შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი თავდაყირა (სრულად)


17-05-2023, 14:23
ავტორი Loey
ნანახია 7 133

N1 - დიმიტრი რომანოვი. რუსი. 58 წლის. ყოფილი პროფესორი. დაოჯახებული. ჰყავს ცოლი - ნადია, შვილები - ივანე და ალექსეი. ამაყობს თავისი არისტოკრატული გვარით. საქართველოში ცხოვრობს 1996 წლიდან. 4 წლის წინ, ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კარგად დასწავლილი ტექსტი ვერაფრით გაიხსენა და გულმავიწყობის მიზეზით ექიმს მიაკითხა. დაავადებულია ალცჰაიმერით (ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება). კარგ შემთხვევაში, დარჩენილი აქვს 2-3 წელი.

N2 - რაშიბ ჯაჭვლიანი. 33 წლის. ცხოვრობს უშგულში. ჰყავს მოხუცი დედა და უფროსი ძმა. მამამ ბავშვობაში მიატოვა, ამიტომ მასთან შეხება არასდროს ჰქონია. 2021 წლის ზაფხულში ლეიკემია დაუდგინდა. დიაგნოზი ემყარება სისხლის ანალიზსა და ძვლის ტვინის ბიოფსიას. ესაჭიროება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა.

N3 - ანასტასია რაჭველი. 19 წლის. დედისერთა. თბილისში ცხოვრობს დედასთან, მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. ჰყავს კავკასიური ნაგაზი - ტიგრანა. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ბიზნესზე. არ უყვარს კომუნიკაცია და ხალხში გარევა. ბუნებით რომანტიკოსია. წერს ლექსებსა და ჩანახატებს. მეგობარი არ ჰყავს. რამდენიმე თვის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

N4 - ნაია პეტროსიანი. 27 წლის. მამით სომეხი, დედით - ქართველი. სამი წლის წინ ცოლად გაჰყვა ოთარ ოგანესიანს. ორსულობის მე-6 თვეშია. ჩაიტარა გულის ექოსკოპია. აღმოაჩნდა გულის მანკი, თანმხლები შაქრიანი დიაბეტით.

***
რომ გათენდება და მთვარე ამოვა, ხომ მომაკითხავ?


***
- რაშიბ, ყავა თუ ჩაი?
- რძე.

***
- დიმიტრი...
- ბატონი დიმიტრი, - მკაცრად მისწორებს.
- ყავა თუ ჩაი, ბატონო დიმიტრი?
- ჩაი.
- შაქარი?
- ორი კოვზი მარილი.

***
- ტასო, ლექსს თუ წამიკითხავ?
- აუცილებელია?- მორცხვად მიღიმის და წითლდება.
- ვისურვებდი, რომ წაგეკითხა.
- ისევ ჩაივლიან ქვეყნად ზღვის გემები,
ისევ მომაწვება შენი მონატრება,
ხელებს ვერ გაგიშვებ, აღარ მემეტები,
შენი სიყვარული მე დღეს მეჩქარება.
- ტასო, ცურვა გიყვარს?
- ვგიჟდები, - თვალები უციმციმებს.
- შეჯიბრებაში ხომ არ მიგიღია მონაწილეობა?
- რას ამბობთ, ჩემპიონი ვარ ხმელეთზე ცურვაში.

***
- ნაია...
- ახლა არა.

***
- იცი, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს თავისი ფერი აქვს.
- ფერი?- თავს გვერდით ხრის და მაშტერდება. ალბათ, გიჟი ვგონივარ.
- ჰო, ფერი. აი, შენ, მაგალითად, მგონია, რომ თეთრი ხარ.
- თეთრი რატომ?
- იმიტომ, რომ ჯერ პატარა ხარ და სუფთა. ცხოვრებას ჯერ არ გაუჭუჭყიანებიხარ. იბრძვი, რომ არ დაისვარო. თუ არ იბრძვი, უნდა იბრძოლო. აუცილებლად. თეთრი ხარ, ხომ ხვდები?
- ვხვდები. მაშიიინ, ის რა ფერია? აი, ყველაფერი რომ ავიწყდება, - გვერდით მომიჯდა.
- დიმიტრი? ალბათ, რაიმე მუქი. მოდი, დამეხმარე. ერთად შევურჩიოთ.
- კარგი, - თვალები აუციმციმდა. მივხვდი, თამაშმა ჩაითრია.
- აბა, რას ფიქრობ?
- ჩემი აზრით, მუქი მწვანეა. ანუ, რაღაც ჭაობისფერი. იმიტომ, რომ მასეთივე ფერის თვალები აქვს. რომ ვუყურებ ხოლმე, მგონია ვიძირები და ვიხრჩობი. მის თვალებში ვხედავ ჭაობს, რომლიდან ამოსვლაც არავის შეუძლია. მეცოდება.
- რატომ გეცოდება, ტასო?
- გუშინ მკითხა, დედა არ გენატრებაო? მენატრება-მეთქი. მეც მენატრებაო. სად არის-მეთქი დედაშენი და მალე მოვა, ფაფა უნდა გამიკეთოსო.


***

- ბატონო დიმიტრი, როგორ გიკითხოთ?
- რა ბატონო, შენი აზრით, ბებერი ვარ? - თვალებით მბურღავს.
- რას ბრძანებთ, ჩემზე უფროს ხალხს ყოველთვის ასე მივმართავ. თანაც, ისეთი გვარი გაქვთ, - სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობ.
- მართალი ხარ,- წვერზე ხელს ისვამს და ეჭვით მიყურებს.
- აბა, როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ?
- რომელი საათია?
- საღამოა უკვე.
- მალე მზე ამოვა.
- მზე თუ მთვარე?
- რა მთვარე, კი არ თენდება. უტვინო.
- ბატონო დიმიტრი, იცით, რამდენი წლის ხართ?
- რა თქმა უნდა, - უკმაყოფილებას ვერ მალავს, - მალე 17-ის ვხდები. სადაცაა დედა მოვა, სკოლაში წასვლამდე ფაფა უნდა გამიკეთოს. იცი, დედაჩემი უგემრიელეს კერძებს ამზადებს. პატარა რომ ვიყავი, იმდენ საჭმელს მიკეთებდა, იმდენს. დედაჩემი ყველაზე კარგია.
- ბატონო დიმიტრი, თქვენ 58 წლის ხართ. ცოლი და ორი უმშვენიერესი ბიჭი გყავთ. დედათქვენი რუსეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს. თქვენ საქართველოში ხართ, თბილისში. გახსოვთ ეს ყველაფერი?
-აი, მზე ამოვიდა, - ხითხითებს და ფანჯარაში იყურება.


***
- დღეს თუ ხარ მზად?
- დიახ.
- ბიჭია თუ გოგო? - მრგვალი მუცლისკენ თვალს ვაპარებ.
- არ ვიცი. ჩემ ქმარს არ უნდოდა, რომ სქესი გვცოდნოდა. მითხრა, მაინც პირველი შვილია, რომელიც არ უნდა იყოს, ერთნაირად გამიხარდებაო.
- შენ ვინ გინდა, რომ იყოს?
- მინდა, რომ ჩემი შვილი იყოს. მინდა, რომ გასავლელი წლები მასთან ერთად გავიარო. ერთხელ მაინც დამიძახოს დედა. ერთხელ მაინც ჩამეხუტოს გულში და გავიფიქრო, რომ ამქვეყნად ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ბიჭი იქნება თუ გოგო, ჩემი შვილი იქნება.
- შენ მდგომარეობაში, ეგ ნაბიჯი როგორ გადადგი?

ამოიოხრა.

- გულის მანკი განაჩენი არაა, ეს უნდა გესმოდეს. მკურნალობით ყველაფერს შეიძლება ეშველოს. მაგრამ, არ ვიცოდი, - თავს დაბლა ხრის, - ქალმა, რომელიც დედობისთვის ემზადება, დაორსულებამდე აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს გულის თანდაყოლილი თუ შეძენილი მანკის გამოსარიცხად. მე კიდევ, არც მიფიქრია, რომ მაგის საფრთხე არსებობდა. ორსულობის შემდეგ გავიგე, რომ ჩემი სიცოცხლისთვის არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილება მიმიღია. მაგრამ, დედობა მინდოდა...

ვერაფერს ვეუბნები. ნაადრევად გათეთრებულ თმას ვუყურებ. ფერის ცვლილება შუბლთან ამოსულ შეთხელებულ თმაზე მეტად ეტყობოდა.
- ნაი, რამდენი ჭაღარა გქონია.
- მგონია, რამდენი ადამიანიც კვდება, იმდენი ჭაღარა მიჩნდება.
- შენი აზრით, რა ფერი შეგეფერება ყველაზე მეტად?
- ვარდისფერი. უფრო სწორად, ადრე ვარდისფერი შემეფერებოდა. იმიტომ, რომ მართლაც ეგ ფერი სათვალე მქონდა მორგებული და ცხოვრება ისე მიხაროდა, მეგონა არასდროს მოვკვდებოდი. საბოლოო დიაგნოზის შემდეგ ვიგრძენი, როგორ დაიწყო ვარდისფერმა გაქრობა და მისი ადგილი რაღაც უფრო მუქმა დაიკავა. შინდისფერმა.


***
- რძე მოგიტანე.
- მადლობა დიდი.
- რაშიბ, როგორ ფიქრობ, საუბარს რატომ გაძალებთ?
- მეტი საქმე არ გაქვთ ან ზედმეტად ცნობისმოყვარე ბრძანდებით?- მხრები აიჩეჩა. რძე მოსვა.
- მიზეზი, რატომაც გესაუბრებით, ისაა, რომ საინტერესო ადამიანები ხართ. დღეს წიგნი მოგიტანე,- ჩანთიდან ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ამოვიღე და მივაწოდე,- მინდა, რომ წაიკითხო და შემდეგ შეხვედრაზე შენი აზრი მითხრა.
- ეს წიგნი, 12 წლის რომ ვიყავი, მაშინ წავიკითხე. ბარემ ძმები გრიმების ზღაპრები მოგეტანა ან „წითელქუდა“. შეგიძლია, ჩანთაში ჩააბრუნო, - ცინიკურად იცინის, რას მკადრებ ამხელა კაცსო. წიგნს უკან მიბრუნებს.
- კარგი, არ გაძალებ. კითხვა თუ გიყვარს?
- რა თქმა უნდა, მიყვარს. უშგულში, სახლში, დიდი კარადა მაქვს. გადაჭედილია წიგნებით. ყველაფერი წაკითხული მაქვს.
- ახლა რას კითხულობ?
- ახლა ჩემს დიაგნოზს და დროს, რომელიც დამრჩა.

***
ღამით, დაორთქლილი მინიდან, ანთებული ლამპიონები ცაში გაშვებულ ფრანებს ემსგავსებიანო, ერთხელ წავიკითხე. მას მერე ვაკვირდები. უნიკალური სანახაობაა. ზიხარ, ყავას ან ჩაის სვამ (თუ მოწყენილი ხარ, წითელ ღვინოს), ფანჯრიდან იყურები და ხედის შემყურე სტამბოლი გახსენდება. ბოსფორის ხიდი, იქვე სასტუმრო შენებური ინტერიერით, ჩაი ფორთოხლის არომატით.

ნეტავ რა ემართებათ ცაში გაშვებულ ფრანებს? იქნებ, მაგათ ჩვენზე მაგარი ბედი აქვთ, მიფრინავენ მაღლა და ზემოდან გვიყურებენ. ჩვენს ცხოვრებას დასცინიან. სად სკდებიან? სად ცვივიან? ან, იქნებ, უსასრულობაში იკარგებიან.

„- წეროები,
- მიფრინავენ,
- სად?
- შორს...“


***
თავიდანვე ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა. თავდაპირველად, გადავრეკე გ.მ.-სთან. შემდეგ ის დაუკავშირდა თავის მეგობარ ს.ნ.-ს, რომელმაც გადაგვამისამართა ვინმე ც.რ.-სთან და ორთვიანი ლოდინის შემდეგ იქ აღმოვჩნდი, სადაც აღმოვჩნდი: დაკვირვების ცენტრში, სადაც მძიმედ დაავადებულ ადამიანებს ათავსებენ. ეს, ერთი მხრივ, კარგი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის და, მეორე მხრივ, საინტერესო თავგადასავალი ჩვეულებრივი ადამიანისთვის.

რაზე ფიქრობენ დაავადებული ადამიანები? ალბათ, სიკვდილზე. გამუდმებით სიკვდილზე, გვირაბის ბოლოს სინათლეზე. დიდი ძალა გჭირდება შენში გაბატონებულ სიკვდილის მანქანებს რომ ებრძოლო. სულ მცირე, შეეწინააღმდეგო მაინც.


***
- სისხლი ამიღეს და მითხრეს, უნდა დარჩე, ვერ გაგიშვებთ, საშიშიაო. უკვე ორი თვე ხდება, ჯერ არაფერს მეუბნებიან. თვის ბოლოს ოპერაციაა დანიშნული. არ შეიძლებაო, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ისეც მოვკვდები და ასეც. ფურცელს ხელი უკვე მოვაწერე. სულ უმოქმედობას, მირჩევნია ვიცოდე, რომ ვცადე მაინც.
- შენი აზრით, სიკვდილი როგორია?
- როგორია არ ვიცი, მაგრამ გარდაუვალი რომ არის, ვიცი.
- გეშინია?
- საერთოდაც, ვერ ვხვდები, სიკვდილის რატომ უნდა გეშინოდეს. ჩემი ძმა ხშირად ამბობდა: ის, რაც ათასეული წლებია ყველას თან სდევს და ის, რაც საუკუნეებია გარდაუვალ პროცესად იქცა, როგორღა უნდა გაშინებდეს? იცი, რომ მოხდება. შიში რას გიშველის? შეიძლება, შეგეშინდეს მაშინ, როცა არ იცი, როგორ და როდის მოკვდები. ჩემს მდგომარეობაში? მე ვიცი, როგორც მოვკვდები. სიკვდილმა თავისი მომხიბვლელობა დიდი ხანია დაკარგა.

***
- მეშინია, რა თქმა უნდა, მეშინია. ადამიანი ვარ. ცხოვრება და მიზანი გამაჩნია. გარშემო ადამიანები მყავს, რომელთა მიტოვებაც არ მინდა. ძალიან მეშინია, მაგრამ ვმალავ. აი, იმას, ბავშვი რომ ჰყავს მუცელში, ძალიან ეშინია და ყოველ ღამით ტირის. ტირილი კი ვერ უშველის, მაგრამ გამოხატავს მაინც. მე არ შემიძლია. სიკვდილი არ მინდა. დედა და მამა მეცოდება. ისედაც ავადმყოფია საცოდავი დედაჩემი, კიდევ ჩემზე ნერვიულობა უნდოდა? ისე, მე თუ მკითხავთ, ცხოვრება ყველაზე დიდი კომიკოსია. ისეთ დროს ჩაგძირავს, შენ რომ ცაზე გამოკიდებული გეგონება თავი.

***
იმ დილით, როცა საბუთებით ხელში დაკვირვების ცენტრს მივუახლოვდი, თბილისის დროით 14:44 წუთზე, ტაბლოზე 35 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა. გაჩერებასთან ქვებზე გაწოლილმა მამაკაცმა მარჯვენა ხელზე შერჩენილი ორი თითით დაცვარული შუბლი მოიწმინდა და გვერდი იცვალა. დაგდებულ ნაჭერზე რამდენიმე თეთრი დავლანდე. ჩანთაში ხელი მოვაფათურე, ტაქსის მძღოლის მიერ დაბრუნებულ ხურდებს თითები ჩავავლე და ამოვიღე. სანამ ნაბიჯი გადავდგი, ახალგაზრდა ბიჭმა ველოსიპედით ჩამიქროლა და უცებვე გააჩერა. უშნოდ გაწეპილი თმა შუბლიდან გადაიწია და ნელ-ნელა უკან დაბრუნდა. რამდენიმე წამით ეჭვის თვალით მიაშტერდა წარწერას: „შერჩენილი ორი თითითა და აფხაზის გულით, სამშობლოსათვის“.

- უცნაურია,- გაუელვა თავში,- ასეთი რამ არასდროს მინახავს.

მერე, უკანასკნელი თეთრები ჯიბიდან ამოხიკა და მორიდებით დაყარა ნაჭერზე. გაწოლილ კაცს ზედაც არ შეუხედავს. თვალი დახუჭა და კვლავ ძილს მიეცა. ველოსიპედისტმა გზა გააგრძელა. მე ჩემი ამოკრეფილი ხურდების შემრცხვა და შერჩენილი ნამუსით ფული უკანვე ჩავაბრუნე. თეთრების სხვაობით გულიდან გაღებულ მოწყალებას მე ვერ ვაჯობებდი.

დაკვირვების ცენტრში გრილოდა. მოსაცმელი, რომელიც დედაჩემმა, ყოველი შემთხვევისთვის, მოსალოდნელი წვიმისგან თავის დასაცავად მომახურა, ჩემთვის გამოყოფილ დროებით კაბინეტში მივაგდე და ნაიას პალატისკენ გავწიე. შემხვედრმა მედდამ ახალი ამბავი მაცნობა: ნაიამ გამთენიისას წ....ბი დაღვარა და მორიგე ექიმს რეანიმაციაში გადაუყვანია.

„რეანიმაციამ“ გონებაში ავად გაიელვა. მორიგე ექიმმა ეჭვის თვალით შემათვალიერა და სკამზე მანიშნა, ჩამოჯექიო.

- გამთენიისას წყალი დაღვარა, მაგრამ მშობიარობა არ დაწყებია. რეანიმაციაში იმიტომაა, რომ პალატების ნაკლებობას განვიცდით და სხვა გზა არ გვქონდა. შუაღამისას ფსიქიკური აშლილობით პაციენტი შემოიყვანეს, მთელი ღამე იმისმა ყვირილმა არ მოგვასვენა. ნაია კარგადაა. დაველოდებით, სანამ ბუნებრივად არ იმშობიარებს.
- ექვსი თვისაა, ახლახან გადავიდა მეშვიდეში. გულის მანკი აქვს, ეხუმრებით თქვენ მის მდგომარეობას? გადაიყვანეთ სპეციალიზებულ სამშობიაროში, დაურეკეთ მეან-გინეკოლოგს, თერაპევტს, კარდიოლოგსა და ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგს და ამშობიარეთ. საკეისრო გაუკეთეთ. რას ელოდებით, თავისით როდის იმშობიარებს? წყალდაღვრილ ქალს ლოდინის რეჟიმში რანაირად ამყოფებთ?

ექიმმა სათვალის ზემოდან ამომხედა, კაბინეტის კარი გამიღო და ხელით მანიშნა, რომ გავსულიყავი.

- არაკომპეტენტური ადამიანებისგან, რომელთა საქმეც მხოლოდ დაკვირვებაა, რჩევებს არ ვიღებთ.

სამყაროზე გაბრაზებულმა დავტოვე ოთახი.
ნაიას ნახვის საშუალება ორი კვირის განმავლობაში არ მომცეს.
გამთენიისას სახლის ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ იმშობიარა. სანამ დედისა და შვილის ამბავი გამოვიკითხე, ყურმილი დაკიდეს.
ცენტრში დილით ადრე მივედი. ექიმმა არ მიმიღო, ამიტომ პირდაპირ ნაიას ოთახში შევედი. დამხვდა ფერმკრთალი, გამხდარი და გაუბედურებული გოგო. იმის ნახევარი, რაც ორი კვირის წინ დავტოვე. ღონემიხდილმა გამიღიმა და ბავშვის ცარიელა საწოლზე მანიშნა.
საწოლში ლამაზად ჩაეწყოთ წინასწარ ნაყიდი ტანსაცმელი. უსიტყვო დიალოგმა ისე შემძრა, დაუფიქრებლად შევბრუნდი და წამოვედი. მერეღა გავიგე, ბავშვს ფილტვები არ გახსნია. დაიბადა ლურჯი, ზედმეტად პატარა და სიცოცხლისთვის უბრძოლველი. სისხლდენა დაწყებულა და დედაც ძლივს გადაარჩინეს. სამაგიეროდ, გართულებული მშობიარობის გამო, ნაი გამოფხიკეს და საშვილოსნოსთან ერთად, დედობის უფლებაც წაართვეს.

***
ოთახში დაუკაკუნებლად შევაჭერი. ანასტასიამ კედელზე მიდებული ფურცლის დამალვა ძლივს მოასწრო. კალამიც საწოლის ქვეშ შეგდებულ ნაწერს მიაყოლა.

- რა დამალე?
- არაფერი. ორსული გოგო როგორაა? დიდი ხანია, არ მინახავს. მედდას ვკითხე და არაფერი მიპასუხა. მერე იმ ბიჭს ვკითხე, ღამღამობით რომ დადის ხოლმე დერეფნებში. დაიძინე, ბიძიკოო, კარი მომიხურა ცხვირწინ.
- კარგად იქნება. იმედია,- ბოლო სიტყვა იმდენად ხმადაბლა ვთქვი, რომ ტასო საწოლიდან წამოიწია და ჩემკენ გადმოიხარა. თითქოს სიტყვებს პირიდან უხილავი სასრუტით მპარავდა.
- მიდი, მაჩვენე, რა დამალე.

გაზრდილი წინამო ხელის მოქნილი მოძრაობით უკან გადაიყარა და თვალი ამარიდა.

- კარგი. თუ არ გინდა, ნუ მაჩვენებ,- ფეხი ფეხზე გადავიდე, დრამატულად შევბრუნდი ფანჯრისკენ და გულში ათამდე დავითვალე. მერვეზე გატყდა.
- გაჩვენებ, მაგრამ დამპირდი, რომ არაფერს ამახსნევინებ.
-არ გამოვა. აქ იმისთვის ვარ, რომ ყველაფერი გავიგო რაც შენსა და დანარჩენების ტვინში ხდება.

ჩემზე არანაკლებ დრამატულად ამოიოხრა, დაიხარა და კალამ-ფურცელი გამოიღო. ფურცელს კუთხეებში სიყვითლე შეჰპარვოდა. თითებზე დავხედე. ზეთისგან გაცხიმიანებული ცერი და საჩვენებელი გადასაფარებელს შეაწმინდა.

- გამაგებინე, ბლინებს თითებით რატომ ამრგვალებ?
- მომწონს მრგვალი ნივთები. მრგვალ ბლინს რომ ვჭამ, მგონია, დედამიწას ვყლაპავ. მერე ეგ დედამიწა ჩემ შიგნით ცხოვრობს და გამოდის, რომ მისი ღმერთი მე ვარ. ჰოდა, სადაც ღმერთი მე ვარ, იქაც ყველას ბედს მე ვწყვეტ. ანუ, უკვდავი ვარ, რა.

ბავშვურ გულუბრყვილობაზე გამეღიმა. არადა მე მის ასაკში უკვე გათხოვილი ვიყავი.

ხელში შერჩენილი ფურცლიდან წაუკითხავად მწვავდა რომანტიკის სხივები. ეს პატარა გოგო, დიდი, ულამაზესი თვალებით, შეყვარებული იყო და თავის გრძნობებს ისე მალავდა, როგორც მე ვემალები ნაიას. ნაწერის კითხვას რომ მოვრჩი, ტასო მოსალოდნელი დიალოგის მოლოდინში მოიბუზა და საწოლზე, კუთხისკენ მიიწია. თითქოს მანძილი ჩვენს შორის რამეს შეცვლიდა. მეც აღარაფერი ვუთხარი. ფურცელი ჩანთაში ჩავდე. სამაგიეროდ, იმ დღეს ნაყიდი შოკოლადი ამოვიღე და გავუწოდე. გაფართოებული თვალებიდან კითხვის ნიშნებს აფრქვევდა.

წამოვედი.

ტაქსიში კიდევ ერთხელ გადავხედე ნაწერს:

„მე ვფიქრობ, რომ ადამიანები ისევ უნდა წერდნენ ფოსტისთვის განკუთვნილ წერილებს. ეს ფოსტა შენ, მე ან ვინმე სხვას ეკუთვნის.
მე ვფიქრობ, რომ ყოველ სახლს წერილის მომლოდინე კარი უნდა ამშვენებდეს და მისი ნაწილები არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჟანგდებოდეს.
მე ვფიქრობ, რომ სიტყვა ძალაა და ფურცელზე გადატანილი გრძნობები ყველაზე დიდი რომანტიკა.
ჰოდა, რომ შემეძლოს, მოგწერდი ყოველდღე და პასუხის მოლოდინში გასული დრო ყველაზე ლამაზი პერიოდი იქნებოდა.

მე ვფიქრობ, რომ ადამიანები სიძველისგან გახუნებულ ფურცლებზე ლამაზად აღმოცენებულ გრძნობებს უნდა ინახავდნენ.
ვფიქრობ, რომ ვერონაში, ჯულიეტას სახლის კედლის ყოველი ქვის უკან, სიყვარული უნდა იმალებოდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიკლავდეთ თავს: მე შენი სიყვარულის, შენ კი ჩემი სიკვდილის გამო.
უნდა გვქონდეს სახლი, ჩვენივე თავებით სავსე და არავითარ შემთხვევაში ყოველი დღე ერთმანეთს არ უნდა ჰგავდეს.
მე დაგიწერდი წერილებს და მოგიყვებოდი იმაზე, თუ როგორ გადაიქცა ერთი ჩვეულებრივი ცხოვრება არაჩვეულებრივ რეალობად.

შენ შემდეგ...

შენი დაკრეფილი ყვავილები ყოველ დილით ჩემი საწოლის გვერდით მხვდებიან. ყოველი დილა იწყება ჩხუბით, რომ სიყვარული პატარა და ლამაზ მცენარეებს არ უნდა იწირავდეს. შენ არ იცი, რომ ეგოისტურად მიხარია და სინდისის პატარა კვირტები შემოდგომისფერ ფოთლებივით მცვივა.

ადამიანები წერილებს უნდა წერდნენ.

შენ უნდა იყო ჩემი წერილის ადრესატი და მხოლოდ წერილების გამო არ უნდა იცვლიდე არასდროს მისამართს.
უნდა გიყვარდებოდე სიტყვებით, რომლებიც ძალაა და იმ სახლში, სადაც არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს, ჩემი არსებობა გენატრებოდეს.
ჩვენ უნდა ვინახავდეთ ფურცლებს ფოტოების გვერდით. ყოველ დაწერილ სიტყვას, თავისი რეალობა რომ ჰყავდეს.
აქ შემოდგომა გარეთ კი არა, სახლში უნდა დგებოდეს და ფერთა ცვლილებას ბუხარში შეყრილი ჩვენი წერილები არ უნდა ამახინჯებდეს.

ჩვენი სახლიდან შემოდგომა ჩაის გარეშე არ უნდა გადიოდეს.

ყოველ დილას მორიგი წერილი კარის ნაწილებს დაჟანგებისგან უნდა არჩენდეს.
ჩვენ უნდა ვწერდეთ წერილებს, რომ სიყვარულის ფოსტალიონმა მისი მიტანა ჩემიდან შენამდე და შენიდან ჩემამდე შეძლოს.

დილით დაკრეფილ ყვავილებთან ერთად“.

იმ საღამოს, სახლში მისულმა, სკოლისდროინდელი ერთადერთი სუფთა ბლოკნოტი გადმოვიღე და წერას შევუდექი. იმდენი ხანი იყო, არ მეწერა, გაჯიუტებული კალამი გაუხეშებულ თითებში ძლივს მოვდრიკე. ერთხანს კიდევ იწვალა, მერე დანებდა და რამდენიმე სიტყვის დაწერის შემდეგ, მელანი გადმოღვარა.

- აი, ეს მესმის, - გაოგნებულმა დავხედე შეღებილ ხელებს, - შენ რა ხისთავიანი ყოფილხარ.

ნაგავში გადავუძახე.

აღმოჩნდა, რომ სახლში კალმისმაგვარი აღარაფერი შემომრჩენოდა. გაბრაზებულმა გადავხედე ამაყად მომზირალ პერსონალურ კომპიუტერს და ლამის ფანჯრიდან გავქნიე. შარვლის უკანა ჯიბეში ჩადებული ტასოს ჩანახატი დამძიმდა. ეგებ, უხმო ფიქრებს დაეთანხმა კიდეც.


***
- სანამ ჩემ ცოლს გავიცნობდი, ერთი ქალი მიყვარდა. იმხანად ვიატსკოეში ვცხოვრობდი, იაროსლავის რეგიონში. ულამაზესი სოფელია. კარგი თოვლი იცოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და ბევრი მეგობარიც მყავდა. გამოვდგებოდით ხოლმე მე და ჩემი მეგობრები ვინმეს ასახვევთან და რომელიმე ბიჭის სახლიდან გამოტანილ სიგარას ვაბოლებდით.

ერთ დღესაც, როცა ცა თეთრად მოიქუფრა და მუშტისხელა ფიფქებმა იწყო ცვენა, ელინა ჩამოვიდა. ქერა, თითქმის მუხლამდე თმა შესაშურად ჩამოეწნა და თოვლისგან გადაპენტილ თეთრ ხალიჩაზე ანგელოზივით მოაბიჯებდა. სხვანაირად უყურებ ადამიანი პირველ სიყვარულს. ყველაფერი მახარებდა და ამავე დროს, მადარდიანებდა. მე არ ვიყავი ერთადერთი, ვინც სოფლის მშვენებას სხვანაირი თვალით უყურებდა.

დანელი პოპოვი მდიდარი ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მთელი უბნის ბიჭების თავკაცი და ჩემი ძალიან, ძალიან ახლო მეგობარი. ბავშვობაში ქვა მოხვედროდა და ნახევარ სახეზე უშნო შრამი დარჩენოდა. ჩვენ ამაში კარგს ვერაფერს ვხედავდით, მაგრამ გოგოები ერთიანად დნებოდნენ მის მკაცრ იერზე. ჯარიდან ახალი დაბრუნებული, კიდევ უფრო შეცვლილი და დაკაცებული ჩანდა. უკვე იშვიათად ჩნდებოდა უბანში. უმეტესად სახლში იჯდა. დილით სამსახურში დადიოდა, საღამოს რუსულ კლასიკას ჩაჰკირკიტებდა. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ დედამისი მისთვის საცოლეს არჩევდა და სასოწარკვეთამდე მისული, ყველას ოჯახში, ახალგაზრდა ქალს ეძებდა. დანელის რომ სცოდნოდა, ალბათ, ხელსაც შეუშლიდა, მაგრამ სწორედ იმ წელს ჩვენ მიწაზე ფეხი ქალაქელმა ელინამ დადგა და ხომ წარმოგიდგენია, იქ რა ამბავი დატრიალდა? - ჩაი მოსვა და გამომცდელად შემომხედა. მამოწმებდა, ყურადღებით ვუსმენდი, თუ არა.

- თქვენმა მეგობარმა ის ქალი მოიყვანა ცოლად, რომელიც გიყვარდათ? - დავარწმუნე, რომ ნამდვილად ვუსმენდი.

თავი გააქნია.

- ყველაფერი არც ასე მარტივადაა, ჩემო გოგონა. ჩვენ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით. რა თქმა უნდა, არავის გვქონდა ის განცდა, რომ ყველაფერი მხოლოდ ერთი ქალით იზომებოდა და ჩვენი ცხოვრებაც მისი წასვლით დამთავრდებოდა. ელინამ უარი თქვა ქორწინებაზე. როგორც გავიგე, დანელის განრისხებულ მარტოხელა დედას თმა გაუწიწკნია მისთვის. ელინას ხელი გაუქნევია და პირდაპირ სახეში უთავაზებია. მაშინ ეს დიდ თავხედობად ითვლებოდა და სოფელში მსგავს საქციელს არც არავინ მოიწონებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა პოპოვების ოჯახს ყველა იცნობდა და ეს ამბავიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიმალებოდა.

სიამაყე შელახული ელინა მე ვიპოვე მდინარესთან. აცახცახებული მხრებიდან მოსაცმელი გადმოვარდნოდა, გრძელი თმა კი წყალში უსველდებოდა. ფეხის ხმაზე თავი წამოწია, რამდენიმე წამს მიყურა და მერე ისეთი ღრიალი ამოუშვა, გეფიცები, კარგად გავიგე, ხეებიდან ყვავები როგორ აფრინდნენ. რა უნდა მექნა? დღესა და ღამეს ბიჭებთან ვასწორებდი და არ ვიცოდი, როგორ უნდა დამემშვიდებინა ქალი. შიშველ მხარზე ხელი შემოვხვიე და დავამშვიდე. არ იყო მისი ბრალი, მაგრამ იმ დღის შემდეგ სოფელში ისე უყურებდნენ, თითქოს კაცის მკვლელი გამხდარიყო. მალევე წავიდა და არც ერთ ზამთარს ჩვენთან აღარ დაბრუნებულა. მეორე ზაფხულს დანელიმ ცოლი შეირთო და საცხოვრებლად სხვა სოფელში გადავიდა. დარჩა გაწბილებული დედამისი მარტო. აბა, რა ეგონა? თავის ცოლსა და მომავალ შვილებს დედამისს შეაჭმევინებდა?
ნელ-ნელა ყველა მიიკარგა. შეწყდა სოფლური ცხოვრება. ჩემი ახალგაზრდობა თავზევე გახუნდა და ერთმანეთის მიყოლებით ამოსულმა ჭაღარამ დამარწმუნა, ახალი ეტაპი უნდა დამეწყო. მე იმის შემდეგ არც ელინა მინახავს, არც ჩემი ბავშვობის მეგობრები. აქ ჩამოსვლის შემდეგ თითქოს დედ-მამაც დავკარგე.


- ახლა რომ რომელიმე გენახათ, რას ეტყოდით? - რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ ვკითხე.

შემომხედა.
მიყურებს. მიყურებს. იღიმის.

- სანამ ჩემ ცოლს გავიცნობდი, ერთი ქალი მიყვარდა. იმხანად ვიატსკოეში ვცხოვრობდი, იაროსლავის რეგიონში....

რვეული დავხურე.


სახლისკენ მიმავალ გზაზე ვფიქრობ, რომ დიდი ხანია, ჩემი მეგობრები არ მინახავს. ჩვენ ვერასდროს გვექნებოდა ისეთი მოგონებები, როგორიც დაკვირვების ცენტრში გამოკეტილ ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებდით ერთმანეთის ცხოვრებაში, წარსულით კი არა, მომავლის იმედით და მე ყოველ დღე დავუმტკიცებდი მამაჩემს, რომ მეგობრობა ისეთი რამაა, რაც არც ერთ დღეში მოდის და არც ერთ დღეში მიდის. რომ ჩვენ ცხოვრებაში განუსაზღვრელი დროით შემოსული ნებისმიერი ადამიანი რომელიღაცა საფეხურის ლამაზი შენაძენია და რომ შენზე არაა დამოკიდებული, სხვები სამუდამოდ შემოგისახლდებიან თუ არა. ვერც ბედის უკუღმა ტრიალს დააბრალებ დანგრეულ ოჯახს და ვერც შემოძარცვულ მეგობრებს გაატან შემოდგომის ფოთლებს. ადამიანები ეგეთი მარტივი გასაშვები არ არიან. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ ცხოვრებაში რაიმეს ტოვებენ.

- თავისუფალი დრო თუ გაქვს? - მშობლიური სითბოთი ვუღიმი ყურმილის მიღმა ჩემ ადამიანს.
- მაქვს, აბა, არ მაქვს? - ისიც მიღიმის და საღამოს ერთმანეთს ვხვდებით.

ექვსი საათია. ის დროა, როცა მზე უკვე გადაგორებას იწყებს.

- გინდა, მზის ჩასვლას ვუყუროთ? - თავად მზისფერი ადამიანი მთავაზობს ამას და აბა, უარს როგორ ვიტყოდი. თავს ვუქნევ.


***
- აი, წარმოიდგინე, რა. ზიხარ ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული, თავზე გადგას ძლივს 30-ს მიღწეული ქალი თავისი კალამ-რვეულებით და რაღაც სისულელეებს გეკითხება მაშინ, როცა შენი გაგჭირვებია და ისიც არ იცი, კარმენი გქვია თუ ვალერი, - გაანჩხლებული იქნევს თაფლში ამოსვრილ კოვზს ჩემი მეგობარი და მიყურებს.

- ვერ გავიგე, შენ რა პრობლემა გაქვს?
- პრობლემა მე მაქვს, თუ მაქვს. ჩამომექცეს თავზე ლამისაა მთელი ოჯახი. დაძვრება შენი პატივსაცემი სიძე ვიღაცის ლოგინში გეუბნები და თავსაც მოვიკლავ, მართალი თუ აღმოვჩნდი.
- შენ რომელი უფრო გაწყობს? კარგად დაფიქრდი. მართალი თუ აღმოჩნდი, თავს იკლავ, - ყავას ვსვამ და ფეხზე ვდგები. შეშლილი სახით მიყურებს, კოვზს მუქარით მიქნევს და აღარ დაგინახოო, უკვე კარში მაყოლებს. მეც უკანმოუხედავად მივდივარ. დღეს რაშიბს ოპერაციას უკეთებდნენ.

საავადმყოფოს მოსაცდელში ჭაღარაშერეული, შავ კაბაში გამოწყობილი ქალი მეგებება, ცრემლებით დასველებულ სახეს შავი ცხვირსახოცით იმშრალებს და რაღაც ფურცელს მაწვდის. თვალის უჩვეულოდ ლამაზი ჭრილითა და წვრილი ტუჩებით ვხვდები, რაშიბის დედა უნდა იყოს. მორიდებით ვადებ ხელს ნაოჭიან ხელზე და უსიტყვოდ ვბრუნდები. დიდი ხანია, ამ ადამიანებს სიტყვები ვეღარ ამხნევებენ.

- რაშიბის ოპერაციამ კარგად ვერ ჩაიარაო, მედდების ლაპარაკს მოვკარი ყური. რა დაემართა? - გაოცებული და გაფართოებული თვალებით მიყურებს ტასო და თან ნაწერით გადავსებულ ფურცელს შარვლის უკანა ჯიბეში მალავს.
- ყველაფერი კარგად იქნება, - ვამხნევებ, - ხომ იცი, აქ ყველაფრის გაბუქება უყვართ. აი, ნახავ, რაშიბს სულ რამდენიმე დღეში გაწერენ. დაბრუნდება თავის სვანეთში დედასთან და უფროს ძმასთან ერთად და მერე ერთ დღესაც ავდგეთ და ჩვენ ყველამ ერთად ჩავაკითხოთ. ჰა, რას იტყვი?
- იმას, რომ მგონია, მე კი არა, საკუთარ თავს ატყუებ, - მხრებს იჩეჩავს და საწოლზე წვება, მერე ბრუნდება და წამოწოლილი თავის გრძელ ფეხებს ცივ კედელზე აწყობს.
- მითხარი ერთი, დარწმუნებული ხარ, რომ მართლა 19 წლის ხარ?

ისევ მხრებს იჩეჩავს.

რაშიბი გაითიშა. იმ ექიმმა, რომელსაც გულზე სულაც არ ვეხატები, ამიხსნასავით, რომ მისმა დასუსტებულმა სხეულმა და ორგანიზმმა დაასტოპა და ბრძოლაზე უარი განაცხადა. ჰოდა, ხელოვნურად გავთიშეთ, თუ დავაძინეთ, სხვა რა გზა გვქონდაო. საავადმყოფოს კედლებში დიდხანს ისმოდა რაშიბის მოხუცი დედის მოგუდული ტირილის ხმა. კედელთან ხედ ქცეულ უფროს ჯაჭვლიანს ვერც იმას ვეუბნებოდი და ვერც ამას. ასეთ სიტუაციებში ადამიანების გამხნევება არ იყო ჩემი ძლიერი მხარე. ისედაც ვერ ვიტანდი ტყუილად ალაყბებულ ჩემ თავს და რისი თქმაც შემეძლო, ისიც გონებიდან ამომიფრინდა. დავრჩი ასე, უსიტყვო. ვიჯექი და ამ ჩემი შემაწუხებელი დუმილით დახმარებას უშედეგოდ ვცდილობდი. ვხვდებოდი, ასე უფრო ვაღიზიანებდი ჯაჭვლიანების ოჯახს და საღამოს სახლში გავიპარე, წყლის გადასავლებად და ტანსაცმლის გამოსაცვლელად.

გაღებულ კარში დედაჩემი შემეგება. ნეტა, მეც შენნაირი დედა ვიქნები-მეთქი? ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე. დედაჩემმა შეიფერა, ოდნავ აწითლდა და მხრებზე მომეფერა. შენ უკეთესი უნდა იყოო, თითი დამიქნია.

სააბაზანოში წყლის ქვეშ იმაზე დიდხანს ვიდექი, ვიდრე ვაპირებდი. რამდენჯერმე გადავავლე თვალი საკუთარ ცხოვრებას. ნეტავ, მე რომ ვითვლიდე სიცოცხლის დღეებს, ყველაზე მეტად რაზე დამწყდებოდა გული? იმაზე, ნაადრევად რომ გავთხოვდი და ჩემი ნამდვილი ადამიანი ძალიან გვიან რომ აღმოვაჩინე თუ იმაზე, შვილი რომ არ გავაჩინე და ყოფილ ქმარზე გაბრაზებულმა უდანაშაულო არსება მოვიშორე? იქნებ იმაზე, ჩემი ცხოვრება იმდენად უინტერესო რომაა, სხვების ცხოვრებით გამყავს დრო ან იმაზე, 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ რომ ვერ გამირკვევია, რა მინდა და რას მოვითხოვ?

უკვე სააბაზანოდან გამოსულმა, გამშრალებულმა და დასაძინებლად ჩაწოლილმა დავასკვენი, რომ სიკვდილის წინ სანანებლად მექცეოდა ის, ამდენი სანანებელი რომ გამიჩნდა.


***

- ბოლოს რომ გნახეთ, თქვენ პირველ სიყვარულზე მომიყევით, გახსოვთ? - ფანჯარაში თავგაყოფილ დიმიტრის ვეკითხები. ჩემკენ არც კი იყურება, ისე მიქნევს თავს. აქედანაც კი ვხვდები, მოწყენილია და რაღაცაზე ფიქრობს. სულაც არ უნდა ჩემი იქ ყოფნა, ისევე, როგორც დანარჩენებს, მაგრამ ამის ხმამაღლა სათქმელად ჯერ კიდევ ზედმეტად ზრდილობიანია და ასე უსიტყვოდ ცდილობს მიმახვედროს იმას, რასაც პირდაპირ არ ამბობს.

- მე რომ გავთხოვდი, 19 წლის იმ ზამთარს გავხდი. ჩემი მომავალი ქმარი 2 წლით იყო ჩემზე უფროსი და იმ უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელშიც ჩავაბარე. სხვადასხვა ფაკულტეტზე ვიყავით, მაგრამ კერძო უნივერსიტეტები არც იმდენად დიდია, ვინმე ვერ შეამჩნიო ან ვინმემ ვერ შეგამჩნიოს. ჰოდა, გავიცანი და ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში დავინიშნეთ. დედაჩემი ჭკუიდან კინაღამ გადავიდა, მამაჩემმა მაშინვე ბილეთი იყიდა და საქართველოში დაბრუნდა. მთელი ოჯახი ამიმხედრდა, მაგრამ ვერაფრით გადამაფიქრებინეს. ძალიან მიყვარდა და საცოდაობა იყო ჩემთვის ხელის შეშლა. ჩემ ქმარს ქორწილი არ უნდოდა, ამიტომ ყველაფერი ძალიან მშვიდად, ყოველგვარი თეთრი კაბისა და ზედმეტი ხარჯების გარეშე გადავაგორეთ. ქორწილი მინდოდა, რა თქმა უნდა. რომელ გოგოს არ უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაიზიაროს, საქორწილო ფიცი დადოს, თაიგული ისროლოს. მაგრამ მაშინ არ ვმუშაობდი და რომც მომენდომებინა, მარტო ჩემი ქმრის ხარჯებით, ბევრს ვერაფერს გავაკეთებდით. თანაც, ქორწილზე მეტად სახლი მინდოდა, ცალკე ცხოვრება, ყოველი დილა ჩემ ქმართან ერთად, ერთად მომზადებული საუზმეები, გაზიარებული ამბები, ბევრი სიცილი და რაც მთავარია, უსაზღვროდ დიდი სიყვარული. ჩემი ქმრის სახლში კი ისეთი ხალხმრავლობა იყო, რომ მარტო ყოფნასაც კი იშვიათად ვახერხებდით. ამან ურთიერთობა დაგვიძაბა. მე მუდამ კონფლიქტი მომდიოდა დედამთილთან, რომელსაც არც ჩემი დალაგებული სახლი მოსწონდა, არც ჩემი გაკეთებული საჭმელი. ჭიქას თუ ადგილს შევუცვლიდი, იმაზეც პრობლემა იქმნებოდა. მე, რა თქმა უნდა, მას ვერაფერს ვეუბნებოდი და დაგროვებულ სიბრაზეს ქმართან ვანთხევდი. იმას ჩემი მოსმენა უჭირდა და ქორწინებიდან მეორე წელს მივხვდი, რომ ისე არაფერი იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ოჯახი მენგრეოდა და, მაგას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ხანმოკლე საუბრებიც კი უაზრო კამათში გადადიოდა. ერთმანეთის აღარ გვესმოდა. არადა, როცა ადამიანი გიყვარს, მას გულს უხსნი, ყველაფერს უყვები. ადამიანი თუ გიყვარს და იმასაც თუ უყვარხარ, ცდილობთ, პრობლემებს გაუმკლავდეთ და არაფერს მისცეთ საშუალება, თქვენ შორის ჩადგეს. თუ სიყვარულია, გადარჩენას ცდილობ ყველანაირად. ჩვენ კიდევ, ფსკერისკენ წაგვივიდა ქორწინება და ერთ საღამოს, როცა ჩემმა ქმარმა გაბრაზებულზე ხელი მომიქნია და მთელი ძალით სახეში გამცხო, წერტილი დაგვესვა.

დიმიტრიმ ფანჯარა დახურა და მომიბრუნდა. დაინტერესება შეეტყო, სკამი მოაჩოჩა და ახლოს დამიჯდა. გააგრძელეო, თავის აქნევით მანიშნა.

- დედაჩემთან დავბრუნდი. იმავე საღამოს. ერთი დღით მეტიც კი არ გავჩერებულვარ იმ სახლში და რადგან დაბრუნებას არც ვაპირებდი, ყველაფერი თავზე დავამხე ქმრადყოფილსაც და მის აუტანელ დედასაც. მოკლედ, 21 წლის ასაკში უკვე მრავალფეროვანი წარსული მქონდა. დედაჩემს ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. უჩუმრად შემატარა ჩემოდნებით კართან მიმდგარი სახლში და სანამ თავად არ მოვინდომე მოყოლა, იქამდე არც არაფერი უკითხავს. მე დიდხანს მახსოვდა ის გარტყმული ხელი, თითქოს სახეზე საღებავით მქონდა აღბეჭდილი და არაფრით მშორდებოდა. შიგნიდან მჭამდა ის ფაქტი, რომ არ დამიმსახურებია. დაუმსახურებელ სილას კი ისეთი მწარე გემო ჰქონდა, საკუთარი თავი მეზიზღებოდა. წამოსვლიდან ორ თვეში აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი. დამალვა არც მიფიქრია, დავურეკე და ვუთხარი, ბავშვს ველოდები-მეთქი. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ტელეფონში სიცილი რომ ატეხა, ვერაფრით მივხვდი, რა ხდებოდა. მე და შენ ერთმანეთი ისე გვეზიზღებოდა, ეგ ბავშვი რა უნდა გამოვიდესო, მომახალა და ტელეფონი გათიშა. ვიცოდი, არ დამეხმარებოდა, მაგრამ ეს ბავშვი მარტო ჩემი არ იყო, მე კიდევ თავს ისე მარტოსულად ვგრძნობდი, ისეთი გაბოროტებული ვიყავი. ვერ გავზრდიდი ბავშვს მარტო, რადგან თვითონაც გასაზრდელი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ ხოლმე, ეგ ყველაფერი საკუთარი საქციელის გასამართლებლად მოვიგონე, რადგან 21 წლის ადამიანი პატარა არაა და თუკი ორსულად რჩები, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო. დედა უნდა გავმხდარიყავი და უნდა მცოდნოდა, მეტი მომეთხოვებოდა, მაგრამ გულნატკენი ვიყავი და იმდენად არ მინდოდა, რამეს წარსულთან დავეკავშირებინე, რომ დაუფიქრებლად მოვიშორე მეორე დღესვე. დედაჩემმა დღემდე არ იცის, ადამიანი რომ მოვკალი. ჩემი სისხლი და ხორცი. ჩემი შვილი. შვილი, რომელსაც არაფერი დაუშავებია და რომლის სისხლსაც ვერასდროს, ვერაფრით ჩამოვირეცხავ. ვიცი, სიცოცხლის ღირსი არ ვიყავი და ძალიან დიდხანს ცოცხალ-მკვდარიც დავდიოდი. მინდოდა, ჩემი ყოფილი ქმრისთვის ისევე მეტკინა, როგორც მე მტკიოდა, მაგრამ, მაშინ ვერ ვაანალიზებდი, რამდენად სულელურად ვფიქრობდი. ჰოდა, დღემდე ლანდად დამდევს ჩემი არდაბადებული შვილის ხატება და ვცდილობ ხოლმე წარმოვიდგინო, რამდენად სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა, მე რომ გულისამრევი ადამიანი არ ვყოფილიყავი. რით ჩამოვრჩებოდი ყოფილ ქმარს? მასზე უარესიც კი ვიყავი.


დიმიტრიმ თავი დამიქნია. ჩემზე უკეთ არავინ იცოდა, რამდენად ვიმსახურებდი ამ თანხმობას, მაგრამ გული მაინც მეტკინა. იქნებ მინდოდა, გავემხნევებინე კიდეც, არადა, არ ვიმსახურებდი გამხნევებას. მაგ ორმოში საკუთარი თავი თავადვე ჩავაგდე და რამდენჯერაც არ უნდა ჩამებარებინა აღსარება და მომენანიებინა, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი. პატიების გარეშე კი, სხვა დანარჩენს, აზრიც არ ექნებოდა.


- მერე მოხდა ის, რომ დეპრესია დამეწყო. თითქმის ყოველდღე თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. ორჯერ მართლა ვცადე, ორივეჯერ დედაჩემმა გადამარჩინა. ბოლომდე ეგონა, წარუმატებელ ქორწინებას მივტიროდი და არც ერთხელ მეყო გამბედაობა, სიმართლე მეთქვა. მეორედ რომ ვენებ გადაჭრილი საავადმყოფოში მიმიყვანეს, ჩემი ადამიანი გავიცანი, - ღიმილისგან პირი გამეხა. დიმიტრის თვალებში ვგრძნობდი, საშინლად აინტერესებდა ჩემი ამბავი, - გადამარჩინა და იმ დღის მერე ყოველდღე ჩემ გადარჩენას აგრძელებს. თვითონ წარმოდგენაც არ აქვს, რომ სიბნელიდან ძალიან ბევრჯერ გამომათრია, საკუთარი თავი შემაყვარა. თავიდან მიმაჩვია საუბარს, გრძნობების, დამოკიდებულებების გაზიარებას. თითქოს ჩაკეტილ ყუთს თავი მოხსნა და სიტყვებად გადმოღვრილი მე საკუთარ ხელებში მომაქცია. ხელი ჩამკიდა და წლებია ასე დამატარებს. დიდხანს მტანჯავდა ის აზრი, ვიმსახურებდი თუ არა ბედნიერებას და მე კარგად ვიცი, რომ არ ვიმსახურებ, მაგრამ ის იმსახურებს და იმედებს ვერ გავუცრუებ. ძალიან მიყვარს და ზუსტად ვიცი, თვითონ იმაზე მეტად ვუყვარვარ, ვიდრე წარმომიდგენია. ჰოდა, ბატონო დიმიტრი, ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებს ის, რასაც სწორ სიყვარულს ვუწოდებთ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე გვეძლევა. ხანდახან, რაც სწორი გვგონია, მაგ სიტყვის სრულიად საპირისპირო აღმოჩნდება ხოლმე. არაა აუცილებელი, ყველა ადამიანს თავშივე გაუმართლოს და არც ისაა აუცილებელი, ერთი დანგრეული ურთიერთობის მერე გეგონოს, რომ ყველაფერი დამთავრდა. სინამდვილეში, ყველაფერი სწორედ ამის მერე შეიძლება დაიწყოს. მთავარი იცით რა არის? ის, რომ მეორედ მოცემულ შანსს კარგად ჩაეჭიდო და ხელი არაფრით გაუშვა. თუმცა, ვინც დასარჩენია, ის მაინც აუცილებლად დარჩება.


***
- პირველი კოცნა თუ გქონია? - ტასო წითლდება და თავს ხრის. ხელში მოქცეულ ფურცელს დაგლეჯვამდე აწვალებს და შეუმჩნევლად მიქნევს თავს.
- სანამ დიაგნოზს დამისვამდნენ, შეყვარებული მყავდა. ერთი წელი ვიყავით ერთად. პირველად რომ მაკოცა, არ მომეწონა და ხელი ვკარი. ეწყინა და ერთი კვირა ხმას აღარ მცემდა. ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი ერთ პოსტს, პატარა გოგო ერთ-ერთ ჯგუფში ითხოვდა, კოცნის რეცეპტი დამიდეთო. გამეცინა, რა რეცეპტი მაგას უნდა-მეთქი. მერე კომენტარების კითხვას შევყევი და ვიღაცას ასეთი პასუხი ჰქონდა გაცემული: წარმოიდგინე, თითქოს ნაყინს ტლოკავო, - იცინის, - ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ისე არ მომეწონა ეგ შედარება, ნაყინს კარგა ხანს აღარ ვჭამდი.
- შეყვარებულს რა მოუვიდა?
- არაფერი, დავშორდით. ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს, ვერ მოსთხოვ, მთელი ცხოვრება შემოგწიროს. ცოტა ხანში თმა გამცვივა და ლამაზი აღარ ვიქნები. სარკეში ჩახედვა მე აღარ მინდა და ვინმეს როგორ ვაიძულო, ასეთს მიყუროს?
- ანასტასია, უკვე მეორედ გეკითხები: დარწმუნებული ხარ, რომ 19 წლის ხარ?

ისევ იცინის.


***
რაშიბის წარუმატებელი ოპერაციიდან სამი თვის თავზე, როცა ოჯახს საავადმყოფოსთვის გადასახდელი თანხა ამოეწურა, მთავარმა ექიმმა ჯაჭვლიანების უფროსი გამოიძახა და გამოუცხადა, ან ფული გადაიხადეთ, ან საბუთებზე ხელი მოაწერე და აპარატიდან გამოვრთავთ, ისედაც, დიდი ხანია, თავისით ვერ სუნთქავსო. ჩემი დროებითი კაბინეტის კართან ვიდექი და ამ სურათს ვუყურებდი. იდგა თეთრხალათიანი ადამიანი და სახეზე მოუთმენლობა აღბეჭდვოდა, თითქოს დრო მას ეწურებოდა, თითქოს სადღაც ეჩქარებოდა, თითქოს ვერ ხედავდა, როგორ პატარავდებოდა მის წინ მდგომი ახმახი სვანი, როგორ ბერდებოდა თვალსა და ხელს შუა. იდგა ჩუმად, ვინ იცის, იმ წამს რაზე ფიქრობდა და ვერაფრით აღებდა პირს, საკუთარი ძმისთვის განაჩენის გამოსატანად. იდგა ცოცხალი მკვდარი და ვერავინ შველოდა. არადა, შველასაც არავისგან ითხოვდა.

შემოვბრუნდი და კარი მივხურე.

ხუთ წუთში ექოდ მოედო უფროსი ჯაჭვლიანის ღრიალი საავადმყოფოს კედლებს.



***
- რაშიბი არ დაბრუნდება, არა? - აწყლიანებული თვალებით მიყურებს ტასო.

ვერაფერს ვეუბნები.

როცა ფსიქოლოგიაზე ჩავაბარე, გადაწყვეტილი მქონდა, ადამიანის ბუნება ბოლომდე უნდა შემესწავლა. მათი რეაქციები, როგორ რეაგირებდნენ სხვადასხვა აქტივობაზე. მაინტერესებდა, რა სიღრმემდე შემეძლო ჩასვლა და ვაპირებდი, ბოლომდე ჩავყოლოდი. ბავშვობიდან ვუყურებდი ჩემ მამიდაშვილს, რამდენ ექსპერიმენტს ატარებდა თავის მეგობრებთან ერთად და არ მასვენებდა მომავალი, რომელშიც მეც იმავეს გავაკეთებდი.

- ერთხელ, დავალება მიიღეს ლექტორისგან, თავისუფლების მეტროსთან ერთმანეთი თმით უნდა ეთრიათ და მესამე პირს უნდა ჩაენიშნა, რამდენი ადამიანი გაჩერდებოდა, რამდენი ჩაერეოდა, რამდენი აუვლიდა გვერდს. მთელი ოჯახი გიჟდებოდა, რა სისულელეებში ვიხდით ფულსო და მარტო მე მეგონა, რომ ფსიქოლოგია უმაგრესი რაღაც იყო და ყველა დავალებას, რაც ადამიანის შინაგანი მდგომარეობის, რეალური სახის დასანახად გამომადგებოდა, უსიტყვოდ შევასრულებდი. აღიარე, რომ ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ადამიანის ქმედების ახსნა შეგიძლია, - ყავას ვსვამ და ჩემ მეგობარს მომლოდინედ ვუყურებ.
- კი, აი, მაგაზე მაგარი არაფერი არსებობს ამქვეყნად, - თვალებს ატრიალებს.
- ირონია შენი ძლიერი მხარეა ნამდვილად.

შემოსასვლელში დაწყობილი ორი ჩემოდნისკენ თვალს ვაპარებ. ვგრძნობ, მალე გავტყდები და კითხვების კორიანტელს დავაყენებ, რადგან უკვე ერთი საათია უხმოდ ვზივარ და ცნობისმოყვარეობა ყელში მიჭერს.

- სადმე მიემგზავრები? - შორიდან ვუვლი. ზუსტად ვიცი, არსადაც არ მიემგზავრება და ისიც ზუსტად ვიცი, თავისი ჩემოდნები არაა.
- შენი აზრით, სადმე წამსვლელს ვგავარ? შენი საყვარელი სიძისაა. სახლიდან უნდა გავუძახო.
- ამჯერად რა დააშავა?
- სუნამო, - მოჭუტული თვალებით მიყურებს, - გუშინ გვიან დაბრუნდა სახლში. შუადღისას დამირეკა, სამსახურიდან აიჩემეს, საქეიფოდ წავიდეთო და არ დამელოდო, დაიძინეო. რა დამაძინებდა, ეგ თუ სახლში არაა, ძილი კი არა, ჭამაც არ მინდა. ჰოდა, ვიჯექი შუაღამემდე დივანზე და სერიალს ვუყურებდი. როდის მიმეძინა ან სახლში როდის დაბრუნდა, აზრზე არ ვარ. რომ გავიღვიძე, ისევ დივანზე ვიჯექი, თვითონ საძინებელში საწოლზე ტანსაცმლიანად ეგდო და ისე ხვრინავდა, მივხვდი, გათიშული მთვრალი მოვიდა. ის იყო, გადავიხარე პიჯაკი რომ გამეხადა და სუნამოს სუნი მეცა. ქალის სუნამოსი, წარმოგიდგენია, - ცრემლი მოიწმინდა. რაღაცის სათქმელად პირი გავაღე, მაშინვე გამაჩერა, - არ მითხრა, შენი სუნამო იყოო, გავგიჟდები იცოდე. ალერგია მაქვს სუნამოებზე მე, ერთ წვეთსაც არ ვისხამ. ეკეს უყვარს სუნამოები, კი, მაგრამ ქალის იყო, ზუსტად ვიცი. ოდნავ შევისუნთქე და ჯერ ცემინებამ მომკლა, მერე ფიქრებმა ლამის გამხეთქა. ხმაც არ გამიცია, ისე წაბრძანდა სამსახურში.
- იქნებ ადამიანმა თანამშრომელი გადაკოცნა და იმ ქალს ისეთი სუნამო ესხა, მაშინვე პიჯაკზე გადავიდა. რა პანიკებში ხარ საერთოდ, ხვდები მაინც?
- შენ ვის მხარეს ხარ? - მტრულად შემომიბღვირა.
- გაგაფრენინებს სახლში ჯდომა და უაზრობებზე ფიქრი. იცოდე, მიგატოვებს ეკე მართლა და მერე შენ მოგიწევს აბარგება, იმას კი არა. თუ გსმენია რამე ჯანსაღ კომუნიკაციაზე? გაარკვიე ჯერ, სანამ მოღალატედ შერაცხავ.

ამოიხრა. მივხვდი, გულის სიღრმეში დამეთანხმა და გაღიზიანებული სპაგეტის სოუსს მიუბრუნდა. გაზზე შემომდგარ ქვაბში მაკარონისთვის წყალი თუხთუხებდა, სხვადასხვა ინგრედიენტით შეკმაზული დაუმთავრებელი სოუსი სამზარეულოში მადისაღმძვრელ სურნელს აფრქვევდა.

- და გირჩევნია, ის ჩემოდნები ეკეს სახლში მოსვლამდე დაცალო. თუ არ გინდა, ჩემოდნებიანად დაგიფრინოს.

„ჩაის დალევ?“ - შეტყობინება მომდის ტელეფონზე. ჩაის კი არა, შხამსაც კი დავლევ შენთან ერთად-მეთქი, მინდა, მივწერო, მაგრამ, ჩემი წარსულით თუ ვიმსჯელებთ, ხუმრობას ვერ მიმიხვდება ვიცი და მაშინვე ვპასუხობ, თუ მანგოსია, იმ შემთხვევაში-მეთქი.

ჩაის სადმე კაფეში კი არა, მასთან სახლში, მზის ჩასვლის ფონზე ვსვამთ. წინ მიდებს ფორთოხლისფერ ჭიქას, წყალს ასხამს შიგნით და მაშინვე მანგოს სასიამოვნო არომატი ედება კედლებს. სიამოვნებისგან თვალები მეხუჭება, სიცილით მაფხიზლებს და ჭიქისკენ იხრება, ერთი კოვზი შაქრის ჩასაყრელად. მორევის პროცესში რაშიბი მახსენდება.

ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე მის ოთახში ვსხედვართ. ვინ იცის, მერამდენედ მიპროტესტებს მიტანილ წიგნებს და ბრაზდება, რომ ვერც ერთხელ ვერ გავარტყი და ისეთი წიგნი ვერ მივუტანე, წაკითხული რომ არ ჰქონდეს.
- არა, ჩემი ბრალია მთელი ბიბლიოთეკა გადაკითხული რომ გაქვს? - ვბრაზდები მეც და დასამშვიდებლად წყლის მადუღარას ვრთავ ჩაისთვის.
- ვისი ბრალია, აბა, საბავშვო ლიტერატურა რომ მოგაქვს?
- იცი, რა გითხრა? რაც უფრო ხშირად წაიკითხავ ერთსა და იმავე წიგნს სხვადასხვა ასაკში, მით უფრო მეტ რამეს აღმოაჩენ.
- ვისი სიტყვებით ლაპარაკობ?
- არავისი, - ნერვები მეშლება, - არ გინდა და ნუ წაიკითხავ. დალევ ჩაის?
თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად. გამჭვირვალე ჭიქებში უფერულ სითხეს ვასხამ, ჩაის პაკეტებს ვაწყობ და ვუყურებ, როგორ იფერება ცხელი წყალი.
- მგონია, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი პროცესია, - უკვე გამუქებული ჭიქისკენ ვანიშნებ, - თუ პროცესი მოგწონს, მერე მისი დაგემოვნება ორმაგ სიამოვნებას მოგანიჭებს.
- ხანდახან მგონია, ძალიან გიყვარს რაღაცების გაზვიადება.

ვგრძნობ, რაც უფრო ახლოვდება ოპერაციის დღე, მით უფრო აგრესიული ხდება. ვერაფრით მალავს უკმაყოფილებას ნებისმიერ წვრილმანზეც კი და იმაზე მეტს წუწუნებს, ვიდრე ზოგადად.

- შაქარი რამდენი გინდა?
- ორი.

მერე, რამდენიმე წუთს, სანამ მე ჩაის ვაგრილებ სულის შებერვით, რაშიბი ფანჯრისკენ ბრუნდება და ჩუმდება. რამდენიმე წუთის მერე ისევ ჩემკენ ბრუნდება. სახეზე ღიმილი აქვს აკრული, მე კიდევ წარმოდგენა არ მაქვს, რამ გაამხიარულა.

- იცი, ადამიანის მიმართ შენი დამოკიდებულება, შენი ინტერესი, შენი გრძნობები და სიყვარულიც კი, ჩაიში შაქრის რაოდენობით შეგიძლია განსაზღვრო.
- და მერე მე მეტყვი, სისულელეებს ლაპარაკობო.
- შენთვის არასდროს მითქვამს, სისულელეებს ლაპარაკობ-მეთქი. უბრალოდ, ხანდახან თავი ძალიან ჭკვიანი გგონია და ბევრ რამეს აზვიადებ, - გასაპროტესტებლად ვიფოფრები, მაგრამ ხელით მანიშნებს, მაცადეო, - იმას ვგულისხმობ, რომ თუ იცი, ადამიანს რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩაუყარო ჭიქაში, გამოდის, ის ადამიანი შენთვის ახლობელია.
- და თუ შაქარი არ უყვარს? - მომწონს მისი თეორია.
- თუ შაქარი არ უყვარს და შენ ეგ იცი, იგივე გამოდის. მთავარია, რამდენად აკვირდები იმას, ვინც შენი ინტერესის ობიექტია. ხომ წვრილმანია, მაგრამ, დაფიქრებულხარ, რამდენად სასიამოვნო მომენტია, როცა ვიღაცამ კითხვის გარეშე იცის, რამდენი კოვზი შაქარი გინდა ჭიქაში?

იღიმის და ჩაის სვამს.



- მართლა გიყვარვარ, არა? - სიამაყით ვუყურებ მაგიდის თავში ჩაის ჭიქით წამომჯდარ ჩემ ადამიანს. სახე უნათდება და თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. ის პიტნის ჩაის სვამს, მე - მანგოსას. იმის ჭიქაში ორი კოვზი შაქარი ყრია, ჩემსაში - ერთი. ჩვენ ორივემ კარგად ვიცით ერთმანეთის სითხეში სიტკბოს რაოდენობა.


***
დაკვირვების ცენტრში გამთენიისას მივედი. არ მინდოდა, მორიგე ექიმი მენახა, ამიტომ პირდაპირ კაბინეტში შევედი ნივთების დასატოვებლად. 9 საათზე ზარის ხმა გაისმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საუზმის დრო დამდგარიყო. შედარებით ჯანმრთელი პაციენტები კაფეტერიას თავადვე სტუმრობდნენ, მძიმე პაციენტებთან კი საჭმელი ლანგრით შეჰქონდათ. ტასოს იმდენი შეეძლო, თავისი ფეხით მისულიყო სასაუზმოდ, მაგრამ საჭმლის რიგში ვერ დავლანდე და ოთახში მივაკითხე. სკამი ფანჯარასთან მიედგა და ნახევარი ტანით გადახრილიყო. შიშისგან იმხელა ხმაზე ვიყვირე, მოულოდნელობისგან ფეხი დაუცდა და გადმოყირავდა. სანამ წამოსაყენებლად დავიხარე, ტასოს სიცილი აუტყდა.

- გეგონა, თავს ვიკლავდი? კარგი, რა.
- ტასო, გული გამიხეთქე, - ძლივს მოვსულიერდი.
- გპირდები, თავს არ მოვიკლავ. მაგას ჩემ მაგივრად გაბოროტებული უჯრედები ისედაც აკეთებენ, - იცინის და თავზე ხელს იტარებს. ახლაღა ვამჩნევ, ქუდი ახურავს.
- გცივა? - ტემპერატურას ვუმოწმებ ხელით.
- არაა, - თავს აქნევს და ქუდს იხდის. წელამდე თმა სადღაც გამქრალიყო. იდგა 19 წლის გოგო თავგადაპარსული და ისეთი ლამაზი იყო, მინდოდა ჩავხუტებოდი და მეთქვა, რომ კარგად იქნებოდა, რომ მალე ისევ ძალიან ლამაზი თმა ექნებოდა, მაგრამ არ უყვართ ონკოპაციენტებს ეს ზედმეტად სევდიანი დამოკიდებულება მათ მიმართ ან მე თვითონ ვარ ასეთი, თანაგრძნობას ამგვარად რომ ვერ გამოვხატავ.
- ხვალ ქიმიოთერაპიას ვიწყებ. აზრზე არ ვარ, რა საჭიროა. ისედაც ვგრძნობ, ყველგან მოდებული მაქვს ეგ სიკვდილის მანქანები, მაგრამ დედაჩემს უნდა და ვერ ვეწინააღმდეგები. ჰგონია, ასე უკეთ გავხდები და არ მინდა, იმედები ჩავუკლა. დარდი მერეც ეყოფა. ისე, მტკივნეული იქნება, შენი აზრით? - ხელის აქნევით მაფხიზლებს.
- თერაპია?
- არა, სიკვდილი.

ხუთ წუთზე მეტხანს ვფიქრობ. უსიტყვოდ შევყურებ და ისიც, თითქოს ჯინაზე, მზერას არ მაშორებს. პასუხს ელოდება და კარგად იცის, პასუხი არ მაქვს. ხმის ჩასაწმენდად ვახველებ. ვგრძნობ, სიმძიმე ყელზე მაწვება. მინდა, გამგუდოს, ოღონდ ახლა აქ არ ვიჯდე. როგორ ველაპარაკო 19 წლის ბავშვს სიკვდილზე, როცა 30 წლის ასაკში სიგიჟემდე მაშინებს მისი არსებობა? ან როგორ ახსენებს ასე თავისუფლად, ასე მარტივად, როცა მე უბრალოდ მოსმენაც კი მზარავს?

- სიმართლე გითხრა, არ მგონია, რომ მტკივნეული იქნება. ალბათ, ძილს ჰგავს. დაწვები, თვალებს დახუჭავ და როცა გაიღვიძებ, იმაზე მაგარ ადგილას იქნები, ვიდრე ახლა ხარ.

გავჩუმდი. პირში რაღაც ნაცნობი გემო ვიგრძენი. ამას ზიზღის გემო ჰქვია, საკუთარი თავის ზიზღის და ჩემთვის ისეთი ნაცნობია, თითქოს ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით. ეს გემო ნელ-ნელა მთელ სხეულს მოედო და გამაკანკალა. ჭიქა წყალს გადავწვდი, როგორმე რომ გადამეყლაპა.

- ისე, საკუთარი თავი არ გეცოდება, აქ რომ ხარ? - მეკითხება ტასო. ვერ ვიგებ, დღეს ამდენ კითხვას რატომ მისვამს.
- რატომ უნდა მეცოდებოდეს?
- რავი, მარტივი ხომ არაა ჩვენი ყურება.
- არც კი ვიცი, რა გითხრა. ჩავთვალოთ, რომ ასე საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას ვცდილობ. ჰო, მართლა, რატომ არ საუზმობ?
სასაუზმოდ ერთად მივდივართ. იქიდან მობრუნებული, ჩემ კაბინეტში შევდივარ, ჩანთიდან სახატავ რვეულს და ფერად ფანქრებს ვიღებ და ისევ ტასოსთან ვბრუნდები. ამჯერად საწოლზე ზის და ღიმილით მეგებება.
- რაღაცები მოგიტანე. დროის გასაყვანად, - საწოლზე ვუწყობ საჩუქრებს.
- როგორ ფიქრობ, მაქვს იმდენი დრო, მის გაყვანაზე ვიდარდო? - მიცინის.

ქვედა ტუჩს კბილებს ძლიერად ვაჭერ. გულისრევის შეგრძნება მეუფლება და სანამ იქვე ვარწყევდე, კარისკენ მივდივარ. გასვლამდე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ჩვენი სისუსტეები გაგვაჩნია. ის, რომ მე ახლა ტირილი ძალიან მინდა და არ ვტირი, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ძლიერი ვარ, ამიტომ სწრაფად ვბრუნდები ტასოსკენ, რომელიც საწოლიდან წამოწეულიყო და ფანქრებს ხელში ათამაშებდა.

- ტასო, - მიყურებს, - ქუდი არ დაიხურო. ძალიან ლამაზი ხარ.


ქიმიოთერაპიაზე მივყვები. მისი ხელი მიჭირავს, სანამ გადასხმას უკეთებენ. ვნერვიულობ და ტასო ამჩნევს ჩემ მდგომარეობას. ხელზე თანადგომის ნიშნად ცერა თითით მეფერება. ვერ ვიჯერებ, რომ იმას, რასაც მე უნდა ვაკეთებდე მისთვის, ჩემთვის აკეთებს.

თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, არანაირი ემოციური მიჯაჭვულობა პაციენტებთან! მაგრამ, მერე ყოველდღიურობაში გადამეზარდა მათთან ჭამა, საუბარი, სიცილი. შეუძლებელი გახდა, რაიმე არ მეგრძნო და დამოკიდებულების ამ ცვლილებამ ბოლო მომიღო. მათთან შედარებით საკუთარი პრობლემები იმდენად აღარაფრად მიმაჩნდა, რომ საგრძნობლად მოვუკელი წუწუნს და ბოლოს იმდენად დავდუმდი, ჩემი ადამიანი შევაშინე.

- ხომ იცი, ყველაფერში მხარს გიჭერ, მაგრამ, არ ხარ კარგად და მაშინებს შენი ეგ მდგომარეობა. თავი რომ დაანებო, არ შეგიძლია? - მეკითხება და ნაზად მხვევს ხელს.
- შეძლებით შემიძლია, მაგრამ ჩემი გაქცევით კიდევ უფრო შევიძულებ საკუთარ თავს. არ შეგეშინდეს, კარგი? დაგპირდი, ისეთს აღარაფერს გავაკეთებდი, რაც გულს გატკენდა. ჰოდა, ცოტა მოითმინე და მერე ყველაფერი უფრო კარგად იქნება.

არადა, კარგად არაფერი იქნებოდა და ეგ ჩემზე კარგად არავინ იცოდა.

დიმიტრი რომანოვი ეჭვის თვალით მიყურებს.
- ვინ ბრძანდებით?
- უკვე მეორე დღეა, ვერავის სცნობს, - მორიგე მედდა მეუბნება და საჭმლით სავსე ლანგარს წინ უდებს, - გუშინ მთელი ღამე ყვიროდა, ციხეში ვარო. არავინ დაგვაძინა.

მედდის უკმაყოფილო ხმა გულზე მხვდება.
- აქ ძილისთვის დადიხართ?
ახალგაზრდა ქალი ჩემ ნათქვამს ვერ იგებს და მაშტერდება.
- მაგით რისი თქმა გინდათ?
- ადამიანმა გულთან ახლოს თუ არ მიიტანა სხვისი მდგომარეობა, ნებისმიერ საქმეს, რასაც გააკეთებს, მადლი არ ექნება. ჩემი აზრით, არასწორ ადგილას ხართ.

მედდა ერთ წამს მიყურებს, მერე ბრუნდება და მიდის. თვალს ვაყოლებ მის ამჟავებულ სახეს და კარს უხეშად ვკეტავ. მოტრიალებამდე დიმიტრის ჩუმი ხითხითი მესმის. ზის, სავსე თეფშს დაჰყურებს და არ ჭამს. მერე თავს მაღლა სწევს და ხელით მანიშნებს, რომ მივუახლოვდე.
- შემიძლია, რამით დაგეხმაროთ?
- თუ იცი, საჭმელი გვაქვს? - საწყლად ამომყურებს ქვემოდან, - ძალიან მშია.


***
- წინა ღამით ყვირილის ხმა მესმოდა. ის კაცი როა, ალცჰაიმერით, ვიღაცას უყვიროდა. მედდები საუბრობდნენ დერეფანში და გავიგე ერთ-ერთმა რომ თქვა, შვილი ჩამოვიდა უცხოეთიდან, ვერ ცნობს და იმიტომაა აგრესიულადო. მე მაგისი შვილი არ მინახავს, მაგრამ დალაგებული ვერ უნდა იყოს. რამდენჯერმე ხელი შემოუქნევია მამამისისთვის. ძლივს გაათრიეს შენობიდან. სულ იმას გაჰყვიროდა, თამაშობს, რა ავადმყოფი ეგააო. ლურჯი და ყვითელი რომ შევურიო, კარგი იქნება, ვითომ? - იატაკზე გაშლილ საღებავებზე მანიშნებს. თავს ვუქნევ, სცადე-მეთქი. დიმიტრიზე ვფიქრობ. რამდენიმე დღე იყო, არ მენახა. მისი მონახულება ამიკრძალეს, ზედმეტად აგრესიულია და ვერ შეგიშვებთო.


- დამამშვიდებელს რატომ არ უკეთებთ? - ვეკითხები მორიგე ექიმს.
- აზრი არა აქვს. წამალს მოქმედება როგორც კი გაუვა, მაშინვე იმავეს იზამს. ვეღარ აზროვნებს. ხომ იცით, რა საშინელი დაავადებაა ალცჰაიმერი.
- თავისი ოჯახი ბოლოს როდის ნახა? იქნებ, ნაცნობ ხალხთან კონტაქტი დაეხმაროს?
- უფროსი შვილი იყო მოსული. იკამათეს და ერთი-ორი მოსდეს ერთმანეთს. ვერ დავუშვებ, იგივე განმეორდეს. თანაც, დიდად არც მაგისი ცოლი იკლავს თავს აქ მოსვლით. ბოლოს როდის მოვიდა, არც მახსოვს. რუსეთში აპირებდა გამგზავრებას, დედა მყავს ცუდადო. გეგონება, მაგისი ქმარი დღეებს არ ითვლიდეს.
- წამალი რომ შეუცვალოთ?
- შევუცვალეთ უკვე, ორჯერ. შედეგი არ აქვს.
- ხომ იცით, რომ თითქმის საბოლოო ეტაპზეა? გადაადგილება უჭირს, ვერავის სცნობს. მალე დამოუკიდებლად საჭმლის მიღებასაც ვერ შეძლებს და საწოლს მიეჯაჭვება. უთხარით ვინმეს, რომ ყურადღება არ მოაკლონ. გამორიცხული არაა, თავს რამე დაუშავოს.
- ისე დარდობთ, თითქოს კიდევ მრავალი წელი იცოცხლებს. ვის მოვთხოვო, მომაკვდავ, აგრესიულ პაციენტს დღედაღამ გვერდიდან არ მოშორდე-მეთქი? - ხელს იქნევს უკმაყოფილოდ.
- იცით, რა განასხვავებს ნამდვილ ექიმს თქვენნაირი ექიმისგან? თქვენ ორივე ჰიპოკრატეს ფიცს დებთ, საჯაროდ გამოდიხართ და ხალხს დახმარებას ჰპირდებით. თქვენ ადამიანები სიცოცხლეს განდობენ და მუჭში იქცევთ ყველაზე მნიშვნელოვანს, რასაც თქვენი პაციენტები უფრთხილდებიან. ხანდახან სიცოცხლედ უჯდებათ თქვენი ნდობა და თვალებში გიყურებენ იმის იმედით, რომ ყველანაირი სიტუაციიდან გამოაძვრენთ. ჰოდა, იცით რა განსხვავებაა ნამდვილ ექიმსა და თქვენ შორის? ადამიანურობა. ყველაზე ადამიანურ საქმეს დაუკავშირეთ თქვენი ერთხელ ნაბოძები სიცოცხლე და ახლა ჩემ წინ რომ დგახართ, მგონია, ყველაზე არაადამიანი ხართ. „გადავარჩენ“, „მოვუვლი“, „ტკივილს შევუმცირებ“ - აი ამას უნდა ამბობდეთ და არა იმას, რასაც ამბობთ. მიზეზების მოფიქრებაში ვერავინ გაჯობებთ, მაგრამ თქვენ არ ხართ კარგი ექიმი და მინდა ეგ იცოდეთ. შეიძლება ადამიანი ვერ გადაარჩინოთ და დიახ, სამწუხაროდ, ვიცი რა საშინელი დაავადებაა ალცჰაიმერი, მაგრამ ისიც ვიცი, მაგ დაავადების მქონე ადამიანებს როგორ სჭირდებათ მოვლა და მზრუნველობა, ყურადღება და, რაც მთავარია, იმის შეგრძნება, რომ ზედმეტები არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაფრის შეგრძნება დაქვეითებული ჰქონდეთ. თქვენ არ ხართ კარგი ექიმი, ექიმო და მგონია, არც კარგი ადამიანი ხართ.

ჩემი მეტად ხმამაღალი განცხადებებისა და გულწრფელი გამოსვლის გამო დაკვირვების ცენტრიდან გამომაბუნძულეს. მთავარმა ექიმმა დირექტორთან ჩამიშვა და იმანაც კოლეგიალობის ფონზე დაწესებულების კარი მომიხურა.

- აბა, რა გეგონა, შენ შენებურად გააფრენდი და ისინი ყველაფერზე თვალს დახუჭავდნენ? - მეჩხუბება ჩემი მეგობარი და ვაშლს თლის.
- მეგონა, საღი აზრის დაფიქსირების გამო ადამიანებს არ სჯიდნენ, - თეფშიდან დაჭრილ ხილს ვაცლი. ხელზე დარტყმას ვერ ასწრებს და წუწუნებს, ბოლომდე დამაჭრევინეო.


შემოსასვლელი კარი ხმაურით იღება და ოთახში ცელოფნებით დატვირთული ეკე შემოდის. თვალის ჩაკვრით გვესალმება და თავის ცოლს ანიშნებს, პროდუქტები მიაბინავეო. ჩემი მეგობარი ხვნეშით დგება და სამზარეულოში გადის. მე ჯერ კიდევ იმას ვერ ვიგებ, რას აკეთებს ეკე შუა კვირაში, სამუშაო საათებში სახლში.
- სამსახურიდან გამოგაგდეს? - თამამად ვიქანებ ხილს პირისკენ.
- ნუ იწყევლები, - თვალებს მიბრიალებს.
- აბა, ახლა სახლში რა გინდა?
- შენმა დაქალმა ნამუსზე ამაგდო, რაც გავთხოვდი, სახლიდან ფეხი არ გამიყვია და ყველაფერი შენი ბრალიაო, - ხელების დასაბანად გადის და მეორე ოთახიდან მიყვირის, - ერთკვირიანი შვებულება ავიღე, ცოტა ხნით ქალაქიდან გავდივართ.
- ამათ დამიხედეთ, - ბედნიერებისგან მეღიმება, - რამდენიმე კვირის წინ ვაჟბატონი ლამის სახლიდან გააძევეს, ახლა კი ერთად მიბრძანდებიან დასასვენებლად.

მერე ვხედავ, როგორ გამორბის ეკე სააბაზანოდან სველი ხელებით და კითხვის ნიშნით სავსე მზერას ღრენით მისწორებს. სამზარეულოს კარიდან თავგამოყოფილი ჩემი მეგობარი მუქარის ნიშნად დანიან ხელს მიქნევს.

- მე რა ვიცოდი, ეკესთვის გაბარგების ამბავი რომ არ უთქვამს? - ვბობოქრობ ტელეფონში. მოგუდული სიცილის ხმა მესმის, - შენ რა, დამცინი?
- ლამის ოჯახი დაანგრიე, ხვდები?
- ჩემი ბრალია? ურთიერთობაში საიდუმლო არ უნდა არსებობდეს. მე და შენ რამდენი ხანია ერთად ვართ, შენ გაგდებას თუ მოვინდომებ, აუცილებლად გაგაგებინებ, - ვიცინი.
- მაგისთვის საჭიროა, ჯერ ერთად გადავიდეთ. როდის გადმოხვალ ჩემთან?
- როცა მეტყვი.
- ჰოდა, ჩაბარგდი და გამოგივლი.
- ჯერ დაკვირვების ცენტრში უნდა გავიარო. ნივთები მაქვს წამოსაღები. ორი კვირაა ვრეკავ და ტელეფონსაც არ პასუხობენ. რა ვიცოდი, თუ გამომაგდებდნენ, თორემ უფრო კარგად გავლანძღავდი იმ ექიმს თავის ექთნებიანად.


ისევ იცინის.

- ვგიჟდები, როგორი ენერგიული ხარ. საღამოსთვის მზად იყავი, - მემშვიდობება და თიშავს.

ერთად გადასვლა აზრს მოკლებული თემა არაა, როცა თითქმის 30 წლის ხარ და სწორ ადამიანს პოულობ. იმას, ვისაც შენი გადარჩენა შეუძლია და ვისი იმედიც ყოველთვის შეიძლება გქონდეს. მაგრამ არ ავიწყდებათ ტრავმა აკიდებულ ადამიანებს ურთიერთობების ბნელი მხარეები და იმის შიში, რომ რაღაც მომენტში ყველაფერი სწორად შეიძლება სულაც არ წავიდეს, ტვინს მატკიებს. არადა, არიან ადამიანები, მოვლენ შენ ცხოვრებაში და ისე შემოგისახლდებიან, ერთხელაც არ გაფიქრებინებენ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. რომ შენი ჭრილობები და შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მათთვის ზედმეტი ტვირთი კი არა, ისაა, რის გამოსწორებასაც ყოველდღე ცდილობენ. ასეთი ადამიანები გულს არ გატკენენ და შენც მხოლოდ ის გევალება, არ დააღალატო.

დაკვირვების ცენტრში არავინ მეგებება. დაცვა დირექტორთან ამოწმებს, შეუძლია თუ არა ჩემი შეშვება. ლამისაა, ბრაზისგან თავზე ბოლი ამივიდეს, მაგრამ ნერვებს ვიწყნარებ და ღიმილით ვუვლი გვერდს შუახნის კაცს, რომელმაც უფროსის ნაცვლად შემომითვალა, რაც შეიძლება მალე დატოვეთ აქაურობაო.

საკვების მისაღებად დაძრულ პაციენტებში ტასოს ვხედავ. ისევ ქუდი ახურავს და ნანემსრებს გრძელმკლავიანი მაისურით ფარავს. ამოღამებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს, მერე შემთხვევით მზერას მისწორებს და მიცინის. ნელა მოემართება ჩემკენ და ხელებს შეძლებისდაგვარად ძლიერად მიჭერს. მომენატრეო, ჩუმი ხმით მეუბნება. ძალიან მინდა ტირილი, მაგრამ ტასოს წინ თავს სისუსტის უფლებას ვერასდროს მივცემ. მან უნდა იცოდეს, რომ ადამიანები მისი დანახვით იმაზე უფრო ძლიერები ხდებიან, ვიდრე არიან. რომ თვითონაც იმდენად ძლიერი გოგოა, ერთხელაც არ დაუწუწუნია იმ ტკივილებზე, ტანსაცმლის მიღმა რომ საგულდაგულოდ მალავს.

- დაბრუნდი? - მშორდება და მიყურებს. ისევ იმ მზერით, არასდროს რომ არ მაშორებს.


არა-მეთქი, თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად და სასადილოსკენ მიმყავს. დასუსტებულ სხეულს ძლივსღა ერევა, ამიტომ მაგიდამდე მისასვლელად იმაზე უფრო დიდი დრო გვჭირდება, ვიდრე ზოგადად.

- თუ გინდა, ექთანს სთხოვე და ოთახში მოგიტანენ საჭმელს, - ვთავაზობ.
- ასე მირჩევნია. იქ ისედაც დიდ დროს ვატარებ. სული მეხუთება ხოლმე.

მერე ვუყურებ, როგორ ჭამს ერთ თეფშ წვნიანს. მეუბნება, ორი დღის წინ დაბადების დღე მქონდა და მეგონა, მოხვიდოდიო.

- უკვე 20 წლის ხარ, ტასო, - ბედნიერებისგან მეღიმება და მხარზე ვეფერები. ვაიგნორებ იმ შეგრძნებას, რომ შეიძლება ჩემი მიუსვლელობით გული ეტკინა.
- ჰო, მაგარი გრძნობაა. ვერც ვიფიქრებდი, ორიანებში გადასვლას თუ მოვასწრებდი.
- ტასო, კარგი, რა.
- მართლა გეუბნები. შემომხედე, რა. არც შენ მოტყუებას ვაპირებ და მით უმეტეს, არც საკუთარი თავისას. ერთადერთი ვისი მოტყუებაც მინდა, დედაჩემია და ეგეც იმიტომ, რომ კარგად იყოს და შეწყვიტოს თავისი თავის დადანაშაულება იმაში, თითქოს რამე ბრალი მიუძღოდეს ჩემ ავადმყოფობაში. ამასწინათ, მამაჩემი მოვიდა. დიდი ხანია, არ მინახავს. არ უნდა, ასეთი დამიმახსოვროს და მესმის კიდეც მისი, ამიტომაც არ მიკითხავს, აქამდე სად იყო. ახალი საღებავები მომიტანა და რაღაც დაგიხატე. დიდი არაფერია, მაგრამ შენ ყოფილ კაბინეტში დავტოვე და თუ მოგეწონება, წაიღე.

აუცილებლად წავიღებ-მეთქი, ვპირდები და წამოდგომაში ვეხმარები. ოთახამდე მიმყავს და ვპირდები, ნივთებს მოვაგროვებ და წასვლამდე აუცილებლად გინახულებ-მეთქი. ისევ მეხუტება. ამჯერად უფრო დიდხანს და მართალია, ჩემთან არასდროს აღიარებდა, რომ ძალიან ეშინოდა, ძალიან ნერვიულობდა და ძალიან არ უნდოდა ის, რაც ახლა ხდებოდა, მე მთელი კანით, უსიტყვოდ ვიგრძენი მისი მდგომარეობა და უფრო მეტად მოვუჭირე ხელები, როგორმე მისი დარდები თან რომ წამეღო.

ტასოს ნახატი, უკვე ჩარჩოში ჩასმული, ჩემ მაგიდაზე მხვდება. მეტად ლაღ ფერებში გადაწყვეტილი სურათი იმდენად მასევდიანებს, რომ ლამაზად მოხატულ ცას, მზის ჩასვლასა და ჰორიზონტისკენ უმისამართოდ მორბენალ გრძელთმიან გოგონას თვალს ვაშორებ. ჩარჩოს ვატრიალებ და უკან პატარა წარწერას ვპოულობ: „ადამიანს, რომელმაც დამაჯერა, რომ ყველანაირ მდგომარეობაში ყველაზე ლამაზი გოგო ვარ“.

თავს ვეღარ ვიკავებ და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვტირი. იმდენად დიდხანს, რომ დაცვა ოთახში მაკითხავს და შენობის დატოვებას მთხოვს. ვეხვეწები, წასვლამდე ტასოს ვნახავ-მეთქი, მაგრამ ჩემ მუდარას ყურადღებას არც აქცევს, ნივთებს ჩემ მაგივრად ჰკიდებს ხელს და გასასვლელამდე მაცილებს. უკან რჩება N12 ოთახი, რომელშიც ულამაზესი ტასო მელოდებოდა.


მდგომარეობიდან დიდხანს ვერ გამოვდივარ. ჩემი ადამიანი მარტოს არ მტოვებს. დღეს და ღამეს ჩემ საწოლთან ატარებს და ცდილობს, როგორმე გამამხნევოს. ყოველი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება, მაგრამ უკვე ერთი თვის თავზე ვხვდები, ზედმეტად ეგოისტურად ვიქცევი და დილით საუზმეს ვუმზადებ. სამზარეულოში შემოსული თვალებს ვერ უჯერებს და ბედნიერებისგან აღარ იცის, რა ქნას. მეხვევა, მკოცნის და თავს ყველაზე ბედნიერ ქალად მაგრძნობინებს.

- ამ დილით ასე რამე თუ გამახარებდა, ნამდვილად არ მეგონა, - მეუბნება.
- მოდი, ამის შემდეგ, სულ ასეთი ბედნიერები ვიყოთ.


ანასტასია ჯაჭვლიანის ამბავი იმის შემდეგ აღარ გამიგია. აღარც დიმიტრი რომანოვის, რომელთან შესვლის უფლებაც დაკვირვების ცენტრიდან ჩემ წამოსვლამდე დიდი ხნით ადრე ჩამომართვეს. რამდენჯერმე ვცადე, ადმინისტრაციისგან რაიმე ინფორმაცია მაინც მიმეღო, მაგრამ სულ ერთსა და იმავეს მპასუხობდნენ: პაციენტზე ინფორმაციას, ახლო ნათესავის გარდა, ვერავისზე გასცემდნენ.

- გამახსენე, კიდე რა გინდოდა მაღაზიაში, - მესამედ ვურეკავ ჩემ მეგობარს.
- შენი აღარაფერი აღარ მინდა. მალე მოდი, თორემ გადამჭამა ეკემ. დასაბმელია უკვე.
- მწვადს უჩემოდ თითი არ დაადოს, თორემ გაჩენის დღეს ვანანებ.

ეკეს გაჩენის დღეს აღვნიშნავთ მეტად ახლობლურ წრეში. რამდენიმე ჭიქა ღვინოს ვსვამ და წამდაუწუმ ტელეფონს ვამოწმებ. შუადღე გადასულზე წასასვლელად ვემზადები. მღლის დაუშლელი სუფრები და ჭიქების ტრიალი ერთი თავიდან მეორე ბოლოში.

- შენ კაცს გადაეცი, მაგრად გამიტყდა, რომ არ შემოგვიარა, - კარში მაწევს ეკე.
- გადავცემ, აუცილებლად, - სიცილით ვპირდები.

უკვე ის დროა, ხალხი სამსახურიდან სახლში რომ მიიჩქარის, ამიტომ გაჩერებაზე დიდხანს ვდგავარ, რამდენიმე „მარშრუტკას“ ვუშვებ და შემდეგის მოლოდინში მოსაცდელში, სკამზე ვჯდები. ხალხმრავლობაშიც კი, მარტივად ვამჩნევ გზის მოპირდაპირე მხარეს კაცის მხარზე ჩამოკონწიალებულ ნაია პეტროსიანს. თითქოს დაბერებულ, გაჭაღარავებულ, ერთ დროს მომღიმარ ახალგაზრდა გოგოს. გადასასვლელზე ჩერდებიან და შუქნიშნის შეცვლას ელოდებიან. აქედანვე ვამჩნევ, სუნთქვა უნდა უჭირდეს, რადგან პირის მოძრაობით ვხვდები, სიტყვებს შორის რამხელა შესვენებებს აკეთებს. რაღაცას უყვება თავის ქმარს, რომელიც სულ ერთხელ ვნახე დაკვირვების ცენტრში და თავს უკმაყოფილოდ აქნევს. იმ რამდენიმე წამში, სანამ შუქნიშანი ფერის შეცვლას მოასწრებს, ნაია მზერას მისწორებს და შეშდება. გაფართოებული თვალები მაუწყებენ, ძალიან უკვირს ჩემი ხილვა. თითქოს მე ყოველთვის თეთრ მოსასხამში გამოწყობილი გიჟი ფსიქოლოგი უნდა ვყოფილიყავი და ვერ წარმოედგინა, იმ დაწესებულების მიღმაც თუ ვარსებობდი. მინდა, მისალმების ნიშნად ხელი ავუწიო, მაგრამ მახსენდება, როგორ ლაჩრულად გავიქეცი მისი ოთახიდან ბოლოს და როგორ ვერც ერთხელ ვაიძულე თავს, რომ მომეკითხა. იმიტომ, რომ ნაია ყოველთვის მახსენებდა, რა შეუძლია გააკეთოს დედამ თავისი ჯერ არ დაბადებული შვილისთვის და რა გავაკეთე მე. ჰოდა, ვდგები და ისაა, საპირისპირო მხარეს უნდა წავიდე, რომ ვხედავ, როგორ ეპობა ტუჩები ღიმილით და სულ შეუმჩნევლად მიქნევს თავს მისალმების ნიშნად. მისი საქციელით ვრწმუნდები, რომ ადამიანი ვერასდროს გახდება ისეთი, როგორიც თავიდანვე არაა და იმდენად მრცხვენია საკუთარი თავის იმ მომენტში, რომ მეც თითქმის შეუმჩნევლად ვუქნევ ხელს და მივდივარ.

ტელეფონს ვიღებ და ვრეკავ.

- გინდა, მზის ჩასვლას ვუყუროთ?

ტელეფონს მიღმა ჩემი ადამიანი მიღიმის.



№1 სტუმარი One

Sul realur kadrebad vkhedavdi, dzalian mdzime, tumca mware realoba((
Dzalian kargad wert, yvela emocia movida))
Warmatebebi❤️

 


№2  offline წევრი Loey

One
Sul realur kadrebad vkhedavdi, dzalian mdzime, tumca mware realoba((
Dzalian kargad wert, yvela emocia movida))
Warmatebebi❤️

მადლობა დიდი ❤️

 


№3 სტუმარი მმ

ღმერთო რა მძიმეა ადამიანობა

 


№4  offline წევრი Loey

მმ
ღმერთო რა მძიმეა ადამიანობა

confused pensive

 


№5 სტუმარი Ana-maria

ძალიან ძალიან სევდიანი ისტორიაა. და რაც მთავარია ,ძალიან კარგი ისტორიაა. კიდევ ერთხელ დამაფიქრა,თუ რა ძნელია იყო ადამიანი. წარმატებები ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№6  offline წევრი Loey

Ana-maria
ძალიან ძალიან სევდიანი ისტორიაა. და რაც მთავარია ,ძალიან კარგი ისტორიაა. კიდევ ერთხელ დამაფიქრა,თუ რა ძნელია იყო ადამიანი. წარმატებები ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი ანიკა

ისევ ჩაივლიან ქვეყნად ზღვის გემები,
ისევ მომაწვება შენი მონატრება,
ხელებს ვერ გაგიშვებ, აღარ მემეტები,
შენი სიყვარული მე დღეს მეჩქარება


ვისი ლექსია და რა ჰქვია? ❤️

 


№8  offline წევრი Loey

სტუმარი ანიკა
ისევ ჩაივლიან ქვეყნად ზღვის გემები,
ისევ მომაწვება შენი მონატრება,
ხელებს ვერ გაგიშვებ, აღარ მემეტები,
შენი სიყვარული მე დღეს მეჩქარება


ვისი ლექსია და რა ჰქვია? ❤️


ჩემი მოგონილია, ლექსებში ძლიერი ვერ ვარ ???? წლების წინ სხვა მოთხრობაში მქონდა გამოყენებული, იქიდან გადმოვიტანე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent