შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე (თავი-4)


7-03-2024, 13:18
ავტორი ანუბისი
ნანახია 2 169

8 8 8 8

შიში — სიბნელის იქნებოდა ეს, პატარა მწერის, ადამიანის თუ რამე სხვისი, მას შემდეგ მექცა ცხოვრების ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად, რაც სრულწლოვნების ასაკს მივაღწიე. აქედან მოყოლებული, ყოველთვის დიდი იყო ჩემი მცდელობა დამეძლია, დამეთრგუნა ან ნაკლებად განმეცადა ეს უსიამოვნო გრძნობა.

შიშს ორ კატეგორიად ვყოფდი — სასარგებლო და უსარგებლო. თუკი მშიერი ლომის წინ, ადამიანი სრულიად უიარაღოდ იდგა, მაშინ მის მიერ განცდილი შიში სასარგებლოდ მიმაჩნდა, რადგან იგი მას აიძულებდა ემოქმედა და მოსალოდნელი უბედურების პრევენციის მიზნით გაქცეულიყო, მაგრამ არსებობდა ამ გრძნობის უარყოფითი მხარეც, რის შემთხვევაშიც, კონკრეტული პიროვნება იმდენად იყო აფორიაქებული, სხვა ადამიანის ზურგს უკან იმალებოდა მაშინ, როდესაც კარგად დაფიქრების შემთხვევაში, თავის გადასარჩენი გეგმის შედგენას თვითონაც მოახერხებდა. სწორედ ეს გახლდათ უსარგებლო შიშიც.

ჩემს ცხოვრებაში, პირველი სერიოზული ფობია მაშინ გაჩნდა, როდესაც გავაანალიზე, რომ საკუთარი მამინაცვალი ისე მიყურებდა, როგორც ქალს, ხოლო მეორე, უკვე ლეოსთან ასოცირდებოდა. ეს ადამიანი, მთელ ჩემ შინაგან სამყაროს ტვირთავდა ნეგატიური ენერგიით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ბინაში სათვალთალო კამერის დამონტაჟებაზეც კი არ დაიხია უკან.

დილის ათი საათი სრულდებოდა. საშხაპე კაბინიდან გამოსული, ნიჟარასთან, მოშვებული ონკანის წინ ვიდექი და დიდ სარკეში, საკუთარ შიშველ გამოსახულებას ვაკვირდებოდი. ნარცისიზმით ოდნავადაც არ ვიყავი დაავადებული, თუმცა ზოგჯერ მაინც მიყვარდა ჩემს სხეულზე ხანგრძლივი დაკვირვება. მომწონდა მისი თითოეული მილიმეტრი, განსაკუთრებით კი ზომიერად ამობურცული ლავიწის ძვლები, რომელსაც მუდამ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ნაწილად ვთვლიდი ქალის სხეულში.

ხშირად ნამდვილად არა, მაგრამ ხანდახან მაინც მეფიქრებოდა იმაზე, როგორი ცხოვრება მექნებოდა, თუკი მეყოლებოდა ვინმე ისეთი, ვინც ერთ დღეს იმ ყველაფერს შეეხებოდა, რასაც ახლა ჩემს წინ დაკიდებული, დიდი სარკე ირეკლავდა. იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ეს შეიძლებოდა ლეო ყოფილიყო, გულისრევის შეგრძნება მიჩნდებოდა და ყველაფერი მძულდებოდა, რასაც ამ წამს ვუყურებდი.

საკიდზე ერთმანეთის მიყოლებით სამი პირსახოცი ეკიდა. როგორც კი ონკანში მოშვებული წყალი მოვკეტე, ამ სამიდან ის ამოვარჩიე, რომელსაც შხაპის მიღების შემდეგ ვიყენებდი ხოლმე და იგი, ნახევრად სველ ტანზე მჭიდროდ შემოვიხვიე.

-შენ ამას შეძლებ მარიტა -კრიალა სარკეში არეკლილ გამოსახულებას, გამამხნევებლად გავუღიმე. უკვე დეტალურად მქონდა მოფიქრებული, რაც უნდა გამეკეთებინა და გეგმა “ბ”-ც შედგენილი მქონდა, თუკი ყველაფერი ისე არ წავიდოდა, როგორც თავდაპირველად ვგეგმავდი.

აბაზანიდან სველი თმის მშრალებით გამოვედი. საწოლზე, წინასწარ მომზადებული იისფერი სარაფანი მელოდა, თუმცა სანამ მის ჩაცმას მოვასწრებდი, ტუმბოზე შემოდებულმა მობილურმა, ზუზუნით მამცნო ახალი შეტყობინების მოსვლა. წინათგრძნობა გამიმართლდა — SMS-ის ავტორი ნამდვილა ლოლა იყო.

„დარწმუნებული ხარ, რომ ამის მარტო გაკეთება უსაფრთხოა?“ -მწერდა ის.

გამეღიმა. რაც ჩემი ჩანაფიქრის შესახებ გავანდე, მაშ შემდეგ მოსვენება ჰქონდა დაკარგული და ვერც კი ვითვლიდი, გუშინწინდელიდან მოყოლებული, ამ კითხვას უკვე მერამდენედ მისვამდა.

„უსაფრთხო არც მარკეტში ჩასვლაა ლოლიტა. შეიძლება ტერორისტების ჯგუფი შემოვარდეს და მძევლად ამიყვანონ.“ -მივწერე პასუხად. არ გასულა ერთი წუთი, რომ მორიგი შეტყობინება მომივიდა, იმავე ავტორისგან.

„ნეთფლიქსის სერიალებს ნუ მიყვები რაა, მშვენივრად იცი რამხელა რიკსზეც მიდიხარ! ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა, როცა გითხარი, მაგ საქმის მოსაგვარებლად, მამაჩემის პოლიციელ მეგობრებს გავრევ-მეთქი.“

ლოლას მონაწერი რომ ჩავიკითხე, მივხვდი, რომ მიმოწერის გაგრძელება უკვე ძალიან მეზარებოდა, ამიტომ მას ვიდეო-ზარით გადავურეკე და როგორც კი ყურმილი აიღო, საუბარი მაშინვე გავუგრძელე:

-ჩვენ ხომ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ? პოლიციის საქმეში გარევა არაფერს შეცვლის, რადგან არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია იმის, რომ ეგ კამერა ნამდვილად ლეოს დაყენებულია

-არ ვიცი მარიტა, არ ვიცი -აშკარად დაძაბული, ანერვიულებული ხმა ჰქონდა მას -ერთია მამაკაცმა კუდში გდიოს და მეორე კი, პირად სივრცეში უკანონოდ გითვალთვალოს. ასეთი ტიპებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, შენ კი მის სახლში დაპატიჟებას აპირებ, სამხილების მოსაპოვებლად. მასთან მარტო დარჩენის მართლა არ გეშინია?

-ნუ ღელავ, არა მგონია დღისით და მზისით ჩემზე ძალადობა სცადოს. მეზობლების სახით, მოწმეები არავის აწყობს -დასამშვიდებლად გავუღიმე -თანაც საუბარს ისე წავიყვან, ამის გაკეთება თავადაც არ მოუვა აზრად, მენდე

-მისი დაყენებული კამერა ჯერ კიდევ არ გამოგირთავს, არა? -დამშვიდების მცდელობის მიუხედავად, შიში კვლავ შეიმჩნეოდა ლოლას ხმასა და გამოხედვაში, თუმცა პროგრესი მაინც იყო — დასახულ გეგმაში ცვლილებების შეტანას უკვე აღარ ჩამაგონებდა.

-არა, არ გამომირთავს. ეგონოს კიდევ ცოტა ხნით, რომ არაფერი ვიცი. ჩემი პერსონალური სათვალთვალო კამერაც მზადაა ხმისა და გამოსახულების ჩასაწერად

-ცეცხლს ეთამაშები მარიტა

-დაე, ასე იყოს. ჩემნაირ მშიშრებს, რისკზე წასვლა მატებს სიმამაცეს

ლოლამ ღრმად ამოიხვნეშა. როგორც ჩანდა, ჩემთვის ლექციების კითხვა უკვე დაემთავრებინა, რადგან ღრმად დარწმუნებული იყო, მათ ერთ ყურში შევუშვებდი მეორედან კი გამოვუშვებდი.

ვიდე-ზარი რომ დავასრულე და მოვწესრიგდი, ერთი წუთიც აღარ დამიკარგავს. სპეციალური პროგრამის მეშვეობით, მაშინვე გავშიფრე ის დაფარული ნომერი, საიდანაც ლეო დამიკავშირდა და ამჯერად თავად გავხდი მასთან დარეკვის ინიციატორი.

დაზუსტებით ვერ ვიტყვი ტელეფონი ხელში ეჭირა თუ ვინმესგან მნიშვნელოვანი შეტყობინების მოსვლას ელოდა იმ მომენტში, თუმცა ფაქტი იყო მეორე ზარის გასვლის თანავე მიპასუხა. მის ხმაში გაოცება და თვითკმაყოფილება ერთდროულად შეიმჩნეოდა. როგორც ჩანდა, უკვე ფიქრობდა, რომ მორიგ სამიზნეს “მოატეხა რქები.”

-დილა მშვიდობისა ლეო, როგორ ხარ? -ისეთი უდარდელი, თავისუფალი ტონი მქონდა, ვინმე იმასაც კი იფიქრებდა, რომ ჩემი და მისი სატელეფონო კონტაქტი ყოველდღიური რუტინა იყო.

-მშვენივრად . . . დილა ცოტა უინტერესოდ დაიწყო, მაგრამ მგონი საინტერესო გაგრძელება უჩანს

-მაინტერესებდა დღეისთვის რამე თუ გქონდა დაგეგმილი

-განსაკუთრებული არაფერი. რატომ მეკითხები?

-მინდოდა სახლში დამეპატიჟე -მის საცდუნებლად, იდუმალი, ვნებით გაჯერებული ტონი ჩავაქსოვე ამ სიტყვებში -რაღაც თემაზე მაქვს სასაუბრო და ვიფიქრე, თუ დაკავებული არ არის, გამომივლის-მეთქი

რაღაც პერიოდის განმავლობაში, ყურმილში მხოლოდ მისი დაძაბული სუნთქვის ხმა მესმოდა. შემდეგ თავად ლეოც ალაპარაკდა:

-გამოვლით აუცილებლად გამოგივლი, მაგრამ ჯერ ის მითხარი, ჩემი ნომერი როგორ გაშიფრე

-ქალები მუდამ მარტივად არკვევენ იმას, რაც რეალურად აინტერესებთ -წინასწარ მომზადებული, არაპირდაპირი პასუხი გავეცი იმ კითხვას, რომელსაც თითქმის ოთხმოცდაათი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული დამისვამდა. წამით, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს წინ შაბლონებით სავსე ფურცელი მედო და თითოეულ სიტყვას იქედან ვკითხულობდი.

-საინტერესოა -ჩაეცინა ლეოს -კონკრეტულად რა დროისთვის გინდა გამოგიარო?

-თუ ხელს არაფერი გიშლის, ახლავე დაიწყე მომზადება -მაშინვე გავეცი პასუხი. დაყოვნება აღარ მსურდა. მინდოდა ეს საქმე რაც შეიძლებოდა მალე დასრულებულიყო და მეც შვებით ამომესუნთქა.

-სისწრაფის მოყვარული დიდად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი რამებისთვის გამონაკლისის დაშვება შემიძლია

-ეგ შენებურად თანხმობას ნიშნავს?

-მგონი ასეა მარიტა -განსაკუთრებული ხმითა და ხაზგასმით წარმოთქვა ჩემი სახელი. შემდეგ ისიც დაამატა, მალე ვიქნებიო და სანამ საპასუხოდ რამის თქმას მოვასწრებდი, ყურმილი მანამ დამიკიდა.

საკუთარი ცბიერი გეგმის ნაწილობრივმა შესრულებამ კმაყოფილების ღიმილი მომგვარა, თუმცა მეორეს მხრივ, მაინც მზარავდა ის ფაქტი, რომ ლეოსთან სრულიად მარტო მომიწევდა დარჩენა, ერთ ჭერქვეშ. მშიშარა, დაუცველი მარიტა ჯერ კიდევ ჩემს შიგნით იმალებოდა, მის საპოვნელად და გასაქრობად კი რაღაც ისეთი საშუალება მჭირდებოდა, რაც ფსიქოლოგიურად მომადუნებდა. ტრადიციისამებრ, დაძაბულობის მოსახსნელად და გამბედაობის მოსაკრებად, ამჯერადაც რამდენიმე ყლუპი ვისკი მოვსვი პირდაპირ ბოთლიდან, მერე მას საცობი უწინდებურად დავახურე და ჩამწვარი ყელისგან მოგვრილი უსიამოვნო შეგრძნებების გასაქრობად, შოკოლადის პატარა ნატეხი შევჭამე.

ლეოს მოლოდინში დროის გაყვანა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობით –პაზლების აწყობით გადავწყვიტე. მახსოვს მე და მამა ხშირად ვაკეთებდით ხოლმე ამას, როდესაც შინ იყო და ჩემთან დროის გატარების ფუფუნება ჰქონდა. მის პროფესიასთან შეგუება, მცირეწლოვნობის ასაკიდანვე მიჭირდა. იმის გამო, რომ ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდა, კერძოდ კი, უფროსი ლეიტენანტის თანამდებობა ეკავა, ერთად იმდენ დროს ვერ ვატარებდით ხოლმე, რამდენის მოთხოვნილებაც ჩემს გულს ჰქონდა. არასდროს დამავიწყდებოდა ის მომენტი, როდესაც სრულიად ბავშვმა, კერძოდ კი, ცხრა წლის გოგონამ, რუსეთ-საქართველოს ომში გავაცილე, 2008 წლის აგვისტოს თვეში. სადღაც წაკითხული მქონდა, რომ თუკი ვარსკვლავის ჩამოვარდნის დროს, ოთახში მარტო მყოფი, ხმამაღლა წარმოვთქვამდი ყველაზე სანუკვარ სურვილს, იგი აუცილებლად ასრულდებოდა. ამის გამო, ყოველ ღამით, ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას საათობითაც კი ვუყურებდი ხოლმე, რათა ერთადერთი სურვილი — მამის, შინ მშვიდობით დაბრუნება ჩამეფიქრებინა. ასეთ მომენტებში, რამდენჯერმე ჩამძინებია კიდეც ფანჯრის რაფასთან.

ჩემდა სამწუხაროდ, ვარსკვლავის მოწყვეტის მოწმე ერთხელაც არ გავმხდარვარ, თუმცა მამაჩემის საღსალამათად დაბრუნების ოცნება მაინც ამიხდა და კიდევ ათი უბედნიერესი წელი გავატარე მასთან ერთად.

ფიქრებში ჩაძირულმა, ვერც კი გავიაზრე ისე მოვრჩი პაზლის აწყობას, რომელმაც საბოლოოდ, პარიზის ტრიუმფალური თაღის სურათი შეკრა. იგი, საფრანგეთიდან წამოსვლის დღეს, ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინე, მხოლოდ იმიტომ, რომ ხსენებული ქვეყნიდამ რაღაც მაინც წამომეღო, ფრანგული შვებულების მოსაგონრად.

საათს დავხედე. ისრები ზუსტად თორმეტის ნახევარს უჩენებდნენ. ლეოსთან საუბრის შემდეგ თითქმის ერთი საათი გასულიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ წამს შეიძლებოდა თავზე დამდგომოდა.

მისაღებში ჩამოკიდებულ ვან-გოგის “ვარკვლავებიან ღამეს” გავხედე, რომელსაც ქვედა მარცხენა კუთხეში, პაწაწინა სათვალთვალო კამერა ჰქონდა მიმაგრებული. იმის გამო, რომ მოწყობილობა სურათის ფერებში მქონდა შერჩეული, შორი მანძილიდან, შეუიარაღებელი თვალით, ფაქტობრივად არც კი ჩანდა, რაც საშუალებას აძლევდა, თავისი საქმე ისე გაეკეთებინა, ვერავის შეემჩნია.

დივანზე რომ ჩამოვჯექი, საზურგეზე თავი თვალებდახუჭულმა ჩამოვდე და ასიდან უკუსვლით დავიწყე თვლა. სულ მალე, კარზე დარეკილი ზარის ხმამ გამიფანტა ყურადღება. მწარედ ჩამეცინა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ზღურბლის საპირისპირო მხარეს ის იდგა, ვისაც ამდენ ხანს ველოდი, თუმცა სათვალთვალოში მაინც გავიხედე და დავინახე თუ არა სადარბაზოში მდგომი ლეო, კარი სპეციალურად დაყენებული, მაცდური ღიმილის თანხლებით გამოვაღე.

ხელცარიელი არ მოსულა. მარცხენა ხელში შამპანიურის ბოთლი ეჭირა, საკოლექციო მარკით, რაც იმას მიანიშნებდა, რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ ძვირადღირებული იყო და ჩვეულებრივ, ქსელურ მარკეტში არ გახლდათ შეძენილი.

-საჭირო არ იყო, სასმელი მეც მქონდა -სწრაფად გავიწიე და შიგნით შევატარე. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა — გემოვნებიანადაც ეცვა და არც სასიამოვნო არომატის სუნამოს დასხმა ჰქონდა დავიწყებული, რამაც მაფიქრებინა, რომ აქ მოსვლამდე საგულდაგულოდ ემზადებოდა.

-ვიცი, მაგრამ ეს შამპანიური, ალკოჰოლურ სასმელებს შორის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია და მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში ვსვამ ხოლმე

-მმმ, დახვეწილი გზაა იმის სათქმელად, რომ ეს მომენტიც განსაკუთრებულია

-სახლში როიალი თუ გაქვს? -ბოთლი გამომიწოდა მან, თან ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. მისი ცნობისმოყვარე ტონიც და გამოხედვაც ერთნაირად მაკვირვებდა.

-რატომ მეკითხები?

-უბრალოდ შენი მოსმენა მომენატრა . . . ვიფიქრე ცხოვრებაში პირველად, მხოლოდ ჩემთვის დაუკრავდი

დღითიდღე უფრო და უფრო მაოცებდა ეს ადამიანი. იმ მომენტში იმდენად უდანაშაულო, მეტიც — უმანკო სახე ჰქონდა, ვერავინ დაიჯერებდა, თუკი მართლა შეეძლო ისეთი რამის გაკეთება, რაც სხვისი პირადი სივრცის უკანონო თვალთვალი გახლდათ.

-სამწუხაროდ სახლში არანაირი მუსიკალური ინსტრუმენტი არ მაქვს -ვიცრუე. არადა სინამდვილეში, როიალისთვის ცალკე ოთახიც კი მქონდა გამოყოფილი ზედა სართულზე, ჩემი საძინებლის გვერდით.

-ცუდია. სიამოვნებით მოვისმენდი რომელიმე ძველი კომპოზიტორის შედევრს

-სიმართლე გითხრა, პერსონალურად ერთი ადამიანისთვის არასდროს დამიკრავს. გამონაკლისი მხოლოდ მამაჩემი იყო -ვუთხარი თუ არა, მაშინვე მისაღებისკენ ვანიშნე, თავად კი, როგორც მასპინძელი წინ გავუძეხი. მისი დაჟინებული მზერა ზურგს ისე მიწვავდა, თითქოს კანიბალთა გუნდს, ძელზე ხელებით და ფეხებით მიბმული, პირდაპირ ცეცხლის ალის თავზე ვყავდი ჩამოკიდებული.

ლეო დივანზე ჩამოჯდა და საზურგეს ისეთი გადაღლილი სახით მიაწვა, თითქოს დედამიწისოდენა ტვირთი მხრებიდან სწორედ ახლახანს მოიხსნაო.

-მამაშენი შენთან ერთად ცხოვრობს? -მკითხა ისეთი ტონით, აშკარად რომ უარყოფით პასუხს ნატრულობდა ამ კითხვაზე.

-ის გარდაცვლილია ლეო

რამდენიმე წამით მდუმარება ჩამოწვა. როგორც ჩანდა, ასეთ პასუხს არ ელოდა.

-ვწუხვარ -თქვა ბოლოს.

-ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ -თვალები კამერით აღჭურვილი ნახატისკენ გავაპარე ამის თქმისას.

-მაშინ თავად მითხარი რაზე გინდა ვისაუბროთ -ორაზროვანი იყო მისი ტონი. მზერა ისეთი თამამი ჰქონდა, ალბათ თავის წარმოსახვებში უკვე სრულიად ვყავდი გაშიშვლებული.

-იმაზე, რაც შენ გააკეთე და გეგონა ვერ მივხვდებოდი

-რას გულისხმობ? -მიუხედავად იმისა, რომ ამის დამალვას შეეცადა, მაინც შევატყვე მცირედი დაძაბულობა. ახლა უკვე მოქმედებაზე გადასვლის დრო იყო, რათა სიმართლე სააშკარაოზე გამომეტანა.

დივანზე, ლეოსთან უფრო ახლოს მივიწიე და ხელის გული, ნაზად ჩამოვატარე მის სახეზე. შეცბა. ოდნავ გაუკვირდა კიდეც ჩემი ასეთი სწრაფი გააქტიურება, თუმცა ტუჩებზე მაინც გაუკრთა ძლივსშესამჩნევი კმაყოფილების ღიმილი.

-იცი მამაკაცში ყველაზე მეტად რა მომწონს? -კიდევ უფრო ახლოს მივიწიე მასთან.

-მაინც რა?

-ის, რომ არ ნებდება და მიზნისთვის ბოლომდე იბრძვის -ამჯერად თითის ბალიშებით ტუჩებზე შევეხე. იმდენად ოსტატურად შევდიოდი როლში, ლამის თავადაც კი ვიჯერებდი, რომ ეს ადამიანი მართლა იწვევდა ჩემში სიმპათიებს.

-კოცნა თუ გინდა, ეს დროულად გააკეთე, თორემ თავის შეკავება უკვე მიჭირს -ზუსტად არ ვიცი მართალი ვიყავი თუ არა, მაგრამ მომეჩვენა, რომ მავედრებელი ტონი ჰქონდა.

პასუხად, მაცდურად გავუღიმე და საჩვენებელი თითის მის ბაგეებზე მიდებით, ჩვენს შორის ბარიერი აღვმართე.

-არა, შენ არაფერს არ გააკეთებ . . . ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით

-ანუ?

-ანუ ის, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ მანამდე მინდა ერთ რაღაცაში გამოტყდე -ამჯერად მუხლზე დავადე ხელი და ნელ-ნელა ზემოთ ავასრიალე. ლეომ ინსტიქტურად დახუჭა თვალები და ღრმად ამოიოხრა.

-რაში უნდა გამოვტყდე? -ხმა, ნირვანაში მყოფისას მიუგავდა მოცემულ მომენტში.

-იმაში, რომ კამერაში ხშირად მითვალთვალებდი და ისიც იცი, როგორ დავდიოდი საცვლებით ჩემს მისაღებში . . . იცი, ამაზე ფიქრიც კი აღმაგზნებს

-ეს საიდან მოიტანე? რა კამერა? რა თვალთვალი?

-გეყოფა ლეო -მისი პერანგის ქვეშ შევძვერი თითებით -აღიარე, რომ ასეა. თუთიყუშის გალიას, კამერას სხვა ვერავინ მიამაგრებდა, თუ არა შენ

-გეყოფა ჩემი წამება!

-აღიარე

-ეს მე არ გამიკეთებია -კვლავ მეწინააღმდეგებოდა, თუმცა მისი ხმა ნელ-ნელა კარგავდა უწინდელ რიხსა და თავდაჯერებას. რაც შემეხება მე, თანდათან მოუთმენლობა მიპყრობდა. მინდოდა ეს საქმე რაც შეიძლებოდა მალე დამესრულებინა, ამიტომ გადავწყვიტე უფრო თამამი ნაბიჯებით მიმეღწია დასახული მიზნისთვის.

-შენ გააკეთე ლეო -იმდენად მივუახლოვდი მის სახეს, ამ ადამიანის სუნთქვასაც კი კანით შევიწოვდი. დრო აღარ დამიკარგავს. როგორც კი მის თვალებში რაღაცის აღიარების სურვილის მცირედ მბჟუტავი ნაპერწკალი შევნიშნე, მის უფრო მეტად გასაღვივებლად, ლეოსკენ გადავიხარე და ვაკოცე.

სიამოვნებისგან ხმამაღლა ამოიგმინა. ვერც კი გავიაზრე ისე სწრაფად მომხვია წელზე ცალი ხელი, მეორე თმებში შემიცურა და კოცნაც უფრო ღრმა და მომთხოვნი გახადა. სხეულზე ეკლებად დამაყარა საშინლად უსიამოვნო შეგრძნებამ. მე აღიარებითი ჩვენება მინდოდა და არა მასთან დაწოლა, ამიტომ მოხერხებულად დავიხსენი თავი ლეოს ტუჩებისგან, სახეში გამარჯვებულის ღიმილით შევხედე და ვკითხე:

-მითხარი, კამერები შენ დააყენე ხომ?

-ჰო, მე დავაყენე! -ისე სწრაფად მიპასუხა, აშკარად ფეხებზე ეკიდა ყველაფერი, ოღონდ კი ჩემი მოფერება რაც შეიძლებოდა სწრაფად გაეგრძელებინა, თუმცა საკოცნელად წამოწეული, კვლავ ტუჩებზე საჩვენებელი თითის მიდებით შევაჩერე.

გულში გამარჯვებას ვზეიმობდი. თურმე მართალი იყო რომ ამბობდნენ, რამდენიმე გამომწვევი ნაბიჯი სასურველი ქალის მხრიდან და მამაკს, თავიდან ტვინი ისე ეცლება, შეიძლება ყველაზე დიდ საიდუმლოსაც კი ახადოს ფარდა მის წინაშეო. ლეოს შემთხვევაშიც ასე მოხდა — მოჭარბებულმა ვნებამ იმდენად დააბრმავა, ვერც კი მიხვდა რამდენად დიდი სისულელე გააკეთა ამ წამს.

-არ მინდა ყველაფერი ასე უბრალოდ მოხდეს -თვალებში ჩავხედე ამის თქმისას -ჰო, მეც მინდიხარ, მაგრამ არა აქ და არა ახლა

-მარიტა გეყოფა -ამჯერად ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მავედრებელი ტონი ჰქონდა -ჰო, ნაბი*ვარი ვარ. ისეთი რაღაცის გაკეთებასაც არ მოვერიდე, როგორც სხვის სახლში სათვალთვალო კამერის დამონტაჟებაა, მაგრამ მოძალადე არასდროს ვყოფილვარ. თუკი ქალი სე*სის წინააღმდეგია, არც მე აღვიგზნები და ძალიან გთხოვ, საკუთარი ნებით დათმე პოზიციები

-დავთმობ კიდეც -არვ კი ვიცოდი საიდან აღმომაჩნდა იმოდენა სამსახიობო ნიჭი, რომ ასეთი ბუნებრივი ვყოფილიყავი -საღამოს ჩვენ ორისთვის სასტუმროს ნომერი დავჯავშნე, ქალაქგარეთ, ტბასთან

-რა თქვი?

-ჰო, ნამდვილად არ მოგესმა -ნაზი ღიმილი შევაგებე მის თვალებში არეკლილ გაოცებას -სასიამოვნო სიწყნარე, ტბის ხედი, რომანტიკული გარემო და მხოლოდ ჩვენ ორნი, რას იტყვი?

-რას ვიტყვი და იმას, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაცდურად ჟღერს -ცალყბად ჩაეცინა. მერე სახე დაუსერიოზულდა და თმის ბოლოებზე დამიწყო თამაში -მითხარი, აქ მხოლოდ იმისთვის მომიყვანე, რათა გამოგეტეხე?

-და იმისთვისაც, რომ დღევანდელი საღამოსთვის შემემზადებინე

-უჩვეულო გამოცდილება იქნება ჩემთვის -კედელზე, ერთ კონკრეტულ წერტილს გაუშტერა მზერა, თითქოს სწორედ მას ესაუბრებაო -ვაღიარებ, არანაირი პრაქტიკა არ მაქვს შენნაირ ქალებში. აქამდე ვინც კი მყოლია, საკმაოდ გამოცდილები იყვნენ, მრავალჯერადი პრაქტიკით. ეს გამოხედვაშიც კი ეტყობოდათ, შენ კი . . .

-დამიჯერე, მაგ საკმაოდ გამოცდილებისგან ვერც მე განმასხვავებ -თვითდაჯერებული იერით შევამკე ჩემი სიტყვები და დივნიდან ფეხზე წამოვდექი -სასტუმროს მისამართს ჯერ არ გეტყვი, მინდა მე თვითონ გამოგიარო და წაგიყვანო

-არ ვიცი საითკენ უმიზნებ და მოდი მე თვითონ გკითხავ

-მკითხე

ლეო წინ გადმოიხარა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თითები ერთმანეთში გადახლართა.

-ამ ერთი ღამით მორჩება, თუ კიდევ აპირებ რამის გაგრძელებას?

უნდა მეღიარებინა, ამ კითხვას არ ველოდი. აქედან გამომდინარე, ცოტა ხნით დაბნეულობამ მძლია, თუმცა საბოლოოდ, ისეთი პასუხი ავირჩიე, რაც სიტუაციას ყველაზე უკეთ მოერგებოდა:

-ამას ჩვენი დღევანდელი თანწყობა განსაზღვრავს. იქნებ შენთან საერთოდ არ მომეწონოს, ან პირიქით, შენ ვერ მოიხიბლო ჩემით?

-როცა ადამიანი რეალურად გიზიდავს, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ მასთან თავი ცუდად იგრძნო

-მაგას დრო გვიჩვენებს ლეო. ახლა კი გთხოვ, მარტო დამტოვე -თვალებით ვანიშნე გასასვლელი კარისკენ -თუკი ქალებში მართლა ისე კარგად ერკვევი, როგორც ამბობ, გეცოდინება მსგავსი საღამოებისთვის მომზადებას რამდენ დროსაც ვუთმობთ

-ჰო, მსმენია ამის შესახებ -წამიერმა ღიმილმა გადაურბინა, თან თვალებით მანშნა მაგიდაზე დადებულ, ხელუხლებელ შამპანიურის ბოთლზე -ერთი ჭიქაც კი არ დაგილევია

-ხომ თქვი მას განსაკუთრებულ მომენტებში ვსვამო? ჰოდა ამაღამ იქნება ეგ განსაკუთრებული მომენტი

-ანუ ასე, არა? -ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და წელზე ხელების მოხვევით თავისკენ მიმიზიდა, თან ყელზე შემეხო ტუჩებით -მაშინ შენ და შამპანიურის ბოთლს ერთად დაგელოდებით

-არ დავაგვიანებთ. ახლა კი, როგორც გითხარი, უნდა მოვემზადო -კიდევ ერთხელ, ზრდილობის ფარგლებში ვაგრძნობინე, რომ წასულიყო. უკვე ერთი სული მქონდა როდის დატოვებდა ჩემს პირად სივრცეს და იმ უარყოფით აურასაც თან გაიყოლებდა, რაც მოსვლის თანავე შემოიტანა ამ მყუდრო ბინაში.

მართლაც შვებით ამოსუნთქვას ჰგავდა გასასვლელი კარის გაღება-დახურვის ხმის გაგება და იმის გაცნობიერება, რომ შინ უკვე სრულიად მარტო ვიყავი. კედელზე დაკიდებულ, ვან-გოგის „ვარსკვლავებიან ღამეს“, გრინჩივით ცბიერი ღიმილით გავხედე. სათვალთვალო მოწყობილობა მასზე იმდენად შეუმჩნევლად იყო მიმაგრებული, თავადაც კი მიჭირდა დანახვა, თუმცა მთავარი გახლდათ ამ პაწაწინა მოწყობილობას თავისი “მისია” უკვე შეესრულებინა და ხელში ლეოს აღიარებითი ჩვენება მეჭირა.

მიღწეული წარმატებით ხასიათზე მოსულმა, პირდაპირ სააბაზანოს მივაშურე და ონკანში მოშვებული წ’ყლით ტუჩები ისე საგულდაგულოდ მოვიბანე, თითქოს ზედ ტალახი მქონდა მოცხებული. შემდეგ კბილები გავიხეხე, ღრმად ამოვისუნთქე და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ამ უსიამოვნო წუთებს დღევანდელი დღის შემდეგ აღარ გავიხსენებდი.

გონებით იმ ფანტაზიებში გაჭრილს, თუ რა შეიძლებოდა მომსვლოდა ლეოს ამ უკანონო თვალთვალის გამო, მობილურზე შემოსული ზარის ხმა მომესმა. ეკრანს ცალი თვალით დავხედე. როგორც ჩანდა, ლოლა კიდევ ვერ ისვენებდა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ვითარება იყო ახლა ჩემს სახლში.

-გისმენ ლოლიტა -უდარდელი ხმით ავიღე ყურმილი, თან აბაზანიდან გამოსვლის წინ, შუქი ჩავაქვრე.

-ცოცხალი ხარ?

-რატომ არ უნდა ვიყო? -ღიმილი მომგვარა მისმა დამფრთხალმა ტონმა. გულის სიღმეში ძალიან სასიამოვნო გრძნობად მელექებოდა ის ფაქტი, რომ მყავდა ადამიანი, ვინც ჩემზე ასე ღელავდა.

-არ ვიცი . . . ის ტიპი უკვე გამოვიდა სადარბაზოდან. ახლახანს გაიარა და საეჭვოც ვერაფერი შევნიშნე, მაგრამ მაინც მინდოდა დავრწმუნებულიყავი

-სადარბაზოსთან? მოიცა, შენ სად ხარ?

-ვერ მოვითმინე და მოგაკითხე. ახლა ნუ აბუზღუნდები რაა, მაგის ნერვები არ მაქვს

-მოუსვენარი ხარ. სულ არ მიკვირს, შვიდთვიანი რომ გაჩნდი

-არც მე . . . იცი რა მაინტერესებს?

-რა?

-რა და დოგმაა რომ ყველა ფსიქოპათი ისეთი სექსუალური იყოს, როგორც ეგ შენი ლეონარდოა?

-მთლად ფსიქოპათსაც ვერ დავარქმევდი. უბრალოდ ძალიან შეჩვეულია იმის მიღებას, რაც უნდა -სამზარეულოში გავედი და მადუღარა ჩავრთე, რათა ყავა დამელია -რახან ჩემს კორპუსთან ხარ, ამოდი, ლატეს გაგიკეთებ

-ისე უცევ გამოვვარდი, კოფეინი არც კი მიმიღია

-ჰოდა ამოდი, გიშველი -კიდევ ერთხელ გამეღიმა მის ნათქვამზე და ყურმილიც დავკიდე.

ზუსტად ათი წუთის შემდეგ, ლოლა ჩემი მისაღების დივანზე, იმავე ადგილას იჯდა, სადაც ცოტა ხნის წინ ლეო და გემრიელად მიირთმევდა ცხელ ლატეს, შოკოლადიან მაფინებთან ერთად. აღნიშნული ყავის სახეობა, ორივესთვის ლიდერი იყო და ეს, საკმაოდ დიდ კომფორტსაც გვიქმნიდა, რადგან ერთმანეთთან ყოფნისას, სხვადასხვა სახეობის კოფეინის მომზადება არ გვიწევდა.

-იცი რა მძულს კაცებში ყველაზე მეტად? -მკითხა და ტელევიზორში ჩართული მუსიკალური არხი, მომდევნო არხით შეცვალა. იქ უკვე ფილმ — “ბინდის” მეოთხე ნაწილი გადიოდა და კალენების, ვოლტურებთან შერკინების ეპიზოდამდე იყო მისული.

-რა?

-მესაკუთრე ბუნება -ყოველგვარი დაყოვნების გარეშე დამიბრუნდა პასუხი მისგან -საწყის ეტაპზე, თავს ისე მოგაჩვენებენ, თითქოს მათთვის ყოველგვარი შეზღუდვა მიუღებელია, თუმცა როგორც კი ქალისგან სიყვარულს იგრძნობენ, მაშინვე გამოაჩენენ კლანჭებს და შემდეგ იწყება აკრძალვების მთელი სერია — არანაირი კლუბი, არანაირი მამაკაცი მეგობრები, არანაირი გვიანობამდე გარეთ ხეტიალი. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ სწორედ ასეთი კაცები ამბობენ, ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ნდობააო. სად ჩანს აქ მათი ნდობა?

-აქტუალური საკითხი წამოჭერი -ყავა ფრთხილად მოვსვი, რათა პირი არ დამწვოდა.

-ბერ ქალს, სიყვარული იმდენად აბრმავებს, ვერც კი ხვდებიან, მათი მეორე ნახევრები რომ წარმოსახვით გალიაში ამწყვდევენ. სწორედ ამიტომ მომწონს ედვარდი — იმ წამს, ეკრანზე გამოსახულ ვამპირზე მანიშნა ლოლამ, ვინც მოწინააღმდეგე ვამპირისთვის თავის წაცლას ცდილობდა -მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჯეიკობის, ბელასადმი დამოკიდებულება და ის, რომ მის შეყვარებულზე კბილებს ილესავდა, ბელასთვის მაინც არ დაუწყია უაზრო ეჭვიანობის სცენების გამართვა. არც ჯეიკობთან ურთიერთობა აუკრძალავს

-როგორ არა -შევეწინააღმდეგე -არასდროს მოსწონდა მათი შეხვედრები. პასიურად მუდამ გამოხატავდა ხოლმე პროტესტს

-ეს იმიტომ, რომ ეშინოდა ჯეიკი წყობიდან არ გამოსულიყო, თავისი მაქციური ბუნება არ გამოევლინა და ბელასთვის რამე არ დაეშავებინა. აკრძალვა აქ არაფერ შუაშია

ჩავფიქრდი. ბოლომდე რომ გავიაზრე, ლოლას არგუმენტი არ მომეჩვენა აზრს მოკლებულად და ეს ხმამაღლაც აღვნიშნე:

-კარგი, შეიძლება მართალი ხარ, თუმცა კლუბების თემას რაც შეეხება, რაღაც მხრივ, ამ კუთხით მესმის კაცების. ყოველგვარი საზიზღრობა სწორედ ღამის კლუბებში ხდება

ლოლამ წარბები შეჭმუხნა. ნათელი იყო არ მოეწონა ის, რაც ამ წამს ვთქვი.

-შენ რა ბებიაჩემივით ლაპარაკობ გოგო? -უკმაყოფილოდ მოსვა თავისი ლატე -ახლა ბარემ ისიც თქვი, განათხოვარი ქალი ოჯახში შემოსაშვები არააო

-სისულელეს ნუ ამბობ -გულიანად გამაცინა მისმა რეაქციამ -ეგ იმიტომ ვთქვი, რომ საკმაოდ მწარე გამოცდილება მაქვს მაგ თემაში

-მაინც რა? -დაინტერესდა.

-ერთხელ, მე და ჩემი ძველი მეგობარი, თათა ვიყავით კლუბში. მისი კავშირების წყალობით, როგორც არასრულწლოვნებს, ყალბი პირადობის მოწმობებიც გვქონდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისე მოხდა, რომ იქ ერთი ტიპი ავიკიდე. როცა ფლირტის გაბმით სექსზე ვერ დამიყოლია, თურმე ბარმენს ფული გადაუხადა, რათა ჩემთვის კეტამინი ჩაეყარა იმ სასმელში, რასაც შევუკვეთავდი -ზიზღით გამცრა ტანში ამ მომენტების გახსენებისას -რომ არა ვიღაც უცნობი ბიჭის გაფრთხილება, ვინც ბარმენისა და ამ ტიპის საუბარს მოჰკრა ყური, ახლა ოფიციალურად ვიქნებოდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი

-ხუმრობ? ახლა სად არის ის ადამიანი, ვინც გადაგარჩინა?

-არც კი ვიცი . . . მხოლოდ ის მახსოვს, რომ სებე ერქვა. მე და თათა, მისმა მეგობარმა გაგვიყვანა კლუბიდან და წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა ჩვენი წამოსვლის შემდეგ. იმედი მაქვს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა

ლოლა დივნის საზურგეს მიეყრდნო და დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩუმად. როგორც ჩანდა, ჩემი წარსულის ამ ისტორიის მოსმენას, იგიც სერიოზულად ჩაეფიქრებინა.

-მაგ ლეოს საქმეს დროულად მიხედე -ალაპარაკდა ბოლოს -ხომ იცი, განყოფილებაში მამას კარგი ნაცნობები ჰყავს? ამ ყველაფერს, ყოველგვარი გაწელვისა და სასამართლო პროცესების გარეშე მოაგვარებენ

-არც ვარ თანახმა სასამართლო პროცესი შედგეს და დააკავონ. უბრალოდ ჩემი ცხოვრებიდან მინდა გაქრეს და თუკი ამისთვის აღიარებითი ჩვენება მჭირდება, ისიც ხელთ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ ინტიმური სცენებითაა სავსე

-მაგაზე ნუ იფიქრებ -გამამხნევებლად დამადო მხარზე ხელი -ყველაფერი კონფიდენციალური იქნება და იმდენს მოვახერხებ, რომ იმ გადარეულს, მართლმსაჯულებამ აკრძალვა დაუწესოს შენთან მოახლოებაზე

-მხოლოდ სიმშვიდე მინდა -ყავის ჭიქა დავდე, ლოლას მსგავსად მეც დივნის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე -დიდად არც მამაკაცი მჭირდება ჩემს ცხოვრებაში. ერთადერთი, რაც მართლა მინდა ისაა, რომ მშვიდად ცხოვრება მაცალონ და ყველამ არ ისარგებლოს იმით, რომ უპატრონო და დაუცველი ვარ

-თუკი თავს უპატრონოდ გრძნობ, რატომ არ გინდა შენს ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდეს? ოჯახის წევრის არყოლის სიცარიელეს შეგივსებდა, ოდნავ მაინც

-იმიტომ, რომ უიღბლო ვარ -ვაღიარე გულწრფელად და მთელი სევდაც ამოვაყოლე ამ ნათქვამს -ზუსტად ვიცი, სიყვარულიც ასეთივე უიღბლო მექნება

-მე არ გვთვლი უიღბლოდ და ცუდია შენს თავზე ასეთი წარმოდგენა თუ გაქვს

-შენგან მაკვირვებს მეორე ნახევრის გაჩენასთან დაკავშირებით მოცემული რჩევები. თავადაც ხომ არ ეძებ მუდმივ ურთიერთობას? კაცები შენს ცხოვრებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტივით მიდიან და მოდიან

-ეს იმიტომ, რომ პრობლემა მაქვს და არ მინდა ვინმეს ტყუილი ილუზია შევუქმნა

-რა პრობლემას გულისხმობ?

ყველანაირ პასუხს ველოდი ამ კითხვის დასმისას. მეგონა მეტყოდა უშვილო ვარ, რაღაც გადამტანი დაავადება მაქვსო, ან რამე ამდაგვარი, თუმცა რადიკალურად განსხვავებული რამ მიპასუხა:

-პრობლემა ისაა, რომ ვერასდროს შევძლებ მონოგამიური ვიყო, მარიტა

ტელევიზორს ორივემ ერთდროულად გავხედეთ. ფილმი უკვე დასრულებულიყო და იმ მომენტში ეკრანზე წარწერები ამოდიოდა.



8 8 8 8

კორპორატიულ წვეულებამდე დარჩენილმა დღეებმა იმდენად სწრაფად გაიარეს, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი. რესტორნის მფლობელების წყალობით, ამ საღამოსთვის საკმაოდ დიდი თანხები იყო გამოყოფილი. იგი, ბათუმის სავიზიტო ბარათად წოდებულ — „ანბანის კოშკში“ ტარდებოდა, მის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში, რომელიც, სპეციალურად ამ დღისთვის, ფურშეტის დარბაზად უნდა გადაკეთებულიყო.

ბოლო დღეების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ მოხდა. პირველ რიგში ის, რომ ჩემთვის გაურკვეველ მიზეზთა გამო, მეფარიშვილმა ხელფასის დაქვითვა მომიხსნა. მეორე ამბავი უკვე საგაზაფხულო პრემიებს ეხებოდა, რომელიც Imagine-ს თითოეულ თანამშრომელს დაურიგდებოდა თვის ბოლოს, ხოლო რაც შეეხებოდა მესამე ამბავს, აქ უკვე ლეო ფიგურირებდა და იმაში მდგომარეობდა, რომ ლოლას ნაცნობმა სამართალდამცავებმა, უმოკლეს დროში მოახერხეს სასამართლო აკრძალვის გაკეთება, რის მიხედვითაც, ამ ადამიანს ჩემთან ხუთი მეტრის მანძილზე მოახლოება კანონდარღვევად ჩაეთვლებოდა.

რაღაც კუთხით, თავს ცუდადაც ვგრძნობდი მომხდარის გამო. მართალია ლეო არ გახლდათ ის ადამიანი, ვინც სიბრალულს იმსახურებდა, თუმცა ცხოვრებაში პირველად მქონდა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ მართლმსაჯულებას მივმართე და ამის თანმხლებ ნეგატიურ შეგრძნებებს ვერაფრით ვიშორებდი.

კორპორატიულ წვეულებას საკმაოდ ცივი და წვიმიანი ამინდი დაემთხვა. ციდან, შუადღიდან მოყოლებული გადაუღებლად ცვიოდა წვიმის მსხვილი წვეთები და ამას სუსხიანი ქარიც უწევდა აკომპანიმენტს, რაც მაისის თვისთვის ცოტა შეუსაბამო იყო. მიუხედავად ამისა, სამზადისი Imagine-ს კოლექტივისთვის მაინც აქტიურად მიმდინარეობდა. სამსახურის ტელეგრამ-ჩატიც კი აფეთქებული იყო ჩვენი თანამშრომლების წერილებით იმის შესახებ თუ ვინ, ვისი მანქანით მოდიოდა, როგორი ვარცხნილობითა და როგორი მაკიაჟით. იმის გამო, რომ მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლები წყვილებად გეგმავდნენ წამოსვლას, მე კალეს შევთავაზე ჩემი პარტნიორი ყოფილიყო ამ წვეულებაზე. ისიც მაშინვე დამთანხმდა და ამ წამს, ჩემს ბინაში, ორივენი ერთად ვემზადებოდით საძინებლის დიდი სარკის წინ.

კალე როგორც მუდამ, ახლაც შავი ფანქრით იხატავდა თვალებს, რაც ძალიან კარგად ეხამებოდა მის ჩარლი ჩაპლინის კოსტიუმს. ეს ადამიანი ახლაც არ ღალატობდა თავის განუყრელ მეგობარს — ცილინდრის ფორმის ქუდს და სამოსიც სწორედ მისი შესაფერისი შეერჩია.

-მაინც არ მესმის ნოლანებმა კოსტიუმები თვითონ რატომ იქირავეს. უმეტესობა მაინც იმას იცვამს, რაც თავად უნდა

-არა, რატომ? მე მაგალითად მომწონს ჩემი ტინკერ-ბელის კოსტიუმი -ვუპასუხე როგორც კი ღია მალინისფერი ტუჩსაცხის წასმას მოვრჩი. კალემაც ზუსტად იმ დროს დაამთავრა თვალების მოხატვა და სარკესაც მოშორდა, უკუსვლით.

-გიხდება კიდეც . . . ჩვენმა უფროსებმა რაღაც ჰელოუინის მაგვარი დაგეგმეს გახაფზულის სეზონზე, მაგრამ ყოველგვარი ვამპირებისა და ზომბების კოსტიუმების გარეშე. მხოლოდ მულტფილმისა და ფილმის არა-საშიში შესახედაობის პერსონაჟები

-და ასე მკაცრი დრესკოდი რატომ? მაგალითად ჩვენს მიმტანს — ლანას უნდოდა, დრაკულას საცოლე განესახიერებინა, მაგრამ უფლება არ მისცეს

-იმიტომ, რომ ნოლანები ძალიან მორწმუნეები არიან და ჰელოუინს არ აღნიშნავენ. არ უნდოდათ ეს საღამო, ოდნავ მაინც დამსგავსებოდა ამ დღესასწაულს

სარკეში საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე. მოკლე, მწვანე კაბა და ამავე ფერის ფეხსაცმელი, რომელსაც წვერზე ბამბის ქულები ჰქონდა დამაგრებული, მართლაც მამსგავსებდა მულტფილმის ფერიას. ვარცხნილობაც სწორედ მისნაირი მქონდა. ერთადერთი, რაც მაკლდა, ეს ფრთები იყო, თუმცა მისი გაკეთება თავიდანვე კატეგორიულად გამოვრიცხე, რადგან ეს საკმაოდ ბავშვურად და სულელურად მომეჩვენა.

-მორჩა, უკვე მზად ვარ -ვთქვი თუ არა, საკმაულების თვლებიან ზარდახშას ავხადე თავი და იქედან, ცრემლის ფორმის კულონი ამოვაძვრინე -რახან ხელფასის დაქვითვა გამიუქმდა, თავს უფლება მივეცი და აი ეს ვიყიდე. ხომ ლამაზია?

-ძალიან -ორივე ცერა თითი მოწონების ნიშნად ასწია კალემ. მერე ზურგს უკან დამიდგა და ყელსაბამის შეკვრაში, ჯენტლმენურად გამიწია დახმარება -ჩვენი დირექტორი ისე როგორ გააბრაზე, რომ დაქვითვაზე გაგიშვა? აქამდე ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია

-ალბათ შეამჩნევდი დიდად კარგი ურთიერთობა რომ არ გვაქვს

კალეს ოდნავ ჩაეცინა, თუმცა ვერაფრით მივხვდი რისგან იყო გამოწვეული ეს ღიმილი. გადავწყვიტე კიდეც პირდაპირ მეკითხა, თუმცა სანამ ამას გავაკეთებდი, კვლავ თვითონ ალაპარაკდა:

-არ ვიცი მასთან რა პრობლემა გაქვს, თუმცა ჩემთვის, რაღაც კუთხით მისაბაძიც კია ეგ ადამიანი. ისეთი რამ გადახდა, ალბათ ბევრი სულიერად ბოლომდე განადგურებული ივლიდა ამის შემდეგ

-ჰო, მეც ვიცი მშობლები რომ დაკარგა -მაშინვე მივხვდი, რაც ჰქონდა მხედველობაში.

-მხოლოდ ესეც არ არის, ეგ ისტორია გაცილებით უფრო ვრცელი და შემზარავია -თქვა თუ არა, ისეთი სახე მიიღო თითქოს სადღაც, კედლის მიღმა იყურებაო -ხომ იცი, ბათუმი არც ისე დიდი ქალაქია და არაფერი იმალება

-მომიყევი რაა -ვერც საკუთარ თავთან დავმალე ინტერესი და ვერც კალესთან. ამ უკანასკნელს ჩაეცინა.

-ზუსტად იცი, რომ მოსმენა გინდა?

-ჰო, მინდა

-კარგი, შენი ნებაა -საწოლზე მოწყვეტით ჩამოჯდა კალე. მას მეც გვერდით მივუჯექი და ცნობისმოყვარეობით სავსე თვალებით მივაშტერდი -როგორც გადმოცემით ვიცი, იმ დღეს მიშოს დედის დაბადების დღე ყოფილა. ყველა ახლობელი, ნათესავი, მეგობრები და ოჯახის წევრები, სვანეთში იყვნენ შეკრებილები, სპეციალურად დაქირავებულ კოტეჯში. უფროსებმა არც ბავშვები დატოვეს შინ და მიშოც წაიყვანეს, თავის ტყპისცალ ძმასთან ერთად.

-მოიცა, მოიცა, მიშოს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა?

-ჰო, და თურმე წყლის ორი წვეთივით ჰგავდნენ ერთმანეთს

-მერე? -ნელ-ნელა უფრო და უფრო შევდიოდი დაწყებული ამბის ინტერესში.

-მერე ის, რომ ამ კოტეჯში გაზგაყვანილობის სისტემა იყო მოუწესრიგებელი. საიდანღაც CO ჟონავდა და რომელიღაც სტუმრის მიერ ტორტზე სანთლის ანთება საკმარისი აღმოჩნდა, რომ იქაურობა ცეცხლის ალში გახვეულიყო. საერთოდ არავინ გადარჩენილა მიშოსა და ბაბუამისის გარდა

-და ისინი როგორღა გადარჩნენ? -ტანზე ეკლებმა დამაყარეს კალეს მონათხრობი ამბის მოსმენისას, თუმცა გულში პარაზიტი ჭიასავით შემომძვრალ ინტერესს მაინც ვერაფერს ვუხერხებდი.

-სახლთან ახლოს, საქანელები და სასრიალოები იყო გაკეთებული. მიშო სწორედ იქ სათამაშოდ გაპარულა ჩუმად, ბაბუამისს კი მისი არყოფნა შეუმჩნევია და უკან გაჰყოლია. აფეთქებაც სწორედ ამ დროს მოხდა. თურმე საკუთარი თვალით უყურებდნენ როგორ გამორბოდნენ სახლიდან ცეცხლმოკიდებული ადამიანები და როგორ ენარცხებოდნენ ძირს ერთმანეთის მიყოლებით

-რამდენი წლის იყო მაშინ მიშო? -კი არ ვკითხე, ამოვიხავლე. იმდენად შემზარა ამ ისტორიამ, წამით ყველა ის ტკივილი ერთიანად განვიცადე, რასაც მაშინ ის ადამიანები გრძნობდნენ.

-ალბათ სამის, ან ოთხის. ყოველ შემთხვევაში ის ზუსტად ვიცი, რომ საბავშვო ბაღში დადიოდა -კალეს თვალებსაც ზუსტად ჩემნაირი სევდა მოაწვა ამის თქმისას -ბევრი იფიქრებს, რომ მიშოსა და ბაბუამისს იღბალი ჰქონიათ, თუმცა ზუსტად ვიცი, ცოცხლად გადარჩენას ისინიც იმ კოტეჯში ყოფნას ამჯობინებდნენ

დავმუნჯდი. გარკვეული დროით ვერაფერი ვთქვი. ხმა მხოლოდ მაშინ ამოვიღე, როდესაც დაძაბულობისგან აჩქარებული გულისცემა ცოტათი ჩამიწყნარდა.

-ახლა მესმის რატომ არ აღელვებს არავის გრძნობები. ცხოვრება მასაც უსამართლოდ მოექცა, მაგრამ ეს ბოლომდე მაინც არ ამართლებს

-მაგაში რას გულისხმობ? ვისი გრძნობები არ აღელვებს? -ამჯერად კალეს ჩაერთო ცნობისმოყვარეობა. მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულებაც იყო ჩემსა და მეფარიშვილს შორის, სურვილი მაინც არ გამჩენია წარსულის ის ეპიზოდები ვინმესთან განმეხილა, თუნდაც ეს კალე ყოფილიყო, ამიტომ შუალედური პასუხით შემოვიფარგლე:

-მიშოს სკოლის ასაკიდან ვიცნობ და ამასაც ადრე მომხდარი ამბებიდან გამომდინარე ვამბობ. დეტალების მოყოლისგან თავს შევიკავებ

-მესმის -ღიმილი მოაწვა მის ტუჩებს -თავიდანვე ვხვდებოდი ჩვენს დირექტორზე რომ ისეთი რამები იცოდი, რაც არავინ სხვამ, თუმცა კარგია, რომ არ ცდილობ მასზე ვინმეს შთაბეჭდილება გაუფუჭო

-არ გეწყინოს, უბრალოდ ლოლასთვისაც კი არ მომიყოლია ეს ყველაფერი

-არც მწყინს, პირიქით გაფასებ ამის გამო -მხარზე ხელი მომხვია კალემ ამის თქმისას და საფეთქელზე მაკოცა -კარგი, ტინკერ-ბელ, მგონი უკვე დროა წავიდეთ

-ჰო, სულ რაღაც ნახევარი საათი დაგვრჩა და ჩვენთვის ჯობს არ დავიგვიანოთ

დანიშნულების ადგილამდე, ჩემი მანქანით გადავწყვიტეთ წასვლა, რადგან დალევას არ ვაპირებდი და საჭესთან დაჯდომაზეც არანაირი პრობლემა არ მექნებოდა.

-სურვილი უნდა ჩავიფიქრო, შენს მანქანაში პირველად ვზივარ -მაშინვე აღნიშნა, როგორც კი ღვედი გადაიჭირა კალემ -საკმაოდ მოვლილი ჩანს

-მაგის მოვლას, ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი დროც მიაქვს

-უკანა სავარძელზე საინტერესო რამე გქონია -ჯერ შეფარული ღიმილით გადმომხედა, მერე კი გადაიხარა და სულ მალე, შამპანიურის ბოთლით ხელში დაუბრუნდა თავის ადგილს. ამასობაში მანქანაც დავქოქე და უკვე მთავარ გზაზე ვიყავი გასული, კალეს მარჯვენა ხელში მოქცეულ ბოთლს რომ შევავლე მზერა.

-გჩუქნი, შენი იყოს

-სერიოზულად? -თვალები მზეზე გატანილი ალმასებივით გაუბრწყინდა.

-სერიოზულად

-და საიდან გაქვს? ძალიან ძვირადღირებული შამპანიურია, თან შეზღუდული რაოდენობით გამოდის

-ლეომ მაჩუქა და ჩვენი რესტორნის ბარისთვის ვაპირებდი შემეწირა. სულ დამავიწყდა უკანა სავარძელზე რომ მედო

-იმ ლეომ, წითელი ვარდი რომ დაგიტოვა როიალზე? -ამჯერადაც არ უმტყუვნა მახსოვრობამ კალეს.

-ზო, ზუსტად მან. მის წინააღმდეგ, ჩემთან დაკავშირებით უკვე სასამართლო აკრძალვა მოქმედებს და უცნაური იქნება ამ ადამიანის საჩუქრები ჯერ კიდევ სახლში რომ მედოს

-ეს რაღაც ახალია

-მოგვიანებით მოგიყვები დეტალებს, კარგი?

-ვაღიარებ მართლა მაინტერესებს -შამპანიურის ბოთლი ხელში ბარმენისთვის დამახასიათებელი ოსტატობით შეათამაშა, მერე კი ცნობისმოყვარე მზერით შემათვალიერა -და მისი ნაჩუქარი თუთიყუში სად წაიყვანე?

-შინ მყავს . . . ვაპირებ ამ დღეებში ზოო-მაღაზიაში ჩავაბარო

-თუ გინდა, მასაც მე წავიყვან

-მართლა? -გულწრფელად გამიხარდა. ჩემთვის საჩუქრად მორთმეული ეს ეგზოტიკური ფრინველი იმდენად მელამაზებოდა, გულწრფელად მსურდა ნორმალური პატრონის ხელში მოხვედრილიყო. ისეთი პიროვნების, ვინც მასზე სათანადოდ იზრუნებდა.

-ჰო, მიყვარს ფრინველები. თან მარტოც აღარ ვიცხოვრებ, დამლაპარაკებელი მეყოლება

-იცოდე, უზრდელი სიტყვები არ ასწავლო

-როგორ გეკადრება -გაეცინა და მაგნიტოფონში მუსიკები ჩართო -მისგან ნამდვილ ჯენტლმენს შევქმნი

-მდედრობითი სქესისაა კალე

-მაშინ, ლედის

ორივეს გაგვეცინა.

-ანუ ოფიციალურად მიგყავს

-თუ გინდა ხვალვე -მერე ჩაფიქრდა და დაამატა :-არა ხვალ ქალაქგარეთ გავდივარ, Day off ავიღე, ზეგისთვის გამოვუვლი

-მაწყობს. თან ცოტა ხნით დარჩი და რამე გემრიელ დესერტზე დაგპატიჟებ

კალემ ჩემს ნაჩუქარ შამპანიურს, დროებით ბარდაჩოკში მიუჩინა ადგილი, წვეულების ბოლომდე აქ შევინახავო, პასუხი კი ამის შემდეგ გამცა:

-მხედველობაში იქონიე, რომ კენკრის ტორტები მიყვარს

-შეკვეთა მიღებულია -თვალი ჩავუკარი, თან მაგნიტოფონში აჟღერებულ რიკი მარტინის სიმღერას ხმა ავუწიე-ოდესმე დაძრულ მანქანაში გიცეკვია?

-რა?

-ამ სიმღერას ენერგიაზე მოვყავარ . . . ამყვები?

კალემ ერთხანს უყურა უმოქმედოდ და ღიმილიანი სახით ჩემს უნიჭო ცეკვას საჭესთან, მერე კი სიტყვის უთქმელად, ხელებისა და თავის ისეთ სასაცილო მოძრაობებს მოჰყვა, თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა გამეცინა.

ანბანის კოშკამდე დარჩენილი ხუთწუთიანი გზის მონაკვეთი, ისეთ მხიარულებასა და სიცილში გავლიეთ, დამეფიცებოდა ასე კარგა ხანს აღარ მეხალისა. მომწონდა ეს ადამიანი, მასთან ყოფნა და ვგრძნობდი, რომ დროის გასვლა ჩვენ შორის უფრო მყარ მეგობრულ კავშირს ჩამოაყალიბებდა, ვიდრე აქამდე იყო.

შენობამდე მისულები, მის ბოლო სართულზე ლიფტის გამოყენებით ავედით. იქედან გამოსულებს, მართლაც ზღაპრული სანახაობა გადაგვეშალა თვალწინ. ნოლანებს აქ ნამდვილი საოცრება შეექმნათ და პირველი დანახვის თანავეც კი იგრძნობოდა, რომ საკმაოდ დიდი ფინანსებიც გაეღოთ ყოველივე ამაში.

ირგვლივ ფრანგული სამზარეულოს მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა და ინტერიერიც მთლიანად ფრანგულ სტილში იყო გადაწყვეტილი. ოთხკუთხედი მაგიდები, რომელთაც კრემისფერი სუფრები ჰქონდათ გადაფარებული, ისე მოეწყოთ, რომ დარბაზში საცეკვაო ადგილიც დარჩენილიყო. დეკორატიული ლარნაკები, მაგიდების შუაგულში რომ იდგა, იისფერი და თეთრი იასამნების თაიგულით გაეფორმებინათ. მაგიდების უმეტესი ნაწილის ასორტიმენტს, სხვადასხვა სახეობის დესერტი შეადგენდა, რომელთა შორის იყო მარწყვის, ჟოლოსა და მოცვის ტორტები, კრემ-ბრულე, სამსართულიანი ხილის ასორტები, კრუასანები და შაქრის პუდრათი გაფორმებული ტარტები.

რაც შეეხება საჭმელებს, აქ უკვე ცივად მისართმევი კერძები გახლდათ თავმოყრილი, რომელთაგან თითოეული მათგანი მოლეკულურ სამზარეულოს მიეკუთვნებოდა და საკმაოდ გემრიელადაც გამოიყურებოდა.

ქალაქის ყველაზე ლამაზი ხედი, დახვეწილი მორთულობა და სხვადასხვა ფილმისა თუ მულტფილმის კოსტიუმებში გამოწყობილი Imagine-ს თანამშრომლები, მართლაც მიქმნიდნენ სადღესასწაულო განწყობას, მიუხედავად იმისა, რომ წვეულებების მოყვარული დიდად არასდროს ვყოფილვარ.

დროის იმ მონაკვეთში, კოლექტივის ნახევარზე მეტს, უკვე დარბაზში მოეყარა თავი. მხოლოდ ლოლა, ახალი ბარისტა — სამირა და მიშო არ ჩანდნენ დანარჩენებს შორის. ხალხში, ერქოლესა და ტეოს გერემოცვაში მდგომი იუნგიც შევნიშნე, რომელიც მათთან ერთად მიირთმევდა ღვინოს და ძმებს რაღაცაზე მხიარულად ესაუბრებოდა. ეს სამეული ერთადერთი გახლდათ მთელ წვეულებაზე, ვის ტანსაც არანაირი კოსტიუმი არ ამშვენებდა და მხოლოდ ჩვეულებრივ, სოლიდურ სამოსში იყვნენ გადაწყვეტილები.

-მარიტა გთხოვ, დიმიტრის შეხედე -ბასებში ხმამაღლა აჟღერებული მუსიკის გამო, ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა კალემ. მის მზერას თვალი გავაყოლე და სულ მალე, დაფნის გვირგვინითა და ოქროსფერი ძაფებით მოქარგული, თეთრი წამოსასხამით მოსიარულე ჩვენი შეფ-მზარეულიც შევნიშნე, ვის დანახვაზეც, გაუცნობიერებლად ამიტყდა სიცილი.

-კიდევ კარგი ლოლიტამ კლეოპატრას კოსტიუმი არ ჩაიცვა, თორემ ჩვენს დიმიტრი კეისარს ნამდვილად ვერ დაუსხლტებოდა

-დროს ტყუილად კარგავს მაგ გოგოზე -ორი წვენის ჭიქა აიღო კალემ, ერთი მე მომაწოდა და თვალებით ჩემთან ერთად მიესალმა გარშემო შემოკრებილ თანამშრომლებს, რომელთა უმეტესობა ერთმანეთთან ცეკვით იყო გართული.

-რას გულისხმობ?

-იმას, რომ ლოლასნაირი ქალი, დიმიტრისთან დიდხანს მაინც არ გაჩერდებოდა

-შენ საიდან იცი? -უფრო ჩავუღრმავდი ამ თემას. მართალია რასაც ამბობდა იმაში სრულებით ვეთანხმებოდი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ლოლასა და კალეს, ერთმანეთთან მაინცდამაინც ახლო მეგობრობა არ აკავშირებდათ, ვერ ვხვდებოდი რატომ აკეთებდა ასეთ სარწმუნო დასკვნებს.

-საიდუმლო უკვე აღარავისთვისაა, რომ დიმიტრი და ლოლა ერთად იწვნენ. დიმა თავიდანვე ფეხქვეშ გაეგო, ეს კი ლოლასნაირ ადამიანებს, მიზიდვის ნაცვლად, განიზიდავს ხოლმე. თანაც ამ გოგოს მხოლოდ ერთღამიანი ურთიერთობები სურს და არა, გრძელვადიანი რომანები

კალე კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა სწორედ იმ მომენტში მისმა ტელეფონმა დარეკა და მობოდიშების შემდეგ, სასწრაფოდ გავიდა დარბაზიდან, რათა ზარისთვის მშვიდ გარემოში ეპასუხა.

მარტო დარჩენილი, კოლეგებს შორის გავერიე და ერთხანს მიმტანებთან ვისაუბრე. მათ შორის ყველაზე ლამაზად — ლანა გამოიყურებოდა, ვინც მოანას კოსტიუმში გამოწყობილი, მართლაც იქცევდა ყველას ყურადღებას. ისიც უნდა აღმენიშნა, რომ ლოლას შემდეგ, ლანა ყველაზე მიმზიდველი ქალი იყო ჩვენს კოლექტივში და ხუთი მიმტანი ბიჭიდან, ოთხ მათგანს, უკვე დიდი ხანი იყო, რაც მასზე ჰქონდა თვალი დადგმული.

სამწუხაროდ, არსებობდა მოსაზრება, რომ ეს გოგონა, ისეთ მამაკაცს ახლოსაც არ იკარებდა, ვისაც მისთვის კარგი ცხოვრებისეული პირობების შექმნა არ შეეძლო. დაზუსტებით ვერ ვიტყოდი რამდენად ახლოს იყო რეალობასთან იყო ეს ყველაფერი, თუმცა ზოგი იმასაც ამბობდა, პირდაპირ ფულიან მამაკაცებზე ნადირობს, რათა მათ ყველაფერი საუკეთესო გამოსტყუოს და შემდეგ, დაძველებული კბილის ჯაგრისივით ნაგვის ურნაში ჩაუძახოსო.

მიმტანებთან საუბრით გული რომ ვიჯერე, შემდეგ უკვე კეისრის კოსტიუმში გამოწყობილ დიმიტრის მივესალმე. კალე რატომღაც ჯერაც არ ჩანდა. როგორც ვვარაუდობდი, სატელეფონო საუბარი დიდხანს გაგრძელებოდა, ან რაღაც სხვა ხდებოდა, რაზეც ჯერ წარმოდგენა არ მქონდა.

-ალკოჰოლურს რატომ არაფერს სვამ? -შემპარავი ღიმილით მკითხა შეფ-მზარეულმა და გვერდითაც ამომიდგა. მაშინვე ჩავწვდი ამ ღიმილის არსს. დიმიტრის უნდოდა ბევრი დამელია, რათა მის მიერ, ლოლაზე დასმული შეკითხვებისთვის, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, გულწრფელად მეპასუხა.

-საჭესთან ვარ დიმა, ვერ დავლევ

-გასაგებია . . . და კალე სად წავიდა?

-არ ვიცი, მობილურზე დაურეკეს და მას შემდეგ აღარ ჩანს

დიმიტრიმ თავი დამიქნია და კვლავ დამაჯილდოვა თავისი საფირმო ღიმილით. ვცდილობდი თვალი ამერიდებინა და დიდი ხნით არ შემეხედა, რადგან ზუსტად ვიცოდი, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად გამეცინებოდა, მისი დაფნის გვირგვინის შემხედვარეს.

მუსიკის ხმაურით გაჯერებულ დარბაზში, ახალმა ბარისტამ — სამირამ შემოაბიჯა. ეს უკანასკნელი, ზუსტად ისე გახლდათ ჩაცმული, როგორც უენსდეი ადამსი. შავი, ნაწნავებიანი პარიკიც კი ეხურა თავზე, რათა უფრო მეტად დამსგავსებოდა ფილმის ამ პერსონაჟს.

ღიმილი ვერ შევიკავე მის დანახვაზე. მაშინვე კალეს სიტყვები გამეორდა ჩემს გონებაში, როდესაც ამბობდა ეს გოგო უენსდეის მაგონებსო და ამ სიტყვებს, თავადაც ასი პროცენტით დავეთანხმე.

მისალმებით, არავის მისალმებია სამირა. როგორც კი შიგნით შემოვიდა, მაშინვე შამპანიურის ჭიქებს მიუახლოვდა, იქედან ორი ცალი აიღო და ფანჯარასთან მისული, ქვემოთ გადაშლილ ქალაქის ხედს ისე მიაშტერდა, როგორც მხატვრობაზე შეყვარებული ადამიანი, რომელიღაც ცნობილი მხატვრის ორიგინალ ნახატს.

-უცნაური გოგო ჩანს -კვლავ სცადა ჩემთან გამოლაპარაკება შეფ-მზარეულმა -მასთან საერთო ენის გამონახვა ლოლიტასაც კი გაუჭირდება

როგორც აღმოჩნდა მართალი ვიყავი. დიმიტრის, საუბარი ისე ოსტატურად მიჰყავდა ლოლასკენ, ადამიანი ვერც კი იფიქრებდა, რომ თავიდანვე ეს ჰქონდა განზრახული.

-შენ წარმოიდგინე, ასე რთულად საურთიერთოც არ არის. თუკი ეტყვი შავი იუმორი მომწონსო, ერთმანეთს მშვენივრად გაუგებთ

-არა მგონია -მაშინვე გადააქნია თავი -მამრობითი სქესის ყველა თანამშრომელს, რაღაც ძალიან აგრესიულად ექცევა

-სამსახურში ვინ აიყვანა? ანუ ვისთან გაიარა გასაუბრება?

-როგორც ვიცი ერქოლემ, თუმცა მასაც ისე უბღვერს, თითქოს რაღაც ძალიან დიდი ჰქონდეს დაშავებული

-მართლა უცნაურია -კვლავ იმავე ადგილას მდგომ სამირას დავუბრუნდი მზერით. ცალკე პლანეტასავით იყო — არავისთან კონტაქტი არ სურდა და არც პირად სივრცეში ვინმეს შეშვებით გახლდათ დაინტერესებული. ვარაუდი გამიჩნდა, რომ თავს ყველაზე კარგად, სწორედ მარტოობისას გრძნობდა.

-ლოლიტაზე ხომ არაფერი იცი? -მომესმა ის შეკითხვა, რომელსაც უკვე დიდი ხანი იყო ველოდი -აქ ვინმესთან ერთად აპირებს მოსვლას, თუ მარტო?

არ ვიცი იმ მომენტში რა მოხდა — უბრალო დამთხვევა იყო ეს, თუ რაღაც ნიშანი, მაგრამ დიმიტრის მიერ ამ კითხვის დასმიდან ზუსტად ორ წამში, დარბაზში ერთობლივად შემოაბიჯეს მიშომ და ლოლამ. ამ უკანასკნელს, ჰარლი ქუინის კოსტიუმი იმდენად უხდებოდა, ჩემს გვერდით მდგომი შეფ-მზარეულის მსგავსად, ლამის მეც ორი ზომით დიდი გამიხდა თვალები. უნაკლო იყო — თავიდან ფეხებამდე და ზოგჯერ მიკვირდა კიდეც, თუ როგორ შეიძლებოდა ადამიანი ასე არამიწიერად ლამაზი ყოფილიყო.

რაც შეეხება მიშოს, მას შავი ფრაკისთვის, რუხი ფერის კენგოლი, ამავე ფერის შარვალი და პერანგზე მოსაცმელი, უმკლავო ზედატანი შეეხამებინა. შეხედვითაც კი ადვილი მისახვედრი იყო, რომ თომას შელბის ანსახიერებდა სერიალ — “ალესილი კეპებიდან”.

ამ ორის ერთად მოსვლამ, Imagine-ს თითოეული თანამშრომელი ძალზედ გაკვირვებული დატოვა, თუმცა ყველაზე მეტად, ამ გრძნობამ მაინც მე შეომიმიტია, რადგან ლოლას კარგად ვიცნოდბი და ისიც ვიცოდი, რომ მიშოსთან იმდენად ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია, კორპორატიულ წვეულებაზე ერთად მოსულიყვნენ.

-როგორც ჩანს, ჩვენმა საყვარელმა დირექტორმა გვარის ერთობა ფეხებზე დაიკიდა და ახლა ჩემი ლოლიტა ჰყავს ამოღებული მიზანში

დიმას წარბშეკრულმა გავხედე, თუმცა ეს არც შეუმჩნევია. იმდენად იყო დაბოღმილი იმის ცქერით, რაც მის ცხვირწინ ხდებოდა, ფაქტობრივად სხვას ვერაფერს ამჩნევდა.

-პირველ რიგში ლოლა შენი არ არის და მერეც მეორე, მაშინ სად იყავი, შენს წვეულებაზე რომ ვიღაც ორი დაბოლილი იდიოტი უფათურებდა ხელებს?

-მაშინ თავადაც მოწეული მქონდა მარიტა და არაფერი მახსოვს. ძალიან გთხოვ, რაც თქვი იმაზე შეჩერდი და მეტი არაფერი მომიყვე

პასუხი არ გამიცია. უბრალოდ გავჩუმდი და კვლავ წინ გავიხედე. კალე ისევ არ ჩანდა, ლოლა კი ჩვენკენ მოემართებოდა, თუმცა რატომღაც მიშოს გარეშე.

-აბა რას შვრებით, ერთობით? -გვკითხა თუ არა, მოდელივით დატრიალდა ჩვენს თვალწინ -სარკეში ყურებას შევყევი და ცოტა შემაგვიანდა. ხომ მაგრად გამოვიყურები?

-ეგ რიტორიკული კითხვა იყო -შამპანიურის ჭიქა მიაწოდა მას დიმამ -თუმცა ჰარლი და თომასი, რაღაც ერთმანეთს არ უხდება

-და ფიქრობ იულიუს კეისარი მომიხდება? -მის დაფნის გვირგვინს, სიცილით წაეთამაშა ლოლა -ტანისამოსშიც ისეთი გემოვნება რომ გქონდეს, როგორ კერძებსაც ამზადებ, უზარმაზარ სიმპათიას გამოიწვევდი ჩემში

-ჰო, ამ სიმპათიას ალბათ ჩემს მაგივრად მიშო იწვევს

-რაო? -გაკვირვებული ღიმილით გახედა, ნოლანებთან და იუნგისთან საუბრით გართულ მეფარიშვილს, მან -რა სიმპათია? მე და მიშო, დერეფანში შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ ერთდროულად შემოვედით. ერთადაც კი არ მოსვულვართ

მათი დიალოგის შემყურეს, ჩუმად დგომა მომბეზრდა და გადავწყვიტე მეც ჩავრეულიყავი:

-ლოლიტა, გარეთ კალე ხომ არ გინახავს?

-არა, რატომ მეკითხები?

-აქ ერთად მოვედით. მერე ტელეფონმა დაურეკა, საპასუხოდ გარეთ გავიდა და მას მერე აღარ ჩანს

-ჩაპლინს ისე ჰგავდა, შეიძლება ხალხი მასთან ფოტოებს იღებს და შიგნით არ უშვებენ -სიცილით აღნიშნა დიმიტრიმ. როგორც ჩანდა, ხასიათზე მოეყვანა იმის გაგებას, რომ მიშო და ლოლა აქ ცალ-ცალკე იყვნენ მოსულები და არა, ერთად.

-გავალ, დავურეკავ -ტელეფონი მოვიმარჯვე ამის თქმისას -თუ ისევ საუბრობს და დაკავება იქნება, მოსაძებნად წავალ. ამდენ ხანს არ უნდა დაეგვიანა

-მიდი, მიდი, მეც ცოტას გავივლი, ამ არსებასთან მარტო დარჩენა არ მინდა -დიმიტრისკენ მიმანიშნა ლოლამ -ხომ ხედავ, სადაცაა ნერწყვები წამოუვა ჩემი ყურებისგან

-რომ იცოდე, ნერწყვები მხოლოდ ჩემი კერძების გასინჯვისას მადგება

-ჰო, აბა რა

დიმიტრიმ კიდევ სცადა თავის დასაცავი არგუმენტების მოშველიება, თუმცა ზუსტად რა თქვა, მე ეს უკვე აღარ გამიგია, რადგან იმ ადგილს უკვე გვარიანად ვიყავი მოშორებული და დარბაზიდან გასასველი კარისკენ მივემართებოდი.

როგორც კი მუსიკების ხმა ოდნავ მიწყნარდა, კონტაქებში კალეს ნომერი მოვიძიე და სწრაფად გადავრეკე. ლიფტის კართან მისული, იქაურობას ვათვალიერებდი, თუმცა მისი კვალიც კი არსად ჩანდა. ამან ცოტა ამანერვიულა, მაგრამ როდესაც ყურმილში ნაცნობი ხმა მომესმა, თითქოს უზარმაზარი ლოდი მომშორდა გულიდან.

-კალე სად გაქრი? ყველაფერი რიგზეა?

-რიგზეა მარიტა, რიგზე -ისე სწრაფად მომიგო, თითქოს პასუხი წინასწარ ჰქონდა მომზადებული -უბრალოდ სახლში დაბრუნება მომიწია. გადაუდებელი საქმეა და სხვანაირად არ გამოდის. ახლა მეტს ნურაფერს მკითხავ

-მაგრამ . . .

-მეტი არაფერი მკითხო, გთხოვ -სავარაუდოდ მიხვდა თემის განვრცობას რომ ვაპირებდი და პრევენციულ ზომებს მიმართა -მართლა კარგად ვარ, უბრალოდ პატარა ოჯახური პრობლემაა და წვეულებას ვერ დავესწრები. ზეგ აუცილებლად გნახავ და თუთიყუშსაც წავიყვან

დავიბენი. არ ვიცოდი რა მეპასუხა. შეიძლება მისი სიტყვები სხვას ეჭვების გაჩენის გარეშე დაეჯერებინა, თუმცა მე რატომღაც მაინც მეგონა, რომ ამ ყველაფერს ტყუილის სუნი ასდიოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, დიალოგი მაინც აღარ გამიგრძელებია. ის ფაქტი, რომ კალეს ხმა მესმოდა, თანაც სრულიად საღსალამათის, საკმარისი გახლდათ იმისთვის, რათა კითხვების დასმა სხვა დროისთვის გადამედო.

-კარგი, თუ ასეა, ღამე მშვიდობისა

-შენც მშვიდობიანი ღამე მარიტა . . . კარგად გაერთე

სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, კვლავ დარბაზში შევბრუნდი, თუმცა უწინდელი განწყობა, თითქოს კალეს მსგავსად გამქრალიყო ჩემი გულიდან. თავს მარტოსულად ვგრძნობდი. მართალია ლოლა აქ იყო, თუმცა წვეულებებზე, ან საზოგადო თავშეყრის ადგილებში მასთან დროის გატარება მიჭირდა, რადგან მუდამ ხალხმრავლობისკენ, გიჟური გართობისკენ და ხმაურისკენ მიუწევდა გული, რაც ჩემთვის ნაკლებად იყო სასიამოვნო.

იმ ადგილს გავხედე, სადაც ცოტა ხნის წინ სამირა იდგა. მაინტერესებდა კვლავ იქ დამხვდებოდა თუ არა, მაგრამ გოგონა ვერსად დავლანდე. შემდეგ უკვე ლოლას ძებნაზე გადავედი. ეს უკანასკნელი „Maroon 5-Shugar”-ის ფონზე ცეკვავდა მიმტან ბიჭებს შორის, ხოლო იულიუსის კოსტიუმში გამოწყობილი საბრალო დიმიტრი, შორიდან უყურებდა ამ სცენას. მებრალებოდა ეს ადამიანი. შეიძლება ლოლა ძალიან მიყვარდა, რადგან საკმაოდ ბევრი დადებითი თვისების მატარებელი იყო, თუმცა ჩვენს შეფ-მზარეულთან მიმართებაში, მისი საქციელი და გადაჭარბებულად ირონიული დამოკიდებულება, ოდნავ სისასტიკედ მეჩვენებოდა და ხშირად, ხმამაღლაც კი მითქვამს მისთვის ეს ყველაფერი.

-ტინკერ-ბელი ფრთების გარეშე რატომ არის? -ისე რომ არც ველოდი, დახვეწილი, ინგლისური აქცენტი მომესმა ჩემს ზურგს უკნიდან. სანამ მივტრიალდებოდი, ტვინმა უკვე მოახერხა ამ ხმის იდენტიფიცირება და იმის მიხვედრა, თუ ვინ მიახლოვდებოდა უკან იმ მომენტში.

-ალბათ იმიტომ, რომ ფერიების დედოფალმა დასაჯა სიჯიუტისთვის და ურჩობისთვის -ამჯერად თვალებში შევხედე კლასიკურ სამოსში გამოწყობილ ჩვენს იაპონელ სტუმარს, ვინც ისე თბილად მიღიმოდა, თავისდაუნებურად განმაწყობდა დადებითად მის მიმართ.

-იმედია ჩემთანაც სიჯიუტეს არ გამოიჩენ და პატარა თხოვნას შემისრულებ -კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ ამის თქმისას.

-გააჩნია რა თხოვნას

-დიდი არაფერია, უბრალოდ მინდა ერთად ვიცეკვოთ მუსიკაზე, რომელიც სულ რამდენიმე წამში დაუკრავს

ჩემს პირისპირ მდგომ პიროვნებას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. იმდენად უბრალო, ლაღი, ხალისიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა, რომ მეცნიერი იყო, თანაც ასეთი ნიჭიერი, მდიდარი და წარმატებული.

-თუკი სულ ეგაა, მაშინ თანახმა ვარ

ამ სიტყვების დასრულება და დარბაზში „Lord Huron-The nigh we meet“-ის აჟღერება ერთი იყო. უნებურად გამეღიმა. პირველი მოსმენის მომენტიდან ვგიჟდებოდი ამ მელოდიაზე და ჩემს „იუთუბ-ალბომშიც“ მქონდა ჩანიშნული. სწორედ ამიტომ მესიამოვნა ასე ძალიან მისი გაგონება, თანაც აღნიშნულ სიტუაციაში.

იუნგიმ ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ გამოყოფილი სივრცისკენ მანიშნა. მის გამოწვდილ ხელს, დაუფიქრებლად შევაგებე ჩემი მარჯვენა. სულ მალე, ძლიერი მკლავის მოხვევაც ვიგრძენი წელზე და მის მოძრაობებს თავადაც ავყევი. გარკვეული დროის განმავლობაში უხმოდ ვცეკვავდით. მეგონა ეს დუმილი ბოლომდე გაგრძელდებოდა, თუმცა როგორც ჩანდა, იუნგიმ ჩემი ეს მოლოდინი არ გაამართლა:

-თვალებში შემომხედე -მომმართა მან უჩვეულოდ თბილი ხმით. თხოვნა მაშინვე შევუსრულე.

-გიყურებ, მერე?

-არაფერი, უბრალოდ ლურჯი ფერის ყურება მსიამოვნებს. ჩემი საყვარელი ფერია

-ჩემი იისფერია, თუმცა სამწუხაროდ შენ იისფერი თვალები არ გაქვს

-ჰო, არ გაგვიმართლა -გაეცინა. იმდენად ლამაზი კბილების წყობა ჰქონდა, მაშინვე გავიფიქრე, სტომატოლოგი რომ ვყოფილიყავი, დიდი ალბათობით, ჩემი კლინიკის ბანერისთვისაც გამოვიყენებდი-მეთქი -ისე, იცი, რომ იისფერი თვალები ანომალიად ითვლება?

-სიამოვნებით ვიქნებოდი ამ ანომალიის მსხვერპლი

-ანომალიისა არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, მიშოს მსხვერპლი ნამდვილად ხარ

-რას გულისხმობ? -ვერ მივუხვდი და ეჭვით შევხედე. ვცადე მზერა ნოლანების გარემოცვაში მდგომი მეფარიშვილისკენ არ გამქცეოდა, რადგან ასე შეიძლებოდა მიმხვდარიყო მასზე რომ ვსაუბრობდით.

-იმ დღეს, როდესაც ძმებთან ერთად ვვახშმობდით, შენი პროვოკაციაზე წამოგება სცადა. ისეთი მზერით უყურებდი, მაშინვე მივხვდი, რომ არანაირ მაგიდის ქვეშა ფლირტს არ ჰქონია ადგილი შენი მხრიდან. კარგად რომ დავფიქრდი, უფრო მეტად დავრწმუნდი ამაში

-მაგაზე ამდენს რატომ ფიქრობდი? -ღიმილითა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერით ავხედე. იუნგის ტუჩებზე ირიბი ღიმილი გაკრთა.

-იმიტომ, რომ თავად მინდა გავხდე ასეთი ფლირტის მსხვერპლი შენი მხრიდან

უნდა მეღიარებინა ამას არ მოველოდი. როგორც ჩანდა, ჩვენს იაპონელ სტუმარს, პირდაპირობისა და გულახდილობის კომპლექსი ოდნავადაც არ აწუხებდა.

-საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია

-ჰო, არა? -წელზე ხელი უფრო თამამად მომხვია და მკლავზე ისე გადამიწვინა, ჩვენს ტუჩებს შორის მანძილი, უკვე სახიფათოდ მცირეც კი იყო -ზოგი ადამიანი პირდაპირობას მინუსად თვლის, ზოგიც კი პლუსად. შენ რომელ კატეგორიაში ირიცხები?

-მეორეში -ვუპასუხე როგორც კი გამასწორა.

-ანუ აღარ უნდა მეშინოდეს იმის, რომ ასეთი სითამამისთვის სილას გამაწნიან

-რომ იცოდე, ლექსიკონში საკმაოდ ბასრი სიტყვები მაქვს იმისთვის, რათა კაცებს სახეში არ ვურტყა

იუნგიმ ქვედა ტუჩის კუთხე იდუმალი ღიმილით მოიქცია კბილებს შორის.

-შენში არ შევმცდარვარ. მართლაც საინტერესო ჩანხარ

-პირველი შთაბეჭდილებით, ადამიანს ასეთი კარგი შეფასება არ უნდა მისცე

-პირველი შთაბეჭდილება ის იყო, როდესაც შენი შესრულებული მთვარის სონატა მოვისმინე. მგონი არც არსებობს ადამიანი, ვინც როიალს ისე უხდება, როგორც მარიტა

არაფერი მიპასუხია. ვგრძნობდი ასეთი სიტყვებით აშკარად უსვამდა ხაზს ჩემდამი სიმპათიას და ეს, რაღაც მხრივ სასიამოვნოც კი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს დღეს სულ რაღაც მეორედ ვხედავდი.

მუსიკამ რომ დასასრულის სტროფები ჩაამთავრა, იუნგიმ კვლავ იდუმალი ღიმილის თანხლებით მომიხადა მადლობა ცეკვისთვის და სანამ მომშორდებოდა, სხვისი თვალისთვის შეუმჩნევლად, ხელში პატარა ბარათიც ჩამიტოვა.

-გახსენი, წაიკითხე და თუკი წინადადებაზე თანახმა იქნები, ერთი ნატეხი შოკოლადი შეჭამე დესერტის მაგიდიდან, თუ არა —მაშინ მარწყვი

მეტად აღარაფერი უთქვამს. ისე, რომ ჩემი საპასუხო სიტყვებისთვისაც არ დაუცდია, გატრიალდა და კვლავ იმ ადგილისკენ გაეშურა, სადაც ერქოლე და ტეო იდგნენ. გამიკვირდა მათ შორის მეფარიშვილს რომ ვეღარსად მოვკარი თვალი. უკვე იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რომ წვეულება ადრიანად დატოვა და ამის გამო კარგი განწყობისკენ მიმავალ გზაზეც ვიდექი, რომ ჩემს ახლოს კვლავ ნაცნობი —“ტომ ფორდის” სურნელი ვიგრძენი და იმასაც მივხვდი, რომ რასაც ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ხელში მოქცეულ პატარა ბარათს დავხედე. სუნამოს სასიამოვნო არომატით გაბრუებულს, მხოლოდ იმ წამს გამახსენდა მისი არსებობის შესახებ და სწრაფად ჩავიკითხე ფურცელზე წაწერილი პატარა ზომის ტექსტი. ჩემდა გასაოცრად, წერილი ქართულ ენაზე, ქართული ასოებით იყო დაწერილი და შემდეგ შინაარსს შეიცავდა:

“მინდა ზეგ საღამოს, ამ რესტორანში ვივახშმო შენთან ერთად . . . რას იტყვი? შოკოლადი თუ მარწყვი?”

ფურცელი კვლავ ორად გადავკეცე და ჩემს გვერდით მდგომ დესერტის მაგიდას შევხედე. პასუხი უკვე მოფიქრებული მქონდა. საკმაოდ დიდი იყო ამ ადამიანთან დროის გატარებისა და უკეთ გაცნობის სურვილი, თანაც ასეთ ლამაზ ადგილას, ამიტომ, ბევრი ფიქრის გარეშე ავიღე შოკოლადის ნატეხი, ჩემკენ მომართულ იუნგის მზერას თვალი გავუსწორე და ხელში მოქცეული ტკბილეული პირში ჩავიდე.

გაეღიმა. შევატყვე უზომოდ ნასიამოვნებიც დარჩა ჩემი მოქმედებით. ისეთი მიმზიდველი იყო იმ დროს, ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი მასზე დაკვირვებას, თუმცა არ მინდოდა ეფიქრა, რომ სულელი გოგოსავით ვიყავი მოხიბლული, ამიტომ ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ვცადე. იმის ლოდინი, ვინც ამაში გამიწევდა დახმარებას, დიდხანს არც დამჭირვებია. სულ რამდენიმე წამში, გაცილებით უფრო ახლოდან ვიგრძენი სუნამოს გრილი არომატი და იმასაც მივხვდი, რომ მიშო უკვე გვერდით მედგა.

თავდაპირველად მეგონა იქ დესერტის ასარჩევად იყო მოსული, რადგან რამდენიმე წამის განმავლობაში მაგიდას ათვალიერებდა, თუმცა როდესაც იქედან არაფერი აიღო და მე მომიბრუნდა, მივხვდი ამჯერადაც ჩემი განწყობის მოწამვლა რომ წარმოადგენდა მისი მოსვლის რეალურ მიზანს.

-ის რობოტების გენიოსი სამურაი მართლა მოგწონს? -ამოიღო თუ არა ხმა, მაშინვე მივხვდი ალკოჰოლი ცოტათი ზედმეტი რომ მოსვლოდა. უცნაურად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი. მიშოს, ორი კვირის განმავლობაში, უკვე მეორედ ვხედავდი მსგავს მდგომარეობაში, რაც მის საქციელს საერთოდ არ ჰგავდა.

-ბოდიში, რა მკითხე?

-გინდა მეორედ გკითხო? -ფურშეტის მაგიდას მიყრდნობოდა და ამჯერად, ხელში თავისი საყვარელი სასმელი —ლიმონიანი წყალი ეჭირა, პიტნითა და ყინულით. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, აქამდე უკვე საკმაოდ ბევრის დალევა რომ მოესწრო, რადგან ფაქტობრივად ფეხზე ძლივს იდგა.

მართალია სულაც არ ვიყავი მოხიბლული მიშოს პირდაპირი, საკმაოდ თავხედური შეკითხვით, მაგრამ ისევ მისი მდგომარეობისადმი გამოვხატე პატივისცემა და ნაკლებად უხეში პასუხით შემოვიფარგლე:

-და რატომ თვლი, რომ ეს შენი საქმეა? რაღაც არ მახსენდება ვმეგობრობდეთ

-ხომ შეიძლება მარტივ კითხვაზე– გაქვს თუ არა მასთან რამე, უბრალოდ ერთი სიტყვით მიპასუხო? ან ჰო, ან არა

-არაფერი მაქვს მასთან -ხვნეშით ამოვთქვი ბოლოს. სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანთან ხანგრძლივი დიალოგი იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად მჭირდებოდა, ამიტომ ვეცადე საუბარი დროულად დაესრულებინა და პირიც ერთხელ და სამუდამოდ დაემუწა.

-ნამდვილად? -ისე მიმზერდა მოცემულ მომენტში, თითქოს პასუხზე ძალზედ ბევრი რამ იყო დამოკიდებული.

-ნამდვილად

-კარგია… ერთმანეთს მაინც არ უხდებით

-ჰოო? და ვითომ რატომ?

-ნიზლავს ჩამოვალ, ეგ ტიპი მალე ისეთ რობოტ ქალსაც შექმნის, მამაკაცის სექსუალურად დაკმაყოფილების ქუნცია რომ აქვს ჩატვირთული. მერე ისევ შენ დარჩები უფუნქციოდ, თორემ მე რა?

-რა მზრუნველი ხარ, ახლა ვიტირებ

-ვხედავ მარტო მოსულხარ -სხვა რამეზე გადამიტანა. შემჩნეული მქონდა, რომ თემის უეცარი ცვლილებები ამ ადამიანს მუდამ ახასიათებდა.

-კალესთან ერთად მოვედი, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო წასვლა მოუწია

ამის თქმის დასრულება და დარბაზში „ტვისტის“ მუიკის აჟღერება ერთი იყო. სულ მალე, მქუხარე აპლოდისმენტები და სტვენითი შეძახილებიც გაისმა. ირგვლივ მიმოვიხედე. დამაინტერესა, თუ რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი და სულ მალე, მივხვდი კიდეც —ძმები ნოლანები, საცეკვაოდ გამოყოფილი სივრცის შუაგულში ჩამდგარიყვნენ და ტვისტის მუსიკაზე თავიანთი რეპერტუარით ისე ოსტატურად ცეკვავდნენ, რომ მათ შემხედვარეს, მაშინვე მომადგა სახეზე ღიმილი. შორიახლოს იუნგიც შევნიშნე. სხვების მსგავსად, ხელში მასაც მობილური მოემარჯვებინა და ნოლანების ცეკვის ამსახველ ვიდეოს იღებდა.

წამით მიშოს გავხედე. აბსოლუტურად უემოციო, უმეტყველო სახით გასცქეროდა ამ სანახაობას, ისე, თითქოს სრულ სიცარიელეს უყურებსო.

-ახლა ყველაზე მეტად ჰგავხარ თომასს

-რა?

-თომას შელბის -დავუზუსტე -სახე, რომელიც არანაირ ემოციას არ გამოხატავს სწორედ მას გამსგავსებს

-თომასს ჰქონდა ემოციები, უბრალოდ ამას ყოველ მეორესთან არ ამჟღავნებდა

-კი, მას შეიძლება ჰქონდა

-და მე არ მაქვს, არა? -დაჟინებული მზერით, ლამის მარცხენა ლოყა ამიწვა -ვიცი, ისევ თათას ამბავზე მინამიოკებ

-მერა რა? შენ ხომ ეგეც არ გაღელვებს?

მიშომ თავისი ჭიქიდან კიდევ ერთხელ მოსვა ლიმონიან-პიტნიანი წყალი. მომეჩვენა, რომ რაღაცის თქმა სურდა და წინადადებას აყალიბებდა, თუმცა სანამ რამის თქმას მოასწრებდა, ორივე ჩვენგანის ყურადღება დარბაზის მარჯვენა მხარისკენ გადავიდა. ყვირილის ხმამ, რომელიც იქედან ისმოდა, მუსიკაც გადაფარა და სულ მალე, დარბაზში, ტვისტის მელოდიაც ისევე შეწყდა, როგორც ერქოლესა და ტეოს მხიარული ცეკვა.

აშკარა იყო ვიღაცას ჩხუბი მოსვლოდა და გაკვირვებული საერთოდ არ დავუტოვებივარ ამ ჩხუბის ეპიცენტრში, უენსდეი ადამსის კოსტიუმში გამოწყობილი სამირას დანახვას. ეს უკანასკნელი, ჩვენს ერთ-ერთ მიმტან ბიჭს, ვისი სახელიც კი არ მახსოვდა, ბოლო ხმაზე უყვიროდა, რომ საკუთარი ხელით გამოჭრიდა ყელს, თუკი კიდევ ერთხელ გაბედავდა მის შეხებას.

მე და მიშო, ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, რესტორნის იმ მხარისკენ დავიძარით, სადაც აყალმაყალის ყველაზე ცხელი წერტილი მდებარეობდა. ლოლა უკვე იქ დამხვდა. ჩემი დანახვისას, თვალებით მკითხა რა მოხდაო, თუმცა მის მსგავსად, არც მე ვიყავი ინფორმირებული, ამიტომ მხრები ავიჩეჩე და გაავებულ სამირას შევხედე, ვისაც გაჭირვებით აკავებდა ლანა, რათა მიმტანი ბიჭისთვის რამის დაშავება არ ეცადა.

-მომშორდით! გაეთრიეთ! არც ერთი მამაკაცი არ გამეკაროს ახლოს! -კვლავ ყვიროდა იგი. მზერა შეურაცხადისას მიუგავდა, თვალები კი ბრაზისგან ისე ჩასისხლიანებოდა, თითოეული კაპილარის დანახვა იყო შესაძლებელი. ერთი სიტყვით, იმ მომენტში სისხლისმსმელ ვამპირს წააგავდა, ვისაც წამი-წამზე, თავისი მსხვერპლისთვის ყელი უნდა გამოეღადრა, ბასრი კბილებით.

-რა ხდება? რა გაჩხუბებთ? -დავინახე როგორ მივიდა ერქოლე, მიმტან ბიჭთან და ეს კითხვა დაუსვა, თუმცა მისი სახე იმოდენა გაკვირვებასა და გაოცებას ასხივებდა, აშკარა გახლდათ, თვითონაც ვერ გარკვეულიყო რა დააშავა.

-მე . . . უბრალოდ მინდოდა საცეკვაოდ დამეპატიჟა -ნოლანების მოსვლის გამო, უკვე ინგლისურად საუბარზე გადავიდა ის -მარტო იდგა, ვიფიქრე ჩვენთან კონტაქტში შემოსვლა უჭირს და ცოტათი დავეხმარები გაიხსნას-მეთქი. მერე ხელზე, ხელი მოვკიდე და დანარჩენი რაც მოხდა, თქვენც დაინახეთ

-სწრაფად წადი, ნუღარ დაენახები -ტეოც ჩაერია მათ საუბარში.

-გამიშვი! გამიშვი-მეთქი! აქედან წასვლა მინდა, გამიშვი! -სხვებისგან განსხვავევით, სამირა კვლავ ქართულ ენაზე აგრძელებდა ყვირილს.

-სამირა თავი ხელში აიყვანე! -ლანას მისი თავი ხელიდან გამოაცალა ერქოლემ და მხრებში ხელი ჩაავლო, თუმცა გოგონამ ისიც ისე უეშად მოიშორა, როგორც კეთროვანი.

-მომშორდი! ხელი არ დამაკარო, თორემ ყელს გამოგჭრი, გესმის?!

შოკირებული ვუცქერდი ამ სცენას. გოგონა, რომელიც გაცნობის პირველივე დღიდან რაღაც განსაკუთრებული თვისებების მატარებლად მივიჩნიე, იმდენად შეურაცხადი გამხდარიყო, გარშემო ვერავინ ბედავდა მასთან მიახლოებას. საბრალო მიმტანი ბიჭი, ვინც პირველმა იწვნია მისი რისხვა, ტეოს რჩევით იქედან უკვალოდ გამქრალიყო, თუმცა ეს, სამირას სიმშვიდეზე მაინც ვერ ახდენდა გავლენას.

-მიდი მასთან და აქედან წაიყვანე -ჩამესმა მიშოს დაძაბული ხმა -ლოლაც დაიხმარე და ამაღამ მარტო არაფრით არ დატოვოთ

-რამე იცი?

-სწრაფად იმოქმედე და კითხვებს ნუ სვამ! კიდევ ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი რომ მიეკაროს, ალბათ თავისივე ფრჩხილებით გადაუჭრის საძილე არტერიას

გოგონას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ირგვლივ შეკრებილ, გაოცებული სახეებით მდგომ ხალხს რომ შევხედე, გავიაზრე, რომ უქმად დგომაში ერთი წამის დაკარგვაც აღარ შეიძლებოდა, ამიტომ, Imagine-ს დანარჩენი თანამშრომლების მსგავსად, გაოცებილი სახით მდგომ ლოლას, მაჯაში ხელი ჩავავლე და თვალებით ვანიშნე დამხმარებოდა. საბედნიეროდ, მანაც ჩემსავით სწრაფად აღიქვა სიტუაცია და თავის დაქნევით დამეთანხმა.

სამირას ისეთი სიფრთხილით მივუახლოვდით, როგორც პროფესიონალურად განაღმულ ველს. ირგვლივ ყველა ჩვენ მოგვშტერებოდა და კინოთეატრში მჯდომი, მზაფრსიუჟეტიანი ფილმის მაყურებელივით ელოდა სცენარის გაგრძელებას.

-მისმინე -ფრთხილად წავიღე ხელი ნერვებისგან აკანკალებული გოგონასკენ, რათა უნებურად არ დამეფრთხო -არავინ არაფერს დაგიშავებს. შინ ჩვენ წაგიყვანთ, კარგი?

-ახლავე წავიდეთ, პრობლემა არ გვაქვს -ლოლაც ამყვა მისი დაწყნარების მცდელობაში. იმდენად სერიოზული, ფრთხილი და დინჯი იყო იმ მომენტში, როგორც ძალზედ იშვიათად, ჩვენი ნაცნობობის მანძილზე.

-ალტრუიზმის არ მჯერა, წადით და მაგით სხვა დააბოლეთ!

-რომ იცოდე, მაგაზე მეც გული მერევა. უბრალოდ ამაღამ რაღაც ძალიან მომინდა შენებური შავი იუმორის მოსმენა და გამიხარდება, თუკი მე, მარიტა და შენ, სხვა ადგილას გავაგრძელებთ გართობას

ვხვდებოდი რის გაკეთებასაც ცდილობდ ლოლა. სურდა ისეთი ენით ელაპარაკა, რომელიც სამირას გულში დაგროვებულ ბრაზს, ჩვენკენ არ მომართავდა და პოზიციების დათმობის ნაბიჯს გადაადგმევინებდა. თავადაც ვხვდებოდი, რომ ახლა სიტყვები —“სახლში წაგიყვან და გვირილის ჩაის დალაგევინებ” უარესად გააღიზიანებდა, ამიტომ, ლოლას მიერ არჩეული გზა, გონებაში უმაღლესი ქულით შევაფასე.

-პიჟამა-წვეულებაზე მეპატიჟებით, მას შემდეგ, რაც აქ შეკრებილთა ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ფსიქიატრიულის პაციენტად მიმიჩნევს? -გარშემო შემოკრებულ ხალხს გადაავლო წამიერი მზერა -თუკი ასეა, ნორმალურობისგან თქვენც შორს ყოფილხართ

-ვიცი, ჩემი მშობლებიც ზუსტად ასე მეუბნებოდნენ, როდესაც კლასის დამრიგებელი, კვირაში მეოთხედ დაიბარებდა ხოლმე სკოლაში, ჩემი უმსგავსო საქციელისთვის

ღიმილი ძლივს შევიკავე მის სიტყვებზე. დავინახე, რომ ოდნავ სამირასაც ჩაეღიმა, ან შესაძლოა, სულაც ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო ეს.

-ის ტიპი მეორედ არ გამეკაროს! -თქვა მან კატეგორიულობით აღსავსე ტონით -არც ის და არც რომელიმე სხვა მამაკაცი, ვისი ერთადერთი ინტერესიც ქალის საცვლებში ჩაძრომაა

-არავინ გაგეკარება, რადგან ახლა აქედან წავალთ -სამირამდე დარჩენილი მანძილი, უკვე თამამად დავფარე და მხარზე ხელით შევეხე. ჩემდა საბედნიეროდ, ცუდი რეაქცია არ ჰქონია. პირიქით, სხეულის ნერვული კანკალი ოდნავ ჩაუწყნარდა კიდეც და ამჯერად ჩვენს სიახლოვეს მდგომ ლოლას გახედა.

-არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია მაქვს შენთვის ჰარლი ქუინ. კეისრის კოსტიუმში გამოწყობილი იდიოტი, მთელი საღამოა უკანალზე გიყურებს -მრისხანე მზერა მიაპყრო დიმიტრის, როგორც კი ეს თქვა -თუკი ოდესმე რამის გაბედვას დააპირებს, დანა აიღე და თავისი უმცროსი მეგობარი ძირში წააჭერი!

მეტი აღარაფერი უთქვამს სამირას. უბრალოდ, გარშემო შემოკრებილ შოკირებულ ხალხს, ხელით ანიშნა გაეტარებინათ, დიმიტრის კიდევ ერთხელ შეხედა ბრაზის ცეცხლით ანთებული თვალებით და დარბაზიდან გასასვლელი კარისკენ ისეთი უდარდელი ნაბიჯებით გაეშურა, თითქოს რამდენიმე წუთის წინანდელი სკანდალის გამომწვევი ვინმე სხვა ყოყილიყო და არა, თავად ის. არც მე და ლოლას დაგვიკარგავს დიდი დრო. ჯერ ერთმანეთს გადავხედეთ, მერე თანამშრომლებს მოვუბოდიშეთ და ორივენი ერთგული მცველებივით ავედევნეთ უკან სამირას.

დალოდებას არც კი ფიქრობდა. ისე იქცეოდა, თითქოს მის გარშემო სულიერიც არ ჭაჭანებდა. ლიფტით ერთად მგზავრობის დროსაც არ გაუცია ჩვენთვის ხმა. დალაპარაკება მხოლოდ მაშინ მოინდომა, როდესაც ანბანის კოშკი დავტოვეთ და ავტოსადგომზე ამოვყავით თავი.

-თქვენ ორს მეტი საქმე არ გაქვთ? -ადვილი ამოსაცნობი იყო მისი მობეზრებული ტონი -არანაირი პიჟამა-წვეულება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩემი მონაწილეობით

-მაშინ, უბრალოდ სახლამდე მიგიყვანთ და მადლობის ნიშნად ყავაზე დაგვპატიჟე

-ჰარლი ქუინ, შეიძლება ჭკვიანი ხარ, მაგრამ ტვინის გარეშე არც მე დავბადებულვარ -უენსდეის პარიკი მოიშორა გოგონამ ამის თქმისას -სტუმართმოყვარეობით არასდროს გამოვირჩეოდი, თანაც ჩემი მანქანით ვარ და გამცილებლები არ მჭირდება

-ეჭვიც არ მეპარება, რომ გამცილებელს არ საჭიროებ, მაგრამ მე, შენზე მეტად ჯიუტი ვარ და მინდა ამაღამ სტუმრად გეწვიო. რას იზამ? გამაგდებ? ცოტა არ იყოს, ცუდი დასაწყისი იქნება იმ თანამშრომელთან, ვინც შენი ხელფასის ჩარიცხვაზე ზრუნავს

-მე იქედან მაინც გამომაგდებენ დღევანდელი პერფორმანსის შემდეგ -სარკასტული ღიმილით აღნიშნა სამირამ -გამომდინარე აქედან, თანამშრომლები აღარ ვართ და პრობლემაც მოგვარებულია

-ლოლიტას შეუძლია, ნოლანებს შენი სასტუმროში დატოვების თაობაზე დაელაპარაკოს -ვცადე ახალი ხერხი მეპოვნა გაჯიუტებული გოგოს დასარწმუნებლად -როგორც ბუღალტერი და რესტორნის ერთ-ერთ ყველაზე ძველი თანამშრომელი, ძმებზე გავლენის მოხდენას მარტივად შეძლებს

სახეზე ჩაფიქრება შევატყვე ჩემი სიტყვების მოსმენის შემდეგ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი ეჭვით გვიყურებდა, თითქოს დეტექტივი ყოფილიყო, ვისთვისა დამნაშავეების სიმართლეში გამოტეხვა ქცეულიყო პრიორიტეტად.

-რა ინტერესი გაქვთ ჩემთან დაკავშირებით? -იკითხა მან. გამოხედვა კვლავაც ისეთივე ეჭვნარევი ჰქონდა, როგორც თავდაპირველად, თუმცა ტონში აგრესია იმდენად დიდი დოზით აღარ იგრძნობოდა.

-მოდი უბრალოდ ყავა ერთად დავლიოთ და თუკი შენშიც ვერ გავაღვიძეთ ვერანაირი ინტერესი, მაშინ მეც და მარიტაც თავს დაგანებებთ

გოგონამ გულზე დაიკრიფა ხელები. ჯერ მე მომშტერებოდა მზვერავის თვალით, შემდეგ ასეთი მზერა ლოლაზე გადაიტანა და ღრმად ამოიოხრა.

-აქვე ახლოს, ოცდაოთხ საათიანი კაფე ვიცი. თუ ყავის დალევა გინდათ, იქ წავიდეთ. არც იფიქროთ, რომ რამდენიმე დღის გაცნობილებს, შინ მოგიპატიჟებთ

-გვაწყობს -გამეღიმა და ლოლას გავხედე.

-და თუ შეიძლება, არანაირი კითხვები ამ საღამოს მომხდარის შესახებ!

-ეგეც გვაწყობს -თვალი ჩაუკრა ლოლამ -მიდი, წინ გაგვიძეხი, მე და მარიტა კი, ჩვენი მანქანებით გამოგყვებით უკან

ადგილი, რომელზეც სამირა საუბრობდა, ანბანის კოშკიდან ხუთი წუთის სავალზე იყო. იქ ადრეც ბევრჯერ ვიყავი ნამყოფი, თანაკურსელებთან ერთად. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სემინარებისთვისაც კი მოვმზადებულვარ აღნიშნულ დაწესებულებაში, რადგან იქაური მყუდრო და სასიამოვნო გარემო, ჩემზე მუდამ დადებითად მოქმედებდა.

ვინაიდან დროის იმ მონაკვეთში, კაფეში ხალხის სიმცირე შეინიშნებოდა, პარკინგზე თავისუფალი ადგილები მრავლად იყო და არც მანქანების გვერდიგვერდ ჩაყენება გაგვჭირვებია. სამირას კუს ზომის, მწვანე ოთხბორბლიანი მეგობარი, მხოლოდ ორ ადამიანს რომ იტევდა, ჩვენი ავტომობილების ფონზე ისე გამოიყურებოდა, როგორც ცერცვის მარცვალი, ლიმონის გვერდით.

ადგილი ყველასგან მოშორებით, დარბაზის მარცხენა მხარეს ავარჩიეთ. როგორც აღმოჩნდა, ჩემი და ლოლას მსგავსად, სამირასთვისაც ლატე იყო ყავის ყველაზე საყვარელი სახეობა, ამიტომ, მიმტანს სამი ლატეს შეკვეთა მივეცით, ყოველგვარი დესერტის გარეშე და ისე დავსხედით, რომ მაგიდის გარშემო წრე შეგვეკრა.

მშვიდი ღამე იდგა. ერთადერთი, რაც აქაურობას დაძაბულობას სძენდა, ეს სამირას სახე იყო. მართალია ინტერესი მკლავდა იმისა, თუ რა გახდა ამ ადამიანის დღევანდელი საქციელის გამომწვევი მიზეზი, თუმცა ჩვენი მცირეხნიანი ნაცნობობა და ნაკლებად ახლო ურთიერთობა, საშუალებას არ მაძლევდა, გულახდილი საუბრების წამოწყების ინიციატორი ვყოფილიყავი.

-დღეს შინ მისვლას ძალიან გვიან ვგეგმავ -კმაყოფილი ღიმილით მიაწვა ლოლა თეთრი სკამის რბილ საზურგეს -ჩემს ცხოველებს საკვები საკმარისად დავუტოვე, ამიტომ თავისუფალი ვარ

-ცხოველებს? -მობილურში თავჩარგული სამირაც დააინტერესა მისმა სიტყვებმა -რა ცხოველები გყავს?

-მგონი ყველაფერი მყავს, რისი მოშინაურებაც შეიძლება

-ვეგეტარიანელიც იქნები

-ბინგო!

-ვეგეტარიანელების კიდევ ჰო, მაგრამ ვეგანების წინაშე მართლა ქედს ვიხრი -საუბარში თავადაც ჩავერთე -ადამიანები ფაქტობრივად არაფერს ჭამენ, რისი ჭამაც სასიამოვნოა

-თუ შიმშილი უხარიათ, მაგათი პრობლემაა -მხრები აიჩეჩა სამირამ. გამომეტყველებაზე შევატყვე, რომ არც ლოლას ჰქონდა განსხვავებული პასუხი ამასთან დაკავშირებით.

ჩვენი შეკვეთილი ლატე, მოსვლიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ დაგვიდეს მაგიდაზე. ყავამ იმდენად სასიამოვნო სურნელი დააყენა, ეს უკანასკნელი ღრმად შევისუნთქე და ჭიქას ორივე ხელი შემოვხვიე.

-თქვენი დირექტორი მგონი ძალიან შევარცხვინე -სათითაოდ მოგვავლო მზერა სამირამ, თუმცა რა იმალებოდა ამ სიტყვების მიღმა ვერაფრით მივხვდი და გადავწყვიტე ჩავძიებოდი:

-რას გულისხმობ? მიშო რა შუაშია?

-იმ შუაშია, რომ რესტორანში სწორედ მაგ ადამიანის რეკომენდაციით მიმიღო ერქოლემ -უდარდელად მოსვა ჭიქიდან გოგონამ -მისი ბავშვობის მეგობარი, დემეტრე, ჩემი ყოფილია და სწორედ მან სთხოვა მიშოს ჩემთვის სამსახური. გასაუბრება, რომელიც გავიარე, უბრალო ფორმალობა იყო

-ანუ მიშოს კარგად იცნობ? -ამ ახალი ამბით გაკვირვებული, სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი. არანაკლებ გაოცებული ჩანდა ლოლაც, ვისაც ჯერ არც კი გახსენებოდა თავის წინ მდგომი ყავის ჭიქის შესახებ.

-ჰო, ჩემი ყოფილის წყალობით. დემეტრე ნამდვილი ტვინის ბურღია, თუმცა რაღაცებში მაინც გამომადგა მისი არსებობა

-ტვინის ბურღი რატომ, შერიგება უნდა? -ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ლოლამ -მაგ დემეტრეს შორიდან მეც ვიცნობ, მიშოს ხშირად აკითხავს ხოლმე და ვაღიარებ ძალიან ცეცხლოვანი ვინმეა. შენს ადგილას ასე არ მოვიხსენიებდი

-არ ვიცი შენ როგორ მოიხსენიებდი, მაგრამ მე არც მისი ცეცხლი მჭირდება, არც მზრუნველობა და არც კვირაში ოთხჯერ მოკითხვა

-თავად თქვი სამსახურში მომაწყოო

-ჰო, ჰარლი ქუინ, მომაწყო და ამისთვის საჩუქარიც გავუგზავნე, მადლობის ნიშნად, მაგრამ ვალდებული არ ვარ ლოგინშიც გავუწიო მომსახურება

-ასეთი ზიზღით რატომ საუბრობ? -აშკარად მიჭირდა ამ გოგოს მსგავსი აგრესიის მიზეზის ახსნა -იქნებ მაგას საერთოდ არ ცდილობს და უბრალოდ სურს ადამიანურად დაგეხმაროს?

-კარგი რაა -მობეზრებით ამიქნია ხელი სამირამ. მის წაბლისფერ თვალებში ბრაზი და ზიზღი იკვეთებოდა -უკვე გულისრევის შეგრძნებამდე მივყავარ ჩემს გვერდით რომელიმე მამაკაცის წარმოდგენას, თუნდაც მეგობრული კუთხით

-შენ და ლოლიტა, ორი უკიდურესობა ხართ -მიუხედავად იმისა, რომ მისმა ასეთმა სიტყვებმა ლამის პირი დამაღებინეს, ვცადე გარეგნულად მაინც არ არეკლილიყო ჩემი შინაგანი მდგომარეობა -ამას კაცის გარეშე არ შეუძლია, შენ კი კაცთან ერთად

-აჰა მეც გადმომწვდა. კიდევ კარგი ჰარლის კოსტიუმზე გრძელი მოსაცმელი მოვიცვი, თორემ მთელი ღამე ტვინს გაბურღავდა, რამე მოიხურე, ყველა შენ გიყურებსო

-რა ვქვნა, მეც ვეთანხმები -ღიმილით გამომხედა ამის თქმისას სამირამ -ტრუსებით კაფეში ჯდომა, მთლად კარგი იდეა არ უნდა იყოს მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ცხოვრობ და ყოველი მეორე მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ხვრელზეა ორიენტირებული

-ყველა ქართველ კაცს ერთ ტაფაში ნუ წვავ რაა -მისი თეორია სასწრაფოდ გააპროტესტა ლოლამ. მე გადავწყვიტე არ ჩავრეულიყავი, მოვლენებს შორიდან დავკვირვებოდი და მათი სიტყვიერი პაექრობისთვის მედევნებინა თვალ-ყური.

-მინდა ერთ ტაფაში მოვწვავ, მინდა ერთ ქვაბში და მინდა სანელებლებსაც მოვაყრი ზემოდან. ჩემს აზრებში ხელებს ნუ აფათურებ

-სად გაიზარდე ასეთი აგრესიული? იქნებ რამე ტკბილიც შეგვეკვეთა, ტკბილად რომ ისაუბრო?

-მაგას ტკბილეული არ შველის -ღიმილით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი სამირამ -გაზრდას რაც შეეხება, ბავშვთა სახლში გავიზარდე

-ბავშვთა სახლში? -თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ მე და ლოლამ.

-ჰო, რა იყო? -უდარდელად აიჩეჩა მხრები -ვიღაც შემთხვევითმა გამვლელმა, ერთი თვის ახალშობილი სანაგვე ყუთში მიპოვა და იქედან, პირდაპირ უპატრონო ბავშვთა სახლში მიკრეს თავი. დემეტრეც იქ გავიცანი, ერთად ვიზრდებოდით

მოსმენილი ამბის გადასახარშად რამდენიმე წამი მაინც დამჭირდა. გულში მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი. მიტოვებული, უარყოფილი ბავშვის ცხოვრებით ცხოვრება, მუდამ ძალზედ რთულად წარმომედგინა, თუმცა იმას ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, სამირას ეს ყველაფერი მართლა არ ადარდებდა, თუ უბრალოდ ინდიფერენტულობის ნიღაბი ჰქონდა სახეზე პროფესიონალურად მორგებული.

-და მიშო? -ისე, რომ ვერც გავიაზრე, ხმამაღლა გავაჟღერე ჩემი შეკითხვა -ის საიდანღა გაიცანი?

-დემეტრესთან მეგობრობდა და ყოველ კვირაში აკითხავდა ბავშვთა სახლში. უამრავი სათამაშო და ტკბილეული მოჰქონდა მისთვის. მე და დემეტრე რომ ურთიერთობაში შევედით, მეც დამიმეგობრდა და საჩუქრები ჩემთვისაც მოჰქონდა. რაც ერთმანეთს დავშორდით, მას შემდეგ მიშოსთანაც გავწყვიტე ყველანაირი კონტაქტი

-და რატომ? -გაურკვევლობა და ინტერესი, ერთმანეთს ენაცვლებოდა ლოლას მზერაში.

-იმიტომ, რომ წარსულის ადამიანების ადგილი წარსულშია. მიუხედავად იმისა, რომ ორივესი მადლობელი ვარ, მაინც აღარ მინდა მათთან ძველებური ურთიერთობის აღდგენა. დემეტრესთან მით უმეტეს

სამირას ისტორიებით დაინტერესებულმა, მხოლოდ მაშინღა შევნიშნე, რომ ჩემი ლატე უკვე გაცივების გზას ადგა. საკმაოდ მოზრდილი ყლუპი მოსვი. უკვე გვარიანად შეგრილებულიყო, თუმცა მაინც ძალზედ მეგემრიელა. მიუხედავად იმისა, რომ აქ დიდხანს აღარ შემომევლო, ამ ყავის გემო მაინც უცვლელი მეჩვენებოდა.

-ერთმანეთს რატომ დაშორდით? -სამირასკენ მიმართულ, ლოლას ცნობისმოყვარე მზერას შევეჩეხე, როგორც კი ჭიქა მაგიდის ზედაპირზე დავაბრუნე.

-მაგაზე ლაპარაკი არ მინდა

-კარგი რაა, სელებრითები სატელევიზიო შოუებშიც კი ყვებიან, რატომ დაშორდნენ ქმრებს, შეყვარებულებს და ასე შემდეგ. შენ რატომ ასაიდუმლოებ ასე?

-რომ იცოდე, მაგ შენი სელებრითების ოთხმოცდაათი პროცენტი ბრიყვად მიმაჩნია. ცნობილი ადამიანების უმეტესობას, ტვინი იმდენად აქვთ გამორეცხილი, პარტნიორთან დაშორების შემდეგ, სიმღერებსაც კი წერენ, სადაც მათ საქვეყნოდ აშარჟებენ. გულისამრევია!

-ჰო, მართალი ხარ -დავეთანხმე -მაგრამ შაკირას ერთ-ერთი სიმღერა საკმაოდ ცნობილი ჰიტი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მასში თავის ყოფილ ქმარს დასცინის

-ჰიტი კი გახდა, მაგრამ ეს იმ ფაქტს ვერ ცვლის, რომ მისი საქციელი, ტიპური, დაბოღმილი ქალის რეაქციაა, ვისაც ქმარმა უღალატა და შურისძიების მიზნით, უნდა მისი თავი მთელ მსოფლიოს შეაძულოს

-რა აქტუალურ თემებზე მიდის დავა -გულზე ხელები დაიკრიფა ლოლამ -თქვენი საუბარი რომ გავატიკტიკო შეიძლება?

-ტელეფონის ამოღება არც კი გაბედო! -მკაცრ ტონს, მკაცრი მზერაც დავურთე, რამაც ლოლას, მაშინვე უკან დააბრუნებინა ჯიბისკენ წაღებული ხელი, ხოლო სამირას, ფართე ღიმილი მოჰგვარა სახეზე.

-იცით გოგოებო? მგონი მართლაც არის თქვენში რაღაც -თითქოს ორივე ჩვენგანი თვალებით დაასკანერა ამის თქმისას -რაღაც, რაც საშუალებას არ მაძლევს ისე დაგახვევინოთ, როგორც ამას სხვასთან მიმართებაში ვიზამდი . . .



№1 სტუმარი Елка

Гамихарда ахали тави. Саинтересоа самирас цховреба рагац диди травма аквс мигебули ро вер итанс мамакацебс. Саинтересо икнеба шемдеги тавиц. Мадлоба михарихарт

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს ეს ისტორია. მიუხედავად იმისა მარიტასა და მიშოს შორის ჩნდებიან მარიტას თაყვანისმცემლები,ვფიქრობ მათი სიყვარული გარდაუვალია. დამაინტერესა კალეს გაუჩინარებამ.მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. წარმატებები

 


№3  offline წევრი მაო Mao

არ მეყო, მეტი მარიტასა და მიშოს ამბები მინდაა, და ცეცხლოვანი მომენტები <3 ძალიან საყვარლად და საინტერესოდ კი წერ heart_eyes

 


№4 სტუმარი სტუმარი Wero

აუ დამაკლდა მიშო ამთავში((( რაღაც მინდა მოიმოქმედოსს და უშველოს ჩვენ გოგოს.
შენ კი სასწაული ხარ.გელოდები სულმოუთქმელად <3

 


№5 სტუმარი ნანო

ინგლისელი კლასიკოსის ქართული თარგმანი მგონია,იმდენად კარგად წერ.კვირაში ერთხელ რომ დებდე თავს,ნაკლს ვერ მოგიძებნიდი.

 


Როდის იტვირთება ახალი თავი? Ძალიან საინტერესოა, ყოველდღე ვამოწმებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent