დედას, ვერც ვერაფერს. ადამიანს საერთოდ ვეღარ ვხედავდი. ის ახლა ჩემთვის იმ აფთრისგან არაფრით განსხვავდებოდა,
ქვემოთ ზოოპარკში რომ იჯდა გალიაში. თუმცა არა! ვცდებოდი, აფთარიც კი არ იქნებოდა ავადმყოფი და უძლური შვილის მიმართ ამდენად ულმობელი,როგორც ალისკა.

_ ნიტას ახლოს არ გაეკარო, თორემ ისე დაგმარხავ კაციშვილი ვერ მოგაგნებს! გესმის?_ არ იყო ეს უბრალოდ მუქარა. ხელიც არ ამიკანკალდებოდა. მიხვდა ალისკა, რომ არ ვთამაშობდი.

_ ხომ გესმის რა გითხარი?!_ გავუმეორე ცივად. თავი დამიქნია და თვალებში ზიზღი და სიძულვილი გაუკრთა.

_ გძულვარ არა?_ გამეცინა მე_ გაუკვირდა , რომ მისი ფიქრები გამოვიცანი_ შენ წარმოიდგინე, მე მეტად მძულს ჩემი თავი , შენ რომ გეხებოდი ოდესღაც, ამიტომ! მომერიდე ალისკა, თავი შორს დაიჭირე! სხვა დროს აღარ გაგიმართლებს!

ზურგი ვაქციე და წამოვედი. ისეთი წივილი მომესმა წამის შემდეგ, არ ვიცი, აი ზღაპრებში გველებს რომ ჩაყრიდნენ ხოლმე ცეცხლში და დაიწივლაო რომ წერდნენ. ნამდვილად, ზუსტად ასე ზიზღით და უსუსურობით წივიან დამარცხებული ბოროტი სულები. გავიფიქრე მე და ჩემმა ფიქრმა თავადაც გამაოცა. წამით შევდექი, მაგრამ უკან აღარ მივბრუნებულვარ.

უკან მხოლოდ წარსულია. წარსული, რომელმაც გვასწავლა, როგორ გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვარიანტები.
უკან მიხედვა არ ღირს! მხოლოდ წინ და მომავლისკენ უნდა იაროს ადამიანმა. მეც სწორედ ჩემი მომავლისკენ გავემართე, გაბედული და თამამი ნაბიჯებით! მტკიცედ გადავწყვიტე, როგორც კი სასამართლო დასრულდებოდა, მასთან გავფრინდებოდი.



9

_ შენ საერთოდ დაკარგე ჭკუა? საერთოდ აზრზე ხარ რას აკეთებ?_ ისე ვეცი ლიკუნას , აშკარად მზად ვიყავი, რაც ალისკას დავაკელი, მთელი გულის ჯავრი მასზე მეყარა.

_ ბაქარ მომისმინე! მე უბრალოდ!_ შევატყვე ჩემ მისვლამდე რუსუდანსაც არ დაეკლო, ისე ჰქონდა თვალები ტირილისგან დასიებული.

_ რა უბრალოდ გოგო? რა უბრალოდ? როგორ გაბედე ბავშვის მასთან მიყვანა? ან ჩემი მოტყუება როგორ გაბედე?_ თავს ვერ ვაკონტროლებდი. პასუხზე და ახსნა_ განმარტებაზე მეტად ემოციებისგან დაცლა მჭირდებოდა.

_ სხვა დროსაც გიქნია ეგ?_ უცებ წარმოვიდგინე ნიტას როგორ ურევდა ტვინს ალისკა და მუშტი გამეტებით დავარტყი კედელს.

_ ჩემი გაგიჟება გინდათ თქვენ არა?_ ვყვიროდი გაცოფებული. ლიკუნა მხრებჩამოყრილი სლუკუნებდა.

_ ბაქარ დამშვიდდი ბავშვს ეშინია!_ მისაღებში რუსუდანი შემოვიდა .
ნიტას ხსენებამ წამში გონზე მომიყვანა. ჩემს გოგონას არასდროს ვუნახივარ გაბრაზებული, მასთან და მის სიახლოვეს ტონიც კი არასდროს ამიწევია. კი, ნამდვილად შეაშინებდა ახლა ჩემი ღრიალი. მითუმეტეს იმის შემდეგ, რაც დილით მოხდა.
ჰაერი ჩავისუნთქე, და შევეცადე ემოციებზე კონტროლი დამებრუნებინა.

_ გისმენ!_ვუთხარი ბოლოს კუთხეში საწყლად ატუზულ ლიკუნას.

_ მთელი კვირაა მირეკავს, მეხვეწება, ტირის, შვილი მანახეო, მარტო შორიდან დავინახავო! შემეცოდა ბაქარ, ვიფიქრე, ისიც ხომ მშობელია, იქნება ნანობსმეთქი!_ თვალს ვერ მისწორებდა. კარგად იაზრებდა დაშვებულ შეცდომას და ისევ ტიროდა.

_ აბა დარწმუნდი? ჰქონია დედობრივი გრძნობები? _ ვკითხე და დამცინავად შევხედე.

_ არა ბაქარ, ეს უკანასკნელად მოხდა, რომ მე ალისკას ვენდე! ისე ექაჩებოდა ლამის იყო შუაზე გაეგლიჯა! ამ ქალს შეუძლებელია ჩვენი გოგო უყვარდეს! არ ვიცი რას ვიზამდი, რომ არ მოგესწრო._ თავი ჩახარა ლიკუნამ.

_ მართლა იაზრებ, რომ არ მომესწრო რა მოხდებოდა? სასამართლოს დასრულებამდე ბავშვს თვალით ვერ ვნახავდით!_ ნათქვამი რომ კარგად გაიაზრა, შეცბა ჩემი და.

_ ამის შემდეგ, არ გაბედო ჩემი მოტყუება! თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ და დავივიწყებ, რომ ჩემი და ხარ! ხომ გასაგებია?_ ჩემი ხმა მეც კი აღარ მეცნო. გააფთრებული ცხოველივით ვუღრენდი ჩემს დას. მაგრამ იმის გაფიქრებაზეც, რომ თუნდაც ცოტა ხნით , ნიტა იმ ალქაჯის ხელში შეიძლებოდა ყოფილიყო, სისხლი მიდუღდებოდა.

_ არ ინერვიულო ბაქარ!_ მოგვიახლოვდა აქამდე ჩუმად მდგარი რუსუდანი_ დღეიდან ფეხს ვეღარ გაადგამს სახლიდან ეს ქალბატონი! სიმართლე რომ გითხრა, ცოტა შემეშინდა კიდეც. ალისკა იმაზე თავზეხელაღებული ყოფილა, ვიდრე მე მეგონა. აქამდეც ძალიან ბევრს ბედავდა და ახლა სულ გადასულა ჭკუიდან!_
დაფიქრებით საუბრობდა რუსუდანი.
და კაცმა რომ თქვას, იყო მის ნათქვამში სიმართლის მარცვალი.
არავინ იცის, რისი გაკეთება შეეძლო ჩემ გასამწარებლად. მითუმეტეს რომ მიხვდა, ჩემთან დასაბრუნებელი ყველა გზა ჩაკეტილი ჰქონდა და ამის შემდეგ მხოლოდ შურისძიებაზე შეეძლო ეფიქრა. ალისკა ნამდვილად იყო ბევრ რამეზე წამსვლელი, მანიპულატორი ქალი! ბოლო_ ბოლო მეც საკმაოდ მატარა თავის ჭკუაზე, და ყველაფერი თავდაყირაც დააყენა.

საღამოს აივანზე ვისხედით მე და ნიტა, სარწეველა საქანელაში და ჩვეულად რაღაცას გაუთავებლად მეტიტინებოდა. მოულოდნელად ნანუკამ რომ დამირეკა.

_ ბაქარ როგორ ხარ?_ უცნაურად აღელვებული ხმა ჰქონდა.

_ კარგად ნანუკა, შენ რას შვები? რაღაც დაგვივიწყე! ნიტა ბიჭებს კითხულობს!_ გამიხარდა მისი ხმის გაგონება.

_ ხო მშვიდობაა შენთან? რა არის ახალი?_ არა აშკარად რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ ვერ მეუბნებოდა.

_ ნანუკა მოხდა რამე?_ ვკითხე ინტერესით. ცოტა ხანს გაჩუმდა. ჩაახველა და დაბნეულად ჩაიცინა.

_ არა არაფერი, რა უნდა ხდებოდეს? უბრალოდ მოგიკითხე! _ რამდენიმე უბრალო კითხვა კიდევ დამისვა და ტელეფონი გათიშა.
მხრები ავიჩეჩე გაკვირვებულმა , ნანუკა ის გოგო არ იყო, რამის თქმა ან მოხათრებოდა, ან შეშინებოდა. ვიფიქრე, რომ უბრალოდ მომეჩვენა.
მალე ნიტას ჩემს მკლავებში ჩაეძინა. ჩუმად ავიყვანე ხელში და ოთახში შევიყვანე. თავის პრინცესულ საწოლში ჩავაწვინე და ვინი პუჰებიანი პლედი მივაფარე.

ის ის იყო ისევ აივანზე ვაპირებდი დაბრუნებას, რომ ახლა სანდრომ დამირეკა. არა, შეუძლებელი იყო ერთ საღამოსთვის ასეთი დამთხვევა. რომ ნანუკას და სანდრის ერთდროულად მოვნატრებოდი. ოთახის შუშის კარი ფრთხილად დავხურე და კვლავ აივანზე დადგმულ სარწეველას დავუბრუნდი. თან სანდროს ვუპასუხე.

_ სანდრის გაუმარჯოს !

_ გაუმარჯოს ძმაო!_ მიპასუხა მანაც_ მე თუ არ დაგირეკე, შენ ისე არ გაგახსენდები!
მისაყვედურა მან. გამეცინა. მან ყველა მე დამიტოვა, ყველა თავისიანი, საკუთარი თავის გარდა. არადა
რიგორ მჭირდებოდა, როგორ მაკლდა და მენატრებოდა. მის მონატრებას მისიანებთან ურთიერთობით ვივსებდი და ეს სულ ოდნავ მშველოდა.

_ დღეს რა ყველას ერთად მოგენატრეთ?_ ვკითხე სიცილით.

_ ვინ ყველას?_ უცნაურად შეშფოთებული ხმა ჰქონდა. მეუცნაურა მისი ხმის ტონი.

_ რა ხდება სანდრი? წეღან ნანუკა, ახლა შენ? მშვიდობაა ჩვენს თავს? _ ნანუკასი არ იყოს, არც სანდრო იყო ის ტიპი, რამის თქმა მორიდებოდა, და მიუხედავად იმისა რომ აშკარად რაღაცის თქმა სურდათ ორივეს, რატომღაც მაინც დუმდნენ.

_ არაფერი ძმა!_ ზუსტად ნანუკასავით ჩაეცინა, თავის მოსაჩვენებელი არეული სიცილით._ უბრალოდ მოგიკითხე! კარგი აბა, და შემეხმიანე არ დაიკარგო!
მოულოდნელად მოსხიპა საუბარი. თითქოს ეშინოდა , რომ რაღაც წამოსცდებოდა.
ტელეფონი მოაჯირზე დავდე და სკამში გადავწექი.

_ რა ჯანდაბა ხდება?_ ვკითხე ახლა საკუთარ თავს.

_ რაო პატარავ? შენ გეხება რამე?_ ვკითხე ჩურჩულით მის ლანდს_ უნდა ვინერვიულო არა?

ერთ უცნაურ რამეს გეტყვით. მთელი ამ დროის მანძილზე, რაც ის ჩემგან გაიქცა და მიმატოვა. ერთხელაც კი არ დამიშვია, რომ ცხოვრებას სხვასთან აიწყობდა. ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის ჩემი ცოლი იყო. ღმერთის და საკუთარი თავების წინაშე ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნოდით. გაშლილი ხელის გული მაღლა ავწიე და გარე განათების სუსტ სინათლეზე სახის წინ დავიტრიალე, იდუმალი ელვარებით გაიბრწყინა ჩვენმა ქორწინების ბეჭედმა. არასდროს , არც ერთხელ აზრადაც კი არ გამივლია, რომ ბეჭედი უნდა მომეხსნა. არადა ადრე რომ გეკითხათ ჩემთვის, არანაირი ბეჭდის ტარებას არ ვაპირებდი. მაგრამ ახლა მხოლოდ ეს პატარა სიმბოლო მაიმედებდა, რომ მას ადრე თუ გვიან ისევ ჩემთან დავაბრუნებდი.

ლიკუნას აღარ ველაპარაკებოდი. მასზე ისევ გაბრაზებული ვიყავი. ის კი საწყალი თვალებით მომჩერებოდა დასჯილი ლეკვივით. უსიტყვოდ ხან ყავას მომიტანდა , ხან მაგიდას გამიშლიდა , მაგრამ ჩემსავით ამაყს და ჯიუტს ერთი სიტყვაც კი არ სცდებოდა პირიდან. რუსუდანი კი ჩვენს ამ ბავშვურ ბუტიაობაზე აშკარად კარგად ხალისობდა.

პირველი სასამართლო მალევე გაიმართა, და მთავარ , გადამწყვეტ მომენტს კიდევ უფრო მივუახლოვდი. ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ ხდებოდა. და გამარჯვებაში ეჭვიც აღარ მეპარებოდა.
ჩვენგან წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა მოსამართლე კეთილად განაწყო. ყველაზე მეტად იმაში გაგვიმართლა, რომ მოსამართლეც ქალი იყო. რაც უფრო ეცნობოდა ალისკას სისულელეებს და უგულობას, მით უფრო ცივი ხმა ჰქონდა. ალბათ როგორც დედისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ გაიმეტა დედამ ნიტას მდგომარეობაში მყოფი ჩვილი მისატოვებლად.
როგორ არ ჩამოაკითხა ასეთ გადამწყვეტ ოპერაციაზე და მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ, რატომ დაინტერესდა შვილით. იმ კადრებსაც გაეცნო , რომელიც ზოოპარკის წინ მომხდარ ინციდენტს ასახავდა. ჩემმა ადვოკატმა იზრუნა , რომ მასალა სათანადო სახით მიეწოდებინა სასამართლოსთვის. და არც ის გამორჩენია, რომ ბავშვი ჯერაც ახლად ნაოპერაციები იყო და დედა მაინც ასე დაუნდობლად ანჯღრევდა.
მეც იმედი მქონდა მეფე სოლომონივით ბრძნულ გადაწყვეტილებას გამოიტანდა მოსამართლე და ამოიცნობდა თუ ვის ჰქონდა ბავშვის მიმართ წრფელი და უანგარო სიყვარული.

ასეც მოხდა. მეორე პროცესზევე მომაკუთვნეს ნიტა, ხოლო ალისკას მასზე ყველა უფლება ჩამოართვეს.
დიდად არც უდარდია. ერთი დამცინავად აკისკისდა გადაწყვეტილების გამოტანისას და გაოცებული მოსამართლის თვალწინ დატოვა დარბაზი, ისე რომ გადაწყვეტილება ბოლომდე არც მოისმინა.

დარდი გადამეყარა გულიდან. მორჩა და დამთავრდა. ალისკა ჩვენი ცხოვრებიდან უკვალოდ გაქრა. დღეის შემდეგ მასთან ყველანაირ კავშირს ვწყვეტდი. პირველი რაც გავაკეთე, მისი ნომერი წავშალე ტელეფონიდან.
ვიცი, ბავშური საქციელი იყო, მაგრამ ამ ჟესტით თითქოს საკუთარ თავს დავაჯერე მისი ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოშორება.

სახლში პატარა ოთხკაციანი წვეულებაც გავმართეთ.
მხოლოდ მე, ნიტა, ლიკუნა და რუსუდანი.
ბოლოს რუსუდანმა ნიტა დასაძინებლად გაიყვანა . მე კი ჭიქა ღვინით მის საყვარელ აივანს მივაშურე. იქ ყველაზე მეტად ვგრძნობდი მასთან სულიერ სიახლოვეს. აჟიტირებული და მხიარული ვიყავი.
ხვალვე ბარგს ჩავალაგებდი და ესპანეთში გავემგზავრებოდი. მასთან შეხვედრის სიხარულის გრძნობა მავსებდა. ჯერ არ მქონდა გააზრებული თუ რას ვეტყოდი, ან რას გავაკეთებდი. მაგრამ მხოლოდ ის აზრიც კი , რომ მას ვნახავდი ენერგიით მმუხტავდა. საერთოდ არ ჰქონდა აზრი არაფერს! რადაც არ უნდა დამჯდომოდა, რამდენი დროც არ უნდა დამჭირვებოდა მე მას ამ სახლში, ამ აივანზე დავაბრუნებდი. და ყველა იმ სურვილს და ოცნებას, რაც მთელი ეს დრო მაწამებდა რეალობად ვაქცევდი.
ღვინოს ვსვამდი და ჩვეულად მასზე ვოცნებობდი, რომ ლიკუნა გიჟივით შემოვარდა აივანზე.

_ ბაქარ, ბაქარ!_ ყვიროდა და სულ არ ერიდებოდა ახლად ჩაძინებული ნიტას გაღვიძების.

_ რა ხდება , რამ გადაგრია?_ მართლა გამიკვირდა მისი საქციელი. სხვა დროს ნიტას როცა ეძინა, ყველას თითის წვერებზე დაგვატარებდა ხოლმე.

_ ეს უნდა ნახო ბაქარ! ეს უნდა იცოდე!_ მითხრა და ბედნიერებისგან ყურებამდე პირგახეულმა და თავისი მობილური გამომიწოდა.
გამოვართვი და ინტერსით დავხედე . რომელიღაც გამომცემლობის პოსტი იყო. ახალგაზრდა ავტორების მოთხრობებთან დაკავშირებით.
რომლებმაც ერთ_ერთ მნიშვნელოვან კონკურსზე გაიმარჯვეს და გამომცემლობამ მათი რომანები წიგნებად გამოსცა. ახლა კი დაჯილდოების ცერემონიალი უნდა გამართულიყო, მოწვეული ავტორების სიას თვალი გადავავლე და გავშრი. გარკვევით ეწერა: ნელი აბაშიძე.

ვერ გეტყვით გული გამიჩერდა თუ პირიქით გაასმაგებით ამიძგერდა. აი რატომ რეკავდნენ ნანუკა და სანდრო. ამოწმებდნენ მე რამე თუ ვიცოდი, მაგრამ თქმა ვერც ერთმა გაბედა, რომ
ის აქ იყო!
ის აქ იყო!
ჩემ ახლოს სუნთქავდა!
ჩემ გვერდით დადიოდა!

ელდამ რომ გადამიარა სანდროს დავურეკე.

_ გისმენ ძმაო!_ მიპასუხა დაძაბულმა.

_ დიდი ხანია სანდრო?_ ვკითხე. წამით გაჩუმდა.

_ ორი კვირაა ბაქარ!_ მიპასუხა წყნარად.
ხმა ვერ ამოვიღე. ნუთუ ორი კვირაა საქართველოშია?!

_ ბაქარ დამშვიდდი! გთხოვ! ცოტა დრო მიეცი გონზე მოვიდეს!_ მუდარით მთხოვა სანდრომ.
მაგრამ მე უკვე აღარაფერი მესმოდა. გიჟივით გავრბოდი ჩემი მანქანისკენ. დღესვე უნდა ჩავსულიყავი რუსთავში და ჩემი თვალით მენახა. დავრწმუნებულიყავი.
არ ვიცი , ალბათ წამებში გავლიე გზა.
მის ეზოში შევაყენე მანქანა და გადმოვედი.
მის აივანს ავხედე და გულმა შვებით ამოისუნთქა. ჩაბნელებულ ფანჯრებში სინათლე ენთო.

ის მართლა აქ იყო და ეს უკვე აღარ იყო სიზმარი!
ის დაბრუნდა, ჩემი ნელიკო დაბრუნდა...

10

ჰაერი ჩავისუნთქე და პირდაპირ მისი სახლისკენ გავემართე, რომ მოულოდნელად სადარბაზოდან სანდრო გამოვიდა და წინ გადამიდგა.

_ ბაქარ ძმაო! ცოტა ხანს გაჩერდი!_ მის ხმაში შეშფოთება ვიგრძენი.

_ რას მეუბნები გესმის?_ ვკითხე გაბრაზებულმა.

_ მესმის! ახლა მასეთი არეული რომ მიხვიდე, არაფერი კარგი არ მოჰყვება თქვენს შეხვედრას!_ მხრებზე დამწყო ხელები.

_ ბაქარ დამიჯერე, ახლა არ ღირს მისი ნახვა!_ არაფრის მოსმენა არ მსურდა, ის აქ იყო რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით და მე მას უნდა შევხვედროდი. გული გამისკდებოდა რომ არ დამენახა.

_ სანდრო, უნდა ვნახო გესმის? მართლა ვერ ხვდები, რომ ახლა ვერ შემაჩერებ?_ ხელი ხელზე ავუკარი და ისევ მისი სახლისკენ წავედი.

_ ის მარტო არ არის!_ ზურგიდან მომაძახა სანდრომ და ადგილზე გამაშეშა. ნელა მოვბრუნდი უკან.

_ ვერ მივხვდი?!_ ვიგრძენი კონტროლს ვკარგავდი. ვერ ვიაზრებდი სანდროს სიტყვებს. რას ნიშნავდა , მარტო არ არის?

_ საქმრო ჩამოჰყვა!_ თვალი გამისწორა სანდრომ და ახლოს მოვიდა. სახე წამეშალა. აზრები ამერია.

_ წამოდი სადმე ვისაუბროთ! უნდა დამშვიდდე!_ ხმა გაუმკაცრდა სანდროს.

_ ვინ ჩამოჰყვა?_ ისევ აივანს ავხედე და ვიღაც ტიპს მოვკარი თვალი. იდგა და ინტერესით გვიყურებდა.
სურვილი გამიჩნდა იმ აივნიდან გადმომეღო და ძვალ_რბილი გამეერთიანებინა. მუშტები თავისით შემეკრა. პირში კი უცნაური სისხლის გემო ვიგრძენი.

_ ვიცი, რაზეც ფიქრობ! დამშვიდდი ძმაო!_მის ხმაში ბრაზთან ერთად თანაგრძნობაც ვიგრძენი და ამან უფრო გადამრია.
მივხვდი სანდრო მართალი იყო. ახლა რომ იქ ავსულიყავი ის ტიპი ცოცხალი ვერ გადამირჩებოდა.
გაცოფებული მანქანისკენ გავემართე , სანდროც გამომყვა.

სადღაც უაზრო სასადილოში დავსხედით, რამდენიმე ჭიქა ისე უსიტყვოდ დავლიე დასამშვიდებლად.
ბრაზისგან ხელები მიკანკალებდა.

_ბაქარ რას აპირებ?_ მკითხა სანდრომ.

_ რას ვაპირებ?_ გამეცინა სიმწრით_ სასიძო უნდა გაგილამაზო!

_ ბაქარ, გონს მოდი!

_რა ურთიერთობა აქვთ, ვინ ჯანდაბაა? საიდან მოვიდა?_ მართლა მაინტერესებდა.

_ აზრზე არა ვარ , ვინ ჯანდაბაა სანტინო დიასი და რას ეძახის არ გაინტერესებს?_ ჩაეცინა უსიამოვნოდ, აშკარად არ მოსწონდა ახალი სასიძო_ სანის, შენც და მეც ორივე ერთად ჩაგვანაცვლა მაგ ახვ...ა!
შევხედე აღრენილ სანდროს და გადავიხარხარე. მასაც ჩემზე არანაკლებ ექავებოდა ხელები და თავს მხოლოდ ნელიკოს ხათრით იკავებდა. აშკარად მამიდაშვილის საქმროზე ეჭვიანობდა.

_ მერე?_ ვკითხე სიცილით გული რომ ვიჯერე.

_ მერე რა ვიცი , მერე?! უცნაური წყვილია!_ ვერც ახლა მივხვდი რას გულისხმობდა. აშკარად შემატყო გაოცება.

_ ასე ვერ აგიხსნი, უნდა ნახო და თავად მიხვდები! მაგრამ არ გითქვამს, რას აპირებ!_ დაინტერესდა ჩემი გეგმებით _ რომ იცოდე, ქალბატონი დიდად არ შეცვლილა, ისევ ისეთი ჯიუტია, ან უფრო უარესი! მაგრამ სულ სევდიანი თვალებით იყურება! რამდენჯერმე შევნიშნე აივანზე გაშეშებული მჯდომი, ფიქრებში ჩაძირული. მივა ეს ჩემ...სა მიაფარებს პლედს მზრუნველი დედასავით! მაგრამ ერთხელაც არ დამინახია, რომ მოხვეოდა ან ეკოცნა!_ იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ უნდა ეკოცნა ჩემი ცოლისთვის ვიღაც ტიპს, ისევ გამეცინა, მაგრამ ეს სიცილი სიხარულის და ბედნიერების რომ არ იყო სანდრო მაშინვე მიხვდა.

_ ხოდა რას აპირებ ბაქარ! რაც არ უნდა იყოს, ვერ დავუშვებ ნელიკო ისევ ..._ აღარ დაამთავრა.
სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცოდი, რა გამოიარა ნელიკომ დღევანდელ დღემდე. როგორ იცხოვრა , რას გრძნობდა და განიცდიდა. იმასაც ვაცნობიერებდი, რომ არ მქონდა უფლება მისგან რამე მომეთხოვა. ვინ ვიყავი ახლა მე მისთვის? ალბათ ყოფილი, რომლის დავიწყებასაც მთელი ძალით ცდილობდა. მაგრამ გამოუვიდა კიი?

სანდროსგან გავიგე, რომ რამდენიმე დღეში ის დაჯილდოვება უნდა გამართულიყო და ამის შემდეგ კვლავ ესპანეთში დაბრუნდებოდა და ალბათ ქორწილისთვის დაიწყებდა მზადებას.

სასადილოდან გამოსულებს გარეთ ქუჩის მომღერალი შეგვხვდა. გიტარაზე უკრავდა და რომელიღაცა თანამედროვე სიმღერას მღეროდა.
უცებ იდეა მომივიდა. მივედი და ბიჭს მივესალმე.

_ გამარჯოობა ძმა!_ თავის დაქნევით მომესალმა. სიმღერა არ შეუწყვეტია.

_ გინდა ამ საღამოს ფული გააკეთო?_ მისკენ დავიხარე და ხმამაღლა ვკითხე. ისევ თავი დამიქნია დაინტერესებულმა.

_ მისამართს მოგცემ და მინდა კონკრეტული სიმღერა მანამდე იმღერო აივნის წინ, სანამ არ გადმოიხედავენ და არ არ გკითხავენ რამეს. შემდეგ კი ჰორტენზიების იისფერი უზარმაზარი თაიგული აუგზავნო ერთგული თაყვანისმცემლისგან.
აბა რას იტყვი?_ ბიჭმა დაკვრა შეწყვიტა და ფეხზე წამოდგა.

_ სულ ესაა? მაგაზე ადვილი რა არის?_ გიტარა შალითაში ჩადო და დაწვრილებითი ინსტრუქცია მიიღო გვარიან კუპიურებთან ერთად.
სანდროს გავხედე და თავი გადააქნია მხიარული ღიმილით.

_ ჰოო, ძველი მიზანდასახული ბაქარი დაგვიბრუნდა არა?

_ ისედაც ვნანობდი, არ უნდა გამეშვა. მეორედ ერთი და იგივე შეცდომას მარტო სულელები უშვებენ ძმაო! თუ ერთხელ შეგიყვარებს ადამიანი, თუ მოინდომებ, არ არსებობს, რაც არ უნდა მინავლული ჰქონდეს გრძნობები თავიდან ვერ აუგიზგიზო.
ტყუილია რომ ამბობენ სიყვარული დამთავრდაო, იმიტომ რომ სიძულვილიც თავისებური სიყვარულია. იმათ, ვინც სულერთია, წიგნებს არ უძღვნიან. თან ისეთ წიგნებს კონკურსებში რომ იმარჯვებენ._ მშვიდად ვუთხარი მე.

იქიდან ნანუკასთან წავედი პირდაპირ. თუ ნანუკა ჩემ მხარეს იქნებოდა, ჩემი გეგმაც გამოვიდოდა.

_ გაიგე არა?_ თვალი ამარიდა ნანუკამ.

_ ჰოო! რატომ არ მითხარი? რატომ ხარ ასეთი უგულო?_ ვუსაყვედურე, თან თავი მოვისაწ.....

_ აჰა, ძმაო! მე რაღა ვთქვა? ხვდები, რას ვუძლებ?_ მხარი ამიბა თაზომ._ ამას ეტყობა არ უყვარს დაქალი და არ უნდა მისთვის კარგი! არც მისი ნახვა გაუხარდა, ალბათ!

_ რას ბოდიალობ?_ თაუბრიალა თვალები ქმარს.

_ რა ვტყუი? წაიყვანს ის ესპანელი და იყავი ისე!_ ვითომ სხვათაშორის ჩაილაპარაკა თაზომ.

_ ის სანტინო დიდად გულთან არ მომივიდა! სანტინო არა სანტისიმო!_ აბურდღუნდა ნანუკა და მეც გული მომეცა.

_ ხოო, არც სანდრინიოს დაეხატა გულის ფიცარზე!_ ისევ ჩასისინა ყურში თაზომ. კმაყოფილს ჩამეღიმა.

_ მიყვარს, ნანუკა გესმის? _ ისევ შევაცოდე თავი.
შემომხედა და დამაკვირდა. მერე თვალი ჩემს არათითზე მბრწყინავ რგოლზე გადაიტანა და თვალებში იდუმალი ალი გაუკრთა.

_ კარგით ბიჭებო! ვხვდები, რაც ჩაიფიქრეთ! მე თქვენთან ვარ! აღარ მინდა ნელიკო წავიდეს! თან არის ერთი რაღაც, რაც მაგიქრებინებს , რომ ყველაფერი სხვაგვარადაა!_ თავი დაგვიქნია ნანუკამ.

_ რა რაღაც?_მაშინვე დაინტერესდა თაზო.

_ ჯერ არ გეტყვი! მე თვითონ უნდა გავერკვე! _ ცხვირი აიბზუა და სამზარეულოში გავიდა. კართან გაჩერდა და უკან მოიხედა. თვალებში მუქარით შემომხედა და მკაცრად თქვა.

_ კიდევ თუ ატკენ გულს და ისეთ სისულელეს თუ ჩაიდენ, მოგკლავ იცოდე!_ ეჭვიც არ შემპარვია, იყო ამის გამკეთებელი.

იმ დღის შემდეგ ისევ მის ეზოს მივეჯაჭვე. მის აჩრდილად ვიქეცი. ყოველ დღე ვუგზავნიდი ჰორტენზიების უზარმაზარ თაიგულებს და ვიცოდი ძალიან კარგად ხვდებოდა, თუ ვინ იყო ადრესანტი.
დათუნაც, ის მომღერალი ბიჭი, ყოველ დღე "შავთვალას" უმღეროდა აივანთან. ვიცოდი, ეს ყველაფერი მასზე როგორც მოქმედებდა. ვიცოდი, ჩემზე ბევრს ფიქრობდა და საბოლოოდ ჩემი ნახვა მოუნდებოდა. მე კი მასთან შეხვედრის მიზეზს ვეძებდი.

მესამე დღეს მირზა თადაშვილმა დამირეკა. გამიკვირდა. თითქმის არ მეკონტაქტებოდა, თითქოს ბრაზობდა ჩემზე, არა ნამდვილად ბრაზობდა. მისი აზრით ნელიკოს არ ვიმსახურებდი, ეს პირშიც კი მითხრა. ჩემთან კავშირს არც მთლად კარგავდა, მაგრამ არც მოკითხვით იკლავდა თავს. მხოლოდ ნიტას კითხულობდა, ჩემს გოგონაზე ნამდვილად შესტკიოდა გული, ამაში დარწმუნებული ვიყავი.

_ მირზას გაუმარჯოს! რამ გაგახსენა ჩემი თავი?_ ვკითხე ღიმილით.

_ ბაქარ , კი არ ხარ ღირსი , მაგრამ ეს უნდა იცოდე!_ მომახალა ჩვეული პირდაპირობით, მოკითხვის გარეშე._ იცი ვინ იყო ჩემთან?

_ ვინ იყო მირზა?_ ვითომ არ ვიცოდი.

_ ნელიკო ჩამოვიდა!_ არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ აშკარად აინტერესებდა შენი ამბები! ამიტომაც გირეკავ!_ გული ამიჩქარდა.

_ მიკითხა?_ ვკითხე სწრაფად.

_ გიკითხა? რატომ არ გიკვირს? იცოდი არა? აბა დიად ბაქარს ეს არ ეცოდინებოდა? მეც რა შტერი ვარ!_ გაეცინა მირზას .

_ ბაქარ ვიცი, რომ ისევ გიყვარს ჩემი ნელიკო!_ მისი როდისღა გახდა არ ვიცი , მაგრამ მაინც გამიხარდა, რომ დამირეკა. მხოლოდ მირზამ არ დამიმალა მისი აქ ყოფნა, გაბრაზების მიუხედავად.

_ არის კიდევ ერთი რამ! ხვალ ხელისმოწერის დღე აქვს! იცოდი?_ ელდამ დამიარა.

_ რაო, რა აქვს?_ არც სანდროს, არც ნანუკას არაფერი უთქვამთ ამაზე.
მირზამ ცოტა ხანს მოიცადა და გადიხარხარა.

_ მეტის ღირსი ხარ ზვიგენო, კი გავაფრთხილე ლიფსიტას ზვიგენი გადაგსანსლავს მეთქი, მაგრამ განა დამიჯერა?

_ მირზა!_ გამაფრთხილებლად შევუძახე.

_ ხო კარგი , წიგნებზე ავტოგრაფებს არიგებს, რუსთავის ერთ კაფეში ხვდება მკითხველებს!_ ჩემი გამწარებით სიამოვნებით ხარხარებდა მირზა.

_ ხოდა ვიფიქრე უნდა მეთქვა!_
დამდმშვიდობა და გამითიშა. თან იმ კაფის მდებარეობა გამომიგზავნა.

ზუსტადაც ეს მჭირდებოდა. მიზეზი მის სანახავად. მეორე დღეს ისე მოვემზადე ლიკუნას აღფრთოვანებაც კი დავიმსახურე.

_ ძმაო, რა სიმპატიური ხარ, ნელიკოს თავიდან შეუყვარდები!_ შემაფასა და ლოყაზე მაკოცა.

თაროზე შემოდებული ნელიკოს ძველი ჰერბარიუმი გადმოვიღე. ყოველთვის უყვარდა ნაჩუქარი ყვავილების წიგნებში გახმობა.
უცნაურად ლამაზ ფერზე გამხმარი ჰორტენზია, მისი საყვარელი ყვავილი, ამოვიღე და მისი წიგნის თავფურცელში მოვათავსე.
სულ ღიღინ _ღიღინით დავეშვი კიბეზე. ბედნიერებისგან აჟიტირებული და აღელვებული ვიყავი.

კაფეში დაახლოებით ორმოცდაათამდე მკითხველი შეკრებილიყო. მოლურჯო მაგიდას ნელიკო მისჯდომოდა და თავდახრილი აწერდა ხელს მის წინ დადებულ წიგნებს. თან ღიმილით პასუხობდა დასმულ კითხვებს. მისი დანახვისას მივხვდი, სინამდვილეში რა გრძნობა იყო უსაშველო მონატრება, საოცრად ლამაზი იყო, მოკლე მხრებამდე თმით და თმის კესანესფერი ბოლოებით. პატარა, ჯადოსნური ნელიკო. ძალიან გამხდარიყო, ლოყებზეც ემჩნეოდა ეს უცნაური სიგამხდრე.
მაგრამ ამ გამოკვეთილად ნაზ სახეზე ისე გამომწვევად მოუჩანდა ლამაზი ტუჩები. აუტანელმა , გაუსაძლისმა სურვილმა ამიტანა. ნაბიჯიც გადავდგი მისკენ, რომ ის აივანზე დანახული ტიპი მიუახლოვდა და ჭიქით წვენი დაუდგა, თან დაიხარა მისკენ და რაღაც უჩურჩულა. ნელიკომ თავი დაუქნია ღიმილით და წყალი მოსვა. ახლა მონატრება ეჭვიანობამ შესცვალა. გულზე შემომეჭდო და მტკივნეულად მომიჭირა. რა მოხდებოდა თუ ეს ესპანელი "სანტისიმო" მართლაც უყვარდა? ვიგრძენი ვიხრჩობოდი და ყელზე თითები შემოვიხვიე უხილავი მახრჩობრლას მოსაცილებლად. აუტანლად მომქავდა მუშტები.
რა სიამოვნებით გავასხმევინებდი ტვინს იმ კაცს, ვინც ნელიკოში შემეცილებოდა. მაშინ გავიაზრე, რომ დიდად არც შევცვლილვარ. უბრალოდ ჩემს ბნელ ნაწილს დროებით ეძინა. ახლა კი ეტყობა ახალგაღვიძებული, საშინელ ხასიათზეც ბრძანდებოდა. სადღაც გულის სიღრმეში მესიამოვნა კიდეც. მათკენ ნაბიჯი გადავდგი და ნანუკაც გადამეღობა.

_ მუ იყურები მაგ თვალებით!_ შემომიბღვირა მან_ მიღებული გადაწყვეტილება არ მანანებინო იცოდე!

_ ვერ ხედავ, როგორ უტრიალებს გარშემო?_ ვკითხე დაბოღმილმა.

_ ეჭვიანობა აბრმავებს ჩემო ბაქარ! აბა ნელიკოს თითებს დააკვირდი!_ ვერც მივხვდი რა მითხრა. მხოლოდ ინსტიქტურად შევხედე მის წვრილ ლამაზ თითებს და გავშეშდი. ნელიკოს ჩემი ნიშნობის რგოლის ასლი ეკეთა თითზე. ჩემსაზე მისი ინიციალი იყო ამოტვიფრული, მისაზე კი ჩემი. გულში ერთიანად ჩამეღვარა სიმშვიდე და სიხარული .

_ ნანუკა, მიყვარხარ!_ ვუთხარი ბედნიერი ღიმილით და შუბლზე ვაკოცე. მეც მკითხველების რიგს შევუერთდი ჩემი წიგნით ხელში. წიგნში კი მისი ყვავილით.

ხელს აწერდა და სასურველ ფრაზებს თუ მიძღვნებს უტოვებდა მსურველს. ახლოდან უკეთ ამოვიცანი მის ღიმილში შეფარული სევდა და ტკივილი.
ბოლოს ჩემი ჯერიც მოვიდა. წიგნი წინ დავუდე, მან თავაუღებლად გადაშალა და თბილად მკითხა:

_ რის დაწერას ისურვებთ? ჩუქნით ვინმეს? _ დაღლილი, მაგრამ ჩვეულად სასიამოვნო ხმა ჰქონდა.

_ მომენატრე საყვარელო!_ ვუთხარი მე, ზუსტად იმ წამს , როცა ხელში გამხმარი ჰორტენზია მოხვდა. მაშინვე იაზრა.
ჩემს ხმაზე გაშეშდა. ტუჩი ჩაიკვნიტა, ყვავილი კვლავ წიგნში ჩადო აკანკალებული თითებით. მე კი მისკენ დავიხარე და ზუსტად მისი ბეჭდიანი ხელის გვერდით გავაჩერე ჩემი ბეჭედიც.
მაშინვე ჩვენს ხელებს დახედა და გაოცებულმა ამომხედა. ზუსტად ისეთი გაოცებით და ფარული აღფრთოვანებით, როგორც პირველად. და მეც ისევ დამატყვევეს მისმა მონაცრისფერო_ მწვანე უძირო თვალებმა. იმდენად ახლოს იყო, იმდენად რეალური.
წარმოუდგენლად მშვენიერი. გაოცებისგან ოდნავ გახსნილი ტუჩებით. მე ეს ქალი მწყუროდა, როგორც უდაბნოში ნახეტიალებ, გზააბნეულ მოგზაურს, ოაზისის გრილი და ტკბილი, მაცოცხლებელი წყალი.
ხალხიც გაქრა, ხმაურიც. ყველა და ყველაფერი გაქრა და დავრჩით მხოლოდ ჩვენ ორნი.

_ შეენ?_ მკითხა ჩურჩულით და უნებურად, სულ წამით, ტუჩის კუთხეში მაინც გაეპარა მასავით ჯიუტი ღიმილი.

მეორე ნაწილის დასასრული.

ვე რა



№1 სტუმარი ნი-კე

ისეთია,ადამიანს საკუთარ სულს წიგნივით,რომ გადაგიფურცლავს და ამ ფურცლების ყველა გვერდზე საკუთარი ცხოვრების ყველა წამს და წუთს რომ წაიკითხავ,თავის ცუდი და კარგი მოგონებებით..მართლაც საოცრად გაქვს დაწერილი..წარმატებები და ველი შემდეგ თავს????❤️♥️

 


№2 სტუმარი ნია

ძალიან საინტერესოდ წერთ. ველით შემდგ თავს

 


№3  offline წევრი ქეთოო

ველი გაგრძელებას

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნი-კე
ისეთია,ადამიანს საკუთარ სულს წიგნივით,რომ გადაგიფურცლავს და ამ ფურცლების ყველა გვერდზე საკუთარი ცხოვრების ყველა წამს და წუთს რომ წაიკითხავ,თავის ცუდი და კარგი მოგონებებით..მართლაც საოცრად გაქვს დაწერილი..წარმატებები და ველი შემდეგ თავს????❤️♥️

მადლობა, ვეცადე, რომ საინტერესო და შედარებით რეალობასთან ახლოს ყოფილიყო. მიხარია თუ გამომივიდა

ნია
ძალიან საინტერესოდ წერთ. ველით შემდგ თავს

მადლობა, კი აუცილებლად იქნება ცოტა ხნის შემდეგ.
ქეთოო
ველი გაგრძელებას

რა თქმა უნდა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან, ძალიან კარგია, უამრავი ემოცოით დატვირთული და რაც მთავარია ეს ემოცია ზუსტად ისეტი სახით მკითხველისატვის მოტანილი რომ გულის სიმებს შეეხოს! ❤️❤️❤️ მოუთმენლად ველი მესამე ნაწილს ❤️❤️❤️

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ablabudaa
ძალიან, ძალიან კარგია, უამრავი ემოცოით დატვირთული და რაც მთავარია ეს ემოცია ზუსტად ისეტი სახით მკითხველისატვის მოტანილი რომ გულის სიმებს შეეხოს! ❤️❤️❤️ მოუთმენლად ველი მესამე ნაწილს ❤️❤️❤️

გახარებული მეეე))))) მადლობა.

 


№7 სტუმარი სტუმარი ნატალია

საოცარი გამოვიდა, ძალიან მგრძნობიარე ნაწილი იყო ❤️
დიდი მადლობა შენ

 


№8 სტუმარი Teko

Vaime rogir velodi magaria i.edia kidev iqneba mimdevno tavi

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Teko
Vaime rogir velodi magaria i.edia kidev iqneba mimdevno tavi

იქნაბა, რა თქმა უნდა. მადლობა

ablabudaa
ძალიან, ძალიან კარგია, უამრავი ემოცოით დატვირთული და რაც მთავარია ეს ემოცია ზუსტად ისეტი სახით მკითხველისატვის მოტანილი რომ გულის სიმებს შეეხოს! ❤️❤️❤️ მოუთმენლად ველი მესამე ნაწილს ❤️❤️❤️

მადლობააა, მიხარია.

სტუმარი ნატალია
საოცარი გამოვიდა, ძალიან მგრძნობიარე ნაწილი იყო ❤️
დიდი მადლობა შენ

მადლობა, მიხარია ძალიან.

 


№10 სტუმარი სტუმარი მაკა

დედა რა იყო ეს რამდენი ვიტირე გული გამითბა მაგრამ ძალიან საინტერესო ადგილზე გაწყვიტე მადლობა და ველი შემდეგ ნაწილს❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი Maria

ღმერთო ისეთ საინტერესო მომენტი იყო და მეორე ნაწილის დასასრულიო????ველოდები შემდეგ ნაწილს რაც შეიძლება მალე

 


№12 სტუმარი სტუმარი ხათო

აქ გაჩერება შეიძლებოდააა????????????????

 


№13 სტუმარი ნია

მაგარია. მალე დადეთ გაგრძელებააააა

 


№14 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან კარგად წერთ❤️ გაგრძელება იქნება?

 


№15 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან კარგი იყო წასაკითხად... აი სრულყოფილი
იმედია გააგრძელებ
წარმატებები ვე რა

 


№16 სტუმარი სტუმარი ლიკა

საოცარი ისტორიაა. სასწაულად წერᲗ.ველი მოუᲗმენლად Შემდეგ ნაწილს.

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინა

საოცარი ისტორიაა და ძალიან კარგად წერთ,სიამოვნებით ველოდები გაგრძელებას და სხვა ისტორიებსაც

 


№18  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნინა
საოცარი ისტორიაა და ძალიან კარგად წერთ,სიამოვნებით ველოდები გაგრძელებას და სხვა ისტორიებსაც

მადლობა, გაგრძელება იქნება, რა თქმა უნდა.

 


№19 სტუმარი Megı.

ვე რა
სტუმარი ნინა
საოცარი ისტორიაა და ძალიან კარგად წერთ,სიამოვნებით ველოდები გაგრძელებას და სხვა ისტორიებსაც

მადლობა, გაგრძელება იქნება, რა თქმა უნდა.
მალე გაგრძელე გთხოვთ. საოცარი წერის უნარი გაქვთ❤️❤️

 


№20  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი იაკო
ძალიან კარგი იყო წასაკითხად... აი სრულყოფილი
იმედია გააგრძელებ
წარმატებები ვე რა

კიი გავაგრძელებ, ჯერ დაკარგულ ცას დავასრულებ და მერე ამასაც მივხედავ, მიხარია რომ მოგწონთ, მადლობა.

 


№21 სტუმარი სტუმარი ლილია

კიდე მინდა… დამაკლდა სიყვარულები

 


№22  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ლილია
კიდე მინდა… დამაკლდა სიყვარულები

კიდე იქნება მესამე, ცოტა მოგვიანებით.

 


№23 სტუმარი ეთული

საოცრება სიტყვები არ მყოფნის.????????????????

 


№24  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეთული
საოცრება სიტყვები არ მყოფნის.????????????????

მე კიდე მიხარია ))))

 


№25 სტუმარი Teko

Imedia male iqneba momdevno taci dauseuleblis shegrdzneva maqvs

 


№26  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Teko
Imedia male iqneba momdevno taci dauseuleblis shegrdzneva maqvs

კიი იქნება, ვწერ და როცა დავასრულებ ავტვირთავ.

 


№27 სტუმარი Teko

ვე რა
Teko
Imedia male iqneba momdevno taci dauseuleblis shegrdzneva maqvs

კიი იქნება, ვწერ და როცა დავასრულებ ავტვირთავ.

❤️

 


№28 სტუმარი Teko

Vaime ise velodebi ro mgoni guli damelia????

 


№29  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Teko
Vaime ise velodebi ro mgoni guli damelia????
მეოცნებეთა ლიგაში ოთხი თავი უკვე დევს, თუ მოძებნით წაიკითხავთ))))

 


№30 სტუმარი Teko

ვე რა
Teko
Vaime ise velodebi ro mgoni guli damelia????
მეოცნებეთა ლიგაში ოთხი თავი უკვე დევს, თუ მოძებნით წაიკითხავთ))))

Vnaxav madloba❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent