შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი გულისთვის ( 1 )


25-10-2023, 16:36
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 043

- გაიღვიძე მივდივართ, -ნაცნობი ხმა ჩამესმის და გაჭირვებით ვახელ თვალებს, გამოქვაბულში შემოღწეული ჩამავალი მზის სხივების შუქზე ძლივს ვარჩევ ტყუპისცალის სახეს, ხელს მიწვდის რომ ადგომაში დამეხმაროს, მიწაზე წოლისგან მთელი სხეული მტკივა თუმცა უკვე იმდენად ვარ მიჩვეული რომ ბუნებრივად მეჩვენება.
- კარგად ხარ? -ისეთი ხმით მეკითხება და ისეთი თვალებით მიყურებს ვხვდები რომ მართლა არ გამოვიყურები კარგად, თუმცა რატომ მიკვირს, უკვე დიდი ხანია დამავიწყდა რას ნიშნავს როცა კარგად გამოიყურები, დასვენებული, დაბანილ დავარცხნილი, კმაყოფილი და ბედნიერი.
- კარგად ვარ ტყუპისცალო, -ვეუბნები და ქურთუკს ვუწვდი რომელიც ალბათ რომელიმემ დამაფარა როცა მეძინა, სასაცილოდ კრავს წარბებს, ვერაფრით მიეჩვია რომ მას ტყუპისცალს ვუწოდებთ მის ძმას კი ჯაბას, დამეფიცება რომ არ მახსოვს რა ჰქვია, ჩემთვის ის უბრალოდ ტყუპისცალია, ჩემზე შვიდი წლით უმცროსი სულ რაღაც ოცი წლის, ჩვენს თორმეტკაციან ჯგუფში ყველაზე რბილი, თბილი და საყვარელი, ის და მისი ძმა ყველაზე უმცროსები არიან, ის კი ჯაბაზე რამდენიმე წუთით უმცროსია, საყვარლად, ბავშვურად ბრაზობს ხოლმე როცა ჯაბა თავის უფროსობას ახსენებს.
- დანარჩენები უკვე მზად არიან, -ჩემს ზურგჩანთას სწევს რომ მხარზე მოიკიდოს და გარეთ გაიტანოს თუმცა არ ვანებებ, ამ ორი წლის განმავლობაში ყველაფერს მივეჩვიე, მძიმე ზურგჩანთის ტარებას, იარაღის გამოყენებას, კაცის კვლას, ოსტატურად, თვალის დაუხამხამებლად, გულცივად და აუღელვებლად...

გამოქვაბულის წინ სხედან მწვანე ტოტებით და ფოთლებით საიმედოდ შენიღბულ ადგილზე, ლევანის გვერდით ვჯდები და ვცდილობ მათი დაკვირვებული მზერა არ შევიმჩნიო, იციან რომ ზედმეტი ყურადღება არ მიყვარს, იციან რომ ვერ ვიტან როცა სხვებისგან მარჩევენ და ისე მექცევიან თითქოს სათუთი არსება ვიყო რომელსაც მოფრთხილება სჭირდება, იციან მაგრამ მაინც ვერ იშლიან, ამ ბოლო დროს ისე ძალიან აღარ ვბრაზობ როგორც ადრე, ბოლოს და ბოლოს მამაკაცის დეენემში დევს რომ ქალი უნდა დაიცვას, მოუფრთხილდეს როგორც მასზე სუსტს, მე კი ჩვენს ჯგუფში ერთადერთი ქალი ვარ, მერე რა რომ მათზე კარგად თუ არა ცუდად ნამდვილად არ ვისვრი, ხელჩართულ ბრძოლაშიც ვჯობივარ რამდენიმე მათგანს და არასდროს ამკანკალებია ხელი როცა მტრისთვის დამიმიზნებია იარაღი, ამ ყველაფრის მიუხედავად თითოეული მაინც თავის მოვალეობად მიიჩნევს ჩემზე ზრუნვას, აკონტროლებენ რომ მშიერმა არ დავიძინო, რომ გაუწყლოვნება არ დამემართოს, რომ არ გავცივდე, თითქოს ჩემი კარგად ყოფნა იმედს აძლევთ რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი თილისმა ხარო ხშირად მეუბნებიან ხოლმე, შენს გვერდით შეუძლებელიც კი შესაძლებლად მიგვაჩნიაო.
- მოდი მომეყრდენი, ცოტა დაისვენე და როგორც კი მზე ჩავა გავალთ, -ლევანი მკლავს მხვევს და მხარზე მიხუტებს, უზარმაზარია, მის გვერდით ერთი ბეწო ვჩანვარ, თუმცა მისი სითბო მსიამოვნებს და მთელი ძალით ვეკვრი.
- ამ ბოლო დროს ძალიან გახდი, ცარიელი ძვლები ხარ დარჩენილი, -ნიკო თბილად მიღიმის და საყვარლად აბრიალებს უზარმაზარ შავ თვალებს, -ცუდად გძინავს პატარავ, აღარც ნორმალურად ჭამ.
- ხუმრობ ხომ? -მარკი რომელიც უკვე ერთი წელია ჩვენი ჯგუფის წევრია სასაცილოდ იჯღანება და უკვე საკმაოდ მოზრდილ ოქროსფერ თმებს იჩეჩავს, -სანატორიუმში ხომ არ ვართ გამოძინება და დასვენება რომ მოახერხოს, კალორიებიც ხომ არ დაითვალოს?
- ეს ის ცნობილი ინგლისური იუმორია? -ინგლისურადვე პასუხობს რობერტი და მის ხმაში იმდენი ირონია ჩანს რომ ვატყობ მარკი ყოყმანობს შეეპასუხოს თუ არა, ერთხანს საყვარლად ახამხამებს თაფლისფრად მბრწყინავ თვალებს და მერე რომელიღაც ძველი ინგლისური ბალადის სტვენას იწყებს.
- შეჭამ? -ნახევარ შოკოლადის ფილას მიწვდის რომა, ეტყობა რომ ჯერ ისევ უჭირს მარჯვენა ხელის ხმარება, ორი კვირის წინ დაიზიანა როცა მოწინააღმდეგეებთან შეტაკება მოგვიხდა, არც ისე მძიმედ იყო დაჭრილი უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგა, ჩვენმა გოლიათმა ინგუშმა ვასკომ ლამის ხელში აყვანილი გამოიყვანა იქიდან, -ჭამე რა, -მუდარა ისმის მის ხმაში, ლევანი ართმევს, შოკოლადი ნახევრად დამდნარი და ფორმადაკარგულია, არც თუ ისე კარგად გამოიყურება, პატარა ნაწილს ამტვრევს და ლამის ძალით მიტენის პირში, უგემურად ვღეჭავ, დღეს რატომღაც ყველა ძალიან ჩუმად არის, ყველა ფიქრებშია ჩაძირული, სათითაოდ ვათვალიერებ გახუნებულ სამხედრო ფორმებში გამოწყობილებს, კბილებამდე შეიარაღებულებს, თმა და წვერ მოზრდილებს, გამხდრებს, გარუჯულებს, მოღუშულებს...
- დანილო სად არის? -უცბადვე ვისაკლისებ ჩვენი ჯგუფის ყველაზე ნათელ წერტილს, ჩალისფერთმიან ლურჯთვალა დანის.
- რამდენიმე წუთით გავალო ასე თქვა, -საკმაოდ კარგი ქართულით მპასუხობს ნაიკერი, კენიელი შავკანიანი მამაკაცი, იქნება ალბათ დაახლოებით ოცდაშვიდი ოცდარვა წლის, საშუალო სიმაღლისაა საკმაოდ ძლიერი, სახის რბილი ნაკვთები და კეთილი გამოხედვა აქვს, ის და მისი მეგობარი დათუნა ერთი წლის წინ შემოგვიერთდნენ, თურმე მას შემდეგ მეგობრობენ რაც ნაიკერი საქართველოში ჩამოსულა მაშინ თვრამეტი წლის ყოფილა, ომის დაწყებისთანავე ჩაბმულან ბრძოლაში, შემდეგ ჩვენ გვიპოვეს, ძმებივით არიან, ვხუმრობ ხომე რომ ჯგუფში ორი ტყუპი გვყავს, ტყუპისცალი და ჯაბა და დათუნა და ნაიკერი.
- არ უთქვამს სად წავიდა? -ვეკითხები და თავს მიქნევს უარის ნიშნად.
- ნახე რა უნდა გაჩვენო, -ნიკო გვერდით მიჯდება და ჯიბიდან ტელეფონს იღებს, -ახალი ლეგენდა გამოუცხვიათ ჩვენს შესახებ.
უემოციოდ ვუყურებ თუ როგორი აღფრთოვანებით საუბრობს ერთ-ერთი ცნობილი უცხოური არხის წამყვანი მოუხელთებელ აჩრდილებზე, უამრავ სხვადასხვა ვერსიას აჟღერებს თუ ვინ უნდა ვიყოთ, სად უნდა ვიყოთ და რა უნდა გვქონდეს განზრახული, უცბად კადრში მე ვჩნდები, საკმაოდ ხარისხიანი ფოტოა, ზურგიდან ვჩანვარ, იარაღასხმული, გრძელი ნაწნავით, სამხედრო ფორმის შარვლით და განუყრელი ტყავის ქურთუკით.
- ორი კვირის წინანდელია, იმ დღევანდელი როცა რომა დაჭრეს, -ვამბობ და ვამჩნევ როგორ იღუშება ვასკო.
- უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, შენი იდენტიფიცირება ვერ უნდა მოახდინონ.
- სწორედ ამიტომ ვიფარავ ხოლმე სახეს, -უკმაყოფილოდ ვბუზღუნებ და მერე საკუთარ თავზე მეღიმება, მომწონს როცა ხანდახან საკუთარ თავს უფლებას ვაძლევ მათთან ისეთი ვიყო როგორიც სინამდვილეში ვარ, ბოლოს და ბოლოს უკვე ორი წელია რაც ჩემი ოჯახის წევრები არიან, ჩემი სულის ნაწილები.
- ერთი სული აქვთ გაიგონ ვინ ხარ ასეთი იდუმალი და მოუხელთებელი, ერთადერთი ქალი აჩრდილების რაზმად შერაცხულ რაზმში რომელიც მტერს შიშის ზარს სცემს, შენ არც კი იცი როგორი არარეალური ისტორიები ვრცელდება შენს შესახებ
- მერე ვისი ბრალია ეს ყველაფერი? -თვალებ მოჭუტული ვუყურებ ტყუპისცალს, თვალს მარიდებს და მიამიტური გამომეტყველებით იწყებს გარემოს თვალიერებას.
- იცოდე კიდევ რომ შევამჩნიო მიღებ ვერ გადამირჩები, ხელებს დაგამტვრევ, შენს ბლოგზეც შეეშვი ჩემს შესახებ წერას, -ვემუქრები და ძლივს ვიკავებ ღიმილს მისი სახის შემხედვარე.
- მაგას ვერ შეგპირდები, ჩემს თავს სიტყვა მივეცი რომ შენი პირადი მემატიანე უნდა ვიყო, -მაღლა სწევს საჩვენებელ თითს და ცდილობს სერიოზული სახე მიიღოს, -მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენს შესახებ, აი შენ კი ჩემი ყველა ამბის მთავარი გმირი ხარ...
ოდნავ გასაგონი შარიშური რომ გვესმის ყველა ერთბაშად იძაბება და იარაღისკენ მიაქვთ ხელი, წამში საბრძოლო პოზიციაში დგებიან.
- მე ვარ მე, დამშვიდდით, -ბუჩქებიდან დანილო გამოდის და ყურებამდე გაღიმებული მოიწევს ჩემკენ, ქათქათა კბილები უელავს, ლურჯი თვალები ეშმაკურად უციმციმებს, როგორც კი მიახლოვდება მაშინვე ვამჩნევ ლოყაზე ნაკაწრს საიდანაც სისხლი მოსდის, ხელში რაღაც უჭირავს.
- რა გჭირს, რა დაგემართა, -ფრთხილად ვეხები სახეზე თუმცა თავს მარიდებს და გვიმრის ფოთლების შეკვრას მიწვდის.
- გახსენი, ნახე რა მოგიტანე, -მოუთმენლად მეუბნება და ხელში მაჩეჩებს, ფრთხილად ვაშორებ ფოთლებს ერთმანეთს, შეკვრა მსხვილ-მსხვილი ნარჩევი მწიფე მაყვლითაა სავსე.
- შენთვის დავკრიფე ვიცი რომ გიყვარს, -მეუბნება და მახსენდება როგორ მომიყვა ერთხელ თავისი პატარა გოგონას ლილიას შესახებ რომელსაც ძალიან უყვარდა მაყვალი, სწორედ მაშინ ვუთხარი რომ მეც მიყვარდა, რამდენიმე მარცვალი ჩავიდე პირში, ტკბილი იყო, წვნიანი...
- მადლობა, -ვუღიმი და ისიც ღიმილით მიქნევს თავს, თვალები უწყლიანდება, ვიცი ახლა რა ხდება მის გონებაში, ლილიაზე ფიქრობს რომელიც ცოცხალი აღარ არის, მე კი ბებიაჩემის გაკეთებული მაყვლის ფელამუში მახსენდება...













- შენი აზრით ნაიკერი რატომ იბრძვის ჩვენთან ერთად, -მეკითხება რომა და ფეხსაცმლის ქუსლით ბომბებისგან ნახევრად დანგრეული ეკლესიის გუმბათიდან ჩამოცვენილ კრამიტს ქექავს, მიწაზე ვზივართ, ზურგით უზარმაზარი ქვებისგან აშენებულ კედელს ვეყრდნობით, ქვებზე ალგ-ალაგ ძველი ქართული წარწერებია ამოკვეთილი.
- ექნება მიზეზი, უბრალოდ და უმიზეზოდ სხვის ომში არავინ ომობს, -ვპასუხობ და მუხლთან გაცრეცილ შარვალს დავყურებ მოღუშული, ახალი შარვალი მჭირდება, ახალი ფეხსაცმელიც და შედარებით თბილი ქურთუკი ვიდრე ესაა რაც უკვე დიდი ხანია გაუხდელად მაცვია, დღისით ჯერ კიდევ თბილა მაგრამ ღამით...
- ალბათ დათუნას გამოა აქ, მეგობრის პონტში რა, სხვა რა უნდა იყოს, -ისევ აგრძელებს ვარაუდების გამოთქმას, უნებურად მეღიმება, კარგი ბიჭია რომა, თბილი, მამაცი და გულიანი, ისეთია მასზე დაყრდნობის რომ არ შეგეშინდება, უშიშარია ხანდახან ზედმეტადაც კი, ომი დაიწყო თუ არა პირველივე დღეს წავიდა ჯარში, ჩემი ოჯახი და სამშობლო უნდა დავიცვაო გამოუცხადა ყველას და მას მერე ერთი დღითაც კი არ დაბრუნებულა სახლში, ქურთია თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, ლაპარაკისას ხშირად იყენებს ხოლმე სიტყვებს, ‘’ჩვენ ქართველები’’...
- თავის ოჯახზეც არასდროს საუბრობს, ნეტავ კენიაში ჰყავს ვინმე? არა მაინც ვერ ვხვდები რატომ ომობს აქ და ჩვენთვის, -ახლა უკვე თავისთვის ბურტყუნებს, არ მიკვირს მისი ასეთი ცნობისმოყვარეობა, უკვე შეჩვეული ვარ.
- ჭირშიც და ლხინშიც საქართველოვ მე ვარ შენთანა, -ნაიკერის ინტერპრეტაციით გვესმის თითქმის უაქცენტო ქართულით ნათქვამი ცნობილი სიტყვები რომლებიც ფაქტიურად ყველა კითხვის პასუხია რაც რომას უტრიალებს თავში, ვერ ვხვდებით როგორ მოგვეპარა ისე რომ ვერაფერი გავიგეთ, ზემოდან დაგვყურებს თითქოსდა გამკიცხავი მზერით მერე ისე მიდის რომ არაფერს ამბობს.
- ნაიკერ, -ვეძახი ჩვენგან უკვე რამდენიმე ნაბიჯით დაშორებულს, ჩერდება და მთელი ტანით ტრიალდება ჩვენკენ, გვიყურებს.
- მიყვარხარ, -მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვეუბნები, ვხვდები რომ ხვდება რაც ვუთხარი, სახე ღრუბლებიდან გამოღწეული მზესავით უნათდება, ფართოდ იღიმის, გულზე ხელს იდებს და თავს თეატრალურად ხრის ძირს...
-
იშვიათი სიჩუმეა ირგვლივ ჩამოწოლილი, ამ ორი წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე მოხდა რომ რამდენიმე საათი ისე გავატარეთ აფეთქების და სროლის ხმა არ გაგვიგია.
- შენებს არ დაურეკავ? -ვასკო ტელეფონს მიწვდის, თავს ვუქნევ უარის ნიშნად, იღუშება და მძიმედ სუნთქავს, უკვე ვიცი რაღაც ისეთს მეტყვის რაც ძალიან გამაბრაზებს.
- დედაშენს ბოლოს როდის ესაუბრე, წარმოგიდგენია მაინც ახლა რა დღეშია? დაურეკე გააგებინე რომ კარგად ხარ, არ ანერვიულო.
თვალებს მაგრად ვხუჭავ და თავს ძლივს ვიკავებ რომ ისეთი არაფერი ვთქვა რაც გულს ატკენს, ისედაც ყველაფერი პატარა ბავშვივით სწყინს, მიუხედავად იმისა რომ შესახედავად გოლიათია და გამომეტყველებაც ყოველთვის მკაცრი აქვს, სინამდვილეში პატარა ბავშვივით ჩვილი გული აქვს, ვიცი როგორ გიჟდება დედამისზე და მასზე ბევრად უმცროს დაძმებზე, მაშინვე რეკავს ხოლმე სახლში როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა, უკვირს როცა არანაირ სურვილს არ გამოვხატავ ხოლმე ჩემებთან საუბრის.
- მისმინე პატარავ, -თავზე ხელს მისვამს და ისე მიღიმის როგორც ჯიუტ, ურჩ ბავშვებს უღიმიან ხოლმე რომ როგორმე ის გააკეთებინონ რაც მათ სურთ, -არასწორად იქცევი, ომი რომ დასრულდება ისევ ხომ უნდა შეძლო ცხოვრების გაგრძელება ასე კი ვერ მოახერხებ, ყველაფერი აქ არ სრულდება გესმის?
- აქ რატომ ხარ ვასკო? -სასაუბრო თემის შეცვლას ვცდილობ და მგონი გამომდის, სახე ეცვლება, იღუშება, მერე ნაძალადევად იღიმის და ცხვირზე ნერვიულად ისვამს თითებს.
- შეგეძლო არც გეკითხა, ჩვენ ქართველებს და ინგუშებს ერთი მტერი გვყავდა ყოველთვის, როგორ ამბობთ ხოლმე? ძმა ძმისთვისაო არა?
- მხოლოდ ეს არის მიზეზი?
- როდისმე აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე ოღონდ ახლა არა, ახლა არ შემიძლია, -მზერას მარიდებს და სირბილით მომავალ გულამოვარდნილ ტყუპისცალს უყურებს გაკვირვებული.
- რა ხდება ტყუპისცალო.
- ნახე ჩემს ახალ სტატიას რამდენი ნახვა აქვს, -ტელეფონს მიწვდის და მოუთმენლად აბაკუნებს ფეხებს, ლოყები აწითლებული აქვს, თითები უთრთის.
- შენი გამოსწორება არ იქნება, კინაღამ გული გამიხეთქე, -ვასკო მხარზე ურტყამს ხელს და მიდის, ტყუპისცალი თვალებგაფართოებული მიყურებს და ჩემს რეაქციას ელის.
- მიდი წაიკითხე რაღას უცდი, იცი რა მაგარი გამოვიდა, გიჟებივით აზიარებენ.
ვკითხულობ, მართლა ძალიან კარგია, ამ ბიჭს აშკარად აქვს ნიჭი, შეუძლია ხალხი დააინტერესოს და აიყოლიოს, თუ ამ სასტიკ ომს გადაურჩება დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს.
- შემახსენე რა არის შენი ოცნება, -ისე ვეკითხები თითქოს არ მახსოვდეს, ვიცი როგორ უყვარს ამაზე საუბარი.
- ცნობილი ჟურნალისტი უნდა გავხდე, -ერთი წამით თვალები ენთება თუმცა მერე ისევ... -უხმოდ, ხელით მაჩვენებს ირგვლივ, ყველაფერი დანგრეულია, მიწათან გასწორებული, ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქი ახლა მკვდარია.
- შეძლებ, -ვეუბნები და გამამხნევებლად ვუღიმი, ათრთოლებულ ტუჩს კბილებს შორის იქცევს და მთელი ძალით უჭერს.
- ხედავ რამდენი განადგურებული ოცნებაა ჩვენს გარშემო? ამ ყველაფერს რომ ვუყურებ უკვე აღარ მჯერა რომ შევძლებ.
-
- უკან დაიხიე, -დანილო მთელი სხეულით მეფარება წინ და იჩოქებს რომ სროლისთვის მოსახერხებელი პოზიცია მიიღოს, -არ ადგე გესმის? ამათ მე მივხედავ.
- ახლა კამათის დროა? -ვბუზღუნებ და თან ავტომატის მჭიდს ვამოწმებ, უკვე ორი კვირაა შეუსვენებლად ვიბრძვით, მოწინააღმდეგეებს ვანადგურებთ, ლეგენდები კი ჩვენს შესახებ იზრდება, მრავლდება, საჰაერო ბუშტივით იბერება და უფრო და უფრო ეხვევა იდუმალების საბურველში.
- მოდი მომეყრდენი და ცოტა დავისვენოთ, -როგორც კი სულის მოთქმის საშუალება გვეძლევა დანილო კედელთან ჯდება, მკლავს შლის და მანიშნებს ჩამეხუტეო, ასეთ შანსზე უარის თქმას არ ვაპირებ, ისედაც მთელი კვირაა არცერთს არ გვიძინია ნორმალურად, პატარა კნუტივით ვეხვევი მის მკლავებში და თვალებს ვხუჭავ.
- როგორ ხარ დანი, -ვეკითხები მაგრამ პასუხად მხოლოდ მძიმე ამოოხვრას ვიღებ, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ იღებს ხმას.
- სიზმრებს ხედავ ხოლმე?
- თითქმის ყოველ ღამე.
- რა გესიზმრება?
- უცნაური რაღაცები, ჯერ არნახული ადგილები, ხანდახან მესიზმრება რომ ფრთები მაქვს და დავფრინავ, ხანდახან ჩემს ბავშვობას ვხედავ ხოლმე სიზმრად.
- ალბათ რა კარგია ასეთი სიზმრები, -რაღაცნაირად თითქოს შურით ამბობს.
- შენ რას ხედავ ხოლმე, -ვეკითხები და უკვე ვიცი რასაც მიპასუხებს.
- მათ ვხედავ, მათ უმოძრაო გასისხლიანებულ სხეულებს, დასახიჩრებულ სახეებს, ღია თვალებს რომლებიც მინისგან ჩამოსხმულებს ჰგავს, ხანდახან მგონია რომ მეტი აღარ შემიძლია, არ ვიცი შენ როგორ ახერხებ რომ ასეთი ძლიერი იყო, მითხარი როცა კლავ შემდეგ სინდისი არ გაწუხებს? სულ ცოტათი მაინც.
- სინდისმა რატომ უნდა შემაწუხოს? -გულწრფელად მიკვირს, დანილოსაც უკვირს ჩემი პასუხი.
- შენ ხომ კლავ, იცი რა, ხშირად გაკვირდები ხოლმე და ყოველთვის მიკვირს როგორ ახერხებ ასე უემოციოდ მოკვლას მაშინ როცა მაყვლის ფელამუშის ან მკვდარი ჩიტის გამოც კი შეგიძლია ტირილი, ვხედავ როგორ ღელავ ხოლმე ჩვენზე, როგორ გეშინია რომ არაფერი მოგვივიდეს, ორი თვის წინ მარკი რომ დაჭრეს კინაღამ მოკვდი, მეგონა ზედ გადაყვებოდი არადა...
- კარგად მესმის რის თქმასაც ცდილობ, -ღიმილით ვაწყვეტინებ სიტყვას და უფრო მოხერხებულად ვეკვრი მკერდზე, -სინდისი მაშინ შემაწუხებდა რამე არასწორს რომ ვაკეთებდე, მე მხოლოდ ჩემს სამშობლოს ვიცავ და საკუთარ თავს, საკუთარ მიწაზე ვარ, ჩემს თავთან მართალი ვარ გესმის?
- მესმის, -ოხრავს და ზუსტად ვიცი რომ არაფერიც არ ესმის, -შეიძლება რაღაც გკითხო? -მაინც ვერ ისვენებს.
- მკითხე რაც გინდა.
- ომი რომ დაიწყო შენს ქმართან ერთად საზღვარგარეთ წასვლაზე არ გიფიქრია?
- არ მიფიქრია არც ერთი წამით, რომ მეფიქრა მაშინ ნამდვილად შემაწუხებდა სინდისი, რომ წავსულიყავი... არ ვიცი დანილო, რომ წავსულიყავი ალბათ ამ ტვირთით ვერ ვიცხოვრებდი.
- შენი ქმარი?
- თავის სამშობლოში დაბრუნდა, იმდენად ეგოისტი არ ვარ რომ ჩემი სიყვარულის და ჩემი ომის გამო მეთხოვა დარჩენილიყო...





- ცოტაც ნიკო, სულ ცოტაც და სამშვიდობოს ვიქნებით, -უკანასკნელ ძალას ვიკრებ რომ ჩემზე მთელი ძალით ჩამოკიდებული მძიმე სხეულის გამო არ ჩავიჩოქო.
- სამშვიდობოს? არ გამაცინო, -იცინის და თან სისხლს აფურთხებს, -ნეტავ თუ დარჩა საქართველოში ისეთი ადგილი სადაც მშვიდად და უსაფრთხოდ ვიქნებით.
- ნუ ლაპარაკობ, ენერგიას ნუ ხარჯავ, -ვქოშინებ და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ნაბიჯს ვადგამ, ის ისაა შენობას უნდა გავცდეთ რომ ტყვია ზედ ჩემს ფეხებთან თხრის მიწას, იძულებულები ვხდებით რომ უკან დავიხიოთ, ძირს ვაწვენ, თავქვეშ ჩემს ქურთუკს ვუდებ.
- აქ იყავი და ადგილიდან არ გაინძრე იცოდე, მალე მოვალ, -ვუღიმი და ისიც ტკივილით სავსე საპასუხო ღიმილს მიბრუნებს, შენობას გარს ვუვლი, იარაღს ვამოწმებ, სათითაოდ ცივი გონებით, აუღელვებლად ვუსწორდები ყველას, მგონი მართლა იღბლიანი ვარ, განაკაწრის გარეშე ვბრუნდები უკან.
უკან დაბრუნებულს ნიკო ზედმეტად გაფითრებული და ღონემიხდილი მხვდება, მის თავთან ვიხრები, გაჭირვებით სწევს მარჯვენა ხელს და სახეზე მეხება, ლოყაზე შერჩენილ სისხლის წვეთს მწმენდს.
- რამდენი? -მისუსტებული ხმით მეკითხება.
- ჩვიდმეტი, -მოკლედ ვპასუხობ და ვცდილობ რომ წამოვაყენო თუმცა ვერ ვახერხებ, ტკივილისგან ღმუის და ხელებს ისე მიჭერს მკლავებზე ლამისაა ძვლები გადამიმტვრიოს.
- სოკოებივით ამოდიან და მრავლდებიან ეგ ახვ*ები, მაგათ დედას შე**ცი, -უშვერად იგინება და მერე ერთბაშად მოდუნებული ეშვება ძირს, პანიკაში ვარ თუმცა ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო, ძნელი ყოფილა, ძალიან ძნელი, უამრავი სიკვდილი მინახავს, ასობით მტერი მომიკლავს თუმცა ეს ხომ ნიკოა, ჩემი ნიკო, ჩვენი ნიკო, როგორ გინდა ისე გაუძლო რომ არ შეიშალო.
- გამაგრდი გთხოვ, -ისეთი საცოდავი ხავილი ამომდის პირიდან მე თვითონვე მეცოდება საკუთარი თავი, -უნდა გაუძლო, მალე ბიჭებიც მოვლენ, დაგვეხმარებიან, გადაგარჩენთ ნიკო.
- რაღაცას უნდა შემპირდე, -ხელს ხელზე მადებს და მზერას მისწორებს, ისეთი მზერა აქვს ტანში მცრის...
- მითხარი ნიკო გისმენ.
- ჩემს ცოლს უთხარი რომ ყოველთვის სიგიჟემდე მიყვარდა, ახლაც მიყვარს, უთხარი რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მასზე და ნიტაზე ვფიქრობდი, რას არ მივცემდი ჩემი პატარა ერთხელ კიდევ რომ მენახა, იცი რა ლამაზია, ულამაზესი, ყველა ამბობს რომ მე მგავს, ჩემნაირი თვალები აქვს...
ხელი უდუნდება, სუნთქვა უხშირდება მერე კი ერთბაშად წყვეტს მისი მკერდი მოძრაობას, თავი გვერდზე უვარდება, ღიად დარჩენილ თვალებში და ტუჩებზე ღიმილი აქვს შერჩენილი...
ვუყურებ და ლოყებზე ღვარად ჩამომდის მდუღარე ცრემლები, მინდა ვიყვირო, მინდა რამენაირად გამოვხატო რასაც ვგრძნობ თუმცა ვერ ვახერხებ, ვერც ადგილიდან დაძვრას ვახერხებ, მაშინაც ვერ მოვდივარ გონს როცა შეხებას ვგრძნობ მხარზე, მაიძულებენ ფეხზე დავდგე, მუხლები მეკვეთება, ვგრძნობ როგორ მივყავარ სადღაც ხელში აყვანილი.
- დამშვიდდი პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება, -ლევანის ხმას ვცნობ თუმცა ვერ ვახერხებ საკუთარი თავის იძულებას რომ ვუპასუხო, საშინლად მეძინება.
-
- ვილაპარაკოთ? -მარკი გვერდით მიჯდება, საკმაოდ მოზრდილ პოლიეთილენის პაკეტს იქვე დებს და ცხელი შოკოლადით სავსე პირმომტვრეულ ჭიქას მიწვდის, ცდუნება იმდენად დიდია რომ თავს ვერ ვიკავებ, ვართმევ და თვალდახუჭული ვსვამ პირველ ყლუპს, საოცარი გემო აქვს, ბავშვობას და იმ დროს მახსენებს როცა საერთოდ არ ვიცოდით სიმშვიდის ფასი და ვერ ვაფასებდით იმას რაც გაგვაჩნდა, კიდევ ერთ ყლუპს ვსვამ და მთელ სხეულს მითბობს, ასე მგონია ჩემს გარშემო ყველგან შოკოლადის სურნელი დგას, წამით დენთისა და კვამლის სუნსაც კი ფარავს, ნამდვილად ფუფუნებაა ახლა ამ დროს ამ მდგომარეობაში ცხელი შოკოლადი.
- საოცრებაა, მადლობა მარკ, -ვუღიმი და მასაც თბილი ღიმილი უნათებს სახეს, თვალებთან ოდნავშესამჩნევი ნაოჭები უჩნდება, ტუჩებთანაც აქვს რამდენიმე არადა თითქოს გუშინ არ ჰქონდა, ისიც ჩვენსავით დღითიდღე იცვლება და ფერმკრთალდება, ოქროსფერი თმა გახუნებული აქვს და აღარც მუდამ მბრწყინავი თაფლისფერი თვალები უელავს ძველებურად, -ნახე ბიჭებმა რა მოგიტანეს, მგონი ყველაფერი შენი ზომაა, -მხიარული ხმით მეუბნება, პაკეტს ხსნის და სათითაოდ იღებს, ახალთახალ შარვალს, გრძელმკლავიან თბილ ზედას და მაღალყელიან ბოტებს.
- ეს ყველაფერი სად იშოვეთ? -გაოცებას ვერ ვმალავ.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ თბილად იქნები, უკვე ძალიან აცივდა, მგონი მალე მოთოვს, როგორც ეტყობა მკაცრი ზამთარი იქნება, -მოღრუბლულ ცას გაჰყურებს ფანჯრიდან რომელსაც მინები აღარ აქვს, არც ჩარჩო...
- მარკ შენი აზრით გაზაფხულდება? -ვეკითხები, უცნაურად მიყურებს, თითქოს ცდილობს გაიაზროს რაც ვუთხარი, ქართული ჯერ კარგად არ იცის. და ამიტომ მგონია რომ ვერ ხვდება.
- რათქმაუნდა გაზაფხულდება, -მეუბნება რამდენიმეწამიანი დაყოვნების შემდეგ.
- ჩვენთვისაც?
თვალები უფართოვდება, ტუჩებს ერთმანეთს აშორებს, თითქოს უნდა რომ რაღაც მითხრას მაგრამ ენა არ უბრუნდება სათქმელად, ერთხანს ხმელეთზე უწყლოდ დარჩენილი თევზივით აფჩენს პირს, მერე მარცხენა ხელზე ხელთათმანს იხდის და ათრთოლებულ თითებს ისე მაგრად იჭერს ყელზე რატომღაც მგონია რომ ძალიან უნდა სუნთქვა შეწყვიტოს და თუნდაც წამით მოშორდეს აქაურობას, მძიმედ სუნთქავს, აღარ მიყურებს, მისი მზერა ფანჯრებს მიღმა გადაშლილ ნახევრად დამწვარ და დანგრეულ შენობებს შორის იკარგება...
-
როგორც იქნა ვბედავ და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვრთავ ტელეფონს, სოციალურ ქსელში შევდივარ და შემოსულ შეტყობინებებს ვამოწმებ, დედაჩემისგან, ჩემი მეგობრებისგან, ნაცნობებისგან არის შემოსული მაგრამ ყველაზე მეტი მაინც დავიდისგანაა, სულ თავიდან ვიწყებ კითხვას, მწერს რომ ჩემზე ნერვიულობს, რომ ვენატრები, რომ აინტერესებს როგორ ვარ, იმასაც კი მწერს რომ ოღონდ თუნდაც ერთი წამით მნახოს მზად არის ჩამოვიდეს...
ვკითხულობ და ვამჩნევ როგორ ნელ-ნელა იცვლება შეტყობინებები, მოკლდება, ცივდება, ჩვეულებრივ ყოველდღიურად გასაკეთებელ საქმეს ემსგავსება, ბოლო მონაწერი ექვსი თვის წინანდელი თარიღით თარიღდება, მის გვერდზე გადავდივარ და ფოტოებს ვათვალიერებ, მიკვირს რატომ ვერაფერს ვგრძნობ სიცარიელის და იმედგაცრუების გარდა.
- ახალი ამბავი უნდა გითხრათ ბიჭებო, მოსალოცად მაქვს საქმე, -გაზის გამათბობლის გარშემო შემომსხდარ ბიჭებს მივმართავ და ისინიც ერთდროულად ინტერეს ჩამდგარ მზერას მაპყრობენ, -ჩემს ქმარს ცოლი მოუყვანია, -ვამბობ და გიჟივით ვიცინი, არაფერს მპასუხობენ მაცდიან როდის დავიცლები ემოციებისგან, სიცილს ტირილი მოყვება და უკვე ცოტახანში რობერტის მკლავებში მოქცეული ვსლუკუნებ.
- დამშვიდდი, არაფერი გაქვს სანერვიულო, საერთოდ რატომ ფიქრობ მაგ ნაბი*ვარზე, -თავისი ჭკუით მამშვიდებს და თან ნაზად მეფერება თმაზე გაუხეშებული თითებით.
- მასზე არ ვფიქრობ, საერთოდ არ მაინტერესებს რას აკეთებს ახლა, ჯანდაბაშიც წასულა თავის ახალ ცოლთან ერთად.
- აბა რა განერვიულებს?
- ბოლო შეტყობინება ექვსი თვის წინ მომწერა, ორი თვეა სხვასაც არავის გავხსენებივარ, დედაჩემსაც კი არ მოუწერია, არცერთ ნაცნობს და მეგობარს აღარ ვახსოვარ, გესმით ეს რას ნიშნავს?
- კარგი რა, ვინ იცის რა მდგომარეობა აქვთ, ომში ვართ ბოლოს და ბოლოს, -რაღაცნაირად უხერხულად მიღიმის ლევანი, თითქოს მათ მაგივრად ცდილობს ბოდიშის მოხდას.
- ომში ჩვენ ვართ, ისინი არ არიან, -თავს ვიქნევ და ვხვდები ალბათ ძალიან ცუდად გამოვიყურები იმიტომ რომ შეშფოთებულები მიყურებენ, -ომში ჩვენ ვართ მაგრამ ისე იქცევიან თითქოს ისინი იყვნენ, დაგვივიწყეს, ყველამ დაგვივიწყა გესმით? დაგვივიწყეს, თითქოს არასდროს ვარსებობდით, იქნებ ისინი არ ცდებიან და ჩვენ გვესმის ყველაფერი არასწორად, იქნებ უბრალოდ აჩრდილებად ვიქეცით, იქნებ მართლა არ ვარსებობთ და ეს ყველაფერი ილუზიაა...
- რას ამბობ, ასე რატომ ლაპარაკობ, -თვალები ემღვრევა და ყბა გვერდზე ექცევა ჯაბას, -ვატყობ რომ კიდევ უნდა რაღაცის თქმა მაგრამ ვეღარ ახერხებს, გამაყრუებელი გრუხუნი ისმის, შენობა ზანზარებს, ჭერიდან უზარმაზარი ნამსხვრევები გვეყრება თავზე, მერე რაღაც ანათებს, ძალიან მკვეთრი და კაშკაშა ნათება თვალს მჭრის, მომენტალურად ვიწევი ჰაერში, რამდენიმე წამის განმავლობაში მივფრინავ და მტკივნეულად ვენარცხები ძირს.
მთელი სხეული მტკივა, ვერცერთ კიდურს ვერ ვამოძრავებ, თავი გვერდზე მაქვს გადახრილი, ვხედავ ჩემს სიახლოვეს მწოლ მთლად დაფლეთილ სხეულთან რომელსაც ქვედა კიდურები აღარ აქვს როგორ მორბის ჯაბა, სახე შეშლილი და გასისხლიანებულია, მუხლებზე იჩოქებს.
- ნიკა, ნიკუშ ბიჭო, არ დამტოვო, არ წახვიდე, -ბღავის მთელი ხმით, ერთადერთი რასაც იმ მომენტში ვფიქრობ ისაა თუ ნიკუშა ვინ არის, უძრავად მწოლ სხეულს ეხუტება ჯაბა, თავს მაღლა აწევინებს და შუბლზე ჰკოცნის, ღიად დარჩენილი თვალები პირდაპირ მე შემომცქერის.
- ტყუპისცალო, -ვხავი და სიმწრის ცრემლები მიბინდავს მზერას...



მკვეთრი სინათლე მჭრის თვალს, უაზროდ ვიყურები სივრცეში თუმცა ვერაფერს ვხედავ, საერთოდ ვერაფერს, იმასაც კი ვერ ვხვდები თვალები მართლა მაქვს გახელილი თუ არა, ყრუ ტკივილს ვგრძნობ ოღონდ ვერ ვხვდები რა მტკივა, იქნებ ყველაფერი მტკივა, ან საერთოდ არაფერი, იქნებ ეს ტკივილი სულაც არ არის ფიზიკური, იქნებ ყველაფერი მხოლოდ ჩემს გონებაში ხდება, ნეტავ ცოცხალი თუ ვარ, არა მგონია თუმცა თუ არ ვარ მაშინ გული ასე სწრაფად რატომ მიცემს, თუმცა არ ვიცი... ეს გულისცემის ხმაა? რაღაც ზუზუნებს, ტკაცუნებს, ხმაურობს, შეხებას ვგრძნობ, ვიღაცის ხმა ჩამესმის თუმცა ვერ ვიგებ რას მეუბნება, ნეტავ რატომ ვერ ვიგებ, იმიტომ რომ ჩემთვის უცნობ ენაზე საუბრობს თუ იმიტომ რომ უბრალოდ არ მაინტერესებს, ყრუ ტკივილის და უსიამოვნო შეგრძნებების მიუხედავად ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს რბილ, ძალიან ფაფუკ ღრუბლებზე წამოწოლილი დავლივლივებ უზარმაზარ, სრულიად ცარიელ სივრცეში, სასიამოვნო შეგრძნებაა, ისეთი სასიამოვნო რომ გამოფხიზლება არ მინდა...
არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდება ჩემი მოგზაურობა ღრუბლებში, მაგრამ როცა უკვე ნამდვილად ვახელ თვალებს, პირველი რასაც ვხედავ უსახური ნაცრისფერი ჭერია, ცხვირში უსიამოვნოდ მიღიტინებს მედიკამენტების სუნი, გვერდით რაღაც აპარატის წრიპინი მესმის თუმცა თავის მიტრიალებას ვერ ვახერხებ რომ შევხედო, ჰაერის ჩასუნთქვას ვცდილობ თუმცა ისეთი გრძნობა მაქვს რომ ვიგუდები, რატომღაც პანიკა მიპყრობს, მინდა ვიყვირო, მინდა დახმარება ვითხოვო მაგრამ ვერ ვახერხებ, მეშინია ოღონდ ვერ ვხვდები რატომ, ვერც იმას ვხვდები აქ რა მინდა, რა დამემართა...
ფეხის ხმა მესმის, მერე კარის ჭრიალი საწოლთან შუახნის ქალი მოდის თეთრი ხალათით, ჭაღარაშერეული თმით და მომღიმარი სახით, ინგლისურად მესაუბრება, მესმის რას მეუბნება, თუმცა არ მახსოვს როდის და როგორ ვისწავლე ეს ენა, ვცდილობ გავიხსენო, გონებას ვძაბავ, ბუნდოვნად მახსენდება, დაბალი გამხდარი ქალი წითლად შეღებილი თმით და თბილი ღიმილით, დედაჩემია დედაჩემი მახსოვს, კიდევ წვეულება მახსენდება ტორტზე ანთებული ციფრები, ოცდაერთი წლის ვხდები, წითელლოყებიანი ქერათმიანი გოგონა მეხვევა და მილოცავს მერე თავის მეგობარს მაცნობს, რომელიც ერთი კვირაა რაც საქართველოში ჩამოვიდა და მასთან ცხოვრობს.
- გაიცანი ეს დავიდია, ქართული არ იცის თუმცა სწავლობს, შენც ისწავლი რამდენიმე სიტყვას ინგლისურად და მშვენივრად გაუგებთ ერთმანეთს.
დავიდი ჩემს ხელს ხელში იქცევს და ნაზად მკოცნის თითებზე, მიღიმის, მომხიბვლელია იმდენად მომხიბვლელი რომ მისი გულისთვის მზად ვარ ახალი ენის შესწავლა დავიწყო...

შუბლი მტკივდება, ჩემი გონება ამდენ დაძაბულობას ვერ უძლებს, გონებაში ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლებიან კადრები, ჩემი ქორწილი მახსენდება, ეკლესიაში გვერდით დავიდი მიდგას, ვღელავ, მაგრად მიჭერს ხელს და გამამხნევებლად მიღიმის, ჩვენი სახლი მახსენდება, პატარა ლამაზი ეზოთი და აუზით, ცხადად ჩამესმის დავიდის ხმა.
- აი აქ ბავშვები ირბენენ ჩვენს ძაღლთან ერთად და ითამაშებენ, -ხელით მაჩვენებს მწვანედ მობიბინე მდელოს და შუბლზე მკოცნის, -მომწონს ეს ქვეყანა, ნახე როგორი სიმშვიდეა, მიხარია რომ ჩვენი შვილები ასეთ სიმშვიდეში გაიზრდებიან...

სუნთქვა მიხშირდება, გულისცემა იმატებს, წამოდგომას ვცდილობ თუმცა ვერაფრით ვახერხებ განძრევას, უმწეოდ ვაცეცებ თვალებს, ექიმს შეშფოთება ესახება სახეზე, ცდილობს დამამშვიდოს, მეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვხედავ როგორ შეჰყავს გადასხმაში რაღაც სითხე, მერე აპარატურაზე ჩემთვის გაუგებარ მონაცემებს ამოწმებს, და ვიღაცას ეძახის...
-
მეორედ რომ მოვდივარ გონს ვხვდები რომ საავადმყოფოს პალატაში აღარ ვარ, არ ვიცი მეჩვენება თუ მართლა უკეთ ვგრძნობ თავს, უზარმაზარ ფუმფულა საწოლში ვწევარ, თავს გვერდით ვატრიალებ და ვცდილობ ოთახი მოვათვალიერო, ფართოა, ნათელი, მასიური ხისგან გამოთლილი ავეჯით გაწყობილი, ერთი კედელი მთლიანად მინისაა, კედლის შუაგულში კარია რომელიც ღიაა, სუსტი ნიავი ნახევრად გამჭვირვალე ფარდებს აფრიალებს და კედელს მიღმა მდებარე წითელი ვარდებით სავსე ბაღს ვხედავ, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ გავიხსენო რა დროა, რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ მეხსიერებაში უზარმაზარი სიცარიელე მაქვს, რაღაც შავი ხვრელის მსგავსი, რატომ მგონია რომ დრო დავკარგე და რაღაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი გამომრჩა...
- შეიძლება? -წკრიალა ხმა მესმის და ოთახში უხმაუროდ შემოდის პატარა, ლამაზი, გამხდარი გოგო, გრძელი იასამნისფერი სარაფანი აცვია და ოქროსფერი თმა ტალღებად აყრია მხრებზე, ულამაზესია, მიღიმის, ვიცი რომ საპასუხოდ უნდა გავუღიმო მაგრამ ამის არანაირი სურვილი არ მაქვს.
- როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ? -თბილი ხმით მეკითხება, ინგლისურად საუბრობს, საწოლზე ჯდება და ხელზე მიჭერს თითებს, ვგრძნობ ელის როდის ვუპასუხებ თუმცა არც საუბრის სურვილი არ მაქვს, რატომღაც ძალიან დაღლილი ვარ, ასე მგონია მხრებზე უზარმაზარი ტვირთი მაწევს, არ ვიცი რამ დამღალა თუმცა ახლა მხოლოდ დასვენება მინდა სხვა არაფერი.
- მე ესმა ვარ, ახლა ექიმი შემოვა და გაგსინჯავს, მერე აბაზანას გაგიმზადებ, დაიბანე, მერე რამე ვჭამოთ და ბაღში გავიდეთ ძალიან კარგი ამინდია, სუფთა ჰაერზე ყოფნა მოგიხდება, -ღიმილით მაცნობს დღის გეგმას, მერე დგება მინის კედელთან მიდის და ფარდებს სწევს, ჩემს თვალწინ ულამაზესი ბაღია, მწვანე ხეებით, სხვადასხვაგვარი ნარგავებით და ვარდებით.
- ნახე რა კარგი სურნელია, გრძნობ? -უკვე მაისის ბოლოა, მიყვარს ეს დრო, -აგრძელებს და ჩემს გაოცებულ სახეს რომ ამჩნევს წარბებს კრავს, ისე ჩანს თითქოს რაღაც ზედმეტი წამოსცდა, აღარაფერს ამბობს, თავს მიკრავს და ოთახიდან გადის, მე კი ვერ ვხვდები რატომ გავოცდი იმის გაგონებისას რომ ახლა მაისია, რა არის ამაში ასეთი გასაოცარი...
რამდენიმე წუთში შემოდის ის ექიმი რომელსაც უკვე ვიცნობ, მთელ სხეულს მიმოწმებს, უამრავ რაღაცას მეკითხება და სულაც არ აკვირვებს ის რომ არცერთ კითხვაზე არ ვუბრუნებ პასუხს, კმაყოფილი იქნევს თავს, მამცნობს რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ და მიდის, ცოტა ხანში უკვე დაბანილი, დავარცხნილი და ახალ პიჟამოში გამოწყობილი ბორბლებიან ეტლში ვზივარ და ესმას სადღაც მივყავარ, როგორც ჩანს სახლი უზარმაზარია, ფართო დერეფნის გავლით შევდივართ სამზარეულოში, უპრეტენზიოდ ვჭამ რასაც მიმზადებენ, წამლებსაც უთქმელად ვსვამ, ბევრს არაფერს მეკითხებიან, მომწონს ეს სიტუაცია, მშვიდად ვარ, არაფერზე ვფიქრობ, არ მადარდებს რომ არავის ვიცნობ, არც იმაზე ვფიქრობ თუ სად ვარ და ვინ არის ეს ხალხი, რატომღაც არც ის მადარდებს რომ არავინ მნახულობს, არც მეგობრები, არც დედაჩემი, არც ადრიანი...
- გავიდეთ ბაღში? -ესმა მიყურებს და ეღიმება, -კარგად გამოიყურები, ცოტა გამხდარი ხარ მაგრამ მაგას მოევლება, კარგი კვება გჭირდება, მალე გამოკეთდები, მე ყველანაირად დაგეხმარები, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, არ გინდა რომ ვიმეგობროთ?
ბევრს ლაპარაკობს, ძალიან ბევრს, თუმცა საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვუსმენ, ბაღს ვათვალიერებ, ყვავილების სურნელით ვტკბები და მზის სხივებს ვუშვერ სახეს, წესით ახლა უნდა ვიღიმოდე და სიამოვნებისგან ვნაბავდე თვალებს მაგრამ სახის მიმიკები უცვლელი რჩება, შინაგანად ვგრძნობ რომ ყველაფერი სულაც არ არის ისე იდეალურად როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რაღაც უცნაური, უსიამოვნო წინათგრძნობა მიპყრობს და ეს ძალიან არ მომწონს.
ბაღის შუაგულში მდგარ შადრევანთან ვჩერდებით და ესმა მიდის, მარტო მტოვებს, რამდენიმე წუთში მოვალო მიბარებს, გაუნძრევლად ვზივარ სავარძელში და მზის სხივებზე ათასფრად მობრჭყვიალე წყლის წვეთებს ვუყურებ, ულამაზესია, სამოთხე დედამიწაზე, ალბათ ეს სახელი მოუხდებოდა ამ ადგილს.
- შეიძლება რომ შემოგიერთდე? -დამტვრეული ქართულით ნათქვამი სიტყვები მესმის, თავს გვერდზე ვაბრუნებ, ორიოდე მეტრის მოშორებით უბრალო ტილოს შარვალში და თეთრ იდაყვებამდე სახელოებ აკეცილ პერანგში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი დგას, იქნება ალბათ ოცდაათი წლის, მაღალია, ტანადი, შავი, ხშირი დატალღული თმა აქვს, დიდი შავი თვალები და სუფთად გაპარსული სახე, პერანგის რამდენიმე ღილი შეხსნილი აქვს და ძლიერი მკერდი უჩანს, ხელს სწევს, გრძელ თითებს თმაში იცურებს, მომხიბვლელად მიღიმის, თავს გვერდზე ხრის და თეთრ კბილებს აჩენს...





იქვე მდგარ ხისსაზურგიან გრძელ სკამზე ჯდება, ფეხებს თავისუფლად შლის, თავს უკან ხრის, თვალებს ხუჭავს და სახეს მზის სხივებს უშვერს, საშუალება მეძლევა უფრო დაკვირვებით შევათვალიერო, სწორი ცხვირი აქვს, მსხვილი ლამაზი ტუჩები და გრძელი ხშირი წამწამები, ზედმეტად უცხო გარეგნობა აქვს, შეიძლება ითქვას რომ სრულყოფილებაა, ნამდვილად უნაკლოა.
- ალექსი მქვია, -ისე სასხვათაშორისოდ ამბობს, მოულოდნელობისგან ვკრთები და თვალს ვარიდებ, რატომღაც სურვილი მიჩნდება რომ მოვშორდე, უკვე აღარ მინდა აქ ყოფნა თუმცა წარმოდგენაც კი არ მაქვს სად შეიძლება რომ წავიდე.
- ესმას დავუძახებ რომ სახლში შეგიყვანოს, -ამბობს და მგონია რომ ჩემს აზრებს კითხულობს, ფეხზე დგება და ცდილობს მზერა გამისწოროს თუმცა ჯიუტად ვარიდებ თვალს.
- შემომხედე, -ისეთი ხმით მეუბნება შეწინააღმდეგებას ვერ ვახერხებ, უცნაური მზერა აქვს, ჩაფიქრებულია და სევდიანი, უბრალოდ დგას და მიყურებს მერე კი ზურგს მაქცევს და მიდის, რამდენიმე წუთში აქოშინებული და სახეაწითლებული ესმა სირბილით მიახლოვდება.
- მაპატიე რომ ამდენხანს მარტო დაგტოვე, -შეშფოთებული ხმით მეუბნება და იქით იყურება საითაც ალექსი წავიდა, კარგად ხარ? სახლში შეგიყვანო თუ ცოტა ხანს კიდევ დარჩები ბაღში?
ისევ არაფერს ვამბობ, ესმაც დუმს, სახლისკენ მივდივართ, საძინებელში შევყავარ და მეუბნება რომ აბაზანა უნდა გამიმზადოს, უკმაყოფილოდ ვკრავ წარბებს, ჯერ რამდენიმე საათიც კი არ გასულა მას შემდეგ რაც ვიბანავე.
- სამკურნალო ბალახების აბაზანაა, ექიმის დანიშნულებით ამ კვირის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიიღო, -როგორც კი ჩემს უკმაყოფილებას გრძნობს მაშინვე ცდილობს რომ ყველაფერი ამიხსნას, მერე სააბაზანოს კარს აღებს, ვუყურებ როგორ ავსებს ჯაკუზს თბილი წყლით და როგორ ასხამს წყალში უამრავ სხვადასხვაგვარ სითხეს, უცნაურ ფოთლებს და ყვავილებსაც ყრის, სასიამოვნო გამაბრუებელი სურნელი ჩემამდე აღწევს და მადუნებს, აბაზანის მომზადებას რომ ასრულებს მერე წამოდგომაში მეხმარება, ფეხზე დგომა მიჭირს თუმცა ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო, საღამურის ღილებს რომ მიხსნის მაშინ კი ვყოყმანობ თუმცა თავს იმდენად სუსტად ვგრძნობ წინააღმდეგი არ ვარ რომ მან გამხადოს.
სულ მალე სრულიად შიშველი ვრჩები მის წინაშე, სარკეში გაოგნებული შევყურებ ჩემს თავს, ვუახლოვდები, ახლოდან ვაკვირდები, ნუთუ ეს მე ვარ, ჩემი თავი ასეთი ნამდვილად არ მახსოვს, საშინლად ვარ გამხდარი, უპეები ჩაშავებული მაქვს და მწვანე თვალები რომლებითაც ყოველთვის ვამაყობდი ახლა მომაკვდავ, ნახევრად დამშრალ ტბებს მაგონებს, სახე გაფითრებული, ტუჩები გაცრეცილი, ჩემს გრძელ წელამდე ჩამოშლილ თმას ჩვეული მბზინვარება აქვსდაკარგული, ლავიწის და მენჯის ძვლები საცოდავად მაქვს ამოჩრილი, ფრთხილად ვწევ თითებს და ნაიარევს ვეხები რომელიც მხართან მაქვს და აშკარაა რომ ცეცხლასროლი იარაღით მაქვს მიყენებული, არ ვიცი ამას საიდან ვხვდები მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ასეა, მეორე ამდაგვარი იარა მარცხენა ფერდთან მაქვს, კიდევ ერთი მარცხენა ბარძაყზე, მარჯვენა მკლავზე მხრიდან იდაყვამდე უზარმაზარი ნაიარევი მაქვს, მკერდზეც მაქვს ერთი პატარა ნაიარევი, ერთიც მუცელზე...
- კარგად ხარ? მოდი ჩაწექი წყალი გაცივდება, -ლამის ძალით მივყავარ ესმამ ჯაკუზისკენ, დიდ წინააღმდეგობას არ ვუწევ, რომც მომენდომებინა ალბათ ვერ მოვახერხებდი,ვწვები თუ არა კიდევ რაღაც სითხეს უმატებს წყალს მეუბნება ცოტა ხანში მოვალო და მიდის, თბილი სურნელოვანი წყალი საშინლად მსიამოვნებს, თვალებს ვხუჭავ და კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ნეტავ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რომ ახლა ასეთ დღეში ვარ, შეიძლება ჩემებმა არც იციან რომ აქ ვარ, შეიძლება მეძებენ კიდეც, თუმცა თუ ჩემს სხეულს და მდგომარეობას გავითვალისწინებთ აშკარაა რომ რაღაც საშინელება უნდა მქონდეს გადატანილი, ისეთი რისი გახსენებაც კარგს არაფერს მომიტანს...
კიდევ ერთხელ ვიტარებ თითებს მხარზე, ეს იარა... ჯანდაბა მე, მშვიდობისმოყვარე გულჩვილი ადამიანი რომელიც იმასაც კი ცდილობდა რომ ჭიანჭველისთვის ფეხი არ დაებიჯებინა როგორ მოხდა და ისეთ შარში გავეხვიე რომ ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ადგილზე ვარ დაჭრილი.
- არ მინდა ამის გახსენება, არ მინდა, -ჩემს თავს ვეუბნები და საფეთქლებზე ვიხვევ თითებს, -ასე კარგად ვარ, არაფრის გახსენება არ მინდა.
- თურმე ლაპარაკი შეგძლებია, -უკვე ნაცნობი ხმა მესმის და შეშინებული ვაჭყეტ თვალებს, თავზე ალექსი მადგას და ისე ჩვეულებრივად და უბრალოდ მიღიმის თითქოს აბაზანაში არ ვიწვე შიშველი.
- გადი აქედან, -უღონოდ ვჩურჩულებ, ხელებს მაღლა სწევს, ზურგს მაქცევს და საძინებელში გადის.
- მაპატიე უბრალოდ ესმას ვეძებდი, -ამბობს და მერე კარის ხმაც მესმის, უნებურად მეღიმება, არის მასში რაღაც ძალიან ახლობლური, ისეთი რომ მაიძულებს ვენდო და მის გვერდით არ შემეშინდეს.
-
- დღეს როგორ ხარ? -მეკითხება ალექსი და თან უზარმაზარ გრძელბეწვიან ნაგაზს ეფერება თავზე, ძაღლი თვალებს ნაბავს და მთელი ძალით ურტყამს კუდს მიწაზე.
- კარგად ვარ, -ვუღიმი და ვცდილობ ის სასიამოვნო შეგრძნებები დავაიგნორო მისი სიახლოვისას თავისთავად რომ იბადებიან ჩემში, უკვე ორი კვირაა რაც ექვს თვიანი ძილიდან გამოვფიხზლდი, ისე სუსტად აღარ ვარ როგორც თავიდან ვიყავი, ექიმის დანიშნულებებს ზედმიწევნით ვასრულებ, კარგად ვიკვებები, თავისუფლად გადავაადგილდები ფეხით, დროის უმეტეს ნაწილს ბაღში ვატარებ ალექსთან ერთად, ამ დროის განმავლობაში იმის გაგება მოვახერხე რომ ალექსი და ესმა ბიძაშვილები არიან, ეს ალექსის მშობლების სახლია რომლებიც ცოცხლები აღარ არიან, ალექსს ძალიან უყვარს ცხოველები, ძაღლები ჰყავს, ცხენებიც...
- წამოდი, რაღაც მინდა გაჩვენო, -ხელს მიწვდის და მეც უყოყმანოდ ვაგებებ თითებს, არ ვიცი როგორ ახერხებს მაგრამ ამ ორი კვირის განმავლობაში ისე მიახლოვდება რომ მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, კარგი ადამიანი ჩანს, თბილია, სევდიანი თუმცა იუმორის გრძნობას ნამდვილად არ უჩივის, ბევრს არ ლაპარაკობს თუმცა სასიამოვნო მოსაუბრეა, მაშინებს ის რომ ყოველდღე უფრო და უფრო მომწონს ად მიზიდავს, მეუბნება რომ ქართული ჩემს გამო ისწავლა თუმცა იმაზე არასდროს გვისაუბრია თუ როგორ აღმოვჩნდი მის გვერდით, მის სახლში, ისიც და ესმაც ცდილობენ არ ისაუბრონ იმაზე რაც გამაღიზიანებს რაც არ მესიამოვნება, ძალას არ მატანენ, უბრალოდ ელიან როდის მოვისურვებ გახსენებას, ერთხელ ესმამ მკითხა ნუთუ არ გაინტერესებს აქ რატომ ხარ ან რა დაგემართაო, რატომ არაფერს მეკითხებიო, არაფერი მითქვამს არც მიკითხავს, ვიცი კითხვებს პასუხები მოყვება, პასუხები კი ახლა არაფერში მჭირდება, პასუხების მეშინია, ერთადერთი რაც ახლა მინდა სიმშვიდეა.
- პატარა უნდა გაგაცნო, შენია, სახელი შენ დაარქვი, -ახალდაბადებულ კვიცს მაჩვენებს, თვალები უბრწყინავს, ღელავს, პატარა ბავშვივით ცმუკავს ერთ ადგილზე, ვხვდები ჩემი რეაქცია აინტერესებს, ერთი სული აქვს გაიგოს რას ვეტყვი, არ ვიცი რა მემართება მაგრამ გული სითბოთი მევსება, ცრემლების შეკავება მიჭირს, ორივე ხელს კისერზე ვხვევ და მაგრად, ძალიან მაგრად ვეხუტები, ერთხანს მოულოდნელობისგან გაშეშებული დგას, მერე თვითონაც მხვევს მკლავებს და გულში მიკრავს, ვგრძნობ როგორ იპარავს ჩემი თმის სურნელს, მის აჩქარებულ გულისცემასაც ვგრძნობ.
- მოგეწონა საჩუქარი? -ხრინწგარეული ხმით მეკითხება და მეც ინსტიქტურად პასუხის ნაცვლად ყურსქვემოთ და მერე ყბაზე ვკოცნი.

იმ ღამით ადვილად მეძინება სასიამოვნო ემოციებით დაღლილს, უცნაურ სიზმარს ვხედავ, ომს ვხედავ, სისხლს, ტკივილს, სიკვდილს, სახეებს ვხედავ რომლებიც ერთდროულად უცნობიცააა და ნაცნობიც ჩემთვის, დასახიჩრებულ სხეულებს ვხედავ, გაყინულ არაფრისმთქმელ თვალებს...
საკუთარი ხმა მაღვიძებს, ვკივი, ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, საწოლში თვალგახელილი ვზივარ და ვერაფრით ვახერხებ გამოფხიზლებას, თითქოს სადღაც შორიდან ვხედავ როგორ იღება საძინებლის კარი და სახეშეშლილი წელს ზემოთ შიშველი ალექსი შემორბის, საწოლზე ჯდება, მკლავებში მიქცევს, მუხლებზე მისვამს და მთელი ძალით მიკრავს გულში.
- დამშვიდდი, ყველაფერი დამთავრდა, ომი დასრულდა, ახლა უსაფრთხოდ ხარ, ჩემს გვერდით ხარ, არაფერი გემუქრება გესმის? -მისი ხმა დამამშვიდებელი საშუალებასავით მოქმედებს ჩემზე, მისი სხეულის სითბო და სურნელი მსიამოვნებს, ყვირილს ვწყვეტ, ვცდილობ მოვდუნდე და ის საშინელი კოშმარი დავივიწყო...



№1 სტუმარი ეთო

როგორც ყველა თქვენი ისტორია, ესეც საინტერესო ჩანს. განსხვავებული. წარმატებები და გელოდები მალევე ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

ეთო
როგორც ყველა თქვენი ისტორია, ესეც საინტერესო ჩანს. განსხვავებული. წარმატებები და გელოდები მალევე ❤️❤️❤️


მადლობა heart_eyes
რამდენიმე დღეში სრულად ავტვირთავ

 


ლილ, ძალიან საინტერესო დასაწყისია და მე ვიტირე :(
ველოდები სრულად❤️

 


№4 სტუმარი ნესტან

ეს რავთქვა შოკში ვარ საუცხოვო განსხვავებული ნაწარმოებია ძალიან მომეწონა საინტერესოა რა მოხდა იქ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
ლილ, ძალიან საინტერესო დასაწყისია და მე ვიტირე :(
ველოდები სრულად❤️


მადლობა
ახლა ვწერ ბოლო აბზაცს და მე თვითონაც ვტირი disappointed_relieved

 


№6 სტუმარი One

Rogori mdzime dasawyisi iyo lilagogo((
Veli gagdzelebas))
Kargo khar❤️

 


№7  offline წევრი ლილა ნესი

ნესტან
ეს რავთქვა შოკში ვარ საუცხოვო განსხვავებული ნაწარმოებია ძალიან მომეწონა საინტერესოა რა მოხდა იქ ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????


მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent