შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლისა ( სრულად )


2-12-2023, 21:18
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 16 800

- ლისა სად ხარ, ლისა, ლისა, სად დაიკარგე, ლიისაააა, -ყვირილ-ყვირილით შემოვიარე ბაღი და ვერსად რომ ვერ ვიპოვნე გაბრაზებული მივეყრდენი საადრეო ბლით დახუნძლულ ხეს, ნეტავ ახლა სადღა დაიკარგა ის არაფრისმაქნისი არსება, მომადგება დაგლეჯილი და ირბინე მერე ლუკა ვეტერინარებთან...
- ლიისაააა, -კიდევ ერთხელ ვიყვირე მთელი ხმით.
- მე მეძახით? -დაბალი სასიამოვნო ხმა მომესმა და შევბრუნდი, ჩემი და მეზობლის ბაღის გამყოფ დაბალ ხის ღობესთან საშუალო სიმაღლის, გამხდარი ცეცხლისფერთმიანი გოგონა იდგა და დიდი ლურჯი თვალებით შემომყურებდა.
- მე მეძახით? -კითხვა გამიმეორა, ღობეს ეყრდნობოდა თხელი გრძელი თითებით, მაღალი ყელი გედივით ჰქონდა მოღერებული, მსუბუქი ნიავი უფრიალებდა უწესრიგოდ ჩამოშლილ ცეცხლისფერ ხვეულებს, ქვედა ტუჩი ქათქათა კბილებს შორის ჰქონდა მოქცეული და აწვალებდა, უცნაური გამომეტყველებდა დასთამაშებდა სახეზე, თითქოს იღიმოდა და არც იღიმოდა, ისეთი ჩვეულებრივი და უბრალო ჩანდა და თანაც ისე არანორმალურად მიმზიდველი... სალათისფერი სარაფნის მკლავზე ჩამოცურებულ სამხრეზე გამიშტერდა თვალი უნებურად, გაჭირვებით გადავყლაპე ნერწყვი.
- კარგად ხართ? -ამჯერად აღელვებულმა მკითხა, უხმაუროდ გამოაღო ღობეში ჩატანებული თითქმის შეუმჩნეველი კარი და ბაღში შემოვიდა, ნელი, შემპარავი ნაბიჯით მოდიოდა ჩემსკენ და ამწუთას ისე ჰგავდა ჩემს წითურ ლისას... ფეხშიშველი იყო, კაბა კოჭებს უმალავდა თუმცა თეძომდე იყო შეხსნილი და...
- ვინ ხარ და საერთოდ რა შუაში ხარ ჩემს ლისასათან, -დაბნეულმა ისეთი უაზრობა ვკითხე თვითონვე შევუკურთხე ჩემს თავს გონებაში, გაეღიმა.
- შენი ახალი მეზობელი ვარ, ერთი კვირის წინ შევიძინე ეს სახლი, ლისა მქვია, მეგონა მე მეძახდი.
- სულაც არა, ჩემს კატას ვეძახდი, შენსავით ცეცხლისფერია და ლისა ჰქვია, -კიდევ ერთი უაზრობა წამოვროშე, თავი გვერდზე გადახარა, ერთხანს თვალებმოჭუტული შემომყურებდა და მერე გულიანად გადაიკისკისა.
- ცეცხლისფერი, ესე იგი ცეცხლისფერი, -ჩაილაპარაკა რაღაცნაირად ორაზროვნად, შებრუნდა და ისეთი ნარნარით წავიდა ღობისკენ გეგონებოდა მიწას ფეხს არ აკარებსო.
- შენი ლისა ჩემს ტომისთან ერთდ თამაშობს ჩემს ეზოში, ვეტყვი რომ მამიკო მასზე ნერვიულობს და სახლში გამოვუშვებ, -მომაძახა უკვე საკუთარ ტერიტორიაზე მყოფმა, ჩემკენ ზურგით მდგომმა ცალი ხელით თმის ულამაზესი ხვეულები ერთად მოაგროვა და წინ გადაიყარა რათა უკეთ გამოეჩინა მოშიშვლებული კისერი და მხრები, მეორე ხელის ცერა თითით კი მტანჯველი სინელით გაისწორა მხარზე ჩამოცურებული სარაფანი...
საძაგელი ლისა საამო კრუტუნით რომ გამეგლასუნა ფეხებზე მაშინღა მივხვდი რომ ჯერ კიდევ იმ ადგილზე ვიდექი გაშეშებული და პირგამშრალი.
-
იმ დღის შემდეგ ჩემი მეზობელი ცეცხლისფერთმიანი ლისა ჩემი სასიამოვნო ყოველდღიურობა გახდა, მოახერხა და ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში, ყოველ საღამოს ვხვდებოდით ერთმანეთს, ვმუშაობდი და მხოლოდ საღამოობით ვიყავი სახლში თუმცა ისიც საკმაოდ მოუცლელი ჩანდა, საღამოს გვიან უკანა ეზოდან გადმოვიდოდა ხოლმე ჩემთან და რამდენიმე საათს ვატარებდით ერთად, ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში, საკმაოდ კარგად გავიცანით ერთმანეთი, იმდენად კარგად რომ ხშირად საუბრით დაღლილებს ბაღში ბალახზე გაშლილ პლედზეც დაგვძინებია ხოლმე ერთად, მოიკუნტებოდა პატარა ფისოსავით, დამადებდა თავს მკლავზე და კრუტუნ-კრუტუნით იძინებდა, ხშირად გამჩენია სურვილი მისი საყვარლად გაბუშტული ტუჩები დამეკოცნა და ფერებით გამეთანგა მაგრამ ისეთი ნაზი იყო, უშუალობის და თავისუფალი ქცევის მიუხედავად ისეთი მიმნდობი და მიამიტი, მეგონა თუ ზედმეტად შეხებას გავბედავდი ხელში შემომემსხვრეოდა ან გავანაწყენებდი და გულს ვატკენდი.
ამ დროის განმავლობაში მოახერხა და ოსტატურად დამტყუა მთელი ინფორმაცია ჩემს შესახებ დაბადებიდან დღემდე, დეტალურად შემისწავლა თუმცა მის შესახებ ფაქტიურად არაფერი ვიცოდი, ყოველთვის თავს არიდებდა კითხვებს მისი სამსახურის შესახებ, მასზე მხოლოდ ის ვიცოდი რომ ოცდაოთხი წლის იყო, თბილისის მერიაში მუშაობდა, მშობლები ადრეულ ასაკში დაკარგა, ბიძამ გაზარდა და ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა რომ დრო იყო მარტო გადასულიყო საცხოვრებლად, ჩემი სახლის უკან მდებარე ძველისძველი სახლი იყიდა და სიამის კატა ტომისთან ერთად ჩემს მეზობლად დასახლდა.
მეგობრები არ ჰყავდა, არც ნათესავები აწუხებდნენ მისვლა-მოსვლით, რამდენჯერმე ახსენა ჩემთან საუბარში რომ არც ღამეული გართობა მოსწონდა, თანამშრომლებსაც მაინცდამაინც ვერ ვეწყობიო ამბობდა, უჟმურს მეძახიანო, არადა სულაც არ ჩანდა უჟმური, პირიქით, ხალისიანი, მხიარული, ჭკვიანი გოგო იყო და ვატყობდი რომ უკვე ძალიან სახიფათოდ ახლოს იყო მოსული ჩემს გულსა და გონებასთან, ალბათ დღე-დღეზე დაარღვევდა საზღვრებს და მაშინ...
ჩემს მეგობრებს გაგაცნობთქო შევთავაზე ერთხელ და კატეგორიული უარი განაცხადა ამ ეტაპზე მხოლოდ შენ მჭირდები და შენთან ურთიერთობა სხვა არაფერიო, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს მიმართ? ალბათ უფრო მეგობრული თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ შემიმჩნევია დროდადრო მისი ანთებული, სურვილით სავსე მზერა და ჩემი შეხებისას დახორკლილი კანი თუმცა რატომღაც ყველანაირად იკავებდა თავს ურთიერთობის გაღრმავებისგან, მე კი როგორც უკვე გითხარით მეშინოდა მისი დაკარგვის...
-
ეი რა გჭირს, რაზე ჩაფიქრდი, -ტატომ ოხშივარ ავარდნილი ფინჯანი დამიდგა წინ და შემომცინა, -გათიშული ხარ არადა სხვისთვის რომ მეთქვა ასეთი რამ სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იქნებოდა, სად დაფრინავ?
- გუშინ ლისას ვაკოცე, -ჩემდა უნებურად დამცდა, ტატოს სახეზე შეეყინა ღიმილი გახევდა და უცაბედად ისეთი სიცილი აუტყდა შადრევანივით შემომაფრქვია ყავა სახეში.
- შენს კატას აკოცე და მიტომ ხარ მთელი დღე ნეტარი ავგუსტინესავით სახეგაბრწყინებული?
- რა კატა ხომ არ გაგიჟდი, ან სად გინახავს სახეგაბრწყინებული ავგუსტინე, -გაცოფებულმა მოვიწმინდე გაწუწული სახე, -ჩემს მეზობელზე გეუბნები, არ გახსოვს? გიყვებოდი ის ძველი სახლი რომ იყიდა.
- აჰ ის გოგო? -მახსოვს მაშინ ამბობდი რომ უცნაური ვინმეა.
- მაგის მერე ბევრი რამ შეიცვალა, დავმეგობრდით...
- მგონი მეგობრობაზე უფრო შორს ხართ წასულები, -ეშმაკურად ამიხამხამა თვალები და უკვე ვინანე ის ორიოდე წამოცდენილი სიტყვა.
- უბრალოდ გადავწყვიტეთ ურთიერთობა ვცადოთ, ეს არის და ეს, ახლა სჯობს ის მითხრა რისთვის მოხვედი, თუ ისევ ის საქმეა მე პას მეგობარო, ახლა ზედმეტად დატვირთვა ნამდვილად არ მინდა, სრულიად მაკმაყოფილებს ჩემი სამუშაო.
- გთხოვ ლუკა, -საწყლად დაეღრიჯა სახე, მივხვდი მისთვის მართლა მნიშვნელოვანი იყო რომ მასთან ერთად მემუშავა, -ძალიან მჭირდება შენი დახმარება, თანაც კარგად იხდიან, სულ ერთი კვირა, შენს სამსახურთან შეათავსე, უბრალოდ გააკეთებ ამ საქმეს და წამოხვალ.
- არ ვიცი ტატო...
