ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 5)
-აქა ხარ ექიმო? - წინ გამოვიდა ერთი კოჭლი კაცუნა ხელჯოხით და საუბარი დაიწყო. უემოციო, ამავდროულად გაცოფებული, განრისხებული განგებ გაბოხებული, თუმცა ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა. - მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ... - აშკარა იყო, რომ ახლა თავად ბელადი სწვეოდა სტუმრად. -გისმენთ. - გააწყვეტინა გუგამ და თან ნერვიულად უყურებდა მის მუზარადიან ჯარისკაცებს, რომელთაც უმეტესად კეხიანი ცხვირი, მომრგვალებული ნიკაპი და ჩატეხილი წინა კბილი ჰქონდათ. თავის დროზე ბელადთან მსახურობაზე ექიმმა სწორედ ამის გამო თქვა უარი და ეს პროფესია აირჩია, რადგან ბელადი ყველა ზომას იღებდა, რომ მაქსიმალურად დაემახინჯებინა ჯარისკაცი, რათა მისი ყველას შინებოდა და განესხვავებინათ უბრალო მოქალაქეებისგან. მათში ცდილობდა საზიზღარი სახის გამოკვეთას, რათა თავისი სიტყვა სოფლისთვის ზუსტად ისეთი ეფექტით გადაეცათ, როგორც თავად იტყოდა. ბელადმა თავისი კეხიანი ცხვირი დაბლა დახარა, დიდრონი თვალებით ქვევიდან საზარლად ახედა ექიმს და მზერაში გამოხატული უკმაყოფილებით გუგა ყველაფერს მიხვდა. „როგორ გავბედე ბელადს გავაწყვეტინე სიტყვა.“ - გაიფიქრა და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ჩაღიმებოდა. -ერთ ამბავს მინდა მოგიყვეთ, - კვლავ დაიწყო ურჯულო ხმით, თითქოს პლანეტა მიწისძვრებითა და სტიქიებით გარესამყაროს სწორედ ამ ხმის გაგონებისას ანებივრებს. - ამ სამყაროში ერთი დაუმორჩილებელი ექიმი ცხოვრობდა, რომელიც ადამიანთა დახმარების მანიაკალური სურვილით იყო შეპყრობილი, მაგრამ ვერ წვდებოდა ერთ ჭეშმარიტებას, რომ ადამიანებს დახმარება არ სჭირდებათ, მათ ვერ დაანახებ იმ სიკეთეს და უკან... უკან ცუდად შემოუტრიალდებოდა. ერთხელ ის გარესამყაროს დაუკავშირდა და კაცი მოიხმო. მან საინტერესოა და შემოაღწია ჩვენს კედლებში, თავად შემოისრუტა სიცილიამ და დაიწყო ამ ადამიანის გაუთავებელი ტანჯვა, რადგანაც ვერ ხვდებოდა სად იყო, რას აკეთებდა საერთოდ, ტყვედ ჰყავთ თუ მალავენ, ვერ გაეგო... ნამდვილად ვერაფერი გაეგო. იცი რა მოხდა შემდეგ? ეს ადამიანი გაგიჟდა, რადგანაც სიცილია მისთვის განკუთვნილი ადგილი არ იყო, ჭკუაზე შეცდა, ყველანი ხომ განუსაზღვრელი ძალადობის მსხვერპლნი ვართ, მისი ქვეშევრდომნი, ყველანი სიცოცხლეს ძალაუფლებაზე ვცვლით, ჭკუაზე შეცდა და იმის ნაცვლად რომ მთელ სიცილიას დახმარებოდა, ადგა და ჯერ ექიმი მოკლა, ბაბუაშენი... შემდეგ კი თავი მოიკლა. -ეს ისტორია ვიცი. - მთელი ამბის მანძილზე კეხიანი ბელადი თვალებში უყურებდა გუგას, თუმცა ამ უკანასკნელს წარბი არ შეტოკებია. - მამაჩემმაც იგივე პროფესია აირჩია, ადამიანთა დახმარება სურდა, რადგანაც აქ უამრავ არასწორ ქმედებას აწყდებოდა და ფიქრობდა, რომ ყველას თავისი სწორი გზა ჰქონდა გასავლელი, მისი კი ეს იყო. მამაჩემი რომ არა, ვფიქრობ გეხსომებათ რომ ცოცხალი არც იქნებოდით იმ საშინელი ამბის შემდეგ, რაც თავს გადაგხდათ ძვირფასო ბელადო. - ნიშნის მოგებით უპასუხა და ამაყად თავი ასწია. ბელადს ეტყობოდა გაღიზიანება, მას უჩნდებოდა სურვილი გუგასთვის რამის დაშავების, თუმცა ხელს ვერ სწევდა მასზედ. - ახლაც ამ მდგომარეობაში, ფეხზე რომ დგახარ მამაჩემის დიდი დამსახურებაა შენ კი ის თორმეტი წლის წინ სანაგვეზედ მოისროლე, ჩათვალე რომ აღარ გჭირდებოდა და გაანადგურე. ეს კარგად მახსოვს ჩემო ბელადო. -ხმას ნუ იღებ შე ტილიანო! - აღმოხდა სასოწარკვეთილებისგან და ხელი მაღლა ასწია. მათი საუბრის მომენტში პატარა კაცუნები მთელ მის სახლს ატრიალებდნენ და რაიმე კვალს ეძებდნენ, რაიმე მინიშნებას ექიმის მოღალატეობრივი სულისა. -აქ რატომ ხართ? - ელვასავით დასჭექა მისმა ხმამ ბელადისთვის. -ერთ ამბავს მო.... -ზღაპრები შენს მოსახლეობას მოუყევი, აქ რატომ ხართ? -უცხო ავტომობილი ვიპოვეთ, აქედან დასავლეთით, სამ კილომეტრში. -და აუცილებლად დამნაშავე მე უნდა ვიყო ამაში? - გუგას ყოველი სიტყვა აღიზიანებდა, მისი სუნთქვაც კი გულს ურევდა, მაგრამ სოფელში სხვა მკურნალი არ ჰყავდა რომ მამის კვალს გაეყენებინა იგი. სძულდა მისი მოდგმა, ეზიზღებოდა მისი არსებობა და სულში ეკალს უსობდა ყოველი მისი ცივი მზერა. -უცხო... აქ უცხო შემოვიდა, და იცი რომ თავისუფლად ვერავინ გაივლის ჩემი ნებასურვილის გარეშე. დავგლეჯ, გეფიცები შუაზე გავგლეჯ და შენც მას მიგაყოლებ თუ შენი მონაწილეობა მცირეოდენ მაინც დადასტურდა. -წარმატებებს გისურვებთ. მე მამაჩემივით, ან ბაბუაჩემივით სულელი არ ვარ, შენთვის ბოლოს მოღება რომ მინდოდეს, აქვე და ამ წამს გამოგჭრიდი ყელს, ან საძილე აბებში შხამს გავურევდი, ან ფეხში ყოველდღე ნემსისთვის რომ მოდიხარ ჩემთან იმ ამპულაში გავურევდი რაიმე მომაკვდინებელს, მაგრამ ეს არ მჭირდება.... - შეისვენა, ჩამოჯდა და უემოციოდ უყურებდა კაცუნების ალიაქოთს. - მე ფეხებზე შენც და შენი მაჯლაჯუნებიც. ჰა... რამე იპოვეთ ბიჭებო? - ერთიანად თორმეტი კეხიანი ცხვირი შემოტრიალდა მისკენ და გაღიზიანებისგან შეიგინეს. -ვერაფერი, ბელადო. - ერთ მწკრივზე მოეწყვნენ და ერთხმად შესძახეს ბელადს, შემდეგ კი დაუჩოქეს და სასჯელს ელოდნენ მათი წარუმატებლობის გამო. -ჰაინ. - დასჭექა ბელადმა და კარში ზორბა, საოცრად დიდი ტანის პატრონი შემოვიდა. ისეთი დიდი იყო ორმეტრნახევრიან კარში შემოსასვლელად საკმაოდ დასჭირდა დახრა და როდესაც გასწორდა წელზე დაიდო ხელი თან სახე დამანჭოდა. -აღარ შემიძლია, ამ დაბალ კარებებში შესვლა. უჰ... - ამოთქვა საშინლად მწივანი ხმით და უეცრად გაჩუმდა. -თავად ამოირჩიე. - უბრძანა ბელადმა. - ამ საჩუქარს დღეს მე გაგიკეთებ ჰაინ... ჭკუა ასწავლე ამ უმაქნისებს. -კარგი. - მადლობა გადაუხადა ბელადს საჩუქრისთვის. უეცრად ბუდიდან, რომელიც აბჯარზე ჰქონდა მიმაგრებული თავისი ხელის ზომის, ბასრი ნაჯახი ამოიღო. - გუგამ იფიქრა ჩემი თავის წასაწყვეტად ყოფილა მოსული და ამით საკუთარ სიცოცხლეს გამოუტანს განაჩენსო და გაიღიმა. პირველად გაეღიმა გულიანად ამ საუბრის მანძილზე და ბელადს ეს არ გამოჰპარვია. -იღიმი ექიმო? იღიმი? გასაღიმებლად კიდევ დიდ ხანს გექნება დრო. კიდევ დიდ ხანს იცოცხლებ და უყურებ ადამიანთა ტანჯვას და უაზრო მცდელობებს მათი გამოსწორებისა რა მოჰყვება. ჰაინი ბელადის მარჯვენა ხელი იყო. მას ეკითხებოდა მთავარ საკითხებში აზრს და ძირითადად სწორედ პირდაპირი მნიშვნელობით მოიაზრებოდა მისი „მარჯვენა ხელობა“. ბინძურ საქმეებს, რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო მისი მარჯვენით აგვარებდა და უეცრად შუა საუბარში ნაჯახმა მზეზე გაიბრწყინა და ერთ-ერთ ჯაგლაგს, რომელიც არც განაპირა და არც შუა არ იდგა თავი გააგდებინა. ისე ოსტატურად მოიქნია ნაჯახი, ისე ზუსტად დაუმიზნა... გარდაცვლილის სულისშემძვრელი მზერით მომნუსხავი თავი ექიმის ფეხებთან გაგორდა სახით მისკენ და გუგას ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქოს ჯერ კიდევ იყო მასში სული, ჯერ კიდევ უყურებდა. -ყოჩაღ ჰაინ, ყოჩაღ. ჩემი ჭკვიანი და მოხერხებული ბიჭი ხარ. - შეაქო ბელადმა და ბავშვივით გადაუსვა თავზე ხელი, თუმცა ამისთვის ზორბას თითქმის მიწამდე დასჭირდა თავის დახრა. -მაღიზიანებთ, სასწრაფოდ მოშორდით ჩემი სახლიდან! - დაიღრიალა გუგამ და ფეხზე წამოვარდა მრისხანებით. - თუმცა ჯერ ეს სისხლი მოწმინდეთ, უწმინდურებო! -აი... აი... - დაიჭირა ბელადმა გუგას მრისხანე მზერა. - აი ესაა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ექიმო. ცხოვრებისგან გატანჯული იერი, ბევრ რამეს აფიქრებინებს ადამიანს, შესაძლოა ლმობიერების არსებობაც კი დაიჯეროს, მაგრამ არა... არა... არა, არა....არა! - ბოლო სიტყვა ისეთი შეძახილით დაასრულა, თითქოს ვერ აკონტროლებდა საუბარს და შეძახილით ენას უბრძანა დადუმებულიყო. - სასოწარკვეთილებაა ნამდვილი წამალი ადამიანის, გათავისუფლდი? მრისხანებამ გაგათავისულა, ექიმო? - ხრინწიან მოგუდულ ხმას სრულ ბუნდოვანებაში აღიქვამდა, თითქოს ამ სამყაროდან შორს, ქვეცნობიერთან ერთად გადაიკარგა. ბევრი სისხლი ჰქონდა ნანახი, ბევრი სასტიკი მკვლელობა, თუმცა მის სახლში ამ ფაქტმა განსაკუთრებით იმოქმედა, მისი ქმედების უსიამოვნო შედეგის დანახვისას შეცბა და წუთით გონება მთლიანად გათიშა, აღარ ესმოდა არც ერთი სიტყვა, ნელ-ნელა შორდებოდა მის ფიზიკურ სხეულს და თითქოს ასტრალში გადიოდა. უყურებდა ბელადს და საკუთარ თავს შორიდან და ეცინებოდა იმ აბსურდულ, სასოწარკვეთილი ადამიანის მიერ ჩადენილი უზნეობაზე. წამით ჩაერთობოდა ხოლმე საკუთარი პროფესიისადმი დამახასიათებელი ადამიანთა გადარჩენის ინსტიქტი და დანაშაულის გრძნობით უყურებდა მოკლულ კაცს, რომელიც მის წინ ეგდო, თუმცა მერე ახსენდებოდა რომ მათთვის სიცოცხლე ბელადს მაშინ წაერთმია როდესაც მის სამსახურში აყვანაზე დაითანხმა და ოდნავ უქრებოდა შეცოდების სურვილი ადამიანისა, რომელიც მხოლოდ ბელადისთვის ცოცხლობდა, მისი სიცოცხლე კოჭლ კაცს ჰქონდა მთლიანად მითვისებული და სხვა არაფერი დარჩენოდათ მსახურების გარდა. აღარც ერთი ადამიანი შეხედავდა მას ნორმალურად, აღარც ერთი ადამიანი არ შეიყვარებდა, არ ეყოლებოდა არასდროს ოჯახი და ბუნებრივად ვერ შევიდოდა ვერსად დასალევად, ვერ მოიჯენდა მეგობარს და გართობის მიზნით ვერ აიშვებდა. ეს ყველაფერი დასრულებული იყო ისედაც იმ ადამიანისთვის, უნდა შეგუებოდა ყველა ბელადის მსახური მოსახლეობის სიძულვილს, რადგანაც ისინი ვალდებულნი იყვნენ თვალის დაუხამხამებლად შეესრულებინათ ნებისმიერი სურვილი და კაპრიზი კაცისა, რომელიც არად აგდებდა არავის. ამორალური ქმედების მომსწრე ხშირად ხდებოდა გუგა. ვერასდროს ვერ ხუჭავდა თვალს და ყოველთვის ცდილობდა ეს ბელადს შეენიშნა... მისთვის ეჩვენებინა, რომ ვერასდროს დაიმორჩილებდა. -როგორია გუგა? მოგწონს სიბრაზე? - კვლავ გაუმეორა ბელადმა კითხვა, თუმცა კვლავ პასუხი ვერ მიიღო. -მომწყდით თავიდან! - იღრიალა მან. -ნურას უკაცრავად, ექიმო! - იგივე ინტონაციით, მაგრამ უფრო საზარლად გასცა პასუხი ბელადმა. ჰაინმა კვლავ ასწია ნაჯახი, თუმცა ხელის აწევით შეაჩერეს. - ახლა არა, ჰაინ, ახლა არა. სისასტიკე, ექიმო, ეს ერთადერთი მიზანია, რაც შემოქმედს მოუცია ჩვენთვის. ამით საკუთარ თავებს ჩვენვე ვქმნით და თავად გამოვდივართ შემოქმედნი. ღმერთი გგონია არსებობს? გაგვაჩინა და ასე მიგვაგდო ერთმანეთის სახოცად? მაშინ ის ჩვენზე უარესი ყოფილა რომ ამ სისასტიკეს ასე გულმოწყალე თვალით გადმოხედავს და არაფერს სჩადის მის მოსასპობად. ჰა, ღმერთო... - ხელები გაშალა ბელადმა, თუმცა ცალი ხელით მაინც ხელჯოხს ცდილობდა დაყრდნობოდა. - შემომხედე, თუ აქ შენი თვალი ვერა ჭრის... ჰა, ღმერთო... მოდი გამისწორდი, ხო ხედავ რასაც ჩავდივარ! ხედავ? ღმერთო... - ხელი კვლავ ასწია ბელადმა, საჩვენებელი თითი ყელზე გაისვა და უზარმაზარმა ნაჯახმა კვლავ გაიბრწყინა და მეორე თავი ახლა მოხუცი ბელადის ფეხქვეშ გაგორდა. -ჰეი! - წამოჭარხლდა ექიმი და როგორც კი ბელადისკენ გაიწია ნაჯახის ბასრი პირი ყელში მოედო და ოდნავ გაჭრა. -ჯერ არ დაგვისრულებია, ექიმო. კიდევ შევხვდებით. - ხრინწით ამოიხავლა და ბიჭებს შეხედა. - წამოიღეთ ცხედრები და წავედით. ბიჭებმა უმალ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება, ცრემლებისა და სინანულის გარეშე და ცხედრებით ხელში გალაგდნენ სახლიდან. ჰაინმა კარის ზედა ზღურბლს თავი მისცხო და უნიათოდ ჩაიდუდღუნა. „ვერ ვიტან დაბალ ჭიშკრებს.“ ექიმი დუმდა. ფიქრობდა მართლა დაინახა ეს თუ მოეჩვენა. ერთ-ერთი კაცუნა დანანებით დაჰყურებდა მეორე მოჭრილ თავს და ძლივს იკავებდა თავს ემოციების გამოხატვისგან. „ნუთუ ემოციები გაღვივდა მასში? ეს რა დავინახე?“ ფიქრობდა გუგა და ნერვიულად სცემდა ბოლთას. „ჯერჯერობით სანერვიულო არაფერი მაქვს, სანერვიულოს რა გამოლევს, თუმცა მგონი ვერაფერი ნახეს.“ -შეგიძლია გამოხვიდე. - დაუძახა სტუმარს, რომელიც კედელში დატანებული თაროდან ჩუმად გამოვიდა. - ამ სამალავის შესახებ არავინ არაფერი იცის. გაგიმართლა რომ ვერ გიპოვეს. შენც წაგაგდებინებდნენ თავს და მეც. - როდესაც შეამჩნია, რომ ირაკლი დაღვრილ სისხლს უყურებდა ექიმი ახსნა-განმარტებას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, ან ისინი უნდა მომკვდარიყვნენ ან შენო, ეუბნებოდა, ჩემი არჩევანი ასეთი იყო, მე შენ აგირჩიე. გუგამ კვლავ დააწვინა, ნემსი გაუკეთა ბარძაყში, ვენიდან ცალკე აუღო სისხლი და ნიმუშებს მიკროსკოპში ჩახედა. -არის რაღაც, რასაც ეს სოფელი უკეთებს ყველას, მე ეს რამდენიმე წლის წინ შევნიშნე, როდესაც დაშავებული პაციენტი მომიყვანეს, როგორც მითხრეს ნადირობისას დაშავდა, მის პარტნიორს პირუტყვი ეგონა და მას ესროლა, ტყვია გამჭოლი იყო, მეორე მხრიდან გავიდა, თუმცა მაინც საშინელი ჭრილობა ჰქონდა და საფანტისგან დარჩენილი პატარ-პატარა ნაწილები ძლივს ვიპოვე მის სხეულში რომ სავსებით ამომეღო. მაშინ ავუღე იმ ადამიანს ანალიზისთვის სისხლი და მის სისხლში რაღაც მუქი შევნიშნე, ბაქტერიასავით თითქოს, რომელიც მთლიანად ედებოდა მთელ სისხლოვან უჯრედებს და დამპყრობელივით მისი გავლენის ქვეშ აქცევდა. ეს სხვა არაფერი იყო თუ არა ფლობა. ბაქტერია მთლიანად ეუფლებოდა ორგანიზმს და მთელ რიგ თავისებურებებს იწვევდა, კონტროლი, უემოციო მდგომარეობა, სრული ტოტალური ფლობა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ეს ადგილი ყველაფერს ასე განკარგავს, ამ პატარა ბაქტერიით. სასწრაფოდ შევიმოწმე მეც სისხლი, თუმცა თავისუფალი აღმოვჩნდი. ჯერ-ჯერობით შენც არაფერი გაქვს სისხლში. რაც ეს სიახლე აღმოვაჩინე მას მერე ვცდილობ გავარკვიო როგორ გადადის, სისხლში როგორ ხვდება, ჰაერის გზით ამას გამოვრიცხავ, პირდაპირი სქესობრივი კავშირის დროსაც არამგონია, რაღაც უნდა იყოს, რაღაც უნდა არსებობდეს რის საფუძველზეც ეს ვირუსი მოქმედებს. როგორ ხდება დაინფიცირება ვერ დავადგინე, მაგრამ დარწმუნებული ვარ არც მამაჩემს და არც ბაბუაჩემს ეს ვირუსი არ ჰქონდათ, არც მე არ ვყოფილვარ ოდესმე მისით დაინფიცირებული და ეს ჩვენი ძლიერი გენის დამსახურებაა თუ უბრალოდ სიცილიის აბსურდული თამაშის ნაწილი ვერ ვხვდები. -ახლა უფრო მეტად ვგრძნობ თუ რა შარში ვარ გახვეული, თან შენი წყალობით ექიმო! - დაუღრინა ირაკლიმ. - არავისთან დაკავშირება არ შემიძლია, მარტო ვართ მე და თქვენ ამ სა*ლევეთში და ვგრძნობ როგორ მითრევს ჭაობი ქვემოთ. - გუგა უემოციოდ უსმენდა, საპირფარეშოდან ტილო და საწმენდი საშუალება გამოიტანა და სისხლის წმენდას გულმოდგინებით, თუმცა აღრენილი სახით შეუდგა. -არაკაცები. - ჩაილაპარაკა. - სადისტები, ვირები! როგორ მძულს ბელადი, მისი მოდგმა და არსებობა, მაგრამ ჩემს ეთიკას ეწინააღმდეგება ის რაც ვუთხარი თუ გესმოდა. ჩემს მორალს ეწინააღმდეგება ინექციის შეცვლა და მისი ასე დაღუპვა, ამიტომ ვცადე გარესამყაროდან დახმარების მოხმობა... -ისე როგორც ბაბუაშენმა არა? და კი გავიგე როგორც დასრულდა ეს ამბავი... -ეს ასე არ დასრულდება. ჩვენ უფრო ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ და შევინიღბოთ, აქ გარეთ რომც გახვიდე, თუ სახეს ოდნავ მაინც მოიხატავ ან შარფს აიფარებ ასე ვერ მიხვდებიან ვინ ხარ. ყველას შემოწმებას არ დაიწყებენ, მაქსიმუმ სახლებში შეუვარდნენ და იქ ამოწმონ, მე კი დიდი ხანია თვალში ვეჩხირები და ახლა ცოტა ხნით მაინც მოვიშორეთ. დროებით დაზღვეულები ვართ მათი შემოჭრისგან, მაგრამ თვალს არ მოგვაცილებენ და წინა კარებით ვერ ისარგებლებ. უკანა კარიდან გახვალ ხოლმე, ან მოიცა... დიდი ხანია ეს გასასვლელი არ გამომიყენებია, თუმცა ვფიქრობ ახლა შენ დაგჭირდება, წამოდი წამოდი. წინ გაუძღვა გუგა მხსნელს. მართალია ირაკლის კვლავ უჭირდა გადაადგილება და ძლივს მოძრაობდა, თუმცა როგორც შეეძლო მიჰყვებოდა, გაიარეს მოზრდილი დერეფანი, გავიდნენ ერთ-ერთ ოთახში, რომელიც დიდი რკინის, დამტვერილი კარით იყო დალუქული. ეტყობოდა ნამდვილად წლებია არავინ შესულა. -თოთხმეტი წლის რომ ვიყავი მაშინ შემიყვანა პირველად მამამ. ყველაფერი მაჩვენა და მას შემდეგ, როდესაც ბელადის დამქაშები ესტუმრებოდნენ ხოლმე ექიმს, რათა დახმარება მიეღოთ მე ყოველთვის აქ მმალავდა. დაჟანგული კარი ჭრიალით ძლივს გააღო ორმა კაცმა. - დაახლოებით ოცდახუთი წელია ამ კარში არავინ შესულა. მას შემდეგ რაც მამა მომიკლეს, მე კი თვრამეტი წლის ბიჭი აქ ვიმალებოდი ლაჩარივით. -ამათ მოკლეს? -კი... -შენ ის მაინც იცი ვინ მოგიკლა, მე კი არც ვიცი ვიზე ვიძიო შური. -რა მოუვიდა? -თორმეტის ვიყავი, ბუნდოვნად მახსოვს, მძარცველი შემოიჭრა მარკეტში და მე უეცრად მაგიდის ქვეშ დავიმალე. მამა ხელით შიგნით მტენიდა რომ არ გამოვსულიყავი და თვითონ ცივ უარზე იყო მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, რის გამოც შუბლში ტყვია მიიღო და სალაროში არსებული თანხა მაინც გაიტანა. მე როგორც მოწმე ისე დამკითხეს თუმცა არაფერი დამინახავს, მხოლოდ გასროლის ხმა ჩამრჩა ყურში და დღემდე მახსოვს. -ვწუხვარ. თუმცა რაღაც არსებობს... - ჩაილაპარაკა ექიმმა და დამტვერილ ოთახში შეუძღვა. - ორივეს საერთო ტკივილი გვქონია და საერთო შურისგება, იქნებ სწორედ ამან მოგახვედრა აქ. სიცილიის მიზანს ვერასდროს შეიცნობ, ის გცდის, გასწავლის, ან მთლიანად გიმორჩილებს. ოთახში ძლივს გაიხსენა საიდან ინთებოდა სინათლე, წლების ნაგროვები მტვერი ოდნავ რომ გაიფანტა ოთახი საუცხოოდ მოეჩვენათ. თითქოს სათავსო იყო ისეთი ნივთები ინახებოდა, ოქროს ჯვარი ეკიდა მათ პირდაპირ, მარცხენა მხარეს დიდი და გრძელი კომოდი იდგა, სამი მეტრის სიგრძის მაინც, მასზედ უამრავი სამკაულის სკივრებით, რომელთაც შუაში დიდი ლალის თვლები ჰქონდათ, მაგრამ იმდენად სქელი მტვერი ედო არც ბრწყინავდა. მარცხენა ნაპირში დიდი და პატარა ზომის ოციოდე სპილო ერთ მხარეს იყურებოდა, და სარკის წინ ამაყად ცხვირები აეწიათ. იქვე გამოყენებული და დაკუჭული ქაღალდების გროვა თავისთვის იწონებდა თავს, მარჯვნივ პატარა წიგნის თაროები იდგა, თუმცა ზედ წიგნების ნაცვლად უცნაური გრაგნილები ეწყო, გაოგნებული შეჰყურებდა ორივე ამ ყველაფერს. -ეს ოთახი თითქოს... თითქოს გადასხვაფერდა მას შემდეგ... ან... ან ჩემ მახსოვრობას აღარ უნდა ვენდო. - ჩაიბუტბურა ექიმმა და ოთახის შუაში დაფენილი პატარა ხალიჩა გადასწია. სანამ ხალიჩის მიღმა არსებულ გამოჭრილი კარის გაღებას ცდილობდა ირაკლი ყველაფერს აკვირდებოდა, ცდილობდა ყოველი კუნჭულის შესწავლას და პირველ რიგში ისტორიული გრაგნილებისკენ დაიძრა. მეფეების დროინდელ ეპოქაში ეგონა თავი და ერთი იდეა დაებადა. – „იქნებ სიცილიაში განსხვავებულად გადის დრო, ან საერთოდ განსხვავებული დროა. ბელადი ჰყავთ, მეფეებიც ახლო წარსულში იქნებოდნენ და ბავშვს შესაძლოა სრულიად გონებიდან ამოვარდნოდა ეს გრაგნილები და არაფერი ხსომებოდა, თუ გავითვალისწინებთ მის ტრავმას მამასთან დაკავშირებით. ეს ისეთი რამეა, ერთ რამეზე ხარ ბოლომდე კონცენტრირებული, წარსულის გახსენებაზე მხოლოდ ერთი კონკრეტული რამ გახსენდება და დანარჩენ ყველაფერს უკუაგდებ, თითქოს არც ყოფილა. მთელი არსით გითრევს სიძულვილი იმ ადამიანისადმი და გრძნობებს ვერ თოკავ მისი დანახვისას. ასე მუშაობს ეს, ნამდვილად.“ - ერთი გრაგნილი გახსნა და მასზე დატანებული ინიცალები წაიკითხა. „E. P.” -ერკიულ პუარო. - ხმამაღალი ნათქვამი გამოუვიდა, ხმაზე მოულოდნელად გუგა გამოჩნდა მის უკან და მისმა სიტყვებმა შეაშინა ირაკლი. -ექვთიმე პიპინაშვილი, ჩვენი დიდი ისტორიკოსი და მწერალი. ამბობენ ბოლოს შეიშალაო და შორეთის კლდიდან გადახტა. ამოჩემებული ჰქონდა რომ ის მოვიდოდა. რომ გეკითხა ვინ ისო, ისევ გპასუხობდა - ის მოვა, ის მოვა, ის მოვა... მისი მკურნალობა არ შემეძლო. მეხმა თუ რაღაცამ დაარტყა და ამბობდა ჭეშმარიტება გავიგე, მე მომავალი ვნახეო. მაგრამ ახლა ვერ გავიგებთ. ჩემს დაბადებამდე დიდი ხნის წინ მოღვაწეობდა და მიკვირდა აქამდე ცოცხალი როგორ იყო, თუმცა ჩემთან ჩივილებით მოვიდა. ფაქტი ფაქტია. ამ გრაგნილების არსებობა კი არც ვიცოდი. -რამდენის იყო რომ გარდაიცვალა? -მგონი სადღაც 108 წლის, და გაითვალისწინე ის ფაქტიც რომ ბუნებრივი სიკვდილით არ დაუსრულებია სიცოცხლე. და ის ერკ...ერკ ვინ? -აა, ერკიულ პუარო? -ჰო, ვინ არის? - ისე სერიოზულად ჩაეძია გუგა ირაკლის, რომ უკანასკნელს გაუკვირდა კიდეც. -აქ რა არ გსმენიათ საერთოდ? -ააარა. - გააგრძელა სიტყვა და დაკვირვება გააგრძელა. -გამოჩენილი კერძო დეტექტივი, უაღრესად პატივსაცემი, ჭკვიანი და საოცარი დედუქციის უნარის მქონე, თუმცა... -მერე, რატო არ გამოგზავნეთ ერკ... პუ..პუირო აქ საქმის გამოსაძიებლად? -დამასრულებინე გუგა. - უსაყვედურა ირაკლიმ და დოინჯი შემოიწყო. - უნდა მეთქვა, თუმცა მხოლოდ ნაწარმოებში-თქო. -ააა, ახლა გასაგებია. ანუ წიგნია ერკიულ პუაროზე? -კი. შენ წარმოიდგინე და გამიკვირდა რომ არ გსმენია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვეულ სამყაროსგან მოწყვეტილნი ხართ, შესაძლოა აქამდე არც მოსულა მისი ნაწარმოებები და არც სხვა... -არა, ცდები. შერლოკ ჰოლმსი მაქვს წაკითხული. -რა? - გაოგნებული შეჰყურებდა ირაკლი. -კი, ბავშვობაში მამა მაკითხებდა. შესაძლოა ეს გაცრეცილ ყდიანი წიგნი ბაბუაჩემის ნაცნობმა მოიტანა აქ, ვერ გეტყვი, მაგრამ წაკითხული მაქვს. ირაკლის გაოცებისგან პირი დაეღო და პასუხი არ გაუცია ისე განაგრძო გრაგნილების თვალიერება. ზოგზე რაღაც წარწერები შენიშნა, რომელზეც ძლივს იკითხებოდა ნაწერი, თუმცა გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა, რომელიც იქვე უჯრაში იპოვა. ხელნაწერზე იკითხებოდა: „და მოვა კაცი, სიყვარულის ძღვენითა დაჯილდოებული, და მოვა კაცი, ცხელი გულითა, და მოვა კაცი, რომელიცა ყველაფერს დატოვებს და გამოეშურება კეთილი სურვილით, ვინაიდან რომა დაალაგოს სამყარო ისეთივეი როგორიც თავდაპირველად.“ -ეს რა არის? - შეძრა იკა ამ გრაგნილმა. -დამიჯერე, არ ვიცი. -ექვთიმეც ამ სიტყვებს არ ამბობდა?.. და მოვა კაცი... -კი, სწორედ ამ სიტყვებს ამბობდა. ნეტავ რა ნახა ასეთი მეხის დაცემისას რომ სწორედ ეს სიტყვები ეკერა პირზე. -საოცარია. -და ვინ არის ის კაცი... ვინ მოვა? ნუთუ ამ ბელადზე ლაპარაკობენ, რომელმაც აქაურობა ჯოჯოხეთად აქცია. -ეს უკვე საინტერესოა და ჩემს ყურადღებას იპყრობს, კარგად უნდა გამოვიკვლიო, ყველა გრაგნილს შევისწავლი და დავადგენ ჭეშმარიტებას, აქ სიძველეთა რაიმე ტაძარი თუ გაქვთ? -კი, გვაქვს, სოფლის ცენტრში კლდეებს შორის მდებარეობს. -იქ წამიყვანე. -ახლავე, აქედან გავიდეთ. კიბეზე უნდა ჩავიდეთ, დიდი გვირაბია, რომელიც ამ სახლიდან შორს გამოდის. ამ გასასვლელის შესახებ თვით ბელადმაც არ იცის. -კარგი წავიდეთ. უნდა ვიჩქაროთ, ეს საიდუმლო ამოხსნას ექვემდებარება და როგორც დიდი ერკიულ პუარო იტყოდა, სჯობს პატარა ნაცრისფერი ტვინის უჯრედები ფორმაში მოვიყვანოთ და საიდუმლოს ფარდა ავხადოთ. -ეჰ, ნეტა პირადად გაცნობის შესაძლებლობა მქონოდა მაგ ერ...ერკ.. -ერკიულ პუარო. -მოვიტეხე ენა ამ სახელის წარმოთქმისას. - გაეცინა გუგას და ნელა ჩავიდნენ გვირაბში დამაგრებული რკინის კიბით. -არაუშავს მიეჩვევი. - ფანარი აანთო ირაკლიმ და სიბნელეში გზა გაიკვალეს. - მალე მივალთ? -ყველაფერს შენი თვალით ნახავ. ცოტაც მოითმინე. ეს გვირაბი იმდენივე წელია არ გამივლია, რაც იმ ოთახში არ ვყოფილვარ, ასე რომ მეც ჩათვალე პირველად გავდივარ ამ გვირაბს და ყველაფერი სიახლეა. ფრთხილად იყურე წინ მაინც არაფერი არ იყოს ისეთი. -ნუ ღელავ, ექსპედიციაში გამოცდილი ვარ, შენ ერკიულ პუაროს თუ არა, ირაკლი ქებურიას ელაპარაკები. - ჩაიხითხითა ირაკლიმ და გზა განაგრძეს. პ.ს. დიდი ხანი გალოდინეთ ვგონებ. აი ესეც ცხელ-ცხელი თავი, სულ ახლა დავასრულე და ეგრევე ვაქვეყნებ. ტკბილ-ტკბილი თავი იგემეთ. შემდეგ თავს რაც შეეხება, ჯერ ვერ გეტყვით როდის დავდებ. ვეცდები მალე მოგამარაგოთ, თუმცა თუ არ მოგეხსენებათ, მოგახსენებთ რომ დღე-დღეზე მამა ვხდები, ბავშვი უნდა შემეძინოს და შესაძლოა უახლოეს მომავალში ჯერ ვერ მოვიცალო ამისთვის, თუმცა ვეცდები... და პირობას ვდებ გპირდებით რომ არ დაგივიწყოთ, რადგან თქვენსავით მეც ძლიერ მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები. მიყვარხართ და გეფერებით ჩემი ახალი თავით. გელოდებით კომენტარებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.