შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცებული


23-05-2023, 12:03
ავტორი ვე რა
ნანახია 7 130

მოტაცებული
1

ჩემს ძმაკაცს, ლევანს გაგიჟებით შეუყვარდა სოფელში სტუმრად ჩამოსული ნინიკო.
დაინახა და იმ წამიდან გამოშტერდა. მორიდებული და გაუბედავი არასდროს ყოფილა , მაგრამ სიყვარულმა დააბეჩავა ამხელა ორ მეტრიანი კაცი. საღამოს სოფლის კლუბთან გასული დაინახავდა ნინიკოს და დადუმდებოდა სულ მხიარული და ენამოსწრებული ბიჭი.
ნინიკო ვერც კი ამჩნევდა. თამამი გოგო იყო, ლამაზი და თავნება.
იმ დროს საზაფხულო რომანები მოდაში იყო და ყოველ ზაფხულს იცვლებოდა წყვილები. შარშან რომ ბექას ნუნუკა უყვარდა , წელს პირიქით იყო. მომდევნო წელს კი ერთმანეთიც აღარ ახსოვდათ და იმის იქით წელს ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა. არ გეგონოთ რამე სერიოზული ხდებოდა, ბევრი _ბევრი კოლაზე დაეპატიჟათ შეყვარებული, ანდაც მიყრუებულ ორღობეში გაესეირნათ მხოლოდ საკოცნაოდ. მეტის არც გამბედაობა ჰქონდათ და არც მონდომება, მგონი.

მეც ასე მეგონა, გადაუვლიდა ლევანს ნინიკოს სიყვარული, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. წლები გადიოდა და მას ისევ და ისევ ნინიკო ჰყავდა გულში.
ერთ დღესაც , ვიქეიფეთ სრულიად ამოუცნობი მიზეზით თუ უმიზეზოდ და გვარიანადაც დავთვერით. გავახელეთ ლეო, შევუკიჟინეთ, შევაშინეთ გაგითხოვდებაო, სხვა მოიტაცებსო, მშიშარაო, კაცი არა ხარო და ავაგდეთ როგორც იყო და არ იყო.
ავთოს მოვაპარინეთ მამის "რიჟა" ოპელი თევზს რომ ჰყიდდა ხოლმე სოფელ_ სოფელ სწორედ ის და ნინიკოს ჩავუსაფრდით სახლის გზაზე.

დიდი ლოდინი არ დაგვჭირვებია, სულ მცირედ გავიჟღინთეთ თევზის სუნად და ისიც გამოჩნდა.

მოდიოდა და ქვეყანა მოჰქონდა იმ ოხერს. შავგვრემანს და ნარნარას. სადღაც გულში კიდევაც ვინანე ლეის მისი მოტაცება რომ დავაძალეთ. მარა რაღა დროს?!

ლეოს გავხედე და ვხედავ, ეს ისევ გამოშტერდა! ამოვიოხრე! ისევ მე თუ ვივაჟკაცებდი!
ვისკუპე მანქანიდან და ნინიკოს წინ გადავუდექი.

_ საღამო მშვიდობის ქალბატონო!_ გავეჯგიმე საშიშად. ვერც კი იეჭვა ჩვენი მიზანი.

_ საღამო მშვიდობის ბიჭებო!_ მომესალმა თამამად.

_ სახლში მიდიხარ?დაჯექი მიგიყვან!_ სამი სახლის იქით მდებარე სახლს გახედა და გაკვირვებით შემომხედა.

_დაჯექი საქმე გვაქვს!_ გავიმკაცრე ხმა.

_ კარგი ერთი!_ არ ესიამოვნა ჩემი ტონი თავნებას.

_ დაჯექიმეთქი!_ ავუწიე ხმას და მისკენ წავედი .

_ ბაჩოო, იქნებ არ გვინდოდეს!_ გაუბედავად გამომძახა ლევანმა მანქანიდან.

_ არ გადამრიო ახლა!_ გადავირიე მე.

ნინიკომ რაღაც იეჭვა და გაქცევა დააპირა, მაგრამ ხელი დავავლე, თავით შევისროლე მანქანაში და პირდაპირ ლევანის კალთაში გავადენინე ტყაპანი. სასწრაფოდ მივუჯექი გვერდით და მანქანაც დაიძრა.
რომ გვეგონა ნინიკო კივილით ცას ჩამოიღებდა, შვცდით.
ერთი შემომხედა ირონიულად, გაიცინა და გასწორდა.
ერთმანეთს გადავხედეთ გაოცებულებმა.

_ ვისია, ვისია ქალი ლამაზიიი!_ წაიღიღინა ავთომ სამ სოფელს რომ გავცდით მხოლოდ მას შემდეგ.
ლეოს შორებელ მამდასთან მიგვყავდა საპატარძლო.

_ ჩემია, ჩემია ქალი ლამაზი!_ გაეპასუხა ალბათ თანხმობად მიჩნეული ნინიკოს სიჩუმით გათამამებული ლევანი და აი აქ დაიწყო , რაც დაიწყო.

_ ვისიოოო?_ დააკვესა ნინიკომ შავი თვალები და რატომღაც მიზანში მე ამომიღო. შევცბი, მაგრამ არ დავიბენი.

_ ჩემიო!_ გავუმეორე ლეოს სიტყვები.

_ ვერ მივხვდი_ მომაჩერდა დაჟინებით ნინიკო _ შენი თუ შენი?

და საჩვენებელი თითი ჯერ ჩემკენ მოიშვირა და შემდეგ ლეოსკენ.

_ იმისი!_ სასწრაფოდ ავუხსენი მე.

_ თქვე დამპლებო თქვენააა,!_ იკივლა მოულოდნელად საპატარძლომ და რატომღაც მე მეტაკა. გაავებული ვეფხვივით დამაპოტნა ლოყები.

_მაგისი არა? მაგისი ხომ?_ გაჰკიოდა და იწიხლებოდა გააფთრებული.
ლევანმა მკლავები მოხვია და შეეცადა კვლავ ადგილზე დაესვა.

_ გამიშვი ხელი შე ცხოველო!_ ახლა მას უკივლა გაგიჟებულმა ქალმა და მკლავში ჩააფრინდა კბილებით. ლამის ლუკმა ხორცი ამოაკბიჩა.

_ მომკლა ამ არანორმალურმა!_ ხელი უშვა საცოლეს და კუთხეში მიიკუჭა საწყალი სიძე კაცი.

როგორც კი თავისუფლება იგრძნო კვლავ მე დამესხა თავს, ისევ დამკაწრა და დამპოტნა. მერე ავთოს ჩააფრინდა მოდურად მოზრდილ ქოჩორში და სულ ბღუჯა_ ბღუჯა გააგლიჯა.
აბღავლდა მამაცი მძღოლი. საჭეს ხელი უშვა და ნინიკოს მოცილებას შეეცადა. მანქანა გვერდულად წავიდა, ლევანი წინ გადაიწია და საჭეს ჩააფრინდა. უცებ საიდანღაც, ჩემდა ჭირად, ოთხკუთხედი რკინის სასწორი გამოათრია ამ ქალად შემთხვევით დაბადებულმა. ალბათ ის ჩვენი ცოდვით სავსე, გივი ძია თევზის საწონად რომ იყენებდა და დამცხო და დამცხო, მერე ისევ ლევანს გადასცხო , არც ავთოს დააკლო და სასწორის კუთხით სულ ერთმანეთის პარალელურად დაასვა კოპიჭები თავზე.

_ თქვე თევზის სუნად ამყრალებულებო! რაო, ვინ მიტაცებდა?_ აბრიალებდა თვალებს შეშლილი ქორივით.

მაისურს საყელოში ჩამავლო ხელი და სიგრძეზე ჩამომაფხრიწა.

_ არიქა ბიჭებო!_ იყვირა ავთომ, _ შეუკარით ხელები ამ ალქაჯს!

რის ვაი ვაგლახით, ჩემი მაისურის ნაგლეჯებით გავკოჭეთ და მივესვენეთ საწყლად. ნინიკო კი მაინც არ ჩუმდებოდა და პირაკრული ღმუოდა.

_ლეოოო, _სარკიდან თანაგრძნობით გამოხედა თმადაბრდღვნილმა ავთომ_ მაგარ შარში ხარ ძმა!

_ ამასთან ჩემი მტერი დარჩეს ამაღამ მარტო!_ ამოიქშინა საცოდავად ლევანმა.

ამის თქმა იყო და ისევ აწიხლავდა საპატარძლო.
ერთი სიტყვით, მაგარი დაზაფრულები მივედით ლეოს მამიდის სახლში.
დაგლეჯილ დალურჯებულები საწყლად გადმოვედით მანქანიდან.

_ სარძლო სადაა გენაცვალეთ?_ გამოგვეგება ელისო მამიდა ღიმილით, მაგრამ ჩვენი დანახვისას თვალები დაექაჩა.

_ ავარიაში მოყევით თქვენი ჭირიმე?_ იტკიცა ლოყაში ხელი.
სამივემ ამოვიოხრეთ.

_ შენი საცოლეა და გადმოიყვანე!_ შევუღრინე ავად ლეოს და სახლისკენ წავლასლასდი.
მან საწყლად შეხედა ავთოს .

_ ცოლი შენ გინდოდა და აჰა ცოლი!_ არადა ლეო რა შუაში იყო, ჩვენ ავიტეხეთ.

მიბრუნდა მორჩილად. მანქანაში შეძვრა და ფეხებით გამოათრია "საყვარელი" საცოლე. მერე ბეჭზე გადაიკიდა და სახლისკენ წამოვიდა.

_ რა გიქნიათ, თქვე ოხრებო? გოგო როგორ დაგიბამთ?_ შეიცხადა ელისომ და მის გასანთავისუფლებლად დაიძრა.

_ არ ქნა მამიდა ეგ, თუ გიყვარდე!_ ხელებში ეცა შეშინებული ლევანი .

ელისომ თვალები დაუბრიალა და ადგილზე მიალურსმნა.

_ ჩემს სახლში ქალს ასე უდიერად ვერავინ მოეპყრობა!_ დაიქუხა ელისომ.
ხელები შეუხსნა, მიეფერა, დაამშვიდა და ოთახიდან გაიყვანა. ცოტა ხანს ისაუბრეს, რაზე და რა, არავინ იცის. ბოლოს გამოვიდა ელისო და ლევანს წინ დაუდგა.

_ ეგ ხარ ბიჭო შენ და ეგ არის შენი კაცობა? გოგომ ისიც კი არ იცოდა, ვინ იტაცებდა? ხოდა, შენ არ ჰყვარებიხარ გოგოს!_ უთხრა და რატომღაც მე გადმომხედა თვალმოჭუტულმა.

_ აი შენ კი, თურმე მოსწონებიხარ!_ მითხრა ისევ თვალების ბრიალით.

_ახლა კი მივხვდი, რატომ თავიდანვე არ იყვირა!_ გამოთქვა უადგილო მოსაზრება ავთომ_ ალბათ ეგონა, შენ მოიტაცე!

ლევანი ერთი კი შებარბაცდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ხელი დაავლო მანქანის გასაღებს და სახლიდან უსიტყვოდ გაიქცა. გამოვეკიდე , მაგრამ ვერ შევაჩერე.

ისევ სახლში შევბრუნდი და სკამზე უღონოდ დავჯექი.

_ ახლა რაღა ვქნათ?_ მკითხა ავთომ სიცილით და პერანგიდან საკუთარივე თმის ბუნდღები გაიბერტყა.




2

_ მე რა ვიცი ბიჭო?_ ავიჩეჩე მხრები. თან ელვამოგლეჯილი უმკლაო ჟილეტის მსგავსად ჩამოხეული მაისური შეძლებისდაგვარად შევისწორე.

_ სასიძო გაგვექცა და შემცვლელის ვაკანსიაზე თანახმა ხარ?_ ისევ იკრიჭებოდა ავთო, მე კი საკუთარ თავზე ვბრაზობდი. რა მრჯიდა, რა მინდოდა?

დაახლოებით ნახევარ საათში უკან მოაბღუილა მანქანა ლევანმა. მძიმე ნაბიჯებით გადმოვიდა და სახლში შემოაბიჯა. დაბღვერილმა შემათვალიერა.

_ შენ რას ფიქრობ? _ მკითხა და წინ დამიჯდა.

_ რა უნდა ვიფიქრო? ხომ არ გაუბერე?_ ვკითხე გაბრაზებულმა._ მე რა ვიცოდი, მაგ გადარეულის წვეტიან თავში რა ხდებოდა?

_ ანუ შენ არაფერი?_ ოდნავ გაეხსნა მოქუფრული შუბლი.

_ დამცინი ლევან?_ მეწყინა მისი უაზრო ეჭვი.

_ კარგი, მაშინ სახლში ვაბრუნებ!_ მტკიცედ თქვა და ფეხზე წამოდგა.

_გენაცვალოს მამიდამ!_ მოეხვია ელისო._კაცი ხარ, ნამდვილი ვაჟკაცი! აბა ძალით ცოლის მოყვანა ვის გაუგია შვილო?

მე და ავთო უხმოდ
მივაჩერდით ერთმანეთს, როგორი იყო ეს სიმწრით მოტაცებული ქალი ახლა ჩვენივე ნებით უკან მიგვყავდა. სირცხვილი და თავის მოჭრა, უბნის ბიჭებს მთელი წელი ეყოფოდათ საღადაოდ!

_ გაგიჟდი ბიჭო? აბა ტყუილა დამიმსგავსა თავი უშბას და შხარას?_ აწუწუნდა ავთო. ეს აშკარად იმაზე უფრო დარდობდა, გულიანი ქორწილი რომ გაურბოდა ხელიდან.

_ გაჩუმდი!_ მოხედა ავად ლეომ. ლეოსთან კამათი სახიფათო იყო. მხოლოდ მუჭი ჰქონდა ავთოსხელა. ავთომ ცხვირი აიბზუა უკმაყოფილოდ და ბედს დანებდა.

_ დაუძახე მამიდა!_ ამოიოხრა არშემდგარმა სიძემ. ნინიკო ოთახიდან ამაყი, გამარჯვებული სახით და გაჯგიმული გამოვიდა. არცერთისთვის არ უღირსებია მზერა.

_ სახლში გაბრუნებთ, და ბოდიში არასწორად მოვიქეცით, აღარ განმეორდება!_ მოუბოდიშა ლევანმა, წამით უყურა სევდიანმა და კვლავ მანქანისკენ გასწია, საჭეს მიუჯდა და ლოდინი დაიწყო.

_მაბრუნებთ?_ უცნაურად იკითხა ნინიკომ. ვერ მივხვდი ეწყინა თუ გაუხარდა._ აღარ განმეორდება არა?
უცნაურად ჩაიცინა.
ვერც ამ ჩაცინებიდან გამოვიტანე აზრი.

ავთომ ერთი შემომხედა და უსიტყვოდ გაბუნძულდა მანქანისკენ, უკანა კარი გამოაღო და ჩაჯდა.

_ ნინიკო, არ ვიყავით მართლები, უბრალოდ დავლიეთ და გავგიჟდით!_ ხელები გავშალე სინანულის ნიშნად.
წავედი და ავთოს მივუჯექი გვერდზე.
ნინიკოს სხვა რა გზა ჰქონდა, მანქანას მოუარა და ლევანს მიუსკუპდა. ლეოს მისთვის არც კი შეუხედავს, ისე დასძრა მანქანა და მთელი გზა ერთხელაც კი არ შეუვლია ნინიკოსთვის თვალი. სამაგიეროდ რამდენჯერმე დავიჭირე გოგოს უცნაური მზერა. თან ინტერესი, თან სიბრაზე და თან კიდევ რაღაც უცნაური, რაც ვერ მივხვდი და მარჩიელობაც აღარ დამიწყია. მანქანა პირდაპირ ნინიკოს სახლის წინ გააჩერა ლევანმა,

_ გვაპატიე!_ ჩაილაპარაკა და გოგოს საწინაღმდეგო მხარეს გაუშტერა თვალი რაღაცას.

_ ჰმ!_ ჩაეცინა გოგოს. რამდენიმე წამით დაკვირვებით მიაჩერდა და მანქანიდან გადავიდა. კარი კი ისე მოგვიჯახუნა, რომ დაკუჭული ქაღალდით გაჭედილი ფანჯარა თავსით ჩავარდა კარში.

_ ქაჯი!_ მიაყოლა ხმადაბლა ავთომ.

ამ საღამოს შემდეგ ძველებურად გამხიარულდა და ახმაურდა ლევანი, მაგრამ ერთი ეს იყო, ნინის არსებობასაც კი არ იმჩნევდა და არ აღიარებდა. და რაც უფრო მეტად აიგნორებდა ლეო, მით უფრო ცოფდებოდა ნინიკო. ლევანი ვირზე შეჯდა, ყველას უცინოდა, ყველას ძველებურად ეხუმრებოდა, მაგრამ ნინიკო უბრალოდ წაშალა. ის კი მოვიდოდა და წინ აეტუზებოდა, თან ნელ_ნელა ხან კაბას ამოკლებდა, ხან დეკოლტეს აღრმავებდა,
მაგრამ აღარაფერი შველოდა.
მის ამ უცნაურ ქცევას ყველა ამჩნევდა. თვალსაც ბევრი აყოლებდა აღფრთოვანებით, მაგრამ ლეოს შიშით თუ რიდით ნაბიჯის გადადგმას ვერავინ ბედავდა.
ამ სტრატეგიამ რომ უმტყუნა, ახლა ახალი ხრიკი მოიგონა ქალბატონმა. ხან ვის გამოსდებდა ხელკავს და ხან ვის, თან ლევანის დასანახად დაასეირნებდა ზემოთ_ქვემოთ ხბოსავით. მაგრამ ნინიკოსთან სეირნობის მსურველთა რიცხვმაც, რაც არ უნდა საოცარი იყოს, თანდათან იკლო.

ერთ საღამოს ბიჭები ჩვეულ თავშეყრის ადგილას ვიყავით შეკრებილები, რომ გააფთრებული მოიჭრა უარყოფილი სარძლო. თვალების ბრიალით მოგვათვალიერა და საჭირო მსხვერპლს თვალი რომ ვერ მოჰკრა , რატომღაც ისევ მე მეტაკა.

_ სად ბრძანდება ის შენი ბოთე ძმაკაცი?

_ ვინ ძმაკაცი?_ თავი მოვისულელე მე.

_ ის, თავგასიებული!_ ცოცხალი თავით არ სურდა სახელით მოხსენიება.

_ ვერ მივხვდი, ვის ეძებ!_ ისევ ვიუარე მე.

_ ახლა კარგად მომისმინე! თავი დამანებოს, თორემ თავბედს გაწყევლინებთ სამივეს!_ და მეტი დამაჯერებლობისთვის ავთოსაც გადაჰკრა მათრახივით მზერა.

_ ვინ დანიშნა მაგი ჩემს პატრონად? როგორ ბედავს, ჰა?
გაბრაზებულიც კი საოცრად ლამაზი იყო, მაგრამ თან მაინც საშიში, ჯერ იმ წინა შემთხვევის შემდეგ დარჩენილი იარებიც არ მომშუშებოდა, ამიტომ სიფრთხილისთვის ორი ნაბიჯით უკან დავიხიე.

_ ხოდა ეგრე!_ მომიღერა პატარა მუშტი. შებრუნდა და გრიგალივით გავარდა.
ცოტა ხანში ლეოც მოვიდა ეშმაკური ღიმილით.

_ რა ხდება ბიჭო?_ ვკითხე ჩუმად._ რამ გადარია ის ისედაც გადარეული?

_ მორიგი თაყვანისმცემელი დავუფრთხე!_ჩაეცინა მხიარულად.

_ სიცოცხლის ხელყოფით დაგვემუქრა მე და ავთოს!_ ვცადე არ გამცინებოდა._ არაა ძმაო მაგი ოჯახში შესაშვები ქალი!

_სანამ არ შემეხვეწება, მანამდე მაგაზე არც კი იოცნებოს!_ თვალი ჩამიკრა და ის იყო სახლისკენ აპირებდა წასვლას, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომ უზარმაზარი ჩამწიფებული გულაბი მსხალი მიეთხლიშა შიგ კეფაში და გადმონთხეული ტვინივით ჩამოეღვარა ბეჭებზე. გავეშებული მოტრიალდა, დამნაშავის დასანახად და გზის პირას ჩამომდინარე რუს გადაღმიდან ნინიკოს გულიანი სიცილიც მოისმა.

ეს რუ ახლა კია ჩაბეტონებულ_ მოწესრიგებული, მაგრამ მაშინ ბაყაყების გუბურასავით მდორე და სოფლის გოჭუნების სატყამპალო რამე იყო.

_ ასე არა?_ ჩაიღრინა ლეომ და ორი ნახტომით გადაევლო იმ წუმპეს.

_ვაიო!_ იკივლა ნინიკომ და მოფრთხა შველივით, მაგრამ ამ იეტს სად გაექცეოდა? წამში დაეწია, ხელი დაავლო და პირდაპირ იმ წუმპეში მოისროლა.
გზის აქეთ უსაქმური ბიჭები, გზის იქით სოფლის მოლაყბე, ჭორიკანა დედაკაცები.

ნელა წამოიწია მოულოდნელობისგან გაბრუებული გოგო.
ლეომ ალბათ იფიქრა, უნებურად რაღაც ვატკინეო და დაუფიქრებლად შეტოპა მის დასახმარებლად.
ძლივს წამოდგა ამაყი და აქამდე ღირსებაშეუბღალავი ქალაქელი ნინიკო ღორების მყრალი წუმპიდან. სიბრაზისგან აკანკალებული და თვალებჩაწითლებული. უცნაურად ამოიქშინა და სახიფათოდ მიახლოებულ ლევანს წამოზრდილ ქოჩორში ჭინკასავით ჩააფრინდა. ეტყობა ეს ილეთი, ომში მისი საფირმო ტრიუკი იყო!
რდენჯერმე ეცადა იმ საწყალმა, მაგრამ
ხურჯინივით გადაკიდული და თმაში ჩაფრენილი ქალი ვერაფრით მოიგლიჯა. უსიტყვოდ იბრძოდნენ და არც მაყურებლები ვიღებდით ხმას. ასეთი ბრძოლა წესების გარეშე პირდაპირ ჩვენს თვალწინ მოდიოდა და სეირის ყურებაში გრთულებს, მათი გაშველება, რა თქმა უნდა, წამითაც კი არ მოგვსვლია აზრად. არ ვიცი, რამდენ ხანს იგორავებდნენ იმ ლაფში, მოულოდნელად ნინიკოს პატარა ბიძაშვილი მამამისთან რომ არ გაქცეულიყო კივილით:

_ მამიკო უშველე ლევანა მხეცი ნინიკოს ცემსო!
კაცი შეშლილი სახით მოვარდა და ძლივს ააბრდღვნა ლევანს ბროლია მამალივით ზემოდან შემომჯდარი გააფთრებული დისშვილი.
მეორე დღესვე ჩაულაგა ბარგი და ქალაქში გაუშვა.

_ეტყობა, ამას სოფლის ჰავამ აწყინაო!_ დაურეკია თავისი დისთვის.



3

ზაფხული მალე გავიდა. თუ დაკვირვებიხართ, როგორც წესი, ზაფხული რატომღაც ყველაზე მალე მთავრდება ხოლმე. ხოდა ის ზაფხულიც წამში ამოიწურა.
ვამჩნევდი, უცნაურად შეეჩვია დედაქალაქს ჩვენი ლევანა. არ გავიდოდა ერთი კვირა და გაშპებოდა თბილისში. იქიდან კი იდუმალი და საეჭვო ღიმილით ბრუნდებიდა , თქმით კი არაფერს ამბობდა და არც კითხვას ჰქონდა აზრი.

მალე შემოდგომამ მოგვიკაკუნა კარზე, სადღა გვეცალა ლევანასთვის?!
მოსავალს ვიღებდით, ვაბინავებდით და ვემზადებოდით გარდაუვალი ქორწილების სეზონისთვის. რომელიც, ჩვეულად ოქტომბრისთვის იხსნებოდა ხოლმე. ავთო უკვე ნემსებზე იჯდა.

_ გუჯა უეჭველი, სანდროც, ნიკაც მგონი, საბასაც ვამჩნევ ნიშნებს!_ სათითაოდ იკეცავდა თითებს დომინოს თამაშისას თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ავთო.

_ რას ითვლი შე ოხერო?_ ჰკითხა ლეომ.

_ რას და ქორწილების სიას ვადგენ!_ სრული სერიოზულობით მიუგო ავთომ და გააგრძელა მეგობრების სიძეებად გამწესება.
ლევანს გაეცინა, თითი მაგიდაზე დააკაკუნა და ისევ დავინახე მის სახეზე ის იდუმალი სინათლე.

_ ლევან, როგორ გყავს ნინიკო?_ ვკითხე ვითომ უინტერესოდ. ნინიკოს გაგონებაზე ავთოს უსიამოდ შეაჟრჟოლა.

_ ვინ ნინიკო?_ გულწრფელად გაიოცა ლეომ. მე და ავთომ ერთმანეთს გადავხედეთ.

_ სულ გაუბერა!_ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით მიჩურჩულა ავთომ და ფარულად საფეთქელთან საჩვენებელი თითიც ფარულად დაიტრიალა.

_ ლიანა ბაბოს ლუკას ხვდებაო ასე გავიგე!_ წამოსცდა რომანას და მხოლოდ მერე მიხვდა ლევანაც რომ იქ ბრძანდებოდა, მაგრამ გვიანი იყო თითზე კბენანი.

_ ჰოოო?_ ორაზროვნად ჩაიღიმილა ლეომ.

_ ჰოო!_ თავი დაუკანტურა მისი მოულოდნელი მშვიდი რეაქციით გაოცებულმა რომანამ.

_ რა სჭირს?_ ისევ ტუჩების მოძრაობით მანიშნა ავთომ. მე მხრები ავიჩეჩე. საერთოდ ლევანთან ნინიკოს ხსენებას ზემოთხსენებული მიზეზის გამო გავურბოდი ხოლმე.

ერთი სიტყვით ქორწილების სეზონი იმან გახსნა, ვისაც საერთოდ არ ველოდით, საბამ სოფი ცოლად ითხოვა და ეს სოფი ნინიკოს კუდგადაბმული დაქალოჩკა ბრძანდებოდა. ხოდა ვის წაიყვანდა მეჯვარედ თუ არა თავის კაპარჩხანა მეგობარს? რა თქმა უნდა!

ქორწილში, როგორც ჩვენთან ჯერ კიდევ იციან, მთელი სოფელი მოიპატიჟეს. იყო გართობა და ჟრიამული. ერთმანეთზე უკეთესი ახალგაზრდები. ზოგი წყვილში, ზოგიც ბედის საძებნელად.

ლევანამ ყველა გაგვაოცა, როცა მანქანით ციალას სალოს გამოუარა და თუ გინდა დაიჯერეთ, თუ გინდა არა! მაგრამ ლეოს ღია ცისფერი პერანგის ფერიც კი საოცრად ეხამებოდა სალოს კაბისას. ყბა ჩამოვარდნილი მეგობრების თვალწინ ამაყად გაიარეს და სეფას პირდაპირ მდგარ სუფარს მიუსხდნენ გვერდიგვერდ.

_ პირი დახურე ბუზი შეგიფრინდება!_ ვუთხარი გაშტერებულ ავთოს და ცერა თითით ჩამოვარდნილი ყბა დავუხურე.

_ მომეჩვენა?_ მკითხა გაოცებულმა.

_ ეს თუ მასობრივი ჰალუცინაცია არ არის, მაშინ არ მოგჩვენებია!_ ვუპასუხე მე და ლევანას მაგიდისკენ გავწიე, ავთოც უკან გამომეკიდა.

როგორც იქნა მაყრიონის სიგნალების ხმა მოგვწვდა და ლამაზად გაფორმებულ დარბაზში მენდელსონის მარშიც გაისმა.
კარი გაიღო და საბა და სოფი ბედნიერი სახით შემობრძანდნენ.
უკან კი ის ალქაჯი ნინიკო მოჰყვებოდათ, ცისფერ საოცარ , ჰაეროვან კაბაში გამოკვალთული. ახლა კი ამერია აზრები, ნეტავ სინამდვილეში ვის კაბას უფრო უხდებოდა ლეოს ცისფერი პერანგი?! ნინიკო კი ქალი კი არა პირდაპირ ქალღმერთი იყო. ლევანასკენ თვალი გავაპარე. დავინახე, როგორ გადაყლაპა ნერწყვი. ტუჩები მკაცრად მოკუმა და თავი ხელში აიყვანა, მაგრამ თვალი ვერაფრით მოაშორა ყოფილ საბედოს.
ისიც შევამჩნიე, სალომ როგორ უბწკინა მკლავზე და მეცხრე ციდან ისევ საბას ქორწილის სუფრაზე ჩამოაბერტყა.

ქართული ქორწილის წესისამებრ ცეკვა მეჯვარეებმა წამოიწყეს. ადგა ნინიკო და გედის ფრთებივით გაშალა ხელები.
მაინც რა ლამაზი იყო, ის საძაგელი! დარბაზს თვალი მოვავლე და ყველა ერთიანად მას უყურებდა. ლევანს შევხედე. თვალს არ აცილებდა, მაგრამ სახეზე ნაკვთიც არ ერხეოდა. ჯერ ერთმა მაყარმა ჩაუჭრა მოცეკვავეებს და გაიყოლა ნინიკო, შემდეგ მეორემ, მესამემ და აქ კი უმტყუნა მოთმინებამ ლევანს. მშვიდად წამოდგა, დამკვრელებს მიუახლოვდა და რაღაც უთხრა. შემდეგ მოცეკვავე წყვილს მიაშურა და გაჩერდა. ნინიკოს მეწყვილემ ლევანის დანახვისას უკან დაიხია. მუსიკა შეწყდა და თავიდან დაიწყო დაისი. ხელები გაშალა ლევანმა და დარბაზს აღტაცების შძახილმა გადაუარა.
არ ვიცი, რანაირად ახერხებდა ეს მათასავით კაცი ასე საოცრად ცეკვას. წრეს შემოუარა და გაქვავებული ნინიკო გამოიწვია . კუშტად უყურებდნენ ერთმანეთს. თვალებით ზომავდნენ. წამით გულმა მიგრძნო, თუ ნინიკო ამ გამოწვევას არ მიიღებდა, იქ და იმ წამს ყველაფერი დასრულდებოდა, თუ კი რამ იყო მათ შორის და შემეშინდა.

მაგრამ ნინიკო რის ნინიკო იყო გამოწვევა შეერჩინა ლევანისთვის?! თამამად გადადგა ნაბიჯი და ახლა კი ახმაურდა აღფრთოვანებით დარბაზი და მერე გაყუჩდა ისევ. ეჭვიც არ შემპარვია, რომ ეს წყვილი ღმერთს სწორედ ერთმანეთისთვის ჰყავდა ჩაფიქრებული. საოცრად უხდებოდა კაცი ქალს და პირიქით. ისე გატაცებით ცეკვავდნენ , ისეთი უცნაური აღტაცებით. გეფიცებით, ამ მკაცრ და შეურყეველ კალაპოტში მოქცეულ ცეკვას პირველად აღმოვუჩინე ვნების საოცარი ნაპერწკლები.
არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის ისე დასრულდა ცეკვა და ისე დაუბრუნდნენ საკუთარ ადგილებს. მერეც მთელი საღამოს მანძილზე არ გაჰკარებიან ერთმანეთს. ნინიკოს რიგ _რიგობით იწვევდნენ მისით აღტაცებული თაყვანისმცემლები. ლევანი კი სალოს აღარ მოსცილებია გვერდიდან.

აივანზე მოსაწევად გავედი. თან მიღებული შთაბეჭდილებების გაანალიზებას ვცდილობდი.

_ როგორ ხარ ბაჩო?_ მომესმა და გველნაკბენივით მივტრიალდი ნაცნობ ხმაზე. თვალები უელვარებდა ნინიკოს ალბათ ალკოჰოლის თუ გართობის გამო.

_ ნინიკო?_ გამიკვირდა რატომღაც.

_ რა იყო, არ მელოდი?_ მკითხა ირონიულად._ თუ ისეა საქმე, რომ თქვენმა ბელადმა ჩემთან საუბარიც აგიკრძალათ?

_ რატომ ხარ ასეთი მწარე?_ ვკითხე ღიმილით. მასაც გაეღიმა.

_ შეხედე!_ თავით შუშის კედელზე მიმანიშნა. გავიხედე და დავინახე, როგორ ცეკვავდნენ სალო და ლეო ერთად. გოგონას თავი მის მხარზე ჩამოედო.

_ აი ეს ყოფილა მისი სიყვარული!_ უცნაურად სევდიანი ღიმილით მითხრა ნინიკომ.

_ შენ დარდობ ამის გამო?_ ვერ ვხვდებოდი და არ მესმოდა მისი. ნუთუ უყვარდა? მაგრამ თუ უყვარდა ასე მტრად რატომ მოეკიდა? არადა ლევანისთვის მხოლოდ მისი დუმილიც კი საკმარისი იქნებოდა მაშინ. ამოიოხრა.

_ ვდარდობ? _ ჩაილაპარაკა თავისთვის. _ არა, მგონი უფრო ვბრაზობ! ეგღა მაკლია მაგ თავგასიებულის გამო ვიდარდო!
თავი ხელში აიყვანა და თვალები დააკვესა ძველებურად

_ იცი რა მგონია?_ ვუთხარი და კარისკენ გავემართე_ ბოლოს ორივე ინანებთ ამ უაზრო სიჯიუტეს!
ისევ დარბაზში დავბრუნდი და ჩაფიქრებული აივანზე დავტოვე.

არ შემომყოლია და არც გამოჩენილა ლამის საღამოს დასასრულამდე. ვატყობდი დარბაზს როგორ ათვალიერებდა ლევანი. ადგილზე ვერ ისვენებდა, თვალებით ეძებდა, მაგრამ ისევ ჯიუტად დუმდა. თუმცა უხასიათობა აშკარად უძლიერდებოდა. ავთომაც შეამჩნია მისი მოქუფრული სახე და ინტერესით გამომხედა. ლევანმა სალი თანასოფლელებს გააყოლა სახლში. მაგრამ თავად ვერ წავიდა. აშკარად ნინიკოს გაუჩინარების გამო ღელავდა. ღვინოს მიეძალა. მოულოდნელად ტელეფონმა დაიწკარუნა შარვლის ჯიბეში. ამოვიღე და მესიჯი იყო უცხო ნომრიდან:
" თუ კარგად მახსოვს, ჩემთან ვალში ხართ! გარეთ გამოდით შენ და ავთო!"
მივხვდი ის იყო. ავთოს თვალი ვუყავი და დარბაზიდან გავიძურწე. ავთოც უსიტყვოდ გამომყვა.

ნინიკო ავთოს "რიჟასთან" იდგა. სულ არ შეეფერებოდა ეს მანქანა, მაგრამ მის გვერდით ყველაფერი იჩრდილებოდა. მხოლოდ მას ამჩნევდა თვალი და ვერაფერს სხვას.

_ რა ხდება ნინი?_ ვკითხე დაბნეულმა._ მშვიდობაა?

_ ვალში ხართ ჩემთან და ვალის დაბრუნების დრო მოვიდა!_ უცნაური არეული ხმით და სურვილით თქვა მან და მანქანას ხელი ოდნავ დაარტყა.

_ რას გულისხმობს?_ მკითხა ავთომ და ისეთ მანძილზე გაჩერდა, თუ რამე იყო , გაქცევა რომ მოესწრო.
უცებ მივხვდი. უცებ გავიაზრე, რას ითხოვდა ჩვენგან ეს აშარი ქალი. ნერვიულად გამეცინა, მაგრამ არ გამკვირვებია, მისგან ხომ ყველაფერი იყო მოსალოდნელი.

_ დარწმუნებული ხარ?_ ვკითხე სერიოზულად.

_ისე, როგორც არასდროს არაფერში! მაგ ბოთეს გამო არ ვაპირებ ცხოვრება გავიმწარო და რამე ვინანო!_ მტკიცედ მიპასუხა.

_ რა ხდება?_ უფრო დაიბნა ავთო და სავარაუდოდ სულ სხვა რამე გაიფიქრა_ ჩემს თავს ნუ მოაკვლევინებთ რა იმ არანორმალურს!

შეგვევედრა უიმედოდ.

_ დაჯექი საჭესთან და დამელოდე!_ ვუპასუხე ავთოს. უსიტყვოდ დაჯდა. რას იზამდა? მიუხედავად იმისა, რომ არასწორად ფიქრობდა, იმ წამს მეც ისეთივე მეგობარი ვიყავი მისთვის , როგორც ლეო და მისი აზრით სრული უფლება მქონდა ბედნიერების.
დარბაზში დავბრუნდი.

_ სად გაიკრიფეთ ყველა? _ თვალები დამიბრიალა შემთვრალმა ლევანმა.

_ გამო ერთი წუთით, გავიდეთ!_ ვთხოვე აშარებულს.

_ რატომ?_ მკითხა ეჭვით.

_ საქმე გვაქვს!_ზურგი ვაქციე და ისევ გარეთ გავედი. ვიცოდი უეჭველი გამომყვებოდა.

_ რა ხდება აქ?_ იკითხა ნინიკოს დანახვისას.

_ წამოდი, სახლში წაგიყვანთ!_ უპასუხა გაუბედავად ნინიმ.

_ თავადაც მოვახერხებ როგორმე!_ ზურგი აქცია ლეომ. ნინი წინ გადაუდგა.

_ ლევან!_ მგონი სიცოცხლეში პირველად დაუძახა სახელი. ლევანი შედგა.

_ ჩაჯექი მანქანაში, გთხოვ!_ თუ ლევანს ტვინი ჰქონდა, უნდა ამოეკითხა მის ხმაში გაჟღერებული თხოვნა. მანქანას მოვუარე და ავთოს მივუჯექი გვერდით.

_ რა ჯანდაბას აკეთებ?_ შემომიღრინა მან._სულ გადაირიე?

_ ახლა უნდა გადაწყდეს მომდევნო ვისი ქორწილი იქნება შენს სიაში!_ გამეცინა მე.
ფანჯრიდან მათ გავხედე.
იდგა ლევანი და წარბშეკრული დაჰყურებდა ნინის. ისე ათვალიერებდა თითქოს პირველად ხედავდა. ბოლოს სულ ოდნავ შეეპარა ღიმილი ლეოს. ლამის შეუმჩნევლად და მე გულზე მომეშვა.

_ გაიმეორე!_ უთხრა მკაცრი ხმით ნინიკოს. სიბრაზით აენთო თვალები ქალს. პატარა მუჭები მუქარით შეკრა.

_ ამას განანებ იცოდე!_ დაემუქრა და რატომღაც ლევანი შემეცოდა.

_ გაიმეორე!_ გაჯიუტდა ის.

_ გთხოვ!_ ჩუმად დასცდა ნინის ბაგეებს. ლევანმა გაიცინა და გამოღებული კარიდან მანქანაში ჩაჯდა. ნინიკომ ცოტა ხანს უყურა წარბებშეკრულმა და კარები ისე მიუჯახუნა კინაღამ ჩამოიღო. ავთო ისე შეხტა, აშკარად გივი ძიასთან აუცდენელი ომი წარმოიდგინა, რიჟას დაზიანების გამო.
ნინიმ მანქანას მოუარა და ჩაჯდა. ლეოსთვის ზედაც არ შეუხედავს.

_ დაა, სად მივდივართ?_ იკითხა ავთომ ჩურჩულით.

_ ელისო ბიცოლასთან!_ შეუღრინა ნინიკომ.
ლევანს გავხედე და ბედნიერი ღიმილით იღიმოდა. თვალები უციმციმებდა. თავი უიმედოდ გადავაქნიე.
არ ვიცი, ამათ რა ოჯახი უნდა შეექმნათ? ალბათ პირველივე წელს დაჭამდნენ ერთმანეთს.

_ სანამ წავალთ ერთი რამე დავაზუსტოთ ჯობია, ყოველი შემთხვევისთვის!_ მიხედა ავთომ უკან მტრებივით მსხდარ წყვილს და გასაღები მოიმარჯვა. ორივემ მას გამოხედა. მთელი გამბედაობა მოიკრიბა ავთომ და დასჭექა:

_ ვისია, ვისია ქალი ლამაზი დაა!

და სანამ მე ხარხარი ამიტყდებოდა ლევანმა თმამად მისცა ბანი;

_ ჩემია, ჩემია ქალი ლამაზი!_ თან თავის მშვენიერ, გაბუსხულ საცოლეს ხელი მოჰხვია, გულში ჩაიკრა, თვალებში ჩახედა და ხმადაბლა თქვა:

_ რა, ეჭვი ეპარებოდა ვინმეს?!

დასასრული

ვე რა



№1 სტუმარი ნანამია

აუუუ...ვიცინე და თან რამდენი??? მადლობა... ცუდი ხასიათიდან კარგზე რომ დაგაყენებს ეგეთია რა... ხშირად გაგვანებივრე ასეთი სახალისო ისტორიებით... თუმცა მე შენი ყველა ისტორია ძალიან მომწონს... ყოჩაღ ავტორო...

 


№2  offline წევრი შარზენ

ძაან ვიხალისე,კაი იყო

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკა

აუ რა კარგი იყო სახალისო ♡♡♡♡

 


№4 სტუმარი ნი-კე

რა კარგი იყოოო❤️❤️მართლა კარგად გამახალისა♥️♥️♥️????

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნანამია
აუუუ...ვიცინე და თან რამდენი??? მადლობა... ცუდი ხასიათიდან კარგზე რომ დაგაყენებს ეგეთია რა... ხშირად გაგვანებივრე ასეთი სახალისო ისტორიებით... თუმცა მე შენი ყველა ისტორია ძალიან მომწონს... ყოჩაღ ავტორო...

ამ ისტორიის მიზანიც ეგ იყო, ხანდახან ცოტა ღიმილიც საჭიროა.მიხარია რომ გაგაღიმათ

 


№6 სტუმარი სტუმარი იაკო

ვიცინე, თან რამდენი
ძალიან სახალისო ისტორიაა
განსატვირთად, ყოჩაღ! ☺️

 


№7 სტუმარი ანათეა

ძალიან სასიამოვნო და გემრიელი ისტორია იყო

 


№8  offline წევრი nica_nica

ძალიანნნნ მაგარი ისტორია იყო❣️

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ანათეა
ძალიან სასიამოვნო და გემრიელი ისტორია იყო

მადლობაა????

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან ვიხალისე, გაიხარეთ, გოგომ აჯობა, ისევ გოგომ მოიტაცა ქმარი.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნანა
ძალიან ვიხალისე, გაიხარეთ, გოგომ აჯობა, ისევ გოგომ მოიტაცა ქმარი.

სხვა გზა არ დაუტოვეს))))

 


№12 სტუმარი სტუმარი მარი

ძაან მომწონს შენი დაწერილი ისტორიები წერის სტილი და ყველაფრის გადმოცემის უნარი ????

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მარი
ძაან მომწონს შენი დაწერილი ისტორიები წერის სტილი და ყველაფრის გადმოცემის უნარი ????

მადლობააა))))))

 


№14  offline წევრი ელენე.ელე

უუუკარგესია მართლა და მადლობა თქვენ.ძალიან ბევრი ვიცინე,უშბაზე და შხარაზე გადავბჟირდი საერთოდ :-D :-D

 


№15  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ელენე.ელე
უუუკარგესია მართლა და მადლობა თქვენ.ძალიან ბევრი ვიცინე,უშბაზე და შხარაზე გადავბჟირდი საერთოდ :-D :-D

მადლობაა, მიხარიაა)))

 


№16 სტუმარი სტუმარი მანჩო

მომერღვა პირი ღიმილით????????????რა კარგი რამე იყო

 


№17  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მანჩო
მომერღვა პირი ღიმილით????????????რა კარგი რამე იყო

მიხარია)))))))))

 


№18 სტუმარი სტუმარი ნელიკო

მეორედ წავიკითხე და ისევ ისე გულიანად ვიხითხითე, გაიხარეთ და დიდი მადლობა.

 


№19  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნელიკო
მეორედ წავიკითხე და ისევ ისე გულიანად ვიხითხითე, გაიხარეთ და დიდი მადლობა.
აუუ მიხარია, რომ მოგწონთ)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent