შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაცები არ ტირიან.(სრულად)


24-02-2024, 01:32
ავტორი cinnamongirl
ნანახია 3 810

ჰაი<3
დიდად მგონი არც არავინ ელოდით ამ ისტორიას, მაგრამ ჩემმა პასუხისმგებლობის გრძნობამ იმდენი მიღიტინა, ვეღარ მოვისვენე და მაინც დავასრულე.
პაწია გამოვიდა, ერთიდაიგივეს უაზროდ ტკეპნა გამომდიოდა და მალევე მივამთავრე :დ
იმედები რომ არ გაგიცრუვდეთ, აქვე გეტყვით რომ იმ ღრმა , ძლიერ და დიდ ისტორიებთან რაც საიტზე იდება ხოლმე საერთო არაფერი აქვს, თუმცა დროის გასაყვანად გამოდგება :დ

*კითხვამდე ამ ულამაზესს მუსიკას მოუსმინეთ, ჩემი რეკომენდაციით<3
https://youtu.be/2euQJ2jq9mA?si=U7UGnPAuOK-QwDQI


*
სუსხიანი ამინდის მიუხედავად ახალგაზრდა მამაკაცმა მაინც გადაწყვიტა თბილ ლოგინს რამდენიმე წუთით მოშორებოდა და სიგარეტის ღერთან ერთად აივანზე განმარტოებულიყო. გასვლისას ტელეფონის ეკრანს დახედა და საათი ყოველი შემთხვევისთვის შეამოწმა, უკვე ღამის 4 საათია, უნდა დაიძინოს რომ 5 საათი მაინც მოახერხოს გამოძინება, თუმცა ეს მისთვის არც თუ ისე მარტივია..
პირველად 8 წლის იყო როცა ერთ ჩვეულებრივ ღამეს უბრალოდ გამოეღვიძა და მიხვდა რომ ერთადერთი რაც შეეძლო, თვალების დახამხამება იყო. წარმოუდგენელ მღელვარებას გრძნობდა, თუმცა ამის გადმოცემას ვერც სიტყვებით ახერხებდა და ვერც სხეულის ენით. ბნელ ოთახში თვალების ცეცებას მოჰყვა და ამან მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ფანჯრიდან არეკლილი სინათლე რაღაც საშინელ არსებად მოეჩვენა რომელიც მისკენ იწევდა, უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა და ვინმე მასთან დასახმარებლად მივარდნილიყო თუმცა უშედეგოდ.. მის წარმოსახვაში მრავლდებოდნენ ურჩხულის მსგავსი არსებები და სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ მის ლოგინს, რამდენიმე ფეხზეც კი შეეხო და სადღაც წათრევა დაუპირა, სასოწარკვეთილმა მხოლოდ ის მოახერხა რომ გონებაში გაუჩერებლად სამი სიტყვა ემეორებინა: “ყველაფერი კარგად იქნება”
“ყველაფერი კარგად იქნება”
“ყველაფერი კარგად იქნება”.. და ბოლოს როგორც იქნა მართლაც დასრულდა იმ ღამით მისი კოშმარი. ნელნელა მისი გულისცემა ჩვეულ რითმს დაუბრუნდა და ბოროტი არსებებიც სადღაც გაუჩინარდნენ.. იმ დროს ალბათ ვერც წარმოიდგენდა რომ 20 წლის შემდეგაც ეს იქნებოდა მისი სადარდებელი , ვერ იფიქრებდა რომ წლების გასვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო შეძულდებოდა დაძინება. როცა პირველად დაემართა ძილის პარალიზი, მეორე დღეს გაღვიძებისთანავე მშობლების ოთახისკენ გაიქცა და გულამოვარდნილმა მთელი ბავშვური გულრწფელობით უამბო ღამის უსიამოვნებები, თუმცა იმ მომენტში მისი ნათქვამი სერიოზულად არავის მიუღია, რაღაცამ შეაშინა და სისულელეებს იგონებსო გაიფიქრეს, მშობლების გულგრილობისგან იმედგაცრუებული იაკობი მოუთმენლად ელოდა სკოლაში დაბრუნებას რომ ახლა თანატოლებისთვის გაეზიარებინა მისი ამბავი, ერთი სული ჰქონდა როდის მოისმენდა მათგან რაიმეს რაც ოდნავ მაინც მოჰგვრიდა შვებას, თუმცა აქაც შეცდა.. დასცინეს, მასხრად აიგდეს და მშიშარას იარლიყიც დაუფიქრებლად მიაკრეს, იმ დღის შემდეგ კი მკაცრად გადაწყვიტა რომ ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებდა და არასდროს აღარავის მოუყვებოდა თავის გრძნობებზე..

იაკობს ზუსტად იმდენად უყვარდა დილას გაღვიძება, რამდენადაც ეზიზღებოდა ღამით დაძინება, ამიტომ როგორც კი მაღვიძარის ხმა ჩაესმა, მაშინვე გათიშა და ფეხზე ენერგიულად წამოდგა იმის მიუხედავად რომ მხოლოდ რამდენიმე საათით მოახერხა გამოძინება. წინა დღის ნარჩენებით ისაუზმა, თვალი ახალ ამბებს გადაავლო და სამსახურისკენ დაიძრა, პირველ მომხარებელს 10 საათზე ელოდა და იქამდე მომზადებაც უნდა მოესწრო.
გზად ჩვეულებისამებრ ემიგრანტ დედასთან გადარეკა საცობში დროის გასაყვანად.
-როგორ ხარ იო?-თვალები აუციმციმდა ადრე გაჭაღარავებულ ქალბატონს როგორც კი ტელეფონის ეკრანიდან მონატრებულ შვილს მოკრა თვალი.
-კარგად ლელა, შენ როგორ ხარ?
-ამ უბედურებაში როგორ ვიქნები დედი? ამათი ხასიათების მე ვერაფერი გავიგე, კარგს ვუკეთებ თუ ცუდს ვუკეთებ ყველაფერზე ერთნაირად მებუზღუნებიან, უკვე აღარ შემიძლია რა!
-ხოდა ადექი და ჩამოდი! სულ ამას არ გიმეორებ? რას შეეწირე მანდ ვიღაც ხუანებს და პანჩიტებს.
-დაგავიწყდა რომ ერთი კვირაც ვერ ვძლებ მაგ დაწყევლილ ქალაქში? სულ მამაშენი მიდგება თვალწინ სადაც არ უნდა წავიდე და სუნთქვაც კი მიჭირს! ეს ხუანები და პანჩიტები კიდე როგორც შენ ეძახი ხანდახან ისე მართობენ რომ სულ აღარ მახსენდება ჩემი ტკივილი..მე კი არა, ნეტა შენ ჩამოსულიყავი , გუშინ ნაილის ბიჭს უკვე გამოუჩნდა სამსახური , დღეში 150 ევროს უხდიან , დილის 6დან შუადღის 6მდე მუშაობს.
-ლელა რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ეს ტვირთების ზიდვა არ შემიძლია!ყოველდღე თავიდან ხომარ გავივლით ამ საკითხს? არ მოგბეზრდა?
-აბა რა შეგიძლია დედა? რაღაც სისულელეების ჯღაპნა ადამიანების ტანზე? ლამის შენმა დამ გამოთქვას სურვილი მუშად მუშაობაზე ისეთი ხელფასებია და შენ რა გჭირს ასეთი? ან ეგ ვარჯიში რად გინდა თუ ვერაფერში გამოიყენებ? სულ მაგით ვამაყობდი რა ძლიერი შვილი მყავს-მეთქი მარა აბა რა ხეირი?
-ჩემი შემოსავლით კმაყოფილი ვარ ლელა, ჩემი საქმეც მიყვარს და დროა შენც შეეგუო ამას.
-კმაყოფილი ხარ არა? მამაშენის ახალგაზრდობის მანქანით როდემდე უნდა იარო? ან გასარემონტებელი სახლი მაინც როგორ არ გაწუხებს? ბეატრისისთვის ნიშნობის ბეჭდვის ყიდვა ისეც კი ვერ მოახერხე სესხი რომ არ აგეღო! ამის მერე კიდევ მეუბნები რომ კმაყოფილი ხარ შენი შემოსავლით?
-დაასრულე? შეიძლება გავთიშო?-სიმწრით ამოიხვნეშა იაკობმა და ცოტათი ინანა კიდეც დილის დადებითი განწყობა სრულად დედასთან საუბარს რომ შესწირა.
-მე დავასრულე, მაგრამ შენ იფიქრე ჩემს ნათქვამზე!

სტუდიის კარი შეაღო თუ არა, კვლავ დაიბრუნა დილის პოზიტივი. ისე უყვარდა საკუთარი ხელებით შეღებილ-გარემონტებული პატარა ოთახი რომ ყველანაირ სტრესს და დაძაბულობას უხსნიდა. პირველ რიგში სამუშაო სივრცე გაამზადა, შემდეგ ყავაც დაისხა და მომხმარებლის გამოჩენას მოთმინებით დაელოდა. როგორც იქნა ვარდისფერ კარზე ნანატრი ზარის ხმაც გაისმა.
-გამარჯობა, ბოდიში საცობების გამო დამაგვიანდა.-მორიდებით ჩაილაპარაკა ახალგაზრდა ქალბატონმა სუნთქვა აჩქარებულმა.
-არაუშავს ნინა, შემოდი, დაისვენე.-ღიმილით შეიპატიჟა შიგნით მამაკაცმა და კარის დასაკეტად გაიწია.

როცა მომხარებელმა ტატუსთვის ადგილიც შეარჩია და ზომაც, მისთვის განკუთვნილ საწოლზე განთავსდა და აღტაცებულმა , თუმცა ცოტათი მაინც შეშინებულმა იკითხა:
-ძალიან ხომ არ მეტკინება?
-საერთოდ ვერაფერს იგრძნობ.-საკუთარ თავში დარწმუნებულმა უპასუხა იაკობმა, ხელზე რეზინის ხელთათმანი ჩამოიცვა და ხატვა დაიწყო.
მისი თავდაჯერებულობა ახალგაზრდა ქალბატონსაც გადაედო , ბოლომდე მიენდო მამაკაცს და შიშიც სადღაც გაქრა.

“If you go, I'll stay
You come back, I'll be right here
Like a barge at sea
In the storm, I stay clear
'Cause I've got my mind on you
I've got my mind on you..”
პატარა ოთახში სიმღერის ხმა იმაზე ხმამაღლა ისმოდა ვიდრე ეს შესაძლებელი იყო, როცა იაკობი ხატვას იწყებს , მნიშვნელობა არ აქვს ეს ფურცელი იქნება თუ ადამიანის სხეული, პირველს ყოველთვის ამ სიმღერას რთავს და ის ემოცია რასაც მისგან იღებს ეხმარება რომ მისი ნახატები არასდროს გავდეს სხვას..
-არ მეგონა ლანა დელ რეის თინეიჯერი გოგონების გარდა სხვა ვინმეც თუ უსმენდა.-სიცილით ამოილაპარაკა ნინამ და თავდახრილ მამაკაცს დაჟინებული მზერით ჩააცქერდა, დარწმუნებული იყო რომ შემთხვევით ჩაერთო და ერთად გაიცინებდნენ მის ხუმრობაზე.
-დღეიდან გეცოდინება.-უხეშად, თუმცა ღიმილით უპასუხა იაკობმა ისე რომ მისთვის ზედაც კი არ შეუხედავს.

იაკობმა დაახლოებით ორმოცდაათ წუთში ხატვა დაასრულა და ბედნიერი მომხარებელიც სულ ხტუნვა-ხტუნვით გააცილა სტუდიიდან, თავად კი სამუშაო მაგიდას მიუბრუნდა.
გულის ჯიბიდან საყვარელი ქალისთვის შეძენილი ბეჭედი ამოიღო და ღიმილით დააკვირდა მის ყველა ნაწილს. როგორი ამაყი იყო საკუთარი გადაწყვეტილებით, ზუსტად ისეთი ბეჭედი შეარჩია როგორსაც მისი გოგო იმსახურებს, ზუსტად ისეთივე ლამაზი და ბრწყინვალე, როგორიც ბეატრისია მისთვის.. გონებაში რამდენჯერმე წარმოიდგინა როგორ თანხმდება მისი ცხოვრების სიყვარული სამუდამოდ ერთად ყოფნაზე და სხეულში სიამოვნებისგან ისე გააჟრჟოლა რომ სკამზე თავის შეკავება ძლივს მოახერხა.
გადაწყვეტილი ჰქონდა რომ მისი ხელი ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს უნდა ეთხოვა, თუმცა მოთმინება იმდენად ჰქონდა დაკარგული რომ პროცესის დაჩქარება გადაწყვიტა.
-რასშვები ბეკი?
-ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას, დღეს აუცილებლად უნდა შევხვდეთ, სალაპარაკო მაქვს.
-მე კიდევ სალაპარაკოზე მეტი მაქვს!-ხმით ჩაიცინა იაკობმა.-ხუთზე გამოგივლი და იცოდე რომ დღეს დიდხანს დალოდებას ფიზიკურად ვერ შევძლებ!
როგორც კი ბეატრისთან საუბარი დაასრულა, მაშინვე მომხარებლებისგან შეკვეთილი ესკიზების ხატვას შეუდგა, თუმცა ვერ ახერხებდა გამუდმებით რომ მაჯის საათისთვის არ ეყურებინა..

ზუსტად ხუთ საათზე საყვარელი ქალის სამსახურთან მიაყენა მანქანა, ნერვიულობისგან გაოფლილ ხელებს ისტერიულად იწმენდდა შარვალზე, ტვინში კი გაუჩერებლად იმეორებდა ტექსტს რომელიც გონებაში თავისდაუნებურად მოამზადა წინასწარ.
“მინდა ყოველ დილას როცა თვალს გავახელ პირველი იყო ვისაც დავინახავ, მინდა ყოველ ღამით სანამ დავიძინებ ჯერ შენში დავიკარგო.. მინდა საუზმეს, სადილს და ვახშამს გიმზადებდე და როგორც აქამდე, მერეც სულ დამავიწყდეს კერძებში მარილის დამატება შენზე ფიქრში გართულს.. მინდა ერთი მთლიანობა გავხდეთ და აღარასდროს ვიაროთ ცალ-ცალკე. მინდა შენი პარფიუმის სურნელი ჩემს ოთახში, მინდა შენი ქერა თმები ჩემი აბაზანის კედლებზე.. მინდა შენი ტანსაცმელი ჩემს კარადაში, თუმცა ვიცი მაინც რომ ჩემსას გამოიღებ და გადაიცმევ გაყინული სხეულის გასათბობად ისე, რომ არც დაფიქრდები.. მინდა შუაღამისას გამაღვიძო და შოკოლადი მომთხოვო, მე კი წუწუნით მაგრამ მაინც წამოვდგე მის მოსატანად.. მინდა შენს მეგობრებთან სიამაყით აღნიშნო რომ 45 წელი გავიდა , მე კი ისევ ჯიუტად გიმზადებ ყოველ დილას უშაქრო ყავას.. ცოლად გამომყევი ბეკი! გახდი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი! გახდი ჩემი შვილების დედა, ჩემი შვილიშვილების ბებია.. გახდი ქალი, რომლისთვისაც მოვკვდები..”

იაკობის ნერვიულობამ პიკს მაშინ მიაღწია როცა მისკენ მიმავალი ბეატრისი შენიშნა. სარკეში ჩაიხედა, თმები მაქსიმალურად შეისწორა და ეცადა ისეთი სახე მიეღო, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა, თუმცა ფეხის ნერვიულად თამაში მაინც ვერაფრით შეაჩერა და როცა მისი ბეკი მანქანაში მის გვერდით მოთავსდა ისევ უჩვეულოდ აუციმციმდა თვალები და ისევ ისე გაუბრწყინდა სახე მოსალოდნელი ბედნიერებისგან.
-რისი თქმა გინდოდა?-უცნაურად დაიწყო საუბარი ბეატრისმა და მისკენ საკოცნელად გაწეული მამაკაცი ხუთივე თითით შეაჩერა.
-რამე მოხდა?-იაკობის ღიმილიანი სახე დროებით ეჭვით სავსე გამომეტყველებამ ჩაანაცვლა, ვერაფრით ხსნიდა ბეატრისის ასეთ სიუხეშეს.
-მოკლედ.. საჩუქრების საყიდლადაც გასასვლელი ვარ, ამიტომ ბევრი დრო არ მაქვს და მირჩევნია მე დავიწყო, მერე თუ რამე გექნება სათქმელი, შენც მოგისმენ.
-ბეკი, მაშინებ!-სიმწრით ჩაეცინა იაკობს.
-ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი რომ ბევრი ვიფიქრე სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ბევრი კი არა, საერთოდ არ მიფიქრია , რადგან რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მეტად მტკივა გული.. მე კიდევ მინდა რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მორჩეს, ყველანაირი წყენების და ტკენების გარეშე, უბრალოდ მინდა რომ მორჩეს!
-რა? რაზე საუბრობ?-დაბნეულობისგან თვალები აემღვრა იაკობს, მისი მთლიანი განწყობა ერთიანად შეიცვალა უარესობისკენ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ელოდა წინ.
-როცა ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა და შენს უძილო ღამეებზე მომიყევი, მაშინ იმდენად მოხიბლული ვიყავი შენით რომ ამ ყველაფრის სერიოზულობაზე არც კი მიფიქრია, ამიტომ არც შენზე მითქვამს უარი.. ახლა კი ვხვდები რომ ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მართმევს და ასე გაგრძელება უბრალოდ აღარ შემიძლია.. შენი შფოთვები, შენი პანიკური შეტევები, შენი ძილის პარალიზი და შენი ათასი პრობლემა ჩემი ცხოვრებისთვის ზედმეტია იაკობ.. ძალიან ზედმეტი.-შეწუხებულმა ამოიხვნეშა , დიდი, ღუნღულა თმისამაგრით თმა მაქსიმალურად მაღლა აიკოსა და ცივი , გულგრილი მზერით ჩააცივდა მამაკაცს თვალებში რომ მისი პასუხი იქამდე ამოეკითხა, სანამ ის თავად გააჟღერებდა.
-მშორდები?-ხმა აუკანკალდა იაკობს, კისერში ძარღვები დაეჭიმა სულის ტკივილისგან, მისი ყურები კი რაღაც გაურკვეველმა წივილის ხმამ მოიცვა.
-ასე გამოვიდა..
-ხომ იცი..-ძლივს ამოილაპარაკა სახედაკარგულმა, სრულიად კანკალებდა ისტერიკისგან. ხმა, ხელები , სხეული, თვალის გუგებიც კი უკანკალებდა.
-ვიცი.-წინადადება გააწყვეტინა ბეატრისმა.-ვიცი როგორც გიყვარვარ, ისიც ვიცი მთელს სამყაროს რომ მაჩუქებდი, ოღონდ შენთან ვყოფილიყავი.. მაგრამ მე არ მჭირდება ეგ სამყარო, საერთოდ არაფერი მჭირდება შენგან.
-ფსიქოლოგთან მივალ, ან ფსიქიატრთან, ან არ ვიცი! ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი ბეკი! ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად!-ცრემლებისგან დასველებული ხელები სახეზე შემოხვია ქალს, რომლისთვისაც მართლა დათმობდა სამყაროს.. სათითაოდ ჩაუკოცნა სახის ყველა ნაკვთი და თან გაუჩერებლად , ხმა ჩამწყდარი უმეორებდა: “გთხოვ , ბეკი, არ მიმატოვო, გთხოვ..”
-საკმარისია!-უხეშად მოიშორა სახიდან მამაკაცის თითები ბეატრისმა და მანქანის კარის გასაღებად დაუფიქრებლად გაიწია.-დარწმუნებული ვარ იპოვი იმას, ვინც არასდროს მიგატოვებს.-საბოლოო დაშორებამდე რამდენიმე იმედისმომცემი სიტყვა დაუტოვა და მანქანიდან გადავიდა. ისედაც მონჯღრეული კარი ხმაურიანად გაიჯახუნა და მაქსიმალური სისწრაფით გაუყვა გზას, იფიქრა უეჭველად გამომეკიდება და სჯობს თავიდანვე მკვეთრად ჩამოვიშოროო.
იქნებ მართლა უნდა გაკიდებოდა იაკობი? იქნებ უნდოდა კიდეც გაკიდება? მაგრამ მაინც უძრავად იჯდა სიგარეტისგან ამომწვარ ნაჭრის ფერდაკარგულ სავარძელში და მთელი ძალით ებღაუჭებოდა გულის ჯიბეში მოთავსებულ ბეჭედს, იმ ერთადერთისთვის რომ შეიძინა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ.. თითებს ისე უჭერდა შავ, ბარხატის პატარა ყუთს თითქოს ვინმე უპირებდა წართმევას..

გონზე მოსასვლელად თითქმის ორი საათი დასჭირდა და სანამ სამყაროს მოძრაობას კვლავ აუბავდა ფეხს და სანამ კვლავ გახდებოდა მისი ნაწილი, იქამდე მარიამთან, თავის დასთან გადარეკა რომელიც ამ ორი საათის განმავლობაში გაუჩერებლად ურეკავდა.
-ერთხელ რომ არ გიპასუხებ უნდა დამელოდო როდის გადმოგირეკავ , ათასჯერ კი არ უნდა დარეკო! ასეთი რთულია ამის დამახსოვრება მარიამ?
-მეჩქარებოდა! სად ხარ? რა ხმა გაქვს?
-მანქანაში.
-რამე მოხდა?
-ბეკი დამშორდა.-ვეღარ მოითმინა და სლუკუნით ამოთქვა ორი სიტყვა.
-რა? როდის?
-ახლახანს.. ჯერ კიდევ მისი სამსახურის შენობასთან ვდგავარ და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო.
-ხომ ყველაფერი კარგად გქონდათ? ასე უბრალოდ ადგა და დაგშორდა?
-შენი პრობლემების ადგილი ჩემს ცხოვრებაში არ არის და ასე გაგრძელება აღარ შემიძლიაო მითხრა და წავიდა..
-და შენ რა გააკეთე?
-რა უნდა გამეკეთებინა მარიამ?
-არ იცი ასეთ დროს კაცები რას აკეთებენ? არ გაეკიდე? არ შეაჩერე? შენთან დარჩენა არ აიძულე?
-არა.
-ყოჩაღ! წავიდოდა ეგ გოგო, აბა რას იზავდა.. თუ თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ იყო, ამის მერე კიდე უფრო გაუმყარდება ეგ აზრი!
-შენი აზრით ყველაფერი იმიტომ მოგიყევი რომ შენგან ეს მომესმინა?
-აბა რისი მოსმენა გინდა? სახლში დაგპატიჟო და ხელსახოცები მოგაწოდო ცრემლების მოსაწმენდად? ნამდვილი კაცები მოქმედებენ შენსავით კი არ ქვითინებენ!

კიდევ რამდენიმე წუთს ისმინა უფროსი დის საყვედურები, ბოლოს კი როცა მის ყელში გაჩხერილი ბურთი იმხელაზე გაიზარდა რომ მისი შეჩერება ვეღარ მოახერხა, ტელეფონი უთქმელად გაუთიშა და სახე ხელებში ჩარგო.
სიყვარული მაშინაა ნამდვილი, როცა ორმხრივია, დანარჩენი კი უბრალოდ სევდაა, ან ტყუილი, ან თავის მოჩვენება.
იაკობს მართლა უყვარდა ბეატრისი, მართლა უნდოდა მასთან დაეკავშირებინა მთელი ცხოვრება, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო მისი სურვილის ორმხრივობაში. ახლა კი რა დარჩა მისი სიყვარულისგან? მხოლოდ ცრემლები, რომლებსაც მალავს..

სახლში მისვლას სრულებით არ ჩქარობდა, ცოტახანს განათებებით მორთულ თბილისში ისეირნა და როცა შემთხვევით იმ ადგილას აღმოჩნდა სადაც ერთი კვირის წინ ბეატრისისთვის ყველაზე ძვირფასი თვლებით მოჭედილი ბეჭედი შეიძინა, დიდხნიანი ფიქრის შემდეგ მაინც გადაწყვიტა შესულიყო და უკან დროულად დაებრუნებინა..
-გამარჯობა.-კარის შეღებისთანავე შეეგება თეთრებით შემოსილი ახალგაზრდა გოგონა.
-გამარჯობა, ბეჭდის დაბრუნება მინდა.. ერთი კვირის წინ შევიძინე.-საკუთარმა ხმამ თავადვე დასცა თავზარი, ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ბოლომდე ამბის ტრაგიკულობას.
-მახსოვხართ! ისე გულმოდგინეთ არჩევდით ბეჭედს.-ღიმილით ამოილაპარაკა გოგონამ და ანერვიულებულ მამაკაცს ხელიდან ბარხატის კოლოფი გამოართვა.-ქვითარი გაქვთ?
-ქვითარი? გასვლისთანავე გადავაგდე..
-ქვითრის გარეშე ნივთს სამწუხაროდ ვერ დავიბრუნებთ.
-ვერ დაიბრუნებთ? კი მაგრამ.. თქვენც ხომ იცით რომ აქ შევიძინე? თავადაც კი მიცანით!
-კი მესმის.. მაგრამ ასეთი წესები გვაქვს.
-და თქვენი აზრით რამდენად სამართლიანია რომ ამ წესს ახლა ვიგებ? ერთი კვირის წინ როცა ბეჭედი შევიძინე რატომ არავინ გამაფრთხილა ამის შესახებ? მენეჯერს დაუძახეთ! თქვენთან საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ.
-კარგით, ახლავე დავუძახებ მენეჯერს.

-ელი!-თითქმის ყვირილით შევარდა კონსულტანტი გოგონა მენეჯერის ოთახში.
-რა ხდება?-მაშინვე თავი ასწია ელენამ და ფერდაკარგულ თანამშრომელს იმედისმომცემი თვალები შეანათა.
-ვიღაც კაცია ბეჭდის დასაბრუნებლად მოსული.. ქვითარი არ აქვს!
-ხოდა გააბრუნე, ქვითრის გარეშე ვერ დავიბრუნებთ ხომ იცი.
-მენეჯერს ითხოვს..
-რა გაეწყობა, მომიწევს მე გავაბრუნო.-ღიმილით წამოდგა ფეხზე და მომხარებელთან შესახვედრად ნაბიჯის აუჩქარებლად გაემართა.

-გამარჯობა, მენეჯერთან საუბარი თქვენ გსურდათ?-ზურგით მდგომ მამაკაცს უკან დოინჯით ამოუდგა და მის პასუხს წარბაზიდული დაელოდა.
-ჭიამაია?!-ნაცნობი ხმის გაგონებისას გაოცებულმა შეჰკივლა ბავშვობის მეგობრის ზედმეტსახელი იაკობმა და წამებში შემობრუნდა მისკენ.
-იო? აქ რას აკეთებ?-ხმის კანკალით ჩაიცინა ელენამ და ხელებით მაშინვე მამაკაცის კისრისკენ გაიწია..

როცა მონატრებულმა მეგობრებმა ერთმანეთის ჩახუტებით გული იჯერეს, ელენამ მამაკაცი თავის პატარა კაბინეტში შეიპატიჟა და მისთვის ყავის მომზადებაც არ დაიზარა.
-ნივთებს ხშირად გვიბრუნებენ, ძირითადად ყელსაბამებს ან სამაჯურებს, ბეჭდებს თითქმის არასდროს! მხოლოდ ზომაში დასაპატარავებლად თუ მოიტანენ და ისიც იშვიათად, როგორც ჩანს როგორც სხვა დანარჩენშიც, ამაშიც განსაკუთრებული ხარ.-მამაკაცის პირდაპირ მოთავსდა და გადაღლილობისგან ჩაშავებული თვალებით მის ყელზე ჩამოკონწიალებულ ფერად სამკაულს მიაშტერდა.
-ახლა მხოლოდ იმას ვინატრებდი რომ განსაკუთრებულის ნაცვლად მეც ის რიგითი კაცი ვყოფილიყავი რომელიც საცოლისთვის ბეჭედს იყიდდა, შემდეგ კი მასთან ერთად შეადგენდა ქორწილის სიას..
-she said no?-სახე მოეღუშა მოწყენილობისგან ელენას.
-მეგონა ისევ იტალიაში იყავი , ალბათ ყველაზე ნაკლებად დღეს შენს ნახვას მოველოდი , თანაც აქ.-თემის შეცვლას შეეცადა იაკობი, თუმცა ეს არც თუ ისე ოსტატურად გამოუვიდა.
-უკვე სამი წელია რაც დავბრუნდი..-სევდიანად ამოილაპარაკა ელენამ.
-ყველაფერი ისე არ წავიდა როგორც გეგმავდი?
-არაფერი წავიდა ისე , როგორც ვგეგმავდი.. მაგრამ ამას უკვე შევეგუე, ყველა არქიტექტორი ვერ გახდება, სამყაროს მაღაზიის მენეჯერებიც ხომ სჭირდება არა?! ხოდა მეც აქ ვარ!-მაქსიმალურად ეცადა პოზიტივის შენარჩუნებას ელენა, თუმცა უჭირდა ემოციების გაკონტროლება იმ ადამიანთან რომელმაც ერთ დროს მასზე ყველაფერზე მეტი იცოდა.
-უარი არ უთქვამს , მაქამდე არც მივსულვართ.. არ იცოდა რომ ხელის თხოვნას ვაპირებდი , სანამ რამეს ვეტყოდი იქამდე დამშორდა.
-არ ფიქრობ რომ აქ მოსვლა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო? ხომ იცი წყვილები ხშირად შორდებიან და შემდეგ ისევ უბრუნდებიან ერთმანეთს. იქნებ უბრალოდ დრო სჭირდება..
-არ მინდა თავი იმით დავიმშვიდო რომ ისევ დაბრუნდება და მერე ყოველდღე თავიდან მომიწიოს ამ ფაქტთან შეგუება..
-კარგი , ამ ბეჭედს დავიბრუნებ, მაგრამ შენ დამპირდი რომ ამ ამბავს გადაიტან და ამაზე მეტად იმას დამპირდი, რომ თუ ვერ გადაიტან და თუ ვინმესთან ლაპარაკი მოგინდება აუცილებლად დამირეკავ!
-ჩემი ჭიამაია..-სინანულით ამოიხვნეშა იაკობმა.

მანქანაში მოთავსდა და ნერვებისგან გათოშილი ხელების გათბობას ერთმანეთზე ხახუნით შეეცადა.
ყოველთვის დაღამების ეშინოდა, ყოველთვის ღამეებს გაურბოდა, ახლა კი დარწმუნებულია რომ დღე როცა ბეატრისი დაშორდა, მის ყველა ღამის კოშმარზე უფრო უარესია.. თავს ისე გრძნობდა თითქოს ვიღაც მისი სხეულის დამსხვრევას ჩაქუჩით საათების განმავლობაში ცდილობდა, ბოლოს კი საწადელსაც მიაღწია და თავიდან ბოლომდე ფერფლად აქცია. ყველა ჩასუნთქვაზე ისეთი განცდა ეუფლებოდა, თითქოს ფილტვებში ჰაერის ადგილიც კი აღარ დარჩა.. იაკობის მთელი ცხოვრება მუდმივად ეჭვებით იყო სავსე, ეჭვი ეპარებოდა ადამიანებში, ნივთებში , ფილმებში , შენობებში , საკუთარ ნახატებშიც კი.. ყოველთვის ყველაფერზე ორჭოფობდა, არასდროს არაფრის ჯეროდა და არაფერში იყო დარწმუნებული.. თავიდან ბოლომდე კითხვის ნიშანი იყო გამეფებული მის გონებაში.. ერთადერთი რისიც სწამდა ბეკი იყო , მხოლოდ ბეკის და მათი ურთიერთობის სჯეროდა, ახლა კი იმაზე მეტად ცარიელი დარჩა , ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბრაზობდა საკუთარ თავზე, ბრაზობდა საკუთარ ცხოვრებაზე, თუმცა არა ბეატრისზე.. ესმოდა საყვარელი ქალის გადაწყვეტილების , რადგან ყოველთვის ფიქრობდა რომ ბეკი მასზე ბევრად უკეთესს იმსახურებდა.

“You’ve gone , your love still
gravitating me
Still gravitating me.
Lies in words , Lies in eyes,
Lies in your rotten soul
You always lie to me”..

ფიქრებით სადაც არ უნდა ყოფილიყო, მისი გონება გაუჩერებლად სიმღერის ამ ტექსტს იმეორებდა და ამით საკუთარ თავს კიდევ უფრო უბიძგებდა სასოწარკვეთისკენ.. როგორ შეიძლება ადამიანთან ორი წელი გაატარო და ვერ იგრძნო როდის მთავრდება სიყვარული?!როგორ შეიძლება ადამიანს ყოველდღე ხვდებოდე და მის სახეზე ვერცერთხელ ამოიკითხო როგორ ეზიზღება შენთან გატარებული თითოეული წამი..

*
-საიდან იცნობ ამ კაცს?-სახეზე ინტერესი გამოესახა ახალგაზრდა ქალბატონს და მენეჯერს გვერდით მიუსკუპდა იმის იმედად რომ მისგან რაიმე საინტერესოს მოისმენდა.
-ჩემი ძველი მეგობარია.-მშრალად უპასუხა ელენამ და კვლავ ლეპტოპს ჩააცქერდა.
-მეზიზღება კაცები რომ რამის დასაბრუნებლად მოდიან, იყიდე და არ გამოგადგა? დაიტოვე რა! რა უბედურებაა ეს რასქვია არ იბრუნებთ მენეჯერს დაუძახეთ და რაღაცები?! კაცს იმდენი თუ არ გაქვს ერთი ბეჭედი ისე რომ იყიდო დასაგდებად, ცოლის მოყვანაზე სულ არ უნდა იფიქრო!
-სესო, შენ რომ ბეჭედში 2000$ გადაგეხადა სახლში უბრალოდ დააგდებდი და უკან არ მიაბრუნებდი? თუ ეს რა სიტყვით გამოსვლა მომიწყვე აქ?!
-მე მე ვარ ელა! ის კიდე ამხელა კაცია.
-და?! რადგან კაცია ამიტომ ზედმეტი 2ათასი დოლარი უნდა ეგდოს თუ?! ვიცი რომ ამ ყველაფერს გააზრების გარეშე სასხვათაშორისოდ ამბობ, მაგრამ ძალიან გთხოვ კარგად დაფიქრდი სანამ რამეს იტყვი! არავის აქვს უფლება ადამიანებს რაღაც დოგმები დაუწესოს და მერე მათში ცხოვრება აიძულოს, შენ წარმოდგენაც არ გაქვს შენს სიტყვებს ადამიანის ფსიქიკისთვის რამხელა ზიანის მოტანა შეუძლიათ!
-რატომ გიყვარს ყველაფრის გასერიოზულება ელა?!-თვალები უსიამოვნოდ აატრიალა იმედგაცრუებისგან სესილიმ.-უბრალოდ აღვნიშნე რომ მე არ მომწონს ასეთი საქციელები კაცის მხრიდან, არ მაქვს უფლება არ მომწონდეს?
-ის რაც თქვი საერთოდ სხვანაირად ჟღერდა სესო , ტყუილად არაფერს ვასერიოზულებ..

ლურჯ , დიდ ავტობუსში , სულ უკან კუთხეში ფანჯარასთან მოთავსდა და სიბნელის მიუხედავად მაინც მოახერხა ქუჩებში მიმოფანტულ ადამიანებს დაკვირვებოდა. 30 დეკემბერია, ხელში ყველას ჭრაჭუნა შესაფუთი ქაღალდები და საჩუქრები უჭირავს. იღიმიან, იცინიან , ფოტოებს იღებენ , საახალწლო სიმღერებს ღიღინებენ.. ალბათ ახალი წელი ჯადოსნური მხოლოდ იმით არის რომ სხვა ნებისმიერ დროს როგორც არ უნდა ეცადო ვერ იპოვი ამდენ გაბრწყინებულ სახეს. მათ შემყურეს თავისდაუნებურად გაახსენდა იაკობის მოღუშული , ფერდაკარგული გამომეტყველება და გულში ჩხვლეტასავით ტკივილი იგრძნო. ‘’ნეტავ ამ ღამეს როგორ გადაიტანს?’’ -გაიფიქრა ინსტიქტურად და ყურადღების გადატანას ისევ სხვებზე დაკვირვებით შეეცადა.

სახლის კარი შეაღო , უბნის მარკეტში ნაყიდი პროდუქტები მაგიდაზე დაალაგა და ხელების დასაბანად აბაზანისკენ გაეშურა.
-მოხვედი ელი?-სახე გაუბრწყინდა ლოგინად ჩავარდნილ ქალბატონს როცა შორიდან შვილის ნაბიჯების ხმა ჩაესმა ყურში.
-მოვედი დე.-მისაღებში გადაინაცვლა , სავარძელში მწოლიარე დედას გვერდით მიუწვა და ხელები მაგრად შემოხვია.
-დღეს არაფერი გიჭამია?
-ხომ იცი როგორ მეზიზღება ეს ეტლი.. რომ წარმოვიდგენ რამდენი უნდა ვიწვალო სამზარეულომდე რომ მივაღწიო, ჭამის მადა სულ მეკარგება!
-კარგი რა!-სიბრაზისგან ამოიკნავლა ელენამ, თუმცა ისეთი დაღლილი იყო დედისთვის ლექციის ჩატარება ამჯერად ვერ მოახერხა და მხოლოდ ამ ორ სიტყვას დასჯერდა.
-შენ მომიყევი , როგორი დღე გქონდა?
-იო იყო ჩემთან..
-იაკობი?-თვალებში ინტერესის ნაპერწკლები აენთნენ ტკივილებისგან ნაადრევად დაბერებულ ქალბატონს, მასზე ხელებით ჩაფრენილი ქალიშვილი ოდნავ უკან ჩასწია მისი გამომეტყველება რომ დაენახა.
-ხო , იაკობი.
-შენთან რა უნდოდა?
-ბეჭედი უყიდია ერთი კვირის წინ და დასაბრუნებლად მოვიდა.
-მერე?
-რა მერე დედა?
-არ გითხრა რატომ გავქრი შენი ცხოვრებიდან ასე ახსნის და ყველაფრის გარეშეო?
-ბეჭდის დასაბრუნებლად მოვიდა-მეთქი, ჩვენი ურთიერთობის გასარჩევად კიარა!-ბრაზისგან ცხვირიდან ბოლი გამოუშვა ელენამ და კვლავ დედას მკლავს მიაბჯინა სახე.
-ვერ გაპატია რომ წახვედი..-იაკობის მაგივრად საკუთარ შეკითხვას თავად ქალბატონმა გასცა პასუხი.
-ხო , ვერ მაპატია.-შეწინააღმდეგების გარეშე დაეთანხმა დედას ელენა.
-24 საათს ერთად ატარებდით,თქვენ რომ გიყურებდით სულ ორ ნაწილიანი ფაზლი მახსენდებოდა, მხოლოდ მაშინ რომ იქცევიან მთლიანობად , როცა ერთმანეთს უერთდებიან.. გახსოვს სულ ჩვენი სახლის სახურავზე რომ ისხედით ხოლმე მთელი ღამე და რაღაცებზე რომ საუბრობდით? არც საჭმელი გინდოდათ, არც სასმელი.. ახალი წასული რომ იყავი იტალიაში , აქ ხშირად მოდიოდა ხოლმე, ხან სახურავზე ადიოდა და იქ ათევდა ღამეს მარტო, ხან შენს ოთახში შედიოდა და საათობით უყურებდა შენს ნივთებს.. ეტყობოდა რომ ბრაზობდა შენს წასვლაზე , მაგრამ არც შენი დავიწყება შეეძლო.
-კარგი ნინო, გეყოფა! ახლა ამის მოსმენა არ მინდა, ისედაც ძალიან გრძელი და დამღლელი დღე მქონდა..-მოწოლილი ემოციების გასამკლავებლად დედას შეუღრინა ელენამ, არ უნდოდა მასთან შემჩნეოდა როგორ განიცდიდა საყვარელი მეგობრის დაკარგვას.-საჭმელს გაგიცხელებ და ერთად ვივახშმოთ.
ფეხზე უსიცოცხლოდ წამოდგა და სამზარეულოში გადაინაცვლა.
რამდენი წელი გავიდა და ამ წლების განმავლობაში ვერცერთხელ შეძლო ისე ჩაემთავრებინა ერთი დღეც კი, რომ იაკობი არ გახსენებოდა. რამდენი ერთმანეთზე უარესი დღე გამოიარა და რამდენჯერ ინატრა ამ დღეების მხსნელად მისი იო მოვლინებოდა.. რა დაემართათ პირობებს რომლებიც ერთმანეთს შეჰფიცეს? სად გაქრნენ ის საერთო ოცნებები?
‘’I’ll be alone with you, always!’’ -ეს ფრაზა მათი ურთიერთობის მთავარი არსი იყო ერთდროს და მართლაც ახერხებდნენ რომ ერთმანეთი არასდროს დაეტოვებინათ. ელენას არცერთხელ დაზარებია იაკობისთვის ღამის გათენება , არასდროს მობეზრებია მისი მოსმენა ან მასთან ერთად სიჩუმეში ჯდომა.. როცა სოციალური ქსელების მეშვეობით გაიგო რომ იაკობს ვიღაც ჰყავდა, საკუთარ თავს მხოლოდ იმას ეკითხებოდა ნეტავ მასთან მაინც თუ იპოვა ის, რაც ჩემი წასვლის შემდეგ დაკარგაო.. თავად კი ვერასდროს ვერავისში შეამჩნია ის გულრწფელი , სიყვარულით და ერთგულებით სავსე თვალები, რომლითაც იო უყურებდა წლების განმავლობაში..

*

რა საოცარია რომ როგორ ტკივილშიც არ უნდა გაათენო ღამე, დილა მაინც ყოველთვის თენდება.. რა საოცარია რომ როგორც არ უნდა გინდოდეს, ცხოვრება მაინც არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და მუდმივად წინ წასვლას გაიძულებს რადგან არავინ გაივლის იმ გზას, რომელიც შენი გასავლელია.
31 დეკემბერია, ადამიანები კი ახალი წლის დადგომისთვის განსაკუთრებით ემზადებიან და რაზეც მთელი წლის განმავლობაში საკუთარ თავებს უარს ეუბნებოდნენ, წლის ბოლო დღეს სწორედ ამას აკეთებენ, ამიტომ იაკობისთვისაც 31 დეკემბერი ყოველთვის ყველაზე მეტად დატვირთულია და ყველაზე მეტ მომხარებელს სწორედ წლის ამ დღეს ელოდება.
დამღლელ დღეს შედარებით მარტივად რომ გამკლავებოდა ძლიერი ყავა მოიმზადა და სიჩქარის მიუხედავად სახლიდან გასვლამდე მაინც აივანზე ჩამოჯდომა გადაწყვიტა. არც თოვს, არც წვიმს, არც დეკემბრისთვის შესაფერისი ტემპერატურაა და რომ არა წვიმებით და განათებებით მორთული ფანჯრები და აივნები, იფიქრებდი რომ ზამთართან და მითუმეტეს ახალ წელთან ამ დღეს არანაირი კავშირი არ აქვს.
ქუჩაში 6-8 წლამდე ბავშვები გაუჩერებლად დარბიან და თუ აქამდე ასაფეთქებლებით ჰქონდათ ჯიბეები გამოტენილი, ახლა ცხოველებისთვის შეძენილ საჭმელს დაათრევენ გამჭირვალე პარკებით და როგორც კი ძაღლს ან კატას დაინახავენ მაშინვე მასთან მიირბენენ და ისე აიძულებენ ჭამას, როგორც დაფეთებული დედა უჭმელ შვილს.. სამყარო იცვლება, ვითარდება, წინ მიდის და დედამიწაც უკეთეს საცხოვრებელ ადგილს ემსგავსება..
თვალი გაუშტერა მისი სახლის წინ ჩამწკრივებულ ავტოფარეხებს, წლებმა გაიარეს თუმცა დრომ მაინც ვერაფერი დააკლო მათზე განთავსებულ ნახატებსა და წარწერებს.. ბუნდოვნად ახსოვს როგორ აატუზეს მშობლებმა ელენასთან ერთად კედელთან და როგორ ტუქსავდნენ სხვისი საკუთრების ‘’დამახინჯებისთვის’’ , თუმცა ბავშვებს ამაზე ერთი წუთითაც კი არ უდარდიათ, ხელები მაქსიმალურად მჭიდროდ ჰქონდათ ერთმანეთისთვის ჩაკიდებული და ბედნიერებისგან სიცილის შეკავებას ძლივს ახერხებდნენ..
რამდენ ხანს აიგნორებდა იაკობი თავისივე დახატულ ჭიამაიებს ავტოფარეხებზე, რამდენ ხანს არიდებდა თვალს ელენას დაწერილ მათ საყვარელ ფრაზებს. სჯეროდა რომ თუ ყველაფერს დააიგნორებდა და თუ ყველაფერზე თვალს დახუჭავდა მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილიც სადღაც გაქრებოდა.. თუმცა ტკივილი არასდროს არსად გამქრალა, მამაკაცის გულის პატარა კუნჭულში თავისი შესაფერისი ადგილი იპოვა, იქ გემრიელად მოთავსდა და იაკობს თითქმის აღარ აწუხებდა, მხოლოდ მაშინ როცა რაიმე უმნიშვნელოზე გაღიზიანებისას თავს დაკარგავდა, მხოლოდ მაშინ ამოტივტიდებოდა ზედაპირზე ტკივილი, სახელად ჭიამაია..

-აი შენი ყვავილი უკვე მზად მაქვს! სარკესთან მოდი და ერთად შევარჩიოთ ზუსტად სად გადავიტანოთ.-ღიმილით მიიპატიჟა მომხარებელი თავისთან იაკობმა.
-ვაიმე რა ლამაზია!-აღტაცებულმა შეჰკივლა პრინცესას ფერებში გამოწყობილმა გოგონამ და თვალის კუთხეებში მომდგარი ცრემლები საჩვენებელი თითებით ამოიწმინდა.
-ჯერ არც კი დაგვიწყია.-ხმაში სიცილი შეეპარა იაკობს.
-აქაც კი მომწონს! ეს ყვავილი პირველ პაემანზე მაჩუქა ჩემმა ქმარმა, რამდენი ხანია სხეულზე გადმოტანა მინდა მაგრამ ვერაფრით ვბედავდი, თქვენი პოსტები რომ შემხვდა ისეთ საოცრებებს ქმნით, გადავწყვიტე თქვენთვის მომენდო..
-სასიამოვნოა ასეთი მნიშვნელობის ტატუ რომ მე მანდე.-სახეზე სევდა და სიხარული ერთიანად გამოესახა მამაკაცს..
გაახსენდა ყველა ყვავილი რომელიც ბეატრისისთვის უჩუქებია, გაახსენდა როგორ ბრაზდებოდა ბეკი როცა იაკობი მანქანას გააჩერებდა და გვირილების საკრეფად საათობით გადადიოდა აბიბინებულ მინდვრებში.. ბრაზდებოდა რადგან მუდმივად სადღაც მიიჩქაროდა და ენანებოდა ყვავილებისთვის დაკარგული დრო, თუმცა მაინც ბედნიერად შემოჰკრავდა ხოლმე ტაშს მამაკაცის უკან დაბრუნებისას, მაშინვე პოულობდა გვირილებისთვის საუკეთესო პოზას , უღებდა უამრავ ფოტოს და იქიდან ერთერთს , რა თქმა უნდა , ინსტაგრამ გვერდზეც სიამაყით ანთავსებდა წარწერით: “from my love..”

სამი მომხარებელი გაისტუმრა შესვენების გარეშე იაკობმა და როგორც იქნა თავისუფალი 20 წუთიც გამოუჩნდა.
რიგით მეოთხე ფინჯანი ყავა მოიმზადა, სავარძელში მოთავსდა და ყველანაირი დაგეგმვის ან წინასწარ მოფიქრების გარეშე, ასე სრულიად მოულოდნელად ელენასთან გადარეკა.
როგორც წესი იაკობს არ შეუძლია ნაბიჯების გადადგმა ისე, წინასწარ თუ საათობით მაინც არ იფიქრა ამაზე, ჯერ უნდა წარმოიდგინოს ყველა სცენა, უნდა განიხილოს ყველა შესაძლო პასუხი და მხოლოდ შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წავიდეს თუ არა, დარეკოს თუ არა, დათანხმდეს თუ არა.. სპონტანურად რამის კეთება მისი სტილი არ არის, თუმცა უმძიმეს ემოციურ ფონზე, როგორც ჩანს წინასწარ ყველაფრის დაგეგმვის ძალაც კი გამოეცალა..
-გამარჯობა, ladybug.-განსაკუთრებული აქცენტი თავისივე შერჩეულ ზედმეტსახელზე გააკეთა და გასუსული დაელოდა ელენას პასუხს.
-გამარჯობა იო. ყველაფერი რიგზე გაქვს?-მუშაობაში თმაგაწეწილ ახალგაზრდა ქალბატონს მაშინვე ცივმა ოფლმა დაასხა, მართალია იაკობს თავად შესთავაზა დამირეკე თუ დაგჭირდებიო , თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ეს არ მოხდებოდა.
-როგორ მომენატრა შენი ზრუნვით გაჟღენთილი კითხვები.. თითქმის არავინ მეკითხება როგორ ვარ, ან თუ მეკითხებიან მხოლოდ სასხვათაშორისოდ და საქმეზე ისე სწრაფად გადადიან რომ პასუხის გაცემასაც კი ვერ ვასწრებ. შენ ყოველთვის გულრწფელად გაინტერესებდა ჩემი მდგომარეობა ladybug.
-შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და ისევ ისე გულრწფელად მაინტერესებს შენი მდგომარეობა იო.
-ვიცი რომ ასეა, ალბათ ამიტომაც დაგირეკე გაუაზრებლად.. ალბათ სწორედ ამის მოსმენა მინდოდა შენგან.
-უნდა წავიდე იო, სამსახურში ვარ და ძალიან ბევრი საქმე მაქვს.
-ხო, რა თქმა უნდა, ბედნიერი დღე ჭიამაია.-პასუხს აღარ დალოდებია, ტელეფონი ყურიდან მოიშორა და კბილების ერთმანეთზე მაგრად დაჭერით შეეცადა ცრემლები შეეკავებინა..

საღამოს 8 საათზე როცა ელენამ ყველანაირი საქმე დაასრულა, გოგონებს დაემშვიდობა და ის იყო სახლის გზას უნდა დადგომოდა, იაკობზე გადაბმულმა ფიქრებმა ფეხები გაუკავეს და ერთ ადგილზე გააშეშეს.
“ჯანდაბა! დავურეკავ, თვითონაც ხომ დამირეკა, 1-1 იქნება..”
ხელიდან დაძენძილი ფიფქებიანი ხელთათმანი გაიძრო, ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა და მისი ფორიაქის მიზეზთან გადარეკა.
-მუშაობ? ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?-მორიდებისგან ხმა კიდევ უფრო დაუწვრილდა.
-არა , ერთი საათის წინ დავასრულე მუშაობა.
-სად ხარ?
საპასუხოდ იაკობმა მხოლოდ გაიცინა.
-რა გაცინებს?-აშკარა განაწყენებისგან ტუჩები დაებრიცა ელის.
-შენს წინ, პარკინგზე.
-რა?!
-სად ხარო ხომ მკითხე? ხოდა შენს პირდაპირ! გადმოვიდე თუ ჩაჯდები?
-მმმეე..-ხმა აუკანკალდა ელენას, თუმცა ავტომატურად მაინც მანქანისკენ დაიძრა.
მანქანის კარი შიგნიდან გამოუღო იაკობმა და მაშინვე გათბობას აუწია როგორც კი ელის სიცივისგან ალუბლისფრად შეღებილი ლოყები შეამჩნია.
-უკვე 30 წუთია აქ ვდგავარ.. მინდოდა შემოვსულიყავი ან დამერეკა მაგრამ ვერ გავბედე. არ ვიცოდი მქონდა თუ არა ამის უფლება..
-დღეს რა გეგმები გაქვს?-თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები აენთნენ ახალგაზრდა ქალბატონს.
-ჩემი დღევანდელი გეგმაა კიდევ ერთ ღამეს გავუძლო, სხვათაშორის ყოველდღე ესაა ჩემი გეგმა.-სიცილით ამოილაპარაკა იაკობმა.
-მაპატიე, მაგრამ გეგმები უნდა შეგიცვალო, მანქანა დაქოქე! ზუსტად ვიცი როგორ გადავარჩინოთ ეს ღამე.-ღვედი გადაიჭირა და ტელეფონში მაშინვე რუკას ჩააცქერდა.
-ელი, თავს მართლა არ ვგრძნობ ესე, სახლში მშვიდად ყოფნა მირჩევნია..
-10 წლიდან გიცნობ იო! ვიცი რომ ყველაზე ნაკლებად რაც შეიძლება გინდოდეს ახალი წლის ღამის მარტო სახლში გატარებაა! ამიტომ დაძარი ეს დაწყევლილი მანქანა! დანარჩენი კი მე მომანდე.

-აქ რა გვინდა?-როგორც კი უცხო ადგილას აღმოჩნდა მაშინვე ნერვიულად აათამაშა მარჯვენა ფეხი იაკობმა, სიურპრიზები არასდროს უყვარდა, ერჩივნა ყველაფერი ყოველთვის წინასწარ სცოდნოდა.
-I’m in here!-როგორც კი აღელვება შეატყო ელენამ მამაკაცს, მაშინვე ხელი ჩასჭიდა მთელი ძალით და თვალებით შეეცადა მის დამშვიდებას.
მანქანიდან გადმოვიდნენ, თავისი არჩევანით კმაყოფილი ახალგაზრდა ქალბატონი კი მაშინვე დაწინაურდა და შესამჩნევლად გაუსწრო იაკობს.
-ნაბიჯებს აუჩქარე, რამდენიმე წამში ოცნებას აიხდენ!-ბედნიერად გადაიხარხარა და დახურულ შენობაში თითქმის სირბილით შევიდა.
-შანსი არ არის!-სიცილის შეკავება ვეღარ მოახერხა იაკობმა როცა გარემოს თვალი მოავლო და საბოლოოდ მიხვდა სადაც მოიჩქაროდა ელენა ასე ძალიან.
-ჩაიცვი!-მისთვის შესაფერისი ფეხსაცმელი გაუწოდა და თავადაც სკამზე მოთავსდა მათ მოსარგებად.
-არ მჯერა რომ ეს დაიმახსოვრე.-სიცილს არ წყვეტდა იაკობი.
-როგორ შეიძლებოდა დამვიწყებოდა?

ყინულის მოედანზე შეცვივდნენ, სრიალი არცერთმა იცოდა და თავის შეკავება ძლივს მოახერხეს პირველივე წამს ძირს რომ არ აღმოჩენილიყვნენ.
-ხელი არ გამიშვა, მახსოვს შენი მოუხერხებლობის ამბავი , არ მინდა ჩემი ოცნების ასრულებას შენი ლამაზი ცხვირი შევწიროთ.-ფრთხილად უჩქმიტა იაკობმა აწითლებულ ცხივრზე ელენას და პატარა ბავშვივით დაეჭყანა.
სულ რაღაც 30 წუთში უკვე ორივე ახერხებდა ფეხზე მყარად დგომას და იქ ყოფნაც კიდევ უფრო მეტად ჯადოსნური გახდა.
სრიალებდნენ, ეცემოდნენ, ჩერდებოდნენ, ცეკვავდნენ , ერთმანეთს უცნაური შეძახილებით ამხნევებდნენ. ორივეს ეტყობოდათ რომ ასე ბავშვურად ბედნიერები დიდი ხანია აღარ ყოფილან, ეტყობოდათ როგორ ენატრებოდათ ის ლაღი დღეები რომლებსაც ერთად ატარებდნენ.
სრიალით რომ გული იჯერეს , სიცილით გამოვიდნენ დარბაზიდან და სეირნობა გადაწყვიტეს, თუმცა ელენა მალევე დაიღალა და პირველივე ნამიანი ბალახის დანახვისას მასზე წამოკოტრიალება განიზრახა, იაკობის დათანხმება გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ მამაკაცმა თავისი არცთუ ისე სქელი ქურთუკი დაუფიქრებლად გაიხადა, ელენას მხარეს დააფინა, თავად კი მოსალოდნელი სიცივისგან წინასწარ აკანკალდა.
-არ უნდა წასულიყავი..-ვინ იცის რამდენხანს ჰქონდა ეს სამი სიტყვა ყელში საჭმლის ლუკმასავით გაჩხერილი, ბოლოს კი ვეღარ მოითმინა და ის აღიარა, რაშიც ძირითადად საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა ხოლმე.
-არ უნდა დაგეკარგე იმის გამო რომ წავედი..
-სხვანაირად არ შემეძლო ელი! ზედმეტად ეგოისტი ვიყავი იმისთვის რომ შენი აქედან წასვლა მეპატიებინა! იმის წარმოდგენაც კი ჭკუიდან მშლიდა რომ იქ სხვა ადამიანებს გაიცნობდი და ჩემი არსებობაც კი დაგავიწყდებოდა.
-არასდროს მენდობოდი..-სიცივისგან გალურჯებულ ტუჩებზე ჩამოვარდნილი ცრემლი თავის მხარზე გახახუნებით მოიწმინდა და თვალები ისევ მაღლა აატრიალა.
-იმდენად მეშინოდა რომ უეცრად ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დაგკარგავდი რომ თავად გაქციე ზურგი, თავად დავგეგმე შენი დაკარგვა რომ უფრო მარტივი ყოფილიყო გადასატანად..
-მერე?! მარტივი იყო?! თუ შენთვის მაინც მარტივი იყო იაკობ.. თუ შენთვის მაინც იყო მარტივი ამაზე საერთოდ აღარ ვიდარდებ!-ხმა აუკანკალდა ელენას და მოწოლილი ემოციების შეკავება სრულებით ვეღარ მოახერხა.
-მაპატიე..
გრძელი ხელები შემოხვია იაკობმა აცახცახებულს, ტკივილისგან კიდევ უფრო დაპატარავებული მოეჩვენა.. გულთან მაქსიმალურად ახლოს მოიქცია მისი სახე, შავ , ქარისგან აჩეჩილ თმებზე რამდენჯერმე შეეხო ჯერ ტუჩებით, შემდეგ კი თითებით შეეცადა მათ გასწორებას.
-მაპატიე რომ ამ ტკივილისთვის გაგიმეტე იმისთვის რომ საკუთარი თავი გადამერჩინა.
-უცხო ქვეყანაში წავედი ჩემი ოცნებების ასასრულებლად , ოცნებების ქონის უფლება რომ მქონდა ესეც კი შენგან გავიგე! როგორ უნდა დამვიწყებოდი იო.. სხვა ადამიანებით როგორ უნდა ჩამენაცვლებინე?
იქნებ უფრო დიდხანსაც გაგრძელებულიყო მათი აღიარებითი დიალოგი, თუმცა იაკობის ტელეფონის ხმამ ორივეს ფიქრიც კი შეაწყვეტინა, მაშინვე წამოდგა მამაკაცი , სველი ტანისამოსი ჩამოიფერთხა და ბოლთის ცემით უპასუხა ზარს.
-ბეატრისი იყო ჩემთან, იაკობთან მივედი და სახლში არ დამხვდა, ნივთების დაბრუნება მინდოდაო.
-რა?! რა ნივთების?-გული მაქსიმალურად აუჩქარდა, სიცივეს შეგრძნება სრულიად დაკარგა და ყელში მობჯენილ მაისურს თითებით დაუწყო ქაჩვა.
-მე საიდან უნდა ვიცოდე?! ხვალ ხომ გამოხვალ და თავად ნახე.
-როგორ იყო? სხვა რამე არ უთქვამს?
-ცოტა ანერვიულებული მომეჩვენა, სხვა დღეებში უფრო დამშვიდებულია ხოლმე, შეიძლება შენგან ელოდებოდა რაიმეს და რადგან არაფერი გააკეთე ახლა ისევ ცდილობს რაღაცნაირად შენთან დაბრუნდეს..
-რას ბოდავ მარიამ?! ჩემთან დაბრუნება რომ უნდოდეს შენი აზრით ახალ წლამდე ორი დღით ადრე დამშორდებოდა?
-არ ვიცი , მოკლედ მაგაზე ხვალ ვისაუბროთ , ახლა უნდა წავიდე, დედამაც დამირეკა დღეს საერთოდ არ მპასუხობსო და გადაურეკე ნუ გააგიჟებ იმ ქალსაც.
-დავურეკავ.
უსიამოვნოდ მოიშორა ტელეფონი სახიდან და ძირს მწოლიარე ელენას ისევ გვერდით მიუჯდა.
-ბეატრისი იყო მარიამთან, ნივთების დაბრუნება მინდოდაო, სავარაუდოდ იმ ნივთების რასაც ამ ორი წლის განმავლობაში ვჩუქნიდი..
-ქვითრის გარეშე იბრუნებ?-მამაკაცის გამხიარულებას შეეცადა ელენა, თვალები ფართოდ გაახილა, იაკობის სახე გათოშილ ხელებში მოიქცია და რამდენიმე წამს ასე გაუნძრევლად აკვირდებოდა მის ნაკვთებს.
-she could live a hundred lifetimes and never deserve you.-სიყვარულით გაუღიმა , კიდევ რამდენიმე წუთს აკვირდებოდა იაკობის დატანჯულ, ცხოვრებისგან გადაღლილ სახეს, მის თვალებში უდიდეს ტკივილს კითხულობდა და იმ რამდენიმე წამში საკუთარი თავი დაარწმუნა რომ ერთადერთი ვინც მამაკაცის დარდის შემსუბუქებას შეძლებდა, ეს თავად იყო. ნაზად შეახო იაკობის ტუჩებს თავისი წითლად შეღებილი ტუჩები, ხელები კისერზე შემოხვია და თუ იაკობის ოცნება მაშინ ახდა როცა ისინი ყინულის მოედანზე შეცვივდნენ, ახლა ელენამ აისრულა თავისი ბავშვობის და არა მხოლოდ ბავშვობის ნატვრა, დარწმუნებული იყო რომ ორივეს სწორედ ეს სჭირდებოდათ, დარწმუნებული იყო რომ მათი მეგობრობა რეალურად ამ გრძნობებს ნიღბავდა, რომლითაც ორივე იტანჯებოდა.
-ელი!-სახე მაქსიმალურად უკან გამოწია მამაკაცმა , ელენას ტუჩსაცხით დასვრილი ტუჩები ხელით გაიწმინდა და თვალებში იმედგაცრუების ნაპერწკლები აენთნენ.
-მეგონა შენც..-დაბნეულობისგან სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა ელენამ.
-სახლში გაგიყვან.-იაკობის ხმაში სიმკაცრე მაქსიმალურად გაბატონდა, ფიქრის გარეშე წამოდგა ფეხზე და მანქანისკენ უკანმოუხედავად დაიძრა.
-ამ ღამის გაფუჭება მართლა არ მინდოდა იო.-თავის თავზე გაბრაზებულმა პატარა მუშტები რამდენჯერმე შემოირტყა თავში, თუმცა გრძნობდა რომ ვეღარაფერს შეცვლიდა, იაკობის ქურთუკი ხელებში მოიქცია და თავადაც მას გაეკიდა.
-ეს ღამე ამით არ გაფუჭდება ელი, მაგრამ არასდროს მიფიქრია რომ შენ..-წინადადება გამიზნულად არ დაასრულა მამაკაცმა.
-ეს უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო, გეფიცები!-თავის გამართლებას შეეცადა , თუმცა შინაგანად იმდენად იწვოდა მამაკაცის სურვილით რომ მის სიტყვებს გულრწფელობა ყველაზე მეტად აკლდათ. -იო , გეფიცები, რომ მცოდნოდა ეს რეაქცია გექნებოდა, რომ მცოდნოდა შენც იგივე არ გსურდა..
-რა?!-სიცილნარევი სიბრაზით შემობრუნდა უკან იაკობი.-არ ვიცი რით ან როგორ გაგრძნობინე რომ მეც იგივე მსურდა ელენა! ძალიან ვწუხვარ თუ ჩემმა რომელიმე საქციელმა ეს გაფიქრებინა, მაგრამ ახლა ამ თემის განხილვა უბრალოდ არ მსურს.

მანქანაში მოთავსდნენ და ელენას სახლის მისამართამდე ხმა არცერთს ამოუღია.
-ხვალ დამირეკავ?-თვალებში სევდაშერეული მიაჩერდა ელენა მამაკაცს მანქანიდან გადასვლამდე.
-არ მინდა მომხდარზე ინერვიულო , არც ის მინდა ამ მოწყენილ სახეს ვხედავდე ახლა! მაპატიე თუ მძაფრი რეაქცია მქონდა, მაგრამ ვფიქრობ ორივეს დრო დაგვჭირდება რომ ყველაფერი გადავხარშოთ.
-ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა.. ჩვენი ამდენი ხნის შემდეგ შეხვედრა.. ყველაფერი ერთად ამოტივტივდა ზედაპირზე და..
-დროებით ელი.-ღიმილით დაემშვიდობა და როგორც კი ახალგაზრდა ქალბატონმა მანქანის კარი დაკეტა და მისი მხედველობიდანაც გაუჩინარდა, მაშინვე სახე ხელებში ჩარგო და ისტერიულად აუკანკალდა სხეულის ყველა ნაწილი.
თავადაც არ იცოდა რას გრძნობდა ან რაზე ჰქონდა ასეთი ძლიერი რეაქცია. იმედგაცრუებული იყო, თუმცა ეს სიტყვა ბოლომდე ვერ ხსნიდა მის მდგომარეობას, ელენა მის ცხოვრებაში ყველაზე ახლო მეგობარი იყო, არც იქამდე და არც მას შემდეგ არავინ ჰყოლია ვინმე მასზე უფრო ახლო და ახლა თითქოს მთელი მათი მეგობრობა ერთი ხელის მოსმით ჩამოინგრა.. ყოველთვის სჯეროდა რომ ელენა იმაზე მეტად გულრწფელი იყო მასთან ვიდრე ამის წარმოდგენა თავად შეეძლო, ახლა კი ყველაფერი კითხვისნიშნებით შემიმოსა.. გაათენებდა ელენა მასთან ერთად ღამეებს სახურავზე მის მიმართ სხვა გრძნობაც რომ არ ჰქონოდა? მოუსმენდა დაუღალავად? იქნებოდა მის გვერდით ყოველთვის როცა ეს მას დასჭირდებოდა? იქნებ ქვეყნიდან გაქცევაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა?! ნუთუ ცხოვრებაში ერთი ნამდვილი მეგობარიც კი არ ჰყოლია? ნუთუ ეს მეგობრობაც სრულიად სხვა რამის ხარჯზე არსებობდა?
როცა საბოლოოდ გაიაზრა რომ კითხვებისთვის პასუხების გაცემას ვერაფრით მოახერხებდა, ძველისძველ ბოთლში შერჩენილი რამდენიმე ყლუპი თბილი წყალი მოსვა და მანქანა დაქოქა.

12ს რამდენიმე წუთი აკლდა მანქანა რომ სადარბაზოსთან გააჩერა, დამძიმებული გადმოვიდა და უსიამოვნოდ მიიხურა კარები, სრულიად უცხო ადამიანიც კი შეამჩნევდა რამდენად დიდ ტკივილს ატარებდა მხრებით.. ფეხით აირბინა ხუთი სართული და გზადაგზა კარებებთან დალაგებულ ფერად საჩუქრებს რომ მოკრა თვალი, სხეულში მაინც ჩაეღვარა სულ ცოტაოდენი სითბო. სახლის კარი შეაღო და მისი განწყობა კიდევ უფრო გაუარესდა, ვერ იტანდა თავის სახლს და განსაკუთრებით ვერ იტანდა როცა მარტო იყო და არც არავის ელოდა..
ნეტავ ბეკი რას აკეთებს ახლა?- გაიფიქრა თავისდაუნებურად და შხაპის მისაღებად აბაზანისკენ გაემართა.
ყველას უნახავს ატირებული მოხუცი ქუჩაში, ძველისძველი ნაჭრით რომ იწმენდს მის სახეზე უფრო თბილ ცრემლებს.. ყველას უნახავს მიწაში ჩაფლული სულ პატარა კნუტი, ცოცხალ-მკვდარსაც რომ არ ასვენებენ უბნის ბავშვები და გადმუდმებით რაღაცას უღიტინებენ სიცილ-ხარხარით.. ყველას უნახავს შვილმკვდარი დედა, ყველა შესწრებია ღორის დაკვლას ანდაც ქათმისთვის თავის წაჭრას.. ყველას დაუნახავს როგორ გაასწრო სულ ბოლო ავტობუსმა ტვირთით დახუნძლულ ნაადრევად დაბერებულ ქალბატონს და როგორ სასოწარკვეთილი მიუყვება ფეხით გზას სახლისკენ, სადაც მისი მისვლა არც არავის აინტერესებს.. ყველას უნახავს ტკივილი ადამიანების სახეზე და არა მარტო.. ყველა შესწრებია ტრაგედიასა და უბედურებებს თანაც არა ერთხელ ან ორჯერ, არამედ ყოველდღიურად. გვწყინს, განვიცდით, შეიძლება ავტირდეთ კიდეც , თუმცა დროის სვლასთან ერთად ჩვენი გონებიდან ერთი უბედურება ქრება , მის ადგილს კი სრულიად სხვა , ახალი უბედურება იკავებს. თითქმის ყველა ჩვენგანის ტვინი ასეა მოწყობილი, მაგრამ რაც შეეხება იაკობს, მასთან ყველაფერი სხვანაირადაა. მას არასდროს ავიწყდება ნანახი ან თუნდაც გაგონილი ტრაგედიები, მაშინაც კი როცა სახლში მშვიდად საყვარელ ფილმს უყურებს, ან მაშინ როცა საყვარელ კერძს მიირთმევს, ან მაშინ როცა ვარჯიშობს, როცა სიმღერებს უსმენს , როცა ხატავს, ან როცა მუშაობს, ან მაშინ როცა ვიღაცას ესაუბრება, ნებისმიერ სიტუაციაში ან ნებისმიერ გარემოში, ტვინში კადრებივით უტივტივდება ის ქალიც, რომელსაც ავტობუსმა არ გაუჩერა, ის მოხუციც, ხალხშიც რომ ვერ მალავს ცრემლებს, ის კნუტიც, სასტიკად რომ სცემეს.. საკუთარ თავს ადანაშაულებს იმის გამო რომ მათთვის ვერაფრის გაკეთება მოახერხა და შემდეგ ეს უსუსურობის განცდა შიგნიდან ნელნელა უწყებს ჭამას, სამყაროს ეთიშება და ყურებში მხოლოდ გაურკვეველი ხმა ჩაესმის..

შხაპი მიიღო , სუფთა ტანსაცმელი გადაიცვა და სავარძელზე მოთავსდა. 12-ს გადაცდა, ახალი წელია, თუმცა ამას ვერ გრძნობს.
გონების ხმის ჩასახშობად უკვე ათასჯერ ნანახი ფილმი ჩართო და მაქსიმალურად ეცადა კონცენტრაციის მასზე გადატანას. ტელეფონის ზარის ხმა შემოესმა შორიდან, მაგრამ დარწმუნებული იყო რომ დედა ურეკავდა ახალი წლის მისალოცად, საყვედურების მოსმენის თავი არ ჰქონდა , ამიტომ არც განძრეულა და ისევ ფილმის ყურება გააგრძელა, როცა ზარის ხმამ ზედმეტად გააღიზიანა მხოლოდ მაშინ, აგრესიით მოიშორა პლედი და საძინებელში დამტენიდან ძალდატანებით გამოგლიჯა ტელეფონი.
-ვიკი?!-გაოცება ვერ დამალა როცა დედის ნაცვლად ხელში ბეატრისის საუკეთესო მეგობარი შერჩა.
-ახალ წელს გილოცავ იაკობ!-ხმამაღლა შეჰკივლა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა და მაშინვე საქმეზე გადავიდა.-ბეატრისს მოაკითხე რა! ჩემთან გამოვიდა ბარში, საშინლად დათვრა და ახლა არც აქ მიჩერდება და არც სახლში მიდის, მე ვერ გამოვდივარ დილის ხუთამდე ვმუშაობ, ვიცი დაშორდით და მაპატიე ალბათ შენ არ უნდა გირეკავდე მაგრამ სხვა მართლა არ ვიცი ვინ შეძლებს ამის სახლამდე წაყვანას.
-10 წუთში მანდ ვიქნები.-ვიქტრორიას სიტყვებს ხმაურში თითქმის ვერ არკვევდა, ლოგიკით მიხვდა რომ ბეატრისისთვის იქ მისვლა სთხოვა და მისთვის ესეც სრულიად საკმარისი იყო, იმიტომ არა რომ მიზეზს ეძებდა ბეკისთან შესახვედრად, იმიტომ რომ ვერ დაუშვებდა მის სიყვარულს მისგან შორს რაიმე დამართნოდა.. სახლის სპორტულებზე პირდაპირ შემოიცვა ქურთუკი, საჭირო ნივთები ერთიანად მოიმარჯვა ხელში და რაკეტისებური სიჩქარით გაიარა გზა მანქანამდე.
ათი წუთი არც დასჭირვებია, 7 წუთში უკვე ადგილზე იყო.
როგორც კი უცხო ხალხში მთვრალი ბეატრისი დალანდა, პირველ რიგში შვებით ამოისუნთქა , შემდეგ კი მაშინვე მასთან მიირბინა.
-იაკობ?!-თვალები მოჭუტა ბეატრისმა როცა მისკენ მიმავალი მამაკაცი შენიშნა.
-გამარჯობა ბეკი.-უჩვეულო სიუხეშით ამოილაპარაკა იაკობმა და ფეხზე ძლივს მდგომ ქალბატონს ხელი შეაშველა სიმყარისთვის.
-აქ რას აკეთებ? მგონი უკვე გითხარი რომ არ მიყვარხარ ! შესაბამისად ჩემი დევნაც უნდა შეწყვიტო.
-გასაგებია, სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ, ახლა მანქანაში ჩაჯექი.
-არ ჩავჯდები შენს მანქანაში!
-ბეკი!-თვალები მაღლა აატრიალა მამაკაცმა.
-არ ჩავჯდები-მეთქი! არ მიყვარხარ და არც შენთან ყოფნა მინდა!
-მანქანაში ჩაჯექი ბეატრის! არ ვაპირებ აქ მთვრალი იმის გამო დაგტოვო რომ არ გიყვარვარ.
-არ ჩავჯდები-მეთქი..
-საკმარისია!-წინადადება აღარ დაასრულებინა, ხელიდან სასმლით სავსე ჭიქა ფრთხილად გამოართვა და ძალდატანებით, თუმცა მაინც მოათავსა მანქანაში. სავარძელი გაუსწორა ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის.. ღვედი გადაუჭირა და თავადაც კუთვნილი ადგილისკენ დაიძრა.

ტემპერატურა -2 გრადუსს აჩვენებდა, თუმცა მაინც ბოლომდე ჩაუწია ფანჯრებს საყვარელი ქალის სურნელთან გასამკლავებლად.
-მცივა.-ბუზღუნით ამოილაპარაკა ბეატრისმა და თავისივე ფეხებით გათელილი პალტო კიდევ უფრო მეტად გადაიჭირა სხეულის გასათბობად.
მისი ხმის გადასაფარად იაკობმა მაქსიმალურად ხმამაღლა ჩართო მუსიკა. გრძნობდა როგორ აკარგვინებდა ყველაფრის უნარს საყვარელი ქალი და თავის თავზე გაბრაზებულმა უსიამოვნოდ შეკრა კოპები. ხომ იცის რომ ბეატრისი მის მიმართ იგივეს არ გრძნობს? მაშინ თავად რატომ იწვის მისი სურვილით?
რატომ დათმობდა მთელს თავის სიცოცხლეს კიდევ ერთხელ რომ შეხებოდა ქერა, გრძელ თმაზე, კიდევ ერთხელ რომ წათამაშებოდა მის კისერს ცხვირის წვერით და მაქსიმალურად შეესუნთქა სურნელი, რომელიც ჭკუიდან შლიდა..
-ასე სახლში ვერ მივალ.-მუსიკას დაუწია ბეატრისმა.
-მოგიწევს.-უემოციოდ გააჟღერა სულ ერთი სიტყვა იაკობმა.
-მთვრალი ვარ.-ისტერიული სიცილი აუტყდა და ხელებით გაურკვეველი მოძრაობების კეთება დაიწყო.
იაკობმა ისევ აუწია მუსიკას და თვალი მაქსიმალურად აარიდა მის გვერდზე მჯდომს.
-ისე ადამიანები იმიტომ არ შორდებიან რომ შემდეგ ერთმანეთს ბარებში აკითხონ.
ცეკვა შეწყვიტა ბეატრისმა და მუსიკას ისევ მაქსიმალურად დაბალზე დაუწია.
-მე არ დაგშორებივარ, ამიტომ იმდენჯერ მოგაკითხავ, რამდენჯერაც მომინდება.
-აი ეგ უკვე დანაშაულია,რომელი მუხლის რა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დავგუგლავ თუ არ გჯერა.-ტელეფონი გამაფრთხილებლად მოიმარჯვა ხელში.
იაკობმა პასუხის ნიშნად კვლავ მხოლოდ მუსიკას აუწია.
-ასე სახლში მართლა ვერ მივალ.-ტირილნარევი წუწუნით ამოილაპარაკა და სარკე ჩამოწია რომ ენახა რამის გამოსწორებას მაინც თუ შეძლებდა. ქარის დაბერვასავით შემოაწვა სევდა როცა სარკეზე წარწერა ‘’passenger princess’’ დაინახა , მის თავზე კი საკუთარი ფოტო.. სახე მოეღუშა, რამდენიმე წამს გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ სარკე კვლავ მაღლა აკეცა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანას შეეცადა.
-შენი ნივთები მარიამთან დავტოვე დღეს, სახლში რომ არ დამხვდი.
-ვიცი.
-ყველაფერი წამოვიღე, საერთოდ ყველაფერი.
-ვიცი.
-არ მინდოდა სახლში ის ნივთები მქონოდა რომელიც ჩვენს ურთიერთობას გამახსენებდა, ასე უფრო მარტივია გადასალახად. თითქოს არც ყოფილა არაფერი.
ხმით ჩაიცინა იაკობმა, თუმცა ბეატრისისკენ კვლავ არ გაუხედავს.
-რა გაცინებს?
-ესეიგი ასეა, ნივთებს სახლიდან იშორებ და შემდეგ თითქოს არც არაფერი ყოფილა.. ესეიგი ნივთებთან ერთად ყველაფერი ქრება?
-ასე უფრო მარტივია.
-მაშინ შეგეძლო ეგ ნივთები პირდაპირ ნაგავთან დაგედო ბეკი, ჩემთან რატომ მოიტანე?
-არ ვიცი, ვიფიქრე რომ გენდომებოდა ის ნივთები რომლებშიც თანხა გადაიხადე.
-რა? გგონია ახლა ნივთებში გადახდილ თანხებზე ვფიქრობ?-საჭეს ხელი გაუშვა და სულ რამდენიმე წამით გადარჩა ავარიას.
-არ ვიცი ახლა რაზე ფიქრობ იაკობ! წარმოდგენა არ მაქვს!
-გაჩუმდი ბეკი, საშუალება მომეცი სახლამდე მშვიდად მიგიყვანო.
-ახალი წელი მაინც მოგელოცა, მოხვედი ჩამსვი მანქანაში და სახლში ძალით მიგყავარ.-ცხვირი ისე აიბზუა თითქოს მართლა არ სიამოვნებდა მამაკაცის ყურადღება.
-ახალ წელს გილოცავ.-კვლავ უემოციოდ ამოილაპარაკა იაკობმა , ბეატრისი პასუხის გაცემას აპირებდა, თუმცა მამაკაცის ტელეფონის ხმამ აზრი გააწყვეტინა.
-ვინ გირეკავს?-ყურები დაცქვიტა, თვალები გააფართოვა და ტელეფონის აღება პატრონსაც კი დაასწრო.
-ელი ვინ არის??-სახის გამომეტყველებასთან ერთად ხმაც შეეცვალა.
-ტელეფონი მომეცი ბეკი.-ხმაში კვლავ შეეპარა სიმკაცრე , გზას თვალები მოაშორა , საჭე ერთი ხელით დაიჭირა და მეორეთი ბეატრისისთვის ტელეფონის გამორთმევას შეეცადა.
-ელი ვინ არის?-დანებებას არ აპირებდა ახალგაზრდა ქალბატონი.
-ბეატრის!

*
-ელენა, დედი, დადე ეგ ტელეფონი და საჭმელი შეჭამე, ამდენი რაღაც რისთვის მოზიდე თუ არაფრის ჭამას აპირებდი?
-ჭამის ხასიათზე არ ვარ.-ცარიელი თეფში ხელით უკან ჩააჩოჩა და გონებაში ჯიუტად გადაწყვიტა: “კიდევ ერთი ზარიც და გავთიშავ..”
ასეთი უსუსური მაშინაც კი არ ყოფილა როცა გადაწყვიტა ცხოვრების სიყვარულს და ამასთანავე საუკეთესო მეგობარს სამუდამოდ ჩამოშორებოდა და სრულიად სხვა ქვეყანაში გადასულიყო საცხოვრებლად. როგორ ენანებოდა დასატოვებლად , როგორ ითრევდა ფეხებს, მაგრამ სჯეროდა რომ თუ აქამდე ვერ უტყდებოდა იაკობი საკუთარ გრძნობებში, სიშორე ისე იმოქმედებდა მასზე რომ პირველ თუ არა, მეორე კვირაში მაინც აღსარებასავით აუხსნიდა სიყვარულს.. თუმცა ეს ფიქრები ბოლოს ოცნებად იქცა და მხოლოდ ტკივილი დატოვა მის გულში.
როცა იაკობი პირველად შეამჩნია ათი წლის იყო, იმის გამო არ შეყვარებია რის გამოც პრინცესებს უყვარდებათ ხოლმე პრინცები, არც გმირად მოვლინებია და არც მის გამო უცემია დანარჩენი თანაკლასელები..უბრალოდ შეუყვარდა და მორჩა. შეუყვარდა მისი სიღრმეები, მისი პრიორიტეტები, შეუყვარდა თავის დარდთან, ტკივილთან და გათენებულ ღამეებთან ერთად. შეუყვარდა ის , თუ როგორ ელაპარაკებოდა იაკობი დედას, შეუყვარდა ის , თუ როგორ სცემდა პატივს ყველა სულიერს და როგორ ზრუნავდა მათზე დაუღალავად. შეუყვარდა იაკობი და ავტომატურად შეუყვარდა ყველა და ყველაფერი რაც მას უკავშირდებოდა.
-ნანობ რომ აკოცე?-ფიქრებიდან ისევ დედამ გამოარკვია.
-ოდესმე ხომ უნდა დავრწმუნებულიყავი რომ მისთვის მხოლოდ საუკეთესო მეგობარი ვიყავი და ალბათ ახლაც რაღაც მაგასთან ახლოს ვარ.
-დამიჯერე ელა, კაცს კაცი იმიტომ ჰქვია რომ თუ რამე მსგავსს გრძნობს თავად გადმოდგავს ეგეთ ნაბიჯს, შენ კი უბრალოდ თავი დაიმცირე.
-ანუ იმას რომ ეკოცნა ეგ კაცობის დასტური იქნებოდა და მე თუ ვაკოცე ეგ თავის დამცირებაა?
-შენ თვითონ არ მითხარი თავს დამცირებულად ვგრძნობო?
-დედა! ეგ უბრალოდ გრძნობაა, მაგასთან კაცი და ქალი რა შუაშია?!
-ისე..-ხმით ამოიხვნეშა და ატკიებულ ფეხს ხელით რამდენჯერმე გაუხახუნა ხელი, თითქოს ამით რამის შეცვლას შეძლებდა.-ხანდახან მეც მიფიქრია ალბათ უყვარს ამ ბიჭს და ასე ამიტომაცაა ელასთან-მეთქი, არა გოგოს და ბიჭის მეგობრობის როგორ არ მჯერა, მაგრამ თქვენ მაინც რაღაც სხვანაირად იყავით.
-აქამდე არასდროს გითქვამს მაგას თუ ფიქრობდი.
-ხო ელა არ მითქვამს, ვიცოდი ეს ეჭვი რომ გამეღვივებინა შენში, მაშინვე მივარდებოდი და ყველაფერს ერთიანად მიახლიდი.
-მაინც ეგრე არ გამოვიდა? თან ამდენი წლის შემდეგ.
-ახლა მაინც მოეშვი, ნუღარ ურეკავ, თუ რამის თქმა უნდა თვითონ დაგირეკოს.
-მინდა დავრწმუნდე რომ კარგადაა.
-ვიღაც უნდა გაიჩინო ელა! მე რომ რამე დამემართოს შენ რა გეშველება? სულ მარტო უნდა იყო ამ სახლში?-თვალზე მომდგარი ცრემლები მაისურის საყელოთი მოიწმინდა და ერთადერთ ქალიშვილს თვალებში სიყვარულით ჩააცქერდა.
-სისულელეებს მოეშვი! ახალი წელია, რამე მხიარულზე იფიქრე!
დედისთვის მიცემული რჩევა თავადაც გაითვალისწინა, ფეხზე წამოდგა, ტელევიზორში საახალწლო გადაცემა ჩართო, მაღალ ხმაზე აუწია და ცეკვა ცეკვით მიუახლოვდა მწოლიარე ქალბატონს.

*
-მაინც არ მეტყვი ვინ გირეკავდა?-ლიფტის მოსვლამდე დრო იხელთა და კვლავ მიუბრუნდა თემას, რომელიც იმ მომენტში ყველაზე მეტად აინტერესებდა.
-ჭკვიანად ბეკი.
-“ჭკვიანად ბეკი”.-მამაკაცის სიტყვები ზუსტად იგივე ინტონაციით გაიმეორა და დაჯღანული სახით და დაემშვიდობა, თვალებში მადლიერების ნაპერწკლებიც მკაფიოდ უნათებდნენ , თავად სახლში მისვლას მართლა ვერ შეძლებდა და სიამოვნებდა რომ იაკობმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა მამაკაცმა როცა ლიფტის კარი ბოლომდე დაიკეტა და საყვარელი ქალის სურნელიც სადღაც შორიახლოდან ესმოდა მხოლოდ. თვალები მოიჭყლიტა გრძელი , სიცივისგან დაფოთლილი თითებით.
“მთვრალიც რა ლამაზია..”-გაიფიქრა თავისდაუნებურად და ყველა დაკარგული წამი ინანა, რომელიც საყვარელი ქალის სხეულზე შეხების გარეშე გაატარა.

თითქმის 7საათი იყო დიდი ტანჯვის და წვალების შემდეგ დაძინება რომ მოახერხა, 11 საათზე კი დაფეთებული წამოხტა ლოგინში ტელეფონის ზარის ხმის გაგონებისას.
-ახალ წელს გილოცავ იო დე! როგორ ხარ?-ბედნიერებით შემოკრა ტაში, კადრი გოზინაყებისკენ გადაიტანა და საყვარელი შვილისგან შექებას მოთმინებით დაელოდა. უცხო ქვეყანაში გადახვეწილმაც არ დაივიწყა ქართული ტრადიციები , არც საცივის გაკეთება დაზარებია, არც თაფლისთვის საათობით მორევა.. სახე უბრწყინავდა ბედნიერებისგან როცა მაგიდაზე დალაგებულ საჭმელს დაჰყურებდა და თავის წილ პატარა საქართველოს ხედავდა მათში.
-საოცარი ხარ ლელ!-დედას სურვილს მიუხვდა და იმის მიუხედავად რომ ამის განწყობაზე საერთოდ არ იყო, არც საკვების ვიზუალის ქება დაზარებია და არც საკუთარი დედის.
-კარგი, კარგი! ნუ მაწითლებ.-პატარა ბავშვივით დაიმორცხვა და თვალზე მომდგარი ცრემლები კუთხეებიდან იქამდე მოიშორა , სანამ ჩამოცვივდებოდნენ და მეტად შესამჩნევები გახდებოდნენ სხვა ადამიანებისთვის.-მარიამთან არ გადიხარ?
-გავდივარ კი.
-ხო დედი , გადი , იმდენი იწვალა იმანაც მთელი ღამე საჭმელებს ამზადებდა.
-შენც კამერით ედექი თავზე და კარნახობდი ხო?-სიცილი აუტყდა იაკობს.
-იო..-უცებ დაისერიოზულა გამომეტყველება გაჭაღარავებულმა ქალბატონმა.-იქნებ მამაშენის საფლავზე გახვიდე? არც დაბადებისდღეზე, არც აღდგომას, არც შობას , არც ახალ წელს.. საერთოდ აცერთ დღესასწაულზე არ მიდიხართ, ასე როგორ შეიძლება დედი?
-არ შემიძლია.-გადაჭრით უპასუხა მამაკაცმა და ქურთუკებში გამწარებულმა დაუწყო ძებნა სიგარეტს.
-ცხოვრება მხოლოდ იმის კეთება არ არის რაც შეგვიძლია იო, ცხოვრება ის არის, როცა არ შეგვიძლია და ვაკეთებთ, როცა გვტკივა და ვითმენთ, როცა გვეშინია და ვიბრძვით.. გადით შენ და მარიამი დღეს, ან იმას ნუ დააძალებ, მაინც გოგოა და სხვანაირად გადააქვს ყველაფერი, შენ კაცი ხარ! მეტი შეგიძლია, მეტი პასუხისმგებლობები გაქვს! სულ ამას ჩაგჩიჩინებ და მაინც არაფერი შედის მაგ შენს თავში.-ცრემლები ისე მოაწვა ცხოვრების მეგზურის გახსენებისას, ვეღარც მოწმენდა მოასწრო და შვილის თვალწინ ცხარე ცრემლებით აქვითინდა.
-მივალ ლელა, მივალ. დღესაც მივალ , ხვალაც და საერთოდ ყოველდღე ვივლი, ოღონდ შენ არ იტირო.-ხმით ამოიოხვნეშა იაკობმა და მზერა ტელეფონს მოაშორა, იცოდა რომ ვერ გაუძლებდა დედის ცრემლების კიდევ ერთხელ დანახვას.
-მადლობა დე.. სანთლის წაღება არ დაგავიწყდეს, ახლა უნდა წავიდე თორე ჩემს ქალბატონს ისედაც დიდხანს მოვწყდი და ხომ იცი როგორ ნერვიულობს რომ ვერ მხედავს.
-დროებით.
დედას დაემშვიდობა, პირველ ღერ სიგარეტს მეორეც დაუფიქრებლად დააყოლა , მარიამი გააფრთხილა ჯერ საფლავზე ავალ და შენ მერე გამოგივლიო და გასასვლელად მომზადება დაიწყო.

*

2017 წლის 15 აპრილს, შუადღის სამ საათზე, ერთ ჩვეულებრივ დღეს , რომელიც არც არაფრით გამოირჩეოდა და თითქოს არც პოტენციალი გააჩნდა რომ რამით გამორჩეული გამხდარიყო, რეზომ, ოჯახის უფროსმა, შვილებისთვის სამაგალითო მამამ და ცოლისთვის საყვარელმა მეუღლემ სიცოცხლე თვითმკველობით საკუთარ კაბინეტში დაასრულა, მაშინ როცა მისი ცოლი სამზარეულოში ფუსფუსებდა, შვილები კი სახლიდან გასასვლელად ემზადებოდნენ.
თვეების წინ შეძენილი სანადირო იარაღი კისერთან მიიბჯინა და სასხლეტს თითი დაუფიქრებლად გამოკრა. ხმამ , რომელიც იმ მომენტში ძველ აშენებულ ბინაში დაისადგურა, გარშემო ყველა და ყველაფერი მოიცვა, თითქოს სამყაროში სხვა აღარაფერი ისმოდა.. ყურებზე ხელაფარებულები გაცვივდნენ კაბინეტისკენ ოჯახის დანარჩენი წევრები, თუმცა გრძნობდნენ კარგს რომ არაფერს უნდა დალოდებოდნენ.
მთასავით კაცი რომელსაც თითქოს ვერავინ და ვერაფერი დაამარცხებდა, კაცი რომელიც თითქოს ყველას და ყველაფრის საყრდენი უნდა ყოფილიყო, კაცი რომელიც მუდმივად იბრძოდა, კაცი რომელიც ყველა ტკივილის მოახლოებისას გეტყოდა : ‘’ ნუ გეშინია, მე აქ ვარ..’’ , კაცი რომელიც არასდროს დაგანახებდა თავის დარდსა და სევდას , კაცი რომელსაც თითქოს არაფერი აწუხებდა , კაცი რომელიც არასდროს დაიწუწუნებდა, კაცი რომელიც დაუღალავად მუშაობდა იმისთვის რომ საკუთარი ცოლ-შვილისთვის არაფერი მოეკლო, კაცი რომელსაც თითქოს სამუდამოდ უნდა ეცოცხლა, 2017 წლის 15 აპრილს საკუთარ სისხლში მოსვრილი ეგდო იატაკზე და სახეზე კმაყოფილება ისე დასთამაშებდა, თითქოს ერთადერთი ოცნება აისრულა და ცხოვრებაში პირველად იპოვა სიმშვიდე..
‘’ხმა გამეცი , ოღონდ ახლა არ მიმატოვოო’’ დასტიროდა ერთადერთ იმედს სასოწარკვეთილი და თმის ღერები ერთმანეთის მიყოლებით უთეთრდებოდა 40ს გადაცილებულ ქალბატონს. სველი, ჭურჭლის ჟელეთი აქაფებული ხელებით ეფერებოდა სახეზე მისთვის ყველაზე ძვირფასს და გამუდმებით უმოწმებდა გულისცემას, ვერ იჯერებდა რომ მათი ისტორია მართლა დასრულდა , ვერ იჯერებდა რომ ფეხებიდან ყველაზე დიდი ძალა გამოეცალა..
იარაღის ხმა არც მეზობლებს გამოპარვიათ და გასროლიდან რამდენიმე წუთში ატეხეს კარებზე შემზარავი ბრახაბრუხი…
ოჯახის უფროსი მისაღებში დაასვენეს , გარშემო სკამები შემოუწყვეს და ის მწვანე თვალებიც დაუხუჭეს სამუდამოდ.
პანაშვიდებზე უამრავი ხალხი ირეოდა ერთმანეთში , იაკობი კი არც მათ საუბარს აქცევდა ყურადღებას , არც მათ კივილს და არც მათ გოდებას. მხოლოდ ერთხელ როცა სადარბაზოდან სახლში წყლის დასალევად შემოვიდა, სამზარეულოში ყავაზე შეკრებილებს თავისდაუნებურად მიუყურადა:
‘’-როგორ ფიქრობთ რა მოხდა? რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა რომელსაც არ ამხელდა?-იკითხა ასაკოვანმა , წარბებ მიხატულმა ქალბატონმა.
-თამაშობდა, ვალები ჰქონდა და ვეღარ გაუძლო, კაცს სხვა რა პრობლემა უნდა ჰქონოდა?!-მაშინვე გადაჭრით უპასუხა ოჯახის ახლობელმა.’’
დაკრძალვიდან ერთ კვირაში გარდაცვლილის მეუღლემ სახლის ლაგებისას მოულოდნელად ოთხად გადაკეცილი წერილი იპოვა..
“ჩემს სიცოცხლისგან დაღლილ სხეულს ახლა მხოლოდ შენთან დამშვიდობების ძალა შესწევს ლელ.. მაპატიე-მეთქი გეტყოდი, მაგრამ რა აზრი აქვს, ისედაც ვიცი რომ ვერასდროს მაპატიებ! იმასაც გეტყოდი სხვაგან , სხვა სამყაროში დაგელოდები , იქ სადაც შენც უეჭველად მოხვალ და მერე მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ კიდევ არსებობს ამის გარდა სხვა სამყარო და ფუჭი იმედებით არ მინდა თავი დავიმშვიდოთ.
ვცდილობ აგიხსნა ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი მაგრამ თავში მხოლოდ ის მომდის რომ ‘’დავიღალე ლელ.. უბრალოდ დავიღალე..’’ ვიცი შენ მეტყვი რომ სწორედ ეს დაღლაა ცხოვრება, მეტყვი რომ მე , ადამიანს რომელსაც ამდენი პასუხისმგებლობა მაქვს არც დაღლის უფლება მაქვს და მითუმეტეს არც დასვენების, მაგრამ გეფიცები , ჩემს და შენს სიყვარულს გეფიცები ლელ, მეტი მართლა აღარ შემიძლია.. ყველა უთქმელი სიტყვა, ყველა შეკავებული ემოცია, ყველა თვალიდან არ წამოსული ცრემლი ახლა ყელში ხელებს მიჭერს და მახრჩობს იმდენად რომ ხანდახან საათობით ვერ ვსუნთქავ ლელ.. ნეტავ საკუთარი თავისთვის ამდენი არ დამეძალებინა, იქნებ ახლა ასე არ გამჭირვებოდა ცხოვრების გაგრძელება.. იქნებ ყველაფრის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ უნდა ამეღო.. იქნებ ზოგჯერ მეც უნდა მეთქვა რომ მეშინია.. რთულია ჩემი მდგომარეობის ახსნა და ვიცი ვერ გაიგებ, ვიცი ვერც სხვები გაიგებენ, მაგრამ ეს ჩემი დროა, ჩემი დროა და ცხოვრებაში პირველად იმას ვაკეთებ რაც მე მინდა , სხვების აზრებზე ფიქრი ჩემთვის დასრულდა ლელ..
გთხოვ როგორც არ უნდა შეგზიზღდე ეცადე ჩვენს შვილებს არასდროს დავავიწყდე..
გპირდები, იქამდე ვიფიქრებ ჩვენს სიყვარულზე სანამ გონება საბოლოოდ გამეთიშება, შენც დამპირდი რომ თვალებს არ დაისიებ ცრემლებით და ცხოვრებას ჩემ გარეშეც გააგრძელებ..
ახლა მხოლოდ ეს არის რაც შემიძლია და ისიც ვიცი , რაც უნდა დავწერო ყველაფერი მაინც არასაკმარისი იქნება..
მშვიდობით ლელ.
იცოდე ,ცხოვრება მხოლოდ შენთვის და ჩვენი შვილებისთვის ღირდა.’’

*
ახლა უკვე 2024 წლის 1 იანვარია და წლების შემდეგაც ზუსტად ისე სტკივა იაკობს მამის დაკარგვა, როგორც იმ საბედისწერო დღეს.
არასდროს დაუდანაშაულებია და არასდროს გაბრაზებულა მასზე, არც წერილის წაკითხვამდე და მითუმეტეს არც მას შემდეგ. იმ დღესაც ასე ფიქრობდა და ახლაც ასე თვლის რომ პირიქით, მთელი სამყარო აქეთ დამნაშავეა მამამისთან, რადგან არასდროს მიუციათ საშუალება ამოესუნთქა, მოდუნებულიყო, წაბორძიკებულიყო. არასდროს შეუშველებიათ მისთვის ხელი და სულ მას სთხოვდნენ სიმყარეს, ამიტომ სრულიად იაზრებდა რატომ შეიძლებოდა რეზოს უბრალოდ დასვენება, სიმშვიდე და ღრმა ძილით დაძინება მოსდომებოდა..
იაკობს ამ ტკივილზე არასდროს არავისთან უსაუბრია, თავისივე სიჩუმე ახრჩობდა ხშირად, თუმცა ხმის ამოღება მაინც არ შეეძლო. ყოველთვის თვლიდა რომ რაღაც მასაც შეეძლო და არ გააკეთა, ეს დანაშაულის გრძნობა კი დროის სვლასთან ერთად სირცხვილის გრძნობად იქცა..

-მართლა იყავი მამას საფლავზე?-ახალი წლის მილოცვა სულ დაავიწყდა მარიამს, კარი გამოაღო თუ არა მაშინვე გაოცებული , კითხვით შეეფეთა ძმას.
-მართლა ვიყავი, ახალ წელს გილოცავ მარიამ.-გაბრწყინებული თვალებით გაუწოდა ყუთი , რომლის შეფუთვასაც საათები მოანდომა, იცოდა მისი ყურადღების გადატანას მხოლოდ საჩუქრით თუ მოახერხებდა.
-რა არის??-ხელიდან მომენტალურად გამოგლიჯა და ოთახში კისრისტეხვით გაიქცა.
-არარსებობს!!!!-შორიდან შემოესმა იაკობს მარიამის კივილი, როცა სიძეს და მის ნათესავებს ერთმანეთის მიყოლებით ართმევდა ხელს, ბავშვივით გაეღიმა დის სიხარულზე.
-ამხელა ფასიანი ნივთი რატომ მიყიდე?-აცრემლებული გამოვიდა ოთახიდან, ძმას წელზე ხელები შემოხვია და თავიც ბოლომდე მიაბჯინა ქმარს და მის ნათესავებს მისი ემოციურობა რომ ვერ შეემჩნიათ.
-გაჩერდი, თორემ ვიღაც იფიქრებს კაბრიოლეტი მოგიყენე სადარბაზოსთან.-სიცილით ჩასჩურჩულა ყურში იაკობმა.
-არა მართლა, მადლობა, უკვე თვეებია ამ საქარგი მანქანის ყიდვას ვაპირებ, როგორ მინდოდა ჩემი ბიზნესი დამეწყო.. მაგრამ ვერაფრით მოვუყარე ფულს თავი. ოჯახი მართლა ხრამი ყოფილა.-ქმრის გასაგონად მაქსიმალური აქცენტი ბოლო წინადადებაზე გააკეთა და თავადვე აუტყდა ხმამაღალი სიცილი.
-ხოდა ახლა გაქვს ზუსტად ისეთი საქარგი მანქანა , როგორიც გინდოდა და შეგიძლია შენს ბიზნესს იდეას ფრთები შეასხა.
-ბოლო ორი კვირაა თავი აგვატკია ყველას, 2024 ჩემი წელი იქნებაო, ჰოდა აჰა, გრძნობდა თურმე ბიზნეს ლედი რომ ხდებოდა!-სიცილით ამოილაპარაკა იაკობის სიძემ, დიდხანს ვერ გაძლო ცოლთან სიახლოვის გარეშე, ფეხზე წამოდგა და ახლა თავად მიიხუტა ბედნიერებისგან აღტაცებული მეუღლე.

მაგიდას მიუსხდნენ და მარიამის მომზადებული საახალწლო კერძებით გემრიელად ისადილეს, ყველა ლუკმაზე სათითაოდ სთხოვდა ქათინაურებით დაეჯილდოვებინათ , თუმცა , რა თქმა უნდა, არავის მობეზრებია მისი შესაძლებლობების ქება.
დის ოჯახში ახალი წლის ალკოჰოლით აღნიშვნამ სულ ცოტათი მოწყვიტა იმ საშინელ რეალობას რომლის წინაშეც იდგა. უკვე წამოსვლას აპირებდა ტელეფონის ვიბრაციამ რომ შეაწუხა, ჯიბიდან მძიმედ ამოიღო და ბოდიშებით გავიდა აივანზე.
-გისმენ ელი.
-happy new year, იო! მიხარია რომ მიპასუხე, ვნერვიულობდი.
-რაზე ნერვიულობდი ელი?
-შენზე! შეგიძლია შემხვდე? ვისაუბრებდით , საშუალება მექნებოდა ყველაფერი ამეხსნა..
-გუშინვე გითხარი რომ..
-ჩვენი მეგობრობის ხათრით!-საუბარი გააწყვეტინა ელენამ და კისერზე თითი ისე დაიკიდა თითქოს მამაკაცი ამას დაინახავდა.
-კარგი.. ოც წუთში თავისუფალი ვიქნები.
-ახლა თითქმის ყველაფერი დაკეტილი ან დაჯავშნილია, მანქანაში რომარ ვისაუბროთ რამე სხვა იდეა ხომარ გაქვს?
-სტუდიაში მოდი ჩემთან, მშვიდად დასხდომას შევძლებთ, ლოკაციას ჩაგიგდებ. გამოგივლიდი მაგრამ ფხიზელი არ ვარ და საჭესთან დაჯდომას ვერ მოვახერხებ.
-პრობლემა არ არის, ოც წუთში იქ ვიქნები.-ბედნიერებისგან ხელები აუკანკალდა ელენას როცა მიხვდა რომ რაღაცების გამოსწორების შანსი კვლავ მიეცა..

სასმლისგან აჭარხლებულ მასპინძლებს სიყვარულით დაემშვიდობა და ის იყო გასვლას აპირებდა მარიამმა რომ მკლავში ხელი ჩაავლო და უკან შემოაბრუნა.
-ბეატრისის ნივთები! ბარემ წაგეღო.
-ახლა ბეკის ნივთები რომ დავინახო და მითუმეტეს მათ რომ შევეხო, სახლში მივადგები და წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით მაინც მოვიყვანო ცოლად.-გამაფრთხილებლად დაიქნია თითი იაკობმა და ეშმაკურად ჩაიცინა.
-ზუსტად მაგას ვითხოვ შენგან! ზუსტად ეგეთი ნაბიჯები გჭირდება უფრო მეტად კაცური რომ გახდე!-სრული სერიოზულობით უპასუხა მარიამმა.
-შენ ფსიქოლოგს გაესინჯე, კაცობას იძულებით ერთად ყოფნით რომ ზომავ ჩემო ფერია!-სიცილით მოეხვია კიდევ ერთხელ.

-დიდიხანია მელოდები?-ტაქსიდან გადავიდა თუარა მაშინვე თვალში მოხვდა ბეტონზე წამომჯდარი ელენა, მთელი სხეული რომ უკანკალებდა სიცივისგან.
-ათი წუთია.
სტუდიაში ავიდნენ, სანამ იაკობი ცხელ სასმელს ამზადებდა ელენამ ყველაფრის დათვალიერება მოასწრო, ყბადაღებული უყურებდა მამაკაცის ნახატებს და იმდენად დიდ ენერგიას იღებდა თითოეული მათგანისგან რომ მზად იყო მთელი ცხოვრება მხოლოდ ეს ეკეთებინა.
-მიხარია რომ ხატვა არ შეგიწყვიტავს და აქამდე მოხვედი
-ჩემი მუდმივად აღელვებული სულის დამშვიდება მხოლოდ ასე შემიძლია.-მაგიდას მიუახლოვდა, ჭიქები მაქსიმალური სიფრთხილით დაალაგა და თავად საყვარელ სავარძელში მოთავსდა.
-მოკლედ, არ მინდა იფიქრო რომ ჩვენი მთელი მეგობრობა ტყუილზე იყო დამყარებული , ტყუილზე რომელშიც მე მიყვარდი და შენ ამის შესახებ არაფერი იცოდი, თუმცა რადგან უკვე ის მოხდა რაც მოხდა, თავს ვალდებულად ვთვლი გითხრა რომ იმ დღიდან მომწონხარ სულ პირველად რომ დაგინახე და სულ უფრო და უფრო ღვივდება ეს გრძნობა ყოველ ჯერზე როცა გიყურებ, გეხები, ან როცა შენი ხმა მესმის.
-ელი, ამის მოსმენა მართლა ძალიან დიდ უხერხულობას მიქმნის და გთხოვ.. როგორც თავად აღნიშნე ჩვენი მეგობრობა სწორედ ამ ტყუილზე ყოფილა დაფუძვნებული, ვერც კი წარმომიდგენია საპირისპირო როგორ უნდა დამიმტკიცო.
-იო , შენ მართლა იყავი ჩემი საუკეთესო მეგობარი, ის რომ მე შენს მიმართ სხვა გრძნობებიც მქონდა არ ნიშნავს რომ ჩვენი მეგობრობა სრულიად ფარსი იყო. ამ ყველაფრის აღიარება საკუთარ თავთანაც კი მიჭირდა.
-გასაგებია შენი პოზიცია.
-იქნებ იქამდე რომ გამომეჩინა ინიციატივა სანამ სხვა შეგიყვარდებოდა ყველაფერი სხვანაირად განვითარებულიყო, მე და შენ მართლა გვქონდა რაღაც, ის რაც ყველასგან გამოგვარჩევდა.. იქნებ მე რომ არ წავსულიყავი , იქნებ კონტაქტი რომ არ გაგეწყვიტა ჩემთან..
-ელი, რაც უნდა მომხდარიყო, ამ რეალობის შეცვლას მაინც ვერ შევძლებდით.
დიდხანს ისაუბრეს, ელენა მთელი არსებით ცდილობდა ისეთი რაღაცების თქმას რომ საბოლოოდ მამაკაცის ცხოვრებაში შენარჩუნება მაინც მოეხერხებინა თუ სხვა არაფერი. ძლიერი მანიპულაციით მიზანსაც მიაღწია , დაითანხმა იაკობი რომ ისევ აღედგინათ კავშირი, თუმცა ახლა არანაირი გრძნობა აღარ იქნებოდა დამალული..
სახლში ტაქსით გააცილა, თავად კი კვლავ სტუდიაში აბრუნდა, თითქმის გამოფხიზლებულმა კვლავ საყვარელი სიმღერა ჩართო , ხელში ფუნჯები და საღებავები მოიმარჯვა და გათენებამდე ხატვას შეუდგა.

*

ერთი თვე გავიდა იაკობის და ბეატრისის დაშორებიდან, იმის მიუხედავად რომ ქალბატონმა ბეამ თავად გადადგა ეს ნაბიჯი და თავად გადაწყვიტა მეორე ნახევარის გარეშე გაეგრძელებინა სიცოცხლე, თავს მაინც ისე გრძნობდა როგორც მხატვარი ფუნჯის გარეშე, მწერალი კალმის გარეშე, მომღერალი მიკროფონის გარეშე, მზარეული ხელების გარეშე, მასწავლებელი წიგნის გარეშე.. მოკლედ, აკლდა ის რაც სჭირდებოდა არსებობისთვის. ღამეებს თეთრად ათენებდა და იმ პერიოდში პირველად მიხვდა რას გრძნობდა იაკობი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. როცა გეძინება და ვერ იძინებ, როცა დაღლილი ხარ, დასვენება გინდა და არ შეგიძლია უბრალოდ მოეშვა, როცა ტვინში სულ რაღაც გიტრიალებს, როცა გამუდმებით ადანაშაულებ საკუთარ თავს.. პირველ კვირაში განსაკუთრებით არ იმჩნევდა ხასიათის ცვალებადობას, აიგნორებდა როგორც შეეძლო და ყურადღება მუდმივად სხვა რაღაცებზე გადაჰქონდა, მეორე კვირაში კი როცა ამ ყველაფერმა პიკს მიაღწია, როგორც იქნა აღიარა საკუთარი გრძნობები. ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ასეთი სიყვარული შეეძლო, ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ოდესმე ვინმეს ისე მიეჯაჭვებოდა რომ მასთან დაშორებას ვეღარ შეძლებდა. მთელი ცხოვრება გაწერილი ჰქონდა, მუდმივად ალაგებდა გონებაში ვინ სჭირდებოდა გვერდით და ვინ არა, იაკობი თავიდანვე არ შედიოდა მის გეგმებში თუმცა ლამაზი ღიმილისა და სექსუალური ზურგის გამო გამონაკლისი დაუშვა და საბოლოოდ ეს გამონაკლისი დიდ სიყვარულშიც გადაეზარდა თავისდაუნებურად.
ღამეებს ათენებდა იმ ყვავილებზე ფიქრში მინდვრებში რომ უკრეფდა იაკობი საათობით..
მხოლოდ სულიერ ტკივილს არ განიცდიდა , ფიზიკურადაც სტკიოდა სხეულის ყველა ნაწილი როცა იხსენებდა რამდენჯერ შეხებია მათ მამაკაცი მაქსიმალური სიფაქიზით.
ბევრი ფიქრის , ტკივილის და ტანჯვის შემდეგ, გადაწყვიტა იაკობთან მისულიყო და უბრალოდ ყველაფერი ეთქვა მისთვის, იცოდა მარტივი რომ არ იქნებოდა მისი ნდობის დაბრუნება, თუმცა დანებებას იქამდე არ აპირებდა, სანამ ისევ ერთი მთლიანობა არ გახდებოდნენ..

*
-ბეაა, როგორ გამიხარდა რომ დამირეკე, როგორ ხარ?
-კარგად ჩემო ლამაზო , შენ როგორ ხარ?
-ძალიან კარგად. ხომ მშვიდობაა?
-აამ , იაკობს ვეძებდი და არც სტუდიაში დამხვდა, არც სახლში.. ვიფიქრე იქნებ იცოდეს-მეთქი.
-ერთი კვირაა უკვე საგურამოშია.
-საგურამოში? ვისთან?-მოულოდნელი ინფორმაციისგან სხეული აუკანკალდა ბეატრისს.
-ელენასთან ერთადაა, არამგონია იცნობდე.
-ოჰ! ელენასთან ერთად..-ხმით შეიცხადა ბეატრისმა.
-არ ვიცი შენთვის ამას რაიმე მნიშვნელობა თუ აქვს, მაგრამ ბავშვობის მეგობრები არიან, სხვა არაფერი.
-შეგიძლია რამენაირად გამიგო როგორ შევძლებ იქ მათ პოვნას? არ ვაპირებ ვიღაც ელენას დავუთმო ჩემი ცხოვრების სიყვარული.-ისე ჩაიბურტყუნა დარწმუნებული იყო მარიამი ვერასდროს შეძლებდა მისი სიტყვების ამოცნობას.
-თუ უკვე არ დაუთმე.-სიცილით ჩაახველა მარიამმა.-თუმცა იცოდე, მე შენს მხარეს ვარ და ლოკაციასაც რამდენიმე წუთში ჩაგიგდებ, ოღონდ დამპირდი რომ პირველს ყველაფერს მე გამაგებინებ!
-გპირდები!-სიცილით უპასუხა ბეამ.
თბილი დამშვიდობების შემდეგ ტელეფონი დამტენზე შეაერთა და მაშინვე ზურგჩანთაში ნივთების ლაწა-ლუწით ჩალაგება დაიწყო. ისე ჩქარობდა თითქოს ორი წუთიც რომ დაეგვიანა იაკობს სამუდამოდ დაკარგავდა.
სანამ ყველაფერი გაამზადა მარიამმა ლოკაციაც დააწია , ტაქსი გამოიძახა და იმ ადამიანის დასაბრუნებლად გაემართა, ვისზეც თავად თქვა უარი..

მანქანიდან გადმოვიდა, ყურსასმენი ჯიბეში მოათავსა და წამიერად გაშეშდა. იმის მიუხედავად რომ დარწმუნებული იყო საკუთარ გადაწყვეტილებაში , იმის მიუხედავად რომ მართლა იცოდა რამდენად ბევრს ნიშნავდა იაკობი მისთვის , იმის მიუხედავად რომ ყველაზე მეტად ცხოვრებაში ისევ მასთან ყოფნა სურდა, დაბნეულობისგან მაინც ყბა უცახცახებდა.
როგორ უნდა აეხსნა მისთვის ის დაშორება, ან როგორ უნდა აეხსნა რატომ სურდა შერიგება ახლა.. ან იქნებ ელენა სულაც არაა მისთვის ბავშვობის მეგობარი და მის მიმართ სულ სხვა გრძნობითაა განსჭვალული. იმდენად შეეშინდა მოსალოდნელი გაუგებრობის, დამცირების და ტკივილის რომ ის იყო უკან დასაბრუნებელი ტაქსი უნდა გამოეძახა, უეცრად შორიახლოდან საყვარელი მამაკაცის ხმა რო შემოესმა.
-ბეკი?-ცივმა ოფლმა დაასხა იაკობს, იმ მომენტში ყველას და ყველაფრის ნახვას ელოდა ბეატრისის გარდა.
-გამარჯობა.-გაქცევას ვეღარ შეძლებდა, ამიტომ თბილად გაიღიმა და მისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა.-მარიამისგან გავიგე აქ რომ იყავი , შენი ნახვა და რაღაცაზე საუბარი მსურდა..
-თხლად გაცვია.-როგორც კი მიუახლოვდა ბეატრისი , მაშინვე გაიხადა ქურთუკი და მხრებზე შემოხვია სიცივისგან რომ არ შეწუხებულიყო მისი ქალბატონი.
ბეატრისმა საპასუხოდ მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქა მამაკაცის სურნელი.
-შიგნით შევიდეთ ,შენს საყვარელ ცხელ შოკოლადს გაგიკეთებ და თან ვისაუბროთ.
-არ მგონია შიგნით შესვლა კარგი აზრი იყოს..
-რა? რატომ არ უნდა იყოს?
-მინდა მხოლოდ ჩვენ ორმა ვისაუბროთ.
-შალვა ბიძიას ძაღლი ჯერჯერობით არ საუბრობს და აქ სხვა არავინაა.-უხმოდ გაიცინა იაკობმა და სახლისკენ დაიძრა.
-მარიამმა მითხრა.. ვიღაც ბავშვობის მეგობართან ერთადააო..
-აჰ, ელენა უკვე წავიდა.
-წავიდა?
-ჰო, რაღაცებზე ვერ შევთანხმდით და გადავწყვიტეთ რომ აქ თუ მარტო დავრჩებოდი ორივესთვის ასე უფრო უკეთესი იქნებოდა.
-და რაზე ვერ შეთანხმდით?
-სიყვარულზე.
-ანუ?-თვალები გადმოცვივდა ბეატრისს.-იქნებ უფრო პატარა ნაბიჯები გადადგა! სხვანაირად გვერდიგვერდ სიარულს ვერ ვახერხებთ!-ტონს აუწია გაბრაზებულმა.
-შენ გადადგი უფრო დიდი ნაბიჯები.-სიცილით გამოხედა იაკობმა და კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს.
-და სიყვარულზე ვერ შეთანხმება რას ნიშნავს?
-დაახლოებით იგივეა რაც მე და შენ დაგვემართა, ოღონდ ჩემი და ელენას შემთხვევაში პირიქით მოხდა.
ძველი კარი ძალდატანებით გააღო და ბეატრისს შიგნით შეუძღვა.
-მაინც ვერაფერი გავიგე..-ჯუჯღუნით დაიფერთხა ფეხები , სითბოს მიუხედავად მაინც არ მოუშორებია საყვარელი მამაკაცის ქურთუკი, თავს უფრო მშვიდად გრძნობდა როცა მის სურნელს ასე აშკარად შეიგრძნობდა.
-შენ რაზე გინდოდა საუბარი?-სკამი გამოუწია და ხელით ანიშნა აქ დაჯექიო.
-მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, მთელი გზაა ვფიქრობ როგორ გითხრა ან საერთოდ რა უნდა გითხრა..
-ბეკი , ორსულად ხარ?-ხელიდან ლამის საშაქრე გაუვარდა იაკობს.
-ვთქვათ ვარ, რას გააკეთებდი?
-ბეკი! ხომ იცი როგორ ვერ ვიტან ამ ტესტებით საუბარს ! უბრალოდ მითხარი..
-არ ვარ ორსულად, თუმცა ამ თემის გავლით რომ გითხრა ის , რისი სათქმელადაც აქ ამოვედი , გეტყოდი რომ.. გეტყოდი რომ სიამოვნებით ვიქნებოდი ორსულად შენგან!
-მართლა არაფერი მესმის..-კაკაოს კეთებას დროებით მოეშვა და თავადაც ბეატრისის გვერდით ხის სკამზე ჩამოჯდა.
-მაპატიე ყველა სიტყვა რომელიც იმ დღეს გითხარი როცა ერთმანეთს დავშორდით.. მაპატიე ჩემი დაუფიქრებელი საქციელი რომელსაც ახლა გულის წასვლამდე ვნანობ! მაპატიე რომ შენი სიყვარული ვუარყავი , მაპატიე რომ ზიანი მოგაყენე.. მაპატიე რომ ჩვენს ურთიერთობას ისე არ ვაფასებდი როგორც შენ აკეთებდი ამას. მაპატიე რომ არ გიფრთხილდებოდი , მაპატიე რომ დაგკარგე იო..-ხმა აუკანკალდა, თვალზე ცრემლები მოადგა და მამაკაცს თავი მაქსიმალურად აარიდა.
-მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენს თვალებზე ცრემლი დავინახო.
-წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორ მიყვარხარ და როგორ მჭირდები. შენ გარეშე ყველაფერმა აზრი დაკარგა, შენ გარეშე ჩემი ცხოვრება სრულიად ნაცრისფერი და ნისლით მოსილი გახდა.
-არ ვიცი , მართლა არ ვიცი ახლა რა უნდა გიპასუხო ბეკ, შენ იცი რომ მიყვარხარ , იცი რომ შენს სიყვარულს არასდროს შევწყვეტდი.. მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ..
-ჩემი ნდობა დაკარგე?
-ახლაც კი როცა აქ შენი ნებით ამოხვედი , გონებაში მაინც იმას ვფიქრობ რომ ჩემი არსებობით გაწუხებ.. შენ ისეთი იყავი იმ დღეს, ისეთი ბუნებრივი , თითქოს ეს ორი წელი თავს იკავებდი და ბოლოს ის გააკეთე რაც ასე ძალიან გსურდა.
-მაქსიმალურად ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი.
-თუ ასეა, გამოგივიდა.
-ანუ ახლა ყველაფერი გვიანია?
-‘’if you go , I’ll stay
You come back, I’ll be right here..’’-ხმადაბლა წაიმღერა იაკობმა ორივეს საყვარელი სიმღერა და თვალებში კვლავ აენთნენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩამქრალი ბედნიერების ნაპერწკლები.
-ეს იმას ნიშნავს რომ?
-ეს იმას ნიშნავს რომ შენს შესაძლებლებობებში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ თუ მოინდომებ , აუცილებლად დაიბრუნებ ისევ ჩემს ნდობას.-რამდენიმე წამით მოულოდნელად გაშეშდა.-პრინციპში, სამჯერ მაგ სახით შემოხედვაც საკმარისია…-

***

-რამდენი წელი გავიდა?-ლოგინში ფრთხილად წამოჯდა ჭაღარათმიანი ქალბატონი, ნაზად გაიზმორა და დღის პირველი ყავის ყლუპი მთელი მისი არსებით მოსვა.
-35 ბეკი.-ხის ჯოხი კედელზე მიაყუდა წელში სულ ცოტათი მოხრილმა მამაკაცმა და ლოგინზე მეუღლის გვერდით ჩამოჯდა.
-35.. თითქოს რა ბევრია არა? არადა გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ ჩამოგაკითხე დაშორებიდან ორ თვეში საგურამოში და როგორ გულრწფელად გითხარი ყველაფერი რასაც ვგრძნობდი..
-კიდევ კარგი ჩვენ ორში ერთს მაინც რომ აღმოაჩნდა ტრა*ი , თორემ ვინ იცის ახლა სად ვიქნებოდით.-სიცილი რამდენიმე წამში ხველებაში გადაუვიდა მამაკაცს.
-სისულელეებს ნუ ამბობ.-პატარა ბავშვივით განაწყენდა 60ს გადაცილებული ქალბატონი, მამაკაცმა კი შემოსარიგებლად უწინდებური სითბოთი დაუკოცნა ხელები თითებიდან იდაყვებამდე.
-ეს ის ცხოვრებაა რომელზეც სულ ოცნებობდი?-მალევე მოლბა ბეატრისი , სახე მოაბრუნა და მეუღლეს დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში.
-ეს იმაზე ბევრად მეტია ბეკი.. ყველა ბედნიერება გამოვცადე რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა განიცადოს.. უკვე 35 წელია ყოველ ღამე და ყოველ დილას ჩემს საყვარელ ქალს ვხედავ.. ქალს, რომელმაც სამი ულამაზესი შვილი მაჩუქა.. როცა ჩვენი შვილები დაიბადნენ მეგონა აღარ არსებობდა რაიმე გრძნობა ამაზე უფრო აღმატებული, მეგონა ვეღარაფერი გადაფარავდა ამ ბედნიერებას, მაგრამ ახლა ჩვენს წლობით ნაშენებ სახლში პატარა ბეკი რომ დამსდევს ‘’ბაბუ , ბაბუს’’-ს ძახილით მივხვდი რა სულელი ვიყავი მაშინ როცა ვიფიქრე რომ ბედნიერებას რაიმე საზომი ან ლიმიტი გააჩნია..



დ ა ს ა ს რ უ ლ ი

საამაყო ისტორია არაა, მაგრამ იმედი მაქვს სულ პაწაწინათი მაინც ისიამოვნეთ:( ამ პერიოდში უდროობა და უმუზოობა ერთიანად მიტევს და შედეგიც სახეზეა. :დ თან მართლა მიჭირს ამ ყველაფერთან დაბრუნება..
ხოდა, მითხარით რომ ჩემგანაც გამოვა რაღაც ან პირდაპირ გამაგდეთ აქედან. :დდდ

გისურვებთ სიყვარულის ფეიერვერკებით გინათებდეთ თვალები ყველგან და ყოველთვის<3

Cinnamongirl.



№1  offline წევრი ვიპნი

ძალიან კარგი იყო,ფბ-ს პოსტი ვნახე,სიმართლე გითხრათ იმ პოსტის შემდეგ სასიამოვნო განცდა დამეუფლა. საკუთარი თავი უნდა დააფასოთ. სურვილი გამიჩნდა რომ თქვენ წინა მოთხრობებსაც გადავხედო. წარმატებებს გისურვებთ.
პ.ს.ერთადერთი რაზეც გული დამწყდა და ინტერესი გამიჩნდა ეს იყო ელენეს ბედი.

 


№2  offline წევრი cinnamongirl

ვიპნი
ძალიან კარგი იყო,ფბ-ს პოსტი ვნახე,სიმართლე გითხრათ იმ პოსტის შემდეგ სასიამოვნო განცდა დამეუფლა. საკუთარი თავი უნდა დააფასოთ. სურვილი გამიჩნდა რომ თქვენ წინა მოთხრობებსაც გადავხედო. წარმატებებს გისურვებთ.
პ.ს.ერთადერთი რაზეც გული დამწყდა და ინტერესი გამიჩნდა ეს იყო ელენეს ბედი.

MADLOBAA მართლა გულრწფელად გამიხარდა თქვენი კომენტარი❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან კარგი ისტორიაა

 


№4  offline წევრი cinnamongirl

Daldoni Daldoni
ძალიან კარგი ისტორიაა

ვაიჰ❤️უდიდესი მადლობა^.^

 


№5 სტუმარი ნანამია

მომეწონა ვფიქრობ რეალურ ცხოვრებაშიც ხდება ასე... ქალები ზოგჯერ დაუფიქრებლად ვიქცევით, სამაგიეროდ ბეკის აღმოაჩნდა იმის სითამამე რომ სიყვარულიც ეღიარებინა და საკუთარი შეცდომები...რაც შეეხება ელის მისი მესმის რთულია მეგობარს ისე უყურო როგორც ოცნების მამაკაცს და მის გვერდით დარჩე... დასასრული მომეწონა და გულიც ,, ამიჩუყდა "ყოჩაღ იაკობსაც საკუთარი ოცნებების დაცვისთვის...

 


№6  offline წევრი cinnamongirl

ნანამია
მომეწონა ვფიქრობ რეალურ ცხოვრებაშიც ხდება ასე... ქალები ზოგჯერ დაუფიქრებლად ვიქცევით, სამაგიეროდ ბეკის აღმოაჩნდა იმის სითამამე რომ სიყვარულიც ეღიარებინა და საკუთარი შეცდომები...რაც შეეხება ელის მისი მესმის რთულია მეგობარს ისე უყურო როგორც ოცნების მამაკაცს და მის გვერდით დარჩე... დასასრული მომეწონა და გულიც ,, ამიჩუყდა "ყოჩაღ იაკობსაც საკუთარი ოცნებების დაცვისთვის...

უდიდესი მადლობა❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent