ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 6)
ერთ საათიანი გაჭირვებული სიარულის შემდეგ, ფანრებით შეიარაღებულებმა გვირაბის ბოლოს მიაღწიეს. ზემოთ აიხედეს, კიბეზე ავიდნენ და მრგვალი ასაწევი რკინის კარი გაჭირვებით ასწიეს. ირაკლიმ ხარბად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი და ირგვლივ მიმოიხედა. პატარ-პატარა სახლები ერთმანეთის მიყოლებით ჩაემწკრივებინათ ორ რიგად და მათ შორის პატარა ქუჩა გადიოდა. ირაკლის მარცხნივ კი რამდენიმე საფუნთუშე და ბარი იყო, საიდანაც ხალხის ჟრიამული და სიმღერა ისმოდა. -სიმღერაც გცოდნიათ. - ნიშნის მოგებით გახედა გუგას. -აბა? -პირველად ვეცნობი თქვენ სამყაროს და ყველაფერი მაკვირვებს. ასე მგონია აქ სულ სისასტიკე და სიგიჟე მძვინვარებს. -სხვათაშორის არა. სისასტიკე ჩვენი თანმდევი ნაწილია, მაგრამ ვცხოვრობთ ნორმალური ხალხიც, ვისი ნდობაც შეიძლება და ვინც არ დაგასმინა რომ ჩემთან ხარ. -ნამდვილად. მახსოვს... ხათუნა. ლამაზი ქალია. -ოჰ, ცოლი უკვე დაივიწყე? - გაეცინა გუგას და ხელი მხარზე დაჰკრა. ტკივილისგან წამოჭარხლებულ ირაკლის დანახვაზე სასწრაფოდ მოუბოდიშა და ბილიკს გაუყვნენ. -თავი დაბლა დახარე და მომყევი. - განაგრძო გუგამ. - ისე უნდა ჩანდეს ყველაფერი, თითქოს დაღლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდები, ან შეზარხოშებული, მთვრალი ბარბაცით მიაბიჯებ სახლისკენ გზას. ჯერ ერთგან უნდა გავიაროთ. ჩაუარეს კლინიკას, რამდენიმე საგრძნობლად მდიდრულ შენობას, რომელიც ქოხების გვერდით საოცრად იკვეთებოდა. გასცდნენ მოედანს, სადაც პირველყოფილებივით, ფოთლებმიფარებული ბავშვები ირაკლისთვის უცნობ თამაშს თამაშობდნენ. გატიტვლებული ბავშვები სრულიად ამოვარდნილივით ჩანდნენ საერთო სურათიდან, მაგრამ ირაკლის არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მოძრაობაში გრძნობდა როგორ უკეთ დგამდა ნაბიჯებს და ტკივილის განცდა სულ უფრო უქრებოდა, თითქოსდა ჰაერით იკურნებოდა. გუგა უეცრად ჩაიმუხლა და ირაკლიმაც მას მიჰბაძა. მეორე ქუჩიდან მიჯრით მაჯლაჯუნები გამოჩნდნენ, ოციოდე კაცი და ჰაინრიხიც მათ მოჰყვებოდა. ზორბა მაღალი მამაკაცი უზარმაზარი ნაჯახით დაიარებოდა და არემარეს სწავლობდა. -საიდან გაჩნდნენ აქ... -ახლა ალბათ ყველგან გეძებენ. რამდენიმე ჯგუფებად დაყვეს თავიანთი ჯარი და ყველა ადგილს ამოწმებენ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. აქეთ წამოდი. თვალში არავის მოხვდე. მარჯვნივ ბნელი კუთხეებისკენ წაიყვანა გუგამ და შენობებს მიეფარნენ. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ კი ერთ დაწესებულებაში შევიდნენ, რომელზეც წითელი აბრა იუწყებოდა: მხოლოდ კლუბის წევრებისთვის. -გუგას გაუმარჯოს! - შესვლისთანავე ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა ქერა თმიანმა მამაკაცმა, რომლის მხარბეჭით თუ იმსჯელებდი, მორაგბე ან მოჭიდავე უნდა ყოფილიყო, თუ რა თქმა უნდა ეს სფეროები სიცილიაში ცნობილი იყო. სახეზე ღიმილი გადაჰკროდა მამაკაცს, გუგაც ბედნიერი გამომეტყველებით შეეგება და მხარზე ძლიერად დაჰკრა ხელი. ბილიარდის მოთამაშეთა კლუბში აღმოჩნდა. ადამიანთა ჯგუფი ხალისით იქნევდა კიას და ბურთების ჩავარდნისას ხალისით შესძახებდნენ ერთმანეთს. ირაკლი გაოცებით უყურებდა ამ ადამიანებს, ბელადთან შეხვედრის შემდეგ აქ მოხვედრა მისთვის უჩვეულო იყო. -სალამი კუნტრუშ, ძმა. როგორ ხართ ბიჭები. - გადასძახა დანარჩენებს და ხელის ერთი ჟესტით მოეფერა სუყველას. - ირაკლი აქ შეგიძლია მშვიდად იყო. არაფერი გემუქრება, რადგან ეს კლუბი ოთხმა ბელადის მოწინააღმდეგემ დავაარსეთ და აქ მათ ხალხს არავინ უშვებს. - ბიჭებო ეს ჩემი ძმაა, ირაკლი, ისე მიიღეთ როგორც ძმა და კარგად დააპურეთ. -სალი, ჩვენი საფირმო ცახვის ჩაშუშული მოუტანე ამ ადამიანს. კეთილი იყოს მისი ფეხი ჩვენს კლუბში. - ქერამ უზადო სილამაზის პატრონ, უზარმაზარ მკერდიან დიასახლისს გადასძახა და თან ხელით ანიშნა. -რისი? - იკითხა ირაკლიმ და გაოცებული მზერით შეხვდა მასპინძლების განცვიფრებას. -ცახვი არ იცი? - სწრაფად მიუახლოვდა ტანდაბალი მამაკაცი, გრძელი თმითა და წვერით. - ჩვენი ბავშვები მის ხორცზე იზრდებიან. -არ ვიცი. - მორიდებით თქვა ირაკლიმ. -დამშვიდდი, მეგობარო. უწყინარი ცხოველია, რომელიც ამ ფერდობებზე ბალახობს და ბინადრობს. -როგორც თქვენთან ხმო. - თქვა გუგამ. -ხბოს გულისხმობ ალბათ არა? - შეუსწორა ირაკლიმ და გაეღიმა. -მოიცა გუგა... - საუბარში ჩაერთო ქერა თმიანი. -კი. - არ დაასრულებინა კითხვა ისე უპასუხა ექიმმა. - იმ სამყაროდანაა. ცალკე შევიდეთ, ბაკურ, - მიმართა გრძელ თმიანს, - ნოდარ.... - ქერა თმიანს შეხედა და მისთვის ყველაფერი გასაგები იყო. როგორც ჩანდა უსიტყვო კომუნიკაცია კარგად გამოსდიოდათ და ერთმანეთის მარტივად ესმოდათ. - ნუგო, - გადასძახა შორეულ მაგიდასთან მოთამაშე ზორბა, კუნთიან კაცს, რომელიც ცოტათი ჩამოუვარდებოდა ჰაინრიხს და კაბინეტის კარისკენ წაუძღვა ირაკლის. -გაიცანი, - მიმართა გამომძიებელს, - ჩემი გუნდის წევრები, ჩემი გვერდში მდგომი ადამიანები, ვისი იმედიც სიკვდილამდე მექნება და მარად გვერდით დამიდგებიან ყოველ გაჭირვებასა თუ სიხარულში. ბაკური, დიადი ადამიანი, მებრძოლი და მოჭიდავე, მას სიკვდილამდე სურს ბელადის მოცილება, ვინაიდან შვილი, უძვირფასესი ივანე მის გამო აღარ არის ცოცხალი. ნოდარი ბარში გავიცანი, როდესაც დამახინჯებული კაცუნები ცდილობდნენ ჩემს შევიწროებას და ყველაფრის ჩამორთმევას, რაც კი მებადა, ნოდარი ამომიდგა გვერდში და ის სამი თავმოტვლეპილი საიქიოს გაისტუმრა და მხოლოდ იმიტომ, რომ უცხო ადამიანი, მე გადავერჩინე მათგან. მაშინ დავმეგობრდით და კონტაქტი არ გაგვიწყვეტია, ნუგზარი კი ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი წმინდა გრაალი, ყველაზე გულიანი ადამიანი, ვისაც კი აქ ოდესმე შეხვდები. ჩვენ ოთხმა დავაარსეთ კლუბი „ცახვილი“ და მხოლოდ იმ ადამიანებს ვპატიჟებთ, ვინც ბელადთან არანაირ კავშირში არ არიან და მის სასტიკ ქმედებებს გმობენ. სისასტიკე ყოველ ნაბიჯშია, შესაძლოა ჩვენშიც იყოს და მაინც ისე შემოაღწიოს იმათთაგანმა, ან მისი იდეოლოგიის მქონე პიროვნებამ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს არ დავუშვათ. თუ რაიმე დაგჭირდება, მხოლოდ ამ ადამიანების იმედი იქონიე, სხვებთან პირდაპირ კონტაქტს ერიდე, რადგან არ იცნობ ისე კარგად არავის, როგორც ჩვენ. -დიდი მადლობა, ჯენტლმენებო. - თავი დაუკრა ირაკლიმ. - აქ საქმეზე ჩამოვედი, და მინდა თქვენგან გავიგო ყველა გარემოება თუ რაიმე იცით. ჯერ თქვენგან დავიწყებ დაკითხვას თუ წინააღმდეგი არ იქნებით. -არა, რა თქმა უნდა. - წამოიძახა ბაკურმა. - მზად ვართ დაგეხმაროთ. ჩვენი საერთო იდეა იყო გარესამყაროსთან დაკავშირება და ამან შედეგი გამოიღო. -ჯერ არ ვიცით როგორ გამოიღო, მაგრამ გპირდებით... - დაიწყო გამომძიებელმა. - რომ ყველაფერს გავაკეთებ, რის საშუალებასაც ეს ადგილი და გარემოება მომცემს. პირველ რიგში გუგას გავესაუბრები, პირისპირ. - როგორც კი ეს თქვა სამივემ დატოვა კაბინეტი და მარტონი დარჩნენ. -აჰა, როგორც იქნა მოგვეცა საშუალება საქმეზე გადასვლის. - თქვა ექიმმა. - აქ არის ჩემი ოჯახი, ყველაფერი ძვირფასი, რაც გამაჩნია ამ შენობაშია და იმ ბინაში, სადაც უკვე იყავი. -პირველ რიგში მინდა მთავარ თემას შევეხო და იმ მკვლელობაზე მომიყვე, რაზეც აქ ჩამოვედი. შემდგომში ნელ-ნელა გავერკვევი საქმის ვითარებაში და ისე გადავწყვეტ როგორ ვიმოქმედოთ. სიმართლე გითხრა, მიჭირს ფიქრი, საიდან დავიწყო არ ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ ამაში თქვენ მიერ მონაყოლი ამბავი დამეხმარება. -ეს ოთხი წლის წინ დაიწყო, როდესაც პირველად ეს ადამიანი, საგრძნობლად დიდი ტანის მქონე ადამიანი ჩვენს სოფელში გამოჩნდა. უცხონი ხშირად არ ხვდებიან ჩვენს სოფლად, მხოლოდ საჭიროებისამებრ იწოვს სიცილია, როგორც უკვე გითხარი და როგორც ჩანს მისი გამოჩენა ამ ადგილის გეგმის ერთ-ერთი მცირე ნაწილი იყო, რომელიც უნდა შესრულებულიყო. მისი მკვლელობაც. არ ვამბობ, რომ საშინელება არ არის როგორც მას მოექცნენ, მაგრამ მისმა სიკვდილმა შენი ჩამოსვლა გამოიწვია, შენმა ჩამოსვლამ კი სხვა რაღაცებისკენ უნდა წაიყვანოს სიცილიის გეზი და ბელადის მიზნები მთლიანად უნდა შეცვალოს, ამიტომ ამაში კარგსაც ვხედავ. - მცირე ხნით შეისვენა ექიმმა, თანამოსაუბრეს გადახედა და განაგრძო. - დავუბრუნდეთ მის ჩამოსვლას. კარდაკარ დადიოდა უცხო და დახმარებას ითხოვდა. კითხულობდა სად მოხვდა, როგორ უნდა გაეღწია აქედან და ცოლ-შვილის პოვნაში სჭირდებოდა დახმარება. ჩემს კარზეც მოვიდა, მაგრამ იმ პერიოდში მისი დახმარება ვერ გავბედე, რადგანაც ყველა გარეთ გამოსულიყო და ამ კაცს თან დაჰყვებოდა, ინტერესით უყურებდნენ. კარი მივუხურე და ჩემთვის ჩვეული საქმიანობა გავაგრძელე. -ბელადს რა რეაქცია ჰქონდა უცხოს ჩამოსვლაზე. -სხვათაშორის ისეთი არა, როგორიც შენს გამოჩენაზე. თუმცა მისმა დამქაშებმა წრე შემოარტყეს და ბადეში გაახვიეს, დაიჭირეს, შეაგდეს სატვირთოზე და სასწრაფოდ მოსწყდნენ იქაურობას. ბელადმა კვლავ მე მიხმო. უცნაურად მოგუდულად ლაპარაკობდა უცხო, არც სახელს ამბობდა თავისას, არც იმას საიდან მოვიდა და ეს ბელადს შიშს ჰგვრიდა. ამიტომ მე მიმაგზავნა დასალაპარაკებლად და მან შემაძრწუნებელი ამბავი მიამბო. -რა გიამბო? - ჩაეკითხა ირაკლი, როცა კვლავ შეისვენა ექიმმა და თითქოს გაგრძელებას აღარ აპირებდა. -მან მიამბო, როგორ მიდიოდა დასასვენებლად თავის ცოლ-შვილთან ერთად. შვილი პატარა ჰყავდა, ექვსი თვის, ბიჭი და უეცრად გზიდან გადავარდნენ. ყოველგვარი კომუნიკაცია დაკარგეს სამყაროსგან, ავტომობილი ხეს შეასკდა და თავი საჭეს ძლიერად დაჰკრა. რომ გამოფხიზლდა ცოლი გვერდით არ ჰყავდა, უცნაური არსებები დაესივნენ, როგორც აღწერა, ის მაჯლაჯუნებზე არ საუბრობდა, არამედ გაცილებით უარესზე. ჯორვილები გაცილებით უფრო სადისტები და უგულო არსებები არიან, ისინი აკონტროლებენ გარესამყაროსთან დამაკავშირებელ ყველა გზას და გოლიათი მათ ხელში ჩავარდნილა. ბრძოლით ცდილობდა გზის გაკვლევას თან ხელში თავისი შვილი ჰყავდა. მოგეხსენება, რას არ გააკეთებს მამა შვილის დასაცავად. ამ პერიოდში ტყვედაც ჩავარდნილა, სხვა ადამიანებს შეხვდა, ვინც ასევე მათ ტყვეობაში იმყოფებოდნენ და გაცილებით უარეს პირობებში. ზოგს ცოცხლად წვავდნენ, ან ცხელ დიდ ქვაბში ყრიდნენ მოსახარშად და მათით იკვებებოდნენ. ეს კაციჭამია არსებები ძრწოლას გვრიდნენ მამა-შვილს და ერთხელაც მათგან გაქცევის სურვილით სხვებიც აიყოლია. მერე... - დაფიქრდა ექიმი, იხსენებდა. - შემდეგ იასამნისფერ კარს მიაგნეს, მისმა თანხმლებმა იცოდნენ გასაღების ადგილმდებარეობაც, ჭიშკარი გააღეს, მაგრამ ამ დროს ჯორვილები კვლავ დაესხნენ თავს. რამდენიმემ გაქცევა მოახერხა და ვინც ეს შეძლო შვილი მათ გაატანა იმ პირობით, რომ დაიცავნდნე და რამენაირად დედამისს მიუყვანდნენ, რომელიც სამყაროს მიღმა დარჩა და გრძნობდა რომ ეძებდა მათ. ასევე ის მომიყვა რომ რაღაც სასწაულით კომუნიკაციის დაბლოკვის წყარო გათიშეს და რამდენიმე წუთით შეეძლოთ დაკავშირება მათ ძვირფას ადამიანებთან. ერთი მობილური გააჩნდათ და რამდენიმეს უნდა დაერეკა, ბოლოს ამ ადამიანის ჯერიც დადგა, დაურეკა მეუღლეს და პირველი რაც ჰკითხა ის იყო შვილმა თუ მიაღწია მასთან. ქალმა დააწყნარა, უთხრა რომ ბავშვი ხელში ჰყავდა და უსაფრთხოდ იყვნენ, მთავარი იყო თავად გაეძლო და მათთან დაბრუნებოდა, მაგრამ რა წამს დაიყვირეს: მოდიან... ისინი კვლავ მოდიან... კვლავ დაიბლოკა კავშირი, გაითიშა და მხოლოდ იმის გაგება მოასწრო როგორ ეძახდა შვილი „მამას“. ბრძოლაში ჩაერთო და დაღლილი, როდესაც სამშვიდობოს ეგონა გააღწია სიცილიაში მოხვდა და ხალხს ევედრებოდა დახმარებას. -ძალზედ საშინელი ისტორიაა. და რა გააკეთა ბელადმა? -ბელადმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. წლები აწამებდა. ცდილობდა გაეტეხა და მის დამხმარედ ექცია, თუმცა არ გამოუვიდა და ამის ნაცვლად ოთხი წლის შემდეგ ჭაში ჩააგდო. -მეტი არაფრის თქმა არ შეგიძლია? -არა. - უთხრა ექიმმა. - ეს ნამდვილად არ არის დეტექტიური რომანი, სადაც დამნაშავის პოვნას ცდილობ. დამნაშავე თავადვე ცნობილია, მხოლოდ მისი გამოაშკარავება და მისგან სამყაროს გადარჩენაა საჭირო. -ხო, ნამდვილად. დეტექტიურ ჟანრს კი არა, უფრო თრილერს და მძაფრსიუჟეტიანი სტილის ნაწარმოებს წააგავს ჩვენი ცხოვრება. მისტიურ განყოფილებებში საპოვნელ წიგნებად უნდა სახელდებოდეს. -ჰაჰ. - გაეცინა ექიმს და წამოდგა. - დავუძახებ დანარჩენებს. მათგან უფრო საინტერესო ამბებსაც მოისმენ, ისინი ძირძველი მაცხოვრებლები არიან და ჩემზე უკეთ იცნობენ სიცილიას. -კარგი. ბაკური შემოვიდეს. - სახელდახელოდ შეისწორა შარვალი ირაკლიმ და კარგად მოკალათდა რბილ სავარძელში, სადაც ერკიულ პუარო ჩაეშვებოდა ხოლმე თავისი რუხი უჯრედების გასავარჯიშებლად და ფიქრს შეჰყვებოდა. .................... კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ხანგრძლივი ლოდინისთვის. თუმცა სიახლეები მაქვს და ახალ ამპლუაში დაგიბრუნდით. ცოტა მძაფრი სიუჟეტით გრძელდება ისტორია თუმცა ამ კატეგორიის მკითხველს იმედია მოეწონება. გამაგებინეთ რას ფიქრობთ. მადლობა დიდი უზომოდ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.