ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 8)
აბა ისიამოვნეთ ჩემო ძვირფასებო და ველი თქვენს შთაბეჭდილებებს. ძალიან მახარებს რომ ჩემთან ხართ! ---------------------------------------------------------------- დამაბნეველი გრუხუნი არ წყდებოდა. ირაკლი პასუხებს ეძებდა, თუმცა იმდენად შეშინებულნი იყვნენ ვერავინ პასუხობდა. გუგა ექიმად მოწოდებული ყველას დასახმარებლად მიიწევდა, ვინც კი ოდნავ დაშავდებოდა, ან შეშინებულთ თუ მხოლოდ დამშვიდება და დაწყნარება ესაჭიროებოდათ. ბაკური ცდილობდა ყველა გარეთ გამოეყვანა და თავიანთ აშენებული თავშესაფრისკენ წაეყვანა მიწისქვეშ. ხელით ანიშნებდა ყველას, არ აინტერესებდა ის მათი კლუბის წევრი იყო თუ არა, ყველას გადარჩენას ცდილობდა და ადამიანურ ფარგლებში დახმარებას. ნუგო არსად ჩანდა, ვერც ნოდარის ხედავდა და ამიტომ კვლავ თავად სცადა ჭეშმარიტების გარკვევა. იმ ადგილას წავიდა სადაც გუგამ უძველესი გრაგნილები აჩვენა და ყველა გრაგნილი აუცილებლად უნდა შეესწავლა. გაჭირვებით შევიდა შიგნით, თან ფანარიც წაიღო ამჯერად. -ყველაფერი უნდა გავიგო. - თავის თავს აღუთქვა და სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა გვირაბს. - უნდა გავიგო ვინ არის ის კაცი... „და მოვა კაცი იგი“ - გაიმეორა გრაგნილის ჩანაწერი და იმ ფსიქოლოგის სიტყვები, რომელმაც თავი მოიკლა. - ამაში რაღაც საიდუმლო იმალება, ისე გამორიცხულია. ყველაფერს გავიგებ და მერე მაგ დედანატირებ ბელადს სიცოცხლეს გამოვასალმებ... სიყვარული იქნებ... იქნებ დავაბ... - გვირაბი უეცრად შექანდა. წაიქცა გამომძიებელი და თავი კედლის შვერილს მიარტყა. როდესაც თავზე დაიდო ხელი სისველე იგრძნო, გონებას კარგავდა. ვინ უშველიდა, არავინ იცოდა სად იყო. ბოლოსღა გაიფიქრა „სიცილ...“ და გაითიშა. -გუგა აქეთ. - დაუძახა ბაკურმა, რომელმაც ყველა იქ მყოფს ერთად მოუყარა თავი. საბილიარდოს გვერდით პატარა კარი იყო, საიდანაც კიბეებით შეგეძლო ჩასვლა დიდ მეტალის ბურთში, რომელიც ასევე გუგას ბაბუამ აღმოაჩინა და ბელადისგან დასამალადაც იყენებდა. - შენი დახმარება გვჭირდება. -ვხედავ ბაკურ, ვცდილობ... -ყველა შიგნით შევიყვანოთ და იქ დაეხმარე. -კარგი, ჯანდაბას! -ფიქრის დრო არ გვაქვს, დაიღუპებიან. -ვიცი, მაგრამ ეს ჩვენს გეგმაში არ შედიოდა. - ყვირილით საუბრობდნენ რომ ერთმანეთის გაეგოთ. ქარიც მძვინვარებდა და გრუხუნი არ წყდებოდა, თითქოს ყუმბარმტყორცნი გაუჩერებლად მოქმედებდა და ზარბაზნებს სიცილიის ტერიტორიისკენ უშენდა. -ახლა მაგაზე ფიქრის დრო არაა! - განრისხებით დაუყვავა ბაკურმა და კეფაში ხელი წამოარტყა. - გამოფხიზლდი ექიმო, სამყარო იშლება... მგონი დრო მოდის, ვერ ხვდები? ვფიქრობ მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო... წინასწარმეტყველება სრულდება. როდის დაელაპარაკები ამაზე ირაკლის? - როგორც კი მისი სახელი ახსენა თვალებით ძებნა დაიწყო. - ხო მართლა, სად არის ირაკლი? -არ ვიცი ბოლოს...- წამით შეყოვნდა ექიმი, ჩაფიქრდა, თვალები გაუფართოვდა და ხელი შუბლზე მიირტყა. - ღმერთო... მგონი აკლდამისკენ მიმავალი დავლანდე. იმდენად გადავერთე დაშავებულთა დახმარებაზე ირაკლი არც გამხსენებია, სასწრაფოდ შეიყვანე ისინი გვირაბში და წამომყევი, ეს არ უნდა გაეკეთებინა! უყურებდა ბაკურს როგორ შეჰყავდა ხალხი კარში და ისინი უჩინარდებოდნენ. უყურებდა ხალხს, დაშავებულთ თუ ჯანსაღთ, შეშინებულთ თუ ცნობისმოყვარეთ, რომელთაც ახლოდან სურდათ ნახვა. ბაკური უფროსებს წინ მიუძღოდა და შეჰყავდა ბუნკერში, ბავშვებს და ცინგლიანებს კი ქეჩოში მოჰკიდებდა ხელს და ძალით მიჰყავდა კარამდე რათა გადაერჩინა. თვალს მხოლოდ ბელადის გარეწრებზე ხუჭავდა. სახეში ლაწანს გაადენინებდა და ეტყოდა თქვენ აქ უნდა დაიმარხოთო. საჩქაროდ ჩაკეტა კარი და გუგას მიჰყვა. მიიწევდნენ ანთებული ჩირაღდნებით და ცდილობდნენ მყარად მდგარიყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ სისხლის კვალი შენიშნა გუგამ. -დაშავდა? - ჰკითხა ბაკურმა. -ნამდვილად ვერ ვიტყვი გუგას სისხლია თუ არა, მაგრამ ვფიქრობ... შესაძლოა... -ენის ბორძიკით საუბრობდა გადაღლილობისა და ნერვიულობისგან უკვე და ცდილობდა კიდევ უამრავ ადამიანს დახმარებოდა. -კარგი, გზა გავაგრძელოთ. ნოდარი და ნუგო სადღა დაიკარგნენ ეგ გამაგებინა ახლა! -არ ვიცი.. ყოველ შემთხვევაში თუ გონზე არიან მათ იციან თავშესაფარზე და შეუძლიათ თავი შეაფარონ, ირაკლი კი საფრთხეშია. -ბელადი მის კუდზე ზის, მარტო არ უნდა ემოქმედა, რაზე ფიქრობდა?! -ან რითი?! - კითხვითვე უპასუხა ექიმმა და გაეცინათ. სიცილს გვირაბმაც ხარხარით უპასუხა და შექანდა. უკვე წაქცევას იყო ექიმი რომ ბაკურმა ხელი შეაშველა და დაიჭირა. - მადლობა. -გმირი ვარ ვიცი, თქმა რაღა საჭიროა ყოველ ჯერზე. - თვალი ჩაუკრა ბაკუმ და გზა ფრთხილად განაგრძეს. სისხლის კვალი სულ უფრო ხშირდებოდა. გვირაბი კი უფრო საშიში ხდებოდა. წინ მიიწევდნენ ბიჭები და ცდილობდნენ ერთმანეთის კვალს მიყოლოდნენ და ერთმანეთზე ზრუნვით გადარჩენილიყვნენ. როგორც კი მიაღწიეს, ამის შემდეგ დაბლა დაეშვნენ კიბეებით და უზარმაზარ კარში შევიდნენ. ერთი შეხედვით არავინ იყო, სარკოფაგს ჰგავდა იქაურობა და საშიშად გამოიყურებოდა უცხო თვალისთვის, თუმცა გუგასა და ბაკურის თვალი დიდი ხანია შეჩვეული იყო. რაც წინააღმდეგობრივი ქმედებები დაიწყო ექიმმა, მას შემდეგ ჩამოაყალიბა ოთხი რაინდის ორდენი, საბილიარდო კლუბი კი მხოლოდ ფასადს წარმოადგენდა გარშემომყოფთათვის, სადაც კაბინეტში დიდი საკითხები განიხილებოდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ღრძო ადამიანისთვის ბოლოს მოღება, რომელიც მთელ სამყაროს საფრთხეში აგდებდა და არა მარტო სიცილიას. „ნუთუ ეს ბარიერი იქამდეც არსებობდა?“ - ჩაფიქრდა ექიმი და ცდილობდა ვინმეს მოყოლილთაგან რამე ამბის ნაწილი მაინც გაეხსენებინა, თუკი ვინმეს ამის შესახებ რამე ჰქონდა ნათქვამი, თუნდაც მასაც სხვისგან ჰქონოდა განაგები, მაგრამ არ ახსოვდა. – „ეს ბარიერი თავად ბელადმა აღმართა თუ მხოლოდ ბუნებამ დანარჩენი სამყაროს დასაცავად?“ - გრძნობდა როგორ ებჯინებოდა ყელში ბოღმა და ამ კითხვაზე აინტერესებდა პასუხი. -ირაკლი... ირაკლი აქ ხარ? - ყველგან ეძებდნენ, თუმცა ამაოდ. ცარიელი იყო დარბაზი. არც არავინ აგონებდა ხმას. - იმედია არაფერი დამართნია. სისხლი... - კვლავ გაიხსენა გუგამ. სისხლის ლაქები კვლავ ჩანდა თუ კარგად დააკვირდებოდი. მას მიჰყვნენ და ამ უზარმაზარი დარბაზის ერთ-ერთი მაგიდის ქვეშ გონდაკარგული იპოვეს. -აქ არის. - სიჩუმე ბაკურმა დაარღვია და ექიმს შეხედა. -სასწრაფოდ ბეტადინი და სახვევი მომაწოდე ჩანთიდან. - მიმართა მეგობარს და პერანგის სახელოები აიწია. თავი რბილზე დაადებინა, ცივი საგანი დაადო ჭრილობაზე მანამ სანამ შეხვევას შეძლებდა. ჯერ ბეტადინით დაუმუშავა ჭრილობა და შემდეგ შეუხვია ბევრი სისხლი რომ არ დაეკარგა. გასაცოდავებულად ეგდო ირაკლი პირქვე, ხელები სულ სისხლიანი ჰქონდა, ეტყობოდა ხელით ცდილობდა სისხლის შეჩერებას და ბოლოს პერგამენტებთან ახლოს გონება დაკარგა. -მგონია ამ ბიჭს ჩვევაში გადასდის უკვე გონების კარგვა. - გახუმრება სცადა ბაკურმა და თავი მიატრიალა ექიმის სახე რომ არ დაენახა. -თავდადებული ადამიანია ირაკლი და სწორედ ასეთი გვჭირდებოდა ჩვენ. ის ყველაფერს შეცვლის აი ნახავ. -კი ვიცი... ყველაფერი ერთსა და იმავეზე მეტყველებს. ყველაფერს თავისი... -გაჩერდი, მგონი გონს მოდის. - შეაწყვეტინა ექიმმა და მართლაც ქუთუთოები აახამხამა ნიშადურის სპირტის შესუნთქვისას და გონზე ნელ-ნელა მოდიოდა. როგორც კი გონს მოვიდა და ექიმი დაინახა მაშინვე შეცბა, შეშინდა. სახეზე განრისხება დაეტყო და იმხელა ღვარძლი მოდიოდა მისი მზერიდან. -რა მოხდა? - გაოგნებულმა ჰკითხა გუგამ და ცდილობდა მიახლოებას, მაგრამ ირაკლი მისგან გარბოდა. ჯერ საუბარი უჭირდა, გონს ძლივს მოვიდა, შემდეგ კი როდესაც შეძლო სიტყვების სწორად დალაგება ხმამაღლა იღრიალა. -მატყუარა! - წარბები შეჭმუხნა და საოცრად გაღიზიანებულმა კვლავ ლომივით ფაფარი გაშალა. - მატყუარა! მატყუარა! მატყუარა! ისე იმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვას, რომ მაშინვე შეცბნენ. თითქოს მეტი სიტყვის წარმოთქმა ფიზიკურად არ შეეძლო და გუგას კი არ უყურებდა, არამედ თვალებით სადღაც შორს იმზირებოდა, ლუკას ხელმარცხნივ მხარსზემოთ უყურებდა სიცარიელეს. -და ის კაცი მოვა.... და ის კაცი მოვა... და მოვა იგი კაცი... -ღმერთო ჩემო, - გუგა შეიშალა. - იგივე ემართება მასაც, რაც იმ კაცს, პირველ უცხოს რომელიც აქ მარტო შემოვიდა. მასზე ვუთხარი თუმცა ყველაფერი არ მომიყოლია. ეს რა გააკეთე ირაკლი. შენ გარეშე არაფერი გამოგვივა, გთხოვ გონს მოდი... ძალიან გთხოვ. - სასწრაფოდ მივარდა მას, მხრებში სწვდა და მისი გამოფხიზლების იმედად გამომძიებელს ძლიერად აქნევდა, სახეში ურტყამდა, რათა მორეოდა ამ ძალას, რაც მას დაპატრონებოდა და ნამდვილი ირაკლი გამოსულიყო სააშკარაოზე. არაფერი გამოსდიოდა. -რა უნდა მოვუხერხოთ? - ჰკითხა შეცბუნებულმა ბაკურმა და არც მას გააჩნდა ნორმალური კაცის იერი. - ყველაფერი წყალში ჩაიყარა? არაფერს აღარ აქვს აზრი? ირაკლი ის არ აღმოჩნდა ვინც ჩვენ გვეგონა... -ის არის! - კვლავ გააწყვეტინა გუგამ. - ის არის, არ შევცდებოდი, გრაგნილები ათასჯერ მაინც მაქვს წაკითხული, ყველაფერი ემთხვევა. აუცილებლად გამოვა, ცოტა დრო უნდა, ვაცადოთ. შეიძლება გავიდეს ერთი, ორი ან ხუთი დღე, მაგრამ ის თვალს გაახელს, გამოძვრება, აი ნახავ. დამეხმარე წაყვანაში, გაშალე. ხელები და ფეხები ძალით დაუბეს, რათა არ ემოძრავა, თუმცა მაინც ისე ფართხალებდა, თითქოს დასაკლავად მიჰყავდათ. კვლავ ერთსა და იმავეს იმეორებდა, გონებაში ათასგვარი ვარიანტი უტრიალებდა გუგას დასასრულის. როგორ შეიძლებოდა დასრულებულიყო მათი ბედი, როგორც მამის და ბაბუის? თუ იქნებოდა რამე განსხვავებული და შეძლებდა გამარჯვების მოპოვებას. არადა ყველაფერი ჰქონდა ხელთ, კარგი მეგობრები, კარგი გეგმა, ირაკლიც კი ჰყავდა, მხოლოდ გასაღ... -მატყუარა! - ექოდ მთელ გვირაბში გაისმა და ფიქრი შეაწყვეტინა ექიმს. -დამშვიდდი იკა. ყველაფერი კარგად იქნება. დამშვიდდი მეგობარო, გიშველით ძმობილო. - მისი ხმა არც ესმოდა გამომძიებელს, რადგანაც მთელი ხმით ყვიროდა. როდესაც გამოქვაბულიდან გავიდოდნენ ინკოგნიტოდ დარჩენა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ამიტომ ექიმმა პერანგის სახელოები მოიჭრა, კარგად დაახვია ერთმანეთს და ირაკლის პირი აუკრა. ზეწარით მიჰყავდათ, ერთი ბოლოდან ბაკურს ეკავა, მეორედან ექიმს და გუგა წინ მიდიოდა, რადგან მასზე უკეთ ეს გამოქვაბული არავინ იცოდა. გარეთ გააღწიეს, ფერდობს გაუყვნენ და მარცხნივ შეუხვიეს. პატარ-პატარა სახლების მწკრივი ჩაიარეს, ხალხი გარეთ იყო გამოსული განუკითხავად ყვიროდნენ და შეშინებული ხან ერთ კარს მივარდებოდნენ დახმარების სათხოვნელად, ხან მეორეს. ღრიალებდნენ და უსიკვდილოდ თხოვდნენ ყველას დახმარებას. თუმცა მაშველი არავინ ჩანდა. უსახლკაროდ დარჩენილები და ისინი ვინც შეშინებულები სახლებიდან გამოვარდნენ უსაფრთხოდ არ ვიქნებითო ცდილობდნენ სადმე ისეთ ადგილას შეეფარებინათ თავი, სადაც გადარჩებოდნენ, ცეცხლის წვიმა იზრდებოდა, ირაკლის რამდენჯერმე წაკიდებული ცეცხლი ჩაუქრეს და თავადაც იწვოდნენ. გაჭირვებით მიაღწიეს ბუნკერს და შიგნით შევიდნენ. ბაკურმა კარი დატოვა ღია, უკვე აღარ აინტერესებდა ვინ შემოვიდოდა, მთავარია სიცოცხლე გადაერჩინა. -იმედია ამად ღირხარ მეგობარო. - ეჭვით თქვა ბაკურმა და ნამწვებზე ხელი კიდევ ერთხელ გადაისვა, უკეთ რომ ჩაექრო. - სიცოცხლე მიყვარს და თუ შენ უნდა გადაგვარჩინო, მაშინ წამოდექი! - ბოლო სიტყვა ძალზედ ხმამაღალი გამოუვიდა. მიწის ქვეშ ექოდ ტრიალებდა ყრუდ კარგა ხანს, სანამ ნელ-ნელა არ მიწყნარდა და გაჩუმდა. -დააცადე, აქ მისთვის დრო სხვაგვარად, უფრო ნელა გადის, ვიდრე გარესამყაროში, ამიტომ ამას დრო სჭირდება. - გაახსენა ექიმმა და თვალებით ანიშნა გაჩუმებულიყო და ზედმეტს ნუ საუბრობდა. ბაკური ჩამოჯდა, სახე ხელებში ჩარგო და ცრემლების დამალვას შეეცადა. გუგა გვერდით მიუჯდა მას შემდეგ რაც პაციენტი დააბინავა, დააწვინა და თავს მომვლელი მიუჩინა. თუ რამე შეიცვლება მაშინვე მეძახიო დაუბარა და ირაკლი დატოვა. წამოსვლისას დარცხვენით შეხედა და ბოდიში მოუხადა. -ფიქრობ გამოძვრება? - კვლავ არ ცხრებოდა ბაკური. -კი, აუცილებლად. სისხლის ანალიზს გავუკეთებ ცოტა ხანში და გავარკვევ რამდენად დაავადდა. მას არ უნდა მორეოდა ეს რაღაც, ჯანდაბა! -ასე არ მინდა დასრულდეს. -მე მითუმეტეს. თუმცა ყველაფერს აქვს საფასური, ყველა ქმედებას აქვს თავისი ფასი. ადამიანები ყველაფერს ვედებით, ყველაფერი გვაინტერესებს და სამყაროს ბუნებას არ ვსწავლობთ სწორად. რასაც მოგცემს იგი, რასაც მისგან მიიღებ, ორ იმდენს ითხოვს უკან შენგან. პასუხისმგებლობა დამაკისრეს ჯერ კიდევ იქამდე, სანამ იდეაში ვიქნებოდი. ვინც ეს დაწერა... მას კარგად ესმოდა რას წერდა და როგორ. ეს უბრალო პერგამენტები როდია რასაც ვინახავ და რასაც მალევე მოვაცილე ირაკლი... თუმცა აქ შევცდი. უნდა მიმეცა ბოლომდე გაცნობის საშუალება. უნდა მეთქვა ყველაფერი, მაგრამ შემეშინდა. მისი რეაქციის შემეშინდა. -ახლა ვერაფერს შეცვლი, კარგის იმედი უნდა ვიქონიოთ. მხოლოდ ეს არის მთავარი. - თქვა ბაკურმა და შორიახლოს თვალი ნოდარსაც მოჰკრა. მის გვერდით ნუგო იჯდა, ფეხზე დამწვრობები ეტყობოდა და თავზე იკიდებდა ხელს. - აი ესენიც სად ყოფილან, ნუგოს და დანარჩენებს შენი დახმარება სჭირდებათ, მეც ვეცდები მოგამარაგო იმ მასალით რაც დაგჭირდება შენ კი მათ უმკურნალო. -მოიცა... - ექიმი წამოდგა და ბაკურს შეხედა. მერე ნუგოს და ნოდარს გადახედა და ჩაილაპარაკა. - ძველი მეთოდი უნდა ვცადო, იქნებ მეც შევძლო, როგორც მამაჩემს და ბაბუაჩემს შეეძლოთ. -გაგიჟდი? ასე შენ დასუსტდები... -კი მაგრამ ამდენ ადამიანს გასაჭირში ვერ დავტოვებ, მარტო ყველას ვერ ვუმკურნალებ, ვერ გავწვდები ამდენს, ვერც რესურსით ვერც ჯან-ღონით. მირჩევნია ვცადო. ეს სისხლში მაქვს. -რა ჯიუტი ვინმე ხარ რა. ვერაფერს გადაგაფიქრებინებს კაცი. კარგი, მე მზად ვარ გასაქცევად. - გაეცინა ბაკურს და უკან გაჰყვა. ნოდარი და ნუგო ფეხზე ძლივს წამოდგნენ ექიმის დანახვისას. -ვერსად გიპოვეთ ყველგან გეძებდით ბოლოს კი კვლავ ბუნკერში დავბრუნდით. - ახსნა განმარტებასავით ჩამოარაკრაკა ნუგომ და მოუბოდიშა. -გამოქვაბულში ვიყავით. - ბაკურმა უპასუხა. - ჩვენი ძმა და მეგობარი ბატონი პოლიციელი იქ დახეტიალობდა. -რა? იქ მარტო წავიდა? - თვალები გაუფართოვდა ნოდარს და ექიმს შეხედა. - ახლა როგორაა? მითხარი რომ გამოძვრა! -არა. და სწორედ ახლა ვაპირებ მის გადარჩენას. -არა, ეს არ ქნა. ძალიან გთხოვ. სხვა გამოსავალიც იქნება. - ნუგო მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს, თუმცა ექიმმა არად ჩააგდო. -ჯერ შენზე ვცდი. თუ გამოვა მასზეც და ყველაზე უნდა გამოვიდეს. -სარისკოა რომ შენ ჩარჩები შემდეგ, ვერ ხვდები? შენც საჭირო ხარ გუგა. შენც ამ ხალხს სჭირდები. - შეუტია ნოდარმა და მხარზე დაადო ხელი. - ასე არ გაგვწირო მეგობარო. -ის უფრო საჭიროა. მას აქვს შესაბამისი ძალები, რაც ამ სამყაროს გადაარჩენს. მხოლოდ გასაღები უნდა იპოვოთ და ეგ არის. მხოლოდ ასე შევძლებთ ძველი სიცილიის დიდების დაბრუნებას. ბელადი უნდა მოკვდეს. მას მე მოვუღებ ბოლოს საკუთარ სიცოცხლედაც რომ დამიჯდეს. -სულ შეიშალა. - თქვა ნუგომ და ექიმის დაჟინებული მზერით მიხვდა რომ უნდა დაწოლილიყო. გაწვა მიწაზე და განაჩენს დაელოდა. ექიმი ცდილობდა ენერგიის ერთად მოყრას, ცდილობდა ძალის პოვნას რომელიც მასში უნდა ყოფილიყო, თუმცა იყო თუ არა დაზუსტებით არ იცოდა. „მამაჩემს გამოსდიოდა. ბაბუაჩემს შეეძლო, მეც ყველაფერს გავაკეთებ და შევძლებ. რას მასწავლიდა ბაბუა?“ - იხსენებდა ექიმი და თავის თავში წარმოთქმულ სიტყვების კორიანტელს ალაგებდა. საუბრობდა, რაღაც უცხო ენაზე თითქოს არამიწიერი სამყაროდან მოდიოდა მისი ხმა. თვალები გაუშტერდა, დაეძაბა სხეული და მიხვდა რომ ახლოს იყო. უნებურად აუთრთოლდა მთელი ტანი, თვალებში ცეცხლი აუკიაფდა და ხელებიდან თბილი, უფერო, გამოსხივების მაგვარი ტალღა გამოუვიდა, რომელიც ნუგოს მთელ სხეულზე მიაბჯინა, ერთი ხელი ფეხზე დაადო, მეორე მკერდზე. უფერო ტალღა შეიცვალა, განათდა, მეტად აკაშკაშდა და ნუგომ თავი უკეთ იგრძნო. თითქოს ხელახლა დაიბადაო. ბიჭებმა დაინახეს როგორ უქრებოდა სხეულზე დამწვრობის კვალი, როგორ უხორცდებოდა გატეხილი თავი და გაოგნებისგან ხმა ჩაუვარდათ, პირი უაზროდ დაეღოთ და დაიჩოქნენ. -შენ ეს შეძელი. - თქვა გაოგნებულმა ნუგომ და დაქანცულ ექიმს უყურებდა, რომელიც მისგან გადმოსული ჭრილობების უკვალოდ გაქრობას ცდილობდა. საბოლოოდ გაქრა ყველაფერი და შემდეგ ბაკურს დაადო ხელი, დაშავებული იყო, თუმცა იმდენად ამაყი იყო ამას არავის წინაშე არ აღიარებდა, თუმცა ექიმი ხვდებოდა და მისგან დაუკითხავად მასაც განაცდევინა შვების ხალასი. -კი ყველა ჩვენს წარმომადგენელს ეს ნიჭი წყევლად ადევს, მაგრამ საჭიროა, ნამდვილად საჭიროა. - ხვნეშით ძლივს წარმოთქვა ექიმმა სიტყვები, თუმცა ფეხზე ადგომას მაინც ცდილობდა. -დაწექი გუგა, დაისვენე. - შეჰყვირეს ერთხმად. -არა, მუშკეტერებო, დასვენების დრო არ არის. ჩემი ძმა უნდა გადავარჩინო. ახლა ის ისეთ ადგილასაა გაჭედილი, ბელადს არ ვუსურვებ, ირაკლი უნდა გადარჩეს. აუცილებლად და მას ყველაფერს გავუმხელ, რასაც აქამდე ვუმალავდი. - მისკენ წაიწია და გაჭირვებით ჩაიმუხლა მასთან. -ჯერ ძალები მოგეკრიბა მაინც. - კვლავ სცადეს შეჩერება, თუმცა ამაოდ. გუგა აღარ უსმენდა, ირაკლის გახელილ, შეშინებულ თვალებში უყურებდა და ცრემლები სდიოდა. -ჩემო ირაკლი, ჩემო ძმაო, ვწუხვარ რომ ამაში ჩაგითრიე, მაგრამ აუცილებელი იყო. მარტო ვერ გადავარჩენ ბელადისგან სიცილიას, შენი დახმარება მჭირდება, როგორც საჭირო მნიშვნელოვანი ასპექტის, ასევე ბროლის ბურთი... ბროლის ბურთი გვჭირდება, რომელიც მამამ სათუთად დამალა ყველასგან, სიცოცხლის მიწა და გასაღები. ეს ოთხი კრიტერიუმი ჩვენ ვართ... ცეცხლი ეს მე ვარ გამიცანი, - თქვა ღიმილით. - ჰაერს შენ განასახიერებ, წყალი ბროლის ბურთია და სიცოცხლის მიწა, რომელსაც შორეულ ტყეებში მივაგენი. ბროლის ბურთი დამრჩა, რომელსაც შენ გარეშე ვერ მივაგნებ და გასაღები, რაც ამ ოთხ კონტიგენს აერთიანებს და სამყაროს სრულიად შეუცვლის მიმართულებას, სიცილიას ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნებს. ცოტაც გაუძელი ძმაო, მე შენთან მოვდივარ, რომ მაგ ჯურღმულიდან გიხსნა. მიყვარხარ. - შუბლზე აკოცა იკას, ხელი მყარად დააჭირა მკერდზე და თვალები მაგრად დახუჭა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.