- დამთანხმდი და რაც გინდა მთხოვე, -გაფართოებულ აწყლიანებული თვალებით შემომხედა და საცოდავად მობრიცა ტუჩები, ბავშვობიდან ასეთი მანიპულატორი იყო, ყოველთვის მშვენივრად ახერხებდა ჩემს გრძნობებზე თამაშს, თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, გიჟივით მეცა და ჩამეხუტა.
-
უკვე ორი დღე იყო ტატოსთან ერთად ვმუშაობდი ერთ-ერთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიაში, ჩემმა გუნდმა სიხარულით მიმიღო როგორც საუკეთესო სპეციალისტი, არ იყო ცუდი სიტუაცია თანაც როგორც ტატომ თქვა ზუსტად ისე იყო, ცუდად ნამდვილად არ იხდიდნენ, გუნდში თორმეტი წევრი ვიყავით ხელმძღვანელის ორმოციოდე წლის მაღალი, თმაშეთხელებული მამაკაცის, ბატონი ოთარის ჩათვლით.
- აუ მოვიდა და დაიწყებს ახლა ისევ ტრაბახს და ლეგენდების თხრობას, -ტატომ მხარი გამკრა და ხმაურით გამოწია სკამი, -რა გაუძლებს, ნეტავ დღეს რომელი მზეთუნახავის შებმის ამბავი უნდა მოყვეს.
ტატოსგან ვიცოდი რომ ოთარი საშინელი მექალთანე იყო, ქალები ბუზებივით ეხვია რაც არა მგონია მისი გარეგნობის ან პიროვნული მახასიათებლების დამსახურება ყოფილიყო, ალბათ უფრო მისი სქელი ჯიბე და ძვურადღირებული სპორტული ავტომობილი ხიბლავდათ.
- ბიჭებო თხუთმეთწუთიან შესვენებას ვაცხადებ, რაღაც უნდა მოგიყვეთ, -ოთარიმ ტაში შემოჰკრა რომ ყველას ყურადღება მიეპყრო, -სასწაული გოგო გავიცანი რამდენიმე დღის წინ, ნამდვილი ქალღმერთი, გიჟდება ჩემზე, როგორც იქნა ისეთი ვიღაც ვიპოვე ვისთანაც სერიოზულ ურთიერთობაზეც კი დავფიქრდები.
- ასეთი ვინ არის რომ ქორწინებაზე დაგაფიქრა? -მანჩომ რომელსაც ყველამ ვიცოდით რომ ოთარი უყვარდა გაბრაზებულმა გადატეხა ხელში კალამი და მაგიდაზე მიაგდო.
- რა ქორწინება, რას ამბობ, -გადაიხარხარა ოთარმა, -უბრალოდ ხანგრძლივი ურთიერთობა ვიგულისხმე, უკარების როლს თამაშობს და მაგით მომხიბლა თუმცა მოვუგრეხ კისერს ცოტა ხანში, იცით რა საოცრებაა, ასეთი გოგო ნანახი არ გეყოლებათ.
- კი როგორ არა, -ჩაიფხუკუნა რომელიღაცამ და დანარჩენებიც აყვნენ, თუმცა ოთარის ნირიც არ შეცვლია, იქვე მაგიდაზე შემოსკუპდა და ეშმაკური მზერა მოგვავლო.
- ვიცი რომ არ დამიჯერებდით და ამიტომაც ნატუკა აქ დავიბარე, ცოტა ხანში მოვა და გაგაცნობთ.
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა როცა მაღალი ქუსლების კაკუნის გულისგამაწვრილებელი ხმა გაისმა და მინის კარიც გაიღო, კომპიუტერში თავჩარგული ვიჯექი და ახლა ყველაზე ნაკლებად ოთარის თავგადასავლები და მისი ქალები მაინტერესებდა, ერთი სული მქონდა საქმეს როდის დავასრულებდი რომ დღეს ცოტა ადრე მივსულიყავი სახლში, ლისასთვის ვახშმის მომზადებას ვაპირებდი, ვახშმის შემდეგ კი უკანა ეზოში ფილმს ვუყურებდით, წინა დღით შევიძინე ეკრანი და პროექტორი, იმის წარმოდგენამაც კი გამაბედნიერა რომ სულ მალე შევძლებდი გულში ჩამეკრა და მისი სურნელი და სითბო მეგრძნო.
- ვააა ოთარი ნახე რა, რას ვიფიქრებდი რომ სიმართლეს ამბობდა, ნეტავ სად იპოვა ეს სილამაზე, არ მეგონა ოდესმე ამ კაცის თუ შემშურდებოდა, ნახე რა გოგოა...
- ტატოს კომპლიმენტები რომ არა და არ გათავდა და ბოლოს აღფრთოვანებისგან ენაც რომ დაება მაშინღა ავწიე თავი, ქვემოდან ავაყოლე თვალი მაღალ ქუსლებზე შემდგარ, ზედმეტად მოკლე და ღრმად დეკოლტირებულ წითელ კაბაში გამოწყობილ უნაკლო სხეულს, მოშიშვლებულ მხრებზე დაყრილ ცეცხლისფერ ხვეულებს რომ მისწვდა მზერა სუნთქვა შემეკრა, ოთარის გვერდით ვულგარული მაკიაჟით სახე დაფარული ჩემი ლისა იდგა და ავხორცი ჟინით სავსე თვალებში შესციცინებდა მამაკაცს...





იმ დღეს ის გავაკეთე რასაც არასდროს არ ვუწონებდი სხვებს, ყოველთვის მიმაჩნდა რომ უმიზნო გართობაში და სასმელში დარდი სუსტი ადამიანები ახშობდნენ თუმცა თურმე რა ადვილი ყოფილა სხვისი განკითხვა, სანამ შენს თავზე არ გამოცდი მანამდე ვერ ხვდები სიმწარეს რაც შეიძლება საყვარელი და შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მუხანათურმა საქციელმა გაგრძნობინოს.
მეგობრებთან ერთად წავედი კლუბში და შუაღამემდე ვსვამდი მაგრამ დავიწყების მაგივრად რაც უფრო მეტად ვთვრებოდი მით მეტად მკაფიოდ მესახებოდა თვალწინ ლისას გამომეტყველება მაშინ როცა დამინახა, მეგონა გაიკვირვებდა, დაირცხვენდა ან სულ ცოტა რაღაც სინანულს მაინც იგრძნობდა მაგრამ არა, არაფერი ამდაგვარი, არაფრად ჩამაგდო, ისე მოიქცა თითქოს პირველად მხედავდა და ოთარისთან ერთად დატოვა იქაურობა, მის წელზე ედო ოთარს ხელი, ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა, ისიც გამომწვევად კისკისებდა, ალბათ ლისაც არ ერქვა, ნეტავ ნატა თუ მაინც იყო მისი ნამდვილი სახელი, რა თამაშს თამაშობდა, თავს ისე რატომ მაჩვენებდა თითქოს ანგელოზი იყო...

- მგონი საკმარისია, -ტატომ სასმლის ბოთლი ჩემგან მოშორებით დადგა და შეწუხებული სახით შემომხედა მერე კი გრძელფეხებიან ქერასთან არშიყში გართულ ლადიკოს უთავაზა მუჯლუგუნი.
- შეეშვი მაგას და აქეთ მოგვხედე, ვერ ხედავ რა დღეშია.
- მშვენივრად ვარ და მომეცი ეგ აქ, -მის ჭიქას დავწვდი და ბოლომდე დავცალე, მერე ბევრი აღარაფერი მახსოვს, ბუნდოვნად ჩამრჩა მეხსიერებაში როგორ ცდილობდნენ ბარიდან ჩემს გამოყვანას და მერე როგორ ვითხოვდი რომ საიდანაც უნდოდათ იქიდან მოეყვანათ ჩემი ლისა, დილით საკუთარ საძინებელში გამეღვიძა და რატომღაც შვებით ამოვისუნთქე როცა გავაანალიზე რომ მარტო ვიყავი და გვერდით არავინ მეწვა.
კარზე გაბმული კაკუნი რომ არა კიდევ დიდხანს არ ავწევდი თავს ბალიშიდან, თმააჩეჩილი, თვალებდასიებული გავედი საძინებლიდან და შემოსასვლელი კარი გავაღე თუ არა საწყალობელი კნავილი შემომესმა, კიბეზე ვარდისფერი კონტეინერი იდგა სადაც ლისას ტომი იჯდა და საცოდავად შემომკნაოდა, ფეხშიშველი, სირბილით მივიჭერი ჭიშკართან და ქუჩაში გავვარდი, არავინ ჩანდა, არადა ცოტა ხნის წინ აქ იყო, მხოლოდ იმისთვის მოვიდა რომ ჩემთვის ტომი დაეტოვებინა?
კონტეინერი ავწიე თუ არა მის ქვეშ მოთავსებულ წერილს მოვკარი თვალი, ტომის მიმიხედეო მწერდა, შენს იმედზე ვტოვებ და იცოდე რომ აუცილებლად დავბრუნდები მის წასაყვანადო, გაშეშებული ვიდექი და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო რომ ლისა წავიდა, წავიდა და მიუხედავად მისი დაპირებისა შეიძლებოდა აღარასოდეს დაბრუნებულიყო.
კონტეინერი ოთახში შევიტანე და ტომის კარი გავუღე, დაფეთებული გამოვარდა და იქაურობა ძირისძირობამდე დაიარა, როცა მიხვდა რომ სანდო ხელში იყო და არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა დივანზე წამოწოლილი ლისას გვერდით მოკალათდა და აკრუტუნდა, მეც გვერდით მივუჯექი და თავზე ხელი გადავუსვი.
- სად წავიდა შენი პატრონი ტომი? -ვკითხე და მანაც ისეთი ჭკვიანური მზერით ამომხედა თითქოს უნდოდა პასუხი გაეცა და ვერ ახერხებდა.
- ყველაფერი იცი არა?
- მიავ, -დამეთანხმა და მკლავზე გამეგლასუნა.
- მის საქციელს რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს ხომ ასეა?
ასეაო დამეთანხმა და ერთ ადგილზე დატრიალდა რომ კარგად მოთავსებულიყო, ნეტავ მართლა შეძლებოდა საუბარი, რამდენ რამეს მეტყოდა, ლისას შესახებ არაფერი ვიცოდი, საერთოდ არაფერი, ასე რატომ მოიქცა, ან სად უნდა მომეძებნა...
- ოთარი, -ისე ხმამაღლა ვიყვირე ორივე კატა ერთდროულად წამოხტნენ შეშინებულები და აიფხორნენ, ოთარის უნდა დავლაპარაკებოდი, ძალით თუ ნებით ყველაფერს ვათქმევინებდი მის შესახებ.
- ღირს კი მისი მოძებნა? ასე უბრალოდ რატომ გაქრა? ჯანდაბა, რატომ ვერ ვახერხებ რომ უბრალოდ არ ვიფიქრო მასზე, რა გამიკეთე ლისა...
- მიავ, -გამომეხმაურა მისი სეხნია.
- გაჩუმდი შენ არ გეძახი, -სერიოზული სახით დავტუქსე და მერე ჩემს თავზე გამეცინა, ასე გაღიმებულმა ავკრიბე ტატოს ნომერი.
- სად ხარ ბიჭო, რატომ დაიგვიანე, ვერ წარმოიდგენ აქ რა ამბები გამოტოვე, -არც კი მომსალმებია ისე მომაყარა.
- საშინლად ვარ, არა მგონია რამე დაშავდეს ერთ დღეს თუ გავაცდენ, ხვალ დილით მოვალ ჩვეულებრივად და ოთარისთან მინდა საუბარი, თუ იცი მანდ იქნება?
- ხვალ ვერსად ვერ მოხვალ ძმაო, წარმოდგენაც კი არ გაქვს აქ რა მოხდა, ოთარისაც აწი ციხეში თუ ნახავ ხოლმე, -რაღაცნაირად ნერვიულად ჩაიცინა.
- ციხეში? ხუმრობ? რა ხდება ტატო, რას ლაპარაკობ.
- დილით უთენია დაგვადგნენ, ვინ აღარ იყო, ფორმიანებით აივსო აქაურობა, კომპანია დახურეს, ოთარი დაიჭირეს და მთლად უფროსიც ზედ მიაყოლეს, რაღაც ძალიან ცუდ საქმეებში ყოფილან გარეულები.
- რა საქმეებში?
- რა ვიცი, მაგას მე ვინ მეტყოდა, თანაც ასე ტელეფონზე სასაუბრო არ არის ეს საქმე, ახლა პოლიციაში მივდივარ დაკითხვაზე.
- შენ რაღა შუაში ხარ?
- სტანდარტული პროცედურააო მითხრეს, უბრალოდ დამკითხავენ.
- ალბათ მეც დამიბარებენ არა?
- არა მგონია, შენ ოფიციალურად არც იყავი გაფორმებული, ისე წარმოიდგინე რა სასაცილოა, ოთარი წინა დღეს რა ქალთან ერთად იყო და დღეს უკვე ოთხ კედელს შუაა გამომწყვდეული, იმედია მოასწრო მაინც და წუხელ ის გოგო...
მეტი აღარ მომისმენია, გაცოფებულმა გავთიშე ტელეფონი, იმის წარმოდგენაც კი არ მინდოდა რომ შეიძლებოდა ლისას შეხებოდა...
-
პოლიციიდან არავინ შემხმიანებია, ლისაც არსად ჩანდა, ჩვეულებრივად მიდიოდა ყველაფერი ისე როგორც ადრე, ერთი ეგ იყო რომ მისი ტომი და ჩემი წითური ფისუნია მისი დავიწყების საშუალებას არ მაძლევდნენ, ტომი ისე შემეჩვია ერთი დაძახებაც კი მყოფნიდა რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო მაშინვე მოერბინა, ის და ლისა თავისუფლად დაბოდიალობდნენ ბაღში და მის შემოგარენში, საღამოს სამსახურიდან მოსული, დავუძახებდი თუ არა გიჟებივით გამორბოდნენ ჩემკენ, ასე გავიდა ორი თვე...

- მომენატრე, იცი როგორ მომენატრე? რა იქნება რომ მხოლოდ ერთხელ შეგეხო, რა მოხდება რომ ერთხელ კიდევ ვიგრძნო შენი დამათრობელი სურნელი, -ძალიან მინდოდა რომ ხმაში მუდარა არ გამრეოდა მაგრამ ვერ ვახერხებდი, ქარაფზე იდგა, ფეხშიშველი იყო, ქარი უფრიალებდა სალათისფერ სარაფანს და თავის ნებაზე უწეწავდა ცეცხლისფერ ხვეულებს, გამხდარი იყო, ფერმკრთალი, თვალცრემლიანი თუმცა ისე უსაშველოდ და უღმერთოდ ლამაზი...
- მოხვალ ჩემთან? -ხელი გამომიწოდა და თვალისმომჭრელად გამიღიმა, მისკენ გადავდგი ნაბიჯი, მანაც უკან დაიხია, ძალიან ახლოს, სახიფათოდ ახლოს იყო ნაპირთან.
- გაჩერდი, გთხოვ მანდ იდექი სადაც დგახარ, გთხოვ არ გაინძრე, -ხმაათრთოლებული ვთხოვდი თუმცა ის მხოლოდ იღიმოდა, თითქოს ჩემს გამოწვევას ცდილობდა, ან გამოცდას.
- რომ გადავხტე რას იზამ, გადმომყვები? -სიანცე შეპარვოდა ხმაში, მისთვის გართობა იყო ეს ყველაფერი არადა ჩემი გული სადაცაა ფეთქვას შეწყვეტდა.
- გაჩერდი, ახლა შენთან მოვალ, ხელს ჩაგჭიდებ და მკერდში ჩაგიკრავ, აღარასდროს გაგიშვებ გესმის? უბრალოდ შემომხედე, თვალი გამისწორე, -მის დარწმუნებას ვცდილობდი ის კი სადღაც შორს ჩემს უკან სივრცეში იმზირებოდა.
- აბა დამიჭირე, -გადაიკისკისა, კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა უკან და ხელებგაშლილი გადაეშვა სიცარიელეში, გამწარებულმა მთელი ხმით დავიღრიალე და უკან მივყევი...

გაოფლილს, დაღლილს და შეშინებულს გამომეღვიძა, თითქმის ყოველ ღამე ვნახულობდი ლისას სიზმარში თუმცა ასე არასდროს შემშინებია, ვერ შევძელი, მინდოდა, ძალიან მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი მისი დავიწყება, ჩემს გულში ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული იმ პატარა თავნება ქალბატონს, ჩემ თავს ვარწმუნებდი რომ ერთ დღესაც გამოჩნდებოდა და ყველაფერს ამიხსნიდა...

- დღეს საღამოს ჩვენთან ერთად წამოხვალ დასალევად? -ფიქრებში გართული გამომაფხიზლა ლელამ, ჩემს მაგიდასთან ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და რამდენიმე ღილზე ჩახსნილი პერანგი შეისწორა რომ მადისაღმძვრელი მკერდი უკეთ გამოეჩინა, უკვე ერთი წელი იყო რაც ჩვენს განყოფილებაში გადმოვიდა და მას მერე მოსვენებას არ მაძლევდა, ვერაფრით ვახერხებდი მის მოშორებას, თავი რომ გავუქნიე უარის ნიშნად აშკარად შეეტყო უკმაყოფილება და მოიღუშა.
- რატომ არ მოდიხარ?
- ადრე უნდა დავბრუნდე სახლში და კატებს ვაჭამო, -გამოვუცხადე მშვიდად და გულითადი ღიმილიც არ დამიშურებია.
- კატების გამო ამბობ ჩემთან ერთად გართობაზე უარს? -ჩაისისინა და ზუსტად გაბრაზებული ტომისავით აიფხორა.
- ბოდიში ლელა, მართლა ვერ წამოვალ.
თვალებმოჭუტულმა შემომხედა და ისე გადააქნია თავი აშკარა იყო რომ ჩემზე კარგ რამეს ნამდვილად არ ფიქრობდა, წამოხტა და სირბილით გავარდა ოთახიდან

უცნაურად გახალისებული დავბრუნდი სახლში, კარგი წინათგრძნობა მქონდა, დარწმუნებული ვიყავი რაღაც კარგი უნდა მომხდარიყო, გამოვიცვალე თუ არა უკანა ეზოში გავედი კატების მოსაძებნად, არცერთი ჩანდა.
- ლისაა, ტომი, ლისაა, სად ჯანდაბაში ხართ, ლისააა, -მთელი ხმით ვიყვირე გაბრაზებულმა.
- მე მეძახით? -ნაცნობი ხმა რომ მომესმა გამეცინა და მისკენ შევბრუნდი, ღობესთან იდგა, ზუსტად იმ სალათისფერ სარაფანში გამოწყობილი ასე რომ მომწონდა, ფეხშიშველი იყო და ძველებურად საყვარლად და თბილად მიღიმოდა.
- ვინ ხარ და საერთოდ რა შუაში ხარ ჩემს ლისასთან, -გავუმეორე ზუსტად ის სიტყვები რაც პირველი შეხვედრისას ვუთხარი.
- ლისა მქვია მეგონა მე მეძახდით, -ხელი გამომიწოდა და მეც მაშინვე შევაგებე თითები, შემაჟრჟოლა და ისე გაეღიმა აშკარად შეამჩნია ჩემი სხეულის უნებური რეაქცია მის შეხებაზე, მოულოდნელად ჩამეხუტა და სახე ჩემს ყელში ჩარგო, ხარბად შეისუნთქა ჩემი სურნელი.
- როგორ მომნატრებიხარ, -აღმოხდა ათრთოლებული ხმით.
- რას აკეთებთ გოგონი, როგორ იქცევით, მე თქვენ არ გიცნობთ, -უზარმაზარ ძალისხმევად დამიჯდა რომ მოვშორებოდი და სერიოზული სახე მიმეღო, ჩემი სიტყვები არ წყენია, პირიქით, გაეღიმა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
- მგონი დროა ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, მე ლისა ნებიერიძე ვარ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი.
მეტი არაფრის მოსმენა აღარ მინდოდა, მთელი ძალით ჩავიკარი გულში და როგორც იქნა ასე მონატრებულ და საოცნებო ბაგეებსაც დავეპატრონე.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოო საინტერესო თავგადასავალი იყო.ძალიან კარგია ძალიან.

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა ეს პატარა თბილი ისტორია. წარმატებები

 


№3 სტუმარი გიული

ძალიან მომეწონა:)

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა კარგი იყო❤️

 


№5 სტუმარი kati

აუ რა აბი გლუკოზასავით ისტორიები გაქვთ,რა არის ეს?ისე გემრიელად ვკითხულობ ხოლმე და უცებ-სადღაა,დასრულდა.ყველა ისტორიას მოუხდებოდა გაგრძელება და იქნებ იფიქროთ ჰა?

 


№6  offline წევრი teko❤️❤️❤️

გემრიელი ისტორია იყო ❤️❤️ კიდე მინდოდა გაგრძელება❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი Annia

კარგი და ღიმილით რომ ჩაიკითხავ ისეთი ისტორია იყო.

 


№8 სტუმარი ქეთინო ჭ.

რა აღარ ვიფიქრე...ძაან მაგარია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent