შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთის შამანი II (სრულად)


22-08-2023, 22:25
ავტორი nestandarejan
ნანახია 19 525

მეცხრე თავი
ორი ქორწილი
ლაშას მანქანა რომ მათი სახლის ჭიშკარს მიადგა, რთული მისახვედრი არ იყო - ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და სუნთქვაშეკრულები ელოდნენ მგზავრებს.
ამინდი დამცინავად ხალისიანი იყო იმ დღეს და ლურჯ ცაზე მიმოფანტული თეთრი ღრუბლები ნებისმიერს გამოუკეთებდა ხასიათს, თუმცა არა იმათ, ვინც არაბულების ჭერქვეშ შეკრებილიყვნენ. ალიც იქ იყო, მოშორებით იჯდა ყველასგან შავებში გამოწყობილი და მზერა ფანჯრისათვის გაეშტერებინა.
უსიტყვო გამოხედვით შეხვდნენ დეკას და ლაშას დაბრუნებას. გურამიც დაბრუნებულიყო ხატიდან ნაადრევად. მოქუფრული სახე ჰქონდა და აშკარად ვერ მალავდა წყრომასა და ბრაზს, შავ თვალებში რომ მეწყერივით ჩამოსწოლოდა.
თვალებით თუთას ეძებდა დეკა. ჯერ მზიას შეხედა შეკითხვებით სავსე თვალებით, შემდეგ - ნათიას. არცერთი ძრავდა სიტყვას და ეს შეკრება სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა პანაშვიდს მიცვალებულის გარეშე.
-თუთა სად არის, ლაშა? -ჰკითხა ხმადაბლა, თუმცა სამარისებურ სიჩუმეში იმდენად მკვეთრად გავარდა დეკას ხმა, თვითონვე შეცბუნდა.
-სძინავს, გადაიღალა და ჩაეძინა. -თორღვამ გასცა პასუხი და თვალებით დის ოთახისაკენ ანიშნა. გულზე მოჭერილი თოკები შეეხსნა თითქოს ცერცვაძეს.
საშინელების მოლოდინი უფრო მტანჯველი იყო, თუ ის, რომ უკვე მოხდა რაღაც სულისწამღებად დაუნდობელი, რთულად გასარჩევი ამბავი გახლდათ.
-რა მოხდა? -ხმადაბლა იკითხა ისევ დეკამ. ჯერ კიდევ უჭერდა თავზე მჭიდროდ მოხვეული შავი თავსაფარი, წითელი თმის დასამალად რომ უსახსოვრა ნათიამ და ვერც კი იაზრებდა, ისე უგუგუნებდა ტვინი ტკივილისაგან.
-ადი თუთასთან, -დაღლილი ხმით უთხრა არაბულმა მის გვერდით მდგომს ისე, რომ არც კი შეუხედავს ქალისთვის. თითქოს იცოდა, რომ არ დაემორჩილებოდნენ, იმდენად უმარილო იყო მისი ბრძანება.
-არა. -მტკიცედ უთხრა დეკამ და ალის გვერდით ჩამოჯდა სავარძელზე. ნიკაპქვეშ ამოიდო ორივე ხელი და ბასრი მზერა დაასო არაბულს. -თქვით, რა მოხდა.
-თამთას სახლში გაგზავნა თავისი ხალხი იგორმა. -თქვა ხმადაბალი, მოგუდული ხმით თორღვამ. ბრაზის შეკავება უჭირდა. თვალებში არავის უყურებდა, ისე მისშტერებოდა კედელს. -ალიმ მაშინ გაიგო, ლაშასთან რომ მიგიყვანა და უკან ბრუნდებოდა.
-რა? თამთა როგორ არის, ხომ კარგადაა... -გაუაზრებლად წამოდგა ფეხზე დეკა.
-კი, კარგადაა. თუთასთან არის ზემოთ და ჩვენთან დარჩება დღეიდან. ქორწილიც იქნება მალე. წესი ასეთი არ არის, მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზამ სხვას. ყოველ შემთხვევაში, ქვეყნიდან ვერ გავაქცევ და უარეს საფრთხეში ვერ ჩავყრი ყველას ჩემ ირგვლივ.
-თორღვა! -მკაცრად გაისმა გურამის ხმა. მისკენ მიატრიალა დასისხლიანებული თვალები უმცროსმა ვაჟმა, ლაშასკენ არც კი იხედებოდა, ამით აგრძნობინებდა თითქოს, მის არცერთ ნაბიჯს რომ არ ამართლებდა.
-რა?! ასე არ მოიქცა შენი საყვარელი ძმისშვილი?!
ოთახი საშინლად დაპატარავდა მის ბრაზსა და მრისხანებასთან შედარებით. გაუაზრებლად აცეცებდა თვალებს ძმებს შორის დეკა. ლაშა დაჟინებით უმზერდა გაცხარებულს, ზედმეტად არც კი შეტოკებულა, თორღვა კი დაჭრილი ლომივით ქშინავდა.
-რა? არ ვარ მართალი? მიპასუხე, ლაშა! ხო გაგაფრთხილეს, ჰა? -ახლა ძმას მიუტრიალდა გაცხარებული, მამისგან რომ ვერ მიიღო პასუხი, ისე სხარტად მიუახლოვდა, დეკა დაიძაბა ხელით არ გაეწია მისკენ. -მითხარი, ხო გაგაფრთხილეს ნუ ეთამაშებიო მაგ კაცს?! შენ რა გააკეთე, ჯერ მოატყუე, რო დეკა მკვდარი იყო, გადამალე და ქვეყნიდან უპირებდი გაქცევას, შენივე მანქანით მიგყავდა, გასულელდი? ვერ მიხვდი ამდენი ხნის და სიმწარის მერე, რო მაგ კაცთან შენი ორი ხელი და დაბინდული გონება არ იქნება საკმარისი ბრძოლის მოსაგებად? რატო მომატყუე?
-თოღა, არ მითქვამს მე შენთვის ტყუილი. -მშვიდი დამაჯერებლობით უთხრა ლაშამ, იმ ადამიანივით ცამდე მართალი რომ არის და არაფერში სჭირდება თავის არგუმენტებით მართლება. ჩაეცინა უმცროს ძმას, ჭკუადმყოფელს არ ჰგავდა, ან თითქოს თვითონ იყო ერთადერთი ნორმალური ყველა შეშლილსა და გადარეულში. -ცალკე გავარკვიოთ, კარგი? ვერავინ შეეხება ვერც თამთას და ვერც თუთას.
-ცალკე? აღარანაირი ცალკე არ არსებობს, ლაშა. დამთავრდა! შენი დაიცავი და სხვები ფეხებზე დაიკიდე, ხო?
-დაფიქრდი, რას ამბობ, -წარმოუდგენელი ზომის ყინული ჩაუდგა ლაშას ხმასა და თვალებში, ისე გამყარდა მის ირგვლივ სივრცე, ადგილს მიეჯაჭვა დეკა დაძაბულობისგან.
-შენ? შენ ფიქრობ საერთოდ? ვერავინ ვერ შეეხება, იმიტო რო მარტო შენ აღარ მიიღებ გადაწყვეტილებებს, გაიგე? შენ მარტო არ ხარ და ნუ იქცევი ისე, თითქოს შენს კისერზე გადადის ჩვენი, ყველას კეთილდღეობა. ძმებიც გყავს, გაიგე? მარტომ როგორც დაიცავი და ვინც დაიცავი, ვხედავთ კარგად. ალის რო არ ეთქვა ჩემთვის ყველაფერი, თამთა სად იქნებოდა ახლა, ღმერთმა უწყის. მაგ ეგოისტურ საქციელს არ გაპატიებ არასდროს!
-შენ და ალი არაფერ შუაში ხართ იგორთან. არც იფიქრო, რო ჩაგრევ. -ძარღვი შეუთამაშდა საფეთქელთან უფროს არაბულს. -აქ არავინ დამიტოვებია უყურადღებოდ, შემოსასვლელსაც და გასასვლელსაც იცავდნენ და მე თვითონ გავარკვევ, რა მოხდა.
-რატო? ნახევარი კავკასიონი გადაიმტერა მაგ გამოსირებულმა, გგონია, მარტო შენი საქმეა მაგისი დამთავრება? გგონია მარტო შენ გაგამწარა? თუ ვინმე მარტო რო არ ებრძვის იმას შენსავით შიშველი ხელებით, იმათ ღირსება არა აქვთ? მითხარი ბიჭო, რა გიდევს მაგ თავში, რატო იქცევი ასე! ყველას ვერ დაიცავ. ვერ დაგვიცავ ყველას. შენც იმისი ერთ-ერთი მორიგი სულელი მსხვერპლი გახდები ეგრე და არ მოგცემ მაგის უფლებას, გაიგე?
-მაგ კაცმა მამა მომიკლა, ყველაზე მეტი მიზეზი მაქვს მარტო მინდოდეს მისი მოხრჩობა.
-გოჩას მარტო შენ არ ჰყავდი, ძმაც ჰყავდა! -მამამისისკენ გაიშვირა ხელი თორღვამ, მშვიდი სიმკაცრით რომ აცდიდა ძმებს ერთმანეთში გარკვევას. იმ მთებისგან ვერაფრით განასხვავებდა დეკა იმ წამს, ფანჯარაში რომ მისშტერებოდა ალი. -რა, მამაჩემმა რო არ მოკლა, სულელი იყო?
-არ გინდა, რა... -თვალი აარიდა ლაშამ, ღრმად სუნთქავდა წელზე ხელებდაწყობილი, თითქოს ახალ გეგმის დასახვას აპირებდა. მტაცებელივით იყურებოდა, მსხვერპლი რომ ცხვირწინ უტრიალებს და არ უნდა სხვებსაც გაუყოს თავისი ნადავლი. -გურამს სამი ბავშვი ჰყავდა გასაზრდელი მაშინ, თვითონაც რომ გაესვარა ხელები სამ სიცოცხლეს აგდებდა საფრთხეში. მყავს ხალხი, ვინც იმის ამოძირკვაში დამეხმარება, ვინც ჩემსავით ილესავს კბილებს და წამს ელოდება, რომ დავიდოვი მზის შუქზე გამოჩნდეს და უბრალოდ იკადროს საზღვართან მოკარება.
-და მე? -უარესად გააცხარა სხვა ხალხის გაგონებამ უმცროსი არაბული. -მითხარი, მე რატო გადამახტი? შენი მტერი ჩემი მტერი არ არის?
-ზუსტად, ჩემი მტერი შენი მტერია, მაგიტომ არ მინდა შენი ამ საქმეში ზედმეტად ჩარევა, გაიგე? ცოლი უნდა მოიყვანო, შვილებიც გაგიჩნდება და მორჩა. დამთავრდა აქ შენი შურისძიებაზე ფიქრი. თუთას და შენს ცოლს სჭირდები. დედას და მამას სჭირდები და აქაურობასაც.
გული მოეწურა დეკას, ისე უნდოდა თავისი სახელიც გაეგო მისი პირიდან, მაგრამ თითქოს განზრახ უვლიდა გვერდს ლაშა. ვეღარ ხვდებოდა რა უფრო ამწარებდა, მისი იგნორირება თუ ოჯახიდან თავის მოკვეთის და თავგანწირვის სურვილი.
-და შენ? -თვალები დააწვრილა თორღვამ. ჰაერი შესქელდა ოთახში თითქოს და დეკას საშინლად მოეხუთა სული. მიხვდა, „შენ“ ლაშას კი არა დეკას რომ უფრო მიემართებოდა. რომ იყო ამ ოთახში კიდევ ერთი ადამიანი, ვისი ბედიც წყდებოდა იმ წამს და სუნთქვაშეკრული ელოდა პასუხს იმისგან, ვისაც ყველაზე მეტი უნდა ეთქვა ქალისთვის. -არც შენ გაბარია მარტო საკუთარი თავი და ნუ იბრმავებ თვალებს. დეკას რა მოუვა?
-დეკას არაფერი მოუვა. -ცივად დაისისინა ლაშამ, თითქოს ამაში ისე იყო დარწმუნებული, როგორც დედამიწის სიმრგვალეში და ახლა უნდოდა დანარჩენებისთვისაც დაეჯერებინა საკუთარი სიმართლე.
-იგორს შევხვდები, გიშუამავლებთ. -ფეხზე წამოდგა დეკა. წამიერად ყველას მზერა მისკენ მიტრიალდა. ლაშა ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს არ სჯეროდა გაგონილის და ჩაეცინა გაოგნებისგან.
-მაგ სიტყვების გაჟღერება კი არა, გაფიქრებაც არ ღირდა, დეკა. -ისე მკაცრად მიმართა, მუცელში რაღაც ჩასწყდა ქალს.
-აბა, რა ვქნა? ვიჯდე და გელოდო, როდის მოგკლავს? მის შვილსაც ვიცნობ, საშას. ის დამეხმარა, ღირს დალაპარაკება...
-არა-მეთქი, -ოდნავ მიუახლოვდა, თითქოს ასე უფრო მარტივად შეძლებდა მის დამორჩილებას, -შენი გამოჩენა არ შეიძლება.
-პირიქით, მე ვფიქრობ, რომ იგორის სამართავად ჩემზე უკეთესს ვერავის იპოვი. ცოლად თუ მომიყვან, რა გგონია, ეგ შეაბრკოლებს? მაგას სულ ფეხებზე ჰკიდია მე დაქორწინებული ვიქნები თუ ცხრა შვილის დედა.
-ლაშას თუ გაყვები, იგორი არ შეგეხებდა, დეკა. -გურამმაც ჩაურთო სიტყვა. ატყობდა, ვულკანის ამოფრქვევისკენ რომ მიჰყავდა ქალს საუბარი. არც ფერი შეცვლია და არც ღიმილიანი გამომეტყველება ლაშას - თვალები კი მტაცებელივით უელავდა და ეს საკმარისი იყო მისი გამოხედვა შემზარავი რომ გამხდარიყო. -იმიტომ კი არა, რომ გათხოვილი ხარ, იმიტომ რომ შენი ქმარი აქაურია. იცის, ხევსურის ცოლს თუ თითს დააკარებს, მარტო იმ კაცს კი არა მთელ მხარეს გადაიკიდებს, აქაურებთან სტაბილური ურთიერთობა კი მას ახლა ჰაერზე მეტად სჭირდება.
-ამას ცოლად არ გავყვები, -მუზეუმის ექსპონატივით გაიშვირა ხელი მის გვერდით აღმართული სხეულისკენ, ლაშას უფრო ფართოდ გაეღიმა დეკას გაფართხალებაზე.
-ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია, მაგრამ შენთვის ასე ჯობია. შენ, როგორც არაბულების რძალს ვერც სიცოცხლეში და ვერც მერე ვერავინ შეგეხება. ამის სიტყვას მე გაძლევ და აქაური ხალხის კანონი.
-ჩემი აზრით, ყველაფერი გადაწყვეტილია უკვე, უბრალოდ დეკამ დროს წელავს, რომ საკუთარ თავთანაც აღიაროს ეს, -მშვიდი ხმით დაეთანხმა ბიძამისს ლაშაც და ქალს ნიშნისმოგებით გადახედა.
-ჩვენ ცალკე ვილაპარაკებთ. -წარბები შეკრა, დიდი ხანი არ იყო გასული მანქანაში მათი საუბრიდან, თუმცა ჩათვალა, რომ ზედმეტად მოკლე მეხსიერება ჰქონდა არაბულს იმისათვის, რომ უარი დაემახსოვრებინა.
-დეკა მართალია, ლაშა. -თქვა გურამმა. -შეგვიძლია ჩვენ სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ ეს სიტუაცია. როგორ ფიქრობ, რატომ იმალება იგორი? შენი აზრით, გულხელდაკრეფილი ზის და ელოდება, რამე როდის შეგეშლებათ?
-რას მეუბნები, გურამ? -წარბები შეკრა ლაშამ. მთელი კორპუსი ბიძისკენ მიაბრუნა. -შენ ხომ მაინც იცნობ მაგ კაცს.
-მე ყველაზე კარგად ვიცნობ ჩვენში იგორს, ლაშა. უკანასკნელი ნაძირალაა, სულით დამძორებული, მაგრამ მშიშარა. გათითოკაცებულებს მარტივად იშორებს თავიდან, მაგრამ სამი ქართველი ერთად მისთვის უკვე ნამდვილი ჯოჯოხეთია, გესმის? დეკას არაფერს დაუშავებს, დამიჯერე. ოღონდ ყველამ უნდა გაიგოს, რომ შენი ცოლია.
-ახლა ქორწილი უნდა გავმართოთ? ჯერ ზაზა ჭინჭარაულის ორმოციც არ გადასულა, სირცხვილია. -ჩაერთო მზიაც. მას სულ არ ართობდა თავისი ვაჟების ასე ნაჩქარევად დაქორწინება. დეკა ამჩნევდა, თავს რომ იკავებდა ქალი კაცების საუბარში ჩარევისაგან, თუმცა ბოლომდე ვეღარ დაეთმინა. აშკარად არც ის სურდა, დეკა შეერთო ლაშას. დედა იყო ბოლოს და ბოლოს და სარძლოს მხოლოდ შარი და აყალ-მაყალი მოჰყვებოდა მზითევში.
-ყველაფერი იციან ჭინჭარაულებმა, -თქვა თორღვამ. ოდნავ დამშვიდებულიყო, წეღანდელ ქარიშხალს მისი მზერიდანაც გადაეღო. -ახლა ხალხის აზრზე ღელვას აზრი არა აქვს, დედა. არაა ჩვეულებრივი დრო. ხვალ გადის ორმოცი, კვირის ბოლოს იქნება ქორწილი.
*
საღამოვდებოდა უკვე. უცნაური სიგრილე მოდიოდა კავკასიონიდან - დამამშვიდებელი და დეკას მოეჩვენა, რომ იმედისმომცემიც კი. ან შეიძლება თავად სურდა ასე ყოფილიყო იმ ქარიშხლის დადგომამდე, წინ რომ ელოდათ.
-თუთი, როგორა ხარ? -გაეღიმა გოგოს დანახვაზე. მთელი დღე ეძინა და გაბრუებული სახე ჰქონდა.
-დეკა! როგორ მომენატრე, რომ იცოდე! -მაგრად შემოხვია სუსტი ხელები და ორივე ლოყაზე აკოცა, -მაპატიე, მაპატიე, უკან რომ არ მოვიხედე… ვერაფერი გავიგე, მართლა! რომ გამეგო…
-არ გინდა, რას ამბობ თუ ხვდები.. წამითაც არ მიფიქრია მსგავსი, -შავ თმაზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა, -შენი ბრალი არაფერია.
-ჩემი ძმა გიჟს ჰგავდა, რომ გაიგო ალის გაექეცი. -ეშმაკურად გადაუჩურჩულა და წარბები აათამაშა. გაეცინა დეკას მის ონავრობაზე, მუცელში უცნაურად აწრიალებული შეგრძნება დააიგნორა. -სულ მშვიდია და მე ეგეთი გამწარებული არასდროს მინახავს, თან ჩემი ამბავი ხომ იცი, არ ვაკლებდი წვალებას და გაბრაზებას.
-რა გინდა ახლა, შევაქო შენი ძმა? -კინაღამ წამოსცდა, თავად დაგეგმა სანახევროდ ჩემი გატაცებაო, მაგრამ თავი შეიკავა.
-იცი… მგონია, რომ ჩემი მინიშნება არ გჭირდება. -უცნაურად გახედა, -ჭკვიანი ქალი ხარ, დეკა. თან ხომ იცი, ზუსტად იმდენად ბრმა იქნები ადამიანი, რამდენადაც მისცემ თავს დაბრმავების უფლებას.
-პატარა ბრძენი ხარ, -გაეღიმა დეკას. -ახალი ამბავი გაიგე?
-რა ამბავი? კიდევ რამე თუ მოხდა, გავაფრენ! -დაფეთდა ყველაზე პატარა არაბული და სწრაფად წამოხტა ფეხზე, უკეთ რომ შეეხედა მოსაუბრისთვის.
-მე და ლაშას.. მოკლედ, -უჭირდა ამ სიტყვის თქმა დეკას, თითქოს ერიდებოდა კიდეც გაჟღერება, -დაქორწინება მოგვიწევს.
-რა? -ისე შეიცხადა, როგორც ბავშვმა ფერია რომ დაინახა პირველი კბილის მოცვლის შემდეგ - რომ სჯეროდა მისი არსებობის, მაგრამ დანახვამ რომ მაინც გააოცა. -ვაიმე? არა, კი ვიცოდი, რომ რაღაც… მაგრამ ასე მალე?
-ისე არ არის, როგორც შენ ფიქრობ. -გაეცინა თუთას რეაქციაზე. არადა, ზუსტად ისე იყო, როგორც თუთამ გაიფიქრა. -ახლა ასეა საჭირო, ჩემ დასაცავად და ყველას დასაცავადაც, მე თუ მკითხავ, მაგრამ შენს ძმას არაფრის გაგონება არ უნდა…
-იგორის ამბებია?
-ყველა ამბავი მაგ კაცის გარშემო ტრიალებს უკვე. გურამმაც გვირჩია, რომ ახლა სტრატეგიულად სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ლაშა ცოლად შემირთავს. არ მოგეკარებაო იგორი, თუ გაიგებს ლაშას ცოლი ხარო.
-ხო, მართალი უთქვამს მამას. -ნაღვლიანად ჩაფიქრიანდა თუთაც, გაეღიმა, -ლაშას აქვს საკმარისი ავტორიტეტი იმისათვის, რომ მის ცოლსაც პატივი სცენ და მოერიდონ.
-არ მინდოდა ასე, -ბრაზი შეერია დეკას ხმაში, -თავის გადასარჩენად ერთ გიჟს გამოვექეცი, რომელსაც ცოლად ვუნდოდი და ახლა სხვას გავყვე ცოლად მისგან თავის დასაცავად?
-შენც ხომ ხვდები, იმ კაცის და ლაშას შედარება თეორიულადაც რომ ზედმეტად სასაცილო და არასერიოზულია?
-ვიცი.
-ცხოვრება დაუნდობელია, დეკა. სანამ ბავშვი ხარ, ვერაფერს იაზრებ, არაფერი გესმის. შენი ერთადერთი სადარდებელი ის არის, რომ დედა ადრე დაძინებას გაიძულებს, მაგრამ ახლა.. ისე მინდა დავპატარავდე და არაფერზე მქონდეს საფიქრალი, შენ - მითუმეტეს, საერთოდ მარტო დარჩი და დამიჯერე, ლაშას ცოლობაზე ყველაზე ნაკლებად უნდა დარდობდე. ჩემი ძმა ძალიან სხვანაირია, თავისებურად მოსიყვარულე, თბილი და მკაცრი, მაგრამ ქალებს ძალიან დიდ პატივს სცემს. ვიცი, არ გინდა ასე იყოს, მაგრამ იგორისგან დაგიცავს მისი ცოლობის სტატუსი.
-ხანდახან მგონია, რომ ჩემი ხელით მოვკლავდი იგორს, იცი? ღამით რომ ვწვები და ის საშინელი საღამო მახსენდება, როგორ შემომივარდა მისი ხალხი საძინებელში და როგორ მიმათრევდნენ ნახევრად მძინარეს... ჩემი ფიქრები და სურვილები მაშინებს, მაგრამ არ ვაცოცხლებდი არც ერთი წამით, რომ შემეძლოს.
-შეძლებ? -ჩუმად ჰკითხა თუთამ, თითქოს არ სურდა მათ გარდა სხვესაც გაეგოთ, არადა, არავინ იყო ირგვლივ. -ადამიანის მოკვლას.
-მისნაირის კი. იგორისნაირების სიცოცხლის მოსპობა მადლია გარშემომყოფებისთვის. არსებობს შემთხვევები, როცა მონეტა ორივე მხრიდან ერთნაირია, თუთა, საშინელი და გამოუსადეგარი. ვერ ხედავ, რას აკეთებს? ვისაც და რასაც უნდა ანადგურებს. ასეთია მისი ბუნება, ასეთად გააჩინეს და ასეთი გაიზარდა. მისნაირებს დედები არ ზრდიან, უბრალოდ აჩენენ და ბედისანაბარა ტოვებენ, თავისით იზრდებიან და გარემოდან იღებენ იმას, რასაც წესით ოჯახი უნდა აძლევდეთ, ამიტომაც არიან ასეთი უსიყვარულო, მახინჯი და სულარეული ხალხი. იგორი ბიზნესებით გაჭირვებულ ქვეყანაში ცხოვრებას იწყობს, იმათაც ერჩის და აწუხებს, ვისაც მისგან არაფერი სჭირდება. შენ რა გგონია, რატომ არ აძლევს შენი ძმა საზღვარზე პარპაშის უფლებას? მერე რა მოხდა - გადაიტანოს ოქრო, გაათეთროს ფული, ჩვენს დაქცეულ ქვეყანას იქნებ რამით წაეშველოს, მერე მაინც აქ ჩამოეთრევა იმ შავი ფულის დასახარჯად, არა? პრინციპის ამბავია უკვე, ხვდები? შურისძიებაც რომ არ ამოძრავებდეს ლაშას, მაინც იგივენაირად მოიქცეოდა, იმიტომ რომ ქართველია და რუბლზე არ იყიდება. მაგრამ სხვები იყიდებიან. ძალიან ბევრი. და გულის სიღრმეში რაც ყველაზე მეტად მამწარებს ის არის, რომ მე შიმშილით მოვკვდებოდი და მტრის ხელიდან არ შევჭამდი, მაგრამ სხვას რომ შია, შვილები რომ ჰყავს და ლუკმა-პურის საყიდლად ლარიანი არ უგდია ჯიბეში, იმას ვერ მოვთხოვ მაღალი პრინციპებით და იდეალებით ცხოვრებას. სისულელეა. ეს იმას ჰგავს ტიტველხელება ბიჭს სთხოვდე წინ შეხვდეს მტრის ამალას და ჯარი ამ დროს ჩრდილში ისვენებდეს. ვიცი, არაფერს შეცვლის, მაგრამ რომ შემეძლოს - მოვკლავდი, იმიტომ რომ იმან არაფრის ფასი არ იცის და უნდა შენს სისხლით, ოფლით და ცრემლით აქამდე მოყვანილ ერთ გოჯ მიწაზე სულში ჩაგააფურთხოს. საქმე იმაში კი არ არის, რომ მას მე მოვეწონე და ცოლად ვუნდივარ, იგორს იმის დამტკიცება უნდა, რომ აქ ყველაფერს მიიღებს, რასაც მოისურვებს, ხვდები? ქალსაც, ფულსაც, მიწასაც და მორჩილებასაც.
-შენ რომ გისმენ, არ მეშინია. არადა, ძალიან სულელურია უშიშარი იყო და თან ძალიან ლამაზია იმედი, რომელსაც შენნაირი ადამიანები გვაძლევენ.
-მე არავის იმედი აღარ მაქვს, ვერავის ვენდობი. -ხმადაბლა თქვა დეკამ, უჩვეულო სევდა ჩაუგუბდა თვალებში.
-ვერც ლაშას? ჩვენ?
-შენც ხომ იცი მაგაზე პასუხი, -გაეღიმა თუთას კიდევ ერთ ბავშვურ მცდელობაზე, თავისი ძმის ღირსეული ხასიათის დეკასთვის დანახვება რომ სურდა. -მე ვამბობ ზოგადად ადამიანებზე. ქართველებზე. ოჯახი და სამშობლოა ყველაზე დიდი ტვირთი შეგნებული ადამიანისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა არც ოჯახი გივარგა და სამშობლოშიც ვერავის ენდობი, მაგრამ არც სხვაგან წასვლა და ცხოვრება გინდა. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მაშინ გამიმართლა, თქვენ რომ შეგხვდით, მაგრამ საკმარისია, იცი? სასაცილოა, მაგრამ ამხელა სამყაროში, ერთ ადამიანში მაინც თუ გაგიმართლებს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია ბედისწერისგან. მე კიდევ რამდენი მყავს ერთად…
-შენ რომ დაგინახე, ვიცოდი… -გაუღიმა თუთამ, -ლაშა შენზე გაგიჟდებოდა. ისე მიხარია, ცოლად რომ მოყავხარ! ღმერთო!
-შენც ხო იცი, რომ არ არის ეს ისეთი ქორწინება…
-მე ყველაფერი ვიცი, დეკა, სულ ყველაფერი. აგერ, საქმრო გიდგას უკან და დაგტოვებთ მარტო, სტუმრების სია გექნებათ შესადგენი.
-რომ მცოდნოდა, ასე გაუხარდებოდა, პირველივე დღეს მოგიყვანდი ცოლად, -ღიმილით გააყოლა ეზოს სიღრმეში გაუჩინარებულ დას თვალი და დეკას გვერდით მიუჯდა.
-პირველივე დღეს არ დაგთანხმდებოდი, - უკმაყოფილოდ დაიფრუტუნა ცერცვაძემ და წარბაწევით გახედა, -შენ ხომ არ გგონია, ნამდვილი ცოლქმრობა გვექნება?
-მე ის მგონია, რომ ზედმეტად არ უნდა ისარგებლო ჩემი ცოლობის პრივილეგიებით.
-რაო? -ფეხზე წამოდგომას აპირებდა, სხარტი მოძრაობით უკან რომ დასვა ლაშამ. ორივე მაჯა ერთი ხელით დაუკავა და მშვიდი სახით დააკვირდა დეკას აწითლებულ ლოყებს. -შენი ხევსურული იურისდიქცია ჩემზე არ ვრცელდება, ლაშა. ჩვენი ცოლქმრობა არის ერთგვარი კომპრომისი, მე უსაფრთხოდ ვიქნები და შენ საშუალებას მომცემ იგორთან ვიშუამდგომლო.
-რაღაც მთლად კარგად ვერ გავიგე, მაგ კომპრომისით შენ რა დათმობაზე მიდიხარ… -ოდნავ მოუშვა ლაშამ ხელები, თუმცა ბოლომდე მაინც არ ეთმობოდა გასაშვებად.
-შენ რომ ცოლად მოგყვები, მაგაზე დიდი დათმობა რა გინდა?
-ეგ ადრე თუ გვიან ისედაც მოხდებოდა, არ გინდა თავის დაბრმავება… -ერთი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ისე აკოცა ხელისგულზე, მზერა არ მოუშორებია.
კანზე მოდებული მისი სითბო გულის ერთი შეკუმშვით გადაიტყორცნა დეკას მთელს სხეულში. სუნთქვა შეუკრა იმდენად ნაზი და უხეში იყო ერთდროულად, ზუსტად ისეთივე - როგორი თვალებიც ჰქონდა: ნაღვლიანი და მაინც ანცი ეშმაკებით სავსე.
-ლაშა, დარწმუნებული ხარ? -ფრთხილად ჰკითხა, თვალი მოარიდა. უკვე საკმარისად გათქვა მის წინაშე საკუთარი თავი და გრძნობები დეკამ.
-შენ?
-ჯერ მე გკითხე, -წარბები შეკრა. არაბულს რომ გაეცინა, უარესად შეჭმუხნა სახე.
-ცოლად რომ უნდა გამომყვე, მაგაში - კი. იგორთან რომ უნდა გქონდეს ურთიერთობა, მაგაში არც დარწმუნებული ვარ და მეტიც - არც მოხდება არასდროს მსგავსი, დეკა. თავიდან ამოიგდე.
-მე მარტო მაგ პირობით მოგყვები ცოლად, რომ ამ საქმეში მეც მივიღებ მონაწილეობას, ლაშა, -მაჯები გამოგლიჯა ხელიდან და მზერა ისეთი კუშტი გაუხდა, ნებისმიერს შეაშინებდა, მაგრამ ერთადერთი ადამიანი უყურებდა იმ წამს და ისიც უღიმოდა - საერთოდ არ ჩანდა დამფრთხალი.
ტუჩებიდან ჩაცინება მოსწყდა ლაშას.
-ეგ პირობა ქორწინების მოწმობაში არ დაეტევა, რამე სხვა მოიფიქრე, უფრო მოკლე და აზრიანი. -ფეხზე წამოდგა ლაშა, -ჩემს ოთახში მოგიწევს გადმოსვლა, შეგიძლია, მაგასთან დაკავშირებით ჩაწერო რამე...
-სერიოზულად გელაპარაკები, -წასასვლელად შებრუნებულს მკლავში ჩაავლო და თავისკენ მოაბრუნა.
-მე კიდევ არ შემიძლია მაგ თემაზე სერიოზულად ლაპარაკი, დეკა. წარმოუდგენელ რაღაცას მთხოვ.
-ხოდა, აამუშავე ფანტაზია! შენ გგონია სახლში დაგიჯდები, წინდებს დაგირეცხავ და პერანგებს დაგიუთოვებ, სანამ შენ ხელჩართული შუღლი გექნება იგორთან, რომელიც უფრო მეტად შეგიძულებს, როცა გაიგებს, რომ მე მომიყვანე ცოლად? მერე დავქვრივდები და ჩავიცმევ შავებს, გიმღერებ „შავლეგ შენი შავი ჩოხა, სისხლში გაგიხამებია“-მეთქი?
-სიმართლე გითხრა, ცოტა მწყინს, რომ გგონია იგორამდე მე მოვკვდები... -გულწრფელად შეძრწუნებული სახე მიიღო არაბულმა.
-არ მეხუმრება, -მუქარასავით ჟღერდა დეკას სიტყვები, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, უკეთ რომ გაეგო ლაშას, რას ეუბნებოდა. ლამის მკერდით ეხებოდა მკერდზე, მთელი შემართებით ცდილობდა მისგან წამოსული ელექტროენერგია ხმასა და გამომეტყველებაზე არ დასტყობოდა, -არ გქონდეს იმედი, რომ შენი მონა-მორჩილი ვიქნები და თვალებს საითაც გადამიბრიალებ, იქეთ გავიქცევი. საჭირო ვარ მაგ საქმეში და შენც იცი.
-შენ ერთადერთი, რაც მოგეთხოვება ელემენტარული პატივისცემაა, მეტი არაფერი.
-ჩემი იგორთან დალაპარაკება რანაირადაა შენი უპატივცემულობა? ვერ ხვდები, რომ ჩემი საშუალებით მაგ კაცით მანიპულირება...
-იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც ვიბრძვით, შენი გამოყენება არ დამჭირდება. -უცებ გაეყინა ლაშას ხმა, გეგონებოდათ არასოდეს გაუღიმია. თითქოს გულისწყვეტა გაუკრთა თვალებში, რომ ვერ გაუგეს, -ჩემს ცოლს არც მე გამოვიყენებ საკუთარი შურისძიებისთვის და არც სხვას გამოვაყენებინებ თავისი მიზნებისთვის. ამაზე საუბარი დამთავრებულია, დეკა.
-საერთო მიზანი გვაქვს...
-არა-მეთქი, -ხმა გაეყინა, -შენ იცი რამხელა საფრთხეზე ლაპარაკობ?
-კი, ვიცი. ეგ კაცი მძინარეს შემომივარდა აქ ჩამოსვლამდე ორი ღამით ადრე და სახლიდან მიმათრევდა. შენზე მეტი არა, მაგრამ მეც მაქვს მისი სიძულვილის მიზეზი. ცხოვრება დამენგრა იმიტომ, რომ იგორს მოუნდა ასე.
-და რა ვქნათ ახლა, ბონი და კლაიდი გავხდეთ? შენ გგონია, რამის გაკეთებას შევძლებ, თუ ვიფიქრებ, რომ საფრთხეში ხარ? არ გინდა ეს ბავშვური სიჯიუტე.
-სადაც წახვალ, მეც წამიყვან, იმიტომ რომ მე ასე მესმის თანასწორობა. შენ გვერდით უნდა ვიყო. მეც უნდა ვიცოდე, რას აკეთებ და როგორ. ვერც მე შევძლებ რამის გაკეთებას, თუ ვიფიქრებ, რომ საფრთხეში ხარ. ჩემგან პატივისცემას ნუ მოითხოვ, თუ შენ თვითონ არ დამაფასებ სათანადოდ. -წარბები შეკრა. მოეჩვენა, სახლში ყველას ესმოდა მათი ხმააწეული საუბარი, მაგრამ იმდენად მოიგუდა სივრცე ირგვლივ, ისე გამკვრივდა ჰაერი ლაშას გაცხელებული სუნთქვის და ბრაზით აელვებული თვალების გარდა ვეღარ ამჩნევდა ვერაფერს.
-შენგან პატივისცემას არ მოვითხოვ, დეკა. თავად უნდა ხვდებოდე, რას ვიმსახურებ შენგან და რას - არა. ყოველ შემთხვევაში იმ სიტყვებს არა, რაც ახლა თქვი. იგორზე არ გადავიფიქრებ და ტყუილად აღარ შემეკამათო ამ თემაზე, შენი დაბმა რომ დამჭირდეს, იცოდე, გავაკეთებ.
ორი ნაბიჯით უკან დაიხია ქალმა. ენა სასაზე მიეწება თითქოს და საჩხუბრად გამზადებული სიტყვები შუაში მოჰყვა. თვალები მოარიდა, იმხელა ბრაზი და წყენა დაინახა იმ სიტყვების გაგონებისას. თითქოს სიტყვები აღარც საჭირო იყო და ვერც საკმარისი იქნებოდა თავისი დაუფიქრებლობით გამოწვეული წყენა და ბრაზი რომ გადაეფარა.


*

ალი მდუმარედ იდგა ეზოში. თავის მხარეს გაჰყურებდა შეკრული წარბებით და ვინ იცის, რაზე ფიქრობდა მისი მოღრუბლული გონება. მაღალი იყო ისიც, მხარგანიერი და ძლიერი. მშვიდი გამომეტყველებას თითქმის არასდროს იცილებდა სახიდან. თუმცა იყო რაღაც მასში უფრო ეგზოტიკური და შორეული, ვიდრე დეკას შეეძლო გაეგო. რაღაც იმდაგვარი - ადამიანის მიმართ ნდობა რომ გაქვს, მაგრამ რიდი უფრო მეტი.
სხვა მთის და სხვა ღმერთის შვილი იყო ალი და იგრძნობოდა კიდეც მისი უცხოელობა. ახლა ალბათ თავს შავი ცხვარივით გრძნობდა თეთრების ფარაში და საშინლად მოუნდა მასთან დალაპარაკება დეკას. მეორე მხარეს ლაშა იდგა, მისი თავშეკავებულობა და სიშორე ალისგან, რომელიც მათი მომავალი ცოლქმრული კავშირით დეკაზეც ვრცელდებოდა. მაინც გადადგა ნაბიჯი. სმენა მგრძნობიარე ჰქონია ქისტს, სწრაფად მობრუნდა ქალის ნაბიჯების ხმა რომ შემოესმა.
-სახლში გინდა? -ჰკითხა დეკამ. ვერც კი გაიაზრა როგორ ქცეულიყო ეზოს ეს ნაწილი გულახდილი საუბრების კუთხედ. თვითონაც იქეთკენ გაიხედა, სადაც ალი იყურებოდა, თითქოს ასე შეძლებდა მისი აზრების წაკითხვას, მაგრამ არ დაუმადლებია ქალისთვის პასუხი ალის:
-სახლში სულ უნდა ადამიანს. სხვაგან დარჩენა არ მიყვარს. ვერ ვიძინებ ხოლმე.
-შემიძლია რამე საძილე მოგცე, -თავისი ოთახისკენ გაიქნია თავი დეკამ. ქისტს ჩაეცინა.
-სიფხიზლე მირჩევნია ახლა.
-ალი, მადლობა მინდა გითხრა, რომ შემიფარე და გადამარჩინე იმ დღეს. რომ მცოდნოდა ვინ იყავი, არ გავიქცეოდი.
-მადლობა საჭირო არ არის, დეკა. რომ არ მიცნობდი, ლაშას ბრალია. მაგრამ მისიც მესმის, უცებ აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში. თორღვა კი ბრაზობს მასზე და მართალიც არის, მაგრამ ის ასეთია და ვერც ლაშას გაამტყუნებ. მისნაირი ბუნების ადამიანებს მარტო ურჩევნიათ ხოლმე.
-მისი არ მესმის, -თავი გააქნია დეკამ. ისე უყურებდა მთებს, როგორც ურთულეს განტოლებას, ვერაფრით რომ ვერ ამოეხსნა. -ვერ ვხვდები რას რატომ აკეთებს, მაგრამ ვერც ვამტყუნებ. ისეთია, შეუძლებელია რამე შეეშალოს-მეთქი, ვფიქრობ. არადა, ძმასთან არაა ბოლომდე მართალი.
-ძმობა სულ სხვაა და იმიტომ. შეიძლება არ იყო ბოლომდე მართალი, მაგრამ არც გრცხვენოდეს საკუთარი საქციელის, ძმაა და იცი, რომ თვალებში სულ შეხედავ, თუ თავი გემართლება. ქალთან ასე არაა, ქალთან თავს ვერ გაიმართლებ, სულ შეგრცხვება შენი შეცდომის. ამიტომ არასდროს შეეშლება შენთან ლაშას. ვერ.
-არადა, რომ გკითხოთ კაცმა, არ იცნობთ კარგად ერთმანეთს. -ჩაეცინა დეკას. ხვდებოდა, ყველა ამჩნევდა უბრალო ქალს რომ არ გაუკეთებდა ლაშა იმას, რაც მისი გულისთვის გააკეთა.
-ზოგჯერ სისხლით კავშირიც საკმარისია ადამიანზე ასეთი რამის სათქმელად. ლაშა ჩემი ძმაა იმის მიუხედავად, რომ ამას ხმამაღლა თვითონ ვერასდროს ამბობს. შედი, არ გაცივდე. მე კიდევ ცოტა ხანს ვიქნები აქ.
-ღამე მშვიდობისა, ალი.
სახლში არავის ეძინა. ყველა ჩუმად ემზადებოდა მოკრძალებული ქორწილისთვის, კვირის ბოლოს რომ უნდა გამართულიყო არაბულების ოჯახში. არც ერთი პატარძალი და მით უმეტეს - სიძე არ ჩანდა კმაყოფილი მოსალოდნელი დაოჯახებისათვის, თუმცა გადაკრული სიტყვის თქმასაც კი არ კადრულობდნენ ზედმეტად.
ლაშა და დეკა ისე ექცეოდნენ ერთმანეთს, თითქოს გამჭვირვალე საგნები ყოფილიყვნენ. აბრაზებდა კიდეც კაცის უემოციო და გულგრილი დამოკიდებულება დეკას, მაგრამ საკუთარი დანაშაულის შეგრძნება უფრო დიდი იყო, სიტყვები კი საერთოდ უძლური და არაფრის მომცემი.
ქორწილის წინა დღეს უკვე ვეღარაფრით შეძლო ლაშას საძინებლისთვის გვერდის ავლა. დააკაკუნა სანამ შევიდოდა. დაუკითხავად შეაღო, როცა პასუხი არ მისცეს და საწოლზე ნახევარი ტანით გადაწოლილი რომ დაინახა, უძილობისგან მოქანცული, გული მოეწურა. ცალი ხელი თვალებზე აეფარებინა და სხეულის პოზიციონირებაზე ეტყობოდა, არ სძინავდა.
-მე ვარ. -ხმადაბლა თქვა დეკამ, როცა ზურგს უკან მიიხურა კარი. ძალიან არ უნდოდა დამნაშავესავით გამოსვლოდა, მაგრამ ჩავარდნილი ხმა და დახრილი თვალები დატუქსული ბავშვის იერს აძლევდნენ.
-საძინებელი აგერია, ჯერ არ არის შენი აქ გადმოსვლის დრო.
რაღაც აუტანლად სევდიანი გაებერა მუცელში დეკას. ადგილიდან არ დაძრულა.
-არ გინდა აქ რომ ვიყო? -საწოლის საპირისპიროდ ჩამოჯდა, ბრაზობდა თვალებში რომ არ უყურებდა, მაგრამ ვერც სთხოვდა შემომხედეო. სამაგიეროდ თვითონ შეეძლო ეთვალიერებინა მისი სხეული დანაშაულზე გამოჭერის შიშის გარეშე. შავები ეცვა მასაც და წვერი მოზრდოდა. -ერევანში გერჩივნა ჩემი გაშვება?
ჩაეცინა ლაშას. თვალებიდან ხელები მოიშორა და საწოლზე წამოჯდა. დაკვირვებული, მაგრამ მაინც მკაცრი და წყენაშემორჩენილი მზერა შეავლო მის წინაშე მჯდომს, თითებს ნერვიულად რომ ათამაშებდა.
-კი, მერჩივნა ყველაფერი გეგმის მიხედვით წასულიყო.
-იქნებ ჯობია წავიდე თბილისში. -მაინც გაანდო ფიქრები, აქ დაბრუნების წამიდან რომ არ ასვენებდა. - თუ საფრთხე მელის, საკუთარ სახლში უნდა დავხვდე და არა სხვის ოჯახში.
-ეს არის შენი სახლი, შესაბამისად აქედან არსად არ წახვალ და სადარდებელს არ დამიმატებ. ორ დღეში მივდივარ და იცოდე, ყველაზე ნაკლებად იმაზე ნერვიულობა მინდა, რომ შენ და თუთას რამე ბრწყინვალე იდეა გაგიჩნდებათ შარში გასახვევად.
-სად მიდიხარ? -გაბრაზდა საბოლოოდ, ხმაზეც დაეტყო წყენა. რატომ არ იცოდა? ხვალ ქორწინდებოდნენ ბოლოს და ბოლოს, თავიდანვე ასეთი განცალკევებული და გასაიდუმლოებული თუ უნდა ყოფილიყო მათი ცხოვრება ერთმანეთისგან, მერე რაღა იქნებოდა?
-მაგ კითხვაზე პასუხი არ მოგეწონება, -უჩვეულო მზერით შეათვალიერა ლაშამ. გაფრთხილებას ჰგავდა მისი ღიმილი.
-არ თვლი, რომ ჩემთვის უნდა გეთქვა? -ბრაზსა და წყენას შორის გაჭედილიყო დეკას ხმა. მხოლოდ დამნაშავეს რომ აქვს - ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თავს რომ ვერ აძლევს საკუთარი ბრაზის გამოხატვის უფლებას, რადგან თვითონვე წაირთვა საკუთარი დაუფიქრებლობით.
-ახლა გითხარი.
-ეგეც იმიტომ მითხარი, რომ მე ამოგაკითხე დასალაპარაკებლად. მაიგნორებ, ხმას არ მცემ, არც კი მიმჩნევ. ისე იქცევი, თითქოს ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. -არ უნდოდა გატყდომა, მაგრამ არ გამოუვიდა. მწარედ იკბინა ენაზე, ცრემლები რომ შეეკავებინა და ფანჯარაში გაიხედა.
-არადა, მხოლოდ შენ იქცევი ისე, თითქოს ჩვენ შორის არაფერი მომხდარა, დეკა. ნუ ცდილობ საკუთარი თავის გასამართლებლად ჩემგან იმ მონსტრის შექმნას, რომელიც არ ვარ.
-არაფერს ვცდილობ! -ფეხზე წამოვარდა. ცეცხლი ეკიდა გულზეც და სხეულზეც. -ვიცი, შევცდი, არ უნდა მეთქვა, რაც გითხარი... მაგრამ უნდა ვიცოდე, რას აპირებ. არ მინდა შენი სახლიდან გასვლა და ნისლის ჩამოწოლა ერთი იყოს.
-მშვენიერი ამინდებია, -ყალბად გაიკვირვა არაბულმა. როგორც ჩანს, წყენა მარტივად არ გადასდიოდა.
-ნუ მაწამებ. შენც ხვდები, რომ ნამუსი მაწუხებს. ერთადერთი, რის გამოც არ გელაპარაკებოდი ის არის, რომ ვერაფერს გეტყოდი ისეთს, რითაც დანაშაულის გამოსყიდვას შევძლებდი.
-კარგი, დამშვიდდი. -თვითონაც წამოდგა, თუმცა მისაკარებლად რომ გაიწია, სასწრაფოდ გახტა ცერცვაძე უკან. შეკავებული ცრემლებისგან თვალები ჩაწითლებოდა.
-ნუ მამშვიდებ! -დაუსისინა და გაბრაზებულმა მოიშორა ლოყაზე ჩამოვარნდილი მოღალატე ცრემლი. -არ ვარ ასეთი სუსტი, როგორიც შენ გვერდით ვჩანვარ და ვერ გიტან მაგის გამო!
-სუსტი კი არა, ყეყეჩი ხარ და ამპარტავანი, -სანამ ლაპარაკობდა, მაინც მოასწრო ცრემლი შეეწმინდა თბილი თითებით. თვალების მინაბვასაც კი ვერ მოერია დეკა. მთელი ეს დრო თვალწინ ჰყავდა და ისე მონატრებოდა, მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა შეეხო. -არ დაგიმალავ არაფერს, რაც საჭიროა, რომ იცოდე. კარგი?
-ყველაფერი უნდა ვიცოდე, -მაინც სცადა მოლაპარაკება დეკამ. შეხებას აღარ შეწინააღმდეგებია. პატიებად მიიღო და უნდოდა იმდენი ხნით დამტკბარიყო, რამდენიც შეეძლო.
-დიპლომატი ხარ, -ყინული გაუტყდა სახეზე.
-შენ მე არ მენდობი, -გულდაწყვეტილმა ამოიბურტყუნა და უკან დაიხია ერთი ნაბიჯით, მეორე ვეღარ გადადგა, რადგან უკვე ის კედელი ამომართულიყო, მისი ოთახისგან რომ ჰყოფდა ლაშას საძინებელს. -ეგოისტი ხარ. იცი, რომ ვიდარდებ და საიდუმლოდ განზრახ ინახავ ყველაფერს, ჩემი ტანჯვით ტკბობა მოგწონს.
-რატომ იტანჯები? -თვალებში ჩააჩერდა მომთხოვნი, ინტერესით სავსე მზერით. სუნთქვა მოეგუდა დეკას ერთი ნაბიჯიც რომ გადმოდგა და ლაშას სხეულის სითბო გარსივით შემოეხვია მის სხეულს. სახიდან ჩამოყრილი თმა განზრახ გადაუწია ისე, სახეზე რომ შეხებოდა. ახლა მართლა ტკბებოდა მისი ტანჯვით და თავს ეგოისტად საერთოდ არ გრძნობდა ამის გამო.
-ვიდარდებ-მეთქი, ვერ გაიგონე? -წარბები ისე შეკრა, თითქოს საერთოდ არ ადარდებდა არაბულის სხეულითა და ენერგიით ამოვსებული ცარიელი სივრცე. ცივ კედელს მთელი ძალით მიაწვა სხეულის ტემპერატურა რომ დაერეგულირებინა.
-ხოდა, რატომ?
-ზუსტად იმ მიზეზით, რატომაც შენ დარდობ ჩემზე. არც მეტი, არც ნაკლები. ახლა გამატარე.
-ბრაზობ? -სულელურადაც კი ჟღერდა ლაშას კითხვა, იმდენად აშკარად შეიძლებოდა პასუხის დეკას სახეზე ამოკითხვა.
-კი, ვბრაზობ! ხვალ ცოლად მოგყვები, შენ კი იმის ცოდნის ღირსადაც არ მთვლი, რომ ზეგ სადღაც აპირებ უჩემოდ წასვლას. არ მიმჩნევ! არ მიყურებ! არ მელაპარაკები! და კი, ძალიან ვბრაზობ ისე რომ იქცევი, თითქოს ყველაფერი ჩემი სურვილით ხდება და შენ გაიძულებენ ვიღაც უცხო ქალი შეირთო ცოლად. მზიაც აღარ მელაპარაკება წესიერად, აშკარად არც მას მოსწონს ეს აზრი და ძალიან, ძალიან დაძაბული ვარ. საკმარისი მიზეზია გასაბრაზებლად, თუ განვაგრძო? კიდევ მომეძებნება ერთი-ორი...
-მაშინ გიყურებ, როცა შენ ვერ მხედავ. კი, ეგოისტურად მინდა გეტყობოდეს, რომ ნანობ საკუთარ შეცდომას და დანაკლისის განცდა გაქვს. უშენოდ არ მივდივარ, შენც მიმყავხარ. სხვა მიზეზებსაც მოვისმენ, თუ ღირს გაჟღერება, რა თქმა უნდა.
-მიგყავარ რას ნიშნავს? მე არ მეკითხები?
-შარზე ხარ, ხო? -თვალები დააწვრილა ლაშამ, -ხომ გამოთქვი ჩემ გვერდით ყოფნის სურვილი, ხოდა, მიმყავხარ.
-მერე რა, მე რომ წამოვალ ნებისმიერ შემთხვევაში, შენ მაინც უნდა მკითხო!
-წამოხვალ? -ეშმაკურად გაუღიმა, სხეული აუხურდა დეკას ისე მოუნდა შეხებოდა, თუმცა ზურგის ტკივილამდე ეკვროდა კედელს. -თაფლობის თვეც გამოვა. აქ მაინც თხელი კედლებია...
-ღმერთო, -ამოიოხრა გაჟღერებული სიტყვებით აღშფოთებულმა და თვალი მოარიდა, ისე აწითლდა ქვეტექსტის გააზრებისას. -ჩვენს შორის არაფერი მოხდება!
-უკვე რომ მოხდა? -თავი გამომწვევად დახარა მისკენ, ცხვირით შუბლზე ეხებოდა უკვე და დეკას კანზე სასიამოვნოდ გაფრქვეულმა ბრაზისა და სურვილის სურნელმა გააღიმა. -თუ დაგავიწყდა, შენ იყავი ინიციატორი...
-არასწორად გახსოვს! გამიშვი.
-არ გიჭერ, -ხმადაბლა უთხრა ტუჩებით იმდენად ახლოს, რომ კანზე ეხებოდა საუბრისას.
-მეტი თავშეკავება გმართებს! -სწრაფად დაუძვრა გააფთრებული და შერცხვენილი, კარის სახელურს ჩააფრინდა მაშინვე, სწრაფად რომ გაცლოდა მის ოთახს. საერთოდ დალაპარაკება და ყველაფრის მოგვარება რომ მოისურვა, იმის გამოც კი გაუწყრა დეკა საკუთარ თავს.
-დამიჯერე, შენთან სულ ჩემი თავშეკავების მთელი მარაგის გამოყენება მჭირდება.
-რაღაც არ გეტყობა!
-ჯობია, დროზე გახვიდე. -უცნაურად გაუღიმა და დამფრთხალი დეკა მანამ შევარდა თავის საძინებელში, სანამ თვალის დახამხამებას მოასწრებდა.
*
მთელი ღამე არ უძინია დეკას. საკუთარ ქორწილზე აქამდე ბევრი არც უფიქრია, რადგან არასოდეს ყოფილა იმდენად სერიოზულ ურთიერთობაში, ოდესმე დაოჯახებაზე დაფიქრებულიყო, ახლა კი გონების ყველა ჯანსაღი ნაწილი იმ აზრისკენ მიერეკებოდა, რომ ხვალიდან არაბულების რძლის და ლაშას ცოლის სტატუსის მატარებელი გახდებოდა. იქნებ, მის ოთახშიც მოუწევდა დაძინება? უცნაურად გაუშეშდა მუცელი და უფრო მოიკუნტა საწოლში.
საკუთარ ოჯახზე პირველად დაფიქრდა დიდი ხნის შემდეგ. არც დედა ეყოლებოდა გვერდით, არც მამა და ძმა - მითუმეტეს. ოჯახის და უოჯახობის ტვირთი კაუჭით ჩამოეკიდა გულის კედელზე და მტკივნეულად გასერა მკერდში მარტოობამ. ამ ბრძოლას ვერასდროს მოიგებდა საკუთარ თავთან. ადამიანის გულში ყოველთვის იარსებებს ადგილი ოჯახის წევრებისათვის - სავსე ან ცარიელი, მაგრამ მაინც ოჯახის ადგილი, რომელსაც სხვა ვერც ამოავსებს და ვერც ჩაანაცვლებს.
თამთას სახლისკენ რომ გაიხედა, გაეღიმა. მასთანაც ენთო ოთახში სანთელი. მზიამ აიძულა თორღვა, თავის ოჯახში გაეშვა რძალი და იქ გაეთია ღამე ქორწილის წინ. ოდნავ რომ ინათა, ფხიზელ ძილს გამოაცალა თავი. უცნაური შეგრძნება ჰქონდა გულ-მკერდის არეში, მჟავე, დაძმარებული ნაღვლის და ნერვიულობის სუნი ასდიოდა თითქოს.
კარზე ფრთხილი კაკუნი რომ გაიგო, წამოჯდა. ქურდივით შემოიპარა მასავით თმებაძეძილი თუთა და საწოლში დაუკითხავად შეუწვა სარძლოს.
-ვერც შენ დაიძინე? -ხმადაბლა იკითხა არაბულმა. ორივეს საერთო ბალიშზე დაედოთ თავი და ჭერს მისშტერებოდნენ.
-მგონი, ცოტა ხნით ჩამეძინა.
-როგორი შეგრძნებაა? ქორწილი რომ გაქვს დღეს...
-რა ვიცი, უცნაურია, -ნერვიულობისგან გაეღიმა, -ქორწილზე მეტად ბუნდოვანი მომავალი მაშინებს, თუთა. არ ვიცი, რა იქნება. ლაშა ძალიან ჯიუტია.
-ეგრე იმიტომ გგონია, რომ შენც ჯიუტი ხარ, -ჩაიფხუკუნა თუთამ, დეკას აღშფოთებულ სახეზე კი ხმამაღლა გაეცინა. -რა, არა?
-სულაც არა!
-კარგი, ნუ ბრაზობ. მე შენს მხარეს ვარ, იცოდე. აშკარად არასდროს დაუპირისპირდე ლასას, მაინც ვერ მოუგრიხავ იმ ჯიხვის რქებს. ბავშვობიდან ეგეთია. რამე სხვა ხერხი უნდა იპოვო.
-მორჩილებით დავიმორჩილო? -გაეცინა დეკას.
-ხო, აი, ეგ არის ყველაზე ნაღდი! ნეტა, თამთა რას შვება?
-მთელი ღამე სანთელი ენთო მაგის ოთახში. წარმომიდგენია, რას გრძნობს. დიდი ქორწილი იქნება?
-არა, მხოლოდ ოჯახის ნათესავები და მეგობრები.
-ანუ მთელი შატილი? -წარბები აზიდა დეკამ და საწოლიდან წამოდგა. მაგიდაზე მდგარ პატარა სარკეში რომ მოკრა საკუთარ გამოსახულებას თვალი, თავი გვერდზე გადახარა, კარგად აკვირდებოდა, თითქოს იმახსოვრებდა როგორი იყო.
ისევ დააკაკუნეს კარზე ფრთხილად. ნათია იყო ამჯერად.
-მოდი, ნათო, -შემოიპატიჟა თუთამ დეიდა რძლის ოთახში. ხელებზე თეთრი ქსოვილი გადაეფინა ნათიას და მშვიდი ღიმილით მისჩერებოდა დეკას. -ეგ რა გიჭირავს?
-ეს დედაშენის საქორწილო თავშალი იყო, -მოგუდული, დაბალი ხმით თქვა ნათიამ, სიმშვიდე ნაღველმა ჩაანაცვლა მის თვალებში, -ნურას გაუხარდებოდა...
-ნათია, დიდი მადლობა, მაგრამ მე არ ვიცი... -დაბნეულმა გააცეცა თვალები ოთახში დეკამ, თითქოს სადმე პასუხი იქნებოდა მიგდებული, რომელსაც ნათიას შემოთავაზებაზე ეტყოდა. -მინდა, როგორ არ მინდა, მაგრამ ლაშა...
-ლაშა არაფერს იტყვის, თან მხოლოდ ჯვრისწერაზე გაიკეთებ. -მხარი აუბა თუთამაც და თეთრი, ლამაზი თავშალი ოთახში გააფრიალა. დედის თმის სურნელი იგრძნო თითქოს, ისე აუწვა თვალები ცრემლებმა.
-მადლობა, ნათია. -გაუღიმა დეკამ და ფრთხილად გადაფინა თავშალი ხის სკამის საზურგეზე, -არაფერი მქონდა ისედაც... ვაიმე, ბეჭდები!
-არ იდარდო მაგაზე, ბეჭდებიც გვაქვს, -უდარდელად აუქნია ხელი თუთამ შეშფოთებულ პატარძალს. -მოაგვარა ლაშამ. ნუ ღელავ შენ ნურაფერზე. ისე, იმათი მუტრუკი მეგობრები ჩამობრძანდნენ?
-გუშინ გვიან ჩამოვიდნენ. რა ლაპარაკია, თუთა? -წარბები შეკრა ნათიამ, -სირცხვილია, მეჯვარეები არიან ბოლოს და ბოლოს.
-მერე ამ დრომდე რატომ სძინავთ? -ეშმაკურად აზიდა წაბები ონავარი ბავშვივით, კარგად დაგეგმილი დანაშაულის ჩადენას რომ აპირებს, -ადექით, ხალხო! ორი ქორწილია, ორი! სიძე! -ჯერ ერთ ძმას მიუბრახუნა კარზე, მერე - მეორეს.

თამთას და დეკას მთის ყვავილებისგან შეკრული თაიგულები თუთამ გაუმზადა. ცისფერი კესანები თამთას თეთრი, მოკრძალებული საპატარძლო კაბის ფონზე ცას ირეკლავდნენ თითქოს. ხშირი, შავი თმა მხრებზე ჩამოშლოდა და ძლივს უმალავდა გამჭვირვალე შიფონის ფატა მსხვილ კულულებს. ნერვიულობისგან ლოყები აწითლებოდა და ეტყობოდა, ხელებიც უკანკალებდა.
-რა ლამაზი ხარ, თამთა, სულ პატარძალი უნდა იყო... -ღიმილი ვერ შეიკავა დეკამ, ისიც ჭინჭარაულებში გაგზავნეს გამოსაწყობად.
კარგი ძმა ჰყავდა თამთას, გიორგი. დედ-მამაც კეთილგანწყობით შეხვდა უცხო სტუმარს. ქალიშვილისგან განსხვავებით თავად საერთოდ არ ღელავდნენ, მეტიც - ბედნიერებიც კი ჩანდნენ დეკას თვალში.
-ისედაც სულ პატარძალი არ ვარ? -ნერვიულად გაეღიმა თამთას, სარკისკენ მეათასედ გაექცა თვალი. მერე ღრმად ამოისუნთქა, -ცოტა მიხარია კიდეც, თქვენც ჩვენთან ერთად რომ იწერთ ჯვარს. მარტო არ ვგრძნობ თავს.
-არც ხარ, -გაუღიმა დეკამ, -ისიც შენსავით ნერვიულობს, უბრალოდ შენზე ნაკლებად იმჩნევს, თამთა.
თავისი საძინებლის კარი გადაკეტა თამთამ და ზურგით მიეყრდნო.
-დღეიდან ამ ოთახში აღარ ვიცხოვრებ, -თვალი მოავლო პატარა, მყუდრო ოთახს, ბევრი წიგნებით და სურათებით, -არც ამ სახლში... მაგრამ ისედაც სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აქ დროებით ვიყავი.
-ყველგან დროებით ვართ, თამთა, სულ ყველგან.
-მეშინია, -საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო, -ერთ საწოლში უნდა დავიძინოთ და გავიღვიძოთ... დეკა, ძალიან მეშინია.
-ხომ იცი, არაფერს გაიძულებს, დაელაპარაკე ამაზე, მაგრამ არამგონია, საჭირო იყოს. დარწმუნებული ვარ, არაფრით შეგიქმნის დისკომფორტს. ამასაც შენი კეთილდღეობისთვის აკეთებს, იმიტომ იჩქარა, რომ შენი დაცვა უნდა. პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად გამოტყდა, რომ შენზე ღელავს და ადარდებ. პატივს გცემს და დამიჯერე, ძალიან ბევრ სანერვიულოს გაკლებს ეგ.
-კი, როგორ არა. ეგ მხოლოდ იმაზე დარდობს, როგორმე ავტორიტეტი არ შეელახოს, მაგის საცოლეს თუ ვინმე ხელს დააკარებს, იმაზე იდარდებს, თორღვა არაბულს როგორ გაუბედეს ეგ და არა - მე როგორ მაკადრეს. ბავშვობიდან ეგეთი იყო. აუტანელი და ეგოცენტრული.
-მანდ ერთნაირ შარში ვართ, -მხიარულად გაკრა მხარი. ვერ იჯერებდა, რომ თეთრ კაბაში გამოწყობილი თამთას გვერდით იჯდა მის ჯვირსწერამდე რამდენიმე წუთით ადრე და ამ თემაზე ხუმრობდა.
-თქვენ ორს გიყვართ ერთმანეთი. ახლა რთულ გარემოებებს აბრალებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ დრო რომ გავა მიხვდებით, რომ სწორად მოიქეცით და ნებისმიერ შემთხვევაში იგივეს იზამდით. მე და თორღვას შანსი რომ გვქონდეს, საპირისპირო მიმართულებით გავიქცეოდით ერთმანეთისგან.
-არ მიყვარს, -უცნაურად გაკრა გულში ამას რომ ამბობდა, მაგრამ მაინც გაბედა დეკამ, წარბები შეკრა უკმაყოფილოდ.
-კი, როგორ არა. -ჩაიფრუტუნა თამთამ და თვალები გადაატრიალა, -ვერავინ დამაჯერებს, რომ ამას მარტო საკუთარი თავის დასაცავად აკეთებ.
-აბა, სხვა რატომ უნდა ვაკეთებდე?
-ლაშას გამოც. იცი, რომ შენს მიმართ გრძნობები აქვს და არ გინდა მარტო დატოვო ამ უხილავ ომში. გეშინია, რომ მარტო თუ იქნება, საკუთარი სიცოცხლის ფასად წავა იგორის წინააღმდეგ, მაგრამ შენ თუ მის გვერდით იქნები, უფრო მეტი მიზეზი ექნება პირველ რიგში საკუთარ სიცოცხლეს მოუფრთხილდეს. შენ გამო. არ გინდა, დეკა, თვალებში გეტყობა, რასაც გრძნობ. მე არავის ვეტყვი, თუ ასე გეშინია გამხელის, მაგრამ მგონია, რომ ლაშაც ხვდება. ავდგეთ ახლა, თორემ მზია აღარ შეგვიშვებს ოჯახში.

ქორწილში ამდენი შეიარაღებული ადამიანი არასოდეს უნახავს დეკას. თითქოს ეკლესიაში კი არა საომრად მიდიოდნენ ხევსურები, ისე აღჭურვილიყვნენ, მაგრამ მათ სახეებზე მოფენილ სადღესასწაულო განწყობას არაფერი ჰქონდა საერთო არც ომთან და არც ავბედობასთან.
ეზოში ხევსურულ ტალავარში გამოწყობილი ძმები რომ დაინახა დეკამ, გაუაზრებლად დაუარა ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა. თითქოს დროის ხაზი გამოარღვიეს, იმდენად შთამბეჭდავ ანაქრონიზმს ქმნიდნენ არაბულები. ღრმად შეისუნთქა ჰაერი და თავს ვერაფერი მოუხერხა დაჟინებით მოცქირალ უცნაურად გაღიმებულ საქმროს რომ გაუყარა თვალი თვალში. გაეღიმა თვითონაც. ერთი სული ჰქონდა, ახლოს მოსულიყო, ოღონდ ახლოს ყოფილიყო და თუ უნდოდა ათასი ტკბილ-მწარე კომენტარი გაეკეთებინა.
-თამთა, გული წაგივა სადაცაა, დაწყნარდი. -მხარი გაკრა ცალი თვალით გოგონას რომ გახედა, სისხლი ჩამორეცხვოდა სახიდან და მთელი ძალით უჭერდა თაიგულს ხელებს. -მაგ თაიგულს თუ გაანადგურებ, თუთა მოგკლავს.
-არაბულები იქნებიან ჩემი ბოლო, -ამოილაპარაკა საწყლად და ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
ყველაფერი ქართული წესის თანახმად მიდიოდა: სტუმრებმა და ოჯახის წევრებმა დალოცეს ახლადშესაუღლებელი წყვილები და მეჯვარეები, იქედან კი ხატში წავიდნენ ჯვრის დასაწერად.
შატილის კლდეზე გამოკიდებული გზების გათვალისწინებით, ეკლესიამდე მანქანებით მისვლა სისულელეც კი იყო. ფეხით გაიარეს გზა ტაძრამდე.
-ეს ანაქრონიზმი შენი იდეა იყო? -ხმადაბლა ჰკითხა დეკამ ლაშას. მის გვერდით მოდიოდა, თუმცა დისტანციას იჭერდა და პატარა ეკლესიისთვის გაეშტერებინა თვალი.
-ხო, არ მოგწონს? -წარბები და მხრები შეათამაშა. -ამ ხანჯალს ოთახში წამოვიღებ და საწოლის შუაში ჩავდოთ, გინდა?
-შენთან დაძინებას არ ვაპირებ, ამიტომ როგორც შენ გინდა.
-კი, როგორ არა, -ჩაიფრუტუნა არაბულმა და ცალი თვალით გადმოხედა დეკას, უბრალო თეთრ კაბაში გამოწყობილსაც რომ შეეძლო ყველასგან გამორჩეული და თვალშისაცემი ყოფილიყო.
-თუ შეიძლება თვალი მომაშორე, სირცხვილია. -წაუსისინა ნახევარი სახე რომ აუწვა ლაშას მზერამ. აღელდა, როცა ეკლესიის სუნი იგრძნო.
-ვერ გაშორებ და სულაც არ არის სირცხვილი, -თავი მოჩვენებით სასოწარკვეთით გადააქნია არაბულმა და ეკლესიაში შესვლისას წელზე უბიძგა წინ რომ გაეტარებინა ქალი.
ფარულად დაუბრიალა თვალები დაუკითხავი შეხებისთვის და გვერდზე გადგა, რაც შეიძლება შორს არაბულის სხეულისგან, პატარა ეკლესიაში განსაკუთრებით დიდი რომ მოეჩვენა.
სარკმლებიდან შემოსული შუქი პირდაპირ ერთმანეთის გვერდით მორიდებით და თავშეკავებით მდგომ წყვილს ეცემოდა. ოდნავ ანათებდა თამთას მუქი თმა თაფლისფრად. ფატაჩამოფარებული დასჩერებოდა საკუთარ სანთელს და დეკას მოეჩვენა, რომ საერთოდ ვერ უსმენდა პროცესიას, არამედ თვითონ ცალკე ლოცულობდა გულში. რამდენჯერმე შენიშნა როგორ გადახედა უმცროსმა არაბულმა ცოლს. თითქოს თვითონაც სურდა საპასუხო მზერა. მხოლოდ მაშინ გაბედა თამთამ მაღლა აეხედა პატარა ეკლესიას წრე რომ დაუარეს სიძე-პატარძალმა მამაოსთან და მეჯვარეებთან ერთად. ყველაფერს ასხივებდა ეს წყვილი იმ წამს, რასაც სამუზეუმო ექსპონატად აჩვენებდი ტურისტსა თუ დამთვალიერებელს, ხელს გაიშვერდი და ეტყოდი, აი, ეს არის ნამდვილი ქართული ჯვრისწერა, ასეთია ნამდვილი ქართული წყვილი, რიდი და მოკრძალება ქართველი ქალის, საპასუხო პატივისცემა ქართველი კაცის.
-ფერი ფერს, -აღტაცებას ვერ მალავდა თუთა, რომელმაც უეცრად ამოყო ეკლესიის კუთხეში მორიგ დასაქორწინებელ წყვილს შორის თავი. -როდის მიხვდება ეს ორი, რო უყვართ ერთმანეთი...
-ალი არ გინახავს? -ხმადაბლა ჰკითხა დას ლაშამ, არც მიმიკა შეცვლია და არც მიხვრა-მოხრა. წყვილს ადევნებდა თვალს რაღაც სხვაზე ჩაფიქრებული.
-ეზოშია, გელოდებათ.
აღარაფერი უთქვამს არაბულს, დეკას წამიერად შეხედა და ფრთხილად დატოვა ტაძარი, თითქოს არ სურდა იქ გამეფებული შეთანხმებულობა და ჰარმონია საკუთარი მოძრაობით დაერღვია.
ალი ეკლესიის ეზოში იჯდა ხის მოძველებულ სკამზე და პატარა ჯვრიანი გუმბათისთვის გაესწორებინა თვალი. ეზოშიც საკმევლის სუნი იდგა და ფონზე ისმოდა ქრისტიანული ლოცვა.
მძიმედ ჩამოჯდა მის გვერდით და თვითონაც ჯვარს მიაშტერდა.
-მადლობა, რომ მოხვედი, ალი. -გვერდულად გადახედა, ამოწმებდა, მისმენს თუ არაო. რა თქმა უნდა, უსმენდა ალი. მთელი გულით და გონებით უსმენდა ადამიანს, რომლისგან ერთი სიტყვის გაგონებასაც კი ევედრებოდა-ხოლმე თავის ალაჰს ძილის წინ. -ბევრს ნიშნავს.
-ჩემთვისაც. სამადლობელი არაფერია. შემოსვლაც მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი.
-არა უშავს, ალი. მთავარია აქ ხარ.
-მართლა? -პატარა ბავშვივით იკითხა კაცმა. ალალად შეხედა თავის ძმას. თვითონ გულში ყოველთვის ასე ეძახდა ლაშას.
-მართლა. -თავისი წილი დანაშაული იგრძნო არაბულმაც. თვალი მოარიდა. -შენ მიმართ ბევრჯერ არ ვყოფილვარ სამართლიანი, ალი. თუ შეგიძლია, მაპატიე. მშობლის დანაშაული სხვანაირად მძიმეა შვილისთვის. ათასჯერ უარესია, ვიდრე საკუთარი შეცდომები. შენი და შენი ოჯახის წინაშე ჩემი უძლურება მაშინებდა, შენი კეთილგანწყობაც კი დიდი სასჯელი იყო ჩემთვის, ალი. მერჩივნა გეჩხუბა, დაგედანაშაულებინე, ვიდრე ისეთი ყოფილიყავი, როგორიც ხარ - სამართლიანი.
-უცოდველი არავინაა, ლაშა. მამაშენი კაცობაში შეცდა მამაჩემთან, ქმრობაც არ გამოუვიდა ნურა მამიდას საკადრისი. მაგრამ თქვენ ყველას უყვარდით, შენ რომ მოგესურვა, თავზე გადაგყვებოდნენ ჩვენები. შენი ღმერთიდან ჩვენ ღმერთამდე არც ისე გრძელია მანძილი, როგორც ჩანს. ყოველ შემთხვევაში, საკმარისია იმისთვის, მე რომ შენ ძმასავით მიყვარდე. შენ ჩემთან არაფერი გაქვს, ლაშა, სამტკიცებელი. არც მოსანანიებელი. ვისაც აქვს, ისინი იპოვიან იმედია იმქვეყნად ერთმანეთს და გაარკვევენ. შედი ახლა, თორემ დეკა ისე იყურება იქედან, სადაცაა გადაიფიქრებს.
ჩაეცინა ლაშას და ეკლესიის ეზოში გამოსულ ქალს შეხედა. თუთას რომ ელაპარაკებოდა და ცალი თვალი აქეთკენ გამოურბოდა მალულად. რას გამოაპარებდა, არადა, არაბულს.
მხარზე ხელი დაკრა რამდენჯერმე ალის და მედიდური ნაბიჯებით მიუახლოვდა დეკას, განზრახ რომ არიდებდა თვალს მოსულს.
-აღარ დადგა ჩვენი რიგი? ვერ ვითმენ. -წარბები აათამაშა გამხიარულებულმა.
-ეგ აბჯარი რად გინდოდა, გაფიცებ, -თქვა ეკლესიიდან გამოსულმა ახალგაზრდა ბიჭმა. ადრეც მოეკრა მისთვის თვალი დეკას, ხშირად დაიარებოდა ლაშასთან ერთად შატილში. -ომში მიდიხარ თუ ცოლი მოგყავს?
-ორივე, -თვალი ჩაუკრა დეკას, როგორც კი მისი მზერა დაიჭირა და გაეცინა, გაბრაზებულმა რომ მიაბრუნა თავი, -სიმართლე გითხრა, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.
-შემოდით, ლაშა, გელოდებათ მამაო. -ეკლესიიდან გამოვიდა მზია. თვალებით ეძებდა წყვილს. ღელავდა. მარტივი ხომ არ არის ორი ვაჟის ერთ დღეს დაოჯახება.
-წამოდი, ძვირფასო, არ ვალოდინოთ. -ღიმილით უთხრა ეზოში მდგომ ცერცვაძეს, დანა კბილს რომ არ უხსნიდა, ისეთი სახე ჰქონდა. წელზე უბიძგა ფრთხილად, მოფერებას უფრო ჰგავდა მისი შეხება. -ასე ნუ იბღვირები, თორემ ხალხი იფიქრებს, რამეს გაძალებ.
-ხელებს ნუ მიფათურებ-მეთქი.

ეკლესიაში ჯვრის დასაწერად შესულმა სულ სხვანაირად იგრძნო თავი, ვიდრე აქამდე. ფარულად გააპარა თვალი მის გვერდით მდგომი არაბულისკენ წეღანდელი ანცი გამომეტყველება სახიდან რომ ჩამორეცხვოდა და მშვიდი, გაწონასწორებული მზერით აკვირდებოდა ძველისძველ საკურთხეველს.
პირველად იყო ეკლესიაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. თან რამის მოსანანიებლად კი არა, კურთხევის მისაღებად. ორი თვეც არ გასულიყო ჯერ ბოლომდე და არაბულის გვერდით მდგომს ალბათ საკუთარი ტყუილისა უნდა შერცხვენოდა ღვთის წინაშე რომ იწერდა ჯვარს უცხო ადამიანზე, მაგრამ შინაგანი პატარძლური მღელვარების გარდა ვერაფერს გრძნობდა იმ წამს ცერცვაძე. თითქოს ყველაფერი მართალი და ნამდვილი არსებობდა მხოლოდ მასა და ლაშას შორის, იმდენად გულწრფელი იყო გრძნობები, რომლებიც ახრჩობდა, როცა ახლოს ჰყავდა არაბული და დახრჩობას ანატრებდა, როცა შორს იყო.
სამჯერ გაცვალეს ბეჭდები. ხელი რომ აუკანკალდა, ფრთხილად მოეფერა ლაშა გაყინულ ხელისგულზე. ერთი სასმისიდან შესვეს ღვინო. ესიამოვნა წითელი სითხის შეგრძნება დეკას. თითქოს წყურვილით კვდებოდა. მალევე იმოქმედა ალკოჰოლმა და ლოყებზეც დაეტყო ღვინის ეფექტი.
ყველაფერი რომ დასრულდა, მოლოცვა მიიღო სიძე-პატარძალმა. შემდეგ ხელიც მოაწერეს ქალაქიდან მოწვეული მოწმის დახმარებით და არაბულების ეზოში გაშლილ პატარა სუფრაზე მთელი შატილი დაეტია.
ერთ თავში ერთი წყვილი დასვეს, მეორეში - მეორე. ყველა მოკრძალებით აღნიშნავდა, ზედმეტი ტაშ-ფანდურის გარეშე. ახალდაქორწინებულების დალოცვის გარეშე ვერ ჩაივლიდა ორი ქორწილი. წლებია, აქაურობას ორი კი არა, ერთი ახალგაზრდა ოჯახის შექმნაც არ უნახავს და ორს მითუმეტეს ვინ გაატარებდა დალოცვის გარეშე.
-შენ არ დალევ? -ხმადაბლა გადაულაპარაკა ცოლს ლაშამ. თვალები გვარიანად აემღვრია მისთვის სისხლისფერ სითხეს, თუმცა არც იმდენად, რომ მოძრაობაში დასტყობოდა. თავისივე ჭიქა გაუწოდა.
-მე თუ მკითხავ, მეტი შენც აღარ უნდა დალიო. -წარბები აზიდა დეკამ, არ შეიმჩნია როგორ შეუკრა სუნთქვა ლაშას მოახლოებით მოსულმა სითბომ.
-გაუშვი უკვე ცოლურები? -ზანტად გაეღიმა არაბულს. მთელი სახე დაუთვალიერა ცოლს, თითქოს იმახსოვრებდა ყველა დეტალს, მერე ზედმიწევნით რომ დაეხატა. -ერთი ჭიქა რას გიზამს...
გამოართვა და ფრთხილად მოსვა ორი ყლუპი. მისი ჭიქიდან შესმული ღვინო უფრო მათრობელა იყო თითქოს. უცნაური გრძნობა აუგორდა გულ-მუცელში დეკას, თითქოს ამაზე მეტად ვერ დაუახლოვდებოდა ადამიანს, ვიდრე მისი ჭიქიდან ღვინის დალევა იყო. გამოართვა ლაშამ და რაც დარჩა, თავის ტუჩებს აგემა. დაკვირვებულ მზერაში რომ გამოიჭირა დეკამ თავი, სირცხვილისგან აუწითლდა ლოყები.
-სხვას შენი ჭიქიდან ვეღარ დაალევინებ. -მაცდური მზერით შეხედა ქმარს. გონებაში პირველად უწოდა ასე და უცნაურმა ჟრუანტელმა, ანდაც იქნებ, სისხლში ჩაღვრილმა ღვინომ, მთელი სხეული დაუბუჟა. -მარტო მე.

ამდენი იარაღით ქამარში მშვიდობიანად როგორ ჩაიარა ქორწილმა, დეკასაც უკვირდა. მშვიდი და მოკრძალებული დღესასწაული მზის ჩასვლისას მოამთავრეს ხევსურებმა. ყველა თავისი სახლის გზას გაუდგა და მარტო არაბულები დარჩნენ თავიანთ ეზო-კარში ახალ რძლებთან და ქალაქელ სტუმრებთან ერთად.
-შენი ნივთები ჩვენს ოთახში გადმოიტანე. -მშვიდად უთხრა ცოლს, როგორც კი დაიმარტოხელა. სამზარეულოში შეჰქონდა ეზოდან ნასუფრალი. -დაანებე ამას თავი, მიხედავენ ნათია და მზია.
-ხომ ვილაპარაკეთ ამაზე? -წარბები შეკრა დეკამ.
-არა, არ გვისაუბრია და არც არის რამე განსახილველი ამაში. ცოლ-ქმარს ერთ ოთახში სძინავთ.
-მე გითხარი, რომ არ დავიძინებდი შენთან. ხელი რომ მოვაწერეთ, ეს იმას არ ნიშნავს, ნამდვილი ცოლქმრული მოვალეობები გვაქვს ერთმანეთის წინაშე.
-სხვათაშორის, მინდა შეგახსენო, რომ ჯვარიც დავიწერეთ. რაზეც შენ შეგეძლო უარი გეთქვა, -კარის ძგიდეს მიეყრდნო ცალი მხრით ლაშა. ჩვეულებრივი შავი მაისური და შარვალი ეცვა, ისეთი შეჟუჟუნებული გამოხედვა ჰქონდა, როგორსაც მხოლოდ ცოლები ცნობენ ხოლმე. და დეკამაც შენიშნა.
-რა?! -უცებ დაიბნა. -უარი როგორ მეთქვა! შენ ხომ შემომთავაზე...
-დიახ, შემოგთავაზე. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიმიღია. შენ დამთანხმდი. ახლა ნუ მარწმუნებ, რომ ეს, -დეკასა და საკუთარ თავს შორის მანძილი მოახაზა ლაშამ, -ფორმალურია. თუ შენთვის ნამდვილად ფორმალობაა ეს ყველაფერი, შეგეძლო ჯვრისწერაზე უარი გეთქვა.
-მაგდენი არ მიფიქრია. ტყუილად გამოგაქვს უსაფუძვლო დასკვნები. -სასწრაფოდ შებრუნდა ნიჟარისკენ, საკუთარი დაბნეული და აშლილი გამომეტყველება რომ დაეფარა მისგან.
ზურგით იგრძნო, როგორ გადმოდგეს მისკენ სამი ნაბიჯი. გამეტებით ხეხავდა ჭურჭელს, როგორმე უკნიდან წამოსული სითბო და ნაცნობი, ღვინოშეპარული სურნელი რომ დაეიგნორებინა.
ონკანი გადაუკეტა ლაშამ. წელზე დაადო ცალი ხელი წინ გადახრილმა და შემდეგ მისკენ მოაბრუნა. სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია ფრთხილად მხარსუკან და წამით შეატოვა მზერა მოღეღილ ყელზე.
-კარადაში შენი მხარე თავისუფალია. -მშვიდად დაიხარა და ყელზე აკოცა. ჟრუანტელი გაზაფხულის ყვავილებივით აუფეთქდა მთელს სხეულზე. სულმოხუთულს ბლანტი, ადუღებული მასა ჩაეღვარა მუცელში. -მიდი და მოვალ მეც მალე.
-შენ რატომ უნდა მოხვიდე? -თავი გადასწია უკან დეკამ. სრული სერიოზულობით დასვა ყველაზე სულელური შეკითხვა.
-დაღამდა და ხომ უნდა დავიძინო? -თმა თავის ადგილს დაუბრუნა ლაშამ, თითქოს დანაშაულის კვალი დაფარა და უკან დაიხია ორი ნაბიჯით. ინერციით მიჰყვა დეკაც. სხეულებს შორის გარბენილი გრილი ნიავი არ ესიამოვნა.

ბევრი არც არაფერი ჰქონდა, გადაბარგება რომ დაერქმია ამ პროცესისთვის დეკას. ხელის კანკალით შეალაგა „თავის მხარეს“ საკუთარი ტანსაცმელი. საზაფხულო კაბებისა და შორტების გარდა არც არაფერი ებადა. ღამის პერანგებს კიდევ ისეთს იცვამდა, დაუგეგმავად შეძენილი ქმრის თვალისთვის რომ არ იყო გათვლილი. თეთრეული კარადის ყველაზე შორეულ კუთხეში შეჩურთა. დაუძლეველი კმაყოფილებით მოავლო თვალი ლაშას აკურატულად დაკეცილ და დალაგებულ ტანსაცმელს. მზიას და ნათიას არასდროს უშვებდა საკუთარ ოთახში და უცნაურად ესიამოვნა, ყველაფერი შესაშურად რომ ჰქონდა მოწესრიგებული.
წინა ღამის უძილობამ მაშინვე დარია ხელი, როცა საწოლზე ჩამომჯდარს სხეული მოუდუნდა. დაძაბულობისგან გონება ფხიზელივით უმუშავებდა, მაგრამ დაქანცულ ორგანიზმს ვერაფრით შეეწინააღმდეგა.
საწოლის კიდეზე ისე მიწვა, ნიავს რომ დაებერა, აუცილებლად იფიქრებდით გადმოაგდებსო. მკერდსა და მხრებზე ჩამოეყარა ჟღალი თმა და ის-ის იყო, დაღლასთან ორთაბრძოლა გონებამაც წააგო, ფრთხილი კაკუნი რომ გაიგონა კარზე.
სანამ პასუხის გაცემას მოიფიქრებდა, ლაშამ შემოაღო კარი და ფეხაკრებით შემოვიდა ოთახში.
-არ ადგე, იყავი, -ხმადაბლა უთხრა, როცა წამოჯდომა დააპირა დეკამ. -შენ ეგრე აპირებ დაძინებას?
-მ-ჰმ, -ძლივს ამოთქვა და თავი აამოძრავა თანხმობის ნიშნად. ორივე ხელი ყურქვეშ ამოედო და ნახევრად ეძინა.
-ქორწილის კაბით ძილი ვის გაუგია, -მაისური გადაიძრო და ქამრის შეხსნისას მეტალის ხმა რომ გაიგონა, უცებ დაქაჩა თვალები დეკამ. გარდერობის კარი გამოაღო არაბულმა და დოინჯშემორტყმულმა დაუწყო რაღაცას ძებნა.
-რას ეძებ? -თავი წამოყო წარბებშეჭმუხნულმა და თვალებში ისეთი დაჟინებით ჩააშტერდა ქმარს აშკარად დაეტყო, მის შიშველ მხრებზე მიშტერებისგან რომ სურდა თავის შეკავება.
-ხანჯალს. სადღაც აქ მედო. -უთხრა საქმიანი ხმით და კარადაში ხელი მოაფათურა.
-რად გინდა ხანჯალი? -უკმაყოფილოდ წამოჯდა, ძილს რომ გამოაცალეს კლანჭებიდან. ამ კაბაში ძილი მართლა არ გამოვიდოდა. ისედაც არ უყვარდა საგარეო ტანსაცმლით შინ ყოფნა, ძილი ხომ საერთოდ.
-ბალიშებს შორის უნდა ჩავდო. ხომ დაგპირდი? -კმაყოფილება გამოესახა სახეზე მეტალს რომ გამოსდო ხელი და დეკას აუფრიალა ცხვირწინ თავისი ძვირფასი იარაღი.
გაოცებისგან ჯერ ყბა ჩამოუვარდა ქალს, მერე მზერა მოარიდა მასზე არანაკლებ გაკვირვებულ არაბულს. თავი დაიწყევლა, მაინც და მაინც იმ თაროზე რომ მოინდომა თავისი საცვლების გადამალვა. ერთ-ერთ მათგანს გამოედო ხანჯლის წვერი და მშვიდობის დროშასავით ეკიდა ზედ.
-ეს შენია? -წარბებაზიდულმა ანიშნა თვალებით აშკარად დეკას ნივთისკენ.
-აბა ვისი უნდა იყოს? -კისერი წაიგრძელა. ხელით გაიწია საკუთარი ნივთის დასაბრუნებლად, მაგრამ მაშინვე უკან გასწია არაბულმა ხანჯალი. ეშმაკურად გაეცინა.
-რა არ ყოფილა ხანჯალზე წამოცმული, მაგრამ თეთრი ტანგა...
-ნერვებს ნუ მიშლი! -წამოწითლდა ცერცვაძე და გულზე ხელებგადაჯვარედინებულმა დაიხია უკან.
-ახლაც თუ ასეთი გაცვია, მეორე ხანჯალიც უნდა ვიპოვო, ერთი არ მეყოფა. -კმაყოფილმა შემოდო კარადის თავზე ხანჯალი და დეკას ნივთი ადგილს დაუბრუნა.
-იოცნებე. გადი, უნდა გამოვიცვალო. -თვალი გააყოლა საწოლისკენ წასულს და ფეხის დაბაკუნებაღა აკლდა დეკას, მთლად რომ გაყეყეჩებულ მსგავს დამსგავსებოდა.
-სანთელს ჩავაქრობ, მაინც ვერაფერს დავინახავ. -უთხრა დასერიოზულებული ხმით საწოლზე ჩამომჯდარმა და კარადისკენ ანიშნა თვალით, -მიდი, აიღე რისი ჩაცმაც გინდა.
შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. ძლივს მოარიდა მის მოშიშვლებულ მხრებს და ზედ დაკლაკნილ გველს თვალი. ყველაზე გრძელი აბრეშუმის პერანგი გამოიღო და თვალით ანიშნა არაბულს, სანთელი ჩაექრო.
სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად ჩაბნელებულმა ოთახმა და გასაქანმიცემულმა ფიქრებმა უფრო მეტად გაამკვირვა ჰაერი. საწოლის ხმაზე მიხვდა, ლაშაც რომ წამოდგა გასახდელად. გაფაციცებით უგდებდა ყურს შარვლის შრიალს ხმას. ისე მაგრად ჩაებღუჯა თავისი პერანგი, ლამის ფრჩხილებით გაეხია. სუნთქვა შეიკრა, მისკენ რომ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი ლაშამ. მთელს სხეულში არაგვივით აუჩხრიალდა სისხლი და მხოლოდ საკუთარი გულისცემაღა ესმოდა სუნთქვაშეკრულს. ზედმეტად ახლოს გაიარა ლაშამ, შიშველი მხრით გაედო ადგილზე ლარივით დაჭიმულ ცოლს და შარვალი სკამზე დადო. არც უკან დაბრუნებისას უცდია თავის არიდება, ძალიან, ძალიან ნელა აუარა გვერდი, წეღანდელი შეხება რომ გაეხანგრძლივებინა და ღრმა ამოსუნთქვით შეწვა საწოლში.
-დაგეხმარო? -იკითხა ხმადაბლა, ღიმილშეპარული ხმით, კიდევ რამდენიმე წამს რომ არ გაირყა დეკა.
-ამ ხანჯლით აგკუწავ, თუ არ გაჩუმდები. -დაუსისინა მომენტალური შოკიდან გამოსულმა. ფაცხა-ფუცხით გადაიცვა პერანგი და თავისი კაბაც იმ სკამზე დადო, სადაც ლაშამ თავისი შარვალი.
უცნაურად გაკრა გულში საერთო საკუთრების შეგრძნებამ. ფეხებგაყინული ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს.
-შენ კედლისკენ იძინებ? -ჰკითხა, სანამ შეწვებოდა. სიბნელეში ვერაფერს არჩევდა. სანთლის ნამწვის და შეკავებული სურვილების სუნი იდგა ოთახში.
-არა, კიდეში მირჩევნია. -ხმადაბლა და ზედმეტად ახლოს მოესმა მისი ხმა. ხელებს ჯერ კიდევ ჰაერში აცეცებდა დეკა, რამეს რომ არ დასჯახებოდა. -მოდი.
ბარძაყზე შეხებით ანიშნა არაბულმა, სადაც იყო და საწოლისკენ უბიძგა.
-ხოდა, ადექი, ჯერ მე დავწვები. -ადგილიდან არ განძრეულა დეკა. აბრეშუმს შიგნით ლაშას ხელის შეხების ადგილი აეწვა. მუხლებში სისუსტე და მუცლიდან ფეხებს შორის უცნაური, მძაფრი გრძნობის ჩაღვრა იგრძნო. სადაც იყო, თვალები მიეხუჭებოდა.
-ნუ მაწვალებ, რა, -ოდნავ წამოიწია არაბული, სანამ დეკა წამოკივლებას და გალანძღვას მოასწრებდა, მანამ ჩაავლო ორივე თეძოში ხელი და საწოლში თავის მხარეს გადასვა. მერე საბანიც ამოუკეცა ზურგსუკან და თავის ადგილს დაუბრუნდა მშვიდად. -და ისუნთქე.
-ვსუნთქავ და შენ ნუ მეხები შენს ჭკუაზე!
-ვითომ არ გინდა. -ჩაიფრუტუნა კმაყოფილი ხმით და თვითონაც გადაიფარა საბანი.
-არ მინდა! რაზე შემატყე, რომ შენი შეხება მინდა?
-რეაქციაზე. -ხმადაბალი, უცნაური ტონალობით უთხრა და მისკენ გადატრიალდა. საბანს ზემოდან დაადო ხელი. -აი, ახლაც სუნთქვა შეგეკრა, არადა, შენ არც შეგხებივარ.
-ნუ იგონებ... -მისკენ ზურგით გადაბრუნდა დეკა და ხელი საბნიდან ააღებინა.
-ალისთან რაც მოხდა, ეგეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია?
-კი. -მოუჭრა მოკლედ და არაბულის ჩაცინებაზე უარესად აეწვა სხეული.
-ანუ შენი ხელით არ მომეცი უფლება შეგხებოდი? -მისკენ გადაბრუნდა და ერთადერთ ბალიშზე გადაშლილ წითელ თმაში ჩაყო ცხვირი. ზედმეტად არ შეხებია, თუმცა იმდენად ახლოს იყო მასთან, შეუხებლობა უფრო აწუხებდა დეკას. ძლივს იკავებდა თავს, თავად რომ არ მიჩოჩებულიყო მისკენ და ზედ აკვროდა. მახეში გააბეს, არ უნდა ეკითხა კედლისკენ ვინ წვებაო, რა მნიშვნელობა ჰქონდა!
-შეცდომა იყო. -უპასუხა ჩახლეჩილი ხმით რამდენიმე წამში. -არ ვიყავი საღ გონებაზე.
-მე ვიფიქრე, მემშვიდობებოდი და გინდოდა დარწმუნებულიყავი, რომ სხვა არავინ მომინდებოდა შენ გარდა, სანამ წასული იქნებოდი. შევცდი?
-დიახ. -სხვა პასუხს არც ელოდა ლაშა. ჩაეღიმა, მაგრამ ზედმეტად არ მიახლოებია. -შეცდი. ჩემი საქმე არ იყო, ვინ გეყოლებოდა, როცა მე არ ვიქნებოდი, ისევე როგორც შენი საქმე არაა, მე ვინ მყავდა და რამდენი.
-ნუ მაბრაზებ, დეკა.
-რატომ ბრაზობ? ხომ შეიძლება...
-არა, არ შეიძლება. -მოკლედ მოუჭრა, სერიოზული, ოდნავ შეციებული ხმითაც და ამით გამოწვეულ კმაყოფილებას ჩაეჭიდა დეკაც.
-რატომ? არაქალიშვილს არ მომიყვანდი ცოლად?
-უკვე მაბრაზებ.
-მიპასუხე. -გაჯიუტდა.
-გაინტერესებს ჩემთვის მნიშვნელობა აქვს თუ არა ჩემამდე ვინ გყავდა?
-დიახ. -პასუხის მოლოდინში დაიძაბა. წამიერად მოეჩვენა, რომ ჰაერიც გაიყინა, სანამ ლაშა რამეს იტყოდა.
-კი, აქვს, მაგრამ ისე არა, როგორც შენ გგონია.
-შენ რა იცი, მე რა მგონია? იქნებ, ყველას...
-ყველას რა? -წინადადება არ დაასრულებინა, ისე მოძებნა საბანქვეშ მისი ფეხები, პერანგი რომ ნახევრად უფარავდა და აბრეშუმის რბილ ქსოვილქვეშ შეუცურა თითები. თეძოებამდე ნელა აუყვა. წინა შეხებასავით ნაზი არ ყოფილა, მაგრამ არც უხეში. სამაგიეროს უხდიდა თითქოს. საცვლის კიდესთან, მკვრივ თეძოებზე მოუჭირა თითები და თავისკენ მისწია. ყელთან მიაწება ტუჩები, -ნუ მეთამაშები. ჩემს გამოსაცდელად ისეთ სისულელეებს ნუ ამბობ, რაზეც არც კი გიფიქრია. ვიცი, რომ არავინ გყოლია. რომც გყოლოდა, ამას ისე არ გააკეთებდი, როგორც შენ გინდა რომ ვიფიქრო.
-არაფერი არ მინდა, რომ იფიქრო... -წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ შეძლო დეკამ, იმდენად გაეთიშა სხეული და გონება. ყოველთვის ახერხებდა ლაშასთვის დაგებულ მახეში თავად გაბმულიყო, ყოველთვის.
-კი, გინდა. -მუცლისკენ გააცურა ამჯერად ხელი არაბულმა. ლაპარაკის დროს ტუჩებით ეხებოდა ყელზე და შიგადაშიგ კოცნიდა, -ეს გინდოდა. პირველი მე რომ შეგხებოდი და გავსწორებულიყავით, ხო? შემდეგში ალის რომ გაგახსენებ, შენ ამ ღამეს დამაყვედრი, არა?
-გამიშვი... -ზედმეტი მოძრაობის გარეშე შეებრძოლა დეკა, ეგონა საუკუნე გავიდა იმ ღამის შემდეგ, ეგონა დაავიწყდა, როგორი გრძნობა იყო, როცა ეხებოდა. უარესად მიეკრო გულ-მკერდზე. ხელებით ბალიშის კიდეს ჩაფრენოდა, როგორმე ლაშას შეხებისგან რომ შეეკავებინა თავი,
-არ დამიმთავრებია, -ყურთან უჩურჩულა ამჯერად, ნელა და მტანჯველად ხაზავდა მუცელზე თითებით წრეებს, მეორე ხელით თმებზე ეფერებოდა, -ჯერ ბოლომდე არ გავსწორებულვართ. შენ რომ არ გამოგეწვიე, მე არ შეგეხებოდი. ხანჯალი არ მჭირდება შენთვის თავშეკავების დასამტკიცებლად, ამიტომაც დევს კარადის თავზე. და ნუ გეშინია საკუთარი სურვილების გამოხატვის იმიტომ, რომ მარტო არ ხარ. ერთადერთი, რაც მაკავებს იმის გაკეთებისგან, რაც ახლა ორივეს გვინდა ის არის, რომ ვიცი, შენ ხვალ ინანებ და მერე მე ვით ვიგრძნობ თავს. ვიცი, შენ არ ხარ დარწმუნებული არც საკუთარ თავში და არც ჩემში. არ გაჩქარებ იმაში დასარწმუნებლად, რაც ისედაც აშკარაა. მეორედ აღარ მინდა ჩემი ეჭვიანობა თინეიჯერული ხერხებით სცადო, კარგი? მე გენდობი. დაიძინე ახლა.
კიდევ ერთხელ აკოცა ყელში გატრუნულსა და ენაჩავარდნილს და თვითონაც გადაბრუნდა. აღარაფერი უთქვამს დეკას, უკმაყოფილების და კმაყოფილების გრძნობები ებრძოდნენ ერთმანეთს მის გულსა და გონებაში.
სანამ მომხდარის გადახარშვას მოასწრებდა, მანამ ჩაეძინა. მშვიდად.
მეათე თავი
ცოლი
სვანეთამდე გზის ნახევარზე მეტი ძილში გაატარა დეკამ. აჯაყჯაყებული, მთაზე გამოკიდებული გზებიდან როგორც კი ტრასაზე გავიდნენ, მაშინვე ჩაეძინა.
ჯერ კიდევ ლურჯი განთიადი იდგა სახლი რომ დატოვეს. ალიც საქმეზე გაეშურა ქორწილის შემდეგ, თორღვა თამთასთან ერთად თბილისში წავიდა. შატილში გურამი დარჩა მხოლოდ. ყველა რაღაცას საქმიანობდა და არკვევდა. დიდი შეთქმულება
მზადდებოდა ალბათ. დეკა როცა მიხვდა მომაბეზრებელი კითხვებით ვერაფერს დასტყუებდა ლაშას, გადაწყვიტა ჩუმად დაკვირვებოდა მოვლენებს და ხელსაყრელ დროს ჩარეულიყო საქმეში. მშვიდობიანმა შეტევამ გაჭრა. ლაშას სვანეთში მიჰყავდა ვინმე ფიცხელიანებთან შესახვედრად. მეგობრობა და საქმე გვაკავშირებსო, მოკლედ მოუჭრა და აღარც დაუმატებია მეტი ინფორმაცია.
-კიდევ კარგი გაიღვიძე, -მოწკურული თვალებით გადმოხედა ცოლს, როგორც კი ოდნავ წამოჯდა დეკა და სავარძელი გაასწორა. ასეთ მზერას ყოველთვის მწარე კომენტარს ან ხუმრობას აყოლებდა ხოლმე არაბული. -ერთი ოცჯერ დამიძახე. რიკოთამდე ვითვლიდი, მერე ამერია… ჩემზე რომ აბოდებ კი ვიცი, მაგრამ ამდენადაც…
-მესიზმრებოდა, როგორ გაწამებდი და ძალიანაც სასიამოვნო იყო!
-ეგ ფხიზელსაც კარგად გამოგდის, მაგრამ არამგონია, ასეთი ნასიამოვნები ჩემი წამების ყურებით ყოფილიყავი. -თვალი ჩაუკრა და გზას გახედა. ლურჯ აბრაზე მასიური ასოებით ეწერა “სამტრედია”. მესტიამდე 207 კილომეტრი. -ცოტა ხნით გავჩერდეთ. არ გშია?
-ბევრი დაგვრჩა? -ხელები მთელი ძალით გაშალა დეკამ, მანქანიდან რომ გადმოვიდა.
-ერთი ამდენი კიდე. მესტიაში ავიღე სასტუმრო.
-ჩემთვის ცალკე აიღე ოთახი? -ონავარი ბავშვის თვალებით შეხედა. ლაშამაც ისე გაუღიმა, როგორც დანაშაულზე წასწრებულ ბავშვს.
-დეკა, ზღაპრები ძილის წინ უნდა მომიყვე და არა ახალგაღვიძებულზე. -მანქანა ჩაკეტა და ქალაქის ცენტრში გაისეირნეს.
-მიყვარს პატარა ქალაქები. აქ პირველად ვარ. სვანეთშიც კი არ ვყოფილვარ არასდროს. -ინტერესით ათვალიერებდა დეკა ყველაფერს.
-მე არ მიყვარს ქალაქები, არც დიდი და არც პატარა. -ცხვირი მოჭმუხნა ლაშამ.
-სულ სოფელში გინდა იცხოვრო?
-ხო, მინდა. თბილისში გატარებული წლები სულ ჯოჯოხეთურად მახსენდება.
პატარა კაფეში დასხდნენ. ათი საათი იყო ჯერ და მათ გარდა არავინ შესულა ახალგაღებულ დაწესებულებაში.
-მე მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთურად მახსენდება. ახლა ხომ ყველაფერი უარესდება საერთოდ. ყველა და ყველაფერი თბილისში იყრის თავს და გაუსაძლისია იქ გაჩერება.
-შენ ხოხბის რომელი ფრთის ჩამომავალი ხარ? -ირონიულად მოუვიდა არაბულს.
-არა რატომ? ეგ არ მიგულისხმია. თბილისი ყველა ქართველისაა, არც ვამტყუნებ ვინც უკეთეს პირობებს დედაქალაქში ეძებს. სამწუხაროდ ზედმეტად ცენტრალიზებულია ჩვენი ქვეყანა. დედაქალაქის გარდა ფაქტობრივად არსად არაფერი კეთდება, აქაურობას შეხედე თუნდაც, -ვიტრინისკენ გაიშვირა ხელი. ერთი-ორი მანქანა და რამდენიმე ქვეითი მოძრაობდა აქა-იქ. -ამ დროს თბილისის ყველაზე შორეულ გარეუბანშიც კი აუტანელი ყაყანია, ყველას სადღაც ეჩქარება. აქ რომ იყოს კარგი უნივერსიტეტი, უკეთესი სამუშაო პირობები და ერთი-ორი გასართობი ადგილი, რომელიც ცხრა საათზე არ დაიკეტება, ხომ არ წავიდოდნენ ახალგაზრდები? ამ პრობლემას დროზე თუ არ მოევლება, საქართველო მხოლოდ თბილისი იქნება, სხვა დანარჩენი - გარეუბანი, ან აგარაკები, სადაც დასასვენებლად ჩადიან ხოლმე. ვისაც ქალაქიდან წასვლა უნდა, ის მაინც გადავა თბილისში, მაგრამ გადინება ასეთი მძლავრი არ იქნება, თუ სხვა ქალაქებშიც შეძლებენ ახალგაზრდები მომსახურების სფეროს გარდა სხვაგან დასაქმებას.
-არ გინდა კენჭი იყარო? -ღიმილიანი სახით უსმენდა სკამის საზურგეს მიყრდნობილი.
-ნწ, -ცხვირი უკმაყოფილოდ აიძუა დეკამ, -მე არ ვიქნები კარგი პოლიტიკოსი.
-ხო, შენ უფრო დიქტატორი… დემოკრატიული გზით თანამდებობაზე მოსვლა არაა შენი სტილი.
-რა დამახინჯებული წარმოდგენა გაქვს ჩემზე! -თვითონაც გაეცინა ლაშას “ბრალდებაზე”. -შენ რას სწავლობდი?
-პოლიტიკის მეცნიერებას.
-მართლა? მერე მე მთავაზობ პოლიტიკოსობას? განათლება სამაგისო გქონია.
-ექვსი წელი ვისწავლე და ერთადერთი იმას მივხვდი, რომ ჩემგან პოლიტიკოსი არ გამოვა.
-ხო, არ გამოვა შენგან პოლიტიკოსი.
-ე, რატო? არა, მართალი ხარ, მაგრამ რატომ? დამისაბუთე. -წარბები აწკიპა.
-სამართლიანი და ზედმეტად გულწრფელი ხარ ერთდროულად. დაიტანჯები იმ სიბინძურეში, სადაც პოლიტიკოსები ბანაობენ. თან შენი სამშობლო გიყვარს და მისთვის მართლა გინდა კარგი გააკეთო, ასეთებს დიდხანს არ აჩერებენ არათუ პოლიტიკაში, არამედ მიწის ზემოთ. მე კიდევ არ მსურს ნაადრევად დაქვრივება. თან შენს მხარეს უფრო სჭირდები.
-შენ?
-რა მე? -გაუკვირდა დეკას.
-შენ სად გინდა, რომ იყო? რას გინდა რომ აკეთებდე ცხოვრებაში?
-ხალხის დახმარება მომწონს, -მხრები აიჩეჩა და ცხელი ხაჭაპური რომ ჩაკბიჩა, ცრემლები წასკდა სიმწრისგან. თავისი ჭიქა წვენი მიაწოდა ლაშამ, ლამის ზედ ტუჩებზე მიადო და საკუთარი ხელით დაალევინა.
-სადაც საჭირო ვარ, იქ მინდა ვიყო. ასე კონკრეტულად არ ვიცი, ცოტა დავიკარგე.. -უხერხულად გაეღიმა, არ უნდოდა ჩამოუყალიბებელი და შეუმდგარი ქალის შთაბეჭდილება დაეტოვებინა ქმრისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მასზე ბოლომდე სწორი წარმოდგენა შექმნილი.
-ვინც დაეხეტება, ყველა დაკარგული კი არ არის, დეკა.
-ტოლკინი? რას წარმოვიდგენდი, -წარბები აზიდა გამხიარულებულმა, -ამ ამბამდე ბევრგან ვიყავი მოხალისე, მასწავლებელი, არასამთავრობოების წევრი. მერე ყველაფერი აირია.. იცი, ერთ დღეს კოშკებს ვათვალიერებდი შატილში, უმეტესობა ავარიულია, იქნებ როგორმე დავუკავშირდეთ საჭირო ხალხს… ბევრ სოფელს ჯერაც არ მიეწოდება ელექტროენერგია, გზები შენც იცი როგორია. სკოლებში მასწავლებლები არ ჰყავთ ბავშვებს, ექიმები ხომ საერთოდ… რატომ იღიმი?
-არაფერი ისე, -წვენი ისე მოსვა, დეკას თვალს ვერ წყვეტდა. -ეს ამბები რომ ჩაივლის, თუ ისევ გენდომება იმ საგიჟეთში ცხოვრება, უნდა იცოდე, რომ მთას შენ სჭირდები. უცნაურად მოხვდა გულზე. ოდნავ ეტკინა და იმედგაცრუებულად იგრძნო თავი, ლაშამ შორეულ მომავალშიც რომ დაუშვა მისი წასვლა. არადა, არაფერი იყო ამაში წარმოუდგენელი და გასაკვირი. პირიქით, მისი გეგმები გაითვალისწინა, რომელიც შეიძლება ჰქონოდა, როცა ქარიშხალი ჩაივლიდა. გაითვალისწინა ცხოვრება, რომელსაც დეკა სურვილის შემთხვევაში დაუბრუნდებოდა და რომელიც აღარც კი ახსოვდა როგორი იყო შატილიონების გარეშე.
ჩუმად დაასრულეს საუზმე და გზა განაგრძეს.

ფიცხელიანების სახლი მესტიიდან ცოტა მოშორებით, პატარა და ლამაზ სვანურ სოფელში იდგა. ეზოში ხეებზე საქანელები ჩამოეკიდათ და ზედ შემომჯდარ პატარა ქერა კულულებიან გოგოს შედარებით უფროსი ბიჭი აქანავებდა. ჭიშკარს მომდგარი უცხო მანქანა რომ შენიშნა პატარა მასპინძელმა, გოგოსთან თამაშს თავი მიანება და იქეთკენ წამოვიდა, სადაც ლაშა და დეკა იდგნენ.
-ლაშა ძია, შენა ხარ? -ჰკითზა წარბებშეჭმუხნულმა სვანური კილოთი. გაეცინა მის კაცურ გამომეტყველებაზე დეკას.
-მე ვარ, გიო.
-შემობრძანდით, -ჭრიალით გაუღო კარი სტუმრებს, დეკას თვალს არ აცილებდა. სიმორცხვისგან ლოყებიც შეუვარდისფრდა. -ეს მშვენიერი ქალბატონი ვინ არის, ლაშა ძია?
-ჩემი ცოლია, გიორგი, -წელზე ხელი მოხვია ქალს და ინერციით მისკენ წასულს ლოყაზე აკოცა.
-მე ხომ ბედი არა მაქვს, -ჩაიდუდღუნა იმედგაცრუებულმა და თავის დას დაუბრუნდა, სახლიდან გამოსული მამა რომ დაინახა.
-მომეჩვენა თუ პატარა ბავშვს გაეჯიბრე? -წარბები შეუკრა დეკამ და მოსცილდა.
მაღალი, მხრებგაშლილი სვანი ღიმილიანი სახით შემოეგება მოსულებს. მზარზე რამდენჯერმე მაგრადაც შემოსცხო.
-როგორა ხარ, ბიჭო! ქვეყანა თუ არ დაიქცა, შენ ისე არ უნდა მნახო?
-არ გრცხვენია, ბექუშ? აგერ ნახე, ცოლი მოგიყვანე ყველა დანაშაულის გამოსასყიდად. გაიცანი, დეკა, ჩემი მეუღლე. ეს არის ბექა ფიცხელიანი, ახლობლებში ბექნუ, ჩემი ძმაკაცი.
-სასიამოვნოა.
ტრადიციული რიტუალები ჩაატარეს ახალგაცნობილებმა და სახლში შევიდნენ.
-ლილე სადაა?
-აუ, არ მითხრა..შველი მოიშინაურა და ბავშვებზე მეტად მაგათ უვლის. ბანს ეხა უკან ეზოში. გამოვა მალე.
-გიორგი რამხელა გაზრდილა! მიცნო, ბიჭო.
-ხო, კატოს გაუჭირდებოდა ცნობა. რანაირი ნათლია ხარ?!
-შენ სვანეთში ხარ გახიზნული, მე შატილში, რთულია. დემე სად არი?
-მოვა მალე. კახაც მოვა და ყველა, ვინც საჭიროა.
-ძალიან კარგი, -ოთახში ავარდნილი შეთქმულების სურნელი ლამაზი ქალის შემოსვლამ გაფანტა. ლაშას დანახვისას სახე გაუნათდა და მიხვდა დეკა, ეს უნდა ყოფილიყო ბექნუს ცოლი ლილე.
-რა სასიამოვნოა! -დეკასაც ყურებამდე ღიმილით შეეგება ქალი. -არ მეგონა ეს თუ ოდესმე ცოლს მოიყვანდა.
-სასწაულებიც ხდება, -გაუღიმა დეკამ და ქმარს გადახედა, უნდა გაეფრთხილებინა ვისთან მოჰყავდა.
-რა ქენი, დაბანე იამზე?
-ნუ ეძახი-მეთქი ჩემს შველს იამზეს. ნუკრია, უბრალოდ ნუკრი. -დაუმარცვლა ქმარს ლილემ.
მათთან დრო სწრაფად გადიოდა.
ლამაზი ოჯახი ჰქონდათ, ორი შვილი ჰყავდათ და ერთი შველი, იამზე. არასდროს რომ არ მოგინდება მათი ყურება, ისეთები იყვნენ და წამით თავადაც დაავიწყდა დეკას, რამ მოიყვანა აქამდე და რატომ იჯდა არაბულის გვერდით, უბრალოდ ბუნებრივ სიტუაციაში თავს პლასტმასის დეკორაციად არ გრძნობდა და ესეც საკმარისი იყო მისთვის.
მერე დემეტრეც მოვიდა, კახა მეშველიანიც შემოემატათ. ლილემ ბავშვები დასაძინებლად გაიყვანა და სუფრა ისე დასერიოზულდა, ყურადღებად იქცა დეკა.
-აბა, აქ რამ ჩამოგიყვანა, ხევსურო? -სკამის საზურგეზე გადაწვა დემეტრე. დეკას თვალს არ აშორებდა და ისეთი გამჭრიახი მზერა ჰქონდა, თითქოს ყველაფერს ისედაც ხვდებოდა.
-დავიდოვმა. -იდაყვები მაგიდაზე დააწყო ლაშამ. ხმა გაეყინა და ისეთი სუსხი შემოერია, როგორც გაბრაზებისას იცოდა, -არ გვეშვება ხევსურებს, ხალხს ქათმებივით გვიხოცავს. კვერნასავით ღამე გამოდის და გათენებამდე ქრება. ახლა დიდი ხანია საეჭვოდ დუმს. ეჭვი მაქვს თქვენი მხრიდანაც გააქვს და შემოაქვს, რასაც მოისურვებს.
-და ჩვენ რა უნდა ვქნათ?
-უნდა გავარკვიოთ, ვინ ეხმარება. რომელი ქართველი. თქვენგან მეტი არაფერი მჭირდება.
-და მერე რას აპირებ? დავუშვათ, გაარკვიე. მერე? -ჩაეძია კახა. აშკარად მოსწონდა დაძაბული და ჩახლართული სიტუაციის ნაწილი რომ იყო.
-დავიდოვამდე მიმიყვანს.
გაკვირვებით გახედა დეკამ. თითქოს არ სჯეროდა მოსმენილის, ისეთ სისულელეს ამბობდა მისი ქმარი.
-არ იქნება ეგრე მარტივი. თან ხომ იცი, ეს ამბავი ერთი ქართველის დონეზე რომ არ წყდება. ზემოდანაც იქნებიან ჩართულები.
-შენ რა გინდა დავიდოვთან? -თვალები მოჭუტა დემეტრემ, -და შენი მეუღლე შემთხვევით ის ქალი ხომ არაა, ვისაც დავიდოვი მთელს ქვეყანაში ეძებდა, ჰა?
-მე ვარ, -წარბები აზიდა დეკამ, -ნამდვილად არ ვიცოდი, აქამდეც თუ ამოაღწია ჩემმა სახელმა.
-და ლაშა შენზე დაქორწინდა მისგან რომ დაეცავი. მაგარია. -გაეცინა დემეტრეს და ხელები ჰაერში აღმართა, თითქოს ზეციერისთვისაც სურდა მადლიერების გამოხატვა ასეთი ბრწყინვალე გზაჯვარედინისათვის.
-მე ვარ, -წარბები აზიდა დეკამ, -ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, აქამდე თუ ამოაღწევდა ჩემი სახელი.
-დამიჯერე, ვისაც საზღვართან რამე შეხება ჰქონდა, ყველას გააგებინა იგორმა. -ჯერ დეკას შეხედა დემეტრემ, შემდეგ ლაშას და თვალები მოჭუტა. -ვერ გავიგე, არაბული, სულელი ხარ თუ ზედმეტად შეყვარებული..
-სიმართლე გითხრა, მაგ ორს შორის დიდი განსხვავება არაა, -ხმადაბალი საუბრით დაბრუნდა ლილე ოთახში, -ხმას დაუწიეთ, ძლივს დავაძინე ბავშვები.
-ანუ დამაკავშირებთ საჭირო ხალხთან? -თქვა არაბულმა, დემეტრეს კითხვა დააიგნორა.
-მერაბ გველესიანი. ხვალ თავის სასტუმროში შეხვედრა აქვს მსხვილ უცხოელ ინვესტორებთან, აქაურობის პერსპექტიულ ტურისტულ ზონად ქცევაზე ზრუნავს. -წაისისინა კახამ. არ ჰგავდა გველესიანის იდეებით მოხიბლულ ადამიანს, -შენც დაგასწრებთ.
-მეც მინდა დასწრება. -ინიციატივა გამოთქცა დეკამ. მის გვერდით მჯდომი ქმრის დაძაბული სხეულისთვის ყურადღება არ მიუქცევია. უფრო სწორად, არ უნდოდა, რომ შეემჩნია, მაგრამ დაუფარავად მაინც სურდა მის რეაქციაში მხარდაჭერის ნაფლეთები დაენახა.
-არავითარ შემთხვევაში. -რა თქმა უნდა, სულ ტყუილად სურდა.
-ვეთანხმები ლაშას, არამგონია შენი გამოჩენა კარგი იდეა იყოს, დეკა.
არც გაკვირვებია ცერცვაძეს, ძმაკაცს რომ აუბა მხარი ფიცხელიანმა. მზერა გაცვალა წარბებაზიდულ ლილესთან. თითქოს ისიც ვერ ხვდებოდა დამალვის საჭიროებას.
-რატომ?
-არ ვიცით, დავიდოვი რას იზამს, თუ გამოჩნდები. მისი არაპროგნოზირებადი საქციელი ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდება, დეკა.
-როგორც შენი ცოლი ისე გამოვჩნდები, საჭიროა ჩემი ჩართვაც ამ საქმეში, რატომ ვერ ხვდები? -თვალი თვალში გაუყარა ქმარს დეკამ. ისეთი მდგრადი და ძლიერი იყო მზერით შემდგარი კავშირი, თითქოს ჰაერი გამყარდა მათ შორის.
ოდნავ აზიდა ტუჩის ცალი მხარე ლაშამ.
-ეს წვეულება არ იქნება, დეკა.
-ხო მართალი ხარ, -ირონიანარევი ბრაზით ჩაეცინა დეკას, -ბიზნეს შეხვედრაზე ქალს რა ესაქმება? დეკორაციები მხოლოდ დღესასწაულებზეა საჭირო, არა?
-იქნება ქალიც, -შეკავებული ღიმილით ჩაურთო კახამ. -ნატალია ნიკოლაევა.
-ქალი კი არა სატანაა. ერთი აჭარელი ბიზნესმენის ქვრივია.
-ხოდა, მითუმეტეს. -კმაყოფილი მზერა აჩუქა ქმარს დეკამ. უცნაური უკმაყოფილების გრძნობამ დაუარა მუცელში უცხო ქალის ხსენებისას.
ლაშამ თავი გააქნია. შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში აქ და ახლა.
*

მანქანით მგზავრობის პირველი რამდენიმე წუთი მშვიდად გაატარეს. ორივე ერთმანეთის პირველ სიტყვას ელოდა, თითქოს ბრალი რომ დაედოთ ბოლოს ერთმანეთისათვის კამათის დაწყებაში.
-ჩემთვის ბოდიში გაქვს მოსახდელი, -პირველად დეკას მოთმინებას გამოუჩნდა დასასრული. ლაშას გაეღიმა.
-რისთვის? -იკითხა გულწრფელად და წარბებაზიდულმა გადმოხედა ცოლს. -როგორც მახსოვს, მე არ გავჭირვეულებულვარ პატარა ბავშვივით.
-ზუსტად მაგიტომ! -ხელები ჰაერში შემართა დეკამ. -შენი დამოკიდებულების გამო ქალებისადმი. სერიოზულ შეხვედრაზე ქალს რა უნდა, ქალი ხომ სამკაულია, მამაკაცის სამშვენისი! თუ რამეს აპროტესტებ, პრეტენზიული და ჭირვეული ხარ!
-ღმერთო ჩემო, არ მესმის ადამიანს, რომელიც ამდენ სუფთა ჰაერს სუნთქავს, როგორ მოსდის თავში აზრად ამდენი სისულელე.
-აჰა! კიდევ შეურაცხყოფას მაყენებ. -გულწრფელობა რომ დაეტყო დეკას წყენას, ლაშამაც დასერიოზულებული, ცოტა გაოცებული სახით გამოხედა. -ნუ მიყურებ ისე, როგორც ლაპარაკობ!
მანქანა სასტუმროს ეზოში შეაყენა და შესასვლელისკენ რაკეტასავით გავარდნილ წითურ თავს გაოგნებულმა გააყოლა თვალი. დინჯი ნაბიჯებით გაყვა უკან და ოთახში შესულმა რომ დაინახა, სახეც იმ ფერისა გახდომოდა, როგორიც თმა ჰქონდა, მთელი ენერგია ღიმილის შეკავებაზე დახარჯა, უარესად რომ არ გაეწბილებინა ცოლი.
-მე შენ შეურაცხყოფას არ გაყენებ და არც არასდროს მოვიქცევი ასე…
-აბა, ჩემს ყველა ნათქვამს სისულელეს და ზღაპარს რომ ეძახი, რა არის ეგ?
-უბრალოდ გაოგნებული აღვნიშნავ, რომ თურმე შენისთანა ჭკვიან ქალებსაც მოსდით ათასში ერთხელ სულელური აზრები თავში, -ხელებგაშლილი ისე ფრთხილად იდგა დეკას წინაშე, როგორც გამნაღმველი. რომ მიხვდა ქალი პასუხს აღარ აძლევდა, ლაპარაკი განაგრძო. -ჩავთვლი, რომ ის, რაც ჩემი ქალებისადმი დამოკიდებულებაზე თქვი, უბრალოდ, მხოლოდ ჩემს გასაბრაზებლად..
-რაში უნდა მინდოდეს ერთი შენი გაბრაზება? -გულზე ხელები გადაიჯვარედინა დეკამ. საღად მოაზროვნე ქალი უბრუნდებოდა მის სხეულს და მას სულაც არ მოსწონდა ის სიტუაცია, რომელშიც ეჭვიანობით დაბრმავებულმა გოგომ შეიტყუა.
-რომ არ შეგეწინააღმდეგე და იმის მტკიცება არ დაგიწყე, რომ ქალებს ვაფასებ და პატივს ვცემ, გონებრივად რომ ჩემს სწორად მიმაჩნიან და სამკაულებად არ აღვიქვამ, ჩემი აზრით, მაგან გაგაბრაზა. არადა, მეგონა, ამის მტკიცება არ დაგჭირდებოდა ჩემგან.
-გონებრივად სწორი რაღაა? -უკან დაიხია დეკამ, მოახლოებულ მარცხს გრძნობდა თითქოს და უნდოდა გაქცეოდა. -ქალები და კაცები თანასწორები არიან ყველგან და ყველაფერში.
-არ გინდა ახლა ეგ ბაზარი, -წარბები აწკიპა და ქალის შეშფოთებული სახის დანახვისას კბილებს შორის გამოექცა ღიმილი. ორი ნაბიჯი გადადგა მისკენ და მაგიდაზე საჯდომმიწებებული ხელებს შორის მოიქცია. ზედ მკერდზე სცემდა დეკას მისი სუნთქვა და ხვდებოდა ამას ლაშა. -ბუნების კანონია ეგეთი, მე შენზე მეტი ძალა მაქვს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ შენზე ძლიერი ვარ. ახლა რომ სცადო, ხელებს ამ მაგიდიდან ვერ ამაწევინებ, მაგრამ მე შემიძლია მაგიდაზე შემოგსვა, ან მაგიდიდან ჩამოგსვა და ზურგით მოგაბრუნო.
-რა მაგარი ხარ? ქალს როგორც გინდა ისე დაატრიალებ, არა?
-მეც მაგას ვამბობ. -ლოყასთან მიუტანა ტუჩები საკოცნად, მაგრამ არ უკოცნია. -ის, რომ შენზე მეტი ძალა მაქვს, შენზე ფიზიკურ უპირატესობას მაძლევს, მაგრამ არ გაგიკეთებ იმას, რაც შენს თვალში დამადაბლებს და შემასუსტებს. თუ არ ვთვლი, რომ გონებით, ინტელექტით, ღირსებით, თუ რაც გინდა ის დაარქვი, ჩემი სწორი ხარ, რატომ მაღელვებს მაშინ შენ რას იფიქრებ ჩემზე? რატომ მაინტერესებს, რას ფიქრობ სხვებზე?
-მაგ მიზეზით არ თანხმდები იგორთან ჩემს შეხვედრას? -თავი უკან გადასწია დეკამ. არსად გაქცევა იქნებოდა საკმარისად შორი, იმდენად მოედო და შემოეხვია მის სხეულს ლაშას მაგნიტური სითბო. მუცლით ეხებოდა მუცელზე და ხვდებოდა, როგორ იმღვრეოდა ატმოსფერო ნორმალურიდან რაღაც მეწამულ, ლიქიორისებრ სასიამოვნო მასაში. -გგონია, ჭკუა მეყოფა, მაგრამ თავს ვერ დავიცავ?
-მგონია, იმაზე ჭკვიანი ხარ, ვიდრე იგორს სჭირდება, რომ იყო. იმაზე ლამაზი ხარ, ვიდრე ვინმე აიტანს, რომ მისი არ იყო, ჩემი ჩათვლით.
-შენი ცოლი ვარ, -ამოილუღლუღა საკუთარი გრძნობებით და იმით შეშინებულმა, რომ იქნებ ლაშას სიტყვების ქვეტექსტი არასწორად ამოიკითხა. აელვარებული თვალები უდარდელად და ცოტა არ იყოს, უტეხად რომ მოატარა მის სახეს არაბულმა, უარესად აეწვა სახე და გულ-მუცელი. მუხლები დაძაბულობისგან გაუკავდა.
-ხარ. -ყელისკენ ზანტად წაიღო ტუჩები და სუნთქვით გაუთბო ის ადგილი, რომელიც საკოცნად ამოირჩია. დეკამ რომ მაგიდაზე შემოჯდომა და უკან გადაწევა მოინდომა სიახლოვის სიშორედ საქცევად, ცეცხლზე ნავთი დაასხა მხოლოდ. სისხარტეში ვერ აჯობა. წელზე მოხვია ცალი ხელი და უარესად აიკრა. -მომწონს, შენი პირით როცა ამბობ.
-მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი ვარ. -გულმკერდზე დაადო აკანკალებული ხელები დეკამ. ყველა უჯრედი კანიდან გამოღწევას ცდილობდა, იმდენად სტანჯავდა მხოლოდ სიახლოვით გამოწვეული სიამოვნება. -დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. არავის არ ვეკუთვნი, შესაბამისად...
-ხანდახან მგონია, ეგეთ რაღაცებს იმიტომ ლაპარაკობ, რომ ყურადღება გადაიტანო ჩემგან. -ყელიდან ცხვირი და ტუჩები არ ამოუყვია, ისე უთხრა. ირიბად ეხებოდა, კოცნის და მოფერების გარეშე. მის თითოეულ რეაქციას სწავლობდა თითქოს, საჭირო დროს რომ ჩაევლო. -კიდევ რომ არ წაგძლიოს სურვილმა და არ მაკოცო...
-მე თვითონ გადავწყვეტ სად წავალ და სად - არა. -მიმწყდარი ხმით აგრძელებდა გონებაში ძლივს გამოძებნილი სიტყვების გაჟღერებას დეკა. მხარზე რომ აკოცა, საბოლოოდ შემოებურა მის გონებას მეწამული, ბლანტი ნისლი და თავი გადახარა, ადგილი რომ გამოეთავისუფლებინა საკოცნად.
-რა თქმა უნდა. მე უბრალოდ დაგეხმარები, რომ სწორად გადაწყვიტო. -ღიმილიანი მზერა მოავლო ქალის მიბნედილ თვალებს, თეძოებზე შემოხვია ხელები და მაგიდიდან ჩამოსვა. -ლამაზი კაბა გაქვს წამოღებული?
-რა? -უკმაყოფილოდ და დაბნეულმა შეკრა წარბები დეკამ, ცოტა გული დასწყდა რომ მოშორდა ლაშა, უფრო მეტად კი გაბრაზდა, თავად რომ ვერ მოიფიქრა პირველმა მისი თავიდან მოცილება.
-შენ არ გინდოდა ჩემი სამშვენისი რომ ყოფილიყავი? ხოდა, კაბა გაქვს-მეთქი ხვალისთვის? -ენის მოჩლეფვაღა აკლდა მის ღიმილიან გამომეტყველებას, პატარა ბავშვთან მოლაპარაკეს რომ დამსგავსებოდა.
-მაქვს! -გულმოსულმა უპასუხა. მოკრიფა თავისი ნივთები და სააბაზანოში შეძვრა მანამ, სანამ ყველა გრძნობის და ფიქრის ამოკითხვას მოასწრებდა არაბული. -სად ვიშოვო ახლა კაბა?!
საკუთარ თავს ჰკითხა დეკამ სარკეში. მთელი სახე უღუოდა წეღანდელი ამბის შემდეგ. ზედ სახეზე ეწერა ლაშას ქმედების ყველა შედეგი.
*
ხანდახან ქალები გაუჩენელს რომ აჩენენ ხოლმე ერთმანეთისთვის, ზუსტად ის „ხან“ მომენტი ედგა დეკას. ჯერ თუთას დაურეკა, რომელიც ლილეს დაუკავშირდა და ლილე პატარა ყუთით ხელში იდგა დილით სასტუმროს შესასვლელთან, სადაც საიდუმლოდ უნდა შეხვედროდა დეკას, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ სურდა ამ ამბის ქმართან გამჟღავნება. სიამაყე ისედაც საკმარისად ჰქონდა შელახული მის თვალში, ახლა ეს უწყინარი ტყუილიც რომ დამატებოდა, ალბათ, ტირილსაც დაიწყებდა სასოწარკვეთისგან. მერე არაბულის უცნაური ხუმრობებისა და გამოხედვების უსასრულო ნუსხას კიდევ რამდენიმე მიზეზი დაემატებოდა დეკას გასამწარებლად.
-უთვალავი მადლობა! უვნებელს დაგიბრუნებ.
-რისი მადლობა, დეკა. და ფრთხილად იყავი. არ მეგონა, ლაშა თუ დაგთანხმდებოდა.
-ძალიან ფრთხილად ვიქნები. კარგად, ლილე. არ დაგივიწყებ.
გულზე ყუთმიხუტებული ავარდა თავის ოთახში. ლაშა სადღაც გაუჩინარებულიყო და საღამომდე უამრავი დრო ჰქონდა მოსამზადებლად.
-ვაუ, -კაბა რომ საწოლზე გაშალა, დაუფიქრებლად დასცდა მის ტუჩებს გაოგნებული ბგერები.
ვეღარ მოითმინა და უცებ გადაიცვა. კობალტისფერი, მკვეთრად ლურჯი აბრეშუმის კაბამ უფრო მეტად ამოუნათა სახე და წითელი თმა. მუხლს ქვემოთ სიგრძის და ბარძაყთან ზომიერად ჩაჭრილი. აღფრთოვანება ვერ დამალა, ზუსტად ასეთი უნდა ცმოდა. ყველას რომ მაშინვე შეემჩნია.
სასწრაფოდ გაიხადა, იმას რომ არ შემოესწრო, ვისზეც ყველაზე მეტად უნდოდა ეფექტის მოხდენა.

ლაშას დაბარებულ დროს უკვე მზად იყო. ასეთი აღელვებული და გულაჩქარებული საკუთარი ქორწილის დღესაც არ ყოფილა, არადა, მაშინ არც ასეთი ლამაზი კაბა ეცვა და არც ნახევარი დღე გაუტარებია მომზადებაში.
ოქროსფერ ფეხსაცმელებს კმაყოფილი აკვირდებოდა. აშკარად მასზე პატარა ტანისა იყო ლილე, ვერ მიხვდა, ასე კარგად როგორ მოერგო მისი ტანსაცმელი, თუმცა ვის ადარდებდა...
კარზე ფრთხილი კაკუნის გაგონებისას ადგილზე შეხტა. „შემოდიო“ ისე დაიჩურჩულა, თავად ძლივს გაიგო, მაგრამ კედლის იქეთ მდგომს აშკარად არ გასჭირვებია მისი ხმის გამორჩევა.
ნელა შემოაღო კარი. თვითონ განსაკუთრებულად არ ეცვა, ვერც იფიქრებდა ვინმე ოლიგარქების შეკრებაზე თუ მიდიოდა შავ შარვალსა და მაისურში გამოწყობილი. ტყავის ქურთუკი მოეცვა და ასე, ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც კი უზომოდ სიმპათიური და მიმზიდველი ეჩვენა დეკას. განსაკუთრებით იმ კმაყოფილებითა და სიდინჯით სავსე ღიმილით სახეზე, ასე რომ უხდებოდა.
-ლამაზი ხარ. -ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ ლაშამ. ხელის მოკიდებისა ერიდებოდა. არ უნდოდა თითქოს მის წინ მდგომზე საკუთარი ანაბეჭდები დაეტოვებინა, თან შორს ყოფნასაც ვერ ერეოდა.
-გმადლობთ, -ოდნავ გაუღიმა დეკამ და გასასვლელისკენ წავიდა. -არ დაგვაგვიანდეს.
-აქვეა, ნუ გეშინია. -ზურგს უკან მიიხურა კარი. ზედმეტად ახლოს მოძრაობდა მასთან, მაგრამ არ ეხებოდა. დეკასაც შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ განზრახ აკეთებდა ამას, განზრახ იჩენდა ზომიერებას, რომ უარესად გაეგიჟებინა. -შეიძლება ბევრი ცნობილი ტიპი ნახო აქ ერთ ან რამდენიმე საყვარელთან ერთად, ამიტომ არ დაიბნე. ზედმეტად არავისით დაინეტერესდე, არ სიამოვნებთ და დამატებითი მტრები არ გვინდა. მე გვერდიდან არ მომცილდე. შეიძლება, რუსულად წავიდეს ლაპარაკი და მაგისთვისაც მზად იყავი.
-რუსულად რატომ? -წარბები შეკრა მაშინვე.
-ყველაფერს ნუ აპროტესტებ. -წელზე მოხვია ხელი და დეკა გასაშვებად რომ დაეჯაჯგურა, უარესად მიიკრა. -ნუ აპროტესტებ-მეთქი ყველაფერს.
-შენი აზრით, გასაპროტესტებელი არ არის შენს ქვეყანაში სხვა ენაზე რომ გთხოვენ ლაპარაკს?
-ახლა აქტივიზმის დრო არ არის. არც მე მსიამოვნებს, მაგრამ უადგილო და სულელური იქნება ჯიბრში ჩაუდგე მილიარდელებს, რომლებსაც ერთ ლუკმადაც არ ეყოფი.
-არ დავილაპარაკებ რუსულად.
-შენ და თორღვამ მოკლედ არ იცით, თავი როგორ გამოიდოთ რა, -ერთი ამოიოხრა და ლიფტის ღილაკს მიადო თითი.
-იმ ხალხს რა უნდა უთხრა? ჩვენ ვინ ვართ, რატომ მივდივართ საერთოდ.
-ვინც ვართ, ის ვიქნებით იქაც. ლაშა და დეკა. ერთმანეთზე გაგიჟებით შეყვარებული ცოლ-ქმარი. გვაქვს იდეები ჩვენი მხარის ტურისტულ ზონად საქცევად. უნდა გავაღიზიანოთ გველესიანი.
-გავაღიზიანოთ? რატომ?
-საფრთხე უნდა იგრძნოს. -ლიფტიდან გაატარა და ისევ დაადო წელზე ხელი. ოდნავ გაეღიმა დეკას შემცბარ რეაქციაზე და წინ უბიძგა. -რომ მისი ინვესტორები ჩემთან წამოვლენ და ფულს წავართმევ. მე მოვთხოვ სანაცვლოდ დავიდოვამდე მიმიყვანოს, რომ თავიდან მოვიშოროთ ეგ წურბელა.
-რა ვიცით, რომ წამოეგება?
-უნდა წამოვაგოთ. -თვალებში ჩახედა. ნდობასა და ერთობას სთხოვდა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ მარტო არ იდგა ამ გზაჯვარედინზე.
-კარგი. მე მზად ვარ.
*
ძვირფასი რესტორნის ყველაზე დიდ დარბაზში შეკრებილები მშვიდი, მომღიმარი სახეებით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. სარკესავით ირეკლავდა მათ გამოსახულებებს პრიალა კედლები და ჭერი. მიუხედავად იმისა, რომ პრიზმასავით ათასჯერ ირეკლავდა ადამიანევის გამოსახულებებს იქაურობა, დეკას მოეჩვენა, რომ მათი ნამდვილი სახის დასანახად მილიარდი გამოსახულებაც კი არ იქნებოდა საკმარისი.
-ლაშა! შენ აქ რამ მოგიყვანა?! -მათკენ დაიძრა მაღალი, სიმპათიური მამაკაცი, თუმცა ლაშას ელაპარაკებოდა, გაკვირვებანარევი თვალებით დეკას ათვალიერებდა.
-რა პატარაა, არა, ეს ქვეყანა, კოტე? -ისე ჩამოართვა მოსულს ხელი, დეკას მილიმეტრითაც არ მოშორებია. -გაიცანი ჩემი მეუღლე, დეკა.
-სასიამოვნოა! -ხელზე აკოცა ქალს, ამჯერად ლაშას არ აშორებდა მზერას, თითქოს მისი რეაქციის გაგება სურდა.
არაბულს სიმკაცრეშეპარული ტრადიციული სიმშვიდის გარდა არაფერი ეწერა სახეზე.
-ნამდვილად მშვენიერი ქალბატონი შეგირჩევია საცოლედ.
-მისი თანხმობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. -ნაზად დაუსვა წელზე ხელი, თავდასასხმელად რომ შეიმართა ქალის სხეული და მხარზე მიიკრა.
-ძალიან გამიკვირდა შენი აქ ნახვა, ლაშა. არ დაგიმალავ და ყველაზე ნაკლებად სწორედ შენს ნახვას მოველოდი.
-არაუშავს, უფრო ხშირად რომ დამინახავ, გაკვირვება გადაგივლის, კოტე.
-ბიზნესში ახლებს არ ინდობენ, ლაშა, ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, ფრთხილად იყო.
-ახლების მხოლოდ იმათ ეშინიათ, ვინც თვლის, რომ თავად მოძველდა და სიახლეებს ფეხს ვეღარ უწყობს, -ისეთი ნაზი და ცივი იყო ერთდროულად დეკას ხმა, ჰაერი გაიყინა თითქოს მის ირგვლივ, -მე და ჩემმა მეუღლემ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შემდეგ გადავდგით, დარწმუნებულები რომ არ ვიყოთ, გიგანტებს გავუძლებთ, აქ არ ვიქნებოდით.
-ჭკვიანიც ყოფილა, -დაუყვავა ლაშას, მლიქვნელურად იღიმოდა, თავი დაუკრა წყვილს, -თქვენის ნებართვით.
-ზედმეტად ხისტი ხარ, -შუბლზე აკოცა ცოლს, ჟრუანტელად დაუარა ერთმა შეხებამ მთელს ტანში დეკას. -მაგრამ მომწონს, უფრო სექსუალურია.
-ზედმეტადაც ნუ შეიჭრები როლში, ძვირფასო.
-რატომ? გეშინია ისევ შენ არ დარჩე მინაბული და მე გაღიმებული?
-მადლობა თქვი, რომ ჩემთან მოკარების უფლებას გაძლევ. -წაუსისინა ღიმილიანი სახით დეკამ. ცეცხლი ენთო უკვე ბრაზისგან გახელებულ გულში და ლაშას სიმშვიდე და ბასრი სიტყვები უარესად ახელებდა მხოლოდ.
-მადლობა.
-მოგკლავ.
-რა ცივსისხლიანი ქალი ხარ. აქ იმდენ ვინმეს გაიცნობ, ვისი მოკვლაც მოგინდება, მე სულ აღარ მოგაგონდები… და ცოტა ვეჭვიანობ.
ძირითადად ევროპელი ინვესტორები იყვნენ, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა რუსი და ისიც გველესიანს ელაპარაკებოდა განცალკევებით. ეამა დეკას ინგლისურად რომ შეძლებდა ლაპარაკს. მარტივად გარია საკუთარი თავი და არც ისე კეთილგანწყობილი სახით მომზირალი არაბული ფულის სურნელის მფრქვეველ ხალხში.
გველესიანის განმარტოებას ელოდა ლაშა. დეკას მოეჩვენა, რომ მხოლოდ ამაზე ფიქრობდა იმ წამს მისი ქმარი.
-ნუ იბღვირები, -შამპანური გაუწოდა და მაცდურად გაუღიმა, -თორემ ჩემი სილამაზე დიდხანს არ გვეყოფა.
მერაბ გველესიანი განზრახ არიდებდა თავს ლაშას, თუმცა სუფრას რომ შემოუსხდნენ და ნელ-ნელა ყველამ საქმეზე დაიწყო საუბარი, ყველა გზა მოეჭრა სვანს. აშკარად არ ელოდა არც ის არაბულს და აშკარად არ სურდა მისი იქ ყოფნა. იოდა, რისთვისაც მოვიდა და იმიტომ. ისიც იცოდა, ლაშა რომ მართალი მოვიდა და თვითონ ვერ უხვდებოდა სიმართლით და სუფთა სინდისით.
-მიხარია, რომ აღმოსავლეთის მთიანეთიც ჩაერთო ჩვენს საქმეებში, -თვალი გამოაპარა წყვილისკენ კოტემ. ვერ გაიგო დეკამ, ეს კაცი ვინ იყო, ვის ბანაკში იბრძოდა, ან თუ იბრძოდა საერთოდ. -თანაც სულ ახალგაზრდები...
-ლაშას ჩვენ ვიცნობთ, -თქვა გამართული, თუმცა კილოიანი ინგლისურით ჟანმა, როგორც გააცნო თავი დეკას ბელგიელმა. -მართლა გვიხარია მისი აქ ნახვა, მის უმშვენიერეს მეუღლესთან ერთად.
-არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ. დეკას და ლაშას საინტერესო იდეები და მიზნები აქვთ. აი, რას ნიშნავს მაინც ახალი სისხლი.
გაქვავებული თვალებით მისჩერებოდა გველესიანი ლაშას. ლუკმა არ გადასდიოდა ყელში და მალე იმ ღვინოსავით წამოწითლდა, ხელში რომ ეჭირა და ვერაფრით მიეტანა ტუჩებამდე.
-დეკას დამსახურებაა, აქ რომ ვარ. თქვენ იცით, როგორ ვერ ვუგებ ბიზნესს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა უცხო ხილის დაგემოვნება, რომ მიხვდე, შენი უფრო გემრიელია, თუ ის, რაც ჯერ არ გაგისინჯავს. -მშვიდად დაადო მუხლზე ხელი ცოლს და ღიმილიანი სახით გადმოხედა. ფეხი ოდნავ გაარხია დეკამ, ლაშას გახურებული მტევანი რომ მოეშორებინა, თუმცა უარესად მოუჭირა ხელი. გაყუჩდა.
-აი, რა შეუძლია ჭკვიან ქალს, -რუსულად თქვა ქერა, წვრილთვალა ქალმა. ყინულივით ცივი ჰქონდა ცისფერი გამოხედვა. თხელი ტუჩები შინდისფრად შეეღება და თითქოს რაც არ უნდა ეთქვა, იმ პირიდან წამოსული ყველაფერი ყინულივით ცივი და ცბიერი იქნებოდა.
ეს იყო ნატალია ნიკოლაევა. ქვრივი შავი, მოურიდებელი კაბით და მეწყვილის გარეშე. ენიშნა მისი გამოხედვაც და მისი რუსულიც დეკას.
-გეთანხმებით, -ინგლისურად განაგრძო არაბულმა. ხელზე ხელი დაადო დეკამ და ისეთი თვალებით გახედა იმ წამს ქმარს, ყველანაირი შებოჭილობა გაუქრა. -ჩვენი მხარე ყველაფრით მდიდარია, თუმცა რთულად მისადგომელი და ამის გამო თავს არიდებენ-ხოლმე ბიზნესმენები ინვესტიციის ჩადებას. რეალურად, არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ადგილობრივების წყალობით იქაურობა კავკასიონის სხვა ნებისმიერ მონაკვეთზე მეტადაა დაცული.
-დაცულობაში რას გულისხმობთ? -დაიბნა ჟანი, გველესიანისაკენ გააცეცა თვალები, რომელსაც სახეზე ფერი აღარ ედო. -სვანეთში ჩადებულმა ინვესტიციამ მშვენიერი შედეგი მოგვცა...
-აი, ჩემი ძვირფასი საზოგადოება! -ახალგაზრდა ბიჭის ხმამ მაშინვე ყველას ყურადღება თავისკენ გადაიტანა,როცა ხმაურით გაიღო დიდი დარბაზის კარი, -დამაგვიანდა, ბოდიშს მოვითხოვ. მამაჩემმა დრო ვერ მითხრა სწორად, არ უწყინოთ...
-ნიკა, რა გინდა შენ აქ? -ქართულად ჰკითხა გველესიანმა თავის ვაჟს. საწყალს ცოტაღა აკლდა რომ ინფარქტი არ მიეღო.
-შენი მემკვირდე ვარ, რა უნდა მინდოდეს? -დეკას გვერდით თავისუფალი სკამი ხმაურით გამოაჩოჩა ახალგაზრდა გველესიანმა და კმაყოფილი მოთავსდა „თავის“ ადგილას. -დამეთანხმებით, რომ როცა მამის საქმეს აგრძელებ, მნიშვნელოვანია, მის წარსულს, აწმყოს და სამომავლო გეგმებს კარგად იცნობდე, არა?
-ნიკოლოზ. -მკაცრად გაისმა მერაბის ხმა, თუმცა მას განზრახ არიდებდა თავს ვაჟიშვილი. ყალბი, ამ საზოგადოებისთვის შესაფერისი ღიმილით მისჩერებოდა სუფრაზე შეკრებილთ. დეკასაც გადმოხედა და გრაციოზულად დაუკრა თავი.
-აბა, სად გავჩერდით? -საქმიანად დაიკაპიწა მკლავები გველესიანმა.
-ბატონი ლაშა არაბული გვაცნობდა თავისი მხარის ტურისტულ პერსპექტივას.
-ოხ, ხევსურები! -უცნაურად გადმოხედა ლაშას. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა. -არაჩვეულებრივი, მეამბოხე ხალხია, საქართველოს ისტორიაში ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგნენ. ახლა არ ვიცი, როგორაა, მაგრამ იმედი მაქვს, არაფერი შეცვლილა.
-დამიჯერეთ, ხევსურების შეცვლა შეუძლებელია. -მშვიდად, ღიმილით თქვა დეკამ, -სწორედ ეს არის ამ ხალხის ხიბლი და მთავარი ღირსება. სიმართლე ყველაზე ხმამაღლა მაგ მხარეში ისმის, მეც ამიტომ გადავწყვიტე იქ დარჩენა. ძველს და ძვირფასს შენარჩუნება და მოვლა სჭირდება.
-მაინც რამ უნდა გაიხაროს იმ ღვთისგან მივიწყებულ მიწაზე?! გზები თქვენ არა გაქვთ, ზოგ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება... -იქადნურად გაშალა ხელები მერაბ გველესიანმა.
-ღვთისგან მივიწყებულ მიწაზე რატომ? -მხრები უდარდელად აიჩეჩა დეკამ. გრძნობდა ლაშას მზერას და უზომო კმაყოფილებას. -იმ მხარეში ღმერთი ყველაზე კარგად ახსოვთ და ღმერთი არასდროს ივიწყებს იმას, ვისაც სულ ახსოვს. მესმის, რომ მდგომარეობა ინფრასტრუქტურულად და საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით ნამდვილად სავალალოა ზოგიერთ სოფელში, მაგრამ სწორი და ჭკვიანური ინვესტიცია იმ ხალხსაც წაადგება და ბიზნესსაც. ხევსურები სიკეთეს არასოდეს ივიწყებენ, პირიქით - ათასად დაუბრუნებენ ამაგს, სიხარულით მიიღებენ ნებისმიერ ახალ წამოწყებას. იმ ხალხის და მთის ხმა თქვენამდე შეიძლება, არ აღწევს, მაგრამ დამიჯერეთ, მათნაირი მეორე საქართველოში კი არა, ირმის ნახტომში არ მოიძებნება.
-ასე როდის მოასწარით იქაურობის შეყვარება? -შეუფარავი აღტაცებით უყურებდა ჟანი დეკას. ცერცვაძეს მხოლოდ ქმრის რეაქცია აინტერესებდა და წამიერად რომ შეავლო მზერა მის სიამაყით ავსებულ თვალებს, ჟრუანტელმა დაუარა ტანში.
-იქ შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც უპირობოდ შემიყვარეს, -ცასავით უსაზღვროდ გულწრფელი იყო დეკას სიტყვები. -მერე მარტივია ყველაფრის დანახვა, რაც მათ უყვართ.
-კარგი, სენტიმენტები გასაგებია, მაგრამ... ბიზნესში. -ტუჩები დაბრიცა გველესიანმა, უმცროსი ისევ ლაღად იჯდა სუფრასთან, აშკარად ერთობოდა მასკარადით.
-ჩვენ დეტალური გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომელ სოფელში რისი გაკეთება შეიძლება, გვაქვს ფინანსური ანგარიშგება მომზადებული მოგება-ზარალის დაგეგმარებით, რელიეფის შესასწავლად შესაბამისი სამსახურებისგან საჭირო სერთიფიკატები და ცნობებიც მივიღეთ. აქ ბრმად არ მოვსულვართ, ბატონო მერაბ. ჩემმა ცოლმა თავად დაგეგმა ყველა კულტურული ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობს იქ ჰორეკას წარმატებით ამუშავებას. (ავტ. ჰორეკა - სასტუმროების, რესტორნების და კაფეების გაერთიანებული სექტორი ბიზნესში)
-ხევსურები ნახე? -აღტაცებას ვერ დამალა ნიკამ, წარბებაზიდვით გადაუალაპარაკა მის გვერდით მჯდომ ქალს. ღიმილი ვერ შეიკავა დეკამ მის გულწრფელ აღფროთოვანებაზე.
-ნამდვილად საინტერესო ამბავია, -თქვა ნატალიამ. მის ცბიერ გამომეტყველებას უტიფარი, ქალური აღფრთოვანება რომ გადაეფარა, დეკამ იგრძნო, როგორ აუდუღდა სისხლი ძარღვებში. -სიამოვნებით გავივლი თქვენთან ერთად ყველა ტექნიკურ დეტალს, ბატონო ლაშა.
-ტექნიკური დეტალები ჩემს ცოლთან უნდა გაიაროთ, მე მხოლოდ აღსრულების საქმეზე ვარ პასუხისმგებელი.
-მოუხაზა შენმა ქმარმა, -გადაუჩურჩულა ნიკამ დეკას. ვერ მიხვდა, როდის ჩაუძმაკაცდა ამ ბიჭს, თუმცა ესიამოვნა სხვებაც რომ შენიშნეს ნატალიას გადაცრეცილი სახე. -ასე უნდა ამ ჩათ... მაპატიეთ. ტუტუც ქალს.
-არაუშავს, ყველას ხომ ვერ მოვთხოვთ საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების ქონას.
-შენს ქმარს უთხარი იმ მკვლელი თვალებით ნუ მიყურებს, აი, ბელგიელს კი მოუხდებოდა ერთი ხევსურული ალიყური...
-რაო? რას ამბობ? -ჩურჩულითვე გაიკვირვა დეკამ, ეღიმებოდა ნიკას ბავშვურ ხასიათზე. ყოველთვის უნდოდა მისნაირი ძმა ჰყოლოდა.
-რა და ჩვენი ჟანუკა ისე გიყურებს, მთელს თავის ქონებას ჩადებს ინვესტიციად, ოღონდ შენ სთხოვო. ნახე რა როჟაა. -ხმადაბლა ჩაიფხუკუნა. დასცინა გამხდარ, ჰალსტუხიან ბელგიელს. -მაგან არ იცის ხევსურების ამბავი, თორე თავისი ხელით ამოიკაკლავდა იმ თვალებს და ვერცხლის ლანგრით მიართმევდა შენ ქმარს.
-ხომ არ ნანობ, რომ წამომიყვანე? -ზედმეტი ყურადღება არ მიუქცევია ნიკას სიტყვებისათვის, ქმრისკენ გადაიხარა და ისე ახლოს მიუტანა ყურთან ტუჩები, მისი კანის სურნელი იგრძნო, სითბო, რომლის შესაგრძნობადაც სულაც არ იყო საჭირო შეხება.
-შენ გვერდით ყოფნას არასდროს ვინანებ. -ამღვრეული თვალებით უთხრა, -თუნდაც არ ვიმსახურებდე, მაინც.
-ნუ ხარ დაძაბული, ყველაფერი კარგად მიდის. -არათითით მოეფერა ხელის ზურგზე.
-გველესიანს დაველაპარაკები, შენ აქ დამელოდე, კარგი? სულ ორი წუთი მომეცი. -წამოდგომაში დაეხმარა ცოლს, როცა ყველანი აიშალნენ მაგიდიდან.
შუბლზე აკოცა სანამ მოშორდებოდა. ნატალია მოუახლოვდა მაშინვე, როგორც კი მარტო დაიგულა. თვალები იქეთკენ ჰქონდა დეკას, სადაც ორი გველესიანი და თავისი არაბული რაღაცაზე საუბრობდნენ.
-გამიკვირდა ლაშას უეცარი ქორწინება, -შამპანურის ერთი ჭიქა დეკას გაუწოდა ნატალიამ, მეორე თავისთვის დაიტოვა.
-რატომ? -ჰკითხა ქართულად. იცოდა, ამ ქალს ძალია კარგად ესმოდა ქართული.
-სულ იმას ამბობდა, ცოლს არასოდეს შევირთავო. არასერიოზული დამოკიდებულება აქვს. -ქართულადვე უპასუხა.
-შეიძლება, ჰქონდა. ადამიანები ხშირად ვიცვლით აზრს და სურვილებს, ხანდახან ეს სრულიად გაუაზრებლადაც ხდება.
-ხო, რა თქმა უნდა, მაპატიე, არ მინდოდა შენი განაწყენება. ჩემი ქართული არ არის იდეალური.
-არ მწყენია, -ჭიქაზე მიუჭახუნა დეკამ და თვალებით ანიშნა, შენ გაგიმარჯოსო. -სწორედ ამიტომ უნდა ისაუბროთ იმ ხალხის ენაზე, ვისთანაც ცხოვრობთ, ასე თავიდან აირიდებთ მათ განაწყენებას.
-ქართველი ქალები... -გაეცინა ნატალიას, -ამაყები ხართ.
-თავმდაბლობა რა საჭიროა მაშინ, როცა საამაყო ბევრი გაქვს. სისულელე არ იქნება? ისეთივე სისულელე, როგორც ამაყი იყო მაშინ, როცა საამაყო არაფერი გაქვს.
-სასიამოვნო იყო, დეკა. შევხვდებით.
-რა თქმა უნდა. -ბოლო ყლუპი შამპანური პირში დაიგუბა, როგორმე სხეულში დანთებული ცეცხლი რომ ჩაექრო. -მართლა სატანაა. უტეხი.
-დეკა, მოხიბლული ვარ თქვენით. -ხელზე ეამბორა ჟანი. არ ესიამოვნა დეკას მისი შეხება, თუმცა ვერაფერს გააწყობდა. როგორც ჩანს ლაშას ორ წუთს სხვა ხანგრძლივობა ჰქონდა. -მე და ჩემი კოლეგები აუცილებლად გეწვევით შემდეგი ნაბიჯების გასავლელად ხევსურეთში.
-მე და ჩემი მეუღლე სიამოვნებით გიმასპინძლებთ. -სწრაფადვე გამოართვა თავისი ხელი და მოულოდნელობისგან შეკრთა, ძლიერი მკლავი რომ მოხვიეს წელზე. ღვინო შეპარვოდა ლაშას სუნს, ისევე როგორც თვალებს ზარხოში და უცნაური დაღლა.
-ნუ ატყუებ, -უთხრა ხმადაბლა ცოლს და თეძოებზე მოუჭირა თითები, თავზე აკოცა სასწრაფოდ. -ნახვამდის, ჟან.
გასასვლელისკენ დაიძრნენ, უმცროსი გველესიანი რომ აედევნათ. თვალები გადაატრიალა ლაშამ, მისი სახელი რომ დაიძახა ნიკამ. ისე მიბრუნდა დეკასთან ერთად, ცოლისთვის ხელი არ მოუშორებია.
-ფიცხელიანებს მოკითხვა შემოუთვალე ჩემგან. -თქვა უდარდელად ნიკამ. -ისე, სასიამოვნო კი იყო თქვენი გაცნობა.
-კარგად, ნიკა.
*
-ნატალიას იცნობ? -თავი არ მიუბრუნებია მისკენ ისე ჰკითხა დეკამ მგზავრობის დროს.
-შორიდან.
-რამდენად შორიდან? -სასმლისგან ლოყებაწითლებულმა შეხედა, -შენს სამომავლო გეგმებზე და ქორწინებაზე აზრის გასაზიარებლად რამდენად შორიდან უნდა იცნობდე ადამიანს?
-ეგ იმან მოჩმახა? -წარბებაწეულმა გადმოხედა. ახალისებდა გაბრაზებულის, ოდნავ ნასვამის და ეჭვიანობით შეპყრობილის ყურება. უსასრულოდ გაიწელა თითქოს თხუთმეტი წუთის გზა მათ ოთახამდე.
-რა ვიცი მოჩმახა თუ რა, ქორწინებაზე არ აქვს სერიოზული დამოკიდებულებაო. დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით ჩადებს ინვესტიციას ყველგან, სადაც ფეხს დაადგამ. გილოცავ.
-რატომ ბრაზდები?
-არ ვბრაზდები, -ჩაიფრუტუნა. იუკადრისა სიმართლე დეკამ. ბრაზობდა კი არა, ცეცხლი ეკიდებოდა. -უბრალოდ არ მესიამოვნა ჩემი ქმრის სასიყვარულო მომავალზე უცნობი ქალი რომ ალაპარაკდა და ჭკუის სწავლება დამიწყო.
-შორიდან ვიცნობ ძალიან. ასე ახლოს ერთ ოთახში მხოლოდ დღეს აღმოვჩნდით პირველად. ალბათ, შენზე იეჭვიანა, ყველას ყურადღება რომ მოპარე.
-და განსაკუთრებით შენი? -ალმაცერად გადახედა ლაშას.
-მე განსაკუთებული არავინ და არაფერი შემინიშნავს შენ გარდა.
გული ყელში მოებჯინა დეკას. სწრაფად მოარიდა თვალი, გამოქცეული ემოციები რომ არ შეემჩნია ლაშას.
-მე ცოტა ხნით უნდა გავიდე, შენ ლილესთან დაგტოვებ, კარგი?
-რომ გკითხო, სად მიდიხარ-მეთქი, ზედმეტად „ცოლურს“ გავუშვებ?!
-რომ არ გიპასუხო, მაშინ არ გაუშვა „ცოლურები“... -გაუღიმა.
-წადი. არ მაინტერესებს.
-რატომ ბრაზდები?
-რომ არ გიპასუხებ მაგ შეკითხვაზე, ზედმეტად „ქმრულები“ არ გაუშვა. ჯერ გამოვიცვლი და მერე სადაც გინდა, იქ დამტოვე.
-გველესიანს უნდა შევხვდეთ. დანარჩენს მერე მოგიყვები.
-არ შეწუხდე. -ფანჯრისკენ მიბრუნდა დეკა. სცადა სიამოვნების ღიმილი დაემალა ქმრისთვის, მაინც რომ გაუმხილა გეგმები.
ერთი ამოიოხრა ლაშამ და სასტუმროსკენ გადაუხვია.
*
ისე ჩამობნელდა, ლაშასგან და ფიცხელიანებისგან არაფერი ისმოდა. ლილესთან და ბავშვებთან მალე გადიოდა დრო, მაგრამ გონებით მაინც არაბულის თავზე დაფრინავდა. გაუბრაზდა კიდეც საკუთარ თავს, რომ არ ჩააცივდა და ტვინი არ შეუჭამა, სანამ არ დააფქვევინა ყველაფერი.
-გველესიანები არ არიან ცუდი ხალხი, -ამბობდა ლილე. ჩაი ჩამოასხა ჭიქებში. -ბექნუს და დემეს ნიკა ჰყავთ ათვალწუნებული, მაგრამ ეს უბრალო არმოწონებაა და მეტი არაფერი. მე თუ მკითხავ, ნიკასაც იმიტომ არიდებენ თავს, რომ მერაბია ცუდ საქმეებში გახვეული.
-ხო, ნიკა მართლა არ ჩანს ცუდი ბიჭი, მოკითხვა დააბარა ლაშას შენებთან.
ლილეს ჩაეცინა და თავი გააქნია.
-თავქარიანია. გაბრაზება უნდა ამათი. შანსს არ უშვებს ხელიდან. ისიც რომ ექიშპებათ, საერთოდ გიჟდებიან ჩემი ქმარი და დემეტრე.
-რამდენი ხანი გავიდა, სად არიან ამდენ ხანს...
-მოვლენ, ნუ გეშინია, არაფერი ცუდი არ მოხდება აქ.
მაგრამ ისე მიჰყვა წუთი წუთს და საათი საათს, შუაღამე ლაპარაკში გააცილეს დეკამ და ლილემ. ქმრები არსად ჩანდნენ. უკუნი სიბნელე იდგა გარეთ. ფანჯრიდან გახედვისაც ეშინოდა დეკას. ათასჯერ დაურეკა ლაშას. უფრო მეტი შეტყობინება დაუტოვა სიცოცხლის მოსპობის მუქარით სავსე ტექსტებით.
„სად ხარ“
„ხუთი საათი გავიდა უკვე“
„იცოდე საძებნელად წამოვალ“
„საერთოდ ნუ მოხვალ უკვე“
„შენთვის ცოტა ხანი რამდენია?“
„რომ მოკვდე მოგკლავ“
„ცოცხალი თუ მოხვალ, მაშინაც მოგკლავ“
პასუხი არ მოსდიოდა. სავარაუდოდ, არც იჭერდა კავშირი. ლილეც აშკარად ანერვიულდა, თუმცა არ უნდოდა სტუმარი უარესად დაეფრთხო.
დეკამ ათასი სცენარი დაწერა გონებაში, ათასნაირად მოკლა არაბული თითოეულ მათგანში, ხან საკუთარი ხელით, ხან გველესიანის, ხანაც იგორის იარაღით. ამ კაცის სახელის გახსენებაც კი გულისრევისა და შიშის დაუმარცხებელ შეგრძნებას გვრიდა.
-არ უნდა ჩამოვსულიყავით. -თქვა მიმწყდარი ხმით, გაყინვოდა სხეული ნერვიულობით. -თქვენც საფრთხეში ჩაგყარეთ.
-აბა რას ამბობ? ლაშა არავის ჩააგდებდა საფრთხეში. დარწმუნებული ვარ, მალე მოვლენ.
ფაქტია, მზე ისე ამოიწვერა აღმოსავლეთიდან, ისე შეათეთრა ღამეში თავშეფარებული გარემო, რომ მზის სხივების გარდა არავინ შემოსულა ფიცხელიანების ეზოში.
-აქ ვეღარ ვჩერდები უკვე. მოვკლავ. საშინლად ვარ გაბრაზებული. საშინლად!
-მოვიდნენ მგონი, -შვების ოხვრა ამოუშვა ლილემ, როცა ფარდა გადასწია და ეზოში სამი ნაცნობი სხეული შემოვიდა. დაღლილები რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ფანჯრებისკენ აპარებდნენ თვალებს.
-რამე ბლაგვი არ გაქვს? -ოთახში მიმოიხედა დეკამ, -თავში უნდა გავუქანო!
ჩხუბის და აგრესიის ყველანაირი სურვილი შემოეცალა ცერცვაძის ღამენათევ სხეულს, დაღლილი ქმრის თვალებს რომ გადააწყდა. მაინც გაუღიმა ლაშამ. გაქანება და ჩახუტება მოუნდა დეკას, მაგრამ არაფრით შეიმჩნევდა, ნერვიულობაში რომ გადაათენა ხელებგაყინულმა.
-მოხვედი? -ძლივს მოაბა სათქმელს თავი. უცებ იმ პატარა ბავშვად იგრძნო თავი, პირველ დღეს რომ დატოვა დედამ ბაღში და ეგონა მიატოვეს. ვერც მიხვდა, როგორ შეევსო დანაკლისის მწარე, მჩატე განცდა, არაფერი რომ არ ჰქონდა საერთო ლაშას მოსვლის სიმსუბუქესთან.
-წამო, წავიდეთ სასტუმროში. -თვითონ გადახვია ხელი არაბულმა და ლოყაზე აკოცა. -ბოდიში, რო განერვიულე.
-არ მინერვიულია. -იუკადრისა დეკამ. უძილობით ამოშავებული უპეები და ჩაწითლებული თვალები სხვა რამეს ეუბნებოდნენ ლაშას. გაეღიმა მის ტყუილზე.
-სად წახვალთ, არ გადამრიო? -გაუკვირდა ლილეს, -მთელი ღამე არ გიძინიათ არც თქვენ და ჩვენ მითუმეტეს, ჯერ ხუთი საათია. დარჩით აქ და გამოიძინეთ. საერთოდ რად გინდოდათ ეგ სასტუმრო...
წინააღმდეგობა აღარ გაუწევიათ. ისე მოითენთა დეკა, ერთიანად მოეძალა რული. პატარა საწოლი იდგა ბოლო სართულის საძინებელში. მათ ეყოფოდათ.
ზედაც არ უყურებდა ქმარს, რომელიც ნელა და დაღლილი იხდიდა ტანსაცმელს. მაშინ უფრო მეტად მოარიდა თვალი მაისურის და საცვლის ამარა რომ შეწვა საწოლში და ფაქტობრივად აღარ დატოვა დეკას ადგილი.
ლილეს მოცემული საღამური გადაიცვა და დოინჯშემორტყმული დაადგა თვალებმიხუჭულ ქმარს თავზე.
-მიიწიე.
-სად მივიწიო, ვერ ხედავ რამხელა საწოლია? -ამოიდუდუნა ბალიშში თავჩარგულმა და საბნიდან გამოყო ხელი. -მოდი, გაიყინები.
-გვერდულად მაინც დაწექი.
ოდნავ მიიწია კედლისკენ არაბული და ცალი ხელით ასწია საბანი. ერთი უკმაყოფილოდ დაიღმუვლა დეკამ და თვითონაც დაწვა. ზემოდან გადააფარა ლაშამ საბანი და ხელი მუცელთან ამოსდო, ახლოს რომ მიეწია უფრო.
გაყინული ტერფები მიადო მუხლებზე საპასუხოდ დეკამ.
-გოგო, ცივია, -წამოიყვირა მოულოდნელობისგან ლაშამ, თუმცა არ გაწეულა. პირიქით, თმა გადაუწია ყელიდან და ცხვირი შიგ ჩარგო, -მაგრამ გქონდეს, გაგითბობ.
მაშინვე გასწია დეკამ, ცხადია.
-არ მჭირდება შენი გათბობა. -უთხრა ნაწყენმა. საშინლად მოსწონდა მასთან ახლოს ყოფნა, ზედმეტად იყო ნაწყენი ამ სიახლოვით გამოწვეულ მოთენთილობას რომ ვერ მორეოდა. მთელ ზურგზე ეკვროდა ლაშას თბილი სხეული და საკმარისად კბენდა ცეცხლის ენები დეკას სხეულზე. გაქვავებული იწვა, ვერ ინძრეოდა. ეშინოდა, უარესად არ აემღვრია ორივეს გრძნობები, იმდენად ახლოს იყო.
-ასე აღარ მოიქცე. -თქვა ხმადაბლა. ეგონა, ეძინა ლაშას, პასუხი რომ არ გასცა. -შემეშინდა, რომ აღარ მოხვიდოდი.
-შენთან სულ მოვალ, -კისერთან აკოცა რამდენჯერმე, ნელა და გამოზომილად, თითქოს თითოეული შეხების შეგრძნებას აცდიდა დეკას. -რამდენჯერმე ვცადე დარეკვა, მაგრამ არ იჭერდა.
-და სად იყავი ასეთ ადგილას? -უცებ გადაბრუნდა მისკენ დეკა. თავქვეშ ხელი ამოიდო, ზემოდან რომ დაეხედა ლაშას სახისთვის. მოფერება მოუნდა, მაგრამ მაგრად ჩააფრინდა კაბას ხელებით.
-გველესიანებთან, -ზანტად გაახილა თვალები ლაშამ, -შენ არ გეძინება? აბა, გავათენე შენზე დარდსა და ნერვიულობაშიო?
-არაფერი მსგავსი...
-ნუ მატყუებ, -წამიერად მოექცა ზემოდან ლაშა, ცალი ხელით მისი წელი ეჭირა, მეორეს საყრდენად იყენებდა საწოლზე, -არ გჭირდება. არაფერია ცუდი იმაში, თუ შენს გრძნობებს გამოხატავ. მაგრამ თუ ვერ გამოხატავ, ნუ ცდილობ რომ მომატყუო. შენი თვალები გაგცემს, შენი რეაქცია გაგცემს, როცა გეხები და ახლოს ვარ. ვერ ვხვდები, რატომ ხარ ასე ჩემ მიმართ.
-იმიტომ რომ მე ვერ ვხვდები, შენ როგორ ხარ ჩემ მიმართ, ლაშა. -დაბნეულად უთხრა დეკამ, თუმცა გულწრფელად.
-მე არ გატყუებ, რასაც გეუბნები, მხოლოდ სიმართლეს.
-და რას ელოდები ჩემგან? უცებ დავქორწინდით, ასე არ ხდება ნორმალურ ურთიერთობაში, საერთოდ სხვა რამე იყო ჩვენი დაოჯახების მიზეზი. დაბნეული რომ ვარ ეგ გიკვირს? მე მარტო ყოფნას და მიტოვებას ვარ მიჩვეული, ლაშა. მერე ვქორწინდები კაცზე, რომელთანაც არ ვიცი, რა სახის ურთიერთობა მაქვს, რომელიც მეფერება, ლამაზ სიტყვებს მეუბნება, მიფრთხილდება, მაგრამ არ ვიცი, რას გრძნობს. მე არ მინდა პირველი ნაბიჯის გადმოდგმა ისევ, იმიტომ რომ მეშინია. მაშინ მეგონა დიდი ხნით ვერ გნახავდი. ახლა, როცა სულ ჩემთან ხარ, მეშინია, რომ არასწორი დასკვნების გამოტანით უფრო გავართულებ ჩვენ შორის ყველაფერს. იმის გაგება გინდა, ვნერვიულობდი თუ არა? კი - ვინერვიულე, რა თქმა უნდა, ვინერვიულე! მილიონი სცენარი დავწერე, როგორ გკლავენ და ორჯერ მეტი მე როგორ გკლავ, ასე რომ მანერვიულე, შენი ცოტა ხანი რომ მთელი ღამე გაგრძელდა. კაცებთან ურთიერთობის საშინელი გამოცდილება მაქვს, მამაჩემი გაიხსენე, ჩემი ძმა, იგორი... შენ არც ერთს არ ჰგავხარ მათგან, არც გადარებ, მაგრამ ნუ მთხოვ გულწრფელობას შენთან, იმიტომ რომ ძალიან მეშინია.
-რისი გეშინია, დეკა? -ცრემლიან თვალზე აკოცა, მერე ლოყაზე, მერე შუბლზე, ისევ თვალებზე. -რაც გითხარი, ყველაფერი სიმართლეა. შენი ყველაფერი მომწონს. რომ ვიღიმი და რაღაცას ისე გეუბნები, არ ნიშნავს, რომ ვხუმრობ და გულიდან არ მოდის. ჩემი ცოლი მარტო იგორისგან დასაცავად არ ხარ, ვერც ვერასოდეს იქნები მხოლოდ მაგიტომ ჩემი ცოლი. შენი ხასიათი, პრინციპები, აზრები, ყველაფერი ჭკუიდან მშლის. შენნაირი ქალი არც მინატრია, იმ მარტივი მიზეზით, რომ მეგონა არ არსებობდა ვინმე ისეთი, როგორიც შენ ხარ. შენი დისტანცია მაფიქრებინებდა, რომ გინდოდა მეც დამეცვა...
-ხოდა არ მინდა, ნუ ბოჭავ საკუთარ თავს, თუ გინდა, რომ მეც გავიხსნა შენთან. -ღრმად სუნთქავდა დეკა. საკუთარ სხეულზე გრძნობდა ლაშას ყველა მოძრაობას, ყველა კუნთის გარყევას კანქვეშ. სიმხურვალისგან ოფლმა დაასხა ხერხემალსა და შუბლზე.
-ლამაზი ხარ. -ჯერ ყელში აკოცა, შემდეგ შუბლზე, თვალებზე, ლოყებზე. -თან თუ გავითცავალისწინებთ იმ ფაქტს, პირველად რომ დამინახე, გული წაგივიდა, ცოტა უხერხულია იმავე გრძნობით არ გიპასუხო...
-შემეშინდა, -ფერდზე უჩქმიტა დეკამ, არ გაბრაზებულა, გაეცინა. კისერზე მოხვია ხელები.
-ხო, როგორ არა. -ყელში ჩაურგო თავი, იქვე გაუცინა.
-მძიმე ხარ, -მასიური სხეულის ტანიდან გადაგდება სცადა დეკამ.
-ორი წუთი ვიქნები, -ნახევრად მიძინებული ხმით ჩაილაპარაკა ლაშამ, -შენს საჯდომს და მკერდს გასაბრტყელებლად ვერ გავიმეტებ ისედაც...
-საშინელი, ტუტუცი, გარყვნილი ადამიანი ხარ...
პასუხად კოცნა მიიღო მხოლოდ. თუმცა რაღა მხოლოდ. საკმარისზე მეტიც იყო მის გასაჩუმებლად და მოდუნებული სხეულის ბოლომდე გამოსათიშად.
პირველად ჩაეძინა მშვიდად.

თავი მეთერთმეტე
თხუთმეტი ნოემბერი
შატილში წასვლამდე თბილისში გაჩერდნენ. დეკას სახლის მონახულება და ზამთრისთვის ნივთების წამოღება დასჭირდებოდა. ძველაშენებულ ბინაში ჩაკეტილი კარის სურნელი იდგა. არ უნდოდა დაჯერება, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახმა სიმართლემ მწარედ შემოულაწუნა სახეში. ოჯახმა უკან მოიტოვა. დატოვა. მიატოვა. უფრო სწორი იქნებოდა, რომ ეთქვა.
-ღამით აქ დარჩენა არ მინდა. -თქვა უკმაყოფილოდ, როცა თავის ოთახში ლაშაც შეყვა.
-ჩვენც გვაქვს თბილისში სახლი, დეკა. აქ დარჩენა აღარც მოგიწევს ოდესმე. ეს ნახატები შენია?
თვალი მოავლო კედელზე ჩამოკიდებულ ზღვის პეიზაჟებს ლაშამ. სხვადასხვა ამინდში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში შესრულებული პეიზაჟებით სავსე იყო დეკას ოთახი.
-ხო. მე ვხატავდი.
-წავიღოთ ესენი. ლამაზია. თუ გინდა, რა თქმა უნდა.
-კარგი. -გაეღიმა.
სანამ ლაშა ნახატებს ხსნიდა კედლებიდან, თვითონ თითქმის ყველაფერს მოუყარა თავი.
დაცარიელებულ ოთახს ნაღვლიანმა მოატარა თვალები. აქ მთელი ცხოვრება ჰქონდა გატარებული და უცებ ისე უცხოდ და დაუპატიჟებლად იგრძნო თავი საკუთარ ოთახში, უხერხულობამ წაუჭირა კლანჭები ყელში.
-აქ ვიწექი, მეძინა. -თქვა უეცრად, ნაღვლიანი ხმა და ჩაწითლებული თვალები ჰქონდა. -მოულოდნელად კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა. ძალიან შემეშინდა მიუხედავად იმისა, რომ მარტო არ ვიყავი. მაინც მქონდა შეგრძნება, რომ ვერავინ დამიცავდა. გიჟებივით შემოვარდნენ. თითქოს იცოდნენ, რომელი იყო ჩემი ოთახი. იგორმა გამოგვგზავნაო დედაჩემს უთხრეს და იმანაც იყუჩა მაშინვე. თითქოს ელოდა. რომ გამათრიეს…
ხმა ჩაუწყდა დეკას და სწრაფად მოიშორა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები. გვერდზე მიაბრუნა სახე ლაშამ. სისხლძარღვები დაბერვოდა ბრაზისაგან.
-მამაჩემი ეხვეწა, ასე ნუ წაიყვანთ, ხალხი გაიგებს და პოლიციაში დარეკავენო. ხვალ მოაკითხეთ და მშვიდობიანად გაგატანთო. მე უარესად ავკივლდი. იმ წამს მეგონა კი არა, ვიაზრებდი, რომ შევიშალე. ჩემი გონების უმეტესი ნაწილი ჭკუიდან გადავიდა, როცა დარჩენილი საღი მქონდა. მამაჩემისგან ამ სიტყვების გაგონებამ მაშინ ჩემში არსებული პატარა გოგო მოკლა. ძმა რაც მყავდა ვიცოდი, დედაჩემიც… მამისგან ვერ გადავიტანე. იმათმაც რომ შემატყეს, გავგიჟდი, დაუჯერეს მამაჩემს. წავიდნენ, ხვალ მოვალთო. მანდ შეეშალათ და ალბათ კარგადაც მოხვდათ იგორისგან. მამაჩემმა იმღამესვე გამაპარა სახლიდან. ვიტყვი, რომ გაიქეციო. მერე ტურისტებს გამოვყევი შატილამდე, ეჭვი რომ არავის აეღო ჩემზე. იმ დღეს წითური ქალი უნახავთ მტკვარში მკვდარი, მე ვეგონე დიდხანს დავიდოვს, სანამ არ გაარკვია და ძებნა არ დამიწყო ახლიდან. მერე რაც მოხდა შენც იცი. ეს ახლა იმიტომ მოგიყევი, რომ მინდა აქ დარჩეს და ჩაკვდეს ეს ამბავი. დავიდოვი ჯერ არ მორჩება. ვერ დავამთავრებთ ასე მალე. მაგრამ ეს ამბავი დამთავრდა და აღარასდროს გავიხსენებ.
უხმოდ დატოვეს დეკას ყოფილი სახლი.
ყოფილი სახლი თუკი არსებობს საერთოდ.
*
თორღვა და თამთა ცხოვრობდნენ იმ ბინაში, სადაც ლაშამ მიიყვანა. ნაცნობი სახეების დანახვამ ხასიათი მაშინვე გამოუკეთა დეკას.
დაკვირვებით ათვალიერებდა ახლადშეუღლებულებს. თამთა მორცხვობდა, თორღვა არაფერს იმჩნევდა.
-აბა, მომიყევი.. -სამზარეულოს კარი ზურგსუკან მიიკეტა დეკამ. დაიმარტოხელა თამთა. -რა მოგიყვე? -გულწრფელად გაუკვირდა.
-როგორ ხართ, ხომ არ გაბრაზებს, ყველაფერი.
-იმაზე უარესად არ ვარ, როგორც მეგონა. გამოცდებზე გავდივარ, ძალიან ბევრს ვმეცადინეობ და თორღვა თითქმის არასდროსაა სახლში.
-ალბათ არ უნდა ხელი შეგიშალოს და თავი უხერხულად გაგრძნობინოს.
-ხო მაგრამ ასე არაფერი კეთდება. ფაქტობრივად არ ვლაპარაკობთ. არ მომწონს ასე ყიფნა.
-მერე შეცვალე. გამოიჩინე ინიციატივა შენც, შესთავაზე სადმე წასვლა, აგრძნობინე რომ გინდა მისი გაცნობა.
-თვითონ რომ არ უნდოდეს? მეშინია ყველაფერი არ გაუარესდეს, მირჩევნია ასე იყოს.
-თუ არ ცდი, ვერც გაიგებ. შენც გადადგი ნაბიჯი, დაანახე, რომ ძლიერი და გაბედული ხარ. ხომ ხედავ, უნდა რომ ისწავლო, თბილისშიც კი გამოგყვა ამის გამო. თვითონ უკვე გავლილი აქვს ეგ ეტაპი, მაგრამ უნდა შენც გამოსცადო. შენ გგონია ყველას ქმარი ეგრე იქცევა?!
-ხო კარგი. ნამდვილი ჯადოქარი ხარ. -გაეღიმა თამთას, -შემომიძვერი ტვინში.
-არამგონია მანდ ჩემი ადგილი იყოს. ისე, რაზე გინდა რომ ჩააბარო?
-აუ, მაგაზე შეგიძლია რამე მირჩიო? მათემატიკა ძალიან მომწონს..
-აბა სად არიან ჩემი რძლებიიიი? -ვიღაცის განაზებული ხმა რომ მოესმა შემოსასვლელიდან დეკას, წარბები შეკრა.
-საბაა, -თვალებუ გადაატრიალა თამთა. -ამათი ძმაკაცია. ძალიან საყვარელია.
-შეიძლება, გოგოებო? მეორე რძალიც მინდა გავიცნო… -კარებში თავი შემოყო ახალგაზრდა, ქერათმიანმა ბიჭმა. -არა რა, ტვინი კი აკლიათ ჩემს არაბულებს მარა მზერა და გემოვნება ნამდვილად უჭრით!
-ყავა გინდა, საბა? -ჰკითხა თამთამ, -ეს დეკაა, ლაშას ცოლი.
-რა ძერსკი სახელია, მე საბა ვარ. სულხან-საბას პონტში. სიტყვის კონა არა, მარა მეშვიდე კლასში ჩემს შეყვარებულს კი დავუწერე ლექსი “ვარდის კონა”.
-მოემზადე… -გააფრთხილა თამთამ პირდაღებული დეკა. ძმები მისაღებიდან იცინოდნენ. დაანებე ჩემს ცოლს თავიო, უყვიროდა ლაშა.
-ლაშარელა, დაწყნარდი, ჩემი ლამაზი ბიჭი. შენი ცოლი ნამდვილ პოეზიას უნდა ვაზიარო. -ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა საბამ და ხელი ჰაერში შემართა.
“თიკო, მიყვარხარ ძლიერ
გჩუქნი ვარდების კონას,
შენც თუ გიყვარვარ მაშინ
მაჩუქე ერთი კოცნა.” ჰა, არა ვარ გრანელი? რა რითმა, რა გრძნობა…
-და რაო თიკომ, გაჩუქა კოცნა? ნამდვილი პოეზია ყოველთვის ახდენს შთაბეჭდილებას…
ამაზე უარესად ახარხარდნენ არაბულები. -რა იცოდა თინიკო კაკუშაძემ პოეზია, რძალო? ადგა და მაკოცა კი არა, არ მტკუცა სახეში? ეგ კი არა, დააყოლა, სათოფეზე არ გამეკარო, თორემ მაგ ვარდების კონას გაგიკეთებ ტრ… გადაგაფშვნი თავზეო! უზრდელი და გაუთლელი ქალი.
-რა სამწუხაროა, რომ ვერ დაგაფასეს, საბა. -სასუსნავებითა და ყავით ხელში დაბრუნდნენ ქმრებთან. საბაც პატარა ბავშვივით აედევნათ.
-აუ შენი ცოლი იმენა ძმაა, ლაშა! შენ არ გეწყინოს თამთულიკ, შენ უმენა და ხარ!
-ამას ყავა არ დაალევინოთ, თორემ კედლებზე გავა. რა გინდა, რას მოეხეტები აქ ყოველ საღამოს? ახლა რა შეგემთხვა, რომის პაპის ავჩალკამ დაგკბინა, მარგო რობის ორეული გამოგეცხადა სამსახურში თუ მონიკა ბელუჩის ტყუპისცალი გეჩალიჩება, ცოლად მომიყვანეო. -წარბები აზიდა თორღვამ და მის გვერდით მორიდებით მჯდომ ცოლს გადახვია ხელი. თამთა შეცბა, თუმცა უმცროსი არაბული იმდენად ბუნებრიცად იქცეოდა, ვერ გაიგებდით, თამაშობდა თუ რეალური იყო.
გაეღიმა დეკას.
-შენ იღადავე და ერთი გოგო აიყვანეს ჩვენთან სტაჟიორად. ხოდა დღეს ლიფტში გავიჭედეთ!
-საწყალი გოგო… -თვალები გადაატრიალა ლაშამ, უფრო ახლოს მისწია დეკა თავისთან.
-ბარემ კალთაში ჩამისვი… -წაუსისინა, თუმცა საპასუხოდ საჯდომზე მალულად ჩქმეტა და ცხვირზე კოცნა მიიღო.
-გოგო რატოა საწყალი? შენც რო ძმაკაცი ხარ ამის მერე, -ქაქანს აგრძელებდა საბა. -კლაუსტროფობია მაქვს, შე ტლუ! რო გავფარჩხე ფეხები იმ გოგოას თვალწინ, რომ მახსენდება, ლამის ტირილი დავიწყე, მინდება მოაჯირს გადავაბიჯო და მტკვარში გადავხტე, მაგრამ იმ ბინძურ წყალში არ მინდა სიკვდილი. ხოდა, როგორც კი გამომათრიეს ლიფტიდან, მაშინვე დავწერე ორკვირიანი შვებულება, რო დავივიწყო რაც მოხდა. ახლა ბოლომდე თქვენი ვარ, არაბულებო.
-მაგ ორ გრამ ტვინსაც ამოგაცლი, რაც გაქვს, თამთას გამოცდები აქვს და ხელი არ შეუშალო.
-კაი ხო, მე და ირუშა წავალთ ზღვაზე. შენი დაბღვერილი სახის ყურებას მირჩევნია მედუზებმა შემჭამონ ბათუმის ქვიან სანაპიროზე.
-შენ მალე ვეღარაფერს დაინახავ მალე, თუ ამდენი უნდა იტლიკინო…
-წავედი, ბარგი უნდა ჩავალაგო. ჩაო, რძლებო. არ დაიკარგოთ ხოლმე ამ ტყიურებივით. წარმატებები გამოცდაზე, თამთულიკ. არ ინერვიულო, გათხოვილი კი ხარ უკვე და… მთავარია არ გაგშორდეს ჩვენი თორღვინიო…
-ნახვამდის, საბა.
-მოვიდა, ტორნადო დაატრიალა და წავიდა, როგორც ყოველთვის. -თქვა ძილმოკიდებულმა თამთამ და ზლაზვნით წამოდგა, -თქვენი საწოლი გაშლილია.
*
-უყვარს შენს ძმას თამთა? -ვერაფრით მოისვენა დეკამ იმ ღამით. სამჯერ დატრიალდა საწოლში, ბოლოს ისევ ლაშამ გაუკავა ხელ-ფეხი.
-არ ვიცი. ალბათ, კი. რა იყო?
-არაფერი, ისე. -კომფორტულად გაინაბა მის მკლავებში და ლაშასკენ გადატრიალდა. -შენ მოიყვანდი აკვანში დანიშნულს?
-კი. -მშვიდად უპასუხა, თვალები დახუჭული ჰქონდა, თუმცა თითებს მაინც არ აჩერებდა. დეკაც ეფერებოდა შუბლზე ჩამოყრილ თმებზე. გული დასწყდა პასუხზე.
-მერე მე?
-მერე არ ვიცი და ახლა ჩემი ცოლი ხარ. მოისვენე.
-შენ სხვა ცოლი გეყოლებოდა, მე სხვა ქმარი.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. -თვალები გაახილა და წარბები შეკრა მაშინვე. დეკას პატარა ბავშვივით გაეღიმა.
-ალტერნატიულ რეალობას განვიხილავ უბრალოდ.
-გინდა ლაპარაკის მაგარი ალტერნატივა შემოგთავაზო? -საჯდომთან ჩაუცურა ხელი და მისკენ მისწია.
-რამ გაგაბრაზა ასე ვერ ვხვდები… სხვა ქმარი რომ ვახსენე? -არ ჩერდებოდა დეკა.
თმებში შეუცურა ლაშამ ხელი და თავისკენ მისწია.
რაღაც მწველი და გლუვი აუგორდა დეკას მუცელში, თუმცა ღიმილი არ მოშორებია ტუჩებიდან. მკერდისკენ რომ ჩააცურა ხელი ლაშამ, წელი წამოსწია ნეტარებისგან. ფრთხილად ეხებოდა, თან ეფერებოდა და აწვალებდა.
დეკამ წასწია თავი საკოცნელად, რომ მიხვდა ლაშა უკოცნელობითაც აპირებდა წვალებას.
თეძოებში წაავლო არაბულმა და ქალი მოიქცია ზემოდან. კოცნა არ გაუწყვეტია დეკას, გმირულად იტანდა კბილებს ტუჩებზე, ძლიერ ხელებს ფეხებსა და თეძოებზე. თვითონ აკონტროლებდა და მოსწონდა ეს შეგრძნება. მოსწონდა, როგორ ღრმად სუნთქავდა მისი ქმარი, როგორ აეტანა ისიც მის სურვილს. მხოლოდ მის სურვილს.
*
-ეს ტატუ რას ნიშნავს? -თითის ბალიშებს ნაზად დაატარებდა მის მკლავებზე დეკა.
-მამა მიყვებოდა ხოლმე ხოგაის მინდზე ღრმა ბავშვობაში. ხევსური იყო ხოგაის მინდი, რომელიც ქაჯებმა შეიპყრეს. ამანაც თავის მოკვლის მიზნით გველი შეჭამა, მაგრამ მოწამვლის ნაცვლად მაგიური ძალები შეიძინა, ყველასი და ყველაფრის ესმოდა მის ირგვლივ, მცენარეების, ცხოველების... თავიდან ზღაპრული გმირი მეგონა, მამაჩემის საძილე ფანდი, ადრე რომ დამძინებოდა. რომ მოკლეს მერე მივხვდი, უნდოდა ხოგაის მინდი ვყოფილიყავი. მართალი და სამართლიანი, ვინც ყველას უსმენს და არ გიჟდება. ვისაც უსამართლობასა და მტრის მიწაზე ყოფნას სიკვდილი ურჩევნია. იმიტომ რომ თვითონ ვერ შეძლო ასეთი ყოფილიყო. არ ყოფილა მართალი კაცი და არ ვიცი, მოასწრო თუ არა მონანიება.
-შენი იმედი ჰქონდა, ალბათ. ღირსეულ შვილს შეუძლია მშობლების შეცდომების გამოსყიდვა. მძიმე ტვირთია, ცოტა ეგოისტურიც, რასაც მშობლები გვკიდებენ ხოლმე, მაგრამ წუწუნის გარეშე სატარებელი. ზუსტად არ ვიცი, მას როგორი უნდოდა ყოფილიყავი, მაგრამ მგონია უკეთესს ვერ ისურვებდა.
-ჩემი პირველი კომპლიმენტი?! ესეც უნდა ამოვისვირინგო. -ძლიერად მიიკრა გულზე.
-ცოტა მატრაკვეცა კი ხარ, მაგრამ...
-ეგეც მიხდება, ხო?
-შატილი მომენატრა. -სულ სხვაგან გადაფრინდა დეკას გონება.-რა უნდა ვქნათ?
-ჯერ აქ უნდა მოვაგვაროთ ჩვენი მოჩმახული ბიზნეს-პროექტების ამბები. გველესიანი კარგად დაფრთხა, მაგრამ საკმარისადაც ვერ, დავიდოვს რომ მიწა გამოვაცალოთ ფეხქვეშ. აშკარა დაპირისპირება არ ღირს, კუსტარულად უნდა ვიმოქმედოთ. რამდენიმე საყრდენს თუ გამოვაცლით, დანარჩენი თავისით მოტყდება.
-ლაშა... -ხმა შეეცვალა დეკას. იმ ღამისკენ გაუფრინდა ფიქრები, თუთას რომ ელაპარაკებოდა იგორის მოკვლით მოწყურებული. -უნდა მოკლა?
წამიერი სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს ფიქრობდა არაბული იმაზე, რაც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.
-მაგის მოკვლა ჰიდრასთვის თავის წაჭრას ჰგავს, დეკა. მისნაირი რამდენიმე ამოვა და მთელი ცხოვრების მტრებთან ბრძოლაში გატარება აღარ მინდა.
-აქამდე აპირებდი?
-კი. მეგონა, მოვკლავდი. ბიძაჩემის ბრაზი მედო გულში, თვითონ რომ არ გააკეთა ეს, თუმცა კარგადაც მესმოდა რატომ მოიქცა ასე. ახლა მეც მისნაირად ვიქცევი. ბევრი მაქვს დასაკარგი, ერთი რუსის გამო ვერავის ვერ დავაყენებ სასწორზე. ვერავის მოვთხოვ იმ ბრძოლაში გამომყვეს, სადაც იარაღი მხოლოდ მე მიჭირავს. საკუთარ ძმასაც კი, რომელიც დაუფიქრებლად დამიდგება გვერდით შიშველი ხელებით. ზედმეტად ბევრი სარეველაა ამ ქვეყანაში, ერთმა რომ იბრძოლო მთელი ქვეყნის დასაცავად. სულელი უფრო ხარ ასეთ დროს, ვიდრე მამაცი და გულმაგარი. გმირობა არ მინდა, ჩემს სახლში მშვიდად ცხოვრება მინდა იმის მოლოდინის გარეშე, რომ ვინმე გადამთიელი ჩემს ოჯახს არ ააწიოკებს მარტო იმიტომ, რომ ასე მოუნდა.
-შენ მარტო არ ხარ. სვანები დაგიდგებიან, ქისტებიც. შენი ხევსურებიც.
-ეს ქვეყანა მარტო სვანების, ქისტების და ხევსურების არაა დეკა. იმათიცაა, ვინც სვანების, ქისტების, ხევსურების და სხვა ქართველების სისხლის და სიმშვიდის ხარჯზე ჯიბეს ისქელებს. ერთ მტერს ორი ქართველიც მოერევა, მაგრამ ათი ქართველი ორ მოწინააღმდეგესთანაც კი უღონოა, იმ ორიდან ერთი თუ ქართველია. ათ გადამთიელზე მეტია ერთი შენი ქართველი მტერი და ამიტომ.
-შენ რომ რამე დაგიშავოს?!
-აღარ დამიშავებს. თავი არ გამოეყოფა იმ ხალხთან, ჩვენ რომ თამამად ველაპარაკეთ სვანეთში. კაზინოებსა და რისკიან ბიზნესებთან დაკავშირებულ ტიპებს ერიდებიან ეგენი, იგორი კი ზუსტად მასეთია. ამიტომაც იყენებს გველესიანს. გველესიანს კიდევ წყალს შევუყენებთ. დავიძინოთ ახლა.
*
შატილში რომ დაბრუნდნენ, ღამეს უკვე გვარიანად მოეპარა დღისთვის ნათელი წუთები. ექვსზე ბინდდებოდა და ამოსულ მთვარეს თან მოჰქონდა მთების მონაბერი ყინვა და სუსხი.
თუთა თბილისში წავიდა, როგორც კი სწავლა დაეწყო. მზია და ნათია ძველებურად განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას. ოჯახის უფროსიც ჩვეული სიდინჯით უმკლავდებოდა საგარეო საქმეებს. ერთი შეხედვით ვერავინ შენიშნავდა, ყველას ფარული შტორმის მოლოდინი რომ ჰქონდა ამ ოჯახში.
ალის მოსვლა უყვარდა დეკას. როგორც იქნა დაითანხმა, იარაღის სროლა ესწავლებინა.
-დღეს უკეთ გამომდის, არა? -არ ასვენებდა დეკა კითხვებით.
-ნამდვილად. მარტივად ითვისებ. -ვაინახური სიმშვიდით პასუხობდა ალი. დასავით შეუყვარდა ასე მოკლე ხანში რძალი, რომელიც შორეული ძმისაგან ჰყავდა.
-ალი, შეყვარებული არა გყავს?
-არა.
-არც გიყვარს ვინმე? მომიყევი, რა. არ ვეტყვი არავის.
-მოსაყოლი არაფერია. -თვალი მოარიდა, ასე მხოლოდ მაშინ იქცევიან, როცა მოსაყოლი სწორედაც რომ ბევრია.
-რა ჰქვია? ახლა არ მითხრა, რომ ნინო, თორე გავრეკავ! ბათუმში გინახავს ალი და ნინოს ძეგლი? ფოტოებზე დიდი ჩანს, თურმე რა პატარაა, მაგრამ მაინც როგორი საინტერესო და გენიალური.. ხო, რას ამბობდი?
-მე არაფერს. ეს შენ ლაპარაკობ-ხოლმე…
-ხო და, რა ჰქვია იმ არაფერს? შენი სოფლელია?
ადგილზე შედგა ალი. მახეში გამოამწყვდია ჯადოქარმა.
-სხვაზეა დანიშნული, ასე რომ სასირცხვულოდ ისიც მეყოფა, სხვისი ქალი რომ შემიყვარდა, ზედმეტი რომ არ ვილაპარაკო.
-დანიშნული? -გული ჩასწყდა დეკას. უცებ წარმოიდგინა ლაშა რომ სხვაზე ყოფილიყო დანიშნული თორღვას მსგავსად… -ჯერ ხომ ცოლი არ არი? ამაში სასირცხვილო არაფერია.
-აქ ტყუილად არავინ არავის ნიშნავს, დეკა. თანაც მან თავისი ნებით თქვა თანხმობა სხვა კაცთან ქორწინებაზე.
-შეეძლო უარი ეთქვა?
-კი. შეეძლო. მე უარი მითხრა ცოლობაზე.
-მაპატიე, არ უნდა მეკითხა. -გული დაუმძიმდა, -სულელი ყოფილა ის გოგო, შენნაირი კარგი ბიჭი რომ გაუშვა ხელიდან! ნამდვილი სულელი!
-ხო. -მშვიდად თქვა ალიმ. ქარიშხალი კი უტრიალებდა გულსა და თვალებში. მშვიდი და დაუდგომელი. -ქრისტიანიც.
-რომ მოიტაცო?!
ალის გაეღიმა რძლის ბავშვურ შემოთავაზებაზე.
-ვაიძულო ჩემთან იყოს? სხვაზე რომც არ იყოს დანიშნული, ამას არ გავუკეთებ ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩემთან ყოფნა არ სურს. იმ კაცის ღირსებასაც ვერ გადავთელავ ქალის გამო, ვისაც იგი ცოლად უნდია. არაკაცი ვერავის გამო გავხდები. სიყვარულის გულისთვისაც კი. სადაც თავს კარგავ, იქ აღარც ის გყავს, ვისთვისაც თავი დაკარგე. მე ასე მირჩევნია. საკუთარი თავი მყავდეს და ის არა, ვინც მიყვარს და ვისთვისაც რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ასეც ხდება.
-მართალი ხარ. -ფეხის წვერებით კენჭს აწვალებდა დეკა. ბნელდებოდა უკვე. -ჩვენთან ხომ დარჩები ამაღამ? მე უნდა დავაცხო ხაჭაპური.
-იცი გამოცხობა? -გზა განაგრძეს.
მხიარული განწყობის დაბრუნება უნდოდა ორივეს, თუმცა ორივეს გონება იმ ქრისტიან ქალთან ტრიალებდა, რომელსაც არ ერქვა ნინო, მაგრამ ალისთვის ნინო იყო.
-არა, -გაეკრიჭა კაცს. ჩაეცინა იმასაც. ძალიან ჰგავდა ლაშას იმ წამს. -მაგრამ მაინც ხომ შეჭამ?
-შევჭამ.
*
-ალი, უთხარი, დღეს რა კარგად ვისროდი.. -სუფრასთან ისხდნენ, როცა დეკამ ალის მიმართა.
-შვილო, რად გინდა ეს თოფი და იარაღი, შენც გული უნდა გამიხეთქო? -შეწუხდა მზია.
-თამარული ჭინჭარაული გვერზდება ოჯახში? -სულაც არ ჩანდა უფროსი არაბული შეწუხებული.
-ვინა? -გაუკვირდა დეკას.
-თქმულება არსებობს ჩვენში ეგეთი თამარული ჭინჭარაულზე, -მხნედ დაიწყო კაცმა, -ლეკები შემოესივნენ ხევსურეთს, ააწიოკეს სოფელი. თამარულის ეზო-კარსაც რომ მიადგენენ, რამდენი ლეკი შევიდოდა მის კარში, ყველას თავსა აცლიდა ჩვენი გოგო. ერთიანად რომ შეებრძოლენ ლეკები, ოცდათორმეტი მოუკლავს და სამი გაქცევია. აბა?! გუდანის ხატში ყოველ დღესასწაულზე იხსენიებენ თამარული ჭინჭარაულს და ლუდსახ ხარშავენ მის სახელზე. მააშ.
-მაქამდე ბევრი მიკლია.
-კაცების ხოცვა უნდა დაიწყო, გოგო? მაგისთვის გასწავლის ალი სროლას? -ხელში შეაცივდა ცოლის დაჯღანული ხაჭაპური ლაშას.
-თუ დამჭირდა, ხომ უნდა ვიცოდე?
-შენ არ დაგჭირდება.
-ეგრე რო ეფიქრა თამარულის… -ამოიოხრა დეკამ, -საშინელებაა ეს ხაჭაპური. აშკარად არ გამომდის.
-კიდევ კარგი აღიარე, -შვებით ამოისუნთქა ლაშამ, -ხათრით ვჭამდით ყველა. საბოლოოდ, დეკას ხაჭაპურებით ლაშას ჯავკასიური ნაგაზები, ხვიჩა და გოჩა დაპურდნენ.
*
თუთა გათხოვდა. კივილით ახარა თავის უფროს ძმას ახალი ამბავი.
-რა ქენი? -ხუმრობად მიიღო თავიდან ლაშამ.
საღამო ხანი იყო. ყველანი საერთო ოთახში ატარებდნენ ამ დროს, სხვადასხვა საქმით დაკავებულები მაგრამ მაინც ერთად.
-გავთხოვდიიი, -იმეორებდა პატარა არაბული.
გაფართოებული თვალებით შეხედა დეკამ ქმრის მობილურს, საიდანაც გარკვევით ესმოდა თუთას სიხარულისგან ამაღლებული ხმა.
-რას ნიშნავს გათხოვდი, გოგო? -დაძაბულობისგან ფეხზე წამოდგა ლაშა.
ყველამ მყისიერად მიანება თავი საქმეს. გაოგნებულებმა შეხედეს უფროს ვაჟს.
-ძალიან სპონტანურად მოვაწერეთ ხელი, არ გამიბრაზდე რა, ლაშიკო.
-შენ ხვდები რას ამბობ? რას მეუბნები ტელეფონით ხვდები, თუთა? -ხმა გაეყინა ლაშას. მუცელი აატკივა მისმა გამომეტყველებამ ცოლს. -სად არის ჩემი ძმა? დამალაპარაკე.
-არ მითქვამს ჯერ...-გახუმრება სცადა თუთამ, თუმცა ისეთი მხიარული აღარ ჩანდა, როგორც რამდენიმე წუთის წინ.
-შენი ქმარი სად არის? და ვინ არის საერთოდ?
-მერე დაგირეკავ, კარგი? ჩვენ შატილში ჩამოვალთ ხვალ... -და გაუთიშა.
იმ საღამოსვე დაიძრნენ შატილიდან. მზიას ხვეწნა-მუდარამ და ნათიას გოდებამ დილით წასულიყვნენ ამ გზებზე რამე ხიფათი არ შემთხვეოდათ შუაღამისას, რა თქმა უნდა, არ გაჭრა ჭკუიდან გადასული ხევსურის წინაშე.
-თქვენ დარჩით, გაგაგებინებთ რაც მოხდება და მერე გეტყვით საჭირო იქნება თქვენი ჩამოსვლა თუ არა. შენც მოდიხარ? -უკვე ჩაცმულ-დახურულ ცოლს შეხედა.
-რა თქმა უნდა, და აპელაცია არ მიიღება. -კარისკენ გააჭრა დეკამ.
-შვილო, შენ მაინც უთხარი რამე, -ახლა რძალს შეევედრა მზია. თავადაც კარგად იცოდა, რომ მიება ლაშა საწოლზე, საწოლიანად წავიდოდა თბილისში.
-ხომ იცით, ვერ გაჩერდება. ტელეფონთან ყურადღებით იყავით მზია დეიდა, დაგირეკავთ.


გამთენიისას კორპუსის ეზოში იყვნენ უკვე. შევარდენივით გამოვარდა მანქანიდან ლაშა.
ლიფტს არ დალოდებია, ისე აირბინა კიბეები. უძილობისა და დაღლისგან თავი უბრუოდა დეკას და გულის რევის შეგრძნებაც მოაწვა ყელში რამდენჯერმე, როცა ქმარს მიყვებოდა უკან.
კარი ღია დაუხვდათ. რა თქმა უნდა, ელოდნენ.
-სადაა? -ხმადაბლა ჰკითხა დივანზე მისვენებულ სახეწაშლილ თორღვას. თამთამ მაშინვე მოიფხიზლა, როგორც კი ხმები შემოესმა.
-თავის ოთახშია. გაანებე თავი, მთელი ღამე ტიროდა. -მოგუდული ხმით უთხრა თორღვამ. თვალებს ვერ უსწორებდა ძმას.
-მითხარი, რო რაც მელაპარაკა, სიმართლე არაა, თორემ მართლა გავგიჟდები.
-სიმართლეა. -თამთამ უპასუხა ქმრის მაგივრად. შეატყო, უძნელდებოდა თორღვას ძმისთვის მიცემული თუთაზე ზრუნვის და მოფრთხილების პირობის შემდეგ უეცარი გათხოვების დადასტურება. -ექსკურსიაზე მივდივარო... მერე სურათი დადო ინტერნეტში...
იუსტიციის სახლის წინ გადაღებულ ფოტოზე თუთას გაბრწყინებული სახის გვერდით ნიკა გველესიანი რომ ამოიცნო დეკამ, მაშინვე ქმარს გახედა. მოუთმენლობა ეწერა სახეზე.
-ნიკაა. გველესიანი.
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. რა თქმა უნდა, არც თორღვამ და არც თუთამ არაფერი იცოდნენ მერაბ გველესიანის თავქარიან ვაჟზე, რომელმაც მაინც და მაინც არაბულების ქალიშვილს დაადგა თვალი.
-რა გააკეთა? -დეკას ჰკითხა ლაშამ. თითქოს უეცრად მოსწყდა სამყაროს ამდენ ქსელში გაბმული და ვეღარ ხვდებოდა, საიდან მოდიოდა საფრთხე და სად უნდა ყოფილიყო მშვიდად. თითქოს მხოლოდ დეკა ეტყოდა სიმართლეს.
-შეიძლება მე დაველაპარაკო ჯერ? -თუთას ოთახისკენ წასულ ქმარს ჩაავლო მკლავში. გაუაზრებლად მიეფერა. -გთხოვ.
-უთხარი ის... ის გაიძვერა მოათრიოს.
ფრთხილად შეაღო თუთას ოთახის კარი დეკამ. მიხვდა, ეღვიძა.
-მე ვარ, თუთიკო.
საწოლთან ჩამოუჯდა ზურგით. ვერ ხედავდნენ ერთმანეთს. მხოლოდ ესმოდათ. ახლა ძალიან უნდოდა დეკას მისი გაგება. უნდოდა ყველა „რატომ“-ზე თუთას ყველა „იმიტომ“ გააზრებული და სამართლიანი ყოფილიყო თავისი ოჯახის და ძმების მიმართ.
-არ მომიყვები, ვინ ჩაგივარდა გულში?
პასუხი არ მიუღია.
-თუკი მართლა მთელი გულით გიყვარს, გასწორდი ახლა და გამოდი შენს ძმებთან. ასე უცებ და მათგან მალულად რომ დაქორწინდი, სათანადოდ აიტანე მათი ბრაზი და წყენა.
-შენც უნდა დამტუქსო? -ოდნავ შეირხა სხეული. ვიღაცის მხარდაჭერა სჭირდებოდა და ეძნელებოდა დეკასგან საყვედურის მოსმენა, თუნდაც დამსახურებულის.
-არა. მე მინდა სიმართლე მომიყვე, რა მოხდა, შენ რას გრძნობ და რით ამართლებ საკუთარ გადაწყვეტილებას. როცა სხვები ვერ ხედავენ შენი საქციელის მიზეზს, ახსნა სირცხვილი არ არის, მითუმეტეს ახლობლებისთვის.
-ჩემი უნივერსიტეტელია. პირველი კურსიდან მიყვარს. -ბალიში გულზე მიიხუტა და წამოჯდა. ჩაწითებული, უძილარი თვალები ჰქონდა. ტუჩები გამომშრალი და გადაფითრებული. -მე რომ მეორე კურსზე გადავედი, თვითონ მაშინ დაამთავრა სწავლა და დიდი ხანი აღარ მინახავს. სამი თვის მერე გაზაფხულზე გამოჩნდა ისევ. ოღონდ შორიდან კი არა, ჩემს ცხოვრებაში. მისი დეიდაშვილი ჩემი მეგობარი აღმოჩნდა. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე. ასე უცებ არ ვაპირებდი... მაგრამ ისე გამიხარდა ხელი რომ მთხოვა... ამდენი წელია მიყვარს...
-თვითონ?
-რა თქმა უნდა, დეკა. ხელი მთხოვა.
-მე ამას არ ვგულისხმობ, თუთი. ხელი შენმა ძმამ ისე მთხოვა, ნორმალური ადამიანი უარს იტყოდა და არც ჩათვლიდა სასიყვარულო ჟესტად. მე მაინტერესებს შენ თუ უყვარხარ. შენს უგემურ საჭმელს ისეთი სახით თუ ჭამს, თითქოს მიშელინის ვარსკვლავიანი რესტორნის შეფმა დაამზადა. დარწმუნებული თუ ხარ, რომ შენი გრძნობა სრულიად ორმხრივია. ასი პროცენტით. იმიტომ რომ შენი სიყვარული საბოლოოდ ზუსტად იმ დოზით მიდის მეორე ადამიანთან, რამდენადაც თვითონ უყვარხარ.
-ცურვა მასწავლა, -თქვა და ატირებულმა მოიწმინდა ცრემლები, -მეც შენსავით მეშინოდა წყლის. ნიკამ ცურვა მასწავლა. თან ისე, რომ მარტო მასთან ერთად კი არა, დამოუკიდებლადაც შემძლებოდა წყალში შესვლა.
-გუშინ რა მოხდა?
-არ ვიცი, თორღვამ როგორ მოასწრო... გამოსულები არ ვიყავით ხელისმოწერიდან, მაშინვე მოგვადგა. გაგიჟდა, გადაირია.
-ძალით წამოგიყვანა?
-ხო. მერე მე ვთხოვე ნიკას, დაველაპარაკები და მოვაგვარებ-მეთქი. მაგრამ სად მაცადა? ახტა, დახტა, მეჩხუბა და გამომხეტა ოთახში.
-სანამ ლაშა მივარდნილა, დაურეკე და მოვიდეს თვითონ, კარგი? ადექი ახლა და გამოდი ოთახიდან.

მაგიდასთან ისხდნენ ხუთივენი. ხმას არცერთი იღებდა.
-ასე არ უნდა წამოგეყვანე, -ძმას მიმართა თუთამ.
-ასე არ უნდა წასულიყავი. -დაასწრო ლაშამ, -იმას რომ შეეშალა, მაგისთვის იმას მოეთხოვება, მაგრამ შენ არასდროს არავის არ უნდა აფიქრებინო, რომ ოჯახი არ გყავს.
-არც...
-რა, არ დაგავიწყდა ძმები და მშობლები? -თვალები დააწვრილა და ოდნავ გადაიწია თავისი ადგილიდან ლაშა, უკეთ რომ დაენახა თითქოს დის სიმართლე, -გასაქცევად და გასაპარად გქონდა საქმე? მოსაკლავად გამოგეკიდებოდით, ნორმალურად რომ გეთქვა და აგეხსნა ყველაფერი? შენ თუ არ გახსოვს შენი ოჯახი, ის მითუმეტეს არაფრად ჩაგვაგდებს. და არც ჩაგვაგდო სიტყვის ღირსადაც შენი დამსახურებით.
-მეგონა გაგიხარდებოდათ...
-ასეთი სულელი როდის გახდი? -ფეხზე წამოხტა თორღვა, -გუშინწინ გერმანიაში სწავლაზე მელაპარაკებოდი, გუშინ ვიღაც ტიპთან ხელი მოაწერე, გოგო! რა დაგემართა ამიხსენი.
-შემიყვარდა... -თავი დახარა.
-გუშინწინ არ გიყვარდა ქვეყნიდან წასასვლელად საბუთებს რომ აგროვებდი?! ჰა?
კარისკენ მიიხედა ყველამ, როცა ზარის ხმა გაისმა.
-შენგან ერთი პასუხი მჭირდება მხოლოდ, -მშვიდად მიმართა დას ლაშამ. ნიკაპქვეშ ამოსდო ხელები და თვალებში ჩახედა. -დარწმუნებული ხარ?
-მიყვარს.
-ხვალ მის სახლში გადასვლა რომ გინდა, დარწმუნებული ხარ? მისი ცოლი, შვილების დედა რომ გინდა იყო, დარწმუნებული ხარ?
თამთას სერიოზული სახით შემოჰყვა უკან ნიკა გველესიანი. მოსვენებულის და ნამძინარევის არც მას ეტყობოდა რამე დილის ექვს საათზე.
თუთამ არაფერი თქვა, თავი დააქნია მხოლოდ და ყველას თვალი მოარიდა. თითქოს გაქრობა ინატრა.
იქვე ჩამოჯდა გველესიანი. უფრო სწორად, სხეული მოსწყდა, მაგრამ არ უნდოდა ამდენი ადამიანის წინაშე სუსტად გამოჩენილიყო.
-არ ვიცოდი, რომ შენი და იყო, ლაშა. -მშვიდად დაიწყო ნიკამ. არ ჰგავდა ადამიანს, რომელიც თავს იმართლებდა. -ისიც ვიცი, არავის წინაშე არ მამართლებს თუთასთვის ხელის თხოვნა ისე, თითქოს მისი ძმები არ არსებობდნენ და ჩემს დას რომ ასე გაეკეთებინა, მეც ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს. უბრალოდ იმ წამს, იმ მომენტში სწორად ჩავთვალე ამის გაკეთება. ამისთვის ჩემი მიზეზი მაქვს. პირადი. რაზეც ყველაფერი იცოდა თუთამ. თქვენთვის შეიძლება ჩემი საქციელი არაკაცული და დაუფიქრებელია, ვიცი, ტრადიციული ქრონოლოგია ავრიე ჯერ ნიშნობის, ხელის თხოვნის და მერე ქორწინების... თუ გინდათ ახალგაზრდულ მოუთმენლობას და თავქარიანობას დააბრალეთ, რაშიც გინდათ იმაში დამადანაშაულეთ. თქვენგან, ორივესგან მუშტსაც ავიტან და უარსაც, ავიტან, მაგრამ ვერ მივიღებ. უარის მიღება თუთასგან შემიძლია მხოლოდ. რაც გავაკეთე, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი და მიყვარს და რაც გამომრჩა, ესეც მხოლოდ სიყვარულისთვის. არ ვიცი, შენსა და მამაჩემს შორის რა ხდება, ან რა უნდა მოხდეს, ლაშა. თუთას არავითარ შემთხვევაში არ შეეხება მერაბი. მე დიდი ხანია მისგან წამოვედი და რაც იმ ღამეს ნახე, მარტო მამაჩემის გამწარების მცდელობა იყო და მეტი არაფერი.
ისე უხსნიდა თვალი არ მოუშორებია არცერთი არაბულისთვის, მოშორებით მჯდარი მისი ცოლის გარდა, რომელიც თვალებდახუჭული ისმენდა ნიკას სიტყვებს და ყელში გულმობჯენილი მთელი ძალით ცდილობდა არ ატირებულიყო.
-მისი გადასაწყვეტია. ჩვენ თუთას გადაწყვეტილებებში არასდროს ჩავრეულვართ უხეშად, მერაბზე და სვანეთის ამბებზეც არ ღირს ახლა დალაპარაკება. ჩემი და ამ საქმეში არ გაერევა.
-ვერ გადაწყვეტს, თუ თქვენ ბედნიერს არ გამოუშვებთ. არ მინდა იმის სინანული ჭამდეს, რომ ჩემთან ყოფნის გამო ძმებთან ურთიერთობა დადო სასწორზე.
ოთახში ჩამოვარდნილ წამიერ სიჩუმეს კარის შემოგლეჯის და ხმამაღალი ღრიალის ხმა რომ მოჰყვა, თამთამ ღრმად ამოიხვნეშა და დივანზე მიესვენა.
-თბილისოოოოო, -ჭყაოდა საბა, -მზის და ვარდების მხარეოოოოო, სხვა საქართველო სად არიიის, ჭაღააარა მთაწმინდაააა. მგონი გავარემიქსე ხო? აქ რა ხდება? ეს ვინაა? თუთარიონი რატო ტირის?
-საბა, -სერიოზული სახით ანიშნა ლაშამ, როგორმე დაევიწყებინა საკუთარი სიცანცარე და სიტუაციის განმუხტვა ტყუილად არ ეცალა. -ეს თუთას საქმროა...
-უფრო სწორად, ქმარი. -მკლავზე მოქაჩა ქმარს დეკამ.
-რაო? რა იყოთ ტო, არაბულები ერთმანეთს ეჯიბრებით დემოგრაფიულ პრობლემებზე ზრუნვაში?
-საბა ენას ამოგგლეჯ, -თვალები დაუქაჩა თორღვამ. არ იმჩნევდა, თუმცა განზრახ დაჯდა თავისი დის გვერდით და ხელი გადახვია. მერე მოწყვეტით აკოცა ლოყაზე.
-თუ გათხოვდა, რა ატირებს? შენ, ოე, ხო არ აწყენინე...-ნიკასკენ გაიწია.
-წესიერად. -წარბები აუზიდა ლაშამ და უკან დაქაჩა, თავის ადგილს რომ დაბრუნებოდა.
-გათხოვდა არა, დაქორწინდა. -შეუსწორა დეკამაც.
-ფემინისტურ ბოდიშს ვიხდი, ძმრძალო. -გაიჭიმა საბა, -ვფიცავ აღარ განმეორდება. ქორწილია ქეიფია გრიალიიი.
-ქორწილი არ გვინდა. -ჩუმად თქვა თუთამ. მორიდებით გადახედა ძმებს, მერე მოშორებით მდგომ ქმარს.
-რას იძახი? ტყუილად ვიყიდე ის ტუფლები, აბა? შენმა ძმებმაც ხო არ მაღირსეს თბილისში ქორწილი, აბა ხევსურეთში იმხელა ტალახია ჩემი „ჟაკმუსის“ ტუფლებს ვერ ვაბანავებდი და ვალინკებიდან ჩემმა მტერმა დალია წყვილის სადღეგრძელო...
*
ქორწილი მაინც შედგა.
საბას დაჟინებულ თხოვნას მზიამ და ნინომ, ნიკას დედამაც აუბეს მხარი.
თხუთმეტი ნოემბერი იდგა.
მოკრძალებულ დღესასწაულს უფრო ჰგავდა ის დღე, თეთრ კაბაში გამოწყობილი ლამაზი პატარძლით, ვიდრე ქორწილს.
თბილისში რომ აღნიშნავდნენ, ამის გამო განსაკუთრებულად ღელავდა ლაშა.
-გაჭაღარავდები მალე, -მხარი გაკრა პიჯაკსა და თეთრ მაისურში გამოწყობილ ქმარს დეკამ.
-შენც მიმზიდველად გამოიყურები, -წელიდან საჯდომისკენ ჩააცურა ხელი.
-ხალხში ვართ, -ფერდში უჩქმიტა, როგორმე რომ მოეშორებინა მისი მკლავი.
-საჯდომი გაგეზარდა? -წარბები შეკრა და ისეთი ინტერესიანი თვალებით დააჩერდა ცოლს ზემოდან, თითქოს ამაზე მეტი სადარდებელი არ ჰქონდა იმ წამს.
-მომცილდი ახლავე.
-მკერდიც. -თვალი ჩაუკრა და სახეზე ერთიანად წამოწითლებულს შუბლზე აკოცა. -კარგი, საღამოს კარგად დავაკვირდები უფრო..
თვალი ჩაუკრა და რესტორნის სიღრმეში გაუჩინარდა.

ვის-ვის და თუთას და ნიკას ქორწილში იმ გიდის დანახვას ნამდვილად არ ელოდა დეკა, ვინც შატილში გაიყოლა. მერაბ გველესიანის გვერდით იჯდა მაგიდასთან და სერიოზული სახით განიხილავდნენ რაღაცას.
დეკა რომ დაინახა, უცნაურად გაეღიმა და მისკენ წამოვიდა.
-საბა? შენ აქ საიდან?
-ბატონ მერაბთან ვმუშაობ. -გაუღიმა კაცმა და თმის ძირიდან ფეხის წვერამდე შეათვალიერა დეკა. რამდენიმე წამით შეყოვნდა არათითზე წამოცმულ ბეჭედთან. -გათხოვდი?
-დავქორწინდი. -გაუღიმა. -არ მიყვარს, როცა ასე ამბობენ.
-ხო, მაპატიე. ვინ არის ის ბედნიერი კაცი? -დარბაზს თვალი მოავლო. მისი დამოკიდებულება შეცვლილი ეჩვენა დეკას. ან იქნებ ნამდვილი სახე ასე გამოამჟღავნაო.
-აუცილებლად გაგაცნობ.
-შენები როგორ არიან? მომიკითხე მამაშენი.
-მამაჩემი რამ გაგახსენა, საბა? -ხმა გაუცივდა დეკას. უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ხერხემალში.
საბა, რომელსაც მამამისმა მისი თავი ანდო, ახლა მერაბ გველესიანთან ერთად გამოჩნდა, მოკითხვას უთვლის მალხაზს...
-აბა, შენსავით ხომ არ დავივიწყებ მეც? -თავი გვერდზე გადახარა და ქალის დაბნეული გამომეტყველებით ტკბობა დაიწყო. -რა ხდება ხევსურეთში? გავიგე ერთი მდიდარი კაცი გადაგიკიდებია, იმისი ცოლი აშკარად არ ხარ...
-პირდაპირ თქვი, რისი თქმაც გინდა საბა, -სახე გაუქვავდა დეკას. იქნებ, მამამისს არც უთქვამს ზურასთვის, რომ ქალიშვილს შატილში მალავდა. გული უცნაურად გაებერა მკერდში.
-ერთი ტიპი ისეთი სახით მიყურებს, აშკარად შენი ქმარი უნდა იყოს. მზერას რომ მოკვლა შეეძლოს, ახლა შენს ფეხებთან უნდა ვეგდო უკვე. ფრთხილად იყავი, დეკა. იგორს არ უყვარს, როცა იმას ვერ იღებს, რაც უნდა. შენ არაფერს დაგიშავებს, მაგრამ ზამთარი მოდის. ისე, ჩვიდმეტ ნოემბერს რას აკეთებ?
-მოეთრიე აქ, -მკლავში ჩაავლო ზურგშესაქცევად მომზადებულს და თავისკენ მიაბრუნა, -რა ჩაიდინე?
-უი, მე არაფერი, ლამაზო. აი, შენ კი მაგრად მიქარე და შენმა ქმარმა კიდევ უფრო მეტად. მე უბრალოდ იგორმა გამომგზავნა, სუფრას არაფერი მოაკლდესო ჩემი საყვარელი სვანების და ხევსურების ქორწილში.
-იგორს გადაეცი, რომ სვანები და ხევსურები იქნებიან მისი ბოლო. და მეც.
გაიცინა საბამ, ირონიულად, აშკარად სერიოზულად არც მიუღია დეკას მუქარა. ერთხელ გახედა დეკასკენ მომავალ არაბულს და რესტორნიდან გავიდა.
-ვინ იყო? -თავისკენ მიაბრუნა ცოლი. წითური თმა სახიდან გადაუწია. -ცოტა სიფათი არ მომეწონა...
-იგორის კაცია. -უეცრად დაძაბული ქმრის სხეული თავისკენ მისწია დეკამ, -არაფერი გააკეთო. გიდი იყო. მაგან ჩამომიყვანა შატილში. როგორც ჩანს, ზურასაც მაგან უთხრა ჩემზე, შეიძლება, მამაჩემს არაფერი უთქვამს მართლა... მანამდე არამგონია იგორის კაცი ყოფილიყო, აქამდე ეტყოდა, აშკარად მერე გადაიბირეს. ჩვიდმეტ ნოემბერს რას აკეთებო, მკითხა.
-მერაბს გავაფრთხილებ. შენ ჩვენს საბასთან მიდი და არ მოსცილდე, ხომ გაიგე?

თხუთმეტი ნოემბერი იდგა.
*
თავი მეთორმეტე
„დაღუპვის კარი“

ნოემბრის სუსხმა სხვანაირი სიცივე მოიტანა შატილში.
მოქუფრულიყო ცა და კოშკებიც მასთან ერთად. წვიმით ემუქრებოდა თითქოს ღრუბელი მზეს შეჩვეულ მიწას და ხალხს.
არაბულების სახლში ისხდნენ მათი მისაღების უზარმაზარ მაგიდასთან.
მამა და ძმები არაბულები.
ალი.
მერაბ და ნიკა გველესიანები.
ბექნუ და დემეტრე ფიცხელიანები.
კახა აფხაზი.
გიორგი ჭინჭარაული.
ბუდუ ბექაური.
დეკა. თამთა. თუთა. მზია და ნათია.
მათთან იყო სიჩუმეც. საერთო აზრი სამშობლოზე და სიყვარულზე. ყველას წილი ღმერთი. ყველას გულზე ჩამოკიდებული ხის ჯვარი. ერთის გარდა.
ის ერთიც იქ იყო თავისი ღმერთით. თავის ადამიანებთან.
მაგიდის შუაში იდგა წითელი ღვინო დოქით და დატეხილი პური.
შენიანი მტერი უფრო მტერია.
კარზე კაკუნია. არავის ელოდნენ. უფროსი რძალი წამოდგა. თითქოს გადაიბარა თავისი წილი პასუხისმგებლობა. ეკლესიიდან დაბრუნებულს ჯერაც ვერ მოეფიქრებინა თავსაფრის მოხსნა.
ქმარი ედგა ზურგს უკან. იმან ჩამოსწია ურდული. თითქოს იცოდა, ვინ იდგებოდა კარს მიღმა.
-მამა? -სიბნელესა და სიცარიელეს ჰკითხა დეკამ. სუნი იგრძნო. თავისი სახლის.
ოთახის ყვითელმა შუქმა გაჭაღარავებული კაცის ნატანჯი სახე ამოანათა.
გახევდა დეკა. უეცრად ჩამოეყრდნო ქმრის მკლავს.
-შემობრძანდით. -დუდუნით თქვა ლაშამ. ცოლიანად მიიწია და შინ შემოატარა მალხაზ ცერცვაძე.
მარჯვენა ფეხი შემოდგა დეკას მამამ. შვილს უყურებდა. წამითაც არ მოუშორებია თვალი მისი ცრემლებგამოკიდებული წამწამებისთვის. თვალებში ვერ უყურებდა თითქოს.
ჩახუტებაც უნდოდა. პატიების თხოვნაც. კოცნაც და მოკითხვაც. ვერაფერს ბედავდა.
დეკამ გადადგა ნაბიჯი. კისერზე მოხვია მოხუცს ხელები.
ცხვირი ეწვოდა შეკავებული ცრემლებისგან.
ჭაღარის სუნი ჰქონდა. სიბეჩავის და სიმართლის. ალალი კაცის გაუმართლებლობის და დაჩაგრულის დეკას მამას.
-ვერ გავჩერდი, შვილო. მაპატიე. დედაშენი დავტოვე მოსკოვში და მე წამოვედი. შენი ჯავრი მკლავდა.
-შემოდი, მამა. დაჯექი.
-როგორა ხარ, მალხაზ?
ჯერ გურამი გადაეხვია ძველ ნაცნობს, მერე მზია. იქვე ჩამოსვეს. ექვს თვეში ადამიანი ასე დაბერებულიყოს, პირველად ნახა დეკამ.
წყალი ჩამოუსხა დეკამ. გვერდით მიუჯდა თვითონაც.
-გავიგე, რასაც აპირებს. მესაზღვრეები დიდ ტვირთზე ლაპარაკობენ. არ ვიცი, რა გადმოაქვს, მაგრამ აშკარად ემზადებიან. -უეცრად დაიწყო მალხაზმა. მას გახედა ყველამ. -შენ რომ გამოგიშვი, ჩვენც მალე გავიქეცით ჯერ სომხეთში, შემდეგ აზერბაიჯანში, მერე დედაშენი მოსკოვში დავტოვე თავის ხალხთან და მე ისევ საქართველოში წამოვედი. შენი ძმა დაიჭირეს. იგორს ერთი კაზინო დაუხურეს. ვიღაცამ გასცა. ხალხი გამოეცალა რამდენიმე კვირაში. ხმები დადის ბევრმა ქართველმა უღალატა.
-ეგ ამბები ჩემი და ლაშას დატრიალებულია, -ოდნავ გაეღიმა დეკას. -ჩემი და ჩემი ქმრის.
-ქმრის? -გაკვირვებულმა გახედა მის უკან აღმართულ მაღალ სხეულს. მერე გურამს შეხედა და იმანაც დაუკრა თავი. -გოჩას შვილი.
-იცნობდით მამაჩემს? -უცნაურად ჰკითხა თუთამ. თითქოს ყველა ეძვირფასებოდა, ვისაც მისი მშობელი ერთხელ მაინც უნახავს.
-ჩემი ჯარის ამხანაგი იყო გოჩა. -ისე გაეფანტა მზერა მალხაზს, თითქოს უკან, იმ დროში დაბრუნდა, როცა ჯარის ფორმა ეცვა და გოჩას ეამხანაგებოდა. -მან მომიყვა პირველად ვალერი დავიდოვზე. იგორის მამაზე. იგორი ჩვენზე პატარა იქნებოდა რამდენიმე წლით. ცნობილი კაცი იყო ვალერი საიუზში. ქართველებს არ გვიყვარდა. მე შენ გეტყვი, მართლა ქართველებს. მას ეძებდა მამაშენი. ხევსურებს ძალიანა გვაწუხებსო, მთას გვაშორებენ და გვასახლებენო ბარში. არ მინდაო, კაცო, ეს ბარი. მთა მინდაო. უცნაური კაცი იყო, მარა ახლა რომ ვუკვირდები, რამ გამაკვირვა? კაცს თავის კერას მოშორება არ უნდოდა. თბილისში რომ დავბრუნდი, ცოლი მალევე შევირთე. გოჩა არ მინახავს კარგა ხანს. იმასაც შეურთავს თურმე თავისი შეყვარებული ცოლად და ერთხელ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს თბილისში. ავადმყოფობდა ნურა. ლამაზი იყო, მაგრამ სუსტი. უსასყიდლოდ უექიმა მამაჩემის ძმამ. გამოჩენილი ექიმი იყო მაშინ ლექსო ცერცვაძე. თბილისში ყოფნისას კიდევ გაიხსენა ეს დავიდოვი. გაანებე-მეთქი, კაცო, თავი. მაგას შენი წონა ფული აქვს, ეგ იმხელა ქსელშია გახლართული, შენ რას უზამ-მეთქი. არა გამიგონა. ჩემი წყალობით გადაეყარა მერე უკვე წამოზრდილ იგორს. ნამდვილი ქოფაკი და ეშმაკი იყო ბავშვობიდან. შუბლზე ძარღვი გაწყვეტილი კი არა, სულ არ ჰქონდა. მისთვის არ არსებობდა ქალი და კაცი. არ იცოდა დანდობა და გარჩევა. მაშინ რომ მცოდნოდა, ჩემს შვილებსაც მოადებდა თავის შხამიან საცეცებს, მოვკლავდი, ალბათ. მერე გავიგე, მალე შეძენია ვაჟი. მე უკვე მყავდა სოსო და ცოტა ხანში, დეკაც შეგვეძინა. სანამ საცოდავი ნურა წავიდოდა იმქვეყნად, ჩამოდიოდნენ ჩვენთან თბილისში სამკურნალოდ. მერე აღარ მინახავს გოჩა. ისე მოკლა იმ ურჯულომ.... რომ მახსენდება სისხლი მეყინება ძარღვებში. ხოდა, ვერ გავჩერდი და ჩამოვედი.
-იგორთან ჩვენ გავწყვიტეთ კავშირი. -წუთიანი სიჩუმე გველესიანმა დაარღვია. -მერე დაიხურა თბილისში კაზინო და დომინოს პრინციპი სწრაფად არა, მაგრამ ნელ-ნელა მოქმედებს.
-კაი კაცი ხარ. გამბედაობა უნდა მასეთთან დაპირისპირებას.
-შვილებმა შემაფხიზლეს. -ვაჟს გადახედა მერაბმა. -სიძეც ფიცხი გყავთ.
-გოჩას შვილი ცუდი ვერ იქნება. აქ რამდენი შეკრებილხართ. რომ გიყურებთ, მგონია, აფხაზეთსაც დაიბრუნებთ, სამაჩაბლოსაც ზედ მიაყოლებთ....
-კარგი, მამა, -გაეცინა დეკას. -იცი, მე სროლა ვისწავლე. ალიმ მასწავლა.
-თოფი რად გინდა შენ, შვილო? -გაოგნდა მალხაზი, ლაშას ისე გახედა, თითქოს ამის ნება როგორ მიეციო ცოლს.
-აი, აფხაზეთის დასაბრუნებლად რომ წავალთ მე და ჩემი ქმარი, გამომადგება. -მორიდებით გაუღიმა ქმარს დეკამ. ხუმრობით და ლაპარაკით ცდილობდა დაძაბულობის გაფანტვას.
არაბული მშვიდი იყო. ისეთივე მშვიდი, როგორც შატილის ცა იმ ღამით.
-მალე აითვისა. კარგი მოსწავლეა. -შეაქო რძალი ალიმ. გული გაუთბა მის კეთილ თვალებზე დეკას.
-შემდეგ ცხენზე დადგომასაც მასწავლის. -წარბები აათამაშა დეკამ. -ხო, ალი?
-მაგაზე ვეტოს უფლებას ვიყენებ. -ცოლის სკამს ქვეშ ხელი ამოსდო ლაშამ და თავისკენ მიაჩოჩა.
ალი ჩუმად დაეთანხმა და თვალი ჩაუკრა ცერცვაძემაც.
-კარგი, გეგმა გასაგებია. დავიშალოთ ამაღამ. ხვალ საღამოს შევხვდებით. -ფეხზე წამოდგა მერაბ გველესიანი. -თბილისშიც მივაწვდენთ ხმას, ლაშა. არ იჯავრო.
-მადლობა, მერაბ.
გააცილეს სტუმრები.
ოჯახის წევრები დარჩნენ მხოლოდ.
-ნუ ჩამოგტირით სახე. არაფერი ისეთი არ ხდება. -ვერ აიტანა ცოლის მოქუფრული სახე თორღვამ, მაგრამ მარტო მას ვერ უთხრა საყვედური. ავად გახედა თამთამ. დარდი მაინც მაცადეო ჩემს ჭკუაზე.
-შენც მიდიხარ? -ხმადაბლა ჰკითხა თამთამ, როცა აივანზე მარტო გამოიჭირა თავისი არაბული. ცრემლები გამოეროდა ხმაში.
მაგრად იჭერდა სხეულზე მოხვეულ შალის ნაჭერს. ნაცრისფერი კვალი გამოუშვა თორღვამ პირიდან. ცალი თვალით გადახედა ცოლს ზემოდან და ისევ კავკასიონს გადახედა. თითქოს აშკარა იყო, რომ კი.
-მეშინია. -ოდნავ მიუახლოვდა. ერთი ცრემლი გადმოუგორდა უკვე თვალიდან. -არ იცით, რა დაგხვდებათ.
-შენთან დარჩენას მთხოვ? -ხელებში მოიქცია მისი ლამაზი სახე. გონებით სურათს უღებდა თითქოს თამთას იმ ღამით. მუცელი ასტკივდა, იმდენად სულისშემკვრელად მშვენიერი მოეჩვენა სევდიანი.
-არა. -თვალები დახარა. -ჩემთან დაბრუნებას გთხოვ.
-დაბადებამდეც შენი ვიყავი, ცოცხალიც შენთან ვარ, იქაც შენთან ვიქნები. რომ დავბრუნდე, შენგან წასვლა უნდა შემეძლოს. მე კიდევ არ შემიძლია.
გულზე დადებულ თამთას თავს ხელებით მოეფერა.
შუბლი მიადო მკერდზე ქმარს. მინდა რომ დარჩე, მაგრამ ვერ გთხოვო, უნდოდა ეთქვა,თუმცა იცოდა, უთქმელადაც ხვდებოდა მისი ქმარი. ყველას მიტოვებას ვერასდროს სთხოვდა მარტო მასთან ყოფნის გულისთვის, თუმცა ყველაზე მეტად მასთან ნაპოვნ სიმშვიდეში უნდოდა ცხოვრება.
-არ ინერვიულო, რა. -ალბათ ათასჯერ აკოცა თმაზე. უფრო მაგრად მოხვია ხელები სუსტ მხრებზე.
-ცოტას ვინერვიულებ. -თვითონაც მოხვია წელზე ხელები და ოდნავ ჩაეცინა.
გულზე დაადო თავი. ერთად უყურებდნენ კავკასიონს.
აკვნით დაკავშირებული ათასი მათნაირი წყვილი ენახათ ალბათ იმ მთებს. ან შეიძლება პირველად ხედავდნენ. ვინ იცის.

-მეც შენთან ერთად მოვდივარ.
მძვინვარებდა დეკა ოთახში. ლაშა საწოლზე მიწოლილიყო თავქვეშ ხელამოდებული და გაღიმებული ითვლიდა ცოლის მეათასე ბოლთას.
-საწოლზე მიგაბამ და ისე წავალ, თუ არ გაჩერდები. დაწექი, არ დაიღალე?!
-არა. არ ვაპირებ სახლში გელოდო და ყავა ვწრუპო, სანამ შენ ღმერთმა უწყის რას გახვედრებს იქ დავიდოვი. ხო გაიგე? მეც ვიცი იარაღის გამოყენება, ცხენზე ჯდომა და...
-მოდი ჩემთან.
კედლისკენ მიიწია ლაშა და საბანი ასწია.
-ჩააქრე შუქი, თორემ მერე დაგეზარება ადგომა.
ბუზღუნ-ბუზღუნით დაემორჩილა დეკა. გაყინული ფეხები ტრადიციულად წვივებზე მიაწება ქმარს და კომფორტულად მოთავსდა.
მუცელზე მოხვია ხელები ლაშამ და ახლოს მისწია.
-ვერაფერს გავაკეთებ იქ შენთან ერთად, -ყელში აკოცა. გულწრფელი სიმშვიდით უთხრა, ფლირტის და ღიმილის გარეშე. -თუ მეცოდინება, რომ შენ ახლოს ხარ და საფრთხეც ახლოს არის, შეიძლება ყველაფერი ჩავშალო და უკან გამოგაბრუნო.
-და მე? ჩემზე რატო არ ფიქრობ? -მისკენ გადაბრუნდა დეკა. ბნელოდა და ვერაფერს არჩევდა უკუნში, თუმცა მაინც ცდილობდა თვალებში ჩაეხედა.
-აი, რანარიად გამოიტანე ეგ დასკვნა, რო მე შენზე არ ვფიქრობ, დეკა?
-შენ გარდა დასაკარგი არაფერი მაქვს. მეც იქ უნდა ვიყო, შენთან. არც დავიდოვის გამო, არც საკუთარი თავის გამო, შენ გამო. გმირი არ მჭირდება, გაიგე? ცოცხალი ქმარი მინდა, რომელიც სიკვდილამდე ჩემ გვერდით იქნება, ბავშვების გაზრდაში დამეხმარება, მერე შვილიშვილების და აქაურობის შენარჩუნებაში. ათასი გეგმა მაქვს, რაც დავიდოვის სიკვდილზე მეტად წაადგება ჩვენს მხარეს და ხალხს. ვერც გმირთან და ვერც მკვლელთან ერთად ამას ვერ შევძლებ. მე შენ მჭირდები, ჩემი ქართველი ქმარი. ამიტომ თუ ჩემი შენ გვერდით ყოფნა სისულელის ჩადენისგან გაგაკავებს, მეც წამოვალ.
-არაფერი მომივა, პირობას გაძლევ. -ცხვირზე აკოცა და უფრო ახლოს მისწია.
-ეგ პირობა დავიდოვისგან მჭირდება და არა შენგან.
-ბავშვებზე რა მითხარი? -ცალი ფეხში ჩაავლო და საკუთარზე გადაადებინა, უფრო ახლოს რომ ჰყოლოდა. კისერში ჩაუძვრა ტუჩებით.
-ნუ გადაგაქვს. -უთხრა მიმწყდარი ხმით.
-არ გადამაქვს, შენს სიტყვებს გახსენებ, -პერანგქვეშ შეუცურა ხელი და სანამ ცერცვაძე რამის გააზრებას მოასწრებდა, მანამ გადააძრო ქსოვილი და ზემოდან მოექცა. -მომენატრე.
-მე არა, -მკერდზე ხელები აიფარა, თითქოს სიბნელე საკმარისად არ მალავდა მის სხეულს. მთვარე მხოლოდ ბაცად ანათებდა ოთახის პატარა ნაწილს.
-მატყუარა, -პერანგის ქვედა ნაწილიც წინას გზას გაუყენა. შრიალით დაეშვა ქსოვილი იატაზე. -აბა, მკერდი რატომ გაქვს ასე?
ჯერ თითის ბალიშები გადაატარა დაბერილ კერტებზე, შემდეგ ტუჩები. საწოლიდან გაუაზრებლად წამოსწია წელი დეკამ და უარესად მიეკრო შიშველი სხეულით ქმარს.
თმაში ხელები ჩაავლო, როგორმე მკერდს რომ მოეწყვიტა ლაშა, სანამ სიამოვნების პირველივე წუთის განმავლობაში დაკარგავდა გონებას და თავისკენ წააწევინა თავი, ტუჩებზე რომ ეკოცნა. წელზე შემოხვეული ორივე ფეხით ეკვროდა, თავისკენ იზიდავდა, რომ ერთი მილიმეტრიც კი არ დარჩენილიყო მათ სხეულებს შორის.
მონატრება იყო, სხვა რა შეიძლება დაერქვას იმ გრძნობას, რასაც დეკას გული ამოევსო იმ წამს?
ჯერ არგაშვებულის, მასთან ახლოს მყოფის მონატრება.
ვერც გაუშვებდა.
*
-ალი, დამელოდე. -შავ შარვალსა და მოსაცმელში გამოწყობილი უკან აედევნა ქართველების ქარავნის უკანასკნელ, ქისტ წევრს.
-შენი ქმარი მომკლავს, დეკა. არ არის იქ შენი ადგილი.
-ჩემი ადგილი ჩემი ქმრის გვერდითაა. ამ საქმეში ერთად ვართ. წამოდი, გამოადგი ფეხი.
ათი წუთი იარეს.
სახლში ქალებთან გურამი და მალხაზი დატოვეს. დეკაც მათთან დატოვა ლაშამ, თუმცა დარწმუნებული ნამდვილად არ იყო, რომ ცოლი დარჩებოდა. ზედაც არ შეუხედავს დეკას. უბრაზდებოდა და არც დაემშვიდობა წასვლისას.
ნათიას ნაჩუქარი შავი თავშალი ეცვა. წითელი თმა არ უჩანდა და ქმარს რომ გვერდით ამოუდგა ცივად გადმოხედა ზემოდან ლაშამ.
-თუ გინდა გაბრაზდი. -ნება დართო ქალმა.
-ვერაფრით გავაბრუნე უკან. -თავი იმართლა ალიმ.
-წამოვიდეს. დეკა ყველაზე სტრატეგიული ფიგურაა ამ საქმეში. ხომ იცი, ყველა დავიცავთ, რისი გეშინია? -წარბები შეკრა ბექნუმ, როცა სახეგაყინულ ძმაკაცს შეავლო თვალი.
ხმა არ ამოუღია არაბულს. უხმოდვე შემოისვა ცოლი ცხენზე თავის წინ.
თოვლი იდო კავკასიონის იალაღებზე.
ცხენოსნები შეთანხმებულად მიემართებოდნენ დაკლანკილ, კლდეზე შეკიდულ ბილიკებზე.
თითქოს ერთი უხილავი ძაფით გადაება ყველას ერთმანეთზე. ეს ძაფი აკავშირებდათ მიწასთანაც, ცასთანაც და ღმერთთანაც.
-საშა იქ იქნება. -თქვა ნიკამ, როცა გზა შესქელდა და არაბულის ცხენის გვერდით ამოდგომა შეძლო. -ზაზა ნატროშვილიც.
-მთავარია, ის მოვიდეს. -ქმრის მკაცრი და სუსხიანი ხმა ყელზე შემოეხვია დეკას.
-მოვა. საშამ თქვა, რომ მოვა. -დარწმუნებით თქვა დეკამ.
მალე გამოჩნდნენ მესაზღვრეები. ჩვეულებრივზე მეტნი იყვნენ. ერთად შეჯგუფულები რაღაცას არკვევდნენ. ხევსურების ბილიკს ქვემოდან კიდევ სამი კაცი შემოუერთდა. ჩამოქვეითდნენ.
ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
-საშა,როგორა ხარ?
ქალის ხმის გაგონებას არავინ მოელოდა მოსულთაგან. ყველამ დეკასკენ მოატრიალა თავი. დაბნეულებმა ახედეს ლაშას.
-ვერაფრით ვაიძულე დარჩენა.
-დეკა? -გამართული ქართულით თქვა დავიდოვის შვილმა. ხელებგაშლილი წამოვიდა მისკენ. -გაგიჟდი?
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ? -გაიკვირვა საშასთან ერთად მოსულთაგან ერთ-ერთმა.
-კურსელები ვიყავით. ამას მამა ჰყავს რუსი, მე დედა, ასე რომ ვთქვათ საერთო პრობლემამ დაგვაახლოვა.
-მაპატიე რა. ბოდიში. როგორც შემეძლო, ვეცადე დახმარებას. საბა ძალიან დამეხმარა.
-საბა? -თვალები შუბლზე აუვიდა დეკას გაოცებისგან.
-ხო. მე გამოვგზავნე. პირადად ვერ გნახავდით და გეტყოდით, მამაჩემს ხო იცი, უყვარს კონტროლი.
-მოიცა დავიბენი....
-ვერც საბას ჩავაგდებდი საფრთხეში. ამიტო მამაჩემის კაცად გავასაღებინე თავი, ოღონდ ისე, რომ თან ჩაეშვა იგორი თქვენთან დღევანდელზე.
-საღოლ ძმაო, -ხელი ჩამოართვა ნიკამ, -კინაღამ ქორწილი ჩაგვიშალე.
-ხო, მაგისთვის ბოდიში. -საათს დახედა საშამ, -შვიდი ხდება უკვე. გაიცანით, ზაზა და მანუჩარი. ზაზა კრიმინალური გამომძიებელია, მანუჩარს საზღვრის კონტროლი აბარია. მოკლედ, საჭირო ხალხია.
-თქვენ ვიცით, რაღაც პირადი ქიშპი გაქვთ ამ კაცთან, ძმებო. -ხევსურებს მიმართა მანუჩარმა. -ისიც გეცოდინებათ, რამხელა ქსელის ნაწილია ერთი პატარა იგორი. მას ისე შეხედეთ, როგორც ქვეყნის საერთო მტერს და არა პირად პრობლემას. იარაღის ამოღება პირველად არცერთმა გაბედოთ. ეს თქვენც გეხებათ, ქალბატონო.
-ანუ რა გეგმა გაქვთ? თქვენ ჩაგაბაროთ იგორი? -ცოლს მხრით ჩამოეფარა ლაშა. თითქოს იარაღის ხსენებამ დააფეთა.
-იგორი თავისით ჩაბარდება პატრონს. თქვენი ხელით. თუ გინდათ მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება, ასე აჯობებს.

საზღვარზე მალე ატყდა უცნაური ჩოჩქოლი. მანქანა მოადგა ბანაკს და იქედან მხიარული სახით გადმოვიდა დავიდოვი.
შორს იდგნენ ქართველები, მაგრამ მტრის დანახვას ჯანმრთელი თვალი არ სჭირდება. გულით, სხეულით, სუნით გრძნობ, რომ ის ახლოსაა. გულისრევასთან ერთად მასზე გამარჯვების დაუცხრომელი სურვილი გიპყრობს და სამიზნის გარდა ვეღარაფერს ხედავ. იგორის დაღმეჭილი სახე მოაგონდა, მისი საზიზღარი ღიმილი, ბოროტი და გარყვნილი თვალები.
-საშა. -ბრძანებასავით გაისმა მანუჩარის ხმა.
საშაც მშვიდი ნაბიჯებით გამოეყო ქართველების ბანაკს და განათებული ადგილისკენ წავიდა. მანუჩარის რაციაში მალევე გაიხსნა კავშირი.
„ვეტმფრენი გზაშია“
საზღვარი გადაკვეთა საშამ. მამას გადაეხვია. მას ელოდნენ.
-სატვირთო უნდა დაიძრას. თქვენ უკნიდან მოუარეთ. -კაცებს მიმართა ზაზამ. -ქალი ჩვენთან დარჩეს.
-არა, მე..
-ხმა არ გავიგო შენი. პოლიციას არ მოშორდე, ხო გაიგე? -მკაცრი, ზომაზე მეტად კატეგორიული იყო ლაშას ხმა. ადგილზე დააბრუნა წასასვლელად მომართული ცოლი. შუბლზე აკოცა. თითქოს ბოდიშსაც უხდიდა სიმკაცრისთვის. -მალე მოვალ, ხო?
-თუ მოკვდები, მოგკლავ იცოდე. -დაემუქრა და თვითონაც აკოცა მორიდებით. ნიკას ჩაფხუკუნება დააიგნორა.
უხმოდ დაიძრნენ აღმოსავლეთით. ყველა მხარში გამართული, შეწყობილი ნაბიჯით მიდიოდა იგორისთვის უკანა გზის მოსაჭრელად.
სატვირთო რომ დაიძრა, დეკამ გულის ყურებში აგუგუნების ხმა იგრძნო. დაძაბულობისაგან დაეოფლა ხელის გულები. საზღვარი გადმოკვეთა თუ არა, მაშინვე გაისმა ვეტმფრენის ხმა. მერე ყველაფერი ბომბის აფეთქებასავით იყო. ერთმანეთში აითქვიფა მტერიც და მოყვარეც. სატვირთოს მძღოლი დაჭრეს. ვეტმფრენიდან გადმოეშვა სპეცრაზმი. დეკას აღარაფერი ესმოდა. არც პოლიციის მითითებები, რომ ადგილზე დარჩენილიყო, არც ქართველების ყვირილი, მხოლოდ რუსული.
ის, რის დავიწყებასაც მთელი ცხოვრება ცდილობდა. ახლა მხოლოდ ის ესმოდა და ამის ფონზე მისი გონება ერთს გასძახოდა მხოლოდ ქართულად, რომ ამ ტყვიების წვიმაში მისი ქმარი იყო მოყოლილი.
გურამის ჩუმად გამოტნეულ იარაღს ჩაავლო ხელი. ტყე-ტყე გავარდა ბანაკისკენ. განათებული ლამპიონების შუქზე ჩანდა, როგორ ცდილობდა ბორბლებდახეთქილი მანქანის დაქოქვას იგორ დავიდოვი, მაგრამ ალის უკვე მოეთავებინა თავისი საქმე: მანქანა ვერ დაიძვრებოდა.
ალის ბექნუ და ლაშა აზღვევდნენ. ქმარს ეძებდა თვალებით. ფეხზე მდგომი არ ჩანდა. წაქცეულებში ვერ ამოიცნობდა. ვერ იქნებოდა მისი ქმარი წაქცეული.
მერე დავიდოვი დაინახა. როგორ შემართა იარაღი მისი მანქანის ქვემოდან გამომძვრალი ალისკენ. წამიერად მოხდა ყველაფერი. ისე, როგორც დიდ უბედურებებს ჩვევიათ ხოლმე. ერთი წამია საჭირო, რომ მოხდეს და მერე მთელი ცხოვრება არ გყოფნის მათ მოსანელებლად.
ალი მიწაზე დაეცა. იგორის ტყვია მას მოხვდა. იგორს კი დეკას ტყვიამ გაადინა სისხლი.
სროლა უეცრად მიწყდა.
ცრემლებში ამოსვრილ ჰორიზონტზე ვერაფერს ამჩნევდა დეკა, გარდა მის წინ მოკლული ქისტისა, რომელიც ქართველებთან ერთად ბრძოლაში სიკვდილმა დაამარცხა.
მისკენ გარბოდა საშველად. ჩანთით წამოეღო წამლები.
-ალი, ახლავე გიშველი. ახლავე. მოიცა, გთხოვ. ლაშა! -კიოდა გამწარებული. კალთაში ედო ალის ცრემლებით და სისხლით დანამული თავი. უღიმოდა ქისტი.
წამლები ამოყარა პატარა ზურგჩანთიდან, ვერაფერს არჩევდა იმ სიბნელეში. ხელები უკანკალებდა.
-ალი, გეხვეწები, არ მოკვდე...
დეკას წამალი არა, მაგრამ ცრემლები უხვად ეწვეთებოდა ალის სხეულს.
ძლივს-ძლივობით ასწია ხელი და დეკას ხელს შეახო.
მათთან ჩამუხლულიყო შეშლამდე თვალებამღვრეული ორივე არაბული.
ტუჩებთან მიიტანა დეკას თითები და თვალი რომ დაახამხამა, ერთადერთი ცრემლი გადმოუვარდა მხოლოდ ალის.
-შენს შვილებს მოუყევი ჩემზე... -ძლივს-ძლივობით ამოთქვა. მუცელსა და მკერდში იყო დაჭრილი. სისხლს აფურთხებდა ლაპარაკის დროს.
-ნუ ლაპარაკობ სისულელეებს, -ხმით ტიროდა დეკა. -შენ თვითონ მოუყვები. ჯერ ჩემთვის ცხენზე დგომა არ გისწავლებია, სად მიდიხარ?
ალი.
ალი.
ალი.
კავკასიონს იმ ღამით მხოლოდ თავისი ქისტი შვილის სახელი ესმოდა. თავისი ქართველი შვილების პირიდან.
ბარძაყშეხვეულმა ატარა თავის სახლამდე ალის სხეული ლაშამ იმ ღამეს. სისხლისგან იცლებოდა და თავს ცარიელად მაინც მარტო ძმის დაკარგვის გამო გრძნობდა.

თითქოს სარეველას იებიც გააყოლა ბაღის გასუფთავების დროს.
*
არ გეგონოთ, ალი ვინმეს გმირად შეერაცხოს სარეველამოდებულ სამშობლოში მავნე მცენარეების მოთხრის გამო. ის ამბავი იქ დარჩა და იმ ადამიანების გონებაში, ვინც ის ყველაფერი იხილა.
იგორი გადარჩა, მაგრამ მხრით გაიყოლა დეკას ტყვია. სახელმწიფომ იგი ზედმეტი გასაჯაროვების გარეშე დამნაშავედ აღიარა და ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა აუკრძალა.
ალის გარდა ყველა უსაფრთხოდ დაბრუნდა სახლში. ჩუმ სიამაყეს, სინანულს და ქისტი ძმის ხსოვნას სამუდამო კვალი დაეტოვებინა მათ ღირსებასა და მეხსიერებაზე.
მამა და ძმები არაბულები.
მერაბ და ნიკა გველესიანები.
ბექნუ და დემეტრე ფიცხელიანები.
კახა აფხაზი.
გიორგი ჭინჭარაული.
ბუდუ ბექაური.
დეკა.

ალის საფლავზე იმ გაზაფხულზე იმდენი ია ამოვიდა, დეკას მიტანილი ყვავილებისთვის ადგილი აღარ დარჩა.
მუცელი მოზრდოდა და გადაადგილებაში ფაქტობრივად ლაშა ეხმარებოდა.
ცოლ-ქმარს ალის საფლავიდან გამომავალი ერთი თავშალშემოხვეული გოგო შემოხვდათ. ლამაზი იყო. არათითზე ბეჭდით და თვალებში წითელი სისხლძარღვებით. ბევრი უტირია.
ქსუტუნით, თავჩახრილმა გაუარა გვერდი წყვილს. ალბათ, არ უნდოდა, მის ქმარს შეემჩნია.
-ეს გოგო უყვარდა ალბათ ალის. -გადაულაპარაკა ქმარს და ახლადდაკეტილ სასაფლაოს კარს მიადგა, შიგნით არ შესულა.-ვარდისფერი მიხაკები დაუტოვებია.
-შენ რა იცი? -გაუკვირდა თორღვას.
იქვე ჩამოჯდა პატარა სკამზე. ჯერ კიდევ აწუხებდა ფეხში მიღებული ჭრილობა.
-მომიყვა. ერთი გოგო ჰყვარებია, სხვაზე დანიშნული ყოფილა. მე უარი მითხრაო და ხომ ვერ დავაძალებო ჩემთან ყოფნას. მირჩევნია საკუთარი თავი მყავდეს, ვიდრე ის ადამიანი, ვინც თავს მაკარგვინებსო...
-ხო. ასეთი იყო. -ნაღვლიანად გაუშტერა თვალი საფლავის ქვას. -ეგ ვერ აპატია მამაჩემსაც. დედაჩემი სხვაზე იყო მაშინ დანიშნული, მაგრამ მაინც მოიტაცა. არასწორად მოიქცა, ძალიან შეეშალა ბიძაჩემის ოჯახთან. იმხელა ტვირთი დამიტოვა სატარებლად, ახლაც ვერ ჩამომიხსნია ბეჭებიდან, როცა ფაქტობრივად აღარავინ დამრჩა დედაჩემის მხრიდან ცოცხალი.
-შენ სხვანაირად მოიქცეოდი?
-ძალიან უყვარდა დედაჩემი.
-ვიცი. -გაუღიმა დეკამ. -მე როგორც გიყვარვარ, მგონია, რომ ასე სიყვარულს ვერ შეძლებდი, მათი სიყვარულისთვის რომ არ გეყურებინა. მამაშენის შეცდომა მასთან ერთად წავიდა, ლაშა. შენ უამრავი ღირსება დაგიტოვა, რისთვისაც ცამდე მადლიერი ვარ.
აქა-იქ საფლავს შეჩენილი სარეველა მოაშორა ლაშამ და ჭიშკარი გამოკეტა.
ნაცრისფერ ქვაზე ალის სახელის ქვემოთ წარწერას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი, თითქოს საკუთარ თავს ახსენებდა იმას, რასაც ვერასდროს დაივიწყებდა.
„კავკასიონს ახსოვს“

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

ისტორიაში ყველა მოვლენა, რაც პერსონაჟებს გადახდათ თავს, ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.

თითქმის ყველა ტრადიცია რეალურია.

ქისტებსა და ქართველებს დღემდე კარგი ურთიერთობა აქვთ. განსაკუთრებით უყვართ ხევსურებს ეს ხალხი, როგორც გავიკითხე. ისტორიულად ბევრ ბრძოლაში წახმარებიან ქისტები ხევსურებს და ამიტომაც.

ბოლო თავის სათაური „დაღუპვის კარი“ ამოღებულია მერაბ კოსტავას ცნობილი მონოლოგიდან - „საუბედუროდ, ჩვენ ქართველები, მხოლოდ გადამწვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც დაღუპვის კარსა ვართ მიმდგარი, ვდგებით ერთად და ვერთიანდებით! ხოლო რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, როდესაც უკვე ერის გადარჩენაზე კი არ არის აქ ლაპარაკი, არამედ აღორძინებაზე, იქ კი, ისევ თავს იჩენს ჩვენი პრომეთეული გოროზობა, ჩვენი ეს ოდითგანდელი სენი და ჩვენ კვლავ - ერთმანეთს ვშორდებით!...“

დეკა ალპური მცენარეა და გვხვდება ხევსურეთშიც. სახელი სპეციალურად შევარჩიე მთავარი პერსონაჟისთვის. ეს მცენარე რთულ პირობებში გადარჩენის სიმბოლოა, აქვს დაშლის და ეროზიის საწინააღმდეგო დანიშნულება კლდეებზე, ამიტომაც მისი დიდი რაოდენობით მოპოვება აკრძალულია. ვფიქრობ, სიმბოლიზმი კარგად ესადაგება პერსონაჟის ხასიათს

ლაშა აფხაზური სახელია, ნიშნავს ნათელს, შუქს, სინათლეს.

ზურა, რომელიც ერთ ეპიზოდში ჩნდება, ზურაბ არაგვის ერისთავის ლიტერატურული პარალელია. იგი რუსებს ეხმარებოდა ხევსურების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა დამარცხდა.

კიდევ ბევრი რამეა, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება, თუმცა ახლა ემოციებში ვარ და ვერ ვახერხებ ყველაფრის გახენებას. დამამატეთ ფეისბუქზე და იქ ხშირად ვპოსტავ ხოლმე ამბებს და ახსნა-განმარტებებს.

ამ ისტორიაზე ჩემი დროის, ენერგიის და ემოციის ძალიან დიდი ნაწილი დავხარჯე. ძალიან გული მწყდება, რომ დასრულდა, თუმცა იმედი მაქვს, თქვენც ისევე ისიამოვნებთ კითხვით, როგორც მე წერისას.

თამთასა და თორღვაზეც აუცილებლად დაიწერება ცალკე ისტორია, ამიტომ თუ დაგაკლდათ, არ ჩამქოლოთ.

მალე შევხვდებით.

სიყვარულით

ტასო იაშვილი
2023



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ❤️❤️❤️❤️მადლობა შენ და წარმატებები, ველოდები თორღვას და თამთას ისტორიას ????????????????

 


№2  offline წევრი penguin

თქვენი ყველა ისტორია რაღაცნაირია,კარგი,არაა კარგი არაა სასწაული,განსაკუთრებული,ემოციებით დატვირთულია????
მადლობა,რომ გვანებივრებთ მსგავსი საოცარი ისტორიებით????
პ.ს ღირდა ამდენ ხნიან ლოდინად❣️

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიამ

დიდი მადლობა. ალის სიკვდილზე ბევრი ვიტირე........

 


№4 სტუმარი სტუმარი ლუსი

სასწაული იყოო.ახალს ხო წერ ?

 


№5  offline წევრი ფარვანა

ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი იყო!! ისე დავიხუნძლე, გავიბერე ემოციებით და თან ისე გელოდით მეორე ნაწილით… მაგრამ გულიც დამწყდა დასასრულიო რომ ამოვიკითხე…
ძალიან საინტერესოდ წერთ. იმდენად მომნუსხველი, რაღაცნაირად სასიამოვნო და ბუნებრივი აურა მოდიოდა ამ ამბიდან და პერსონაჟებისგან!
ძალიან შემიყვარდა მათი ისტორია, და თვითონ ისინიც რა თქმა უნდა.
მადლობა ამ ემოციების მონიჭებისა და ასეთი ლამაზი ამბითა და უტკბესი, უსაყვარლესი, აწ უკვე ფავორიტი პერსონაჟებით გაჯერებული ისტორიისთვის და მოუთმენლად ველი თორღვასა და თამთას, უსაყვარლესები არიან და ცალკე გავრცობასაც მათი ამბავი ნამდვილად იმსახურებს.
ალის გამო ძალიან განვიცადე, მაგრამ იმდენად დიდი ადგილი დაიკავა ჩემ გულში რომ სულ მემახსოვრება. ნამდვილად ღირსეული, ძალიან კარგი ადამიანი იყო მისი პერსონაჟი მაგრამ
რას ვიზამთ… ზუსტად იგორისნაირ ღორებს, იმ სვავებს დღემდე რომ არ გვეშვებიან და ჩვენებურ ფალავანდიშვილებს ეწირებოდნენ მისნაირი დიდსულოვანი ადამიანები ჩვენში მაგრამ მათი კვალი რჩებოდა და დარჩება სამაგიეროდ ყოველთვის და წარუშლელად ჩვენში…
საოცარი იყო ეს ხაზი და ზოგადად ყველა და ყველაფერი. ძალიან ვისიამოვნე, მადლობა კიდევ ერთხელ და შემდეგამდე! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№6  offline წევრი GMG

საოცარი იყო,ემოციებისგან სავსეს როგორ დამეძინება ამაღამ არ ვიცი.მიყვარს ყველა შენი ისტორია და თამთას და თორღვას ამბავს დაველოდები❤️ ალი ძალიან დამენანა❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი დიანა

უფ ???? როგორი იყო იცით? თან რომ გინდა დასრულდეს უკვე და თან არა, ალის და დეკას ეზოში ყოფნის დიალოგის დაწყებამ სრაზუ გამიჩინა გულში შიშის გრძნობისა… თუმცაღა ეს ისტორია ისე მთლად ბედნიერი დასასრულით ნამდვილად არ უნდა დასრულებულიყო.

პ.ს. ლაშას მზგავსი ბიჭები გვეღირსო რა იქნება?

დიდი მადლობა ადმინს, უძილო ღამეების და ასეთი ლამაზი ისტორიისთვი.
მომენატრება ლაშიკო და დეკა ((( მომენატრება ყველა ის პერსონაჟი რომლებიც გამოჩნდნენ და აქამდეც იყვნენ… ???? ბრავო ბრავო და კიდრვ ბრავო ადმინს. ????????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინა

გული დამწყდა , რომ დასრულდა. ბევრიც ვიტირე... მიყვარს ყველა პერსონაჟი... ძალიან კარგად წერთ. წიგნად ვისურვებდი წაკითხვას❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი თამო

აი ძალიან ძალიან კარგი იყო.საოცარი.ემოციებით დავიმუხტე.დასასრულად დამენანა.თუმცა ველოდები თორღვას და თამთას ამბავს

 


№10 სტუმარი kati

ძალიან კარგი იყო,ალი დამენანა.

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამო

აიიი ძააააალინ კარგი იყო, ძალიან❤️მადლობა

 


№12  offline წევრი ელენე (ნენე)

შენ იცი, როგორ ველოდი ამ ნაწარმოებს, მაგრამ ღამე მაინც ვერ წავიკითხე. გუშინ ჩანჩქერი დავლაშქრე და რომ მოვედი, ისეთი დაღლილი ვიყავი, ძილის გარდა, არაფერი შემეძლო.

გახსოვს ალბათ, აქამდე გამოქვეყნებულ ყველა ნაწერზე ვთქვი, რომ დასასრული ძალიან გაქვს დაჩქარებულითქო, თუმცა ამაზე იმავეს ვერ ვიტყვი.

ძალიან მომეწონა. იმდენი ზოგიერთისთვის უმნიშვნელო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გაქვს გამოკვეთილი, რომ ყველაზე ალბათ ვერც ვისაუბრებ, აუცილებლად გამომრჩება რაღაც. ღირსება, რელიგიური შემწყნარებლობა, ტოლერანტობა, ოჯახისა და მეგობრობის კულტი და, რაც ყველაზე იშვიათია ჩემს წაკითხულ ამბებში, ქართული სული, ქართველის მეობა, რომელიც მთელს ისტორიას ღმერთის სხივივით თან დაჰყვება.

თითოეული პერსონაჟი განსაკუთრებულია. ეტყობა ისტორიას, რომ პასუხისმგებლიანი ავტორი ჰყავს და წვრილ-წვრილ დეტალებზეც კი ნაფიქრი გაქვს, რაც, უდავოა, დასაფასებელია. თითოეულ გმირზე უამრავი მაქვს სათქმელი, მაგრამ ძალიან ბევრი რომ არ ვისაუბრო, მხოლოდ ჩემთვის განსაკუთრებულებზე ვილაპრაკებ.

დეკა, მედეა, ჩემთვის ძალიან ძლიერი, კეთილი, უტეხი, უშიშარი და ეშხიანი ქალია. საოცრად გაქვს აღწერილი, როგორ უდიდეს ტნასფორმაციას განიცდის ლაშასთან, კაცთან, რომელთანაც შინაგანად გრძნობს, რომ საფრთხე არ ემუქრება და "ვეფხი" უეცრად ფუმფულა "კატად" იქცევა ხოლმე. არ ვიცი, რამდენად დამეთანხმები, მაგრამ ეს ქალი რუსთველის ნესტან-დარეჯანსაც ჰგავს თავისი ენერგეტიკითა და შინაგანი გრძნობებით. ჩემთვის ეს დეტალი კიდევ უფრო მეტ "ქართველობას" ანიჭებს ისტორიას, იმის მიუხედავად, რომ ისედაც უამრავი ფაქტია, რომელიც გარწმუნებს, რომ ავტორს ძალიან მოუნდომებია, რომ დაეწერა საქართველოზე, ჩვენს სალოცავ პაწაწინა ქვეყანაზე, რომელიც ჩვენი უგუნურებისა და უმეცრების გამო მიგვიგდია, როგორც გაუქმებული ტაძარი: "და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული." საბოლოოდ, ძალიან რომ არ გადავუხვიო თემას, დეკა ძალიან მომწონს მისი წითური თმითა და უდიდესი შინაგანი სამყაროთი.

ლაშა ნადმვილად ღირსეული პიროვნებაა, პატრიოტი ხევსური, რომელიც დღეს მართლა საოცნებო კაცად მიმაჩნია პირადად მე. ცხოვრებამ მასაც, დეკას მსგავსად, მძიმე ჯვარი არგუნა გოლგოთამდე საზიდი. ოჯახი, რომელიც ინდივიდის ცხოვრებას დიდწილად განსაზღვრავს, ლაშასაც არ ჰქონია იდიალურობასთან მიახლოებულიც კი, არადა თავად, ერთი შეხედვით, ნამდვილად ჰგავს არაამქვეყნიურს. ძალიან რთულია, როცა ობოლი ხარ და ბიძია-ბიცოლასთან იზრდები, თუმცა მისი პიროვნება ხომ სწორედ ამან ჩამოაყალიბა. ნაადრევად გაიზარდა და თავისი უდიდესი ტკივილის ფონზე იქცა პიროვნებად, რომელიც ჩემთვის ღვთის ხატად და მსგავსად ცხოვრებას ცდილობს.

ალიზე რთულია საუბარი. თითქოს ჩვენი ცოდვიანი დედამიწა მისნაირ ღირსეულ პიროვნებებს დედამიწაზე ვერ იტევს. არადა, სწორედ ალის მსგავსი დიდებული ადამიანები იკარგებიან უძეგლოდ... სიმართლე გითხრა, როგორც კი მისი სიყვარულის ამბავი მოვისმინე, ორი ბოლო წარმოვიდგინე, გმირული სიკვდილი ან მონასტერი. ლაშას მასთან შეეშალა, მაგრამ რთულია გაამტყუნო. თუმცა თავად ალის მის ხევსურ ძმასთან არაფერი შეშლია, რაც კიდევ უფრო მეტად მაყვარებს ქისტებსაც და სრულიად კაცობრიობასაც.


თამთა და თორღვა ნამდვილად ლამაზი წყვილია, თუმცა მაინც ვერ ვუგებ ბოლომდე ამ ჩემთვის ხანდახან ძალიან საზარელ ტრადიციებს. ვინ იცის, რამდენი შეყვარებული ქალისა თუ კაცის ცრემლი შეუნახავს მთის მიწას, სადაც ხანდახან დღემდე ნიშნავენ აკვნიდან ადამიანებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ, როდესაც გიყვარს, შეგიძლია სხვასთან შექმნა ოჯახი, რომელიც ბედნიერი და ლაღი იქნება, თუნდაც, ეს სიყვარულის მაგიერ, პატივისცემაზე იყოს დაფუძნებული. თუმცა შევცდი, არასდროს უნდა ვთქვა არასდროს! მათ პიროვნებებზე ბევრს არაფერს ვიტყვი, ორივეს საკმარისზე მეტი ღირსება ჰქონდა იმისთვის, რომ ამ განსაცდელისთვის გაეძლოთ და თავიანთი ბედნიერება ეპოვათ.

იმის მიუხეედავად, რომ საკმაოდ ბევრი შემომეწერა, შეიძლება მომაზერებლად ბევრიც კი, მაინც უნდა აღვნიშნო ნათია, ქალი, რომელიც უამრავი წელი უხმოდ იტანდა იმ უდიდეს ტკივილს, რომელიც საბედისწერო ამბავმა გამოიწვია. ასეთი ადამიანები თან ძალიან მეცოდებიან და თან ძალიან მეამაყებიან...

და ბოლოს, ავტორს უდიდეს მადლობას ვუხდი. გამიხარდა მისი მსგავსი ნიჭიერი პიროვნების შორიდან გაცნობაც კი...

 


№13  offline წევრი Ana mamuladze

აი უმაგრესი იყო❤️მადლობა,გული დამწყდა რომ
დასრულდა მაგრამ მაინც ძაან კარგი გამოგივიდა❤️❤️მიყვარხარ????❤️❤️

 


№14 სტუმარი One

Taso iset emociebshi var, saocaro, unichiereso, sityvebi ar maqvs rogor shevafaso sheni gonebis diapazoni❤️Yochagh, saocari emociebi gvachuqe, wignad visurvebdi menaxa es genialuri nawarmoebi,
Gmirebze agharafers vbob, imdenad yvela taviseburad kargi iyo ))
Ar vici ra vtqva, ver vazrovneb zghva emociebisgan,
Madloba gaweuli shromistvis, meamayebi aseti kargi da gonieri rom xar, warmatebebi❤️

 


№15 სტუმარი ანათეა

ღმერთო სასწაული იყო უკვე ორჯერ ჩავიკითხე მადლობა ავტორო შენ ასეთი ემოციისთვის,არ მინდოდა დასრულებულიყო ,იმდენად შევიჭერი როლში,გავითავისე გმირები.მუზათა სიმრავლეს გისურვებ )) ხომ მომეწონა ,ხომ მაგარიაა კიდევ ერთხელ მინდა.მივუბრუნდე და წავიკითხო ....დეკა და ლაშა როგორი.საოვარი ურთიერთობა, სიყვარული, პატივისცემა და გაგება აქვს....თუთა და ნიკოლოზი როგორც მათ ხასიათს შეეფერებათ,თორღვა და თამთა მაინც გატყდა ნავსი... მიყვარხარ ავტორო სასწაული ემოცია მოიტანე, მიუხედავად მთის მკაცრი წესებისა უფრო პატივისცემითა და სიყვარულით ამავსე.

 


№16 სტუმარი სტუმარი თამარა

მიხარიხართ <3 ულამაზესი, ძალიან საინტერესო და შესანიშნავი ისტორიააა... თამთას და თორღვას დაველოდები, მოუთმენლად.....
სულ უნდა წეროთ...

 


№17 სტუმარი სტუმარი მაკა

უმაგრესი იყო ❤️❤️❤️სიტყვები ზედმეტია ემოციები ვარ მადლობა

 


№18  offline წევრი მირცა

ღმერთოო ეს რა იყოო? ჩემი გულის გაჩერებაა გინდააა
ყველა, მაგრამ ალი ? გული გამისკდა იმდენი ვიტირე. უკეთესს რომ ვერაფერს წაიკითხავს ადამიანი ისეთია. ძალიან ნიჭიერი ხარ, ძალიან ვისიამოვნე. სიტყვები არ მყოფნის.

 


№19 სტუმარი ნესტან

აუ რა მაგარი იყო ზღვა ემოციები დამიტივს სიტყვები არ მყოფნის ავღწერო,ალი შემეცოდა ძალიან ასეთ ნაწარმოების მოფიქრებად დიდი ნიჭი უნდა ყოჩაღ! ნამდვილად მაგარი ნაწარმოებია ძალიან მომეწონა საინტერესო საოცარი ისტორია ველ9დები გაგძელებას მადლობა წარმატებები ????????????♥️♥️♥️

 


№20 სტუმარი სტუმარი ხატია

სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ემოციები. მართლა სასწაული იყო. უზომოდ მომეწონა. წარმატებები... ველოდები თამთასა და თორღვას. იმედია მალევე დადებ...

 


№21 სტუმარი სტუმარი სალი

ძალიან გამართულად წერ ჩემო კარგო სასიამოვნოდ წასაკითხია და რაც მთავარია მარტო კი არ კითხულობ რაღაცეებსაც სწავლობ ადამიანი,მე მაგალითად ორი სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი და დაგუგლვა მომიწია ????????
ისტორიის თემატიკა ძალიან ძალიან კარგია თუმცა ჩემი აზრით პირველი ნაწილი ბევრად კარგია ვიდრე მეორე ???? იმედი მაქვს არ გეწყინება თუ ჩემს აზრს დავაფიქსირე რა არ მომეწონა ალბათ დროის ნაკლებობის ბრალია დაგაჩქარეთ მკითხველმა
სვანეთში რატომ წავიდნენ ვერ დავაკავშირე მოვლენებთან რა შედეგი გამოიღო ამ წასვლამ ვერ დავინახე ან მეორე დღესვე რა საჭირო იყო ვერ მივხვდი,
თუთას ასე უცებ არსაიდან გათხოვებაც მეუცნაურა ერთ მონაკვეთში დაიწყო და დასრულდა ვერ დავუკავშირე ვერაფერს თუ გინდოდა ერთ მუშტად შეკრული გეჩვენებინა ყველა მოქმედი პირი სხვანაირადაც შეიძლებოდა უცებ გათხოვება საჭირო არ იყო ჩემი აზრით,
დასასრულიც დაჩქარებულად მომეჩვენა და რაც მთავარია წყვილებს შორის გრძნობების გამომჟღავნებაც არ მეყო ის რასაც ერთმანეთის მიმართ გრძნობდნენ და შეხებით გამოხატავდნენ ბევრად მეტ დიალოგს და რომანტიკულ ქმედებას იმსახურებდა ვისურვებდი ამ კუთხით ცოტა თამამიც ყოფილიყავი და გაბედულად გესაუბრა პირველი ღამე უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო გამოუცდელი გიგოსთვის უფრო კარგი წასაკითხი იქნებოდა და არა მარტო ცეცხლი მოუხდებოდა ამ წყვილს ისინი მიახლოებითაც კი სწვავდნენ ერთმანეთს... არ მიწყინო კომენტარისთვის ძალიან გაფასებ და ვაფასებ შენს შემოქმედებას ძალიან კარგად წერ თუმცა მოლოდინი ამ შემთხვევაში უფრო მეტის მქონდა

 


№22 სტუმარი სტუმარი მაშო

ჰეიიიი

მიყვარს მთის შამანი - დეკა <3 არ შემიძლია არ ავღნიშნო, განსაკუთრებულად მომეწონა სვანეთში რუსებთან, მათ ენაზე საუბარი რომ გააპროტესტა. სასიამოვნოდ აღიქვა თვალმა და გონებამ(პატრიოტულმა სულმა უფრო;დ).
ზღვა ემოციები დამიტოვა ამ წყვილმა, არ მინდოდა დასრულებულიყო.

თამთას და თორღვას ცალკე ისტორიას ვითხოვ მწერალო! ძალიან ძალიან საინტერესო იქნება თამთას თვალით დანახული ეს ისტორია, ან თორღვასი.

წარმატებებს გისურებ ! <3

 


№23  offline აქტიური მკითხველი La-Na

საუკეთესო ხარ❤️ალი როგორ მეტკინა.სულ მქონდა დანაკლისი თორღვასა და თამთას ისტორიის გამო და რადგან დაიწერება გამიხარდა ძალიან.მთელი გულით დაველოდები.საბაზე იმდენი ვიცინე რომ???? კარგი იყო მისი გამოჩენა ისტორიაში.დეკას მამაც გამიხარდა რომ გამოჩნდა და ბოლომდე არ გაწირა მოსი შვილი.ერთი დიდი სიამოვნება იყო ამ რომანის წაკითხვა.მადლობა შენ ასეთი კარგი რომ ხარ❤️❤️❤️❤️
--------------------
ლანა

 


№24 სტუმარი სტუმარი მანანა

ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე ისტორიაა, როგორც შენი სხვა ისტორიები ♥️♥️♥️ მთის ხალხის ტრადიციები ზუსტად და სრულყოფილად გაქვს გადმოცემული. ძალიან დამენანა ალი, ღირსეული ადამიანი იყო, ისტორიის მთავარი გმირები კი მხიბლავენ ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარულით ♥️♥️♥️, გეთანხმებით, რომ შეიძლება თორღვასა და თამთას სიყვარულის ისტორიის ცალკე გადმოცემა ♥️♥️♥️, დაგელოდებით მალე შეხვედრის იმედით ♥️♥️♥️

 


№25 სტუმარი ქე თა

მართლაც ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა ალის სიკვდილს არმოველოდი და გული დამწყდა ძალიან სულმოუთქმელად ველი თორღვასა და თამთას ამბაავს????????????????❤️❤️❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი ნინეა

სიტყვები არ მყოფნის ემოციების გადმოსაცემად. ძალიან კარგი იყო ❤❤❤

 


№27  offline წევრი Anna nia

საოცარი იყო,დღეს ვნახე მეორე ნაწილი და მაშინვე კითხვა დავიწყე.

ძალიან კარგი იყო,ველოდები შემდეგ ისტორიას.❤️

 


№28 სტუმარი სტუმარი სოფო

ზღვა ემოციებით სავსეს დამათენდა. დიდხანს გამყვება......მადლობა ამისთვის, წერე დაუსრულებლად, დაუშრეტელი მუზა მისურვებია! უკარგესი ხარ!

 


№29 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგი კი არა უმაგრესი იყო,აუვილებლად ველოდებოთ გაგრძელებას

 


№30 სტუმარი ნი-კე

რა კარგად წერთ♥️♥️ხშირად დაგვიწერეთ ასეთი საინტერესო ისტორიები♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent