შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 2)


29-09-2023, 12:49
ავტორი ერკე
ნანახია 1 310

აბა დავიწყეთ.........

თავი 2

“ჰმ... სიცილია. “ - ფიქრების მწვავე ნაკადი შეეჯახა იკას. შებინდებისას, ორი საათი იყო გასული მას შემდეგ, რაც თავის ნარინჯისფერ ბედაურს მოაჯდა და უეცარი შეტევისგან მცირე ხნით გადააყენა ავტომობილი, რათა უბრალოდ ჩაფიქრებოდა ამ დანაშაულის არსს.
„სიცილთა ბანაკი“
ხელები შემოიჭდო კისერზე და სავარძელს მიეყრდნო. სარკეში გაიხედა, თითქოს მაინც თავს იზღვევს და ამოწმებს რომ ნამდვილად მარტოა მთელ გზაზე. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ამ საშინელ გზაზე ფიქრებიც კი ხმამაღლა მეტყველებენ. ნავიგაციას არ უნდა ნდობოდა. მხოლოდ მაცხოვრებლების მიერ დახატული რუკა ჰქონდა ბედად და ამ ერთადერთი იმედით ხელმძღვანელობდა. გზაზე არავინ იცოდა ამ ადგილის შესახებ, თითქოს ვაკანდასავით განმარტოებით, ყველასგან გარიყულად რაღაც უჩინარი ბარიერი ჰყოფდა გარესამყაროსგან.
„რას ვაკეთებ. მეც შტერივით მარტო წამოვედი იმ კაცის დახმარების იმედით, ვინც ეს განაცხადა. მახე რომ იყოს? იქნებ ახალ მსხვერპლს ეძებენ, რაც არაა გამორიცხული. საშიშ გზას დავადექი, სახლში კი უსაყვარლესი მეუღლე დავტოვე, რომელმაც არც კი იცის რა ჯურღმულში ამოვყავი თავი.“
ღრმად ჩაისუნთქა. წამიერად დაეწმინდა ბნელი ფიქრებისგან გონება და გზას გაუყვა. დასავლეთისკენ კვლავ ოთხმოცდაცამეტი კილომეტრის გავლის შემდეგ მარჯვნივ გადაუხვია, საიდანაც ძალიან დამრეცი ფერდობი მიუყვებოდა, გზა ქვა-ღორღიანი იყო და ისეთ ეფექტს ქმნიდა თითქოს უდაბნოში, უკაცრიელ ადგილას მიჰყავდი ბილიკს, საიდანაც უკან დაბრუნება გაჭირდებოდა. მისდა გასაკვირად ფეხით მიმავალ მამაკაცთა ჯგუფს გადაეყარა.
-მოგესალმებით ამხანაგებო. - სვლა შეანელა და ფანჯარა ჩამოსწია. - სიცილიამდე გზას ხომ ვერ მიმასწავლით. მითხრეს სადღაც აქ უნდა იყოს.
-სიცილია? - გაეცინა ზორბა მამაკაცს. - საქართველოში ხარ ძმაო, რა სიცილია. სუ გამოშტერდა ეს თაობა.
-ოფიციალური სახელი არ არის იმ ადგილის, მაგრამ მაცხოვრებლები ასე მოიხსენიებენ. თქვენ საით მიდიხართ?
-აქვე ვცხოვრობთ, იმ ფერდობს რომ გასცდები ჩვენი სახლია.
-შემიძლია გაგიყვანოთ.
-სამანქანო გზა არ მიდის.
-სიცილიაზე არ გსმენიათ არა? - კვლავ მორიდებით ჩაეკითხა ირაკლი და ხელები გაასავსავა.
-რაის სიცილია ძმაო, - წელში მოხრილმა დაბალმა მამაკაცმა ამოიდგა ენა, სახეზე დროის სიმკაცრის კვალი ემჩნეოდა, დაცვარულ ხელებს ძლივს ამოძრავებდა. - აქვე გზის მხარეს, ორ კილომეტრში რომ გაუყვები რომში შეაბიჯებ. ყველა გზა ხომ რომში მიდის. - დანაოჭებულ სახეზე ოდნავი ღიმილი გამოესახა, უფრო ზუსტად ღიმილის მცდელობა უფრო ეთქმოდა.
-მადლობა, ძმებო. - ხელი ნიშნის მოგებით აუწია ქებურიამ და გზა განაგრძო. რაც მეტს მიდიოდა წინ, მით მეტად უდაბური ხდებოდა ნიადაგი, ფოთლებგაცვენილი ხეები მრავლდებოდა და კაცის ჭაჭანება არსად იყო. ცოტა შეშინდა, მაგრამ საკუთარ თავს შეუძახა.
„აბა იკაკო, დამშვიდდი და გზა განაგრძე. რუკის მიხედვით სადღაც აქ უნდა იყოს, არადა ჰორიზონტზე არაფერი მოჩანს, არც საცხოვრებელი ბინების არსებობის, არც საარსებო რაიმე ნიშანი. რუკა მცდარია? ან იმის გამო მომიყვანეს ამ უდაბნოში, რომ სული ამომხდეს და მომიშორონ? მტრები კი ბლომად გავიჩინე სამსახურის წყალობით, მაგრამ ასეთ რამეს ვინ მოიფიქრებდა, ვის ეყოფოდა ჭკუა ასეთი იდეალური, შინაარსობრივად დამაჯერებელი ამბის მოფიქრებისა, რაც დავიდოვიჩსაც კი შეაცდენდა და ჩემს გაშვებას აიძულებდა... ნუთუ საქმეშია?“
გამხნევების ნაცვლად უარესად დაიძაბა.
გზა სრულდებოდა. მარცხნივ შევიდა შესახვევში და რამდენიმე ასეული მეტრის შემდეგ მარჯვნივ გადაუხვია. მის თვალწინ იცვლებოდა ლანდშაფტი. სეზონები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, თითქოს სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. შუა ივლისში მყისიერად აცივდა, შემოდგომის სიყვითლე ეპარებოდა ბუნებას და რამდენიმე კილომეტრში სითეთრე შეეპარა ნიადაგს. ნალექი უფრო მეტად იზრდებოდა, თითქოს რამდენიმე წუთში ზამთარი შემოსულიყო და გადაეთეთრებინა ყველაფერი. ფიქრი ზაფრავდა იკუშას. ცდილობდა გონებაში არ ჩაებუდებინა შიშს და მხოლოდ გზას უყურებდა, მაგრამ მაინც გაურბოდა თვალი იმ ხედებისკენ, რასაც სთავაზობდა ბუნება.
სიცხემ დააჭირა. წყლის მარაგი ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი და რაც მეტს მოიხმარდა, მეტად წყურდებოდა. ოფლის წვეთები შუბლიდან წურწურით ჩამოდენილი გზის ხედვაში უშლიდა ხელს. წამიერად კი კვლავ აცივდა. რეალობისა და მოლოდინის ჭიდილში სრულიად გადაავიწყდა რუკის არსებობაც და პირდაპირ მიუყვებოდა გზას. გზაზე უაზროდ მოფარფატე ნიშანი მარჯვნივ უჩვენებდა ისარს და ინსტიქტურად მოატრიალა საჭე. როგორც კი გასცდა ყვავილნარს, ბუჩქნარსა თუ ხეხილნარს, ისე აყვავებულს, თითქოს გაზაფხული ეს-ეს იყო მოსულიყო, მისკენ დიდი სიჩქარით მომავალ მანქანას ჰკიდა თვალი. ძილ-ბურანში გადავარდნილს, იფიქრა მეჩვენებაო და გზას მშვიდად აგრძელებდა. მისკენ მომავალი მანქანა კი სიჩქარეს უმატებდა და ისე მოდიოდა მისკენ რომ შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა.
„ილუზიაა... მეჩვენება. კაციშვილი არ მინახავს აქ და ბენტლი? გამორიცხულია.“
მანძილი ავტომობილებს შორის მცირდებოდა და გული უფრო მეტად უწვრილდებოდა ქებოს. წამი და უნდა შეჯახებოდა, რომ საჭე მკვეთრად მოატრიალა.
საბურავის გახეთქვის ხმა... წამიერად გაელვებული ძალზედ უცნაური ცხოველების ჯგრო... საჭის გასწორების მცდელობაში ავტომობილი ამოყირავდა და სალტოთი განაგრძო სვლა... დამცავი ბალიში ირაკლის სახეს ეხეთქებოდა და წამიერად ხედავდა მომავალ საფრთხეს, დანგრეული კედლიდან კარგად შენახული, ვერცხლის რკინის მილები ელავდნენ მზის შუქზე, რომლისკენაც მიექანებოდა მთელი ძალით ირაკლის მხედარი. გარდაუვალს ვერ აიცილებდა, თვალები დახუჭა და ფიქრი შეწყვიტა. ეგონა ამით მაინც შეიმსუბუქებდა ტკივილის და აგონიის შეგრძნებას.
ძლიერად შეარყია და ფერდში საშინელი ტკივილი იგრძნო.
„ააჰ“ - მის ღრიალს მტრედების შარი-შური, კოიოტების შეძახილი და მგლების გაბმული ხმა მოჰყვა. შიშისგან ააკანკალა და უკან გაიხედა იმ მანქანის დანახვის მოლოდინში, რომელმაც ლამის დაარტყა. ჰორიზონტზე არავინ ჩანდა. არც მისი კვალი იყო სადმე.
ირაკლიმ გონება დაკარგა.
ენერგიის მოზღვავებისგან გამოეღვიძა. ჩაახველა და დამცავი ბალიში მთლიანად გაწითლდა. ჭრილობაზე რომ დაიხედა მადლობა ღმერთს გამავალი იყო და ბევრ სისხლს არ დაკარგავდა, სასწრაფოდ გამოაღო უჯრა, სადაც გადაუდებელი დახმარების ნივთებს ინახავდა. სპირტიანი ბამბით დაიმუშავა ჭრილობა და ნელი მოძრაობით სცადა გამოეღო რკინის მოზრდილი ნაჭერი. ტკივილისგან მცირედ წამოიკვნესა და კვლავ დაკარგა გონება.
გამოიღვიძა.
სადღაც გამქრალიყო უდაბური ჰორიზონტი. გამქრალიყო სივრცე, რომელიც ამახინჯებდა მთელ ლანდშაფტს. ნაავარიევ ადგილს კაცთა მცირე ჯგუფი დახვეოდა. ზოგი დახმარებას ცდილობდა და ავტომობილიდან გამოსვლაში ეხმარებოდა, ზოგიც სეირის საყურებლად შეყრილიყო. ბავშვები ცდილობდნენ მოზრდილებისთვის წინ გადაესწროთ რათა არაფერი გამოეტოვებინათ.
-როგორ... - ღრმად ჩაისუნთქა. - როგორ... როგორ...
-ყველაფერი კარგად იქნება ბატონო, დამშვიდდით. ნუ მოძრაობთ. ეცადეთ ღრმად ისუნთქოთ კარგი? მე ექიმი გუგა გახლავართ, თქვენ სამსახურში მიგულეთ, ყველაფერს გავაკეთებ, იმასაც რაც კი ჩემს ძალებს აღემატება.
-როგორ... - მხოლოდ ეს სიტყვა ეკერა პირზე ირაკლის, რადგანაც ავარიის მომენტში არავინ და არაფერი იყო ირგვლივ. უეცრად კი ქოხები, აგურით ნაშენები სახლები და ერთი უზარმაზარი ვილაც გამოჩნდა.
„ან მძინავს და მესიზმრება, ან უკვე მოვკვდი და შესაფერის ადგილას მოვხვდი.“ თვალები დაძაბა რათა კარგად შეეთვალიერებინა საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფნი. გადარჩენა გაჭირდებოდა ამ პირობებში, სადაც გაძვალტყავებული მოხუცების უმრავლესობა შიმშილით იხოცებოდა და ბავშვებს ნორმალური სამოსი არ ჰქონდათ. თვალები დახუჭა ირაკლიმ და სიკვდილს დაელოდა. იცოდა ახლოს იყო, სრულიად ახლოს იმ სამყაროში გადასასვლელად.
-გუგა ექიმო, სისხლისგან იცლება. - ქალის ხმა იყო, საოცრად ლამაზი, სულის შემხუთველი მიმზიდველობის პატრონის. ხმა ისეთი სინაზით ამოსდიოდა ინტერესით ნარკოზში მყოფმა თვალები უმალ დააჭყიტა და წამით თვალის მოკვრა მოასწრო, სანამ კვლავ გადააგდებდა ძილში.
-ვიცი ხათუნა, ვიცი. ყველაფერი კარგად იქნება, სისხლის ჭარბი რაოდენობა მჭირდება. - პირბადეებში და ხალათებში შეფუთული ხალხი ჭრილობაზე ხელებს უფათურებდა და ირაკლის, როგორც შეეძლო გაოცებული უყურებდა და თავის თავს ეკითხებოდა - სად ვარ?
„სიცილია“. - გონებას მხოლოდ ეს სიტყვა უღიტინებდა. – „ნუთუ მართლა არსებობს?“
„რატომ ვერ ვნახე?“
„იმიტომ რომ არ გწამდა.“ - ვიღაცამ უპასუხა გონებაში.
„რისი უნდა მეწამა?“
„მისი არსებობის.“ - კვლავ დაუბრუნა პასუხი უცხომ.
„მე აქ საქმის გამოსაძიებლად ჩამოვედი, მაგრამ თავად გავხდი მსხვერპლი.“
„ფრთხილად უნდა იყო. ვინაიდან ეს არის ადგილი, სადაც არავის ნდობა არ შეიძლება. ეს არის ადგილი, რომლის მიღმაც დიდი ბოროტება იმალება და ერთ დიდ კვალს ტოვებს კაცის ცხოვრებაზე. არ უნდა შეგამჩნიონ რომ უცხო ხარ. არ უნდა მიგიხვდნენ რატომ ხარ მოსული, რადგანაც ისინი დაგგმობენ შენ.“
„როგორც გოლიათი?“
„როგორც გოლიათი.“ - ვინ დაიბუდა მის ტვინში ადგილი? ეჭვი ღრღნიდა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა თუ ვინმე სხვას? გაგიჟდა? იქნებ სულაც ცოცხალი არც იყო და საკუთარ ფანტაზიებს მიჰყვებოდა. ეძინა? იქნებ კოშმარს ხედავდა და ჯერ კიდევ იმ ადგილას იყო, სადაც დასაფიქრებლად შეისვენა.
„აქ საერთოდ რა ხდება? რა ადგილია?“
„გაჰყევ ინსტიქტებს შენსას.“ - საკმაოდ ომახიანად უპასუხა უცხომ მის გონებაში. – „გაჰყევ და მიგიყვანს ჭეშმარიტებისაი შესასა, სადაც უნდა მიხვიდე შენ.“
„სისულელეა... სიზმარია.“
„დაე შენმა სიმართლის ძიებამ გაპოვნინოს ამ სამყაროდან გაღწევის საშუალება. უნდა იპოვო კარი, იასამნისფერი კარი, მოარგო მასში გასაღები და შენი ტანჯვა სამუდამოდ დასრულებულ იქნება.“
„არა მოხუცო, რაღაც გეშლება.“
„გაახილე თვალნი, შვილო ჩემო.“
„არ შემიძლია.“
„ძალა მოიკრიბე. გასაღები აქ, შენს ახლოში ძევს, უნდა მიაგნო და გაიქცე.“
„მოვკვდი ხო?“
„მკვდარს გავხარ?“
„რა ორაზროვნად მელაპარაკები, ვინ ხარ?“
„მე ვარ შემოქმედი ყოველი ცისა თუ მიწის, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ უკვდავება, მე ვარ სივრცე, ზღვა ვარ მე, ბილიკი ვარ, რომელსაც ბედნიერებისკენ მიჰყავხარ. დაე გაჰყევი მას.“
უგონობიდან თავის დაღწევის მცდელობაში გამოიღვიძა. პალატა აღარსად იყო, თეთრ ფერს წითელი ჭარბობდა. წითელი სავარძლები, წითელი მაგიდა, წითელი ფარდები, სისხლის ფერი წიგნის თაროები, მასზე მუქ შინდისფერი წიგნები. წითელი და მუქი ლურჯი სურათის ცარიელი ჩარჩოები.
თვალი სინათლეს რომ შეეჩვია შემდეგღა აღიქვა რომ ვიღაცის ბინაში, თბილ საწოლში მწოლიარე აღმოჩენილიყო.
-დილა მშვიდობის. - ოთახში ზორბა მამაკაცი შემოვიდა, რომელსაც გრძელი, ვიწრო მკლავები და დიდი მხრები ჰქონდა, სწორად გამოკვეთილი ნაკვთები ამშვენებდა მისი სახის განლაგებას, სწორი ცხვირი, ოდნავ მოღრეცილი კბილები და დიდი ტუჩები. ნიკაპი სარივით ჰქონდა წაგრძელებული და რა წამს შეხედა, მაშინვე გაახსენდა ის დიდი რკინის წაწვეტებული, მოგრეხილი ნაჭრები, ცოტაც და თვალში რომ გაეყრებოდა. - შევძელით შენი გადარჩენა და სახლში წამოგიყვანე.
-ვინ... ვინ... ვინ ხარ?
-მე გუგა მქვია.
-გუგა ექიმი? - მამაკაცს ჩაეღიმა.
-როგორც ჩანს სრულ ნარკოზში არ ყოფილხარ. კი სწორია. ვიცოდი რომ ჩემი დახმარება დაგჭირდებოდა, ცოტა დაისვენე, წაუძინე და შემდეგ გიპასუხებ ყველაფერზე შენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
-სიცილია?
-კი, აქ სულ სიცილია. - გაეცინა გუგას და სასმენი აპარატი მოიმარჯვა გულის ფეთქვის და სუნთქვის შესამოწმებლად.
-რა ადგილია?
-მოდი ლაპარაკით თავს ნუ გადაიღლი. ჯერ კვლავ სუსტად ხარ. გპირდები ყველაფერზე გიპასუხებ, რადგან მომბეზრდა აქ მომხდარ ამბებზე თვალების დახუჭვა, მომბეზრდა შიში. დროა რაღაც კარგი გავაკეთო ამ ადამიანებისთვის, რომლებიც თავად ვერ ხვდებიან რომ შავ-ბნელი ბურუსით მოცულ ძალას ემსახურებიან. დამშვიდდი... აბა ღრმად ისუნთქე, კიდევ... კიდევ... ჩაისუნთქე, ამოისუნთქე... ჩაისუნთქე... ამოისუნთქე. კარგია. ძილი დაგეხმარება მალე გამოჯანმრთელებაში, აქაური მედიცინა ისეთი ვერა, მაგრამ ძილი საუკეთესო მკურნალია. დამიჯერე. - თვალი ჩაუკრა გუგამ და ოთახიდან გავიდა.
სანამ დაიძინებდა ირაკლი იმ ტკბილ ხმაზე ფიქრობდა. იმ ნოზის ხმის მქონე მანდილოსანზე, რომელმაც ყველაფერი დაავიწყა.
„ლიკა რას შვრება ნეტავ? როგორ არის? დაკავშირებას რომ ეცდება და ვერ დამიკავშირდება არ შეშინდეს. ღმერთო... ლიკას სახებაც კი მავიწყდება, ეს რა ადგილია? მისი სახე გონებიდან ქრება, მის სახელსაც ძლივს ვიხსენებ... გარესამყარო მავიწყდება. ო, არა...“

პ.ს.
აბა ჩემო ძვირფასო მკითხველო, გავაგრძელოთ?



№1  offline წევრი EllaTriss

არაამქვეყნიურობის მძაფრი ექსპრესია იმდენად ცხადად მოდის შეუძლებელია ვერ იგრძნო, თუმცა კი ეს ალბათ ავტორის მაღალი ოსტატობის გამო . : დ
უფრო რეალისტურად თუ შევხედავთ, ფსიქოლოგიური ილუზიისას ვირწმუნებთ, რასაც სხვა არაფერი ქმნის თუ არა ძლიერი აფექტი, მოლოდინი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ტვინიდან მოდის. გონების რაღაც ნაწილის ტრანსფორმირებას ესეც იწვევს, შემდგომ, რეალურად კი არც არაფერია ასეთი მძაფრი.
თუმცა კი, რაღაც ასპექტით ესეც საჭიროა. ტვენიც ამბობდა, რომ სრულიად ჯანსაღი გონება და ბედნიერება შეუძლებელი კომბინაციაა.
ბედნიერება, შეიძლება ასე პირდაპირ ცოტა უხეშად ნათქვამიც იყოს, თუმცა კი შიშის ფონზე თავის შეკავება კიდევ უფრო ბევრ კითხვის ნიშანს დატოვებს და ასეთი ბექგრაუნდით, ალბათ ვერც იკა იქნება ,,ლაღად" ლიკასთან.
საბოლოო ფინიშამდე მისულს, როცა ყველა კარი გახსნილია, ეწვევა ზუსტად ის პათოსი და, მგონი მაინც ვთანხმდებით ამას სრულიად ჯანსაღი გონებით რომ ვერ მიაღწევს :დ
ხოდა, საჭირო ყოფილა ის ილუზიაც, გონებას რომ არევს, თავისებურად.

პ.ს ზედმეტად ფსიქოლოგიური მიდგომა გამომივიდა, მგონი,
თუმცა შესაბამისი მოცემულობის ფონი იყო, მაინც.
ირაკლის კი, წარმატება, თავისთავად.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

EllaTriss
არაამქვეყნიურობის მძაფრი ექსპრესია იმდენად ცხადად მოდის შეუძლებელია ვერ იგრძნო, თუმცა კი ეს ალბათ ავტორის მაღალი ოსტატობის გამო . : დ
უფრო რეალისტურად თუ შევხედავთ, ფსიქოლოგიური ილუზიისას ვირწმუნებთ, რასაც სხვა არაფერი ქმნის თუ არა ძლიერი აფექტი, მოლოდინი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ტვინიდან მოდის. გონების რაღაც ნაწილის ტრანსფორმირებას ესეც იწვევს, შემდგომ, რეალურად კი არც არაფერია ასეთი მძაფრი.
თუმცა კი, რაღაც ასპექტით ესეც საჭიროა. ტვენიც ამბობდა, რომ სრულიად ჯანსაღი გონება და ბედნიერება შეუძლებელი კომბინაციაა.
ბედნიერება, შეიძლება ასე პირდაპირ ცოტა უხეშად ნათქვამიც იყოს, თუმცა კი შიშის ფონზე თავის შეკავება კიდევ უფრო ბევრ კითხვის ნიშანს დატოვებს და ასეთი ბექგრაუნდით, ალბათ ვერც იკა იქნება ,,ლაღად" ლიკასთან.
საბოლოო ფინიშამდე მისულს, როცა ყველა კარი გახსნილია, ეწვევა ზუსტად ის პათოსი და, მგონი მაინც ვთანხმდებით ამას სრულიად ჯანსაღი გონებით რომ ვერ მიაღწევს :დ
ხოდა, საჭირო ყოფილა ის ილუზიაც, გონებას რომ არევს, თავისებურად.

პ.ს ზედმეტად ფსიქოლოგიური მიდგომა გამომივიდა, მგონი,
თუმცა შესაბამისი მოცემულობის ფონი იყო, მაინც.
ირაკლის კი, წარმატება, თავისთავად.

უღრმესი მადლობა ასეთი დეტალური შეფასებისთვის. შემდეგ თავზე ჯერ ფიქრის პროცესში ვარ და ვმუშაობ :დ
კი, მე ვეთანხმები ელას და ტვენს. ნამდვილად. არ შეიძლება თანაარსობდეს ჯანსაღ ტვინში ბედნიერება :დ
ეს ისეთი ცნებაა, თუ სტანდარტებს მიყვები და გული მხოლოდ ერთი ასპექტისკენ გაგიწევს თავისებურად ვერ განიცდი იმ ბედნიერების არსს რასაც სამყარო გაძლევს. ირაკლის რაც შეეხება (იკას, იკაკოს :დ) ცოტა რთულად გვაქვს საქმე და სიცილიიდან ასე მარტივად რომ ვერ დააღწევს თავს ალბათ თქვენც ხვდებით.
ბევრი გამოცდის გავლა მოუწევს და ვისაც ფენტეზი, ფანტასტიკა, ცოტა სტივენკინგისეული ჰორრორი ხიბლავს მომყევით :დ
მხოლოდ გამოძიება ნამდვილად არ იქნება. ჩემს ძველ ფესვებს მომინდა დაბრუნება და დავუბრუნდი... ასე ვახურებ ჩემს გონებას და არ ვაძლევ უფლებას იძინოს მშვიდად. <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent