აგაპე (ნაწილი 2)
დილის ექვსი საათია, ამ დროს კი, როდესაც მზის ამოსვლის სცენით ვტკბები, თითქოს ყველა პრობლემა, ყველა ფიქრი, ყველა ემოცია ერთ ვაკუუმში თავსდება სანამ იქიდან გამოაღწევს და კვლავ დინამიკაში ჩამითრევს. ამ დროს თითქოს ვწყდები დროისა და სივრცის შეზღუდულობას და რაღაც წამის მეასედში, სულ შეუმჩნევლად, ისე თითქოს არც არაფერია, რაღაც იდუმალი სხივი გაიელვებს, თითქოს რაღაც მაკვირდება, თითქოს რაღაც ძალა წამიერად მომიახლოვდა და გულში უცაბედად გაიელვა. ამ წამის მეასედში ვიგრძენი არამიწიერი ემოცია, რაღაც მიღმური, თითქოს მეხსიერებადაკარგული ადამიანი ვარ, რომელსაც გონების ყველაზე ღრმა ნაწილში მოგონება აქვს დალექილი და ვერაფრით იხსენებს, რაღაც მისტიკურია ამ გაურკვეველ გრძნობაში, ენით აღუწერელ ემოციაში, მინდა რომ ბოლომდე შევიგრძნო უსასრულობა, მაგრამ ჯერჯერობით თითქოს მზად არ ვარ. როდესაც გორაზე ვზივარ და მზის სხივები ნელნელა წყვდიადს ნათლით მოსავენ, ამ პეიზაჟის ცქერისას ყოველთვის იმედის იოტისოდენა გაელვებას ვგრძნობ, უსაზღვრო ბედნიერების სხივს, რომელიც მახსენებს ,,მე ახლა აქ ვარ და ეს ძალიან მაგარია“ მადლიერების განცდა მეუფლება, არ ვიცი საიდან მოდის, მაგრამ მისტიკურად რეალურია ეს გრძნობა, არცერთ წარმავალ ემოციას არ შეედრება, ალბათ ამ გრძნობის გავლენით ვსულდგმულობ და ეს მიბიძგებს ყოველ დილით აქ ამოსვლისკენ. 9 საათი გახდა, უნივერსიტეტშიც დამაგვიანდა. ავტობუსს ძლივს მივუსწარი. როდესაც შიგნით ჩავჯექი მივხვდი რამდენად შორს წავიდა ცოტახნის წინ განცდილი ემოციები და როგორ უცბად გამომეცალა. ახლა სულ სხვა სამყაროში გადავინაცვლე, სადაც უნდა იბრძოლო, ემოციები უნდა დამალო, ცოტა უნდა ილაპარაკო და ბევრი საქმე აკეთო რათა გადარჩე, უნდა მოიტყო, და თუკი ამბიციური, წარმატებაზე, დიდებაზე და ძალაუფლებაზე შეყვარებული მგელი ხარ, უნდა მოკლა კიდეც, დაუნდობლად მოკლა კონკურენტი. ხანდახან ამის არ მჯერა და ადამიანთა ფარისევლობა იმდენად დახვეწილია, რომ ცოტაც და შეიძლება მოვტყუვდე კიდეც. მაგრამ აღარავის ვენდობი, არ ვიცი რა დამემართა, სად წავიდა ის ბავშვობა ყველას რომ ვენდობოდი, ყველა რომ მიყვარდა. სადღაც გაფერმკრთალდა ბავშვური გულღიაობა და სიწმინდე. ვფიქრობ ამქვეყნად ყველაზე უფრო ბავშვებს უნდა გავუფრთხილდეთ, რაც შეიძლება დიდხანს შემორჩეთ უმწიკვლობა, მაგრამ ცხოვრების დაუნდობლობა ადრე თუ გვიან მათაც გაულაწუნებს. ამასობაში უნივერსიტეტთანაც მოვედი. პოლიტიკის ლექციაზე ავირბინე და დაგვიანებით შესულმა ვიგრძენი უცბად ყველას მზერა, ვეცადე რაც შეიძლება ჩუმად მივსულიყავი აუდიტორიის ბოლოსკენ და მოშორებით ჩამოვჯექი. ლექტორი მაკიაველზე საუბრობდა. - და მაინც ამართლებს მიზანი საშუალებას? - ბავშვები საკმაოდ ინტერესით უსმენდნენ, მე კი ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა უსიამოვნო შეგრძნება გულში, გასვლა მომინდა და უცბად გავიგონე ფრაზა: ,,ყველა ადამიანი საბოლოოდ ეგოისტია, არ არსებობს სიკეთე და ბოროტება, ეს ყველაფერი სისულელეა...“ ყოველ ლექციაზე ერთი და იგივე, რაღაც არაა სწორი ამ ფრაზაში, არ ვიცი ისე საკმაოდ მყარი არგუმენტები კი აქვთ მაკიაველსაც და ჩემს კურსელსაც, მაგრამ ფუჭ ცოდნად მიმაჩნია მათი აზრები. უბედური ადამიანების ღაღადი, რომლებმაც მგონი ისიც კი არ იციან, რომ უბედურები არიან. - ,,სიქველეში გაწვრთნა მხოლოდ საზოგაოდებაშია შესაძლებელი; ადამიანი მას კანონებით, ტრადიციებით და სხვა მათი მსგავსი რამეების მეშვეობით უნდა მიეჩვიოს. ადამიანი სიქველეში ადამიანმა უნდა გაანათლოს. თუმცა როგორც მარქსი იტყოდა: თავად აღმზრდელები უნდა აღიზარდონ. შეუძლებელია, რომ თავდაპირველი აღმზრდელები, საზოგადოების დამფუძნებლები, სიქველეში ყოფილიყვნენ განსწავლულები: რომის დამფუძნებელი ძმისმკვლელი იყო. მორალურობა მხოლოდ იმ კონტექსტში არის შესაძლებელი, რომლის შექმნაც მისივე მეშვეობით შეუძლებელია, ვინაიდან მორალურობას საკუთარი თავის შექმნა არ ძალუძს. ის კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც მორალურობაა შესაძლებელი, ამორალურობის მიერაა შექმნილი. მორალი ამორალურობას ემყარება. სამართლიანობა უსამართლობას. ადამიანი ბუნებით სულაც არ არის კეთილი, ასე რომ ყოფილიყო სინდისის ქენჯნა მისთვის ყველაზე დიდი თავსდატეხილი ბოროტება იქნებოდა“ - კი მაგრამ - ვეღარ მოვითმინე და დისკუსიაში ჩავერთე - მაკიაველი ცდება, როდესაც მორალურობის კონტექსტად ამორალურობას ასახელებს, ამორალური კონტექსტი უბრალოდ გვეხმარება გავაცნობიეროთ, რომ ჩადენილ ბოროტებაზე პასუხს ვაგებთ, ბოროტების ჩადენა მარტივია და შემდგომ სინდისთან გამკლავება არა. ადამიანი მკვლელი არსებაა, მაგრამ მისთვის მგლობა ბუნებრივი არაა, არსებობს მეორე რეალობა, სადაც ადამიანი თავს სწირავს სხვისთვის, მოყვასისთვის, ადამიანებისთვის, ადამიანში უდიდესი პოტენციაა სიკეთისა, რომელიც თუ რეალიზდა მას ჭეშმარიტად თავისფალს ხდის. ბოროტება კი მონობაა. როგორ შეიძლება სიკეთის სუბსტანციურობა უარვყოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც გაბოროტებული პოლიტიკითა და მართვის ხელოვნებით შეპყრობილი, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები ამბობენ რომ ის არ არსებობს და ამით თავს იმშვიდებენ. მივხვდი, რომ ცოტა ემოციებმა მძლია, ყველას ყურადღება მივიქციე სამწუხაროდ, არადა არ ვგეგმავდი საუბარს, ლექტორი ინტერესით მისმენდა, თუმცა როდესაც სიჩუმე ჩამოვარდა და ერთ-ერთ სტუდენტს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ლექტორი უცბად ჩაეჭრა და ლექციის დამთავრება გვაუწყა. კიდევ კარგი, თორემ კამათის თავი ნამდვლად არ მქონდა. ბავშვებიც წასასვლელად მოემზადნენ. დერეფანში გამოვედი და სანამ კიბეებზე ჩავიდოდი ერთი ბიჭი დამეწია და წიგნი მომიტანა - ეს შენ დაგრჩა მემგონი.. ისე უცბად გამოვვარდი ვერც გავიაზრე რომ წიგნი დამრჩა. - აა ხო, კი, მე დამრჩა, მადლობა. - არაფრის. ბოეთიუსი მეც ძალიან მომწონს, სხვათაშორის საკმაოდ იმედის მომცემი წიგნია. უცბად დავიბენი, ამ ბიჭს რომ თვალი გავუსწორე შევამჩნიე რამდენად საინტერესო გამომეტყველბა ჰქონდა, არ ვიცი უბრალოდ ინტუიცია იყო, ან შეიძლება წიგნის შეფასებამ მომხიბლა. 2 წამი ვუყურებდი და მერე გაღიმებულმა ვუპასუხე - კი, მეც მომწონს ჯერჯერობით საკმაოდ საინტერესო ჩანს. ვთქვი და ისე თბილად გამიღიმა მეგონა დიდიხნის კარგი ნაცნობი იყო. ძალიან მომხიბლა, ვაღიარებ, ასეთი შინაარსიანი თვალები იშვიათად მინახავს. - მოგეწონება აუცილებლად. ისე, რა გქვია? - ბელა - რა ლამაზი სახელია, მე ტატო, ძალიან სასიამოვნოა. - მადლობა, ჩემთვისაც სასიამოვნოა. 2 წამი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და მე და ტატო ერთმენთს ვაკვირდებოდით. - ხვალ სემინარზე იქნები? უი ხვალ სემინარია... - კი, კი მოვალ. - ძალიან კარგი, გნახავ და ერთად გავაკრიტიკოთ მაკიაველი. მითხრა და თან გაიცინა. მეც გამეცინა თან ძალიან მესიამოვნა მისი მშვიდი და თბილი ხმა. დიდი ხანია ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. საერთოდ არც არასდროს მოუხდენია. - ხო ხვალ აუცილებლად მოვალ, - სიცილით ვუთხარი და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გამიკვირდა ისე, ჩემთვის უჩვეულო ღიმილით მივედი სახლამდე, არ ვიცი როგორ მაგრამ 5 წუთიანმა საუბარმა ამ ადამიანთან რაღაც სითბო ჩამიღვარა. კარგი, მგონი ძალიან ვაჭარბებ, არც კი ვიცნობ. ვიჯექი ფანჯარასთან და სიგარეტის კვამლს ვაკვირდებოდი, თან ტატოზე ფიქრში ვერთობოდი, საინტერესოა ნეტა ვინ არის ეს ადამიანი. ესეც აგაპეს მეორე ნაწილი. არ ვიცი მკითხველისთვის რამდენად საინტერესო იქნება, ამიტომ სიამოვნებით მოვისმენ თქვენ აზრს. მადლობა წინასწარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.