ლოდინი (სრულად)
*** მელოდიას ფეხაკრეფით მიჰყვებოდა. უჩვეულო ბგერები მის სმენას იმ სინათლესავით სწვდებოდა, გვირაბის ბოლოდან რომ ანათებს ხოლმე გზას. რამდენიმე ადამიანმა შეხედა, მაგრამ არავის დაუნახავს. სწორედ ისე შეხედეს, როგორც გზაზე გადასვლისას თავად უყურებდა შუქნიშანს: უინტერესოდ, სწრაფად რომ გინდა, გაეცალო. მელოდია ანდამატივით იზიდავდა. უცებ შედგა, პირი იბრუნა და ქუჩას საპირისპირო მიმართულებით უფრო სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა. ბინდდებოდა. ჩაუარა თითქმის დახურულ მაღაზიებს, კაფეებს. ცდილობდა, ისე ევლო, როგორც უჩინარს. ფაქტობრივად, გამოსდიოდა კიდეც. სკვერის შესასვლელს ოდნავ გასცდა და უკან მობრუნდა. შიგნით შესული პირველსავე სკამზე ჩამოჯდა და ღრმად ამოისუნთქა. თბილი ნიავი უბერავდა, სახეში შემოეყარა გაზაფხულის ნახელავი. ვაშლი მოვარდისფრო თეთრად ყვაოდა, ხელები გაჰყინვოდა, ოდნავ კანკალებდა კიდეც, თუმცა საერთოდ არ სციოდა. იმ მელოდიას არ იმსახურებდა. *** - აი, მოვიდა უმაქნისი მამაც. გშია? ჰო, გეშიება, რა თქმა უნდა, მეც მშია და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მამაშენმა მოინდომა სხვისი ღირსების ქომაგი გამხდარიყო და სამსახურიდან გამოაპანღურეს. - ნახევრადგანათებულ ოთახში ლაპარაკობდა ქალი, თან დადიოდა და ორ წლამდე ასაკის მოღრიალე წითელლოყება გოგოს არწევდა ხელში, რომელიც ტირილს მხოლოდ უმატებდა და მუჭისსიმსხო ცრემლებისაგან მთელი სახე დასველებოდა. შემოსასვლელი ოთახის კარი ხმაურით დაიხურა. კაცმა ქუდი იქვე თაროზე მიაგდო და ფეხსაცმლის გახდას ისე ზანტად შეუდგა, თითქოს ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლებოდა, ადამიანს ექნა. ქალის მწკლარტე კომენტარები და პატარას განუწყვეტელი ტირილი პირდაპირ თავში ურტყამდა. საბოლოოდ, გამოიცვალა და კარი შეაღო, უსიტყვოდ დაიძრა ქალისაკენ, ბავშვი გამოართვა და მასთან ერთად საძინებელში შევიდა. გოგონა წვერზე ჩააფრინდა, არ დაუშლია. პატარა ტირილს აგრძელებდა და თან ექაჩებოდა. მამამ პატარა აწითლებულ თვალებს მზერა გაუსწორა და უყურებდა. გოგომ ერთიც ამოისლუკუნა და მამის მხარს ჩამოსდო თავი, გაყუჩდა. ცოტახანში მიეძინა კიდეც. საწოლზე მიაწვინა, მიაფარა და ნელი ნაბიჯებით დაუბრუნდა სასტუმრო ოთახს. ქალი დივანხე ფეხმორთხმით იდა და ეწეოდა. თან ფანჯარაში უემოციოდ იყურებოდა. კაცმა ოთახი ქურდული ნაბიჯებით გადაკვეთა და ქალის პირდაპირ სკამზე ჩამოჯდა იმ ადამიანივით, სახლიდან ისევ გასასვლელად რომ ემზადება. დუმილი პირველმა სწორედ მან დაარღვია, არადა ისეთი სიჩუმე სუფევდა, ქარიშხლის მერე რომ იცის ხოლმე: - რამდენჯერ გთხოვე, რომ სახლში არ მოწიო, ბავშვისთვის მავნებელია. - ტონი მეტად მშვიდი იყო. - ეს არის მავნებელი და შიმშილი არა, ჰო? - ზიზღით კბილებში გამოსცრა ქალმა. უპეები ჩაშავებოდა, ავადმყოფურად გამხდარს ტანზე მომდგარ კაბაში ძვლებიც კი ეტყობოდა, სახე ცინიკური ღიმილისაგან დამახინჯებოდა და კაცს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საკურთხეველთან ბედნიერი მიყვებოდა, ისე უყურებდა, როგორც მტაცებელი პოტენციურ ნანადირევს. - ხომ გითხარი, რომ სამსახურს მალე ვიშოვი, არა? ხომ შეიძლება, მაცადო? – კაცის ხმაში სრული სასოწარკვეთა მოისმოდა. ის უცბად წამოდგა, ქალის წინ ჩაიჩოქა და გაშლილი ხელის მტევნებით მოხრილ მუხლებზე ჩამოეყრდნო, - მე ხომ დაგპირდი, არა, ნუცა? მე ხომ დაგპირდი, რომ ყველაფერს გამოვასწორებ? ვერ ვუყურებდი მშვიდად, როგორ ავიწროებდა ჩემი უფროსი იმ საწყალ გოგოს, შენც ხომ ქალი ხარ? - მუხლებზე ეფერებოდა, ნუცა კი ზედაც არ უყურებდა, კაცი თანდათან ღიზიანდებოდა. - ქალი ვარ და დედაც, რომლის შვილსაც მალე საჭმელი მხოლოდ იმიტომ აღარ ექნება, რომ მამამისმა თანამშრომლისა და უფროსის ფლირტში ჩარევა.. - რა ფლირტი, ნუცა, რას ლაპარაკობ? - შენ რა იცი? - ფეხზე წამოხტა ქალი, თვალები უელავდა, - თუ იმიტომ ვერ მოისვენე, როცა კოცნა დაუპირა, რომ თავად გქონდა მისთვის თვალი დადგმული? - ნუცა-მეთქი! - იღრიალა კაცმა, სახე ალეწვოდა. - ყველაფერი ვიცი... - ხმა ძალიან სუსტი იყო, თითქოს არ უნდოდა, ეთქვა, ან არ უნდოდა, მისი გაეგონათ. - ნუცა, ვერ ვხვდები... - კორპორატიულზე წამოყოლაზე უარი რომ გითხარი, ვინერვიულე, - სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩასრისა და მეორეს გაუკიდა, - ვინერვიულე, რომ უარი გითხარი და ბავშვი თინანოსთან დავტოვე. გამოვეწყვე და მოვედი. მინდოდა, რომ ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი და მეორე დღეს ყველას იმაზე ესაუბრა, თუ როგორი შესანიშნავი ცოლი გყავს. - ნუცა, შენ... - მამაკაცს თვალები ჩაუწითლდა. - ჰო, დაჩი, დაგინახეთ! ჩემი თვალით დავინახე, როგორ კოცნიდი ქალს, რომლის გამოც სამსახურიდან გამოგაგდეს და ახლა აქ დგახარ და... - ხმა ჩაუწყდა, თავი ჩამოაგდო და სწრაფადვე დაიბრუნა საუბრის გაგრძელების ძალა, - მიხსნი, როგორ იქნება ყველაფერი კარგად და რომ მეც ქალი ვარ? - ფაქტობრივად კიოდა, - მეც ქალი ვარ, კი, ქალი, რომელსაც უღალატე და შვილის გამო ვერც მიგატოვა, შე ! დაჩი ერთ ადგილას გაშეშდა. თვალი ერთი წერტილისთვის მიეშტერებინა. ყურები დაუგუბდა, გონებით იმ ღამე გადასწვდა, რომელზეც ნუცა ლაპარაკობდა. ცოლს კორპორატიულ წვეულებაზე წასვლა მოვალეობის მოხდის მიზნით სთხოვა: არ უნდოდა, გული დასწყვეტოდა, პოსტ-ფაქტუმ ფოტოებზე ქმრის კოლეგების მეუღლეებსაც რომ ნახავდა. ზოგადად დაჩის არ უყვარდა, მის გამო რომ გული სწყდებოდათ. ფიქრები ნუცას მოგუდულმა ხმამ გააწყვეტინა: - არაფრის თქმას არ აპირებ? - რატომ არ მოხვედი? - სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ მწარედ მოხვდა სილა. ნუცას ნამდვილად მწარე ხელი ჰქონდა. ბანალურად, დაჩიმ ეს მათი პირველი კოცნის დროს გამოსცადა, სკვერში გასეირნებაზე ძლივს დაყოლიებულ ნუცას, რომელსაც მანამდე მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში იცნობდა, წელზე ხელი რომ მოხვია და ისე დაეძგერა ტუჩებზე, როგორც უდაბნოში მიმავალი კაცი უეცრად გამოჩენილ წყაროს. გაეცინა. - რა გაცინებს, შე ნაგავო? - ნუცამ ამჯერად საყელოში ჩაავლო ხელი და მოქაჩა. დაჩიმ მაჯებზე ხელი წაატანა და უკან აღარ გაუშვა. ხმა ჩაუწყდა და სიმწრისაგან თვალებდახუჭულ ქალს თითქმის ტუჩებზე დასჩურჩულა: - ჩვენს შვილს გეფიცები, იმ კოცნის გარდა არაფერი ყოფილა და არც არასოდეს იქნება. ყველაფრის ხათრით, რაც კი გვქონია ოდესმე, არ გამიშვა, მაპატიე. ნუცა არ ინძრეოდა, თითქოს არც კი სუნთქავდა, არ ცხოვრობდა იმ წამებში. დაჩი არ აპირებდა უკანდახევას. - მეშინია, რომ ერთ დღესაც, თვალებს რომ გავახელ, ვიგრძნობ, რომ მძულხარ, დაჩი, გამიშვი! - უკან დაიწია, მაგრამ ისევ მიიზიდა თავისკენ კაცმა. - გთხოვ, არ გინდა! - კი, დაჩი, მე მინდა, რომ დასრულდე! - ხელიდან გამოეცალა და კაცმა ვეღარ გაბედა დაშლა, - პრინციპში, უკვე დასრულდი... თამარას გამო ვერ... მოკლედ, დედაჩემს ველოდებოდი, რომ ჩამოსულიყო. მართალია, შენი საყვარლის გამო სამსახურის გარეშე დარჩი, მაგრამ დანაზოგიც შენია და ბავშვის გამო დროულად ვერ მოვშორდი ამ მარაზმს. მანან ხვალ თბილისში იქნება, დროებით ქირაობს და მერე იყიდის სახლს. ბარგს ნელ-ნელა წავიღებ. თამარას ნახვის დღეებზე ბარემ შევთანხმდეთ, 24/7-ზე შენი ყურება ჩემს ძალებს კარგა ხანია, აღემატება. დაჩი უხმოდ უყურებდა, თვალებით ეხვეწებოდა დარჩენას. ნუცამ ოსტატურად არ შეიმჩნია მწველი მზერა, ნამწვებით გავსებული საფერფლე ნაგვის ურნაში ჩაცალა და საძინებლისაკენ დაიძრა: - დერეფანში შუქს ნუ აქრობ ხოლმე, თამარას რომ ეღვიძება, ეშინია და კიდევ, თუ არ შეწუხდები, დღეს დივანზე დაიძინე, ისედაც გული მერევა, მთელი ეს დრო რომ ჩემ გვერდით წვებოდი! დაჩი ოთახის ცენტრში გაუნძრევლად იდგა. ნიაკო ისეთი ქალი იყო, კაცების უმეტესობას პირველივე დანახვისთანავე თვალი რომ რჩება ხოლმე. ქალიც ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო, რადგან სულ რამდენიმე თვის წინ შესრულებოდა 19. სტაჟიორად რომ აიყვანეს, დაჩი მის სულელურ შეცდომებსა და თითოეული მიღებული შენიშვნის გამო აწითლებულ ლოყებზე კარგად ხალისობდა ხოლმე. გრძელი წამწამები და ფეხები ჰქონდა ნიაკოს. ამ უკანასკნელთა შორის შეძრომაზე კომპანიის ყველა ჰეტეროსექსუალი მამაკაცი ფიქრობდა. დაჩის ყურამდეც მიეღწია ამ ამბავს და გვარიანად აბრაზებდა მათი დამოკიდებულებები. მეტისმეტად პატარა და სუფთა ეჩვენებოდა ნიაკო. დეპარტამენტის ბოსის ავხორც მზერასაც არ გამოჰპარვია ნიაკოს ფეხების სიგრძე და უცოდველობის მიმზიდველობა და გოგონას საკმაოდ შესამჩნევად ავიწროებდა. დაჩი თავიდან ვერ ხვდებოდა, გოგო რომ ეპრანჭებოდა. ამდენ გარყვნილ მამრს შორის იგი უფრთო ანგელოზად ეჩვენებოდა. ნიაკოს პიროვნება გარეგნობისგან საკმაოდ განსხვავდებოდა: შინაგანად მასში ჯერ კიდევ ბავშვი ცხოვრობდა, უკიდეგანოდ რომანტიკული და გულუბრყვილო. დაჩიც, ძირითადად, ამ ნიაკოს უყურებდა ხოლმე, უფასებდა სხეულს სილამაზეს, მაგრამ მასში მცხოვრები ,,დიდებს’’ შორის მოხვედრილი დაბნეული ბავშვი უფრო აინტერესებდა. ნიასაც დიდი დრო არ დასჭირვებია, ყურებამდე შეჰყვარებოდა მამაკაცი, რომლის მზრუნველად მომზირალი შავი თვალებიც ბევრად უფრო სწვავდა ხოლმე, ვიდრე დანარჩენთა დამშეული მზერები ერთად. მოკლედ, დაჩი ცდილობდა, უფროს მეგობრად და მფარველად ჰყოლოდა ,,პატარა’’ ნიაკოს და მის გრძნობებზე სწორედ იმ კორპორატიულზე შეიტყო (უფროსწორად, შეიგრძნო), რომლის გამოც ცოლი შორდებოდა ხვალ. ფიქრთა დინება თავისი და ნუცას საძინებელში (ან უკვე ყოფილ საძინებელში) ჩამოწოლილმა სიჩუმემ გაუწყვიტა. ნუცამ გადაივლო და დაწვა. მათი საწოლის (ან უკვე ყოფილი საწოლის) გვერდით უშფოთველად ეძინა თამარას. დაჩის ძალიან მოუნდა, მისთვის დაეხედა. საშინლად უყვარდა მძინარე თამარას წითელი ლოყების, კურნოსა ცხვირისა და ვარდისფრად აღუებული, გამობზეკილი ტუჩების ყურება. მისი სუნთქვის მოსმენა ამშვიდებდა ხოლმე. სიმშვიდე მოუნდა დაჩის. ის სიმშვიდე, რომელიც კარგა ხნის წინ გაპარულიყო ფანჯრიდან. საწოლის გაწყობა დაეზარა, ამიტომ დივანზე ტანსაცმლითვე მიწვა და პლედი მიიფარა. რული არ ეკარებოდა. როდესაც თითქმის ჩაეძინა, შეტყობინებამ მისი ტელეფონი აახმაურა. ზანტად დახედა, მერე თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა. ნიაკო იყო: ,,დილამდეც კი ვერ მოვითმენ, უნდა გელაპარაკო. ორსულად ვარ მგონი, დაჩი, მშობლები მომკლავენ, ან მე მოვიკლავ თავს, დამირეკე, მჭირდები!“ კაცი დივნიდან წამოხტა, ფეხსაცმლის ჩაცმისას ერთი გახედა საძინებელს, სადაც მის შვილსა და ჯერ კიდევ ცოლს ეძინათ და კარი უხმაუროდ გაიხურა. *** გარეთ შუაღამის სუსხი იგრძნობოდა. დაჩის რაღაც უცნაური შეგრძნება აწუხებდა. ცდილობდა, მიმხვდარიყო, რას განიცდიდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ნიაკოს მესიჯს უემოციოდ დახედა, როცა გამვლელ ტაქსიში ჯდებოდა. მანქანა აღარ ჰყავდა. ოჯახსა და ნიაკოს უამრავი რამ სჭირდებოდათ და სამსახურიდან გამოშვების მერე მალევე მოუწია გაყიდვა. ესე იგი, ნუცა მთელი წლის განმავლობაში ინახავდა ამ სინამდვილეს. მისგან გაქცევას მხოლოდ მატერიალური ფონი არ აცდიდა. ნუცაზე დაქორწინებისას ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ცოლს უღალატებდა. ესე იგი, ამიტომაც გახდა ასე ავადმყოფურად და ამიტომაც აღარ უღიმოდა დაჩის უწინდელივით. მან კი გადაწყვიტა, რომ ყურებამდე შეყვარებული ნიაკოსთვის მიეცა შანსი. ამასობაში მისი ცოლი თვალსა და ხელს შუა ილეოდა და დღითიდღე უბედურდებოდა. ტაქსის შემხვედრი მანქანების ფარები მომენტალურად ანათებდა ხოლმე. ერთერთი შემოხვევისას დაჩიმ სარკეში საკუთარი მზერის ანარეკლს მოჰკრა თვალი და საბოლოოდ გააცნობიერა, რასაც განიცდიდა: რცხვენოდა და იტანჯებოდა. ქვით აშენებული კერძო სახლი ქუჩის განაპირას იდგა. წინ პატარა გაზონი ჰქონდა. სახლს ავტოფარეხი არ გააჩნდა, ამიტომაც მასთან მისულ დაჩის თვალში მაშინვე მოხვდა ნიაკოს მამის ავტომობილი. მანქანის მარკით თუ ვიმსჯელებდით, ოჯახს არც მდიდარი ეთქმოდა, არც _ ღარიბი. ტაქსი კუჩის კუთხეში ისე გააჩერა, რომ თვალში არავის მოხვედროდა. ნიას მისწერა, მოვედიო და ტროტუართან მიდგმულ განათების ბოძს ჩამოეყრდნო. სახლში მალევე სინათლე აინთო და ისევ ჩაქრა, როგორც ჩანს, გოგონა მოსაცმელს ეძებდა. ცოტახანში პატარა სილუეტი სახლის ჩრდილს გამოეყო და მისკენ წამოვიდა. ქალი გადაეხვია, დაჩიმ მექანიკურად შემოაჭდო ხელები. ნიამ თვალი თვალში გაუყარა, წამებში იგრძნო, ვნებიანი საყვარელი სულაც რომ არ ედგა წინ და ცოტა შეცბა. - დაჩი... - რამ გაფიქრებინა, რომ ორსულად ხარ? - გაყინული სახით უყურებდა და ხმაშიც სიცივე შეჰპარვოდა. - ასე რატომ მელაპარაკები, დაჩი? - როგორ გელაპარაკები? - ჩემზე ბრაზობ? - ჩემზე ვბრაზობ! დუმილი ჩამოწვა. - ნანობ? - ვნანობ... ნიას სახე გაუხევდა, უემოციოდ უყურებდა. - იმიტომ ნანობ, რომ ჩემთან შვილის ყოლა გაიძულებს, მასთან რამე შეცვალო, მაგრამ ამ ფარსის დასრულება არ გსურს. - ნუცამ იცის და ისედაც დამშორდა უკვე, ნია, დასამალი აღარაფერია. - შენ უთხარი? - არა. - ვინ მოგცა მაგის უნარი, რომ გეთქვა, მაგას გამბედაობა უნდა, რომელიც შენ არ გაქვს! - გოგომ მათ შორის დისტანცია გაზარდა და ბოლთის ცემას მოჰყვა, აშკარად თანდათან ერეოდა პანიკა, - მე ახლა რა უნდა ვქნა? - უცებ შედგა და ერთ წერტილს მიაშტერდა. - რატომ ფიქრობ, რომ დაორსულდი-თქო, ტესტი ჩაიტარე? - რაღა მნიშვნელობა აქვს? - სახე დამცინავი ღიმილისაგან მოექცა ნიას, - შენ ხომ არც მე გინდივარ და არც ეს ბავშვი! - შენთან ურთიერთობას რომ ვნანობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილზე უარს ვიტყვი, ნია! - დამცინი, ხო? ნამდვილად დამცინი! - ცოტაც და გოგო იტირებდა. დაჩიმ ერთხანს კიდევ უყურა და მხრებში ჩაავლო ხელი. - შენს მშობლებს ყველაფერს ავუხსნი. თუ გადასვლა დაგჭირდება, ამასაც მივხედავ და არაფერს მოგაკლებთ, მაგრამ არ მიყვარხარ, ნია, არც არასოდეს მიყვარდი. არც მითქვამს, რომ ასე იყო, უნდა გესმოდეს! - შენი აზრით, 19 წლის ასაკში ვიღაცის ნაბიჭვრის გაზრდა ის იყო, რაზედაც ვოცნებობდი? - ზიზღისგან ხმა და სახე ისე შეეცვალა, რომ დაჩიმ ცივად უშვა ხელი. - შენს შვილზე ლაპარაკობ, ნია! - ,,ჩვენსო“, ამასაც კი არ ამბობ! - ჰო, ჩვენსაზე, მაგრამ ჯერ უნდა გაარკვიო, საერთოდ ხარ თუ არა ორსულად. - არ მჭირდება შენი მოწყალება, დაჩი! - ნია, ამ შუაღამისას აქ რისთვის მომიყვანე, საუბარს თუ არ აპირებდი? - მხარდაჭერა მჭირდებოდა შენგან, შე არაკაცო! ყველაზე უარესი გამოდექი, არადა ანგელოზს ჰგავდი, მხოლოდ ფრთები გაკლდა! - ასე ვერაფერს მოვაგვარებთ, ნია! - დაღლილი ხმით უპასუხა კაცმა. თანდათან კარგავდა ყველანაირ მოტივაციას, თავი დაეცვა, პირობები გაეცა, ან საერთოდ ეთქვა რამე. უსუსურობის განცდა ფეხებიდან მთელ სხეულს მოსდებოდა. მის წინ მდგომი ახალგაზრდა ქალი კი აშკარად აგონიაში იყო. - ნამდვილად მომკლავს მამაჩემი, სახლიდან გამომაპანღურებს! დაჩიმ ბოლო ძალ-ღონე მოიკრიბა და რაც შეეძლო, მშვიდი ხმით ალაპარაკდა: - ყველაფერს მოვაგვარებთ, მარტო არ ხარ ამ ამბავში, ნია, ნუ გეშინია! - შენ მე არ გიყვარვარ, თუ არ გიყვარდი, რა გინდოდა ჩემთან, თუ არ გჭირდებოდი, მხოლოდ სექსი თუ გინდოდა, მე რატომ? - ხმადაბლა ტიროდა. ,,იმიტომ, რომ შენთვის პირველი ვიქნებოდი და ეს მომწონდა. იმიტომ, რომ ყველას მოსწონდი და ამის გამო შენი ყურადღება მესიამოვნა. იმიტომ, რომ ჩემზე დამოკიდებული რომ იყო, ჩემს ეგოს აკმაყოფილებდა. იმიტომ, რომ მეგონა, ცოლი აღარ მიყვარდა, რადგან საშინაო ხალათში გამოწყობილი ისე აღარ მიზიდავდა ხოლმე. იმიტომ, რომ არაკაცი ვარ.“ - იმიტომ, რომ განსაკუთრებული ხარ, ნია! - რაც შეიძლება დამაჯერებლად ამოთქვა და საკუთარი თავი კიდევ უფრო შეზიზღდა. უკანა გზაზე ფიქრობდა, რომ სინამდვილეში არც ნიაში, არც მათს ურთიერთობაში განსაკუთრებული არაფერი იყო: ტიპიური ქმარი, რომელიც პატარა გოგოსთან ღალატობს ცოლს, რომელიც შვილს უზრდის მაშინ, როცა თავად ამ ამაზრზენი ისტორიის რომანტიკულ ასპექტებზე ზრუნვითაა დაკავებული. მისი ცოლი სახლში იჯდა და ნერვიულობდა მაშინ, როცა ნიაკოსთვის ყვავილებს ყიდულობდა, როცა იმ რესტორანში ავახშმებდა, სადაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო ნაცნობთან გადაყრა, როცა თმაზე ეფერებოდა სახლთან მიცილებისას. მისი ცოლი საზიზღარ რეალობას იაზრებდა და ებრძოდა სრულიად მარტო მაშინ, როცა ნიასთან ერთად სიცილ-კისკისით იკეტებოდა სათავსოდ გამოყენებულ ოთახში ოფისში, რათა ერთი-ორი კოცნა მოეპარა ხოლმე, როცა ნიას აორსულებდა, მაშინაც მის ნაბიჭვრულ საქციელზე ნერვიულობდა დაჩის ცოლი. ფიქრები თითქოს მტკივნეულად ერჭობოდა გულში და ვერც წყვეტდა. საკუთარი თავის ჩაწიხლვის დაუოკებელი სურვილით მიბრუნდა სახლში, სადაც ჯერ კიდევ ეძინათ მის ცოლსა და შვილს. სიჩუმეს უსმენდა და წარმოიდგენდა, რომ ამიერიდან მხოლოდ ეს სიჩუმეღა ექნებოდა. მეორე დღეს სახლში ნუცას დედამ მოაკითხათ, ქალმა ხელი მოხვია თამარასა და ერთ ჩემოდანს, რომელიც თაფლობის თვის წინ იყიდეს და დედის დაქირავებულ ტაქსიში ისე ჩაჯდა, რომ დაჩისთვის ზედაც აღარ შეუხედავს. შეთანხმდნენ, რომ ბავშვს კვირაში ორჯერ ნახავდა, უფროსწორად, ასე დაუწესა. უნდოდა, წინააღმდეგობა გაეწია, ეყვირა, რომ ამისი უფლება არ ჰქონდა, მაგრამ იმდენი კაცობა ჯერ კიდევ შერჩენოდა, რომ ეს სურვილები უკუეგდო. სიდედრმა ზიზღით აუქნია ხელი, შენ რა კაცი ყოფილხარო, კბილებში გამოსცრა და მერე ყველაფერი მორჩა. რამდენიმე წამის შემდეგ ტაქსი თვალს მიეფარა. დაჩისთვის თითქოს დრო გაჩერდა, სახლში მხოლოდ მას შემდეგ შებრუნდა, რაც წვიმა დაიწყო. ცინიკური იყო, კი, მის ნაცვლად რომ ბუნება იცრემლებოდა. *** ტესტი დაჩისთან საუბრის მეორე დღესვე განმეორებით ჩაიტარა. ექიმმა, რომელთანაც კონსულტაციაზე ჩაეწერა, დედობა მიულოცა. აშკარად აინტერესებდა, სად იყო ბავშვის მამა, ან ნიაკოს ეჩვენებოდა ასე. ეჩვენებოდა, რომ მთელი სამყარო დასცინოდა ქარაფშუტული საქციელის გამო, რომლის შედეგადაც ახლა მარტოხელა დედის სტატუსს გამოჰკრა ხელი. ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, პირველად რომ გაიწია დაჩის ტუჩებისკენ და მის მკლავებში მომწყვდეულმა თავი სრულიად უსაფრთხოდ დაიგულა. ვერც მაშინ წარმოიდგენდა ამას, როცა ფეხებზე იკიდებდა, კაცს ოჯახი რომ უკვე ჰყავდა, ცოლიცა და შვილიც და ვერც მაშინ, დაჩი რომ არასდროს პასუხობდა კითხვაზე, თუ როდის ეტყოდა სიმართლეს ნუცას, როდის დაშორდებოდა და დაუკავშირებდა ბედს იღბლიან ნიაკოს, რომელიც აირჩიეს, რომლის თავიც ამჯობინეს სხვა ქალს. ახლა საკუთარი საძინებლის სიღრმეში საწოლზე ოთხად მოკეცილი იწვა და ხვდებოდა, რომ სინამდვილეში თავად იყო ,,სხვა ქალი“. *** სარკის წინ იდგა და საკუთარ თხელ ფიგურას ისე გულმოდგინედ ათვალიერებდა, თითქოს მთელი საიდუმლო ამით უნდა ამოეხსნა. საკუთარი ანარეკლი ენას ამოიდგამდა და აუხსნიდა, ეს თვალებამოღამებული და ცარიელი სახე ეტყოდა პასუხს კითხვაზე, თუ რატომ უღალატეს. მის თავში ხან სრული სიცარიელე სუფევდა, ხანაც ერთმანეთში აზელილიყო პატიების სურვილი, დაუძლეველი სიამაყე, პანიკა, სასოწარკვეთა, ბრაზი. ვეღარ ხვდებოდა, როგორ გაესწორებინა ეს აბურდული ძაფის გორგალი. ფიქრები ნუცას კარზე ზარის ხმამ გააწყვეტინა. ის იყო. დღეს თამარას მონახულება უწევდა. ბოლო შეხვედრისას მამაკაცის უემოციობამ ზიზღი მოჰგვარა. ბუნდოვნად ახსოვდა, როგორ მშვიდად უყურებდა, როცა ტაქსიში სხდებოდნენ. ახლა დაჩის თვალები უელავდა, მხრებშიც გამართულიყო, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებამდე მისულიყო და სწორედ ამის გამო გამოიყურებოდა უფრო თავდაჯერებულად. - ახლავე გამოვიყვან ბავშვს. - შენთან სალაპარაკოდ მოვედი. - ბავშვს მოგიყვან, სალაპარაკო არაფერი გვაქვს! - ნუცა, ის ორსულად არის ჩემგან. ქალი წამით შედგა, მკლავები უღონოდ ჩამოუცვივდა. მიხვდა, რომ ის უკანასკნელი იმედიც, რომლის წყალობითაც ცოტა შანსი მაინც რჩებოდა მისი და დაჩის ურთიერთობის მოგვარებისა, დაუმსხვრიეს. არ იცოდა, რომ ამ იმედს ებღაუჭებოდა. - მე დიდი შეცდომა... - არ მინდა შენი მოსმენა! - იკივლა და ყურებზე ხელი აიფარა, - თამარა წაიყვანე და წადი, ან ისე წადი, არ მინდა შენი მოსმენა! - ნუცა, გთხოვ... - არ მინდა! არ მინდა! არ მინდა! ისტერიკაში ჩავარდნილ ცოლს პირველად უყურებდა კაცი და გული ეწვოდა, სულელურ ვნებებს აყოლილმა რა დღეში ჩააგდო საყვარელი ქალი. - ნუცა, ბოდიშს გიხდი, ვნანობ, მიყვარხარ! არასოდეს ვაპირებ სხვისკენ გახედვას ამის მერე, მხოლოდ ერთი შანსი მომეცი. - ცდილობდა, ქალს მიახლოებოდა, - მომისმინე, გთხოვ! როგორც კი მისმა ხელმა ნუცას მხრამდე მიაღწია, ქალი წამებში დაწყნარდა და ცრემლიანი თვალები ბრაზისგან აუელვარდა. ახლოს მისწია სახე მისკენ, თვალი გაუსწორა და ძალიან ხმადაბლა უთხრა: - შენ თქვი, რომ მხოლოდ ერთხელ აკოცეთ და ახლა შვილს ელოდები მისგან! მატყუარა ხარ და არ ვაპირებ შენ გვერდით ყოფნას. ახლა გადაწყვიტე, ბავშვი მიგყავს, თუ არა და მერე გააჯვი ჩემი სახლიდან! - ნუცა... ქალს ზედ აღარ შეუხედავს და სხვა ოთახისკენ დაიძრა. ყალბი თავდაჯერება, რომლის მოსაკრებადაც მთელი ძალისხმევა ჩაედო, თავზე ჩამოენგრა დაჩის. საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა. იატაკზე ჭიანჭველა პურის ნამცეცით მიიჩქაროდა სახლისაკენ. დაჩიმ იგრძნო, რომ ამ ჭიანჭველისა შურდა. *** რამდენიმე დღის განმავლობაში დაჩი უშედეგოდ ცდილობდა ნიასთან დაკავშირებას, მერე კი წერილი მიიღო: ,, დაჩი, ვიცი, რომ იმის მიუხედავად, რომ საშინლად მომექეცი, ცუდი ადამიანი არ ხარ. ჩემებმა დამარწმუნეს, რომ ყველასთვის ასე აჯობებდა და მეც მივხვდი, რომ დედობისთვის ახლა მზად ნამდვილად არ ვარ. შენი ბრალი არ არის, რომ შემიყვარდი და არც ის არის შენი ბრალი, რომ ჩემამდე უკვე ოჯახი გყავდა. გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რომ ნუცა დაგშორდა, თუმცა ღირსეული ქალი (როგორიც მე ახლა ნამდვილად არ ვარ) სწორედ ასეთად წარმომედგინა. თუ რამენაირად მის პატიებას დაიმსახურებ, შეგიძლია, თავი ყველაზე იღბლიან ადამიანად ჩათვალო. მეგონა, რომ მიყვარდი, დაჩი, და მეგონა, რომ მთების გადადგმას შევძლებდი ამით, თუმცა ცალმხრივი გრძნობა კენჭის გადასაადგილებლადაც არ აღმოჩნდა საკმარისი, არათუ საიმისოდ, რომ შვილი გამეჩინა და გამეზარდა მარტოს. დრო დამჭირდება, რომ უკეთ ვიყო, მაგრამ ვიქნები. მაპატიე, რომ გადაწყვეტილება შენ გარეშე მივიღე. სიყვარულით, ნია“ დაჩი დივანზე იჯდა და საათის მონოტონურ წიკწიკს უსმენდა. სიცარიელეში ჩაიკარგა. მეორე დღეს დაჩი მიხვდა, რომ ის ერთადერთი რამ დაემართა, რისი ატანაც არ შეეძლო: იგი მარტო დარჩა. *** ქუჩის კუთხიდან ისევ ის მუსიკა მოისმოდა, შებინდებულიყო და მაღალი მუქი სილუეტი უჩუმრად მიაპობდა ჰაერს. ისრუტავდა ბგერებს, რომლებიც ნარნარად მოედინებოდა და დროდადრო ქარის ზუზუნში იკარგებოდა ხოლმე. სილუეტი ამჯერად მტკიცე ნაბიჯებით მიიწევდა მუსიკის წყაროსაკენ, უფროდაუფრო უჩქარებდა ფეხს, რომ დასრულებამდე მოესმინა. ახლოს მისული წამით შედგა, მაგრამ უკან აღარ დაუხევია. ისევ იმ მელოდიას უკრავდნენ, რომელიც ,,მისი და ნუცასი“ იყო. დაჩი მუსიკას უსმენდა, რომელიც თითქოს მის სხეულს კვეთდა და მერე ისევ ამთლიანებდა. მიხვდა, რომ მის მარტოობას ბოლო მოეღო. ახლა იყვნენ იგი, მუსიკა და ლოდინი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.